შესავალი
თავს ვალდებულად ვთვლი მცირე განმარტება წავუმძღვარო ნაშრომს. წიგნის სახელწოდებაა "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" და ემყარება წმინდა მამათა სწავლებას განკურნების შესახებ. ვიცი, რომ ტერმინი "ფსიქოთერაპია" დიდი ხნის წინ არ ჩამოყალიბებულა და ბევრი ფსიქიატრი ამ ტერმინით ნევროზით დაავადებულების მკურნალობას აღნიშნავს. ფსიქიატრების უმრავლესობა არ იცნობს, ან არ აღიარებს ეკლესიის სწავლებას, რადგან მათი ანთროპოლოგია განსხვავდება წმინდა მამათა ანთროპოლოგიისა და სოტირიოლოგიისაგან. მე მხოლოდ ტერმინს ვიყენებ და არა ფსიქიატრთა მოსაზრებებს. ძნელი არ იქნებოდა მომეყვანა მათი შეხედულებებიც, რომლებიც რიგ შემთხვევებში ეთანხმება წმინდა მამათა ნააზრევს, ზოგჯერ კი რადიკალურად განსხვავდება. ჯობს, რომ მკითხველმა ეკლესიის სწავლება წაიკითხოს ზუსტად, შეურევნელად. სწორედ ამიტომ "ფსიქოთერაპიას" (სულის კურნება) წინ უძღვის სიტყვა "მართლმადიდებლური", ანუ "მართლმადიდებლობით სულის კურნება".
წიგნში უხვად არის მოხმობილი წმინდა მამათა ციტატები განმარტებებთან ერთად. მართალია, ვრცელი განმარტების კითხვა და აღქმა მკითხველისთვის ძნელია, მაგრამ მე მაინც ეს გზა ავირჩიე, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი ეპოქის უმთავრესი პრობლემა მოკლედ არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და განხილული. ამ თემაზე მსჯელობისას მოვიხმე სხვადასხვა წმინდა მამის ნაწერები, უპირველეს ყოვლისა, ისიხასტი (დაყუდებული) - მამებისა და ე.წ. ერში მოღვაწე მამათა თხზულებები. ე.წ. ვამბობ იმიტომ, რომ რეალურ განსხვავებას მათ ღვაწლში ვერ ვხედავ. მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით მღვიძარე, დაყუდებული (ისიხასტი) ბერები "საერონი" არიან და პირიქით "საეროთ" ღვაწლი პირველ რიგში მღვიძარებაა. მაგალითად, სამი დიდი მღვდელმთავარი (გრიგოლ ღმრთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი) ასკეტური და მღვიძარე ცხოვრებით ცხოვრობდნენ, განიწმინდეს გონება და სამწყსოსაც მწყემსავდნენ.
ჩემი აზრით, წმინდანთა ურთიერთობა ერთან - ეს მათი მღვიძარების ერთი მდგომარეობაა.
წმინდა მღვდელმთავართა სწავლებაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი მღვიძარების სათნოებას. წიგნში გამოყენებული მაქვს ძირითადად "ფილოკალია", (Φιλοκαλία) "სათნოებათმოყვარეობის" შემადგენელი თხზულებები. "ფილოკალია" მისტიკური ღვთისმეტყველების ამსახველი ქმნილებების ანთოლოგიაა. "იგი ასხივებს წმინდა მამათა ცხოვრებიდან მომდინარე ნათელს, რაც სული წმინდის ნათელია"1.
"ფილოკალიის" ბერძნული ტექსტის გამომცემლები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც XIV ს-ში ისიხასტური კამათი დასრულდა, წმინდა მამათა ცხოვრების კრებულების შედგენისა და გონებითი ლოცვის შესახებ თხზულებების შეგროვების აუცილებლობა დადგა. კერძოდ, აი, რას წერენ: "ყველა სარწმუნო წყაროს მიხედვით, კრებული (ისიხასტ მამათა) ათონის მთის წმინდა მამებმა ათონის ბიბლიოთეკებში არსებული ფონდების მიხედვით შეადგინეს. ეს საქმიანობა XIV ს-ის მეორე ნახევარში 1350 წლიდან დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში მართლმადიდებლური აღმოსავლეთის მამების ცხოვრებათა შეკრებისა და გონებით ლოცვის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება იყო საჭირო, რასაც ეწინააღმდეგებოდა რაციონალისტური რომაული კათოლიციზმი ცილისმწამებელი კალაბრიელი ბერის, შემდგომში ეპისკოპოს ვარლაამის მეთაურობით"2. "ფილოკალიის" ტექსტების გამოსაცემად მომზადება დაასრულეს კორინთოს ყოფილმა ეპისკოპოსმა მაკარი ნოტარამ და წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელმა. "ფილოკალიაში" გაერთიანდა აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესიის მისტიკური ღვთისმეტყველება, ამიტომ გახდა სასარგებლო ეს კრებული სულის, გონების, გულის და აზრთა განსაწმენდელი სწავლების გადმოსაცემად. წიგნის წერისას მივმართე წმ. გრიგოლი პალამას, (კერძოდ მის თხზულებას "წმინდა ისიხასტობის შესახებ"), იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის და სხვა თხზულებებს.
ნაშრომში ცალკე თავები არ ეძღვნება ნათლობას და საღმრთო ზიარებას. მათზე მსჯელობას განზრახ ავარიდე თავი. ბევრგან აღვნიშნავ ეკლესიის საიდუმლოებების უდიდეს მნიშვნელობას, სპეციალურად კი არ ვმსჯელობ წმინდა ნათლობის შესახებ, რადგან ნაშრომი მონათლული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. რაც შეეხება ზიარებას, იგი ეკლესიის სულიერი ცხოვრების ცენტრალური მოვლენაა. სწორედ საღმრთო ზიარების საიდუმლო გამოარჩევს მართლმადიდებლური ეკლესიის ასკეტიკას ყველა სხვა "ასკეტიკისგან" და ბუნებრივია, მეც ზიარებას მივიჩნევ უმთავრესად ადამიანის სულიერ ცხოვრებასა და მის გადარჩენაში. მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ღირსეულად ზიარებისთვის საჭიროა წინასწარი მომზადება. ზიარების წინა ლოცვების მიხედვით ზიარება სინათლეა მათთვის, ვინც ამისთვის მოემზადა და "მწველი ცეცხლი" მოუმზადებელთათვის. პავლე მოციქული ბრძანებს: "ამიერთაგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით თანამდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა. გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. ხოლო რომელი არაღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი. ამისთჳს მრავალი არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და წვანან მრავალნი" (1. კორ. 11. 27-30).
ჩვენს ეპოქაში ბევრს საუბრობენ ეკლესიოლოგიაზე, ევქარისტიოლოგიაზე, ესქატოლოგიაზე. ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ეკლესია, ევქარისტია და ესქატოლოგია მჭიდროდ უკავშირდება ასკეტურ ღვაწლს. ღრმად მწამს, რომ პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ ასკეტური მოღვაწეობა, როგორც ზიარებისთვის მომზადება. ამიტომაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მას ჩვენს ნაშრომში. წმინდა ზიარება მაკურნებელია, თუ მას მოჰყვება რელიგიური ცხოვრება. ის არის მართლმადიდებლური ასკეტიზმის საფუძველი. დღეს ბევრი საუბრობს ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. ე.წ. ფსიქოლოგიური პრობლემებია გონების დაბნელება და განუწმენდელი გული. სწორედ ამგვარ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ ფსიქოლოგიური. წმინდა მამები ამბობენ : თუ ადამიანი შინაგანად განიკურნა, გახსნის გულს, განწმენდს სულის გონიერ ნაწილს და გაათავისუფლებს სულის მოაზროვნე ნაწილს, მაშინ მას აღარ ექნება ფსიქოლოგიური პრობლემები. ის შეიგრძნობს ქრისტეს ნეტარ და მტკიცე სამყაროს (რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ სხეულის სნეულებას, გადაღლილობას, მოხუცებულობის უძლურებას).
წიგნის პირველ თავს "მართლმადიდებლობა - მკურნალი მეცნიერება" შეიძლება მთელი ნაშრომის კონსპექტი ვუწოდოთ. მართლაც, ამ ნაწილში მომდევნო თავებში განხილული საკითხები მოკლედ არის წარმოდგენილი. ვაღიარებ, რომ მესამე თავი "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" რთული წასაკითხია. ვერ ავუვლიდი გვერდს ამგვარ სირთულეს, რადგან ცალ-ცალკე უნდა განმეხილა. ტერმინები "სული" (ψυχή), "გონება" (νοῦς), "გული" (καρδία), "გონიერება" (λογική), და მეპოვნა მათ შორის კავშირი და განსხვავება. შეიძლებოდა, დამეწერა მეშვიდე თავი "გონებითი ლოცვა-კურნების მეთოდი", მაგრამ თითოეულ თავში და განსაკუთრებით იქ, სადაც მდუმარების მნიშვნელობაზეა საუბარი, ყველგან აღნიშნულია გონებით ლოცვის როლი განკურნებაში; გარდა ამისა, ბევრი საინტერესო ნაშრომი ეძღვნება ამ საკითხს.
გთხოვთ, რომ წიგნის ერთხელ წიკითხვით არ დაკმაყოფილდეთ, კარგად შეისწავლეთ იგი რეალურ ცხოვრებაში განსახორციელებლად.
შევთხოვ უფალს, რომ წმინდა მამებმა, რომელთა ნაწერებიც მაქვს მოხმობილი, გაგვანათლონ მეც და მკითხველიც კურნების გზაზე წარმატების მისაღწევად. გულწრფელად შევთხოვ უფალს გამოასწოროს ჩემი შეცდომები (თუ დავუშვი) და ნუ ავნებენ მკითხველის სულს, რადგანაც წიგნი დაიწერა სულის სასარგებლოდ. მკითხველს კი ვთხოვ რაიმე შეცდომის აღმოჩენისას, შემატყობინოს, რომ შევძლო მისი გასწორება.
დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წიგნის გამოცემაში დამეხმარა, თუკი ნაშრომი რაიმე სარგებლობას მოუტანს ვინმეს, ეს გამომცემელთა დამსახურებაც იქნება. "დაე მიაგოს უფალმა მათ გულისაებრ მათისა".
არქიმანდრიტი იეროთეოს ვლახოსი
თავი პირველი
მართლმადიდებლობა - მკურნალი მეცნიერება
ქრისტიანობის შესახებ მრავალი გამოკვლევა არსებობს. შეკითხვაზე თუ რა არის ქრისტიანობის არსი და სამყაროში მისი მისია - ასევე მრავალნაირი პასუხია გაცემული. მათგან უმრავლესობა მართებული არ არის. წინამდებარე ნაშრომში ვნახავთ, რომ ქრისტიანობა და ძირითადად მართლმადიდებლობა მკურნალი მეცნიერებაა, განვმარტავთ რას ნიშნავს კურნება და როგორ მიიღწევა იგი.
1. რა არის ქრისტიანობა
ქრისტიანობის არსის განმარტებისას ბევრი ამბობს, რომ ის ფილოსოფიაა ან ისეთივე რელიგია, როგორსაც ანტიკურობიდან ვიცნობთ. ცხადია, ქრისტიანობას ფილოსოფიას ვერ ვუწოდებთ მისი დღევანდელი გაგებით. ფილოსოფია აზრთა სისტემაა, რასაც ხშირად სიცოცხლესთან კავშირი არა აქვს. ძირითადი განსხვავება ქრისტიანობასა და ფილოსოფიას შორის ის არის, რომ ფილოსოფია ადამიანური აზროვნებაა (στοχασµός), ქრისტიანობა კი - ღმერთის გაცხადება: ის ადამიანის აღმოჩენა კი არ არის, არამედ თავად ღმერთის პოვნაა ადამიანში. ქრისტიანობის ჭეშმარიტების შეცნობა ადამიანური ლოგიკით შეუძლებელია. იქ, სადაც დაუძლურდა ადამიანური სიტყვა, მოვიდა ღმერთკაცებრივი სიტყვა, უფრო სწორად ღმერთკაცი ქრისტე, სიტყვა ღმრთისა. ღმერთის ამგვარი აღმოჩენა თანამედროვე ეპოქის ფილოსოფიური ტერმინოლოგიით განმტკიცდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შევნიშნავთ, რომ ქრისტიანობა ფილოსოფია არ არის. ღმერთკაცებრივი სიტყვის მხოლოდ შესამოსელია ფილოსოფიიდან ამოღებული.
იოანე ოქროპირი ისაიას (ისაია 3.1-2.) წინასწარმეტყველების განმარტებაში წერს: "მოაზროვნედ (გამგებად) ითვლება ის ადამიანი, ვინც მომავალს ჭვრეტს თავისი მაღალი გონიერებით და გამოცდილებით. თუმცა ერთია - მოაზროვნეობა, მეორე კი წინასწარმეტყველება: ეს უკანასკნელი სული წმინდის მადლით ლაპარაკობს და თავის მხრიდან არაფერს ამატებს, პირველი კი საფუძვლად უკვე მომხდარ მოვლენას იღებს და საკუთარი გონიერებით შეუძლია მომავალი განჭვრიტოს, როგორც ამას ჭეშმარიტად გონიერი ადამიანი აკეთებს. ამ ორ მოვლენას შორის დიდი განსხვავებაა, ისევე როგორც განსხვავებულია ადამიანური გონება და ღვთიური მადლი"3.
ამდენად, ფილოსოფია და წინასწარმეტყველება ერთმანეთისგან განსხვავდება, წინასწარმეტყველება ანუ წინასწარმეტყველის სიტყვა ღმრთისმეტყველებაა. ფილოსოფია ადამიანური ენერგიაა, წინასწარმეტყველება კი სული წმინდის გამოცხადება. წმინდა მამათა თხზულებებში, კერძოდ კი, მაქსიმე აღმსარებლის შრომებში, ფილოსოფია სულიერი ცხოვრების საწყისად იწოდება. უნდა შევნიშნოთ, რომ "ფილოსოფიაში" წმინდა მამა ვნებისაგან გულის განწმენდას გულისხმობს. რაც ჭეშმარიტად არის სულის ღმრთისაკენ სვლის პირველი ეტაპი.
ქრისტიანობას ვერ ვუწოდებთ რელიგიას, ამ სიტყვის დღევანდელი მნიშვნელობით. ჩვეულებრივ ითვლება, რომ ღმერთი ზეცაშია და წარმართავს კაცობრიობის ისტორიას, მკაცრად მომთხოვნია სნეულებით და უძლურებით დაცემული ადამიანის მიმართ. ღმერთსა და ადამიანს შორის გამყოფი კედელი არსებობს. მის გადალახვაში კი რელიგია გვეხმარება. ამ მიზნის მისაღწევად სრულდება რელიგიური რიტუალები.
სხვა მოსაზრების თანახმად ადამიანი უსასრულო სამყაროში უძლურად გრძნობს თავს და სჭირდება შემოქმედის არსებობა, შემოქმედისა, რომელიც მას უძლურებისას ეხმარება. ამ თეორიის მიხედვით ღმერთი კი არ ქმნის (ძერწავს) ადამიანს, არამედ, პირიქით, ადამიანი ძერწავს ღმერთს. რელიგია ადამიანსა და მიუწვდომელ ღმერთს შორის კავშირად მოიაზრება, ანუ კავშირი "მე"-სა და მიუწვდომელ "შენს" (ღმერთს) შორის. ზოგიერთები რელიგიას ცდუნებად თვლიან, ადამიანი თავის იმედს მომავალ ცხოვრებაში ხედავს და ამგვარად რელიგია ძლიერი ძალით ზემოქმედებს ადამიანზე.
ქრისტიანობა ზემოთ ჩამოთვლილ თეორიებსა და განმარტებებზე მაღლა დგას, ამიტომაც ვერ ჩაიკეტება ტერმინ "რელიგიაში", სხვა სარწმუნოებათა მსგავსად. ღმერთი "მიუწვდომელი შენ" არ არის, ის ცოცხალი არსებაა და ორგანულად ურთიერთობს ადამიანთან. გარდა ამისა, ქრისტიანობას პრობლემები მომავალში არ გადააქვს, არც ზეციურ სასუფეველში განსვენებას ელოდება. ქრისტიანობაში მომავალი აწმყოშია და ღმერთის მეუფება ამქვეყნიურ ცხოვრებაში წყდება. უფლის მეუფება, წმინდა მამათა ნააზრევით, სამპიროვანი ღმერთის მადლია, უქმნელი სინათლის თეორიაა. ჩვენ, მართლმადიდებლები, ისტორიისა და ჟამის აღსასრულს არ ველოდებით, არამედ ქრისტესმიერი სიცოცხლით მივისწრაფვით დასასრულისკენ, ასე განვიცდით იმას, რაც უნდა მოხდეს უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ. სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი ამბობს, რომ იგი, ვინც იხილა უქმნელი ნათელი და შეუერთდა ღმერთს, კი არ ელოდება უფლის მეორედ მოსვლას, არამედ ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე განიცდის მასთან სიახლოვეს. ასე რომ, ქრისტიანულ სწავლებაში დროის სწორხაზოვანი აღქმა არ ხდება, დრო წრიულია ან ჯვრის ფორმის. ე.ი. მარადიულობაში ვარსებობთ, ამიტომ წარსული, აწმყო და მომავალი ურყევ მთლიანობად ერთიანდება.
მართლმადიდებლობას "საეროს" ვერ ვუწოდებთ სწორედაც, რადგან მის წიაღში პრობლებები მომავალში არ გადაიდება. მართლმადიდებლობა სიცოცხლის მომნიჭებელია, ადამიანის ბიოლოგიურ არსებობას სახეს უცვლის, განწმენდს და ცვლის საზოგადოებებს. იქ, სადაც მართლმადიდებლობას სწორად ემსახურებიან, გაიაზრებენ და სულიწმინდის მადლით ემსახურებიან, სუფევს ღმერთისა და ადამიანის, ზეციერთა და მიწიერთა, ცოცხალთა და შესვენებულთა შორის კავშირი. ამ კავშირით და ურთიერთობით წყდება სწორედ ჩვენს ცხოვრებაში გაჩენილი ყველა პრობლემა.
ეკლესიის წევრთა შორის სნეულნი და სულიერად მოუმწიფებელნიც არიან, ამიტომაც ხდება, რომ ქრისტიანობას ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი შინაარსით იგებენ. სულიერი ცხოვრება მოძრავი (დინამიური) სვლაა. ეს სვლა იწყება ნათლობით, რითაც განიწმინდება ღვთის ხატება (ადამიანში) და გრძელდება ასკეტური ცხოვრებით, რომლითაც ადამიანი ღმერთის მსგავსებას აღწევს, უერთდება მას. ქრისტიანობაზე საუბარი გარკვეული წინაპირობების გათვალისწინებით არის საჭირო. პირველი ის არის, რომ ქრისტიანობა უპირველეს ყოვლისა ეკლესიაა. ეკლესია ქრისტეს სხეულს ნიშნავს. ახალ აღთქმაში ბევრ ადგილას არის აღნიშნული ამის შესახებ. საკმარისია, მოვიყვანოთ მაცხოვრის პეტრესადმი მიმართული სიტყვები: "და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". (მათ. 16. 18.), აგრეთვე პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ: (1, 18) "და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელ არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ". და ტიმოთეს მიმართ: "ჯერ არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ"(1 ტიმ. 3. 15.). ეს ნიშნავს, რომ ქრისტე მხოლოდ ზეცაში კი არ მეუფებს და იქიდან წარმართავს კაცობრიობის ცხოვრებას, არამედ ჩვენთან ერთობაშია (ενωµένος). მან მიიღო ადამიანური ბუნება და განაღმრთო. ასე რომ ქრისტესმიერი განღმრთობილი ბუნება მამის მარჯვნივ სუფევს.
მეორე წინაპირობაა ქრისტიანობის მიზანი, რაც გულისხმობს განღმრთობის ნეტარი მდგომარეობის მიღწევას. განღმრთობა და მსგავსება თანხვედრილი ცნებებია. უფლის მსგავსებამდე მისაღწევად და მისი ჭვრეტისთვის საჭიროა განწმენდა. იმისთვის, რომ ღვთიური სინათლის ხილვა ცხოველმყოფელი იყოს და არა მწველი. თუ ქრისტიანი მონაწილეობას იღებს იმგვარ მსახურებაში, რომელიც ცხოველმყოფელ განწმენდაზე არ არის დამოკიდებული, მაშინ ის ეკლესიის წიაღში არ იმყოფება. ქრისტიანობა განწმენდის გარეშე უტოპიაა. ასე რომ, განწმენდისას შეგვიძლია ვისაუბროთ კურნებაზე და სარწმუნოებაზე. ისე როგორც იაკობ მოციქული: "რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღვირ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ" (იაკ. 1. 26) მოყვანილი ნაწყვეტიდან ნათელია, რომ: რელიგიურია ის ადამიანი, რომელიც მოთოკავს ენას, თავის გულს არ ეცრუება, არამედ განწმენდს. მორწმუნეობა ტანჯულთა მიმართ ყურადღებაა, მაგრამ იმავდროულად ამა სოფლისგან საკუთარი თავის წმინდად დაცვაა.
განწმენდისკენ მისწრაფებული ადამიანი მორწმუნეა.
ამგვარი წონასწორობა უფლებას გვაძლევს მტკიცედ ვთქვათ, რომ ქრისტიანობა არც ფილოსოფიაა და არც რელიგია, "ჩვეულებრივ" რელიგიათა მსგავსი. ქრისტიანობა ადამიანის კურნებაა ვნებათაგან, იმისთვის, რომ ის მუდმივად ურთიერთობდეს ღმერთთან.
უფალმა მოწყალე სამარიელის ალეგორიით რამდენიმე სიმართლე დაგვანახა, მან დაინახა თუ არა ავაზაკთაგან გაძარცვული და სიკვდილის პირას მყოფი კაცი "იხილა იგი და შეიბრალა. და მოვიდა მისა და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ და აღსუა იგი კარაულისა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი" (ლუკ. 10. 33-34). ქრისტემ განკურნა დაჭრილი და წარუძღვა სასტუმროში. უფრო სწორად კი საავადმყოფოში, რაც ეკლესიაა. აქ ქრისტე ადამიანის სნეულებათა მკურნალია და ეკლესია კი საავადმყოფო. საყურადღებოა აგრეთვე მოწყალე სამარიელის იგავის იოანე ოქროპირისეული განმარტება: ადამიანი "ზეციური სასუფევლიდან ეშმაკის მიერ დაცემულ სამყაროში" ჩამოვიდა. "ჩაუვარდა ხელში ავაზაკებს, ანუ ეშმაკს და მის ძალებს", დაჭრილი კაცის ჭრილობები მისი ცოდვებია, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს: "აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურების გამო" (ფს. 137-6).
რადგან "ყველა ცოდვა ტანჯვისა და ჭრილობის მიზეზია", სამართალი არის თავად ქრისტე, რომელიც ზეციდან გარდამოხდა დაჭრილი ადამიანის განსაკურნებლად. ჭრილობის მოსაშუშებლად ღვინო და ზეთი გამოიყენა, ანუ "შერევნითა სულისა წმიდისა თავის სისხლთან, სიცოცხლე მიანიჭა ადამიანს". სხვა განმარტების მიხედვით "ზეთი დამამშვიდებელი სიტყვაა და (უფალი) ასხამს სნეულს განმაკურნებელ ღვინოს - სწავლებას, რითაც მის გაფანტულ გონებას კრებს".
დაჭრილი კაცი თავის ჯორზე შესვა, ანუ "ხორცი შეისხა უფალმა თავის ღვთიურ მხრებზე და აღამაღლა იგი ზეციური მამისკენ". მოწყალე სამარიელმა, იგივე ქრისტემ, ადამიანი დიდ და საკვირველ, მრავლისმომცველ სასტუმროში - კათოლიკე ეკლესიაში მოიყვანა". კაცი ჩააბარა სასტუმროს პატრონს - პავლე მოციქულს "რადგან მოციქული პავლესგან მომდინარეობენ ეკლესიის მღვდელმთავრები და მასწავლებლები". მაცხოვარი ხომ ეუბნება პავლეს: "განსწავლე ერი წარმართი, რაც შენ მიიღე ეკლესიაა. ცოდვებისგან ვნებული ადამიანები დასნეულდნენ, განკურნე ისინი და დაბეჭდე ლოდით, წინასწარმეტყველთა სიტყვებით და სახარების სწავლებით, განკურნე ერი ძველი და ახალი აღთქმის შემეცნებით და ვედრებით". ამრიგად, წმინდა იოანე ოქროპირის განმარტების მიხედვით, პავლე მოციქული არის ის, ვინც უფლის ეკლესიას იცავს "კურნავს რა ადამიანებს სულიერ სალმობათაგან და თითოეულს ძღვენს მიანიჭებს".
იოანე ოქროპირის განმარტებიდან აშკარად ჩანს, რომ ეკლესია საავადმყოფოა, სადაც ადამიანები ცოდვათაგან იკურნებიან და ეპისკოპოსები, მღვდლები, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ერის მკურნალნი არიან.
ეს აზრი გამოსჭვივის ახალი აღთქმის სხვა ნაწილებშიც. უფალი ამბობს: "არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა" (მათ. 9. 12.).
ქრისტე, ვითარცა მკურნალი სულთა და ხორცთა, კურნავდა სულითა და სხეულით სნეულებს. "განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის... და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუელთა და განჰკურნა იგინი" (მათ. 4. 23-24). პავლე მოციქულმა კარგად იცის, რომ სნეულდება ადამიანის სინდისი (1 კორ. 8.12). იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადებაშიც ვკითხულობთ, რომ იხილა მახარებელმა უფლის ტახტიდან მომდინარე მდინარის ნაკადი "და მიჩუენა მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაჲ ბრწყინვალეჲ, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა შორის სივრცესა მის ქალაქისასა და მდინარისა მის ამიერ და წიაღ ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თთუეთა მომცემელი თჳსისა მის ნაყოფისაჲ, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა" (გამოცხ. 22. 1-2). ამგვარად ეკლესიის საქმე კურნებაა. ეკლესია ადამიანთა მტანჯველი სულიერი სნეულების მკურნალია. სწორედ ეს არის ახალი აღთქმის და წმინდა მამათა ძირითადი სწავლება. ამ თვალსაზრისით უნდა გამოვკვეთოთ ეკლესიის არსებობის აუცილებლობა. მინდა მადლიერება გამოვხატო პროფესორ იოანე რომანიდისის მიმართ, რომელიც თავის შრომებში ვრცლად და საფუძვლიანად მსჯელობს ეკლესიის ფუნქციაზე. მეცნიერი წარმოაჩენს ჩვენს დროში დავიწყებულ ჭეშმარიტებას. მან ღრმად შეისწავლა მამათა სწავლანი. განსაკუთრებით "ფილოკალიის" შემცველი თხზულებები, ამიტომაც შეიცნო და შესანიშნავად წარმოაჩინა ქრისტიანობის ნამდვილი მნიშვნელობა. ამ საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მამა იოანე რომანიდისს. ჩვენს დროში, როცა ქრისტიანობა მშრალ შემეცნებად (ე.წ. თეოლოგიად), ფილოსოფიად ან კულტურად წარმოდგება, მამა იოანე მას მკურნალ მეცნიერებად და მოძღვრებად წარმოაჩენს.
აი, რას წერს ეს ავტორი უფრო ზუსტად: "ქრისტეს რწმენა, ქრისტესმიერი კურნების გარეშე, არ არის რწმენა. ეს ერთგვარ პარადოქსს გვაგონებს. სნეულს რომ სჯეროდეს ექიმის, მაგრამ მის დანიშნულებას არ ასრულებდეს. ქრისტიანობის მაკურნებელი არსის შესახებ შევნიშნავთ: წინასწამეტყველური იუდაიზმი და ქრისტიანობის მემკვიდრეობა პირველად მეოცე საუკუნეში რომ გამოჩენილიყვნენ, ალბათ რელიგიებად კი არა, მკურნალ მეცნიერებებად ჩაითვლებოდნენ, მაგ. ფსიქიატრიის მონათესავე დარგად, რომელსაც ფართო შესაძლებლობები ექნებოდა საზოგადოების განსაკურნებლად. არანაირად არ მოხდებოდა მათი აღქმა რელიგიებად, რომლებიც სხვადასხვა გზით, მაგიური მეთოდებით დაპირდებოდნენ ამქვეყნიური მატერიალური სამყაროდან, სიცრუისა და ცილისწამების სამყაროდან ვითომდა სულიერი, დაცულ და წარმატებულ სასუფეველში გადასვლას"4. სხვა ნაშრომშიც პროფ. რომანიდისი ზემოთ გამოთქმულ აზრს ავითარებს: "წმინდა მამათა ტრადიცია არ არის არც საზოგადოებრივი ფილოსოფია, არც ერთგვარი ზნეობრივი სისტემა, არც მარტო რელიგიური დოგმატიზმი, არამედ მკურნალი მოძღვრებაა". ამ კუთხით იგი ემსგავსება ფსიქიატრიას. სულის გონიერი ენერგია (νοερά ἐνέργεια)უხილავად და უწყვეტად ლოცულობს ადამიანის გულში, იგი არის ფიზიოლოგიური ორგანო. ის ყველა ჩვენგანს აქვს და სწორედ მას სჭირდება კურნება. არც ფილოსოფიას, არც რაიმე შემეცნებით ან საზოგადოებრივ მეცნიერებას არ შეუძლია განკურნოს ეს ორგანო. მხოლოდ წმინდა მამათა მღვიძარე და ასკეტური მოძღვრებაა ამ შემთხვევაში მაკურნებელი. ამიტომ განუკურნელმა ადამიანმა ჩვეულებრივ არც კი იცის ამ ორგანოს არსებობა"5.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ეკლესიაში ვასხვავებთ სნეულ ადამიანებს, რომელთაც განკურნება სჭირდებათ, და უკვე განკურნებულებს (წმინდანებს). "წმინდა მამათა ნააზრევის მიხედვით ადამიანები განირჩევიან ზნეობრივებად და უზნეოებად, კარგებად და ცუდებად არა ეთიკური ნორმების საფუძველზე, ამგვარი სხვაობა ზედაპირულია. კაცობრიობა სულიერი სნეულებით, მკურნალებითა და სამკურნალოებით განსხვავდება. ყველა, ვინც სულიერი განათლების სტადიაში არ არის, სნეულია. არ კმარა მხოლოდ კეთილი ნება, სწორი გადაწყვეტილება, ზნეობრივი საქმე და მართლმადიდებლური აღმსარებლობა. მთავარია განწმენდა, განათლება და განღმრთობა. კურნების ეს ეტაპები ეკლესიის მიზანია და მის საიდუმლოებებში ცხადდება, - ამას ადასტურებენ ლიტურგიკული თხზულებები"6.
2. ღმრთისმეტყველება მკურნალი მეცნიერება
წინა თავში მოცემული მსჯელობის შემდეგ აშკარაა, რომ ქრისტიანობა, უპირველეს ყოვლისა, მკურნალი მეცნიერებაა, ფსიქოთერაპიული მეთოდი და მოძღვრება. იგივე შეიძლება ვთქვათ ღვთისმეტყველების შესახებაც. თეოლოგიაც ვერ ჩაითვლება ფილოსოფიად, ისიც მკურნალი მოძღვრებაა. მართლმადიდებლური თეოლოგია ნათლად გვიჩვენებს, რომ ერთი მხრივ იგი კურნების ნაყოფია და მეორე მხრივ არის კურნებისკენ მიმავალი გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც განიკურნა და ღმერთთან კავშირშია, ღმრთისმეტყველია, მხოლოდ მას შეუძლია ქრისტიანებს კურნების ჭეშმარიტი გზა უჩვენოს.
ზემოთ ნათქვამის დასადასტურებლად წმინდა მამათა სწავლებებს მივუბრუნდეთ. ვნახოთ რას უწოდებენ თეოლოგიას და ვის - თეოლოგს. ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ გრიგოლ ღმრთისმეტყველით, რომელსაც ეკლესია შემთხვევით არ უწოდებს ღმრთისმეტყველს. წმინდა მამა თავის ცნობილ საღმრთისმეტყველო სიტყვებში, დასაწყისშივე წერს, რომ ყველა ადამიანს არ ძალუძს ღვთისმეტყველება, ეს არ არის ამქვეყნად "ქვემოთ მოსიარულეთა" საქმე, არამედ მხოლოდ მათი, "ვინც გამოიცადა, ცხოვრება უფლის ჭვრეტაში გაატარა და, უპირველეს ყოვლისა, განიწმინდა, ან კიდევ, უკიდურეს შემთხვევაში მათი საქმეა, ვინც განიწმენდს სულსა და სხეულს".
ადამიანს, რომელმაც თეორიამდე პრაქტიკა გაიარა, შეუძლია ღმერთზე ისაუბროს. და როდის ხდება ეს? "როცა ვთავისუფლდებით გარეშე სიბინძურისა, ჭუჭყისა და შფოთისაგან, როცა ჩვენს სულს არ ერევა შერყვნილი [სახეები] და ცდუნებები". ამიტომ წმინდა მამა ასკვნის: “საჭიროა სრულად მივუძღვნათ თავი უფალს იმისთვის, რომ ის შევიცნოთ". ბერი ნილოსი ღვთისმეტყველებას გონიერ ლოცვას უწოდებს. წმინდა მამათა თხზულებებიდან ცნობილია, რომ ვინც მოიპოვა მადლი გონიერი ან გულისმიერი ლოცვისა, მან ღმერთის შეცნობის პირველი ეტაპი გაიარა. ამდენად, გონებით მლოცველნი უფალთან ურთიერთობენ და ეს ნიშნავს ადამიანისაგან ღმერთის შეცნობას. წმინდა ნილოსი ამბობს: "თუ ღმრთისმეტყველი ხარ, ჭეშმარიტად ლოცულობ. და თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, ღვთისმეტყველი ხარ"7.
წმინდა იოანე სინელი სულიერი სისრულის ყველა საფეხურზე, "კიბეზე" წარმოაჩენს ჭეშმარიტ თეოლოგიას. "სრულყოფილი უბიწოება ღმრთისმეტყველების პირობაა". ვინც სრულად დაუმორჩილა თავის გრძნობები ღმერთს, მას უფალი წარმართავს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ "ამაოა ღმერთის შესახებ საუბარი"8. პირიქით, ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, როგორც არსებული, "ვარაუდს გამოთქვამს"9. უფრო მეტიც, წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, ღმერთზე ვარაუდით საუბარი ცუდია, რადგან ადამიანს აცდუნებს. იოანე სინელმა იცის, როგორ ვითარდება ჩვენს სულში "დემონების თეოლოგია".(ამაოდ მადიდებელ) ცარიელ გულებში, რომლებიც სული წმინდის მადლით არ განწმენდილან. უწმინდური დემონები "სულიერი ცხოვრების დასაწყისში საღმრთო წერილს განგვიმარტავენ"10. ამიტომაც ვნებით მოცულ ადამიანს არ შეუძლია "ღვთისმეტყველებას მიეახლოს"11. წმინდანები იტანჯებოდნენ "ღვთიურის ვერ შემცნობთაგან" და წმინდა მამათა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთისმეტყველებდნენ არა არისტოტელურად, ე.ი. შემეცნებით, არამედ სული წმინდის მადლით, წინდაწინ თუ არ განიწმინდა ადამიანი ვნებათგან და უფრო ფანტაზიისგან, უძლურია უფალს ესაუბროს და მასზე ილაპარაკოს, რადგან "გონება წარმოსახვით ვერ მისწვდება ღმერთს". წმინდანები "სულზე აღბეჭდილი ღვთისმეტყველებით" ცხოვრობდნენ. ასეთივე სწავლებას ვხვდებით წმინდა მაქსიმე აღმსარებელთან. ადამიანი თუ პრაქტიკული სიბრძნისმოყვარეობით(πρακτική φιλοσοφία) ცხოვრობს, რაც სინანულით ვნებათაგან განთავისუფლებას ნიშნავს, მაშინ ის "წარმატებას აღწევს ჭვრეტაშიც". "ჭვრეტით" მცხოვრები კი ხილვის უნარს მოიპოვებს." პირველ შემთხვევაში შესაძლებელია სიკეთესა და ბოროტებას შორის გაერკვიოს, მეორე შემთხვევაში კი "უხორცოთა და ხორციელ არსებათა ბუნებას სწვდება და ამის შემდეგ წინ მიიწევს, რათა "მიაღწევს თუ არა ღვთისმეტყველების მადლს, ყველაფერს, რაც ზემოთ ვთქვით, სიყვარულით ფრთაგაშლილი გადაივლის, და მიეახლება უფალს და სულიერად ჭვრეტს მის არსებობას იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანურ გონებას ძალუძს".
ღმრთისმეტყველება, ანუ ცოდნა ღმერთის შესახებ მიემადლება იმას, ვინც ჭვრეტამდე (θεωρία) მივიდა. სხვა ადგილას იგივე მამა ამბობს, რომ ის, ვინც უწყვეტად "თავის შინაგან სამყაროზე დიდხანს მუშაობს", არა მარტო განიბრძნობა, არამედ დიდსულოვანი და თავმდაბალი ადამიანი მადლიანი ხდება. ამავე დროს იგი "ფიქრობს, ღმრთისმეტყველებს და ლოცულობს". ამდენად ღვთისმეტყველება გადაჯაჭვულია მჭიდროდ ჭვრეტასთან (θεωρία) და ლოცვასთან. აქვე შევნიშნავთ, რომ ღვთისმეტყველება თუ არ არის განწმენდის შედეგი, ქმედების შედეგი, მაშინ ის დემონური ხდება. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით "დემონთა ღვთისმეტყველებაა საქმის გარეშე ცოდნა". წმ. თალასე ამავე აზრზეა და წერს, როცა ადამიანის გონება იწყებს რწმენით "და მთელი გონებით ასრულებს თეოლოგიას, რომელიც დაუვიწყარი რწმენით და ჭეშმარიტად უხილავის ჭვრეტით შემოისაზღვრება". თეოლოგია ლოგიკის მიღმაა, ის ადამიანისთვის ღმერთის გამოცხადებაა და წმინდა მამები ღმრთისმეტყველებას ჭვრეტას უწოდებენ. თეოლოგია ღმერთის ხილვაა. წმ. მაქსიმე წერს: "წრფელი სიყვარულისგან იბადება ცოდნა "და გადაეცემა უკანასკნელ ძაფამდე (ορακτός), ეს არის ღვთისმეტყველების მადლი". წმ. დიადოხოს ფოტიკელის სწავლების მიხედვით თეოლოგია უდიდესი მადლია, ქარიზმა, რაც ადამიანს სული წმინდისგან ეძლევა. ყველა სხვა ქარიზმა "ძალიან კარგია", "არც ერთი ისე არ აღაგზნებს და ავსებს გულს სიყვარულისთვის და სათნოებისთვის, როგორც თეოლოგია", რადგან ღმრთისმეტყველება ღვთიური მადლიდან დაბადებულია "უპირველესი ძღვენია სულისთვის მიმადლებული"12.
პავლე მოციქულის სიტყვებით სულიწმინდა ერთ ადამიანს შემეცნების ცოდნას აძლევს, მეორეს კი სიბრძნისას (1 კორ. 12, 8). ამ ფრაზას დიადოხოსი შემდეგნაირად განმარტავს: ცოდნა ადამიანს ღმერთთან აკავშირებს, მაგრამ სულს არ მიმართავს საქმიანი სიტყვებისკენ. არსებობენ მონაზვნები, რომელთაც სიმშვიდე უყვართ და ღმერთის მადლით განათლდებიან "ღვთიურზე კი სიტყვებით არ საუბრობენ." სიბრძნე ერთი უიშვიათესი საჩუქარია, რაც ღმერთისგან მიეცემა ისეთ ადამიანს, რომელსაც მეტყველების ნიჭი აქვს და გამოხატვაც შეუძლია. ღმერთის შეცნობა "ლოცვით, სიმშვიდით და სრულად მინდობით არის შესაძლებელი, სიბრძნე კი ღვთიურ სიტყვათა სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს, რაც ასევე უფლის მადლით მიენიჭება ადამიანს", თეოლოგიის მადლი უფლის ქმედებაა, მაგრამ ამავე დროს ადამიანის თანაქმედება (συνεργεία), რადგან სული წმინდა არ აძლევს საიდუმლოთა ცოდნას თუ (ადამიანი) ბუნებით არ ითხოვს შემეცნების და განმარტების ძალას13. გრიგოლ პალამას სწავლებაში ღმრთისმეტყველი ღვთის მხილველია, თეოლოგია კი ჭვრეტა (θεωρία). "ღმერთისა და მის შესახებ დოგმატების ცოდნა, ჭვრეტაა. ამას ვუწოდებთ ღმრთისმეტყველებას"14, რწმენაში გამოცდილების არმქონე თუ ასწავლის მის შესახებ "შესაბამის სიტყვაზე აღმატებულ სათნოებას, უაზრობამდე მიდის" და უგუნურობასთან ერთად "ღმრთისმებრძოლადაც წარმოდგება"15.
არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი არ არის განწმენდილი, მაგრამ უსმენს წმინდა ადამიანებს, შემდეგ კი "საკუთარი აზროვნებით" უარყოფს იმ წმინდანს და ტრაბახით ცდუნდება. ეს ყოველივე გვიჩვენებს, რომ თეოლოგია ადამიანის კურნების ნაყოფია და არა შემეცნებითი მეცნიერება. მხოლოდ უკვე განწმენდილი ან განწმენდის პროცესში მყოფი ადამიანი შეიძლება ეზიაროს უსიტყვო საიდუმლოს და დიდ ჭეშმარიტებას. კურნებას წინ უძღვის თეოლოგია და ღმრთისმეტყველს შეუძლია სხვა განკურნოს. ამიტომ მართლმადიდებელ მამათა ტრადიციაში ღმრთისმეტყველი გაიგივებულია სულიერ მამასთან, რომელიც ღვთიურს განიცდის და შეუძლია უცდომელად წინ წარუძღვეს სულიერ შვილებს.
იოანე რომანიდისი წერს: "ნამდვილი მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველი შეიცნობა ღვთიური ენერგიის პირდაპირი გამოვლინებით, გამობრწყინებით და ამაზე მეტად კი ირიბად, ღვთიური წინასწარმეტყველების, მოციქულების, წმინდანების სახით და წმინდა წერილებით, წმინდა მამათა ნაწერებით, მსოფლიო და ადგილობრივ ეკლესიათა კრებებით.
ღმრთისმეტყველი ის არის, ვინც პირდაპირი თუ ირიბი ცოდნით და ჭვრეტით(Θεωρία) შეიცნობს ნათლად და განარჩევს ღვთიურთა და მოკვდავთა ქმედებას, ასევე ეშმაკისა და დემონის ქმედებებს. სულიერის გარჩევის მადლის გარეშე სულიერებას ვერ ეზიარები, თუ არ იხილე რა არის სული წმინდის ან ბოროტი ძალის ქმედება. აქედან გამომდინარე, ღმრთისმეტყველი და სულიერი მამა ერთი და იგივეა. რწმენის დოგმატების გონიერი საწყისით შეცნობის მომხრე, მოაზროვნე და მოსაუბრე კათოლიკური ტრადიციით, არც სულიერი მოძღვარია და არც ღმრთისმეტყველი. თეოლოგია არ არის მშრალი მეცნიერება ან პრაქტიკა, როგორც მათემატიკა, ლოგიკა, ასტრონომია, ქიმია, პირიქით მას აქვს მებრძოლი და სტრატეგიული ხასიათი. სხეულის თეოლოგია თავდაცვის საშუალებაა სხეულისა და სულის მტრებისა და სნეულებების წინააღმდეგ.
ღმრთისმეტყველი თუ უარყოფს მტრის ცბიერებას და ქრისტესმიერ სრულყოფილებას, უძლურია არა მხოლოდ მტერთან ბრძოლაში, ამავე დროს არ ძალუძს უწინამძღვროს და განკურნოს სხვები, ასეთი "თეოლოგი გენერალს ჰგავს, რომელსაც წვრთნა არ გაუვლია, არ უომია, არ უსწავლია ბრძოლა, არამედ მხოლოდ უცდის მშვენიერ და დიდებულ აღლუმს ოფიციალურ მიღებაზე. ისეთ ქირურგს ჰგავს, რომელიც ყასაბივით მოქმედებს, ექიმის ადგილს იკავებს, არ იცის სნეულების მიზეზი, არც განკურნების მეთოდი, არც ჯანმრთელობის ის მდგომარეობა, რომელიც უნდა აღუდგინოს სნეულს16.
3. რა არის კურნება
ზემოთ ვისაუბრეთ, რომ ქრისტიანობა და ღმრთისმეტყველება, უპირველეს ყოვლისა, განმკურნებელი მეცნიერებაა, ახლა მოკლედ აღვწეროთ რა არის კურნება და რისგან გვკურნავს მართლმადიდებლობა თავისი თეოლოგიით და ღმრთისმსახურებით. სულის განკურნებაში მოიაზრება გონების განკურნება და გათავისუფლება. ადამიანური ბუნება "დასნეულდა" ღმერთისგან განშორების შემდგომ, ამიტომ სულის სნეულების მიზეზი გონების ტყვეობასა და დაცემაშია. წინაპართა ცოდვით განეშორა ღმერთს ადამიანი, დაკარგა ღვთიური მადლი, რასაც მოჰყვა გონების დაბნელება და კვდომა. ზუსტად შეიძლება, ვამტკიცოთ: "ადამიანის დაცემა, ანუ თანდაყოლილი ცოდვით ცხოვრება გამოიხატება 1) გონიერების დაკარგვაში, ან არასწორ აზროვნებაში 2) აზრობრივი მოქმედებისა და ფიზიოლოგიური პროცესების ურთიერთაღრევაში. 3) აქედან გამომდინარე გონებრივი მოქმედება სტრესისა და გარემო პირობების მორჩილი ხდება. ადამიანის გონებრივი ძალა (νοερά δύναµις) თუ სუსტდება ან სრულიად აღარ მოქმედებს, ჩნდება მისი დაცემის სხვადასხვა საფეხური... შესუსტებული გონებრივი ძალა ერთი მხრივ ადამიანსა და ღმერთს, მეორე მხრივ თვით ადამიანებს შორის კავშირის შესუსტების შედეგია, ასეთ დროს ადამიანი ესწრაფვის ღმერთს და სურს ცოდვით დაცემული სხვა ადამიანიც საკუთარი თავისუფლებისა და ბედნიერების განსამტკიცებლად გამოიყენოს17.
ღვთიური მადლის დაკარგვამ მოაკვდინა ადამიანის გონება, რადგან მთელი მისი არსება დასნეულდა და ეს სნეულება შთამომავალთაც გადაეცა. ამგვარად აიხსნება მართლმადიდებლობაში მემკვიდრეობითი ცოდვის არსებობა. პავლე მოციქულის სიტყვებს: "ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჳდეს მრავალნი" (რომ. 5. 19). წმინდა მამები სჯულის მიხედვითაც და მედიცინის თვალსაზრისითაც განმარტავენ. ეპისტოლეს სიტყვები ნიშნავს, რომ დასნეულდა ადამიანური ბუნება. წმ. კირილე ალექსანდრიელი განმარტავს: "მას შემდეგ, რაც (ადამი) დაეცა ცოდვით, ადამიანის ხორციელ ნაწილში შეიჭრა ჰედონიზმი (სიამოვნების მოყვარეობა) და ბიწიერება და მას შემდეგ ჩვენს სხეულშიც გაჩნდა (სიამოვნების და ბიწიერების) მკაცრი კანონიც. ამგვარად ადამიანური ბუნება დასნეულდა ცოდვით ერთის (ადამის) დაუმორჩილებლობის გამო და მრავალნი გახდნენ ცოდვილნი არა იმიტომ, რომ მათ თავად ჩაიდინეს ცოდვა ადამთან ერთად, არამედ იმიტომ, რომ ყოველი კაცისთვის საერთოა დაცემული ადამის ბუნება, ადამის კაცებრივი ბუნება დაუმორჩილებლობის გამო ხრწნადი გახდა და მასში ვნება დასადგურდა"18. სხვა ადგილას წმ. კირილე მიმართავს ფესვის მაგალითს. ადამიდან მოყოლებული, სიკვდილი მთელ კაცობრიობას შეეხო, ისე როგორც "თუ მცენარეს ფესვი დაუზიანდა, უთუოდ დაჭკნება ყლორტებიც"19. საყურადღებოა აგრეთვე წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები: "ღმერთისგან განშორებული გონება, პირუტყვისას ან ეშმაკეულს ემსგავსება, ბუნებრივი კანონებისგან განმდგარი გონება სხვას ესწრაფვის"20. ნათლისღებისას, როცა "ადამიანი უფლის წიაღში სულით იბადება" - ადამიანის გონება განათლდება, ცოდვისა და ეშმაკის მონობისგან თავისუფლდება და ღმერთს უერთდება. ამიტომაც ნათლობა განათლებად იწოდება. თუმცა კი პირველყოფილი ცოდვის გამო ნათლობის შემდეგაც ბინდდება და კვდება გონება. წმინდა მამათა თხზულებებში ნათლად ჩანს, რომ ყოველი ცოდვა და ვნება ადამიანის გონებას კლავს.
წმ. იოანე სინელი წერს: ცბიერ ეშმაკს სურს "დაგვიბინდოს გონება", განსაკუთრებით სიძვის ეშმაკი მძლავრობს, რომ "დაიმონოს ადამიანის გონება, ის აღძრავს ადამის მოდგმას ჩაიდინოს ისეთი რამ, "რასაც მხოლოდ შეშლილები ჩადიან"21. შემდეგ თავში დაწვრილებით ვიმსჯელებთ თუ რას ნიშნავს ადამიანური გონება. ახლა ვეხებით მხოლოდ გონების დაბნელების ცნებას. წმ. მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის "სხეულისთვის სამყარო ნივთებია, გონებისთვის კი აზრები; როგორც (კაცის) სხეული მრუშობს ქალის სხეულთან, ასევე გონება სხეულის წარმოსახვით მრუშობს"22. ეს არის სწორედ გონების დაბნელება და დაცემა. წმ. მამა სხვა ადგილას წერს: "როგორც სხეული სცოდავს ნივთიერად და ამისთვის არსებობს სხეულის ნაწილები... გონება სცოდავს ვნებიანი აზრებით და თითქოს სამოქმედოდ სულიერი სათნოებები აქვს"23.
ნათქვამიდან გამომდინარეობს ის, რომ გონების დაცემა მთელი სულიერი სამყაროს არევას იწვევს და აიძულებს ადამიანს დაცემის ტრაგიზმი მძიმედ გადაიტანოს. ასე რომ, ბევრი პრობლემა, რაც გვაწუხებს, შინაგანი უძლურებიდან მომდინარეობს. ამიტომაც ფსიქოთერაპევტები ხშირად ვერ ეხმარებიან ადამიანს, რადგან მხოლოდ იესო ქრისტეს შეუძლია გონების აღდგენა.
წმინდა მაქსიმე ცდილობს ნათლად წარმოაჩინოს რა არის გონების ბიწიერება და მისი დაცემა, წმინდა მამა ამბობს, რომ ეს ბიწიერება ოთხ რამეში გამოიხატება: ფსევდო (მცდარ) ცოდნაში, საყოველთაოს ვერდანახვაში, ვნებიან აზრებში, ცოდვასთან შეგუებაში24.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩნდება გონების განკურნების საჭიროება. ამ პროცესს წმინდა მამები გონების გაცოცხლებას ან განწმენდას უწოდებენ.
გულისა და გონების განწმენდის შესახებ ბევრია ნათქვამი წმინდა წერილში. უფალი იესო ქრისტე ფარისევლებს, (რომლებიც გარეგნულად სისუფთავეზე ზრუნავდნენ და შინაგანს უგულებელყოფდნენ). ეუბნება: "ფარისეველო, ბრმაო, განწმინდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმინდა" (მათ. 23. 26). იერუსალიმში მოციქულთა კრებაზე, როცა მსჯელობდნენ იმაზე, წინადაცვეთილიყვნენ თუ არა ქრისტიანები ძველი აღთქმის სჯულის მიხედვით, პეტრე მოციქულმა თქვა: "და გულთ-მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა იგი ჩუენ; და არა რად განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა, და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი" (საქმ. 15. 8-9). პავლე მოციქული კორინთელებს ურჩევს: "განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა (2 კორ. 7, 1). "ქრისტეს სისხლმა, განწმიდნეს გონებანი თქუენნი მკუდართაგან საქმეთა." (ებრ. 9. 14). პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ამბობს, რომ ჩვენ ვინახავთ რწმენის საიდუმლოს "აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებაჲ წმიდითა გონებითა" (1 ტიმ. 3. 9). პეტრე მოციქულმა კარგად უწყის, რომ ურთიერთსიყვარული გულის სიწმინდის ნაყოფია, ამიტომ გვირჩევს: "შეუორგულებული იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას იყუარებოდეთ განმარტებულად" (1 პეტრ. 1. 22.). ამრიგად, გულისა და გონების განწმენდა აუცილებელია. ჩვენ განცალკევებულად ვწერთ "გულსა და გონებას", თუმცა წმინდა მამათა ღმრთისმეტყველებაში ეს ორი ცნება გაერთიანებულია. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით.
წმინდა მაქსიმე სულიერ ცხოვრებას სამ ეტაპად ყოფს: პრაქტიკული სიბრძნისმოყვარეობა, რეალური ჭვრეტა და მისტიკური ღმრთისმეტყველება. წმინდა მამის შრომათა მკვლევარი მიუთითებს, რომ "წმ. მაქსიმეს ასკეტიკა სამ ძირითად ნაწილად იყოფა: 1) "პრაქტიკული სიბრძნისმოყვარეობა", ქმედება. 2) "რეალური ჭვრეტა", უბრალო ჭვრეტა 3) "მისტიკური ღმრთისმეტყველება" ანუ უბრალოდ ღმრთისმეტყველება. პირველი განწმენდს ადამიანს ვნებებისგან და სათნოებით შემოსავს. მეორე გაანათლებს გონებას ჭეშმარიტი ცოდნით, მესამე აჯილდოებს ადამიანს უმაღლესი მისტიკური ცოდნით, რომელსაც წმინდა მამა "ექსტაზს" უწოდებს. ეს სამი ნაწილი არის უმთავრესი ეტაპები ადამიანის სულის ხსნის გზაზე სვლისას25. შევნიშნავთ, რომ წმინდა მამები სულიერი ცხოვრების ამ სამ ეტაპს განარჩევენ. პრაქტიკულ სიბრძნისმოყვარეობაში გულის განწმენდა იგულისხმება, რეალურ ჭვრეტაში - გონების განათლება, ხოლო მისტიკურ ღმრთისმეტყველებაში - უფალთან ურთიერთობა ჭვრეტით.
სხვა მამათა ნააზრევში სხვაგვარი დაყოფა არსებობს. სულიერი ცხოვრება ქმედებად და ჭვრეტად მოიაზრება. ქმედება თავისი არსით წინა ეტაპებში წარმოდგენილს არ ეწინააღმდეგება. ქმედება- განწმენდა, ჭვრეტა - გონების განათლება და უფალთან ურთიერთობა. ქმედება ყოველთვის წინ უსწრებს უფლის ხილვას. "ქმედებით მიიღწევა ჭვრეტა"26. უფრო ზუსტად, ქმედება - სხეულის მარხვაა, მღვიძარება, ფსალმუნთგალობაა, ლოცვაა, მდუმარებაა `სიტყვაზე უფრო ძვირფასი", "ხელთა საქმეა, ანუ ის, რასაც ხელები უშფოთველად აკეთებენ"27. "ჭვრეტა კი არის სულიერი ხედვა გონებისა, როცა იგი (გონება) მიაღწევს, იხილოს რაც იყო და რაც იქნება. ჭვრეტა გონებით ხილვაა"28.
აშკარაა, რომ ჭვრეტა მაქსიმე აღმსარებლის სწავლებაში ქმედებისგან (საქმისგან) დამოუკიდებელი არ არის. "არ არსებობს უსაფრთხო ქმედება ჭვრეტის გარეშე, არც ჭეშმარიტი ჭვრეტა ქმედების გარეშე. რადგან ქმედება უნდა იყოს გონიერი და ჭვრეტა ქმედითი". წმ. მაქსიმე აღნიშნავს, რომ მეტისმეტად განსწავლულებისთვის ჭვრეტა წინ უსწრებს ქმედებას, ხოლო ნაკლებგანსწავლულებისთვის კი ჯერ ქმედებაა და მერე ჭვრეტა; ორივე შემთხვევაში მიზანი კეთილია და საერთო შედეგამდე მიდის. ეს ადამიანის განწმენდა და გამოხსნაა29.
სულის განწმენდაზე საუბრისას უმთავრესს, ვნებათგან განთავისუფლებას, ვგულისხმობთ, უფრო სწორად კი ვნებათა გარდაქმნას. განწმენდა ადამიანური ყოფის "გააზრებულ აზრთა თავმოყრაა", რასაც გონების განათლება მოჰყვება. ეს რაიმეს უარყოფას კი არ ნიშნავს, არამედ მოპოვებას. განწმენდილი სული შეიცნობა: "უშურველი სიტყვით, უბოროტო მოშურნეობით, უფლის დიდების უწყვეტი სიყვარულით"30. სხვაგვარად, თუ ჩვენი სიტყვა შურიანია და ღვთისადმი სიყვარული უწყვეტი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გული ჯერ არ განწმენდილა.
გონება ღვთის ხატია. ის ჩვენ ცოდვით წავბილწეთ და ახლა უნდა განვწმინდოთ. ამბა დოროთე გვირჩევს: "ხატი ჩვენი განვწმიდოთ, დავიბრუნოთ ისეთი, როგორც მივიღეთ"31. დიდი ღვაწლისა და შრომის გაწევა მოგვიწევს, სანამ არ განიწმინდება "გონება ესე ჩვენი ძაღლებრ ხორცის მოყვარე და მწვირის მოყვარე, სიწმიდისმოყვარე და სიბრძნის მოყვარე ვყოთ სიმშვიდისა მიერ"32.
ცოდვას და ვნებიან აზრებთან მებრძოლი ადამიანი თავმდაბალი ხდება, იღვწის და "ნელ-ნელა ღვაწლით განიწმინდება და თავის საწყის მდგომარეობას უბრუნდება"33.
ადამიანის დიდი მცდელობის მიუხედავად, მკვდარი გონება ვერ გაცოცხლდება, თუ მასზე სული წმიდის მადლი არ გადმოვა, რადგან "განწმენდა სული წმინდით ხდება"34.
ღვთიური მადლის დახმარებით გონება თუ იწმინდება, ნათდება კიდეც, რადგან "გონების განწმენდა, მისი განათლებაა"35. განწმენდის შემდგომ თუკი ადამიანი ცოდვით შებილწვისაგან დაიცავს გონებას, მაშინ იგი იწოდება "ნათლისგან დაბადებულად, მოკაშკაშედ და სხივთამფრქვეველად და მგზნებარედ"36.
შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ადამიანის განკურნება ნიშნავს გულის, გონების, ღვთის ხატის განწმენდის, გონებისთვის პირველქმნილ მშვენიერების დაბრუნებას. უფრო მეტიც, ეს უფალთან საუბარია, როცა გონება სული წმინდის ტაძარია. ამ დროს ვამბობთ, რომ კურნება წარმატებით დასრულდა. განკურნებულნი უფლის წმინდანები არიან.
მკურნალობის მეთოდები და კურსი
უკვე განვიხილეთ თუ რა არის ქრისტიანობა, მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველების თავისებურებანი და კურნება. ახლა კი საჭიროა მკურნალობის მეთოდებზე ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას ნიშნავს მართლმადიდებლური რწმენის მეცნიერება. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აღვწეროთ მეთოდები, რომლითაც გულის განწმენდა, ანუ განკურნება მიიღწევა. ზემოთ აღწერილ ამაღლებულ სულიერ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, თუ არ შევიმეცნებთ და არ გავითავისებთ მას.
როგორ მიიღწევა სულის განკურნება?
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ მართალი სარწმუნოების არსებობა. ჩვენ, მართლმადიდებლები, რწმენის მტკიცედ დაცვას იმიტომ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომ ვიცით რწმენის შეცვლასთან ერთად იცვლება მკურნალობაც. დასაწყისში ვთქვით, რომ ღმრთისმეტყველება სამედიცინო მეცნიერებაა. მედიცინას ნიმუშად ჰყავს ჯანმრთელი ადამიანი და სხვადასხვა მეთოდით ცდილობს სნეულის მიყვანას ჯანსაღ მდგომარეობამდე. იგივე შეიძლება ითქვას ღმრთისმეტყველებაზეც. თეოლოგია სულიერი ჯანმრთელობის შესახებ ეკლესიის სწავლებაა და იმ გზის მაჩვენებელია, რასაც ჩვენ, სნეულები, უნდა დავადგეთ, რომ განვიკურნოთ. მართლმადიდებლები უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ დოგმების დაცვას არა მხოლოდ იმიტომ, რომ სწავლება არ დავამახინჯოთ, არამედ შეიძლება განკურნების შესაძლებლობა დავკარგოთ, აქედან გამომდინარე კი დავკარგოთ ხსნაც. ამგვარად, პალამასა და ვარლაამის დაპირისპირება ეხებოდა არა მარტო დოგმის არსს, არამედ მათ მეთოდოლოგიურ საფუძველს, ვარლაამი მეტაფიზიკას, მეტაფიზიკურ გნოსეოლოგიას და ლოგიკას ეყრდნობოდა, პალამა კი საკუთარ რწმენით გამოცდილებას და მის დამაჯერებელ შედეგებს"37.
სულის განკურნებისთვის სნეულების შეგრძნებაა საჭირო. სნეული თუ ვერ გრძნობს სნეულებას, არც მიმართავს ექიმს. თვითშეგნება განკურნების პირველი საფეხურია. წმ. მაქსიმე გვასწავლის, რომ "ვინც შეიცნო ადამიანის უძლურება, მან მიიღო ღვთიური ძალისაგან გამოცდილება" და როდესაც მისი დახმარებით ერთ რამეს მიაღწია, სხვის მისაღწევადაც მიისწრაფვის"38. პეტრე დამასკელი ღამის ლოცვის დიდ ღირსებაზე საუბრისას ამბობს, რომ ზნეობრივი ქმედებაა, როცა ადამიანი დღის განმავლობაში ჩადენილ საქმეებს და ცოდვებს აანალიზებს, რომ შეიგრძნოს ღამის სიმშვიდე და იტიროს ცოდვებზე"39. ოღონდ უნდა ვიცნობდეთ საკუთარ სულს და მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ტირილი მასზე.
თანამედროვე ქრისტიანთა უმრავლესობამ არ იცის თავისი სულიერი მდგომარეობა. ჩვენ "მკუდარნი ვართ ბრალითა" (ეფ. 2.1.) და გარდა იმისა, რომ არ გვაქვს ეს შეგნებული, მაინც გვჯერა, რომ სავსე ვართ სული წმინდის მადლით და მოკაზმულნი სათნოებებით. სამწუხაროდ ამგვარი გამანადგურებელი თვითკმაყოფილება ჩვენს გადარჩენას აფერხებს. ქრისტე როგორ ესაუბრება ადამიანს, რომელიც თავს იმართლებს? ჩვენ ვგავართ ფარისევლებს, რომლებმაც უფლის ამქვეყნად ხორციელად ყოფნისას ვერ შეიგნეს მკურნალის საჭიროება. ვერ აივსება გული ღვთიური მადლიდან მომდინარე სინანულით, როცა იგი თავის სიცარიელეს ვერ გრძნობს. ასეთ შემთხვევაში სულიერი ცხოვრება ვერ განვითარდება.
