პალესტინაში, ერთ მონასტერში
მოღვაწეობდა ზოსიმე ღირსი,
სიყრმიდან იგი იქ გაიზარდა,
სახელი ბევრმა იცოდა მისი.

ორმოცდაცამეტ წლისას, მაცდურად,
გაუჩნდა ფიქრი, გულში ქებული:
"მოიძებნება კი უდაბნოში,
კაცი თვით ჩემზე აღმატებული?"

გამოეცხადა ღვთის ანგელოზი,
ვითარცა ასე განიზრახავდა,
უთხრა თუმც კარგად მოსაგრეობდა,
მასზე უკეთესს მაინც ნახავდა.

დატოვა თავის მყუდრო სავანე
და ანგელოზი გზაში თან ახლდა.
იორდანესთან, ძველ მონასტერში,
მოღვაწე ბერთა შორის დასახლდა.

დაიწყებოდა როცა დიდმარხვა
და საკუთარი სულების შველა,
მონასტერს ჰქონდა ასეთი წესი:
ქრისტეს სისხლს და ხორცს იხმევდა ყველა.

მერე შენდობას სთხოვდნენ ერთმანეთს,
ფსალმუნთგალობით რეკავდნენ ზარებს,
იორდანეზე გადასვლისათვის
აღებდნენ წმინდა მონასტრის კარებს.

ერთურთის ღვაწლი რომ არ ენახათ
იფანტებოდნენ სხვადასხვა მხარეს,
მცირედი საზრდო ზოგს არც მიჰქონდა,
იტანდნენ სიცხეს, ხორშაკს და ქარებს.

მამა ზოსიმეც, იქ, უდაბნოში,
მარტო გავიდა სულის ხსნისათვის,
იმედი ჰქოდნა ჰპოვებდა წმინდანს,
ვინც ლოცულობდა მშვიდობისათვის.

ოცი დღის ნავალს, მეექვსე ჟამზე,
ლოცვისას გულში რაღაც ენიშნა,
მარჯვენა მხარეს მიიხედა და
ადამიანის მსგავსი შენიშნა.

შიშველი უცხო იყო ის ვინაც
ამ ხნის მანძლიზე ნახა პირველად,
ეშმაკეული ეგონა იგი,
ძლიერ შეშინდა თავდაპირველად.

შემდეგ პირჯვარი გადაისახა,
თავისგან შიში უცებ განაგდო,
ლტოლვილ მოსაგრეს გამოედევნა,
წლები და დაღლა არად ჩააგდო.

მეუდაბნოე იყო სულ შავი
პაპანაქება მზის მცხუნვარებით,
თმაგახუნებულს და შორს გაქცეულს
ზოსიმემ სთხოვა გულმხურვალებით:

"ჰე, ღვთისნიერო, რად გამირბიხარ?
უძლურ და უღირს ბერს დამიცადე,
გთხოვ, შემაწიე შენი კურთხევა,
თქვი უდაბნოში რაც განიცადე."

უცხო მოსაგრემ არც გამოხედა
ისე მიმართა მამა ზოსიმეს,
მისი სახელი წარმოთქვა კრძალვით,
თითქოს ენახა ბერი როდისმე:

"მამა ზოსიმე, არ შემიძლია
მოვიქცე შენდა ქალი შიშველი,
მადლს იზამ ჩემთვის, ცოდვილისათვის,
შენს მოსასხამით თუკი მიშველი."

გაოცდა ბერი წინასწარხედვით,
და აღუსრულა დედაკაცს თხოვნა,
დალოცვა სთხოვა მუხლმოდრეკილმა,
რადგან ეღირსა წმინდანის პოვნა.

მოსაგრე ქალი შეიმოსა და
ზოსიმესავით მუხლზე დაეცა,
გამოითხოვა ლოცვა-კურთხევა,
აღარ გარბოდა რადგან ტანთ ეცვა.

უთხრა: "შენა ხარ პატივცემული
სარწმუნოებით და მღვდლის ღირსებით,
წმინდა ძღვენს სწირავ საკურთხეველში,
აღვსებული ხარ ღმერთზე ფიქრებით."

სულიერ დედას ბერმა შეჰვედრა
ელოცა მისთვის და ყოვლისათვის,
მიხვდა წინასწარმჭვრეტელი უცხო
მომკვდარი იყო ამ სოფლისათვის.

ქალი მიიქცა აღმოსავლეთით,
აღაპყრო ზეცად თვალნი და ხელნი,
წყრთის სიმაღლეზე ჰაერში დადგა,
ბერმა იხილა ეს საკვირველი.

პირქვე დაემხო, ეჭვი გაუჩნდა:
"მოჩვენება ხომ არ არის ესო,
ალბათ, ეშმაკის მოციქულია,
ჩემში ბოროტი უნდა რომ სთესოს".

უცებ მობრუნდა მოსაგრე დედა,
უთხრა: "საშიში ფიქრები გზარავს,
მხოლოდ ცოდვილი და უღირსი ვარ,
თუმცა ნათლობის სიწმინდე მფარავს."

აღელდა ბერი ქალის სიტყვებზე,
რადგან გაუგო ფიქრი მალული,
გულით ეხვეწა არ დაეფარა
ცხოვრება, ღვაწლი საქმით კრძალული.

მაშინ დაიწყო წმინდანმა თხრობა:
ძლიერ მცხვენია გამცნო, მამაო,
გამერიდები როცა მოისმენ,
ჩემი წარსული არის ამაო.

