-სინათლე გაგვდის ფერდებიდან, შიმშილით ნაწლავები გვეწურება! _ შემომჩიოდნენ გლეხები. ბევრი, უიმედო ცხოვრებას დამორჩილებული, წამოიკვნესებდა: ნეტავ როდის ამოსულა მთვარის ადგილის მზეო?
ცხოვრებაზე ხელჩაქნეული იყო ჩემი მეზობელი გლეხი. თაღრიაც, ახოვანი, მტკიცე აგებულებისა, ყალიონის ბოლისაგან შექარვებული თეთრი წვე_ულვაშით შეხირხული, წვრილშვილი, შვიდი გამურული გოგოს პატრონი_სიღარიბისაგან გაწყალებული, ჯანით მრეთა_მრე, სიღარიბის ვერ მომრევი.
ახლაც თვალწინ მიდგა თაღრია, ძალმიშვებული, დუნე, მთვლენარე, უსურვილო, სიღარიბით თითქმის გონებადაჩლუნგებული.
ამაყი კი იყო.
„გვიბოძესი― არა მინდა რაო! _ ჯიქური სიამაყით ითმენდა სიღარიბეს. _ დედაკაცო!
- რა გინდა შე ნაცარ დასაყრელო, ავთვალო! _ ასეთი ალერსით უპასუხებდა თაღრიას მეუღლე თოთოლა, რომელიც ცისკრიდან ბინდამდის ფეხჩაუხრელად ფუსფუსებდა, ფარფატებდა. ძილს არ იძინებდა. როგორც სურა არ დაწვება,ისე იდგა ფეხზე. ქიშმიშივით დამჭკნარსა და სარივით გამხმარს, ან რაში ედგა სული.
თავისი სიღარიბის საიდუმლო იცოდა თაღრიამ და კიდევაც უტყვად დამორჩილებოდა.
ღმერთო დიდი მექუდეა!განა თარღიას არ დაჰყვა ქუდბედი დაბადებისას?მაგრამ მშობიარობის ორომტრიალში ბებია ქალებმა თურმე ქუდბედი დაუკარგეს, ვეღარც იპოვეს და...დარჩა თარღია უქუდბედოდ. ამიტომაც არ აქვს ხვავი და ბარაქა მის შრომას. შვიდი გოგოს მამად ყოფნაც სწორედ ქუდბედის დაკარგვის ბრალია! ეს იცის და აგარც მუშაობს მონდომებით, იცის, რომ სულ ერთია, ცხოვრებაში არაფერი გამოუვა.
არც თოთოლას დაჰყოლია ბედი! მასაც აქვს თავისი წილი სასაყვედურო.
- ბედნიერი ბედი გინდა ძვირფასო?ამაღლება დღეს, დილაადრიან, მინდორში ოთხყურა უნდა მოწყვიტო ოქროს ბეჭდით და ბედნიერებას მოგიტანს!
- მე კი სწორედ იმ დილას ვნახე მსუქნად გადაშლილი ოთხყურა ჩვენი ვენახის თავში! ბევრი ვუტრიალე, ჩემს გარდა არავინ იყო სიახლოვეს, მაგრამ ოქროს ბეჭედი ვინ მომაშავა? მამამ არ მიყიდა,ძმამ და ნათლიამ! ამიტომ დავკარგე ბედი და და ახლა თარღიას ცოლობაში უნდა ვცვითო ჩემი ღონე და ჯანი! შემაყელთა სიღარიბემ!
ეჰ, რა ვიცოდი, თურმე მძინარე მდინარეს მიეპარე, თუ უხელთე, რასაც ჩააგდებ შიგ, ოქროდ გადაიქცევა. მეც არ მენაღვლებოდა, უბრალო თითბრის ბეჭედი ჩამეგდო მდინარეში, გაოქროვდებოდა, ამოვიღებდი და მით ოჰგგ ოთხყურას მოვწყვეტდი. მაგრამ რა ვიცოდი.
