ახალ მერნების მსუბუქი წყება
დგას ჩვენი დროის კართან ვედრებით,
მათ ენატრებათ თავდავიწყება
და გაბედული უნდათ მხედრები.

გზას შემოკლებულს ისინი გრძნობენ
და გიგანტიურ ნაბიჯის ლანდებს,
სად ტელეგრაფის ისმის სისინი -
სადაც ჰაერი ქარში ცეცხლს ანთებს.

რადიო, ავტო! თქვენი ზარებით
კითხვა, რომელსაც ვერსალი არჩევს,
ეხლა სამკვდროა და სასიცოცხლო:
უელსის ბრუნვა იტყვის დანარჩენს.

ვეღარ ვიცანი
ნაცნობი ტანი,
როცა თვალწინ გაიშალა
აჭარისტანი!
ბიჭო, მარალე,
ნუ გვეზარალე...
მხიარული შემოსძახე
ჰარი ჰარალე.
არც გეცილები,
ნურც მეცილები -
ჩვენი არის ეს ახალი
გზატკეცილები.

ჩემო ლექსებო, მარად
გქონდეთ მსუბუქი ფრთები...
აყვავებული მდელო,
გასაოცარი მთები!
რუსთაველი და მშვიდი?
დამშვიდება და ვაჟა?
აწმყოს დიდება დიდი
და დღეს მომავალს ვაშა!

ჩვენი სტალინის მარად
ძლევამოსილი დროშით
წინ, ახალ-ახალ ნათელ
გამარჯვებისკენ, მხარევ!
განადგურებულს ძველი
ყინვით, სუსხით და თოშით -
აწ მარგალიტად გთვლიან,
სხვა ქვებში რომ ვერ გარევ!

გალაკტიონი ხედავს,
რა სასწაულებს ახდენს
ის გამარჯვება, რითაც
სუნთქავს მშობელი ერი,
იმ უბოლოოდ მედგარ
და საიმედო საყრდენს -
წინსვლას, რომელსაც ვერ სძლევს
ვერავითარი მტერი!