მეგვიპტე იყო სამშობლო ჩემი,
არ დამაღონა სიშორემ მისმა,
მშობლებს ზრუნვაზე ხელი ვუკარი,
და მივატოვე თორმეტი წლისამ.

გადავიხვეწე ალექსანდრიას,
არ ვაპირებდი არაფრის ცოდნას,
იქ დამეკარგა უმანკოება,
თავი მივეცი მრუშობის ცოდვას.

ჩვიდმეტი წელი ფულს არ ვიღებდი,
მრუშობას ისე აღვასრულებდი,
არ მადარდებდა ასეთი ბილწი,
ცხოვრებას რითი გავასრულებდი.

ღატაკი ვიყავ, ნართის ხელით რთვა
მაშოვნინებდა დღიურ ლუკმა-პურს,
ვნების დაცხრომა იყო მთავარი,
არაფრად ვთვლიდი მამაკაცის ფულს.

უკეთურმა და სულდაცემულმა
ერთხელ ვიხილე ხალხი მრავალი,
მეგვიპტელები, ლიბიელები,
ნავსადგურისკენ შორს მიმავალნი.

დღესასწაულზე იერუსალიმს
წამსვლელნი იყვნენ სათაყვანოდ ჯვრის,
ეს რომ გავიგე, მერე რაც ვქენი
გახსენებაზე ჟრუანტელსა მგვრის.

მეც დავემგვზავრე გახარებული,
ჰაერსაც გასვრის სიტყვები თქმული,
გარყვნილი საქმით დაკავებულმა,
გემზე დავღუპე მრავალი სული.

ჯვრის ამაღლების დღე როცა დადგა,
ეკლესიაში წავიდა ყველა,
ცხოველსმყოფელი ძელის ხილვისთვის
მეც მის ეზოში შევედი ნელა.

ეკლესიაში შესვლაც მომინდა,
ძლივს მივაღწიე წმინდა კარამდე,
მაგრამ ღვთის ძალამ იქ არ შემიშვა,
და მომისროლა ალაყაფამდე.

სისუსტეს ჩემსას მივაწერე და
ოთხგზის მივედი, ზღურბლს დავაბიჯე,
კარებში მდგარმა რას არ ვეცადე,
მაინც ვერაფრით გადავაბიჯე.

ცრემლთა ნაკადი თვალთაგან წამსკდა,
ნაღველმორეულს და გვერძე გამდგარს,
ცხადად ვიგრძენი რომ მაბრკოლებდნენ
ჩემი ცოდვები არაქათგამწყდარს.

ქვითინით მკერდში ვიცემდი მუშტებს,
ღმერთს ვავედრებდი ჩემს თავს - მის შობილს,
ამ დროს უეცრად ვიხილე თვალწინ
ხატი სანატრელ დედა ღვთისმშობლის.

ლოცვით შევვედრე: "ჰოი, ქალწულო,
ვინაც შვი ხორცით ღმერთი და სიტყვა,
მადლობელი ვარ ასეთ საძულველს
მრუში თვალებით მაქვს შენი ხილვა.

გთხოვ, შემეწიე, ჩემი ტაძარში
შესვლა, ჯვრის ნახვა, ლოცვა ისურვე,
მერე უმალვე დავტოვებ სოფელს,
წავალ იქ, სადაც გულით მისურვებ".

ლოცვის დასასრულს მთელი არსებით
ვიგრძენი ლოცვა იქნა შესმენილ,
ათრთოლებული ტაძრის კარებში
დაუბრკოლებლად გავხდი შემსვლელი.

გახარებულმა ჩემში წარმოვთქვი:
"ყველა მონანულს ღმერთი იწყნარებს,
უმანკო სისხლი ჩემთვის დაღვარა,
ამიტომ მჯერა მეც შემიწყალებს."

პირქვე დავემხე, ტაძარში მოვვლე
ყველა სიწმინდე ამბორის ყოფით,
აღელვებულმა, აცრემლებულმა
გული დავაცხრე ღვთის სახლში ყოფნით.

რომ გამოვედი, ღვთისმშობლისადმი
სიტყვებით გავხდი მწირველი მადლის,
ვუთხარი თუ გზას დამანახვეებდა,
აღვასრულებდი ჩემს აღთქმა-ქადილს.

შორიდან მესმა ხმა ქალწულისა,
მისი შეწევნა ვით მოვიპოვე,
მითხრა: "გადადი იორდანეზე,
ნეტარ სიმშვიდეს იქ მოიპოვებ".

უმალ ვირწმუნე მისი სიტყვები,
ვთხოვე, მოეცა ჩემთვის წყალობა.
ეზო დავტოვე; უცნობმა კაცმა
სპილენძის გროში გზად მიწყალობა.

იმ ფულით სამი პური ვიყიდე,
იორდანეში სახე ვიბანე,
ნათლისმცემელის ეკლესიაში,
თითქოს ცოდვებისგან განვიბანე.

იქ ვეზიარე ღვთის საიდუმლოს,
ასე ისმინა ღმერთმა ვედრება.
ნაწილი სამი პურისა ვჭამე,
ღამე ვათენე ტაძრის კედლებთან.

დილით როდესაც გამოვიღვიძე
პატარა ნავი ნაპირთან ვნახე.
გადავცურე და ძლიერ გავოცდი
ვრცელი უდაბნო რომ დავინახე.

ორმოცდაშვიდი წელია უკვე
ამ უდაბნოში ვდგავარ მლოცველი,
გულში აღძრული ვნებების გამო
გავმხდარვარ მწარე ცრემლთა მხოცველი.

