აზურმუხტდა ზღვა ლაღი,
აყვავილდა მთა-ბარი.
ვაჟს შვენის ჩაბალახი,
ქალს - თეთრი თავსაფარი.

ჩაბალახი წაკრული
სიამაყის ფერია...
არ ხარ შენ დაჩაგრული,
ვაჟიც ბედნიერია.

ბავშვი ვმღერდი: „ჭალაზედა
ამიფრინდა თვალწინ მწყერი.
სახრე ვსტყორცნე, გავაგორე,
წავაწყვიტე თავ-კისერი“.

მაგრამ შენი კალიგულა
სულ სხვანაირ ჰანგით მღერის:
„მთელ მსოფლიოს, ნეტავ წავჭრა,
ერთი ჰქონდეს თავ-კისერი“...

ჭალაზედა არ მივდივარ
და ფიქრები ღელავს ბასრი -
მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოს
ნეტავ ერთი ჰქონდეს აზრი!

შენც შემომხვდი, მშვენიერო,
და ფიქრებიც გაჰქრა ძველი,
მზეს დაბნედდა სილამაზე
და მაღალი შენი ყელი.

მე ვფიქრობდი, მშვენიერო,
როს გკოცნიდი, როგორც ხელი,
მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოს,
ნეტავ ერთი ჰქონდეს ყელი.

ავჭალას იქით კიოსკივით მაღალი სახლი
რომ დგას, ეს იყო უნაზესი ჩემი ოცნება.
მე შემოდგომა გავატარე აქ ვით სიახლე,
ოდეს წარსულთა დღეთა მსურდა მე გამოცნობა.

მიდიან ძნები. უცნაური შენობებია.
მთაზე კრავებით ბრუნდებიან მწყემსის ბალღები.
და აი, მწირთან! - სიმაღლე რომ შეომებია
და სადაც უფრო იმღვრევიან მტკვარის ტალღები.