ახ, ჩემი ოთხყურა ვინ მოწყვიტა იმ უღმერთომ, ვინა?- მწარედ ჩიოდა თოთოლა და თან პატარა გოგოს გულმოდგინედ თავს უხილავდა.
სიღარიბისაგან გაოგნებული თაღრია ხან დღიურ მუშადაც წავიდოდა ხოლმე. სხვისას უკეთ მუშაობდა, ვიდრე თავის ოჯახში, რადგან იქ რიგიანი კვება ჰქონდა, შინ კი სად იყო ჯეროვანი შეპატიება! ამიტომ ეზარებოდა შინ მუშაობა და ცოლს მიანება ყველაფერი.
თაღრია სიღარიბით იყო დაქანცული. მისი მხიარულება არც მინახავს, არც გამიგონია. მხოლოდ ერთხელ, მახსოვს, სიმღერით შევიდა თავის ეზოში, ქუდი მოიხადა, დაახეთქა მიწაზე და შესძახა: ―მართალ ძუძუს გაუმარჯოსო!― და იქვე ფშატის ქვეშ მიწვა, მიიძინა. კარგა ხნის შემდეგ ვენახიდან დაბრუნდა თოთოლა, ნაგლეჯი ბალახით ხელში. მიწაზე გაწოლილი მთვრალი ქმარი რომ დაინახა, შეძრწუნდა, მაშინვე სველი მჩვარი დაა შუბლზე. რომ არა გამოვიდა რა, ვერ ჩააგდო, მერე ლიტრით წყაროს ცივი წყალი შეასხა პირზე, ეგების გამოფხიზლდესო.
დაფეთებული წამოხტა თაღრია და კინაღამ გაბდღვნა.
- შე უღმერთოვ, რად გამაღვიძე? მე უკანასკნელი გროში დავხარჯე, რომ დავმთვრალიყავ, შენკი მაფხიზლებ, ღმერთი არა გაქვს? _გულმტკივნეულად ჩიოდა ძილიდან გამოსული და ახლა ისევ შეუბრალებელ სინამდვილეს შემაცქერალი საწყალი თაღრია.
...მთელი დღეები გარინდებული იჯდა დერეფანში და განუყრელ ჩიბუხს აბოლებდა, მაგრამ ჩიბუხზე მეტად თაღრიას ძილი უყვარდა; ცოლიც ამიტომ ეძახდა „სამძილას―,რაზედაც თაღრიათავს იმართლებდა: _სულ ერთია, ქვეყანას ვერ გავასწრებ და ძილსაც მოვცდებიო.
- მეორედ მოსვლის საყვირიც ვერ გააღვიძებს მაგ სამძილასაო! _დაცინვით იტყოდა სოფლის მღვდელიც. და... ეძინა გულიანად, შეუმღვრელად... მისი გაღვიძება ერთი ამბავი იყო ოჯახისათვის.
მახსოვს, ცისკარი რომ აციალდებოდა ცაზე, ხმაური ატყდებოდა თაღრიას დერეფანში. მე მახლობლად, ჩვენს აივანზე, ვიწექი. დილის ჰაერი ხომ მკაფიოდ გადმოსცემს ხმას და თითქოს ახლაც ჩამესმის ყურში ცოლ-ქმრის შეჯავახება:
- ადე, კაცო, ადე! გეყოფა, ძილუავ, არ გამოსცხვი ძილითა?
- თავი დამანებე დედაკაცო, შე ჩემისა! რას იღერღები ძაღლივითა! _და უფრო კუჭავდა საბანს. წევს თაღრია და თან ფიქრობს თვალდახუჭული:
- ავდგე, თორემ ვაზით დაგრაგნილი ზვარი არ მელოდეს. ხარის ენის ტოლა ვენახი მიგდია რაღაც; იმას შენც ეყოფი, რა უნდა ვიმუშავო გამოღალულ, გამოფიტულ მიწაზე!