როგორც ჩვიდმეტი წელი ვიმრუშე,
ჩვიდმეტი წელი მე გავიტანჯე,
დაუფლებული ბილწი ზრახვებით,
სურვილთა აღძვრით ბევრი ვიტანჯე.

გარყვნილ სიმღერის მღერის სურვილით
იშფოთა ჩემმა სულმა და სმენამ,
და შებილწული სხეულის განცდა
არ შეუძლია წარმოთქვას ენამ.

მაინც ვმადლობდი დედა ღვთისმშობელს
ამ უდაბნოში გადმოსვლისათვის,
თან მეშინოდა არ განვესაჯე
აღთქმათა ჩემთა გარდასვლისათვის,

ამიტომ როცა მდაგავდა ვნება
მწარედ ვგოდებდი მიწას გართხმული,
განსაცდელში მყოფ მონანულ ცოდვილს
მახსენდებოდა ჩემი აღთქმული.

მერე უეცრად ყოველი მხრიდან
მეფინებოდა ნათელი წმინდა,
ნათლით მშფოთვარე ვწყანრედებოდი და
მეცხადებოდა თვით ყოვლადწმინდა.

მისი შეწევნით და მფარველობით
თავი ლოცვებით გამიტანია,
ამ უდაბნოში მშიერს და მწყურვალს
მრავალი ტანჯვა ამიტანია.

ტანზე სამოსი შემომეფლითა,
პური რაც მქონდა გახმა, გაქვავდა,
ცოტა-ცოტას თუ მოვატეხავდი
და ვჭამდი რასაც თვალი ნახავდა.

მცენარეების ძირები, ფესვნი
მასაზრდოებდნენ ამდენი წლები,
სიცხეში, ზამთრის სასტიკ ყინვებში,
მე თვითონ მიკვირს, მაინც რომ ვძლებდი.

ბევრჯერ მიწაზე უგრძნობლად ვიწექ,
გვერდით არ მყავდა არავინ ეულს,
მხოლოდ ღვთის ძალა შემეწეოდა
და იფარავდა ჩემს ცოდვილ სხეულს.

სულს ვიკვებავდი სახარებიდან
ბრძნული აზრებით და ახლაც ვიტყვი:
"მხოლოდ პურით არ იცოცხლებს კაცი,
არამედ უფლის ყოველი სიტყვით?"

ასეთ სიტყვების გამეორებით,
საკუთარ თავში ვიპოვე შვება.
ღმერთს მივენდე და დავემორჩილე,
რადგან მთავარი არის ღვთის ნება".

აღსარებისგან განცვიფრებული
მამა ზოსიმე უცქერდა ნეტარს,
მერე გონება მოიკრიბა და
კითხვა დაუსვა ღირსეულ დედას:

"სად გისწავლია, დედაო ჩემო,
ფსალმუნები და აღთქმის წიგნები?
ზეპირად გახსოვს საღმრთო წერილნი,
ალბათ, ნაკითხი ქალი იქნები".

"წერილთა ცოდნას მანიჭებს ღმერთი,
არ მისწავლია მე წერა-კითხვა,
არც არავის არ მოუყოლია,
და ასეთ ცოდვლის რაღაც მსურს გითხრა:

სანამ სოფლად არ გარდავიცვლები,
ჩემგან მოსმენილს ნურავის ეტყვი,
რადგან შენს გარდა არვინ მინახავს
გთხოვ, აღასრულო რასაც კი გეტყვი:

მომავალ წელს და თან დიდმარხვაში
ვეღარ გადმოხვალ, თუმც რომ გვინდოდეს,
ამით მონასტრის წესსაც დაარღვევ,
ასე მოხდება რომც არ გინდოდეს."

ბერი გაოცდა, ქალმა იცოდა
ძველი სავანის წესი ყოველი,
მოსაგრემ უთხრა: "მხოლოდ ხუთშაბათს
მამაო, შენსას მოსვლას მოველი.

ვნების ხუთშაბათს, წმინდა ჭუჭელით
მოდი, ცოდვილი რომ აზიარო,
იორდანესთან, სანაპიროსთან,
მე თვითონ გნახავ, შენ არ იარო;

ხოლო სავანის წინამძღვარს უთხარ
"ეკრძალოს თავსა თვისსა და სამწყსოს",
მას, იოანეს, ჩემგან ურჩიე
ბერები უფრო მეტად რომ დამწყსოს.

თუმცა არა მსურს ახლა რომ უთხრა,
არამედ როცა უფალი გამცნობს".
ამ სიტყვის მერე ღირსი მოსაგრე
დაემშვიდობა, წასვლის დრო ამცნო.

წმინდანის ნახვით ღმერთმა ზოსიმეს
გონების თვალი კვლავ აუხილა.
ბერმა ამბავი, ქალის სურვილით,
მონასტრის წევრებს არ გაუმხილა.

ერთი წლის შემდეგ, დიდი მარხვისას,
ღირსი ზოსიმე ავად რომ გახდა,
ვეღარ წავიდა უდაბნოში და
ამით წმინდანის სიტყვები ახდა.

ვნების კვირაში განკურნებულმა,
ქალს აღუსრულა თავისი აღთქმა,
წმინდა ჭურჭელით საუფლო ძრვენი
იქ მიუტანა, სადაც მან დათქვა.

იორდანესთან როცა ჩავიდა,
გულანთებულმა უფალს ევედრა:
"მაღალო ღმერთო, გთხოვ, აღასრულო
ნეტარ დედასთან ჩემი შეხვედრა."

ადიდა იგი წყალობისთვის,
მეორე მხარეს გამოჩნდა ქალი,
თუმცა დამწუხრდა ბერი ზოსიმე:
"როგორ გადმოვა, არა აქვს ნავი?"

