I. ესე წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ილარიონ იყო ნათესავით ქართველი, ქუეყანით კახეთით, შვილი აზნაურთა მდიდართაჲ. ხოლო ამისსა მამასა ესხნეს სხუანიცა შვილნი. ხოლო ესე ილარიონ აღთქუმულ იყო მშობელთაგან მისთა, ვითარცა სამოელი ღმრთისა. და ვითარცა იქმნა ექუსისა წლისა, მიეცა სწავლად კაცსა ღირსსა, რომელიცა იყო დაბასა მისსა, სადა იყოფებოდა მამაჲ მის ნეტარისაჲ, და ასწავლიდა იგი მას წიგნსა სულიერსა დღე და ღამე. და ვითარცა იხილა მამამან მისმან სწრაფით სწავლაჲ მისი ბერისა მისგან, იწყო ყოვლისა საჴმრისა მიცემად უხუებით. და იწყო ადგილსა მას შენებად მონასტრად, და შეკრბეს მონაზონნი ათექუსმეტნი ოდენ. და მარადის მოვალ[ნ] მამაჲ მისი შენებისათჳს მის ადგილისა. და ვითარ იხილა ზედაჲსზედა მოსლვაჲ იგი მამისა თჳსისაჲ, მოეჴსენა სიტყუაჲ იგი წმიდისა სახარებისაჲ, ვითარმედ: „რომელმან არა დაუტეოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და არა აღიღოს ჯუარი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს”, და განიზრახა წარსლვაჲ უშორესსა უდაბნოსა.
II. და აღდგა და წარვიდა იგი უდაბნოსა გარეჯისასა. და პოვნა მუნ მრავალნი კაცნი მოღუაწენი და მახლობელად მათსა ქუაბი ერთი მცირე, შევიდა და დაემკჳდრა მას შინა. და იყო ჰასაკითა ვითარ ათოთხმეტისა წლისა, და წარემატა მოღუაწებითა მყოფთა მის ადგილისათა უდაბნოსა მას შინა მარხვითა და ლოცვითა, რომელ ყოველთა უკჳრდა ეგეოდენი მისი შრომაჲ და მოთმინებაჲ.
და აღეშენებოდეს ყოველნი იგი ძმანი სწავლითა მისითა და შეუვრდებოდეს მას, რათა იყოფებოდიან მის თანა. და შეიწყნარნა მის თანა ათერთმეტნი ძმანი მოღუაწენი მშჳდნი და მდაბალნი. და იყვნეს ვითარცა ანგელოზნი მარხვითა და გალობითა, ვიდრემდის განითქუა ღირსებაჲ მისი მას ქუეყანასა. და ესმა ეპისკოპოსსა რუისთველსა ღირსებაჲ მისი, აღდგა და მივიდა მოკითხვად მისა. იხილა რაჲ პირი მისი ყჳთელი და სიტყუაჲ მდაბალი [და] სამოსელი შეურაცხი, მოიკითხა იგი ამბორის-ყოფითა წმიდითა და ჰრქუა: „მრავლით ჟამითგან მინდა ხილვაჲ შენი, შვილო ილარიონ, და ღირს ვიქმენ მე ცოდვილი ესე მიღებად [წმიდისა] ლოცვისა შენისა. და სრულ-ყავ საწადელი ჩემი, რათა მიიღო დღეს მღდელობაჲ ჩემ მიერ გლახაკისა ამის“. ჰრქუა მას ილარიონ: „მამაო, ჴელთა შინა შენთა ვარი, რაჲცა ენებოს ღირსებასა შენსა, იგიცა-ყოს ჩემ ზედა“. მაშინ აღდგა ეპისკოპოსი იგი და აკურთხა იგი მღდელად, და მოიღეს ლოცვაჲ ურთიერთას. და წარვიდა ეპისკოპოსი იგი და მიუთხრობდა ყოველსა ერსა სათნოებათა მისთა. და მრავალნი შორით ქუეყანით მოვიდოდეს ხილვად და მოღებად ლოცვისა მისისა. მაშინ გამოირჩია ძმაჲ ერთი და დაადგინა წინამძღურად ადგილსა თჳსსა.
III. და წარიყვანა ძმაჲ ერთი და წარემართა იგი წმიდად ქალაქად იერუსალიმად. და ვითარ მიიწინეს იგინი ქუეყანასა მას შამისასა, დაემთხჳნეს ავაზაკნი ბოროტნი გზასა ზედა და იჴადეს მახჳლები, რათამცა სცეს წმიდასა ილარიონს. მეყსეულად განუჴმეს ჴელნი მათნი და ვერ შეუძლეს ქუე ჩამოღებად.