- ავდგე, თორემ გამართული გუთანი არ მიცდიდეს. ურემი ცხვრის ფარა, ნახირი შორაქანზე არა მყავდეს გასარეკი და ცხენის ჯოგი, ღორის კოლტი მოსავლელად!
- ავდგე, თორემ მამა-პაპის ზედაშე არ მელოდეს და ხიზილალას შეჭამამდის არ დამიდგან წინ ამ ჭილობის ძველაზე მეტი რა მაბადია? ამისათვის ავდგე?
- ადე, თავხმელო, ცისკარი გადავიდა!
- ადე მთელი ქვეყანა ადე, მთელი ქვეყანა საჩოთი აივსო,-არა ცხრებოდა ცოლი, თუმცა მხოლოდ ჯერ ცისკრის ციალა კრთოდა ცაზე.
- შე ძუძუნაწყვეტო, რა მისძარ-მოსძარ ხმელეთი? დედამიწა შეიზნიქა შენი ჭყვირილით!
- ადექი, შე დევერნახა, მარტო ამ ჩვენი დერეფნის მერცხლიას მრცხვენია, რას იტყვის ჩვენს სიღარიბეზე.
- ადე, საცაა მზე ამოვიდა!
მაშინ კი იფეთქებდა ,თაღრია, თითქოს კლდემ გახუვლაო.
- დედაკაცო, მე ვინა ვგდივარ, მზეს ავუსწრო! ჯერ მზე უნდა ამობრძანდეს, მერე მე ავეთრიო!
ეტყობა ამ ყოვლადშემძლე დასაბუთებას ვეღარ უძლებდა თოთოლა და ისიც თავს მიანებებდა ქმარს, რომელიც ახლა საამო ნეტარყუჩობაში წავიდოდა.
და მცირე ხანში ისევ თავიდან იწყებოდა: -ადე, შე გასაციებელი!
-ადე, მამა, მამილო, მამაგულა,- ალერსით დაეხვეოდნენ ბალღები, თან მხარში უდგებოდნენ, ზოგი წინდას აწოდებდა, ზოგი ქალამანს, ქამარს, ზოგი ჩვრებს, რომელთაც ახალუხი და შარვალი ერქვა. ერთი წლის გოგო იამზე ცაცებით ქუდს მიაწოდებდა.
მაშინ დიდი ამბით დაიწყებდა ადგომას თაღრია; დაიჭერდა ცალ წინდას ხელში მკსა და ჩაცმის მოლიდინში გარინდდებოდა, თითქოს ფიქრობდა: ღირს ადგო მა თუ არაო? ახლა იმაზე გაიხეთქავდა გულს თოთოლა: -ახა ვაითას, ახა ვაგლახთას შენს ხელში!
-ნეტავ რა დროს მუშაობაა, ვერა ხედავ როგორ იკბინება მზის თვალი?-მორცხვად შეუბედავდა ცოლს თაღრია,მაგრამ კალო უკვე ჩაშლილი იყო თოთოლასა და ბაშვების მიერ ცხენშებმული კევრი უცდიდა ოჯახის უფროს.გოგო-ბიჭები კარგა ხანია რაც კევრზე ისხდნენ და ზარმაც მამას ჩუმად ახელბდნენ.
მალე თაღრია კევრზე იჯდა და თან ოროველას აზუზუნებდა.
მეტად მძიმე იყო კალოზე მუშაობა: უმზეურად კალოს ჩაშლა, მერე მთელი დღე სიცხიგულზე, საფიცხარში კევრზე ჯდომა.
-რა ვქნათ თუ გაზაფხულის სიცხეში ტვინი არ ავიდუღეთ, ისე ზამთარში ქვაბი ვერ აგვიდუღდებაო!- დასძენდნენ გლეხები.