მაგრამ წმინდანმა იორდანეზე
ჯვარი დასახა და წამოვიდა,
იესოსავით თითქოს ხმელეთზე
ფეხით იარა და გადმოვიდა.

ამის მნახველმა ბერმა წარმოთქვა:
"გასაკვირველი, ღმერთო, ხომ არის?!
შენ მიჩვენე და ვაღიარებ, რომ
სრულყოფილება ჩემგან შორს არის.

ჭეშმარიტი და უტყუარი ხარ,
სულითგანწმენდლის ყველას იმსგავსებ,
რამდენადაც კი შესაძლო იყო,
ნეტარი დედაც შენ დაიმსგავსე."

ამ სიტყვის მერე რომ აზიარა,
ქალმა ტირილით აღაპრყო ხელნი,
ღმერთს შეჰღაღადა ნაზიარებმა:
"აწ განუტევე მხევალი შენი".

მერე ბერს უთხრა ათრთოლებულმა:
"ბედნიერი ვარ რაკი შენ შეგხვდი,
გთხოვ, მომავლა წელს, მშრალ ნაკადულთან
მოხვიდე, სადაც პირველად შევხვდით."

კვლავ იორდანეს ჯვარი დასახა,
უწინდებურად იარა წყალზე.
ბერი დაბრუნდა მონასტერში და
არა ასვენებდა ფიქრები ქალზე.

ღირსეულ დედის ნახვის სურვილით
ის წელიწადი მალე გავიდა.
მისი სახელიც სურდა გაეგო
და უდაბნოში ლოცვით წავიდა.

დათქმულ ადგილზე გარდაცვლილიყო,
მიწაზე იწვა სულით ვნებული,
მამა ზოსიმე მუხლზე დაეცა,
წრფელად იტირა შესვენებული.

ლოცვა წარმოთქვა, წესი აუგო,
ენანებოდა მარტოდ შთენილი,
მერე დაკრძალვა რომ გადაწყვიტა,
მიწაზე ნახა ეს დაწერილი:

"მე აღვესრულე აპრილის პირველს,
ამ დღეს უშველე სულის იარებს:
ჩემთან მოხვედი წმინდა ჭურჭელით,
ქრისტეს სისხლსა და ხორცს მაზიარე.

მამა ზოსიმე, ევედრე უფალს
ცხონება ძალზედ ცოდვილ ქალისა,
და ამ ადგილზე, აქვე დაკრძალე
სხეული მდაბალ მარიამისა."

არ დაიჯერა, ძლიერ გაოცდა
რომ წაიკითხა ბერმა წარწერა.
წერის და კითხვი უცოდინარმა
ღმერთის შეწევნით მაინც დაწერა.

დაღონებული, დამწუხრებული,
იყო გამომხმარ მიწაზე მდგომი,
როცა იხილა, წმინდა მარიამს
ფეხს ულოკავდა ვეება ლომი.

ლომმა, მორჩილად თავდადრეკილმა,
გამხმარი მიწა თითებით თხარა,
რადგან აღგზნებულ სულით ზოსიმემ
სთხოვა საფლავი რომ გაეთხარა.

დაკრძალვის შემდეგ, ვრცელ უდაბნოში,
ერთურთს დაშორდენენ ბერი, ცხოველი,
და მონასტერში დაბრუნებულმა
ნეტარმა მამამ მოყვა ყოველი.

საუკუნეებს გადმოეცემა
ღირსეულ დედის წმინდა ცხოვრება,
მის მეოხებით, ღმერთო, ისურვე
ცოდვილ მელექსის სულის ცხონება.

არ ვიცი, ამდენს მშვენიერად თქმულ სიტყვებ შემდეგ რა მოგახსენოთ ისეთი, რომ თქვენთვის ახალი იყოს. თუნდ ეგეც არ იყოს, ზოგი იმისთანა კაცია, რომ, რაც გინდ ბევრი ისურვოთ, ვერას იტყვით, რადგანაც არა აქვს-რა ღირსი თქმისა, და ზოგი იმისთანა, რომ სათქმელი ზღვაა და ან უღონოდ ვგრძნობ თავსა - მისს თვალგაუწვდენელს კიდეებს ერთბაშად თვალი გადავაწვდინოთ მთლად და უკლებლივ, ან არ ვიცით, რომელ მხრიდამ დავუწყოთ ყურება, რადგანაც ყოველმხრიდამ დიდებული სანახავია. ამისთანაა იგი, რომელსაც დღეს დავტირით.

დიაღ, ბატონებო, დღეს სამუდამოდ ვეთხოვებით იმისთანა დიდ-ბუნებოვანს კაცს, რომელსაც ღმერთი მოუვლენს ხოლმე ამ ცოდვილს ქვეყანას, რომ ადამიანმა მისის მიხედვით და მაგალითით შეიძლოს საკუთარის ზნისა და ხასიათის გაწრთვნა და განმტკიცება. „ნეტავი იმასაო, - ამბობს ერთი ძველად-ძველი ბრძენი, - ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწურთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო“. აი ჩვენს წინაშე მდებარეა იგი მადლით მოსილი კაცი, რომლის მარტო სახელის ხსენებაც-კი გვწურთნის ჩვენ. საკმაოა კაცმა გაიხსენოს მარტო სახელი გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომ გულში მადლი ჩაეფინოს, ვითარცა მზის შუქი.

თვითოეული წამი მისის ცხოვრებისა - მოძღვრებაა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენის ქვეყნისათვის. ერთად კი მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი სკოლაა მაღალ-სათნოებისა და სიყვარულისა, მართლისა და ჭეშმარიტებასა, მადლისა და მოწყალებისა. მე ამაზე ბევრს არას ვიტყვი, რადგანაც ბევრი უკვე ითქვა და ბევრსაც კიდევ იტყვის შთამომავლობა, რომელიც ამ საისტორიე კაცს განიკითხავს თავისის სამართლიანის განკითხვითა.

მე მსურს მხოლოდ აქ აღვნიშნო ერთი იმისთანა მხარე ამ დიდებულ კაცისა, რომელშიაც არის, ჩემის ფიქრით, სხვათა მრავალთა შორის, ერთი მისი დიდი მნიშვნელობაცა. მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი, - საერო, თუ სამღვდელო, - რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობის-ყოფით, მომეტებულის და-ძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება. განსვენებული ღრმად-მიწევნილი მეცნიერი იყო და იმოდენადვე ღრმად-მორწმუნეცა. აქ არის, ჩემის ფიქრით, მისი აღმატებულება, მისი მნიშვნელიბა არამც თუ მარტო ჩვენთვის, სხვისთვისაც, რადგანაც ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწუნოება ერთმანეთში მოურიგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა.

ქვეყანა, ბატონებო, სავსეა ხილულითა და არა-ხილულითა ადამიანის სულიერ და ხორციელ თვალისათვის. ერთის ბრძნისა არ იყოს, „ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი-კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ“. ბუნება ადამიანისა იმისთანაა, რომ სულთა-სწრაფვა ჩვენი ერთსაც ეტანება და მეორესაც საცნაურად ორისავ გზით, და მით უფრო, რაც ადამიანი თვალ-ახილულია და გონება-გაღვიძებული. ნება-უნებლიეთ ამ ორს სამფლობელოში დადის მოუსვენრად გონება და გული ადამიანისა. რომ იპოვოს ბინა და იქ დაღალული სული შეასვენოს ხოლმე გულთაძვრისაგან და მსოფლიო ღელვისაგან.

ამ ორს სამფლობელოთა შორის შემაერთებელ ხიდსა სწნაეს მარტო სიბრძნე, რომელიც ასე იშვიათია ამ წუთის-სოფელში, რომლითაც ასე სავსე იყო განსვენებული მღვდელმთავარი და რომელიც, ჩემის ფიქრით. სხვა არა არის-რა, გარდა მეცნიერების და სარწმუნოების ერთმანეთში ბედნიერად მორიგებისა ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ამისთანა სიბრძნეს სწვდებოდნვნ მარტო იმისთანა გენიოსები, როგორც ნიუტონი და სხვანი მისებრი, ერთსა და იმავე დროს ღვთისა და ბუნებისმეტყველნი.

მთელი მოძღვრება აწ განსვენებულის სახელოვანის მღვდელმთავრასა რომ აიღოთ, ძნელად იპოვით მაგალითს, რომ მეცნიერება გაეწიროს სარწმუნოებისათვის, ან სარწმუნოება - მეცნიერებისათვის. პირიქით, იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა, თუ ასე ითქმის, და მთელი სიბრძნე მისი ამაშია გამოსახული.

იგი ერთს თავის ქადაგებაში სთხოვდა თავისს სამწყსოს, რომელიც ყოველთვის სულ-გაკმენდით უსმენდა ხოლმე, ევედრენით ღმერთს, რომ მომცეს მე ძალა ჯეროვნად ვემსახურო ეკლესიასა, ესე იგი, თქვენს ცხოვრებასაო, რადგან თვითოეული თქვენგანი და ჩვენგანი ერთად შეადგენს იმ კრებულს, რომელსაც ეკლესია ღვთისა ჰქვიანო. ეს, მისთვის ლიტონი სიტყვა არ იყო, საღვთო წერილიდამ ამოკითხული და გაზეპირებული. ეს იყო მისი სიმბოლო, ეს იყო მისი განათლებული რწმენა, ეს იყო მისი გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება, ეს იყო ის, რასაც სიბრძნეს ეძახიან და რის გარეთ მსახურება თვისი მსახურებად არ მიაჩნდა, ღვაწლი - ღვაწლად, მადლი-მადლად, საქმე - საქმედ. არ არის არც ერთი მაგალითი, რომ სადმე და რაშიმე ესუსტნოს ამ რწმენისათვის, პირიქით, თვისი ხანგრძლიეი სამსახური მარტო ამ რწმენას შესწირა და შეალია. კაცთათვის მსახურება მსახურებაა ღვთისაო, - ამას მარტო ღრმად გამეცნიერებული სარწმუნოება იტყვის და ამისთანა სარწმუნოებისა იყო იგი, ვისიც სიბრძნე მარტო ჩვენ არ გვანცვიფრებს.