მაშინ იწყეს ტირილად და ვედრებად მისა, და მიუდგეს უკუანა, ვითარ ხუთ უტევან. მაშინ მიექცა წმიდაჲ ილარიონ და დასწერა ჯუარი და განკურნნა იგინი და წარგზავნნა ცოცხლებით. ხოლო მათ ვითარ იხილეს მსწრაფლ განკურნებაჲ, მოართუეს მას პური და კერატი, და ითხოვდეს შენდობასა და ეტყოდეს მას ენითა მათითა, რათა არასადა-ყონ ესრეთ მონაზონთა ზედა. და ერთი მათგანი წარჰყვა ვიდრე მთამდე [თაბორისა], სადა-იგი ფერი იცვალა უფალმან ჩუენმან დიდებით. ილოცეს მუნ და მიერ წარვიდეს წმიდად ქალაქად იერუსალიმად და მოილოცნა წმიდანი იგი ადგილნი.
IV. და მერმე განვიდა ლავრასა წმიდისა საბაჲსსა და იორდანისა უდაბნოთა, დაყო შჳდი წელი ღუაწლითა და შრომითა, რომელ ვერვინ შემძლებელ არს მითხრობად. და მარადის ევედრებოდა ღმერთსა, რათა გამოუცხადოს უმჯობესი სულისა მისისაჲ, რომელი სთნავს ღმერთსა. ღამესა ერთსა იხილა ჩუენებჲ ესე: რეცა მიიტაცა [იგი] მთასა ზეთისხილთასა, სადა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ამაღლდა დიდებით. და იხილა წმიდაჲ დედოფალი ღმრთისმშობელი [და] მარადის ქალწული მარიამ და ათორმეტნი კაცნი ბრწყინვალენი მდგომარენი მის წინაშე. ჰრქუა მას წმიდამან დედოფალმან: „ილარიონ, მიისწრაფე სახედ შენდა და განუმზადე სერი უფალსა“ და ვითარ განიღჳძა ჩუენებისა მისგან, გულისჴმა-ყო ჩუენებაჲ იგი.
V. აღდგა და წარემართა ქუეყანად თჳსად. და ვითარ მივიდა, პოვა, რამეთუ აღსრულებულ იყო მამაჲ მისი და ძმაჲცა. ხოლო დედამან მისმან მოართუა ყოველი მონაგები მამისა მისისაჲ და ჰრქუა: „წარაგე ესე, შვილო, ვითარცა სათნო გიჩნს“. ხოლო მან აღაშენა ვანი კეთილი და შეიყვანა დედაჲ თჳსი და შეწირნა სოფელნი.
და იწყო შენებად მონასტერი მამათათჳს, და შეკრიბნა მას შინა ვითარ სამეოცდა ათექუსმეტნი ძმანი ღირსნი და მოღუაწენი, და სხუაჲ მონაგები განუყო გლახაკთა. და ვითარცა იხილა ეშმაკმან კეთილის-მოძულემან შენებაჲ მონასტრისაჲ, აღაშფოთა ნათესავი ამის წმიდისაჲ და იწყო ფიცით შეჩუენებად, რათა დაწუას მონასტერი იგი და წმიდაჲ იგი მოკლას, და კარსაცა მისსა დაასხა ნაჴშირი და დაწერა ესრეთ: ,,იხილონ ყოველთა ესე მონასტერი სამ დღემდე ესრეთ დამწუარი”, და დააგდო იგი კარსა მისსა თანა. ხოლო წმიდაჲ ილარიონ დაადგრა ღამე ყოველ ლოცვასა ღმრთისა მიმართ და ვითარცა მიერულა, იხილა კაცი ბრწყინვალე, რომელი ეტყოდა : „ნუ გეშინინ ილარიონ, დღესვე განისწავლოს იგი და შეგივრდეს ფერჴთა შენთა“. და ვითარცა განთენა, მყის დააკუეთა იგი ეშმაკმან ქუეყანასა ზედა, გორვიდა საწყალობელად და პეროოდა, და აღიღეს მსახურთა და მიიღეს წმიდასა ილარიონს წინაშე და ქუეყანად დააგდეს. ხოლო წმიდამან ილარიონ დასწერა ჯუარი და აღადგინა იგი. მაშინ იწყო ტირილით აღსაარებად პირველთა უგუნურებათა თჳსთა და წარვიდა და მოართუა ყოველი მონაგები თჳსი, და იქმნა მონაზონ კეთილ მონასტერსა მას შინა. მაშინ განითქუა ჰანბავი მისი და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა და მოართუმიდეს საჴმარსა მრავალსა მონასტრისათჳს.
ხოლო ვითარცა იხილა ერისა ზედაჲსზედა მოსლვაჲ და წყინებაჲ და, უნდა ყოველსა ერსა და მეფესაცა მათსა, რათამცა ყვეს [იგი] ეპისკოპოს. მაშინ გამოარჩია ძმაჲ ერთი და დაადგინა წინამძღურად და ჰრქუა: „იღუაწე სულისათჳს ამათ ძმათაჲსა, ვითარცა სულისათჳს შენისა, თუ არა მონისა მის მოგეჴადოს, რომელი არა მოელოდა უფალსა თჳსსა”. და აღიპყრნა ჴელნი და თქუა ზეცად მიმართ: „უფალო, ჴელთა შენთა შევავედრებ ძმათა ამათ“.
VI. და წარიყვანნა მის თანა ორნი ძმანი და წარვიდა მოხილვად პირველთა [მათ] მონასტერთა. და მიერ წარემართა სამეუფოდ ქალაქად კოსტანტინეპოლედ. და ვითარ მიიწია მთასა ულომბოჲსასა, პოვა მცირე ეკლესიაჲ შევიდა და იყოფებოდა მას ადგილსა. და ვითარცა მოიწია შაბათი, მოვიდა მონაზონი ერთი აღნთებად კანდლისა და პოვნა იგინი მას შინა. წარვიდა მონასტრად და მოართუა მცირედი პაქსიმადი და ცერცჳ დამბალი. მაშინ ევედრა წმიდაჲ ილარიონ ძმასა მას, რათა მოჰგუაროს [წმიდაჲ] სეფე და მცირედ ზედაშე. და ხვალისა დღე მოართუა და აღასრულეს წმიდაჲ ჟამის-წირვაჲ. მაშინ წარვიდა ძმაჲ იგი და მიუთხრა მამასახლისსა მის მონასტრისასა ესე ყოველი. ხოლო იგი აღშფოთნა და თქუა: „ვინ უწყის, თუ კეთილად ზრახვენ“ და ბრძანა შეურაცხებით განძებაჲ მათი. მაშინ წარვიდა იკონომოსი და სსუანიცა ძმანი და მიუთხრეს ყოველივე. ხოლო წმიდამან ილარიონ აღუთქუა, რათა ხვალისაგან წარვიდენ. და მას ღამესა დაადგრა წმიდაჲ დედოფალი ჩუენი ღმრთისმშობელი რისხვით მამასახლისსა მას და ჰრქუა: „რაჲსა ინებე მათი განძებაჲ, რომელნი მოსრულ არიან სიყუარულისათჳს ღმრთისა, და არა დაიმარხე მცნებაჲ უცხოთა შეწყნარებისათჳს, ვითარ ეტყვს უფალი და ძე ჩემი მდიდარსა მას? ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკჳდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვნებად არიან! და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან“. და ვითარცა განიღჳძა მამასახლისმან ჩუენებისა მისგან, ტირილითა მწარითა წარვიდა და შეუვრდა ფერჴთა ილარიონისთა და ითხოვდა შენდობასა პირველისა მისთჳს კადნიერებისა და აფუცებდა, რათა არა წარვიდეს მიერ და რათა არა შური იძიოს მისგან წმიდამან დედოფალმან.
მაშინ წმიდამან ილარიონ აღადგინა იგი და ჰრქუა მას: „იქმნეს ნებისაებრ შენისა, მამაო“. ხოლო მამასახლისი ევედრა მას, რათა მოართუმიდენ ევლოგიასა ერთგზის შაბათსა შინა; და მოართუმიდა ნათესავი მამასახლისისაჲ, და ვნებულ იყო ფერჴი მისი მარჯუენე სიყრმითგან. ხოლო დღესა ერთსა მოაქუნდა რაჲ ევლოგიაჲ, დაუბრკოლდა ფერჴი მისი და იტკივნა და ტკივილისა მისგან ცრემლოოდა იგი. ვითარცა იხილა წმიდამან ილარიონ, მოიღო ზეთი კანდლისაგან და სცხო და განკურნა ტკივილიცა იგი და ვნებაჲ მისი. განუტევა და ამცნო, რათა არავის უთხრას. ხოლო მან ესე ყოველი მიუთხრა მამასახლისსა და ძმათა ყოველთა, რომელთა ეხილვა იგი.
მიერითგან აქუნდა იგი ყოველთა, ვითარცა მოციქული და მოწამე საკჳრველებისა მისგან. მაშინ მოვიდეს სამნი სხუანი ძმანი ქართველნი და შეიწყნარნა იგინი წმიდამან ილარიონ, ხოლო ერთი იყო ბერძულ მეტყუელი კეთილად. და მიერითგან განითქუა ჰანბავი მისი ყოველსა ულუმბასა და მოვიდოდეს მრავალნი და აღივსებოდეს სწავლითა მისითა, და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მისცა ესევითარი მნათობი. და მრავალნი მოქალაქენი მოვიდოდეს და ევედრებოდეს, რათა მიიღებდეს მათგან საჴმარსა. ხოლო მან არა ინება ესე ყოფად, არამედ ესრეთ ჰრქუა მათ, ვითარმედ: „მზრდის ჩუენ წმიდაჲ ღრმთისმშობელი და არა დამაკლებს ჩუენ ჴორცთა საზრდელსა“. და ვითარ იხილეს ესეოდენი იგი უპოვარებაჲ [მისი], ბაძვად მოიყვანნეს მრავალნი, რამეთუ შურებოდა იგი ჴელთ-საქმარსა და მისგან მოირეწდა საჴმარსა, და არავის რას აურვებდა. და ვითარ იხილა განმრავლებაჲ მომავალთაჲ და აწყინებდესცა, მაშინ წმიდამან ილარიონ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „შვილნო, აჰა მაქუს ხუთი წელიწადი აქა და ვერ შევედ ქალაქად, რათამცა თაყუანის-ვეც ძელსა ცხორებისასა, აწ თქუენ აღაშენეთ მცირე სენაკი ყორისაჲ“, და ასწავა, ვითარ ჯერ იყო.