ჩვენ ბალღებს მეტად გვიხაროდა კალო: კევრზე სრიალი, კალოს მსხალი, არნადით კალოს შეხვეტა და განიავება, საღამოთი კი ახლად მორწყულ კალოზე წითელი ხვავი და მის გარშემო ლხინი, ტაშგოგონა, სიცილი, თქართქარი, ვარსკვლავების თვლა, ვერცხლურ მდინარის გამონაჟონი-ირმის ნახტომი და მთვარე, მოქათქათე, ღიმილიანი მთვარე.
რა ვიცოდით, თუ რა აწუხებდათ ჩვენს უფროსებს. რა ვიცოდით, თუ მათ უმთავრო, უმთენარო ცხოვრება ჰქონდათ?!
იორზე, ვენახში, დიდი ჭერამი გვედგა,___შებუთქვილი, დახუნძლული.
თუ თავდაპირველად იგი ჩემი საყვარელი ხე იყო, მერე იგი მხოლოდ სევდას იწვევდა ჩემში, თან რაღაც ზიზღსაც კი.მერე ისე გაიარა ჩემმა ბავშვობამ, ზედ ერთხელაც აღარ ავსულვარ, აღარც მისი ტოტი დამირხევია. თითქოს უმძრახად ვიყავ ამ ხესთან, გვერდით გავუვლიდი, ზედაც არ შევხედავდი. მერე დაბერდა, გახმა, წაიქცა, არცა მწყენია, თითქოს კიდევაც გამეხარდა.
გულში მფიფქავდა ერთი მოგონება, თორემ უმიზეზოდ რად შევიძულებდი ნაადრევი ხილით გამხარებელ ხეს?
მაშინ კახეთის რკინიგზა გაჰყავდათ. გზა ჩვენს ივრის ვენახებზე გადიოდა. მალე დაიწყო ჯოჯოხეთური მუშაობა. მექანიზმები მაშინ არ ჰქონდათ და ხელით ებრძოდნენ სალიანდაგო სათხრელ მიწას. დიდძალი მუშა ტრიალებდა__ქართველები, სომხები, რუსობაც ბევრი იყო.
ადგილი დახაშმული, ჰაერი__ბოტორო. ივრის მწვანე ჭაობნარი, ჭყანტობები, ჭანჭრობები, ლიები საწყალ მუშებს უხვად ასაჩუქრებდნენ ციებ-ცხელებით, სიცხე სუნთქვას აგუბებდა, სახეს სწვავდა თონის ალმურივით. მუშას სასმელი წყალიც კი არ ჰქონდა, მღვრიე ივრის გარდა. ავად ხდებოდნენ, იქვე მიწაზე ჭერეხებივით ეყარნენ. პატრონი ვინ იყო? ზედამდეგები, შინამდეგები უყვიროდნენ, აგინებდნენ, ხოლო ქედწახრილი მუშები უსიტყვოდ ასრულებდნენ მათ ბრძანებას.
საღამოობით, სამუშაოს აშვებისას, ახალგაზრდა მუშები ცდილობდნენ ვითომცდა გამხიარულებას, მაგრამ წელმოწყვეტილი, დათუთქული ადამიანის ლხინი ვის გაუგონია? ერთხელ, ორჯერ მოსწევდნენ გარმონს, მაგრამ გულს ხალისი არა ჰქონდა, ხოლო მარჯვენას__ღონე და გარმონი იქვე მიყუჩდებოდა, თითქოს შორიდან ვიღაცამ დაიკვნესაო! სიცხისაგან გათანგულ მუშებს საუბარიც კი ეზარებოდათ.
მათი ერთადერთი იმედი, გახარება და გასართობი ივრის ვენახების ხილი იყო. ჩვენი ვენახიც ხომ ზედ ივრის პირას იდგა!
