რამდენი ღამე მითევია მე შენზე ფიქრში,
რამდენი წუთი მინატრია... დრო არ მყოფნიდა,
ხან მოუთმენლად დამითვლია წამები იგი,
ხან ვაჩერებდი, ის მებრძოდა... მაინც მჯობნიდა...
იყო იმედი შეხვედრისა და მოლოდინი,
წამებს მოჰქონდათ მერე ისევ ეს განშორება,
და მერე იყო უსასრულო დროის ზოზინი,
თითქოს ათოვდა უშენობა ცისფერ ცხოვრებას.
იყო უსაზღვრო მონატრება და მერე ქროლვა
დროის ქარების არ წყდებოდა, წაშალა გზები...
მერე დაიწყო უშენობამ კვლავ ცივი თოვა
და გადათეთრდა ჩვენს ცხოვრების ცისფერი მთები...


26.04.2007

მიფრინავს წამი, წუთი, საათი,
მიჰყვება დღეს დღე და წელსაც წელი,
მე ხელში შემრჩა ერთი ბარათი...
გადავიკითხე სიტყვები ძველი...
მე გამახსენდა შენი სიმღერა,
მე გამახსენდა სიცილიც, ცრემლიც,
და მომენატრე, კარგო, იმდენად,
რომ სულ მცირე ხნით გაგხადე ჩემი...
მიფრინავს წამი, გადის საათი,
ნელა ვშორდებით ერთურთის აჩრდილს,
დროვ, გაიარე ერთხელ ტაატით,
ნუ გავხარ მუდამ ცხენს ფაფარაშლილს!!!


26.04.2007

გაერთფეროვნდა სამყაროს ფერი,
თითქოს მივაპობ მუქ რძისფერ ნისლს,
მე აღარ ვიცი ვისთვისა ვმღერი,
ნელ-ნელა ჩემი სიმღერაც მღლის.
არ ვერიდები სიმთვრალეს, ვსვამ,
არ ვერიდები სიცივეს, წვიმს,
არ ვერიდები არც თოვლს, არც ქარს,
მაგრამ სულს მაინც რაღაცა ჭირს...


26.04.2007