VII. და წარიყვანა მოწაფე ერთი და წარვიდა კოსტანტინეპოლედ, მოილოცა და მიერ წარვიდა ჰრომედ. და ვითარ ვლო ათოთხმეტი დღე, პოვა სამოთხე გარეშე ქალაქისა და კარსა მისსა მკელობელი ერთი მჯდომარე. და დაჯდა იგიცა მის თანა; ჰრქუა მას წმიდამან ილარიონ: „კაცო, აღდეგ და მომართუ ტევანი ერთი ყურძენი“. ჰრქუა მას მკელობელმან მან: „აჰა, მამაო სამოთხე, რაჲცა გინდეს, მიიღე, რამეთუ მე ვერ შემძლებელ ვარ ცოდვათა ჩემთაგან აღდგომად. და მაქუს აქა ცამეტი წელი, ვინაჲთგან დავკოჭლდი, და მზრდის მე უფალი ამის ადგილისაჲ».
მაშინ სულთ-ითქუნა წმიდამან ილარიონ და ჰრქუა მას: „აღდეგ, ძმაო, უფალსა უბრძანებიეს“. და მეყსეულად განემართნეს ფერჴნი მისნი. და აღდგა და შევიდა [ვენაჴსა მას], რათამცა მოართუა ნაყოფი. მაშინ აღდგა წმიდაჲ იალარიონ და წარვიდა სხჳთ გზით. და ვითარ გამოვიდა კაცი იგი და არა პოვა, ეძიებდა და შევიდა ქალაქად და აქუნდა ტევანი იგი ჴელთა. ხოლო ვითარცა იხილა ერმან მან [ქალაქისამან] საკჳრველი იგი, ჰკითხვიდეს კაცსა მას, და მან უთხრა ყოველივე, ვითარ განიკურნა და ნიშანი მათი. და ეძიებდეს მრავალ ჟამ და არა პოვე სმათ წმიდაჲ იგი.
VIII. და ნებითა ღმრთისაჲთა მივიდეს ჰრომედ და ილოცეს. და დაყო ჰრომს შინა ორი წელიწადი. და მოიქცა კოსტანტინეპოლედვე. და ვითარ მოიწია თესალონიკედ, და დაჯდა კართა ზედა მთავრისა მის ქალაქისათა და, აჰა მჴევალმან მის მთავრისამან გამოიყვანა ძე მთავრისა მის ოთხისა წლისაჲ, ნახევარ მიღებული და დადვა იგი მზისა პირსა, მახლობელად წმიდისა ილარიონისსა. ჰრქუა წმიდამან ილარიონ ქალსა მას: „დედაკაცო, წარვედ და მომართუ მე წყალი“. და ვითარცა წარვიდა დედაკაცი იგი, მაშინ წმიდამან ილარიონ ჯუარი დასწერა ყრმასა მას და თქუა: „სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ ცოცხლებით!“ და მეყსეულად განიკურნა.
ჰრქუა ყრმასა მას წმიდამან ილარიონ: „წარვედ, შვილო, გიწესს დედაჲ შენი“. და აღდგა ყრმაჲ იგი ცოცხალი და შევიდა დედისა თჳსისა თანა. მაშინ აღდგა წმიდაჲ ილარიონ და წარვიდა სხუასა ადგილსა. ხოლო მჴევალმან მან აღიტაცა ყრმაჲ იგი და მოჰგუარა დედოფალსა თჳსსა. და იგი ჰკითხვიდა, თუ ვითარ განიკურნა. ხოლო მან წარმოუთხრა ყოველი ნიშანი მათი და ენაჲცა. და მსწრაფლ შევიდა დედაკაცი იგი და უთხრა ქმარსა თჳსსა და უჩუენა ყრმაჲცა იგი.
მაშინ ბრძანა მთავარმან სწრაფით დაცვაჲ კართა ქალაქისათაჲ და მოძიებაჲ წმიდისა მის. და პოვეს კარსა გარეგან აღმოსავალით კერძო მავალად, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო დაფარვად ქალაქისა მთასა ზედა დაფუძნებულისა. მაშინ დაცჳვეს ყოველნივე ქუეშე ფერჴთა მისთა, ხოლო მან ნეტარმან აკურთხნა და აღადგინნა იგინი. მაშინ ეუწყა მთავარსა მას და გამოვიდა შემთხუევად მისა და დავარდა წინაშე მისსა და ამბორს უყოფდა ფერჴთა მისთა. ხოლო მან, ნეტარმან, ულოცა და აღადგინა იგი. მაშინ წარიყვანა იგი მთავარმან სახლსა თჳსსა და ევედრა წმიდასა ილარიონს, რათა გამოირჩიოს ადგილი, რომელიცა ენებოს და იყოფებოდის მას შინა. ხოლო მან გამოირჩია ადგილი მარჯუე და მყუდროჲ, და აღუშენეს ეკლესიაჲ ადგილსა მას. და ამცნო წმიდამან, რათა არა აწყინებდენ მას ზედაჲსზედა მომავალნი, და ესეცა ამცნო, რათა არა წარმოსცეს თჳნიერ პაქსიმადი ჴმელი და ცერცჳ. და მრავალთა შეშურდა მოღუაწებაჲ მისი და ჴელითა მისითა იქმნნეს მონაზონ.
IX. დიაკონი ერთი თესალონიკელი განვიდა ვენაჴსა თჳსსა და შეიპყრეს იგი წარმართთა და წარიყვანეს ტყუედ. ამას მოეჴსენა წმიდაჲ ილარიონ და ევედრებოდა ლოცვათა მისთა. და მას ღამესა ეძინა შეკრულსა და ეჩუენა წმიდაჲ იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ დიაკონო, ნუ გეშინინ“. და ვითარცა განიღჳძა, პოვა, რამეთუ განჴსნილი იყო საკრველთაგან. და აღდგა და განვლო ლაშქარი იგი და არავინ ცნა, მოვიდა და ქადაგებდა საკჳრველებასა მას და უთხრა წმიდასაცა მას.
შემდგომად ამისსა მოუწოდა წმიდამან მთავარსა მას და ჰრქუა: „კეთილად ჰყავ, რამეთუ შემიწყნარე გლახაკი ესე და ცოდვილი და უცხოჲ, ღმერთმან მოგეცინ სასყიდელი სიყუარულისა შენისაჲ ისწრაფე შეწყნარებად მონაზონთა და ეკრძალე მოხუეჭასა გლახაკთასა და შეიწყნარებდი უცხოთა და გლახაკთა“. და სხუაჲ მრავალი ასწავა და განუტევა.
X. და შევიდა სენაკად და დაჴშა კარი თჳსი. და ვითარ მოიწია შაბათი, მოუწოდა მოწაფე თა თჳსთა და ულოცა და ასწავა ფრიად. და ეზიარა საიდუმლოსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა და აღმოუტევა წმიდაჲ სული თჳსი.
მაშინ მოვიდა მთავარი იგი ერითურთ და მოიღეს ლუსკუმაჲ მარმარილოჲსაჲ. მაშინ, ვითარცა ეგულებოდა დამარხვაჲ მისი, მოვიდეს ორნი ეშმაკეულნი და იტყოდეს: „ილარიონ ქართველო, რაჲსა განგუასხამ“. და ვითარცა მიეახლნეს წმიდასა მას, მსწრაფლ უჩინო იქმნნეს. მაშინ შემოსეს წმიდაჲ იგი, დადვეს ლუსკუმასა მას შინა დიდითა პატივითა და ჰყოფდეს საჴსენკბელსა მისსა. და ამისსა შემდგომად მრავალნი კურნებანი აღასრულნა წმიდამან.
ხოლო აღესრულა მამაჲ ჩუენი ილარიონ თუესა ნოენბერსა ათცხრამეტსა, დღესა შაბათსა, ჟამსა მეხუთესა [დღისასა], მეფობასა ბასილისსა. და იყო წლისაჲ ორმოცდა ცამეტისაჲ, ქალაქსა შინა თესალონიკესა, და მეოხ არს ჩუენ ყოველთათჳს ღმრთისა მიმართ სახიერისა და მრავალ-მოწყალისა.
XI. ხოლო შემდგომად გარდაცვალებისა მისისა დასნეულდა ძე მთავრისაჲ და განუსივნეს სარცხჳნელნი მისნი და მუცელიცა მისი. და განწირეს იგი მკურნალთა. და მიიწია იგი სიკუდილად. მაშინ აღიღეს იგი მშობელთა მისთა და შეაგდეს იგი ლუსკუმასა თანა წმიდისა ილარიონისა. და მას ღამესა გამოუჩნდა წმიდაჲ იგი და ჰრქუა. „პროკოპი, უკუეთუ არა აღმითქუა მე, რათა არა ხჳდოდი უწესოდ, ვერ განიკურნო სენისა მაგისგან“. ხოლო მან ფიცით აღუთქუა ესე ყოფად. მაშინ [წმიდამან] დასდვა ჴელი მისი მუცელსა მისსა ზედა და ჰრქუა მას: „სახელითა იესუ ქრისტესითა ცოცხალ იქმენ“, და ჯუარი დასწერა. ხოლო იგი მსწრაფლ განიკურნა და, ვითარცა განიღჳძა, ადიდებდა ღმერთსა და წმიდასა მას, რამეთუ ყოვლადვე არა იყო ვნებაჲ მის თანა, და ამბორს უყოფდა ლარნაკსა მისსა, და მიუთხრობდა საკჳრველებათა მისთა ყოველსა ერსა, და ადიდებდეს ღმერთსა და წმიდასა მას.
XII. მოწაფეთა ამის წმიდისათა მისცეს ფლასი ერთი წმიდისაჲ ამის ქურივსა ერთსა გლახაკსა. და წარიღო მან დიდითა სარწმუნოებითა. და ვისცა სნეულსა დაჰბურის, პოის მან ლხინებაჲ და მიუთხრობდის საკჳრველებათა მისთა, და ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა.
XIII ესმნეს ღმრთის-მოყუარესა მეფესა ბასილის საკჳრველებნი ამის წმიდისანი, რომელნი იქმნებოდეს თესალონიკეს შინა დღითი-დღე. ხოლო წიგნიცა მიუწერა ეპარხოსმან და პატრიაქმან თესალონიკელმან, და [აუწყა] გარდაცვალებაჲ და საკჳრველებანი ამის წმიდისანი, და ადიდებდა ღმერთსა მეფე იგი. და დღესა ერთსა ბრძანა მეფემან ყოველთა მამასახლისთა მთისათა შესლვაჲ მის წინაშე. და ყო ოხჭანი დიდი მათ თანა და უთხრობდა მათ საქმეთა მის ნეტარისათა და რაჲ იგი მიეწერა ეპარხოზსა და პატრიაქსა. მაშინ ვითარცა ესმა მამასახლისსა ულუმბელსა, რომლისა დისწული განეკურნა წმიდასა ილარიონს, იწყო მანცა მოჴსენებად მეფისა, და რაჲ იგი ექმნა სასწაული მისსა მონასტერსა წმიდასა ილარიონს. მაშინ ჰკითხა მეფემან, თუ: „არიან ვინა მოწაფეთა მისთაგანნი მთასა მას?“ და მან ჰრქუა, ვითარმედ: „არიან სამნი მოხუცებულნი კეთილნი მოწაფეთა მისთაგანნი“. ხოლო მეფემან ბრძანა სწრაფით მოყვანებაჲ მათი დრომონითა სამეუფოჲთა პალატად დიდითა პატივითა. და ვითარცა იხილა მეფემან მჴცოვანებაჲ იგი მათი შუენიერი, რამეთუ იყვნეს გრძელნი ჰასაკითა, შუენიერნი სიტყჳთა და მდაბალნი გონებითა, ითხოვდა მათგან ლოცვისა ყოფასა მისთჳს. და თქუა მეფემან: „ჭეშმარიტად აჰა მონანი ღმრთისანი და სულისა ჩემისა მეოხნი! დიდებაჲ ღმერთსა, რომელმან ღირს მყო მე ცოდვილი მეფე ხილვად ღირსთა და წმიდათა მისთა“. და მიავლინნა იგინი პატრიაქ[ი]სა თანა. ხოლო მან განიხარა ფრიად, და მოიღეს კურთხევაჲ ურთიერთას. და ეზრახა პატრიაქი ეპისკოპოსთა [თჳსთა] თანა სულიერითა სიტყჳთა, და ცნა ღირსებაჲ მათი და სარწმუნოებაჲ მათი და თქუა [ეპისკოპოსთა მათ]: „ესენი არიან, რომელთა მპარავი არა მიეხების, ამათ დიდი მადლი მომანიჭეს მე დღეს“. და მიუმცნო მეფესა ესრეთ, ვითარმედ: „ფრიად აღვშენდი ამათითა ხილვითა, და ჭეშმარიტად ესენი არიან მსახურნი უფლისანი და მეოხნი სულთა ჩუენთანი, და უფალმან ლოცვითა მათითა დაიფარენ მეფობაჲ თქუენი ყოველთა სავნებელთაგან, და ჩუენ ყოველნი უკუნითი უკუნისამდე. ამინ”.