ვენახები ულეველი ხილით იყო სავსე: ბალი, თუთა, ჭერამი, თაფლა მსხალი, გულაბი, პანტა, ატამი, ვაშლი, კომში, ფშატი... ყურძენი ხომ იყო და იყო! შიგ და შიგ თავკარავიანი კაკლები იდგა, რომლის ტოტებზე ბალერინასავით დახტოდა ყვითელი მოლაღური და ,,ბიჭო გოგიას― დაგვძახოდა.
უთვალავი ხეხილი ზედ გზის პირას იდგა ლალ-ზურმუხტისფრად, მაგრამ არც ერთ მუშას არასოდეს უკადრია ხილის მოპარვა. მხოლოდ ფულის შემოძლევა კი იცოდნენ. გლეხებს ეხათრებოდათ ფულის აღება და ისე შესთავაზებდნენ ხოლმე, მაგრამ მუდამ ხომ არ შეიძლებოდა თავაზა? და აი, თითქოს მიწიდან ამოცვივდნენ ჩარჩები, ვაჭრუკანები, დაერივნენ ჩვენს ვენახებს და თვითეული ხე, ძალითა თუ ნებით, შეისყიდეს, რათა მერე ერთი ათად გაეყიდათ მუშებზე.
ერთი ხეც კი აღარ დარჩა სადმე ბავშვების პირის ჩასატკბარუნებლად. როგორც მახსოვს, თითო ხეში ექვს შაურს, ათ შაურს, სამ აბაზს და ასე მანეთამდე იძლეოდნენ, თვითონ კი თუმნობით იგებდნენ.
ხეხილის მსხმოიარობით გახარებული საწყალი ბავშვი მიადგებოდა უხვად დასხმულ ხეს, მაგრამ უეცრივ მოაგონდებოდა სასტიკი სიტყვა ,,გაყიდულია― და გველნაკბენივით უკან გამობრუნდებოდა. ასე დაემართათ ჩემს ფეხშიშველა ამხანაგებს__ფიფონას, ბათულას, აგლიას, არსენას. ვინ წაართო ეს თაფლივით ჭერამი?! იმ ვერცხლის ათშაურიანმა, რომელიც მათმა მამებმა ჩაიგდეს დახეული ახალუხის ჯიბეში.
აი, ქურდულად მიიხედ-მოიხედავს ბავშვი,__მერე რა მსხალია?! მსხლებს რომ პირი ჰქონდეთ, ერთმანეთს დასჭამდნენ! მაგრამ დიდედას მუხლქვეშ გაზრდილებს ქურდობისა ეშინოდათ, თან ყურში ჩასძახოდათ ის სიტყვები, ჩარჩმა რომ დაავედრა მათ მამებს ათშაურიანის მიცემისას.
-აბა, გაბრო, ამ დასხმულ ხეს გაბარებ. ასევე უნდა დამახვედრო, ბავშვებმა არ მომიკრიფონ.
გაბროც მამის სულს დაიფიცავდა, შეჰპირდებოდა პატიოსნებას, მაგრამ რატომ თავისი ქერა ბიჭი ფიფონა არ ეცოდებოდა? ბარემ... მაგრამ ჩარჩის ათი შაური სიღარიბის რომელიღაც ჭუჭრუტანას ამოუვსებდა ბეჩავ გაბროს.
შეიკრა, გაიფიცა ბავშვების წინაშე ივრის ხეხილი. ვის გაეგონა წინათ ხილის აკრძალვა? მთელი ივრის ხილი ხომ ჩვენი იყო. ჩიტებივით დავნავარდობდით ტოტებზე ბალღები, ახლა კი, მთელი ივრის ბაღნარები ჩვენთვის შეკრული, მოკვეთილი აღმოჩნდა; ამ მოულოდნელმა რისხვამ დაგვამუნჯა. მეტად მოულოდნელი და შემზარავი იყო. გულზე ჯანღად დაგვედო.
