1 ჰე, საყვარელო, შენის გონებით, ნარგიზოვანო,
ხელ ვარ მინდორსა თავის ღონებით,
სიმდიდრე მიჩანს დრამის წონებით,
გეხვევი ყელსა, თვალ-შვენიერო!
2 მე მიჩანს წინა სანთლად მნთებელად,
შენ იქმენ ჩემთა ცეცხლთა მგზებელად,
აღარვინ მივის გულის მდებელად,
გეხვევი ყელსა, თვალ-შვენიერო!
3 შენთვის სიკვდილი მაჩნია პირსა,
ცრემლსა ვაპკურებ ზედ დანატირსა;
ვინღა შემიტკბობს თავ-განაწირსა,
გეხვევი ყელსა, თვალ-შვენიერო!
4 მოგიძღვენ სული, შენთვის წასული,
ალვა ხარ ნორჩი, ტევნად ასული,
მტერად გჩანს შენთვის ველად გასული,
გეხვევი ყელსა, თვალ-შვენიერო!
5 მზესა ნათლითა შენგან აქვს კლება,
დამწვარსა გულსა სწადს შენი ხლება,
ისრით ნაკრავსა აჩნია ლება,
გეხვევი ყელსა, თვალ-შვენიერო!
6 უშენოსა მაქვს ცეცხლთა დებანი,
ჩალად მჩანს ჩემი ქვეყნად რებანი,
დაგვიწყდი, მითხარ, რა მაქვს შვებანი?
გეხვევი ყელსა, თვალ-შვენიერო!
7 ცოცხალსა მსურდა შენი მონება,
არ მომხვდა ბროლის სვეტსა კონება,
ამად ვტირ, არ მაქვს ჭირთა ფონება,
გეხვევი ყელსა, თვალ-შვენიერო!
მთვარე ვნახე მავალი
1 მთვარე ვნახე მავალი,
ჭირნი ვუთხარ მრავალი,
ჩემი პატიჟთ მავალი, არ შემიბრალე!
არ მე ვიყავ შენთვის ხელი? შენ იქმენ ჩემი
მკვლელი!
2 არა მაქვს თვალთა რული,
შენი მკლავს სიყვარული,
ცრემლი ვყავ ცრემლთა შერთული, არ შემიბრალე!
არ მე ვიყავ შენთვის ხელი? შენ იქმენ ჩემი
მკვლელი!
3 შენთვის ხელობს გონება,
სურის თვალთა კონება,
გძულს ჩემი ყმურად მონება, არ შემიბრალე!
არ მე ვიყავ შენთვის ხელი? შენ იქმენ ჩემი
მკვლელი!
4 თუ მაქვს უშენოდ წამი,
მტრად შემექნას წამწამი,
მიჩვენე ტანი ლერწამი, არ შემიბრალე!
არ მე ვიყავ შენთვის ხელი? შენ იქმენ ჩემი
მკვლელი!
5 შენის გზისა მჭვრეტელი,
ჩემთა დღეთა მრეტელი;
შენ სისხლთა ჩემთა მხვრეტელი, არ შემიბრალე!
არ მე ვიყავ შვნთვის ხელი? შენ იქმენ ჩემი
მკვლელი!
6 შენს გზაზედ დამრჩა თვალი,
ჭირი მჭირდა უთვალი,
სევდით მაქვს გული დამთვრალი, არ შემიბრალე!
არ მე ვიყავ შენთვის ხელი? შენ იქმენ ჩემი
მკვლელი!
7 მამინდა ნახვა შენი,
განა ძებნა შენი,
დამექცა ლხინად ნაშენი, არ შემიბრალე!
არ მე ვიყავ შენთვის ხელი? შენ იქმენ ჩემი
მკვლელი!
წითელი ვარდი გიყვავის პირსა
წითელი ვარდი გიყვავის პირსა მნათობსა, სვიანსა,
ეშყი გაქვს მეტად სანდომი, აშაქრებ სიტყვას წყლიანსა.
შენი შვენება, სინაზე აკრთობს ყოველსა ჭკვიანსა,
ჭაბუკნი ასწყდენ სურვილით, დღესა უმოკლებ მზიანსა.
ქართლი შვენიერია
1 გტრფიალობ, მზეო, თუ შენკენ მზეო,
ერთხელ მისმინე, ორჯელ, სამზეო.
ვერა ვცან შენი გუნება, ზნეო,
ჰქვიან მას სახელად ქართლი შვენიერია!
2 ქართლია მოთხე, ვითა სამოთხე,
ავნი არ სჭირან, ვით საამოთ ხე,
მდინარის პირსა დგანან სამ-ოთხე,
ჰქვიან მას სახელად ქართლი შვენიერია!
3 დგანან ხილ-ხენი, ქვე სხედან ერნი,
კორდნი მწვანენი, ზურმუხტის ფერნი;
მათნი მნახველნი გაყმდების ბერნი,
ჰქვიან მას სახელად ქართლი შვენიერია!
4 ქართველნი ლომნი, უყვარან ომნი,
ბრძენნი, საღმრთონი, საეროს მდომნი,
ნადირთა მსრველნი, მოედანს მზომნი,
ჰქვიან მას სახელად ქართლი შვენიერია!
5 ქართველთა ქალნი, ვით ბროლ-ფიქალნი,
თეთრი, ყირმიზი, პირზედ აქვთ ხალნი,
მათთა მნახავთა მოედვის ალნი,
ჰქვიან მას სახელად ქართლი შვენიერია!
ყოველი კენტი ტაეპი ბოლოვდება სიტყვით «ნარგიზოვანო».