უძლურებასთან ერთად უდიდესი წყალობაა "თვითდამდაბლება". ეს ფაქტი სულის მორჩილებაზე მეტყველებს, რადგან "თვითდამდაბლება" ყოველთვის სულის მიმართულებას განაპირობებს"40. "თვითდამდაბლება" არის სულზე დაკისრებული გონიერი სიმძიმე, რაც "ატრიალებს, წურავს და გამოადენს "მხსნელ ღვინოს" ადამიანის გულს რომ ახარებს, უფრო სწორად, ახარებს სულიერ არსს. ეს ღვინო მორჩილებაა41. თვითდამდაბლება სულიერ გლოვასთან ერთად ამარცხებს ვნებებს და სულს ნეტარი სიხარულით ავსებს. ასე რომ, მუდმივად უნდა ვიმდაბლებდეთ და ვკურნავდეთ საკუთარ თავს. "რათა ნებსით დამდაბლებითა თავთა თვისთათა უნებლიეთა მათ ცოდვათაგან განვერნეთ"42.
უძლურების განცდა მარტო არ კმარა, აუცილებელია არსებობდეს ექიმი-მკურნალი, ეს კი სულიერი მოძღვარია, რომელიც პირველად თავად განიკურნა უძლურებისგან ან ცდილობს განიკურნოს და იმავდროულად კურნავს სულიერ შვილებს. ჩვენ ვთქვათ, რომ სულიერი მოძღვარი ღმრთისმეტყველი უნდა იყოს და პირიქით, ღმრთისმეტყველი - სულიერი მამა. ამ შემთხვევაში ითქმის: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი. (ლუკ. 4. 23). ვინც გადალახა ეშმაკის ხლართი, შეუძლია სწორი გზა აჩვენოს სულიერ შვილებს. ვინც შეიცნო დიდი საგანძური, სულიერი სიჯანსაღე, შეუძლია დაეხმაროს სხვას განკურნებაში. ვინც საკუთარი გონება იპოვა, სხვებსაც შეეწევა პოვნაში. "მკურნალი არის გონება, რომელიც საკუთარ თავს კურნავს, და იმით, რითაც თავად განიკურნა, სხვებს სწამლობს"43.
თანამედროვე ქრისტიანთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მღვდელი უზენაესის გამოგზავნილია და ეკლესიის მსახურნი კი საჭიროების შემთხვევაში საკანცელარიო საქმეებში დამხმარენი არიან. ისინი სხვადასხვა საეკლესიო საიდუმლოს ასრულებენ, ჟამისწირვას ატარებენ და ამრიგად შეუძლიათ მრევლის სულიერი მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ. თანამედროვე ქრისტიანები სასულიერო პირებს მოგვებივით უყურებენ. მოგვებივით, რომლებიც მაგიურ წესებს აღასრულებენ! ვიცით, რომ ღვთიური მადლი მაგიურად ან მექანიკურად კი არ გადაეცემა, არამედ მისტიკურად. ცხადია, უღირსი მღვდელიც ასრულებს საიდუმლოს, მაგრამ იგი ვერ კურნავს. ერთია ცოდვათა მიტევება და მეორე _ განკურნება. მრავალი ქრისტიანი კმაყოფილდება ფორმალური აღსარებით, საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებით და უფრო მეტიც ფორმალური ზიარებით - და მეტი არაფერი არ სურს. ასეთი ადამიანები სულიერ კურნებას ვერ იღებენ. მღვდელი არა მარტო ასრულებს საიდუმლოს, არამედ კურნავს კიდეც ავადმყოფებს. მღვდელი ზუსტად აჩვენებს სულიერ შვილს ვნებებისგან გასათავისუფლებელ გზას. მღვდელი ასწავლის ადამიანს ტყვეობისა და მონობისგან გონების დახსნას.
ასე მოიაზრებენ წმინდა მამები სულიერ მოძღვარს, მწყემსი იმავდროულად მკურნალიც არის. "მკურნალი იგი არს, რომლისა სული და ხორცნი იყვნენ ხორცი და მრთელ და უვნებელ და არა ვისგან ეხმარებოდის წამალი"44.
იოანე სინელი წერს, თუ რა უნდა გააკეთოს მღვდელმა, მკურნალი რომ გახდეს, მოვიყვანთ ამ სიტყვებს:,, მოიგენ შენცა, ჰოი საკვირველო, წამალნი დასდებელნი წყლულისანი, და წამალნი შესასმელნი, და საოლავნი თვალთანი; და დამკვრელნი განტეხილთა ასოთანი; და გასაწმედელნი სარავთანი, და დამაყენებელნი სუნ მყრალობათანი; განსასხმელნი ძარღვთანი, და ჭურჭელნი დაწვისანი და საცხებელნი წყლულთანი; და წამალნი საძილონი, და მახვილნი განსაკვეთელად, და შესახვეველთანი შემუსვრილთანი; უკეთუ კულა ამის ყოვლისაგან ცალიერ ვართ, ვითარ ვაჩვენოთ ხელოვნება მკურნალობისა, რამეთუ სასყიდელნი არათუ სიტყვათანი არიან, არამედ საქმეთანი. ემპლასტროი არს, განკურნება ვნებათა ხილულთა ხორციელთა. შესასმელი წამალი არს, კურნება შინაგანთა ვნებათა და წარმოცარიელება ბილწებისა უხილავისა. გამახმობელი სისხლისა წამალი არს, გინება და შეურაცხება, რომელმან ატკივნის გულსა და განკურნის, და განახმის სიმსივნე და სიმპლე ამპარტავნებისა. საოლავი არს თვალთა სულისათა შემრღვეულთა, გულის წყრომისაგან განმწმენდელი მხილება. ძარღვის გასახსნელი ჭეშმარიტი არს მსწრაფლ წარმოცალიერება სიმყრალისა უჩინოსა. ძარღვის გასახსნელი ჭეშმარიტი არს მსწრაფლი და ფიცხელი კდემა, საკურნებელთა სნეულთა მათ. ღრუბელი გასაწმედელი არს, შემდგომად ძარღვისა განკვეთისა მის, ტკბილთა მიერ და ლმობიერთა სიტყვათა მწყემსისა და მკურნალისათა განსვენება სნეულისა მის. საცხებელი არს შემდგომად დაწვისა სიტყვით, ანუ ნუგეშინის ცემითა ხორციელითა, ნუგეშინის-ცემა სნეულისა მის. საძილი არს ტვირთვა, ტვირთსა მას მორჩილისასა, და რათა მორჩილებისა მიერ მიეცვას მას განსვენება, და ძილი უძილო და სიბრმე კეთილი ვერ ხედვად თვისათა სათნოებათა. სახვეველი არს მზვაობრობისაგან დახსნილთა, მოხსენებითა სიკვდილისათა განმტკიცება. ხოლო დასასრულსა ყოველისასა არს მახვილი, განჩინება და მოკვეთა ასოსა სულიერისა დამპლისა, და უკურნებელისა, რათა არცა სხვათაცა მისცეს თვისი იგი სენი და მღიერი. მკურნალთა შორის სანატრელ არს, სულმყრალობისა უჩინო მყოფელი იგი წამალი, რომელი ოდეს აქვნ არღარა ეცემინ სუნმყრალობადა ეგრეთვე წინამძღვართა შორის სანატრელ არს უვნებელობაი, რამეთუ მათ რაჟამს არა ეცემინ სული სიმყრალისა ადვილად მივიდოდინ ყოვლისავე წყლულებისა კურნებად; ხოლო ამათ რაჟამს მოიგიან უვნებელობა ძალ უძნ, ყოვლისავე სულისა მომკვდარისა აღდგინებად."45
იოანე რომანიდისი წერს: "წარმოუდგენელია ექიმად ჩავთვალოთ ადამიანი, რომელიც ვერ კურნავს, რადგან არ იცის ეს საქმე, ასევე ღმრთისმეტყველად ვერ ჩაითვლება კაცი, ვინც არ იცის რა არის განათლება და განღმრთობა, ან როგორ უნდა მიაღწიოს ამას, ამიტომ ისიც ვერ იქნება მკურნალი"46. იქვე განაგრძობს: "ითვლება, რომ საუკეთესო მკურნალები ეპისკოპოსები და პრესვიტერები არიან, ამათგან ეპისკოპოსი ბერებიდან აირჩევა, ახლა სამწუხაროდ ისიხაზმის საწინააღმდეგო (ნახევარსაუკუნოვანი) პროპაგანდის გამო, ამგვარი სასულიერო პირები მცირენი არიან, დიონისე არეოპაგელის მიერ აღწერილი სასულიერო პირი კი თითქმის გაქრა"47.
სულიერი მოძღვარი-მკურნალი სულიერ შვილებს სთავაზობს მართლმადიდებლურ მკურნალობას. - მართლმადიდებლური რწმენის გზას. ქვემოთ აღვწერთ ამ მეთოდს, რომლითაც მოძღვარი წარმართავს სნეულს სულის განსაკურნებლად.
უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ ასკეტურ ღვაწლს. "ასკეტური მოღვაწეობა თავშეკავებითა და სიყვარულით, მოთმინებითა და სიმშვიდით განაგდებს ვნებას"48. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფე ნიკიტა სტითატი ამგვარ ასკეტობას აღწერს. ადამიანს ხუთი გრძნობა აქვს, ამიტომ ღვაწლიც ხუთია. მღვიძარება, აზროვნება (ღმრთისმიერი), ლოცვა, თავშეკავება და სიმშვიდე (ησυχία). მოღვაწემ (ასკეტმა) უნდა დაუმორჩილოს ხუთი გრძნობა ამ ხუთ სათნოებას: მხედველობა - მღვიძარებას, სმენა - აზროვნებას, ყნოსვა - ლოცვას, გემოვნება - თავშეკავებას, შეხება - სიმშვიდეს (ησυχία): ადამიანი თუ მიაღწევს ამგვარ მდგომარეობას, მაშინ "სწრაფად განწმენდს, მოდრეკს გონებას, ვნებისგან გაათავისუფლებს და მჭვრეტელად აქცევს"49.
ღვაწლი ღვთიური მცნებების მორჩილებაა და მათი დაცვა. ჩვენი ძალისხმევა ადამიანური ნების ღვთიურ ნებისთვის დამორჩილებისათვის არის სწორედ ღვაწლი. წმინდა მამათა თხზულებებიდან ცნობილია, რომ მთელი სახარება სავსეა "გადარჩენის მცნებებით". წმინდა წერილის თითოეული სიტყვა უფლის მცნებაა, რაც ადამიანმა უნდა დაიცვას თუ ესწრაფის სულის გადარჩენას. ეს ნათლად ჩანს "ცხრა ნეტარებაში" (მათ. 5. 1-12).
ნეტარება "ნეტარ არიან გლახაკნი სულთა" ღმერთმა მოგვცა იმისთვის, რომ სულიერი სიგლახაკე შევიგრძნოთ, ანუ შევიცნოთ ჩვენი უსუსურობა. "ნეტარ არიან მგლოვარენი", მოგვეცა ჩვენი სულის ვნებებზე, ჩვენს დაცემაზე სატირლად. "ნეტარ არიან მშიერნი და მწყურვალნი სიმართლისათვის" მოგვიწოდებს უფალთან სიახლოვისკენ. "ნეტარ არიან წმიდანი გულითა" გულთა განსაწმენდად მოგვეცა, უფალი, როცა ამბობს "ნეტარი" - ეს ნიშნავს, რომ გავხდეთ ღატაკნი, მოღვაწენი, სიმართლის მწყურვალნი და სხვ.
ამრიგად, ქრისტეს მცნებები უწყვეტი ლოცვაა, მსახურებაში მონაწილეობა, მღვიძარება, გონების დაძაბვა, გულის განწმენდა და ა.შ. "სჯული წმიდა არს და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ" (რომ. 7. 12). იოანე ღმრთისმეტყველი, სიყვარულის მოციქული, ქრისტიანთათვის ამბობს: "და ამით უწყით, რამეთუ ვიცით იგი, უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. რომელმან თქუას; ვითარმედ ვიცან იგი და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუარ არს და ჭეშმარიტება არ არს მის თანა. ხოლო რომელმან დაიმარხოს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისა აღსრულებული არს მის თანა, ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ". (1 იოან. 2, 3-5). მახარებელი მტკიცედ განმარტავს: "რამეთუ ესე არს სიყვარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ" (იოან. 5, 3).
"ჩვენი იერარქიის მიზანია: რამდენად არის შესაძლებელი ღმერთის მიმსგავსება და მასთან შეერთება. ამის მიღწევა კი, როგორც დიონისე არეოპაგელი გვასწავლის, შესაძლებელია სიყვარულით, უფლის მცნებების დაცვით და ღმერთის მსახურებით"50.
გრიგოლ პალამა ამბობს, რომ არსებულის შეცნობა სათნოებათა გზით ხდება. შეკითხვაზე, თუ რა არის სათნოების მოქმედთა მიზანი, პასუხობს: "უფალთან ერთიანობა და მისი მსგავსება"51. ის, ვინც სათნოებით ცხოვრობს, იცავს უფლის მცნებებს ღვთის სიყვარულით და "ღვთიური მცნებების დაცვით შეძლებს სათნოებათა აღსრულებას"52.
მოვიყვანთ წმინდა მამათა გამონათქვამებს უფლის მცნებათა მნიშვნელობის შესახებ:
"მცნებათა მიზანია ადამიანის გონება განიწმინდოს თავშეუკავებლობისა და სიძულვილისგან" (Μαξίµου 'Οµολογητοῦ. Φιλοκαλία. β. σελ 46).
"ღვთის მცნებები ყველაზე ძვირფასი საგანძურია. ვინც ისინი დაიცვა, მან თავის სულში ღმერთი იპოვა". (Ισαάκ το Σύρου. τά εὑρεθεντα άσκητικά σελ. 20).
"მცნებათა დაცვა წარმოშობს უვნებობას, უვნებობა კი სულს ხილვის უნარს აძლევს" (ὁσ. Θαλασσίου. Φιλοκαλία β. σελ. 212).
"მცნებათა მორჩილება მკვდრეთით აღდგომაა"(ὀσ. θαλασσίου. Φιλοκαλία β. σελ. 212).
წმ. გრიგოლ სინელი აღწერს ორ მთავარ გზას, რომლითაც სული წმინდა მოქმედებს და რომელსაც ჩვენ ნათლობის საიდუმლოთი ვიღებთ, ამ ორიდან წმინდა მამა ერთ-ერთად მიიჩნევს მაცხოვრის მცნებების დაცვას. რამდენადაც ჩვენ ვასრულებთ უფლის მცნებებს, იმდენად ნათლად ბრწყინავს ჩვენში უფლის სინათლე". ყოველივე ზემოთქმული წარმოაჩენს სულის განკურნებისა და აღდგომის აუცილებლობას. ამისთვის მოღვაწეობა კი, უპირველეს ყოვლისა, უფლის მცნებათა დაცვით იწყება. უმთავრესი მცნებები სულის კურნებისას ისინია, რომლებსაც ვახსენებთ გალობისას: "მარხვა, მღვიძარება, ლოცვა". თუკი მოწყალება კურნავს სულის მრისხანე ნაწილს, ლოცვა განწმენდს გონებას, მარხვა აჭკნობს ხორციელ სურვილს"53. და ამგვარად მთლიანი სული განკურნებული მიეძღვნება უფალს. გარდა ამისა, მარხვა იმორჩილებს სხეულსაც: "პურის უკმარისობა ადნობს მონაზვნის სხეულს"54. თუმცა კი "გადაჭარბებული მარხვა არამარტო ასუსტებს სხეულს, სულის მჭვრეტელ ნაწილს ადუნებს და უმეტყველოდ აქცევს"55.
საყურადღებოა იოანე სინელის სიტყვები მარხვის შესახებ: "მარხვა იძულება არს ბუნებისა და დამხსნელი გემოთა სასისათა, და მომსპოლველი ხორცთა ხურვებისა და მომკვეთელი არის გულის სიტყვათა ბოროტთა; თავისუფლება არს სიზმართა ბილწთა, და სიწმიდე ლოცვისა და მნათობი არს სულისა და მცნელ გონებისა, დამხსნელი გულფიცხელობისა, და კარი ლმობიერებისა, მომატყვებელი სულთქმათა მდაბალთა და შემმუსრველი არს გულისა, კეთილი და უჩინო მყოფელი ცუდად მეტყველებისა, მიზეზი არს დაყუდებისა და მცველი მორჩილებისა და მაოტებელი ძილისა, სიმართლე არს გვამისა, წინამძღვარი უვნებელობისა, მომტევებელი არს ცოდვათა და კარი არს სამოთხისა"56.
იოანე სინელის ეს სიტყვები გვიჩვენებს ერთი მხრივ მარხვის მოქმედების სფეროს და მეორე მხრივ ნაყოფს, რომელსაც მმარხველი სული გამოიღებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ადამიანში სინანულის განცდა იღვიძებს, ის თავისთავად მარხვასაც იწყებს. მაშასადამე, მარხვა ლოცვისა და სინანულის თანამდევია. მართალია, მარხვა საშუალებაა და არა მიზანი, "იარაღია მისთვის, ვინც სიბრძნისკენ მიისწრაფვის"57. მარხვის გარეშე შეუძლებელია ვნების დამარცხება და უვნებობის მდგომარეობამდე მიღწევა. იოანე სინელის სიტყვები კარგად გასაგებია. ებრაელები ფარაონისგან გათავისუფლდნენ, იზეიმეს პასქა, რადგან ჭამდნენ უფუარ პურსა და მწარე ბალახს. ჩვენ კი მარხვითა და მორჩილებით გავთავისუფლდებით გონების ფარაონისგან. "ნუ ეკიცხევ თავსა შენსა ძმანო, რამეთუ ვერ განერე უხილავისა მის ფარაოსაგან ვერცა იხილო ზეცისა იგი ზადიკობა. უკეთუ არა უფორავი (უფუარი პური [ე.დ.]) და ველს-ურდელი (მწარე ბალახი) [ე.დ.]). სჭამო ამას სოფელსა შინა ყოველთა დღეთა შენთა. ველს-ურდელი - არს სიმწარე იგი და შრომა და ტკივილი მარხვისა; ხოლო უფორავი გონება მდაბალი, რომელი არა სადა მიიღებს საფუარსა მას ზვაობისასა"58.
აუცილებელია ეკლესიის მიერ დაწესებული მარხვების დაცვა და მოღვაწეობა იმისთვის, რომ სხეულის ყველა მოთხოვნილება არ დავაკმაყოფილოთ. მარხვის გარდა განკურნების სხვა საშუალებაც არსებობს; ეს არის მღვიძარება. მღვიძარება ასკეტური ღვაწლის შემადგენელი ქმედებაა და განწმენდს ადამიანს ვნებისგან. თვით უფალმა გვასწავლა ღამით ლოცვა, როცა ის მთაზე ღამეებს ლოცვით ატარებდა: "და ვითარცა განუტევა ერი იგი, ლოცვად თჳსაგან, და შერაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ" (მათ. 14. 23).
წმინდა მამებმა თავიანთი ცხოვრებით დაადასტურეს ლოცვის მადლიანი ზემოქმედება. წმ. ისაკი "ასკეტურ სიტყვებში" წერს: "მონაზონი გონიერი ლოცვით თუ მღვიძარებს, ნუ შეხედავ მას, როგორც ხორციელ არსებას, რადგან ამგვარად ანგელოზი მოქმედებს. სული, რომელიც ღამით ლოცულობს "ქერობინის თვალებს შეისხამს, რათა ზეცისკენ მიმართოს მზერა"59.
იოანე სინელი ჩვეული სიზუსტით აღწერს მღვიძარე და მლოცველ მონაზონს და ღამისთევის ლოცვისგან მიღებულ სარგებელს; "თვალმან მღვიძარემან განწმიდა გონება, ხოლო სიმრავლემან ძილისამან განაფიცხა გული და დააბნელა სული. მონაზონი მღვიძარე მტერი არს სიძვისა, ხოლო ძილი მეგობარი არს მისი. მღვიძარება შემუსრვა არს გულფუცხელობისა და განთავისუფლება არს სიზმართგან, მომხდული არს ტირილისა, და დამმდაბლებელი არს გულისა, მცველი არს გულის-სიტყვათა, და მომადნობელი არს ჭამადთა, მტანჯველი ეშმაკთა, აღვირი ენისა და მაოტებელი ოცნებათა. მონაზონი მღვიძარე მონადირე არს გულის სიტყვათა და ადვილად შეუძლოს მყუდროებასა შინა ღამისასა, ხედვად და შეპყრობად მათდა"60. მღვიძარებასთან ერთად არსებობს ლოცვა. იგი საუკეთესო საშუალებაა სულის განსაკურნებლად. რადგან ლოცვით მადლი ივანებს ადამიანის სულში. გონებით ლოცვის შესახებ ვისაუბრებთ თავში "მდუმარება კურნების მეთოდი". გონებით ლოცვა მიგვაჩნია ადამიანის გადარჩენის უმთავრეს საშუალებად. სულის ვნებათაგან გასათავისუფლებლად სხვა გზებიც არსებობს. მათზე ვიმსჯელებთ ქვემოთ თავში "მართლმადიდებლური სწავლება ვნებების შესახებ". არსებობს ისეთი მოსაზრება, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი "გულის თვალს" რომ კურნავენ. (გამოცხ. 3. 18) მხოლოდ მონაზვნის სულის კურნებას შეეხება. ეს მცდარი აზრია. ჩვენ ყველანი, ვინც მონასტერში არ ვცხოვრობთ, უნდა ვიცავდეთ უფლის მცნებებს. ლოცვა, სინანული, ცრემლი, მღვიძარება, მარხვა და ა.შ. ქრისტესგან მოგვენიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს. უფალს არ უთქვამს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ადამიანს არ შეუძლია. გრიგოლ პალამა გულის სიწმინდეზე საუბრისას, ამბობს, რომ "დაქორწინებულმაც შეიძლება მიაღწიოს ამგვარ სიწმინდეს, ოღონდ უფრო მეტი ღვაწლით"61. უდავოდ, ყველა ადამიანს შეუძლია სახარებისეული წესით იცხოვროს. მარტო ეპისკოპოსისა და საღმრთო ლიტურგიის არსებობა ადასტურებს, რომ ხსნა შესაძლებელია. ეკლესია რისთვის არსებობს? მაშასადამე, ყველა ადამიანს შეუძლია იცხოვროს ქრისტეს მცნებებით. წმინდა მამათა ქმნილებებში მოყვანილია ამგვარი შემთხვევები. თავად განკურნებულმა მამებმა მიიღეს მადლი და ურჩევდნენ სხვებს, რა გზას უნდა დადგომოდნენ, უფრო ზუსტად, ურჩევდნენ მართლმადიდებლური სწავლების გზას. ამ თვალსაზრისით სანიმუშოა იოანე სინელის თხზულება. წმინდა მამა ამბობს, რომ მას უნახავს უგნური, უვიცი ექიმი, რომელმაც უჯერო ლაპარაკით ერთი მორჩილი სნეული სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. ამავე დროს უნახავს სულის მკურნალი მღვდელი, რომელმაც "გაკვეთა ამპარტავანი გული და დაცალა სიმყრალისგან". წმ. იოანე წერს აგრეთვე, რომ "სნეული გულის სიბილწისგან განსაკურნებლად სვამდა "მორჩილების" წამალს და სხვა დროს კი "თვალნი სულისა მისისანი მოუძლურდეს, და დაყუდებულ იყო და არა ზრახვიდა"62.
წმინდა მამა განაგრძობს: "მრავალგზის ერთისა განმკურნებელი წამალი, მეორისა მომაკვდინებელ იქმნების, და მრავალგზის თვით იგივე წამალი მარგებელ იქმნის კაცისა, რაჟამს ჟამსა თვისსა მიიღის, და კვალად არა ჟამსა თვისსა მიღებული მომაკვდინებელი ექმნის მასვე"63.
აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საჭიროა არსებობდეს გონიერი მართლმადიდებელი მკურნალი (ექიმი - სულიერი მოძღვარი), ვინც გაარჩევს "წამალს" და შესაბამისად წარმართავს სულის მკურნალობას. მოვიყვანთ პატერიკებიდან წმინდა მამათა გამონათქვამებს, რომლებიც ნათელყოფენ, რომ სხვადასხვაგვარი მოღვაწეობა არსებობს და ყოველ მათგანს ფართო შესაძლებლობა აქვს.
წმ. ანტონს ჰკითხეს: "როგორ უნდა ვიცხოვრო, რომ ღვთისთვის სათნო იყოს?" წმინდა მამამ უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, უფალი გყავდეს თვალწინ, რასაც არ უნდა აკეთებდე, საღმრთო წერილს დააფუძნე შენი ქმედება, და რა ადგილასაც არ უნდა იყო, ნუ წამოხვალ სწრაფად. დაიცავი ეს სამი პირობა და გადარჩები"64.
ერთმა ბერმა ჰკითხა ამბა ნისთორს: "რომელი კეთილი საქმე შემიძლია გავაკეთო?" ბერმა მიუგო: "განა ყველა საქმე ერთნაირი არ არის? წმინდა წერილი ამბობს, რომ აბრაამი სტუმართმოყვარე იყო, და უფალი მასთან მივიდა, ილია წინასწარმეტყველს განმარტოება უყვარდა და უფალი მასთანაც იყო; დავით წინასწარმეტყველი თავმდაბალი იყო და მასთანაც იყო უფალი. რასაც გთხოვს სული, ის გააკეთე, ოღონდ ღვთისათვის სათნო და ის დაიცავი"65.
იოსებ თებელი ამბობს: სამი რამ არის უფლის წინაშე პატიოსანი. პირველი: თუ ადამიანი სნეულია და თავის უძლურებას ღვთისადმი მადლიერებით იღებს, მეორე: თუ საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებს, მესამე: ემორჩილება სულიერ მოძღვარს და თავის სურვილებს უარყოფს. ეს უკანასკნელი გვირგვინს იმსახურებს. მე კი, აგრძელებს წმინდა მამა, - ავირჩიე სნეულება"66.
ამბა პიმენმა თქვა, რომ თუ ერთ ადგილას სამი ადამიანი იმყოფება, რომელთაგან ერთი მდუმარებს, მეორე სნეულია, მადლობს უფალს და მესამე ემსახურება სუფთა სინდისით და აზრებით. შეიძლება ითქვას, რომ სამივე ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს"67. ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ ყველა ადამიანის ღვაწლი ერთნაირია, მისი განხორციელების გზებია განსხვავებული. ყველამ უნდა დაიცვას ღვთის სიტყვა, ღვთის მცნებები, შეინარჩუნოს წმინდა გული ყველგან, სადაც არ უნდა იღვწოდეს. ამის განხორციელება კი სხვადასხვაგვარად შეიძლება და არჩევანი სულიერ მოძღვარს ეკუთვნის. მკითხველმა შეიძლება ნაკლად ჩამითვალოს ის, რომ არაფერს ვამბობ წმინდა ზიარების როლზე განკურნებაში. უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარება, საღმრთო ევქარისტთა უმთავრესია. იესო ქრისტემ ამომწურავად და მოკლედ გვითხრა: "უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა"(იო. 6. 53).
ზიარებისთვის ადამიანი უნდა მოემზადოს. თუკი მას წინ არ უძღვის განკურნების ის პროცესი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, საღმრთო ზიარება უფლის სისხლთან და ხორცთან, სასჯელად გადაექცევა. ეკლესიოლოგია და ესქატოლოგია კურნების გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია.
ამრიგად, ჩვენ კი არ ვამცრობთ საღმრთო ევქარისტიის მნიშვნელობას, არამედ ღვაწლისა და კურნების ღირსებას გამოვარჩევთ ზიარებამდე მისასვლელ გზებზე. ჩვენი მსჯელობის მიზანი სწორი მიმართულების ჩვენებაა, იმ მიმართულებისა, რომელიც წმინდა ტრაპეზთან მთავრდება და წმინდა ზიარება ხდება სინათლე და სიცოცხლე ადამიანისათვის.
ვფიქრობთ, ზემოთ მოყვანილი მაგალითები ადასტურებენ, რომ ქრისტიანობა განმკურნებელი მეცნიერებაა. ის კურნავს სნეულ ადამიანს, სნეულება კი ეხება გონებას. ეკლესია თავისი სწავლებით, ღვთისმსახურებით, ასკეზით, საიდუმლოებებით, ათავისუფლებს გონებას და აქცევს მას სული წმინდის ტაძრად. ეს კურნება, რომელიც გამოიცადა წმინდა მამების ღვაწლით, არის ერთადერთი უფლისკენ მიმავალი გზა. სულიერი მემკვიდრეობის დავიწყებამ გამოიწვია ჭეშმარიტ მკურნალთა და მკურნალობის მეთოდების შემცირება. მართლმადიდებლური მემკვიდრეობის დაბრუნება და აღორძინება ნიშნავს განკურნების გზებისა და მკურნალთა კვლავ გამოჩენას.
მეორე თავი
მართლმადიდებელი მკურნალი
აქამდე ვისაუბრეთ ქრისტიანობაზე, როგორც მკურნალ მეცნიერებაზე, რომლის საშუალებითაც სულიერად იკურნება ადამიანი. სწორი მკურნალობა კი მოითხოვს კარგ მკურნალს. იგივე ეხება სულიერ მედიცინასაც. საჭიროა კარგი ეპისკოპოსის ან მღვდლის არსებობა.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ჩვენს დროში ადამიანები მღვდელს აღიქვამენ ერთგვარ მოხელედ, რომლის ხელიდანაც შეიძლება ზიარების მიღება. ან კიდევ თვლიან უფლის უფლებამოსილპირად, რომლის წინაშეც აღიარებენ ცოდვებს და მიიღებენ სულიერ სიმშვიდეს. მღვდელი მოიაზრება ღვთისმსახურად და ა.შ. ცხადია ვერ უარვყოფთ, იმას, რომ მღვდელი სწორედ იმას აკეთებს, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ. ხშირად ისეც ხდება, როცა ხალხი მღვდელს მოგვადაც მიიჩნევს (ბოდიშს ვიხდი ამგვარი გამოთქმისთვის). საქმე ის გახლავთ, რომ ღვთისმსახურება უფრო მაგიას შეიძლება მივამსგავსოთ, თუკი მას კურნებასთან კავშირში არ გავიაზრებთ.
ვიმეორებ, მღვდელი, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მკურნალია, რომელიც ადამიანურ უძლურებას კურნავს. ღვთისმსახურება და ეკლესიის საიდუმლოებები უნდა ჩაერთოს განკურნების პროცესში.
აღსარების მიღების დროს მღვდელი უკვე მკურნალია. აღსარების საიდუმლო არ არის უბრალოდ ცოდვათა მიტევების პროცესი დასავლეთის ეკლესიის მსგავსად, თითქოს ღმერთი განრისხებულია და სინანულს მოითხოვს. აღსარება გაცილებით ღრმა მნიშვნელობისაა და იგი კურნებაშია ჩართული. ქრისტიანთა უმრავლესობა მრავალი წლის განმავლობაში აღსარებას ამბობს, მაგრამ სულიერი სნეულებისგან მაინც ვერ იკურნება. ეს როგორც ერისკაცის, ისე სასულიერო პირის უგნურების გამო ხდება. ეპისკოპოსი ან მღვდელი, აღსარების მიღებისას არის ერის წინამძღოლი, რომელსაც მოსეს მსგავსად ეგვიპტიდან გამოჰყავს ხალხი აღთქმულ მიწაზე მისასვლელად, ამგვარი წინამძღოლობა მოითხოვს შრომასა და ოფლს, თავშეკავებასა და მღელვარებას. ეს კი არსობრივად სამედიცინო სამსახურია და მასზე ბევრს წერენ წმინდა მამები: მაგალითისთვის მოვიყვანთ იოანე კიბისაღმწერლის სიტყვებს: "რაოდენთაცა გვნებავს ეგვიპტით გამოსლვა და მწარისა მის ფარაოს მონებისაგან სივლტოლაჲ, უეჭველად ჩვენდაც მოსე ვინმე სახმარ არს შუამდგომელად ღვთისა მიმართ, რათა დადგეც იგი ჩვენთვის, შორის საქმისა და ხედვისა, და განიპყრნეს ხელნი ღვთისა მიმართ, რათა რომელნი იგი შეუდგეთ მას წიაღვლოთ ზღვა იგი ცოდვათა და ამალეკსა მას ვნებათასა მძლე ვექმნეთ". შემდეგ აგრძელებს წმ. მამა: "რამეთუ სცდეს ყოველნივე რომელ მისცემენ თავთა თვისთა ესე ვითართა მათ ბრძოლათა, და გონებენ თუ არა სახმარ არს მათთა წინამძღვარი"68. ძველი აღქმიდან ვიცით თუ რა გადაიტანა მოსემ და როგორ უძღოდა მრავალტანჯულ ერს.
ეს სულიერი მოსე არის მკურნალი, ჩვენ, ყველანი, სნეულნი ვართ და გვჭირდება კურნება და მკურნალი.
წმინდა სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი მონაზვნებისადმი მიმართვისას ნათლად აღნიშნავს ამ ჭეშმარიტებას. მართლმადიდებლური ტრადიციიდან ცნობილია, რომ მონასტრები იმავდროულად "საავადმყოფოებიც" იყო, უფრო სწორი იქნება, თუ მათ სამედიცინო სასწავლებლებს დავარქმევთ. მონასტერში ვმკურნალობთ და შემდეგ სხვის განკურნებასაც ვსწავლობთ. აი, რატომ გამოჰყავდათ მონასტრიდან ბერი და მღვდლად ან ეპისკოპოსად აკურთხებდნენ. სვიმონ ღმრთისმეტყველი მონაზვნებს მიმართავს: "ჩვენ ყველანი ღატაკები და მათხოვრები ვართ". შემდეგ წერს, რომ კელიაში მცხოვრები თითოეული მონაზონი სხვადასხვა სნეულებით არის შეპყრობილი, ამიტომ დღედაღამ მოუხმობს სულისა და სხეულის მკურნალს, რათა განკურნოს დაჭრილი გული და მიანიჭოს სულის სიმრთელე. ღმრთისმეტყველი ამბობს: "არა მხოლოდ ღარიბნი და უპოვარნი, არამედ დასნეულებულნი, დაჭრილნი, მწოლიარენი და ზოგი კი კელიაში მოსიარულე, ყველანი ვღაღადებთ, ცრემლს ვღვრით და მოვუხმობთ სულისა და სხეულის მკურნალს. ჩვენ შორის არიან ისეთები, ვინც შეიცნო ვნებებით გამოწვეული სნეულება, ზოგიერთმა, კი უგნურების მსგავსად არაფერი არ იცის თავის სნეულებაზე და არც იმაზე, რომ ვნებით არის შეპყრობილი. ჩვენ მოვუხმობთ მკურნალს, რათა განკურნოს გულის ჭრილობები და სული მათი, ვინც ცოდვისა და სიკვდილის სარეცელზეა მიჯაჭვული, რადგან ჩვენ ყველამ, წმინდა მოციქულის სიტყვების თანახმად, შევცოდეთ და გვჭირდება უფლის წყალობა"69. ჩვენ აქ მთელი ეს ტექსტი იმისთვის მოვიყვანეთ, რომ მასში ნათლად ჩანს ბერ-მონაზვნობისა და ეკლესიის მისია, აგრეთვე მწყემსის ამოცანაც. ეს მკურნალობაა. ჩვენ სიკვდილის და ცოდვის სარეცელზე ვწევართ. ვისაც არ ესმის ეს ჭეშმარიტება, ის "უგნურია". ამრიგად, უგნურნი არიან ის ქრისტიანები, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან განსაკურნებლად, ან კიდევ თავი ჯანმრთელი ჰგონიათ.
სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის სიტყვებით "მღვდელი ექიმია". ადამიანი მიდის "სულიერ მკურნალთან ვნებით დასნეულებული, გონებით შეშფოთებული"70 "მცოდნე მკურნალი" "კაცთმოყვარე და თანამგრძნობელი მკურნალი ისმენს მოძმის სნეულებებს, ესმის მისი ვნებითი მხურვალება და ხედავს, რომ სნეული სიკვდილს ჰყავს დამორჩილებული". ამ სიტყვების შემდეგ ღმრთისმეტყველი გადმოგვცემს თუ როგორ კურნავს სულიერი მკურნალი71.
ზემოთ მოვიყვანეთ მოსეს მაგალითი. იგი წინამძღვარიც არის და თავის სამწყსოს განსწავლული მკურნალიც. ამ ორ თვისებას სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი აღწერს ერთ ლექსში: თუ როგორ კურნავს სულიერი მოძღვარი, მისი პირადი "მოსე". წმინდა მამა განწმენდისაკენ მიმავალ გზას ადარებს მოსეს წინამძღოლობით ებრაელი ხალხის სვლას აღთქმული ქვეყნისკენ72.
მართლმადიდებელი მკურნალი რომ გახდე, ჯერ თავად უნდა განიკურნო, იდგე "შორის საქმისა და ხედვისა". როგორ შეძლებს განკურნებას ის, ვინც თავად არ იგემა კურნების საწყისი? წმინდა სვიმონი ადანაშაულებს იმათ, ვინც თავს სულიერ მოძღვრად თვლის და არ მიუღია სული წმინდა, იმათაც, ვინც ესწრაფვის, გახდეს მონასტრის იღუმენი "და მრავალი საშუალებით უსირცხვილოდ მიისწრაფვის ეპისკოპოსობისკენ ან მიტროპოლიტობისაკენ, რათა მწყემსოს უფლის ხალხი", ისე რომ არ უხილავს სიძე ქორწილში და ამის გარეშე სურს გახდეს "ძეჲ სინათლისა და ძეჲ დღისა"73.
გრიგოლ ღმრთისმეტყველს ეკუთვნის სიტყვები: "ხამს უწინარესად თავად განიწმიდოს და შემდეგ სხვანი განწმინდოს, განიბრძნოს და მერე განაბრძნოს სხვა, განათლდეს და სხვა გაანათლოს, მიეახლოს უფალს და შემდეგ სხვები მიუახლოვოს, წმინდა გახდეს და შემდეგ სხვები აქციოს წმინდანებად"74.
იოანე ოქროპირი თავის ცნობილ ჰომოლიაში "მღვდლობის შესახებ" თავს იმართლებს, რომ არ სურდა ეპისკოპოსობა და ამბობს: მე ვიცნობ ჩემს უძლურ და სუსტ სულს, ვიცი ამ მსახურების მნიშვნელობაც და დიდი სირთულეც"75.
იოანე ოქროპირი ბასილთან საუბარში ამბობს "ჩემი სულიერი უძლურების გამო ამ მსახურებისთვის გამოუსადეგარი ვარ"76. ამ წმინდა გონებითა და გრძნობებით ხვდება წმ. იოანე ოქროპირი, რომ სულიერი უძლურების გამო ძნელია ეპისკოპოსობის მსახურება. ეს მართლაც ასეა და ქვემოთ დავინახავთ, რომ საკუთარი განუკურნელი ვნებები ხელს უშლის მოძღვარს სამწყსოს კურნებაში.
მკურნალი თუ თავად არ განიკურნა, მაშინ ის "არარაობაა". ამა ქვეყნის ადამიანები "არარაობა" ადამიანებს აყენებენ ამ სამსახურში [ეპისკოპოსად ე.დ.]77.
ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მღვდელი, რომელსაც სურს განკურნოს სხვათა სნეულება, ჯერ თავად უნდა განიკურნოს, ან უკიდურეს შემთხვევაში დაიწყოს მაინც მკურნალობა, რომ იგრძნოს მისი ღირსება და ძალა.
სპეციალურ მსჯელობას არ მივუძღვნით მღვდელს და მღვდლობას. ჩვენი მიზანი არ არის მღვდლობის დიდ მნიშვნელობაზე თხრობა. გვსურს, მხოლოდ ეს წოდება განვიხილოთ სულის მკურნალის ასპექტის მიხედვით.
1. მღვდელ-მკურნალის ასარჩევი პირობები
განკურნება სული წმიდის მადლით, სამპიროვანი ერთარსება ღმერთის წყალობით ხორციელდება. მღვდელი - ამ განკურნების მსახურია. ეკლესია ღმერთკაცებრივია. ღვთაებრივი მადლი მღვდლის საშუალებით საიდუმლოდ მოქმედებს და თავად მღვდელმა გამოცდილებით იცის ამ ღვთიური მადლის საიდუმლო ქმედების შესახებ.
მღვდლობის პატივი
მღვდლობა დიდი პატივია. იოანე ოქროპირი წერს, რომ "მღვდელმსახურება მართალია დედამიწაზე აღესრულება, მაგრამ ზეციური წესის მიხედვით... რადგან ეს წესი არც ადამიანმა, არც ანგელოზმა, არც მთავარანგელოზმა და არც სხვა არსებამ, არამედ თავად უფალმა დაადგინა"78.
"პატიოსანი მღვდლის მსახურება აღემატება ფსალმუნთგალობას და ლოცვას" და ისე განსხვავდება სხვა მსახურებებისაგან, როგორც მზე ვარსკვლავებისაგან. ეს იმიტომ, რომ საღმრთო ევქარისტიის დროს მსხვერპლად იწირება თვით მხოლოდშობილი ღმერთი, ჩვენი ცოდვებისათვის შეწირული"79. ვინც პატიოსნად ასრულებს "ღვთაებრივ, უბიწო და საშინელ ღვთისმსახურებას, სამაგიეროდ იღებს "ყველა საქმესა და ხედვაზე აღმატებულს"80.
მღვდლობის პატივი, რომელიც "ზვარაკი ჭამებულის" შეწირვას გულისხმობს, ადამიანს ეხმარება ღვთის ხატობიდან მის მსგავსებამდე მისასვლელ გზაზე. სწორედ ეს არის ადამიანის განკურნება, უკეთ რომ ვთქვათ, განკურნების დამოწმება. წმინდა მამები მღვდლობას სხვა მსახურებებს შორის პირველ ადგილზე აყენებენ, რადგან კაცს მიწიერ საქმეთა გარკვევაში ეხმარებიან ადამიანური ძალები, მღვდლობა კი მას განღმრთობისაკენ წარმართავს. აი, რატომ არის "მღვდლობა აღმატებული მეფობაზე", ვინაიდან იგი "ღვთიურ საქმეებს აწესრიგებს, მეფობა კი - მიწიერს"81.
მწყემსთა (მღვდელთა) წოდება, როგორც ზემოთ შევნიშნეთ, ქრისტესმიერი ხელდასხმაა. მღვდლებზეა გადმოსული ქრისტეს მადლი, ამოტომ აქვთ ძალა ცოდვათა მიტევებისა და ადამიანთა სულის განკურნებისა. ეს არის რაც მღვდლობის შესახებ მოკლედ უნდა გვეთქვა, რადგან ჩვენი მიზანი მღვდელმსახურებაზე დაწვრილებითი მსჯელობა არ არის.
მოციქულთა მოწოდება და ხელდასხმა
უფალი მოუხმობს ადამიანებს მღვდელმსახურებისთვის და ხელს ასხამს. პირველი ეპისკოპოსები იყვნენ მოციქულები. იესო ქრისტემ ისინი მოციქულებრივი მსახურებისთვის მოიხმო, მათთან იყო სამი წლის განმავლობაში და შემდეგ მიმადლა მათ სული წმინდა, რათა მოწაფეებს ცოდვათა მიტევება შესძლებოდათ. უფალმა წარგზავნა ისინი "ყოველთა ერთათვის" საქადაგებლად. ღმერთმა მოციქულები მახარებელ მეთევზეებად და მქადაგებლებად აქცია. გამორჩეულობისა და მისიის გამო გახდნენ ადამიანები ქრისტეს მოციქულები. წმინდა წერილში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, უფალმა რაიმე წესი თუ შეასრულა მოციქულებისთვის სამღვდელო მსახურების მინიჭებისას. უფალი თავად არის ეკლესიის საიდუმლოებების დამაარსებელი, მაგრამ მათ არ აღასრულებს, იგი თავის ნების გამოვლენით ასრულებს იმას, რისთვისაც ეკლესიის მისტერიები არსებობს"82.
ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ უეჭველია, ქრისტეს მიერ თორმეტი მოციქულის მოწვევამ, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს გამოცხადებამ და მათთვის ცოდვათა მიტევების მადლის გადაცემამ, ამ ყოველივემ აქცია ისინი უფლის ერის მწყემსებად. ჩვენ გვაქვს პავლე მოციქულის მაგალითი. პავლე არ იყო მაცხოვრის მოწაფე მის მიწიერ ცხოვრებაში, მაგრამ იგი მოციქულად იწოდება. თავად იგი საკუთარ თავს ქრისტეს მოციქულად მიიჩნევს: "პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი, ბრძანებითა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისაჲთა" (1 ტიმ. 1,1).
უფრო მეტიც, იგი წერს: "რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ" (2 კორ. 11,5). სხვა ადგილას მოციქული ამბობს: "და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუენისა, რამეთუ სარწმუნოდ შემრაცხა მე და დამადგინა მე მსახურებისა ამას" (1 ტ. 12). პავლე დარწმუნებულია, რომ იგი ქრისტეს აღდგომის მოწმეა, რადგან დამასკოსკენ მიმავალმა იხილა უფალი. ამიტომ აღდგომილი ქრისტეს გამოცხადების აღწერისას, იგი ბედავს თქმას: "უკანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა" (1 კორ. 15,8). და თავის თავს აღდგომის მოწმეთა შორის ასახელებს.
იესო ქრისტეს გამოცხადება პავლესთან და მისი მოციქულად მოწოდება არის მოციქულად ხელდასხმის გამოხატულება. პავლეს გადასცა მაცხოვარმა თავისი სიწმინდე.
პროფ. იოანე რომანიდისი წერს "პავლე მოციქულის ეპისტოლეთა მიხედვით წინასწარმეტყველები (1 კორ. 14,29) და მოციქულები (1კორ.15,5-80) არიან ის ადამიანები, ვინც განმღრთობას მიაღწიეს. ისინი არიან ქრისტეს ხატნი ყოვლადწმინდა სამების დიდებით. პავლე მოციქული ამას ნათლად გამოკვეთს, როცა ქრისტეს საიდუმლოზე წერს "რომელი ნათესავსა სხუასა არა გამოეცხადა ძეთა კაცთასა, ვითარ-ესე აწ გამოეცხადა წმიდათა მისთა მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა სულთა წმიდითა". (ეფ.3,5). ამ ნაწილში საჭიროა განვმარტოთ სიტყვები, რომლებიც მაცხოვრის სხეულის ნაწილების ჩამოთვლისას არის ნათქვამი: "თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი" (1 კორ. 12,26). განდიდებული "ასოჲ" (ნაწილი) არის განღმრთობილი, ვინც გახდა წინასწარმეტყველი. ამიტომ პავლე მოციქული მაცხოვრის სხეულის ნაწილების ჩამოთვლისას ასახელებს პირველად მოციქულებს და წინასწარმეტყველებს და ჩამონათვალს ამთავრებს "თესლად-თესლადი ენათაჲ" (1 კორ. 12,28) (სხვადასხვა ენის მქონენი), რაც სხვადასხვანაირ მსახურებას გულისხმობს (ეფ. 5, 19-20). პავლე მოციქულის თანახმად წინასწარმეტყველი გონებითი ლოცვის გამოცდილებით, ძველი აღთქმის განმმარტებლად ითვლება (ახალ აღთქმას განმარტება არ სჭირდება), წინასწარმეტყველმა განღმრთობას მიაღწია. ამგვარი განსხვავება მოგვაგონებს წმინდა მამების მიერ დაყოფილ ღმერთის სიტყვის მქადაგებლებსა და ღმრთისმეტყველებს. ყველას, მოციქულებიდან დაწყებული, წინასწარმეტყველით და განმმარტებლით დამთავრებული, გულში ჰქონდა "თესლად-თესლადი ენაჲ" ანუ სხვადასხვაგვარი მსახურება სული წმიდის მიმართ, ისინი იყვნენ ღვთივრჩეული ნაწილები ქრისტეს სხეულისა და ტაძარნი სულისა წმიდისა. ღვთისგან გამორჩეულობით ისინი განსხვავდებიან ჩვეულებრივი ადამიანებისაგან (1. კორ. 14,16). რომლებსაც არ მიუღიათ სული წმიდის მადლი, რაც მათ გულში უწყვეტ ლოცვას დაბადებდა და არ გამხდარან სული წმინდის ტაძარნი. ასეთნი უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ვინც მოინათლა წყლით და ცოდვათა მიტევებით, მაგრამ არ მონათლულა სული წმინდით, არ მიუღია მირონცხება. მირონცხება მოიაზრებოდა როგორც მლოცველზე სული წმინდის მადლის გადმოსვლის დადასტურება, ამიტომაც იწოდება მირონცხება ლათინურად confirmatio (დასტური). განღმრთობილი მოციქულები და წინასწარმეტყველები, რომლებსაც ჰქონდათ "ძალნი, მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, ღუწოლანი, თესლად-თესლადი ენათაჲ" (1 კორ. 12, 28). იყვნენ მირონცხებული და მთავარი სასულიერო პირები, რაც ჩანს მირონცხების აკოლუთიიდან. წმინდა მამათა ნაწერების მიხედვით, ჩვეულებრივ ადამიანებად ითვლებიან ერისკაცები. სიტყვა "რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა" (1 კორ. 12,28) ნიშნავს სული წმინდის გადმოსვლას განღმრთობილ მოციქულებზე და წინასწარმეტყველებზე და სხვა განათლებული ადამიანებზე, და არა მხოლოდ რიტუალის აღსრულებას"83.
მთავარი პირობა ხელდასხმისათვის
უდავოა, რომ მოციქულებმა ქრისტესმიერი ხელდასხმა გადასცეს გარკვეული საიდუმლოს სახით, რომელსაც მღვდლობა ეწოდება. ეკლესიამ კი დაადგინა კანონიკური პირობები იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს დიდი მადლი და აღასრულებდეს უმაღლეს მსახურებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია იერუსალიმის ეკლესიაში დიაკვნად ხელდასხმა. საქმე მოციქულთა მოგვითხრობს, შვიდი დიაკვნის არჩევის შემდეგ "დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი" (საქმ. 6,6). აქედან ჩანს ხელდასხმა და ლოცვა. იოანე ოქროპირი წმინდა წერილის ამ ადგილის განმარტებისას წერს, რომ "მოციქული არ განმარტავს როგორ, მხოლოდ ამბობს, რომ დიაკვნები ხელდასხმული იყვნენ ლოცვით, რადგან ასე აღესრულება ხელდასხმა. ადამიანს ედება ხელი, მაგრამ ყველაფერს ასრულებს ღმერთი"84. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს ადამიანები სხვა ქრისტიანთა შორის გარკვეული თვისებებით გამორჩეულნი იყვნენ, გამორჩეულობის უმთავრესი კრიტერიუმი მათზე სული წმინდის მადლის არსებობა იყო. სტეფანე პირველდიაკონის არჩევაზე "საქმე მოციქულთა"-ში ნათქვამია: "და გამოარჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულთა წმიდათა" (საქმ. 6,5). ასე რომ, სტეფანემ სული წმინდის მადლი ხელდასხმისას კი არ მიიღო, არამედ მასზე მანამდე იყო გადმოსული. ამ ადგილს იოანე ოქროპირი ასე განმარტავს: სტეფანესაც სული წმინდის მადლი ჰქონდა "ემბაზიდან", ნათლობის წუთიდან. "არ არის საკმარისი მხოლოდ მადლი, საჭიროა ხელდასხმაც, რაც ამრავლებს სული წმინდის მადლს"85. გარდა ამისა, წმინდა მამა განაგრძობს, რომ სტეფანემ სხვა დიაკვნებზე მეტი მადლი მიიღო. "ხელდასხმა ყველასთვის საერთო იყო, მაგრამ სტეფანემ ყველაზე მეტი მადლი მიიღო "86. ეს კი განპირობებულია მისი სიწმინდით, რადგან სულიწმინდამ დაივანა მის სულში ხელდასხმამდე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ხელდასხმისათვის რჩეულნი არა მხოლოდ ელოდებოდნენ ხელდასხმის დღეს, სული წმინდის მისაღებად, არამედ მანამდეც უნდა ჰქონოდათ მადლი. ეკლესია ამ ფაქტს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რაც პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან ჩანს: "მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაამკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაÁს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა; და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა" (2. ტიმ. 1,5) ჩვენ კარგად ვიცით, რომ რწმენა განკერძოებული ცოდნა არ არის, ის "გულის შემეცნება და ხედვაა", სული წმიდის სიცხოველეა ჩვენს სულში. პავლე მოციქული თავის მოწაფეს ტიმოთეს, რომელიც თავად დაადგინა ეპისკოპოსად, სწერს: "ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაჲსწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა" (1 ტიმ. 4, 14). და კიდევ "ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუნებულთა მათ შენდა წინაჲსწარმეტყუელებათა" (1 ტიმ. 1,18). წმინდა თეოფილაქტე განმარტავს "მოძღვარისა და მღვდლის წოდება უმაღლესია და სჭირდება ღვთის მინიშნება, რათა ამ წოდების მატარებელი ღირსეული გახდეს. ამიტომ უწინდელ დროში წინასწარმეტყველებითა და სული წმინდის შთაგონებით ირჩეოდნენ მღვდლები"87. მღვდლობისა და ეპისკოპოსობის კანდიდატად შერჩევას დიდი მომზადება და მრავალი პირობის შესრულება სჭირდება. პავლე მოციქული ამბობს, რომ უნდა იყოს "უბრალო" (1 ტიმ. 1,6)88. ამიტომ მოციქული ურჩევს, ნუ იქნება "ახალნერგი" (1 ტიმ. 3,6). საჭიროა მოიპოვოს სულიერი გამოცდილება, წმინდა ნათლობით განიწმინდოს და მოემზადოს გარკვეული დროის შემდეგ ხელდასხმისათვის.
იოანე ოქროპირი წერს, რომ ხელდასხმის კანდიდატი განსაკუთრებულად ყურადღებიანი, სულიერი ძალით აღვსილი უნდა იყოს, მეუდაბნოეთაგან გამოსული. თუკი მეუდაბნოენი, რომელთათვის უცხოა "ქალაქის ბაზარი და ამქვეყნიური "საქმენი", ყოველთვის არ არიან მტკიცენი. წარმოიდგინეთ, რამდენად მეტი ძალა უნდა ჰქონდეს მღვდელს, რომ "სული განიწმინდოს სიბილწისაგან და მოიპოვოს სულის მშვენიერება". აქედან გამომდინარე წმინდა იოანე ამბობს, რომ საერო მღვდელს უფრო მეტი სიწმინდე სჭირდება, ვიდრე ბერს"89.
მღვდლობის სიწმინდის შენარჩუნება რამდენად აუცილებელია, ამაზე სხვა ნაწილში ვისაუბრებთ. აქ კი ყურადღებას გავამახვილებთ იმ თვისებებზე, რაც მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ მღვდელი გახდეს. როგორ შეძლებს უძლურთა და სულით სნეულთა განკურნებას, თუკი თავად არ განიკურნა?
მღვდლობისთვის მომზადების თემა ერთ-ერთი უმთავრესია სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის თხზულებებში. ის, ვინც არ მიატოვა ეს ქვეყანა და არ გახდა ღირსი მიიღოს სული წმინდა მოციქულების მსგავსად მიიღოს სული წმინდა. ვინც არ განიწმინდა და არ განათლდა და ვერ ღირსიქმნა იხილოს "ნათელი დაუღამებელი", "მღვდლობას და მიუსაფარ სულებზე ზრუნვას და მათ ამაღლებას დაე ნუ გაბედავს"90.
ასეთსავე სწავლებას ვხვდებით ნეტარი თეოგნოსტის შრომებში. მღვდლისადმი მიმართვისას, წმინდა მამა ამბობს: "თუ არ გვაქვს უწყება სული წმინდისაგან, რომ შენ ხარ კეთილი შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანს შორის... თავს ნუ ჩაიგდებ საფრთხეში და ღვთაებრივ-საიდუმლოებებს ნუ აღასრულებ მღვდელმოქმედებით"91. ანუ საღმრთო ევქარისტიას. წმინდა მამები გაურბოდნენ მოსალოდნელ ხელდასხმას, მთებში იმალებოდნენ. ამის მაგალითია გრიგოლ ღმრთისმეტყველის ცხოვრება. თავის გაქცევას პონტოში იგი ასე ამართლებს: "ადამიანი ვერ იტვირთავს მეტყველი სამწყსოს მწყემსვას, თუკი მანამდე არ გახდება ტაძარი ღმრთისა, ქრისტეს ცოცხალ საცხოვრისად "92. თუკი "გამოცდილებით და გონებით ჭვრეტით არ გამოიკვლია ქრისტეს ყველა სახელი და ძალი, თუ არ შეიცნო "სიბრძნე ღმრთისა, საიდუმლოდ დაფარული" (1 კორ. 2,7) თუკი ის "ისევ ჩვილია და რძით იკვებება"93.
ცხადია, წმინდა მამები ხედავდნენ იმასაც, რომ ბევრი იღებდა ხელდასხმას, წინასწარი მომზადების გარეშე, განწმენდისა და განკურნების გარეშე. ამიტომ "ბევრჯერ ხელდასხმა სრულდება არა,,საღმრთო მადლით", არამედ ადამიანთა სურვილით"94.
ცნობილია იოანე ოქროპირის სიტყვებიც: "ყველას არ ასხამს ხელს უფალი, მაგრამ ყველას საშუალებით კი მოქმედებს"95.
სამღვდელოების სამი საფეხური
წმინდა მამათა ნაშრომების მიხედვით სამღვდელოების სამი საფეხური (დიაკვანი, პრესვიტერი, ეპისკოპოსი) მჭიდროდ უკავშირდება სულიერი ცხოვრების სამივე ეტაპს. ეს იმას, ნიშნავს, რომ ადამიანი ადის სამღვდელოების მადლისა და კურთხევის საფეხურებზე მისი განკურნების დონის შესაბამისად. ასე გვასწავლიან წმინდა მამები. ამ საკითხზე საჭიროა უფრო კონკრეტული მსჯელობა. უნდა გავითვალისწინოთ სამღვდელოების მაკურნებელი მადლი.
წინა თავებში აღვნიშნეთ, რომ სულიერი ცხოვრება სამ ეტაპად იყოფა: განწმენდა, განათლება და განღმრთობა. ამგვარ დაყოფას ვხვდებით ბევრი წმინდა მამის ნაწერებში, თუმცა კი ეტაპების სახელწოდებები შეიძლება განსხვავებული იყოს. ნეტარი მამა ნიკიტა სტითატი წერს, რომ არსებობენ სამი ტიპის ადამიანები, რომლებიც ესწრაფვიან სრულყოფილებას: "ჯერ განწმენდილნი, შემდეგ განათლებულნი და საიდუმლოსთან ზიარებულნი, რაც სრულყოფილებას ნიშნავს". განწმენდილებს მიეკუთვნებიან დამწყებნი, განათლებულებს _ შუალედურ ეტაპზე მყოფნი, და სრულყოფილებს - სრულყოფილნი. ამ სამი ეტაპის გავლით ქრისტიანი იზრდება და უახლოვდება მაცხოვარს. განწმენდა სხეულის დასუსტებაა, ვნების აღმძვრელი ცოდვისგან განრიდება, სინანული, ცრემლი და ა.შ. განათლება - უვნებობის საწყისი, რომლის ნიშანია არსებათა შეცნობა "ქმნილების ლოგოსის ჭვრეტა" ("θεωρία των λόγων τῆς κτίσεως") და "სული წმიდის თანამყოფობა", ამ ეტაპის მიზანია "გონების განწმენდა... სულიერი თვალის ახელა... ზეციური სასუფევლის საიდუმლოს გახსნა". და ბოლოს "საიდუმლო და სრულყოფილი საფეხურზე ასული" ეზიარება "ღვთის საიდუმლოებებს", ივსება "სული წმიდით" და ხდება "ბრძენი ღმრთისმეტყველი დიდ ეკლესიაში"96 და ა.შ.
ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანი ღვთიური მადლის წყალობით განიწმენდს სულის ვნებიან ნაწილს, შემდეგ გონება განათლდება და საიდუმლო ღმრთისმეტყველებამდე მაღლდება.
მაქსიმე აღმსარებლის ღმრთისმეტყველებაში ეს სამი საფეხური წარმოდგენილია, როგორც მოქმედი სიბრძნისმოყვარეობა (πρακτική φιλοσοφία), ბუნებითი ჭვრეტა (φυσική θεωρία) (გონების განათლება) და საიდუმლო ღმრთისმეტყველება (განღმრთობა). ამ ქვეყნიური ცხოვრებისგან განშორებული ეკლესიის წმინდა მამები, მაღლდებიან უფლის ჭვრეტამდე. ჭვრეტა კი მწვერვალს აღწევს "ღმრთისმეტყველების მეცნიერებაში", "საღმრთისმეტყველო მისტაგოგიაში"97, რასაც "დაუვიწყარი ცოდნა" ეწოდება98. ამგვარად, ღმერთის ჭვრეტით მცხოვრები მამები ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველები არიან99.
ღმრთისმეტყველი იყო მოსე, რომელმაც მაქსიმე აღმსარებლის მსგავსად, თავისი კარავი საცხოვრებლიდან მოშორებულ ადგილას დადგა "თაყვანს სცემდა ღმერთს, გონება და აზრები მიმართა ხილულის მიღმა". ღმრთისმეტყეელები იყვნენ ქრისტეს მოწაფეები, რომლებმაც იხილეს მაცხოვარი თაბორის მთაზე. ღმრთისმეტყველი იყო პავლე მოციქული, რომელიც აღიტაცა ვიდრე "მესამედ ცადმდე" (2 კორ. 12.2). წმ. მაქსიმე განმარტავს, რომ სამი ცა შეესაბამება ადამიანის მისტიკურ აღმასვლას, ანუ მოქმედ სიბრძნისმოყვარეობას, ბუნებით ჭვრეტას და საღმრთისმეტყველო მისტაგოგიას: წმინდა მამათა სწავლება მოვიყვანეთ იმისთვის, რომ ჩვენ განსახილველ საკითხს დავუბრუნდეთ. მაქსიმე აღმსარებელი სულიერი ცხოვრების სამ სტადიას უკავშირებს სამღვდელოების სამ საფეხურს. იგი წერს: "დიაკვანი [მალამოს] სცხებს გონებას წმინდა საქმეთა აღსასრულებლად და განაგდებს მისგან ვნებიან აზრებს, პრესვიტერი არსებათა შეცნობისაკენ წარმართავს და მცდარ ცოდნას ახშობს, ეპისკოპოსი კი სრულყოფს გონებას წმინდა მირონცხებით და წმინდა სამების თაყვანისცემით". განმარტებისთვის მოვიხმობთ ნიკოდიმოს მთაწმიდელს; ეკლესია ეფუძნება იმას, რომ ერთი წმინდანი განმარტავს მეორე წმინდანის სიტყვებს, ხოლო თავად წმინდანთა სახით გამოიხატება ეკლესიის გამოცდილება. ნიკოდიმოსი წერს: "ღმერთშემოსილ მაქსიმეს უნდა თქვას, რომ დიაკვანი განწმენდს გონებას ვნებათაგან და ბილწი აზრებისგან ზნეობრივი სიტყვებით, მღვდელი გაანათლებს ადამიანებს არსებათა შეცნობით, ეპისკოპოსი კი სრულყოფს გონებას ღმრთისმეტყველებით... ასე რომ, მღვდელმთავარს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ზნეობრივი, ბუნებითი ანუ ჭვრეტითი სიბრძნისმოყვარეობა, უნდა იყოს ღმრთისმეტყველიც დიაკვანზე და პრესვიტერზე აღმატებული"100.