ივრის ბაღნარი კი ისევ ისე შრიალებდა. ჭრელ-ჭრელი ხილი ისევ თვალს გვტაცებდა, ჩვენ კი თითქოს ერთ დღეში დავბერდით; თითქოს ბავშობა აგვიკრძალეს იმ ხილის აკვეთით და ხილთან ერთად ხომ თვითონ იორიც იკრძალებოიდა. რაღა საქმეგვქონდა იორზე, რაღად უნდა ჩავქანებულიყავით სოფლიდან ივრის ჭალებში?
იორი კი ჩვენი ემბაზი და ასპარეზი იყო-საბანაო, სათევზაო. ივრის მორევში ჩაწოლილი კამეჩის გახეშილ კისერზე ჯდომა-დიდი ნეტარება იყო. ერთი სიტყვით, მთელი დღე იორზე ვეყარენით... და აი, ახლა ისე დამუნჯდა იორი, თითქოს შაჰ-აბაზი მეორედ შემოგვესია და ბავშვები მთლად გაუჟუჟიაო, თუ კევრით გაულეწიაო.
მგონი , ჩიტებიც კი აღარ ჭიკჭიკებდნენ ბავშვების ცოდვით. მე ერთი ვიყავი იმედიანად,მე ხომ მქონდა იორზე საკუთარი ხელუხლეველი ჭერამი? ჰოდა, ჩემს ფეხშიშველა მეგობრებს ჩავიყვანდი ჩვენს ვენახში და ვეტყოდი:
- ადი ბიჭო, დაარხიე, დაკრიფე, გაიხარე!
და აი, ერთ კვირა დილას, ჩავცვივდით იორზე - მთელი უბნის ბალღობა მყავდა დაპატიჟებული. ახლა რას გვიზამს ჩარჩის აკრძალვა? ჩემი ხეა და ჩემად შევინახე, ფულზე არ გამიცვლია! მაგრამ, იცით, რა მოხდა?! შორიდანვე დავინახე, ჩვენ ჭერამთან იდგა ჩარჩი მელქო, გოდრებით აკიდებული ცხენი იქვე ეყენა და გულმოდგინედ კრეფდა ჩემს ჭერამს.
თურმე დედაჩემს ჩვენი ჭერამიც გაეყიდა: ცოდონი არიან მეზობლის ბავშვები, რომ მარტო შენ გქონდეს ხილიო! არა უშავს რა, შენც მათთან ერთად იმარხულეო და გადმომცა სამი ვერცხლის აბაზიანი.
- შენი საყვარელი წიგნები იყიდეო!
მე მართლაც ვიყიდე ორიოდე წიგნი, მაგრამ მალე შემძულდნენ ის წიგნებიც და მათი დამწერნიც.
აი, რა მიზეზი იყო, რომ ჩვენი ჭერამი მხოლოდ სევდას და სიძულვილს იწვევდა ჩემში. იგი სასტიკად მოექცა ჩემს უდარდელ ბავშვობას. მისმა მსხმოიარე ტოტებმა დაჩხვლიტეს, დაკბინეს ჩვენი ბავშვური უზრუნველობა.
ხეა ხეა ხერავანდი, ზედ ასხია შარავანდი. ხალხური დიაკვანი ელეფთერი საღამო ხანს სოფლის მოედანზე იდგა და გლეხებში საუბარს გულს აყოლებდა.
ეს სწორედ ის ელეფთერია, რომელსაც გასულ თვეს სცემეს კეტებით დღეობაში მოსულმა ჭირვეულმა სტუმრებმა -ელეფთერი რათა გქვიანო! ამ ელეფთერზე იტყოდა სოფლის მღვდელი: ორი ელეფთერი რომ მყავდეს, ერთს უსათუოდ ჩამოვახრჩობდიო!