მაშინ უბრძანა მეფემან, რათა რომელიცა გამოირჩიონ მონასტერი, აღიღონ იგი; ხოლო მათ ჰრქუეს მას: „არა გუერგების ჩუენ სხუათა აღშენებული მონასტერი, ჵ მეფეო, რათა ჩუენ დავიპყრათ უცხოთა კაცთა და იგინი განვასხნეთ, რომელთა აღუშენებიეს, რათამცა წყევაჲ მოვატყუათ მეფობასა თქუენსა, არა ვყოთ ეგე, არამედ, უკუეთუ გნებავს, განვიდეთ უდაბნოსა ადგილსა, სადაცა ენებოს ღმერთსა, და მუნცა აღგჳშენე ეკლესიაჲ, რათა ელოცვებოდის მეფობასა თქუენსა“. მაშინ აღივსო სიხარულით მეფე და წარგზავნნა იგინი სამეუფოჲთა კაცითა. მოვლეს და მონახეს და პოვეს ღელესა შინა ერთსა წყაროები და ადგილი ვაკე და შუენიერი. განიხარეს ფრიად და აუწყეს მეფესა.
XIV. მაშინ მოვიდა მეფე ერითურთ და მოაქუნდა ქვაჲ თჳთ მეფესა და ყოველსა ერსა მის თანა. და იწყეს შენებად ეკლესიასა და მონასტერსა და აღასრულეს შჳდ თუე ყოველი საქმჱ მონასტრისაჲ.
და მოვიდა მეფე პატრიაქისა თანა და აკურთხა ეკლესიაჲ და დასხნა ნაწილნი წმიდათა მოციქულთანი თუესა ოკდონბერსა ცხრასა. და შეწირნა მეფემან ჭურჭელნი ოქროჲსა და ვეცხლისანი, და სოფელნი და ქულბაქნი და მეტოქნი და ტყენი, და ყოველი საჴმარი მონასტრისაჲ უხუებით. და შექმნა თჳთ მეფემან სენაკი ერთი და ლოგინი თავისათჳს საგებლითურთ, დადგნა საწიგნენი და სახარებაჲ და პავლე და სხუაჲ წიგნები მრავლად. და თქუა მეფემან: „ესე იყოს საყოფელი ჩემი ამათ ღირსთა მამათა თანა, თუ უფალსა ენებოს ჴსნაჲ ჩემი ცოდვათაგან“. და დასდვა ჰრომანაჲ ქართველთაჲ, და ჰრქუა მეფემან: „წმიდანო მამანო, ითხოვეთ რაჲცა საჴმარ არს თქუენდა მეფობისაგან ჩემისას!“ ხოლო მათ ჰრქუეს: „ვითხოვთ შენგან, რათა აღიღო ყოველი უმსჯავროებაჲ სამეფოჲსაგან შენისა, რათა არა განრისხნეს შენ ზედა უფალი, და არა ცუდ იქმნას კეთილისყოფაჲ შენი ჩუენდა მომართ“. გულ-სავსე იქმნა მეფე სიტყუათაგან მათთა და უფროჲსი სიყუარული აქუნდა ყოველთა კაცთასა. მაშინ მოჰგუარნა მეფემან ორნი ძენი [თჳსნი], ლეონ და ალექსანდრე, და ჰრქუა: „ლოცვა ყავთ ამათთჳს, წმიდანო მამანო, და ასწავეთ ამათ ენაჲ და წიგნი თქუენი, რათა შვილნი ლოცვისა თქუენისანი იყვნენ ეგენი».
XV. ამისა შემდგომად მოეწერა შეყენებულსა დიდსა ეფთჳმეს მოღუაწესა, კაცსა ღირსსა მეფისადა, რომელმან იცოდა გულისსიტყუაჲ მისი, ვითარმედ. „ვიხილე მე ჩუენებასა შინა ცეცხლისა კუამლი საშინელი, და მესმა ჴმაჲ. ვითარმედ: „ესე არიან ცოდვანი ბასილი მეფისანი”. [და მე ვთქუ, ვითარმედ: “ვინ] შემძლებელ არიან დაშრეტად ამისა?” და [კუალად] მესმა ჴმაჲ. „ცრემლნი და კეთილისა საქმენი!” მაშინ მოიხუნეს კეთილისა საქმენი შენნი ბრწყინვალეთა და შთაყარეს ცეცხლსა და იწყეს დაშრეტად დიდითა შრომითა; მაშინ ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: „მოიღეთ უცხოთ-შეწყნარებაჲ!“ და მოიღეს მცირჱ, ვითარცა მარცუალი იფქლისაჲ, და სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და შთააგდეს იგი [მას შინა]. მაშინღა იწყო კუამლმან მან და ცეცხლმან სრულიად განქარვებად. აწ ისწრაფე შეწყალებაჲ უცხოთა და გლახაკთაჲ“.
XVI. და ვითარცა წარიკითხა მეფემან წიგნი იგი, მოუწოდა ეპარხოზსა თესალონიკელსა, რომელი გარდაედგინა ხარკისათჳს სამეუფოჲსა, რომელსა მოეწერა მიცვალებაჲ წმიდისა ილარიონისი და მისცა უზესთაესი პატივი და წარავლინა თესალონიკედ, რათა სწრაფით მოჰგუარნეს ნაწილნი წმიდისა ილარიონისნი, და მიწერა წიგნი ესევითარი: „ბრძანებს მეფობაჲ ჩუენი თესალონიკელთა მიმართ, რათა სწრაფითა დიდითა და პატივითა წარმოჰგზავნნეთ ნაწილნი ილარიონ ქართველისანი, თჳნიერ ყოვლისა მიზეზისა და მშჳდობით იყვენით”. და წმიდისა მიმართცა მიწერა ესრეთ თჳსითა ჴელითა: „ბასილი, ცოდვილი მეფე, მონაჲ ცათა მეფისაჲ, გევედრები, წმიდაო მამაო ილარიონ, აღმოვედ ქალაქად [სამეუფოდ], დაღაცათუ არა ღირს ვიქმენ პირისპირ ხილვად შენდა, [გარნა აწ ღირს მყავ], რათა ამბორს-უყო ნაწილთა შენთა წმიდათა, და იხაროს ქალაქმან ამან სამეუფომან“. და ვითარცა მიიწინეს მივლინებულნი იგი და წარიკითხეს წიგნი იგი, ენება ერსა მას ქვისა დაკრებაჲ სამეუფოთა მათ კაცთაჲ, ხოლო მათ აღუთქუეს, რათა არა ყონ ესე. მაშინღა ძლით დააცხრვეს ერი იგი და აღდგა და განვიდა გარემო სოფლებსა ანთჳპატი იგი. და ღამით უბრძანა ახუმაჲ ნაწილთა მის წმიდისათაჲ უცნაურად. და შთასხნეს ლუსკუმასა მცირესა და საფლავი დაჰკრძალეს ეგრეთვე და წარვიდეს.
XVII. და ვითარ მიიწინეს კოსტანტინეპოლის და ეუწყა ესე მეფესა, მაშინ მიეგება სიხარულითა დიდითა და შეიყვანა იგი პალატად პატივით. დაუსუენა იგი ეგუტერსა თჳსსა და განიზრახვიდა მეფე, თუ რომელსა ადგილსა აღუშენოს სანაწილე. და მესამესა ღამესა ვითარ განიღჳძა მეფემან შუაღამესა ოდენ, ეცა მას სურნელებაჲ მიუთხრობელი. და იგონებდა მეფე, თუ რაჲ-მე არს, ანუ რომლითა საკუმეველთაგანი არს, და ვერ შეუძლო ცნობად. ჰკითხა საჭურისთა, რომელნი წვეს გარემო მისსა, ვითარმედ: „რაჲ არს სურნელებაჲ ესე?“ ხოლო მათ ჰრქუეს: „ვფუცავთ მეფობასა თქუენსა, არასადა გჳხილავს ესევითარი სურნელებაჲ. და ცნა ყოველმან პალატმან და ჰკითხვიდა მოყუასი მოყუასსა თჳსსა, ვითარმედ: „რომელთა სურნელთაგანი არს, არა უწყით“.
და ვითარცა მიერულა მეფესა, გამოუჩნდა წმიდაჲ ილარიონ შემოსილი ზეწარითა და ჰრქუა მეფესა: „კეთილად ჰყავ შეწყნარებაჲ ჩემი უცხოჲსაჲ, არამედ სურნელებაჲ რომელი იყნოსე, მე არა მომიგიეს ქალაქთა შინა, არამედ უდაბნოთა შინა. აწ უკუეთუ გნებავს, რათა მადლი გაქუნდეს, წარმიყვანე უდაბნოსავე ადგილსა“. ვითარ განიღვძა მეფემან, უთხრა ყოველსა ერსა, ვითარმედ: „უდაბნოს ჰნებავს წმიდასა ყოფაჲ“. და ყო ლიტანიაჲ და აღიხუნა ნაწილნი წმიდისანი და შეჯდა დრომონსა სამეფოსა. და მიიყვანეს ეკლესიასა მთავარ-ანგელოზთასა, და მერმე დაადგინნეს ეტლნი სამეუფონი, აღჯდა და მივიდა რომანას და დაუსუენა მუნ შინა, და ყო დღესასწაული თუესა დეკენბერსა შჳდსა, და შეწირა მეფემან თუესა შინა ათორმეტი დრაჰკანი ეკლესიასა მას, რათა მარადის ენთებოდის ექუსი კანდელი დაუვსებელად ნაწილთა ზედა წმიდათა მოციქულთასა, და წმიდისა ილარიონის ნაწილთა ზედა სამ-სამი, და პალატით სეფისკუერი ორი მიეცემოდის ყოველთა დღეთა, და მონაზონთა მიეცემოდის სასამოსლე ორი ლიტრაჲ ოქროჲ თუესა დეკენბერსა შჳდსა; და უწოდა [სახელად] თჳსა მონასტერი და გამოთქუა ენკომი, (რომელ არს შესხმაჲ). წმიდისა ილარიონისი ბასილი ასიკრიტმან სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.