რომ მარტო იგი ქება-დიდება შრომისა დაგვრჩენოდა, რომელიც მან გვიღაღადა ერთს თავისს დაუვიწყარ ქადაგებაში, და სხვა არა-რა, ისიც საკმაო იქნებოდა, რომ მისი სახელი ქვეყანას მოჰფენოდა და ჩვენც გვეგრძნო, რა დიდებული და ბრძენი მღვდელმთავარი დავკარგეთ. „მე თვითონ არ მინახავსო, ამბობს იგი, - ხოლო გამიგონია სარწმუნო კაცთაგან, რომელ ერთს ძველად-ძველს ეკლესიაში კედელზედ არის დახატჯელი ყოვლად-წმიდა ღვთისმშობელი და მის წინ სძევს მატყლი, ხელში უჭირავს ტარა და ჰქსოვს მატყლსა. ნეტამც ჩემის თვალით მენახაო!“ - ჰნატრულობს ამ საუცხოვო ხატით აღტაცებული მღვდელმთავარი: - „მაშინ მე გავიცნობდიო მეორესა კერძოსა საღმრთოისა მისის ხასიათისასა და უდიდესსა პატივსა და კრძალვასა მისდამი იგრძნობდა გული ჩემიო! რა კარგი რამ იქნებოდა, რომ ყოველსა ქალსა მარადის ჰქონდეს წინაშე თვალთა ისრეთი ხატი, ყოვლადწმიდისა, რომ ერთს-კერძო მისსა იდგეს და შესცქეროდეს მას სიყვარულის ღიმილითა ღვთაებრივი მისი ყრმა, ხოლო თვით ხელთ ეპყრას მატყლი და ტარი და სახესა ზედა ღვთაებრივსა გამოყვანილი იყოს ის ღვთავბრივი სიწმინდე, სიმშვიდე და სიყვარული, თვალთა შინა მისთა ბრწყინვიდვს ის უფსკრული გონიერებასა და კრძალულებისა, რომელნი წარიტაცებენ კაცის გულსაო. ესრეთი ხატი იქნებოდა ჭეშარიტი დროშა, ანუ სიმბოლო, ესე იგი ნიშანი ყოველის ქალის მთვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისაო!“

ასე ათავებს სიტყვას ზეგარდმო შთაგონებით მღაღადებელი მღვდელმთავარი. განა-ღა შეიძლება ამაზე მეტად გაპატიოსნება, ზე-აღწევა შრომისა და გამრჯელობისა, რომელიც ბევრსა გვგონია ვითომც წილად-ხდომილია მარტო მდაბიოსიო.

საკმაოა ეს მოკლე, მაგრამ ღრმად გაბრძნობილი სიტყვა, მღვდელმთავრის ბაგეთაგან წარმოთქმული, რომ კაცმა წარმოიდგინოს მთელი სულიერი ახოვანება და სიბრძნე მისი, რომლის ბაგენი დღეს ჩვენთვის სამუდამოდ დასდუმდნენ ჩვენდა საუბედუროდ. ბევრი რამ არის ნათქვამი შრომისა და გარჯის გაპატიოსნებისათვის, მაგრამ ამისთანა ქებათა-ქება შრომისა შესაძლოა მხოლოდ იმისათვის, რომლის ბაგითაც თითონ ღმერთი მეტყველებს.

დიაღ, ბატონებო, მისის ბაგით სწორედ თვით ღმერთი მეტყველებდა და ვაი რომ დადუმდნენ იგი ბაგენი და ვინ იცის, როდის-ღა გვაღირსებს ღმერთი იმისთანა კაცს, რიგორიც დღეს წაგვართვა. რომ მისმა კაცთათვის თავდადებულ მსახურებამ, მისმა საქმეებმა უქმად არ ჩაიარა, რომ წრთვნა მისი, მისი ზნემაღალი მოძღვრება არ დარჩა ხმად მღაღადებლად უდაბნოში, ამას ამტკიცებს გლოვა ამოდენა ერისა, რომელიც დღეს შემოჰხვევია ძვირფასს კუბოს, რომ უკანასკნელად ემთხვიოს იმა ბაგეთა, როლითაც იგი გვლოცავდა და გვწვრთნიდა, იმ მადლიან მარჯვენას, რომლითაც იგი გვაკურთხებდა და რომელიც მუდამ გაწვდილი იყო დავრდომილთა შემწეობისათვის და დაცემულის აღდგენისათვის.

დღეს ერი ცრემლს აფრქვევს მისთვის, ვინც მთელი თავისი სიცოცხლე იმის მსახურებაში იყო, რომ თვით მოსწმინდოს ერს თვალთაგან ცრემლი ნუგეშინის-ცემითა და მადლის ფენითა. რით იყო ასე ძლიერ სახელოვანი ჩვენი მღვდელმთავარი, რომ გამოიწვია ასეთი დიდი გლოვა ერისა? ნუთუ მარტო სიბრძნითა? არა, სიბრძნესთან ერთად ორი სიკეთე კიდევ ჰქონდა მიმადლებული ღვთისაგან. ერთი ისა, რომ იგი იყო შვილი, სისხლი და ხორცი ამა ერისა, და, მაშასადამე, იცოდა რა ტკივილით იმტკივნეულოს, რა სიხარულით ინუგეშოს, და მეორე ისა, რომ მოციქულობდა ჩვენის სამშობლო სიტყვითა, იმ ენითა, რომლითაც დღესაც ვადიდებთ ღმერთსა, ვპატრონობთ ქვეყანასა და სულსა და გულს ვაწვდით ერთმანეთსა საუკუნიდამ საუკუნემდე. ღმერთმაც ვერ გაგზავნა მოციქულნი სხვა ქვეყნად, ვიდრე არ მოუვლინა ცოდნა იმ ქვეყნის ენისაო, - ამბობდა განსვენებული და ამიტომაც იგი ქრისტეს ჯვარით ხელში თავგამეტებით იდგა ჩვენის ენის მწედ და მფარველად.

დიდხანს და დიდხანს იქნებიან საქმენი მისნი ჩვენდა საოხად, სიტყვანი მისნი ჩვენდა ანდერძად და სახელის ხსენება მისი ჩვენდა საწვრთნელად. ყოველივე ეს დიდხანს კიდეე ისაქმებს ჩვენში. დიდხანს და დიდხანს ქართველს საბუთი ექნება სთქვას, რაც მარტო დიდ-ბუნებოვან კაცზეა თქმული: მოკვდა და თვისის ანდერძით აწ ისევ საქმობს მკვდარიო.

მე რომ მისნი მადლით საჭსე საქმენი და სიტყვანი მაგონდებიან, თვალწინ წარმომიდგება ხოლმე შარავანდედით მოსილი ახლად დაბადებული გაბრიელ და მგონია, რომ თავს წამოსდგომია ახლად შობილს ყრმას ფრთებგაშლილი მთავარანგელოზი, სიყვარულით დასცქერის და ლოცვა-კურთხევით ეუბნება აწ ბრძენთაგან თქმულს:

„პატარავ, როცა პირველად მოსდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარეშემო-კი ყოველს სიხარულის ღიმილი მოსდის; ჰქმენ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგდიოდეს“... და აჰა, ჰქმნა ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოება საუკუნოდ, ყველანი მის გარშემო სტირიან. დიდება სახელსა მისსა! თუ დიდება სანატრელია, აჰა, ისწავლეთ გზანი დიდების შოვნისანი! ამისი მართალი გზა და ცხადი მაგალითი მთელი ცხოვრებაა ამ დიდებულ და მადლიან კაცისა. ტყუილად-კი არ არის ნათქვამი: ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას. იგი უდიდ-გვაროდაც დიდიაო, და აჰა: იგი დიდი კაცი, რომელიც ჩვენდა საუბედუროდ, დღეს კუბოშია ჩვენ-წინ მდებარე.


1896 წ.

ქრისტე აღდგა! აღდგა მაცხოვარი კაცობრიობისა! მთელი ქვეყნის ქრისტიანობა გალობს დიდებულ საგალობელს ქრისტეს აღდგომისა. დიდი და პატარა ღაღადებს: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ ქრისტიანობამ იცის, რისთვის აქებს და ადიდებს ამ დღეს: მკვდრეთით აღდგა ქრისტე და აღადგინა თავისი კაცთა მხსნელი მოძღვრება, თავისი ახალი ცხოვრების მომნიჭებელი აღთქმა.

რით მოგვანიჭა ცხოვრება მკვდრეთით აღდგომილმა ღმერთმა, ქვეყანაზე მოვლინებულმა, ვითარცა ჭეშმარიტმა ძემ კაცისამ? ძველი მოძღვრებისაგან განდიდებულს, გაპატივებულ ხორცს, რომელსაც მარტო „კბილი კბილისა წილ შიოდა და თვალი თვალისა წილ“ მოკვდინებული ყავდა სული, რომელიც მარტო ყოვლად მხსნელის სიყვარულის სხივით ნათობს, თბება, ყვავის, ცოცხლობს და სულდგმულობს. აი, ეს მკვდარი სული აღდგა მკვდრეთით ქრისტეს აღდგომით. რა საცხოვარი ძალი იყო ესოდენ ძლიერი, რომ მკვდარი სული მკვდრეთით აღედგინა? ეს იყო და არის მარტო ერთი მცნება, რომელიც ფესვად გაედგა, საძირკვლად დაედო მთელ მშვენიერ, დიდებულ, მართლაცდა ცხოვრების მომნიჭებელ მოძღვრებას ქრისტესას: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

აი, მხსნელი კაცობრიობისა! აი, მაცხოვარი!... ამას გარდა, ადამიანს შველა არა აქვს, თუ უნდა, რომ კაცად, ღვთის სახედ და მსგავსებად დარჩეს. ამ ყოვლად მაცხოვარს, ყოვლად მხსნელის ფესვზე ამოვიდა, გაიშალა, გადაფინა შტოები, აყვავდა მთელი დიადი ხე ახალი ცხოვრებისა, რომელსაც ახალი აღთქმა ქრისტიანობა ჰქვია და რომელსაც ეს მცნება, როგორც მზე, ანათებს და ათბობს. ამ მცნებამ გააპო კაცობრიობის ცხოვრება ორ დიდ ნაწილად და შუა გაუტარა დიდი კვალი საზღვრად. კვალს იქით დარჩა მოძღვრება შურისძიებისა, სამაგიეროს გადახდისა, ჯავრისა და მრისხანებისა, და კვალს აქეთ მოძღვრება ურთიერთობისა, ურთიერთ-სიყვარულისა, შენდობისა, მიტევებისა, მშვიდობისა, შეწყნარებისა. იქ რისხვა და მსჯავრია, აქ მშვიდობის ყოფა და მიტევება.

„არა კაც ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო, არა გული გითქმოდეს არარაზედ, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა“ - ამბობდა ძველი მოძღვრება ძველი ცხოვრებისა. რა არის ეს - ნუ მოკლავ, ნუ მოიპარავ, ნუ იმრუშებ, ნუ ცილს სწამებ, ნუ შეიშურვებ? ეს ის არის, რომ ნუ იქმ ბოროტს. მოვიდა ახალი აღთქმა, ახალი მოძღვრება ახალი ცხოვრებისა და გვეუბნება: არამც ნუ იქმ ბოროტს, ჰქმენ კეთილიო. დიდი მანძილია ბოროტის არქმნისა და კეთილის ქმნას შორის. ერთმანეთს არაფერში არ გვანან. ბოროტის არ ქმნა იგია, რომ არ მიაყენო ვნება მოყვასს, კეთილის ქმნა იგია, რომ სიკეთე მიანიჭო, სიკეთე უყო, საკმაო არ არის, რომ კაცი არ მოკლა, უნდა აცოცხლო კიდეც; საკმაო არ არის არა გამოსწირო რა, უნდა შესძინო კიდეც; საკმაო არ არის, არა ცილი სწამო, უნდა მართალს მიუზღავდე კიდეც; საკმაო არ არის არა გული გითქმიდეს მოძმის კეთილისათვის, უნდა გიხაროდეს, მხიარულობდე კიდეც, უნდა შველოდე, ხელს უწყობდე; საკმაო არ არის არა გძულდეს მოძმე, უნდა გიყვარდეს კიდეც, საკმაო არ არის არყოფა ბოროტისა, უნდა კეთილის ყოფა; საკმაო არ არის ბოროტისათვის ხელ-ფეხი შეიკრა, უნდა სიკეთისათვის ხელ-ფეხი გაშალო, ამოქმედო.

ძველი აღთქმა ხორცის უნებლობისთვის ფარი იყო, ახალი აღთქმა სულის აღდგომისათვის საცხოვარი ღონეა, ამიტომაც იქ კბილი კბილის წილ არის და თვალი თვალის წილ, ესე იგი, ხორცი ხორცის წილ, აქ კი სიყვარული, შენდობა და მიტევება. ესე იგი, სულის დადება მოყვასისათვის. დიდმა მოძღვრებამ ყოვლად მაცხოვარ სიყვარულისა გაჰფანტა ბნელი, გაადნო ყინული ძველის უწყალობისა და მოჰფინა იგი ნათელი და სითბო წყალობისა, ურომლისოდაც ქვეყნიერებაზედ არაფერი არ ხეირობს, არაფერი არ მოდის, არ იზრდება, არ ყვავის, არ ცოცხლობს. გაიყარა ძველი და ახალი, ბნელი და ნათელი, სიკვდილი და სიცოცხლე და მოგვანიჭა ცხოვრება იმიტომ, რომ მკვდარი იყო სული ჩვენი და ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით.

აბა, დაუკვირდით თვითონ ჟამს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისას, რა საოცრად განსურათებულია ეს ძველისა და ახლის, სიკვდილისა და სიცოცხლის, ბნელის და ნათელის ერთმანეთისაგან გაყრა. თითქოს იგავია, თითქოს განგებ არის მომხდარი, რომ თვალითაც დავინახოთ ის, რასაც გულითა ვგრძნობთ გონებითა ვხედავთ. როდის მოდის დღესასწაული ქრისტეს აღდგომისა? თითქმის პირველ ხანს გაზაფხულისას, ესე იგი, მაშინ, როცა ზამთრისაგან გაყინული, სუდარა-მოსილი, განძარცვული, უმწვანო, უყვავილო, უსიხარულო, უსიცოცხლო ბუნება სიცოცხლისათვის თვალს ახელს, იღვიძებს ხელახლად ამწვანებისათვის, აყვავებისათვის, ახალი ცხოვრებისათვის. თუ ზამთრისაგან კვდება ბუნება, გაზაფხულისაგან მკვდრეთით აღდგება ხოლმე. იქ მიძინებული სიკვდილია ძველისა, აქ მკვდრეთით აღდგომილი, ახლად გამოღვიძებული სიცოცხლეა. თუ ზამთარი სახეა სიბერისა, მიძინებისა, სიკვდილისა, გაზაფხული სახეა ახლობლისა, აღდგომა - სიცოცხლისა.

არამც თუ დრო წლისა, არამედ საათიც კი დღისა, როცა პირველად აღმოვიტყვით ხოლმე „ქრისტე აღდგაო“ - ეს საათიც კი გვანიჭებს რის მომასწავებელია აღდგომა ქრისტესი: აღდგა ქრისტე და ბნელი უნდა განშორდეს ნათელს, ნათელმა უნდა იმეფოს, იხელმწიფოს. ეს ის საათია, როცა ღამე უკუიქცევა თავისი სიბნელით და მის მაგიერ ცხოველმყოფელი დღე მოდის თავისი სინათლით. ამოდის თუ არა ცაზე ალიონი - ეს წინამორბედია განთიადისა და მტრედისფრად გარიჟრაჟდება გუმბათი ცისა, ზარი დღესასწაულისა გვიწვევს სადიდებლად და საგალობელად ქრისტეს აღდგომისათვის. თითქოს გვეუბნებოდეს: აღდექით ძილისაგან, მიდის ბნელი და მოვალს ნათელი. იხილეთ და გაიხარეთ! ეს ის საათია, როცა ღამის სიბნელე უთმობს ადგილს დღის სინათლეს, როგორც ძველ ცხოვრების ბნელმა დაუთმო ადგილი ახალ ნათელს.

ცხოვრების მომნიჭებელ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს უკეთესი დრო ვერ შეერჩეოდა, თუ არა განთიადი გაზაფხულისა, ესე იგი, ის ხანი და საათი, როცა ცხოველმყოფელი სითბო ცვლის სიცივეს, ნათელი ბნელს და მთელ ბუნებას აღიმილებს საცხოვარი ძალი ახლად აღორძინებისა, ახლად გადასვლისა, ახლად აყვავებისა, ახლად ცხოვრებისა... მოძღვრება ქრისტესი - იგი განთიადი იყო, იგივ გაზაფხული კაცობრიობის ცხოვრებისათვის.


გაზ. „ივერია“ 1887 წ. 5 აპრილი.
დაიბეჭდა მეთაურ წერილად, უსათაუროდ და ხელმოუწერელად.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №10, 2007 წ.