შევნიშნავთ, რომ სამღვდელოების სამი საფეხურის დაკავშირება სულიერი ცხოვრების სამ ეტაპთან გვხვდება დიონისე არეოპაგელის შრომებშიც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ თხზულებებში აღბეჭდილია პირველი საუკუნეების ქრისტიანული ეკლესიის მდგომარეობა, ნათელი გახდება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შესაბამისობა ჭეშმარიტია. შევჩერდები უფრო დაწვრილებით ამ საკითხზე.
დიონისე არეოპაგელის თხზულებებში "საეკლესიო იერარქიისათვის" აღწერილია სულიერი ცხოვრების სამი ეტაპი, რომელთაც განწმენდა, განათლება და სრულყოფა ეწოდება. სრულყოფა ნიშნავს განღმრთობას. აქედან გამომდინარე "იერარქთა ხარისხს" ეწოდება სრულყოფილი და მისტიკურად სრულყოფილი, მღვდლობისას - განმანათლებელი და ნათლისკენ წარმმართველი, ხოლო მსახურთა (დიაკვნების) ხარისხს განმწმენდელი და განმარჩეველი"101. სამღვდელოების მსახურება ლიტურგიკულია და განმანათლებლური და სრულმყოფელი, რადგან საიდუმლოებებით მიმდინარეობს სულის განვითარება. ეს იმას ნიშნავს, რომ სამღვდელო მსახურებანი მხოლოდ კი არ აღესრულება, არამედ განწმენდს, ანათლებს და სრულყოფს (განაღმრთობს) ადამიანს.
დიაკვნების, პრესვიტერებისა და იერარქების მსახურება ქრისტიანთა სულიერ მომწიფებას ემსახურება. მაგალითად: წმინდა ნათლობისას, როგორც დიონისე არეოპაგელი ამბობს და როგორც ეს ჩვენი აზრით, პირველ საუკუნეებში სრულდებოდა, დიაკვანი განმოსავდა მოსანათლ ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ მას განმწმენდელის როლი ჰქონდა დაკისრებული. მღვდელი ზეთს სცხებდა სხეულს - ესეც ნათელყოფს მღვდლის ფუნქციას განმანათლებლობას, ეპისკოპოსი კი სრულყოფდა ადამიანს ნათლობით102.
იერარქის ხარისხი სრულყოფს ქრისტიანს, იგი ასრულებს რა "იერარქის მსახურებას", აზიარებს მას "სიწმინდის ცოდნას". პრესვიტერის ხარისხს მიჰყავს ადამიანი იმისკენ, რომ მან ჭვრიტოს საიდუმლოთა აღსრულება" და "ესწრაფოს, შეიცნოს ისინი" და წარგზავნოს ეპისკოპოსთან. ეს ნიშნავს, რომ პრესვიტერი გაანათლებს ქრისტიანს ეპისკოპოსის კურთხევით და გზავნის განმანათლებელთან, (ეპისკოპოსთან) მათ ვისაც სურს სრულყოფა. დიაკვნის ხარისხი კი "განწმენდს მოსულთ, ათავისუფლებს რა მათ მტრული აზრებისგან,". ამის შემდეგ კი მიდის მღვდელთან"103. დიონისე არეოპაგელის შრომების მიხედვით იერარქი არა მხოლოდ სრულყოფს, არამედ განწმენდს და ანათლებს ერს. მღვდელი განწმენდს და გაანათლებს. დიაკვანი კი მხოლოდ განწმენდს. დაბალ საფეხურზე მყოფ სამღვდელოებას არ შეუძლია უფრო მაღალი საქმე აღასრულოს.104 თითოეული საფეხურის ფუნქცია ეკლესიაში მკაცრად განსაზღვრულია. სამღვდელოების ყოველ წოდებას აქვს სულიერი ცხოვრების შესაბამისი ხედვა. აქ საჭიროა მოვიყვანოთ დიონისე არეოპაგელის თხზულების ერთი ნაწილი, სადაც შეჯამებულია სამღვდელოების სამივე ხარისხის ფუნქცია: "მღვდელმსახურთა შესამოსელი (ანუ მღვდელი) საწყისი ძალით განწმენდს არასრულყოფილი მსახურებით, საშუალო ძალით განწმენდილი სინათლისკენ წარმართავს, ბოლოს, უმაღლესი ძალით კი სრულყოფს შემეცნებითი სრულყოფით იმათ, ვინც ღვთიური ნათლით ამაღლდა ღვთის ჭვრეტამდე"105.
მოკლედ, დიონისე არეოპაგელის შრომის მიხედვით გამოიკვეთა, რომ სამღვდელოების სამივე ხარისხი შეესაბამება სულიერი ცხოვრების სამ საფეხურს. განწმენდა, განათლება და სრულყოფა ანალოგიურია დიაკვნის, პრესვიტერის და ეპისკოპოსის წოდებისა. დიაკვნის ხელდასხმისათვის, რომლის საქმეა ერის განწმენდა ვნებათაგან, საჭიროა განწმენდილ მდგომარეობაში ყოფნა ანუ მოქმედი სიბრძნისმოყვარეობით ცხოვრება, პრესვიტერად ხელდასხმისათვის, რომლის საქმეა სხვათა განათლება, აუცილებელია ადამიანი (კანდიდატი) გონების განწმენდის ეტაპზე იყოს, ანუ ჭვრეტის საფეხურზე. ეს ნიშნავს, რომ ლოცვით უწყვეტად უნდა მიმართავდეს უფალს, იცოდეს გონიერი ქმედება და ჭვრეტდეს არსებათა მიზეზს, იცოდეს წმინდა წერილი. ეპისკოპოსმა კი, ვინც სრულყოფს ერს საღმრთისმეტყველო სწავლებით, უნდა იცოდეს საიდუმლო ღმრთისმეტყველება, იცხოვროს უფალთან კავშირით, იმყოფებოდეს წინასწარმეტყველთა დასში, აღასრულებდეს ღვთიურ საქმეებს და ჭეშმარიტების სიტყვისკენ წარმართავდეს ერს.
დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად ხელდასხმის წესი მიუთითებს თითოეულის სულიერ მდგომარეობაზე. ვის რამდენის ტვირთვა შეუძლია. ადამიანებს არ ასხამენ ხელს მათი სულიერი შესაძლებლობების გაუთვალისწინებლად106.
ეპისკოპოსი ქრისტიანებს მადლს გადასცემს იმისთვის, რომ ისინი ღირსეული დიაკვნები და პრესვიტერები გახდნენ. "თავად ეპისკოპოსს ყველა სამღვდელმსახურო საიდუმლოების აღსრულებაში უფალი წარმართავს"107. მოსე არ მოუწოდებდა ძმას აარონს "აღესრულებინა მღვდელმსახურება", "საიდუმლოთა აღმსრულებელ ღმერთს თავად რომ არ გაეხადა იგი მღვდელმსახური"108.
დიონისე არეოპაგელის ღვთისმეტყველების თანახმად ეპისკოპოსი სულიერი ცხოვრების მცოდნეა, ღვთისმხილველია და აქვს თავად განღმრთობის გამოცდილება. ამიტომ "მღვდელმთავრის ღვთაებრივი წოდება არის პირველი ღმერთისმხილველ წოდებათა შორის. ეს არის უკანასკნელი ხარისხი"109. მღვდელმთავარი განღმრთობის ნაყოფია, რადგან განღმრთობა განიცადა თავად და ეხმარება სხვა ქრისტიანებს მადლით განღმრთობის გზაზე. "მღვდელმთავრის ხარისხი მოითხოვს თვითსრულყოფას. განღმრთობის განცდას, რასაც გადასცემს მასზე დაბალ საფეხურზე მდგომთ მათი ღირსების შესაბამისად, გადასცემს თავის განღმრთობის ნაწილს"110. დიონისე მღვდელმთავრად ასახელებს "ღმრთივშთაგონებულ და ღვთიურ ადამიანს, რომელიც წმინდა ცოდნის მფლობელია და მისი მაგალითით სრულდება და შეიცნობა მთელი იერარქია"111.
მღვდელმთავარი ყველა თავისი ღირსებით და ნაკლით "ინარჩუნებს უცვლელად ღვთისმხილველ გონებრივ მდგომარეობას", მღვდელმთავარი განწმენდისა და განათლების ნაყოფია, ღმრთივშთაგონებული ადამიანია, და მას უშუალოდ უფალი მართავს. იგია "ბაგე ჭეშმარიტებისა" და "ქრისტეს მსგავსად მის ადგილას მჯდომი ".
ვერ ვუძლებთ ცდუნებას, რომ არ მოვიყვანოთ დიონისე არეოპაგელის სიტყვები, რომელთა თანახმად, ღვთიური სინათლის სხივები ღვთის მსგავს ადამიანებს მოეფინება, ასეთი ადამიანები თითქოს გამჭვირვალენი დიდი სინათლის ნაწილნი ხდებიან და მასვე ასხივებენ. მათ კი, ვინც ღმერთს ხედავენ, "მღვდლებს გულუხვად, მაგრამ მათი შესაძლებლობების შესაბამისად, უნდა უჩვენონ თავად მათთვის ხილული ღვთიური სახეები"112. გარდა ამისა მღვდელმსახურებისათვის თავის მიძღვნა იმ ადამიანთა საქმეა "ვინც მოიპოვა "სრულყოფილი უნარი ამ მიძღვნისა (მასთან ზიარებისა)113 ეს რას ნიშნავს? იმას, რომ უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად თვითსრულყოფაა საჭირო უმაღლეს მდგომარეობას აღწევს ღმრთივშთაგონებული ადამიანი, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით შეიცნო უფალი.
აი, რა თვისებები იყო საჭირო სამღვდელო ხარისხის მისაღებად. მათ ზემოთ აღნიშნული სამი ეტაპი უნდა გაევლოთ, რომ დარწმუნებულიყვნენ საკუთარი თავის განკურნებაში, რის შემდეგაც სხვების განკურნებას შეძლებდნენ. ეპისკოპოსი, პრესვიტერი და დიაკვანი ღვთისმსახურების მონაწილენი კი არ არიან მხოლოდ და ასრულებენ ეკლესიის საიდუმლოებას. ისინი იმავდროულად სულიერი მკურნალნიც არიან და ერს ეხმარებიან განწმენდაში და განათლებაში და უფალთან აახლოებენ. სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი წერს, რომ ადამიანი უნდა შეუდგეს განწმენდილი გულითა და სინდისით წმინდა, უბიწო სამების მსახურებას", თუკი მან შეიცნო ქრისტე, მიიღო სული და "მივიდა მამასთან ამ ორის (ქრისტესი და სული წმიდის) მეშვეობით"114.
ამრიგად, მღვდლობის ხარისხში აყვანა ღვთის მოწოდებით ხორციელდება. ეს მოწოდება არ გამოიხატება მხოლოდ შეგრძნებით, რომ ღმერთი მოეხმობს თავის რჩეულს, ემსახუროს ერს, არამედ მტკიცე გადაწყვეტილებით - საკუთარი ფერისცვალებით - მან (რჩეულმა) უნდა ასაზრდოოს ერი. საზრდოობა, უპირველეს ყოვლისა, კურნებას გულისხმობს. კურნების გარეშე ადამიანი ვერ მიაღწევს უფალს და ვერ იხილავს მას ისე, რომ ეს ხილვა ადამიანისთვის განმანათლებელი გახდეს და არ იქცეს მწველ ცეცხლად: "თუკი მოწოდებული ხარ და ღვთაებრივი სამღვდელო ხარისხი მიიღე..."115 თუ ადამიანი ვერ გრძნობს მაღლიდან მოწოდებას, ანუ ის ჯერ არ განკურნებულა, მაშინ "ტვირთი ძალიან მძიმე იქნება, ტვირთვადი, მაგრამ ღირსების შეუსაბამო და შესაძლებლობებზე აღმატებული116.
ხშირად საუბრობენ მოციქულთა გადმოცემისა და მემკვიდრეობის შესახებ, რაშიც ხელდასხმა იგულისხმება. ვერ უარვყოფთ, რომ ამგვარი გადმოცემაც არსებობს, თუმცა ვერც ის დაგვაეჭვებს, რომ მოციქულთა მემკვიდრეობა არ არის ოდენ ხელდასხმათა რიგი, არამედ იგი ეკლესიის ცხოვრების ტრადიციაა. მოციქულები, მათ შემდეგ კი წმინდა მამები გადასცემდნენ არა მხოლოდ მღვდლობის მადლს, არამედ ქრისტესმიერი ცხოვრების წესს. ეპისკოპოსს ჰქონდა და აქვს ჭეშმარიტების მადლი. პროფესორი იოანე რომანიდისი შენიშნავს: "მოციქულთა ტრადიციისა და მემკვიდრეობის საფუძველი იყო არა მარტო ხელდასხმა, არამედ მას თან ახლდა თაობიდან თაობისთვის განმკურნებელი მემკვიდრეობის გადაცემა, რასაც განათლება და განღმრთობა მოაქვს". ადგილობრივი და საეპარქიო კრებები იმართებოდა ჭეშმარიტი მკურნალების მონაწილეობით, ცრუმასწავლებლებისა და ცრუწინასწარმეტყველების გარეშე, რომლებიც თითქოს მადლმოსილნი იყვნენ. ამ უკანასკნელთაგან კრებები მრევლს იცავდა. ხელდასხმის უმთავრესი ნაწილი კანდიდატის არჩევა და გამოცდა იყო"117.
სწორედ ამ მოვლენას ეფუძნებოდა ეკლესია. ეპისკოპოსების გამორჩევა მონაზონთა საძმოდან ხდებოდა, რადგან მონაზვნობა მკურნალთა სკოლაა, საიდანაც განსწავლული მკურნალები გამოდიოდნენ, მათ იცოდნენ ადამიანთა უძლურების კურნება.
დიოკლიის ეპისკოპოსი კალისთე უეარი წერს, რომ ოცი "მთავარი" მონასტრიდან მარტო ერთმა (გულისხმობს ათონის წმინდა მთის დიდ ლავრას) მისცა ქრისტიანულ სამყაროს 26 პატრიარქი და 144 ეპისკოპოსი. ეს ფაქტი მეტყველებს ათონის მთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე118 ნიკოდიმოს მთაწმინდელი ნაშრომის "რჩევების სახელმძღვანელო" ("συµβουλευτικοῦ ἐγχειριδίου ") შესავალში წერს: "რაოდენ ბედნიერი და ოქროს საუკუნეები იყო, როცა ქრისტეს წმინდა ეკლესიაში ცოცხლობდა წესი პატიოსან მონაზონთაგან აერჩიათ ისინი, ვინც სამღვდელოების მაღალ ხარისხში უნდა აეყვანათ და ადამიანთა სულებზე უნდა ეზრუნა. (იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა ერისკაცთაგან იყო ვინმე თავისი სიქველითა და სათნო ცხოვრებით გამორჩეული). ამგვარ წესზე მიუთითებს აია სოფიას კრების აქტები; კესარიისა და ქალკედონის კრებებზე პაპის იოანეს მოსაყდრეს ასე უპასუხეს: "აღმოსავლეთში ეპისკოპოსად და პატრიარქად მონაზონთაგან გამოსული აირჩევა"119.
ეკლესიის ისტორია ასეთი ვარდისფერით მოსილი არ ყოფილა ყოველთვის. ხდებოდა ისეც, რომ ზემოთ აღნიშნულ ჭეშმარიტებას ივიწყებდნენ და მაშინ ერი უგუნურობის წყვდიადში ექცეოდა. ადამიანებმა არ იცოდნენ არც კურნების შესახებ და არც თუ როგორ აღესრულებოდა ეს კურნება, რადგან არავინ იყო ამის მასწავლებელი. IV ს-ში ისიდორე პელუსიელი განასხვავებს წარსულის მწყემსებს მის თანამედროვეთაგან. იგი წერს: "უწინ მწყემსი ცხოვართათვის კვდებოდა, ახლა კი იგი თავად ჭრის ყელს მათ". უწინ სამღვდელოებას შეუდგებოდნენ სათნოების მოყვარულნი, ახლა კი - ვერცხლისმოყვარენი, უწინ სამღვდელონი ხდებოდნენ ადამიანები, ვინც ამ წოდებით მინიჭებულ ძალაუფლებას ეკრძალვოდა, ახლა ძალაუფლებას ნეტარებით იღებენ; უწინ ნებით იწვრთნებოდნენ თავმდაბლობით, ახლა წოდების უპირატესობას ესწრაფვიან, უწინ თვალწინ ჰქონდათ უფლის სამსჯავრო, ახლა მასზე სრულებით არ ფიქრობენ, უწინ მზად იყვნენ დარტყმის ასატანად, ახლა იერიშზე თავად გადადიან. ბევრის თქმა რა საჭიროა? ჩანს, რომ მღვდლობა ტირანიად იქცა, მოთმინება ამპარტავნებად გადაიქცა, მარხვა - ფუფუნებად, მორჩილება ბატონობად. რადგან სამღვდელოება დღეს ღირსებად მიიჩნევს არა მისთვის მინიჭებულის მართვას, არამედ მის დასაკუთრებას"120.
იოანე რომანიდისი, რომელსაც ეკუთვნის გამოკვლევა ამ თემაზე, მართლმადიდებლური ტრადიციის დაკარგვის შესახებ წერს: "დროთა განმავლობაში ვეღარ იძებნებოდნენ განღმრთობელი ან კიდევ განათლებული"121 ადამიანები, ეპისკოპოსებად და პრესვიტერებად რომ ეკურთხებინათ. ზოგჯერ იყვნენ კიდეც ასეთები, მაგრამ მათი ხელდასხმა ამომრჩევლებს არ სურდათ. ხშირად არჩევანი შეჩერდებოდა ხოლმე უბრალოდ კეთილშობილ და ზნეობრივ ადამიანებზე, თუმცა მათ არ იცოდნენ სულის ტრადიციული მკურნალობა განათლებითა და განღმრთობის გზით. აქედან გამომდინარე, ჩნდებოდნენ ისეთი ეპისკოპოსები, რომლებიც უწინ ერისკაცები იქნებოდნენ, რადგან სული წმინდის მადლი არ იყო მათზე, რომლის ძალითაც მათი გულები უწყვეტი ლოცვით იარსებებდა. ასე ხსნის ამ მოვლენას სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი. იგი მოუწოდებდა, წინ აღსდგომოდნენ აღწერილ მდგომარეობას და მართლმადიდებლურ ეკლესიაში ცენტრალური ადგილი დაეკავებინა მის უმთავრეს მისიას - სულთა კურნებას, ხოლო იერარქიას დაბრუნებოდა წმინდა მამათა ისიხასმი (ἡσυχασµός), როგორც ეს დიონისე არეოპაგელის შრომებში იყო მოცემული. წმინდა მამათა ისიხასტური ტრადიციის ხელმძღვანელობით ეკლესიამ და ერმა შეძლო ერთობის შენარჩუნება იმპერიის (ბიზანტიის) დაცემის შემდეგაც, რადგან სწორედ ამ ტრადიციით მიეცათ ძალა ქრისტიანებს არაბთა, ლათინთა თუ თურქთა შემოსევებისთვის გაეძლოთ. წინასწარმეტყველები, განღმრთობილი და მკურნალი ადამიანები ექიმებს ჰგავდნენ, მათგან ერთი ხელმძღვანელად აირჩეოდა, თუმცა ეს მათ შორის არათანასწორ მდგომარეობას არ გამოხატავდა. ასე მოხდა მოციქულთა შორისაც. ქრისტეს მოწაფეთაგან პირველი იყო პეტრე, მაგრამ იერუსალიმში მოციქულთა კრებებს თავმჯდომარეობდა იაკობი, როგორც ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსი. დროთა განმავლობაში გაიზარდა ქრისტიანთა რაოდენობა და მათ შორის არ იყვნენ განღმრთობილნი, ისეთები, როგორებსაც პავლე მოციქული წინასწარმეტყველებს უწოდებს, ეკლესიის წინაშე დადგა პრობლემა: ხელი დაესხათ თუ არა ეპისკოპოსად ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც განღმრთობის მადლი არ მიუღია, ან უკიდურეს შემთხვევაში განათლების პროცესშია. ეკლესიამ ეს არ დაუშვა და გადაწყდა ხელი დაესხათ პრესვიტერებისთვის და ისინი დაედგინათ ეპარქიის მოწვეული კრების თავმჯდომარეებად. ამრიგად, ეპისკოპოსს დაეკისრა მოვალეობა, ზედამხედველობა გაეწია თავმჯდომარე - პრესვიტერებისათვის ისე, როგორც ექიმი აკონტროლებს მედპუნქტს, რომელსაც სანიტარი ხელმძღვანელობს. ეს ნიშნავს, რომ საეკლესიო კრებამ ვერ გამოარჩია მკურნალთა საკმარისი რაოდენობა ეპისკოპოსებად ხელდასხმისათვის და დაადგინა სანიტარი - პრესვიტერები. სანიტარს კი ექიმს ვერ უწოდებდნენ, ანუ განუღმრთობელ ადამიანს ეპისკოპოსად ვერ აკურთხებდნენ, რადგან ამ ფაქტის დაშვებით ეკლესიის განმკურნებელი ღვაწლი შეწყდებოდა. დროდადრო ჩნდებოდნენ ისეთი ეპისკოპოსები და პრესვიტერები, რომლებიც განათლებულნიც (φωτισµένοι) არ იყვნენ. ამით იყო განპირობებული სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის შეშფოთება. ამას მოჰყვა იერარქიაში ისიხასტების (დაყუდებულთა) მოსვლა, განსაკუთრებით გრიგოლ პალამას ეპოქიდან.
მოციქულთაგან მემკვიდრეობით მიღებული კურნება მოციქულთა შემდგომ პერიოდში, ლათინთა გამოჩენამდე და რუსული და ახალბერძნული მართლმადიდებლობის ჩამოყალიბებამდე, შენარჩუნდა მონაზონთა წრეში. კურნება განათლებით და განღმრთობით საერო ეკლესიებშიც დამკვიდრდა. სამიტროპოლიტოები და საეპისკოპოსოები მონასტრებად გადაკეთდა. აი, რატომ იწოდებოდა კონსტანტინეპოლის აია სოფიას ტაძარი დიდ მონასტრად. მონაზვნობა გახდა თავისებური სამედიცინო სკოლა, სადაც მომავალი ეპისკოპოსები მოციქულებრივ კურნებას სწავლობდნენ. სამრევლო ეკლესია ბაძავდა მონასტერს, რადგან განათლება და განღმრთობა სჭირდება ყველა ადამიანს სულის საკურნებლად, დაბნელებული გონების განსაწმენდად. დოგმატური თვალსაზრისით სულის კურნებაში განსხვავება საერო და სამონასტრო ცხოვრებაში არ არსებობს. განსხვავება ისაა, თუ რამდენად წარმატებულად და ხარისხიანად არის აღსრულებული კურნება"122.
2. "მადლის განახლება"
ჩვენ წარმოვაჩინეთ, რომ მღვდლობა - უდიდესი მადლია, რაც ეძლევა იმას, ვინც ვნებათაგან იკურნება და მკურნალის ადგილს იკავებს სხვა ადამიანთა ვნებების განსაკურნებლად.
მკურნალ-ექიმს მუდმივად სჭირდება ცოდნის გაღრმავება და განახლება. სხვაგვარად მკურნალობის ახალ მეთოდებს ვერ გამოიყენებს. გარკვეული თვალსაზრისით იგივე ეხება მღვდელსაც. იგი ვერ შეძლებს მღვდლობის მადლის შენარჩუნებას მუდმივი სიფხიზლისა და ღვაწლის გარეშე, მღვდელი ქრისტესმიერ მადლს ატარებს და მას წაბილწვისგან უნდა იცავდეს. ეს არის სწორედ მღვდლობის სიღრმისეული არსი.
არსებობენ ისეთი მღვდლები, რომლებიც თავად არ განწმენდილან, მიუხედავად ამისა მსახურობენ და საღმრთო ლიტურგიას ასრულებენ ღვთის მადლის თანამოქმედებით. გარეგნულად მათი მღვდლობა შეუბღალავია, რადგან ეკლესიას ისინი არ განუსჯია. ასეთი მღვდლობა უძლურია, რადგან მას ხელდასხმული თავისი ცხოვრებით ბილწავს. ნიკოლოზ კაბასილასი ამბობს: "მათ შეუძლიათ წმინდა ძღვენი აკურთხონ, მაგრამ თავად ვერ იკურთხებიან სიწმინდისაგან".
რა არის მიზეზი ასეთი სამღვდელოების უძლურებისა? უპირველესი მიზეზი ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ კურნება. საიდუმლოს შესრულება ღვთის მადლით არის მონიჭებული, რაც მღვდელს ხელდასხმისას ეძლევა. ადამიანთა უძლურების კურნების უნარი ისეთ ადამიანს ეძლევა, ვინც ნათლობის მადლი ღირსეულად შეინარჩუნა. ეს სამეუფო მადლია. აი, რატომ არ შეუძლია ყველა მღვდელს განკურნოს ადამიანთა ვნებები, მან ხომ არ იცის კურნების მეთოდები. მას წარმოდგენა არა აქვს რა არის გული და გონება. როგორ შეიძლება იყოს გონება დატყვევებული და გული მკვდარი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამის ცოდნა მონაზონთა საქმეა. აქედან გამომდინარე, წმინდა მამების ქრისტესმიერ სწავლებებში განარჩევენ მონაზვნურ და საერო ცოდნას. ამგვარი განსხვავება მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არსებობს.
ქვემოთ შევეცდებით მოციქულთა და ეკლესიის მამათა შრომების მიხედვით გადმოვცეთ ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ მღვდელი მღვდლობის მადლის ღირსი უნდა იყოს და მუდმივად განაცხოველებდეს ხელდასხმისას მიღებული მადლის მხურვალებას. სხვაგვარად ვერ შეძლებს ადამიანების სულიერ სნეულებათა განკურნებას.
მკურნალ-მღვდელთა ძირითადი თვისებები
პავლე მოციქული მოუწოდებს თავის მოწაფე ტიმოთეს: "ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი..." (1 ტიმ. 4,14). ეს მიმართვა ჰგავს ზოგადად ქრისტიანებისადმი მოწოდებას: "ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ". (2 კორ. 6,1). მოციქულის მტკიცებით: "და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო..." (1 კორ. 15.10). პავლე ეუბნება ტიმოთეს: "რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელითა ჩემთაჲთა" (2 ტიმ. 1,6). პავლე მოციქული ეპისტოლეებში ხშირად ეხება ამ საკითხს. ეპისკოპოსი და ზოგადად, მღვდელმსახური საკუთარ სულში მღვდლობის მადლის შესანარჩუნებლად უნდა იბრძოდეს, ღირსეულად რომ ემსახუროს უფალს და ადამიანებს და დაიცვას მიღებული საუნჯე.
აღნიშნულ თემაზე ბევრგან მსჯელობს მოციქული. მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას: "იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა" (1 ტიმ. 4,7). "კეთილი მსახურ ქრისტეს იესუჲსა და იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილთა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდეგ" (1 ტიმ. 4,6). "სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულთა, სულთა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" (1 ტიმ. 4,12). მოციქული სთხოვს ტიმოთეს: "დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ, ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა (1 ტიმ. 6,14) და მას ტრადიციის დაცვას ურჩევს: "დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა" (2 ტიმ. 1,14).
ტრადიციის დაცვა ტიმოთეს სულში დავანებული სული წმიდით უნდა განხორციელდეს. მოციქული მოითხოვს მისგან სიფხიზლეს, ყურადღებას, დაუღალავ ზრუნვას მადლისთვის, რათა უფლის მოწოდებას უპასუხოს. "ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე" (2 ტიმ. 4.5).
მამათა სწავლებაში ჩამოთვლილია ყველა ღირსება, რითაც უნდა იყოს შემკული მღვდელმსახური თავის მაღალი მოვალეობის შესასრულებლად. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ზოგიერთ ნაწყვეტს. პირველ რიგში მივმართავთ იოანე ოქროპირს და წმინდა თეოგნოსტეს. ამ მამების სწავლება მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას გამოხატავს.
წმინდა თეოგნოსტეს სიტყვებით მღვდელმსახურისთვის საკმარისი არ არის ადამიანური ცოდნა, იგი შინაგანად ფარულ, საიდუმლო ღვთიურ მადლს უნდა ატარებდეს. "საღმრთო საიდუმლოთა აღსრულებისას ნუ დაკმაყოფილდები მარტო ადამიანური გადმოცემებით, იყოს შენთან ღვთიური მადლი, რომელითაც უმაღლესის ჭვრეტა შეგეძლება"123. მღვდელმსახური ამ მადლს "თვალის ჩინივით" უნდა უფრთხილდებოდეს და ატაროს იგი უბიწოდ"124, ასე რომ, მღვდელმსახურს სჭირდება მღვიძარება, რაც დიდი ძალისხმევით მიიღწევა. საღმრთო ლიტურგია უნდა შესრულდეს "ფხიზლად და განცდითა და ტკივილით"125. იოანე ოქროპირიც იმავეს ამბობს, რომ მღვდლობის მადლის შესანარჩუნებლად სიფხიზლეა საჭირო. "მღვდელმსახური მღვიძარე, ყურადღებიანი, ფრთხილი უნდა იყოს, ყველა მხარეს მიმართოს თვალი"126. იგი მრავალთვალიან ქერუბიმს უნდა ჰგავდეს, წმინდად რომ ემსახუროს უფალს, ყველა მხრიდან დაიცვას თავი... მუდმივი სიფხიზლით იცხოვროს, დანაკარგი რომ არ განიცადოს"127. იოანე ოქროპირის სიტყვებით, როგორც ცეცხლს სჭირდება შეშა ასაგიზგიზებლად, ასევე მადლს მუდმივად არსებობისთვის "ჩვენი სურვილი და მზადყოფნა სჭირდება". ჩვენზეა დამოკიდებული ჩაქრება თუ იცოცხლებს იგი. "ეკლესიის მფარველი მადლი" ქრება "სიზარმაცისა და უმოქმედობისას და იღვიძებს "ყურადღებითა და სიფხიზლით"128.
სიფხიზლე აუცილებელია მღვდლობის მადლის და კურთხევის დასაცავად. წმინდა თეოგნოსტეს სწავლების მიხედვით პატიოსანი მღვდლობა "ანგელოზებრივ წესრიგსა და სიწმინდეს მოითხოვს", მღვდელმსახურის ხარისხის მიღებისას უფრო მეტი სიმტკიცე და სიბრძნეა საჭირო"129. იოანე ოქროპირი წერს, რომ მღვდელმსახური ისეთი წმინდა უნდა იყოს, თითქოს ზეციურ ძალთა შორის იმყოფება"130. მისი სული მზის სხივივით სპეტაკი უნდა იყოს, არასდროს რომ არ მიატოვოს სულმა წმინდამ"131.
სინანული მღვდელმსახურის კიდევ ერთი აუცილებელი თვისებაა, აუცილებელია "ცრემლის ნაკადით" განიწმინდოს და თოვლზე მეტად განსპეტაკდეს მისი სული და ამის შემდეგ შეეხოს "წმინდანივით წმინდა საიდუმლოებებს"132.
მღვდელმსახურის სიწმინდე თავისი სინათლით სხვა ქრისტიანებს უნდა ანათებდეს. განიწმინდოს ვნებებისგან, "განსაკუთრებით სიძვისა და გულღრძოობისაგან, რაზეც მსუბუქადაც არ უნდა გაიფიქროს"133. ბევრი წმინდა მამა თვლის, რომ ამ ორი ცოდვისგან (სიძვა და გულღრძოობა) შორს უნდა იდგეს მღვდელმსახური. სხვაგვარად ღვთიური მადლი მაკურნებელი არ იქნება სულიერი სამწყსოსთვის. მღვდელმსახურმა მსხვერპლად თავისი ვნება და ხორციელი სურვილები უნდა მიიტანოს134. ამბა დოროთეს სიტყვებით "მღვდლობა არის ყველაფრის ღმერთის სამსხვერპლოზე დადება, ბატკნის, მოზვერის თუ სხვა რამის"135. მღვდელმსახური მთლიანად უნდა მიეძღვნას უფალს. სახარებაში გადმოცემულია ქრისტიანის სვლა უფალთან ურთიერთობის მისაღწევად. ეს, პირველ ყოვლისა, ეხება უფლის მსახურს, ე.ი. მღვდელს და ეკლესიის ასკეტიკას, რასაც ჩვენი ნაშრომი ეძღვნება. სახარების ამ შინაარსს კარგად უნდა აცნობიერებდეს (იცოდეს) მღვდელმსახური. "ცოდნაში" თეორიულ ცოდნას არ ვგულისხმობთ, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ. ყოველივე გულიდან გამომავალი ქრისტიანის დამხმარეა. მღვდელმსახური მსხვერპლად სწირავს თავის სისხლს სხვის გამოსაკვებად, საკუთარ თავს აქუცმაცებს და ხალხს ასაზრდოებს.
სიფხიზლესთან, განწმენდასთან, სინანულთან ერთად მღვდელმსახური სული წმინდის ყველა მადლით და სათნოებით უნდა იყოს აღვსილი. უმთავრესი სათნოება მოთმინებაა, რასაც ისააკ ასური ღვთიურ შესამოსელს უწოდებს, რადგან ქრისტემ ადამიანის გამოსახსნელად "დაიმდაბლა თავი თჳსი" (ფილ. 1.8.). - ამბობს პავლე მოციქული. მღვდელმსახურის მიერ აღსრულებული ლიტურგია გვიჩვენებს ქრისტეს სიმდაბლეს. ევქარისტიით წმინდა სიმდაბლის თანაზიარნი ვხდებით და მსხვერპლის გაღების უნარს ვიძენთ. ლიტურგიას ვასრულებთ არა მარტო ღვინისა და პურის სისხლად და ხორცად გარდაქცევისთვის, არამედ ქრისტესთან ზიარებისთვის. ეს არის დამდაბლება, ჩვენ ვესწრაფვით, ვიტვირთოთ საღმრთო ევქარისტია, რაც თვით დამდაბლებას გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით წმინდა თეოგნოსტე მოგვიწოდებს: ჳდაიმდაბლე თავი, სამსხვერპლო კრავის მსგავსად და სხვა ყველა ჭეშმარიტად შენზე აღმატებულად მიიჩნიე136. წმინდა თეოგნოსტეს ეკუთვნის სიტყვები: "მიიჩნიე თავი მიწად, ფერფლად და მტვრად და იტირე მუდმივად"137. მღვდელმსახურება უნდა შესრულდეს "შიშით და კანკალით" და ამგვარად მართლად ვლინდება ჭეშმარიტება"138.
წმინდა მამებმა რეალობაც იციან. ისინი აღნიშნავენ, რომ ბევრი უღირსი მღვდელმსახური არსებობს და მიუხედავად შესაფერისი თვისებებისა, ასრულებს საეკლესიო საიდუმლოებებს. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მღვდლობა არ ფარავს ადამიანის უღირსობას, პირიქით ააშკარავებს მას. როგორც "ცეცხლში იწრთობა ლითონის ნივთები, ასე გამოსცდის სამღვდელოება ადამიანთა სულებს, გამოავლენს ვინ არის მრისხანე, სულმოკლე, პატივმოყვარე, ამაყი და სხვა. სწრაფად გამოააშკარავებს ყველა სისუსტეს და უფრო მძიმედ წარმოადგენს მათ"139. იოანე სინელი ამბობს,,,ვიხილენ მოხუცებულნი მღვდელნი, რომელთა ეკიცხვიდეს ეშმაკნი"140.
წმინდა მამები მოურიდებლად, მთელი სიმკაცრით წარმოაჩენენ რა დაემართებათ უღირს მღვდლებს. მათ, ვინც ეს ტვირთი შესაბამისი მომზადებისა და ცხოვრების წესის გარეშე იტვირთეს. წერენ იმიტომ, რომ არ აცდუნონ სხვათა სულები განკურნების ნაცვლად. ისიდორე პელუსიელი ამბობს "ნუ მივცემთ ღვთიურს განსაკიცხად"141. იოანე ოქროპირი წერს, რომ თვით მღვდლობის პატივი გახდება ჩვენი განმსჯელი თუკი მღვდელმსახურებას არასწორად წარვმართავთ"142.
წმინდა თეოგნოსტის შრომების მიხედვით, გამოუსწორებელი მღვდელი, თუ თავისი ნებით არ შეწყვეტს მღვდელმსახურებას, "ღმერთის ხელში მოხვდება, ის კი კაცთმოყვარეობით არ შეიწყნარებს მას"143. წმინდა მამა მიუთითებს გადმოცემაზე, რომლის თანახმადაც "უღირსი მღვდლები მოულოდნელი სიკვდილით პირდაპირ მსაჯულის ხელში ხვდებიან"144. წმინდა მამას ორი ამგვარი მღვდელმსახურის მაგალითი მოჰყავს; ერთი გარეგნულად თითქოს ღირსეული, მაგრამ შინაგანად სიამოვნების მოყვარე და ბინძური", ქერუბიმთა გალობის დროს კითხულობდა ლოცვას "არავინ არს ღირს" და მოულოდნელად გარდაიცვალა"145. მეორე მღვდელმა მეძავთან შესცოდა და უკურნებელი სენით დაავადდა", მძიმედ დასნეულებულმა შეინანა და აღთქმა დადო, რომ მღვდელმსახურებას აღარ შეასრულებდა. ამის შემდეგ განიკურნა ისე, რომ სნეულების ნიშანიც კი არ დარჩა146.
ასეთი ვრცელი მსჯელობა მღვდლობის შესახებ დაგვჭირდა იმიტომ, რომ გვეჩვენებინა ერის სამსახურისთვის მისი მნიშვნელობა. ეპისკოპოსს და მღვდელს აქვს მინიჭებული ასეთი დიდი პატივი - ერის სამსახური. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, არის თერაპია. ეკლესია ადამიანთა სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად არ არსებობს, არამედ მათი ხსნისათვის, სულის განკურნებისთვის. ამგვარი სამსახური ადამიანისგან ბევრ ღირსებას მოითხოვს. მღვდელმსახურზე უნდა გადმოვიდეს ღვთიური მადლი, იგი ეკლესიის საიდუმლოთა აღსრულებისას თავადაც უნდა განათლდეს და ეს სინათლე სხვებსაც გადასცეს. ეს უმაღლესი ღვაწლია, ამიტომ ამბობს იოანე ოქროპირი: "ვფიქრობთ, რომ მღვდელმსახურთა შორის ცხონებულნი მცირედნი არიან, უმრავლესობა წარწყმდება. მიზეზი ამისა კი ის არის, რომ ეს საქმე სულის სიმაღლეს ითხოვს"147.
სულიერი მღვდლობა*
ზემოთ ვისაუბრეთ მღვდელმსახურის ორგვარ ღვაწლზე. იგი ასრულებს ეკლესიის საიდუმლოებებს და კურნავს მორწმუნე სულებს იმისთვის, რომ ეზიარონ უფლის სისხლსა და ხორცს. აღვნიშნეთ ისიც, რომ ზოგიერთი მღვდელმსახურის მღვდლობა გარეგნულად ღირსეულად გამოიყურება, საქმით კი შებილწულია, რადგან არ შეუძლია განკურნება. ასეთი მღვდელმსახური ასრულებს ლიტურგიას, აკურთხებს წმინდა ძღვენს, მაგრამ არც საკუთარი სულის ხსნა შეუძლია და არც სხვათა სულების კურნება. არსებობენ ერისკაცები და მონაზვნები, რომელთაც ხელდასხმა არ მიუღიათ, მაგრამ სულიერად მღვდლები არიან, რის გამოც შეუძლიათ ადამიანთა განკურნება. სწორედ ამ ფაქტზე შევაჩერებთ ყურადღებას. ჩვენ, ქრისტიანები, ვინც ვესწრაფვით ქრისტეს მცნებათა დაცვას, ქრისტეს შევიმოსავთ ნათლობით და ასე ვხდებით მისი მეუფების, წინასწარმეტყველთა და მღვდელმთავართა თანაზიარნი.
ამგვარი სწავლება ახალი აღთქმის წიგნებში ჩანს. იოანე ღმრთისმეტყველი წერს: "რომელმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლთა თჳსითა და მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა და მამის თჳსისა" (გამოცხ. 1. 5-6). პეტრე მოციქული ამბობს: "თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული (1 პეტრ. 2,9). პავლე მოციქული მიმართავს ქრისტიანებს: "გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელ ეგე მსახურებით თქუენი" (რომ. 12,1).
მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, რომ თითოეული ადამიანი ქრისტეს მღვდელია იმ თვალსაზრისით, რაზეც ვიმსჯელეთ და შემდგომაც გავაგრძელებთ. ეს მოსაზრება გვხვდება წმინდა მამების შრომებშიც. იოანე ოქროპირი ბიბლიურ აბრაამს მღვდელმსახურს უწოდებს: იქ, სადაც არის ცეცხლი, სამსხვერპლო და დანა "რატომ უნდა დავეჭვდეთ მღვდლობის არსებობაზე?" აბრაამისეული მსხვერპლშეწირვა ორმაგი იყო. მან შეწირა თავისი მხოლოდშობილი ძეც და კრავიც. "უფრო სწორად, მსხვერპლად შეწირა მთელი თავისი გონება ყველასთვის". კრავის სისხლით მან მარჯვენა განიწმინდა, ყრმის შეწირვით, (რომლის აღსასრულებლად მზად იყო) განიწმინდა სული. "ამგვარად, იგი ხელდასხმული იქნა მღვდლად მხოლოდშობილი ყრმის სისხლით, კრავის შეწირვით. ამასთანავე იოანე ოქროპირი მოუწოდებს მსმენელებს: "და ასევე შენც გახდი მეუფე, და მღვდელი, წინასწარმეტყველი საბანელში, მეუფე - ყველა ცბიერი საქმის და ცოდვების დათრგუნვით; მღვდელი - ღმერთისათვის თავის მიძღვნით, ხორცის დათრგუნვით და თავშეწირვით"148.
წმინდა სამების სახელით მონათლული და სამპიროვანი ერთარსება ღმერთის ნებას დამორჩილებული ყველა მორწმუნე არის მღვდელმსახური, სულიერი მღვდელი. ტერმინი "სულიერი მღვდლობა" ჩვენთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ("საყოველთაო", "საერო" მღვდლობა), რადგან "სულიერი მღვდლობა" შეიძლება მიიღოს სასულიერო პირმაც და ერისკაცმაც, მაგრამ არა ყველა მონათლულმა, მხოლოდ იმათ, ვინც უფლის ტაძარი გახდა.
სულიერი მღვდლობა შეუძლია გონებით უწყვეტად მლოცველ ადამიანს, უფრო სწორად იმას, ვინც მადლის იმ სიმაღლეს მიაღწია, როცა ძალმოსილია მთელი სამყაროსთვის ილოცოს. ამას სულიერი მღვდელმსახურება ეწოდება, და ყველასთვის აღესრულება. ამგვარი ადამიანების (თავშეწირვით სხვებისთვის რომ ლოცულობენ) ლოცვაზეა დამყარებული სამყარო და მათით იკურნებიან სულები. ლოცვით ხდებიან ისინი ექსორცისტები და განაგდებენ ადამიანთა შორის გამეფებულ ეშმაკს. ეს რჩეულთა ღვაწლია, მათი, ვინც მთელი დედამიწისთვის ლოცულობს.
წმინდა გრიგოლ სინელი სულიერ სამღვდელოებაზე ამბობს, რომ მისი არსებობა თავად ხელდასხმული სამღვდელოებისათვისაა აუცილებელი. ნაშრომის წინა ნაწილში წარმოვაჩინეთ, რომ მღვდელმსახურად ირჩევდნენ ღვთიური მადლის მატარებელ ადამიანებს. გრიგოლ სინელის სიტყვებით გონებითი ლოცვა "საიდუმლო მღვდელმსახურებაა". საინტერესოა წმინდა მამის გამონათქვამი: "გონებით ლოცვას წინ უძღვის განწმენდა ანუ სული წმინდის ქმედება და შემდეგ გონებით საიდუმლო მღვდელმსახურება"149. ვისაც გონებითი ლოცვის მადლი ეძლევა, ის გრძნობს მადლის ქმედებას, რაც განწმენდილი, განმანათლებელი და საიდუმლოა. ასეთია სულიერი მღვდელმსახურება და სულიერი საღმრთო ლიტურგია. ამ მდგომარეობამდე ამაღლებული ადამიანი არის მღვდელმსახური. ჭეშმარიტი მღვდელმსახურებისას სული წმინდა მართავს გულს და სხვა აზრებისგან ათავისუფლებს, ასეთ გულში ყველაფერი ითქმის და სრულდება სული წმინდის მადლით"150.
წმინდა მამის მოყვანილი სიტყვები ცხადყოფენ, რომ სწორედ სულიერი სამღვდელოება გადავა მომავალ საუკუნეში, ზეციურ სასუფეველში. სულიერი სამღვდელოება ერისთვის, მისი სამსახურისთვის არსებობს. ის ზეციურ სასუფეველში განაგრძობს მსახურებას წმინდა ტრაპეზთან. ასეთი სულიერი მადლის მატარებელნი შეადგენენ `ჭეშმარიტ სამღვდელოებას", მათი ღვაწლი ამქვეყნიურ ცხოვრებაში იწყება. ამ სინათლეში შეუძლია შესვლა ყველანაირ ადამიანს, მათ შორის ქალსაც. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ მართლმადიდებლური ტრადიციით ქალის ხელდასხმა არ შეიძლება. ქალს შეუძლია "სულიერი მღვდელმთავარი" გახდეს. გრიგოლ სინელი სხვა ადგილას წერს: "ყველა კეთილმორწმუნე მეფე და მღვდელმსახური მადლცხებულია ახალი მადლით, ისევე როგორც უწინ. "არქეტიპის მიხედვით". ძველი აღთქმის მღვდელმსახურები იყვნენ წინასახენი ჩვენი ჭეშმარიტებისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი სამღვდელოება და მეფეები არ არიან "ერთსახოვანნი და ერთნაირნი"151.
ტყვეობისგან განთავისუფლებული ადამიანური გონება სული წმინდის მადლის მიღებით "სულიერი ხდება და მაშინ ადამიანი საიდუმლოდ ასრულებს მღვდელმოქმედებას საკუთარი სულის სამსხვერპლოზე და ეზიარება უფლის კრავს სულიერი ქორწინებით. სულის გონიერ სამსხვერპლოზე სულიერი მღვდელმსახური იგემებს უფლის კრავს და იმავდროულად თავად ემსგავსება მას. ამდენად, როცა ჩვენს სულში გონებითი ლოცვა აღევლინება, სრულდება უწყვეტი საღმრთო ლიტურგია, რაც ჩვენს არსებობას ასაზრდოებს. წმინდა გრიგოლ სინელი წერს: "სულიერი მღვდელმსახურება სულის საკურთხეველზე აღსრულებული გონიერი ქმედებაა. ზიარებაა უფლის კრავთან და უფალთან ქორწინება". გონიერ საკურთხეველზე კრავის შეჭმა ნიშნავს არა მხოლოდ მასთან ზიარებას, არამედ კრავად გარდაქცევას, მის მიმსგავსებას მომავალში."152
წმინდა გრიგოლი აგრძელებს "ზეციური სასუფეველი უფლის შექმნილ კარავს ჰგავს, სასუფეველსაც მოსეს კარვის მსგავსად ორი შესასვლელი ექნება მომავალ საუკუნეში". პირველ კარავში შევლენ "მადლით განათლებულნი", მეორეში კი ისინი, ვინც იმსახურა "ღმრთისმეტყველებაში, როგორც სრულყოფილმა განმანათლებელმა" და მათგან რომელიც არის უპირატესი წმინდა სამებისა და იესოს წინაშე"153.
უპირატესობა აქვთ მათ, ვინც ღმრთისმეტყველების მადლი ზემოთ გადმოცემული გზით მოიპოვა. უფლის ჭვრეტით შევიდა ღვთიურ სამყაროში, ისინი არიან უფლის მღვდელმსახურები და წარმოადგენენ ჭეშმარიტ, სულიერ სამღვდელოებას და ძალუძთ უძლურთა განკურნება.
ნიკიტა სტითატი ამბობს, რომ ნებისმიერი ღვთიურ მადლთან ზიარებული და წმინდა მამათა მიერ ჩამოთვლილი თვისებების მატარებელი მღვდელი, დიაკვანი და მონაზონიც კი ითვლება "ჭეშმარიტ ეპისკოპოსად" მაშინაც კი, თუ ის ხელდასხმული არ არის მღვდელმთავრად. პირიქით, სულიერ ცხოვრებასთან უზიარებელი ითვლება ცრუ მღვდელმსახურად, თუგინდ ხელდასხმის ღირსებით ამაყობდეს და სხვებზე აღმატებულად მიიჩნევდეს თავს"154.
კურნების მადლის თაობაზე საყურადღებოა სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის სწავლება. იგი წერს, რომ ცოდვათა მიტევების უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებს ჰქონდათ მოციქულთაგან მემკვიდრეობით მიღებული. თუმცა, როცა ისინი (ეპისკოპოსები) ამისთვის შეუფერებელნი გახდნენ, "ეს საშინელი მოვალეობა მღვდლებს გადაეცა, ვინც უბიწო ცხოვრებით ცხოვრობდა და ღვთიური მადლის ტარების ღირსი იყო". როცა სამღვდელოებაც მიეცა ცდუნებას, მაშინ ცოდვათა შენდობის პატივი გადაეცა ღვთის რჩეულთ, ანუ მონაზვნებს. ეპისკოპოსებს და მღვდლებს კი არ ჩამოერთვათ, არამედ ისინი თავად გაუუცხოვდნენ ამ მოვალეობას"155.
წმინდა მამის სიტყვებით ცოდვათა შესმენისა და მიტევების უფლება "ხელდასხმით" მიეცა სამღვდელოებას, ანუ მიეცა უფლება შესაბამისი "მსახურებისა". ცოდვათა განტევების ძალა კი მიემადლა "იმ მღვდელმთავრებს, მღვდლებს და მონაზვნებს, ვინც თავისი სიწმინდით იყო ქრისტეს მოწაფე"156.
სვიმონ ღმრთისმეტყველის ნააზრევი გვიჩვენებს, რომ თუკი ადამიანი სულიერი მღვდელმსახური არ არის, მღვდლობის საიდუმლო მაგიური ძალით ვერ გადასცემს მას ადამიანთა ცოდვების მიტევების უნარს. ღმრთისმეტყველი აღწერს მისი ეპოქის სამღვდელოების საბრალო მდგომარეობას, ნათელს ჰფენს და გამოკვეთს სულიერი სამღვდელოების მნიშვნელობას, გონებითი ლოცვის და უფლის ჭვრეტის სიმაღლეს და სიღრმეს, რაც მის დროში, ისევე როგორც ჩვენს ეპოქაში, უგულვებელყოფილი იყო. სულიერი სამღვდელოების თემა მისთვის ახლობელი გახდა საკუთარი ცხოვრების მაგალითით. მისი მოძღვარი არ იყო ხელდასხმული, მაგრამ ჰქონდა სული წმინდის მადლი ცოდვათა მისატევებლად. ეს მადლი ღმრთისმეტყველის სიტყვებით ეძლევა "უფლისგან მის ნამდვილ შვილებს და წმინდა მორჩილებს. მე თავად ვსწავლობდი ასეთ მამასთან, ვინც ადამიანთაგან ხელდასხმული არ იყო და ამომარჩია მოწაფედ ღვთის ხელით, სული წმინდის მადლით... მან მიიღო მადლი უფლისგან, სული წმინდის ცეცხლით აენთო და მისგანვე მიემადლა ცოდვათა მიტევების უნარი"157. ცოდვათა მიტევებაში ვგულისხმობთ ვნებათაგან განკურნებას. "მადლმოსილი" მონაზვნები გვკურნავენ ხელდასხმის გარეშე. მჭვრეტელი თვალით შეუძლიათ წინ აღუდგნენ ადამიანთა მტანჯველ პრობლემებს, დაუნიშნონ წამალი და თერაპიის კურსი, ჩვენ ვიკურნებით იმისგან, რაც შინაგანად გვაწუხებს. ასეთი მკურნალი, წმინდა ადამიანების არსებობა კაცთა მოდგმის ნუგეშია.
-------------------------------------------------
* თავის - "სულიერი მღვდლობა", აღქმა და გააზრება განსაკუთრებულ სიფრთხილესა და სულიერ სიმწიფეს მოითხოვს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხიბლში მყოფ ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებს წმინდა მამათა ქვემოთ მოტანილი ციტატების წაკითხვის შემდეგ მიუჩნევიათ, რომ მათი "სულიერება" ფარული მღვდლობის ან ფარული ეპისკოპოსობის შესაბამისია და ამგვარ არაჯანსაღ მდგომარეობაში მყოფნი, გასულან სქიზმაში ან ჩამოუყალიბებიათ სექტები. წიგნის აღნიშნულ თავში ციტირებული წმინდა მამათა ნააზრევი მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებათ, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ სული წმინდის მადლი და განსაკუთრებულად სათნონი იყვნენ ღვთისათვის, რაც თავისთავად გულისხმობდა ქრისტიანულ თავმდაბლობას, რომლისათვისაც მიუღებელი იყო საკუთარ სულიერ მღვდლობაზე რაიმე ღია ან თუნდაც მინიშნებითი საუბარიც კი. უფრო მეტიც, წმინდანებისათვის დამახასიათებელი საკუთარი უღირსობის განცდის გამო, ამგვარი რამ მათთვის წარმოუდგენელი იყო და ეს საღმრთო საიდუმლო მათ შესახებ, როგორც წესი, სხვა წმინდა მამებს ეხსნებოდათ ღვთისგან - რედაქტორის (ზურაბ ცხოვრებაძე)შენიშვნა.
3. მკურნალთა ძებნა
მივაღწიეთ მეოთხე ნაწილამდე, სადაც შევეხებით მკურნალთა ძებნის საკითხს. მათი არსებობის აუცილებლობა აშკარაა. ისინი უნდა ვეძებოთ ჩვენი სულების მტანჯველი ჭრილობების განსაკურნებლად. დიდი და მძიმე შრომაა საჭირო ერის ამგვარი წინამძღოლების მოსაძებნად, მათ აღმოსაჩენად, ვინც სულისა და სხეულის მკურნალია. (სხეულის მრავალი სნეულება ხომ სულიერი უძლურებიდან მომდინარეობს).
გრიგოლ პალამა ახალკვირიაკის სახარების ჰომილიაში გვირჩევს: "დაე, ყველა ქრისტიანმა, ვინც კვირას ეკლესიაში მივა "ბეჯითად მოძებნოს" ის, ვინც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ "კართა ხშულთა შინა" შეკრებილ მოციქულთა მსგავსად, "თავის თავში ჩაკეტილი, მდუმარედ ელოდება უფალს ჩუმი ლოცვით, გალობით, მისთვის ჩვეული ცხოვრების წესით. დაე, თითოეული ქრისტიანი მიეახლოს ამგვარ ადამიანს, რწმენით შევიდეს მის სენაკში თითქოს ზეციურ სამყოფელს სტუმრობს, სადაც სული წმინდა მეუფებს, დაჯდეს სენაკში მცხოვრებთან და დარჩეს დიდხანს, ესაუბროს ღმერთზე, ღვთიურზე, მორჩილებით ისწავლოს მისი ნათქვამი და ლოცვით ითხოვოს შეწევნა". "მაშინ, ამბობს გრიგოლ პალამა, "უხილავად მოვა იესო ქრისტე და დაფიქრებულ ადამიანს მიუძღვნის შინაგან სამყაროს, რწმენით განამტკიცებს და თავის დროზე რჩეულთა შორის განაწესებს სასუფეველში"158. ასეთი სულიერი მოძღვრის ძებნა აუცილებელია. მოვიხმობთ სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის სიტყვებს: "სთხოვე უფალს, რომ გიჩვენოს "კარგი მწყემსი", შენ რომ გაჰყვები მორჩილებით. ჩვენ მორჩილნი უნდა ვიყოთ მათ წინაშე, ვინც უფალმა გამოგვიჩინა და პატივი მივაგოთ, "როგორც თავად უფალს"159. ღმერთისგან გამოჩენილ სულიერ მოძღვარს, უვნებო ადამიანს ისე უნდა ვენდოთ, როგორც ექიმს სნეული, რომელიც მკურნალისგან გამოჯანმრთელებას ელოდება. მოძღვრის მიმართ უფრო მეტი ნდობა და სიყვარულია საჭირო, რადგან სხვადასხვა სულისა და სხეულის მკურნალი სულიერი მოძღვრის სახით იესო ქრისტე გვესაუბრება. ის არის "უფლის ბაგე".
სვიმონ ღმრთისმეტყველს მოჰყავს მაცხოვრისა და მოციქულების ურთიერთობა და ადარებს სულიერ მოძღვართან ურთიერთობას. მხოლოდ ამგვარად შეიძლება სულის კურნება. მოციქულები, როგორც მიჰყვებოდნენ მაცხოვარს, ისე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. თუკი მოძღვარს შეურაცხყოფენ და განიკითხავენ, არ მივატოვოთ იგი. პეტრეს მსგავსად აიღე მახვილი და არა მხოლოდ ყური, ხელიც და ენაც მოჰკვეთე მას, ვინც შეურაცხყოფს შენს სულიერ მოძღვარს" თუკი მას განუდგები, მაშინ იტირე პეტრე მოციქულის მსგავსად. დაინახავ, რომ მოძღვარს ჯვარს აცვამენ, თუ შეგვიძლია, "თანაევნე" მასთან. თუ ეს შეუძლებელია, გამცემელთა შორის ნუ დადგები. "თუკი მოძღვარი ბორკილებისგან გათავისუფლდება, კვლავ მიდი მასთან და მოწამესავით პატივი მიაგე. განსაცდელში თუ მოკვდება, ეძებე მისი სხეული. იმაზე მეტი პატივი ეცი, ვიდრე სიცოცხლეში, როცა მის წინაშე იდექი, სცხე ძვირფასი ნელსაცხებელი და დაასაფლავე160.
საყურადღებოა, რომ ღმრთისმეტყველი სულიერ მოძღვარს, მკურნალს ქრისტეს ადგილზე აყენებს.
სვიმონ ღმრთისმეტყველს ეკუთვნის ლოცვა, რომლითაც უფალს შევთხოვთ ჩვენი სულის მკურნალი სულიერი მოძღვარი გვაპოვნინოს, "უფალო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი შეცოდებულისა, არამედ გსურს მისი მოქცევა, ამისთვის გარდამოხვედ მიწაზე, რათა აღადგინო დაცემულნი და ცოდვით მოკვდინებულნი, რათა შენ გიხილონ, ნათელი ჭეშმარიტი, რამდენადაც შესაძლებელია კაცმა გიხილოს შენ, მოიღე წყალობა და მომივლინე ადამიანი, რომელიც შენ გიცნობს, რათა მე ცოდვილი, მონა მისი, ისევე როგორც შენი, დავემორჩილო მას და აღვასრულო ნება შენი, სათნოვეყო მხოლოსა ღმერთს და ღირს ვიქმნე მე ცოდვილი შესვლად სასუფეველსა შენსა"161.
ქრისტიანი თუ ლოცულობს ამგვარად, უფალი მოუვლენს შესაბამის სულიერ მოძღვარს, ვინც იზრუნებს მისი სულის სნეულებათა განსაკურნებლად. ნუ დავივიწყებთ, რომ სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის დროს და ჩვენს ეპოქაშიც ასეთი მოძღვრები მცირედნი არიან.
დასასრულს კი გავიმეორებთ, რომ სულის განსაკურნებლად მკურნალთა ძებნაა საჭირო, მკურნალთა თუ არა, სანიტრების მაინც. თერაპიის სხვა გზა არ არსებობს. ყველაზე დიდი და ჭეშმარიტი მკურნალი უფალია და მისი მეგობრებიც, წმინდანები, რომელთა სულში სუფევს თვით სამპიროვანი ღმერთი.
მესამე თავი
მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია
მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის საგანზე საუბრისას აუცილებელია განვმარტოთ რა არის სული და როგორ იკურნება იგი, რა კავშირი არსებობს ღვთის ხატს, სულს, გონებასა და აზრს შორის. წარმოვაჩინოთ გონების, გულისა და აზრის განკურნების მეთოდი. ჩემი აზრით, ეს საკითხები უმნიშვნელოვანესია არა მარტო შინაგანი განწმენდისა და სულის განკურნებისათვის, არამედ ამ წმინდა მოღვაწეობაში წარმატების მიღწევაშიც.
1. სული
რა არის სული
სული (ψυχή) "ერთ-ერთი ურთულესი გასაგები სიტყვაა ბიბლიაში და ქრისტიანულ ლიტერატურაში"162. მას წმინდა წერილში და წმინდა მამათა ქმნილებებში მრავალი მნიშვნელობა აქვს. პროფ. იანარასი მიუთითებს: "ძველი აღთქმის სამოცდაათმა მთარგმნელმა გამოიყენა სიტყვა ψυχή (სული) ებრაული "nephesch"-ის შესატყვისად, რომელსაც ებრაულში ბევრი მნიშვნელობა აქვს. ამ სიტყვით აღინიშნება ყველა ცოცხალი არსება, თუმცა კი წმინდა წერილში ის ადამიანს მიემართება და აღნიშნავს სიცოცხლეს. ψυχή აღნიშნავს163 ადამიანში სულიერ არსებას ნივთიერის საპირისპიროდ, იმავდროულად ნიშნავს ადამიანს, როგორც მთლიან არსებას, ცოცხალ ჰიპოსტასს. სული დავანებულია სხეულში და მისი საშუალებით ვლინდება, რადგან სხეული, ხორცი, გული შეესაბამება ჩვენს "მეს", ჩვენს ხატს. სული იგივეა, რაც "ადამიანი", "ვიღაც". სული არ არის სიცოცხლის მიზეზი, იგი სიცოცხლის მატარებელია"164.
სული ყველა ცოცხალ არსებაში მყოფია. სული ადამიანში არსებული სიცოცხლეა. სული ცალკეული ადამიანია, პიროვნების გამოვლინება. სიტყვა "სულის" (ψυχή) მრავალი მნიშვნელობა აღრევას იწვევს.
ქვემოთ შევეცდებით ახალი აღთქმის წიგნებისა და მამათა თხზულებების მიხედვით განვმარტოთ "სულის" (ψυχή)-ს ზოგიერთი მნიშვნელობა: უფალი და მოციქულები იყენებენ "სულს" "სიცოცხლის" მნიშვნელობით. უფლის ანგელოზმა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის დამწინდველ იოსებს უთხრა: "აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყლეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა". (მათ. 2,20) პავლე მოციქული პრისცილას და აკილას მიმართავს: "რომელთა-იგი სულის ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს". (რომ. 16.) უფალი ამბობს: "მე ვარ მწყემსი კეთილი, მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათვის".
სამივე შემთხვევაში "სული" (ψυχή) გამოხატავს სიცოცხლეს.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სიტყვა ჩვენი პიროვნების სულიერ ნაწილს გამოხატავს. ამის დასადასტურებლად მოვიყვანთ მათეს სახარებიდან ციტატას: "ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა" (მათ. 10.28). ადამიანს სულის მოკვლა არ შეუძლია, მაშინ, როცა ეს ეშმაკს ხელეწიფება. ამ ციტატიდან ჩანს, რომ მკვდარია სული, სადაც სული წმინდა არ არის დავანებული. ეშმაკი მკვდარი სულია, რადგან იგი უფალთან თანაზიარი არ არის. ის სიკვდილს გადასცემს მას, ვინც მასთან არის დაკავშირებული. ეშმაკი ითვლება ცოცხალ არსებად, მაგრამ უფალთან არ თანამყოფობს. იესო ქრისტე უგნურ მდიდარს ეუბნება; "უგუნურო, ამას ღამეს მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელი მოიმზადე, ვისა იყოს" (ლუკ. 12.20)
სული ადამიანის პიროვნების მაცოცხლებელი არსის გამომხატველია, პიროვნება ბუნებით მოკვდავია, მაგრამ ღვთის მადლით უკვდავი. "უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარწყმიდოს იგი და რომელმა წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი" (მათ. 16. 25).
პირველ ნაწილში უფალი სიტყვებში "სული" გულისხმობს პიროვნების სულიერ არსს, მეორე ნაწილში კი "სული" სიცოცხლეს ნიშნავს. პავლე მოციქული თესალონიკელებს უსურვებს: "ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან წმინდა გყვენინ "თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოველთა სიცოცხლითა, სული თქუენი, სამშჳნელი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მას უფალისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხენინ" (1 თესალ. 5. 23).
აქ არ იგულისხმება ადამიანის სამი შემადგენელი ნაწილი: ტერმინით "სული" (πνεύµα) მოციქული აღნიშნავს ღვთის მადლს, რომელსაც იღებს სული. მოყვანილ ნაწყვეტში საგულისხმოა, რომ სულსა და სხეულს შორის განსხვავება არსებობს. იოანე ღმრთისმეტყველი წერს: "...ვიხილე საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა" (გამოცხ. 6.9). სხეული მოკლულია165, მაგრამ სული უფალთან მიდის და ესაუბრება, როგორც შემდგომ ამბობს მოციქული, "სულს" ადამიანის მთლიან არსებად აღნიშნავს. "ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ... (რომ. 13.1).
მოყვანილი მაგალითებით აშკარაა, რომ სიტყვა "სული" (ψυχή) სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება. წმინდა წერილში "სული" არის სრული ადამიანი, მისი სულიერი შემადგენელი ნაწილი, ცოცხალი არსება (ადამიანი, ცხოველი, მცენარე) ყველაფერი, რაც ღვთის მაცოცხლებელ ენერგიას (ενέργεια) ატარებს. გრიგოლ პალამა ღმერთშემოსილ ადამიანებისთვის დამახასიათებელ უქმნელ ნათელზე ამბობს, რომ,,მისით (ნათლით) ადამიანში უფალი ცოცხლობს". ეს ნათელი არის უფლის ენერგია და არა ღმერთის არსება. იგივე ეხება სულსაც. სულიერი არის სულის მქონე და ბიოლოგიური სიცოცხლეც. სულისგან იბადება სიცოცხლე სულიერ სხეულში და ჩვენ ვუწოდებთ ამ სიცოცხლეს სულს, თუმცა ვიცით, რომ ჩვენში მყოფი სიცოცხლის მომნიჭებელი სული სხეულის სიცოცხლისგან განსხვავებულია, მსგავსად ღმერთშემოსილ სულში იბადება ნათელი მასში დავანებული ღმერთისაგან"166.
წმინდა მამებმა კარგად იციან, რომ ტერმინი "სული" მიემართება არა მარტო ჩვენი პიროვნების შემადგენელ სულიერ ნაწილს, არამედ თვით ორ სიცოცხლეს, იციან ისიც, რომ მათ შორის განსხვავებაც არსებობს. ამას უფრო ნათლად დავინახავთ, როცა ადამიანის და ცხოველის სამშვინველს შორის განსხვავებაზე ვისაუბრებთ.
პიროვნების სულიერი საწყისის განმარტებისთვის მოვიყვანთ იოანე დამასკელის მოსაზრებას: "არს უკუე სული არსება ცხოველ, მარტივ და უხორცო და ჴორციელთა თუალთაგან უხილავ, ვითარ-იგი არს ბუნებით. და კუალად, არს იგი უკუდავ, სიტყჳერ და საცნაურ და გამოუსახველ. ხოლო ორღანოდ თჳსსა იჴუმევს ჴორცთა და იგი მისცემს მათ აღორძინებასა, გრძნობასა, ცხორებასა და შობასა... თჳთმფლობელი, ნებებითი და მოქმედებითი და ქცევადი, რამეთუ აგებულცა არს, ესე ყოველი მადლით მიუღია სულსა დამბადებულისაგან ბუნებასა შინა თჳსსა"167.
ჩვენი სული მარტივია და სათნო "რადგან ასეთად არის შექმნილი შემოქმედის მიერ"168.
იოანე დამასკელის მსგავს განმარტებას იძლევა წმინდა გრიგოლ ნოსელი, იგი იოანე დამასკელამდე წერდა: "სული არის დაბადებული, ცოცხალი, გონიერი, ორგანული სხეულის მქონე არსება, [ამ თვისებათა გამო] შეგრძნების უნარის მქონე"169.
გრიგოლ პალამა პავლე მოციქულის სიტყვების: "იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად". (1 კორ. 15.45) განმარტებისას ამბობს, რომ "ცხოველი" სულთან (ψυχή) მიმართებით ნიშნავს "მარტივ ცოცხალ, უკვდავ, გონიერ (ყველა გონიერი უკვდავია) ღვთიური მადლით შემოსილს. ასეთია სინამდვილეში ცოცხალი სული"170.
ამბობენ, რომ სული უკვდავია, ეს აზრი ქრისტიანობამ პლატონიზმიდან მიიღო, მაგრამ გარკვეული წინაპირობებით. საგულისხმოა პროფესორი იოანე ბიბიელის ნათქვამი: "სულის უკვდავების იდეა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული წარმომავლობის არ არის, ეკლესიის ტრადიციაში შევიდა და ჰიმნოგრაფიაში დამკვიდრდა. თუმცა ეკლესიამ ეს პლატონური იდეა გარკვეული პირობების მიხედვით მიიღო: პირველი - სულები მარადიულნი არ არიან, ისინი ქმნილებებია, მეორე - სული არ შეიძლება გაიგივდეს ადამიანთან (ადამიანის სული არ არის თავად ადამიანი. სხვა არის სული, სხვა - ადამიანი, ეს უკანასკნელი სულიერ-ხორციელი არსებაა). და მესამე (ყველაზე მნიშვნელოვანი) ადამიანის უკვდავება დაფუძნებულია არა სულის უკვდავებაზე, არამედ ქრისტეს აღდგომაზე და სხეულთა მომავალ აღდგომაზე"171.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ადამიანის სული უკვდავია ღვთის მადლით და არა ბუნებით. გარდა ამისა, დავამატებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მამათა გადმოცემით ადამიანის უკვდავება არ არის საფლავის მიღმა სულის სიცოცხლე, ის ქრისტეს მადლით სიკვდილზე გამარჯვებაა. ქრისტესმიერი ცხოვრება ხდის უკვდავს ადამიანს, რადგან მის გარეშე ჩვენ სიკვდილისთვის ვართ განწირულნი, ღმერთის მადლი აძლევს სიცოცხლეს სულს.
სულის განმარტებაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა შევჩერდებით სულის შექმნის თემაზე. ძირითად წყაროდ მივმართავთ ძველ აღთქმას: "და შექმნა უფალმა ღმერთმა კაცი მტუერისა მიმღებელმა ქუეყანისაგან და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბ. 2,7).
აქ აღწერილია ადამიანის სულის შექმნა. "დაბადების" ამ ადგილს იოანე ოქროპირი ასე განმარტავს: საჭიროა შევხედოთ რწმენის თვალით "ასეა ნათქვამი ჩვენთვის, რადგან უძლურნი ვართ გაგება გაგვიძნელდება". სიტყვები: "შექმნა ღმერთმა ადამიანი და შთაბერა", არ არის ღმერთისთვის შესაფერი, მაგრამ საღმრთო წერილი ამგვარად მოგვითხრობს ჩვენი უძლურების გამო, მდაბლდება, რათა ჩვენ ავმაღლდეთ (ჭეშმარიტების გასაგებად)172. იოანე დამასკელი ამბობს: "რაოდენი-რაჲ თქუმულ არს ღმრთისათვის ჴორციელად, ყოველივე სახისმეტყუელობით არს, რადგან ნათქვამს უმაღლესი გულისჴმის-ყოფაჲ აქუს "და შეუდგენელი", რამეთუ საღმრთოჲ ბუნებაჲ მარტივ არს და გამოუსახველ". ვნახოთ რას ამბობს იოანე დამასკელი ღვთიური სიტყვისა და პირის შესახებ: "ხოლო პირად და ჴმად გამოცხადებასა განზრახვისა მისისასა უწოდთ, რამეთუ ჩუენ განზრახვათა გულისათა პირისა მიერ და ჴმისა გამოვაცხადებთ" (პირი და მეტყველება გულის განზრახვის განმცხადებლობაა, რადგან ჩვენ სწორედ პირისა და მეტყველების გზით წარმოვაჩენთ გულისმიერ აზრებს)173. ცხადია, ერთია პირი და მეორე შთაბერვა. მომყავს მაგალითად იოანე დამასკელის ნათქვამი, რადგან მათ შორის მჭიდრო კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. წმინდა მამა აგრძელებს: "ყოველსავე ჴორციელად ღმრთისათჳს თქუმულისა და ფარული რაჲმე ძალი აქუს, რომელი იგი ჩუენ მიერთა სიტყუათაგან სახის მოღებითა გუასწავებს უზეშთაესთა ჩუენისა მიწდომისათა" (ყოველივე, რაც ღვთის შესახებ სხეულებრივად ითქმება, დაფარულ აზრს შეიცავს, გვასწავლის რა ჩვენეულთა გზით ზეჩვენეულს)174.
ამრიგად, სული სხეულის მსგავსად ღმერთის ქმნილებაა175.
იოანე ოქროპირი სულის შთაბერვის განმარტებისას ამბობს, რომ მცდარია აზრი, თითქოს უფლისმიერი შთაბერვა იყოს სული, სინამდვილეში ადამს სული უფლის არსებიდან მიეცა. პირველი მოსაზრება "უაზროა". ეს რომ ასე იყოს, მაშინ ერთი ადამიანის სული ბრძენი, მეორის - უგნური, მართალი, მტყუანი და ა.შ. არ იქნებოდა. ღვთიური არსი "განუყოფელია და უცვალებელი". ამიტომ უფლისაგან შთაბერვა `სული წმიდის ქმედება იყო". იესო ქრისტემ თქვა: "მიიღეთ სული წმიდა" (იონ. 20.22) ადამიანურ ენაზე გამოხატული "შთაბერვა" ნიშნავს თაყვანსაცემ სული წმინდას". იოანე ოქროპირის თანახმად სული უფლის ნაწილი კი არ არის, სული წმინდის მოქმედებაა, მან შექმნა სული, მაგრამ თავად არ იქცა სულად. "გარდამოსვლით სული წმიდამ შექმნა სული: თავად არ შეუერთდა, არამედ შექმნა, რადგან სული წმინდა შემოქმედია სხეულისა და სულისა. მამა, ძე და სული წმინდა ქმნიან ქმნილებას ღვთიური ძალით"176.
წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ სხეული სულის გარეშე არ არსებობს და პირიქით სული სხეულის გარეშე. ღმერთი სხეულის შექმნისთანავე ქმნის სულსაც. წმინდა ანასტასი სინელი წერს: "არ იყო სხეული სულამდე, და სული სხეულამდე177. იოანე დამასკელი ორიგინეს საწინააღმდეგოდ აფორისტულად შენიშნავს, რომ "მყისთანად დაებადნეს ჴორცნი და სული და არა რომელიმე პირველი და რომელიმე შემდგომად, სიჩქურეთაებრ ორიგენისთა"178.
ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად. ამ ხატებაში იგულისხმება არა სხეულებრივი, არამედ უმთავრესად სულიერი. ადამიანში ღვთის ხატი უფრო ძლიერია, ვიდრე ანგელოზებში, რადგან ადამიანის სული აცოცხლებს მასთან შეერთებულ სხეულს. სამპიროვანი ღმერთის მსგავსად [გონება, აზროვნება და სული] ადამიანის სულსაც სამი ძალა აქვს: გონება, აზროვნება და სული179. მთელს ბუნებაში არსებობენ "ხატობრივი გამოვლინებები" წმინდა სამებისა"180, ყველაზე მკვეთრად ისინი ადამიანში ვლინდება. მაცხოვრის იორდანეში ნათლობაზე საუბრისას გრიგოლ პალამა სვამს კითხვას: "ადამიანის შექმნისას და ხელახლა დაბადებისას რატომ ჩნდება წმინდა სამება" და პასუხობს: "არა მარტო იმიტომ, რომ ის (ადამიანი) არის ერთადერთი სული წმიდასთან ზიარებული არსება დედამიწაზე და მისი თაყვანისმცემელი", არამედ იმიტომ, რომ ადამიანი ერთადერთი ხატია ღმრთისა", მგრძნობელ და პირუტყვ არსებებს (ცხოველებს) აქვთ ოდენ სიცოცხლის სული, მოკლებულნი არიან გონსა და ლოგოსს" ანგელოზები და მთავარანგელოზები, სულიერნი და გონიერნი ფლობენ გონებას და ლოგოსს, "მაგრამ არა აქვთ ცხოველმყოფელი სული, რის გამოც უსხეულონი არიან". ამრიგად, ადამიანს აქვს გონება, ლოგოსი და ცხოველმყოფელი სული, რომელიც სხეულს სიცოცხლეს ანიჭებს. ის არის ერთადერთი სამჰიპოსტასიანი ერთობის, ღმერთის, ხატად შექმნილი არსება"181.
გრიგოლ პალამა ამავე სწავლებას გადმოგვცემს საღმრთისმეტყველო შრომებში. ადამიანი მსგავსია სამპიროვანი ერთარსება ღმერთისა, რომელიც არის გონება, ლოგოსი და სული. სხეულის ცხოველმყოფელი სული არის ადამიანის "გონიერი სიყვარული". იგი გონისაგან გამოდის და ლოგოსს ეკუთვნის; ის ლოგოსსა და გონში არსებობს, ლოგოსი და გონი კი მასში"182.
ანგელოზთა სულიერ და გონიერ არსებას, თუმცა კი მას აქვს გონიც, ლოგოსიც და სულიც, მაგრამ არა აქვს "ცხოველმყოფელი სული". სიტყვა "ხატად ღვთისა" სულს მიემართება. ვინაიდან სხეული სიცოცხლეს სულისგან იღებს, "ხატი" ანგელოზებზე მეტად ადამიანში ვლინდება.
გრიგოლ პალამა ანგელოზებსა და ადამიანში გამოვლინებულ ღვთის ხატს შორის სხვა განსხვავებასაც ხედავს. ცნობილია მისი სწავლება, რომ ღმერთში განირჩევა არსება და ენერგია, რაც გაერთიანებულია, მაგრამ იყოფა. ასეთია საიდუმლო განუყოფელი არსებისა და ენერგიის გაყოფისა. ადამიანი ღვთის არსების ნაწილი ვერ იქნება, ის შეიძლება შეუერთდეს ღვთის ენერგიას. ადამიანი, რადგან ღვთის ხატია, წმინდა მამა თავის სწავლების არსებობისა და ენერგიის შესახებ ადამიანზეც ავრცელებს. ამრიგად. სული განუყოფლად იყოფა არსებად და ენერგიად. გრიგოლ პალამა ადამიანის სულისა და ცხოველის სამშვინველის შედარებისას ამბობს, რომ ცხოველებს სამშვინველი აქვთ როგორც ენერგია და არა როგორც არსება. ყველა პირუტყვის სამშვინველი არის სიცოცხლე სულიერი სხეულისა და პირუტყვთ აქვთ ეს სიცოცხლე, როგორც ენერგია და არა როგორც არსება, რადგან (სიცოცხლე) ჩაისახება სხვა (სხეულში) და არა სულში. სწორედ ამიტომ ცხოველების სული, რომელსაც მარტო ენერგია აქვს, სხეულთან ერთად კვდება, რაც შეეხება ადამიანის სულს, იგი არა მარტო ენერგიაა, არამედ არსებაა. "სიცოცხლე სულში ცხოვრობს". ადამიანის სხეულის სიკვდილისას სული უკვდავი რჩება. გონიერი სული რთულია, მაგრამ სხეულში დავანებული არ ამკვიდრებს სირთულეს"183.
მაქსიმე აღმსარებელი თავის სწავლებაში ამბობს, რომ სულს სამი ძალა აქვს: 1) მასაზრდოებელი 2) წარმოსახვითი და მღვიძარე 3) ლოგოსური და გონიერი. პირველს მიეკუთვნებიან მცენარეები, მეორეს პირველთან ერთად პირუტყვი ცხოველები, მესამეს კი პირველ ორთან ერთად - ადამიანები"184. სწავლება იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი პირუტყვთან შედარებით მაღალი ღირსების არსებაა. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა ნათელყოფს განსხვავებას ადამიანსა და ანგელოზს შორის. აქდან გამომდინარე, გასაგებია განკაცებულმა მაცხოვარმა რატომ მიიღო ადამიანის სხეული და არა ანგელოზისა. ის ღმერთკაცია და არა ღმერთანგელოზი.
ყოველივე ზემოთქმული შესაძლებლობას გვაძლევს სულის შედგენილობაზეც ვისაუბროთ. ამ თემაზე დაწვრილებით მსჯელობას არ შევუდგებით, მოვიყვანთ მხოლოდ იმ მოსაზრებებს, რაც ჩვენს ნაშრომს უკავშირდება.
იოანე დამასკელი ამბობს, რომ სული გონიერია და სულიერი. ღმერთმა მისცა "სული სიტყჳერი და საცნაური მას თჳსითა შთაბერვითა"185.
წმინდა მამების ძირითადი სწავლებით გონი და აზროვნება სულის შემადგენელი ნაწილებია. გრიგოლ პალამა წერს, რომ სული ღვთის ხატად არის შექმნილი. წმინდა სამება კი არის გონი, ლოგოსი და სული, სული გონიერია, სიტყვიერი (λογική) და სულიერი". ის სრულად მაღლდება ღმერთამდე და ჭვრეტს მას, მოკაზმულია მარადიული ხსოვნით, ჭვრეტით და მგზნებარე სიყვარულით მისდამი"186. სულს ამსხვრევს ვნება და ცოდვა, ამიტომ საჭიროა მისი ერთობა და უფლისადმი მიძღვნა. სულის ძალთა ერთობა მრავალი საშუალებით მიიღწევა, პირველ ყოვლისა ქრისტეს სიტყვების შესრულებით. ფილადელფიის მიტროპოლიტი თეოლიპტოსი გამოყოფს ლოცვის ღირსებასა და მნიშვნელობას; "განწმენდილი ლოცვა, რომელიც გონებას, სიტყვას (λόγος) და სულს აერთიანებს, სიტყვით (ლოგოსით) უფლის სახელს მოუხმობს, გონით ჭვრეტს უფალს, სულით წარმოაჩენს მორჩილებას, სიმშვიდეს, სიყვარულს და ამგვარად კრძალვით უმზერს უსაწყისო სამებას, მამასა და ძესა და წმიდა სულს, ერთარსება ღმერთს"187.
სიტყვით (ლოგოსით) ჩვენ უწყვეტად ვიმეორებთ ქრისტეს სახელს, გონებით ვუმზერთ უფალს და სული წმინდით ვხდებით მორჩილნი, მშვიდნი, მოსიყვარულენი. ამრიგად, სულის სამი ძალა ერთიანდება და ასე იკურნება სული. მისი გაყოფა სნეულების მიზეზია, შეერთება კი კურნების მომასწავებელი.
ნიკიტა სტითატიც სულს სამ ნაწილად ყოფს, მაგრამ ჩერდება ორზე, ლოგოსზე (λογική) და ვნებიან ნაწილზე. ლოგოსიანი უხილავია და "გრძნობათა მიღმაა". სიტყვაში "ლოგოსიანი" (λογική) წმინდა მამა, ჩემი აზრით, ადამიანის გონს გულისხმობს. ქვემოთ წარმოვადგენთ განსხვავებას ლოგოსისმიერ საწყისსა (τοῦ λογικοῦ) და გონისმიერს შორის. აქ კი ვიტყვით, რომ გონი ღმერთს უკავშირდება და მის ენერგიას იღებს. მასში ცხადდება ღმერთი. ლოგოსი კი არის ქმედება, იმგვარი უნარი, რაც გონის გამოცდილებას გამოხატავს. სულის ვნებიანი ნაწილი იყოფა შეგრძნებად და ვნებად. იგი ვნებიანად იწოდება, რადგან ვნებებსა და განცდებში ვლინდება"188.
გრიგოლ სინელი სულის ძალების აღწერისას ამბობს, რომ ლოგოსურ ნაწილში (λογική) მოქმედებენ აზრები189, მრისხანე ნაწილში - მხეცური ვნებები, სურვილების ნაწილში - ცხოველური სურვილები, გონიერში - წარმოსახვითი სახეები და მოაზროვნე ნაწილში (διανοητικὸν) - აზრები190.
წმინდა გრიგოლი მიუთითებს, რომ "როცა სული შთაბერვით გახდა ლოგოსიანი და გონიერი (λογική καὶ νοερὰ) "მრისხანება და ცხოველური სურვილი არ შექმნა ღმერთმა მასში (სულში), სულს მამაცური სიყვარულის ერთადერთი სურვილი მისცა"191. სულს არ მიუღია მრისხანება და უგუნური სურვილები". ეს ყოველივე ცოდვამ მოიტანა.
ჩვენ არ ვსაუბრობთ სულის ცალკეულ შემადგენელ ნაწილებზე. ამ საკითხს ნაშრომის შემდეგი თავი ეძღვნება.
სულსა და სხეულს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. რა კავშირია ეს? ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება, თუმცა ცალკეული მათგანი ადამიანს არ ნიშნავს. წმინდა იუსტინე ფილოსოფოსი და მოწამე ამბობს, რომ სული თავისთავად არ არის ადამიანი, მაგრამ იწოდება "ადამიანის სულად". სხეულიც დამოუკიდებლად არ ნიშნავს ადამიანს, ის "ადამიანის სხეულია".
თუკი ადამიანი სულისა და სხეულის ერთობაა, მთლიანობაა, მაშინ უფალმა სიცოცხლისკენ და აღდგომისკენ მოუწოდა ადამიანს სულით და ხორცით192.
სული, როგორც აღვნიშნეთ, სხეულთან ერთად შეიქმნა. ემბრიონი "სულს ჩასახვისთანავე იღებს". სული ჩასახვისთანავე იქნება და "ამის შემდეგ სული ისევე მოქმედებს, როგორც სხეული; სხეულის ზრდასთან ერთად სულიც მოქმედებს"193. სულსა და სხეულს შორის აშკარა სხვაობაა, რადგან "სული არ იქნება სხეული, ის უსხეულოა"194. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია სულისა და სხეულის განცალკევებით არსებობა". მათი კავშირი განუყოფელია"195.
ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ სული ადამიანის სხეულის ერთ გარკვეულ ნაწილში იყო დავანებული და სხეული სულის საპყრობილეა. სულის განთავისუფლება სხეულიდან გამოსვლაა. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სული სხეულის ყველა ნაწილში მყოფობს. წმინდა გრიგოლ პალამას აზრით სული და უსხეულო ანგელოზები "ერთ გარკვეულ ადგილას კი არა, ყველგან არიან. სული, რომელიც ეკუთვნის სხეულს და მასთან ერთად არის შექმნილი, სხეულის ყველა ნაწილშია და ფლობს მას, სიცოცხლეს ანიჭებს ღვთის ხატს".
წმინდა გრიგოლმა იცის ღვთისმეტყველთა ერთი ნაწილის (ელინური ფილოსოფიის მიმდევართა) აზრი, რომ სული იმყოფება ტვინში, ე.წ. აკროპოლისში, სხვა თეორიები (იუდაისტების მიმდევრები) სულის არსებობას "გულის სიღრმეში, სულიერის განწმენდილ ნაწილში მოიაზრებენ. ისინი ამბობენ, რომ ლოგოსური ძალა (τὸ λογιστικόν) იმყოფება გულში, არა ძარღვებში, რადგან იგი უსხეულოა, მაგრამ იგი არ სუფევს არც გულის გარეთ, რადგან მასთან დაკავშირებულია. გრიგოლ პალამას სიტყვებით გული წინამძღოლი ორგანოა, მადლის საბრძანებელია. იქ იმყოფება გონება და სულისმიერი აზრები. წმინდანი ამბობს, რომ ამგვარი სწავლება ქრისტესგან, ადამიანის შემოქმედისგან მივიღეთ და შეგვახსენებს: "არათუ პირით შემავალი შეაგინებ კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცს" (მათ. 15,11) მსგავსი აზრია სხვა ციტატაშიც: "რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი" (მათ. 15.19) გრიგოლ პალამას მოჰყავს მაკარი დიდის სიტყვებიც: "გული მართავს ადამიანის მთელ არსებას, თუ მადლი ივანებს გულში, ის მეუფებს აზრებზე და სხეულის ნაწილებზე; სულის ყველა აზრი, თავმოყრილია გულში". აქედან გამომდინარე, კურნების მთავარი მიზანი შეგრძნებებში (αισθήεις) გაბნეული გონების" მოკრებაა გარე სამყაროდან გულში, "აზრთა ამ საუნჯეში", "სხეულის უმთავრეს ლოგოსურ (λογική) ორგანოში"196.
ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს. მაგრამ ახლა შევაჯერებთ ნათქვამს; წმინდა მამათა სწავლებით, სული მართავს სხეულს და საკუთარ ორგანოდ იყენებს გულს. სული სხეულთან ერთად მთლიანობას ქმნის და მისთვის უცხო არ არის. ნემესიოს ემესელი გვასწავლის, რომ "სული უხილავი და უსაზღვროა. ის ყველაფერში აღწევს და სინათლით მთელს სხეულში გადის; სხეულში არ არსებობს ერთი განათებული ნაწილი, სადაც იგი სრულად არ იმყოფებოდეს". მიუხედავად ამისა "სული სხეულთან შეერთებელი რჩება შეურევნელი"197, სული ამოძრავებს სხეულს, მართავს მის ყველა ნაწილს. მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით ღმერთი სამყაროს მართავს არა თავისი ქმნილი შუამავლების მეშვეობით, არამედ თავისი უქმნელი ენერგიით. ამგვარად, როგორც უფალი მართავს სამყაროს, სწორედ ასევე "სული ამოძრავებს სხეულის ნაწილებს და თითოეულს საკუთარ, შესაბამის მიმართულებას აძლევს"198. "უფლის საქმეა სამყაროს მართვა, სულისა კი სხეულის მართვა"199.
გრიგოლ პალამა სულსა და სხეულს შორის კავშირზე მსჯელობისას ამბობს, რომ სულს იგივე ესადაგება, რაც ღმერთს. სულში უცვლელად არსებობს, "სხეულის განმგებელი ძალები" თუკი სხეულის რომელიმე ნაწილი დაზიანებულია "თვალი დაბრმავებულია და ყური დაყრუებული". სხეულის განმგებელი ძალა სულში არ მცირდება. სული არ არის თავად განმგებელი, მაგრამ ფლობს ამ ძალას. მიუხედავად იმისა, რომ სულში განმგებელი ძალა მყოფობს, იგი "ერთი, მარტივი და შეუდგენელია", არ არის "გამრავლებადი და შედგენადი"200.
გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ სული უსხეულოა და უხილავი, "იგი" მოქმედებს და მოძრაობს თავისი ბუნებით და მოქმედებას ავლენს სხეულის ორგანოებით"201. წმინდა მამა აფორისტულად ხსნის: სხეული კი არ ფლობს სულს, არამედ ეს უკანასკნელი ფლობს სხეულს. სული არ აღწევს სხეულში თითქოს ძარღვებში ან ტომარაში შედიოდეს, სხეული შედის მასში და "არ არსებობს ამის ერთი ნაწილი მისი ნათლის გარეშე, ის ყველგან მყოფობს სრულად"202.
ჩვენი მსჯელობის მთავარი დასკვნაა, რომ სული მთელ სხეულში არსებობს. გული მისი უმთავრესი საუნჯეა, იქ არის სულის ცენტრი. სული განსხვავდება სხეულისაგან, მაგრამ მჭიდროდ უკავშირდება მას. ვერ გავიაზრებთ სულის დაცემის და უძლურების მიზეზს, თუ არ გვეცოდინება ზუსტად რა არის სული და როგორ უკავშირდება იგი სხეულს.
სულის სნეულება და სიკვდილი
ეკლესიის წიაღში ხშირად საუბრობენ ადამიანის დაცემაზე და ამ დაცემიდან გამომდინარე სიკვდილზე. სხეულებრივი სიკვდილი სულიერ სიკვდილს მოჰყვა. სულმა ღვთიური უქმნელი მადლი დაკარგა, გონებამ - უფალთან კავშირი და დაბნელდა. ეს დაბნელება და სიკვდილი გადაეცა სხეულს. გრიგოლ სინელის სიტყვებით "ადამიანის სხეული უხრწნელი იყო შექმნისას და ასეთივე აღდგება", სული კი უვნებო. სულსა და სხეულს შორის მჭიდრო კავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების გამო ორივე გაიხრწნა. "სული ვნებებით, ანუ ეშმაკის მიერ, სხეული კი დაემსგავსა პირუტყვს და ხრწნას მიეცა". სული და სხეული ერთად რომ გაიხრწნა, გადაიქცა "პირუტყვის მსგავს არსებად, უგუნურ და ულოგოსო, მრისხანების და სურვილის მორჩილად". "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა ყო; ჰბაძავდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფს. 48.13). ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის სული აივსო ვნებებით, სხეული პირუტყვს მიემსგავსა. ადამიანი ხრწნასა და სიკვდილს დაემორჩილა.
ეს უძლურება, ტყვეობა, განუწმენდელობა და სულის სიკვდილი შესანიშნავად არის გადმოცემული წმინდა მამათა ნაწერებში. ყოველი ცოდვა ადამიანის პირველი ცოდვით დაცემის განმეორებაა, თითოეული შეცოდებით ვადასტურებთ დაცემული სულის დაბნელებას და სიკვდილს. მოდით, სულის ამგვარი მდგომარეობა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.
ადამიანი თუ გრძნობებს აძლევს თავისუფლებას და გრძნობების მეშვეობით გონება გულიდან იფანტება, მაშინ სული დატყვევებულია. "გრძნობათა გათავისუფლება სულს ბორკილს ადებს". ბორკილები კი დაბნელების ტოლფასია. "მზის ჩასვლისას ღამდება, ქრისტე შორდება სულს და ვნებების ჩრდილი გარემოიცავს მას, გონებისმიერი მხეცები ნაწილებად გლეჯენ სულს"203. ადამიანს უმთვარო ღამე დაუდგება.
სწორედ ამგვარი მდგომარეობა იწვევს სულის უძლურებას. წმინდა თალასე ამბობს, რომ "სულის სნეულება ბოროტი მიდრეკილებაა; მისი სიკვდილი კი ცოდვაა, საქმით აღსრულებული"204. სნეული სული ნელ-ნელა უახლოვდება სიკვდილს. სულის სნეულება მისი განუწმინდაობიდან მომდინარეობს "მისი (სულის) განუწმინდაობა ნიშნავს, რომ იგი ბუნებრივად არ მოქმედებს, ამის გამო იბადება გონებაში ვნებებიანი აზრები"205. წაბილწული სული წმინდა მაქსიმეს სიტყვებით სურვილებით, ცდუნებებით და სიძულვილით აღსავსეა"206 ისიხიოს პრესვიტერი აღწერს, როგორ სნეულდება სული და იღუპება. ღმერთის მიერ შექმნილი სული მარტივია და კეთილი, იგი რთულდება "სიამოვნებას იღებს ეშმაკისმიერი წარმოსახვებით და იხიბლება, ისწრაფვის ბოროტისკენ, თითქოს კეთილისკენ (მიდიოდეს) და თავის საკუთარ აზრებს ურევს ეშმაკეულთან" ამის შემდეგ სხეულის საშუალებით ცდილობს განახორციელოს "ბილწი აზრები"207.
გრიგოლ პალამას წმინდა წერილიდან და კერძოდ, პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან მოჰყავს ადგილები: "რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა (ეფეს. 2,5.) და იოანეს "არს ცოდვაჲ სასიკვდინე" (1 იოან. 5.16) ქრისტეს მიმართვა მოციქულისადმი: "აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა (მათ. 8, 22). და ამბობს, რომ სული მართლა მადლის გამო უკვდავია, მაგრამ "სიამოვნების ტრფიალით ცოცხლად კვდება. ამგვარად განმარტავს წმინდა მამა 1 ტიმ 5,6 ეპისტოლეს: "რომელ-იგი იშუებდეს, ცოცხლივე მკუდარ არს" სული ცოცხლობს, მაგრამ მკვდარია, რადგან ჭეშმარიტ სიცოცხლეს ღვთის მადლი არა აქვს208. წინაპრებმა როცა დაივიწყეს ღმერთი, მისი მცნებები და სატანის მკვდარ სულს დაემორჩილნენ, მოაკლდათ ცხოველმყოფელი ნათელი და სულით მიემსგავსნენ ეშმაკს"209. ასე ხდება ყოველთვის, როცა ადამიანი ეშმაკის ნებას ემორჩილება, მისი სული კვდება, რადგან სატანა არა მხოლოდ თავად არის მკვდარი სული, არამედ მასთან მიახლოებულსაც კლავს"210.
"როცა სულში არაფერი არ არის ჯანსაღი, ის ცოცხალი ჩანს, მაგრამ მკვდარია... თუ სული სათნოებისათვის არ მოქმედებს, იცოცხლებს და უსჯულებას სჩადის, მე ვერ ვიტყვი, რომ შენი სული ცოცხალია. რადგან დადიხარ? დადიან პირუტყვებიც. ჭამ და სვამ? იმავეს აკეთებენ პირუტყვები. იქნებ იმიტომ, რომ ორ ფეხზე გამართული დგახარ? აქედან ნათელია, შენ ადამიანის მსგავსი ცხოველი ხარ211. პავლე მოციქულის სწავლებაში მკვდარ ადამიანს ხორციელი" ან "მშვინვიერი" ეწოდება. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: "მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა" (1 კორ. 2,14) და კიდევ: "სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვე-რა ხართა და კაცობრივ იქცევით? (1 კორ. 3.3). პროფესორ იოანე რომანიდისის აზრით გამოთქმებს: "ხორციელი" "მშვენიერი" "კაცობრივი ქცევით" ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ212. პროფ. რომანიდისი თავის სხვა გამოკვლევებში ამბობს, რომ "ხორციელი და მშვინვიერი ადამიანი ეწოდება სულისაგან და სხეულისაგან შემდგარ კაცს, რომელსაც აკლია სული წმიდის მოქმედება, რაც მას უხრწნელად აქცევს213. "როცა ადამიანი არ მიჰყვება სული წმიდას, მას აკლდება ღვთის ცხოველმყოფელი ენერგია და ხდება მშვინვიერი"214.
სულის კურნება
მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემა ცოდვით მკვდარი სულის კურნებას ეხება. ეკლესიის საიდუმლოებანი და ასკეტური ცხოვრება ამ კურნებას ემსახურება. ვისაც ეს გააზრებული არა აქვს, ვერ გაიგებს მართლმადიდებლურ ტრადიციას. ნაშრომის შემდგომ ნაწილებში დავინახავთ რა არის გაჯანსაღება და გაცოცხლება სულისა, ვიმსჯელებთ მისი მიღწევის გზებზე და ვნახავთ, როგორ მოქმედებს ცოცხალი სული.
"სულის სიჯანსაღე უვნებობა და ცოდნაა"215. სრულყოფილია ღმერთისკენ მოსწრაფე სული216, "წმინდა ღმერთისმოყვარე სული"217. "წმინდა ვნებებისაგან გათავისუფლებული და ღვთიური სიყვარულით გახარებული სული"218.
წმინდა მამები აღწერენ სულის აღდგომის რამდენიმე გზას, როცა იგი ცხოველმყოფელი ხდება და იკურნება. უფლის მიმართ მწუხარება, ანუ სინანული, სიამოვნებას (ἡδονή) აქრობს. "სიამოვნებათაგან განთავისუფლება არის სულის აღდგომა"219. წმინდა ანტონი დიდი ამბობდა, რომ აუცილებელია გონების (διάνοια) განწმენდა; "მე მჯერა, რომ ყოველმხრივ განწმენდილი და თავის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი გონებით შეიძლება გახდეს (ადამიანი) მჭვრეტელი და იხილოს დემონებზე უფრო მეტი და უფრო შორეული, რადგან განცხადებული უფალი იქნება მასში"220. წმინდა მამის სიტყვები ნათელყოფს, რომ უნდა განვწმინდოთ აზრები. თუ ადამიანი წმინდად იცავს გონებას სხვადასხვა წარმოსახვებისგან., მაშინ ის ინარჩუნებს სულის უბიწობასაც. ფილადელფიის მიტროპოლიტი თეოლიპტოსი გვასწავლის: "მას შემდეგ რაც გარეგნულ გართობას შეწყვეტ, შინაგანი მაცდუნებელი აზრებიდანაც გათავისუფლდები, მაშინ გონება სულიერი საქმეებისკენ იქნება მიმართული". გონების სუფთად დაცვის მცდელობა აღმოგვაჩენინებს თვით ამ გონებას, რომელიც უწინ მკვდარი იყო და თითქმის შეუმჩნეველი. თეოლიპტოსი მოგვიწოდებს "შეწყვიტე გარე საუბრები და ჩაუღრმავდი შენს თავს, იქამდე, სანამ არ შეძლებ წმინდა ლოცვას და არ იპოვი საცხოვრებელს, სადაც უფალი სუფევს"221. გული უფლის საცხოვრისია და ჩვენ შეგვიძლია მისი გაღება მაშინ, როცა ვიღწვით წმინდა ცხოვრებისთვის და ჩვენში არსებულ მაცდუნებელ აზრებს ვეწინააღმდეგებით. გონების სიწმინდეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გზა მარტივია, მაგრამ ყოვლისმომცველი. მას ადამიანის სულისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს, მას სული წმინდის ტაძრად აქცევს. სული იკურნება, როცა მდაბალ მიდრეკილებს (საგნებს) არ ეჯაჭვება და ესწრაფვის საუკეთესოს-სიყვარულს"222. გრიგოლ პალამა მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციის მიხედვით ასკვნის, რომ ცოდვით დაცემით ადამიანმა დაკარგა ღვთის მსგავსება, მაგრამ "ხატი არ დაღუპულა". სწორედ ამიტომ შეგვიძლია აღვადგინოთ სული მიწიერ საგანთა უგულებელყოფით და სიყვარულით საუკეთესოსკენ მისწრაფებით. სული კეთილი საქმეებით და ზნეობით "ნათლდება და უკეთესი ხდება. იგი "საუკეთესოს" რჩევების მორჩილებით და მისივე წყალობით ეზიარება მარადიულ სიცოცხლეს"223. ღვთის რჯულის მორჩილებით სული თანდათან ჯანსაღდება. ნიკიტა სტითატს მოჰყავს სულის კურნების არა მარტო ქმედითი, არამედ ჭვრეტითი მეთოდიც. იქ, სადაც ღვთის სიყვარულია, გონების ქმედება და მიუწვდომელ სინათლესთან ზიარება, სულის სიმშვიდე სუფევს, გონება განწმენდილია და სული წმინდა მეუფებს"224. გონების წმინდად დაცვასთან ერთად საჭიროა გონებით ლოცვა. უფლის სიყვარულის და მასთან საუბრის მისაღწევად. სადაც სუფევს სიყვარული, იქ სულის სიმშვიდეა და გონებაც განწმენდილია.
მოვიყვანთ გრიგოლ პალამას რამდენიმე მოსაზრებას. წმინდა მამა ამბობს, რომ ჩვენ ვიღვწით სხეულიდან "სჯულისა ცოდვის" (რომ. 8.2) განსადევნად, იმისთვის, რომ დავუმორჩილოთ გონების კონტროლს, შემდგომში სულის ყველა ძალას და სხეულის ნაწილებს განვუწესოთ შესაბამისი ქმედების წესი"225. შეგრძნებებს - თავშეკავება, სულის ვნებიან ნაწილს - სიყვარული, ლოგოსურს (λογική)განვწმენდთ, გზიდან ვაშორებთ ყველაფერს, რაც ხელს უშლის მის ამაღლებას ღმერთამდე და ამას მღვიძარებას ვუწოდებთ. ადამიანი სხეულს რომ განიწმენდს თავშეკავებით, დათრგუნავს მრისხანებას და სურვილს ღვთიური სიყვარულით და ღმერთს უძღვნის ლოცვით განწმენდილ გონებას, მაშინ "მიიღებს და იხილავს მადლს, რასაც უფალი ანიჭებს განწმენდილი გულის ადამიანებს". მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: "დააცხრე სულის მრისხანე ნაწილი სიყვარულით. სურვილით აგზნებული - თავშეკავებით, ლოგოსურს (λογική) ფრთა შეასხი ლოცვით და გონების ნათელი არასოდეს არ დაბნელდება შენში"226. სულის უძლურების განკურნება, მკვდარი გონების გაცოცხლება, უწმინდური გულის განწმენდა რჩევებითა და წამლებით კი არ მიიღწევა, არამედ ეკლესიის ასკეტური გზით: თავშეკავებით, სიყვარულით, ლოცვით, ეშმაკეული ცდუნებებისგან გონების დაცვით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენს ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლურ ტრადიციას. მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია გაანთავისუფლოს ადამიანი, განკურნოს სტრესისგან, დაუცველობის შიშისგან, რასაც შედეგად სულის კვდომა მოსდევს.
2. სულის, გონების, გულისა და ლოგოსის კავშირი
წმინდა წერილში და მამათა თხზულებებში გვხვდება შერეულად და განცალკევებულად ტერმინები "სული (ψυχή), გონება (νοῦς), გული (καρδία) და აზრი, აზროვნება (διάνοια). ხშირად ხდება ამ ტერმინთა მნიშვნელობის აღრევა და გაურკვევლობა. ისინი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ვცდილობდი, მომეძებნა რაიმე გადაწყვეტილება. გავეცანი ამ თემასთან დაკავშირებულ ლიტერატურას და მივხვდი, რომ მკვლევარნი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ვერ განსაზღვრავენ ტერმინთა შორის კავშირსა და განსხვავებას. ნაშრომის წინამდებარე ნაწილში ვეცდებით თითოეულის ცალკე განხილვას. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ადამიანის სული ღვთის ხატად შეიქმნა და ეს ხატი ადამიანში უფრო ძლიერია, ვიდრე ანგელოზებში, რადგან სული მყოფობს ყველგან, და ადამიანი მთლიანად არის ხატი ღვთისა. საყურადღებოა იოანე დამასკელის ტროპარი, რომელიც მიცვალებულთა ლოცვის ნაწილია "ვგლოვობ და ვტირი, როცა ვხედავ საფლავში მყო ღვთის ხატად შექმნილ მშვენიერებას, უსახურს". საგალობელში "ხატი ღვთისა" (κατ’ εικόνα) ადამიანის სხეულს გულისხმობს.
გონება და სული
ახალი აღთქმის წიგნებსა და წმინდა მამათა შრომებში სული გაიგივებულია გონებასთან. ტერმინები "გონება" და "სული" ერთმანეთს ცვლის. იოანე დამასკელი წერს, რომ გონება სულის უწმინდესი ნაწილია და არის სულის თვალი "არა მოუგიეს მას სხუაჲ გონებაჲ განთჳსებული ჴორცთაგან, არამედ მისვე გონებისაგან ჴორცთაჲსა მიაქუს უწმიდესი რაჲმე კერძოჲ, რამეთუ ვითარ-იგი არს თუალი გუამსა შინა, ეგევითარივე არს გონებაჲ სულსა შინა"227. (სული არის გონების მქონე, თუმცა არათუ თავისი თავისაგან განსხვავებულისა, არამედ - თავისივე უწმინდესი ნაწილისა, რადგან როგორც თვალია სხეულში, იმგვარადვეა სულში გონება). გრიგოლ პალამა "გონებას" ორი აზრით ხმარობს. გონება არის მთელი სული ღვთის ხატად შექმნილი, მაგრამ იგი სულის ერთ-ერთი ძალაა, რადგან, როგორც ნაშრომის წინა ნაწილში აღვნიშნეთ, სულს აქვს გონება, ლოგოსი და სული (წმიდა) სამპიროვანი ღმერთის მსგავსად. (რომელიც არის გონება, ლოგოსი და სული წმინდა). მთაწმინდელი წმინდანი ამბობს, რომ გონება გაიგივებულია სულთან, მაგრამ იმავდროულად სულის ძალაც არის. მოვიყვან საგულისხმო ციტატას, სადაც ტერმინის ორივე მნიშვნელობაა გამოკვეთილი. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ადამიანის შექმნის შემდეგ ანგელოზები უყურებდნენ თავის თვალებით "შეგრძნებებთან და ხორცთან შეერთებულ ადამიანის სულს და ხედავდნენ სხვა ღმერთს, რომელიც არა მხოლოდ ღვთიური მადლით, არა მხოლოდ მოვიდა მიწაზე, არამედ ის ერთი იყო გონებით და ხორცით, ის ღვთის მადლით შეიქმნა ისე, რომ ერთდროულად არის ხორცი, გონება, სული და აქვს ღვთის ხატი და მსგავსება - სული, ერთიანი გონებით, ლოგოსით და სულით"228.
მოყვანილი ნაწყვეტი ნათელყოფს შემდეგს: თავდაპირველად საუბარია სულზე, როგორც ხორცისა და შეგრძნებებთან შეერთებულზე. შემდგომ ტერმინი "გონება" იკავებს "სულის ადგილს. ამის მერე წმინდა მამა განარჩევს ხორცს, გონებას და სულს. სულში სული წმიდის მადლი მოიაზრება, რადგან ღმერთმა ადამიანი მარტო ხორცისგან და სულისგან კი არ შექმნა, აზიარა ღვთიურ მადლსაც. გრიგოლ პალამა წერს, რომ სული შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა "ერთიანი გონებით, ლოგოსით, სულით". მოკლედ, გრიგოლ პალამას აზრით ადამიანის სული შეიქმნა ღვთის ხატად, გონება ზოგჯერ გაიგივებულია მასთან და ზოგჯერ სულის დამოუკიდებელ ძალად განიხილება, ის არის სულიერი თვალი, როგორც იოანე დამასკელი ამბობს.
ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის სული სამებაა. ის შედგება გონების, ლოგოსის (λόγος) და სულისაგან. თუკი გონება სულთან არის გაიგივებული, გამოდის, რომ მასაც სამი ძალა აქვს. სულის ერთ-ერთი ძალა გონება - მთლიანი სულია. მოვიყვანთ კვლავ გრიგოლ პალამას სიტყვებს: "როცა გონების ერთობა სამება ხდება და რჩება ერთიანი, მაშინ უერთდება ღვთაებრივსაწყისიან სამება ერთარსებას... გონების ერთობა ხდება სამება ისე, რომ ერთობად რჩება, თავის თავს უბრუნდება და მაღლდება ღმერთამდე"229. ამრიგად, სული არის "ერთი მრავალძალიანი რამ"230. მისი ერთ-ერთი ძალა გონებაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთლიანი სული სამი ძალით გონებად იწოდება.
წმინდა მამები "ღვთის ხატს" უწოდებენ სულს. ამავე დროს ითვლება, რომ ეს გამოთქმა გონებასაც მიემართება "რადგან ეს ხატი ღვთისა არსებობს არა სხეულში, არამედ გონებაში"231.
ღმერთს აქვს არსება და ენერგია, ღვთის ხატად შექმნილ სულსაც აქვს არსება და ენერგია. თუკი "სული" და "გონება" ერთმანეთის შემცვლელი ტერმინებია, მაშინ გამოდის, რომ გონებასაც აქვს არსება და ენერგია.
გრიგოლ პალამას მიხედვით სულის არსება გულია, ენერგია კი "ფიქრები და აზრები". გონება ენერგიის და არსების მატარებელია მართლაც. და აი, რატომ, ტერმინ "გონებით" ზოგჯერ არსებას აღვნიშნავთ, სხვა შემთხვევაში - ენერგიას. "გონებად" იწოდება გონების ქმედება (ενέργεια), რაც აზრებში არსებობს. გონება არის მოქმედი ძალა, რასაც წმინდა წერილში გული ეწოდება"232.
გრიგოლ პალამას თანამედროვენი განიკითხავდნენ მას, რადგან წმინდა მამა საუბრობდა გონების გულთან დაბრუნებაზე. მათ საპასუხოდ გრიგოლი წერს: `მათ არ იციან, რომ გონების არსება სხვა არის და მისი ენერგია სხვა"233.
გონება და გული
გონებად იწოდება სულის არსება, ანუ გული, გულისა და გონების გაიგივება ერთმანეთთან წმინდა წერილსა და მამათა ნაწერებში გვხვდება. უფალი ნეტარს უწოდებს "წმინდანებს გულითა", რამეთუ მათ ღმერთი იხილონ (მათე 5.8). ღმერთი ცხადდება გულში და იქ შეიცნობს მას ადამიანი. პავლე მოციქული წერს, რომ გულში ხდება უფლისგან განათლება: "გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა" (2 კორ. 4,6). მოციქული ლოცულობს, რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტემან, ღმერთმან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებით მისითა" და განგანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდეთ თქუენ..." (ეფ. 1. 17-18).
ამრიგად, გული იღებს ღმერთის გამოცხადებას. სხვა ადგილებში სიტყვა "გული" "გონებით" იცვლება. აღდგომის შემდეგ უფალი გამოეცხადა მოწაფეებს და "განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმისყოფად წიგნთა" (ლუკ. 24. 45). ადამიანი ღმერთს შეიცნობს გულის თვალთა ახელით და გულის განწმენდით, გამონათქვამი "განუხუნა გონებანი" იგივეა, რაც "განუხუნა გული", აგრეთვე, ჩემი აზრით, ფრაზა "ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" შეესაბამება პავლე მოციქულის სიტყვებს: "შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა".
ამ თვალსაზრისით "გონება" იწოდება "გულადაც". ასე რომ, ეს ორი ტერმინი ურთიერთმონაცვლეა. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ქრისტეს სიტყვები: "გარნა ესე, რომელი ჯერ-არს, მიეცით მოწყალებაჲ და აჰა თქუენი ყოველი წმინდა არს" (ლუკ. 11.41) ნიშნავს შემდეგს: "სიძულვილისაგან და თავშეუკავებლობისაგან განწენდას გონებისა, რასაც უფალი გულს უწოდებს. ყველაფერი, რაც გონებას ბილწავს, არ აძლევს საშუალებას [ადამიანს] მასში დავანებული, ნათლობის მადლით დამკვიდრებული ქრისტე იხილოს"234.
ამრიგად, გონება ეწოდება სულის არსებას, ანუ გულს. ამ აზრით გონება და გული გაიგივებულია, რადგან გონებაში სუფევს ქრისტე.
გონება და შემეცნება (διάνοια)
გონება ეწოდება გონების ენერგიას, "რომელიც აზრებსა და შემეცნებაში არსებობს" პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს:,,უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს. აწ უკუე რაჲ არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა, ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა" (1 კორ. 14. 14-15). აქ სული - მეტყველების მადლია, გონებაში კი მოიაზრება შემეცნება. გონება გაიგივებულია ლოგიკასთან, ლოგოსთან (λογική). სიტყვის ეს მნიშვნელობა წმინდა წერილში ხშირად გვხვდება.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი ლოგიკისა (λογική), და გულის დახასიათებისას ამბობს, რომ ეს ორივე არის გონება, ჩვენი პიროვნულობის ცენტრი, რომლითაც ღვთის შემეცნება შეგვიძლია. წმინდა მამა მათ შორის განსხვავებას გვიჩვენებს და აღწერს თითოეულის ქმედებას. "განწმენდილი გონება სწორად ხედავს საგნებს. გაწვრთნილი ლოგოსი (λογική) ხილულს თვალწინ წარმოადგენს"235. სწორედ გონება (გული) ხედავს საგნებს სუფთად, ამიტომ სჭირდება განწმენდა, შემეცნება კი იბეჭდავს და გამოხატავს ნანახს. მოყვანილი ციტატა გვარწმუნებს, რომ ეკლესიის მამებს უნდა ჰქონოდათ არა მარტო განწმენდილი გონება, არამედ წვრთნით განსწავლული ლოგოსი (λογική), რომ შესაძლებლობის ფარგლებში გამოეხატათ ზებუნებრივი რეალობა.
გონება და ყურადღება
სხვა მამები "გონებას" ყურადღებად (προσοχή) განმარტავენ, მას აზრის უზუსტეს გამოვლინებას უწოდებენ236. ფილადელფიის მიტროპოლიტი თეოლიპტოსი გონებას ყურადღებას უკავშირებს, აზროვნებას (λόγος)237 მოწოდებას, სულს კი სიმშვიდეს, სიყვარულს. სულის ყველა ძალა თუ ასე მოქმედებს, მაშინ "ადამიანი მთელი თავისი არსებით ემსახურება ღმერთს". შეიძლება ასეც, აზროვნება ამბობს ლოცვას, მაგრამ გონება (უზუსტესი ყურადღება) მას თან არ ახლავს. "ხშირად აზროვნება (λόγος) ლოცვას იმეორებს, (ყურადღება) გონება არ მიჰყვება, არ აღაპყრობს თვალებს უფლისკენ, ვისკენაც მიმართულია ლოცვა, არამედ სხვაგან არის გაფანტული. თუმცა აზროვნება (λόγος) ჩვეულებრივ წარმოთქვამს სიტყვას, მაგრამ გონება ღვთის ჭვრეტიდან განდგომილია. ამ შემთხვევაში სული მოუწყობელია და თითქოს შეუმეცნებელი, რადგან გონება აბნევს წარმოსახვებით და მიდრეკილია ან მათკენ ან იქითკენ, სადაც სურს"238.
გონება, რომელიც არა მარტო აზრთა კრებულია, არამედ უზუსტესი ყურადღება, მიმართულია გულისკენ, სულის არსებისაკენ, ხორციელ ორგანოში, გულში რომ არის დავანებული". გონების კონცენტრირება გვჭირდება, იგი გრძნობის ორგანოებით იფანტება და უნდა დავაბრუნოთ გულში (აზრთა საუნჯეში)239.
ნაშრომის ამ მონაკვეთში გვსურდა "გონების" მრავალი მნიშვნელობა წარმოგვეჩინა ბიბლიური წიგნებისა და წმინდა მამების თხზულებების მიხედვით. გონება გაიგივებულია სულთან, მაგრამ ის იმავდროულად სულის ქმედებაა (ἐνέργεια). სულიც და გონებაც ღვთის ხატია. სულის მსგავსად გონება იყოფა არსებად და ენერგიად. ღმერთში არსება და ენერგია განუყოფლად იყოფა, ასევეა გონებაშიც. აი, წმინდა მამები ერთ შემთხვევაში რატომ ახასიათებენ გონებას, როგორც არსებას, ანუ გულს, რასთანაც გაიგივებულია იგი, სხვა შემთხვევაში კი აღწერენ მას (გონებას) როგორც ენერგიას, ანუ აზრს, შემეცნებას და უზუსტეს ყურადღებას, რაც გრძნობის ორგანოებით არის გაფანტული და უნდა დაუბრუნდეს გულს. ძირითადად წმინდა მამები გონებას უწოდებენ გულს და საერთოდ სულს. (თუმცა, რიგ შემთხვევებში, როგორც ვნახეთ, ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობითაც ხმარობენ).
ჩვენ დავკარგეთ ტრადიცია, ამიტომ ბევრი ჩვენგანი გონებას ლოგიკასთან აიგივებს. ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ლოგიკის მიღმა არსებობს სხვა ძალა, რომელსაც დიდი ღირსება გააჩნია, ეს არის გონება, გული. მთელი ჩვენი კულტურა - გულის დაკარგვის კულტურაა. გასაკვირი არ არის,რომ ადამიანი ვერ შეიცნობს იმას, რაც არა აქვს. გული მკვდარია, გონება დაბინდული. ასე რომ, არ შეგვიძლია მათი არსებობის შეგრძნება. ამიტომ დაგვჭირდა დაზუსტება. ადამიანს, რომელშიც დავანებულია სული წმინდა, არ სჭირდება ახსნა-განმარტებანი, რადგან მან საკუთარი გამოცდილებით შეიცნო გონების, გულის არსებობა.
3. გონების, გულისა და აზრთა შესახებ
აქამდე ნათქვამი ყველაფერი სულის შინაგან ცხოვრებას ეხებოდა. სულის უძლურება და მკურნალობა გონების, გულისა და აზრების მკურნალობაა. ამ თემას მიეძღვნება ჩვენი შემდგომი მსჯელობა. ცალ-ცალკე განვიხილავთ გონებას, გულს და აზრებს. ვფიქრობ, ქვემორე მსჯელობა ჩვენი შინაგანი სამყაროს "ენდოსკოპია" იქნება.
ა) გონება
ვნახეთ, რომ "გონებას" რამდენიმე მნიშვნელობა აქვს წმინდა წერილსა და მამათა ნაწერებში. "გონება" ხან სულთან არის გაიგივებული, ხან სულის ენერგიას, მის თვალს აღნიშნავს. რიგ შემთხვევებში "გონება" სულის არსებაა, ზოგჯერ სულის ენერგია, ან ყურადღება. წინამდებარე თავში, რომელიც გონების უძლურებასა და კურნებას ეძღვნება. მას განვიხილავთ როგორც სულის თვალს. ტერმინში "გონება" ვგულისხმობთ "სულის ძალას"240. მის უწმინდეს ნაწილს თვალი ეწოდება იოანე დამასკელის სიტყვებით. სულის თვალი გონება - შეგრძნებებით მოქმედებს და დასნეულებულია. მას კურნება სჭირდება. ხორციელი თვალის მსგავსად, როცა ის სნეულდება, მთელი სხეული ბნელდება. დაუძლურებული სულის თვალი ანუ გონება მთელ სულს აბნელებს. ეს აზრი იგულისხმება მაცხოვრის სიტყვებში: "უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელი არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?" (მათ. 6,23). უფლისგან განდგომილნი და გულისაგან მიდრეკილი გონება სნეულდება და კვდება, კვდება მთელი სული. გადმოგცემთ როგორ ხდება ეს.
გონების ბუნებრივი ცხოვრება
წმინდა მამები გონების ბუნებრივ ცხოვრებას ნათლად განმარტავენ. ნიკიტა სტითატის მიხედვით "ღმერთი არის უვნებო გონება, ყველა გონებაზე და უვნებობაზე აღმატებული - ნათელი და მადლის სინათლის წყარო - სიბრძნე, სიტყვა და შემეცნება"241. ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს აქვს უვნებო გონება. როცა ეს გონება თავის ბუნებრივ მდგომარეობაშია და საზღვრებს არ სცილდება: "ჩვენს გონებას, ღვთის ხატს, თავისი ბუნებრიობა აქვს მაშინ, როცა არ მოქმედებს მისი ბუნების უჩვეულოდ... ესწრაფვის სიახლოვეს უფალთან, რომლისგანაც მიიღო საწყისი და ბაძავს მასვე სიმარტივით და კაცთმოყუარეობით". გონება - მამა ბადებს სიტყვას (ლოგოსს), სიტყვა (ლოგოსი) ბადებს და ქმნის ადამიანს, სულიერი გონება წარმოშობს თავის სიტყვას (ლოგოსს), და სხვა. ზეციური სასუფევლის მსგავსად ერთი მოდგმის ადამიანების სულებს განალაგებს და მოთმინების სიმტკიცეს ანიჭებს იმისთვის, რომ სათნო საქმენი აღასრულონ". გონება ლოგოსით არა მარტო გარდაქმნის სხვა ადამიანთა სულებს, არამედ "ცხოველყოფს სულით თვის ბაგეთაგან~. ამრიგად, ღმერთისკენ მოსწრაფე ადამიანის გონება სხვა სულებს გარდაქმნის და ბაძავს ღმერთს. ისიც ხდება შემოქმედი გონიერი ქმნილებებისა და დიდი სამყაროსი"242.
ნიკიტა სტითატის სიტყვები ცხადყოფს, რომ გონება თავისი ბუნებით ღმერთისკენ ისწრაფვის და მას უერთდება, თავად ხდება მადლით ზეციური გონების მსგავსი. გონების ერთობა ღმერთთან მდგომარეობაა, მაგრამ იმავდროულად მოქმედებაც, რადგან სრულყოფილება უსასრულოა. მაქსიმე აღმსარებელი საუბრობს უწყვეტ მოძრაობაზე და სტატიკაზე. უფლისკენ მიმავალი ადამიანი მუდმივად მოძრაობს. იმავეს წერს ნიკიტა სტითატი გონებაზე: "ყველა გონებას ამ უპირველეს გონებაში მარადიული სტატიკა აქვს, ამავე დროს უსასრულოდ მოძრაობს". ეს არ ეხება განუწმენდელ გონებას, არამედ გამჭვირვალეს და სუფთას. ასეთი გონება უერთდება უპირველეს გონებას"243. იგი განიბრძნობა და სათნო ხდება "სათნო და ბრძენი ბუნებით მხოლოდ ღმერთია, მასთან ერთობით გონებაც ხდება ამგვარი"244.
გონების ბუნებრივ მდგომარეობაზე საუბრისას უნდა აღვწეროთ მისი ბუნებრივი, არაბუნებრივი და ზებუნებრივი მოძრაობები. მოვიხმოთ წმინდა მარკოზ მოღვაწე. "არსებობს სამი შემეცნებითი ადგილი, სადაც ადამიანის გონება აღწევს და იცვლება; ესენია ბუნებრივი, არაბუნებრივი და ზებუნებრივი. როცა თავის ბუნებრივ ადგილას არის, ის ბოროტ განზრახვებსა და ვნებების მიზეზს პოულობს თავის თავში და აღიარებს ცოდვებს ღვთის წინაშე. როცა გონება არაბუნებრივ მდგომარეობაშია, მას ავიწყდება ღვთის სიმაღლე და ადამიანებს ებრძვის, თითქოს მათგან უსამართლოდ იჩაგრება. როცა ზებუნებრივ მდგომარეობაშია, მაშინ სული წმინდის მადლის ნაყოფს ხედავს თავის თავში"245. ღვთის სიმართლის დავიწყებით და ადამიანებთან ბრძოლით ჩვენი გონება არაბუნებრივ მდგომარეობაშია, ვნებების მიზეზის აღმოჩენისას და სული წმინდის მადლის შეგრძნებისას კი ბუნებრივ და ზებუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება. ადამიანი, როცა ცდილობს გონება ბუნებრივ მოძრაობაში ამყოფოს, მაშინ ის იწმინდება "მოიდრეკება სიყვარულით და მოწყალებით" და სული წმიდის მადლით ნათდება"246.
მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით "გონება ბუნებრივად მოქმედებს, როცა ვნებები მოთოკილი აქვს, უჭვრეტს თავის არსებას და მიისწრაფვის ღმერთისკენ"247. წმინდა მამები შენიშნავენ, რომ "გონება ყოველი აზრის შესაბამისად იცვლის სახეს; სულიერი ხედვისას კი იგი სხვანაირად იცვლება. უფალთან თანამყოფი გონება უხილავი და უსახოა"248. აქედან გამომდინარე, გონება უნდა მიეჩვიოს სულიერად მიიღოს საგნებზე ფიქრები, სხვაგვარად იგი ვერ იქნება თავის ბუნებრივ მდგომარეობაში და შეიცვლება. თუკი გონება, სულის თვალი, შეიცვალა, მაშინ უდავოდ შეიცვლება მთელი სული. სულის რამდენიმე ქმედება თუ წაიბილწა და დასუსტდა, სხვა ძალებიც შეიცვლებიან, რადგან "ყველანი ისინი" ერთადერთს, ერთიან სულს უკავშირდებიან"249.
სწორედ გონება განსაზღვრავს ადამიანის ზოგად მდგომარეობას, გონება ასაზრდოებს სულს. ჩვენი გონება ბოროტებასა და სიკეთეს შორის არის. ანგელოზსა და ეშმაკს შორის და ორივე მხარე თავისებურად მოქმედებს მასზე. გონება თავისუფალია და შეუძლია რომელიმე მათგანს გაჰყვეს ან შეეწინააღმდეგოს. გონება ფლობს სულს. დაზიანებული გონება თავისკენ მიდრეკს სულსაც. გონების განმასხვავებელი შტრიხი ის არის, რომ იგი ერთ ადგილზეა, ფართოვდება და თავისკენ მიმართავს სურვილსაც და სიყვარულსაც. გააჩნია, სად არის გონება ღვთიურ საგნებში, აზრებში, საქმეში თუ ხორციელ ვნებებში"250. "განკითხვის ვნება გონებას მიწიერ საგნებზე აბამს"251. მართლმადიდებლური ასკეტიკა გონების მიმართულებას ანიჭებს განსაკუთრებულ ყურადღებას. გონება თუ მატერიალურ საგნებს მიეჯაჭვა, შეირყვნება მათზე ფიქრით, დასნეულდება და სხვა სულებსაც დაასნეულებს. სულის მოძრაობის შესახებ უნდა ითქვას, რომ სული თავისუფალი ნებით ბუნებრივად ან არაბუნებრივად და ან ზებუნებრივად მოძრაობს, შესაბამისი არჩევანის მიხედვით "ადამიანთა გონება მიმართულია ცოდვებისაკენ, ან იესოსკენ, ან ადამიანებისკენ"252. ამ თემაზე ქვემოთ ვიმსჯელებთ, სადაც გონების უძლურებას შევხვდებით. გრიგოლ ნოსელი გვასწავლის, რომ გონება "ჩვენი სხეულის რამდენიმე ნაწილში კი არ არის, ის ყველგან სუფევს..." გონება სხეულს უკავშირდება გამოუთქმელი და უხილავი კავშირით, რომელიც "არც შიგნით არის (რადგან უხორცო არ შეიძლება სხეულში იყოს) და არც გარედან ეკვრის (უსხეულოს გარს ვერ შემოარტყამენ); გონება რთულად და გაუგებრად ეხება ბუნებას (სხეულს ე.დ.) ისე, რომ მასში არ არის და არც გარს ეხვევა"253.
გრიგოლ პალამა ადარებს წმინდა მაკარის (გონება და სულის აზრები გულშია თავმოყრილი) და გრიგოლ ნოსელის სწავლებებს (უხორცო გონება სხეულში არ არის) და წერს, რომ ეს ორი მოსაზრება ურთიერთსაწინააღმდეგო არ არის, პირიქით თანხვედრილია. წმინდა მაკარი და გრიგოლ ნოსელი თავიანთ ანთროპოლოგიაში სხვადასხვა წინაპირობებს ეფუძნებიან. უფრო ზუსტად, წმინდა მაკარი ამბობს, რომ გონება სხეულშია და წმინდა გრიგოლი ამტკიცებს, რომ გონება არ არის სხეულში - სხვადასხვა რამეს გულისხმობს. ორი მოსაზრება ერთმანეთს არ გამორიცხავს იმის მსგავსად, რომ ღმერთი (უსხეულო) არ მყოფობს ერთ რომელიმე ადგილას და ამავე დროს სიტყვა ღმრთისა ღმრთისმშობლის უბიწო საშოში შევიდა. უსხეულო ადამიანური გონება სხეულის შიგნით არ არის. მაგრამ იმავდროულად იქაც არის, რადგან გამოუთქმელად იყენებს სხეულის ორგანოს, გულს"254. უკვე განვმარტეთ ზემოთ, რომ გონებას არსებაც აქვს და ენერგიაც. არსება გულშია, ენერგია აზრებში, რომელთა საშუალებითაც გონება ტოვებს სხეულს და იღებს საგნების აზრს. ბუნებრივი მდგომარეობით გონება გულში შედის, ენერგიით არსებაში და მაღლდება ღმერთამდე. ასეთი წრიული ქმედება ახასიათებს გონებას. ღვთის ხატად შექმნილი გონება ცოცხლდება ღმერთთან შეერთებით, განიბრძნობა და მადლს იღებს. ამგვარია გონების სიცოცხლე. პავლე მოციქული წერს: "ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას" (1. კორ. 2.16). გონების ბუნებრივი მდგომარეობა ქრისტეს გონებასთან შეერთებაა. მაშინ იგი ნათდება და ნათლდება. "გონების სიცოცხლე და ჭეშმარიტი ენერგია არსებობს, როცა სულის ლოგოსური ნაწილი ღვთიურზეა ორიენტირებული და უფალს მადლობის საგალობელს აღუვლენს და მუდმივი ხსოვნით მას ერწყმის"255. სულის სიკვდილი ღმერთისგან განშორებაა, მისი სიცოცხლე კი უფალთან ერთობაა. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით გონების სიცოცხლე "შემეცნების განათლებაა". ეს განათლება იბადება ღვთის სიყვარულით, "მაგრამ ღვთიურ სიყვარულზე ამაღლებული არაფერია"256.
სხეულს საკვების გარეშე, სულს კი სათნოების გარეშე არსებობა არ შეუძლია, "სულიერი ლოცვა გონების საზრდოა"257. ლოცვა ასაზრდოებს და ცხოველყოფს გონებას. ღმერთისკენ მოსწრაფე გონება ცოცხალია და ჯანსაღი. ამ დროს ღმერთისაგან ნუგეშს გრძნობს. უფალში იძენს გონება სიჯანსაღეს, შეგრძნებას, ამ შეგრძნებით არის შესაძლებელი "გემოს ხილვა და გარჩევა"258.
სულიერი ცხოვრებისთვის გონების სიცოცხლეა საჭირო, იმისთვის, რომ ღმერთის და ეშმაკის ქმედება გაარჩიოს. ჯანსაღი გონებისთვის, რომელიც ღვთისაკენ არის მიმართული, "სულის ვნებიანი (სურვილიანი) ნაწილიც ღვთიური იარაღი ხდება"259. ამ შემთხვევაში მთელი სული ჯანსაღია. გონება ჰგავს ეტლს, რომელიც სულს აქეთ-იქით დაატარებს, ან ღმერთისკენ და ან ეშმაკისკენ და ცოდვებისკენ. გონება თუ ჯანსაღია, ღმერთისგან იმთავითვე იღებს დასტურს. პავლე მოციქული ცოცხალი და განწმენდილი გონების შესახებ ამბობს: "კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულ-სავსე იყავნ" (რომ. 14.5).
გონება მოცემულ შემთხვევაში სულის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, მაგრამ თავად გონებას აქვს საკუთარი ქმედების ძალა. ნიკიტა სტითატი ამბობს, რომ არსებობს გონების ოთხი ძალა: "კეთილგონიერება (σύνεση), გამჭრიახობა (ἀγχίνοια), შემეცნება (κατάληψη) და სისწრაფე, (მზადყოფნა, ოსტატობა, სიმახვილე) (ἐντρέχεια). ეს ოთხი ძალა გონებისა უნდა შეუერთდეს სულის ოთხ სათნოებას. უფრო სწორად, კეთილგონიერება სულის სიბრძნეს, მოაზროვნეობა გონიერებას, გაგება სამართლიანობას და სისწრაფე სიმამაცეს. ასე იქმნება ზეცისკენ აღმყვანელი,,ცეცხლოვანი ეტლი", ის ეწინააღმდეგება სამ ვნებას; ვერცხლისმოყვარებას, სიამოვნებისმოყვარეობას და პატივმოყვარეობას"260. მართალია, ჩვენთვის ძნელია გონების ამგვარი დაყოფის გაგება, მაგრამ წმინდა მამებმა ის სულიერი გამოცდილებით და სული წმიდის მადლით შეიცნეს. სულისა და გონების ყველა სიღრმე და ძალა, რაც მადლისგან განშორებულთათვის გაუგებარი და მიუღწეველია. მოკლედ ღმერთთან დაშორებული ადამიანი უჩინო და უცნობი ხდება.
ყოველივე ზემოთქმული წარმოაჩენს გონების ბუნებრივ მდგომარეობას, თუ როგორ მოქმედებს იგი ღვთიურ ადამიანში. ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი გონება ყველანაირ ეშმაკეულ მაცდუნებელ ფიქრს განაგდებს, რადგან ეს უკანასკნელი სიყვარულს ეწინააღმდეგება. გონება სრულყოფილი ხდება, როცა მდიდრდება ღვთის შეცნობით" "სრულია გონება, რომელიც ღვთიური ცოდნით აივსო"261. ეს ღვთისა და მის ქმნილებათა ცოდნაა. "სრულყოფილია გონება, რომელიც ჭეშმარიტი რწმენით შეიცნობს შეუცნობელს (უფალი) და ჭვრეტს მის (უფლის, შეუცნობლის) ყველა ქმნილებას"262.
გონების სნეულება
ცოდვით დაცემისას ადამიანის გონება დაბნელდა, დაკარგა სრულყოფილება. იგივე ხდება მაშინაც, როცა ადამიანი სცოდავს. ეშმაკის პირველი შეტევა გონებაზე მიდის. ბოროტი ადამიანის გონების დამონებას ცდილობს, რათა ბოლოს და ბოლოს ცოდვისკენ მიმართოს. წმინდა მაქსიმე გვასწავლის, რომ ეშმაკი სულში მყოფ ვნებებზე ზემოქმედებს, აღძრავს ვნებიან აზრებს, ებრძვის გონებას და აიძულებს ცოდვის ჩადენას. იწყება მძიმე შეტაკება. მისი მიზანია გონების დატყვევება და ვნებიანი აზრებისკენ მიდრეკა. დამარცხებულ გონებაში ეშმაკი ცოდვიან აზრებს ამკვიდრებს და დატყვევებულს (გონებას) ცოდვასაც ჩაადენინებს. ბოროტი ქმედება ამით არ მთავრდება. ეშმაკი ვნებიანი აზრებით გულს აცარიელებს. მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში ცოდვის კერპი მაინც რჩება. მაქსიმე აღმსარებელს მოჰყავს სახარებისეული სიტყვები; "რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, ... მდგომარე ადგილსა წმიდასა" (მათ. 24,15) და ასე განმარტავს: "წმინდა ადგილი, ანუ ტაძარი ღვთისა არის ადამიანის გონება, მასში დემონებმა, რომლებმაც სული დააცარიელეს ვნების აღმძვრელი აზრებით, ცოდვის კერპი აღმართეს"263. ასეთია გონების უძლურება, იგი დატყვევებულია და დასნეულებულია, რადგან მასში ცოდვის კერპია - შეუხორცებელი ჭრილობა და ახალი ცოდვის მიზეზი. ასეთ მდგომარეობაში გონება ეშმაკის და ცოდვის ტყვეა. "ცოდვებით შეპყრობილი გონება შეუფერებელს იაზრებს, ამას წარმოაჩენს საქმე და სიტყვა"264. ამიტომ ადამიანები, ვისაც გარჩევის მადლი აქვს ღვთისგან, კარგად ასხვავებენ ადამიანის გონების მდგომარეობას მისი ქცევისა და საუბრის მიხედვით. "გონების კავშირი შეგრძნებებთან, მას ხორციელი სიამოვნების მონად აქცევს"265. ასეთ შემთხვევაში ადამიანის გონება იმის ნაცვლად, რომ უფლისკენ იყოს მიმართული და მას შეერთოს, ხორციელ და გრძნობად საგნებს ეჯაჭვება და მათ ემონება. ეს ტყვეობა სწორედ გონების დაუძლურებაა, რასაც სიკვდილამდე მიჰყავს იგი.
წმინდა მამათა ნაწერების მაგალითებით აღვწერთ გონების უძლურების ზოგიერთ ნიშნებს და მდგომარეობას.
წმინდა წერილში საუბარია დაზიანებულ, ხორციელ გონებაზე. დასაზუსტებლად მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას: "გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაჲ და ნაკლულევანთაჲ ჭეშმარიტებისაგან" (1 ტიმ. 6.5). ვინც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, არიან "კაცნი განხრწნილნი გონებითა" (2. ტომ. 3.8). პავლე მოციქული იხსენებს თავის თანამედროვე ერეტიკოსს და მასზე ამბობს: "გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა" (კოლ. 2.18) აქედან ცხადი ხდება, რომ ხორციელ ადამიანს, ვინც სული წმინდის მადლს მოკლებულია, აქვს ხორციელი გონება. სხვა ადგილას ღვთისგან დაშორებული ადამიანის გონებას "გამოუცდელი" (რომ. 1. 28) ეწოდება. მოციქულის სურვილია, რომ ქრისტიანებმა წარმართთა მსგავსად არ იარონ "ამაოებითა გონებისა მათისაჲთა" (ეფეს. 4. 17). წმინდა თალასე ამბობს, რომ გონება ირევა, როცა სულის ნებითი ნაწილი სათნოებებს განეშორება266.
გონების უძლურებას "დაბნელებაც" ეწოდება, რადგან გონება, როგორც ღვთის ხატი, ნათელია. ღვთისგან განშორებით კარგავს თავის ბუნებრივ მდგომარეობას და იბინდება. ისიხიოს პრესვიტერი გვასწავლის, რომ არსებობს გულში შეღწეული რვა ცოდვიანი აზრი, და თუკი ეს აზრები დაუცველ გულს მიაგნებენ "ერთი მეორის მიყოლებით თავსდებიან იქ". ამასთანავე თითოეულ აზრს თან მისდევს ბილწი აზრების ნაკადი და ამ გზით გონებისა და გულის დაბნელებით, სხეულსაც აზიანებს და მიდრეკს სამარცხვინო საქმეებისკენ"267. წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ვეკრძალოთ მაცდუნებელ აზრებს, "რომ არ დაგვიბნელდეს გონება და დამახინჯებულად არ ვხედავდეთ საგნებს"268.
ამგვარად შეიძლება ვისაუბროთ გონების დაბრმავებაზე, როცა იგი მართებულად ვერ ხედავს ნივთებს. დაბინდული გონება სწორ, ნათელ და სუფთა გზას ვეღარ იპოვის. მთელი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს დაბინდულად და შერყვნილად დავინახავთ. მაცდუნებელი აზრები გონებას ფარავენ და ანადგურებენ ისე, როგორც ღრუბლები აბნელებენ მზეს"269. გონება უნაყოფო ხდება, როცა ადამიანი "ესაუბრება ვინმეს მიწიერ საგნებზე ან ფიქრობს მათზე, ან კიდევ გონება და სხეული გრძნობებზეა მიჯაჭვული. მაშინ კარგავს სითბოს, სიმშვიდეს, უფალთან საუბრის უნარს და შემეცნებას" ამიტომ "თუ ყურადღებას ვაქცევთ გონებას, ვნათლდებით, თუ არადა გვებინდება იგი"270.
დაბნელება დაბრმავებას ნიშნავს: გონება ბრმავდება სამი ვნებით: ვერცხლისმოყვარეობით, ცუდადმზვაობრობით და სიამოვნებით"271.
ნიკიტა სტითატის სიტყვებით "მიწიერი გონების უცოდინრობა, კუნაპეტი სიბნელესავით ფარავს სულის თვალებს, დაბნელებულ თვალებს კი არ ძალუძთ ღვთიურისა და ადამიანურის ხილვა, ღვთიური ნათლის ჭვრეტა, განცდა მადლისა, რომელიც თვალებს არ უხილავს, ყურს არ გაუგონია და გულშიც არ გაუვლია"272. გონებას სულის მსგავსად სრულად არ შეუძლია უყუროს ღმერთს და გაბრწყინდეს. ამის გამოა ის სნეული და სიკვდილისკენ მიდრეკილი. ამგვარ მდგომარეობაში ადამიანი ჭეშმარიტებას ვერ იპოვის. წმ. ბასილი დიდი გვასწავლის, რომ სულს, თვალს, გონებას, იგივე ემართება, რაც ხორციელ თვალს. თუ ეს უკანასკნელი ბევრს მოძრაობს "ზემოთ და ქვემოთ", ნივთებს კარგად ვერ ხედავს. "ადამიანის გონება მიწიერი ზრუნვით გართული ნათლად ვერ ხედავს ჭეშმარიტებას"273.
გონების სხვა სნეულებებია გაქვავება, უმტკივნეულობა და უგრძნობელობა. "უმტკივნეულობა გულისა აბრმავებს გონებას" ვკითხულობთ "სათნოებათა კიბეში". ეშმაკი "რაჟამს სულსა ეუფლნენ, და ნათელი იგი გონებისა დააბნელონ, მიერითგან არღარა არნ ჩვენ შორის უბადრუკთა ამათ სიფრთხილე გონებისა, არცა განკითხვა, არცა გულისხმისყოფა, არცა სირცხვილი, არამედ უღმერთოება, და უგუნურება, და განუკითხველობა და სიბრმავე"274. უძლური გონება ტყვეა. "განკითხვის ვნება გონებას გრძნობად საგნებთან აბამს, მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: როგორც ფეხდაბმული ჩიტი აფრინდება, მაგრამ ისევ ქვემოთ ეშვება, ასევე გონება, რომელიც უვნებელობამდე არ ამაღლდება, მართალია ზეცისკენ მიილტვის, მაგრამ ვნებებით შებოჭილი ისევ მიწაზე ეშვება"275.
ზეციურის შეცნობისაკენ რაც არ უნდა ისწრაფოს გონებამ, ვერ მიაღწევს მას, სანამ ვნებებისგან არ განთავისუფლდება. ვნებები აკავებს მას მიწაზე. ვნებებით სავსე განუწმენდელი გონება ვერ ლოცულობს ღვთის წინაშე276.
"დაბინდული გონება უწყლო ღრუბელს ჰგავს, რომელსაც ამაოებისა და ამპარტავნების ქარი აქეთ-იქით დააფრენს"277. ამაოების ვნებით მოძრავი გონება ცდუნდება278.
ისიხიოს პრესვიტერი გადმოგვცემს, როგორ ხდება გონება ტყვე. თუ ის გამოუცდელია და ფხიზლად არ ცხოვრობს "მაშინვე ერევა ვნება და წარმოსახვით მოვლენილს ესაუბრება და კითხვებზეც პასუხობს. ამგვარად ჩვენი აზრები ეშმაკეულის წარმოსახვებს შეერევა. რაც უფრო მრავლდება წარმოსახვები, მეტად იტანჯება სული"279.
გონების ჩამოთვლილ სნეულებებთან ერთად არსებობს მისი შებილწვის საფრთხეც. პავლე მოციქული ამბობს: "ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის, ხოლო შეგინებულთათჳს და ურწმუნოთა არარაჲ არს წმიდა, არამედ შეგინებული არს მათი გულიცა და გონებაჲცა" (1 ტიტ. 15.).
გონება შეიძლება წაიბილწოს არა მარტო რომელიმე დიდი ცოდვისგან, არამედ ბაგიდან გამოსული ერთი სიტყვითაც "ხშირად უყურადღებოდ წარმოთქმული ერთი სიტყვაც კი აბინძურებს გონებას". მაგრამ ეს ეხება იმას, "ვინ ლოცვის მადლი და ძალის გემო იხილა"280. იოანე სინელი აღნიშნავს იმასაც, რომ ვნება მყისიერად აღწევს სულში. გონება ტყვე ხდება სწრაფადვე რაიმე წინასწარი რთული გააზრების გარეშე. ზემოთქმული გვიჩვენებს, რომ გონების უძლურება არის ხრწნა, დაბინდვა, დაბრმავება, უგრძნობლობა, უმტკივნეულობა, მიჯაჭვულობა და მხნეობა, ცდუნება და დაბინძურება. ყველაფერი, რაც გონების ბუნებრივ ქმედებებს ხელს უშლის, არის სნეულება, და მას შედეგად სიკვდილი მოჰყვება. ამგვარი გონების მქონე ადამიანი სნეული, წაბილწული და მკვდარია.
გონების კურნება
მართლმადიდებლური ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, სულის გონიერი ნაწილის კურნებას გულისხმობს. გონების დაბინდვით ბნელდება და იბილწება მთელი სული. ეს იმას ნიშნავს, რომ გონების გაკურნებით განიკურნება მთელი ჩვენი არსება. სწორედ გონების კურნებაზე ვისაუბრებთ ახლა. საკითხს ორ ნაწილად დავყოფთ; როგორ მიიღწევა გონების გაკურნება და რა შედეგები მოჰყვება მას.
თავდაპირველად გავერკვეთ თუ როგორ მიიღწევა გონების კურნება. წმინდა მამათა შრომების მიხედვით კურნება ხდება გონების დაცვით და მასზე დაკვირვებით, რასაც სიფხიზლე ეწოდება. გონების დაკვირვება არის "ყველა სათნოების შესახებ [ნათქვამი] სიტყვის სამიზნე,"281 გონების დაცვას უწოდებენ "სინათლის მშობელს, ელვის მშობელს, სხივთამფრქვევს და ცეცხლის მატარებელს". გონების დაცვა არის ქრისტესმიერი ძალა, რომლითაც ცოდვილი, უსარგებლო, გარყვნილი, უგუნური და უსამართლო ადამიანი იქცევა სამართლიანად, სასარგებლოდ, წმინდად, გონიერად. გარდა ამისა, გონების დაცვა ადამიანს ანიჭებს "საიდუმლოს ჭვრეტისა და ღმრთისმეტყველების უნარს"282.
გონების დაცვით ადამიანი იწმინდება, ნათლდება და ღმრთისმეტყველების ღირსი ხდება. ფილოთეოს სინელის სიტყვებით საჭიროა კაცმა მკაცრად დაიცვას გონება. მაცდუნებელ აზრს გაჩენისთანავე უნდა შეეწინააღმდეგო და მოუხმო გონებას. "ტკბილი იესო კი გიპასუხებს: მე შენთან ვარ და შეგეწევი, მაგრამ ამის შემდეგაც საჭიროა გონების ბეჯითად კონტროლი"283.
გონების დაცვა აზრთა კონტროლი არ არის მხოლოდ, ეს რთული საქმეა. აზრები სათავეს ვნებიდან იღებენ. გონების დაცვის საწყისი ჭამა-სმისგან თავშეკავებაა, სხვადასხვა გულისთქმათა წინააღმდეგობაა, გულის სიმშვიდეა284.
გონების დაცვას თან უნდა ახლდეს იესოს ლოცვა285. ეს იმას ნიშნავს, რომ ვნებისგან განთავისუფლების მცდელობისა და სათნოების მოპოვების გარეშე გონების დაცვა სრულყოფილად ვერ მოხერხდება.
მკვდარ გონებას სიმამაცითაც კურნავენ. წმინდა მამები სულიერ ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს მიაკუთვნებენ ვაჟკაცობას. სულით მამაცი მოღვაწე არ იღლება მაშინაც კი, თუ მოუწევს ეშმაკის თაყვანისცემა და მაინც სასოებით ღმერთისკენ მიემართება. "ახოვანებამან სულისაგან გონება მომკვდარი აღადგინის"286. "ცხენმან კეთილმან ვლის რაჲ და განხურდის, უმეტესად შესძინის სრბასა, ხოლო სრბად გულის ხმა-ვყო გალობასა ლოცვისასა, და ცხენად ახოვანსა მას გონებასა"287 სულის სიმამაცე აღადგენს ცოდვით მკვდარ გონებას.
აუცილებელია ადამიანის გონება ქმედებით იწრთობოდეს. მის გასაცოცხლებლად საჭიროა ქრისტეს მცნებების დაცვა. თუკი გონება ღვთის მცნებათა უგულებელყოფით კვდება, მათი ლოცვით აღდგება. ამისთვის საჭიროა "სიყვარული ღვთისა, ხსენება ღვთისა, ხსენება სასუფეველისა, ხსენება შურისა წმიდათა მოწამეთასა, ხსენება ხედვისა ღვთისა, ... ხსენება წმიდათა მით და უხილავთა ძალითა, ხსენება სიკვდილისა შემთხვევისა ღვთისა, სატანჯველთა და მერმისა მის განჩინებისა"288.
მშვიდი განმარტოება, ლოცვა, სიყვარული და თავშეკავება ოთხთვლიანი ეტლია, რომელსაც ზეცისკენ მივყავართ289. "გონება ნათლდება თუ ადამიანი მოქმედ ცხოვრებას არ უგულებელყოფს"290.
სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფე ნიკიტა სტითატი ამბობს, რომ "სათნოების მოპოვების უმოკლესი გზა არის დადუმება ბაგისა, დაბრმავება თვალთა, დაყრუება ყურთა. ამ მდგომარეობაში, შეგრძნებათა უმოქმედობით გონება თავის თავს და თავის ქმედებებს უღრმავდება ...იგი თვითმპყრობელი მეუფის მსგავსად აანალიზებს აზრებს და განარჩევს კარგს ცუდისაგან, კეთილ აზრებს იუნჯებს, ბოროტს კი მიივიწყებს და მათ სიმწარეს იცილებს"291.
მოყვანილი სიტყვები საყურადღებო და საგულისხმოა. აქედან ნათლად ჩანს, რომ შეგრძნებების მონობისგან განთავისუფლებული გონება დუმილით აწესრიგებს სულს. იგი არ უშვებს ეშმაკეულ აზრებს ე.წ. ქვეცნობიერში, სულის სიღრმეში. იქ მკვიდრდებიან მხოლოდ კეთილი აზრები, რომლებიც ცხოველჰყოფენ ადამიანს. მაშინ ადამიანის ფიქრი და საქმე განწმენდილია და მათი განმკარგულებელი არის გონება.
მაქსიმე აღმსარებელი მოუწოდებს მოღვაწეს სულის მრისხანე ნაწილი სიყვარულით შეავსოს, სურვილი თავშეკავებით მოსპოს და ლოცვით შეასხას ფრთები, მაშინ "გონების ნათელი არასოდეს დაბნელდება"292.
წმინდა მამების უმთავრესი მოთხოვნაა გონების განკურნებისას, უპირველეს ყოვლისა, მისი სიწმინდის დაცვა. ამაზე ზრუნვა მერეც აუცილებელია.
მჭვრეტელი (θεωρητικός) და მოქმედი (πρακτικός) გონების ადამიანები განსხვავებულად იმორჩილებენ გონებას. არსებობს სულიერი ასაკის შესაბამისი გონების დაცვა.
მოქმედი ადამიანი უფრო ადვილად უმორჩილებს გონებას ლოცვას, მჭვრეტელი კი ლოცვას წარმართავს გონებისკენ293. მოქმედებით მიიღწევა გონების განკურნება, რასაც წმინდა მამათა ენაზე გონების განწმენდა ეწოდება. განწმენდა სული წმიდის მოქმედებით ხდება, ამიტომ ჩვენში მისი მადლი უნდა სუფევდეს, გონების შუქურა მუდამ ანთებული რომ გვქონდეს"294.
ნიკიტა სტითატი აღწერს გონების განწმენდის გზას. ჩვენ ხუთი გრძნობის შესაბამისი ხუთი ღვაწლი გვაქვს: მღვიძარება, ღმერთზე ფიქრი, ლოცვა, თავშეკავება, სიმშვიდე. შევუსაბამოთ მხედველობას მღვიძარება, სმენას ღმერთზე ფიქრი, სუნთქვას - ლოცვა, გემოვნებას - თავშეკავება, შეხებას (აგზნებას) სიმშვიდე. ასე რომ, ადამიანი ამგვარად სწრაფად განიწმენდს გონებას და უვნებოსა და მჭვრეტელს გახდის295.
ისიხიოს პრესვიტერი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს იესოს ლოცვას, რომელიც მავნე აზრებისგან ათავისუფლებს გონებას. ადამიანს საჭმელი რომ აწყენს, იღებს მის ამოსაღებ საშუალებას. ლოცვასაც წაბილწული გონებისთვის ანალოგიური მნიშვნელობა აქვს. "გონება, რომელიც შთანთქავს ბილწ აზრებს და გულისრევის შეგრძნება აქვს, იესოს ლოცვას თუ წარმოთქვამს(გონება) გულის სიღრმიდან, ბილწ აზრებს ამოაგდებს და შორს გადააგდებს"296.
გონების განწმენდა მარტო ბილწი აზრების აღმოჩენა არ არის, მათგან გათავისუფლებაა. ეს კი ლოგიკური ანალიზით არ ხდება, იესოს ლოცვის წარმოთქმაა საჭირო. ჩვენ როცა ვამბობთ სიტყვა "ლოცვას", ვგულისხმობთ სული წმინდის მოქმედებას. შემთხვევითი არაა, რომ გრიგოლ პალამა ამბობს: გონების ქმედება, რაც აზრებით გამოიხატება, ადვილად განიწმინდება "ლოცვით მოღვაწეებთან".
ლოცვისას ადამიანის გონება იკურნება. მაცდუნებელი აზრების არსებობა წყდება, მაგრამ ეს მთელი სულის განწმენდას არ ნიშნავს. სრულყოფილად განწმენდისთვის სულის სხვა ძალებიც უნდა განიწმინდოს. თავშეკავებით, სიყვარულით და ა.შ. თუ ადამიანმა დაიჯერა, რომ უკვე განიწმინდა, იგი ცდება. ღვიძილი ერთ-ერთი გზაა განწმენდისათვის. "თვალმან მღვიძარემან განწმინდა გონება"297.
თუკი უგნურება სულის მხედველობას ახშობს და ღვთიური და ადამიანური საქმეების უმეცრად აქცევს, მისი კურნება სინანულია. აქედან ნათელია მონანიების ღირსება. ნიკიტა სტითატი სულის საკურნებლად მონანიებას ასახელებს "სინანულით გახელილი თვალებით სული ყველაფერს სუფთად ხედავს, ესმის სუფთად და ფიქრობს გონიერად". ამასთან ერთად მოიპოვებს ღვთიური ცოდნის და ღვთის სიბრძნის სიტყვით გადასცემს სხვებს ღვთის საოცარ სიკეთეს298.
სწორედ მონანიება, ცრემლით ხსნის სულის თვალებს, რომლითაც ღვთის დიდებით ხილვაა შესაძლებელი.
წმინდა მამები ბევრს წერენ გონების გულისკენ და ენერგიის არსებისკენ მიბრუნებაზე. ცნობილია ბასილი დიდის გრიგოლ ღვთისმეტყველისადმი მიწერილი წერილის სიტყვები: "გონებაჲ, რომელი არა განიბნეოდეს და არაცა საცნობელთა მიერ სოფლისა მავნებელთა საქმეთა და გულის სიტყუათა მიიზიდვებოდის, მაშინ შემოკრიბების თავსა შორის თჳსსა, ... აღვალს ღმრთისა თჳსიცა ბუნებაჲ სრულიად დაჰვიწყდების და არცა საზრდელისა ზრუნვად, არცა სამოსლისა მივალონ გონებაჲ მისი, არამედ მოიცალის ყოვლისგანავე ფორცულისა ზრუნვისა და ყოველი მოსწრაფებაჲ მისი არნ მოგებად საუკუნეთა მათ კეთილთა"299. წერილიდან ნაწყვეტი სრულად მოვიყვანე, რადგან ნათლად გამოხატავს იმ აზრს, რაზეც ვსაუბრობ და სწორედ მას ეყრდნობოდა გრიგოლ პალამა ვარლაამთან კამათის დროს.
გონების გულისკენ, ანუ ენერგიის არსებობისკენ მიბრუნება გონების განკურნებაა, რადგან გონების ადგილი სწორედ იქ არის. გონება თავდაპირველად ხორციელ გულს პოულობს, შემდეგ ზებუნებრივს, სულიერს. "გონება პოულობს გულის სიღრმეს, სულიერს, მეტაფიზიკურს და ხედავს რომ მთელი კაცობრიობის არსებობა მისთვის უცხო რამ კი არ არის, მისი ორგანული ნაწილია"300. გონების გულისკენ მიბრუნება სხვა არაფერია თუ არა მასთან გაერთიანება, ანუ გონებისა და გულის ერთობა. ამ კავშირის დამადასტურებელი არის ცრემლი და ღვთიური სიყვარულის ტკბილი განცდა. მშვიდი ლოცვის დროს დაღვრილი ცრემლი ნათელი დამადასტურებელია იმისა, რომ გონება გულს შეუერთდა და ლოცვა ნამდვილია, უფლისკენ ასამაღლებელ გზაზეა. აი, რატომ აფასებენ განსაკუთრებულად სიმშვიდეს მოღვაწენი"301. გულში დავანებული გონება "ყველა წარმოსახვისგან ხორციელისგან და გააზრებულისგან თავისუფლდება"302. გულის კარი იკეტება უცხოსთვის. მაშინ სული განსაკუთრებული წესრიგის "ნისლში" ეხვევა და ღირსი ხდება განწმენდილი გონებით უფლის წინაშე წარდგომისა"303.
გონების გულისკენ (ანუ მისი ენერგიის არსებისკენ) მობრუნების შესახებ საუბრისას საჭიროა გონების სამ მოძრაობაზე შევჩერდეთ. ამ მოძრაობებს აღწერს დიონისე არეოპაგელი. მისი შრომების მიხედვით არსებობს სულისა და გონების სამი მოძრაობა. პირველი წრიულია "თავისთავში დაბრუნება და გონებრივ ძალთა მოგროვება" ამ მოძრაობისას სული პირველად თავის თავს უბრუნდება, აგროვებს ძალებს და უსაწყისო და უსასრულო უფლისკენ მიისწრაფვის. ეს უსაფრთხო გზაა, გონებას არ ფანტავს და არ აცდუნებს, ამიტომ ღმერთისკენ მიმავალ მიზანმიმართულ გზად ითვლება. ყველა ქმნილებასთან კავშირისგან გათავისუფლებული გონება ქმნილებაზე ფიქრებს და წარმოსახვებს განაგდებს და მონანიებით უერთდება გულს, სადაც უფალს ხედავს. ასე გონების ღმერთთან შეერთება ხდება. აღწერილი მოძრაობა აპოფატიკურ ღმრთისმეტყველებას განეკუთვნება. მეორე მოძრაობა სწორხაზოვანია, მის დროს სული "გარშემო მყო ნივთებს, როგორც მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან სიმბოლოებს, სცილდება და მიემართება მარტივი და სრულყოფილი ჭვრეტისკენ" ეს არის ე.წ. ბუნებრივი ჭვრეტა, ანუ კატაფატიკური ღმრთისმეტყველება, რომლის მიხედვითაც ღმერთს ბუნებაში ვჭვრეტთ. ბუნების ჭვრეტით სული ღმერთთან მაღლდება.
მეორე გზა სახიფათოა, რადგან ბევრი ადამიანი, ვისაც შეუძლია პირდაპირ აკვირდებოდეს ღვთის ქმნილებებს, ცდუნდება და მეტ თაყვანს სცემს ქმნილებას, ვიდრე წმინდა სამებას და შემოქმედს. მესამე მოძრაობა ე.წ. სპირალისებურია, რომელიც მოიცავს პირველ ორ მოძრაობას. წმინდა მამები უპირატესობას პირველ, წრიულ მოძრაობას ანიჭებენ. გონება ბრუნდება გულთან და გულიდან მაღლდება ღმერთამდე. ასე ცდუნებას თავს აღწევს304. წრიული მოძრაობა გონებითი ლოცვით მიიღწევა. მისი საშუალებით მოღვაწე ცდილობს "გონება მოიკრიბოს და წრიულად, უსაფრთხოდ ამოძრაოს"305. ამგვარად, გონების მოძრაობა გონებითი ლოცვით ხდება, მაშინ სუფთაა იგი და წარმოსახვების და ფიქრების გარეშე ლოცულობს ღვთის წინაშე. წმინდა ნილოს ასკეტი ნეტარად თვლის გონებას, რომელიც უსხეულოდ და გაუფანტავად ლოცულობს. "ნეტარია გონება, თუ იგი ლოცვისას ინარჩუნებს სიჩუმეს, ნეტარია გონება, რომელიც ლოცვისას არ ერთობა და მეტად და მეტად წარმართავს მას ღმერთი. ნეტარია გონება, რომელიც ლოცვისას უხორცოა და უპოვარი. ნეტარია გონება, რომელიც ლოცვის დროს ყველა ნივთიერის მიმართ უგრძნობია"306.
აღწერილი გზებით ხდება გონების კურნება. ახლა მივაპყროთ ყურადღება კურნების შედეგებს. წმინდა მამათა ნაწერების მიხედვით ვნახოთ გონება რა მდგომარეობაშია განკურნების შემდეგ ან კურნების დროს.
განკურნების პირველი შედეგი არის უვნებობა."ვნებების დამთრგუნველი გონება ამაღლებულია მწუხარებაზე და სიხარულზე, და ის უვნებოა" ამ მდგომარეობაში მყოფი გონება ხარობს მწუხარების დროს და თავშეკავებულია სიხარულში, ისე რომ არასდროს არ გაარღვევს საზღვრებს307. ეს უვნებობა არის სწორედ "ღმერთისგან ცხოველმყოფელი სიკვდილი", რომელიც სული წმინდის მადლით ხდება"308. გარეგანი ზემოქმედებისაგან განთავისუფლებული და ცოდვისგან განწმენდილი გონება ნათლად ხედავს სამყაროს. იგი ხედავს ეშმაკის ყველა მცდელობას ბოროტის ქმედების დაწყებისასაც კი. უვნებო გონება "ჭვრეტს უმცირეს ცდუნებასაც და სხეულს აფხიზლებს". თუ სინდისი სუფთაა, ვნებიანი აზრები მას არ აწუხებენ გონების უმოქმედობისას ძილის დროს. უვნებობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული განწმენდა. "გონება სუფთაა, ღვთიური ნათელით გაბრწყინებული"309. გონების განწმენდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით იძენს ადამიანი ღვთიურ ცოდნას. "განწმენდილ გონებას ზოგჯერ თვით უფალი ასწავლის... ზოგჯერ კი მას წმინდა ძალას ანიჭებს, რომელიც ჭვრეტს ქმედებათა არსს"310. წმინდა მაქსიმეს სიტყვებით "განწმენდილი გონება არსებობს ადამიანურ საგნებისგან განშორებით ან ხილულთა და უხილავთა ბუნებრივ ჭვრეტაში ან წმინდა სამების ნათელში"311. ამ სიტყვების შემდეგ გასაგებია წმინდა წერილში ნათქვამი: "განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმისყოფად წიგნთა" (ლუკ. 24.45). მაქსიმე აღმსარებელი ამტკიცებს, რომ არსებობს განწმენდილი გონების ცოდნისკენ მისწრაფება, "ღვთის შეცნობა სიყვარულით მიიღწევა განწმენდილი გონებით"312. "სული წმინდა პოულობს განწმენდილ გონებას და მიუძღვის მას ცოდნისკენ"313. ამ გზით ადამიანი ხდება ღმრთისმეტყველი, ღმრთისმეტყველების უნარი კი ადამიანს ეძლევა არა ადამიანურ სიბეჯითით და ცოდნით, არამედ სული წმიდის ქმედებით. სული წმინდა განწმენდილი გულში ივანებს. "ყველანაირი ბიწიერებისგან განწმენდილი გონება, განათლებული აზრებით, სულისთვის ვარსკვლავიან ცას ჰგავს, რომელზეც სიმართლის მზე ბრწყინავს და ღმრთისმეტყველების სხივებს ასხივებს"314. აი, რატომ პასუხობს ამბა სისო ამბა ამონის შეკითხვას, საჭიროა თუ არა მეტყველება დაიხვეწო წმინდა წერილის კითხვით, ასე: "არ არის საჭირო, უმჯობესია განწმენდილი გონებით მოიპოვო თავი შენი, უშფოთველობა და მეტყველება"315.
ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველება ადამიანის გონების კონცენტრაცია არ არის, ის სული წმინდის გამოვლინებაა. განწმენდილი გონება ნათდება და მაშინ ადამიანი, თუ მას სიბრძნე აქვს, შეძლებს ღმრთისმეტყველებას. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება და თვით მისი სხეული არის ღმრთისმეტყველება. განწმენდილი პიროვნება მთლიანად იქცევა ერთგვარ ღმრთისმეტყველებად. მართალია, წმინდა მამებმა გამოიყენეს წინაპარ მამათა გამოცდილება, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავად არ ჰქონდათ საკუთარი, არამედ სურდათ მისი დამტკიცება. ეს განსაკუთრებით იმ დროში იყო საჭირო, როცა არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამგვარ გამოცდილებას უარყოფდა.
გონების განწმენდით საკუთარი თავის ჭეშმარიტი შეცნობა მიიღწევა. ფილოსოფოსი ვარლაამი ამტკიცებდა, რომ სიწმინდის და სრულყოფილების მოპოვება შეუძლებელია "გარჩევის, გააზრების (συλλογισμός) და ანალიტიკური მეთოდის გარეშე", აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიაჩნდა ამ მეთოდების ათვისება მათთვის, ვინც სიწმინდეს და სრულყოფილებას ესწრაფვოდა. გრიგოლ პალამა ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა და "სტოიკოსების და პითაგორელების მწვალებლობას" უწოდებდა. "ჩვენ ქრისტიანები ჭეშმარიტ ცოდნად სიტყვიერ და გააზრებულ (συλλογισμός) ცოდნას კი არ მივიჩნევთ, არამედ "ცოდნას, რომელიც საქმით და ცხოვრებით ვლინდება. ის არა მარტო ჭეშმარიტია, უსაფრთხოა და მტკიცე, ურყევი" ამბობს წმინდა მამა, შემდეგ აგრძელებს, რომ სილოგიზმით და ანალიტიკური მეთოდით ადამიანი თავს ვერ შეიცნობს თუ სინანულით და მძიმე ღვაწლით მისი გონება "თავმდაბალი და უეშმაკო" არ იქნება. ვინც არ განიწმენდს გონებას, ვერ შეიცნობს თავის სიღარიბეს, რაც არის სწორედ საწყისი საკუთარი სულის შეცნობისა316.
ზემოთ მოყვანილი თვალსაზრისი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ბევრი გვასწავლის, რომ ადამიანს საკუთარი თავის შეცნობა თვითანალიზით და ფსიქოანალიზით შეუძლია. ეს ცდუნებაა, რამაც პიროვნება საშინელ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს. თვითანალიზით ადამიანი შესაძლოა შიზოფრენიამდე მივიდეს. ნამდვილი ღვაწლის გზა კი მარტივია. გონების დაცვა, მისი მიდრეკა გულისკენ სინანულით და გონებით ლოცვით, აგრეთვე ქრისტეს მცნებების დაცვით. ამგვარად ვათავისუფლებთ გონებას წარმოსახვებისგან და გულში ვაბრუნებთ, რომლის დროსაც იგი თავის შინაგან სიცოცხლეს ხედავს. ამ დროს კი სული წმინდის მადლი მოქმედებს. მხოლოდ მაშინ, როცა ღვთიური მადლი ჩვენთან ერთად მოქმედებს და ანათებს სულს, შევიცნობთ ჩვენს არსებას ზუსტად. გონების კურნება ამიტომ ხდის ნათელს ვნებების არსებობას. ამ დროს ჩვენ სული წმინდით განათებულნი და განმტკიცებულნი ვნებებს შევებრძოლებით.
გონების განკურნების სხვა ნაყოფი თავისუფლებაა. მანამდე გონება დატყვევებული იყო, იგი თავისუფლდება და "სიხარულით ისე მიემართება ზეცისკენ თითქოს საკუთარ სახლში მიდიოდეს"317.
ვნებებისგან განთავისუფლებული გონება, რასაც აკეთებს, ყველაფერს წმინდა ძღვნად უფალს უძღვნის318. ვნებებისგან განთავისუფლებული გონება აღდგება. აი, რატომ ვსაუბრობთ მის აღდგენაზე. ნიკიტა სტითატი მკვდარი გონების აღდგომას ლაზარეს მკვდრეთით აღდგომას ადარებს. ლაზარე როგორც მოკვდა, ისე მოკვდა გონებაც ცოდვისგან და დასამარხია. ქრისტე მიდის ბეთანიაში ლაზარეს აღსადგენად. ასე შედის მაცხოვარი მკვდარ გონებაში, რომ გამოიხსნას იგი ვნებების ტყვეობიდან. ლაზარეს დები მართა და მარიამი ცრემლით და გლოვით შეხვდნენ უფალს, ასევე "სიბრძნე და სიმართლე გლოვობენ გონების სიკვდილს, და ცრემლით განბანენ მკვდარ გონებას". სიმართლე არის სიბოროტით ტანჯული და სულიერი ქმედება, სიბრძნე კი გონიერი ქმედება და ჭვრეტა"319.
ლაზარეს აღდგინებასა და მკვდარი გონების აღდგინებას შორის პარალელი გვხვდება მართლმადიდებლურ ჰიმნოგრაფიაში. ბზობის კვირის ოთხშაბათის და ხუთშაბათის მწუხრისა და ცისკრის საგალობლებში გვხვდება ალეგორიული სახეები "მივუძღვნათ უფალს მართა და მარიამი". ეს ნიშნავს, რომ მივუძღვნათ უფალს ჩვენი საქმენი და გონება, რომ მან აღადგინოს დაცემული გონება და აქციოს სული წმინდის ტაძრად.
ამ მდგომარეობაში განწმენდილი გონება ნათდება320 და აღტაცებას ეძლევა. გონება ხარობს ღვთის ხილვით და ესაუბრება მას. წმინდა მამები, როცა გონების უფალთან საუბარზე წერენ, არ გულისხმობენ იმას, რომ იგი (გონება) სხეულიდან გადის, როგორც ეს პითიას321 შემთხვევაში ხდებოდა. გონება თავისუფლდება ხორციელი სიბრძნისგან და უფალი უახლოვდება ისე, რომ სხეულთან კავშირს არ კარგავს. ადამიანი, რომელიც უწყვეტად ლოცულობს, განიცდის გონების ამ მდგომარეობას, მას აღტაცება ეწოდება და უფლის ჭვრეტის ერთ-ერთი გზაა.
განწმენდილი გონება ნათდება, ბრწყინდება. გონების სინათლეზე საუბრობენ წმინდა მამები. საიდუმლო ღმრთისმეტყველების მცოდნე წმინდა დიადოხოს ფოტიკელი წერს: "ჩვენი გონება, როცა მასში ღვთაებრივი ნათელი იწყებს ქმედებას, ნათელში ეხვევა და თავად გონება ხედავს ამას", წმინდა მამა შენიშნავს, რომ ადამიანი გონებაში ნათელს მაშინ ხედავს, როცა ვნებებისგან განთავისუფლებულია და "სული სწრაფად მეუფებს ვნებებზე"322. გარდა ამისა, სხვა ადგილას წმინდა დიადოხოსი ამბობს: "ვინც ამ წმინდა და დიდებულ სახელს (უფლისას) ინახავს უწყვეტად გულში, მას შეუძლია იხილოს გონების სინათლე"323.
დიადოხოსის სწავლებას სრულად იზიარებენ მისი მოწაფეები კალისტოს და იგნატიოს ქსანთოპულოსები324.
წმინდა ნილოსი გვასწავლის, რომ "ღვთის ანგელოზი ჩვენში საწინააღმდეგო ქმედებას წყვეტს და გონების სინათლეს შეუცდომლად აამოძრავებს325. გონება შექმნილია ღვთის ხატად. რადგან ღმერთი არის სინათლე, გონებასაც აქვს სინათლე. ამ თვალსაზრისით ამბობენ წმინდანები, რომ ადამიანს შეუძლია იხილოს თავისი გონების სინათლე. ეს ეხება ბუნებრივ ადამიანს, რადგან დაცემული გონება დაბნელებულია და ვნებებს დამორჩილებული. ვნებებისგან გათავისუფლებული და ღვთის მადლით გასხივოსნებული ადამიანი ხედავს თავისი გონების სინათლეს ლოცვის დროს.
გრიგოლ პალამას თავის შრომებში ("წმინდა ისიხასტობისათვის") მოჰყავს სხვადასხვა მოსაზრებები და ასკვნის: "ძმაო, გაიგე რომ, როცა გონება ვნებებისგან გათავისუფლდება ლოცვის დროს თავის თავს ხედავს ღვთიური სინათლით გასხივოსნებულს?"326 შემდეგ აგრძელებს: "თუ გონებას ცოდვის საფარველი არ ფარავს, გონებრივ სინათლედ ჩანს"327. გონების ნათელი ხილულია სული წმინდის მოქმედებით. "განწმენდილი, განათლებული და ღვთიური მადლით გასხივოსნებული გონება" ეზიარება სხვა საიდუმლო ხილვებსაც, და "ხედავს რა საკუთარ თავს, მას უყურებს, როგორც სხვას, რადგან სინათლეს უმზერს, სინათლეს, რომელშიც ღვთის მადლით აღბეჭდილია თავად (გონება)"328.
წმინდა მამის სწავლებიდან ჩანს, რომ განწმენდილი გონება საკუთარ ხატს კი არ ხედავს, არამედ ღვთიური მადლით გაბრწყინებულ თავის თავს". წმინდანები, რომლებიც ფერისცვალებას განიცდიან, უმზერენ ამ ხატს დიდებიდან დიდებისკენ. "ანუ ჩვენში გაბრწყინებული სინათლის წყალობით. [ვხედავთ] მის [უფლის] სინათლეს"329. ხორციელი თვალით ვერაფერს დავინახავთ თუ გარეთ შუქი არ ანთია, ასევე გონების თვალი ვერ დაინახავდა ვერაფერს, მას რომ ღვთიური ნათელი არ უნათებდეს330.
მოკლედ გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით, გონება, როგორც ღვთის ხატი, სინათლეა, მაგრამ იგი ვნებებით სუსტდება. მხოლოდ მაშინ, როცა ღვთიური ნათლით იმოსება გონება და იწმინდება, იგი ხედავს არა მარტო საკუთარ შუქს, არამედ ღვთიური მადლის სინათლესაც, რომელიც მასში აღიბეჭდება.
ყოველივე ამას გრიგოლ პალამა უწერდა ფოლოსოფოსს, რომელიც აცხადებდა, რომ ღვთის ხილვა ადამიანური თვალით და ადამიანური გონებით არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება მცდარია.
არქიმანდრიტი სოფრონი თავის წიგნში,,ბერი სილუანი" გონების ბუნებრივ სინათლეზე წერს: "ადამიანი, როცა მიაღწევს სინათლისა და სიბნელის საზღვარს (იობ. 26.10). ხედავს თავისი გონების მშვენიერებას, რასაც მრავალნი ღვთიურს უწოდებენ. ეს სინათლე არ არის ჭეშმარიტი უჩრდილო სინათლე. ის ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის გონების ბუნებრივი შუქია. გონების ეს სინათლე ემპირიულ ცოდნაზე აღმატებულია, შეიძლება იგი სიბნელედაც იწოდოს, რადგან მასში ღმერთი არ არის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საგულისხმოა მაცხოვრის სიტყვები: "იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს" (ლუკ. 11.35). პირველი პრეისტორიული კატასტროფა, ლუციფერის დაცემა იყო, ის სიბნელის მეუფე გახდა. ეს საკუთარი მშვენიერების თვითკმაყოფილებით მზერის შედეგი იყო, მზერისა, რომელიც თვითგანღმრთობით დასრულდა"331. არქიმანდრიტი სხვაგან წერს: `თუკი ამ სიბნელის სულიერი "ადგილის" მოძებნას მოვინდომებთ, გეტყვით, რომ იგი სინათლის ხილვის საზღვარზეა. როცა გონებრივი ლოცვა ღვთის წინაშე სინანულის გარეშე მიმდინარეობს, მაშინ ყველანაირი წარმოსახვისგან განთავისუფლებული სული შეიძლება ერთ მომენტში სიბნელეში მოხვდეს, ისე რომ ვერ იხილავს ღმერთს, რადგან ამ სიბნელეში, ანუ თავის თავში - ღმერთი ჯერ არ დავანებულა. სიბნელეში მოხვედრილი გონება განიცდის თავისებურ სიამოვნებას და სიმშვიდეს, ამ დროს თუ იგი თავის თავს მიუბრუნდება, შეიძლება განიცადოს რაღაც სინათლის მსგავსი, მაგრამ იგი არ იქნება ღვთიური უქმნელი ნათელი, არამედ გონების ბუნებრივი სინათლე, რაც ღვთის ხატად არის შექმნილი. დროებითი გასვლა საზღვრებს გარეთ გონებას აძლევს შესაძლებლობას ახალი რამ შეიცნოს, მაგრამ საფრთხილოა. ვაი იმას, ვინც ამ სიბრძნეს ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობად მიიჩნევს და ამ ხილვას კი ღვთიურ არსთან სიახლოვედ. ვაი, მას, ვისთვისაც ღვთის ჭვრეტის საზღვარზე ყოფნისას, დაიკეტება კედლით უფლისკენ მიმავალი გზა. და დადგება ვნებების, დემონური ცდუნებების, მადლის დაკარგვის სიბნელე. ვაი, იმიტომ, რომ ეს მდგომარეობა იქნება ცდუნება, რადგან სიბნელეში უფალი არ არის, ღმერთი სინათლეშია და თავისი სინათლით შეჰყავს ადამიანი მარადიულ ღვთიურ არსებობაში"332.
ადვილი არ არის გრიგოლ პალამას და არქიმანდრიტ სოფრონის მოსაზრებათა შედარება, რადგან ჩვენ საკმარისი გამოცდილება არა გვაქვს. ერთი შეხედვით, თითქოს მათ შორის სხვაობაა. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ გარეგნული განსხვავებაა. დარწმუნებული ვარ, ორივე მამა გონების სინათლის მდგომარეობის აღწერისას საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და გადმოგვცემს ამ გამოცდილების სხვადასხვა საზღვრის შესახებ. ვფიქრობ, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ არქიმანდრიტი სოფრონი ლოგიკაზე საუბრობს, ლოგიკაზე, რომელიც ადამიანს უყვარს თავის თავში და მას აღმერთებს. ამიტომ ამბობს ავტორი, რომ ეს სიბნელე არის "ღვთისთვის გაუვალი და მტკიცე კედელი", იგი აშორებს ადამიანს ღმერთისგან უფრო მეტად, ვიდრე ვნება, ეშმაკეული ცდუნებები და ღმერთის დავიწყება. სინამდვილეში ეს სინათლე არის ღრუბელი და სიბნელე. ამ ადგილას არქიმანდრიტი ეთანხმება გრიგოლ პალამას. ამ უკანასკნელის სწავლების მიხედვით ღვთის ხილვა სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის ზემოქმედება ადამიანზე: "უქმნელი ღვთიური სინათლის ხილვა შეუძლებელია, თუ ადამიანი ღვთის მადლით განათლებული არ არის, ანუ არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, როცა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობს და არის თანაზიარი ღვთაებრივი ცხოვრებისა"333.
მე, პირადად ორი მამის ნააზრევს შორის ვერ ვხედავ განსხვავებას, ისინი ერთსა და იმავეს სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ერთი რამ ნათელია, ადამიანის გონება ღმერთთან ერთ სულს ქმნის და "ამის წყალობით სულიერ საგნებს ნათლად ხედავს"334. ვნებებისგან განთავისუფლებული სული სინათლის მხილველი ხდება და ჭვრეტს არსებებს"335.
განკურნებული გონება ღმერთს ხედავს, ცხადია, იგი ხედავს არა მის არსებას, არამედ ღმერთის ენერგიას. წმინდანები ჭვრეტენ სინათლეს, როცა "სული წმიდის მადლს იღებენ ანუ ღმერთთან შეერთებისას ჭვრეტენ განღმრთობის სამოსელს, რადგან სიტყვის (ლოგოსის) მადლი ავსებს მათ გონებას დიდებით და ბრწყინვალებით"336. ასე ხდება გონების განდიდება. გონებაში სულიერი სიამოვნება იმატებს, რადგან "გონება სულიერ საგანთა ჭვრეტისკენ ისწრაფვის და მისგან სიტკბოებას იღებს"337. უფალთან შეერთებული გონება "ბრძენია, კეთილი, ძლიერი, კაცთმოყვარე, მოწყალე, დიდსულოვანი, ყველა ღვთიური თვისების მატარებელი. ღვთისგან განშორებული კი მატერიალურ საგნებს ეჯაჭვება, ხდება სიამოვნებისმოყვარე, გამხეცებული და ნივთიერისთვის სხვებს ებრძვის"338.
გონების განკურნების შედეგად იკურნება სხეულიც. ეს არ ნიშნავს სნეულებისგან გათავისუფლებას, თუმცა ასეც ხდება ზოგჯერ. "ზოგჯერ" ვამბობთ იმიტომ, რომ ზოგიერთი დაავადება, მაგ. ნერვულ ნიადაგზე წარმოქმნილი, გონების სიკვდილთან არის დაკავშირებული. აქ მთავარი სხეულის ვნებებისგან განთავისუფლებაა. წმინდა მაქსიმე ამბობს: "როცა ხედავ, რომ შენი გონება კრძალვით და სამართლიანად არის მიმართული ამქვეყნიურის მიმართ, მაშინ შენი სხეულიც სუფთა და უცოდველია"339. ღვთაებრივით დატვირთული გონება სხეულსაც ვნებებისგან სუფთად ინახავს. თავდაპირველად გონება იძენს ღვთიური სიკეთის მიღების უნარს, შემდეგ ისწრაფვის უპირველესი გონებისკენ და განათებული "თავად და მასთან დაკავშირებული სხეული მიეახლებიან ღვთაებრივ მდგომარეობას".
სხეულიც იგემებს მარადიულ სიკეთეს, ამისთვის ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე უნდა მოემზადოს340.
ყველა წმინდანი ამგვარი მეთოდით განიწმენდს გონებას. მჯერა, რომ წმინდანებს არ ექნებათ განსაკუთრებული ან განსხვავებული თვალსაზრისი დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით. ისინი ერთნაირი გამოცდილებით ერთსა და იმავე სწავლებას ეყრდნობიან. თუკი ჩვენ მათ შორის რაიმე განსხვავებას ვხედავთ, ეს იმიტომ, რომ არასწორად განვმარტავთ. თუ შევეცდებით სხვადასხვა წმინდანის განსხვავებულ გამონათქვამის გაგებას, (მართალია, მათ ღვთის ერთნაირი ცოდნა აქვთ, მაგრამ სხვადასხვა სიბრძნე) თუ შევეცდებით თითოეული მათი სიტყვის ნამდვილი არსი გავიგოთ, ვერ დავინახავთ ვერანაირ განსხვავებას სწავლებებში. ჩვენ გამოუცდელნი ვართ სულიერ საკითხებში, მოკვეთილნი ეკლესიის ცოცხალი ტრადიციისგან. ამიტომ გვგონია, რომ განსხვავებულნი არიან წმინდა მამები.
პავლე მოციქული წერს: "გლოცავთ ... იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა (1 კორ. 1.10). წმინდანები ფიქრობენ ერთნაირად. წმინდა გრიგოლ პალამა შენიშნავს: "ქრისტეს ყველა მორწმუნესთვის საერთოა გონებაზე აღმატებული ცოდნა (υπέρ ἔννοιαν γνωσις)"341.
ზემოთ მოყვანილი მსჯელობებიდან ჩანს, რომ ვნებებით დასნეულებული გონება კვდება, კარგავს თავის ბუნებრივ მდგომარეობას და კურნება სჭირდება. მართლმადიდებლური მოღვაწეობა (ასკეზა) გონების განკურნების მეთოდებს იცნობს. ეს კურნება აუცილებელია, რადგან მისი საშუალებით გონება იწმინდება, შეიცნობს ღმერთს, მოიპოვებს ღვთიურ ცოდნას, რაც ადამიანის მაცხონებელია.
ბ) გული
ერთ-ერთი უმთავრესი თხოვნა, რითაც უფალს მივმართავთ ლოცვისას, არის ცხონება "ზეგარდამო მშვიდობისა და ხსნისათვის სულთა ჩვენთა უფალსა ვევედრნეთ". საგალობელთა უმრავლესობა მთავრდება სიტყვებით: "ევედრე შეწყალებად სულთა ჩვენთათვის".
სულის გადარჩენა არ ნიშნავს განძარცვას, მოხსნას, ის ქრისტეთი შემოსვაა. ეს უარყოფითი მდგომარეობა არ არის, დადებითია და უფალთან ურთიერთობა და ერთობაა. ღმერთთან ურთიერთობა გულში აღესრულება. ამიტომ ხსნის მოპოვება, უპირველეს ყოვლისა, გულის მოპოვებაა. ამის შემდგომ დავადგებით გადარჩენის გზას. საგულისხმოა ამბა პამბოს სიტყვები: "თუ გაქვს გული, შეგიძლია ცხონება"342. "გულის ქონა" მისი პოვნაა, გულით კი ადამიანს ღმერთი წარმართავს.
ბერი მარკოზი სახარების სიტყვებს: "სასუფეველი ღმერთისაჲ შორის თქუენსა არს" (ლუკ. 17.21). ასე განმარტავს: "პირველად გულში სული წმიდის ჭეშმარიტი მადლი უნდა დამკვიდრდეს და შემდგომ ამის შესაბამისად შევიდეს ცათა სასუფეველში"343. წმინდა მამები უმთავრესად თვლიან გულის ადგილის პოვნას, სადაც ღვთის მადლი მოქმედებს. მაშინ ქრისტიანის მოძღვარი უფალი ხდება და მართავს სული წმინდა.
რა არის გული
წმინდა წერილში და მამათა ნაწერებში გული არის ხორციელი ორგანო და სულიერი, ზებუნებრივი. გული ერთი მხრივ ხორციელია, მეორე მხრივ კი ჩვენი არსების ცენტრია, სადაც ხორციელდება უფალთან ურთიერთობა და შეერთება. გარკვეულ შემთხვევებში სიტყვა "გულის" ეს ორი მნიშვნელობა ემთხვევა, მაგრამ მათ შორის განსხვავებაც არის. ამ საკითხზე დაწვრილებით ვიმსჯელებთ ქვემოთ. ჯერ განვიხილოთ ზებუნებრივი (სულიერი) გულის საკითხი. მისი განმარტება ძნელია, რადგან "გული - მიუწვდომელი უფსკრულია"344.
ხორციელი ადამიანისთვის, რომელიც ლოგიკით (λογική) ცხოვრობს და ცოდვით დაცემის შედეგად დაბნელებული აქვს გონება, ძნელია ამ სულიერი გულის შეცნობა. ამიტომ ძნელია აღვწეროთ სულიერი ადამიანის მდგომარეობა. შეიძლება დავახასიათოთ ასეთი ცხოვრების ნიშნები და ტიპები.
ლოცვით მცხოვრებ სულიერ ადამიანს "ესმის, რომ მისი გული არ არის მარტო ფიზიკური ორგანო, ის ზებუნებრივია, განუსაზღვრელი, შეუძლია უფალთან შეხება, ის არის მთელი არსების საწყისი"345.
გული ის ადგილია, სადაც სულიერი ცხოვრება წარიმართება, სადაც უქმნელი ღვთიური ენერგია მოქმედებს. როგორც წესი, ეს "ღრმა გული" უხილავია გარშემომყოფთათვის და თავად ადამიანისთვის. ღვთის მადლი ფარულად მოქმედებს ადამიანის გულში. საყურადღებოა არქიმანდრიტ სოფრონის სიტყვები: "სულიერი გრძნობის ველი გულია; ვისაც უყვარს საკუთარ გულში შესვლა, სწორად შეაფასებს დავით მეფსალმუნის ნათქვამს "სიღრმე გულისა" (ფს. 63.7).
ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება გულის სიღრმეშია, იმ ადგილას, რომელიც თვით გულის პატრონისთვისაც და სხვებისთვისაც დაკეტილია. ვისაც ამ საიდუმლო ადგილას შეუღწევია, იგი უთუოდ გაოცდებოდა. ვინც წმინდა გონებით ჩაწვდომია თავის შინაგან სამყაროს, მან იცის, რომ შეუძლებელია მისი თვალყურის დევნება თუნდაც დროის უმცირეს მონაკვეთში, მან იცის, რომ გულში მიმდინარე სულიერი ცხოვრების პროცესის დაკვირვება ძნელია, რადგან ამგვარ სიღრმეში პროცესი აღარ არსებობს"346.
პეტრე მოციქული გულს დაფარულ ადამიანს უწოდებს; "დაფარული იგი გულისა კაცი" (1. პეტრ. 3.4.). ეს ის ადგილია, სადაც უფალი ბრწყინავს "უფალი ღმერთი წმინდა ყავთ გულთა შინა თქუენთა" (1. პეტრ. 3.15).
გულში ამოდის ღვთის მადლი: "ვიდრემდის დღე განათდეს, და მთები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენდა" (2. პეტრ. 1, 19). ადამიანი გულში უერთდება უფალს, გული პატარაა, ღმერთი კი დიდი. "უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა" (1. იონ. 3, 20). მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, რომ წმინდა წერილი და წმინდა მამები ხშირად ახსენებენ გულს.
ნაშრომის წინა ნაწილში აღვნიშნეთ, რომ გონება სულის თვალია, ხშირად წმინდა მამები გონებას გულს უკავშირებენ. მართლაც, გული შეიძლება გონებასთან გაიგივდეს. საგულისხმოა მაქსიმე აღმსარებლის სიტყვები: "სიძულვილისაგან და თავშეუკავებლობისაგან უნდა განიწმინდოს გონება, რომელსაც უფალი გულს უწოდებს"347.
გონება სულის თვალია, გულია ადამიანის სულიერი სამყაროსა და არსებობის ცენტრი, აშკარაა, რომ გული და გონება ერთმანეთს უკავშირდებიან. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გრიგოლ პალამა გულის სიწმინდეზე საუბრისას მსჯელობს გონებისა და მისი განწმენდის შესახებ348.
ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ წინა პარაგრაფში მოყვანილი მოსაზრებები. წმინდა მამები გონებას უწოდებენ სულის არსებობას, ანუ იმას, რაც გულში მყოფობს. "გონება არის გონების ქმედება (ἐνέργεια), რაც ფიქრებსა და აზრებშია; გონება არის მოქმედი ძალა, რასაც წმინდა წერილში გული ეწოდება"349. ნიკიფორე მონაზონი ყურადღების შესახებ წერს: "ყურადღებას ზოგი მამა გონების ყურადღებას უწოდებს, ზოგი გულის დაცვას, ზოგი - სიფხიზლეს, ზოგი - გონებრივ მდუმარებას, და ა.შ. ყველა დასახელებას ერთი მნიშვნელობა აქვს. როგორც "ამბობენ პურის ნამცეცი, ნაჭერი და მთლიანი პური იგულისხმება"350.
ნიკიფორე განშორებულის სიტყვებით გონების დაცვა და გულის დაცვა ერთი და იგივეა. წმინდა მამათა ღმრთისმეტყველებაში გონება გულთან არის გაიგივებული. ამიტომ ყველაფერი, რაც გონების შესახებ ვთქვით წინა პარაგრაფში, შეიძლება გულსაც მივუსადაგოთ. გულისა და გონების ერთობაზე წერს დიადოხოს ფოტიკელი. წმინდა მამა გვასწავლის, რომ ნათლობის წუთიდან ღვთის მადლი "ფარულად მკვიდრდება გონების სიღრმეში და თავის არსებობას მალავს. როცა ადამიანი თავისი ნებით ღვთის შეყვარებას იწყებს, მაშინ მადლი გონებით გადაეცემა სულს. როცა ვინმე თავის ნივთიერ ქონებას გასცემს, "მაშინ პოულობს თავის თავში იმ ადგილს, სადაც ღვთის მადლი სუფევს ფარულად"351. წმინდა დიადოხოსი სხვაგან ამბობს, რომ ნათლობისას მადლი სულის სიღრმეში, ანუ გონებაში ივანებს. როცა ჩვენ "თბილად მოვიხსენიებთ უფალს, ვგრძნობთ, რომ ღვთიური სიყვარული ნაკადივით მოედინება გულის სიღრმიდან"352.
ამ ციტატიდან ნათლად ჩანს გონების, სულისა და გულის ერთობა. დიადოხოს ფოტიკელის ეპოქაში გავრცელებული იყო მესალიანელთა ერესი, რომ ადამიანის სულში ერთდროულად ივანებს ღვთის მადლი და სატანა. წმინდა მამა ამის საწინააღმდეგოდ ამბობს: "ნათლობამდე მადლი გარედან მიმართავს სულს სიკეთისკენ, სატანა სულის სიღრმეში იჭრება და გონების გასასვლელებს უხშობს; იმ დროიდან, როცა ნათლობით ხელახლა ვიბადებით, ეშმაკი სულის გარეთ არის, მადლი კი შიგნით"353. ნათლობის შემდეგ სატანა სულს ტოვებს, ღვთის მადლი შედის მასში. ასე რომ, მადლი და ეშმაკი ერთდროულად ერთსა და იმავე ადგილზე არ არის. "მადლი გონებრივი შეგრძნებით და გამოუთქმელი სიხარულით ახარებს სხეულს". ეშმაკები ძალით ატყვევებენ სულს სხეულებრივი შეგრძნებებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი სულიერი ღვაწლის მიმართ გულგრილია354.
ხორციელი სურვილებით მოქმედებისას ნათლობის შემდეგ ჩვენს სულიერ გულში დავანებული მადლი იფარება. ადამიანის მიზანია გამოაჩინოს იგი ღვაწლით, გაფანტოს გულზე გადაკრული ღრუბლები. წმინდა დიადოხოსის სიტყვებით ეშმაკი გულიდან წმინდა ნათლობით განიდევნება. ამის შემდეგ როგორ შეძლებს იგი სულში შეღწევას და ჭეშმარიტ განმგებელთან (უფალთან ე.დ). თანამყოფობას"355.
დიადოხოსის სწავლება მოვიყვანეთ იმის ნათელსაყოფად, რომ ნათლობისას ღვთის მადლი "გულის სიღრმეში", სულიერ გულში აღწევს. გული თუ ვნებებით არის დაფარული, მაშინ ვიბრძვით მადლის გამოსაჩენად.
მიტროპოლიტი თეოლიპტოსი გვასწავლის: გული და გონება იხსნება მაშინ, როცა ადამიანი დაყუდებულივით ცხოვრობს. "როცა გარეგნულ გართობას შეწყვეტ, აზრებსაც მოთოკავ და გონება სულიერი სიტყვისა და საქმისკენ მიიდრიკება"356. მიტროპოლიტი მოგვიწოდებს, ვებრძოლოთ მაცდუნებელ აზრებს, სანამ წმინდა ლოცვით ადგილს არ ვიპოვით, ეს არის სახლი, სადაც ქრისტე ბინადრობს. "შეწყვიტე საუბრები გარეგან თემებზე და მიუბრუნდი შინაგან აზრებს, სანამ არ აღმოაჩენ სუფთა ლოცვის ადგილს და საცხოვრებელს, სადაც ქრისტე სუფევს"357.
ცხადია, რომ გული იხსნება მადლისმიერი მოღვაწეობით და მასში ცხადდება უფალი. ეს იცის ვნებებთან მებრძოლმა ადამიანმა. ღმერთისგან მოშორებულ, ცოდვით დაცემულ ადამიანს გული დახურული აქვს. მან არც კი იცის არსებობს თუ არა იგი. ქრისტესმიერი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანისთვის კი გული რეალურად არსებულია.
ეს სწავლება გამოხატავს იმას, რომ გულის გახსნა პიროვნების გახსნას ნიშნავს. ადამიანი ღვთის მადლიანი მოღვაწეობით თუ გაიხსნის გულს, სადაც იესო ქრისტე მეუფებს, იგი პიროვნებად იქცევა. პიროვნულობა ხომ "ღვთის მსგავსებას" გულისხმობს. ამრიგად, გულის გახსნა პიროვნულობის გახსნაა. ჩვენ არ წარმოვადგენთ პიროვნების ონტოლოგიას, როგორც ეს ეკლესიის წმინდა მამების ნაწერებშია მოცემული. ამავე სწავლების მიხედვით ხატი არის პოტენციური მსგავსება, მსგავსება კი თავისთავად არის ხატი და ქმედება. ღვთისგან და სული წმიდისგან შექმნილი ადამიანი პოტენციური პიროვნებაა. ამიტომ ვამტკიცებთ, რომ ონტოლოგიური თვალსაზრისით პიროვნებებად ითვლება ყველა ადამიანი და თვით ეშმაკიც. თუმცა სოტერიოლოგიური თვალსაზრისით ჩვენ ყველანი არ ვართ პიროვნებები, რადგან ყველა არ გამხდარა ღმერთის მსგავსი. ყურადღებას ვამახვილებთ პიროვნების ღვაწლზე (ასკეტიკაზე), რასაც თანამედროვე თეოლოგები უგულებელყოფენ. ამ კუთხით საინტერესოა არქიმანდრიტ სოფრონის სიტყვები: "ღვთიურ არსებაში ჰიპოსტასი წარმოადგენს არსების სიღრმისეულ საწყისს. ამის მსგავსად, ადამიანურ არსებაში ჰიპოსტასი არის უმთავრესი ელემენტი. პიროვნება არის "დაფარული იგი გულისა კაცი, უხრწნელითა მით მშჳდისა მის და მყუდროჲსა სულისა წესითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა ფრიად პატიოსან" (1. პეტრ. 3.4) - ყველაზე ძვირფასი ნაკვერჩხალი ადამიანის არსებისა, რაც ვლინდება იმაში, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი შეიცნოს და მართოს, რომ მას აქვს შემოქმედის ენერგია და შეუძლია არა მარტო ხილული სამყაროს შეცნობა, არამედ თავად ღმერთისა. სიყვარულით აგზნებული ადამიანი გრძნობს, როგორ უერთდება უფალს, რომელიც შეიყვარა. ამგვარ ერთობაში ის შეიცნობს ღმერთს, და ამგვარად სიყვარული და შეცნობა ერთ მთლიან ქმედებად იქცევა"358.
პიროვნება "დაფარული გულის კაცია" და ეს საუკეთესო განსაზღვრებაა. პიროვნება ფარული ურთიერთობა და ერთობაა ქრისტესთან. სწორედ ამიტომ პიროვნებას მეცნიერული ტერმინებით ვერ განვსაზღვრავთ. ეკლესიას სხვაგვარად ვერ დავახასიათებთ, ის ქრისტეს სხეულია. იგივე ეხება პიროვნების გულს, სადაც ღმერთისა და ადამიანის ფარული ურთიერთობა მიმდინარეობს. "მეცნიერება და ფილოსოფია თავისებურად განსაზღვრავს პიროვნებას, მაგრამ ის (პიროვნება) ყოველგვარ განსაზღვრებაზე მაღლა დგას და მას გარედან ვერ შევიცნობთ თუ თავად არ გაიხსნება. ღმერთი არის საიდუმლო, ადამიანსაც აქვს საიდუმლო სიღრმეები. ეს არც საწყისია და არც დასასრული, რადგან ღმერთია ალფა და ომეგა და არა ადამიანი. ღვთიური თვისება ადამიანისა მის არსებაშია. არსების მსგავსება კი ის არის, რაზეც წმინდა წერილი წერს359.
თუკი პიროვნების განსაზღვრა არ შეიძლება, ვერ განისაზღვრება ვერც გული, რადგან იგი პიროვნებასთან არის გაიგივებული.
პიროვნება რეალობაა. ის ღვთიური მადლით იბადება "...პიროვნება იბადება ზეციდან და არ ემორჩილება ბუნების კანონებს. პიროვნება აღემატება მიწიერ საზღვრებს და მიღმიერ სფეროში გადადის. მას ვერ განვმარტავთ. იგი ერთადერთია და განუმეორებელი"360.
პიროვნება თუ გულია, ე.ი. გულიც ზემოდან იბადება. ის არ არის ბუნებრივი მდგომარეობა, ზებუნებრივია. მხოლოდ ღვთის მადლით შეიძლება გულის ადგილის პოვნა. პიროვნების დაბადება ჭეშმარიტად არის გამოცხადება. "პიროვნება ზემოდან იბადება. ჩვენში უმშვენიერესი ყვავილი ყვავის, ანუ ჰიპოსტასი - პიროვნება. თითოეული ჩვენგანის სული მარადიულობაში სხვადასხვაგვარად შედის. გულში ღმერთი სიყვარულით და სინათლით ცხადდება. "ღმერთი სიყვარულით და ძირითადად სინათლით გულში ვლინდება. ამ სინათლეში ადამიანი სახარებისეულ მცნებებს ზეციური მარადიულობის განსახიერებად ხედავს და ჭვრეტს ქრისტეს დიდებას მამის მხოლოდშობილ ძეს იმ დიდებას, რომელიც ქრისტეს მოწაფეებმა იხილეს თაბორზე, პიროვნების გახსნა (აღმოჩენა) ახალი აღთქმის წინაპირობაა"361.
ყოველივე ზემოთ ნათქვამი ადასტურებს იმას, რომ ადამიანი პიროვნება ხდება მაშინ, როცა გულს ხსნის და გული კი ის ადგილია, რომლის გაღებაც მადლიანი ქმედებით შეიძლება. გულში შეიგრძნობს ადამიანი ღვთიურ სინათლეს, იქედან ივსება ღვთის სიყვარულით. ადამიანი გულს შეიგრძნობს, მაგრამ იქ არსებული დაფარული სიცოცხლე მიუღწეველია.
წმინდა მამათა ნააზრევის მიხედვით სულიერი გული ხორციელ გულშია. გრიგოლ პალამა იხსენებს მაცხოვრის სიტყვებს: "გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი" (მათ. 15.19) და წმინდა მაკარის გამონათქვამებს: "გული ადამიანის მთელ არსებას მართავს და თუ მადლი დაივანებს მასში, ის მეუფებს აზრებზეც და სხეულის ნაწილებზეც, რადგან გულშია თავმოყრილი გონება და სულის აზრები. ჩვენი გული მოაზროვნე (λογική) საუნჯეა და უპირველესი ხორციელი მოაზროვნე (λογική) ორგანო362.
ამ მოსაზრების დასადასტურებლად გრიგოლ პალამას მოჰყავს პავლე მოციქულის სიტყვები: "არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ, დაწერილი გულთა სინა ჩუენთა... საცნაურ ქმნილი, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ მიერ, დაწერილნი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ჴორციელისათა" (2 კორ. 3. 2-3). და მაქსიმე აღმსარებლის სწავლება: "განწმენდილ გულში უფალი მოსეს ფიცრების მსგავსად სული წმინდით ამოკვეთს სიტყვებს"363.
დაბნეული გონება დაბრუნებისას პირველად ხორციელ გულს პოულობს, შემდეგ სულიერ ღრმა გულში შედის. ვინც იესოს ლოცვით და წმინდა საქმით მოღვაწეობს, მას გულთან მიბრუნების ამგვარი გამოცდილება აქვს. "წრფელი, სუფთა გონიერი ლოცვით მოღვაწე სწავლობს სულის საიდუმლოს. იგი გონებით ხორციელ გულში შეაღწევს და მიდის სიღრმისკენ, რაც ხორციელი არ არის. იგი პოულობს ღრმა გულს, სულიერს, მეტაფიზიკურს და მასში ხედავს. მთელი კაცობრიობის ცხოვრება მისთვის უცხო კი არ არის, არამედ მჭიდროდ დაკავშირებულია მის პირად არსებობასთან"364. დაყუდებული (ἡσυχαστική) მოღვაწეს შეუძლია ნათლად გაარჩიოს სულიერი და ხორციელი გული. ის გრძნობს ორივე გულის ქმედებას და არსებობას, თავდაპირველად გონება ხორციელ გულს პოულობს, შემდეგ აღმოაჩენს სულიერს და შეუძლია ერთდროულად იგრძნოს ორივეს მოძრაობა.
ნიკოდიმოს მთაწმინდელი, რომლის ქმნილებები მართლმადიდებლური ტრადიციის ორგანული ნაწილია, აღნიშნავს, რომ ხორციელი გული შეიძლება იყოს ბუნებრივი, ბუნების საწინააღმდეგო და ზებუნებრივი365. გული ბუნებრივი ცენტრია, რადგან იგი სხეულის ნაწილებს შორის პირველად იქმნება. ბასილი დიდის თანახმად; "ცხოველთა დაბადებისას გული, რომელიც პირველად იქმნება, ბუნებისგან იღებს შედგენილობას, რაც სხვა ცხოველისთვის ანალოგიური იქნება", იგი ბუნების საწინააღმდეგო ცენტრია, რადგან მისგან გამოდის ყველა ვნება და ბოროტი აზრები. აქვე დავამატებთ, რომ ნათლობისას ღვთის მადლი გულის ცენტრშია, ეშმაკი კი გარედან მოქმედებს. მოციქული პეტრე უებნება ანანიას: "ანანია, რაჲსთჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა?" (საქმ. 5.3).366 სატანა შევიდა იუდას გულში: "და ვითარცა სერობაჲ იგი იყო, და ეშმაკი შესრული იყო გულსა იუდაჲსსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რაჲთა განსცეს იგი (იოან. 13,2). უფალი ამბობს, რომ გულიდან გამოდის სიტყუანი ბოროტნი, კაცის კლვანი და სხვ. (მათ. 15,19). ამასთან ერთად გული ზებუნებრივი ცენტრიცაა, რადგან მასში ქრისტეს მადლი მოქმედებს. პავლე მოციქული ამბობს: "გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომელთა ვღაღადებთ: "აბბა, მამაო" (გალ. 4,6). სხვაგან ეპისტოლეში ვკითხულობთ: "სიყვარული ღმრთისაჲ განფენილი არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა" (რომ. 5.5). წმინდა თალასე წერს, რომ "კეთილ გულს კეთილი აზრები მოაქვს, რადგან მისი აზრები გულის საუნჯის მსგავსია"367.
ის ფაქტი, რომ გულიდან გამოდიან კეთილი და ბოროტი აზრები, არ ნიშნავს ღვთის მადლისა და ეშმაკის თანაარსებობას. "გულიდან მოდის კეთილ და არა კეთილ", მაგრამ ბოროტი აზრები ბუნებრივად კი არ იბადება გულში, არამედ იმიტომ, რომ გულს წარსული ბოროტება ახსოვს, ბოროტ აზრთა დიდი ნაწილი გულში ეშმაკისგან მომდინარეობს. ჩვენ კი ყველა მათგანს შევიგრძნობთ ისე, თითქოს გულიდან გამომდინარეობდნენ"368. წმინდა დიადოხოსი აღნიშნავს, რომ ღვთის მადლი "ფარავს თავის არსებობას მონათლულებში", როცა ადამიანი იცავს ქრისტეს მცნებებს და მარად ახსოვს მისი სახელი, მაშინ "მადლის წმინდა ცეცხლი გულის გარეგან ქმედებებზეც ვრცელდება და წვავს "ადამიანური მიწის ეკლებს". ამ მდგომარეობაში სული წმიდის ალი ეშმაკის ისრებს ანადგურებს სხეულის გარეგნული შეგრძნებით, ანადგურებს ჰაერში გაფანტულ ისრებსაც"369.
გულში დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. თუ ქრისტემ გაიმარჯვა და ეშმაკი დამარცხდა, მაშინ გარეგნული და შინაგანი სიმშვიდე დაისადგურებს. მოღვაწის მთავარი მიზანი გულში შესვლისას ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლაა"370. ბუნებრივი, ბუნების საწინააღმდეგო, ზებუნებრივი ცენტრი - გული- ხორციელი და სულიერი ცხოვრების წყაროა, მაგრამ შეიძლება გახდეს სულის სიკვდილის წყაროც.
გულის დამახასიათებელი თვისებები
წინა პარაგრაფში მსჯელობის მიხედვით ნათელია, რომ სულიერ გულს ზუსტად ვერ განვმარტავთ, თუმცა შეიძლება ითქვას, გული იხსნება მადლისმიერი ღვაწლით და მასში თვით ღმერთი მეუფებს. ამ ადგილის (ანუ გულის) შეგრძნება შესაძლებელია იმისთვის, ვინც მართლმადიდებლური ტრადიციით ცხოვრობს.
წმინდა მამები, რომლებმაც თავად განიცადეს ეს რეალობა, გამოყოფენ გულისმიერი ცხოვრების დამახასიათებელ ნიშნებს. ჩვენ შევჩერდებით ამ საკითხზე და ვნახავთ, რომ ნათლად გამოიკვეთება გულის როლი სულიერ ცხოვრებაში. გულში უფალი სუფევს "დამკჳდრებად ქრისტე სარწმუნოებითა გულთა შინა თქუენთა" (ეფ. 3.17) "რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩვენთა სულითა წმიდითა (რომ. 5.5). "ნაკვერცხალი ცეცხლს ანათებს, მის მსგავსად ნათლობის შემდეგ ჩვენს გულში მყოფი უფალი განწმენდილ და გონებით დაცულ გულში აღვივებს და ანათებს გონიერ ძალას ჭვრეტისას ისე, როგორც ცეცხლის ალი ეკიდება ცვილის სანთელს"371. გულში სუფევს უფალი და ამიტომ იქ არის დაფუძნებული ფარულად ყველა სიბრძნისა და ჭვრეტის საგანძური: "ყველაფერი გულში იხსნება თვით გულის სიწმინდის შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ როგორ იცავს (გული ე.დ.) მცნებებს"372. სულის სიღრმეში "უნდა აღვიბეჭდოთ და სინათლედ დავისახოთ იესო ქრისტე, რომელიც არის მამაღმერთის სიბრძნე და ძალა". გულში უწყვეტად უნდა ვეძებოთ ზეციური სასუფეველი "მარცვალი, მარგალიტი, და სხვა" გულში შეიძლება ღვთიურობის მოპოვება. "ამიტომ გვეუბნება უფალი იესო ქრისტე: "სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" (ლუკ. 17.21), და გულისხმობს გულის სიღრმეში შემოსულ ღვთაებრიობას"373.
გულში შემოსული უფალი გვასწავლის დოგმებს და კანონებს და გვიწერს გულში. იქ აღიბეჭდება ღვთის მცნებები. პავლე მოციქული ამბობს: "გამოაჩინებენ საქმესა სჯულისასა, დაწერილსა გულითა შინა მათთა" (რომ. 2.15). გულიდან შეიცნობს ადამიანი საგანთა არსს და ჭვრეტს თვით უფალს"374. ასეთ გულში მყოფი უფალი "სული წმინდის მადლს მიჰფენს მას და ღირს ჰყოფს, დაწეროს თავისი მცნებები მასზე"375. აქედან გამომდინარე, წმინდანები რომელთა გულში ღმერთია, იძენენ ქრისტეს გონებას მოციქულის სიტყვების მიხედვით: "ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს" (1 კორ. 2. 16). ქრისტესმიერ გონებას "ჩვენი საკუთარი გონების ხარჯზე კი არ ვიღებთ, ან ღვთიური უერთდება მას,... იგი თავისი განმანათლებელი ძალით ანათებს ჩვენს გონებას და თავისკენ მიმართავს [ჩვენი] გონების ქმედებას.
ჩვენი გონების ძალა არ იკარგება, ქრისტესმიერი მოქმედებით ნათდება. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით, ქრისტესმიერი გონება აქვს მას, ვინც სული წმინდით აზროვნებს და ყველა აზრით უფალს უკავშირდება"376. ღვთის ნების თანახმად აზროვნებს ადამიანი, არ ივიწყებს უფლის სახელს. იგივე ეხება სურვილსაც - ადამიანს ის სურს, რაც ღმერთს უნდა. წმინდა პეტრე დამასკელს მოჰყავს ბასილი დიდის სიტყვები, რომ ღმერთი პოულობს ადამიანის გულს, რომელიც მიწიერი საგნებისგან გათავისუფლდა "და წერს თავის მცნებებს დაუწერელ ფიცარზე"377. ამგვარ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე შეიძლება ითქვას, რომ აქვს "დოგმატური შემეცნება". თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით ადამიანი შეიცნობს ეკლესიის დოგმატებს. უნდა ვიღვაწოთ მისთვის, რომ ქრისტე ჩასახლდეს ჩვენს გულში, რადგან ამ დროს ღმერთი თავად "გვასწავლის მისი ცნებების ურყევად დაცვას"378.
გული ჯოჯოხეთია, რომელშიც უფალი სულის გამოსახსნელად ჩადის. ის "შთახდა ჯოჯოხეთში" მართალთა სულების გადასარჩენად და ახლაც იმ ჯოჯოხეთში ჩადის, გულის სიღრმე რომ ეწოდება. წმინდა მაკარი დიდი გვასწავლის, რომ მაცხოვრის ჩასვლა ჯოჯოხეთში ისე არ უნდა გავიაზროთ, თითქოს ეს უწინ და ჩვენგან შორს მოხდა. საფლავი გულია. "უფალი მიდის მისკენ მხმობელთა სულებთან ჯოჯოხეთში, სულებთან, რომლებიც უხმობენ მას", ანუ გულის სიღრმეში და სიკვდილთან საუბრის შემდეგ სულზე დაწოლილ მძიმე ლოდს გადასწევს, გახსნის სამარხს და ჭეშმარიტად აღმდგარი მკვდრეთით სულს სიბნელისგან გამოიხსნის"379.
გული ნიადაგია, სადაც უფალი მდოგვის მარცვალს თესავს. მაქსიმე აღმსარებელს დავესესხები: "მდოგვის მარცვალი თავად უფალია, რომელიც ითესება მორწმუნეთა გულებში"380. გული ტაძარია და საკურთხეველი, წმინდა ადგილი, სადაც უფალს ადიდებენ. პეტრე მოციქული მოგვიწოდებს: "უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა" (1 პეტრ. 3. 15). მაკარი დიდის სიტყვებით ყველა ხილული საგანი დაფარულთა ჩრდილია. ხილული ტაძარი გულის ტაძრის სახეა. მღვდელი, რომელიც ევქარისიტიას ასრულებს, ქრისტეს მადლის ჭეშმარიტი მღვდელმსახურია"381. ხელახლა დაბადებული გულის სიღრმეში არსებულ ამ სულიერ და ჭეშმარიტ ტაძარში სრულდება უწყვეტი ღმრთისმსახურება, "ეტყოდეთ თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა" (ეფ. 5. 19). სული წმინდით მოქმედი, მაცდუნებელი აზრების არმქონე გული, არის "ჭეშმარიტი მსახურება, ჯერ კიდევ მომავალ ცხოვრებამდე"382. იოანე სინელი გვასწავლის: "სხვა არს ხედვა ზედას - ზედა გულისა და სხვა არს ეპისკოპოსობა გულისა გონების მიერ მთავრისა" პირველ შემთხვევაში ადამიანი აკვირდება გულს, მეორეში კი ის ეპისკოპოსია და "და მღვდელთ-მოძღვარი შემწირველი სიტყვიერთა მათ მსხვერპლთა ქრისტესდა"383. გული ლამპარია, სადაც ცეცხლი ანთია384. სწორედ ეს შეიგრძნეს მოწაფეებმა, როცა ქრისტე შეხვდა მათ ემმაუსკენ მიმავალ გზაზე და უთხრა: "ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებული იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა" (ლუკ. 24. 32). გული "უფლის მისაღები დარბაზია"385.
გული ზეთიანი ჭურჭელია, ანუ სავსე ღვთიური მადლით. მაკარი დიდის სიტყვებით "ხუთი მღვიძარე ქალწული, რომლებსაც მათთვის უცხო ლამპრები უჭირავთ გულის ჭურჭელში ჩასხმული ზეთით და ეს არის სული წმინდის მადლი. შევლენ სიძესთან ერთად "ქორწილსა მას"386.
ამრიგად, გული ჭურჭელია, სადაც ბრძენი ადამიანი სული წმიდის მადლს ინახავს, რათა შევიდეს სიძესთან ერთად "ქორწილსა მას" (მათ. 25.10) და ხარობდეს, გული მინდორია, სადაც საგანძურია დამალული და მისი მპოვნელი ადამიანი ყველაფერს ყიდის მის შესაძენად387.
გული ახალი აღთქმის სახეა, უფრო სწორად, ახალი აღთქმა არის გულის სიწმინდე, გონების ყურადღება და დაცვა388 გარეგნული და გრძნობიერი სხეულებრივი ღვაწლი ძველი აღთქმისა, წმინდა სახარება - ახალი აღთქმა, გულის სიწმინდის ხატია"389.
გული ზეცაა, სადაც "მორჩილება, ფხიზელი ხსოვნა უფლისა და მტრის წინააღმდეგ ხშირი ლოცვაა. იქ არის ღვთის ადგილი და გულის ზეცა"390. გულს ეძლევა "წინდი"391. "მომცა წინდი იგი სულისაჲ გულთა შინა ჩუენთა" (2 კორ. 1.22).
გული ფიცრებია, რომლებზეც უფალი თავის ეპისტოლეს წერს: "არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ, დაწერილი გულთა შინა ჩუენთა... დაწერილი არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა შინა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ჴორციელისათა" (2 კორ. 3. 2-3). გულში ანათებს ღვთიური სანთელი: "ღმერთმა გამოაბრწყინა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა (2 კორ. 4.6).
გულში რწმუნდება ადამიანი, რომ იშვილეს და ესმის ღმერთის ხმა: "ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომელ ვღაღადებთ: "აბბა, მამაო!" (გალ. 4.6). უფალი სუფევს გულში და მიმართავს ადამიანს იქ ნათლად ესმის ხმა ღმერთისა. განწმენდილ გულში არის თვალებიც, რითაც ღვთის საიდუმლო იხილვება. "რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესმან. ღმერთმან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა... და განანათლეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდეთ თქუენ, რაჲ-იგი არს სასოებაჲ ჩინებისა მისითაჲ..." (ეფ. 1. 17-18)
გულში მეუფებს უფლისმიერი მშვიდობა: "და მშვიდობაჲ იგი ღმერთისაჲ განმტკიცენით გულთა შინა თქუენთა" (კოლ. 3.15).
გული კითარაა392, რომლის სიმები გრძნობებია, კლავიატურა კი აზროვნებაა და უკრავს კლავიატურას, რაც ღვთის ხსოვნის ალეგორიაა, მისგან "გამოუთქმელი სიტკბოება ავსებს სულს და გონება განწმენდილი ღვთიური სინათლით ბრწყინდება"393.
გული წყაროა, რომელიც მხურვალე ლოცვისას, მოედინება "ცხოველისმყოფელი სულის" წყალივით394.
გული ჩვენი შინაგანი ადამიანია395.
ამ და სხვა სახეებს წმინდა მამები მიმართავენ გულის არსის დასახასიათებლად. მოკლედ შევაჯამოთ: გული "ჩვენი შინაგანი ადამიანია", იგი იხსნება მადლიანი მოღვაწეობით, მასში ცხადდება ღმერთი და მეუფებს. სულიერ ტაძარში უწყვეტი ღმრთისმსახურება სრულდება, უწყვეტი დოქსოლოგია მიეძღვნება უფალს. გული ბევრისთვის უცნობი რამ არის, მაგრამ მას კარგად იცნობენ წმინდანები, ვინც აცოცხლებენ ადამიანს.
გულის სნეულება
ბიბლიურ წიგნთა და წმინდა მამათა ნაწერების მიხედვით ადამიანის გული თუ ღვთის ნების აღსრულებას წყვეტს და ეშმაკის ტყვეობაში ექცევა, მაშინ ის სნეულდება და კვდება. სნეულებაში იგულისხმება გულის გაქვავება, უწმინდურება და სულიერი სიკვდილი მისი. ამგვარი სნეულების ზოგიერთ ნიშანს წარმოგიდგენთ და განვიხილავთ.
ეშმაკი შეაღწევს ადამიანის გულში და იმორჩილებს მას. "და ვითარცა სერობაჲ იგი იყო და ეშმაკი შესრულ იყო გულისა იუდაჲსსა, რაჲთა განსცეს იგი. (იოან. 13.2). ამ მოვლენას წინ უსწრებდა მრავალწლიანი ტყვეობა გონებისა. "ერთი შესასვლელში ვერ გავა ცეცხლი და წყალი, ასევე ცოდვა ვერ შეაღწევს გულში, თუ მანამდე არ დააკაკუნებს გულის კარზე ეშმაკეული წარმოსახვებით"396. წარმოსახვებს მიჰყავს გული ეშმაკისკენ. დაცემის შემდეგ ფიქრზე უფრო თხელი და აზროვნების სქელი ფანტაზია იქცა ბოროტების სათავედ, ამიტომ წმინდა მამები გვირჩევენ, რომ წარმოსახვა სუფთა გვქონდეს ან უკეთესია ფანტაზიის გარეშე ვიცხოვროთ. დიდი სინანულია და ცრემლით შეიძლება წარმოსახვა დაგმოს და მაშინ გახდეს ადამიანი ღმრთისმეტყველი. წმინდა მამები წერენ გულის დაკარგვის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ გულში ქრისტეს მადლი აღარ მოქმედებს და იგი ზებუნებრივიდან ბუნებრივის საწინააღმდეგო ცენტრად იქცევა. გულის დაკარგვა - ხსნის დაკარგვაა.
გულის ერთ-ერთი სნეულება უცოდინარობა და დავიწყებაა. ქრისტეს მადლს მოკლებული გული ღრუბელით არის დაფარული. ეს შეეხება იუდეველებს და მწვალებლებს, ვისთვისაც წმინდა წერილი (თუმცა კი კითხულობენ) გაუგებარია. რადგან მათი გული დაბურულია "რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულისა მათსა ძეს" (2. კორ. 3. 15).
ადამიანი ღმერთისგან დასტურს იღებს, უფალი გულში იხსნება, გულში განმარტავს თავის სიტყვას. თუ გული დახურულია, ადამიანი უკუნ სიბნელეში იმყოფება. უცოდინარი გული ჯოჯოხეთია. "ჯოჯოხეთი არის უცოდინარობა.უცოდინრობა სიბნელეა. დაღუპვა კი დავიწყებაა; რადგან ორივეში იკარგება რაღაც არსებული"397.
გულის სნეულებაა გაუხეშება (სიფიცხე) და გაქვავება. ღვთის მადლს თუ არ იღებ, გული უხეშდება. "ქედფიცხელნი და წინადაუცუეთელნო გულითა და სასმენელითაო" (საქმ. 7. 51). ასე მიმართა სტეფანე პირველმოწამემ იუდეველებს. გულის "გაქვავება" წარმოშობს მრისხანებას, რის გამოც ადამიანი განისჯება, ხოლო სიფიცხლითა მაგით სენითა და შეუნანებელთა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღეს მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულობისა ღმრთისასა" (რომ. 2.5). ადამიანები განისჯებიან გულის "სიფიცხლისათვის", დაუნდობელი გული "ბჭეა რკინისა, რომელი შევიდოდა ქალაქად" (საქმ. 12-10). დახურული კარიბჭე ქალაქში შესვლას შეუშლის ხელს. "მწუხარე და ნეტარ ადამიანს თავისით გაეღება კარი, პეტრე მოციქულის მსგავსად"398. ჩვენი მოვალეობაა, რომ არ შევქმნათ ისეთი პირობები გულის გასაქვავებლად "ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას დღისა (ებრ. 3.8).
გაუხეშებულ გულს გაქვავებული ეწოდება. უფალი ბევრჯერ შეხვდა ასეთ გაქვავებულ გულებს. ხუთი პურისა და ხუთი თევზის გამრავლების სასწაულის შემდეგ "იყვნეს გულნი მათნი დასულებული" (მარკ. 6. 52). სახარებაში სხვა ადგილას უფალი ამბობს: "დაბრმობილნი გულნი გქონან თქუენ? (მარკ. 8. 17). ქრისტე მრისხანებით უყურებდა ადამიანებს, რომლებიც ყურადღებას აქცევდნენ იმას, შაბათს კურნავდა თუ არა იგი ერს. "მიმოიხილა მათი რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულითა მათთაჲსა (მარკ. 3.5). და განუკურნა ერთ კაცს გამხმარი ხელი.
გულის სნეულება უწმინდურობაა. ღვთის მადლის დაკარგვისას ეშმაკის ზემოქმედებით დაზიანებული გული უწმინდურია. ნიკიტა სტითატის სიტყვებით სულის უწმინდურობა არა მარტო ის არის, რომ ადამიანს ბილწი აზრები აქვს, არამედ ისიც, როცა კაცი გადამეტებულად იღვწის სათნოების მოსაპოვებლად და ბევრს ფიქრობს თავის სიბრძნეზე და ღვთიურ ცოდნაზე ანუ ამით ამაყობს და განიკითხავს ზარმაც და უსაქმურ მოძმეს. "ეს მეზვერისა და ფარისევლის მაგალითით ჩანს"399.
გულში წარმოშობილი ყველა სურვილი,.მათ შორის გამოუვლენელიც კი უწმინდურება და ღალატია. უფალი ამბობს: "რომელ ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თჳსსა" (მათ. 5. 28). ყველა სხვა სურვილი ხორციელიც რომ არ იყოს (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით) და ღვთის ნებას ეწინააღმდეგებოდეს, გულის დაბინძურება ანუ სნეულებაა. ამ დროს გული სნეულია.
უგულისხმო გულიც სნეულია. კერპთაყვანისმცემლები, რომლებიც კერპებს ეთაყვანებიან და არა შემოქმედს. "დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი" (რომ. 1. 21).
გული დაავადებულია მაშინ, როცა სიწრფელე არ არსებობს. ეშმაკის ნების აღსრულებისას გული უმართებულოა, რადგან ის ღვთის სამყოფელი არ არის. პეტრე მოციქული განიკითხავს სიმონ მოგვს, ვისაც ფულით სურდა ღვთის მადლის მოპოვება ჲგული შენი არ არის წრფელი წინაშე ღმრთისა" (საქმე. 8.21).
უხეშობაც გულის უძლურებაა. ვნებები აუხეშებს მას და ვლინდება კიდეც. აი, რატომ არის საუბარი მართლმადიდებლურ ტრადიციაში არა მარტო გარეგნულ, არამედ შინაგან კეთილშობილებაზე. გული უბრალო უნდა იყოს, ნაზი. უბრალო გულის ადამიანი კეთილშობილია. არსებობს გარეგნული კეთილშობილება, რაც ეწინააღმდეგება შინაგან გულს უხეშობით. არის ნაზი გარეგნული სათნოება, შინაგანად მომღიმარე. არქიმანდრიტი სოფრონი ბერ სილუანზე წერს: "ყველაზე ფაქიზი ინტუიციის ადამიანიც მასთან საუბრისას სხვადასხვა სიტუაციაში ვერ შეიძლებდა შეენიშნა მისი გულის უხეში მოქმედება: ანტიპათია, უყურადღებობა, გულგრილობა, თვალთმაქცობა და სხვა. მართლა იყო ის კეთილშობილი კაცი, როგორიც შეიძლება იყოს მარტო ქრისტიანი"400. აშკარაა, რომ თვალთმაქცობა, ირონია, გულის სნეულებაზე მეტყველებენ და მისთვის უხეში ქმედებებია დამახასიათებელი. შინაგანი სიამოვნების მოყვარება გულის დაავადებად ითვლება. გულის სიამოვნება უფალს არ მიემართება და არ ხარობს მისით. ხორციელი საგნებით კმაყოფილება, იმით, რაც უფლისთვის არ არის მისაღები. სიამოვნების მიღება (φιληδονία) სულის საპყრობილეა, განსაკუთრებით მისი სხეულისგან განშორების დროს. მარკოზ მოღვაწის სიტყვების მიხედვით "სიამოვნების მოტრფიალე გული სულის განტევებისას სულის საპყრობილედ იქცევა"401.
სანამ სხეული არსებობს, სულის ვნებები კმაყოფილებას იღებენ. სულის სხეულიდან განთავისუფლების შემდეგ ვნება ვეღარ კმაყოფილდება, რადგან ნივთიერი საგნები მისთვის აღარ არსებობენ. ვნებები სულის სიამოვნების მომგვრელნი არიან, და თუ ვერ რეალიზდებიან, სულს ახრჩობენ. სწორედ ამას ეწოდება საზვერე, რაზეც საუბარია წმინდა მამათა ქადაგებებში. აქედან გამომდინარე სიამოვნებისმოყვარული გული სულის ჯაჭვი ხდება, როცა იგი სხეულს ტოვებს.
დასნეულებული და მკვდარი სული თავის სნეულებას გადასცემს ადამიანს ფსიქოსომატურ არსებას. ყველაფერი, რასაც ფიქრობს და რაც სურს ადამიანს, მკვდარია. ამბა დოროთე ამბობს, სანამ ჩვენ ვნებიანები ვართ, გულს არ უნდა დავუჯეროთ, რადგან სწორსაც გამრუდებულად დავინახავთ402. მარკოზ მოღვაწე კი ასკვნის "ცოდვისგან გათავისუფლებამდე შენ გულს ნუ მოუსმენ"403.
სნეული გული უნდა განიკურნოს. თუ ის არ გამოჯანმრთელდა, ადამიანის მთელი ორგანიზმი სნეული იქნება.
გულის კურნება
ადამიანის უმაღლესი მიზანია ღვთიური ცოდნის მოპოვება, რადგან მასში მდგომარეობს მისი გადარჩენა. ღვთიურ ცოდნაზე საუბრისას ვგულისხმობთ არა გონებრივ შემეცნებას, არამედ "ურთიერთობას არსებობაში (ἐν ὑπάρξει)". ანუ ღმერთის ცოდნა ნიშნავს ადამიანის ურთიერთობას უფალთან. ასეთი კონტაქტი თუ მიიღწევა, მაშინ ადამიანი გადარჩება. ურთიერთობა გულის სიღრმეში სრულდება. აქ ხვდება უფალი თავის ქმნილებას და ანიჭებს ცოდნას. გულში შეიგრძნობს ადამიანი ღმერთის არსებობას. ამგვარი ურთიერთობისათვის გულის განწმენდაა საჭირო. ამას ამბობს უფალი: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულთა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათ. 5.8). დასნეულებულ და მკვდარ გულს კურნება და განწმენდა სჭირდება. განწმენდილი გული შემეცნების, მართლმადიდებელი გნოსეოლოგიის ორგანოა.
ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ იკურნება გული. პირველი განმკურნებელი საშუალებაა სინანული. გულმა უნდა მოინანიოს და დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას. თუკი ცოდვამ დაკარგა გულის ეს მდგომარეობა, სინანული დაუბრუნებს მას. იოანე სინელი სინანულის ზუსტ განმარტებას იძლევა: `სინანული განმაახლებელ-არს ნათლისღებისა, სინანული აღთქმა-არს ღვთისა - მიმართ ახლისა ცხოვრებისა. სინანული ვაჭარი არს სიმდაბლისა მომსყიდველი. სინანული არს მოწყვეტა სრულიადი ხორციელთა ნუგეშინის ცემისა. სინანული არს თავისა თვისისა დამსჯელი: გულის - სიტყვა და უზრუნველობა ყოვლისაგან და ზრუნვა სულისა თვისისა... სინანული დაგება არის ღვთისა მიმართ ... სინანული განწმენდა არს სვინდისისა"404. წმინდა მამა ამბობს აგრეთვე, რომ ნათლობის შემდეგ კვლავ შებილწული ადამიანი "უნდა განიწმინდოს გულის ცეცხლით და ღვთის წყალობით"405.
ღვთიური მოწყალება და გულის ცეცხლი სნეულებისგან კურნავს ადამიანს. რაც მეტია სინანული, უფრო მეტად იგლოვს და მდაბლდება გული. დავით მეფსალმუნე ამბობს: "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული, ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს" (ფს. 1. 50. 19).
შემუსვრილ გულში ივანებს უფალი. იმ ადამიანის გულში, ვინც შესთხოვს უფალს ცოდვების შენდობას. ღმერთს "შემუსვრილი" გულით უნდა ვევედროთ. ნიკიტა სტითატის სიტყვებით "ჭეშმარიტება არ ხასიათდება არც სახით, არც გარეგნობით და არც სიტყვებით და არც მათშია უფალი, ღმერთი სუფევს დამდაბლებულ გულებში, სულებში, რომლებიც ღვთიური ცოდნით არიან განათლებულნი"406. რას ნიშნავს გულის გლოვა, გულის "შემუსვრილება?" მარკოზ ასკეტი ამბობს, რომ "გულის დამდაბლების გარეშე შეუძლებელია ბოროტებისგან გათავისუფლება", გულს კი ამდაბლებს: "სამი რამ: თავშეკავება ძილისგან, საჭმელისგან და სხეულის განსვენებისგან"407.
ადამიანი თუ სამივესგან იკავებს თავს, გულსაც ამდაბლებს. სხეულის განსვენება სიამოვნების ტრფიალებას განაგებს, რადგან მას მოჰყვება ცბიერი აზრები. გული,,შემუსვრილია" "განმარტოებისას და მდუმარებისას"408. მარკოზ მოღვაწე შენიშნავს, რომ "მღვიძარება, ლოცვა, მოთმინება (უსიამოვნების, უბედურების, მწუხარების) გულის დამამდაბლებელია. ეს ჭრილობებია, მაგრამ სასარგებლო გულის შემუსვრისათვის"409. სხეულის გადაღლა და აუცილებელ საგანთა (ნივთთა) მოკლება იწვევს გულის ტკივილს, რაც სასარგებლოა ადამიანის გადასარჩენად. ფილოთეოს სინელი აღნიშნავს, რომ ყოველგვარი ზრუნვა უნდა დავუტევოთ" და დავიმდაბლოთ გული და აღწერს თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამას. გული მდაბლდება მაშინ, როცა ადამის დროინდელ (დაცემამდელ) სიცოცხლეს ვიხსენებთ, ვიხსენებთ ბავშვობიდან ჩადენილ ცოდვებს (სხეულის ცოდვების გარდა, რადგან მათი "გახსენება სახიფათოა"). ცოდვების ხსოვნა და ცრემლი წარმოშობს ჩვენს მადლიერებას ღვთისადმი, აგრეთვე სიკვდილის მარადიული ხსოვნა ღვთისადმი მიმართულ მწუხარებას ბადებს. სულს ამდაბლებს მაცხოვრის ვნებათა გახსენება და მისი (ღმერთი) უსაზღვრო მოწყალება ჩვენდამი"410. ღმერთისგან დაშორებული ადამიანი უხეშობით და დაუნდობელი გულით გამოირჩევა. ვნებებისგან თუ განთავისუფლდა, მგრძნობიარე და ლმობიერი ხდება.
წმინდა მამები აღწერენ ისეთ შემთხვევებსაც, როცა დამდაბლება ზიანის მომტანია. მარკოზ ასკეტი ამბობს, რომ "არსებობს გულის დამდაბლება სწორი და სასარგებლო, მისი მოთვინიერებული და დამამშვიდებელი და არსებობის უწესო და საზიანო"411.
სასარგებლო დამდაბლება ხოორციელდება სიმშვიდის და ლოცვის ატმოსფეროში, ანუ დამდაბლებული გული უწყვეტად ლოცულობს ღვთის წინაშე. ის სასოწარკვეთილი არ არის, იმედი აქვს ღვთის კაცთმოყვარეობისა და სიყვარულისა. ამ დამდაბლების ნიშანი სასოებაა. სვიმონ ახალმა ღმრთისმეტყველმა, გამოცდილმა სულიერმა მკურნალმა იცის, რომ "უსაზღვრო და უდროო დამდაბლება გულისა აბნელებს და აშფოთებს გონებას. სულიდან განდევნის სუფთა ლოცვას და სიმშვიდეს, და სიმძიმით ავსებს. აქედან გამომდინარე, წარმოიქმნება უსაზღვრო უგრძნობელობა და უხეშობა. ამგვარად ახორციელებს ბოროტი მიზანს და ბადებს სასოწარკვეთილებას"412. ასე რომ, ლოცვას და სიმშვიდეს თუ არ ახლავს გულის დამდაბლება, გული უფრო მეტად ბნელდება და ეშმაკი სასოწარკვეთილებით ეპატრონება. მას. ჭეშმარიტი სიმდაბლე ლოცვაა, უფლისათვის მინდობაა. გულის დამდაბლება ლოცვის დროს ხდება და ბევრი კეთილი შედეგი აქვს. ანონიმი ისიხასტი( დაყუდებული) ბერი ასე აღწერს ამ სულის მხსნელ ქმედებას: "დაიმდაბლე, მონაზონო, გული ლოცვით, რათა სატანის ძალა სამუდამოდ "შეიმუსროს" შენს გულში ... როგორც ადამიანს ეშინია გაცეცხლებული რკინის ხელით შეხება, ასევე ეშინია ეშმაკს დამდაბლებული გულისა, რადგან სიმდაბლე თავზე ამსხვრევს მის ცბიერებას. თუ დაუმდაბლებელ გულში ეშმაკისეული წარმოსახვა აღმოჩნდა, ის ღრმად ჩაიბეჭდება, მაგრამ დამდაბლებულ გულში ოცნებას ადგილი არა აქვს. დამდაბლებული გულიდან გარბის ყოველგვარი სატანური ცბიერება, იწვის ეშმაკეული ქმედება...
დაიმდაბლე გული ლოცვით, რათა შეიმუსროს ცოდვა შენი გულიდან. ეშმაკმა დაინახა ლოცვით დამდაბლებული გული, მას გაახსენდა კაცობრიობის გამოსახსნელად ჯვარცმული ქრისტეს ჭრილობები და შეეშინდა. ეშმაკის შემმუსვრელი დამდაბლებული გულით, სიყვარულით აღსავსე გამარჯვებული შეხვალ უფლის სასუფეველში. დაიმდაბლე გული ლოცვით, რომ დაიკუწოს უთვალავ ნაწილებად შენი მაცდუნებელი სატანა"413.
გულის დამდაბლების გასაგებად გულის ტკივილზე ვილაპარაკოთ. (ვგულისხმობთ, რა თქმა უნდა, სულიერი გულის ტკივილს). ტკივილს სწორედ სულიერი გული განიცდის. თუ ეს ღვთის მადლისგან მომდინარეობს, მას ტრაგიკული შედეგი ხორციელი გულისთვის არ ექნება, ეს ნიშნავს, რომ როცა სულიერი გული სინანულით მდაბლდება, იგლოვს, გახარებული სევდიანობს და ხორციელი გული მიჰყვება ამ ბუნებრივ პროცესს, მაშინ ამ უკანასკნელს საფრთხე არ ემუქრება. ასეთ შემთხვევებში კარდიოლოგები სნეულების ნიშანს ვერ პოულობენ, რადგანაც სულიერი გულის ტკივილი არ ასნეულებს ხორციელ გულს. გულის ტკივილი აუცილებელია, რადგან მის გარეშე "ყალბი და ამაო" იქნება უმკაცრესი ღვაწლიც"414. სულიერი ცხოვრებისთვის მარგებელი და საჭირო გულის ტკივილი არსებობს მაშინ, როცა ადამიანი ხორციელი საზრდოთი არ ნაყრდება. მარკოზ ასკეტი ამბობს; "ისე, როგორც მგელისა და ცხვრის შეჯვარებით ნაყოფი არ იბადება, ასევე ნაყროვანებისა და გულის ტკივილით არ ჩაისახება სათნოება"415. გულის ტკივილით ისახება ყველა სიკეთე. ქრისტიანული ცხოვრება კი ტკივილის გარეშე ყალბია.
გულის ხსნისათვის გულის ტკივილია საჭირო. "უნდა ვიცოდეთ, რომ ღვაწლის უტყუარი მაჩვენებელი და მისი მიღწევის ნიშანი ტკივილია, მწუხარება. უფრო ზუსტად, საკუთარი ცოდვილიანობის შეგრძნება, როცა მწუხარებით და ცრემლით ვეცემით იესო ქრისტეს წინაშე, ცოდვილი ქალის მსგავსად სვიმონ კეთროვნის სახლში (ბეთანიაში) მაცხოვარს ფეხები რომ მოსწმინდა ცრემლით", უტკივილო გულს ნაყოფი არა აქვს, რადგანაც, როგორც ისააკ ასური ამბობს: "ლოცვა ტკივილის გარეშე მკვდარი ნაყოფია უფლისთვის". გულის გლოვა და სხეულის ღვაწლი გამოაჩენენ სული წმიდის მადლს, რომელიც ყველა მორწმუნეს ეძლევა წმინდა ნათლობისას და ჩვენი უგულისხმობით და ღვთის მცნებების უგულებელყოფით ვნებებში იფარება. უფლის უსაზღვრო მოწყალების გამო კი მონანიებებისას კვლავ აღდგება. ნუ შედრკები ღვაწლის წინაშე, რათა არ განისაჯო უნაყოფობის გამო და არ გითხრას უფალმა "მოუღეთ მაგას ქანქარი" (მათ. 25. 28). ნებისმიერი ღვაწლი სულიერი და ხორციელი, თუ მას არ ახლავს ტკივილი, უნაყოფოა: "სასუფეველი ცათა იიძულების; და რომელი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათ. 11,.22). მრავალნი იღვწოდნენ დიდხანს, მაგრამ ტკივილის განცდის გარეშე არც წმინდა იყო და არც სული წმიდის მადლით მოსილი ამგვარი მოღვაწეობა. წინასწარმეტყველის სიტყვებით, თუკი ჩვენი თირკმელები არ შეიმუსრება, მძიმე მარხვის (შრომის) გამო, თუ ჩვენს გულში არ დაისადგურებს მწუხარება ცოდვების, ბილწი განცდების და აზრების გამო და მშობიარობის ტკივილის მსგავს ტკივილს არ შევიგრძნობთ, შეუძლებელია მხსნელი სულის დაბადება ჩვენს გულში, რადგან დაწერილია: "მრავალთა ჭირთა ჯერ არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმ. 14.22)416.
სულიერი გულის ტკივილს თუ განიცდის ხორციელი გული და მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით ვითარდება. ეს მდგომარეობა საჭიროა ჩვენი გადარჩენისთვის, რადგან გვეხმარება სულიერი ძალების მოკრებაში. ამ დროს გონება გულისკენ მიბრუნდება. სულიერი გულის ტკივილი გარკვეული თვალსაზრისით ტირილის გამომწვევი ჭრილობაა. წმინდა მამათა თხზულებებიდან ცნობილია, რომ ეს ჭრილობა მგრძნობიარე სხეულის ჭრილობაზე მეტია. გულის დამდაბლებისას ("შემუსვრისას") ადამიანი ფიზიკურ ტკივილზე ძლიერ ტკივილს განიცდის. სულიერი გულისტკივილი გამოუთქმელი ნეტარების მომნიჭებელიც არის.
საგულისხმოა თეოფანე დაყუდებულის სიტყვები ამგვარ ჭრილობაზე, რაც ზებუნებრივ ტკივილს წარმოშობს; "იზრუნეთ იმაზე, რომ თავში კი არ გქონდეთ ყურადღება, არამედ გულში და დარჩით გულში არა მარტო ლოცვის დროს, არამედ ყოველთვის. ეცადეთ გულში რაღაც ჭრილობა გქონდეთ... მუდმივი ღვაწლი ამას გამოასწორებს. არა აქვს მნიშვნელობა რომ ჰქვია ჭრილობა, ის ტკივილია, მწუხარება, ეს ჭრილობა ბუნებრივი ტკივილი არ არის. ის არ ემუქრება სიცოცხლეს. გულისმიერი ტრფობით და მათრობელი სიყვარულით მონანიებული სული ესწრაფვის ღვთაებრივთან შერწყმას, "უძღები შვილის" მსგავსად. არის ტკივილი ნათელი, სიტკბოება, საიდუმლო ჭვრეტა გამოუთქმელი, უფლის ნებასთან განუყოფელი შერწყმა ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე და უფალთან სიყვარულით საუბარი. ეს ჭრილობა სულის ყველა ძალას კრებს და ღმერთი ხედავს რა მის მისწაფებას, თხოვნას უსრულებს, მაშინ გულში ცვლილებები ხდება და ღვთაებრივი წესრიგი მყარდება"417.
იოანე სინელი საკუთარი გამოცდილების მიხედვით ამტკიცებს, რომ ზოგიერთები (ასკეტები) სულიერი გულის იმგვარ ტკივილს განიცდიდნენ, რომ ბაგეზე სისხლი სდიოდათ. "ვიხილე მე ვითმე თანა სრული იგი საზღვარი გლოვისა, რამეთუ ტკივილისგან გულისა მათისა, სისხლისა აღმოჰყრიდეს პირთა ცემითა მკერდისათა, და მომეხსენა სიტყვა იგი, რომელ იტყვის ვითარმედ: იგვემა ვითარცა თივა და განხმა გული ჩემი"418.
ტკივილის გამოვლინება ცრემლთა დენაა. უფალი ეუბნება მტირალთ: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნნენ" (მათ. 5,4).
ამგვარად, უფლის წინაშე ცრემლთა დენა ქრისტეს მცნების მიხედვით ხდება. ცრემლი ცხოვრების წესია. თუკი ცხოვრების წესს ვუწოდებთ მონანიებას და გლოვას, იგივე შეიძლება ვთქვათ ცრემლზეც, რომელიც "შემუსვრილი გულიდან" მოედინება. აქვე შევნიშნავთ, რომ არსებობს გულის ცრემლი და ხორციელი ცრემლი. გულში ხშირად მოედინება ცრემლის ნაკადი. სულიერი ცხოვრებით მოღვაწე ასკეტი (მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით მცხოვრები) ხშირად "აიძულებს" გულს, რომ იტიროს. გულის ცრემლები ზოგჯერ ვლინდება, ბევრჯერ კი ფარულია. ვნახოთ რა მნიშვნელობა აქვს ცრემლს. წმინდანები ქრისტიანებს ტირილისკენ მოუწოდებენ, რადგან ამ დროს გული იწმინდება და მგრძნობიარე ხდება, თავისუფლდება უხეშობისაგან. წმინდა ისააკი ამბობს: "ღაწვები დაისველე ცრემლებით". "მარიამისა და მართასგან ვისწავლოთ "ცრემლის ხმა"419. წმინდა ნილოსი გვასწავლის, პირველ რიგში ვილოცოთ იმისთვის, რომ ცრემლი გვდიოდეს "უპირველეს ყოვლისა, ილოცე, რომ ცრემლთა დენა შეძლო", "ცრემლი საჭიროა ყველა ჩვენი თხოვნის შესასრულებლად"420.
ცრემლს დიდი ღირსება აქვს. საყურადღებოა ცრემლის შესახებ წმინდა მამათა მოსაზრებები. მათ თავად გამოსცადეს ტირილიანი ღვაწლი.. ცრემლი ნათლობაა: "წყარონი ცრემლთანი უდიდეს ნათლისღებისა არიან, შემდგომად ნათლისღებისა; დაღაცათუ კადნიერ არს სიტყვა ესე"421.
ცრემლი ადამიანის ხელახლა შობის ნიშანია. ამბა პიმენის სიტყვებით, "ცრემლი არის გზა, რომელიც წმინდა წერილით და წმინდა მამებისაგან გადმოგვეცა, ისინი ამბობდნენ: იტირეთ, სხვა გზა არ არსებობს"422. ეს გზა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცხოვრების წესია. საკუთარ თავს ვერ შევიცნობთ უცრემლოდ. თუკი ჩვენს ცოდვილიანობას შევიცნობთ, (რაც ჩვენში ღვთიური მადლის არსებობაზე მეტყველებს) თვითგანსჯის და თვითშემეცნების მადლს თუ ვეზიარებით, მაშინვე ცრემლი წამოგვივა. "რადგან ვერავინ ვერ დატოვებს თავის მიცვალებულს და სხვისას ვერ იტირებს"423.
ცრემლი მაჩვენებელია იმისა, რომ ქრისტე შეეხო ადამიანის თვალებს და გონებრივად მომწიფდა"424. სულის თვალებს ახელს ცრემლი წმინდა. არსენის სწავლებით, ვინც აქ (ამქვეყნად) ტირის თვით ნებით, არ იტირებს იმქვეყნად" და პირიქით, ვინც აქ არ ტირის, `მარადიულად იტირებს იქ"425.
სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, რომელსაც ცრემლების ღმრთისმეტყველს უწოდებენ, ამბობს, რომ ცრემლი სიცოცხლის ნიშანია. დედის საშოდან გამოსული ჩვილი ტირის, რაც მის დაბადებას გვაუწყებს. იგივე ეხება სულიერ დაბადებას. ცრემლი ხელახლა შობის ნიშანია. თუ ჩვილი არ იტირებს, ე.ი ის მკვდარი დაიბადა. ტირილი ცრემლით თანსდევს ადამიანურ ბუნებას დაბადებიდან"426. სვიმონ ღმრთისმეტყველი ამ სიტყვებს ამბობს იმიტომ, რომ მის ეპოქაში არსებობდა ასეთი აზრი: ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველას არ შეუძლია ტირილი, მაგრამ ეს ასე არ არის. თეოლოგი წერს: საჭმელი და სასმელი აუცილებელია სხეულისთვის, ასე სჭირდება ცრემლი სულს. ვინც არ ტირის ყოველდღე "შიმშილი ასუსტებს სულს"427. როცა ადამიანი მოიპოვებს სიბეჯითეს, მოთმინებას, მორჩილებასა და ღვთისადმი სიყვარულს, მაშინ "გაქვავებული სული ცრემლის ნაკადად გადაიქცევა"428. იქვე შენიშნავს ღმრთისმეტყველი, რომ ზრდასრულ ასაკში მონათლული ადამიანები ტიროდნენ არა "ტკივილისგან გამოწვეული ცრემლით, არამედ სული წმინდის ზემოქმედებით, თაფლზე უტკბესი ცრემლით, ასე უმტკივნეულოდ მოედინებოდა თვალებიდან ცრემლი"429. ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელია, რომ ცრემლი საჭიროა ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის და ის არის სულის საზრდო. ცხადია ისიც, რომ არსებობს მრავალნაირი ცრემლი. ამ საკითხზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას.
ნიკიტა სტითატი წერს: "მონანიებისას სხვა ცრემლი სდის ადამიანს, ღვთიური სიმშვიდის დროს კი - სხვა. პირველ შემთხვევაში ნაკადად მოედინება და რეცხავს ცოდვებს, მეორე ცრემლი კი მინდორზე მოსულ წვიმას ჰგავს და ბალახზე დადებულ თოვლს "რაც ბალახს ასაზრდოებს"430. წმინდა ღმრთისმეტყველი აგრძელებს, რომ ცრემლი ხან გულისტკივილს იწვევს, ხან კი სიხარულს. სინანულის ცრემლები ტკივილს წარმოშობენ, განწმენდილი გულის ცრემლი კი, როცა გული ვნებებისგან დაცულია, ნეტარების მომგვრელია431. თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ღვთის შიშით და ღვთიური სიყვარულით (ἔρωτος) გადმოდენილ ცრემლზე432.
ცრემლს ბევრი შედეგი მოჰყვება. ისინი ადამიანის გულს ცოდვის სიბილწისგან განწმენდენ და შემდეგ გაანათლებენ მას. მამები გვასწავლიან, რომ ეშმაკი ადამიანის სულში აღბეჭდავს ცოდვის სახეებს, თვითონ კი უჩინარდება. ცოდვის ეს ხატი ნადგურდება ცრემლით. ცრემლი განბანს გულის საუნჯეს. ანუ ცრემლით განიბანება ცოდვა. ამბა პიმენი გვასწავლის, რომ "ცოდვისგან განთავისუფლების მსურველმა უნდა იტიროს"433. წმინდანი მოგვაგონებს "ვიტიროთ ღვთის წინაშე ტკივილით იქამდე, სანამ არ მოგვიძღვნის თავის წყალობას"434. ამიტომ, სადაც არსებობს ტირილი, იქ ავი სიტყვის ნაკვალევი არ არის"435. მართლაც, დამტკიცებულია ეკლესიის გამოცდილებით, რომ როგორც წყალი რეცხავს ნივთებს, ასე ცრემლს შეუძლია განწმინდოს ცოდვები"436. "ცრემლის წყალობით მოდის სული წმინდა და დაივანებს გულში, განგვწმენდს, ბოროტის სიბილწისგან გვათავისუფლებს"437. ცრემლი განწმენდს და ანათლებს სულს. სინანულით ღვთის მადლი აშუქებს ადამიანის გულს. უსაზღვრო წუხილს სასოება მოსდევს. ცრემლით მიიღწევა გულის უბიწოება, სუფთა გული კი გაბრწყინდება. "გაბრწყინება გამოუთქმელი ქმედებაა, გაუცნობიერებლად შესამეცნებელი და უხილავად სახილველი". ქრისტეს "ნეტარებათა" მიხედვით ტირილს მოაქვს ნუგეშისცემა. ნუგეშისცემა "არის სნეული სულის განსვენება... შეწევნა მწუხარე სულის განახლებაა, სულისა, რომელიც სასწაულებრივად გადააქცევს ტკივილის ცრემლებს სიხარულად438.
ნიკიტა სტითატი გვასწავლის, რომ ადამიანი თავისი შესაძლებლობით ვერ მიემსგავსება უფალს "თუ ის უწინ ცრემლთა ნაკადით არ განბანს ცოდვას და არ შეუდგება ღვთის მცნებათა აღსრულებას". ამგვარად ის თავისუფლდება "უსახურობისგან" (ἀμορφία) და შეუძლია ღვთიური დიდება იგემოს.
წმინდა მამები მაცდუნებელ ცრემლზე წერენ. ზოგჯერ ცრემლი შეიძლება ეშმაკისგან მომდინარეობდეს. თუ ადამიანი ტირის და შემდეგ ამაყობს, ცდება. ამიტომ მამები გვასწავლიან, ნუ ვიამაყებთ თუ ჩვენს ლოცვას ცრემლები მოჰყვება. "ნუ ქედმაღლობ, ლოცვისას, თუ აგეტირება"439 არავინ არ უნდა ფიქრობდეს, რომ სხვებზე აღმატებულია. ცრემლი ვნებებისგან განმწმენდელია, ამ მიზანს თუ დავივიწყებთ, შეიძლება გავგიჟდეთ კიდეც. "მრავალნი ცოდვებზე ტირილის დროს ივიწყებდნენ ცრემლის მიზანს და ცდუნდებოდნენ (ჭკუიდან იშლებოდნენ ან გზას სცდებოდნენ)"440.
მრავალნაირი ცრემლი არსებობს. თანაგრძნობის, ეგოისტური, სატანური, ღვთიური და ა.შ. ჩვენ უნდა ვიღვაწოთ მარტო იმისთვის მაინც, რომ თანაგრძნობის ცრემლი გვქონდეს. ეკლესიის მამები ცრემლთა დენას გვასწავლიან. თუნდაც ცრემლში ეგოიზმის ელემენტი იყოს, მან შეიძლება სახე იცვალოს და წვლილი შეიტანოს ცხონებაში. თვითგანსჯით, თუ ჩვენ ყურადღებას ჩვენივე თავისკენ მივმართავთ. ჩვენს ცოდვებზე ვიფიქრებთ, შევწყვეტთ საუბარს სხვებთან და დავიწყებთ ლაპარაკს ღმერთთან, შევიგრძნობთ საკუთარ უძლურებას.
დარწმუნებული ვარ, ხშირ შემთხვევაში ადამიანთა მძიმე მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ არ შეუძლიათ ტირილი. ჩვენ არ ვტირით. ამიტომ, როცა სირთულეებით დატვირთული ვართ, დაძაბული გვაქვს ნერვები, შინაგანი სამყარო დაცლილი, მაშინ უნდა განვსაჯოთ საკუთარი თავი და ვიტიროთ. ამგვარი მცდელობისას უფალი მადლს მოგვიძღვნის. ასე რომ, ცრემლები ცხოვრების წესად გვექცევა და გული ვნებებისგან განიწმინდება. სინანული, ტირილი, "შემუსვრა" მჭიდროდ უკავშირდება ცეცხლს, რომელიც გულში იბადება. სინანული საგრძნობი ხდება, როცა სული წმინდა ცეცხლს ანთებს. ამ ცეცხლის შესახებ ამბობს უფალი: "ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს რაჲთა აწვე აღეგზნეს" (ლუკ. 12.49). გულთან ქრისტეს მიახლებით, შეხებით, ვნებათა არსებობის შემთხვევაშიც გული აენთება. ეს ის მწველი ცეცხლია, რაც ემმაოსკენ მიმავალმა მოწაფეებმა შეიგრძნეს: "არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმნებდა ჩუენ წიგნთა?" (ლუკ. 24.32).
ცეცხლი რომ გაანადგურებს გულის ვნებებს, სინათლედ იქცევა. პავლე მოციქული, რომელსაც ამგვარი გამოცდილება ჰქონდა, ამბობს: "განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნენ ზრახვანი იგი გულთანი" (1 კორ. 4.5). ამავე გამოცდილებას პეტრე მოციქული გამოხატავს სიტყვებით: "ვიდრემდის დღე განათლდეს, და მნათობი აღმობრწყინდეს გულთა შინა თქუენთა" (2 პეტრ. 1.19).
თავდაპირველად გული ღვთის მადლს ცეცხლივით იღებს, ეს ცეცხლი წვავს ცოდვას და ვნებებს. შემდეგ კი, როცა ვნებები დაიწვება, ღვთიური მადლი სინათლედ ინთება და ჩვენს სულს ანათებს.
ეს სწავლება, რომ ჯერ ღვთის მადლი ცეცხლია და შემდეგ სინათლედ იქცევა, გვხვდება იოანე სინელის,,კლიმაქსში". "რომელთამე მორავიდეს ცეცხლი იგი წმიდა ზეცისა შესწვავს, ხოლო შესწვავს მათ ნაკლულევანებისათვის სიწმიდისა: და კვალად რომელთამე განანათლებს საზომისათვის სისრულისა, რამეთუ მასვე ცეცხლი შემწველცა, და ნათელგანმწმენდელცა ეწოდების, ამისთვისცა ვიეთნამე გამორავიდოდიან ლოცვისაგან, ვითარცა სახმილისაგან გამოვლენ განწმედილნნი ნივთისა მისგან ცოდვათასა; და სხვანი ვითარცა ნათლისაგან განათლებულნი და ზეციერთა სიმდაბლისათა და სიხარულითა შემოსილნი"441. ადამიანის გულთან ერთად ღვთიურ ცეცხლს, სხეულიც შეიგრძნობს. ისეთი გრძნობაა, თითქოს ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის კაცი. ეს მხსნელი განცდაა, რადგან ასეთი სინანული სულს კურნავს. მონანიების ცეცხლი რაც ძლიერად იგრძნობა, მით მეტია შესაძლებლობა უქმნელი სინათლის ხილვისა. პავლე მოციქულის სიტყვებით: "ღმერთი ჩუენი ცეცხლი განმლეველი არს" (ებრ. 12.29).
იოანე სინელი წერს: "ესე არს შრომა წინაშე ჩუენსა, რათა შემთვირდეს სიწმიდესა ჩუენსა ცეცხლი ღვთისა, რამეთუ მიერითგან არღარა არს ჩუენ შორის ბრძოლა ჩვეულებათა პირველთა, რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ-არს შემწველი ყოვლისა მხურვალებისა ბოროტისა და სიბნელისა და აღძვრისა ჩვეულებათა შინაგანთა და გარეგანთა, ხილულთა და უხილავთა"442. სინანული მადლის ქმედებაა, მაგრამ ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი ჭეშმარიტი სინანულის გაჩენას, ანუ ღვთის ცეცხლის ანთებას გულში. მთელი ასკეტური მოღვაწეობა ღვთიური და ადამიანური ნების სინერგიაა. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ვნებებისგან ვიწმინდებით "ნებაყოფლობითი შრომით ან არანებაყოფლობითი ტვირთით". ნებაყოფლობით შრომა ცრემლთა დენაა ღვთის წინაშე, ანუ სინანული, სინანულის ცეცხლის შეგრძნებაა. არანებაყოფლობითი ტვირთი კი განსაცდელები, რაც ჩვენს ცხოვრებაში გვხვდება. როცა ნებაყოფლობით საჭიროს აკეთებ, არანებაყოფლობითის ქმნა არ არის საჭირო"443. სწორედ ამიტომ უნდა ვიღვაწოთ, რათა სულში სინანული დაიბადოს, ღვთიური ცეცხლი აენთოს და განვთავისუფლდეთ არანებაყოფლობითი ტვირთისგან. სინანულის ცეცხლი და მისგან მომდინარე სითბო გულში უნდა შევინახოთ. ეშმაკს ისე ეშინია ცრემლით მცხოვრები მონაზვნისა, რომ არც კი უახლოვდება მას. წრფელი და ბრძენი მონაზონი არის "რომელმან მხურვალება თავისი დაიცვა დაუშრეტელად, ვიდრე დღემდე განსლვისა მისისა ხორცთაგან, და მარად დღე არა დასცხრა დართვად ცეცხლი ცეცხლისა ზედა, და სურვილი სურვილსა ზედა, მხურვალება მხურვალებასა ზედა, და მოსწრაფება მოსწრაფებასა ზედა"444. განწმენდილი ლოცვა იმ გულში იბადება, სადაც ცეცხლი ანთია. ჩვენი ლოცვით სათხოვარი უნდა იყოს ამ ცეცხლის აგზნება, ცეცხლისა, რომელიც ერთი მხრივ სწვავს ჩვენს ცოდვებს და ვნებებს და მეორე მხრივ გვასწავლის წრფელ ლოცვას". ეს კურთხეული ცეცხლი ჩვენს გულში რომ ენთება მადლის წყალობით, სინანულთან და ცრემლთან ერთად სულიერად აგვაღორძინებს. ამ ცეცხლის დახმარებით იცვლება მთელი შინაგანი მდგომარეობა და ფიზიკური ქმედებაც კი. თეოფანე დაყუდებული წერს: "როცა თქვენი გული ღვთიური სითბოთი თბება, მაშინ იწყება შინაგანი ცვლილება. ცეცხლი ყველაფერს გადაწვავს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სულის ქმნას (πνεοματοποίησις) იწყებს. ცეცხლის მოსვლამდე სულისქმნადობა არ დაიწყება, რაც არ უნდა ვეცადოთ. ე.ი. მთავარია ცეცხლის მოპოვება. ამისკენ მიმართეთ თქვენი ძალისხმევა. იცოდეთ, ცეცხლი არ გამოჩნდება, სანამ ვნებებს ძალა აქვთ. ვნება იგივეა, რაც ნესტი შეშისთვის. ნესტიანი შეშა არ იწვის. საჭიროა გარშემო გამომშრალი ხის ნაჭრები მოვუწყოთ და ცეცხლი წავუკიდოთ. ისინი გამოაშრობენ ნესტიან შეშას და მასაც გადასდებენ ცეცხლს. ასე ნელ-ნელა მოედება ალი. შეშა ჩვენი სულის ძალებია და სხეულის ქმედებები. ადამიანი სანამ თავის თავს ყურადღებას არ აქცევს, ნესტია ანუ ვნებებით სავსეა, ვიდრე ვნებები არ დათრგუნულა და ეწინააღმდეგებან სულიერ ცეცხლს. ვნებები სულსა და სხეულში გაივლიან, მოატყუებენ სულს შემეცნებას და თავისუფლებას და მეუფებენ მთლიანად ადამიანზე. ვნებები ეშმაკისგან მომდინარეობს, ამიტომ მათი საშუალებით ეშმაკი ბატონობს ადამიანზე და ეს უკანასკნელი ცდება ამ დროს, ჰგონია, რომ თვით არის საკუთარი სულისა და სხეულის განმგებელი.
გამომცემლობა ახალი ივერონის მიერ გამოცემული სერიის "საეკლესიო ბიბლიოთეკის" ტომები
I - ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა (გამოსაცემად მოამზადა, ახალქართულად გამართა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ)
იაკობ ხუცესი - წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი, დედოფლისაჲ
მარტვილობა წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელისა
იოანე საბანისძე - მარტვილობა წმინდა მოწამე აბო თბილელისა
ბასილი ზარზმელი - ცხოვრება წმინდა მოწამე სერაპიონ ზარზმელისა
გიორგი მერჩულე - ცხოვრება წმინდა გრიგოლ ხანცთელისა
II - წმიდა იოანე სინელი - კლემაქსი ანუ კიბე (თარგმანი წმიდა ექვთიმე მთაწმიდელისა, თანამედროვე ქართულ ენაზე ტექსტი გამართა ტატიანა ცომაიამ)
კიბე ანუ კლემაქსი
კლემაქსი ანუ კიბე (PDF)
III - ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმშობლისაჲ (ახალი, შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ)
ლოცვანი საცისკრონი
ძილად მისლვისა ლოცვანი
ლოცვანი შუვაღამისანი
ლოცვანი უწინარეს ზიარებისა
სამადლობელნი ლოცვანი შემდგომად საღმრთოჲსა ზიარებისა
ბრწყინვალე შვიდეულში წასაკითხი პასექის ჟამნი
ნაცვალად ღირსარსისა საკითხავნი საგალობელნი სრულიად წელიწადსა შინა
სხვადასხვა ლოცვანი
დაუჯდომელი ღმრთისმშობლისაჲ
IV - ფსალმუნნი (ახალი შესწორებული გამოცემა მოამზადა ედიშერ ჭელიძემ)
V - სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი. ბერძნულიდან თარგმნა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ)
წმ. ანტონი დიდი, წმ. ესაია განშორებული, ევაგრე მონაზონი, წმ. კასიანე რომაელი
წმ. მარკოზ განშორებული, წმ. ევსუქი ხუცესი
VI - მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან (თარგმნა ტატიანა ცომაიამ)
მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან
VII - ევსები კესარიელი - საეკლესიო ისტორია
VIII - ელდარ ბუბულაშვილი - საქართველოს ეკლესიის სიწმინდენი
IX - მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი - მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია
X - თეოდორიტე კვირელი - საეკლესიო ისტორია (ძველი ბერძნულიდან თარგმნა, და კომენტარები დაურთო ზურაბ ჯაშმა)
წიგნი I წიგნი II წიგნი III წიგნი IV წიგნი V
XI - ვასილი ბოლოტოვი - ეკლესიის ისტორია მსოფლიო კრებების პერიოდში (რუსულიდან თარგმნა, წინათქმა და შენიშვნები დაურთო გიორგი გვასალიამ)
ეკლესიის ისტორია მსოფლიო კრებების პერიოდში
XII - წმინდა ამბროსი ოპტინელის ცხოვრება (რუსულიდან თარგმნა ერეკლე კვანჭიანმა)
წმინდა ამბროსი ოპტინელის ცხოვრება
XIII - წმინდა აბბა დოროთე - სულის სასარგებლო სწავლანი (თარგმანი წმიდა ექვთიმე ათონელისა, თანამედროვე ქართულ ენაზე ტექსტი გამართა ტატიანა ცომაიამ)
სულის სასარგებლო სწავლანი
XIV - წმინდა პალადი ჰელენოპოლელი - ლავსაიკონი (ეფრემ მცირისეული თარგმანის კრიტიკული ტექსტი დაადგინა, თანამედროვე ქართულ ენაზე გადმოიღო, შესავალი და შენიშვნები დაურთო ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან მამასახლისმა.)
ლავსაიკონი
XV - სოკრატე სქოლასტიკოსი – საეკლესიო ისტორია (ძველი ბერძნულიდან თარგმნა, და კომენტარები დაურთო ზურაბ ჯაშმა)
საეკლესიო ისტორია
XVI - დეკანოზი ვასილი ზენკოვსკი – აღზრდის პრობლემები ქრისტიანული ანთროპოლოგიის შუქზე (რუსულიდან თარგმნა ნათია ორმოცაძემ)
აღზრდის პრობლემები ქრისტიანული ანთროპოლოგიის შუქზე
XVII - ალექსი ლებედევი – მსოფლიო საეკლესიო კრებების ისტორია (რუსულიდან თარგმნა, წინათქმა და შენიშვნები დაურთო გიორგი გვასალიამ)
მსოფლიო საეკლესიო კრებების ისტორია
XVIII - წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი – უხილავი ბრძოლა (ბერძნულიდან თარგმნა ეკა დუღაშვილმა)
უხილავი ბრძოლა
უხილავი ბრძოლა (PDF)
ქართლის ცხოვრება (ახალქართულად)
ტომი I – ლეონტი მროველი; ჯუანშერი
ტომი II – მატიანე ქართლისა; ცხოვრება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისა
ტომი III – ცხოვრება წმინდა მეფე თამარისა; ახალი ქართლის ცხოვრება
ტომი IV – ვახუშტი ბატონიშვილი – საქართველოს სამეფოს აღწერა (ნაწილი I)
ტომი V – ვახუშტი ბატონიშვილი – საქართველოს სამეფოს აღწერა (ნაწილი II)
საეკლესიო ისტორიის მეათე წიგნი შეიცავს შემდეგს:
I. ღვთისგან ჩვენთვის ბოძებული მშვიდობის შესახებ.
II. ეკლესიათა აღდგენის შესახებ.
III. ყველა ადგილზე [წარმოებულ] განახლებათა შესახებ.
IV. შესხმითი სიტყვა სასიხარულო მოვლენების გამო.
ეკლესიათა აგებასთან დაკავშირებით წარმოთქმული შესხმითი სიტყვა, მიძღვნილი ტვიროსელთა ეპისკოპოს პავლინესადმი.
V. ქრისტიანებთან დაკავშირებით საიმპერიო კანონების ასლები.
ასლი სხვა საიმპერიო დადგენილებისა, რომელიც ასევე იქნა შექმნილი, და აღნიშნავს, რომ ძღვენი მხოლოდ კათოლიკე ეკლესიას უნდა მიეცეს.
ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს ეპისკოპოსთა სინოდის რომში გამართვას ეკლესიათა ერთობისა და ერთსულოვნების გამო.
ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს, მეორედ გაიმართოს სინოდი ეპისკოპოსთა ყოველგვარი გათიშულობის აღმოფხვრის გამო.
VI. სასულიერო პირთა საზოგადოებრივი სამსახურისაგან განთავისუფლების შესახებ (ასლი საიმპერიო ეპისტოლის, რომლის მეშვეობით ეკლესიებს ებოძება ფული).
VII. მოგვიანებით ლიკინიუსის ბოროტმოქმედებისა და მისი დაღუპვის შესახებ (ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს, ეკლესიების წინამდგომლები განთავისუფლებულ იქნან ყოველგვარი საზოგადოებრივი ვალდებულებისაგან).
VIII. კონსტანტინეს გამარჯვებისა და იმ წყალობათა შესახებ, რაც მის მიერ გაცემულ იქნა რომაელთა ძალაუფლების ქვეშევრდომთათვის.
I
მადლი ღმერთს, ყოვლიერების მეუფესა და ყოვლისმპყრობელს ყველაფრისთვის, ყველაზე დიდი მადლობა ჩვენი სულების მაცხოვარსა და გამომსყიდველს, იესო ქრისტეს, რომლის მეშვეობით ყოველთვის ვლოცულობთ გარედან და გონებაში შფოთისაგან ჩვენი სიმშვიდის მტკიცედ და შეურყევლად დაცვისათვის. ლოცვებთან ერთად ეკლესიის ისტორიის გონებით გავნლილ ნაწილს დავუმატებთ მეათე ტომს, და ამას შენ მოგიძღვნით, ჩემთვის უწმინდესო პავლინე[1], შენ მოგიხმობ როგორც მთელი ამ ნაშრომის ბეჭედს; და რიცხვით სრულში შესაბამისად ადგილობრივ ეკლესიათა აღდგენის სრულ შესხმით სიტყვას განვაწესებთ ღვთის სულის მორჩილნი ისე, როგორც გვიბრძანებს: "უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა; რამეთუ საკვირველი საქმეები ქმნა: იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმინდა მკლავმა. უფალმა ცნობილი გახადა მისი ხსნა, ხალხების წინაშე გააცხადა მისი სიმართლე" (ფს. 98, 1‑2).
და აი, წინასწარმეტყველებათა ბრძანების შესაბამისად აწ ახალ სიმღერას შემოვძახებთ, რადგან ამ საშინელი და ბნელი სანახაობებისა და ამბების შემდეგ ახლა ასეთი სანახაობისა და შესხმის ღირსი გავხდით, რაც ჩვენამდე მრავალ მართალს და ღვთის მოწამეს გულით ეწადა, ეხილა მიწაზე და ვერ იხილა, მოესმინა და ვერ მოისმინა (შდრ. მათ. 13, 17). მაგრამ მათ მთელი მოსწრაფებით ჰპოვეს გაცილებით უკეთესი თვით ცაში და სამოთხეში, და ღვთიური განცხრომით წარტაცებულ იქნენ. ჩვენ კი ვაღიარებთ, რომ ეს მოვლენები უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ; ზეაღმატებულად ვართ განცვიფრებული ამ დიდი საბოძვარის მიზეზის მადლით, გვიკვირს მისი და მთელი სულის ძალით სათანადოდ თაყვანს ვცემთ და აღწერილი წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებას დავამოწმებთ, რომელთა მეშვეობით ნათქვამია: "მოდით და იხილეთ უფლის საქმეები, რა სასაწაულებიც ქმნა მან დედამიწაზე, შეწყვიტა ომები დედამიწის კიდეებამდე. მშვილდს დაამტვრევს და საჭურველს შემუსრავს, და ფარებს ცეცხლით დაწვავს" (ფს. 46, 8‑9). განვაგრძობთ თხრობას მოხარულნი იმით, რომ ეს სიტყვები ჩვენზე აღსრულდა.
ზემოხსენებული გზით გაუჩინარდა ღვთისმოძულეთა მთელი მოდგმა და ადამიანთა პირისაგან ერთბაშად აღიგავა, ისე რომ კვლავ აღსრულდა ღვთის სიტყვა, რომელიც ამბობს: "ვნახე უღმერთო ამაღლებული და აღზევებული როგორიც ლიბანის ნაძვები და გავიარე, და, აჰა, აღარ იყო, და ვეძებე მისი ადგილი, და არა იპოვა" (ფს. 36, 35‑37). და აწ ნათელმა და გასხივოსნებულმა დღემ, მას შემდეგ, რაც მას აღარ ჩრდილავს ღრუბლები, ციური სინათლის სხივებით მთელ მსოფლიოში განაბრწყინა ქრისტეს ეკლესიები. ჩვენი კრებულის გარეთ მყოფთაც არ ჰქონიათ შური, და ჩვენთან ერთად, თუ თანასწორად არა, მაინც სარგებლობდნენ ღვთისგან ჩვენდამი ბოძებული გადმოღვრისა და წილმქონეობისაგან.
II
ყველა ადამიანი იყო თავისუფალი ტირანების ძალაუფლებისაგან. და პირვანდელი ბოროტებებისაგან გამოხსნილი, თითოეული მათგანი თავისებურად აღიარებდა ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ღვთისმოსავთა გამო მებრძოლს. მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ, რომლებიც ღვთის ქრისტეზე ვამყარებთ იმედებს, გვქონდა ენითაუწერელი სიხარული და ღვთიური რამ მხიარულება ყვაოდა ყველა ადგილას, რომლებიც მცირე ხნის წინ ტირანების უღმერთობით იყო დანგრეული, და როგორც დიდი და სასიკვდილო დაზიანებისაგან აღდგენილი და კვლავ საძირკვლიდან უსაზღვრო სიმაღლემდე აღმართული ტაძრები გაცილებით ძლიერ ბრწყინავდა, ვიდრე ისინი, რომლებიც ძველად დაანგრიეს.
და იმპერატორებიც, ყველაზე უზენაესნი, ქრისტიანების გამო ერთი მეორეზე მიყოლებით კანონების გამოცემით უფრო მეტად და დიდად განამტკიცებდნენ ჩვენდამი ღვთის დიდ საბოძვარს; და ეპისკოპოსებიც გამუდმებით ღებულობდნენ იმპერატორისაგან პირად წერილებს, პატივს და ფულს. მათგან ურიგო არ იქნება, ამ ნაშრომში, როგორც წმინდა ფილაზე, წიგნში თავის დროზე ჩავწერო ლათინურიდან ბერძნულ ენაზე გადმოთარგმნილი სიტყვები, რათა ჩვენს შემდეგ ყველასათვის ხსოვნის მეშვეობით იქნას შემონახული.
III
ამის შემდეგ წარმოგვიდგა სანახაობა, რისთვისაც ჩვენ ყველა ვლოცულობდით და რასაც ძლიერ ვესწრაფოდით: განახლებათა დღესასწაულები ქალაქებში და ახლად აგებული სამლოცველოების კურთხევები, ეპისკოპოსთა ერთად შეკრებები, შორიდან უცხო ქვეყნებიდან მოსულთა თავყრილობები, ერთი მრევლის მეორესადმი კეთილგანწყობა, ქრისტეს სხეულის ასოების ერთ ჰარმონიად შეკრებილთა ერთობა. მომავლის საიდუმლოდ მომასწავებელი წინასწარმეტყველის სიტყვის თანახმად ძვალი ძვალს უერთდებოდა და სახსარი სახსარს, და ყველაფერი, რასაც წინასწარმეტყველური სიტყვა იგავების მეშვეობით უტყუარად მოასწავებდა (შდრ. ეზეკ. 37, 7‑10). ერთი იყო ყველა ასოს გავლით გავრცელებული ღვთიური სულის ძალა; და ყველას ერთი სული ჰქონდა და სარწმუნოების ერთიდაიგივე მოშურნეობა; და ყველასგან ერთი საგალობელი განადიდებდა ღმერთს. წინამძღვრები სრულად მსახურობდნენ, მღვდლები მღვდელმოქმედებდნენ და აღასრულებდნენ ეკლესიის ღვთივშვენიერ წესებს ასე ფსალმუნების გალობითა და დანარჩენი ღვთისგან ჩვენთვის გადმოცემული სიტყვების მოსმენით, საღვთო და საიდუმლო მსახურების აღსრულებით; და [წარმოდგენილი] იყო მაცხოვრის ვნებების გამოუთქმელი სიმბოლოები. ერთობლივად ყველა ასაკის მამაკაცი და ქალი გონების მთელი ძალით მლოცველი და მადლიერების შემწირველი გონებითა და სულით სიკეთეთა მიზეზს, ღმერთს მიაგებდა პატივს.
იქ დამსწრე [ეკლესიის] მმართველთაგან ყველა წარმოთქვამდა შესხმით სიტყვებს, როგორიც თითოეულს შეეძლო, და შთააგონებდა საყოველთაო ზეიმს.
IV
და ერთი კაცი ზომიერად ნიჭიერი[2], ვისაც შედგენილი ჰქონდა სიტყვა, გამოვიდა შუაში. და როდესაც მწყემსების უმრავლესობა იქ იმყოფებოდა და დუმილითა და წესრიგის დაცვით ყურადღებას მიაპყრობდა, საეკლესიო კრებაზე პირადად ერთი ყველაფერში საუკეთესო და ღვთისსათნო ეპისკოპოსის მიმართ, ვისი მოშურნეობით და მონდომებით ტვიროსში აიგო ფინიკიაში განსაკურებით მშვენიერი ტაძარი, წარმოთქვა შემდეგი სიტყვა:
ეკლესიათა აგებასთან დაკავშირებით წარმოთქმული შესხმითი სიტყვა, მიძღვნილი ტვიროსელთა ეპისკოპოს პავლინესადმი
ღვთის მოყვასნო და მღვდელნო, რომელთაც გმოსავთ წმინდა პოდირი და დიდების ციური გვირგვინი, ღვთიური ცხება და სულიწმინდის სამღვდელო შესამოსელი; და ღვთის წმინდა ტაძრის ახალგაზრდა სიამაყევ, მოხუცის სიბრძნით ღვთისგან პატივდებულო, ნორჩი და მწვერვალამდე ასული სათნოების უხვი საქმეებითა და ქმედებებით წარმოჩენილო, ვისაც თვით მთელი ქვეყნიერების მომცველმა ღმერთმა ქრისტესთვის მის მხოლოდშობილ და პირმშო სიტყვისთვის, და მისი წმინდა და ღვთივშვენიერი სძლისთვის დედამიწაზე სახლის აგებისა და აღდგენის გამორჩეული პატივი მიანიჭა. ზოგი ისურვებს, გიწოდოს ან ახალი ბესელიელი, საღვთო კარვის ამგები, ან სოლომონი, ახალი და გაცილებით უკეთესი იერუსალიმის მეფე, ან ახალი ზორობაბელი, ღვთის ტაძრის პირველზე გაცილებით მეტი დიდებით შემმოსავი; და ასევე თქვენც, ქრისტეს სამღვდელო ფარის ცხვრებო, კეთილ სიტყვათა საკურთხეველო, გონიერების სასწავლებელო, ღვთისმოსაობის სიწმინდევ და ღვთის სათნო პირთა სასმენელო: ძველად, როდესაც საღვთო წერილისგან ამოკითხულ ღვთის სასწაულებრივ ნიშნებს და ადამიანებისადმი უფლის საკვირველ ქველმოქმედებებს ვისმენდით, შეგვეძლო ღვთისადმი აღგვევლინა საგალობლები და ოდები, და გვეთქვა განსწავლულებს: "ღმერთო, ჩვენი ყურებით გვესმა, ჩვენმა მამებმა გვამცნეს ჩვენ საქმე, რაც გააკეთე მათ დღეებში, ძველ დღეებში" (ფს. 44, 1). მაგრამ ახლა არც მოსმენით, არც სიტყვების წარმოთქმით აღვიქვამთ ყოვლად კეთილისა და ყოველთა მეუფის, ჩვენი ღმერთის მაღლიდან გამოწვდილ მკლავს და ციურ მარჯვენას; საქმეებით, როგორც იტყვიან, და საკუთარი თვალებით ვხედავთ ძველად მეხსიერებით გადმოცემულ სარწმუნო და ჭეშმარიტ [ამბებს]. გამარჯვების მეორე სიმღერა უნდა ვიმღეროთ, ხმამაღლა შემოვძახოთ და ვთქვათ: "რაც გვესმა, იმას კიდევაც ვხედავთ ძალთა უფლის ქალაქში, ჩვენი ღმერთის ქალაქში" (ფს. 48, 8). რომელ ქალაქში, თუ არა ამ ახლად აშენებულ, და ღვთისგან შექმნილში, "რომელიც არის ცოცხალი ღმერთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე", რის შესახებაც სხვა რამ საღვთო წინასწარმეტყველება ასე ახარებს: "დიდებული ითქვა შენს შესახებ, ღვთის ქალაქო" (ფს. 86, 3)? მასში შეგვკრიბა ჩვენ ყოვლად კეთილმა ღმერთმა მისი მხოლოდშობილის მადლით, და თითოეულმა მოწვეულმა იგალობოს, არა მხოლოდ იგალობოს, არამედ შესძახოს და თქვას: "გამიხარდა ჩემს მიმართ ნათქვამი: "უფლის სახლში წავიდეთ" და "უფალო, შევიყვარე შენი სახლის მშვენიერება და შენი დიდების დამკვიდრების ადგილი" (ფს. 121, 1; 25, 8). და არა მხოლოდ თითოეულმა ცალ-ცალკე, არამედ ყველამ ერთად ერთი სულითა და ერთი სამშვინველით პატივი მივაგოთ და განვადიდოთ, და ვთქვათ: "დიდ არს უფალი და ძლიერ ქებულ, ჩვენი ღმერთის ქალაქში მის წმინდა მთაზე" (ფს. 47, 2). და ჭეშმარიტად დიდია იგი ადამიანთა ძეებთან და დიდია მისი სახლი, მაღალი, ფართო და სახილველად ლამაზი. დიდი არის უფალი მხოლო შემოქმედი საკვირველებათა, დიდი არის შემოქმედი, დიდ და გამოუკვლეველ, დიდებულ და ჯერარნახულ საქმეთა, რომელნიც ვერ აღირიცხებიან. დიდი არს დროთა და ჟამთა შემცვლელი, მეფეთა დამამხობელი და დამადგინებელი, გლახაკის მიწიდან აღმადგინებელი და ნაკელიდან ღარიბის წამომყენებელი (შდრ. დან. 2, 21; ფს. 113, 7). "დასცა ძლიერები ტახტებიდან და აამაღლა გლახაკნი მიწიდან. მწყურვალენი სიკეთით აღავსო, და ამპარტავანთა მკლავები შემუსრა" (ლუკ. 1. 52‑53). არა მხოლოდ მორწმუნეებისთვის, არამედ ურწმუნოებისთვისაც სარწმუნო ყო ძველ თხრობათა ჩანაწერი, საკვირველმოქმედმა, დიდ საქმეთა მოქმედმა, ყოვლიერების მეუფემ, მთელი ქვეყნიერების შემოქმედმა, ყოვლისმპყრობელმა, ყოვლადკეთილმა, ერთმა და მხოლო ღმერთმა, ვისაც ვუმღერით ახალ სიმღერას, გარდა ამისა გვესმის: "საკვირველებათა ერთადერთ შემოქმედს, რამეთუ საუკუნოდ არის წყალობა მისი ... დიდი მეფეების განმგმირავს ... და ძლიერი მეფეების მკვლელს; რამეთუ საუკუნოდ არის წყალობა მისი... რამეთუ ჩვენს სიმდაბლეში გაგვიხსენა... და გამოგვისყიდა ჩვენს მტერთაგან" (ფს. 98, 1; 136, 4.17; 18, 23‑24).
"არასოდეს დავცხრებით ამ სიტყვებით ყოვლიერების მამის განდიდებისაგან. მაგრამ ჩვენს სიკეთეთა მეორე მიზეზს, ღვთისმცოდნეობაში შემყვანს, ღვთისმოსაობის ჭეშმარიტ მოძღვარს, უღმერთოთა დამღუპველს, ტირანების მკვლელს, ცხოვრების გამომასწორებელს, ჩვენ სასოწარკვეთილთა მაცხოვარს იესოს ჩვენი პირით მივაგოთ პატივი; რადგან მან ერთადერთმა, როგორც ყოვლად კეთილი მამის ერთადერთ ყოვლადკეთილ შვილად მყოფმა, მამისეული კაცთმოყვარეობის განზრახვით მეტად გულმოდგინედ შეიმოსა ჩვენი, სადღაც ქვემოთ ხრწნილებაში მდებარეთა ბუნება ისე, როგორც რომელიმე საუკეთესო მკურნალი სნეულთა გადარჩენის გულისთვის "ხედავს საშინელებებს და მაინც ეხება საძაგლობებს, და სხვისი უბედურებებისთვის თვითონ იმკის მწუხარებას"*. არა მხოლოდ სნეულნი, არც საშინელი წყლულებით და დამპალი იარებით დატანჯულნი, არამედ მიცვალებულთა შორის მდებარენი ჩვენ თვით სიკვდილის წიაღიდან თვითონ საკუთარი თავით გამოგვიხსნა; რადგან ცაში სხვას არავის ჰქონდა ასეთი ძალა, რათა ესოდენ მრავალთა დაუზიანებლად გამოხსნისათვის ემსახურა. მხოლოდ იგი თვითონ შეეხო ჩვენი ხრწნილების მძიმე ვნებებს, მხოლოდ მან დაითმინა ჩვენი ტანჯვები, მხოლოდ მან აიღო ჩვენი უღმერთოებების სასჯელი, არა ნახევრად მკვდრების, არამედ მთლიანად საფლავებსა და სამარხებში [მდებარენი] საძაგელნი და აყროლებულნი აღადგინა; და ძველადაც და ახლაც კაცთმოყვარე მოშურნეობით ნებისმიერის, თვით ჩვენი იმედის საპირისპიროდ გვიხსნა, და სიკეთეთა მამის უშურველობა გადმოგვცა ცხოველმყოფელმა, ნათელმყვანებელმა, ჩვენმა დიდმა მკურნალმა, მეფემ და უფალმა, ღვთის ქრისტემ. მაგრამ იმ დროს, როდესაც უწმინდურ დემონთა საცთურით და ღვთისმოძულე სულთა მოქმედებებით ადამიანთა მთელ მოდგმას ბნელ ღამესა და ღრმა წყვდიადში ჩამარხულს [ხედავდა], მხოლოდ იგი გაცხადდა და როგორც ცვილი დნება მისი სინათლის სხივებით, ისე დახსნა ჩვენი უღმერთოებების ბორკილთა ჯაჭვები. (შდრ. ფს. 58,8).
"ახლა კი ესოდენი მადლისა და ქველმოქმედების გამო ბრაზით გამსკდარმა მშვენიერების მოძულე შურმა და უკეთურების მოყვარე დემონმა მთელი მისი მომაკვდინებელი ძალები დარაზმა ჩვენს წინააღმდეგ. პირველად გაცოფებული ძაღლის მსგავსად მისკენ ნასროლ ქვებს კბილებით ღრღნიდა და მის განმდევნელთა წინააღმდეგ მრისხანება გადაჰქონდა ნასროლ უსულო საგნებზე, სამლოცველოების ქვებსა და სახლების უსულო მასალას მხეცური სიშლეგით ეკვეთებოდა და, როგორც თვითონ ეგონა, ეკლესიებს აუდაბურებდა. შემდეგ ზოგჯერ უღმერთო ტირანების მუქარებით, ზოგჯერ კი უღმერთო მმართველების ბრძანებულებებით საშინელ სტვენას და გველის მსგავს ხმებს უშვებდა; და ამასთან თავის სიკვდილს გადმოღვრიდა, და დამღუპველი და სულთა გამხრწნელი შხამებით მის მიერ შეპყრობილთ სულს უწამლავდა და კლავდა მკვდარი კერპების მომაკვდინებელი მსხვერპლშეწირვებით, - კაცის სახის მქონე ყველა მხეცი და ყველა სახის სისასტიკე აღძრა ჩვენს წინააღმდეგ.
მაგრამ კვლავ თავიდან დიდი თათბირის ანგელოზმა, ღვთის დიდმა მხედართმთავარმა, საკმარისი წვრთნის შემდეგ, რაც მისი სამეფოს უდიდესმა ჯარისკაცებმა ყველაფრის დათმენისა და სიმტკიცის გზით აჩვენეს, მეყსეულად ასე გამოცხადებით უჩინარი და არარსებული გახადა მტერი და მოწინააღმდეგე, ისე რომ არც ჩანდა, თუ იყო ოდესმე სახელდებული; ხოლო მისი მეგობრები და შინაურები ყოველივეს დიდების, არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ციური ძალებისაც, მზისა და მთვარის, და ვარსკვლავების, მთელი ცისა და ქვეყნიერების მიღმა დააწინაურა; ამგვარად, მოხდა ის, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა: ყოველთა უზენაესი იმპერატორები, რომლებიც გრძნობენ, რომ მისგან მიიღეს პატივი, მკვდარ კერპებს პირში აფურთხებენ, თელავენ დემონთა უკანონო კანონებს და მამებისგან გადმოცემულ ძველ ცთომილებას დასცინიან, ხოლო სცნობენ ერთსა და მხოლო ღმერთს, ყოვლიერების მეუფედ აღიარებენ ყოველთა და მათ საზოგადო ქველმოქმედს, ქრისტეს, ღვთის შვილს, და ძეგლებზე მას მხსნელს უწოდებენ; მისი მართალი საქმეები და უღმერთოთა წინააღმდეგ გამარჯვება დედამიწაზე არსებულ ქალაქთა მეუფე ქალაქის შუაგულში საიმპერიო ნიშნებით წარუშლელი ხსოვნისათვის წააწერეს. ამგვარად საუკუნიდან მხოლო იესო ქრიტე, ჩვენი მაცხოვარი თვით დედმიწაზე ყველაზე აღზევებულთაგანაც არის აღიარებული არა როგორც ადამიანთა შორის ჩვეულებრივი მეფე, არამედ თაყვანის იცემება როგორც ყოვლიერების ღმერთის ნამდვილი შვილი და თვითონაც ღმერთი.
"და სამართლიანადაც. რადგან რომელ მეფეს მოუპოვებია ოდესმე ესოდენი სათნოება, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანების სმენა და ენა აღვსილია მისი სახელით? რომელ მეფეს, ასე ღვთისმოსავი და ბრძნული კანონების განმაწესებელს შესწევდა საკმარისი ძალა, რათა ისინი მიწის კიდეთაგან მთელი მსოფლიოს მწვერვალამდე ყველა ადამიანის მოსასმენად გამოექვეყნებია? ვინ დაარღვია უკულტურო ერების უკულტურო და ბარბაროსული ჩვეულებები მისი კულტურული და ყველაზე კაცთმოყვარე კანონებით? ვინ აჩვენა ზეადამიანური სათნოება, როდესაც ყველა მას ეომებოდა, ისე რომ დღითი-დღე იფურჩქნება და განახლდება მთელი მისი ცხოვრება? ვინ დააფუძნა ერი საუკუნიდან არ სმენილი, არა დედამიწის ერთ კუთხეში დამალული, არამედ მთელ მზისქვეშეთში [განვრცობილი]? ვინ შემოზღუდა ჯარისკაცები ღვთისმოსაობის საჭურველით ისე, რომ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ადამანტზე უფრო მტკიცე სული წარმოაჩინეს. რომელი მეფე იყო ესოდენი ძალაუფლების მქონე, რომ სიკვდილის შემდეგაც მიუძღოდა ჯარს, და მტრებზე გამარჯვების ძეგლებს დგამდა, და ყველა ადგილს, სოფელსა და ქალაქს, ბერძნულსა თუ ბარბაროსულს, მისი სამეფო სახლებისა და საღვთო ტაძრების სიწმინდეებით აღავსებდა, როგორც აღავსო ეს ტაძარი ამ მშვენიერი სამკაულებითა და საბოძვარებით? ჭეშმარიტად პატივსაცემი, დიდი, განცვიფრებისა და გაკვირვების ღირსია იგივე ეს საქმეები და არის როგორც ჩვენი მაცხოვრის სამეფოს ცხადი მტკიცებულებები; რადგან ახლაც, მან თქვა და იქმნა, მან ბრძანა და დაეფუძნა, რადგან რა შეძლებდა, რომ წინ აღდგომოდა ყოველთა მეუფესა და მმართველს, და თვით ღვთის სიტყვას? (ფს. 33, 9; 148, 5) ამ საკითხების ზედმიწევნით ჭვრეტასა და განმარტებას ცალკე მოცალეობა სჭირდება. მშრომელთა გულმოდგინებას არა ესოდენ დიდად და საუკეთესოდ მიიჩნევს იგი, ვისაც ღმერთს ვუწოდებთ, როდესაც უმზერს ყველა ჩვენგანისაგან შემდგარ სულიერ ტაძარს, და ზედამხედველობს ცოცხალი და მტკიცე ქვებისაგან ნაშენებ სახლს, კარგად და უსაფრთხოდ დაფუძნებულს მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, მაშინ როცა ქვაკუთხედი არის თვით იესო ქრისტე, რომელიც უარყვეს არა მხოლოდ ძველის და იმ უკვე აღარ არსებული [შენობის], არამედ ჯერ კიდევ ახლაც მრავალი ადამიანის შენობის ბოროტ საქმეთა ბოროტმა მშენებლებმა; მაგრამ მოიწონა მამამ, და მაშინაც და ახლაც ამ ჩვენი საერთო ეკლესიის კუთხის თავში დააფუძნა. ეს ცოცხალი ღვთის თვით ჩვენგან შემზადებული ცოცხალი ტაძარი, ვგულისხმობ უდიდეს და ჭეშმარიტი სიტყვით ღვთივშვენიერ საკურთხეველს, რომლის ყველაზე შიდა წმინდა ადგილი მრავალთათვის უხილავია, ნამდვილად წმინდაა და წმინდათა წმინდა, - რომელი მისი მხილველი გაბედავს მის აღწერას? ვინ შეძლებს მის გარშემო არსებული ტაძრის შენობების შიგნით თვალის შევლებას, თუ არა მხოლოდ ყოვლიერების დიდი მღვდელმთავარი, რომლისთვისაც ერთადერთისთვის არის ნებადართული ყველა გონიერი სულის გამოუთქმელი [საიდუმლოებების] გულმოდგინედ კვლევა? მაგრამ შესაძლოა სხვისთვისაც, თანასწორთაგან მხოლოდ ერთისთვის არის მისაწვდომი მის შემდეგ მეორე ადგილის მოპოვება, მმართველისათვის, რომელიც მეთაურობს ამ ჯარს, რომელსაც თვით პირველმა და დიდმა მღვდელთმთავარმა სამღვდელო მსახურებების ამ მეორე ადგილით პატივი სცა, თქვენი ღვთიური სამწსოს მწყემსს, ვისაც მამის წილისყრითა და განსჯით ერგო თქვენი ერი. მან იგი დაადგინა როგორც თავისი მსახური და მისი ნების განმმარტებელი, როგორც ახალი აარონი ან მელქისედეკი, მიმსგავსებული ღვთის ძისადმი, მისგან დატოვებული და ხანგრძლივად დაცული ყველა თქვენგანის ერთობლივი ლოცვებით. პირველი და დიდი მღვდელმთავრის შემდეგ მხოლოდ მისთვის არის ნებადართული, თუ პირველ ადგილზე არა, მეორეზე მაინც ჩვენი სულების უშინაგანეს ჭვრეტათა ხილვა და ზედამხედველობა, რომელიც არის გამოცდილებითა და დროის ხანგრძლივობით თითოეულის ზედმიწევნით მკვლევარი, და მან თავისი გულისხმიერებითა და მზრუნველობით ყველა თქვენგანი ღვთისმოსაობის წესრიგისა და მოძღვრების მიმართ განაწყო, მას ყველაზე მეტად ძალუძს იმ საქმეების სწორი სიტყვა აგოს, რომლებიც წარმართა ღვთის ძალით. (ებრ. 13, 17 არაზუსტი ციტატა).
"ჩვენმა პირველმა და დიდმა მღვდელმთავარმა (ებრ. 4, 14) თქვა, რომ რასაც ხედავს, რომ მამა იქმს, მსგავსადვე მას ძეც იქმს (იოან. 5, 19). ასევე ესეც განწმენდილი გონების თვალებით უმზერს პირველს, როგორც მოძღვარს, და რასაც ხედავს, რომ იქმს, იყენებს როგორც პირველსახის ნიმუშებს, ყველაზე დიდი მსგავსებით ქმნის მათ ხატებს, როგორი ძალაც არის მასში; იგი არაფრით ჩამოუვარდება იმ ბესელიელს, რომელიც თვით ღმერთმა აღავსო სიბრძნისა და გონიერების, და სხვა ხელოვნებისა და მეცნიერების ცოდნის სულით (გამოს. 31, 2‑35, 30‑31), და მოუწოდა ყოფილიყო სიმბოლოების მეშვეობით ციურ სახეთა მატარებელი ტაძრის შემზადების შემოქმედი (ებრ. 8, 5). ამგვარად, იგიც ატარებდა თავის სულში მთლიანი ქრისტეს, სიტყვის, სიბრძნისა და სინათლის ხატს, და არავის ძალუძს, აღწეროს როგორი ამაღლებული სულით, ხვავიანი ხელით და გაცემის დაუკმაყოფილებელი სურვილით და ამასთან ყველა თქვენგანის როგორი მონდომებითა და შემომწირველთა დიდსულოვანი მეტოქეობით, - რომ არ ჩამორჩენოდნენ მის განზრახვას, - დააფუძნა უზენაესი ღმერთის დიდადშვენიერი ტაძარი, ბუნებით უფრო უკეთესი ნიმუშის მსგავსი, როგორც უხილავის ხილული [გამოხატულება]. და ეს ადგილი, რომელიც ღირსია ითქვას, რომ არის ყველაზე პირველი ადგილი, და მტრების განზრახვით ყველა უწმინდურობებით იყო დაფარული, არ უგულებელყო არც ამის მოქმედთა ბოროტებას დაუთმო, თუმცა, შეეძლო, სხვა ადგილას წასულიყო (ქალაქი ათასობით სხვა ადგილით იყო უზრუნველყოფილი) და ეპოვა შრომის შემსუბუქება და უსიამოვნებათაგან თავისუფლება. მაგრამ იგი პირველ რიგში თვითონ შეუდგა საქმეს, შემდეგ მთელი ხალხი გააძლიერა თავისი მოშურნეობით და ყველასაგან ერთი დიდი ხელი შეკრა, და პირველი შეტაკება გადაიტანა; მან ჩათვალა, რომ ის, რომელიც მტრების მიერ განსაკუთრებით განადგურებული იყო, ის, რომელიც ადრე დაიტანჯა და ჩვენამდე იგივე დევნულებები დაითმინა, რაც ჩვენ, და მსგავსად დედისა შვილებისგან გაუდაბურებულ იქნა, - ეს ეკლესია უნდა ზიარებოდა ყოვლადკეთილის დიდ საბოძვართ. რადგან მას შემდეგ, რაც დიდმა მწყემსმა განდევნა მხეცები, მგლები და ყველა სასტიკი და ველური მოდგმა და, როგორც საღვთო წერილი ამბობს, ლომის ეშვები შემუსრა (ფს. 58, 6), შვილები კვლავ ერთად შეკრების ღირსი გახადა, ყველაზე სამართლიანი იქნებოდა, რომ სამწყსოს ფარეხიც აღემართა "მტრისა და შურისმაძიებლის შესარცხვენად" (ფს. 8, 2), რათა უღმერთოთა ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები საქვეყნოდ ემხილებინა. ახლა კი აღარ არიან ეს ღვთისმოძულეები, რადგან არც იყვნენ; მაგრამ მცირე ხნით შექმნეს შფოთი და იქნენ შეშფოთებულნი, შემდეგ კი სამართლიანობას გადაუხადეს საკადრისი საზღაური, სრულიად დაღუპეს თავიანთი თავი, მეგობრები და შინაურები; ისე რომ ძველად წმინდა ფილებზე დაწერილი წინასწარმეტყველებები საქმეებით აწ სარწმუნოდ არის აღიარებული, მათი მეშვეობით საღვთო სიტყვა სხვა საქმეებსაც ჭეშმარიტად წარმოაჩენს, მათ შესახებ ცხადყოფს ამასაც: "ცოდვილებმა ამოიღეს მახვილი, მოზიდეს მათი მშვილდი გლახაკისა და უპოვარის დასაცემად, გულით წრფელის მოსაკლავად. მახვილი მათი შევიდეს მათ გულში და მშვილდი მათი შეიმუსროს" (ფს. 36, 14‑15). და კვლავ: "განადგურდა მათი ხსოვნა ხმასთან ერთად", და "მათი სახელი წაიშალა საუკუნოდ და უკუნითი უკუნისამდე" (ფს. 9, 5‑6), რადგან ბოროტ ყოფაში ჩავარდნილებმა "შეჰღაღადეს, და არ იყო მხსნელი; უფლის მიმართ, და არ შეისმინა მათი" (ფს. 17, 14), არამედ მათ "ერთად შეებორკათ ფეხები და დაეცნენ, ჩვენ კი ავდექით და წამოვიმართეთ" (ფს. 19, 8). და მათ შორის წინამოსწავებულის,- "უფალო, შენს ქალაქში მათი ხატი გაანადგურე" (ფს. 72, 20), - ჭეშმარიტება ყველას თვალწინ გაცხადდა.
"მაგრამ ასე დაიღუპნენ ბუმბერაზების ღვთისმბრძოლ გზაზე დამდგარი ადამიანები. გაუდაბურებული და ადამიანებისგან უგულებელყოფილის საღვთო მოთმინების დასასრული კი არის ისეთი, როგორსაც ვხედავთ, როგორც მოუხმობს მას ესაიას წინასწარმეტყველება შემდეგი სიტყვებით: "გიხაროდეს, მწყურვალე უდაბნოვ; მხიარულებდეს უდაბნო და ყვავოდეს როგორც შროშანი; და აყვავდება და იმხიარულებს უდაბური ადგილები... გაძლიერდით ჩამოშვებულო ხელებო და მოუძლურებულო მუხლებო. ნუგეშინისცემულ იყავით სულმოკლენო, გაძლიერდით, ნუ გეშინიათ. აჰა, ჩვენი ღმერთი მსჯავრს მიაგებს და მომავალშიც მიაგებს, იგი მოვა და გვიხსნის ჩვენ... რადგან", იგი ამბობს, "წყალი ამოხეთქავს უდაბნოში, და ნაკადები მწყურვალე მიწაზე, და უწყლო ადგილი ტბორი გახდება, და მწყურვალე მიწაზე წყლის წყარო გაჩნდა" (ეს. 35, 1‑4, 6‑7).
"და ეს ამბები ძველად ნაწინასწარმეტყველები სიტყვებით იქნა დაწერილი წმიდა წერილებში, მოვლენები კი ამიერიდან არათუ სმენით, არამედ თვით საქმეებით გადმოგვეცა ჩვენ. ეს უდაბნო, ეს უწყლო, დაქვრივებული და მშვიდი ადგილი, რომლის "კარიბჭე ცულებით დაჩეხეს როგორც შეშის ტყეში; ერთად ცულითა და წერაქვით შემუსრეს" (ფს. 73, 5‑7), რომლის წიგნები გაანადგურეს და ღვთის საკურთხეველი ცეცხლით დაწვეს, მიწაზე დაამხეს მისი სახელის კარავი; რომელსაც კრეფდა ყველა გზად მიმავალი, წინდაწინ ამსხვრევდნენ მის ბეჭდებს, რომელსაც ანადგურებდა ტყის ღორი და მარტოსული მხეცი ჭამდა (ფს. 79, 13‑14), - იგი ახლა ქრისტეს სასწაულებრივი ძალით, როდესაც მან ინება, გახდა როგორც შროშანი. ამავე დროს განისწავლებოდა მისივე წამისყოფით, როგორც მზრუნველი მამის მიერ. რადგან "ვინც უყვარს უფალს, განსწავლის, ყველა მის ძეს, რომელსაც ღებულობს, ამათრახებს" (ებრ. 12, 6). ზომიერად სათანადოდ გამოსწორების შემდეგ, კვლავ ზემოდან ებრძანა თავიდან დაეწყო მხიარულება და აყვავებულიყო როგორც შროშანი და ღვთიური კეთილსურნელება ყველა ადამიანისათვის მიებერა. რადგან, როგორც თქვა, ამოხეთქა უდაბნოში წყალმა, საღვთო კვლავშექმნის მაცხოვნებელი განბანვის ნაკადმა, და მცირე ხნის წინ უდაბნო ახლა ტბორად იქცა, და მწყურვალე მიწა ცოცხალი წყლის წყარომ მორწყა; და ჭეშმარიტად გაძლიერდა მანამდე ჩამოშვებული ხელები, და ამ ძლიერი ხელების საქმე არის ეს დიდი და ნათელი მტკიცებულებები.
და დიდი ხნის წინ მოუძლურებულმა და მოშვებულმა მუხლებმა დაიბრუნეს მათთვის ბუნებრივი სვლა, ღვთისმცოდნეობის გზაზე პირდაპირ მიაბიჯებენ, ყოვლადკეთილი მწყემსის სახლში მიეშურებიან (შდრ. იოან. 10, 16). და თუ ზოგიერთს ტირანთა მუქარებით სული გაუქვავდა, მაცხოვნებელ სიტყვას ისინი უმკურნალოდ არ დაეტოვებია, არამედ კარგად განკურნა ისინი, საღვთო ნუგეშისცემისაკენ აღძრა, და უთხრა: "ნუ გეშინიათ, გონებით სულმოკლენო, გაძლიერდით, არ შეშინდეთ" (ეს. 35, 6).
როდესაც სიტყვამ წინამოასწავა, რომ ის, ვინც ღვთის გამო გაუდაბურებული იყო, ამ [კურთხევით] უნდა დამტკბარიყო, ამ ჩვენმა ახალმა და მშვენიერმა ზორობაბელმა გონების მახვილი ყურით ისმინა ამ მწარე ტყვეობისა და გაუდაბურების სისაძაგლის შემდეგ; მან არ უგულებელყო დაცემული სხეული, უპირველს ყოვლისა ვედრებებითა და ლოცვებით ყველა თქვენგანის ზიარი ერთსულოვნებით გული მოულბო მამას; და მკვდართა ერთადერთი ცხოველმყოფელი თავის თანამებრძოლად და შემწედ მიიღო; დაცემული აღადგინა, ბოროტებათაგან განწმინდა და განკურნა, და შემოსა სამოსელით, არა დასაბამიდან მქონე ძველით, არამედ რომელიც კვლავ საღვთო წინასწარმეტყველებებისგან ისწავლა, როდესაც ასე ნათლად ამბობს: "და წინაზე აღმატებული იქნება" (ანგ. 2, 9).
"ამრიგად, მთელი ადგილი გაცილებით დიდი სივრცით შემოსაზღვრა**, საზღვარი გარედან ირგვლივ მთლიანად კედლებით გაამაგრა, რათა დაცვა ყველაზე უსაფრთხო ყოფილიყო. მან დააყენა კარიბჭე დიდი და ზე აღმართული თვით ამომავალი მზის სხივების შემხვედრად, რომელიც შიგნით [არსებულის] ხილვას წმინდა ზღუდეების გარეთ შორს მდგომთაც უშურველად ანიჭებდა; რწმენისაგან უცხოთა მზერას თითქოს პირველი შესასვლელებისაკენ მოაქცევდა, რათა ვინმეს გვერდით ისე არ ჩაევლო, რომ სული არ შემუსვროდა წინათ უდაბნოდ ქცეულის და აწ სასწაულებრივი საკვირველმოქმედების მოხსენიებით. ამით იმედოვნებდა, რომ სწრაფად მიიზიდავდა [სულით] შემუსრულს და მარტო მზერა მოაბრუნებდა მასში შესასვლელად. მაგრამ კარიბჭის შიგნით შემავალს მყისვე არ აძლევდა ნებას, რომ უწმინდური და განუბანველი ფეხებით წმიდათას შიგნით შესულიყო, ტაძარსა და პირველ შესასვლელს შორის დიდი ადგილი დატოვა, ირგვლივ ოთხი გარდიგარდმო აგებული კოლონადით შეამკო და ოთხკუთხა რამ ფორმის მქონე ადგილი შემოღობა, ყველა მხრიდან სვეტებით აზიდული. მათ შორის სივრცე შემოსაზღვრულია ხის ცხაურით, ზომიერად, სათანადო სიმაღლეზე აწეული; შუა წინკარი ღია დატოვა ცის სახილველად, - განათებული და სინათლის სხივებისთვის გამჭვირვალე ჰაერი მოგვანიჭა. აქ მოათავსა სამღვდელო განწმენდის სიმბოლოები, ტაძრის საპირისპირო მხარეს მოაწყო ნაკადულები, და წყლის დიდი ნაკადი წმიდათას შიგნით შემავალთ განბანვას სთავაზობს. და ეს არის შემავალთა პირველი შეყოვნება, მთელი ნაგებობისათვის ერთდროულად სამკაულიცა და ბრწყინვალებაც, და პირველი განსწავლის მსაჭიროებელთათვის ერთადერთი სათანადო ადგილის მბოძებელი.
"მაგრამ ამ სანახაობის გვერდით ჩავლისას, ტაძრისკენ მიმავალ გზას უფრო მრავალრიცხოვანი შიდა კარებებით ხსნიდა, მზის სხივებქვეშ ერთ მხარეზე ჩამოჰკიდა სამი კარი, რომელთაგან თითოეულს სიდიდითა და სიფართოვით აღემატებოდა შუაკარი, სპილენძთან რკინის შენაერთებითა და მრავალგვარი ჩუქურთმებით გამორჩეულად შემკული, რომელსაც სხვები ისე მიუერთა, როგორც დედოფალს - შუბოსნები. ამ სახით მთელი ტაძრის თითოეულ მხარეზე კარიბჭეთა რაოდენობის კოლონადები განალაგა; მეტი სინათლისათვის მათ თავზე მოიფიქრა სახლში შემავალი სხვადასხვა ღიობების გაკეთება, ხის ოსტატურად ნაკვეთი ჩუქურთმებით მათ გარშემო ჭრელი სამკაული შემოავლო.
"სამეფო სახლი*** მდიდრული და უხვი მასალებით განამტკიცა, უშურველი ხელგაშლილობით გაწია ხარჯი. აქ ვგონებ, ზედმეტია შენობის სიგრძისა და სიგანის აღწერა, სიტყვით გადმოცემა ამ სხივმფინავი მშვენიერებისა და სიტყვაზე აღმატებული სიდიადისა, ბრწყინვალე სახის ნამუშაკევის, სიმაღლისა, რომელიც ცას სწვდება, და მასზე ზემოდან დალაგებული ლიბანის ძვირფასი კედრების, რომელთა მოხსენიებას არ დაიდუმებს საღვთო წინასწარმეტყველება, და ამბობს: "გაიხარებს უფლის ხეები, და ლიბანის კედრები, რომლებიც დარგო" (ფს. 104, 16 ვარიანტული წაკითხვით).
"რა საჭიროა, ახლა ყოვლად ბრძნული და ოსტატური ნაგებობის, და მისი თითოეული ნაწილის ზეაღმატებული მშვენიერების ზედმიწევნითი განხილვით გადმოცემა, როდესაც თვალით ხილვის მოწმობა ახშობს სმენის გზით სწავლას? მაგრამ რადგან ასე სრულყო ტაძარი და [ეკლესიის] მეთაურთა პატივისთვის მთელი შენობა მაღალი საყდრებით, და ამას გარდა საკარცხულებით მოწესრიგებულად და შესაფერისად შეამკო, და ყველაფერთან ერთად წმიდათა წმიდა სამსხვერპლო შუაში განათავსა, და კვლავ ეს, მრავალთათვის რომ შეუვალი ყოფილიყო, ხელოვნების უაღრესად დახვეწილი ოსტატობით მორთული ხის ცხაურით შემოღობა, რათა მაყურებელთათვის საკვირველი სანახაობა მიენიჭებია.
"მაგრამ არც იატაკი დარჩა მის ზრუნვის გარეშე; და ესეც მარმარილოს ქვის ყველანაირი სამკაულით დიდად განაბრწყინა. და ბოლოს, ტაძრის გარეთ გადავიდა, თითოეულ მხარეს უდიდესი გალერეები და შენობები ააგო, დიდი ოსტატობით სამეფო სახლის გვერდებს შეუერთა და სახლის შუაში ღიობებს მიუერთა. ესენი ჩვენმა ყველაზე მშვიდმა სოლომონმა, ღვთის ტაძრის ამგებმა წყლისა და სულიწმინდის მეშვეობით განწმენდისა და სხურების მსაჭიროებელთათვის გააკეთა, ისე რომ არა სიტყვა, არამედ საქმედ იქცა ზემოთ ნათქვამი წინასწარმეტყველება. რადგან ახლაც იქმნა, როგორც არის ჭეშმარიტად, ამ სახლის უკანასკნელი დიდება წინაზე აღმატებული (ანგ. 2, 9).
"რამეთუ აუცილებელი და მართებული იყო, რომ მას შემდეგ, რაც მისმა მწყემსმა და მეუფემ მის გამო ერთხელ თავს იდო სიკვდილი, და ვნების შემდეგ სხეული, რომელიც მისი სიბინძურის გამო შეიმოსა, ბრწყინვალეზე და დიდებულზე გადაცვალა, თვითონ ხორცი ხრწნილებისგან გაანთავისუფლა და უხრწნელებისაკენ წარუძღვა მას, მსგავსადვე დამტკბარიყო მაცხოვრის განგებულების [ნაყოფით]. რადგან ბევრად უკეთესი აღთქმა მიიღო მისგან (იხ. ებრ. 11, 39‑40), ძლიერ ესწრაფვის უხრწნელი სხეულის აღდგომაში ნათლის ანგელოზთა დასთან ერთად თვით ქრისტე იესოსთან, ყოველთა ქველმოქმედთან და მაცხოვართან ერთად მომდევნო საუკუნეში კვლავშობის ბევრად დიდი დიდების მიღებას. მაგრამ რადგან დიდი ხნის განმავლობაში ქვრივი და უდაბნო აწ ღვთის მადლით ამ ყვავილებით შეიმოსა, ჭეშმარიტად შეიქნა ვითარცა შროშანი, რომელზეც წინასწარმეტყველებამ თქვა: და მიიღო სძლის სამოსელი და კეთილშვენიერების გვირგვინი დაიდგა (შდრ. ეს. 35, 1). რომელმაც ესაიას მეშვეობით ისწავლა როკვა და ღმერთს, მეუფეს ქების სიტყვებით, მადლიერების მსხვერპლით განადიდებს. ვისმინოთ მისი სიტყვები: "გაიხაროს სულმა ჩემმა უფლის მიმართ; რადგან შემმოსა ცხონების სამოსელი და სიხარულის მოსასხამი, და დამადგა გვირგვინი როგორც სიძესა და როგორც სძალი შემამკო სამკაულით. და როგორც მიწა ზრდის თავის ყვავილს, და როგორც ბაღს თავისი თესლი ამოყავს, ასე ამოიყვანა უფალმა, უფალმა სამართალი და სიხარული ყველა ერის წინაშე" (ეს. 61, 10‑11).
"ასე რომ, ამ [სიტყვებით] როკავს იგი. მაგრამ თუ რომელი [სიტყვებით] პასუხობს მას, სიძე, ციური სიტყვა, თვით იესო ქრისტე, ისმინე, როდესაც ამბობს უფალი: "ნუ გეშინია, რომ შერცხვი, ნუ იქცევ პირს, გაკიცხული რომ ხარ; რადგან დაივიწყებ საუკუნო სირცხვილს და შენი ქვრივობის გაკიცხვას აღარ გაიხსენებენ... არა როგორც ცოლი მიტოვებული და სულმდაბალი მოგიწოდა შენ უფალმა, არც როგორც ცოლი სიყმაწვილიდან შეძულებული, თქვა შენმა ღმერთმა. ცოტა ხნით დაგტოვე, და დიდი წყალობით შეგიწყალებ. მცირე გულისწყრომაში გარე მივაქციე პირი შენგან, და საუკუნო წყალობით შეგიწყალებ, გითხრა შენმა მხსნელმა უფალმა. აღდექ, აღდექ (ეს. 54, 4, 6‑8)... უფლის ხელიდან მისი გულისწყრომის სასმისის მსმელო; რადგან დაცემის სასმისი, ჩემი გულისწყრომის ფიალა, შესვი და გამოსცალე და არ გყავდა შენ ნუგეშისმცემელი ყველა შენს შვილთაგან, რომლებიც შობე და არ გყავდა შენი ხელის აღმპყრობელი … აჰა, მივიღე შენს ხელთაგან დაცემის სასმისი, ჩემი გულისწყრომის ფიალა; და მეტად აღარ შესვამ მას. და მივცემ მას მათ ხელებში, ვინც უსამართლოდ მოგექცა შენ და დაგამდაბლა... აღდექ, აღდექ, შეიმოსე ძალა, შეიმოსე შენი დიდება,…ჩამოიფერთხე მტვერი და აღდექ. დაჯექ... მოიხსენი ბორკილი შენი ქედის (ეს. 51, 17‑23; 52, 1‑2). ირგვლივ მოატარე შენი თვალები და იხილე შენი შვილები შეკრებილი. აჰა, შეიკრიბნენ და მოვიდნენ შენთან. როგორც მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალი, რომ ყველა მათგანით როგორც სამკაულით შემოსილი იქნები და მობლარდნული იქნები მათგან როგორც სიძის სამკაულით. რადგან შენი გაუდაბურებული, დანგრეული და დაცემული ადგილები შევიწროვდება მაცხოვრებელთაგან, და მოგშორდებიან შენ შენი მშთანთქმელები. რადგან ყურში გეტყვიან შენი შვილები, რომლებიც დაკარგე: "ვიწროა ჩემთვის ეს ადგილი, მომეცი ადგილი, რათა დავსახლდე", და იტყვი გულში: "ვინ მიშვა მე ესენი? მე ვარ უშვილო და ქვრივი, ესენი კი ვინ გამომიკვება? მე მარტო ვარ დარჩენილი, ესენი კი საიდან მყავს?" (ეს. 49, 18‑21).
"ეს იწინასწარმეტყველა ესაიამ, ჩვენს შესახებ ადრე ეს ჩაწერა წმინდა წიგნებში; მაგრამ საჭირო იყო ოდესმე მათი უტყუარობის როგორმე საქმეებით მიღება. მაგრამ როდესაც სიძემ, სიტყვამ, თავის სძალს, სამღვდელო და წმინდა ეკლესიას ასე მიმართა, შესაბამისად სიძის მეგობარმა**** ეს უდაბნო, ძირს დაგდებული, რომელიც ადამიანთათვის იმედს აღარ იძლეოდა, ყველა ჩვენგანის ერთობლივი ლოცვებით თვით თქვენი ხელები გაიწოდა, წამოაყენა და აღადგინა ღვთის, ყოველთა მეუფის წამისყოფითა და იესო ქრისტეს ძალის გამოცხადებით; და აღადგინა რა იგი, დაადგინა, როგორც ისწავლა წმინდა წინასწარმეტყველთა წერილთაგან.
"ეს არის ყველაზე დიდი საკვირველება და ყოველგვარი განცვიფრების უკიდურესი გამოვლინება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მხოლოდ გარეგნულ წარმოსახვას მიაპყრობს გონებას. საოცრებებზე უფრო საკვირველი არის მათი გონისმიერი პირმშო ხატები, პირველსახეები და ღვთივშვენიერი ნიმუშები, ვგულისხმობ ღვთივბოძებულ და გონისმიერი შენობის სულში განახლებას*****. ეს შენობა თვითონ ღვთის შვილმა თავის ხატის მიხედვით შექმნა და უბოძა უხრწნელი ბუნება, უსხეულო, გონისმიერი, ყოველგვარი მიწიერი ნივთისგან უცხო, თავის თავად გონიერი არსი. ოდესღაც არაარსისგან არსებობისთვის პირველად მისმა შემამტკიცებელმა თავისი თავისთვის და მამისთვის შექმნა წმინდა სძალი და ყოვლად სამღვდელო ტაძარი. აგრეთვე, თვითონ წარმოაჩინა იგი ნათლად, როდესაც აღიარა და თქვა: "დავიმკვიდრებ მათში და ვივლი მათში, და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი" (1 კორ. 6, 16). და ასეთი არის სრული და განწმენდილი სული, ამგვარად თავიდან შობილი, როგორც ციური სიტყვის ხატის მატარებელი.
"მაგრამ როდესაც ბოროტების მოყვარე დემონის არაკეთილმოსურნეობითა და შურით თავისუფალი არჩევანით ვნებისა და ბოროტების მოყვარე გახდა, ღმერთი განეშორა მას და მიტოვებულ იქნა მფარველისაგან, დიდი ხნის მანძილზე მისი მოშურნეებისათვის ადვილად შესაპყრობი და შეთქმულებისადმი იოლად დამთმობი გახდა, უხილავ მტერთა და გონისმიერ მებრძოლთა ქალაქის დამანგრეველი მოწყობილობებითა და მანქანებით ძირს დაეცა, საშინელი დაცემით დაეცა, ისე რომ [მისი] სათნოებისაგან ქვა ქვაზე აღარ დარჩა რომ მდგარიყო მასში, მთლიანად მიწაზე იწვა სრულიად მკვდარი, ღვთის შესახებ ბუნებით აზროვნებას ყოვლითურთ მოკლებული. თვით ეს ღვთის ხატის მიხედვით შემზადებული და დაცემული გაანადგურა არა ამ ტახმა ჩვენთან ხილული ტყიდან გამოსულმა, არამედ რომელიღაც განმხრწნელმა დემონმა და გონისმიერმა ველურმა მხეცებმა, რომლებმაც ვნებებით როგორც მათი ბოროტებისაგან ცეცხლწაკიდებული ისრებით აღაგზნეს იგი, ცეცხლში დაწვეს ჭეშმარიტად ღვთის საკურთხეველი და მიწაზე დასცეს მისი სახელის სამკვიდრებელი, შემდეგ მრავალი ნარიყით დამარხეს საბრალო, და ყოველგვარი ხსნის სასო წარუკვეთეს.
"მაგრამ მისმა მცველმა, ღვთივმბრწყინვალე სიტყვამ და მხსნელმა, მამის ყოვლად კეთილი კაცთმოყვარეობის მორჩილმა ცოდვების გამო საკადრისად დასჯილი კვლავ თავიდან აღადგინა. პირველ რიგში აირჩია უზენაეს იმპერატორთა სულები. ამ ყველაზე ღვთისსათნო კაცთა ხელით ურჯულო, ყოველთა დამღუპველ, თვით ამ საშინელ და ღვთისმოძულე ტირანთაგან გაწმინდა მთელი მსოფლიო. შემდეგ კი მისი მახლობელი კაცები, ძველთაგანვე ცხოვრების წესით მისთვის განწმენდილები, მისი დამცველობის საფარველით მძიმე უბედურებებში დაფარულები, სააშკარაოზე გამოიყვანა და მამის დიდი საბოძვრებით ღირსეულად მიაგო პატივი, და კვლავ მათი მეშვეობით ცოტა ხნის წინ სხვადასხვა ნივთისა და გროვისაგან, მათ თავს დატეხილი ურჯულო ბრძანებულებებისაგან დასვრილი სულები დასარტყამი წერაქვებით, [მისი] მოძღვრების სწავლებებით, განწმინდა და განბანა; ყველა თქვენგანის აზროვნების ალაგი მბრწყინავი და გასხივოსნებული გახდა, შემდეგ სამომავლოდ გადასცა ყოვლადბრძენ და ღვთისსათნო მმართველს. იგი სხვა [საქმეებითაც] განმსჯელი და კეთილგონიერი არის, და მისთვის ჩაბარებული სულების აზრთა კარგი გამომცნობი და განმსჯელი; როგორც იტყვიან, პირველი დღეებიდან აქამომდე მას ჯერ არ შეუწყვეტია შენება, ყველა თქვენგანში შეაერთებს ზოგჯერ მბრწყინავ ოქროს, ზოგჯერ გამოცდილ და განწმენდილ ვერცხლს, პატიოსან და ძვირფას ქვებს, ისე რომ ამ საქმეებით ჩვენს მიმართ კვლავ სრულყოფს წმინდა და საიდუმლო წინასწარმეტყველებას, რომლის მეშვეობით ნათქვამია: "აჰა, მე გავამზადე შენთვის შენი ლალის ქვა და შენი საძირკველი საფირონისა, და შენი ქონგურები იასპის, და შენი კარიბჭეები ბროლის ქვის, და შენი კედელი რჩეული ქვების, და ყველა შენი ძე - ღვთისგან განსწავლული და შენი შვილები - დიდ მშვიდობაში; და აღეშენები სამართლიანობაში" (ეს. 54, 11‑14).
"სამართლიანობით აღმშენებელმა ღირსების მიხედვით გაანაწილა მთელი ერის ძალები: ზოგიერთისთვის მხოლოდ გარეთა კედელი დაიცვა, და უცთომელი სარწმუნოების კედელი შემოავლო (ერში ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვისაც არ შეეძლო შენობის ტვირთვა), ზოგს კი, სრულიად ბუნებრივად ტაძრის კარიბჭეებად მიჩნეულთ, სახლის შესასვლელები ჩააბარა, კარებთან დააყენა შემომავალთა სვლის წარსამართავად; სხვები კი გარეთ ოთხკუთხედისაგან [წარმოქმნილი] გზის მახლობლად პირველ სვეტებთან განამტკიცა, ოთხი სახარების წერილის პირველ შეხებასთან მიიყვანა; ზოგიერთს კი ჯერ კიდევ კათაკმეველს, და ზრდასა და წინსვლაში მყოფს, შიგნით მყოფ მორწმუნეთა ღვთისმხილველობისგან არცთუ ძალიან დაშორებულს სამეფო სახლის მახლობლად თითოეული მხრიდან შეაუღლებს. მათგან ღებულობს წმინდა სულებს საღვთო განბანვით ოქროსებრ განწმენდილთ, და ზოგიერთ მათგანს წმინდა წერილის შინაგანი საიდუმლო მოძღვრებებისაგან გარეთაზე ბევრად აღმატებულ სვეტებთან დაამტკიცებს; სხვებს კი სინათლისკენ მიმართული ღიობებით განანათლებს. ერთი ყველაზე დიდი კარიბჭით, ყოველთა მეუფის ერთი და მხოლოდ ღმერთის დიდებისმეტყველებით, შეამკო მთელი ტაძარი, თითოეულ მხარეზე, ქრისტესა და სულიწმინდის მამის ხელმწიფური ძალაუფლების თითოეულ მხარეზე ქრისტესა და სულიწმინდის სინათლის მეორად ბრწყინვალებას გვანიჭებს. დანარჩენი ნაწილებიდანაც მთელი სახლის გავლით თითოეულ მათგანში წარმოაჩენს ჭეშმარიტების უშურველ და მეტად მრავალფეროვან სიცხადესა და სინათლეს, ყველგან და ყველაფრიდან ამოარჩევს ცოცხალ, გამტკიცებულ, მყარად შეკავშირებულ ქვებს სულისას, ყველაფრისგან შეამზადებს დიდ და სამეფო სახლს ბრწყინვალებითა და სინათლით აღსავსეს შიგნიდანაც და გარედანაც, რადგან არამხოლოდ სულსა და გონებას, არამედ მათ სხეულსაც სიწმინდისა და გონივრულობის მრავალყვავილოვანი სამკაულით ასხივოსნებს.
"ამ ტაძარში დგას საყდრები, ათასობით საკარცხული და სკამი, რამდენიც არის სული, რომელზეც სხდებიან საღვთო სულის ნიჭები, რომლებიც ძველადაც იხილვებოდა წმინდა მოციქულებთან და მათთან ერთად მყოფ პიროვნებებთან, რომლებსაც ეჩვენათ ცეცხლის მსგავსად განყოფილი ენები, თითოეულ მათგანზე რომ დაივანა. მაგრამ მასში, ვინც არის ყველას მმართველი, მართებულად დამკვიდრდა თვით მთელი ქრისტე, ხოლო მის შემდეგ მეორე [საფეხურზე] მდგომთ, რამდენსაც თითოეული იტევს, შესაბამისად დანაწილებული აქვთ ქრისტეს ძალისა და სულიწმინდისგან. საკარცხულები ასევე შეიძლება იყოს ანგელოზთათვის თითოეულის განსწავლისა და დაცვისათვის გადაცემული სულები. პატივსაცემი, დიდი და ერთადერთი სამსხვერპლო რა შეიძლება იყოს, თუ არა ყველას საერთო [სულის] მღვდლის უმწიკვლო და წმიდათა წმიდა? მის მარჯვენა მხარეს დგას ყოველთა დიდი მღვდელთმთავარი თვით იესო, ღვთის მხოლოდშობილი, რომელიც ყველასაგან კეთილსურნელოვან საკმეველსა და ლოცვების მეშვეობით უსისხლო და უნივთო მსხვერპლებს სიხარულით აღსავსე მზერით და ამობრუნებული ხელებით ღებულობს, და ციურ მამასა და ყოვლიერების ღმერთს უგზავნის; პირველად თვითონ სცემს თაყვანს და ერთადერთი ის მიაგებს მამას ღირსეულ პატივს, შემდეგ კი ითხოვს, რომ ყველა ჩვენგანისთვის მარად კეთილგანწყობილი და მოწყალე დარჩეს.
"ასეთი არის ეს დიდი ტაძარი, რომელიც მთელ მზისქვეშა მსოფლიოს ყოვლიერების დიდმა შემოქმედმა სიტყვამ შეამტკიცა, კვლავ თვითონ მან შექმნა ციურ თაღთა მიღმიერის ეს გონისმიერი ხატი დედამიწაზე, რათა მთელი ქმნილებისა და დედამიწაზე [მყოფი] მოაზროვნე და ცოცხალი [არსებების] მეშვეობით პატივცემული და სათაყვანებელი ყოფილიყო მისი მამა. მაგრამ ზეციური ადგილი და ეს აქ არსებულთა ნიმუშები, და ზენა ეგრეთ წოდებული იერუსალიმი და სიონის მთა, ცოცხალი ღმერთის ზეციური და ზექვეყნიური ქალაქი, რომელშიც ათასობით ანგელოზი და ეკლესია პირმშოთა, ცაში ჩაწერილთა, ხოტბას ასხამენ, გამოუთქმელი და ჩვენთვის შეუცნობელი ღვთისმეტყველებებით განადიდებენ მათ შემოქმედსა და ყოვლიერების მბრძანებელს. ვერცერთი მოკვდავი ვერ უგალობს მას ასე ღირსეულად, რადგან თვალს არ უხილავს და ყურს არ სმენია და ადამიანის გულში არ გაუვლია თვით ეს, რაც ღმერთმა მოამზადა მის მოყვარულთათვის (1 კორ. 2, 9). თუმცა მათგან ნაწილობრივ ღირსქმნილებმა, მამაკაცებმა ბავშვებთან და ქალებთან ერთად, მცირეთაც და დიდებმაც, ყველამ ერთად არ უნდა შევწყვიტოთ ერთი სულითა და ერთი სამშვინველით ჩვენთვის ესოდენ დიდ სიკეთეთა მიზეზის, ჩვენი ყველა ურჯულოებათა მიმტევებლის, ჩვენი ყველა სნეულების მკურნალის, ჩვენი სიცოცხლის ხრწნილებისაგან გამომსყიდველის, წყალობითა და თანალმობით ჩვენი დამაგვირგვინებლის, ჩვენი გულისთქმის სიკეთით აღმავსებლის აღსარება და განდიდება; რამეთუ არა ჩვენი ცოდვების მიხედვით გაგვიკეთა ჩვენ, არც ჩვენი ურჯულოებების მიხედვით მოგვაგო ჩვენ; რადგან რამდენადაც აღმოსავლეთი დაშორებულია დასავლეთისგან, განაშორა ჩვენგან ჩვენი ურჯულოებები. როგორც მამა იბრალებს თავის ძეთ, უფალმა შეიბრალა მისი მოშიშნი (ფს. 103, 3‑5, 10, 12, 13).
"ამას ახლაც და მომავალშიც ყოველთვის გავაცოცხლებთ ხსოვნაში, ამ საერთო კრების და ამ სასიხარულო და ბრწყინვალე დღეების მიზეზისა და კრების წარმმართველის დღე და ღამე, ყოველ საათსა და, როგორც იტყვიან, ყოველი ამოსუნთქვისას გონებაში მჭვრეტელნი, სულის მთელი ძალით მოყვარულნი და თაყვანისმცემელნი, ახლაც ავდგეთ ფეხზე და დიდი ხმით ვევედროთ, როგორი განწყობაც გვაქვს, რათა აღსასრულამდე დაგვიცვას და შეგვინახოს მის ფარეხში, დაგვაჯილდოვოს მისგან მომავალი შეუმუსრავი და ურყევი საუკუნო მშვიდობით ჩვენს მაცხოვარ ქრისტე იესოში, რომლის მიერ დიდება მას საუკუნეთა ყველა საუკუნეებამდე. ამინ".
------------------------------------------------------------------------
* ჰიპოკრატე, ბუნებათა შესახებ, 1 - მთარგ.
** ე.ი. ვიდრე ეკავა წინა ეკლესიას. აქ გადმოცემული ეს აღწერა არის უადრესი ცნობა, რასაც ვფლობთ ქრისტიანული ტაძრის სტრუქტურისა და აღჭურვილობის შესახებ - მთარგ.
*** ან როგორც ჩვენ ვიტყვით, "ბაზილიკა" - მთარგ.
**** პავლინე აქ აღწერილია როგორც მეგობარი სიძის (ქრისტესი), რომელიც შეეწევა სძალს (ეკლესიას), - მთარგ.
***** გულისხმობს იმას, რომ ეკლესიის აღდგენა არის საკვირველება, მაგრამ უფრო დიდი საკვირველებაა სულის აღდგენა, იმდენად რამდენადაც პირმშოხატი ან პირველსახე მატერიალურის არის სულიერი - მთარგ.
V
მოდით, ახლა გადმოვცემთ კონსტანტინესა და ლიკინიუსის საიმპერიო ბრძანებულებების[3] ლათინური ენიდან შესრულებულ თარგმანს.
ლათინური ენიდან თარგმნილი საიმპერიო ბრძანებულებების ასლი
"ჯერ კიდევ ძველი დროიდან თვალყურს ვადევნებთ, რომ მსახურების თავისუფლება არ იყოს უარყოფილი, არამედ თითოეულს მიცემული აქვს უფლება საკუთარი აზრითა და ნება-სურვილით საკუთარი არჩევანის მიხედვით ზრუნავდეს საღვთო საგნებზე, ბრძანება გავეცით, რომ ქრისტიანებსაც [და სხვებსაც თავისუფლების ნება მიეცეს]*, რომ დაიცვან თავიანთი არჩევანისა და მსახურების მრწამსი. მაგრამ რადგან ამ რესკრიპტში, რომელშიც მათ მიეცათ ასეთი უფლება, ცხადად ჩანს, დაემატა მრავალი სხვადასხვა პირობა; მოხდა ისე, რომ მათგან ზოგიერთი მალევე განვარდა ასეთი მფარველობის გარეთ.
"როდესაც მე, კონსტანტინე ავგუსტუსი, და მეც, ლიკინიუს ავგუსტუსი, მედიოლანში (მილანში - მთარგ.) ბედნიერად ჩავედით და ყველაფერი, რაც სახალხო სარგებელისა და საჭიროებისათვის მნიშვნელოვანი იყო, განვიხილეთ, სხვებთან ერთად ისიც, რაც მრავალთათვის სასარგებლო - უფრო კი უპირველესი - ჩანდა, გადავწყვიტეთ, გამოგვეცა ბრძანებულებები, რომლებიც დაიცავდა ღვთაების მიმართ პატივისცემასა და კრძალვას; ეს ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანებსაც და ყველას ვაძლევთ თავისუფალ არჩევანს, მისდიოს იმ მსახურებას, რომელსაც მოისურვებს, რათა შესაძლებელი იყოს, რაც რამ ღმრთეებისა და ციური ძალა არსებობს, კეთილად განეწყოს ჩვენსა და ყველა ჩვენი ძალაუფლების ქვეშ მყოფთა მიმართ. ასე რომ, ეს [ჩვენი] თათბირი საღი და ყველაზე მართებული მოსაზრებით განვაჩინეთ, რათა საერთოდ არავისთვის არ იყოს უარყოფილი უფლება, მისდიოს და აირჩიოს ქრისტიანთა წესი ან მსახურება, და ყოველ მათგანს მიეცეს უფლება, თავისი გონება მიუძღვნას იმ მსახურებას, რომელიც, როგორც თვითონ თვლის, მას მიესადაგება, რათა ღვთაებამ... ჩვენ ყველაფერში მოგვანიჭოს მისთვის ჩვეული მზრუნველობა და კეთილმშვენიერება. გვმართებდა, მოგვეწერა რესკრიპტი, თუ რა გვთნდა ჩვენ, რათა როდესაც სრულებით აღარ არის ის გარემოებები, რომლებსაც შეიცავდა შენი ღვთისმოსაობის მიმართ ქრისტიანების შესახებ გამოგზავნილი ჩვენი პირველი წერილები, და რომლებიც მივიჩნიეთ სრულიად უბადრუკად და ჩვენი სიმშვიდისათვის უცხოდ, ესენი განადგურებულ იქნას, და ახლა თითოეულმა მათგანმა, ვინც თავისი არჩევანით იცავს ქრისტიანთა მსახურებას, თავისუფლად და მარტივად რაიმე შეწუხების გარეშე დაიცვას იგი. რაც განვაჩინეთ შენი მზრუნველობისათვის ყველაზე სრულად განსამარტავად, რათა იცოდე, რომ ჩვენ თავისუფლება და შეუზღუდავი უფლება მივეცით ამავე ქრისტიანებს, იზრუნონ თავიანთ მსახურებაზე. ამიტომ რასაც ხედავ, რომ შეუზღუდავად აქვთ მათ ჩვენს მიერ მიცემული, შენი ღვთისმოსაობა მიხვდება, რომ მისცეს უფლება სხვებსაც, მსურველებს, მისდიონ თავიანთ შეხედულებებსა და მსახურებას, რაც, ცხადია, ჩვენი დროის მშვიდობას შეესატყვისება, რათა თითოეულს ჰქონდეს უფლება, აირჩიოს და იზრუნოს [ღვთაებაზე], რომელიც მას სურს. ეს ჩვენს მიერ იქნა გაკეთებული, რათა ჩვენს მიერ არცერთი პატივი, არც რაიმე მსახურება არ იქნას დამცირებულად მიჩნეული.
"და ამას, სხვასთან ერთად, გამორჩეულად განვაჩინებთ ქრისტიანებისათვის, რათა მათი ადგილები, სადაც შეკრება მათთვის უპირველესი ჩვეულება იყო, რომელთა შესახებ პირველად შენს ღვთისმოსაობას გადაეცა წერილებით ის [განკარგულება], რაც ადრე განისაზღვრა, [რათა] თუ ვინმე აღმოჩნდება, რომ ჩვენი ხაზინიდან ან სხვა რაიმედან ნაყიდი აქვს ეს ადგილები, ვერცხლისა და სხვა მოთხოვნილი ფასის გარეშე, ყოველგვარი გულგრილობისა და ორაზროვნების გარეშე, უკან დაუბრუნონ ამავე ქრისტიანებს, და თუ შემთხვევით ზოგიერთებმა საჩუქრად მიიღეს, იგივე ადგილები იმავე ქრისტიანებს დაუბრუნონ უსწრაფესად. ამრიგად, თუ ვინმემ იყიდა ეს ადგილები ან საჩუქრად მიიღო, ითხოვონ ჩვენი კეთილმშვენიერებისაგან, მივიდნენ ადგილობრივი [ოლქის] მსაჯულთან, პრეფექტთან, რათა მათთვისაც აღსრულდეს ჩვენი სიკეთის წინაგანგება. ყველაფერი ეს ქრისტიანთა ერთობას შენი მოშურნეობის მეშვეობით მყისვე, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს.
"და რადგან ამავე ქრისტიანებს არა მხოლოდ ის ადგილები აქვთ, სადაც ჩვევიათ შეკრება, არამედ ცნობილია, რომ სხვა ადგილებიც აქვთ მათგან არა ცალკეულ პირებს, არამედ მათი ერთობის, ე. ი. ქრისტიანების უფლებას; ბრძანებას გასცემ, რომ ყველა ეს ადგილი იმ კანონით, რომელიც ზემოთ გადმოვეცით, ყოველგვარი კამათის გარეშე დაუბრუნდეს ამავე ქრისტიანებს, ე. ი. [მათ] ერთობასა და კრებას. ცხადია ზემოხსენებული განზრახვის დაცვით ისინი, რომლებსაც ესენი ,როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საზღაურის გარეშე, დაუბრუნდა, ჩვენი კეთილმშვენიერებისაგან თავისი თავისთვის გამოსასყიდის მიღების იმედი ჰქონდეთ.
"ყველა ამ საქმეში გმართებს ყველაზე მეტი ძალაუფლების მოშურნეობით გამოყენება ქრისტიანთა ზემოხსენებული კრებულისთვის, რათა ჩვენი ბრძანება უსწრაფესად აღსრულდეს და ამით ჩვენი წყალობის მეშვეობით მოხდეს წინაგანგება საზოგადო და სახალხო მშვიდობისათვის. ამ გზით, როგორც ითქვა, მტკიცე დარჩეს ჩვენს მიმართ საღვთო მზრუნველობა, რომლის საქმეები უკვე ბევრ რამეში გამოვცადეთ**. იმისათვის, რომ ჩვენი ამ კანონმდებლობისა და კეთილმშვენიერების განჩინება ყველასათვის ცნობილი გახდეს, ყოველთვის გმართებს, შენი განკარგულებით ეს ჩვენს მიერ დაწერილი გამოქვეყნდეს ყველგან და ყველასათვის ცნობილი გახდეს, რათა ამ ჩვენი კეთილმშვენიერების მიერ შესრულებული კანონმდებლობა არავისთვის იყოს დაფარული.
------------------------------------------------------------------
* ზოგი სიტყვა ამოვარდნილია ტექსტიდან - მთარგ.
** ლათინური დედანი უჩვენებს, რომ ევსებიმ ზოგი სიტყვა გამოტოვა - მთარგ.
ასლი სხვა საიმპერიო დადგენილებისა, რომელიც ასევე იქნა შექმნილი, და აღნიშნავს, რომ ძღვენი მხოლოდ კათოლიკე ეკლესიას უნდა მიეცეს.
"გიხაროდეს, ანილინუს, ჩვენთვის ყველაზე პატივცემულო. ჩვენი სიკეთისმოყვარეობის სახე ეს არის, რომ ჩვენ გვსურს, ის, რაც უფლებით სხვას ეკუთვნის, არათუ არ დაზიანდეს, არამედ უკან დაუბრუნდეს კიდეც, ყველაზე პატივცემულო ანილინუს. ამიტომ გვსურს, რათა როდესაც ამ წერილს მიიღებ, თუ რაიმე ამათგან, რაც ქრისტიანთა კათოლიკე ეკლესიას ეკუთვნის ქალაქებსა ან სხვა ადგილებშიც [და] ახლა მოქალაქეების ან სხვების მიერ არის დაკავებული, მყისვე უკან დაუბრუნო იმავე ეკლესიებს; რადგან ჩვენს მიერ წინაგანსაზღვრულ იქნა ის, რომ რაც ამ ეკლესიებს ჰქონდათ წინათ, მათი უფლებით უკან დაუბრუნდეს. ამიტომ როდესაც შენი ღვთისმოსაობა ხვდება, რომ ჩვენი ამ ბრძანების დადგენილება ყველაზე ნათელი არის, დაეშურე, რომ ბაღები, თუ სახლები, თუ ნებისმიერი რამ, რაც უფლებით ეკუთვნის ამავე ეკლესიებს, ყველაფერი სწრაფად დაუბრუნდეს მათ, რათა გავიგოთ ჩვენი ამ დადგენილებისადმი შენს მიერ გამოჩენილი ყველაზე მზრუნველი მორჩილება. იყავ ძლიერი, ანილინუს, ყველაზე პატივცემულო და საწადელო".
ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს ეპისკოპოსთა სინოდის რომში გამართვას ეკლესიათა ერთობისა და ერთსულოვნების გამო[4].
"კონსტანტინე ავგუსტუსი რომაელთა ეპისკოპოს მილტიადეს და მარკოზს[5]. ამ სახის ქარტიები მრავალი გამომიგზავნა ანილინუსმა აფრიკის ყველაზე ბრწყინვალე პროკონსულმა. მათში გადმოცემულია, რომ ციცილიანეს, კართაგენის ქალაქის ეპისკოპოსს, აფრიკაში დადგინებული მისი ზოგიერთი კოლეგის მხრიდან ბევრ საქმეში ედება ბრალი; და ეს მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ იმ პროვინციებში, რომლებიც საღვთო წინაგანგებამ თავისი არჩევანით ჩემს ღვთისმოსაობას ჩააბარა, და სადაც არის ხალხის დიდი სიმრავლე, ბრბო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, წარმოიშვება განხეთქილება და ეპისკოპოსებს შორის უთანხმოებები. მე ვფიქრობ, რომ თვითონ ცეცილიანე ათ ეპისკოპოსთან ერთად, რომლებიც მას დამნაშავედ მიიჩნევენ და სხვა ათ [ეპისკოპოსთან] ერთად რომლებსაც თვითონ თავისი ნება-სურვილით საჭიროდ ჩათვლის, ხომალდით რომისკენ გამოემართოს, რათა იქ ჩემი თანდასწრებით, ასევე რეტიკიუსის, მატერნუსისა და მარინუსის[6] თანდასწრებით, რომლებსაც ამ საქმის გამო ნაბრძანები აქვთ, რომ მალე ჩამოვიდნენ რომში, შესაძლებელი იყოს მისი მოსმენა; როგორც, ალბათ, იცით, ეს თანხმობაშია ყველაზე წმინდა კანონთან. მაგრამ რათა ყველა ამ საქმის შესახებ უსრულესი ცოდნის მიღება შეძლოთ, ჩემს წერილებს დავურთე ანილინუსისგან ჩემთან გამოგზავნილი წერილების ასლები და თქვენს ზემოხსენებულ კოლეგებს გავუგზავნე. როდესაც შენი სიმტკიცე მათ წაიკითხავს, გადაწყვეტს ყველაზე ფრთხილად რა გზით უნდა განისაჯოს ზემოხსენებული საქმე, და სამართლიანად დასრულდეს; მაშინ როცა თქვენი მზრუნველობისათვის დაფარული არ არის, თუ როგორი პატივისცემით ვეპყრობი კანონიერ კათოლიკე ეკლესიას, მსურს, რომ რომელიმე ადგილზე საერთოდ არ დაუშვათ განხეთქილება ან გათიშულობა. დიდი ღმერთის ღმრთეებამ დაგიცვათ თქვენ მრავალ წელს, ყველაზე პატივცემულნო უფალნო.
ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს, მეორედ გაიმართოს სინოდი ეპისკოპოსთა ყოველგვარი გათიშულობის აღმოფხვრის გამო.
"კონსტანტინე ავგუსტუსი სირაკუზელთა ეპისკოპოს ქრესტოსს. ჯერ კიდევ ადრე, როდესაც ზოგიერთებმა სულმდაბლურად და უმართებულად დაიწყეს გამოყოფა წმინდა და ზეციური ძალის მსახურებისაგან და კათოლიკე რწმენისაგან, მსურდა მომეკვეთა მათი ასეთი უთანხმოებები, განკარგულება გავეცი, რომ გალიიდან გამოეგზავნათ ზოგიერთი ეპისკოპოსი, მაგრამ ასევე აფრიკიდან ჯიუტად და გამუდმებით მოპაექრე ურთიერთდაპირისპირებული მხარეებიდანაც უნდა მოეხმოთ; და შესაძლებელი ყოფილიყო ეს საკითხი, რომელიც ჩანს, რომ აღიძრა, მართებულად გადაწყვეტილიყო რომში ეპისკოპოსის თანდასწრებით, მათი ჩამოსვლისა და გულდასმით განხილვის შემდეგ. მაგრამ რადგანაც ისე მოხდა, რომ ზოგიერთებმა დაივიწყეს საკუთარი ცხონებაც და უწმინდესი სარწმუნოებისადმი სავალდებულო თაყვანისცემაც, ახლაც არ წყვეტენ პირად მტრობას, არ სურთ დაეთანხმონ უკვე გამოტანილ მსჯავრს და განაჩინებენ, რომ რამოდენიმე პიროვნებამ უკვე გამოთქვა თავისი აზრი და გადაწყვეტილება, ან რომ ყველა ეს უპირველეს ყოვლისა სათანადოდ გამოსაძიებელი საკითხი ზედმიწევნით არ იქნა გამოკვლეული და მსჯავრის გამოტანა ძალიან სწრაფად და უცაბედად მოხდა. და ამ ყველაფრიდან ის გამოვიდა, რომ ისინი რომლებსაც ძმურ თანხმობასა და ერთსულოვნებაში ყოფნა შეეფერებათ, სამარცხვინოდ, უფრო კი საძაგლურად განეყოფიან ერთმანეთს და ამ უწმინდესი მსახურებისაგან უცხო სულის მქონე ადამიანებს საბაბს აძლევენ, მასხრად აიგდონ იგი. ამიტომ ჩემი საზრუნავი გახდა, რომ ის, რაც უკვე გამოტანილი მსჯავრის შემდეგ ნებაყოფლობითი თანხმობით უნდა შეწყვეტილიყო, შესაძლოა, ახლა მრავალი პირის თანდასწრებით დასრულდება. ამიტომ რადგანაც ვბრძანე სხვადასხვა უამრავი ადგილიდან მრავალი ეპისკოპოსის ქალაქ არელატში (არლში - მთარგ.) აგვისტოს კალენდებისას შეკრება, ვიფიქრე შენთვის მომეწერა, რათა სიცილიის "კორექტორის"*, უბრწყინვალესი ლატრონიანუსისგან მიგეღო სახელმწიფო ეტლი, და შენ შემოგიერთდეს ვინმე ორი მეორე საყდარზე მსხდომთაგან**, რომლების ამორჩევასაც შენ თვითონ გადაწყვეტ; მაგრამ ასევე აიყვანე სამი მსახური, რომლებიც შეძლებენ გზაზე გემსახურონ, ამავე დღეს ჩამოდი ზემოხსენებულ ადგილას; ისე რომ შენი სიმტკიცისაგან და შეკრებილთაგანაც დანარჩენთა ერთსულოვანი და ერთაზროვანი კეთილგონიერების მეშვეობით ეს [დავა] (რაც ზოგიერთების სამარცხვინო კინკლაობის გამო აქამდე რჩება ცუდ მდგომარეობაში) მას შემდეგ, რაც მოსმენილ იქნება სიტყვა ყველა მათგანისა, ვინც ახლა ერთმანეთან უთანხმოებაში არიან, რომელთაც მსგავსადვე ვუბრძანეთ დასწრება, ალბათ, შესაძლებელი იქნება, ნელ-ნელა სათანადო მსახურებაში, სარწმუნოებასა და ძმურ ერთსულოვნებაში აღდგეს. ჯანმრთელად დაგიცვას ყოვლისმპყრობელმა ღმერთმა მრავალ წელს".
------------------------------------------------------------------
* მეოთხე საუკუნეში ეს იყო ზოგიერთი პროვინციის მმართველის ტიტული - მთარგ.
** ე.ი. ხუცესებისაგან - მთარგ.
VI
ასლი საიმპერიო ეპისტოლის, რომლის მეშვეობით ეკლესიებს ებოძება ფული.
"კონსტანტინე ავგუსტუსი კართაგენის ეპისკოპოს ცეცილიანეს. რადგანაც სათნო გვიჩნდა, რომ ყველა პროვინციაში, აფრიკაში, ნუმიდიასა და მავრიტანიაში, კანონიერი და უწმინდესი თაყვანისცემის მსახურებაზე დანიშნულ ზოგიერთ პირს სახარჯავად გადასცემოდა რაიმე [თანხა], წერილები გადავეცი ურსუსს, აფრიკის ყველაზე გამოჩენილ ფინანსების გამგებელს და განვუმარტე მას, რათა ეზრუნა და გადაეთვალა შენი სიმტკიცისათვის სამი ათასი ფოლისი. ამიტომ, როდესაც ფულის ზემოხსენებულ ოდენობას მიიღებ, ბრძანე, რომ ყველა ზემოხსენებულ პირს ჰოსიუსისგან[7] გამოგზავნილი სიის მიხედვით დაურიგო ეს ფული. მაგრამ თუ გაიგებ, რომ ყველა ამ პირთან დაკავშირებით ჩემი განზრახვის აღსრულებას რაიმე აკლია, რასაც საჭიროდ ჩათვლი, უეჭველად უნდა ითხოვო ჩვენი ქონების პროკურატორისაგან, ჰერაკლიდესგან; რადგან მაშინ, როცა ის აქ იყო, ვუბრძანე, რათა თუ შენი სიმტკიცე მისგან რაიმე ფულს ითხოვდა, ეზრუნა, უყოყმანოდ გადაეთვალა. და რადგანაც შევიტყვე, რომ ზოგიერთი დაუდგრომელი გონების მქონე ადამაინს უკეთური რამ სიყალბით სურს, რომ გარყვნას უწმინდესი და კათოლიკე ეკლესიის ერი; იცოდე, რომ მე ასეთი ბრძანება მივეცი პროკონსულ ანილინუსს და ასევე პრეფექტების ვიკარიუსს პატრიკიუსს, როცა ისინი აქ იმყოფებოდნენ, რომ ყველაფერ დანარჩენშიც და ამაშიც განსაკუთრებული, სათანადო ყურადღება გამოეჩინათ და ასეთი საქმე არ ყოფილიყო უგულებელყოფილი. ამიტომ, თუ ვინმე ასეთ ადამიანს ამ სიშლეგეში გაკერპებულს ნახავს, ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე მიდი ზემოხსენებულ მსაჯულებთან და ეს საქმე წარუდგინე, რათა ისინი მათ (როგორც მე ვუბრძანე მათი აქ ყოფნისას) მოაქციონ [ცთომილებისაგან]. დიდი ღმერთის ღმრთეებამ დაგიცვას შენ მრავალ წელს".
VII
ასლი საიმპერიო ეპისტოლისა, რომლის მეშვეობით ბრძანებს, ეკლესიების წინამდგომლები განთავისუფლებულ იქნან ყოველგვარი საზოგადოებრივი ვალდებულებისაგან.
"გიხაროდეს, ანალინუს, ჩემთვის ყველაზე პატივცემულო. რადგან მრავალი საქმიდან ჩანს, რომ უგულებელყოფილია მსახურება, რომლითაც დაცულია უწმინდესი ზეციური [ძალის] უზენაესი თაყვანისცემა, დიდი საფრთხე ექმნება სახალხო საქმეებს, და მისი კანონიერი აღდგენა და დაცვა რომაელთა სახელს უდიდეს ბედნიერებას მიანიჭებს და ადამიანთა ყველა საქმეს - განსაკუთრებულ კეთილდღეობას (რამეთუ საღვთო ქველმოქმედება მიანიჭებს ამას). ჩავთვალე, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც სათანადო სიწმინდითა და ამ კანონის მიდევნებით იღვწიან ღვთისმსახურების აღსრულებისათვის, საკუთარი შრომის ჯილდო უნდა მიიღონ, პატივცემულო ანილინუს. ამიტომ მსურს, რომ ესენი, ამ წმინდა მსახურების აღმსრულებელნი, რომელთაც ჩვეულების მიხედვით უწოდებენ "კლერიკებს", შენთვის ჩაბარებულ პროვინციაში მყოფ კათოლიკე ეკლესიაში, რომელსაც ცეცილიანე მეთაურობს, სრულებით თავისუფლად იყვნენ დაცული ყველა საზოგადოებრივი ვალდებულებებისაგან, რათა რაიმე ცთომილების ან მკრეხელური საცთურის მეშვეობით ღმრთეებისადმი სათანადო მსახურებას არ ჩამოშორდნენ, არამედ უფრო რაიმე შეწუხების გარეშე საკუთარი კანონით აღასრულებდნენ მსახურებას. როდესაც ღვთის მიმართ უდიდეს მსახურებას აღასრულებენ, ჩანს, რომ სახელმწიფო საქმეებისათვის მრავალი სარგებელი მოაქვთ. იყავ ძლიერი, ანილინუს, ჩვენთვის ყველაზე პატივცემულო და საწადელო".
VIII
ამრიგად, ჩვენი მაცხოვრის საღვთო და ციურმა მადლმა თავისი გამოცხადებით მოგვანიჭა ასეთი [სიკეთე] და ჩვენი მშვიდობის მეშვეობით ყველა ადამიანს სიკეთეთა ასეთი უშურველობა მოუტანა. ასე სიხარულითა და დღესასწაულებით აღსრულდებოდა ჩვენი საქმეები მაგრამ სიკეთისმოძულე შურისთვის და ბოროტების მოყვარე დემონისათვის აუტანელი იყო ის სანახაობა, რასაც უმზერდა, ასევე არც ლიკინიუსისთვის აღმოჩნდა ჭკუის სასწავლებლად საკმარისი წინათ ზემოხსენებულ ტირანებზე თავს დამტყდარი ამბები. იგი, რომელიც ღირსი გახდა სვებედნიერად გაეტარებინა თავისი პრინციპატობის ხანა, და დიდი იმპერატორის, კონსტანტინეს შემდეგ მეორე საფეხურზე მდგარიყო, ქორწინებით დაახლოებოდა მას და ყველაზე ამაღლებული ნათესაური კავშირი გაება მასთან; მან მიატოვა კეთილ კაცთა ბაძვა, დაეშურა ურჯულო ტირანების მანკიერ და ბოროტ გზას, და არჩია, გონებით მათ მიყოლოდა, რომელთა ცხოვრების აღსასრული თავისი თვალებით იხილა, ვიდრე მასზე აღმატებულ მეგობრობასა და კეთილგანწყობაში დარჩენილიყო. შური აღეძრა ყოველთა ქველმოქმედის მიმართ, და მის წინააღმდეგ უწმინდური და ყველაზე საშინელი ომი წამოიწყო, არც ბუნების კანონებს გაუწია ანგარიში, არც ფიცი, არც სისხლისმიერი კავშირი, არც შეთანხმება გაიხსენა გონებაში. რადგან ყოვლად კეთილმა იმპერატორმა ჭეშმარიტი კეითლგანწყობის ნიშანი მიანიჭა მას, არ დაიშურა მასთან დანათესავება და უარი არ უთხრა მის დასთან ბრწყინვალე ქორწინებით ტკბობაზე, წინაპართა კეთილშობილებასთან, და სამეფო დასაბამის მქონე სისხლთან ზიარების ღირსი გახადა და ყოველივეზე მთავრობის ძალაუფლება მიანიჭა როგორც ნათესავსა და თანაიმპერატორს, რომაელთა ძალაუფლების ქვეშ მყოფ ხალხთაგან არცთუ მცირე ნაწილი მიმადლა მას მართვისა და განმგებლობისათვის. მაგრამ იგი (ლიკინიუსი - მთარგ.) ამის საპირისპიროდ მოიქცა, მასზე აღმატებული პიროვნების წინააღმდეგ ყოველდღე ხლართავდა სხვადასხვა მზაკვრობებს და ყველა სახის შეთქმულებას იგონებდა, რათა ქველმოქმედებაზე ბოროტებით ეპასუხა. პირველად ცდილობდა, დაეფარა სამზადისი, მეგობრად აჩვენებდა თავს, იმედი ჰქონდა, რომ ეშმაკობისა და სიცრუის ხშირი გამოყენებით იოლად მიაღწევდა სასურველ მიზანს. მაგრამ მისი (კონსტანტინეს - მთარგ.) მეგობარი, ნათესავი და მცველი იყო ღმერთი, რომელმაც მისთვის ფარულად და სიბნელეში მოწყობილი შეთქმულებები სააშკარაოზე გამოიტანა და ამხილა. ასე აძლიერებს კაცს ღვთისმოსაობის სათნოების დიდი საჭურველი მტერთაგან დასაცავად და საკუთარი თავის ხსნის უზრუნველსაყოფად. ამით შემოზღუდულმა ჩვენმა ყველაზე ღვთისსათნო იმპერატორმა თავი დააღწია ამ უსახელო კაცის მიერ დახლართულ შეთქმულებებს. მან დაინახა, რომ ფარული სამზადისი მისი განზრახვებისამებრ არ მიდიოდა (ღმერთმა ყველა მზაკვრობა და სულმდაბლობა მისთვის სათნო იმპერატორისთვის დაამხო), მეტად აღარ შეეძლო დამალვა, და ღია ომი წამოიწყო. როდესაც გადაწყვიტა კონსტანტინესთან ომის გაჩაღება, მას უკვე აღძრული ჰქონდა ბრძოლა ყოფიერების ღმერთის წინააღმდეგ, რომელსაც, იცოდა, რომ იგი (კონსტანტინე _ მთარგ.) თაყვანს სცემდა, და ჯერ წყნარად და მშვიდად მიეტანა იერიში მის ხელქვეით ღვთისმოსავებზე, რომელთაც მისი ძალაუფლებისათვის სრულებით არ მოუტანიათ რაიმე უსიამოვნება. იგი ამას იქმოდა, მასში ჩასახლებული ბოროტების ძალდატანებით საშინლად დაბრმავებული. ამგვარად, არც მის წინ ქრისტიანთა მდევნელების ხსოვნა ედგა თვალწინ, არც მათი, რომელთა დამღუპველი და დამსჯელი თვითონ გახდა მათი უღმერთობის გამო. მაგრამ რადგან გონიერებას ზურგი აქცია, სწორედაც რომ ჭკუიდან გადასულმა, გადაწყვიტა, ომი გაემართა თვით ღმერთისათვის, რომელიც კონსტანტინეს მფარველი იყო, მისი მფარველობის ქვეშ მყოფის ნაცვლად.
პირველ რიგში თავისი სასახლიდან განდევნა ყველა ქრისტიანი, ამ საბრალომ თვითონ გახადა თავისი თავი მიტოვებული მათ მიერ ღვთის მიმართ მის გამო აღვლენილი ლოცვისაგან, რომლის აღსრულება ყველას გამო წინაპართა ჩვეულებით ისწავლეს. შემდეგ კი ბრძანა ქალაქებიდან განედევნათ ჯარისკაცები და ღირსება აეყარათ, თუ მსხვერპლს არ შეწირავდნენ დემონებს.
და ეს კიდევ არაფერი იყო უფრო დიდ სამზადისთან შედარებით. რა საჭიროა ამ ღვთისმოძულის მიერ ჩადენილი ცალკეული საქმეების დაწვრილებით გახსენება და იმისაც, თუ როგორ გამოიგონა ამ ყველაზე დიდმა კანონდამრღვევმა უკანონო კანონები? საპყრობილეებში შევიწროებულთათვის გამოსცა კანონი, რომ არავინ არ უნდა მოპყრობოდა მათ კაცთმოყვარეობით და მიეცა საკვები, არც შეეწყალებინა ისინი, ვინც ბორკილებში შიმშილობით იღუპებოდა, საერთოდ არავინ არ უნდა ყოფილიყო კეთილი, არც რაიმე სიკეთე გააკეთებია თვით ბუნების მიერ მახლობელის მიმართ თანალმობისაკენ აღძრულს. კანონთა შორის ეს იყო პირდაპირ უსირცხვილო და სასტიკი, ყოველგვარი აღზრდისა და ბუნებითი გრძნობის უგულებელმყოფელი, რომლის მიხედვით სასჯელიც კი ედებოდა შემწყალებელს: შესაწყალებელთა სწორი ვნება, ბორკილების დადება და საპყრობილეში ჩამწყვდევა, და ტანჯულთა სწორი სასჯელი უნდა დაეთმინა მას, ვინც მათ კაცთმოყვარეობით მოემსახურებოდა. ასეთი იყო ლიკინიუსის დადგენილებები. რა საჭიროა ქორწინების შესახებ ახალი გამოგონებებისა ან გარდაცვლილებთან დაკავშირებით მის მიერ შემოღებული სიახლეების ჩამოთვლა, რომელთა მეშვეობით გაბედა რომაელთა ძველი კეთილად და ბრძნულად შექმნილი კანონების გაუქმება, და სანაცვლოდ რაღაც ბარბაროსული და არაცივილიზებული, ჭეშმარიტად უკანონო და კანონსაწინააღმდეგო კანონები შემოიღო. მისი მმართველობის ქვეშ მყოფი ხალხების წინააღმდეგ ათასობით გამოძიებები გამოიგონა: მრავალგზის ოქროსა და ვერცხლის ამოღება, მიწის გადაზომვა; და სოფლებში გადასახადით აჯარიმებდა ადამიანებს, რომლებიც ცოცხალი აღარ იყვნენ, არამედ დიდი ხნის წინ იყვნენ მიწაში ჩასული. ამას გარდა კაცთმოძულემ გაძევება თავს დაატეხა მათ, ვისაც დანაშაულიც არ ჰქონდათ ჩადენილი. კეთილშობილ და ღირსეულ ადამიანებს აპატიმრებდა, მათ განაშორებდა თავიანთ შეუღლებულ ცოლებს და გადასცემდა მის საძაგელ მსახურებს სამარცხვინო შეურაცხყოფის მისაყენებლად; და რამდენს გათხოვილ ქალსა და უქორწინებელ ქალწულს თვითონ მიხრწნილმა ბერიკაცმა სიმთვრალეში პატივი ახადა და დაუოკებელი გულისთქმა აისრულა. რა საჭიროა გაგრძელება, როდესაც მისი უკანასკნელი საქმეების ზეაღმატებულება წინა საქმეებს, როგორც მცირესა და უმნიშვნელოს, სრულებით განაქიქებს?
მაგალითად, მისი სიშლეგის დასასრულ ეპისკოპოსების წინააღმდეგ წავიდა, მათ მიიჩნევდა მისი საქმეების მოწინააღმდეგეებად, როგორც ყოვლიერების ღმერთის მსახურებს. ღიად ჯერ არ ემზადებოდა მასზე უზენაესი იმპერატორის (კონსტანტინეს - მთარგ.) შიშით, არამედ - ფარულად და მზაკვრულად, და მათგან ყველაზე პატივცემულთ მმართველთა შეთქმულებით ხოცავდა. მათი მკვლელობის სახეც უცხო რამ და ჯერარსმენილი იყო. მაგალითად, ამასიაში და პონტოს სხვა ქალაქებში ჩადენილი საქმეები ზეაღემატა ყოველგვარ სისასტიკეს. აქ ღვთის ეკლესიები სახურავიდან საძირკვლამდე დაანგრია, ზოგი კი დაკეტა, რათა ჩვეულებისამებრ განწესებული მსახურები არ შეკრებილიყვნენ, არც ღმერთისთვის მიეგოთ სათანადო მსახურება. რადგან იგი არ ფიქრობდა, რომ ლოცვები მისთვის აღევლინებოდა, უკეთური გონებით ასე თვლიდა, არამედ დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ღვთისსათნო იმპერატორის გულისთვის ვიქმოდით ყოველივეს და ვედრებით ღმერთს ვამწყალობლებდით. ამიტომ, აღიძრა ჩვენს წინააღმდეგ რისხვის დასატეხად. და მართლაც, მმართველთაგან მლიქველნი არწმუნებდნენ ამ უწმინდურს, რომ ისინი მისთვის სათნო საქმეებს ჩადიოდნენ, ეპისკოპოსებს ბოროტმოქმედთათვის განკუთვნილ სასჯელებს ადებდნენ, გამოყავდათ და უდანაშაულოებს გამოუძიებლად სჯიდნენ როგორც მკვლელებს. ზოგიერთი ახლად გამოგონებული სიკვდილის სახეობას დაითმენდა: მათ სხეულს მახვილით ნაკუწებად ჭრიდნენ და ამ სასტიკი და ყველაზე საზარელი სანახაობის შემდეგ ზღვის სიღრმეში თევზების შესაჭმელად ყრიდნენ. ამიტომ, კვლავ დაიწყო ღვთისმოსავ კაცთა გაქცევა, და კვლავ ველ-მინდვრები, კვლავ უდაბნოები, ტყიანი უღელტეხილები და მთები იწყნარებდნენ ქრისტეს მსახურებს. და მას შემდეგ რაც ამ გზით წინ მიიწევდა ეს ურჯულო, აზრად მოუვიდა ყველას წინააღმდეგ აღეძრა დევნულება. განზრახვის აღსრულება შეეძლო, და არაფერი არ უშლიდა საქმეზე გადასულიყო, თავისიანების სულისათვის მებრძოლ ღმერთს უსწრაფესად რომ არ დაესწრო მომავლის დადგომისათვის და როგორც ღრმა წყვდიადსა და უკუნეთ ღამეში დიდი მთიები ანაზდად ყველას აღმოუბრწყინა მხსნელი, და მაღალი მკლავით წინ წარუძღვა მის მსახურ კონსტანტინეს.
მას ზემოდან, ციდან მიანიჭა კეთილმსახურების ნაყოფი, ურჯულოთა წინააღმდეგ გამარჯვების ნადავლი; ხოლო ეს უწმინდური კი მის ყველა თანამზრახველთან და მეგობართან ერთად კონსტანტინეს ფეხქვეშ ძირს დასცა.
რადგან როდესაც უკიდურესობამდე მიიყვანა იგი სიშლეგემ, ღვთის მეგობარმა იმპერატორმა ჩათვალა, რომ ეს უკვე აუტანელი იყო, მოიკრიბა გონება და სამართლიანობის მტკიცე ხასიათს შეუზავა კაცთმოყვარეობა, გადაწყვიტა, დაეცვა ტირანის მიერ შევიწროებულები, ზოგიერთი გარეწარი თავიდან მოიშორა, და ადამიანთა მოდგმის დიდი ნაწილის გამოსახსნელად აღიძრა. რადგან წინათ მხოლოდ კაცთმოყვარეობის გამოყენებით და მისი შეწყალებით, ვინც არ იყო თანაგრძნობის ღირსი, იგი (ლიკინიუსი - მთარგ.) არ გამოსწორდა: ბოროტებას არ ჩამოშორდა, არამედ უფრო გაზარდა რისხვა მისი მმართველობის ქვეშ მყოფი ხალხების წინააღმდეგ; და მათ, ვისაც უბოროტა, ხსნის იმედი აღარ დარჩენოდა, ისინი საშინელი მხეცის ტირანიის ქვეშ იმყოფებოდნენ. ამიტომ, ამ კეთილი ადამიანების მფარველმა სიკეთისმოყვარეობას ბოროტების სიძულვილი შეაზავა და გაემართა თავის შვილთან კრისპუსთან, ყველაზე კაცთმოყვარე იმპერატორთან, ერთად, და ყველა დაცემულს მხსნელი მარჯვენა გაუწოდა. შემდეგ, რადგანაც ღვთის შვილი, მაცხოვარი, ყოველთა მეუფე და ღმერთი ყველაფერში ხელს უმართავდა და მისი თანამებრძოლი იყო, მამამ და ძემ ღვთისმოძულის წინააღმდეგ სამხედრო მწყობრი ორად წრიულად გაყვეს და გამარჯვება იოლად მოიპოვეს, რადგან ღვთის მიერ მისი განზრახვის თანხმად[8] მათ ყველაფერი უადვილდებოდათ. მართლაც, ერთბაშად და სიტყვის წარმოთქმაზე უმოკლეს დროში ისინი, ვინც გუშინ და ამ დღეების წინ სიკვდილითა და მუქარით სუნთქავდა, აღარ არსებობდნენ, იქამდე, რომ მათი სახელიც აღარ ახსოვდათ; მათ გამოსახულებებსა და პატივს სირცხვილი და უღირსობა ეწია; და რაც ადრე ლიკინიუსმა თავისი თვალით ნახა უღმერთო ტირანებზე, ეს მსგავსადვე მასაც ევნო, რადგან მან არ მიიღო განსწავლა, არც მის მახლობლებზე [მოხვედრილი] მათრახით დაჭკვიანდა, არამედ მათი მსგავსი ურჯულოების გზას დაადგა, და სამართლიანად ჩავარდა იმავე უფსკრულში.
მაგრამ როდესაც იგი ასე დაცემული ეგდო, ღვთისმოსაობის ყველა სათნოებით გამოირჩეოდა უდიდესი მძლეველი კონსტანტინე შვილთან, კრისპუსთან[9] ერთად, რომელიც იყო ყველაზე ღვთისსათნო და ყველაფრით მამის მსგავსი. მან მიიღო აღმოსავლეთი, რაც მათი იყო, და რომაელთა ძალაუფლებას ერთიანობა მიანიჭა, როგორც ძველად იყო, მთელი მსოფლიო სხვადასხვა მიმართულებით წრიულად მზის აღმოსავალიდან, ჩრდილოეთიცა და სამხრეთიც დღის დასავალის უკიდურეს წერტილამდე მისი მშვიდობის ქვეშ მოიყვანა. ადამიანთაგან სრულიად აღხოცა მათი შიში, ვინც აქამდე ჩაგრავდა მათ; ბრწყინვალე დღესასწაულებს მართავდნენ; ყველაფერი სინათლით იყო აღსავსე; ერთმანეთს შესცქეროდნენ მოცინარი სახეებითა და მხიარული თვალებით, რომლებიც აქამდე მოწყენილად ჰქონდათ დახრილი; ქალაქებშიც და სოფლებშიც უპირველეს ყოვლისა, რადგან ასე ისწავლეს, ყოველთა მეუფე ღმერთს და შემდეგ კეთილმსახურ იმპერატორს ღვთისსათნო შვილებთან ერთად ცეკვითა და სიმღერებით პატივს მიაგებდნენ; ძველი ბოროტი საქმეები და ასევე ყველა უღმერთობა დავიწყებას იყო მიცემული, ტკბებოდნენ აწმყოს სიკეთითა და, მეტიც, მომავალში მოსალოდნელითაც. ყველგან გავრცელდა გამარჯვებული იმპერატორის კაცთმოყვარეობით აღსავსე დადგენილებები, დიდი საბოძვარისა და ჭეშმარიტი კეთილმსახურების ნიშნის მქონე კანონები. როცა ასე აღიგავა პირისაგან მიწისა ყოველგვარი ტირანია, მათი კუთვნილი სამეფო მტკიცედ და უკამათოდ დაცული იქნა მხოლოდ კონსტანტინესა და მისი შვილებისათვის, რომლებმაც უპირველეს ყოვლისა მსოფლიო გაწმინდეს ღვთისმოძულეობისაგან; იგრძნეს, რომ მათ თავზე მოვლენილი სიკეთენი ღვთისაგან განეგებოდა, აჩვენეს სათნოებისა და ღვთის სიყვარული, და ღვთის მიმართ კეთილმსახურება და მადლიერება იმ საქმეების მეშვეობით, რომლების ხილვა ცხადად მიანიჭეს ყველა ადამიანს.
----------------------------------------------------------------------------------------
კომენტარები
[1] - პავლინეს შესახებ ცნობილია, რომ იგი მღვდლად მსახურობდა ანტიოქიაში, შემდეგ ტვიროსის ეპისკოპოსი გახდა, 323 წელს - ანტიოქიის ეპისკოპოსი და მალევე გარდაიცვალა.
[2] - ევსების მხედველობაში ყავს საკუთარი თავი.
[3] - მოცემული დოკუმენტი, რომელივ ჩვეულებრივ იწოდება მილანის ედიქტად, ევსებიმ დაუკავშირა კონსტანტინესა და ლიკინიუსის სახელებს. თუმცა, სხვა წყაროები (მაგალითად, ლაქტანციუსის "მდევნელთა სიკვდილის შესახებ") გვაუწყებს, რომ ამ ბრძანებულებას ხელს აწერდა მხოლოდ ლიკინიუსი და 313 წ. მან ის გამოსცა ნიკომიდიაში.
[4] - ეს წერილიც და მომდევნოც ეხება იმ დავას, რომელიც წარმოიშვა კართაგენის ეპისკოპოსად ცეცილიანეს დაგინების გამო 311 წელს. აქედან იღებს სათავეს დონატისტების განხეთქილება, რომელიც მხოლოდ VII ს‑ში შეწყვიტა არსებობა, როდესაც აფრიკა დაიპყრეს სარკინოზებმა.
[5] - მილტიადე - რომის ეპისკოპოსი (311‑314 წწ.); მარკოზი - მის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.
[6] - რეტიუსი - ოტენის ეპისკოპოსი; მატერნუსი - კიოლნის ეპისკოპოსი; მარინუსი - არელატის ეპისკოპოსი.
[7] - ჰოსიუსი - კორდუბიის (კორდოვის) ეპისკოპოსი, იმპერატორ კონსტანტინე დიდის მრჩეველი. ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მონაწილე, თავმჯდომარეობდა სარდიკიის ადგილობრივ საეკლესიო კრებას (343‑344 წწ.).
[8] - ლიკინიუსი პირველად დამარცხდა ადრიანოპოლში, 3 ივლისს და მეორედ, როდესაც გაიქცა ბიზანტიუმში და იძულებული იყო გადაელახა "სეტრაიტი" ქრიზოპოლისთან (სკ. ეტარი), 18 ან 20 სექტემბერს 324 წ. მალევე მოკლა კონსტანტინემ.
[9] - კრისპუსი - კონსტანტინესა და მინერვას უფროსი ვაჟი. კრისპუსიმ თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა სარდალმა, მონაწილეობდა ჰელესპონტში ლიკინიუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 326 წელს უცნობი მიზეზის გამო იმპერატორმა კონსტანტინემ უეცრად გასცა ბრძანება მის დაპატიმრებაზე და სიკვდილით დასჯაზე.
ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა
საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი