1. წინა თავში ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ, თუ რამდენად მავნე და უბედურების მომტანია მოყვასის განკითხვა. უფრო სწორად, საკუთარ ენას ჩვენივე თავის განსასჯელად და დასასჯელად მოვიხმართ. ეს ერთი შეხედვით სულიერ ადამიანებსაც ახასიათებთ ხოლმე. წესი მოითხოვს, რომ ჩვენ ამ ცოდვის მიზეზი და კარი ვაჩვენოთ, რომლითაც ის ჩვენში შემოდის. უფრო სწორად, რომლითაც იგი გადმოდის ჩვენგან.

2. მრავლისმეტყველება ის ტახტრევანია, რომელზედაც პატივმოყვარეობას დაჯდომა და თავის მოწონება სჩვევია.

3. მრავლისმეტყველება უგუნურების ნიშანია, ბოროტის სიტყვის კარი, დაცინვის ხელმძღვანელი, სიცრუის მსახური, გულის ლმობიერების მომსვრელი, მოწყინების მომწოდებელი, სიზმრების მომასწავებელი, გონების განმაბნეველი, გულის დაცვის დამრთგუნველი, წმიდა მხურვალების გამაგრილებელი, ლოცვის დამაბნელებელი.

4. კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა, გაბნეული გონების მომკრებელი, ღვთაებრივი ცეცხლის დამცველი, აზრთა გუშაგი, მტრების მეთვალყურე, გლოვის მასწავლებელი, ცრემლის მეგობარი, სიკვდილის ხსოვნის მოღვაწე, მარადიული ტანჯვის აღმწერი, მომავალი სამსჯავროს წინასწარგანმცდელი, მაცხოვნებელ მწუხარებაში წარმატების მომტანი, კადნიერების მტერი, უშფოთველი მეუღლე, მასწავლებლობის მოყვარეობის მოწინააღმდეგე, გონიერების გამამრავლებელი, სულიერ ხედვათა შემოქმედი, დაცემის მტერი, უხილავი ამაღლება.

5. ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს. ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე - როგორც საჭიროა.

6. მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ.

7. იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე. ხოლო ღვთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას.

8. პეტრე მოციქულმა თქვა სიტყვა და შემდეგ ტიროდა მწარედ, დაავიწყდა წინასწარმეტველის მიერ თქმული: ვსთქუ, ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვსცოდო ენითა ჩემითა (ფს. 38.1) და კიდევ სიტყვები სხვა სიბრძნისა - სჯობს სიმაღლიდან მიწაზე ჩამოვარდე, ვიდრე ენისგან დაეცე (ზირ. 20.18).

9. მაგრამ არ მსურს, ამაზე ბევრი დავწერო, თუმცა ვნებათა ცბიერება ამას მომიწოდებს. მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: - მრავლისმეტყველებას აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად: ან ბოროტი და თავშეუკავებელი ცხოვრების წესი და ჩვევები (რადგან, რამდენადაც ენა ამ სხეულის ბუნებრივი ნაწილია, რასაც შეაჩვევ, იმის გაკეთებას ითხოვს); ან - როგორც ხშირად მოღვაწეებს ემართებათ ხოლმე - ამპარტავნებისგან, ხშირად კი - ნაყროვნებისგანაც. ამიტომ ხშირად ხდება, რომ, როდესაც ზოგიერთი ძალდატანებითა და იძულებით მუცელს ალაგმავს, ენასა და მრავლისმეტყველებასაც ეშველება ხოლმე.

10. ვინც თავის ამქვეყნიდან გასვლას იხსენებდეს, მან დაამარცხა მრავლისმეტყველება, ხოლო ვინც სულიერი გლოვა მოიპოვა, ის მრავლსიტყვაობას ცეცხლივით გაურბის.

11. დაყუდების მოსურნე გმანავს თავის ბაგეს, ხოლო, ვისაც სენაკიდან გამოსვლა უყვარს, მას იქიდან მრავლისმეტყველების ვნება დევნის.

12. ვინც ციდან გარდამოსული ცეცხლის მხურვალება შეიცნო, ხალხმრავალ შეკრებებს ისე გაურბის, ვით ფუტკარი - კვამლს. რადგან როგორც ფუტკრისთვისაა საძულველი კვამლი, ასევე მათთვის ხალხმრავლობაა აუტანელი.

13. ბევრს არ ძალუძს, საგოზავის გარეშე წყალი გააჩეროს ჭირჭელში და კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, რომლესაც ბაგის შეუკავებლობის შეკავება შეუძლია. ღვთის მიერ კი ყველაფერი შესაძლებელია.

მეთერთმეტე საფეხურზე ამსვლელმა და გამარჯვების მომპოვებელმა
ერთი დაკვრით მრავალი ბოროტება დაამარცხოს.

1. ალბათ, გონიერი კაცი ვერ უარყოფს, რომ სიძულვილი და ავმეხსიერება ბოროტ სიტყვას შობს. ამიტომ მისი ფუძემდებლების შემდეგ თანამიმდევრულად მას განვიხილავ.

2. ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმინდის სრული მოსპობა. ზოგიერთი ყრმა ურცხვენელად სცოდავს, სხვები - ფარულად და დარცხვენით, მაგრამ უფრო დიდ ცოდვაში არიან, ვიდრე - პირველნი. იგივე შეიძლება ითქვას უპატიობის ვნებებზეც. ბევრია ფარულად ცბიერი ყრმა: თვალთმაქცობა, ცბიერება, ნაღველი, ავმეხსიერება, გულისმიერი ცილისწამება და ისინი გარეგნულად ერთს წარმოაჩენენ, სინამდვილეში კი სხვას განიცდიან.

3. შევიტყვე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავს ამბობდნენ. მე ავუკრძალე მათ ეს. ამ ბოროტმოქმედებმა მოსაბოდიშებლად მითხრეს, რომ ამას მოყვასზე ზრუნვითა და სიყვარულით იქმოდნენ. მე კი მივუგე: რომელი იტყოდა იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა, იგი გარეგან ვსდევნე (ფს. 100.5).

4. თუ ჭეშმარიტად გიყვარს მოყვასი, როგორც ამბობენ, ცუდს კი ნუ იტყვი მასზედ, არამედ ილოცე საიდუმლოდ; რადგან სიყვარულის ამგვარი გამოვლინება სათნოა ღვთისთვის.

5. შემცოდეთა განკითხვას თავისთავად მოერიდები, თუ მუდამ გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოციქულთა შორის იყო, ხოლო ავაზაკი მკვლელთა შორის ირიცხებოდა. მაგრამ მათ სულებში სასწაულებრივი შემობრუნება წამიერად აღსრულდა.

6. ვისაც ბოროტი სიტყვის სულის დამარცხება სურს მან დანაშაული შემცოდეს კი არ უნდა მიაწეროს, არამედ - მასზე დაუფლებულ ბოროტ ძალას, რადგან ღვთის წინაშე ცოდვის ჩადენა არავის სურს, თუმცა, თითოეული ჩვენგანი იძულების გარეშე სცოდავს.

7. მე ვნახე აშკარად შემცოდე და საიდუმლოდ მონანული და ის, ვისაც მე განვიკითხავდი როგორც მეძავს, ღვთისთვის უკვე უმანკო იყო, რადგან თავისი მოქცევით შეაწყალა მას თავი.

8. ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: - კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? - ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკუთარ თავსაც განკურნავ და მოყვასსაც.

9. ეს შენთვის ცოდვების პატიების უმოკლესი გზაა. ე.ი. სრული განუკითხველობა, რადგან ნათქვამია: ნუ განიკითხავ და არა განიკითხნეთ (ლუკ. 6,37).

10. როგორც ცეცხლი ეწინააღმდეგება წყალს, ასევე არ არის მონანულის თვისება განსჯა.

11. რომც ნახო ვინმე, რომელიც თვით სულის ამოსვლის დროს სცოდავს, მაშინაც კი არ განსაჯო იგი, რადგან ღვთიური სამართალი კაცთათვის მიუწვდომელია.

12. ზოგიერთი უდიდეს ცოდვებში იმყოფება აშკარად, მაგრამ საიდუმლოდ მრავალი სათნოება აღასრულეს და ისინი, ვინც მათ განიკითხავდნენ, იმით შეცდნენ, რომ კვამლის დევნაში მზე ვერ იხილეს.

13. მისმინეთ მე, მისმინეთ, სხვათა საქმეთა ბოროტნო მსაჯულნო, თუ ჭეშმარიტია ის, რაც დანამდვილებით ჭეშმარიტია, რომლითა სასჯელითა განიკითხნენ მოყუასნი, მითვე სასჯელითა დაისაჯნეთ (მათ. 7,6). მაშინ ცხადია, რომ, რომელი ცოდვისთვისაც განიკითხავთ მოყვასს, სულიერი იქნება ის თუ ხორციელი, იმავ ცოდვაში თავად ვარდებით. და ეს სხვაგვარად არც ხდება.

14. მოყვასის ყველაზე მკაცრი და გულმოდგინე მსაჯულები განკითხვის სნეულებით შეპყრობილნი იმიტომ არიან, რომ საკუთარი ცოდვები არ ახსოვთ და არ ზრუნავენ მათ აღსახოცად. რადგან თუ ადამიანი ზუსტად, თავმოყვარეობის საბურველის გარეშე თავის ბოროტ საქმეებს დაინახავს, მაშინ იგი მიწიერზე არ იზრუნებს, რადგან მიხვდება, რომ საკუთარი თავის გამოსატირებლადაც არ ჰყოფნის დრო, თუნდაც ასი წელი იცხოვროს და მრადჟამს თვალთაგან იორდანის წყალზე უხვად გარდამომდინარე ცრემლს ხედავდეს.

15. მე ვაკვირდებოდი ჭეშმარიტი მოანნულის ცრემლებს და მათში ბოროტი სიტყვისა და განკითხვის კვალიც კი ვერსად შევნიშნე.

16. კაცისმკვლელი ეშმაკები აღგვძრავენ, რომ შევცოდოთ, ანდა თუ არ ვცოდავთ, მცოდველი განვიკითხოთ, რათა მეორეთი პირველი შევბილწოთ.

17. იცოდე, რომ ისიც ადამიანის ავმეხსიერებასა და შურიანობაზე მიუთითებს, თუკი ის ადვილად, სიამოვნებით განიკითხავს მოყვასის სწავლებას, სათნოებებსა და საქმეებს. იგი სიძულვილის სულითაა შეპყრობილი.

18. მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩუმად, დაფარულად უმძიმეს ცოდვებს აღასრულებდნენ და ამასთან, სხვებზე უკეთესად მიაჩნდათ თავი და თავს ესხმოდნენ მათ, რომელბიც მსუბუქ, მაგრამ აშკარა ცოდვებში ვარდებოდნენ.

19. განსაჯო - ეს ნიშნავს უსირცხვილოდ მიიტაცო ღმერთის მხოლოდშობილი წოდება და განიკითხო - ნიშნავს დაღუპო საკუთარი სული.

20. როგორც ქედმაღლობა სხვა ვნებათა გარეშეც დაღუპავს ადამიანს, ასევე მხოლოდ განკითხვას, თავისთავად შეუძლია ჩვენი სრულიად წარწყმედა, რადგან ფარისეველიც სწორედ ამისთვის დაისაჯა.

21. როგორც კეთილი მევენახე მხოლოდ მწიფე ნაყოფს იგემებს, ხოლო მჟავეს დატოვებს, ასევე კეთილი და განმსჯელი გონება ყველაფერში სათნოებას იპოვის, თუკი მასში რამენაირად შეიძლება მისი დანახვა. უგუნური კაცი კი ცოდვასა და ნაკლს ეძებს. სწორედ მასზეა ნათქვამი: გამოიძიეს უსჯულოებანი და განიზრახეს გამოძიება გამოსაძიებელთა მათთა (ფს. 63.7). საკუთარი თვალითაც რომ იხილო მცოდველი, ნუ განსჯი, რადგან ხშირად თვალიც მატყუარაა.

საფეხური მეათე. ვინც მასზედ ავიდა, ის ან სიყვარულის მოღვაწეა, ან - გლოვისა.

1. წმიდა სათნოებანი იაკობის კიბის მსგავსნი არიან, ხოლო ვნებები იმ ბორკილებს მიემსგავსებიან, პეტრე მოციქულს ხელებიდან რომ დასცვივდა. ერთმანეთთან კავშირით სათნოებანი მსურველს ზეცამდე აღამაღლებენ, ხოლო ერთი ვნებიდან მეორე იშობა და გაძლიერებულნი ჯოჯოხეთში მიუძღვებიან. და როგორც ახლა მრისხანებისგან ვისმინეთ, მისი ერთ-ერთი ნაშობი არის სწორედ ავმეხსიერება: ამიტომ თანმიმდევრულად ახლა მასზე ვილაპარაკებთ.

2. ავმეხსიერება მრისხანების აღსრულებაა, ცოდვის შენახვა, სიმართლის სიძულვილი, სათნოებათა დაღუპვა, სულის მომაკვდინებელი გესლი, გონების მატლი.

3. ლოცვის შემარცხვენელი*, ვედრების უარყოფა, სიყვარულისგან გაუცხოება, სამსჭვალი სულში, უამური გრძნობა, მწარე სიტკბოება, რომელიც მხოლოდ მრისხანეთათვის საყვარელი, გამუდმებით ცოდვა, მარადიული დარღვევა რჯულისა, ყოველწამიერი გაბოროტება.

4. ავმეხსიერება* ეს ბნელი და საძაგელი ვნებაა, ერთი იმათგანი, რომელიც იშობა და თავად არ შობს, ან შობს კიდეც. ჩვენ მასზე ბევრის თქმა არ გვაქვს განზრახული ვინც მრისხანებას განუდგა, მან ავმეხსიერებაც მოაკვდინა, რადგან ვიდრე მამა ცოცხალია, მანამდე იგი შვილებსაც შობს.

5. ვინც სიყვარული მოიპოვა, ის შუღლს განერიდა. მოშუღარი ხომ უდროოდ ტვირთულობს შრომას.

6. სიყვარულის ტრაპეზი სიძულვილს ამარცხებს. გულწრფელობის ნიჭი სულს ამსუბუქებს. მაგრამ უყურადღებო ტრაპეზი კადნიერების დედაა.

7. სიყვარულის სარკმლიდან ნაყროვანება შემოიჭრება.

8. ვნახე, რომ სიძულვილმა არაწმიდა სიყვარულის ხანგრძლივი ბორკილი დაამხო; ხოლო ავმეხსიერებამ ამ ბორკილებს ხელახალი აღდგენის ნება აღარ მისცა. საოცარი სანახაობაა! ეშმაკი ეშმაკს განსდევნის. იქნებ ეს ეშმაკის კი არა - ღვთის წინაგანგებულების საქმეა?

9. ავმეხსიერება მყარი, ბუნებრივი სიყვარულისგან მეტად შორს დგას, მაგრამ სიძვას მასთან დაახლოება ეხერხება და მტრედში დამარცხებული სიძვის მატლი გამოჩნდება.

10. ავმეხსიერო, ეშმაკების შესახებ გახსოვდეს ავი და როცა იბრძვი, განუწყვეტლად ებრძოლე საკუთარ ხორცს.

11. რადგან ხორცი მლიქვნელი და უმადური მეგობარია, რაც მეტს ვაამებთ - მით მეტს გვავნებს.

12. ავმეხსიერება წერილის ცბიერი განმმარტებელია, რომელიც სულიწმიდის სიტყვას თავისი გონებით ხსნის.

13. იესოს მოძღვნილ ლოცვასაც კი შეარცხვენს იგი ჩვენს წინაშე, რადგან ავმეხსიერების გამო წარმოთქმას ვეღარ შევძლებთ.

14. როცა დიდი მცდელობის მიუხედავად გულიდან ამ ეკლის ამოთხრას მაინც ვერ შეძლებ, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში, სიტყვით მაინც შეინანე და დაიმდაბლე თავი მათ წინაშე, ვისზეც მრისხანებ, რადგან თანდათანობით მათდამი გამოვლენილი ამ თვალთმაქცობისა შეგრცხვეს და სინდისისგან მხილებულმა მართლაც შეძლო მათი შეყვარება.

15. მაგრამ მაშინ კი არ შეიტყობ, რომ ამ მწვირესაგან მთლიანად გათავისუფლდი, როდესაც შეურაცხმყოფელთათვის ილოცებ, ან ბოროტებაზე სიკეთით უპასუხებ, ან ტრაპეზზე მოიწვევ, არამედ მაშინ, როდესაც მის სულიერ ან ხორციელ სნეულებას შეიტყობ და ეს ამბავი ისე დაგამწუხრებს, როგორც საკუთარი უბედურება.

16. დაყუდებული ავმეხსიერი სოროს შეფარებული ასპიტია, რომელსაც სასიკვდილო შხამი მუდამ თან დააქვს.

17. იესო ქრისტეს ვნებათა მოხსენება ავმეხსიერებისგან განგკურნავს. რადგან მისი არაავმეხსიერება მოაკვდინეს შენს ავმეხსიერებას.

18. შიგნიდან დამპალ ხეში მატლი ჩნდება; ხოლო მოჩვენებითად მშვიდ და უშფოთველ ადამიანებში, სინამდვილეში ასეთები რომ არ არიან, განგრძნობილი რისხვა მალავს თავს.

19. ვინც მრისხანებას აღმოფხვრის გულიდან, ის ცოდვათა მიტევებას მიიღებს, ხოლო ვინც მას შეიწყნარებს, ღვთის მოწყალებას მოაკლდება.

20. ზოგიერთმა საკუთარ თავზე შრომა და ღვაწლი იტვირთა, რათა მიტევება მიეღო. ხოლო ის ადამიანი, ვინც ბოროტს არ იხსენებს, მათზე წინ წავა: მიუტევეთ მცირედ და მოგეტევნეს თქუენ მრავალი ცოდვანი (ლუკ. 6.37) - ამბობს უფალი.

21. არაბოროტმეხსიერება ჭეშმარიტი სინანულის ნიშანია. ხოლო, ვის სულშიც ავმეხსიერება იმალება და ჰგონია, რომ სინანულის სათნოებას აღასრულებს, ის იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც სიზმრად ეჩვენება, რომ გარბის.

22. მე მინახავს ავმეხსიერნი, სხვებს წყენის დავიწყებას რომ უქადაგებდნენ, მერე საკუთარი სიტყვისა შერცხვათ და ამ ვნებისგან გათავისუფლდნენ.

23. არავინ იფიქროს, რომ ეს ბნელი ვნება ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ის ხშირად სულიერ მამათა შორისაც მალავს თავს.

მეცხრე საფეხური - მასზედ ასული კადნიერად ითხოვს მიტევებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესაგან.


კომენტარები
ბერძნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანისათვის

3.
როდესაც ვამბობთ: `მოგვიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა.~ შემარცხვენელია ჩვენი ლოცვისა, თუ ამ დროს ღრძო გული გვაქვს (ბოროტი გვახსოვს).

4.
მშობელი იმიტომაა, რომ ამპარტავნული გულისწყრომა გულღრძოობას შობს, გულღრძოობა კი - შურს და კაცისკვლას.