საათზე უფრო ღრმა სიმბოლო მე არ მეგულება!
თვალწინ მიდგას ღრმად მოხუცებულის დამჭკნარი სახე, თეთრი, მთვარესავით მრგვალი და ბრტყელი. თვალებჩანისნული და თავდავიწყებაში მთვლემარე. ნელა, ნელა ეპარება ამ სახეს ორი ვარდისფერი პაწია თითი შვილი-შვილისა, უცაცუნებს ბებიას სახეზე და ნაოჭს უსწორებს. პაწია თითები მიცოცავენ ბებრის სახეზე. თვალწინ მიდგებიან:
საათები, საათები, ეკლესიების გუმბათებზე, საათები დიდი ქალაქის მოედნებზე, საათები, ფართე, ღია თვალებიანი საათები რკინის გზის სადგურებზე, როცა შუაღამისას ექსპრეს-მატარებლით მიჰქროლავხარ სივრცეში და ისინი ისე დაღვრემილად გამოიყურებიან, როგორც გარდაცვლილი დროის სარკე თვალები!
ღია დარჩენილი თვალები მარადისობისა!
ჩემს ხანგრძლივ უძილარ ღამეებში, მარტოობაში და უცხოობაში ისინი რეკავენ. რეკავენ, თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც, დიდი ქალაქის ბნელ ქუჩებში.
დარეკავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… აჟღარუნდება თორმეტჯერ და ყველანი ერთის ჯადოსნური დირიჟორის ჯოხის გაქნევაზე აჟღარუნდებიან მთელი მძინარე ქალაქის საათები და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა ცხრა ჩირაღდანი აიღეს, სანდლები ფეხზე წამოიცვეს, ჩირაღდნები აანთეს და ემზადებიან გასასვენებლად.
საათები ბინის კედლებზე, საათები მოედნებზე, საათები რკინიგზის სადგურებზე, საათები ეკლესიის გუმბათებზე, და სატრიუმფო ჭიშკრებზე, რეკავენ, ზარითა და ზათქით, მიასვენებენ მზე გადასულ დროს; რომელიც ყველაფერს გვართმევს, ყველაფერს თან წაიღებს, რაც აქამდის გვიგვრძვნია, ყველაფერს რაც გვყვარებია და შეგვძულებია. ჩვენს დიდ სიყვარულსა და ჩვენს დიდ ნუგეშს, ჩვენს დიდ სიხარულსა და პატარა ბედნიერებას. ჩვენს დარდსა და ჩვენს გულის ჭირს. ჩვენს ღიმილსა და ჩვენს ცრემლებს. ყველაფერს, ყველაფერს თან წაიღებენ საათები, საათები ჩვენი ბინის კედლებზე, საათები ქალაქის მოედნებზე, საათები სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრებზე…
საით მიფრინავ ფრთამოხატული
ამ აფიშების უწყალო ომში,
შენ გიმღეროდა რომში კატული,
ახლა მე გიმღერ მესამე რომში.
1
ხედავთ,
ერებო,
რევოლუციის
აღვირახსნილი
დაჰქეროლავს რაში.
და ცეცხლის სვეტი გადახიდა
მზემ
უკუნეთში.
ოკეანეებს გადაულახავთ ნაპირის ზღუდე,
გრანიტის დამბა.
მიწამ
ოცნები სისხლი დალია.
მიწა ღმერთს შესწვდა
და ეზიარა
და გახსნა
ღმერთმა
ძლიერი ხელით მიწის სხეულზე მწარე იარა.
ფერმილეული,
მკრთალი ლანდები
მოჰქრიან ციდან
ტკბილი სიმღერით.
და ჩამოეშვა მზის სიმაღლიდან
ნარინჯისფერი სხივის ჩანჩქერი.
ევროპის მკვიდრნი
ამდგარან მკვდრეთით და პოზაუნებს ახმაურებენ.
შუბლს
აიაზმა ატყვიათ სისხლის
და გარუკული ჭრილობა გულზე.
ტუჩზე ღიმილი შემოხმობიათ, როგორც იარა
ქრისტეს სხეულზე.
2
კრთოდეთ,
მაღალო,
თვალშეუდგომო
სასახლეებო,
ოტელებო,
ღამის ბარებო.
თქვენ:
მოედნებო სენჟერმენის,
კონკორდ და კლიში.
არ გერიდებათ
თქვენ უფლის ენის?
ნუთუ არა გაქვთ
მაცხოვრის შიში?
შენც
ეიფელო,
ბაბილონო ჩვენ საუკუნის,
მოდის გრიგალი, ვერ გიშველის შენ მეხამრიდი.
ეგ არ გეგონოს არც მაროკო, ალჟირ ან ტუნის,
არც გერმანია,
ალბიონი ცრუ და პირფლიდი.
როგორც ლანქერი,
ვაგრამის გზით და ეტუალით,
ბრბო გაექანა ნოტრდამისაკენ
მირაბოს ხიდით.
მოლანდებაა სინამდვილე ნახული თვალით,
ისმის ძახილი პოზაუნის კიდიდან კიდით.
მოდის
უფალი
ფეხშიშველა, გაუკითხავი
და გეკითხებათ:
~ეგ თქვენა ხართ, სულს ფულზე ყიდდით?~
მოდის
უფალი,
მიკრძალებით დახარეთ თავი,
ეპიფენიის სასწაული დღე არის დიდი.
3
ქუჩები,
დიდი მოედნები
და ბულვარები აივსო ხალხით.
დიდი
ქარხნები,
რესტორნები
და სინემები დაცარიელდა.
ისმის კივილი, ჟრიამული.
. . . . . . . . . .
საერთო ელდა.
პურპურის ცრემლით
ატირდა ზეცა.
ავარდა ალი.
განკითხვის დღეა.
სიგნალი,
სიგნალი,
სიგნალი...
ცეცხლის ტოგებით
გიჟი მხედრები
დააქროლებენ
ცისფერ ტაიჭებს
და ამბოხების პირქუში დევი
კაცთ კანონებზე გადმოაბიჯებს.
ჩუ!
მოუსმინეთ, მილიონების ენა შეუსხამთ
ცისკრის დაფდაფებს
და მათხოვრები ხელყავარჯნებით
ამტვრევენ ბირჟის დარკინულ კარებს.
4
ერთს
მოელოდნენ მილიონები
და დავარდება
ვინმე
ქადაგად.
ვისი ოცნებით ზრდიდნენ მონები,
მოევლინება მსოფლიოს ცხადად.
ახალი მოდგმა ადამის ტომის
მაღალ ღვთაებას უმღერს ოსანას.
ახალ სამყაროს,
სამყაროს შრომის
ქრისტე უბოძებს
მისტიურ
შანას.