ელეფთერი ღვინის კაცი უფრო იყო, ვიდრე სულისა, თავქეიფა, ლხინიკო, ღვინის ხაპია! წირვა- ლოცვაზე საღვთო წერილს სულ უღიმღამოდ, ლუღლუღით ჩაიკითხავდა, მაგრამ ფსალმუნის იმ ადგილს, სადაც წერია: ―ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო―, დიდი სიყვარულით, დიდის რიხითა და ხმის ამაღლებით წარმოთქვამდა.
შებინდებამდე მინდვრიდან ნახირი დაბრუნდა, ყველამ თავის საქონელს მიაშურა, სოფლის მოედანი დაცარიელდა. უსაქმურ ელეფთერს უღარიბესი გლეხი ელიოზიღა შერჩა ხელთ.
- მაშ, ეს კი არ იცი, შენ, ძმაო, დაღონებულო, -მიმართა ელიოზს,-რომ ვეშა-წყარო უკვდავების წყალია?!
დიაკვანმა გამვლელ გოგოს, აბდიას, სველი ლიტრა გამოგლიჯა ხელიდან და მიიყუდა, ჯერ პირში წყალი დაიგემოვნა, მერე დაახრიალა, ახლა ზედიზედ იწაფა და კმაყოფილმა, ბედნიერებით მიბნედილმა, წყნარად თქვა: ვაი, ჩემი თავი მოგიკვდეს და აღარა გყავდეს, თუ არ იცი, რა არის ვეშა-წყარო!
- სად არის ეგ წყარო?
- თეთრობიანის მთებში.
- რის წამალია? -მორცხვად იკითხა ელიოზმა.
- წამალი კი არა უკვდავებაა!
- უკვდავება რა არის?
- სულ ცოცხალი იქნები!
ელიოზა შეკრთა, უკან დაიხია.
- არა არ მინ და! რათ მინდა, ამ ტანჯვასა და სიღარიბეში?
- მერედა ვინ გაძლევს შე საცოდავო! განა შენისთანებს მიესვლებათ ვეშა-წყაროსთან?! -და თვალები გადაუბრიალა.
დიაკვანი განაწყენებული შესცქეროდა ელიოზს, დიდად გაკვირვებული, რომ ასეთი ბნული და უხეში კაცი ნახა, რომელიც უარს ამბობდა მის მიერ აღმოჩენილ უკვდავების წამალზე.
ტყუილად წყრებოდა დიაკვანი. წვრილშვილი ელიოზი უსაშველოდ ღატაკი იყო-ასეთია, ასეთი, რომ მშიერი ძაღლი პურს არ გამოართმევსო!-იტყოდნენ ხოლმე მეზობლები და მართლაც უმამულო, უსარჩოო ელიოზის ჩამონგრეული მიწურის წინ მუდამ გუბე იდგა, მწვანე ბუზებით სავსე... ძონძები... ჩვრები... ჭუჭყი... შიმშილი... საზიზღარი სიღარიბის უკვდავება რად უნდოდა საწყალ ელიოზს?
ნაზი გულის ადამიანი იყო ელიოზი და თან ცხარე მეოცნებე. ცხოვრების სისასტიკეს მის სულში ვერ ჩაქრო ოცნების ნაპერწკალი და თავისივე შეთხზული უცნაური ოცნებებით იფარავდა თავს მხეცივით შემოტეული სინამდვილიდაგან.
ჯერ ოქროკვერცხას, ოქროს მდებელ ქათამს, ეძებდა ბუჩქნარებში, მერე დაეჟინა ნათელთევ- ზას დაჭერა და მთელი დღეები დაკარწახებული იდგა იორში: მოჩხრიკა, ამოხაპა იორი, დაღალა ბადე, ჩანგალი; წყლის ტოტებიც დაწურა, ხელაობასაც გადააკვდა, მაგრამ არ იქნა, ნათელთევზა ვერ იგდო ხელთ და ვერა!
ახლა გულში ჩაედო ხერევანდის ხისა, ანუ ნატვრის ხის ნახვა და მისი ნაყოფის ჭამა; ამ სურვილის ასრულება და მისი ნაყოფის ჭამა; ამ სურვილის ასრულება და მისი გამდიდრება ხომ ერთი იქნებოდა! ელიოზს სწამდა: იანვრის სასტიკ ყინვიან ღამეში თუ შუაღამისას მოხვდი ტყეში და თუ ცის გახსნას შეესწარ, მაშინ დაინახავ ტურფად აყვავილებულ ჯადოსნურ ხეს.
არა მშვენიერება მას არ სჯობია! ის ხე თურმე ერთ საათში კიდეც აყვავდება, კიდეც ნაყოფს მოისხამს. თუ მისი ნაყოფი ხელთ იგდე, ერთი გაკვნეტა და მორჩა! სიღარიბე იმ წამსვე ჩამოგეცლება სამუდამოდ! ვინ უთხრა ვინ ჩააგონა, დღესაც არ ვიცი, ეს კია, რომ იანვრის ღამეებში, როცა ყინვით ცა გასკდომაზეა, ხშირად დახეტიალობდა დაკონკილი ელიოზი ტყეში, მარტოდმარტო ცის გახსნისა და იმ ნატვრის ხის ნახვის მოლოდინში.
- ან დათვისა არ გეშინია, ან მგლისა, ან აფთრისა, რომ შიშველი ხელებით დადიხარ უღრან ტყეში?
მაგრამ ელიოზის თვალწინ მხოლოდ წითელ-ყვითლად აბრიალებული, აყვავებული ხე იდგა და სხვას ვეღარას ხედავდა-ვერც საშიშს, ვერც სახიფათოს და მისი კონკებში გამოხვეული სხეულიც ოცნებით გახურებული, ეტყობა, ვერ გრძნობდა მოუთმენელ სიცივეს.
ცოლ-შვილი ვედრებით უშლიდა ელიოზს ტყეში სიარულს, მაგრამ მან თავისი არ დასთმო. ბოლოს შეეჩვივნენ კიდეც და თავი მიანებეს, ტყიდან დაბრუნებული შეშის გუდურას ჩამოაყალიბებდა ხოლმე ხელს და ოჯახში კიდეც უხაროდათ.
- რა ჰქენი, ელიოზ, იპოვე შენი ნატვრის ხე? -შევეკითხებოდი ღიმილით
- ვერა, მაგრამ ვნახავ!
- ტყეში რომ ცივა, რომ ბაბანებ და თრთი ამ ფიცხელ სიცივეში?
- მაშ როგორ გინდა, შე ოჯახაშენებულო?
და აი, ერთ ზამთრის დილას, როცა სიცივეს ჭახჭახი გაუდიოდა, ტყიდან მარხილით ჩამოასვენეს ელიოზი. ნატვრის ხის ძიებაში, მის ყარაულობასა და ლოდინში, ყინვით აყვავებულ ხის ქვეშ გაყინულიყო.
--- მართლაც, ისეთი ლამაზი ხე ამოერჩია საწყალს, რომ იმის დანახვას არაფერი სჯობდა. ყინვას მოერთო ათასნაირი ყვავილებით, არშიებით, რუშებით, ჯინჯილებით, სულ დასურათებული იყო,--- ამბობდა ტყის მცველი ბოდაველი, რომელიც შემთხვევით ზედ წასდგომოდა გაყინულ ელიოზს ბნელ ტყეში.
ასე კი იყო...
ელიოზს კუბო თავის ფარღალალა საბძლის ფიცრებიდან შეუკრეს.
დიაკვანი ელეფთერი ერთხელ კიდევ გამოთვრა ელიოზის ქელეხში და მით მორიგი ოცნება გაინაღდა. მეორე დღეს მხოლოდ დარდის ამშლელ ნაღვინეობას უჩიოდა.
საწყალი ელიოზი მაინც ვერ გაექცა შემზარავ სინამდვილეს და ოცნების ხეს შეეწირა. პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე!