ეპისტოლე, მიწერილი გიორგის მი-მართ, დიდისა მის შეყენებულისა, რომელი მკჳდრ იყო მთასა საკჳრველსა, მონასტერსა წმიდისა სჳმეონისსა, ბერისაჲ მის, რომლისა-და ეთხოვა, რათა აღუწეროს ცხოვრებაჲ და მიცვალებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა გიორგი მთაწმიდელისაჲ, ზედაწერილი ესრეთ იტყჳს:

ღმრთივ-სანატრელსა, სათნოებათა შინა განთქუმულსა, მოძღვარსა მოძღუართასა და სულიერსა წინამძღუარსა ჩუენსა გიორგის შეყენებულსა უფლისა მიერ გიკითხავნ, მთით წმიდით მთასა საკჳრველსა, ქრისტეს მიერ ღმრთისა ჩუენისა გახარებ!

ზეშთა-ბუნებისა მაღალთა მათ მიერ მოღუაწეობათა ეტლი სულისა შენისაჲ ზეცად მიმართ აღამაღლე, ნივთთაგან და ნივთიერთა სიზრქეთა, და ქუეყნად მიმართ დამზიდველთა გონებაჲ შენი სრულიად განაშორე, ვინაჲთგან საქმე დასაბამ ჰყავ ხედვისა და შიში ღმრთივ-გონიერი მიზეზ უშიშოებისა, რაჟამს დაყუდებისა მიერ და დუმილისა მხოლოჲ მხოლოსა მას შეესაკუთრე, და თავისა თჳსისა თანა მკჳდრობითა თავსა მას ყოველთა საწადელთასა მიემთხჳე, ჵ კაცო საკჳრველო და ზეშთა-[კაცე]ბისა საგონებელო! რომლისა თჳსცა სიმდაბლითა მით ღმერთ-მყოფელითა ეგევითარი მაღალი და დიდი საქმე ძიება-ჰყავ ჩუენგან, რომელსა თჳთ შენ უმეტეს ჩუენსა მეცნიერ იყავ ჩუენგან, გლახაკთა ამათ და უღირსთა, რომელთა ესე უწყით: ჴნარცუსა მას შინა ვნებათასა მდგომარე […] ჯუარი იხილა დიდმან პახუმი, და ვეძიებთ მსგავსთა თქუენთა ჴელის-მიცემად, რაჲთამცა მიერ აღმოვედით და მღჳმისაგან გლახაკობისა და თიჴისაგან უყისა კლდესა ზედა სათნოებათასა ფერჴნი ჩუენნი დავამტკიცენით და გზათა მათ, ზეცად მიმყვანებელთა, დაუბრკოლებელად სლვად წარვემართენით, ვითარცა იტყჳს დიდი დავით: „და მერმეცა აღივსენ პირი ჩუენი გალობითა, რათა ქებაჲ ღმრთისაჲ ჩუენისაჲ იხილონ მრავალთა”.

ხოლო რაჲ არს ქებაჲ ღმრთისაჲ, დიდებაჲ და შესხმაჲ წმიდათა მისთაჲ? მითხრობაჲ ცხორებისა და მოღუაწებისა მათისაჲ წერით და უწერელად, რათა ცნას ესე თესლმან სხუამან, და შვილნი, რომელ იშვებოდიან, აღდგენ, და მიუთხრობდენ მამანი მათნი შვილთა თჳსთა.

არამედ რათა არა უღელი იგი ტკბილი მორჩილებისაჲ განვაგდოთ, ქედსა მას ზედა სულისა ჩუენისასა მდებარე, ნუ უკუე პარეხთა მათ და უღაღთა ურჩებისათა შთავცჳვეთ, ვინაჲ იგი აღმოსლვაჲ შეუძლებელ არს, ამისთჳს წმიდისა ბრძანებისა თქუენისა საქმით აღსრულებად ვისწრაფოთ შეწევნითა წმიდათა ლოცვათა თქუენთა.

გარნა, ვითარცა ვთქუთ, ჵ წმიდაო, არა თუ შენ უმეცარ ხარ ცხორებასა განთქუმულისა ამის კაცისასა სიჭაბუკითგან მისით, ვიდრე სიბერედმდე, არამედ ეგრეთ მეცნიერ ხარ, ვითარცა [დიდი] ანტონი ცხორებასა ნეტარისა მაკარისასა, რომელი-იგი მოწ[აფე საყვა]რელი იყო მისი, და, ვითარცა ნების-მყოფელი [შვილი მისი], სათნოებათა მისთა მკჳდრად გამოჩნდა, [და შე]მსგავსებული ქებაჲ მის მიერ მიიღო და [რომლისა თჳსცა] არა უჯერო არს და შეუმსგავსებული [თქუენი]სა მის მიმართ სურვილისა დას[...] და მისისა მის თქუენდა მომართ სარწმუნოებისადა სასოებისა თანასწორებით და სახისმეტყუელებით თანა-ხატ ქმნად ზემოჴსენებულისა მის სახისა.

ხოლო ვინაჲთგან კუალადცა მეორედ მოიწია წმიდაჲ ეპისტოლე თქუენი სიგლახაკისა მომართ ჩუენისა, ვითარცა მრავალ-ჟამ [მის თანა] ყოფილისა და მის მიერ განათლებულისა და ღმრთისა მსგავსითა სიყუარულითა მის მიერ შეყუარებულისა, და უმეტესადღა ვთქუათ, თუ ჟამსა მას სოფლით განსლვისა და ღმრთისა თანა მისლვისა მისისა, რომელსა-იგი სუროდა და წადიერ იყო, მის თანა დახუედრებულისა, და კუალად ღმრთის-მოყუარისაცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა - იოანეს ვიტყჳ, ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა, მო-რაჲ-ვიდა სამეუფოდ ქალაქად, მოციქულად მოვლინებული ბაგრატ აფხაზთა მეფისა მიერ და სევასტოსისა. ამის პირისათჳს დიდად იძულებულ იქმნა უღირსებაჲ ჩუენი, ვითარცა შვილისაგან მამის-მოყუარისა და, უფროჲსღა ვთქუათ, თუ ქრისტეს-მოყუარისა, რათა ყოველი სახე აღსრულებისა და სოფლით განსლვისა წმიდისა ამის მამისა ჩუენისაჲ უნაკლულოდ მიუთხრათ. და მერმე კუალად სხუათაცა ვიეთმე ღმრთივ სულიერთა. მამათა და ძმათაგან დღითი-დღე ვიიძულები და სიტყუაჲ მიმეჴადების: არა ხოლო თუ მიცვალებისათჳს, არამედ სრულად ცხორებისაცა და მოქალაქობისა მისისა აღწერისათჳს.

ხოლო უმეტეს ამათ ყოველთასა მორჩილებამან ბრძანებისა თქუენისამან, ვითარცა რკინამან ცეცხლი ქჳის მსგავსისა გონებისა ჩემისაგან ეგრეთ აღატყინა საღმრთოჲ მხურვალებაჲ აღწერად ცხორებისა ღმრთივ-განათლებულისა ამის კაცისსა, და მერმე, რათა არა დავიწყებულ იქმნას მომავალთაგან და შემდგომითი შემდგომთა ნათესავთა, ვითარცა მრავალთა წმიდათაჲ ნათესავსა შორის ჩუენსა გამოჩინებულთაჲ, ცხორებანი აღუწერელობითა დავიწყებისა სიღრმესა მიეცნეს, არაჲ თუ მათდა რაჲმე საჴმარ არს ესე: რამეთუ იგინი წინაშე ღმრთისა განათლებულნი მდგომარე არიან, არამედ, რათა ჩუენ მოჴსენებითა შრომათა და ღუაწლთა მათთაჲთა დღითი-დღე ფრთოვან-ვიქმნებოდით, და ბაძვად სათნოებათა მათთა წარვემატებოდით. ამისთჳსცა ჴელთა ბრძანებისა თქუენისათა უღირსი ესე თავი ჩემი მორჩილებად მივეც, არამედ ყოვლითურთ განცჳბრებულ ვარ და არა უწყი, თუ რაჲ ვყო. უკუეთუ უგუნურებით ჴელ-ვყო, კადნიერებისა ბრალსა შთავვარდები, და უკუეთუ არა, ურჩებისა საშჯელისაგან მეშინის, რამეთუ იტყჳს: „რომელთა უწყოდიან სიტყჳთ გინა სმენით საღმრთოთა წერილთაგან, და გინა თუ თჳთ-მხილველ ქმნილ იყვნენ და აქუნდეს მეცნიერებაჲ სულისა სარგებელთა და ღმრთისა სათნოთა ცხორებათა და მოღვაწებათაჲ, რომელნი წმიდათა მამათა აღასრულნეს, პირველად ესრეთ ჯერ არს, რათა მსგავსად ძალისა ბაძვად მათდა მოსწრაფე იყვნენ, და სათნოებათა მათთა ეშურებოდინ, და განჰმართონ ენაჲ ბრგუნილი იგი სულისაჲ, და ვითარცა ღმრთისა მიახლებად ყოვლითურთ წმიდა იქმნენ, და პირი იგი უხილავი ხილულისა ამის თანა განავრცინ და მაშინღა [იწყონ]დიდებად და ქებად წმიდათა ღმრთისათა. და არა ხოლო თუ თავთა თჳსთა მოატყუან სარგებელი რომელთა ესე-ყონ, არამედ მსმენელნიცა იგი ბაძვად სათნოებათა მათთა აღლესნენ. ხოლო რომელთა უწყოდიან ესევითარი სარგებელი სულისაჲ და არა ინებონ მითხრობად, არამედ მისცენ იგი სიღრმესა დავიწყებისასა გინა მცონრებისა მიერ, გინა ჟამთა დროებისა, გინა თუ შურითა ვიეთთამე უჴსენებელ-ყონ, ესე ვითარი ესე სულისა სარგებელი თხრობაჲ, ითქუას მათდა მიმართ, ვითარცა იტყჳს დიდი ბასილი, ვითარმედ: „სიბრძნე დაფარული და საუნჯე უჩინოჲ - ვინ ირგოს მისგან?” და კუალად ,,ტალანტისა დამფლველთა და წყაროჲსა დამყოფელთა და საუნჯისა უჩინო-მყოფელთა თანა დაისაჯოს”.

ესე არიან მიზეზნი ჩემისა მეტყუელებისანი, რომელთა მიერ ვიიძულები და ,ვითარცა დეზითა, პირუტყუთ-მსგავსი ესე გონებაჲ ჩემი შინაგან იწერტების და აღმძრავს სიტყუად, რამეთუ არა თუ ღირსებისაებრ შესხმა არს და სასჯელ, არამედ ძალისაებრ არა თქმაჲ საბრალობელ. ვითარცა იტყჳს გრიგოლ ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: ,,ყოველივე, ძალისაებრ ქმნული, მითუალულ არს ღმრთისა მიერ”. ხოლო მე ვიწყო სიტყუად უნდოჲსა ძალისა ჩემისაებრ და, რაოდენ უძლო, მარტივად და სულ-მცირედ აღვსწერო, არა თუ სხუათაგან სმენილი, არამედ, უმეტეს ყოვლისა, წმიდისა და უტყუველისა პირისა მისისაგან მოთხრობილი სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისაჲ, რომელსა-იგი, ვითარცა ერთგულსა შვილსა, არა დამიფარვიდა სარგებელისათჳს ჩემისა, ხოლო შემდგომი რომელიმე თუალითა ხილული და რომელიმე კაცთა მიერ სარწმუნოთა და წმიდათა უწყებული, რათა ესრეთ ერთობით შევკრიბო საწადელი ესე და სასურველი მოთხრობაჲ და, ვითარცა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ, ერთობით შეთხზული და შეწყობილი, წარმოვსცე წინაშე სიწმიდისა თქუენისა, საკჳრველსა მაგას და სასურველსა მთასა, რომელსა შინა თავს-ისხნა მრავალნი შრომანი და ღუაწლნი კაცმან მან ღმრთისა შეყუარებულმან თარგმანებისათჳს წმიდათა წიგნთასა. ხოლო რომელი იპოოს ნაკლულევანებაჲ მიზეზითა ჩუენ მიერ აღწერილობისაჲთა, განემართოს თქუენ მიერ მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რომელი მკჳდრ არს თქუენ თანა, სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა

და ნეტარისა მამისა ჩუენისა

გიორგი მთაწმიდელისაჲ

I. „ჴსენებაჲ მართალთაჲ ქებით აღესრულებისო”, იტყოდა ბრძენი სოლომონ შესხმასა მას შინა მართალთასა, რომელსა სულითა წმიდითა წინაჲთვე მოასწავებდა გამოჩინებათა მათ წმიდათათჳს, რომელნი შემდგომად ქრისტეს მოსლვისა გამოჩნდეს: მოციქულნი, მღდელთ-მოძღუარნი, მოწამენი და მამანი და ყოველნი წმიდანი და მართალნი, რომელთა მიერ აღივსო ყოველი სოფელი დიდებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელთა მრავალთა დაფარონო პირი ყოვლისა ქვეყანისაჲ”. და კუალად იტყჳს ესაია განკჳრვებით: ,,ვინ არიან ესენი, რომელნი, ვითარცა ღრუბელნი ფრინვით მოვლენ? რამეთუ ღრუბლად უწოდა მათ ჴორცთა უარის-ყოფისათჳს და ნივთიერთა საქმეთაგან ამაღლებისა და გონიერთა და საცნაურთა ღრუბელთა თანა შერთვისა, რომელთა ზედა მჯდომარე იხილვოს მომავალად თჳთ თავადი, ვითარცა-იგი ამაღლდა თავთაგან მოწაფეთასა.

რამეთუ ესე ვითართა მათთჳს იტყოდა დიდი პავლე, ვითარმედ: „ქრისტესთა მათ ჯუარს აცუნეს ჴორცნი მათნი ვნებითურთ და გულისთქუმით”: რომელთათჳს-იგი ნაყოფთა სულისათა წარმოიტყჳს. და კუალად თჳთ მაცხოვარი ეტყოდა მოწაფეთა თჳსთა აღებად ჯუარისა და შედგომად მისა, რამეთუ ჴორცთა ჯუარს ცმივა ჴორციელთა მათ უჴორცოებასა მოასწავებდა, რაჟამს იგი თჳსთა და ნათესავთა უვარის-ყოფითა ასსა წილსა მიღებად აქაჲთ აღუთქუმიდა და დასასრულსა ცხორებასა საუკუნესა მიანიჭებდა, რომელსა-იგი ტრფიალ-ყვნა მოყვარენი სათნოებისანი და მეძიებელნი სასუფეველისანი, და მის მიერითა მით ბრწყინვალებითა აქავე განათლებულნი, რომელთა თანა შეერთო ახალი ესე მოღუაწე და ჩუენ მიერ საქებელად წინა-მდებარე, რომლისა-იგი ღუაწლთა და შრომათა არა უმეცარ ხართ, რომელთა-იგი თჳთ თუალითა გიხილავს, და რომელთადა სმენით უწყებულ არს. და კუალად ყოველნივე ერთობით ნამუშაკევსა მას და ნაყოფსა გონებისა მისისასა თუალთა მიერ განცდითა და ყურთა სმენითა, ვითარმცა მას თავადსა, თჳთ ხედევდით, რომლისაჲ დაღაცათუ დავიდუმოთ სიმრავლისგან ზოგადი მაღალთა მათ ღუაწლთა მისთაჲ, რომელნი ღმრთისა ეკლესიისათჳს მან თავს-ისხნა, გარნა ვაჴსენოთცა რომელთა-იგი ჴსენებაჲ წმიდა არს და სარგებელ, და სათნოებათა და მოღვაწებათა მიმართ მაწუეველ, ვითარცა იტყჳს გრიგოლი ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: „კაცსა რაჲცა რაჲ უყუარნ და აქებნ, მისსა მიმართ მიისწრაფინ, და ვითარცა სხუათა ყოველთა მცნებათა აღსრულებაჲ თანამდებ არს კეთილთა კაცთათჳს, ეგრეთვე ჟამსა სიტყჳსასა სიტყვაჲ და მოყვარეთა სათნოებისათა ქებაჲ.

რამეთუ არა დააცადა მოწყალებამან ღმრთისამან ჟამითი-ჟამად გამოჩინებად ღირსთა მისთა ნუგუეშინის საცემელად უძლურისა ამის და დაჴსნილისა ნათესავისა ჩუენისა განმაძლიერებელად და განმამჴნობელად, რათა ხედვითა და სმენითა სათნოებათა მათთაჲთა შურად და ბაძვად ღირსებისა მათისაჲ აღვიძრვოდით და ძალსა მას საცნაურსა სულისა ჩუენისასა, ვითარცა ორბისა სიჭაბუკესა, განვაჭაბუკებდეთ. და, ვითარცა მთოარესა, ეგრეთ განვაახლებდეთ, რომელ ღამესა შინა ამის ცხორებისასა, ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით, და ყოველთავე ბნელის მოყუარეთა მყოფთა სულთა ჩუენთაგან განვიოტებდეთ, და ესრეთ სათნოებათა მიმართ წარმატებულნი შემომავალსა მას და ბრწყინვალესა დღესა უკუანაჲსკნელსა, ვითარცა ცისკარსა განთიადისასა, აღმოსლვად განმზადებულნი მოველოდით.

რაჟამს ბრწყინვალე იგი მნათობი ნათესავისა ჩუენისაჲ დიდი ეფთჳმე აღმოგჳბრწყინდა ნათლად და სიხარულად, დიდებად და გჳრგუჳნად, გონიერ-მყოფელად და განმაბრძნობელად უგუნურებისა ჩუენისა, რომელმან უმეცრებისა იგი საბურველი მოსძცარცუა გონებათაგან ჩუენთა, და, ვითარცა დღემან ღმრთივ-განათლებულმან, მჭმუნვარე იგი ნისლი უგულისჴმოებისაჲ განჴადა სულისაგან ჩუენისა, და სივრცითა და სიმაღლითა ღმრთივ-თარგმნულთა წმიდათა წიგნთა მისთაჲთა ნაკლულევანებაჲ ენისა ჩუენისა აღავსო, და რომელნი ესე ბარბაროზ წოდებულ ვიყვენით ელენთა მიერ უსწავლელობისათჳს და უმეცრებისა ჩუენისა, მათთანავე აღგურაცხნა ღმრთისა მიერ მოცემულითა მით სიბრძნითა თჳსითა.

ხოლო რაჟამს წმიდაჲ ესე სოფლით აღივსო და ღმრთისა მიიცვალა, და წმიდათა ბრწყინვალებასა შეემატა, და არა სრულ იქმნა სიხარული ჩუენი მყისსა შინა სოფლით განსლვისა მისისათჳს, და ეგრეთ ინება განგებულებამან ღმრთისამან ჩუეულებისაებრ თჳსისა, ვითარცა-იგი მრავალ გზის-ყო, რათა არა ერთსა ზედა ოდენ გინა ორსა მოჰფინოს შარავანდედი მადლთა თჳსთაჲ, არამედ რათა დღითი-დღე აღორძინდებოდის და განვრცელდებოდის ღმრთისა ეკლესიაჲ და უმაღლესისა მიმართ წარემატებოდის, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: ,,და იყოს უკუანაჲსკნელთა მათ დღეთა მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ჴორციელსა, და წინაჲსწარმეტყუელებდენ, ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ, და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო”. და კუალად მოციქული განყოფასა მას შინა მადლთასა ნიჭად საღმრთოდ და ნაწილად სულისა მიერ მოცემულად თარგმანებასა ენათასა უწოდს, რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი ღმრთისანი უშურველად და უხუვებით მიფენილ ყოველთა ზედა ნების მყოფელთა მისთა, ვითარცა-იგი დიდი მოსე იესუს ეტყოდა, ვითარმედ: „ვინ მომცეს მე ყოველი ესე-ვითარი წინაჲსწარმეტყუელად ღმრთისა?” რამეთუ იცოდა მან ნებაჲ ღმრთისაჲ და უხუებით მიცემაჲ მადლთა მისთაჲ.

რომლისათჳსცა, წმიდაჲ რაჲ მამაჲ ჩუენი დიდი ეფთჳმე სოფლით განვიდა, ვითარცა პირველ ვთქუთ, შემდგომად რაოდენთამე ჟამთა კუალადცა სახიერებამან ღმრთისამან და მადლმან მამისა ჩუენისამან ჟამსა თჳსსა გამოაჩინა დიდი ესე მუშაკი საღმრთოჲსა მადლისაჲ, წმიდაჲ მამაჲ ჩუენი გიორგი, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ჩუენი და წინა-მდებარე არს აღწერად და მოთხრობად შემდგომთა ნათესავთა საწურთელად და გულისჴმის საყოფელად, ვითარცა მან ნეტარმან დიდისა ეფთჳმეს ცხორებაჲ აღწერა სახედ და ხატად სათნოებისა მომავალთა ნათესავთათჳს, რომელი ესე არცა ჩუენ დავიცონოთ შეწევნითა ღმრთისაჲთა, არამედ ყოველი სახე ცხორებისა მისისაჲ აღვწეროთ შობით მისით და ვიდრე აღსრულებამდე. ხოლო იყავნ ჩუენთანა ღმერთი იგი მის მიერ შეყუარებული და მისი შემყუარებელი, და ლოცვაჲ წმიდისა მის მამისაჲ, რომელმან ამისი ჴელყოფაჲ ჩუენ გუაიძულა, სადიდებელად ღმრთისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

II. ესე წმიდაჲ მამაჲ ჩუენი გიორგი იყო ნათესავით ქართველი, ხოლო ვინაჲთგან ღმრთის-მსახურებისა საიდუმლოსა შინა ერთი მამული პატივცემულ არს, რომელ არს სამოთხე პირველისა მის მამისა ჩუენისა საყოფელი და ერთი ქალაქი, რომელ არს ზეცისა იერუსალემი, ცხოველთა მათ ქვათა მიერ აღშენებული, რომლისა შემოქმედ და ხუროთ-მოძღვარ ღმერთი არს, და ერთი ნათესავობაჲ, რომელ არს თჳსებაჲ ღმრთისაჲ. არამედ ნუ ვინ ჰგონებნ, თუ არარაჲ გუაქუს პატიოსანთაგანი მამულისათჳს და ნათესავთა წმიდისა მამისა ჩუენისათა მითხრობად და რეცა ჩემებით მოვიპარავთ ჭეშმარიტებასა საქმეთა მიერ საყუედრელთა!

რამეთუ იყო ნეტარი ესე, ვითარცა ვთქუთ, ნათესავით ქართველი. ხოლო მამის მამეულად ღმრთის-მსახურისა მისგან და ღმრთივ-დაცვულისა ქუეყანისა, რომელსა სამცხე ეწოდების, ხოლო თჳთ აღმოეცენა იგი ქუეყანასა თრიალეთისასა, ვითარცა პირმან საქმისამან გაუწყოს.

რამეთუ მშობელნი ამისნი იყუნეს ღმრთის-მსახურნი. [და] ეწოდებოდა მამასა იაკობ, ხოლო დედასა - მარიამ. ესე იაკობ იყო ერთგულთაგანი და საკუ[თა]რთა ღმრთის მსახურისა მეფისა გიორგისთაჲ, და საქმისა რომლისათჳსმე საერთგულოჲსა მოციქულად წარივლინა მეფისა მიერ სპარსეთს; და, ვითარცა წარემართა, ნებითა ღმრთისაჲთა სავანე-ყო დაბასა მას და სახლსა, რომელსა იყოფოდეს მშობელნი წმიდისა ამის დედისანი. ხოლო იაკობ, ვითარცა იხილა წესიერი იგი და სათნოჲ ცხორებაჲ მათი და, უმეტესადღა ვთქუათ, თუ ღმრთის მოყუარებაჲ გონებისა მათისაჲ, სთნდა ყოველი განგებაჲ მათი და ეტრფიალა კეთილსა ცხორებასა მათსა. ხოლო შვილად მხოლოდ-შობილად ესუა მათ მარიამ და სიყუარულისათჳს მისისა არაჲ ვინაჲ მიეთხოვა, დაღაცათუ მრავალთა მიერ ძიებულ იყო სძლად მიყვანებად სახედ თჳსად.

ხოლო იაკობ, იხილა რაჲ შეუნიერებაჲ ხატისა მისისაჲ და ნა[რ]ნარი იგი და დაწყნარებული ქცევაჲ მისი და განკრძალული სახე, ჰრქუა მშობელთა მისთა: „დამიმარხეთ შვილი ეგე თქუენი კეთილადე, რომელ მო-თუ-ვიქცე მშჳდობით, მე ვიქორწინო ეგე და სრულიად თქუენ თანა დავემკჳდრო“, და ესრეთ წარემართა გზასა თჳსსა და ნებითა ღმრთისაჲთა კეთილად განემარჯუა და მშჳდობით მოიქცა, და მეფე დიდად მოიმადლა, და ესრეთ მოვიდა ზემოჴსენებულთა მათ მშობელთა თანა ქალწულისთა, და იქორწინა შჯულიერითა და წმიდითა ქორწინებითა, ვითარცა იტყჳს მოციქული: ,,წმიდა არს ქორწილი და საწოლი შეუგინებელი”. და ესრეთ აკურთხნა იგინი უფალმან, ვითარცა დიდი იაკობ და რაქელ, რამეთუ ჴორციელსაცა თანა სიმდიდრესა შვილიერებითაცა პატივსცა, რამეთუ ესხნეს სამნი ძენი და სამნი ასულნი.

ხოლო ნეტართა ამათ მეუღლეთა კეთილად განიზრახეს, რათა პირველი ნაყოფი თჳსი ღმრთისა შეწირონ. ხოლო, მიეცა პირველად ნაყოფად ასული, რომელსაცა უწოდეს სახელი თეკლა და პატივსცეს სახელითა პირველმოწამისაჲთა. და ვითარცა იქმნა იგი შჳდისა წლისაჲ, შეწირეს იგი ღმერთსა, ვითარცა აღეთქუა, და წარიყვანეს იგი სამცხეს მონასტერსა სადედოსა, რომელსა ტაძრისი ეწოდების, და მისცეს იგი ჴელთა წინამძღუარსა მის მონასტრისასა, რომელსა საბაია ეწოდებოდა, დედაკაცსა ღირსსა და წმიდასა, რომელმანცა შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თჳსი. და კეთილად აღზარდა. და კულად შვეს სხუაჲ წული შვილი, რომელსა უწოდეს თევდორე. და ესრეთ კუალად განიზრახეს კეთილთა მათ მშობელთა, რათა, უკუეთუ იშვეს მათდა სხუაჲ წული, შეწირონ იგი ღმერთსა: რამეთუ „ვერძისაჲ ჯერ-არსო შეწირვად”.

ხოლო მარიამს ეძინა რაჲ თჳსაგან, ღამესა ერთსა ეჩუენა მას ბრწყინვალე ვინმე და დიდებული, რომელი ეტყოდა: ,,აჰა ესერა, ჰშვე ყრმაჲ წული, ვერძი რჩეული ღმრთისაჲ; შეწირე იგი მისსა, რომლისადა აღგითქუამს, და სახელი უწოდე მას გიორგი”. და, ვითარცა განიღჳძა დედაკაცმან მან, შიშით და სიხარულით მიუთხრა ესე ყოველი ქმარსა თჳსსა; და აღდგეს ორნივე ერთობით და ცრემლით მადლობაჲ შეწირეს ღმრთისა და მოელოდეს აღთქუმასა მას საღმრთოსა.

იხილეთ, ჵ მორწმუნენო, ვითარ სახელის-წოდებითა ამით ყრმისაჲთა ჩუენებასა შინა ღამისასა ცხადი და განმარტებული საქმე მოესწავებოდა, რამეთუ საღმრთოსა და სულიერსა მუშაკობასა დედასა ყრმისასა მახარებელი იგი მისი წინაჲსწარ აუწყებდა და ურნატთა ეკლესიისათა მის მიერ მომუშაკებად მოასწავებდა, და საუნჯესა მორწმუნეთასა ღმრთის-მსახურებისა იფქლითა აღვსებად ახარებდა, რამეთუ ბერძულითა ენითა გიორგი მუშაკად გამოითარგმნების.

III. ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. შემდგომად დღეთა რაოდენთამე იშვა მათ და ღმრთისა მიერ აღთქუმული იგი ნიჭი. და იზარდებოდა ჴორციელისაჲთა ჰასაკისა სულიერითაცა ჰასაკითა, და განიპოხებოდა მადლითა სულისა წმიდისაჲთა. და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა, და, ვითარცა წერილ არს, ,,დღე და ღამე შჯულსა უფლისასა იყო ნებაჲ მისი, და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე”, ამისთჳსცა იქმნა იგი, ,,ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა” წიგნთა ღმრთივსულიერთასა, და გამოსცა ჟამსა თჳსსა ნაყოფი შუენიერი და ზეცისა საუნჯეთა ღირსი.

რამეთუ, ვითარცა იქმნა იგი შჳდის წლის, აღთქუმაჲ იგი აღასრულეს მშობელთა მისთა, და, მასვე ზემოჴსენებულსა მონასტერსა ტაძრის[ს] დისა თჳსისა თანა ღმრთისა შეწირეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, მომცემელსა კეთილისა მის ნაყოფისასა.

არამედ, ვინაჲთგან სიყრმესავე თჳსსა მშობელთა მოღუაწებისაგან დააკლდა, და, ვითარცა მორჩი კეთილი, აღმოცენებასავე თჳსსა თანა ყოფადსა მას წარმატებასა აუწყებს ქუეყნის-მოქმედთა, ვითარცა იტყჳს დავით: ,,მართალი, ვითარცა ფინიკი აყუავდეს და, ვითარცა ნაძჳ ლიბანისაჲ განმრავლდეს, დანერგული სახლსა ღმრთისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდის“. და ესრეთ, ვითარცა ახალნერგი შუენიერი, იზარდებოდა მონასტერსა მას შინა, და ისწავლიდა წერილთა საღმრთოთა დედაკაცისა მისგან ღირსისა, დისა თჳსისა, და მოასწავებდა წინაჲსწარვე გამოღებად ნაყოფსა მას, რომელი ყოფად იყო, რამეთუ სიმახჳლითა და მოსწრაფებითა გონებისაჲთა, საგონებელ იყო მხილველთაგან, თუ: „აყუავებასა თანა მეყსეულად ნაყოფსა გამოიღებსო“. რამეთუ, ვითარცა მოსესთჳს წერილ არს, სიჩჩოჲთგანვე თჳსით მკჳრცხლ იყო ღმრთისაჲ ყრმაჲ იგი. და, ვითარცა დაყო მონასტერსა მას [შინა] სამი წელი და იქმნა ჰასაკითა ათისა წლისაჲ, ხოლო გონებითა, ვითარცა მჴცოვანი და მოხუცებული იხილვებოდა საკჳრველად მხილველთა და მსმენელთაგან.

ხოლო მნებავს, რათა სიჩჩოჲთგანვე ფარვაჲ ღმრთისაჲ და შეწევნაჲ მისი გაუწყო ყრმასა მას ზედა წმიდასა, რამეთუ ვითარცა იყო წუთ მშობელ თჳსთა თანა და ვითარცა არს ჩუეულებაჲ ყრმათაჲ ველად განსლვისაჲ მღერად და განცხრომად, ხედვიდა კეთილის-მოძულე იგი, მტერი ნათესავისა ჩუენისაჲ, ბოროტი ეშმაკი, ვითარმედ დამთრგუნველად ძალისა მისისა იზრდებოდა ყრმაჲ იგი წმიდაჲ, შეძრწუნდა, ნუ უკუე სრულიად განქიქნეს მის მიერ სიბოროტე მისი, ამისთჳსცა სიჩჩოჲთგანვე იწყო ბრძოლად მისდა, რამეთუ გჳთხრობდა თჳთ წმიდაჲ ესე, ვითარმედ: „ვიყავ რაჲ მდინარისა მის დიდისა პირსა, რომელსა კციაჲ ეწოდების, წიაღ-კერძო მდინარესა ვიხილე ყრმაჲ, შემოსილი ცეცხლის ფერითა, და მიჴმობნ: ,,მოვედ და ვიმღეროთ!“ და, ვითარცა წარვემართი, ყრმაჲ შუენიერი, სპეტაკითა მოსილი, მომეკიდის საჴელ[ო]სა და მეტყჳნ: ,,იყავ აქა ჩემთანა, რამეთუ მე უმჯობესი მოყუასი ვარ შენი“. ხოლო ესე საცნაურ არს, რომელ წიაღ-კერძო მდინარისა ცეცხლითა მით საუკუნოჲთა შემოსილი ბოროტი ეშმაკი იყო, და ეგულებოდა წყალთა მათ შინა წარწყმედაჲ ყრმისა მის. ხოლო სპეტაკითა მოსილი იგი ანგელოზი იყო, რომელი სიჩჩოჲთგანვე დაუდგინა ღმერთმან, რათა სცვიდეს მას, ვითარცა იტყვის დავით, ვითარმედ: „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაჲ გარემოს მოშიშთა თჳსთა ზედა და იჴსნნეს იგინი უფალმან“ და კუალად წამებს დიდი ბასილი, ვითარმედ: ,,ყოვლისა მორწმუნისადა მიცემულ არს ანგელოზი მცველად ცხორებასა მისსა“

და კუალად, იყო რაჲ წმიდაჲ ესე წუთ მონასტერსა მას შინა ზემოჴსენებულსა, შურითა ეშმაკისაჲთა აღედვა ცეცხლი მონასტერსა მას და სრულად შემრგუალდა, ხოლო ყრმასა მას ნეტარსა ეძინა ღრმად. და მოვიდა კუალად გამოჩინებული იგი სპეტაკითა მოსილი, განაღჳძა და უპყრა ჴელსა და შორის ცეცხლისა მის უვნებელად განავლო. და იყო მონასტერსა მას მახლობელად ეგუტერი ერთი, ვითარ უტევან ერთ. მუნ მიიყვანა ანგელოზმან მან და თჳთ მიეფარა. ხოლო, ვითარ ვჰგონებ, სასწაული ესე არა უმცირეს არს სასწაულსა მას სამთა ყრმათასა.

არამედ მე სარბიელსავე სიტყუათა ჩემთასა ვიდოდი და აქა სრულ-ვყო სამცხეს ზრდილობისა მისისათჳს სიტყუაჲ და მერმე მოვიცვალო გონებითა და ხახულს მისლვისა მისისაჲ, და ვთქუა თუ სრულად განათლებისათჳს. ყოველივე სულმცირედ და მოკლედ მიგითხრა, ვითარცა უფალმან ძალი მომცეს, რამეთუ-იგი ექმნა მიზეზ ყოვლისა კეთილისა, ვითარცა იტყჳს გრიგოლი ღმრთისმეტყუელი ათინისათჳს, ვითარმედ: „რომელი იგი მე ოქროჲსა ქალაქ მექმნაო“; ხოლო დაღაცათუ სახე ესე სახისა წინააღმდგომად გულისჴმის მყოფელმან სულიერსა ზედა გულისჴმა ჰყვენ!

IV. ესხნეს ნეტარსა ამას ორნი მამის ძმანი ხახულს, ორნივე უხუცესნი მამისა მისისანი, კაცნი [ღმერთ-შე]მოსილნი და სავსენი საღმრთოჲთა მადლითა; უხუცესისა მის სახელი გიორგი მწერალი, რომელი ყოფილ იყო მწერალთა ზედა მთავრად კურაპალატისათა; ხოლო მეორისა მის სახელი საბაჲ, კაცი წრფელი და უმანკოჲ. ესენი მკჳდრ იყვნეს ხახულს, ორითავე ცხორებითა შეზავებულად, რამეთუ სიმდიდრესა თანა საღმრთოჲსა მოქალაქობისასა ჴორციელიცა სიმდიდრე უხვებით აქუნდა.

ამათ ღირსთა ბერთა ვითარცა ეუწყა ყრმისა გიორგის სიკეთე და ღმრთის-მოშიშებაჲ, მსწრაფლ მიუმცნეს ძმასა თჳსსა იაკობს, რათა ყოვლითა სწრაფითა ყრმაჲ იგი გიორგი მათა მოიყვანოს, ხოლო მას ვითარცა ესმა, მსწრაფლ აღასრულა ბრძანებული მათი, და წარიყვანა ხახულად შვილი თჳსი; პირველად შეჰვედრა იგი ყოვლად წმიდასა ღმრთისმშობელსა, რომლისა იგი ერთგულ მსახურ და საკუთარ მონა ყოფად იყო, და მერმე თჳსთა ძმათა მიუთუალა და თჳთ სიხარულით წარვიდა სახედ თჳსა.

ხოლო ნეტართა მათ, ვითარცა იხილეს გონიერებაჲ იგი და დაწყნარებულებაჲ სახისა მისისაჲ უშფოთველი იგი და აღუძრველი ქცევაჲ მისი, განიხარეს სიხარულითა დიდითა და ჰმადლობდეს ღმერთსა: რამეთუ იხილეს მათ ყრმაჲ, მოხუცებულობითა შემკული, და ჭაბუკი, სიბერითა განშუენებული, ვითარცა იტყჳს დიდი ბასილი: „არამედ მჴცე არს სიბრძნე და გონიერებაჲ კაცთა შორის, [და] თუ არა სისპეტაკე თმათაჲ, არად სარგებელ არსო“. და კუალად გჳსწავიეს დანიელისთჳს და იერემიასთჳს: რამეთუ ერთი იგი მსაჯულ მოხუცებითა იქმნა, ხოლო მეორე იგი საშოთგან განწმედილი წინაჲსწარმეტყუელებდა.

ხოლო, ვითარცა ვთქუ, იხილეს რაჲ კეთილთა მათ ბერთა ძმისწული თჳსი ესრეთ შემკული, მიჰგუარეს იგი მამასა მაკარის, რომელი იგი მას ჟამსა ღირსებისათჳს მისისა წინამძღუარი [იყო] დიდისა მის ლავრისაჲ. ხოლო მან, ვითარცა იხილა, ფრიად განიხარა, და, ვითარცა შვილი, შეიტკბო, აკურთხა იგი კურთხევითა მით აბრამეანითა, ეკლესიისა ევლოგიასა მონაწილე-ყო, და სულისა თჳსისა შვილად უწოდა. და ეგრეთვე დიდსა მასცა ბასილის, ბაგრატის ძესა, მიჰგუარეს, და წმიდაჲ კურთხევაჲ მისი მიღებად სცეს, - რომელი იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისაჲ. და კუალად ღმერთ-შემოსილმან ანტონი მნათემან იხილა რაჲ, განიხარა, და ყოვლითა კურთხევითა აკურთხა. და ესრეთ, ყოველთა მამათა კურთხევაჲ მიაღებიეს, და მერმეღა წარიყვანეს სახედ თჳსად.

მაშინ განიზრახეს საღმრთოთა მათ მოხუცებულთა თანაზრახვითა ზემოჴსენებულთა ამათ მამათაჲთა, რათა, პირველ ყოვლისა, ღმრთივ-სულიერსა ვისმე და მწყემსსა კეთილსა შეჰვედრონ შვილი თჳსი, რათა სულიერითა ჰასაკითა აღორძინდებოდის, და საღმრთოთა მათ სწავლათა სძესა მის მიერ სუმიდეს, და სისრულედ სათნოებათა წარემატებოდის. და ვინმცა იხილეს სხუაჲ უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოძღვრებათა შინა განთქუმული, გარნა დიდი ილარიონი თუალოელი! რომელი-იგი მას ჟამსა, ვითარცა მთიები, ბრწყინვიდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღვაწებათა აწ წარმოთქუმად შეუძლებელ არს. ამას ნეტარსა შეჰვედრეს შვილი თჳსი და მონაზონებისა მიმართ წარმართებად ევედრებოდეს. ხოლო წმიდამან მან, ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა, და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთვად უწყის. და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, და ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანა წარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა.

ხოლო აუწყეს სწავლათაცა საეკლესიოთა და სამღდელოთა, რომელთა შინა, უმეტეს ყოველთა ჰასაკის სწორთა მისთასა, წარემატა, და საგალობელნი იგი საწელიწდონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი ყოველნივე მეყსა შინა ზეპირით დაისწავ[ლ]ნა. საღმრთოთა კულა წიგნთა კითხვისათჳს რად საჴმარ არს სიტყუად! რომელთა იგი შინა უაღრეს ძალისა თჳსისა დაშურა და გამოიცადა, რომელსა შინა არა სცემდა ძილსა თუალთა თჳსთა და ჰრულსა წამთა თჳსთა. ხოლო განსუენებასა კულა ჴორცთასა ყოვლადვე არა თავს იდებდა და მაშინდელი იგი წერილთა გულისჴმის-ყოფაჲ, ვითარცა წინდი რაჲმე, მომავალთა საქმეთათჳს მიიღო. და ესრეთ, ყოველნივე საღმრთონი წერილნი ძუელისა და ახლისა სჯულისანი, რომელნი ოდენ ჩუენსა ენასა პოვნა, ყოველნივე კეთილად გულად იხუნა.

ხოლო უწყი, ვითარმედ მრავალთა გსურის სმენად, თუ ვინაჲ ისწავა ბერძული სწავლაჲ, გინა ვინაჲ დაგჳუნჯა საფასე ესე მოუკლებელი? - ფერის ჯოჯიკის ძემან, დის სიძემან ბასილი ბაგრატის ძისამან. რაჲსათჳს მე ვაჴსენე დაჲ ბასილისი? ამისთჳს, რამეთუ იტყოდის წმიდაჲ იგი, ვითარმედ: ,,არა უდარეს იყო ღირსი ესე დედაკაცი ღმრთის-მსახურებითა ძმასა თჳსსა ნეტარსა ბასილისაო“. ამან ფერის და მეუღლემან მისმან განიზრახეს კეთილად, რაჲთა კაცი საღმრთოჲ იძიონ სულისა მათისა კეთილისა მასწავლელად, და უწესოებისა დამაყენებელად, და რათა ყოვლადვე მახლობელად მათსა იყოს. ამის პირისათჳს ორთავე გამოიძიეს და დაამტკიცეს, ვითარმედ გიორგი მწერლისა უგონიერესსა ვერვის ჰპოებენ. ამისთჳს დიდითა ვედრებითა და ქენებითა გიორგი მწერალი წარიყვანეს და ყოველი საქმე მათი, სულიერი და ჴორციელი, მას დაამორჩილეს. ხოლო ამან გიორგი ნეტარი ძმისწული თჳსი, ყრმაჲ გიორგი, თანა წარიყვანა, რამეთუ ფრიად ეჴმარებოდა ზეპირით კანანახობასა და წიგნის კითხვასა და მისსა მსახურებასა, რამეთუ [თჳთ] მოხუცებული იყო.

ხოლო ვითარ იხილეს კეთილთა მათ მეუღლეთა, განიხარეს ფრიად, და საღმრთომან მან დედაკაცმან შვილად თჳსად აღიარა იგი. და დაყვეს მრავალი ჟამი კეთილსა და ღმრთისა სათნოსა ცხორებასა შინა. ხოლო ამისა შემდგომად რისხჳთა ბასილი მეფისაჲთა ფერისს თავი წარეკუეთა, რამეთუ განდგომილებაჲ დასწამეს; და ესრეთ, ბრძანებითა სამეუფოჲთა, ესე ღირსი დედაკაცი ერითურთ თჳსით კოსტანტინეპოლედ წარიყვანეს, ვინაჲ იგი დაყვეს ათორმეტი წელი. ხოლო მათსა მას მუნ ყოფასა მამის ძმამან ამის საკჳრველისა ყრმისამან და, უფროჲსღა ვთქუა, თუ საღმრთომან მან დედაკაცმან სასწავლოდ მისცეს ყრმაჲ იგი გიორგი კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორითავე ცხორებითა შემკობილთა, არა ერისკაცთა, არამედ მონაზონთა ღმრთის-მოშიშთა და ყოველთა მიერ წამებულთა, და ესრეთ ათორმეტსა მას წელსა ყოველივე მოსწრაფებაჲ და გულს-მოდგინებაჲ ერთბამად შემოიკრიბა, ვიდრეღა მახჳლთა გონებითა და მრავალ-ჟამ გამოცდილთა მოსწრაფებითა წარემატა, ხოლო მოსწრაფეთა და გულს-მოდგინეთა სიმახჳლითა გონებისაჲთა აღემატა, და ორ-კერძოვე სრულ ქმნულთა ერთ-კერძო თანა-წარჰჴდა, ვიდრეღა დიდად განკჳრდეს ყრმანი იგი ბერძენთანი მისსა მას ეგოდენსა მოსწრაფებასა და სიმახჳლესა გონებისასა, ჰნატრიდეს გულს-მოდგინებასა მისსა და ძალისაებრ ბაძვად მისსა აღიძრვოდეს.

V. და, და-რაჲ-ყო სწავლასა მას შინა, ვითარ ვთქუთ, ათორმეტი წელი, და, ვითარცა ქუეყანამან კეთილი თესლი სწავლულობისაჲ შეიწყნარა ურნატთა შინა სულისა თჳსისათა, რომელი-იგი ჟამსა თჳსსა გამოღებად ედვა აღვსებად სულისა მშიერთასა და განმდიდრებად ღმრთისა ეკლესიასა ამისა შემდგომად ბრძანებითა სამეფოჲთა კუალად თჳსთავე პრასტინთა მიიქცა საღმრთოჲ ესე დედაკაცი - ტვარწატაფს, და თანაწარიყვანა ყრმაჲ გიორგი მამის ძმისავე თჳსისა თანა; ხოლო ეუწყა, ვითარმედ დედაჲ მისი მიცვალებულ იყო, ხოლო მამაჲ მისი წუთ ცოცხალ იყო, რომელი იგი ძმამან მისმან გიორგი თავისა თჳსისა თანა მოიყვანა ტვარწატაფს, და ერთბამად იყოფოდეს.

ხოლო ყრმაჲ გიორგი წარვიდა ხახულს მამის ძმისა თჳსისა თანა საბაჲსა. და, ვითარცა იქმნა ოცდა ხუთის წლის, ტკბილსა მას უღელსა მონაზონებისასა ქედი თჳსი მოუდრიკა, რამეთუ დაღაცათუ სიყრმითგანვე მონაზონი იყო, ხოლო წუთ კურთხევაჲ მონაზონებისაჲ არა მიეღო, რამეთუ მოძღუარი მისი სულიერი და ღუაწლთა მიმართ მონაზონებისათა მწურთელი, დიდი ილარიონ წუთ ჴორცთაღა შინა იყო, და ჴელთაგან მისთა მიიღო კურთხევაჲ მონაზონებისაჲ, - რამეთუ იგი [ი]ყო პირველი მოძღვარი მისი და მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ. ამისა შემდგომად, აღძრვითა ზეგარდამოჲთა, მოუჴდა სურვილი უცხოებისა და სიგლახაკისაჲ, და თჳსთა და მეცნიერთაგან განშორებისაჲ და, უფროჲსღა ვთქუა, თუ სურვილი თაყუანის-ცემისათჳს წმიდათა მათ და განმაცხოველებელთა ადგილთა, ვინაჲ-იგი აღასრულა ყოველი განგებულებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ სიტყვამან მამისამან, მოსრულმან ჴსნისათჳს ჩუენისა. ხოლო იყოცა განგებულებაჲ ღმრთისა საქმესა ამას შინა, რომელი იგი წინაჲსწარ ყოველსავე მეცნიერ არს და ყოფადთა, ვითარცა ყოფილთა, ხედავს; ვითარცა იგი მოსეს რაჲ წინაჲსწარმეტყუელად განმზადებდა, პირველ ყოვლისა თჳსთაგან გამოიყვანა, და აბრაჰამს, რაჲ თანა აღთქუმასა დასდებდა, ქუეყანისა თჳსისა დატევებაჲ უბრძანა და ეგრეთვე მრავალთა წმიდათათჳს წერილარს. ჰნებავნ რაჲ მიახლებაჲ ღმრთისაჲ, პირველ-ყოვლისა თჳსთაგან და მეგობართა განეშორნიან, და ჭეშმარიტი იგი თჳსებაჲ და ზრახვაჲ ღმრთისაჲ მაშინღა პოვიან, ვითარცა ვიტყოდე წმიდისა ამისთჳს. მოუჴდა სურვილი უცხოებისაჲ და თჳსთაგან განშორებისაჲ, და ფარულად ყოველთა მეგობართაგან და მეცნიერთა სივლტოლაჲ იჴუმია და წარემართა იერუსალიმით-კერძო.

ხოლო ვითარცა ცნა მამამან მაკარი და ყოველთა მათ ღმერთშემოსილთა ბერთა, შეწუხნეს ფრიად და ყოვლით-კერძო მეძიებელნი და შემპყრობელნი განავლინნეს, და ყოველნი გზანი მოიცვნეს. მაშინ, ვითარცა გულისჴმა-ყო, რამეთუ შეიპყრობდეს, საღმრთოჲ ღონე იჴუმია, ვითარცა დიდმან ათანასი, და შესამოსელი თჳსი, ფრიად კეთილი, მისცა გლახაკსა ვისმე, და მისი იგი დაბებკული შეიმოსა. და პოვა მწუხარე ერთი წინამძღურისაგან დატევობილი, უპყრა წინა და წარემართა გზასა თჳსსა. და ესრეთ განეშორა დამხრწეველთა გზისა მის კეთილისათა. რამეთუ დაღაცათუ სიყუარულითა იქმოდეს, არამედ არა კეთილ იყო მომავალთა საქმეთათჳს.

ხოლო იტყოდა თჳთ წმიდაჲ იგი, ვითარმედ: ,,უდაბნოსა ადგილსა შეგჳღამდაო ტყეთა შინა, და იყო ელვაჲ, ქუხილი და ჰაერი ბოროტი, და შჳდგზის დააკუეთა ეშმაკმანო მწუხარე იგი მას ღამესა, და პეროვინ და იღრჭენნ და ყივინ, ხოლო მე ვილოცევდიო“. იხილეთღა - უშიში ესე სულითა და ახოვანი გონებითა ვითარ არა შეძრწუნდა, არამედ ღამე ყოველ ევედრებოდა ღმერთსა განკურნებისა მისისათჳს, ვიდრემდის განიოტა კაცისა მისგან სული იგი ბოროტი და ყოვლითურთ უვნებელი მონასტერსა ერთსა მიიყვანა, სადა-იგი განკურნებულსა მას ენება. და ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან იჴსნა სულისა მისგან არაწმიდისა, და ესრეთ მხოლოჲ წარემართა გზასა თჳსსა მრავლითა შრომითა და ღუაწლითა, რამეთუ დაჰქენჯნიდა და აჭირვებდა ჴორცთა თჳსთა, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: ,,აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, რათა არა სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო“. ეგრეთვე ჰყოფდა წმიდაჲ ესე, რამეთუ ძაძაჲ შეემოსა და უჴამლოჲ და თავ-ღია, უღჳნო და უწუელოჲ ვიდოდა გზასა მას იწროსა, რამეთუ დღესა შინა ერთგზის მიიღის პური და წყალი. და ესევითარითა შრომითა და მოღუაწებითა შემკობილი მიიწია შავსა მთასა და მერმე აღვიდა მთასა საკჳრველსა, თაყვანის სცა და ამბორს-უყო ლარნაკსა წმიდისა და საკჳრველთ-მოქმედისა სჳმეონისსა და ღირსისა დედისა მისისა ნეტარისა მართაჲსსა. და ყოველნი მონასტერნი მოილოცნა და წმიდანი მამანი მოიკითხნა და ყოველთაგან ლოცვაჲ მიიღო.

ხოლო ყოვლისა პირველად იწყო ძიებად წინამძღურისა და მოძღურისა სულიერისა, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ თჳნიერ მოძღურისა არა არს ცხორებაჲ სულისაჲ და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ. და პოვა მთასა საკჳრველსა, ნაპრალსა შინა კლდისასა, ბერი წმიდაჲ, შეყენებული, ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ, ყოვლითურთ უცხო და განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელთა ზრუნვათაგან და გონებითა ღმრთისა მიცვალებული, - გიორგის ვიტყჳ დაყუდებულსა, დიდსა მას მნათობსა ნათესავისა ჩუენისასა, კაცსა ყოველთა მიერ გულის-სათქუმელსა, რომელმან ესე ჩუენ უნდოთა ამათ ამისი აღწერაჲ გუაიძულა. ამას დაემოწაფა ნეტარი ესე, ვითარცა ოდესმე მთასა სინასა ნეტარი იოანე დიდსა მარტჳრის.

ხოლო მან, ვითარცა იხილა სიკეთე სულისა მისისაჲ და განიცადა ტალანტი იგი ამის შორის დაუნჯებული, განიხარა სიხარულითა დიდითა, და სულითა გულისჴმა-ყო, რაჲ-იგი ყოფად იყო: რამეთუ სურვიელ იყო წმიდაჲ ესე ბერი, რათამცა კუალად გამო-ვინმე-აჩინა მოწყალება მან ღმრთისამან ნათესავსა შორის ჩუენსა კაცი, რომელმანცა სრულ-ყო ნაკლულევანებაჲ ენისა ჩუენისაჲ, რომელი იგი წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესაგან დაშთომილიყო. და ნებითა ღმრთისაჲთა პოვა, რომელსა-იგი ეძიებდა, და მადლობაჲ შეწირა ღმრთისა, რომელი არა ოდეს უგულებელს ჰყოფს სიგლახაკესა ჩუენსა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა.

ხოლო დაამკჳდრა იგი რომანა წმიდას. და დაყო მას შინა სამი წელი დიდითა შრომითა და მოღუაწებითა, მარხვითა და მღჳძარებითა, და, უფროჲს ხოლო, სიმდაბლითა და მორჩილებითა, რომელნი ესე ფრთე ექმნებიან მონაზონსა აღსლვად უფლისა თანა, რამეთუ ყოველთა უძლურთა იგი ჰმსახურებდა. ესრეთ, ყოვლითა სათნოებითა შემკული, ჴორციელითა ჰასაკითა იქმნა ოცდა ათის წლის, ხოლო სულიერითა მჴცოვან და მოხუცებულ. და, ვითარცა იხილა ნეტარმან მან ბერმან გიორგი შეყენებულმან, მოძღუარმან მისმან, ვითარმედ ყოვლითა სრულქმნილ-არს ჰასაკისა თანა, სიბრძნითა და გონიერებითა, სქემითა აკურთხა და ესრეთ სრულ-ყო მონაზონებისა მოღუაწებაჲ სქემისა გჳრგჳნითა, და მერმეღა იერუსალემად წარგზავნა.

VI. იხილეთღა სახიერებაჲ ჩუენთჳს განკაცებულისა მეუფისაჲ, რომელმან იგი არა უღირს იჩინა თანა-ზიარყოფად მონისა თჳსისა სარწმუნოჲსა, რამეთუ, ვითარცა მან ოცდა ათისა წლისამან ჴორციელითა ჰასაკითა ნათელ იღო, ეგრეთვე მონაჲ თჳსი ღირს-ყო მოღებად მეორესა ამას ნათლისღებასა, რომელ არს მადლი წმიდისა სქემისაჲ, მითვე ჰასაკითა, და მიერ აღსლვად ხილულსა მას იერუსალემსა, რათა გონებითა უხილავსა მას ზეცისა იერუსალემსა მიიცვალოს.

და, ვითარცა მიიწია ნეტარი ესე წმიდად ქალაქად, მოილოცნა ყოველნივე წმიდანი და თაყუანის-საცემელნი ადგილნი, სულისა სურვილითა და გონებისა სიმჴურვალითა, და მარადის ცრემლთა მიერ ილტობვინ, იხსენებნ რაჲ ვნებათა მეუფისათა, რომელნი-იგი მუნ ჩუენისა ცხორებისათჳს ადგილთა მათ შინა წმიდათა თავს-ისხნა. და ესრეთ არნ გონებაჲ მისი, ვითარმცა მას თავადსა თუალთა წინაშე ხედვიდა. და დაყო მცირედი ჟამი ესევითარითა ყოფითა, და მერმე, განგებითა ღმრთისაჲთა, კუალად მოძღუარისავე თჳსისა მოიქცა. და ესრეთ, ყოვლითურთ სრულქმნილსა საღმრთოჲ ესე ტალანტი ჴელთ უდვა, რომელ არს თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ ბერძულისაგან ქართულად.

ხოლო ესე ნეტარი არა თავს იდებდა, არამედ ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: ”შეუძლებელ არს ესე ჩემგანო და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შუენის, ვითარცა იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმი”. ხოლო ბერი ეტყოდა, ვითარმედ: ”შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი სიკუდილისაგან იჴსნა და ქართული ენაჲ განუმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათესავი ჩუენი; და თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმის ვევედრნეთ, რათა შეგეწიოს, რომელ ნეშტი, დაშთომილი მისი, შენ სრულ-ყო მადლითავე მისითა, ვითარცა პავლე ქრისტესი”.

და ესრეთ დიდითა იძულებითა ძლივ დაარწმუნა და, წმიდისა სჳმეონის და მართაჲს მადლითა შეზღუდვილი, მთაწმიდას წარმოგზავნა, და, ვითარცა მოწაფე სარწმუნოჲ და შვილი ერთგული და ძღუენი შემსგავსებული სიწმიდისა მისისაჲ, წმიდასა მამასა ჩუენსა ეფთჳმის მოუძღუანა, რათა, ვინაჲ იგი წყაროჲს-თუალი სიბრძნისაჲ აღმოეცენა მომრწყველად ნათესავისა ჩუენისა, მიერვე აღმოივსნეს ნეკტარნი გულისჴმის ყოფისანი კაცმან ამან ღმრთისამან და მდიდრად დაათროს სამყაროჲ ეკლესიათაჲ ჩუენ თანა, რამეთუ ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ესაია, ვითარმედ: ”გამოვიდეს შჯული სიონით, და სიტყუაჲ ღმრთისაჲ იერუსალემით შჯიდესო”, ეგრეთვე, დაღაცათუ პირველითგანვე გვქონდეს წერილნიცა და სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და მართალი, გარნა ქუეყანაჲ ჩუენი შორს იყო ქუეყანისაგან საბერძნეთისა, და, ვითარცა თესლნი არა წმიდანი? შორის ჩუენსა დათესულ იყვნეს ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი, გულარძნილნი და მანქანანი. და ამის მიერ ფრიად გუევნებოდა. რამეთუ ნათესავი ჩუენი წრფელ იყო და უმანკოჲ, ხოლო იგინი, რეცა მიზეზითა წესიერებისაჲთა, რეცა ცთუნებად გუაზმნობდეს, და რომელნიმე წიგნნიცა გუაქუნდეს მათგან თარგმნილნი.

ამათ ესევითართა მიზეზთათჳს მოხედნა მოწყალებამან ღმრთისამან ნათესავსა ჩუენსა და აღგჳდგინა ახალი ოქროპირი, წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმი, და, ვითარცა მეათცამეტემან მოციქულმან, ქუეყანაჲ ჩუენი ამათ ზემოჴსენებულთა ღუარძლთაგან სრულიად განწმიდა მრავლად თარგმანებითა წმიდათა წერილთაჲთა, ვითარცა დასაბამსავე სიტყჳსა ჩუენისასა ვთქუთ, და წესნი და კანონნი ეკლესიისანი, დამამტკიცებელნი სარწმუნოებისა ჩუენისანი, − ესე ყოველნი აღწერილად დაგჳტევნა, რომელნი-იგი წმიდისა ამის მთისაგან და ღმრთივ-აღშენებული[სა] ლავრისა, ვითარცა მდინარისაგან ედემეანისა, ნაკადულნი ცხორებისანი პირსა ზედა ქუეყანისა და ნათესავისა ჩუენისასა მიეფინნეს.

ხოლო, ვითარცა პირველვე ვთქუთ, ადრე მიცვალებითა მამისა ჩუენისაჲთა, არა სრულ იქმნნეს წერილნი ჩუენნი. ამისთჳს სახიერებამან ღმრთისამან კუალადცა მოგუანიჭა, შემდგომად მოსესსა იესუ, შემდგომად აჰრონისსა ელეაზარ, შემდგომად ელიაჲსა ელისე, შემდგომად პავლესსა ტიმოთე. და მსგავსადვე მათსა სრულ-ყო ნებაჲ მოძღურისა თჳსისაჲ და ყოველი მის მიერ დაკლებული ამან ნეტარმან მამამან გიორგი სრულ-ყო.

VII. ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. წარმოემართა წმიდაჲ ესე, შეჭურვილი ლოცვითა მოძღურისა თჳსისაჲთა მითვე პირველითა მოღუაწებითა და ფრიად უფიცხესითაცა. ხოლო მიიწია მდინარეს ერთსა დიდსა, რამეთუ მარტო იყო. და ვითარცა შევიდა მდინარესა მას, ვერ უძლო წიაღსლვად სიმდიდრისაგან მისისა, რამეთუ დიდროოდა. მაშინ იხილა წიაღ-კერძო ჭაბუკი შუენიერი, ამჴედრებული ცხენსა ზედა სპეტაკსა და ჰრქუა: ”შემოვედ, ნუ გეშინინ”. და უპყრა ჴელსა მისსა და წიაღ-იყვანა მშჳდობით. ხოლო იგი თჳთ უჩინო იქმნა. და იტყოდა თჳთ წმიდაჲ იგი, ვითარმედ: ”გულსავსებით ვცან, ვითარმედ გამოჩინებული იგი, რომელმან წყალთა შინა სიკუდილისაგან მიჴსნა, დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყო”.

და ესრეთ, ნებითა ღმრთისაჲთა, მშჳდობით მოიწია წმიდასა ამას მთასა, თაყუანის-სცა წმიდასა ღმრთისმშობელსა და მადლობაჲ შეწირა, და მერმე სურვილით ამბორს-უყო სამარხოსა წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა. ხოლო ძმათა სიხარულით შეიწყნარეს და განუსუენეს და დიდად პატივ-უპყრეს, და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელი მიუძღუა მუნ, ხოლო იყოფებოდა ნეტარი ესე მონასტერსა მას შინა მოღუაწებითა, ბუნებათა უაღრესითა, მარხვითა და ლოცვითა, სიმდაბლითა და სიმშჳდითა, მორჩილობითა და მოთმინებითა, და, უმეტეს ყოვლისა, თავისა თჳსისა შეურაცხ-ქმნითა, რამეთუ ვიდრე ჟამ რავდენმე, ვითარცა ლიტონი და უსწავლელი საგონებელ იყო ყოველთა მიერ, რამეთუ მისცა თავი თჳსი მსახურებასა და მორჩილებასა ძმათასა, და წელიწადსა შჳდსა შეურაცხად საგონებელთა საქმეთა სიმდაბლით ჰმსახურებდა, და არნ ყოვლადვე მგლოვარე და თავ-დადრეკილი, რამეთუ ჴორციელითა თუალითა ყოვლადვე ქუეყანად ხედავნ, ხოლო თუალნი სულისანი მარადის უხილავსა მას დიდებასა ღმრთისასა უხილავად განიცდიან, რომელი ესე მცირეთა მიერ მოსაპოვნებელ არიან, საქმე ბუნებითი და მრავალთაგან ძნელად საგონებელი, რათამცა თჳნიერ საჭიროთა საქმეთა არავინ ახედვებდა თუალთა თჳსთა, რომელი იგი მან, ვითარცა ბუნებითი, შეითჳსა სიყმითგან ვიდრე სიბერედმდე.

რამეთუ მას ჟამსა, ოდეს-იგი აღმოსავლეთს ვიყვენით, დღესა ერთსა ინება ღმრთის-მსახურმან მეფემან ბაგრატ გამოცდაჲ ნეტარისა ამის მოხუცებულისაჲ და ჰრქუა მთავართა თჳსთა: ”გნებავსა, რათა გიჩუენო თქუენ საკჳრველი საქმე და ყოვლადვე დაუჯერებელი, რათა ოდეს შემოვიდეს ჩუენდა გიორგი მთაწმიდელი, და დასცადოთ ყოველთა, ვიდრეცა განსლვადმდე მისა, რათა არა მოგუხედნეს, და არცა განიცადოს ხატი ჩუენი”. მაშინ უბრძანა წინაშე მდგომელთა მოწოდებაჲ ბერისაჲ, და, ვითარცა შემოვიდა სამეუფოსა მას კარავსა, აღდგეს ყოველნივე დიდებულნი და აწჳეს ბერსა, რათა უმეტესნი თჳთ მოწაფენი იყვნეს მისნი. და, ვითარცა დაჯდა, იწყო მეფემან უბნობად მისა მრავალ-სახედ, სარგებელისათჳს სულისა, და ეგრეთვე ებისკოპოსთა და მთავართა მსხდომართა, ხოლო ნეტარი-იგი თჳთოეულად ყოველთავე პასუხსა მისცემდა, და სწავლათა მიერ სულიერთა მორწყჳდა, და ქუეყანად მიმართ ხედვიდა, და აღასრულეს დღე იგი ეგრე, ვითა ექუს ჟამადმდე.

ხოლო ბერი ვითარცა იჯმნიდა წარსლვად, ჰრქუა მას მეფემან: ”მამაო, ყავ სიყუარული და განმიცადე, თუ ვითარი ვარ?” ხოლო ბერმან, რეცა ღიმილით, მცირედ მიხედნა და ჰრქუა მას: ”ჵ მეფეო, აჰა ესერა, ვხედავ პირსა შენსა, ვითარცა პირსა ქრისტესსა, რამეთუ ყოვლითურთ ღმრთის-მსახურ ხარ და ღმრთივ-დაცულ”. და ესე ამისთჳს ვაჴსენეთ, რათა სცნათ, ვითარმედ არა ხოლო თუ ოდენ სიჭაბუკესა არა განიცდიდა ხატსა უცხოსა, არამედ სიბერესა შინა და მოხუცებულებასა. ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

VIII. და ვითარცა იყო წმიდაჲ ესე დიდსა ამას ლავრასა შინა ეგე ვითარითა ცხორებითა და მოღვაწებითა, ვითარცა ზემო ვაჴსენეთ, ეუწყა ნეტარსა მას ბერსა მოძღუარსა მისსა გიორგის, ვითარმედ წუთ არცა მღდელობისა პატივი მიუღებიეს, და არცა წერილთა თარგმნად უწყიეს. შეწუხნა ფრიად და წარმოავლინა შავით მთით მოწაფე თჳსი, კაცი ღირსი და სახიერი, სახელით იოანე, და დიდი მდურვაჲ მოუმცნო არა აღსრულებისათჳს ნებისა [მი]სისა. ხოლო ნეტარი ესე არა თუ ურჩებით იქმოდა ამას, არამედ ყოვლითურთ არარად და უნდოდ შეერაცხა თავი თჳსი, რამეთუ ეჴსენა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: ”რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს”. და კუალად იტყჳან მამანი, ვითარმედ: ”დედაჲ არს ყოველთა ვნებათაჲ ცუდი დიდებაჲ”. ხოლო წმიდაჲ ესე არა ნებსით მიიღებდა, არამედ იძულებით, ბრძანებითა მოძღურისაჲთა. მაშინ მრავლითა ცრემლითა და სულთქუმითა მოწიწებით და შიშით მიიღო პატივი მღდელობისაჲ. არა იყო ეგევითარი, ვითარ ესე აწ: მრავალნი, პირუელ თავისა თჳსისა განწმენდისა სხუათა განმწმედელ იქმნებიან. და, ვითარცა უნდოჲსა რაჲსამე საქმისა მიმართ, ეგრეთ მღდელობისა მიმართ მი[ისწრ]აფიან, და პირუელ წუერთა გამოსლვისა მოხუცებულთა უმოძღვრიან, ვითარცა იტყჳს გრიგოლ ღმრთისმეტყუელი. ხოლო წმიდამან ამან მცირედ-მცირედ შედგა ფეჴი [ხა]რისხსა მას ზედა კიბისასა, და ეგრეღა თავსა ზედა კიბეთასა დაისაყდრა. რამეთუ პირველ გარეშე კარვისა ეზოთა ჰმსახურებდა სხუათა და სცის თავთა მისთა ხარისხთა მანათა, და საბელთა, და მერმე შინაგან ჭურჭელთა სამღდელოთა. მერმე კიდობნისა მტჳრთველ იქმნა, სხუათა მიერ აღსრულებულად შემზადებულსა, და რასაღა მრავალსა ვიტყოდი! მცირედ-მცირედ შინაგან, წმიდასა წმიდათაჲსა წარმოდგა მღდელი წმიდაჲ, [და] სხუათაცა წმიდა მყოფელად იპოა.

რამეთუ, ვითარცა ვთქუთ, მიიღო რაჲ პატივი მღდელობისაჲ, შემდგომად მცირედისა მთავრად ეკლესიისა განიწესა; უხუცესად მღდელთა და მგალობელთა დაიდგინა. და ამას შინა რაჲ დაყო მცირედი ჟამი, მოეჴსენა პატიჟი იგი ტალანტის დამფლველისა მის, და უფროჲსადღა შეეშინა ურჩებისათჳს მოძღურისა თჳსისა; ამისთჳსცა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, პირველად კეთილი საფუძველი დადვა, იწყო რაჲ შენებად ღმრთისა ეკლესიასა: რამეთუ პირველ ყოვლისა სჳნაქსარი თარგმნა, რამეთუ ესე არს საფუძველი ეკლესიათაჲ, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს წარმართებაჲ ეკლესიისაჲ. რამეთუ რომელსა ეკლესიასა სჳნაქსარი არა ჰქონდის, დაღაცათუ ყოველნი წიგნნი ჰქონდინ, თაფლსა ჭამს, ხოლო სიტკბოებასა სასაჲ ვერ სცნობს, − ესე არს, ვითარცა ვთქუთ, პირველი სამკაული ეკლესიისაჲ. რამეთუ დაღაცათუ ეთარგმნა წმიდასა მამასა ეფთჳმესცა სჳნაქსარი, გარნა ფრიად სულ მცირედ აღეწერა სხუათა წიგნთა თარგმანებისა უცალოებითა, და გუასმიეს ესეცა, რომელ უკუეთუმცა ყოველნი დღენი მისნი სხმოდესღა, სრულებით თარგმნიდა.

კუალად თარგმნა წმიდამან მამამან გიორგი შემდგომად სჳნაქსარისა სახარებაჲ გამოკრებული საწელიწდოჲ, პავლე გამოკრებილი საწელიწდოჲ, საწინაჲსწარმეტყუელოჲ საწელიწდოჲ; მერმე დიდნი კურთხევანი, თარგმანი დაბადებისაჲ, რომელ არს ცხორებაჲ აბრაჰამისი, თუე სეკდენბერი, რომელი თჳთო გალობითა პირველ მამასა ეფთჳმის ეთარგმნა, იგი სრულ-ყო. კუალად თარგმნა დიდი პავლე სრული და კათოლიკენი წმიდათა მოციქულთანი, − ესე რვაჲ თავი წიგნი თარგმნა მთაწმიდას თავისა საჴმრითა, და ყოველნი ესე ეკლესიისა მსახურებასა შინა, რამეთუ ვითარცა ვთქუთ, დეკანოზად დაედგინა.

ხოლო შემდგომად ამისსა, ვითარცა გამოიცადა მრავალთა შინა საქმეთა და ყოველსა შინა იპოვა წმიდა და უმანკო, ვითარცა ოქროჲ მრავალთა ბრძმედთა მიერ გამოცდილი, მაშინ ყოველთა ძმათა ერთითა ნებითა და განზრახვითა მაღალსა მას კიბესა წინამძღურობისასა აღიყვანეს და საყდარსა წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმისსა დასუეს, და სანთელი სასანთლესა ზედა დადგეს, სიტყჳსაებრ სახარებისა, რათა ”სავსებასა ძმათასა უნათობდეს”. ესრეთ აღამაღლებს სიმდაბლე მომგებელთა თჳსთა და ადიდებს აქაცა და უფროჲსად საუკუნესა.

ხოლო ნუ ვინ ჰგონებნ ესრეთ, თუ ადვილად და უსიტყუველად შეიწყნარა უღელი იგი წინამძღურობისაჲ − ნუ იყოფინ! არამედ ყოვლითა ძალითა თჳსითა წინააღუდგებოდა, რამეთუ სამგზის წილ უგდეს ორთა ძმათა სხუათა თანა, ვითარცა იყო წესი მონასტრისაჲ, შეწირვითა უსისხლოჲსა მსხუერპლისაჲთა, ქუეშე წმიდასა ტრაპეზსა დასხმითა წილთაჲთა, და სამგზისვე მას ხუდა, და ამის მიერ გულისჴმა-ყო, ვითარმედ ”არს ნებაჲ ღმრთისაჲ”, და, ზეგარდამო გულსავსე ქმნილმან, მიიღო კუერთხი მწყემსობისაჲ.

IX. ხოლო ამიერითგან ნეტარისა ამის ღუაწლნი და შრომანი აურაცხელ და მიუწდომელ არიან, რამეთუ მისცა თავი თჳსი ფიცხელსა მოღუაწებასა უფროჲს პირველისა, რომელსა ოდენ დაიტევს კაცობრივი ბუნებაჲ. რამეთუ იჯმნა სრულიად ღჳნისაგან და წუელისა, და ჰმოსიედ სამოსლად მისა − ქუეშე ძაძაჲ ფიცხელი, ხოლო მას ზედა საფარველად ჩოჴაჲ ერთი, და, რათა არა განვაგრძოთ სიტყუაჲ ჩუენი, ყოველნივე სათნოებანი თავსა შორის თჳსსა დაიუნჯნა და თავი თჳსი ყოველთა სახედ დაუდვა; არა სიტყჳთ ასწავა, არამედ საქმითა უჩუენნა გზანი საუკუნოჲსა ცხორებისანი სამწყსოთა თჳსთა.

რამეთუ უკუეთუ არა პოოს ჴელოანმან ნივთი შემსგავსებული თჳსისა ჴელოვნებისაჲ, ვითარ გამოაჩინოს ბრწყინვალებაჲ საქმეთა თჳსთაჲ! ანუ თუ ვითარ საცნაურ იქმნას მენავეთ-მოძღუარი, უკუეთუ ღელვათა შინა ზღჳსათა არა გამოიცადოს! გინა მჴედრისა ახოვნებაჲ ვინაჲ სასმენელ იქმნას და იდიდოს, უკუეთუ განწყობილთა არა ეკუეთოს მრავალგზის! ეგრეთვე წმიდამან ამან ოდეს მიიღო კუერთხი მწყემსობისაჲ, მაშინღა საცნაურ იქმნა სრულად დაფარული იგი სიბრძნე სულსა შინა მისსა, და ყოვლისა პირველად ესეყო, რომელ ყოვლითა გულს-მოდგინებითა და ფრიადითა სარწმუნოებითა და სასოებითა ესრეთ მჴურვალედ შეუდგა კუალსა წმიდისა მამისა ჩუენისსა ეფთჳმისსა, და ყოველნი წესნი და კანონნი და განწესებანი მისნი ესრეთ შეიტკბნა, ვითარცა პირისაგან ღმრთისა გამოსრულნი და წმიდათა მოციქულთა მიერ დამტკიცებულნი.

რამეთუ პირველითგანვე, ვინაჲთგან მოვიდა იგი წმიდასა ამას მთასა, ყოვლითა მოსწრაფებითა, და წადიერებითა, და გულს-მოდგინედ გამოწულილვითა გამოიკითხა და გამოიძია მოწაფეთაგან და მეგობართა წმიდისა მამისა ეფთჳმისთა უსხეულოთა მიმსგავსებული და კაცთა ბუნებისა აღმატებული ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ მისი და ნეტარისა მამისა მათისა იოანესი, და სხუათაცა წმიდათა ბერთაჲ, და დიდებულისა ამის ლავრისა შენებაჲ, და წესნი და განგებანი, რომელნი წმიდასა მამასა ეფთჳმის დაესხნეს. ესე ყოველნი აღწერით დაგჳტევნა, და ხატად ცხოველად და ძეგლად პირმეტყუელად საწურთელად და სახილველად მომავალთა ნათესავთა აღუმართა, რომლისა-იგი მკითხველნი და მსმენელნი სულით და ჴორცით განათლდებიან. და ესე აღწერა, ვიდრეღა იყო იგი დეკანოზად, გარნა რომელი-იგი გონებასა შინა დაეუნჯა და დაეწერა, მას ჟამსა აღწერასა მისსა თანაწარჰჴდა, რათა, რაჟამს საქმით აღასრულოს, მაშინ აღწეროს, ესე იგი არს შენებაჲ სამარტჳლოჲსა და შემკობაჲ მისი ყოვლითა სამკაულითა, რომელსა აწ ყოველნი ხედავთ.

რამეთუ ამან ნეტარმან, რაჟამს კუერთხი წინამძღურობისაჲ მიიღო, ყოვლისა პირველად იღუაწა და პატიოსანი ესე ლარნაკი შეჰმზადა საუნჯედ, შემწყნარებელად მზისა უბრწყინვალესთა და მარგალიტისა უწმიდესთა მათ ნაწილთა წმიდისა და ღმერთ-შემოსილისა მამისა ჩუენისა ეფთჳმისითა, ვინაჲ იგი წყაროჲ კურნებათაჲ და მადლი სასწაულთაჲ უხუებით აღმოდის. და ესენი დიდითა პატივითა, ფსალმუნითა და გალობითა, სულნელებითა საკუმეველთაჲთა და კერეონთა ბრწყინვალებითა, ყოვლად დიდებულად და ღმრთივ შუენიერად მოცვალნა ნათლის-მცემელისა ეკლესიით დიდებულსა ამას ეკლესიასა შინა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისასა, რამეთუ ჯერცა ესრეთ იყო, ვინაჲთგან უწყით ყოველთა, ვითარმედ წმიდანი დიდებითი-დიდებად ამაღლდებიან უხილავსა მას შინა დიდებასა, ვითარცა ანგელოზთათჳს წერილ არს, ვითარმედ: ”ძალითი ძალად წარემატებიანო”. ეგრეთვე ნეტარი ესე მამაჲ ჩუენი, ხილულად ყოველთა დაშთომილი, დაშთომილად მოიცვალა ტჳრთული ჴელთაგან კაცისა ამის საკჳრველისათა; რაჟამს იგი ვითარცა აჰრონ სამღდელოჲთა მით სამკაულითა აღმკულ იყო არა აჩრდილსა შინა დაშთომადთა, არამედ მადლსა შინა განბრწყინვებადთა, და, ვითარცა კიდობანი სიწმიდისაჲ, თჳთ ეტჳრთა გვამი იგი წმიდაჲ, მტჳრთველი საღმრთოთა მათ სიწმიდეთა, და ესრეთ შინაგან წმიდისა ამის ტაძრისა შემოიყვანა, და წმიდასა ამას ლარნაკსა შინა დაუსუენა, ვითარცა ესე ყოველნი ხედავთ.

და მერმე, მეორემან ამან ელისე, არა თუ ხალენი მიიღო ელიაჲსი, არამედ ფრიად უმაღლესი და უზეშთაესი მარჯუენე იგი განმაცხოველებელი, მწერალი მაღალთა მათ ღმრთის-მეტყუელებათაჲ. ესე აღიღო ნაწილად მკჳდრობისა თჳსისა მრჩობლსა მას თანა და განმაცხოველებელსა სულსა, არა თუ იორდანე განაპო სამგზის ცემითა ხალენისაჲთა, არამედ ფრიად იორდანისა უმდიდრესნი და უღრმესნი მდინარენი საღმრთოთა წერილთანი მადლითა წმიდისა მის მარჯუენისაჲთა განაპნა და ნოტიობისაგან უგულისჴმოებისა დაულტოლველად განვიდა, და წყალნი იგი მწარეთა მათ მოძღურებათანი სიტყუათა თჳსთა მარილითა დაატკბნა, და ყრმებრ მბასრობელნი იგი და ძჳრის მზრახველნი უგუნურთა ენანი დაადუმნნა, რამეთუ, ვითარცა ეტყოდა მაცხოვარი თჳსთა მოწაფეთა, ვითარმედ: ”მრავალთა გული უთქმიდა ხილვად, რომელსა ესე თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს”.

ესე, ვითარცა პირველ ვთქუ, ღმრთივ-განბრძნობილმან ამან მამამან გამოიყვანა მარჯუენე იგი განმაცხოველებელი, რომელმან ჩუენ განგუანათლნა, და უქმნა გუადრუცი შუენიერი და მუნ შინა შთაუსუენა, სხუათა წმიდათა ნაწილთა თანა, წმიდისა სტეფანე პირველ მოწამისაჲ, წმიდისა ეგნატი ღმერთ-შემოსილისაჲ, წმიდისა იაკობ დაჭრილისაჲ, წმიდათა კოზმან და დამიანეთა არაბიელთაჲ, წმიდათა ორმეოცთაჲ, წმიდისა პანტელეიმონისი და სხუათა მრავალთა წმიდათა ევლოგიები და ცხოველ-მყოფელისა საფლავისაჲ.

ამათ ყოველთა წმიდათა მარტჳლთა თანა-დაუსუენა ჴელი მარჯუენე წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმისი და თჳთ თავით თჳსით ჰმსახურებნ და -ოდეს გზასა ვალნ, თჳთ უტჳრთავნ წმიდაჲ იგი გუადრუცი; ამით, ესე ვითარითა სახითა კნინღა და ყოვლისა სოფლისა სახილველ და თაყუანის-საცემელ-ყო, მთა წმიდითგან ვიდრე შავსა მთასა და ყოველსა ასურეთსა, და იერუსალიმსა და აღმოსავლადმდე წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ეფთჳმი მარჯუენისა მიერ თჳსისა, მეფეთაგან და მთავართა, მღდელთ-მოძღუართაგან და მღდელთა და ყოვლისა ერისა. ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. და ვითარცა დაუსუენნა ნაწილნი მამისა ჩუენისა კეთილმან მან მუშაკმან სიბრძნისამან, განიზრახა განზრახვაჲ ღმრთივ-შუენიერი შემსგავსებული სიბრძნისა თჳსისაჲ, რათა მიზეზი იგი ყოველთა კეთილთაჲ, დასაბამი წყალობათა ღმრთისათაჲ, თუალი წყაროჲსაჲ და ძირი უკუდავებისაჲ წმიდაჲ მამაჲ იოანე, მამაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესი, არა დაუტეოს გარეშე სამარტჳლოჲსაგან ძისა თჳსისა ეფთჳმესსა, რამეთუ ესუენა იგი პირველ ეკლესიასა წმიდათა მთავარ-ანგელოზთასა, და ეგრეთვე სხუანიცა იგი წმიდანი ბერნი: ნეტარი არსენი ნინოწმიდელი ებისკოპოსი, და საღმრთოჲ ბერი იოანე გრძელის ძე, რომელნი-იგი გარეგან მონასტრისა სოხასტერსა ერთსა შინა ეკლესიასა წმიდისა სჳმეონ მოხუცებულისასა ესუენნეს, რამეთუ მუნ დაყუდებით ცხონდებოდეს. ესენი დიდად თანამოღუაწე ექმნნეს წმიდასა მამასა ჩუენსა ეფთჳმეს თარგმანებასა შინა წმიდათა წერილთასა, და მოშურნე და მობაძავ წმიდათა სათნოებათა მისთა იქმნნეს, და მრავალნი წიგნნი ეკლესიისანი ჟამსა სიბერისასა თჳსითა ჴელითა აღწერნეს. პირველად აღმოიყვანნა ნაწილნი წმიდისა მამისა იოანესნი, ვითარცა ვთქუთ და შვილსა თჳსსა თანა დაჰკრძალნა, და მერმე იწყო ძიებად ზემოხსენებულთა ამათ წმიდათა მამათა ნაწილთა, ხოლო არა უწყოდა ადგილი და დიდად მწუხარე იყო. ხოლო განგებითა ღმრთისაჲთა ესევითარითა სასწაულითა ჰპოვნა საწამებელად და პატივად წმიდათა ნაწილთა მათთა ღირსებისა: რამეთუ ხენი ფინიკისანი აღმოსრულ იყუნეს საფლავსა მათსა ზედა, ხოლო ძირნი ხისანი ქუე შთასრულ იყვნეს, და გარემოს წმიდათა მათ ნაწილთა მოხუეულ იყვნეს ესრეთ, ვითარცა ცხოველთა ზე[და] ეტჳრთნეს პატიოსანნი იგი ნაწილნი მათნი და სურნელებაჲ ფრიადი იყნოსებოდა; და ესენიცა აღმოიყვანნა და დაუსუენნა ქუეშე კერძო ნაწილთა წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესთა, და დაჰკრძალა სამარტჳლოჲ იგი განუღებელად ვიდრე დღენდელად დღედმდე. და შეამკო იგი ყოვლითა სამკაულითა, ხატითა და ჯუარითა, ქორ−კანდილითა, სასანთლითა და ეზოჲთა და სხჳთა ყოვლითავე ბრწყინვალებითა, ვითარცა შუენოდა წმიდათა მათ.

და განეწესა, რათა მოუკლებელად სამი კანდელი ენთებოდის, და ყოველივე წესი შეუცვალებელად აღესრულებოდის, მადლითა წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა. ამინ.

X. და ვითარცა დიდი ესე და მაღალი საქმე ესრეთ ღმრთივ-ბრწყინვალედ და ღმრთივ-შუენიერად სრულ-ყო, კუალად იწყო მოღუაწებად ეკლესიისათჳს. რამეთუ ზედა ტყჳვი არა იყო და წყალი შთადიოდა, ვითარცა წამებენ ხატნი, რომელნი აღჴოცილ არიან. რამეთუ ჩუენი შუენიერებაჲ ესე ეკლესიაჲ არს, და ესე ესრეთ უშუერ იქმნებოდა. ხოლო ამან ნეტარმან კეთილი ღონე მოიპოვა, რამეთუ წარვიდა წინაშე ღმრთის-მსახურისა მეფისა კოსტანტი მონომახისა, ქალაქად სამეუფოდ. და ვითარცა შევიდა წინაშე მისსა, ჯეროანი მოკითხუაჲ მიაგება ბერსა მეფემან, რამეთუ დიდი სარწმუნოებაჲ აქუნდა მისა მიმართ და ესვიდა წმიდათა ლოცვათა მისთა, და ჰრქუა მას, ვითარმედ: ”რაჲსათჳს მოშურა სიწმიდე [შენი], გიორგი, კაცო ღმრთისაო, ჩუენისა მომართ ჴელმწიფებისა”? ჰრქუა მას ბერმან: ”გიხაროდენ ქრისტეს მიერ, ჵ ბრწყინვალეო თჳთმპყრობელთა შორის, გიბრძანებს ჩემ მიერ გლახაკისა ყოვლად წმიდაჲ იგი სასოჲ და შესავედრებელი ღმრთის-მსახურებისა შენისაჲ წმიდაჲ ღმრთისმშობელი, რათა მარადის სადიდებელი ტაძარი მისი არა განირყუნას წყალთაგან, რომელი ჩამოდის ზედა უბურაობითა მონასტერსა ჩუენსა. აწ ბრძანენ მეფობამან შენმან მოცემად ტყჳვი, რომლისა მიერ დაიბუროს წმიდაჲ ეკლესიაჲ, რათა მას შინა ელოცვებოდის წმიდასა მეფობასა შენსა”.

ხოლო მან სიხარულით აღასრულა თხოვაჲ იგი ბერისაჲ, და ნივთთაგან სამეუფოთა უბრძანა მოცემაჲ ტყჳვისაჲ, რომელი-იგი მოიღო და დაბურა წმიდაჲ ეკლესიაჲ, ვითარცა ყოველნი ხედავთ, თუ რაბამ შუენიერ არს და ბრწყინვალე. და ამას ზედა შესძინა და გარეგანი შტოჲ აღაშენა და ესრეთ ყოვლითურთ სრულ-ყო წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ. და შემდგომად ამისა იღუაწა შეწევნითა საღმრთოჲთა და აღიხუნა ოქრო-ბეჭედნი მტკიცენი, ღმრთის-მსახურთა მეფეთაგან დამამტკიცებელნი ოქრო-ბეჭედთა ჩუენთანი, და მერმე შესძინნა ზღვარნი არა მცირედნი პრასტინთა მონასტრისა ჩუენისათა, და უმეტეს ყოვლისა ზღვარი მისოლიმნისაჲ, სადა-იგი ყოველი ხუასტაგი ეკლესიისაჲ უხუებით გამოიზრდების. და კუალად რამეთუ დიმოსისაგან დიდსა ჭირსა შინა იყვნეს პრასტინნი ჩუენნი. ესრეთ მოსცა უფალმან ჟამი მარჯუე.

მას ჟამსა, ოდეს ღმრთის-მსახური ბაგრატ, აფხაზთა მეფე, და დედაჲ მისი მარიამ დედოფალი სამეუფოდ ქალაქად მოვიდეს, აღვიდა წმიდაჲცა ესე მამაჲ ჩუენი წინაშე ღმრთის-მსახურთა მათ მეფეთა, და, იხილეს რაჲ მეფემან და დედოფალმან და ყოველთა მთავართა და წარჩინებულთა მათთა, განიხარეს სიხარულითა დიდითა, რამეთუ ასმიოდა საღმრთოჲ იგი მოქალაქობაჲ მისი. და მიიღეს წმიდაჲ ლოცვაჲ და მადლი მისი, და სულიერი სარგებელი ფრიად მოისთულეს, და ჰმადლობდეს ღმერთსა. და ესრეთ, ყოველივე საქმე მონასტრისაჲ, რაჲცა უნდა, ყოველი კეთილად იურვა. და დიმოსისა საქმე მაშინ გარდასწყდა, რათა მედიმოსენი პრასტინთა ჩუენთა ვერ შემოვიდოდინ, არამედ, რათა გარეს-გარე, სეკრიტონსავე შინა მიეცემოდის როქისა ჩუენისაგან ლიტრაჲ ერთი დიმოსად, ვითარცა თჳთ განაწესა ღმრთის-მსახურმან მეფემან კოსტანტი მონომახმან, და ამას ზედა ოქრო-ბეჭედი შეუქმნა მტკიცე და უქცეველი.

ამისა შემდგომად დაემოწაფა მარიამ დედოფალი, დედაჲ ბაგრატ მეფისაჲ, და იკურთხა მის მიერ სქემითა, და გამოითხოვა მონომახისაგან ლიტრაჲ ერთი როქად წმიდისა მის მონასტრისათჳს და შემოწირა ესე საუკუნოდ საჴსენებელად სულისა თჳსისათჳს წმიდასა ამას ეკლესიასა. და ეგრეთვე არსენი მოწაფე იყო მისი და ლიტრაჲ ერთი მან შემოწირა წმიდასა ამას ეკლესიასა თავისა პატივთაგან, დაღაცათუ სხუანი ურიცხუნი კეთილნი მოიხუნა ამან კეთილად ჴსენებულმან არსენი, ფარსმან ყოფილმან, გარნა ესე ლიტრაჲ ა განზრახვითა წმიდისა ამის მამისაჲთა შემოწირა და ოქრო-ბეჭედსა შინა დაეწერა.

ესე სამი ლიტრაჲ განძი და სხუანი ზემოჴსენებულნი საქმენი ამის ნეტარისა მამისა ჩუენისა მოღუაწებითა წმიდასა ამას ლავრასა შეეძინნეს, და ვიდრე უკუნისამდე მტკიცედ და უცვალებელად შეეძინების.

ხოლო რომელი-იგი არა ღირს არს დუმილისა, არამედ ღირს ჴსენებისა და შუენიერება აღწერისა, და მიმწთომელ მადლსა მას სამოციქულოსა და მაუწყებელ მრჩობლსა ძალსა საკჳრველებათასა, რომელი აქუნდა კაცსა მას ღმრთისა შეყუარებულსა, რომლისა მიერ პირველი იგი ხატად ღმრთისა დაბადებულებაჲ თჳსი გამოაჩინა, ვინაჲთგან უწყით ესე ყოველთა, რომელ მოწყალებაჲ ბუნებით არს კაცსა თანა, ხოლო ვინაჲთგან მცნებისა გარდასლვითა ბუნებითი იგი შჯული და ხატებაჲ ღმრთისაჲ ორკერძო განიყო, არა ხოლო თუ მოწყალებაჲ, არამედ ყოველნივე სათნოებანი − რომელნიმე სრულიად კეთილისაგან ბოროტად შეცვალნეს, და რომელნიმე მცირესა რასმე ნაწილსა ზედა დაადგრეს.

ხოლო ღმრთისა მსგავსი მოწყალებაჲ ესე არს, რათა კაცი ზიართა ბუნებისა თჳსისათა სწყალობდეს, არამედ, რათა პირუტყუთაცა ზედა მისწუთეს მოწყალებითა, ვითარცა ესე წმიდაჲ და საკჳრველი მამაჲ ჩუენი, რომელი იგი მუნ მის შორის ღმრთივ-ბრწყინვალედ გამოაჩინა.

რამეთუ ჟამსა მას, ოდეს იგი ღმრთის-მსახური ბაგრატ მეფე სამეუფოსა ქალაქსა იყო, ესმა მას საქმე საკჳრველი და ყოვლად არა დასაჯერებელი, ვითარმედ: არს ნათესავი სამარიტელთაო, ტომისაგან სჳმონ მოგჳსა, რომელთა აწინკიან ეწოდების, განთქუმულნი გრძნებათა შინა და უკეთურებათა, ხოლო ფილოპატსა მეფისასა მჴეცნი შეჩუეულ იყვნეს და ჭამდეს ნადირთა მათ, რომელნი არიან მუნ შინა სანადიროდ მეფისა. ცნა ესე მეფემან მონომახმან და უბრძანა მოყვანებაჲ აწინკიანთა მათ, რათა ჴელოვნებითა გრძნებისა თჳსისაჲთა მოსწყჳდნენ მჴეცნი იგი, ნადირთა მათ მომსრველნი.

ხოლო მათ ბრძანებაჲ მეფისაჲ საქმით აღასრულეს და მრავალი მჴეცი მოსწყჳდეს. ცნა ესე მეფემან ბაგრატ, ვითარცა ზემო ვთქუთ, და მოუწოდა აწინკიანთა მათ და ჰრქუა: ”ვითარითა სახითა მოსწყჳდენით მჴეცნი იგი, მაუწყეთ?” ხოლო მათ ჰრქუეს: ”ჵ მეფეო, ესევითარსა ჴელოვნებასა მიწდომილ ვართ, ვიდრეღა ჴორცსა [შ]ევჰგრძნიბავთ და დავსდებთ ადგილსა მას, სადა მჴეცნი იგი მოვიდოდიან, და ჩუენ ხეთა ზედა აღვჴდებით და მჴეცებრივითა ჴმითა უჴმობთ, და იგინი ჴმასა ჩუენსა შემოკრბებიან, ჴორცსა მას ჭამენ და მოკუდებიან მეყსეულად, ხოლო დიდსა შაბათსა შობილი მჴეცი არა გჳსმენს და არცა ჭამს არამედ გუეტყჳს: ”თუ კარგი არს, თქუენ ჩამოედით და ჭამეთო”, და მშჳდობით წარვალს”. ხოლო მეფემან ჰრქუა: ”ვიდრე თუალითა არა ვიხილო, არა მრწამს!” ევედრნეს მეფესა, რათა უბრძანოს მოყვანებად მჴეცი ერთი, რათა თუალითა უჩუენონ, ხოლო ვინაჲთგან სხუაჲ მჴეცი ვერვინ პოვა, ბრძანა მოყვანებაჲ ძაღლისაჲ, რომლისაჲ უწყოდეს, ვითარმედ სხუასა ჟამსა შობილ იყო და არა ზემოჴსენებულსა მას დღესა, და მიუგდეს ჴორცი იგი შეგრძნებული.

ხოლო მას ჟამსა წმიდაჲ ესე ბერი მუნ იყო, წინაშე მეფისა, და აღიძრა წყალობითა ბუნებითითა, ვითარცა ზემო ვიტყოდეთ ხატებისათჳს და მსგავსებისა ღმრთისა. და მერმე არა ხოლო თუ შეეწყალა, არამედ შურითაცა საღმრთოჲთა აღივსო, რათა არა ქრისტიანეთა შორის ესევითარი რაჲმე საქმე ხილვებოდის, და უმეტესად, მეფეთა და სადა-იგი თჳთ ნეტარი დახუდეს.

მაშინ მეყსეულად რეცა გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ ჴორცსა მას ზედა მიგდებულსა და ვითარცა აღიღო პირუტყუმან მან, მეყსეულად თქუეს განყვანებაჲ მისი, რათა არა დაეცეს და მოკუდეს. და, ვითარცა განიყვანეს, ყოვლადვე არა რაჲ ევნო. უღონო იქმნნეს გრძნეულნი იგი და გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ წმიდისა მის მიერ უქმ იქმნეს ბრძანებანი მათნი და ევედრნეს მეფესა, რათა შინაგანსა სახლსა შეავლინოს ბერი და ბრძანოს მოყვანებაჲ სხჳსა ძაღლისაჲ. და ვითარცა წარვიდა წმიდაჲ იგი, მეყსეულად მოიყვანეს სხუაჲ ძაღლი, და ვითარცა მიუგდეს ჴორცი შეგრძნებული, მსწრაფლ ხოლო დაეცა და მოკუდა, და გულისჴმა-ყვეს ყოველთა, ვითარმედ წმიდისა მის მიერ იყო პირველი იგი სასწაული.

ხოლო ბაგრატ მეფემან, ვითარცა იხილა ესე ყოველთა თანა მთავართა თჳსთა, აღივსო სიხარულითა, და მიუთხრეს სასწაული ესე ღმრთის-მსახურსა მეფესა კოსტანტის მონომახსა, და დიდად განიხარა და ჰმადლობდა [ღმერთსა]. ხოლო ბაგრატ მეფე იტყჳნ ყოვლადვე, ვითარმედ: ”უკუეთუ მიახლოს წმიდაჲ ესე, არა მეშინის არცა გრძნებათაგან და არცა წამალთა სასიკუდინეთა”.

ამისა შემდგომად, ვითარცა იხილა ღმრთის-მსახურმან ამან მეფემან ბაგრატ ესევითარი ესე მოქალაქობაჲ მისი და უსხეულოთა მსგავსი ცხორებაჲ და ზემოწერილისაცა ამისცა სასწაულისა ხილვითა ყოვლითურთ იწყლა სული მისი სიყუარულითა მისითა, და ღონესა ეძიებდა, რათამცა თჳსსა მამულსა წარიყვანნა.

ხოლო არს მამულსა მისსა წარჩინებული სამღდელთმოძღუროჲ საყდართა შორის სამეუფოჲსა მისისათა − საყდარი ჭყონდიდისაჲ, სადა იგი მრავალთა წმიდათა მარტჳლნი დაუსუენებიან და თჳსი საფლავი მუნ განემზადა, რათა, რაჟამს აღესრულოს, მუნ დაემარხოს. ამის საყდრისა მღდელთ-მოძღუარი მას ოდენ ჟამსა აღსრულებულ იყო. ამან ღმრთისა მსახურმან მეფემან ბაგრატ დიდად აიძულა ნეტარსა მამასა გიორგის, რათა მიითვალოს განგებაჲ მისი და იქმნას ეპისჴოპოს; ხოლო მან ყოვლადვე არა თავს იდვა, რამეთუ ყოვლითა მოსწრაფებითა ევლტოდა დიდებასა კაცთასა და შფოთსა სოფლისასა, და სიმდაბლესა შეიტკბობდა. და ესრეთ დაყო სამეუფოსა მას ქალაქსა რავდენიმე ჟამი, და ყოველნი საქმენი მონასტრისა თჳსისანი განჰმართნა, და ნებითა ღმრთისაჲთა კუალად თჳსადვე ლავრად მოიქცა, და დიდითა სიხარულითა და სიყუარულითა შეიწყნარეს ძმათა; და განაგებდა და იპყრობდა მონასტერსა ამას ჟამ რავდენმე.

XI. ხოლო ჯერ-არს ხსენებად დიდისა მის და სამოციქულოჲსა ჴელმწიფებისა, რომელი წმიდამან ამან აჩუენა, რომელ არს შემუსვრაჲ კერპთაჲ და მსახურებისა მათისაჲ უჩინო ყოფაჲ, რომელი ესე ნეტარმან ამან, ჟამთა ჩუენთა, მაღლად და ღმრთივ-ბრწყინვალედ აღასრულა.

რამეთუ არს მთაწმიდისა პრასტინთა შინა სოფელი ერთი, რომელსა ლივიზდიაჲ ეწოდების, ადგილი რაჲმე მოქცეული, ყური ყოვლად უდაბნოჲ, მთანი უღნარ-მაღნარნი, და, ვჰგონებ, თუ არავინ წმიდათაგანი მიმწუთარს მუნ. ხოლო კაცნი მკჳდრ არიან ბორღალნი, რომელთა სკლავ ეწოდების, ყოვლითურთ უგუნურნი და პირუტყუთ-სახენი, წარმდებნი და არა წმიდათა ქუეწარმავალთა მჭამელნი.

ამას პრასტინსა შინა, ვითარცა ვთქუთ, კერპი ერთი დაშთომილ იყო პირველითგან და ვიდრე აქამომდე, მარმარილოჲსა, სახითა დედაკაცისაჲთა. ამას, ვითარცა ვთქუ, კაცნი იგი უგუნურნი წუთღა მსახურებდეს და იტყოდეს სიტყუად: ”მზე და წჳმაჲ, და ყოველი კეთილი მისგან მოგუეცემისო, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს სიკუდილად და ცხორებად, ვისიცა ენებოსო”. ესე ვითარსა რაჲ უკეთურებასა შინა წარმატებულად იხილნა კაცნი იგი, მსახურნი მისნი, ელმოდა და ეძჳნებოდა სულსა მისსა წყალობისათჳს მათისა. და აღვიდოდა რაჲ იგი ოდესმე კუალადცა ქალაქად სამეუფოდ და მივიდა მგზავრ პრასტინსა მას ზემოჴსენებულსა, მოვიდეს შეცთომილნი იგი კაცნი და ეტყოდეს წმიდასა მას: ”უკუეთუ გნებავს, რათა განმარჯუებულ შემოიქცე ყოვლითა საურავითა შენითა, ევედრე ღმერთსა ჩუენსა, რათა შეგეწიოს წინაშე მეფისა!” ხოლო წმიდამან ჰრქუა მათ: ”კეთილ, კეთილ, გუალეთ და მიჩუენეთ, და მადლიერ ვარ თქუენდა ესევითარისა ამის კეთილისა თხრობისათჳს”. და წარიყვანეს ბერი კაცთა მათ ყრუჲსა მის მიმართ და უსულოჲსა ღმრთისა მათისა, და, ვითარცა იხილა იგი, ჰრქუა მათ: ”იყოს ჟამისად, ხვალე თჳსაგან მოვიდე და ვეზრახო მას”.

და ხვალისაგან, ვითარცა განთენა. მოღებად სცა უროჲ მჭედლისაგან, და წარვიდა თჳთ ბერი იკონომოსითურთ ორთა თანა სხუათა კაცთა, და, ვითარცა მიეახლა, გამოისახა სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ შუბლსა თჳსსა და იწყო თქუმად სახარებასა იოანეს თავისა: ”პირველითგან იყო სიტყუაჲ” და შემდგომი. ხოლო კაცნი იგი ეტყოდეს, ვითარმედ: ”აჰა ესერა, მოგკლავს!” ხოლო ბერმან განიცინნა, და ვითარცა ახოვანი, შეჭურვილი ჯუარითა ქრისტესითა, მოუჴდა მეყსეულად კერპსა მას, აღიღო უროჲ იგი და უხეთქნა, და ესრეთ წურილ-წურილად დამუსრა, რომლის ნამუსრევი სახილველად წუთ იხილვების, და საღმრთოსა მას შურსა კაცისა მის ღმრთისასა წამებს.

ხოლო რამეთუ წინაჲსწარმეტყუელებისაჲცა მადლი აქუნდა წმიდასა ამას, რომელი-ესე დღესამომდე, ვითარცა ნათელი მზისაჲ, ბრწყინავს და ღმრთივ-შუენიერად აღსრულებულად იხილვების, რამეთუ ჟამსა მას, ოდეს იგი თეოდორა დედოფალსა ეპყრა ბერძენთა მეფობაჲ, ითხოვა ბაგრატ აფხაზთა მეფისაგან, რათა მოსცეს ასული მისი მართა და შვილად თჳსად აღზარდოს.

ხოლო მეფემან ბაგრატ სიხარულითა დიდითა წარმოუგზავნა შვილი თჳსი მართა კაცთა თანა საკუთართა თჳსთა. ხოლო მათ დღეთა შინა, განგებითა საღმრთოჲთა, თეოდორა დედოფალი აღესრულა, და მასვე ჟამსა მარიამ დედოფალი, დედაჲ ბაგრატ მეფისაჲ, მუნ იყო, და წმიდაჲცა ესე მამაჲ ჩუენი მუნვე იყო, მიზეზითა რომელთამე საქმეთაჲთა.

ხოლო ვითარცა ვთქუთ, მი-რაჲ-იცვალა თეოდორა დედოფალი, მეყსეულად მართა, ასული ბაგრატისი, სამეუფოდ შემოიყვანეს. და, ვითარცა იხილა წმიდამან ამან მართა, სასმენელად ყოველთა წინაჲსწარმეტყუელა და თქუა, ვითარმედ: ”უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა”. ხოლო მაშინ დაყო მცირედი ჟამი და კუალად ზევე წარიყვანეს მართა. ხოლო ოდეს მოიწია ჟამი, კუალად მოსთხოა დუკიწმან და სძლად თჳსად სამეფოსა ამას ქალაქსა შემოიყვანა.

მაშინ, რომელთა ასმიოდა წინაჲსწარმეტყუელებაჲ ბერისაჲ, იხილეს რაჲ აღსრულებულად, ყოველთა დაუკჳრდა და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელი წინაჲსწარ ყოველსავე გამოუცხადებს ნებისმყოფელთა თჳსთა, და ეგრეთვე მარიამ დედოფალმან ჰრქუა წმიდასა მას, იყო რაჲ იგი აღმოსავლეთს, ვითარმედ: ”მამაო, აღესრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ შენი, რომელი-იგი ოდესმე სწინაჲსწარმეტყუელე მართაჲსთჳს”.

XII. ესრეთ რაჲ იყო და ესევითარითა ცხორებითა ბრწყინვიდა, და ესრეთ განაგებდა მისდა რწმუნებულთა მათ სამწყსოთა. რამეთუ ოდესმე სამეუფოთა არნ წინაშე ღმრთის-მსახურთა მეფეთა საჭიროთათჳს და სათანადოთა საქმეთა, და კუალად ოდესმე მონასტერს არნ, და განაგებნ სამონასტროთა საქმეთა, და ცხორებასა ძმათასა ჰმართებნ და განაწესებნ. მაშინ გულისჴმა-ყო და განიზრახა ღმრთის-მიერითა განგებითა, ვითარმედ ღმრთივ-მონიჭებული იგი ტალანტი არა აღორძინდებოდა, რომელ არს ღმრთივ-სულიერთა წიგნთა თარგმნაჲ, იჯმნა წინამძღურობისაგან და შენდობაჲ ითხოვა ძმათა ყოველთაგან. ხოლო იგინი დაღაცათუ შეწუხნეს და ფერჴთა მისთა შეუვრდეს, არამედ არა თავს იდვა მორჩილობაჲ, ვითარცა ზეგარდამო ღმრთისა მიერ აღძრულმან და გულსავსე ქმნილმან, და ესრეთ გამოვიდა მონასტრით, რომელ ვიდრე ფოლადმდეცა არა აუღია მონასტრისაჲ, და წიგნნი, რომელნი ეთარგმნნეს დეკანოზობასა შინა გინა წინამძღურობასა, ყოველნივე ეკლესიასა დაუტევნა: სჳნაქსარი დიდი, სახარებაჲ გამოკრებილი, პავლე გამოკრებილი, კურთხევანი, სტუდიელი და სხუანი რაოდენნიმე წიგნნი, და ესრეთ ცარიელ გამოვიდა მონასტრით, რომელ გარე ღმრთის-მოყუარეთა კაცთა მისცეს საგზალი, რამეთუ ორგზის იქმნა სივლტოლაჲ მისი, ხოლო უკუანაჲსკნელ ესე იყო.

რამეთუ მიზეზი პირველისა სივლტოლისაჲ ესე იყო. ვინაჲთგან არა ენება წინამძღურობაჲ, არამედ მოსურნე იყო თავისა თჳსისა თანა მყუდროებით ყოფასა და ევლტოდა შფოთთა და ამბოხებათა, ამისთჳს ფარულად ყოველთაგან სივლტოლაჲ იჴუმია და შავსა რაჲ მთასა მივიდა, დიდად იბრალა გიორგის მიერ, თჳსისა მოძღურისა, დატევებისათჳს პირ-მეტყუელთა ცხოართა და მოაჴსენებდა სიტყუასა მას მაცხოვრისასა, რომელსა ეტყოდა მოციქულსა პეტრეს, ვითარმედ: ”უკუეთუ გიყუარ მე, დამწყსენ ცხოარნი ჩემნი”. ამის მიზეზისათჳს ბრძანებითა მოძღურისა თჳსისაჲთა კუალადცა მთაწმიდასვე მოვიდა, და იძულებითა ყოველთა ძმათაჲთა კუალად ჴელ-ყო საქმესა წინამძღურობისასა, და დაყო ჟამ რავდენმე პირველ აღწერილითა ამით განგებითა. და მერმეღა იქმნა მეორე იგი წარსლვაჲ მისი თარგმანებისათჳს წმიდათა წიგნთაჲსა. და ესრეთ შევიდა ქალაქად სამეუფოდ და მეფისაგან თავისუფლებაჲ მიიღო, დაღაცათუ უძნდა მეფესა, რამეთუ დიდად ესვიდა, არა წინა-აღუდგა, არამედ თანა-შეწევნითა მარიამ ბაგრატის დედისაჲთა, რამეთუ იგიცა მუნ იყო, ვითარცა პირველ ვთქუთ, სამისა კაცისა პური სჳმონ-წმიდას აღიღო და ესრეთ წიგნითა სამეუფოჲთა შავსა მთასა მიიწია. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დიდი სიყუარული წინა-უყვეს და ყოვლითურთ აღაშენეს.

ხოლო ამისა შემდგომად მარიამ დედოფალი, დედა ბაგრატის მეფისაჲ, ქალაქით სამეუფოჲთ ქალაქად ანტიოქიად მოვიდა. რამეთუ ეგულებოდა წარსლვაჲ წმიდად ქალაქად იერუსალემად. ლოცვად და თაყუანის-ცემად წმიდათა მათ და განმაცხოველებელთა ადგილთა. და აქუნდა ბრძანებაჲ სამეუფოჲ თავადსა თანა და პატრეაქსა ანტიოქიისასა, რათა ყოვლითა დიდებითა და პატივითა წარგზავნონ. ხოლო პატრეაქმან და მთავარმან განიზრახეს და გაიგონეს თანაზრახვითა მამისა გიორგისითა, ვითარმედ ”არა კეთილ არს აღმოსავალისა მეფეთა დედაჲ რათამცა სასარკინოზეთს წარვიდა, ვინაჲთგან ცოდვათა ჩუენთაგან იგინი უფლებენ ქუეყანასა მას”. და ესრეთ პირითა თჳსისა მოძღურისა გიორგისითა მოაჴსენეს დედოფალსა და წარსლვისაგან დააცხრვეს. ხოლო იგი დაღაცათუ შეწუხდა, არამედ ნებასა ღმრთისასა ვერ წინა აღუდგა. მაშინ ევედრა წმიდასა მას ბერსა, რათა შეიწყალოს სული მისი, ვითარცა შეუწყალებიაცა და იღუწის ცხორებისათჳს მისისა, ვინაჲთგან თჳთ ვერ ღირს იქმნა შესლვად წმიდათა მათ და თაყუანის-საცემელთა ადგილთა, გარნა რათა საფასე იგი, რომელი საგზლად აღეკაზმა, წარიღოს იგი იერუსალემად და გლახაკთა მათ და დავრდომილთა განუყოს წმიდისა ქალაქისათა და მონასტერთა მათ წმიდათა, რომელნი შენ არიან გარემოს მისა.

ხოლო ბერსა დაღაცათუ შეუძნდა საქმე ესე, ვინაჲთგან წმიდათა წიგნთა თარგმნისაგან დაეხრწეოდა, არამედ უმეტესადღა ცხორებისათჳს სულისა მისისა მოსწრაფე იყო და სიტყუაჲცა იგი მოციქულისაჲ ეჴსენა, რომელსა-იგი მისწერს კორინთელთა მიმართ, ვითარმედ: ,,აწ ესერა აღვალ იერუსალემად მსახურებად წმიდათა”, და შემდგომი, რომლისათჳსცა აღიღო საფასე იგი წარსაგებელად განმზადებული და შეწევნითა ღმრთისაჲთა მოწაფისა თანა ერთისა წარემართა და წმიდად ქალაქად მშჳდობით და უვნებელად მიიწია, და წმიდანი იგი ადგილნი მოილოცნა, და წმიდათა მამათა ლოცვაჲ მიიღო და საფასე იგი წარცემული ყოველთა ნაკლულევანთა და უღონოთა უხუებით განუყო. და ნეტარი მამაჲ პროხორე მაშინ ოდენ ჯუარის მონასტერსა აშენებდა. ესე იხილა და საფასითა ფრიად შეეწია. ხოლო ღირსი იგი ბერი ევედრებოდა, რათა პირველი ნაყოფი წმიდათა წიგნთა მისთაჲ ცხოველს-მყოფელსა ჯუარსა მიანიჭოს, რომელი-იგი, დაღაცათუ მაშინ ვერ იქმნა, ხოლო უკუანაჲსკნელ, შემდგომად პროხორეს მიცვალებისა, მოწაფეთა მისთა ნებაჲ მისი აღასრულეს და სათუეონი და მარხუანი წმიდასა მას მონასტერსა დასხნეს.

XIII. ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. ვითარცა სრულ-ყო ყოველივე ნუგეშინის-ცემაჲ და მოღუაწებაჲ გლახაკთაჲ წმიდამან მამამან გიორგი, წარემართა კუალად შავსა მთასა და ნებითა ღმრთისაჲთა მშჳდობით მიიწია და ღმრთის-მსახური იგი დედოფალი განამხიარულა, რომელი-იგი შემდგომად მცირედისა მამულად თჳსად სამეუფოდ ძისა თჳსისა თანა ბაგრატ მეფისა წარვიდა. ხოლო წმიდამან ამან ბერმან მოიცალა ყოველთა ამათ შფოთთა და საურავთაგან, და ყოვლისა ზრუნვისაგან თავისუფალმან იწყო თარგმანებად წმიდათა წიგნთა, ვითარცა სული წმიდაჲ მოსცემდა.

რამეთუ ესე ყოველთა უწყით, ვითარმედ ეგევითარი თარგმანი, თჳნიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმისსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა, და, ვგონებ თუ არცა გამოჩინებად არს! და უფროჲსნი წიგნნი ღამით უთარგმნიან. და ესრეთ შეუსუენებელად თარგმნინ, და კანონსა თჳსსა დაუკლებელად აღასრულებნ და რაჲთურთით არა სცემდა განსუენებასა თავსა თჳსსა, არამედ დღე და ღამე ტკბილსა მას თაფლსა − წიგნთა საღმრთოთა − შურებოდა, რომელთა მიერ დაატკბო ენაჲ ჩუენი, და წმიდანი ეკლესიანი განაშუენნა, და წერილთა თჳსთა ოქროჲთა განამდიდრნა უხუად და გარდარეულად.

რამეთუ ემსგავსა იგი ოქროჲსა გამომღებელსა მას ჴელოვანსა, ვითარცა იგი ქიმიათათჳს წერილ არს, რომელნი-იგი მრავალ ღონეობითა სიბრძნისაჲთა სიღრმეთაგან ქუეყანისათა ოქროსა გამოიღებენ და ბრძმედისა მიერ და ცეცხლისა ბრწყინვალებასა მისსა წარმოაჩენენ, ეგრეთვე წმიდისა ამის მამისა ჩუენისა გონებაჲ სიტყჳერისა ამის ოქროჲსა ბრძმედ იქმნა, მადნობელ ცეცხლითა სულისა წმიდისაჲთა, განმაჴურვებელ და განმარჩეველ ოქროჲსა ბრპენისაგან და თიჴისა, რამეთუ რომელნიმე წიგნნი სრულიად არა ყოფილნი და ენისა ჩუენისაგან უცხონი სიღრმეთგან უმეცრებისათა ნათლად გამოაბრწყინვნა.

ხოლო სხუანი, ოდესმე თარგმნილნი და წუთ ვერ-კეთილად გამოღებულნი, გინათუ ჟამთა სიგრძითა უცებთა და უგუნურთა მჴმარებელთაგან დაგესლებულნი, ვითარცა ვთქუთ, ბრძმედსა მას შინა წმიდისა მის გონებისა თჳსისასა გამოადვნა და გამოაჴურვნა. ხოლო კუალად სხუანი წიგნნი, წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმის მიერ თარგმნილნი და წუთ უცალოებისაგან ვერ სრულ ქმნულნი, არამედ სულ მცირედ აღწერილნი, განასრულნა და განავრცელნა. კუალად სხუანი, რომელნიმე ბერძულსა შეაწამნა და ყოვლისა ნაკლულევანებისაგან განასრულნა, და სიტყუა-დუხჭირობისა და ვერაგობისაგან განაშუენა და განაბრწყინვნა, ვითარცა თჳთ თავადი სახარებაჲ და პავლე.

ხოლო ჯერ არს, რათა სახელითცა რაოდენნიმე მოვიჴსენნე წიგნნი, რომელნი მას ნეტარსა უთარგმნიან, რათა მათ მიერ ეუწყოს ქრისტეს-მორწმუნეთა მოღუაწებაჲ წმიდისა ამის კაცისაჲ, რამეთუ არა თუ მთაწმიდას და შავსა მთასა ოდენ თარგმნა, რათამცა თჳთოეულად აღვრაცხენით, არამედ სამეუფოსა და გზას, სულუმბრიას, ანტიოქიას, სჳმონწმიდას, და კალიპოსს და სხუათა ესევითართა ადგილთა, რამეთუ რომელნიმე წიგნნი ორკეცად და სამკეცად გარდაწერილ არიან; რომელ-ესე მოსაგონებელადცა დიდ არს, ვითარმცა ესოდენნი წიგნნი ერთმან კაცმან მზანი თარგმნილნი ცხორებასა შინა თჳსსა აღწერნა, არა რომელმცა ბერძულისაგან სრულიად თარგმნნა, ვითარ ესე კაცმან ამან საკჳრველმან მაღლად და ღმრთივ-ბრწყინვალედ აღწერნა.

თარგმნა უკუე, ვითარცა ვთქუთ:

დიდი სჳნაქსარი, საფუძველი ეკლესიათაჲ.

სახარებაჲ გამოკრებული საწელიწდოჲ.

პავლე სრული და საქმე მოციქულთაჲ და კათოლიკენი მოციქულთანი.

პავლე გამოკრებული საწელიწდოჲ.

საწინაჲსწარმეტყუელოჲ საწელიწდოჲ.

თთუენი იბ-ნივე სრულად და ღმრთივ-ბრწყინვალედ.

სტიქარონნი საწელიწდონი დღესასწაულისანი, რომელნი თუეთაცა თანა სწერიან.

სტიქარონნი სამარადისონი თჳთ-ავაჯნი უძლისპირონი, ვითარცა არიან ბერძულად.

კუალად იგივე სტიქარონნი ძლის-პირთა ქუეშე, რომელთა შინა სხუაჲ მრავალი კეთილი სწერია და მათვე შინა მარხვათა სტიქარონნი.

დიდი პარაკლიტონი, სამკაული ეკლესიათაჲ, სხჳთა მრავლითა კეთილითა აღსავსე.

დიდნი მარხვანი.

და ზატიკნი, ეგრეთვე მრავალ-ფერითა კეთილითა აღსავსე.

წიგნი თეოდორე სტუდიელისაჲ, სწავლანი დიდთა მარხვათა საკითხავი.

წიგნი დაბადებისა. თარგმანი, იოანე ოქროპირისა თქმული.

წიგნი მეექუსისა კრებისაჲ, ებისტოლენი წმიდისა კჳრილესნი და სხუათა წმიდათა მამათანი, განკუეთისათჳს ნისტორ უშჯულოჲსა.

წიგნი გრიგოლ ნოსელისაჲ, რომლისა შუენიერებაჲ და ქებაჲ ზეშთა არს ყოვლისა მითხრობისა.

წიგნი ექუსთა დღეთაჲ, წმიდისა ბასილის თქმული.

წიგნი ებისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმრთივშემოსილისანი.

წიგნი საფსალმუნე დავითი, სამკაული და გჳრგჳნი ყოველთა წიგნთაჲ.

ხოლო უკუეთუ ვინმე იყოს მოსწრაფეთაგანი და მამის მოყუარე, უფროჲსღა ვთქუთ,− თუ ღმრთის-მოყუარე, და უნდეს ცნობის ძალი თჳთოეულისა წიგნისაჲ, თუ რაჲ სწერია, ამისვე წიგნისა ბოლოსა პოოს აღრიცხულად და განმარტებულად თჳთოეულისა წიგნისა ზანდუკი და ანდერძი ღმრთივ-შუენიერად და ბრწყინვალედ, რომელი წმიდამან ბერმან იოანე პატრიკმან, პატრიკ ყოფილმან, აღწერა, რაჟამს იგი თავისა თჳსისათჳს გარდაიწერნა წმიდანი ესე წიგნნი, ყოველნი წულილ-წულილად აღრიცხუაჲ − გალობაჲ და დასდებელი, ფრიადითა შრომითა და გულს-მოდგინებითა.

ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმრთივ-შემოსილმან მამამან ჩუენმან გიორგი და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი.

ხოლო საყოფელად არნ ოდესმე სჳმონ-წმიდას და ოდესმე კალიპოსს, და ესრეთ არა სცემდა განსუენებასა თავსა თჳსსა, ვიდრე არა ყოველნი განაკჳრვნა, არა ხოლო თუ ქართველნი, არამედ ბერძენნიცა და ასურნი, რომლისათჳსცა ეუწყა მოქალაქობაჲ მისი ნეტარსა პეტრე პატრეაქსა ანტიოქისასა, მოუწოდა და ეზრახა საღმრთოთა წერილთაგან მრავალ-სახედ: პირველად სარწმუნოებისათჳს მართლისა და კანონთათჳს საეკლესიოთა, და მერმე სულთა სარგებელისათჳს, სათნოებათათჳს და ვნებათა. და ვითარ ყოველსა შინა გამოცდილად პოა, მერმე ყოველი ცხორებაჲ თჳსი მას შეჰვედრა, და მას ჰკითხავნ გულის-სიტყუათა თჳსთა და ყოველთავე საეკლესიოთა საქმეთა.

XIV. და რაჟამს იგი შურითა მტერისაჲთა ცეცხლი აღედვა ღმრთისა ქალაქსა და ტაძარი წმიდისა მოციქულისა პეტრესი დაიწუა, ხოლო პატრეაქი მრავალთა მწუხარებათა და ურვათაგან შეპყრობილ იყო, ვიდრე არა ბერი ესე წმიდაჲ მოვიდა და სიტყჳთა ნუგეშინის-ცემისაჲთა და სწავლითა სულიერითა ყოველი მწუხარებაჲ და გლოვაჲ მისი განაქარვა, რომლისათჳსცა აღიარებდა და იტყოდა: “უკუეთუმცა სიწმიდე შენი არა მომაშვრალ იყო, ჵ წმიდაო მამაო, კნინღამცა და მწუხარებათა მიერ ჯოჯოხეთად შთასრულ იყო სული ჩემი!”. ესრეთ წმიდაჲ ესე პატრეაქი ესევითარითა სიყუარულითა და სარწმუნოებითა აღსავსე კაცისა ამის ღმრთისაჲთა, შემდგომად მცირედისა უფლისა მიმართ მიიცვალა.

და შემდგომად მისა დაიპყრა საყდარი მისი თევდოსი სამეუფოელმან, კაცმან მაღალმან და ფილოსოფოსმან და ორითავე ცხრებითა გამოცდილმან. ხოლო არა აქუნდა წუთ მეცნიერებაჲ წმიდისა ამის ბერისა მიმართ, ვითარცა ახალ შემოსრულსა, და ესე იქმნა მიზეზი და დასაბამი მათისა ურთიერთას შემეცნიერებისაჲ.

რამეთუ კაცნი ვინმე სჳმონ-წმიდელნი შურითა საეშმაკოჲთა აღიძრნეს ჩუენ ქართველთა ზედა, და ენება, რათამცა ნათესავი ჩუენი ძირითურთ აღმოჰფხვრეს სჳმონ-წმიდით. და განიზრახეს გულარძნილებით, რათა წმიდასა ამას და მართალსა სარწმუნოებასა ჩუენსა ბიწი რაჲმე დასწამონ, და ესრეთმცა სრულიად აღმოგუფხვრნეს დიდებულისა ამისგან ლავრისა, პირველითგან თჳთ წმიდისა სჳმონის მიერ დამკჳდრებულნი. და ესრეთ ბოროტად შეიზრახნეს და წარვიდეს თევდოსი პატრეაქისა წინაშე, ვითარცა ახლად შემოსრულისა და წუთ უმეცრისა, და დაცჳვეს წინაშე მისსა, რეცა მომჭირნედ, და ჰრქუეს მას: ”შეგუეწიენ, წმიდაო მეუფეო, და გჳჴსნენ დიდისა ჭირისაგან და განგუათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხოთესლთა, რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩუენსა ვითარ სამეოცი კაცი, რომელნი ქართველად სახელ-იდებენ თავთა თჳსთა, და არა უწყით, თუ რასა ზრახვენ, ანუ რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი, და ესრეთ დორიასად ზოგი მონასტრისაჲ დაუპყრიეს”. და ესმა რაჲ ესე პატრეაქსა, დაუკჳრდა და ჰრქუა მათ: ”და ვითარ ეგების ესე, რათამცა ქართველნი არა მართლმადიდებელნი იყვნეს?” რამეთუ წუთ უმეცარ იყო ნათესავისა ჩუენისა, ხოლო იგინი დაუმტკიცებდეს, და რეცა უკეთურებისა საფარველად ჰრქუეს მას, ვითარმედ: ”არა უწყით, თუ ქართველნი არიან ანუ სომეხნი, და ვერცა ხუცესი მათი ჟამსა წირავს მონასტერსა შინა ჩუენსა!”.

ხოლო ესე მართალი თქუეს, რამეთუ ვიდრე აქამომდე მრავლით ჟამითგან ქართველი ხუცესი სჳმონ-წმიდას ჟამსა ვერ წირვიდა ამის მიზეზისათჳს, რამეთუ რომელსამე ჟამსა სოფლური ვინმე ხუცესი ახლად ჩამოსრული წმიდისა სჳმეონის სუეტსა ზედა გასრულ იყო ჟამის წირვად ქალამნითა და საბეჭურითა, თჳნიერ სამღდელოჲსა შესამოსლისა, ვითარცა იყო პირველად წესი ჩუენი. და ამისთჳს არა უტეობდეს ქართველსა ხუცესსა ჟამის წირვად, არამედ განეწესა, რათა მათ თანა ეზიარებოდინ. და ნუ ვინ ჰგონებს, თუმცა სხუაჲ რაჲმე მიზეზი ყოფილ იყო. და კაცთა მათ ამაოთა პატრეაქსა ესე გააგონეს, ხოლო იგი განცჳბრდა ამას ყოველსა ზედა და ჰრქუა მათ: ”არვინ არსა ნათესავსა მათსა შორის ბერძულისა ენისა მეცნიერი და წერილთა სწავლული?” ხოლო მათ, უნდა თუ არა. აღიარეს, ვითარმედ: ”ჰე, არს ერთი ვინმე მონაზონი ღრ[ა]მატიკოსი და ბერძულთა წიგნთა ქართულად თარგმნის”, მაშინ პატრეაქმან მსწრაფლ ბრძანა მოყვანებაჲ ბერისაჲ.

ხოლო ვითარცა შევიდა ბერი წინაშე მისსა, მოიკითხა პატივით და უბრძანა დაჯდომაჲ. და იწყო უბნობად ბერისა ღმრთივ-სულიერთა წიგნთაგან, და რასა იგი ჰკითხვიდა, ყოველსავე ღმრთივ-შუენიერად მიუგებდა. მაშინ გულისჴმა-ყო პატრეაქმან, ვითარმედ მადლი ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს მის თანა. და ჰრქუა ესრეთ ბერსა: ”პატიოსანო მამაო, კურთხეულ არს ღმერთი, რომელ ვიხილე სიწმიდე შენი, და აჰა ესერა გხედავ მოწყალებითა ღმრთისაჲთა, დაღაცათუ ნათესავით ქართველი ხარ, სხჳთა კულა ყოვლითა სწავლულებითა სრულიად ბერძენი ხარ, ხოლო მითხარ ნათესავისა შენისათჳს, - არსა რაჲ ნაკლულევანებაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ მათ თანა გინა ურთიერთას განყოფილებაჲ მათ შორის და ჩუენ შორის?” ხოლო ნეტარმან მან გამოისახა სასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ პირსა თჳსსა და იწყო წარმოთქუმად მართლისა სარწმუნოებისა ესრეთ, რომელ განაკჳრვნა მსმენელნი, რამეთუ სული წმიდაჲ იტყოდა პირით მისით.

მაშინ პატრეაქმან ბრძანა: ”კურთხეულ არს ღმერთი! ვიეთნიმე ნაკლულევანებასა სწამებდეს ქართველთა და, აჰა ესერა, მრავლითა სახითა უზეშთაეს იპოვნეს ჩუენსა და უფროჲს ხოლო ქალწულებითა, რომელი-იგი მაღლად უპყრიეს მათ”. და ყოველნივე ეწამებოდეს, რამეთუ იყვნეს მეტროპოლიტნი და ებისკოპოსნი და წარჩინებულნი ანტიოქისანი, ყოველთავე ადიდეს უფალი და წმიდასა მას ქებაჲ შეასხეს და ნეტარებაჲ.

ხოლო პატრეაქმან ცუდის-მზრახთა მათ და ამაოთა კაცთა სჳმეონ-წმიდელთა ფრიად შეჰრისხნა და კანონსა ქუეშე საეკლესიოსა შეყარნა და სხუასაცა მრავალსა ძჳრსა უთქუმიდა. ხოლო ნეტარმან მან უხუაიშნა პატრეაქისაგან და განუტევნეს, და რომელსა იგი რეცა სავნებელად ჩუენდა ჰგონებდეს, ესე ჩუენდა სარგებელად იქმნა, და სარწმუნოებაჲ ჩუენი ღმრთივ-ბრწყინვალედ იქადაგა. და მიერითგან დაეწესა, რათა ქართველნი სჳმონ-წმიდას ჟამსა წირვიდენ, რამეთუ ყოველნი მეცნიერ ხართ, ვიდრე ამის ნეტარისამდე ჟამსა ვერ წირვიდეს. და ესე რაჲ ესრეთ ღმრთივ-ბრწყინვალედ აღასრულა და განაგო, და კუალად სხუაჲ საქმე წინა-უყო პატრეაქმან ფრიად დიდი და მაღალი.

რამეთუ კაცთა ვიეთმე მრავალ-ღონეთა და მანქანათა მოაჴსენეს და აუწყეს პატრეაქსა, ვითარმედ: ”ვითარ ესე, მეუფეო, რომელ ეკლესიანი და მღდელთ-მოძღუარნი ქართლისანი არა რომლისა პატრეაქისა ჴელმწიფებასა ქუეშე არიან და ყოველნი საეკლესიონი წესნი მათ მიერ განეგებიან, და თჳთ დაისუმენ კათალიკოსთა და ებისკოპოსთა, და არა სამართალ არს ესე, რამეთუ ათორმეტთა მოციქულთაგანი არავინ მისრულ არს ქუეყანასა მათსა, და ჯერ-არს, რათა ქალაქსა ამას ღმრთისასა და საყდარსა მოციქულთა თავისასა დაემორჩირლნენ და ამისსა ჴელმწიფებასა ქუეშე იყვნენ, რამეთუ ნათესავი არს უმეცარი და სამწყსოჲ მცირე, და ჩუენდა მახლობელად არიან და ჯერ-არს, რათა ჴელმწიფებასა ქუეშე ანტიოქელის პატრეაქისასა იმწყსებოდინ, და აქა იკურთხეოდის კათალიკოზი მათი, და ვიყვნეთ ჩუენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს!”

ესე ყოველი განიზრახეს და დაამტკიცეს, რეცა უმეცრებისა ჩუენისათჳს, ხოლო წინააღმდგომი შეემთხჳა, რამეთუ იწყო პატრეაქმან სიტყუად ბერისა, ვითარცა ესერა აღგჳწერია, და ეტყოდა რომელსამე ლიქნით და რომელსამე მართლად, ვითარმედ: ”შენ, ჵ ნეტარო მამაო, დაღაცათუ ნათესავით ქართველი ხარ, ხოლო სწავლულებითა და მეცნიერებითა ჩუენივე სწორი ხარ, ჯერ-არს, რომელ ეკლესიანი და მღდელთ მოძღუარნი თქუენნი ჴელსა ქუეშე სამოციქულოჲსა ამის საყდრისასა იმწყსებოდინ, და ჰმართებსცა ესრეთ მიზეზითა მახლობელობისაჲთა, და ესე შენგან შესაძლებელ არს, რამეთუ უწყი, ვითარმედ გისმენს მეფე თქუენი, უკუეთუ, მიუწერო და აუწყო უმჯობესი, ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიუწერო ოთხთავე პატრეაქთა საყდრის-მოდგამთა ჩუენთა და ვაუწყო თჳთრჩულობაჲ და ქედფიცხლობაჲ ნათესავისა თქუენისაჲ, და ვითარმედ, თჳნიერ სამოციქულოჲსა კანონისა, თჳთ იმწყსებიან და მოციქულთაგანი არავინ მისრულ არს ქუეყანასა მათსა, და ესრეთ მრავალსა ღუაწლსა შეგთხინე, ვიდრე არა თჳთ მეფე თქუენი წინაშე ჩუენსა მოვიდეს და ჴელმწიფებასა ჩუენსა დაემორჩილოს!” და ესევითარნი რაჲ სიტყუანი წარმოთქუნა პატრეაქმან ბერისა მიმართ, ხოლო ნეტარმან ამან დაწყნარებით და ნელიად ჰრქუა პატრეაქსა, ვითარმედ: ”ჵ წმიდაო მეუფეო, რაჲსათჳს-მე ესრეთ ადვილად ჴელჰყავ დიდისა ამის და მაღლისა საქმისა მოგონებად და აღსრულებად? და ვინ-მე არიან უგუნურნი იგი განმზრახნი შენნი, ანუ რად ესრეთ უგუნურად შეგირაცხიეს ნათესავი ქართველთაჲ, წრფელი და უმანკოჲ? აჰა ესერა, ვარ მე უნარჩევესი და უმდაბლესი ყოველთა ძმათა ჩემთაჲ, მე მოგცე მათ ყოველთა წილ პასუხი, მოღებად ეც წიგნი “მიმოსლვაჲ ანდრეა მოციქულისაჲ” და მუნით გეუწყოს საძიებელი თქუენი”.

ხოლო პატრეაქმან უბრძანა თეოფილეს, ნათესავით ქართველსა, რომელი-იგი უკუანაჲსკნელ ტარსუს მიტროპოლიტ იქმნა, მოღებაჲ წიგნისა მის. და ვითარ მოიღეს, პირველ წარკითხვისა ჰრქუა ბერმან პატრეაქსა: ”წმიდაო მეუფეო, შენ იტყჳ, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო, ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თჳსისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი, და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი, და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სიმონს ვიტყჳ კანანელსა - ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარ-გჳყოფიეს, და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უვარის-მყოფელთა და მწვალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლ-მადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ. აწ, უკუეთუ ჯერ არს, დაგემორჩილნეთ.” და, რეცა განცხრომით, ჰრქუა პატრეაქსა: ”წმიდაო მეუფეო, შუენის ესრეთ, რათა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ-არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას, და რათა თქუენ ჩუენ დაგუემორჩილნეთ!” და ესეცა შესძინა, ვითარმედ: ”წმიდაო მეუფეო, რომელნი-ეგე ჩუენ უმეცრად და სუბუქად გუხედავთ და თავნი თქუენნი ბრძენ და მძიმე გიყოფიან; იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლ-მადიდებლობაჲ არა იპოებოდა, და იოანე, გუთელ ებისკოპოსი, მცხეთას იკურთხა ებისკოპოსად, ვითარცა სწერია დიდსა სჳნაქსარსა”.

ესე ყოველი რაჲ წარმოთქუა ნეტარმან ამან, განკჳრდა პატრეაქი ებისკოპოსთა თჳსთა თანა სიმახჳლესა გონებისა მისისასა და რამეთუ, ვითარცა მდინარე დაუწყუედელად, ესრეთ დიოდეს სიტყუანი წმიდათა წერილთანი პირით მისით. განიღიმა პატრეაქმან და ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა მათ და ერსა: ”ხედავთა ბერსა ამას, ვითარ მარტოჲ ესოდენსა სიმრავლესა გუერევის? ვეკრძალნეთ, ნუუკუე წინააღმდგომი შეგუემთხჳოს და არა ხოლო თუ სიტყჳთ, არამედ საქმით გუამხილოს ძლეულებაჲ ჩუენი და დაგჳმრწემნეს და დაგჳმრემლნეს!”

მიერ დღითგან ესრეთ შეიყუარა პატრეაქმან და ყოველთა ანტიოქიელთა, ვითარცა მამაჲ და მოძღუარი სულიერი. და თჳთ პატრეაქმან გულის-სიტყუათა თჳსთა მისა იწყო კითხვად, და რამეთუ პირველ მისა ყოფილი ნეტარი იოანე პატრეაქი მასვე წმიდასა ბერსა ჰკითხვიდა, ვითარცა ზემო ვთქუთ, და ესრეთ მრავლითა პატივითა და ნიჭითა ეპყრა წმიდაჲ იგი ბერი, ვიდრე იყო იგი ქუეყანასა ანტიოქისასა, და ოდეს აქუნნ რაჲმე საჭიროჲ გულის-სიტყუაჲ, მსწრაფლ წარმოსცემნ საჴედარსა და მოიყვანებნ, და დიდად სარგებელ იყოფინ ხილვასა მისსა.

აქამომდე არს პატრეაქისა მიმართ სიტყჳს-გებისა და სიყუარულისა მისისა მისა მიმართ წარმოთქუმაჲ.

XV. ხოლო ვითარცა ცნა ღმრთის-მსახურმან მეფემან ბაგრატ, ვითარმედ სრულ იქმნა თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ და მოირწყნეს ეკლესიანი შავისა მთისანი წიგნთა მისთა მდინარითა, სულთა განმანათლებელითა, რამეთუ ყოველთა მონასტერთა გარდაიწერნეს. და უფროჲს ყოველთაჲსა დიდად იღუაწა სულითა კურთხეულმან ანტონი, ლიპარიტ ყოფილმან, და თჳსისა მონასტრისა, ბარალამ-წმიდისათჳს, დააწერინა და წმიდასა ამას ბერსა დიდად პატივ-უპყრა და ნუგეშინის-სცა და თჳსისა მონასტრისაგან გაკუეთილი შეუქმნა, და სიმტკიცე თჳსითა ჴელითა დაუწერა, და შუენიერი ქებაჲ და მადლობაჲ დაწერა მას შინა ღუაწლთა და შრომათა მისთათჳს. ესრეთ რაჲ ყოველნი ეკლესიანი განშუენდეს სამკაულითა წმიდათა წიგნთა მისთაჲთა, ხოლო ეკლესიანი აღმოსავლეთისანი წუთ ნაკლულევან იყვნეს, იწყო ღმრთის-მსახურმან მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი, დედოფალთა და კათალიკოზთა და ყოველთავე მღდელთ-მოძღუართა და მთავართა ვედრებად და წუევად, რათა აღმოსავლეთს განვიდეს , და იხილონ წმიდაჲ იგი და იკურთხნენ და განათლდენ მის მიერ, და კუალად, რათა ნამუშაკევი იგი მისი, ღმრთივ მონიჭებული, იხილონ და აღივსნენ სიხარულითა.

და ესრეთ მრავალგზის მოუწერნ ღმრთის-მოყუარე მეფე ბაგრატ და დედაჲ მისი მარიამ დედოფალი, ვითარმედ: ”წმიდაო მამაო, მანდა, შავსა მთასა, მცირედნი არიან მონასტერნი ჩუენნი, რამეთუ ქუეყანაჲ არს უცხოჲ, ხოლო ჩემი სამეფოჲ ვრცელ არს და დიდ ფრიად და მაღალ, და ეკლესიანი და სამღდელთ-მოძღურონი და მონასტერნი ფრიად მრავალ და დიდებულ. აწ არწმუნოს ღმერთმან სიწმიდესა თქუენსა, რათა ჰბრძანო და მოშურე, და ჩუენ ვიკურთხნეთ თქუენ მიერ და გავნათლდეთ, და კუალად ეკლესიანი ჩუენნი აღივსნენ მდინარეთა მაგათგან, სულთა განმაცხოველებელთა წიგნთა თქუენთა ღმრთივ-სულიერთა”.

ხოლო ნეტარმან ამან ყოვლადვე არა თავს იდვა, რამეთუ ყოვლითა მოსწრაფებითა ევლტოდა დიდებასა კაცთასა და შფოთსა სოფლისასა და სიმდაბლესა შეიტკბობდა, და კუალად ზემოჴსენებულისაცა მიზეზისაგან ეშინოდა. ნუუკუე მღდელთ-მოძღურად დაადგინონ. ვიდრე არა კუალადცა თჳსითა ჴელითა სიმტკიცე მოუწერა ღმრთის-მსახურმან მეფემან, ვითარმედ არაჲ უნებელი დაგეპატიჟოსო, და, ვითარმედ: ”წმიდაო მამაო, არა თუ ოდენ წიგნთათჳს ვარ, რათა განათლდენ ეკლესიანი ჩუენნი, არამედ რათა თჳთ მე განვნათლდე ხილვითა თქუენითა და სული ჩემი ჴელთა თქუენთა შევჰვედრო, და ძე ჩემი და ყოველნი თჳსნი ჩემნი სიწმიდისა თქუენისა მიერ იმწყსებოდინ და განისწავლებოდინ, და რათა ღმერთსა ნიჭად მიუპყრნე სულნი ჩუენნი”.

ხოლო იხილა რაჲ საღმრთომან ამან მოხუცებულმან სარწმუნოებაჲ იგი და სიყუარული ღმრთის-მსახურისა მეფისაჲ მისსა მიმართ და მრავალგზის მიწერაჲ და იძულებაჲ წარსლვისა მისისათჳს, და ეძიებდა ცნობად ნებასა ღმრთისასა, რომლითამცა გულსავსე იქმნა. მაშინ წმიდათა მოციქულთა მიერ ქმნული იგი საქმე ჴელ-ყო, და რამეთუ ეგრეთცა იყო ჩუეულებაჲ მისი: რაჟამს საქმისა რაჲსათჳსმე უნებნ გულსავსე ყოფის, თუ არს-მეა ნებაჲ ღმრთისაჲ, წილნი დაწერნის და საკურთხეველსა ქუეშე დასხნის და მღდელმან ზედა ჟამი წირის, და, რაჲცა აღმოჰჴდის, იგიცა დაამტკიცის.

და ეგრეთვე-ყო აწცა, რომლითა გულსავსე იქმნა. და ესრეთ მიუწერა დამორჩილებაჲ მეფესა. ხოლო მას ვითარცა ესმა, განიხარა ფრიად, და წარმოავლინა საკუთარი თჳსი იოანე და საჴედარნი და განძი, რაოდენი კმა-ეყოფოდა მას და მოწაფეთა მისთა, წარმოსცა და დაწერნა წიგნნი პატრეაქსა თანა და დუკსა ანტიოქისასა წარგზავნისა ჩუენისათჳს, და ესრეთ მოიწინეს მწოდებელნი ჩუენნი.

XVI. აქამომდე არს სიტყუაჲ ჩუენი ზემოჴსენებულთა მათ ძმათა მიმართ, რომელთა გუაიძულეს შობითგანვე აღწერაჲ ცხორებისა მისისაჲ. ჵ ნეტარო, რამეთუ თქუენ აქამომდე ყოველსავე თჳთ მეცნიერ ხართ, და, ვითარმცა არა მეცნიერ იყავ, რომელი-იგი იოტოდენსაცა გულის-სიტყუასა არა დაჰფარვიდა თქუენგან! ხოლო ამიერითგან წარსლვისა ჩუენისათჳს აღმოსავლეთად და ვიდრე სამეუფოდ მოსლვადმდე და მიერ სოფლით მიცვალებად ყოველივე ვაუწყო სიწმიდესა თქუენსა, რომელმან-ეგე ფრიად მაიძულე და მიბრძანე შეუკადრებელთა შეკადრებად. და ესე წარმოვთქუ ფრიად მოკლედ და სულმცირედ, რამეთუ ესოდენ შორს ვარ სიწმიდისა მისისაგან, ვითარცა ცაჲ ქუეყანისაგან და ვითარცა აჩრდილი მსგავსებისაგან კაცისა. და კუალად მაიძულებს აღწერად ბრძანებაჲ თქუენი, თუ ვითარ წარვედით ზე და თუ ვითარ იქმნა ნეტარი იგი მიცვალებაჲ მისი.

ხოლო მე, ვითარცა მოგზაურსა უდებსა, რომელი განზოგებასა გზისასა არა მიწევნულ არნ და დაიჴსნის, ეგრეთვე მცონის, რამეთუ წუთ ძირსა თანა მთისასა ვიქცევი და თავსა არა აღსრულ ვარ, არამედ ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, იყავნ ჩემ თანა და წმიდაჲ მადლი თქუენი, რათა უცთომელად წარვემართო გზასა სიტყჳსა ჩემისასა.

რამეთუ, ვითარცა წარმოვემართებოდეთ საკჳრველისა მაგის მთისაგან, ვილოცეთ სამარხოსა წმიდისა სჳმეონისსა და მართაჲსსა, და მადლი მათი და ლოცვაჲ თქუენი საგზლად მოვიღეთ. გამოვედით ანტიოქიით და მოვიწიენით ვიდრე დიდად მდინარედ ევფრატად და მუნ გუეუწყა, ვითარმედ მიშუებისათჳს ცოდვათა ჩუენთაჲსა თურქთა დაუპყრიეს ყოველი შუა-მდინარე და ისაური და საბერძნეთი. ხოლო ჩუენ, გუესმა რაჲ ესე, შევიქეცით მიერ და სევასტიით კერძო მივიდოდეთ, გუეგონა, ვითარმედ მათ კერძოთა მშჳდობაჲ არს.

ხოლო უწინარეს ჩუენსა მისრულ იყვნეს თურქნი, და აეღო ქალაქი იგი და დაეწუა, და ჩუენ არა უწყოდეთ და მივიდოდეთ, და კნინღადა მცირედ ჴელთა მათთა შთავვარდებოდეთ, უკუეთუმცა წყალობასა ღმრთისასა არა აღეპყრა ჴელი, რამეთუ ჴმაჲ გუესმა ყოველთა, ვითარმედ: ”სადა წარხუალთ”? და, უწყის უფალმან, კაცი არა გჳხილავს, გარნა თუ ჴმაჲ ანგელოზისაჲ იყო! ესრეთ შევიქეცით და მთათა მივჰმართეთ დიდითა შრომითა. და დღე და ღამე სლვითა კესარიად მოვედით და მუნით წარმოვედით და ზღუასა მოვჰმართეთ, რამეთუ ჴმელით არღარა ეგებოდა, და, ნებითა ღმრთისაჲთა, ევხაიტს მოვიწიენით, სამარტჳლოსა წმიდისა თეოდოსესსა. ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მის ადგილისამან კეთილად შეგჳწყნარნა და გჳსტუმრნა და დიდი სიყუარული გუაჩუენა, რამეთუ კაცი იყო წმიდაჲ და ღმერთ-შემოსილი, და დიდად ნუგეშინის-იცა მისლვითა ჩუენითა განსაცდელთა მათთჳს, და მრავალი წარმოთქუეს ურთიერთას სულთა ცხორებისათჳს. და ესრეთ გამოვედით მიერ და მოვიწიენით სამისონს, ქალაქსა ზღჳს-კიდისასა, და მუნ განვყიდენით საჴედარნი ჩუენნი, და ესრეთ ნავითა წარვემართენით კერძოთა აფხაზეთისათა, და კეთილითა და ჰამოჲთა ნიავითა მივიწიენით ფოთს და მიერ საჴედრითა ქუთათისს ჟამსა სთულისასა.

ხოლო აცნობეს მსწრაფლ მეფესა, რამეთუ ზემოთა ქუეყანათა იყო, და, ვითარცა ეუწყა, განიხარა სიხარულითა დიდითა და მეყსეულად წარმოგზავნა მწიგნობარი თჳსი და უბრძანა დიდითა პატივითა წარყვანებაჲ ბერისაჲ. და, ვითარცა მოიწია ჩუენდა, წარმოგჳყვანნეს მიერ და თანა გზა-გუყვა მღდელთ-მოძღუარიცა ქუთათისისაჲ, სახელით ილარიონ, რომელი უკუანაჲსკნელ მოწაფე იქმნა ბერისა. და წარმო-რაჲ-ვედით, მოვიწიენით ქუეყანად ქართლისა, სადა-იგი იყო მეფე მთავართა თჳსთა თანა. და ვითარცა მოვეახლენით სამ ჟამისა სავალ ოდენ, გამოგზავნნა მეფემან მგებვრად ჩუენდა მღდელთ-მოძღუარნი და დიდებულნი თჳსნი, ხოლო თჳთ ღმრთის-მსახური მეფე კართა თანა კარვისათა წინა-მოეგება და მოწლედ მოიკითხა და იკურთხა მისგან. და ჴელპყრობით შეიყვანა კარვად და ინაჴით დასუა მახლობელად თჳსა, და თქუა განმხიარულებულმან სიხარულითა დიდითა: ”კურთხეულ არს ღმერთი, აჰა დღეს ცხორებაჲ არს ყოვლისა სამეუფოჲსა ჩემისაჲ, რამეთუ ვიხილე ახალი ოქროპირი!” და ესრეთ მის თანა ყოველნი დიდებულნი მისნი იხარებდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა და იტყოდეს: ”კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგჳვლინა ესევითარი კაცი მაცხოვრად სულთა ჩუენთა”. და იყო სიხარული დიდი ყოველსა მას სამეფოსა მისსა.

ხოლო მას ჟამსა იქმნა დიდი განმარჯუებაჲ მეფისაჲ, ოდეს-იგი შეწევნითა ღმრთისაჲთა წინააღმდგომნი თჳსისა მეფობისანი აბაზთაჲს ძენი შეიპყრნა, რომელთათჳს ყოველთა უწყით ჭეშმარიტებით, ვითარმედ შეპყრობაჲ მეფისაჲ ეგულებოდა. ესე კაცნი ძლიერნი და ახოანნი, სიმდიდრესა ზედა მკლავისა თჳსისასა მოქადულნი და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზუავებულნი, ხუთნი ერთობით, ვითარცა უძლურნი რაჲმე და ყრმანი ჩჩჳლნი, ეგრეთ შეიპყრნა, რამეთუ წუთ თუე ერთი არა გამოსრულ იყო შემდგომად მოსლვისა ჩუენისა. ესე ვითა ჴელად-იხუნა, წარავლინა მწოდებელი ბერისა თანა, და, ვითარცა შევიდა ბერი და მიულოცა განმარჯუებაჲ იგი, ჰრქუა მას მეფემან, ვითარცა იყო მორწმუნე და ღმრთისმსახური: ”წმიდაო მამაო, არავინაჲ არს განმარჯუებაჲ ესე ჩუენი თჳნიერ ლოცვისა და მადლისა შენისა, რამეთუ მრავალგზის ჴელ-მეყო და ვეროდეს განმემარჯუა, ხოლო აწ უწყი ჭეშმარიტებით, რომელ სასწაული არს ესე მოსლვისა შენისაჲ და ამიერითგან წარემართოს მეფობაჲ ჩუენი ლოცვითა შენითა!” და აუწყა ყოველივე განზრახვაჲ მათი და ბოროტისა შემზადებაჲ, რომელსა-იგი მისთჳს იგონებდეს.

ამისა შემდგომად, განაგნა რაჲ საქმენი მის ჟამისანი ღმრთის-მსახურმან მეფემან და რამეთუ მოწევნულცა იყო ჟამი ზამთრისაჲ, და ჩუეულებისაებრ თჳსისა წარვიდა აფხაზეთად, და აწჳვა ბერსაცა წარსლვად, რათა მუნ დაიზამთროს და განისუენოს, და ვითარმედ არს ქუეყანაჲ იგი ბარი და ტფილი. და ვითარცა წარმოვემართენით და მივიწიენით ჭყონდიდს, მეფე სრულიად აფხაზეთს შთასლვად წარემართა, ხოლო ჩუენ ებისკოპოსმან ჭყონდიდელმან არა განგჳტევნა, რამეთუ მოწაფე იყო ბერისაჲ.

და ზამთარი იგი მუნ დავყავით. და შემდგომად ზამთრისა, აღმორაჲ-ვიდა ღმრთის-მსახური მეფე კუალად ქართლადვე, მოუწოდა ბერსა წინაშე მისსა და მისცნა ადგილნი შუენიერნი, ლავრანი დიდებულნი განსასუენებელად და საყოფ[ე]ლად მისა, პირველად - ნეძჳ, ქართლსა შინა, და შემდგომად მცირედისა - შატბერდი, დიდებული ლავრაჲ კლარჯეთს შინა. ხოლო შესაძლებელ თუმცა იყო, ყოვლადვე არა ჰნებავნ მეფესა, რომელ ერთსაცამცა დღესა კიდე იყო მისგან და ვერ განძღებოდა სმენითა თაფლისა უტკბილესთა მათ სიტყუათა მისთაჲთა, და ესრეთ ეტყჳნ: ”წმიდაო მამაო, ამისთჳს მოვაშრვეთ სიწმიდე თქუენი, რათა ნაკლულევანებაჲ და ცთომაჲ უწესოჲ აღმოჰფხურა სრულიად სულთაგან ჩუენთა, დაფარული დაფარულად გუამხილე, ხოლო ცხადი თუალუხუავად განგჳმარტე, რამეთუ, რაჲცა მიბრძანოს მამობამან შენმან, ესრეთ შევიწყნარო, ვითარცა პირისაგან წმიდათა მოციქულთაჲსა”.

და მოიყვანა ძე თჳსი გიორგი, უფლის წული, და ჴელი მისი ჴელსა შთაუდვა და ჰრქუა: ”აჰა მოგცემ სულსა ამის ყრმისასა და წინაშე ღმრთისა გთხოვს!”. ხოლო მან აკურთხა, დაულოცა და ჰრქუა, ვითარმედ: ”ღმერთმან ორითავე ცხორებითა ადიდენ, ვითარცა დიდი კოსტანტინე, შიშსა შინა თჳსსა და დაუმორჩილენ ყოველნი მტერნი მისნი”. და, ვითარცა შუენოდა, სწავლანი ღმრთივ-სულიერნი და მცნებანი საღმრთონი აღუწერნა და, მისცნა, რათა სამარადისოდ იკითხვიდეს და იწურთვიდეს, და რათა უწესოთა კაცთა უჯეროჲ რაჲმე და დრკუჲ არა ასწაონ. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარნა და დღე და ღამე იწურთინ, და ესრეთ შეუდგა, ვითარცა შვილი საყუარელი მამასა სახიერსა და ვითარცა მოწაფე ერთგული მოძღუარსა თჳსსა.

XVII. ხოლო მიერითგან იწყეს აღსაარებად და სინანულად თჳთ მეფემან, კათალიკოზმან, მღდელთა, დიაკონთა, მონაზონთა და მოწესეთა, დიდებულთა და მთავართა, მდიდართა და გლახაკთა. ესრეთ მჴურვალითა სარწმუნოებითა მოისწრაფდეს, ვიდრემდის საზრდელსაცა ძლით მივიღებდით. და ესრეთ განანათლა ყოველი აღმოსავლეთი კაცმან ამან, განათლებულმან ღმრთისა მიერ, და ყოველნივე ცხადნი და დაფარულნი უწესოებანი განჰმართნა.

რამეთუ პირველად ყოვლისა აღლესა მახჳლი მხილებისაჲ მეფეთა მიმართ მრავალთა უწესოებათათჳს, უშიშად და თვალუხუავად, სიბრძნით და გონიერად, რათა არა ჰყიდდეს საებისკოპოსოთა კაცთა მიმართ უწესოთა და უსწავლელთა და ყოვლითურთ სოფლისა შემსჭუალულთა და უწესოებათა და მიმოსლვათა შინა აღზრდილთა, არამედ გამოარჩევდეს კაცთა ღირსთა და წმიდათა, მონაზონებასა შინა აღზრდილთა, და ღმრთივ-სულიერთა მოძღუართა მიერ წამებულთა, და რათა ლოცვითა და მადლითა მათითა მშჳდობით წარემართოს მეფობაჲ მისი, და რათა არა მღდელთა უწესოებითა და ცოდვითა ერის კაცნიცა დაისაჯნენ.

კუალად ეტყოდა მსჯავრთათჳს და სამართალთა სამეუფოთა და რათა უშჯიდეს ობოლსა და ქურივსა სიტყჳსაებრ დავითისა: ,,მდაბალი და გლახაკი განამართლოს”, და რათა არა მისდრეკდეს სასწორსა სიმართლისასა დიდისა მიმართ, გინა მცირისა, და რათა უმეტეს ყოვლისა წყალობაჲ შეიტკბოს, რამეთუ ”წყალობაჲ და სამართალი უყუარს უფალსა” და რათა ყოველი არაწმიდებაჲ და უწესოებაჲ მოისპოს თჳთ მისგან პირველად და მერმე ერისა მისისაგან.

მერმე იწყო მღდელთ-მოძღუართა მიმართ, რათა თუალთღებით ჴელთდასხმასა არა ჰყოფდენ და უღირსთა მღდელთა არა აკურთხევდენ, და რათა ამცნებდენ მათ მიერ კურთხეულთა მღდელთა უღირსთა არა ზიარებად, და რათა არა შეჰკრებდენ ოქროსა და ვეცხლსა, არამედ უმეტეს ყოვლისა სწყალობდენ გლახაკთა და უღონოთა, და რათა არა უწესოჲ რაჲმე, გინა სხუათა დამაბრკოლებელი საქმე იხილვებოდის მათ შორის, არამედ მცნებასა მას მოციქულისასა შეუდგენ, ვითარცა მიუწერს ტიმოთეს.

კუალად იწყო მღდელთა მიმართ და დიაკონთა სწავლად მორჩილებასა ებისკოპოსისა თჳსისასა და არავისა თუალღებით მიცემად განმაცხოველებელსა მას ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, და ყოფად ეგრეთ, ვითარცა წამებს კანონი მოციქულთა და მამათაჲ.

ეგრეთვე მონაზონთა და მოწესეთა და ყოველსა ერსა შემსგავსებულითა სწავლითა განანათლებდა, უსწავლელთა სწავლიდა, ხოლო სწავლულთა სწავლათა მათ აღუჴსენებდა, მდიდართა ასწავებდა წყალობად გლახაკთა, ხოლო გლახაკთა მოთმინებასა ასწავებდა და ქველის საქმითა წარჰმგზავნიდა. დაცემულთა აღჰმართებდა, ხოლო დაცემადთა განამტკიცებდა, მოწყლულთა ისრითა უხილავთა მტერთაჲთა განჰკურნებდა, ხოლო მოწყლვადთა მათ მოწყლვისაგან უვნებელად დაიცვიდა, დანთქმულთა ღელვათა შინა ვნებათასა აღმოიყვანებდა. ხოლო დანთქმადთა დანთქმად არა უტევებდა, არამედ, ვითარცა ჴელოვანი მენავეთ-მოძღუარი, ზღჳსაგან ამის სოფლისა დაუთქმელად განარინებდა, რომლისათჳსცა არა უჯერო არს, რათა მოსაჴსენებელად ზემო-აღწერილთა ამათ სათნოებათა მისთა მცირედი უწყებაჲ წარმოგითხრა ამის პირისათჳს, თუ ვითარი მადლი აქუნდა სულთა კურნებისაჲ და, უმეტეს ყოვლისა, თუ ვითარი შუამდგომელი იყო ღმრთისა მიმართ მრჩობლ სიმრთელით დაცჳსათჳს, რომელი შეევედრის, და თავი თჳსი წმიდაჲ მას ორითავე ცხორებითა მისცის.

რამეთუ ჟამსა მას, ოდეს იგი ჩუენ ჭყონდიდს ვიყვენით, ვითარცა ზემო ვაჴსენეთ, იყო ვინმე ძმაჲ ერთი საებისკოპოსოსა მას შინა სტუმრად მოსრული მთავარ-ებისკოპოსისა თანა წესითა მთავარ-დიაკონი, ხოლო სახითა მონაზონი, რომელი-იგი უკუანაჲსკნელ ჴელთაგან წმიდისათა აღიკუეცა, რამეთუ წუთ არა აღკუეცილ იყო. ხოლო იყო იგი ჭაბუკი ჰასაკითა, და არა უჩინოთა და მდაბალთა შვილი, და წუთ არა აქუნდა მეცნიერებაჲ ბერისა თანა, არამედ თჳთ იტყოდა, ვითარმედ: ”სარწმუნოებაჲ და სასოებაჲ ეგევითარი მაქუნდაო, რომელ ვითარცა ქრისტესა ვხედევდი”. ამას ძმასა ზოგადი იგი მტერი ნათესავისა ჩუენისაჲ ეკუეთა სიჭაბუკისა გულის-თქუმათა მიერ, რამეთუ თჳსსა მოძღუარსა არა ეახლა, რომელსა თანა გულის-სიტყუაჲ თჳსი დაედვა, და პოვა რაჲ-იგი თჳნიერ მოძღვრისა, მაშინ ბრძოლა სცა, ხოლო ვინაჲთგან უცხოჲს უცხო სარწმუნოებაჲ აქუნდა, კაცსა მას თანა ღმრთისასა არა უტევებდა დანთქმად სარწმუნოებაჲ იგი მისი.

ესე მოვიდა ჩემ უღირსისა თანა და მრქუა ესრეთ, ვითარმედ: ”ჯერ არს, მამაო, რათა უკუეთუ ვინმე მოძღვარსა თჳსსა არა ეახლოს და ბრძოლაჲ მტერისაჲ სჭირდეს, რათა სხუასა მოძღუარსა გამოუცხადოს და ლოცვასა და ევედროს?” რამეთუ ესევითართა წესთა წუთ უმეცარ იყო; ხოლო მე ვარქუ მას, ვითარმედ: ”დიდად სათნო არს ეგე, პატიოსანო ძმაო, წინაშე ღმრთისა”. და მომიგო მე ესრეთ, ვითარმედ: ”ყავ სიყუარული და მიჩუენე მე ბერი და მოაჴსენე ჭირი ესე ჩემი!” ხოლო მას ჟამსა ბერი საებისკოპოსოს აღსრულ იყო და, ვითარცა მოვიდა, მოვაჴსენე ძმისა მის გულის-სიტყუაჲ. და ხვალისაგან მიბრძანა მოწოდებაჲ მისი და, მო-რაჲ-ვიდა, შევიყვანე პირველად სენაკად ჩემდა და ვამცენ, რათა უშიშად და კადნიერად გამოუცხადოს ყოველივე ბერსა. ხოლო, ვითარცა შევიყვანე წინაშე ბერისა და მე გამოვედ, გამოუცხადნა მას ბრძოლანი თჳსნი. ჰრქუა მას ბერმან, ვითარცა თჳთ ყოველსავე უკუანაჲსკნელ მითხრობდა, ვითარმედ: ”შჳლო, ღჳნოსა განეყენე, რათა განთავისუფლდეს!” ჰრქუაჲ ძმამან მან: ”მამაო, ქუეყანაჲ ესე ხორშაკი არს და უმეტესად იგი ადგილი, სადა მე ვიყოფები, ნუ უკუე სნეულებისგან დავეცე!” ჰრქუა მას ბერმან ჴელმწიფებით და განცხადებულად, ვითარმედ: ”შვილო, მე ვიყო შორის ღმრთისა და შენსა შუამდგომელი, ვითარმედ, უკუეთუ შენ მცნებაჲ ჩემი დაიმარხო, არა-რაჲ შეგემთხჳოს სულიერი გინა ჴორციელი სნეულებაჲ”.

ხოლო იგი ევედრებოდა, რათა სრულიად დაიმოწაფოს, არამედ არა ინება ბერმან, ვიდრემდის პირველისა მის მოძღურისაგან არა იჯმნას: ”რამეთუ არა გუაქუს ეგევითარ ჩუეულებაჲო”. ხოლო, გამო-რაჲ-ვიდა ძმაჲ იგი, ესე ყოველი მაუწყა, და იხილვებოდა, ვითარცა ბრძმედისაგან გამოსრული, ყოვლითურთ მხიარული და თავისუფალი: მიერითგან ესრეთ განეყენა ღჳნოსა, რომელ თჳნიერ ზიარებისა წმიდათა საიდუმლოთაჲსა ჟამ-რავდენმე გემოსა არა იხილვიდეს, და, ვითარცა უკუანაჲსკნელ გჳთხრობდა სარგებელისათჳს ჩუენისა, ვითარმედ: ”ვინაჲთგან შენ ბერსა თანა შემიყვანეო, მიერითგან ესრეთ განვთავისუფლდი, მრავალ ჟამ, რომელ კუალიცა ვერ ვპოვე ჩემ შორის პირველთა მათ ბრძოლათაჲ. სიმრთელისათჳს კულა რადღა საჴმარ [არს] თქუმად, ვითარ ქუეყანასა მას შინა ხორშაკსა, ყოველთა ღჳნო-სუმულთასა, უმრთელეს იპოვა”.

ესე ამისთჳს წარმოვთქუთ, რათა გეუწყოს, თუ ვითარი შუამდგომელი იყო შორის ღმრთისა და კაცთა, და თუ ვითარისა სიმრთელისა მიმცემელი იყო სულისა და ჴორცთა, და თუ ვითარსა სარწმუნოებასა მისცემდა მისა შევედრებულთა. ხოლო მდიდართა კულა საფასეთა განბნევისათჳს და თუ ვითარ უმეტეს ყოვლისა გლახაკთა წყალობასა ამცნებდა, ძალმან სიტყჳსამან გამოაცხადოს, რათა გეუწყოს მოწყალებაჲ იგი სულისა მისისაჲ.

რამეთუ იყო ვინმე ებისკოპოსი, მდიდარი ფრიად და წარჩინებული, რომელსა-იგი მარჯულ ჰბრძოდა ეშმაკი, რათა სიმდიდრითა საფასეთა თჳსთაჲთა ეკლესიანი შეამკვნეს და განაშუენნეს, და რათა მონასტერთა შინა აღაპი დაიდვას, და ამით მიზეზითა სცჳდა სიმდიდრესა თჳსსა, ხოლო გლახაკთა ყოვლადვე არა მიხედვიდა. ესე დაემოწაფა წმიდასა მას ბერსა და განუცხადა თჳსი გულის-სიტყუაჲ. ხოლო ბერმან ჰრქუა მას, ვითარმედ: ”ჵ მეუფეო, ეგე ბრძოლაჲ ბოროტისა მტერისაჲ არს, რათამცა ეკლესიათა და აღაპთა მიზეზითა გლახაკთა უწყალოებასა შინა მოგკლა, რამეთუ არა თუ ამას გეტყჳს ღმერთი, ვითარმედ: ეკლესიანი არა შეამკვენითო, არამედ, რამეთუ; ,,მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი”, ვითარცა იტყჳს იოანე ოქროპირი. ესრეთ სწავლათა თჳსთა მიერ მოწყალებად გლახაკთა მოიყვანა და ფრიად განყოფად იწყო უღონოთა და დავრდომილთა, ვიდრე არა სახილველად საკჳრველ იყო, რომელნი პირველ იცნობდეს. ესევითარითა სწავლითა განანათლა ქუეყანაჲ ჩუენი და ესრეთ აცხოვნნა სულნი ურიცხუნი და ძღუნად მიუპყრნა სიძესა მას სულთასა.

XVIII. ხოლო უწყი, ვითარმედ ეძიებ და გსურის მითხრობად, ჵ წმიდაო, თუ ვითარ იქმნა შეკრებაჲ ობოლთაჲ ამათ და თუ ვითარ ესეოდენი სიმრავლე ერთობად მოიყვანა. საქმე ესე ფრიად მაღალი და საკჳრველი, საქმე დამოკიდებული სჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა და, ვთქუა, თუ უზეშთაესიცა შჯულისაჲ, საქმე ახლისა მადლისა შემამკობელი და გჳრგჳნი, რომელი-იგი მოსე იხილა და თანა-წარჰჴდა, ხოლო აჰრონ ვითარცა შეუძლებელსა განეშორა, არამედ უფსკრულმან მან წყალობისამან ბეჭთა თჳსთა იტჳრთა და ყოველთა სადგურსა მიიყვანა. ესე საქმე კაცმან ამან, მობაძავმან ღმრთისა წყალობათამან, სათნოდ ღმრთისა ჴელ-ყო და აღასრულა, რომელ ვჰგონებ, თუ დასაბამითგან სოფლისაჲთ და ვიდრე აქამომდე ვერვის ჴელ-უყოფიეს და ვერცაღავინ ჴელჰყოფს და შეჰკადრებს. დაღაცათუ ვინ სადა ჴელ-ყოს ესე ანუ ქალაქთა შინა გინა სოფელთა, მცირეთაგანმან ვინმე წარმართა კუალად ათნი ვინმე გინათუ ათხუთმეტნი, გინა თუ ოცნი შეიწყნარნა, და ისეცა ჰასაკად მოსრულნი, ვითარცა იგი წამებს წიგნი მეფეთაჲ აბდიაჲსთჳს წინაჲსწარმეტყუელისა, რომელმან-იგი ერგასისნი წინაჲსწარმეტყუელნი, ლტოლვილნი და დამალულნი იეზაბელისაგან ქუაბსა ერთსა შინა, ჟამს რავდენმე გამოზარდნა, და ესე არა საკჳრველ-არს: რამეთუ ესე ერგასის თავი იყო აქაბ მეფისაჲ, ხოლო იგი წინაჲსწარმეტყუელნი ღმრთისანი, რომელთა მიერ მრჩობლსა სასყიდელსა მოელოდა.

და კუალად წერილ არს ახალსაცა სჯულსა შინა წმიდისა კლიმისთჳს, და წმიდისა ზოტიკე ხუცისათჳს, და სამფსონ უცხოთ შემწყნარებელისა და წმიდისა ბაბილაჲსთჳს, ანტიოქელ პატრეაქისა. რამეთუ წმიდაჲ კლიმი ასწავლიდა ყრმათა, ხოლო სულიერი დედაჲ მისი, ნეტარი სოფია, ზრდიდა და თანა-მოღვაწე იყო; ეგრეთვე ზოტიკე, ხუცესისა ცოლი და შვილნი - მონანი და მჴევალნი ჰყვეს და თანა შეეწეოდეს. ხოლო სამფსონ ნამეტნავისაგან სიმდიდრისა ქუელის-საქმესა იქმოდა, და კუალად წმიდაჲ ბაბილა დიდისა მის ქალაქისა საყდრის-მპყრობელი იყო, რომელთა არა არს საკჳრველ ესოდენსა ფართოებასა შინა უხუებით ქველის მოქმედებაჲ.

ხოლო ამან ნეტარმან კაცმან საკჳრველმან და კაცთა ბუნებისა უზეშთაეს შეუკადრებელთა შემკადრებელმან, რომელი იგი ყოვლითურთ მიემსგავსა ბუნებით სახიერსა მას და კაცთ-მოყვარესა, რამეთუ კადნიერ არს ვიდრე აქამომდეცა, სიტყუაჲ ჩუენი, რამეთუ არათუ ათნი იტჳრთნა, გინა ოცნი ანუ ორმეოცნი, არამედ ოთხმეოცი სული, რომელთაგანთა წუთ არცა მარჯუენე უწყოდეს, არცა მარცხენე, არამედ მოქენე იყვნეს სძესა დედისასა საზრდელად მათდა, პირველსა მას ჰასაკის ქცევასა შინა. ხოლო სხუანი მეორესა მას ჰასაკსა შინა შესრულნი სიჩჩოებისაგან მცირედ-ოდენ დაკლებულნი და ყრმად სახელდებულნი. კუალად მწყობრნი მესამენი, მესამესა მას ჰასაკსა შინა სიჭაბუკისასა მოზარდნი და თმათა მათ მამაკაცობისათა მომლოდენი. ხოლო მეოთხენი განწყობილნი ხუცესთა და მოხუცებულთა და ბერთანი, რომელნი-იგი ნეფსით თჳსით დაემოწაფნეს, ხოლო სხუანი კუალად შვილთა თჳსთა თანა დადგრეს, - ესე ყოველნი ერთ მწყობრად და ერთ რიცხუად შეკრებულნი და რვა ათეულად აღრიცხულნი, და ნავთ-სადგურსა წყალობისა მისისასა შევედრებულნი, ვითარცა ცხოარნი მწყემსისა კეთილისა, ეგრეთ შეუდგეს წმიდასა მას. ხოლო მიზეზი შეკრებისა მათისაჲ ესე იყო:

რამეთუ ჟამსა მას, ოდეს-იგი უშჯულოებათა ჩუენთა სიმრავლემან წყალობა აურაცხელი და სახიერი ღმერთი უწყალოებად და რისხვად აღძრეს, და სალმობაჲ იგი განმამრუდებელი სიყმილისაჲ ღირსად და სიმართლად ყოველსა აღმოსავლეთსა ზედა მოიწია სიტყჳსაებრ მოსე წინაჲსწარმეტყუელისა და მრავალი სახენი და უწესონი საქმენი, კაცთა ბუნებასა ზედა შემოსრულნი, იხილვებოდეს, და არაწმიდანი საჭმელნი ქრისტიანეთათჳს სჭამადად დაყენებულნი, ნიჭად დიდად შიმშილსა მიეძღუანებოდეს, და შვილნი სასურველნი და საყვარელნი მშობელთანი და ლოცვით მოთხოვილნი ღმრთისაგან, საწყინო და საძულველ შშობელთა იქმნებოდეს. ხოლო სხუასა მასთანა წარვჰჴდით, რომელი არა ჯერ არს აღწერად, ხოლო ესე აღიწერა მოსაჴსენებელად ქველისმოქმედებასა კაცისა მის ღმრთისაჲსა, თუ ვითარსა ჟამსა ვითარ მიზეზ ღმრთისა წყალობისა ექმნა მრავალთა სულთა და მრჩობლთა მიერ საზრდელთა გამოზარდნა, ვითარცა პირველ იოსებ მეგჳპტელნი, და, ვითარცა მოსე ზღჳსაგან სიყმილისა დაუნთქმელად, მისდა შევედრებულნი იგი სულნი განარინნა და ესე ნუ ვის უკჳრს, ოდეს მოიწიოს ზეგარდამო რისხვაჲ კაცთა ნათესავსა ზედა, არა ხოლო თუ გლახაკნი შეიწრდებიან, არამედ მდიდარნიცა ნაკლულევან იქმნებიან, ვითარცა იტყჳს დავით, ვითარმედ: ”ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნესო”. ამისთჳსცა ყოველნივე იტანჯნეს.

ხოლო, ვითარცა ზემო ვთქუთ, რომელნი ამას საზარელსა ბოროტსა მძლე ექმნნეს და კნინოდენ სიყმილისა სიკუდილსა დაუშთეს და ჟამსა მას განსაცდელისასა მცირედ თანა-წაჰრჴდეს, მას ოდენ ჟამსა მოვიწიენით ჩუენ აღმოსავლეთს, რამეთუ დაღაცათუ მცირედ უმოლხინეს ქმნილ იყო ჟამი იგი, გარნა წუთ ნეშტი განსაცდელთა იწროებისა სრულიად არა თანა წარსრულ იყო, და თუცა ვინ დაშთომილ იყო, მრავლითა ჭირითა ცხონდებოდა და შორის სიკუდილისა და ცხორებისა მყოფი იყო. და ესე ყოველი რაჲ იხილა წმიდამან მამამან გიორგი, სულთ-ითქუნა მწუხარებით და ცრემლით იტყოდა: «ჵ მე, რასათჳს მე მოვიწიე ამას ქუეყანასა ხილვად ესევითართა ამათ ბოროტთა!”

ხოლო, პირველ ყოველთასა, ვპოვენით ამის ნეტარისა თჳსნი მათ ქუეყანათა, ფრიად დაღონებულნი, დისწულნი ორნი და შვილნი მათნი, ყრმანი მცირენი. ესენი შეიწყნარნა წმიდამან მან, სიტყჳსაებრ ესაჲასა, ვითარმედ: ,,თჳსი ნათესავისა შენისაჲ არა უგულებელს-ჰყო''. ხოლო სხუანი სხუათა ადგილთაგან შეკრიბნა - რომელნიმე ქალაქთაგან, რომელნიმე დაბათაგან, სხუანი სრულიად უდაბურთა ადგილთა პოვნა, სხუანი მონებისაგან გამოიყვანნა, ხოლო სხუანი მონებისა უმწარესისა ცხორებისაგან იჴსნნა, და ესრეთ, ჟამსავე სიყრმისა და უმანკოებისასა, ვიდრე ცნობადმდე კეთილისა და ბოროტისა, გამოიჴსნნა ნეტარმან ამან, და ესე ვითართა შეურაცხთა საქმეთაგან მღდელად უბიწოდ და მნედ სარწმუნოდ ქრისტესა შეწირნა. და ესე ნუ ვის უკჳრს, რამეთუ მამათ-მთავარიცა დიდი იოსებ მონაჲ იყო და სიწმიდე მისი ყოველთა შორის იქების, რომელი იგი უკუანაჲსკნელ მეფე იქმნა ეგჳპტისა, ხოლო დავით და ამოს არა მწყემსნი იყვნესა, რომელნი იგი ერთი მეფე იქმნა, ხოლო მეორე წინაჲსწარმეტყუელ? და რათა არა თჳთოეულსა ვიტყოდი, ესრეთ რაჲ ყოველსა აღმოსავლეთსა განეფინა საქმე ესე საკჳრველი, იწყეს ყოვლით-კერძო შემოკრებად, რომელნიმე მშობელთა თჳსთა მოიყვანიან და ევედრებიედ შეწყნარებად, და რომელთამე წინაშე კართა დაუტევიან და ივლტოდიან. სხუანი კუალად , რომელნიმე გონებითა მახჳლნი, მშობელთა თჳსთაგან თჳთ ლტოლვილნი, წმიდისა ამის ნავთ-საყუდელსა შემოევედრნიან. და ესრეთ აღორძნდა ღმრთივ-შეკრებული ესე კრებული, ვიდრეღა აღვიდა ოთხმეოც რიცხუად, ვითარცა პირველ ვთქუთ.

აწ გულისჴმა-ყავთ, ჵ მორწმუნენო, საქმე ეს მაღალი და განსაკრთომელი! უწყი, ვითარმედ არა უმეცარ ხართ შვილთა ზრდასა მკჳდრნი სოფლისანი, რამეთუ უკუეთუ ვის განუმრავლდენ შვილნი უფროჲს რიცხჳსა, ესე იგი-არს შჳდისა გინა რვისა, რაჲზომცა მდიდარი იყოს, დიდსა ჭირსა და ურვასა შთავარდების, ხოლო უკუეთუ გლახაკი იყოს, ყოვლითურთ კერძო მწარე არს ცხორებაჲ მისი და აღსავსე ვაებითა. ხოლო ამან ნეტარმან ესოდენი ესე სიმრავლე ობოლთაჲ იტჳრთა, ვითარცა სხუამან ერთი გინა ორი, და ესრეთ აღზარდნა ყოველნივე და ღმრთივ-სულიერითა სწავლითა სრულ-ყვნა, ვითარცა სათნო უჩნდა ნებასა ღმრთისასა, რამეთუ აღორძინებასა თანა ჰასაკისასა წერილთა საღმრთოთა სიტკბოებასა, ვითარცა სძესა და თაფლსა ასუმიდა, ხოლო გუამისა ორღანოთა მათ ასოთა განჭაბუკებასა და საცნობელთა გარეშეთა განვრცელებასა თანა შინაგან გონებისა ორღანოთა და საცნობელთა განაფრთხობდა და განაჭაბუკებდა და ესრეთ მრჩობლ აღორძინებულთა დამბადებელსა მათსა ღმერთსა მიუძღვანებდა.

რამეთუ არა სხუათა მოძღუართა მიერ ასწავლიდა ესოდენსა ამას სიმრავლესა ანუ თუ სხუათა თანა-შემწეთა იჴუმევდა, რათამცა თჳთ მცირედ რაჲმე განისუენა, არამედ ყოვლითურთ თჳთ ასწავებნ დაჰმოძღურინ - მწყობრთა და მწყობრთა, ჰასაკეულთა და ჰასაკეულთა, ხოლო წესსა და კანონსა ლოცვათა თჳსთასა არა დააცადებდა, არცა მარხვისა და მოღვაწებისაგან განისუენებდა, ვიდრემდის უპირატესთა მათ შემდგომნი შეასწორნა, ხოლო შესწორებულთა მათ შემდგომნი მათნი წარსწივნა, და ესრეთ, დაღაცა თუ ჰასაკითა ერთი მეორისა უმეტეს იხილვებოდა, ხოლო სწავლულებისა მიერ ურთიერთარს მოჰასაკე იყვნეს.

ხოლო მნებავს სიტყუაჲ შემსგავსებული ჟამსა და ადგილსა, რომლისა თქმაჲ არა უჯერო არს საბრალობელად მაბრალობელთა მათ უბრალოჲსათა, რომელთათჳს იგი ვჰგონებ, რომელ არცა თუ კეთილსა მას მთესვარსა ერიდნენ ბრალობად, რომელი-იგი გამოვიდა თესვად თესლისა, ვითარცა სახარებასა წერილ-არს, გინათუ მეათორმეტისა მისთჳს მოწაფისა მოძღუარი იგი სახიერი ბრალეულყონ, და კუალად მარტოჲ ელისე ერთისა გეეზისთჳს, რომელსა-იგი ხოლო მხოლოჲ ჰყვა მოწაფედ, რამეთუ ესე ვითარითა სავსე არიან წერილნი. ხოლო ჩუენ მცირეთა მიერ სიტყუაჲთა მიზეზი სიტყჳსა ჩუენისაჲ საცნაურ ვჰყოთ და ნამეტნავსა თანა წარვჰჴდეთ: რათა არა უნაყოფოებისათჳს რომელთამე ხეთაჲსა შუენერსა მას სამოთხისა დამსხმელსა აბრალებდეს ვინ, არცა ურნატთ მთესვარსა მას ჴელოვანსა მცირისა ღვარძლისათჳს განიკითხვიდეს ვინ, უკუეთუ მცირედცა რაჲმე იყოს ნაკლულევანებაჲ ესოდენსა სიმრავლესა შინა.

რამეთუ იყო მრავალი მიზეზი შეკრებასა ამას შინა, ჵ წმიდაო! პირველად ყოვლისა ღმრთისა მიმსგავსებული მოწყალებაჲ, ვითარცა ზემო ვთქუთ, ჟამისა მისთჳს განსაცდელისა, ხოლო მეორედ, ვინაჲთგან შრომაჲ თავს იდვა და მრავალნი წიგნნი ეთარგმნნეს და ენება, რათამცა ნათესავმან ჩუენმან დაისწავა. ხოლო ვინაჲთგან შეუძლებელ იყო ჰასაკითა სრულთა და განმწყსებულთაგან სწავლაჲ, ამისთჳსცა ბუნებაჲ იგი ლბილი და ჩჩჳლი, რომელი ვითარცა ცჳლი საბეჭდავსა ეგრეთ მიიღებს სწავლულებასა, ესევითარი კრებული ორღანოდ შემწყნარებელად სწავლათა თჳსთა მოიპოვა, რომლისაგან არა განცრუვნა სასოებაჲ მისი.

ხოლო კუალად მესამე მიზეზი ესე იყო, რომელსაცა შინა იყო განგებულებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ იყო რაჲ წმიდაჲ ესე მთასა ამას წმიდასა - პირველად დეკანოზობასა შინა და მერმე წინამძღურობასა - აჴსოვდა მრავალი ღუაწლი და შრომაჲ, რომელი თავს ედვა ხუცესთა და მგალობელთათჳს, რამეთუ ქუეყანაჲ ჩუენი შორს იყო ამის ქუეყანისაგან და მცირედნი მოვიდიან სწავლულნი, ხოლო რომელნი-იგი მოვიდიან, შემდგომად მცირედისა კუალადცა წარვიდიან და დიდებული ესე ეკლესიაჲცა, ლავრა, დაუტევიან. და ენება ნეტარსა ამას, რათა კრებული შვილთა თჳსთაჲ, ვითარცა ცხოარნი სიტყჳერნი, წმიდასა მამასა ჩუენსა ეფთჳმის ძღუნად პატიოსნად მიჰგუარნეს მგალობელად და მღდელად წმიდისა ამის ეკლესიისა, რათა ღმერთ-შემოსილთა მათ მაშენებელთა საჴსენებელი ბრწყინვალედ აღესრულებოდის და, ვითარცა პირველ ვთქუთ, ესე სამი მიზეზი იყო მათისა შეკრებისაჲ.

XIX. ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. დავყავით აღმოსავლეთს ხუთი წელი ესევითარითა ყოფითა, ვითარცა ზემო ვთქუთ. გარდაიწერნეს წიგნნი მისნი მრავალთა საებისკოპოსოთა და მონასტერთა, და მრავალნი საეკლესიონი წესნი გაჰმართნა, რომელი რაჲ ნაკლულევანებაჲ პოა და ყოველთავე მეფეთა და მთავართა, მდიდართა და გლახაკთა, დიდთა და მცირეთა გზანი საუკუნოჲსა ცხორებისანი ასწავნა, მცნებანი და წესნი დაუსხნა წერით და უწერელად, და ესრეთ საღმრთოჲ ბრძანებაჲ აღასრულა და მისდა რწმუნებული იგი ტალანტი ბევრ წილად აღაორძინა, რომელ არს წიგნთა თარგმანებაჲ, ხოლო სხუაჲცა ტალანტი შესძინა, ფრიად უმაღლესი პირველისა, რომელ არს ესოდენისა სულისა განსწავლაჲ და აღზრდაჲ.

რამეთუ მე, ჵ ნეტარო, არა ესრეთ დიდად საკჳრველ მიჩნს წიგნთა თარგმნაჲ, ვითარ ესოდენისა სულისა ღმრთისა შეწირვაჲ. ხოლო საცნაურ არს ესე, ვითარმედ ამათ ობოლთათჳს წარუძღუა ღმერთი აღმოსავლეთს, და ესრეთ ყოველი აღმოსავლეთი განანათლა, და ნაწილი იგი ანდრეა მოციქულისაჲ და სიმონ კანანელისაჲ კუალად განამტკიცა. რამეთუ ანდრეა მოციქულმან მოვლო ქუეყანაჲ ჩუენი, ხოლო სიმონ კანანელმან სრულიად დაიმკჳდრა, რამეთუ ნიკოფსს არიან ნაწილნი მისნი წმიდანი.

ხოლო რაჟამს-იგი სამხილებელად ცოდვათა ჩუენთათჳს ლომი იგი მყჳრალი, ბაბილონით აღმოსრული, სიმტკიცესა ზედა მკლავისა თჳსისასა მიქადული, მეორე ნაბუქოდონოსორ, უშჯულოჲ, სურტანი გამოვიდა საზღვართაგან თჳსთა მოსრვად ნათესავსა ქრისტეანეთასა, მას ჟამსა შინა ვიყვენით ჩუენ ახალქალაქს ჯავახეთისასა, და მუნ ჰყვეს ყოველნივე იგი ობოლნი თჳსნი, და ვსხედით ყოველნივე წინაშე მისსა. შუადღეს ოდენ განკჳრვებაჲ დაეცა ჟამ რაოდენმე და მეყსეულად განკრთომის სახედ გჳბრძანა ყოველთა, ვითარმედ: ,,უწყოდეთ, რამეთუ რისხვაჲ ღმრთისაჲ მოწევნად არს ამას ქალაქსა ზედა!” და ბრძანა აღკაზმვაჲ ყოველთაჲ. და იყო რაჲ მწუხრი, გამოვედით, და შემდგომად სამისა დღისა მოიწია რისხვაჲ იგი უგრძნულად, რომელსა ყოველნი მეცნიერ ხართ. რამეთუ არათუ ახალქალაქისა ოდენ მკჳდრნი მოისრნეს, არამედ დიდ-დიდნი და წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი სამეუფოჲსა ჩუენისანი ძჳრ-ძჳრად მოისრნეს და წარწყმდეს, რომლისა მიერ ღმრთის-მსახური მეფე ბაგრატ დიდსა მწუხარებასა შთავარდა, ვიდრე არა მივიდა კაცი ესე ღმრთისაჲ და სიტყჳთა მიერ ნუგეშინის-ცემისაჲთა და მრავალ-სახეთა თხრობათა და უწყებათაგან ალმური იგი მწუხარებისაჲ განუქარვა, ვიდრეღა თჳთ აღიარებდა, ვითარმედ: ”უკუეთუმცა არა მეხილვა სიწმიდე შენი, კნინღამცა და მწუხარებისა მიერ მომკუდარ ვიყავო”.

ხოლო გულისჴმა-ყო რაჲ ზეგარდამოჲთა წოდებითა ჟამი მიცვალებისა თჳსისა ჴორცთაგან განსლვისაჲ და ღმრთისა მიმართ მისლვისაჲ, განგებულებამან საღმრთომან აღძრა სული მისი წარსლვად მთაწმიდად, რათა ვინაჲ იგი აღმობრწყინდა ნათელი მეცნიერებისაჲ წიგნთა ღმრთივ-სულიერთაჲ, ვითარცა მრავალგზის გჳთქუამს, პირველად წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმეს მიერ და მერმე ამის ნეტარისა მამისა გიორგისაგან, რათა მიერვე იქმნას აღვსებაჲ მისი და ზეცისა ნათელსა შემატებაჲ, დაღაცა თუ ქალაქსა მას შინა სამეუფოსა აღესრულა, ვითარცა წმიდაჲ დიდი მამაჲ ჩუენი ეფთჳმი, და რათა, ვითარცა მდინარე თუალისაგან წყაროჲსა გამოსრული, რომელმან მორწყის პირი ქუეყანისაჲ, თავადვე თჳსად მიიქცეს და თჳსსავე გამოსავალსა შთაედინოს, და რათა, ვითარცა ვთქუთ, ესოდენი ესე სიმრავლე შვილთა თჳსთაჲ, ვითარცა ცხოართა პირ-მეტყუელთაჲ, წმიდასა მამასა ჩუენსა ეფთჳმეს მიუძღვანნეს და შინაგან ბაკისა მისისა დაამკჳდრნეს.

ამათ ესე ვითართა განგებულებათთჳს ღმრთისა მიერ გულსა მოუჴდა წარსლვაჲ მთაწმიდადვე.

და შემდგომად მრავალთა ლოცვათა და ღმრთისა მიმართ ვედრებათა გულსავსე ქმნული, წარვიდა წინაშე ღმრთის-მსახურისა მეფისა ბაგრატისა, და, ვითარცა შუენოდა სიბრძნესა მისსა, მრავალი სიტყუაჲ მადლოვნობისაჲ და ღმრთისა მიმართ ლოცვისა წარმოთქუა მის წინაშე სარწმუნოებისათჳს და სიყუარულისა მისისა, მისსა მიმართ და სწავლათა მისთა კეთილად შეწყნარებისაჲ, და სიტყუანი ჯმნისანი შეაუღლნა სიტყუათა მისთა, სავსენი სიბრძნითა საღმრთოჲთა, ვითარმედ: ”ჵ მეფეო, ვითარცა მორჩილ-ვექმენ ბრძანებასა შენსა და დაუტევე ქუეყანაჲ უცხოებისა და მწირობისა ჩემისაჲ, სადა-იგი მრავალთა შფოთთაგან განმესუენა, აწ შენ მორჩილ ექმენ სიგლახაკესა ჩემსა, აწცა, ვითარცა მრავალგზის, განმიტევე ქუეყანად მწირობისა ჩემისა, წარმგზავნე ლოცვით და კურთხევით მიმაწიე სამარხოსა მამათა ჩემთა სულიერთასა, ვითარცა მამათ-მთავარი იაკობ ეგჳპტეს აღსრულებული და აღთქუმისა ქუეყანად წარყვანებული, დასაფლველად აბრაჰმის თანა და ისაკისა. და ვითარცა ძუალნი იოსებისნი, მიერვე განჴმ[უ]ლნი და მამათა თჳსთა თანა დასხმულნი. უკუეთუ შეემატა რაჲ ღმრთის-მსახურებასა შენსა და წესიერებასა სამეფოჲსა შენისასა, - ესე მადლი შენი არს, რამეთუ შენ მიწოდე და არა თჳთ მოვედ. მიიღე აღწერილი შენი და იხილე, რომელსა შინა აღგეთქუა უზრუნველ-ყოფაჲ ჩემი, მეფემან მაგან ქუეყანისამან ქუეყანისავე მეფისა მიმგზავნე, და ქალაქისა, ყოველთა შემკრებელისა, რათა მიერ ზეცისა მეფისა წარვიგზავნო ქალაქისა მის, ყოველთა ღირსთა შესაკრებელისა და მაშურალთა განმასუენებელისა, ვინაჲ იგი დიდ არს უფალი, ქებულ ფრიად ქალაქსა უფლისა ძალთაჲსა, ვითარცა დავით იტყჳს: ”სადა იგი ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ამაღლდებიან”.

ამათ სიტყუათა მიერ ლმობიერ-ყო გული მეფისაჲ, ვიდრე მრავალი ცრემლი დასთხია მთავართა თჳსთა თანა და ეპისკოპოსთა, და მრავლითა ღონითა და ვედრებითა ვერ უძლო შეპყრობაჲ შეუპყრობელისაჲ მის და იძლია მძლე უძლეველისაგან, მერმე სამეუფოთა წიგნთა მიერ, და მანდატურთა წინაშე ღმრთის-მსახურისა კოსტანტინე დუკიწისა წინაშე წარგზავნა მრავლითა ნიჭითა და საფასითა თჳთ მეფემან და ყოველთა მთავართა თჳსთა და ებისკოპოსთა, და აღივსო ყოველი სამეფოჲ მისი მწუხარებითა და ურვითა, ვითარცა ერთი შვილი დაკლებასა მამისა თჳსისასა, რამეთუ კნინღა და უმრავლესნი მოწაფენი იყვნეს მისნი, ვითარცა პირველ გჳთქუამს.

XX. ხოლო წარმოვემართენით მას ჟამსა, ოდეს მართა უფლის წული სძლად თჳსად კოსტანტინე დუკიწმან მოიყვანა, დედოფლად სამეუფოსა ამას ქალაქსა, ვითარცა დაგჳწერია პირველვე წინაჲსწარმეტყუელებისათჳს ბერისა, რამეთუ წარმო-რაჲ-ჰყვანდა პირველ ჩუენსა, ჰრქუა მარიამ ბაგრატის დედამან ბერსა, ვითარმედ: ”აჰა, მამაო, აღესრულა წინაჲსწარმეტყუელებაჲ შენი მართას ზედა!” და ესრეთ წარმოიყვანეს დიდითა დიდებითა სამეუფოდ. ხოლო მეფისა მიერ წარმოვლინებულ იყო არონი, ხოლო თჳსისა მამისა მიერ ჰყვეს ნეტარი ბერი პეტრე პატრიკ ყოფილი და იოანე ბედიელი მთავარ-ებისკოპოსი და სჳნგელოზი და სხუაჲ ერი ფრიადი, რომელნი-იგი პირველ ჩუენსა მისრულ იყვნეს.

ხოლო ჩუენ წარმო-რაჲ-ვემართენით ნავითა, მრავალნი ღელვანი და აღძრვანი ზღჳსანი გუეკუეთნეს მრავალ დღე, ვიდრე არა სრულიად სასოებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ წარვიწირეთ, რომლისა აღწერაჲ სიტყჳსა ნამეტავ არს. ხოლო ლოცვამან ამის წმიდისამან მშჳდობით განგვარინნა, და ესრეთ უვნებელად სამეუფოდ ქალაქად მივიწიენით. მაშინ პეტრე ყოველივე საქმე ჩუენი ღმრთის-მსახურსა მეფესა აუწყა, ხოლო ხვალისაგან ბრძანა მეფემან აღწოდებაჲ მისი პალატად.

და დღესა მეორესა აღიყვანეს პალატად და, ვითარცა შევიდა წინაშე მეფისა, წესისაებრ სამეფოჲსა თაყუანის-სცა, ქებაჲ შეასხა და ლოცვაჲ და კურთხევაჲ შვილითურთ მიუძღუანა. ხოლო განიცადა რაჲ მეფემან სახე მისი ღმრთივ-სულიერი, ხოლო სიტყუაჲ პირისა მისისაჲ მდაბალი და შემუსრვილი და მსმენელთა სასმენელსა მკჳრცხედ შემავალი, რამეთუ საცნობელთა მისთა დაწყნარებულებაჲ შინაგანთა სულისა ძალთა აღუძრველობასა წარმოაჩენდა, ხოლო სიტყუათა მდაბალთა მიერ და მახჳლთა გონიერებასა სულისასა წამებდა, რომლისათჳსცა ჰრქუა მეფემან პატრიკს, ვითარმედ: ”მადლიერ ვარ უფლისა ბაგრატ სევასტოსისა და, რომელ ესევითარი კაცი, მიმსგავსებული ანგელოზთაჲ, წინაშე მეფობისა ჩუენისა წარმოავლინა, რამეთუ დაღაცათუ ნათესავით ქართველი არს, ხოლო ყოვლითურთ წესი ჩუენი ჰმოსიეს!” მაშინ წარიკითხნა წიგნნი სევასტოსისანი, რომელთა შინა წერილ იყო, ვითარმედ: ”გიხაროდენ, ჵ ღმრთის-მოყუარეო მეფეო, წარმომივლენიეს წინაშე მეფობისა შენისა კაცი, მიმსგავსებული უსხეულოთაჲ, და მოძღუარი ჩუენი ყოველთაჲ, ეგრეთ შეიწყნარე, ვითარცა შუენის მეფობასა შენსა, რომლისა ლოცვითა დაამყარენ ღმერთმან ყოვლისა სოფლისა მპყრობელი წმიდაჲ მეფობაჲ შენი!”

მაშინ უმეტეს გულისჴმა-ყო ღირსებაჲ მისი და დიდითა პატივითა მოიკითხა და ჰრქუა, ვითარმედ: ”რაჲცა გნებავს, ყოველსავე აღგისრულებს მეფობაჲ ჩუენი!” ხოლო, ვითარცა ესრეთ სთნდა ღირსებაჲ მისი, იწყო უბნობად და კითხვად ბერისა სიტყუათა სულიერთა და წესთა შჯულისათა.

ხოლო იყვნეს მას ჟამსა წინაშე მეფისა მდგომარე კაცნი ვინმე დიდებულნი და წარჩინებულნი, ჰრომნი და სომეხნი, რომელთა თანა იყო გაგიკ კარელი და სხუანი თავადნი სამეუფოჲსანი, რამეთუ ჟამიცა მარჯუე იყო და დაწყნარებული. და, ვითარცა ვთქუ ზემო, იწყო მეფემან კითხვად შჯულისათჳს მართლ-მადიდებელთაჲსა ანუ თუ: ”არს რაჲ განყოფილებაჲ სარწმუნოებისა თქუენისაჲ სრულსა მას და უცთომელსა სარწმუნოებასა ბერძენთასა თანა?” ხოლო ნეტარმან მან ესრეთ მაღლად და ღმრთივ-ბრწყინვალედ წარმოთქუა სარწმუნოებაჲ მართალი ჩუენ ქართველთა ნათესავისაჲ, რომელ განაკჳრვა მეფე და ყოველნი მთავარნი მისნი, და ჰრქუა მეფესა: ”ესე არს სარწმუნოებაჲ მართალი ნათესავისა ჩუენისაჲ, და რაჟამს ერთგზის გჳცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხლ გინა მარჯულ და არცა მივდრკებით, თუ ღმერთსა უნდეს”.

ხოლო განკჳრდა მეფე, ესმა რაჲ ვითარმედ: ,,არღარა მიდრეკილ ვართო”, და ჰრქუა ბერსა: ”მადლი ღმერთსა, ვითარ მრავალი უაღრესი ვიხილე თქუენ შორის, გარნა, პატიოსანო მამაო, მე კაცი ვარ სამჴედროთა საქმეთა შინა აღზრდილი და ვერ წულილად მეცნიერ ვარ ყოველსა, ხოლო აწ ვინაჲთგან კუერთხი მეფობისაჲ მე მიპყრიეს, მნებავს, რათა ყოველსა მეცნიერ ვიყო ბერძენთა და ჰრომთასა, რამეთუ პირველ ყოვლისა მართლმადიდებლობაჲ იძიების მეფეთაგან. მაუწყე, ვითარ არს ესე, რომელ ჩუენ და თქუენ მფუვანითა ვწირავთ და ზედაშესა წყალსა ურთავთ, ხოლო ჰრომნი ჴმეადითა და ურწყოჲთა წირვენ? ფრიად უცხო მიჩნს ესე საქმე და ურთიერთას წინააღმდგომ! ანუ რაჲ არს ძალი პურის ცომისა და მარილისაჲ, რომელ ურთავთ ცომსა, ანუ წყალი, რომელ ურთავთ ზედაშესა? განგჳმარტე და გულისჴმა-გჳყავ, წმიდაო მამაო!”.

ხოლო ნეტარმან მიუგო, ვითარმედ: ჵ მეფეო, ვინაჲთგან ბერძენთა შორის მრავალი წვალებაჲ შემოვიდა პირველ და მრავალგზის მიდრკეს, ამისთჳსცა მსგავსად თქუენსა ღმრთის-მსახურთა მეფეთა წმიდანი კრებანი შემოკრიბნეს და წულილად გამოიძიეს განგებულებისათჳს ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და ჴორციელად გამოჩინებისათჳს მისისა, და საუფლოთა მათთჳს ჴორცთა გამოძიებაჲ იქმნა და დააწესეს, რათა მოვიღებდეთ ცომსა სახედ ჴორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა სახედ სულისა გონიერისა, და მარილსა სახედ გონებისა, წინააღდგომად წვალებასა უშჯულოჲსა აპოლინარისსა, რომელი-იგი ჴორცთა მათ ქრისტესთა საუფლოთა უსულოდ და უგონებოდ იტყოდა, უგუნური იგი და უსულოჲ. ხოლო ღჳნოჲსა თანა წყალსა ურთავთ სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდამოჴდა გუერდსა მჴსნელისასა, ვითარცა იტყჳს იოანე ოქროპირი. ესე არს განმარტებაჲ და მიზეზი ამათ საქმეთაჲ! ხოლო ჰრომთა ვინაჲთგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის, და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და უმეტესადღა, ვითარცა თჳთ თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი. და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს”. ხოლო მთავართა მათ ჰრომთა დიდად განიხარნეს, რამეთუ კუალადცა ყოფილ იყო ამის პირისათჳს ძიებაჲ მათ შორის და უსწავლელობითა ვერ სიტყუა-ეგო მეფისადა და ეტყოდეს წმიდასა: ”წარგიყვანოთო წინაშე წმიდისა პაპაჲსა”.

მერმე კუალად ჰკითხა მეფემან სომეხთათჳს, თუ ”აქუს რაჲ ნაწილი ქრისტიანეთა თანა?” ხოლო მიუგო წმიდამან მოკლედ, ვითარმედ: ”ბოროტსა სარწმუნოებასა სახელცა ნუ ედებინ!” და მათ ყოველთა წინაშე სირცხჳლითა აღავსნა სომეხნი იგი მეფენი.

მაშინ მეფე აღივსო სიხარულითა და მადლი შეწირა ღმრთისა და ამის ნეტარისათჳს მრავალი ქებაჲ წარმოთქუა წინაშე მთავართა და წარჩინებულთა თჳსთა, თუ ვითარ მაღალნი და ძნიად გულისჴმის-საყოფელნი იგი სიტყუანი ესრეთ ადვილად და სულ მცირედ განუმარტნა, და ფრიად აღშენებულ იქმნა ხილვითა და უბნობითა მისითა, და უბრძანა ბერსა, ვითარმედ: ”რაჲცა საურავი და საქმე შენი არს, ყოველსავე აღგისრულებს მეფობაჲ ჩუენი!”

ესრეთ გამოვედით მეფისაგან და წარვედით სავანედ ჩუენდა და განვისუენეთ. ხოლო მამასახლისი მთაწმიდისაჲ მას ჟამსა მუნ იყო იგი სამეუფოსა მას ქალაქსა, კაცი სახიერი და წრფელი. იხილა რაჲ ბერი მოსრული და გულისჴმა-ყო ძალი მოსლვისა ჩუენისაჲ, განიხარა ფრიად და ჰრქუა ბერსა: ”კურთხეულ არს ღმერთი, კეთილად მოგიძღუა უფალი! აჰა ესერა, მონასტერი შენი წინაშე არს შენსა!”

ხოლო ხვალისა დღე აღგჳწოდნეს პალატს, და აღვედით ჩუენცა და მამასახლისი მთაწმიდისაჲ, და შევედით წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან კუალადცა სიხარულით მოიკითხა ბერი და ჰრქუა, ვითარმედ: ”წარვედ, კეთილო ბერო, მონასტრადვე შენდა, ვინაჲ-იგი ყოფილ ხარ პირველ, და შენნი ეგე ობოლნი მუნ აღზარდენ, რამეთუ ეგრეთ მოუწერია ჩუენდა ძმასა ჩუენსა ბაგრატს სევასტოსსა; ხოლო პირველი ეგე წინამძღუარი კეთილად გვედია”. და ესრეთ მოგჳლოცა მონასტერი და ჰრქუა ბერსა, ვითარმედ: “ობოლნი იგი შენნი უჩუენენ მეფობასა ჩუენსა, რათა წყალობით მიხედნეს და სხუაჲ ყოველივე თხოვაჲ შენი აღგისრულო, და წარვედ მშჳდობით და, რაჲცა გეკლებოდის, გვაცნობებდი და დაგიურვებდეთ!” და ესრეთ კუალადცა გამოვედით პალატით და წარვედით სავანედ თჳსა.

ხოლო ხვალისა დღე მოიწია დღესასწაული იოანეს შობისაჲ ივნისსა კდ-სა, წარვედით ასტოდიას და შევემთხჳენით თავსა წმიდისა წინამობედისასა, და ჟამსა ვეზიარენით ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა, და მიერ წარმოვედით მეტოქადვე ჩუენდა ქსერლოფად.

აქამომდე არს სიტყუაჲ ჩუენი თქუენდა მომართ, ჵ ნეტარო, ვინაჲთგან შავით-მთით წარმოვედით, და ვიდრე აქამომდე მოკლედ და მარტივად მიგითხარ.

XXI. ხოლო ამიერითგან სასურველი იგი თქუენი და საძიებელი თხრობაჲ მიცვალებისა მისისაჲ თუ ვითარ იქმნა ანუ ვითარი სნეულებაჲ იყო, გინა რაოდენ დღე სნეულებაჲ, და კუალად თუ ვითარნი იყვნეს კურთხევისა და წარმგზავნისა სიტყუანი, და თუ ვინ იყვნეს უკუანაჲსკნელსა მას ჟამსა მიცვალებისა მისისასა თანამოღუაწენი და მსახურნი. გარნა შეძრწუნებულვარ და შეშინებულ, რამეთუ აქამომდე გზაჲ სიტყჳსა ჩუენისა წრფელ იყო და ადვილ სავალად, ხოლო აწ იწრო და საჭირო და უღონო ჩუემგან სლვისა, რამეთუ ნავთ-სადგურსა დუმილისასა მეგულების შევედრებაჲ რამეთუ ჴელი ჩემი ძრწის და სული შეიწრდების, ხოლო გონებაჲ განცჳბრდების, რაჟამს გულისჴმა-ვყო ჟამი სიობლისა ჩუენისაჲ, გარნა შიშითა ურჩებისაჲთა, მორჩილებად ბრძანებისა თქუენისა მოსრულმან, კუალად აღვძრა უძლური ენაჲ ჩემი და სარბიელსა სიტყჳსა ჩემისასა კუალად ვიწყო სლვად.

ესე წმიდაჲ მამა ჩუენი ნეტარსა მას დაძინებასა თჳსსა არა უმეცარ იყო, არამედ მეტადცა მეცნიერ, რამეთუ, ვითარცა ვთქუ ზემო, შობასა წმიდისა იოანე ნათლის-მცემელისასა მივედით ასტუდიას, ვემთხჳენით რაჲ თავსა წმიდისა წინამორბედისასა, ეზიარა წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა და მადლი შეწირა ღმერთსა, მიერ წარმოვედით მეტოქად ჩუენდა, მცირედ ოდენ მჴურვალებაჲ შეემთხჳა, თჳნიერ სხჳსა სნეულებისა, ხოლო ჩუენ ვჰგონებდით, თუ გზისაგან არს, რამეთუ ქუეით მომაშურალ იყო, რამეთუ ესე იყო ჩუეულებაჲ მისი - ქუეით მივალნ წმიდათა წინაშე ლოცვად, და ესრეთ დავყავით სამი დღე შინა.

ხოლო ხვალისაგან, წინა დღით დღესასწაულსა წმიდათა მოციქულთასა, გჳბრძანა, ვითარმედ: ”შეეკაზმენით და ობოლნი ეგე აღიყვანენით, რათა წინაშე მეფისა წარვიდეთო”, რამეთუ ბრძანებაჲ გამოსრულ იყო, რათა გარე ფილოპატსა გჳხილნეს. ხოლო ჩუენ ვაყენებდით, ვითარმედ: ”დღეს იყოს და ხვალე თაყუანის-ვცეთ მეფესა”. ხოლო მან განცხადებულად სასმენელად ყოველთა ბრძანა, ვითარმედ: ”უკუეთუ დღეს არა ვიხილოთ მეფე, ხვალე ჴელთა არაჲ გუაქუს!” ხოლო ჩუენ ვერ გულისჴმა-ვყავთ ძალი სიტყჳსაჲ მის, რომელი-იგი შემთხუევად იყო, არამედ წარვემართენით, და იგი თავადი აღჴდა საჴედარსა თჳსსა თჳნიერ სხჳსა მიახლებისა გინა ტჳრთვისა, და ესრეთ მივიწიენით ველსა მას ფილოპატოჲსასა, და გარდაჰჴდა საჴედარსა, რათა: ”მოველოდნეთ მეფესა ვიდრე შემოქცევადმდე!” და მოვიდა ჩუენდა პეტრეცა, კაცი იგი კეთილად მოჴსენებული, და დაწერეს პიტაკი წინაშე მეფისა.

და ესრეთ, მოიქცა რაჲ ღმრთის-მსახური მეფე და მოვიდა შვილითურთ, სადა იგი განწყობილ ვიყვენით წესისაებრ, ხოლო ვითარცა მოგუეახლა და დავვარდით და თაყუანის-ვეცით, და ენითა ჩუენითა ქებაჲ შევასხით; ხოლო მან, კურთხეულმან მეფეთა შორის, გჳხილნა რაჲ, მახლობელად ჩუენდა მოვიდა, და დაუკჳრდა სიმრავლე იგი ობოლთაჲ მათ და უასაკობაჲ: რამეთუ რომელნიმე წუთ შჳდისა წლისანი იყვნეს და ყოველნივე საბეჭურითა და წესითა მონაზონთაჲთა; დიდი მადლი გარდაიჴადა ბერისა თანა და ჰრქუა მას, ვითარმედ: ”დიდი და მაღალი საქმე გიქმნიეს, ჵ ნეტერო, რომელ ამას ჟამსა სხუაჲ ვერვინ შემძლებელ არს!”

ხოლო ბერმან მისცა პიტაკი თჳსითა ჴელითა და ჰრქუა: ”წმიდაო მეფეო, ესე ობოლნი აღმოსავლეთს შემიკრებიან და სახელი ღმრთისაჲ დამისწავებია და აწ წინაშე მეფობისა თქუენისა მომიყვანებიან; ვითარცა ჯერ გიჩნს, აღზარდენ და შეიწყალენ მლოცველად სულისა თქუენისა და შვილთა თქუენთა მზეგრძელებისათჳს”. რამეთუ თანა უდგეს სამნივე იგი შვილნი მისნი და ზემოჴსენებულნი იგი მთავარნი ჰრომაელნი და გაგიკ კარელი, და უკჳრდა ყოველთა და ჰნატრიდეს ბერსა მას წმიდასა.

ხოლო, ვითარცა ვთქუ, პიტაკი მისცა მეფესა და ჰრქუა, ვითარმედ: ”შემდგომად ღმრთისა ჴელთა შენთა შეჰვვედრებ ობოლთა ამათ! ხოლო მე ამიერითგან არღარა მიხილოთ”. მაშინ უბრძანა მეფემან, რათა ჟამობაჲ ათქუმიოს ობოლთა მათ თჳსთა. ხოლო მან განცხადებულად ჯმნისა იგი და განტევებისა წმიდისა სჳმეონ მოხუცებულისა გალობაჲ გვბრძანა გალობად, რომელ არს ესე: ”მჯდომარე ეტლთა ქერაბინთა, მეუფე...” და აწ ”განმიტევე, მე მშჳდობით”.

ესრეთ, გალობისა ამის მიერ განაცხადა ამიერ განსლვაჲ თჳსი, დაღაცათუ მაშინ ვერ გულისჴმა-ყვეს ვერცა მეფემან და ვერცა სხუამან ვინ, გარნა მეორესა დღესა, მი-რაჲ-იცვალა, ყოველთავე, ვითარცა მძინარეთა, განეღჳძა და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან არა დაუფარა წმიდასა მას მიცვალებაჲ თჳსი. ხოლო, ვითარცა ვთქუთ გალობაჲ იგი, დიდი მადლი უბრძანა მეფემან ღმრთის-მსახურმან ბერსა, ვითარმედ: ”კეთილად განგისწავლიან ბერძულსა გუარსა ზედა, კეთილო ბერო, შვილნი შენნი”. და ბრძანა ათასი აჟურაჲ მიცემად მათდა ფ[ა]სუნად, და ბრძანა, ვითარმედ: ”დიდად სწყალობსო მეფობა ჩუენი და რაჲცა პიტაკსა ამას შინა სწერია, ყოველსა აღგისრულებს წადიერად!”, ხოლო ჩუენ თაყვანის-ვეცით. და ესრეთ წარემართა მეფე, ხოლო ჩუენ წარმოვედით შინა, და ბერი აღჴდა საჴედარსა ზედა, ვითარცა ყოვლად უვნებელი, და მივედით სავანედ ჩუენდა და შემწუხრდა დღე იგი, რომელი განთენდებოდა ოთხშაბათად, დღესასწაული წმიდათა თავთა მოციქულთაჲ პეტრესი და პავლესი.

ხოლო მწუხრისაჲ ვილოცეთ მათ წინაშე და ჩუენ ყოველნი გუაკურთხნა ჩუეულებისაებრ და თჳთ მიწვა ცხედარსა ზედა და მიიღო მცირედ რაჲმე სასუმელი უძლურებისათჳს და სიმჴურვალისა, და ჩუენ გჳბრძანა ყოველთა განსუენებაჲ, ხოლო ჩუენ გჳნდა, რათამცა მათ წინაშე ვიყვენით, არამედ მას მსახურებაჲ ჩუენი არარაჲ ეჴმარებოდა და ბრძანა, ვითარმედ: ”ერთი კმა ხართ და სხუათა განისუენეთო”.

ხოლო გათენდებოდა დღესასწაული წმიდათა მოციქულთაჲ, ვილოცეთ ცისკრისაჲ კეთილად, და თჳთ განაგებდა წესსა ყოველსა, და ვითარცა განთენდა სრულიად, მოუწოდა ძმათა, რომელთა მსახურებაჲ აქუნდა და ჰრქუაჲ, ვითარმედ: ”კეთილად ნუგეშინის-ეცით ძმათა, რამეთუ დღეს აღვსებაჲ არს!” და ესრეთ, ყოველთავე მის დღისა განსასუენებელი თჳთ განაწესა; ხოლო ძმანი რომელნიმე წარვიდეს ტაძარსა წმიდათა მოციქულთასა ლოცვად და რომელნიმე შინა დავშთით, და იყვნეს ჩუენთანა კაცნი მოხუცებულნი და აზნაურნი, პატიოსანნი სტეფანე და სჳმეონ.

ხოლო, ვითარცა დღე წარმოიჩინა და სამ ჟამისა ჟამი მოახლებულ იყო, გჳბრძანა, რათა სანთელნი აღვანთნეთ და საკუმეველი ვაკუმიოთ, და სახარებაჲ ვიწყოთ კითხვად, რამეთუ ესრეთ იყო ჩუეულებაჲ მისი: განაწესნის ოთხნი მკითხველნი და ოთხთავე სწორად ვიწყით თჳთო თავსა და სწორად დავასრულით, და ვიწყეთ რაჲ კითხვად სახარებისა, იგი ნეტარი ზე ჯდა და ისმენდა კეთილად. და, ვითარცა დავასრულეთ ოთხთავე ერთობით სახარებაჲ, ჯუარი დაგვწერა და თქუა: ”დიდებაჲ შენდა უფალო!” და ქუე მიწვა და გურქუა: ”იგი საჴმარი ესე რა არის?” რამეთუ იყო ჭურჭელი, რომელსა შინა იდვა დრაჰკანი საჴმრად ძმათათჳს, რამეთუ არა თუ თჳთ ეპყრის, არამედ სხუასა ძმასა აქუნ, ხოლო ძმაჲ იგი წარსრულ იყო ლოცვად და იგი მუნ დაედვა და ჩუენ არაჲ უწყოდეთ; და ესე იყო ანდერძი მისი.

რამეთუ სხუაჲ ყოვლივე განწესებული, წიგნნი მისნი და ძმანი მთაწმიდას, ამის პირისათჳს არაჲ აჴსენნა, რამეთუ ყოველთა უწყოდეთ, და ვითარცა ცხორებასა მისსა უყუარდა მყუდროებაჲ, ეგრეთვე ჟამსა ნეტარისა მის მიცვალებისა მისისასა იყო, რამეთუ, უკუეთუმცა გუეცნა, ფრიადიმცა ამბოხი ქმნილ იყო და შფოთი, და, თუმცა შესაძლებელ იყო, კნინღადა შემცაგუეპყრა სული იგი უმანკოჲ ამის ნეტარისაჲ.

ამის მიზეზისათჳს მშჳდმან მან და მყუდრომან ჟამსა მასცა მიცვალებისა მისისასა მყუდროებაჲ იჴუმია, რამეთუ, ვითარცა ჴელოვანმან მენავეთ-მოძღუარმან, რომელსა მრავალნი უფსკრულნი განევლნიან და მრავალთა ღელვათადა ბრძოლა ეცის, და ნავთ-საყუდელისა მიმართ მხიარული შესლვად განემზადის, გინა, ვითარცა მჴედარი ძლევა-შემოსილი, რომელსა-იგი ურიცხუნი სპარაზენნი მოესრნიან და მრავალნი ძლევანი და ბრძოლანი ექმნიან, და ყოველსავე შინა განმარჯვებული მივალნ მეფისა თჳსისა, ანუ თუ ვაჭარსა რომელსა მცირითა რაჲთმე საფასითა ურიცხჳ სიმდიდრე შეეკრიბის და საუნჯისა მიმართ თჳსისა მხიარული მიისწრაფინ, გინათუ ვითარცა მუშაკი ურნატ-სავსე ნაყოფთა ზედა თჳსთა მხიარულ არნ, ეგრეთვე წმიდაჲ ესე ჟამსა მიცვალებისა თჳსისასა ამათ ყოველთავე ზემოწერილთა მიემსგავსა, რამეთუ დაღაცათუ იყო რაჲ ჴორცთა შინა, ჴორცთაგან მიცვალებულ იყო განგებითა. ხოლო აწ ესრეთ იყო სრულიადი განსლვაჲ მისი ჴორცთაგან. რამეთუ განირთხნა წმიდანი იგი ფერჴნი მისნი წესიერად, რომელთა ღმრთის-მსახურებისათჳს მრავალი შრომაჲ თავს-იდვეს, და ჴელნი სანატრელნი, მწერალნი საღმრთოთა მოძღურებათანი, უმანკოსა მას და უბიწოსა გულსა ზედა თჳსსა დაიჯუარედნა, და მცირედ ოფლნი გარდაეცნეს, რომელნი-იგი ღმრთის-მსახურებისათჳს მრავალგზის დასთხინა, ესრეთ ჯუარი პირსა დაიბეჭდა, რომელი-იგი მარადის სასოდ და ზღუდედ აქუნდა. და კუალად დადვა წმიდაჲ იგი მარჯ[უე]ნე თჳსსავე ადგილსა და თქუა სიტყუაჲ დასასრულისაჲ, რომელი-იგი, ვითარცა შარავანდედი მზისაჲ, წარიძღუანა უფლისა მიმართ, ვითარმედ: ”ჴელთა შენთა, უფალო, შევჰვედრებ სულსა ჩემსა!” და ესრეთ, დიდად რაჲმე აღმოიფშჳნნა, ერთგზის ხოლო, და მისცა წმიდაჲ სული თჳსი წმიდათა ანგელოზთა.

ხოლო მოხუცებულნი იგი, ზემოჴსენებულნი პატიოსანნი, ერთსა ვისმე მღდელთაგანსა, თავთ კერძო ნეტარისა მის მდგომარესა, ეტყოდეს, რათა დაასხნეს ჴელნი თუალთა მისთა წმიდათა, განმანათლებელთა ჩუენთა, ხოლო იგი, განცჳბრებული და ვითარცა გონება-მიღებული, აქა და იქი იხედვიდა და მკსინვარედ ეტყოდა ბერთა მათ, ვითარმედ: ”სძინავს მამასა ჩუენსა!” ხოლო მას არავისი მსახურებაჲ ეხმარებოდა”.

გარნა ამიერითგან ვითარ-მე გითხრა, თუ რაბამი ამბოხი და შფოთი იქმნა და ტყებაჲ და ყივილი უწესოჲ! ენაჲ ჩუენი ვერ შემძლებელ არს მითხრობად, რაჟამს-იგი მოეცვა გუამი მის ნეტარისაჲ მის მიერ ცხოვნებულთა მათ მღდელთა და დიაკონთა, და ობოლთა მათ წუთ ჩჩჳლთა, რომელნი-იგი წუთ ჴმითა წულილითა და ენითა ბრგუნვილითა იტყოდეს, და მამით და მოძღურით ხადოდეს, ვითარმედ: ”ვაჲ ჩუენდა, ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ მამაო! რაჲ ესე შემამთხჳე ჩუენ, ვითარმედ სადა შემკრიბენ და აღგუზარდენ, ანუ აწ სადა დაგჳტევენ და დაგუფანჩენ!”

ხოლო მღდელნი და დიაკონნი ჴელთა მათ მისთა წმიდათა ამბორს უყოფდეს და თუალთა მათთა ზედა დაისხმიდეს, და რომელნიმე ცრემლთა წილ სისხლთა დასთხევდეს გუამსა მას მისსა ზედა წმიდასა და იტყოდეს: ”ვაჲ ჩუენდა, ვაჲ ჩუენდა,ჵ წმიდაო! რამეთუ ვიდრე შენ ჩუენ თანა იყავ, ღამენიცა დღეჲ იყვნეს, ხოლო აწ, რაჲ განგუეშორე, დღენიცა ღამე არიან!” ამას და ამისსა უმრავლესსა ჴმითა საწყალობელითა იტყოდეს და ანაზდაითსა მას დაქცევასა და უკუანაჲსკნელსა ობლებასა ეტყებდეს, და ვითარმცა არა იგლოვდეს, რამეთუ ოთხმეოცსა სულსა ერთი წინამძღუარი ჰყვა სულისა და ჴორცთაჲ, ვითარცა ზემო ვთქუ, რომელთა მარჯუენე და მარცხენე არა უწყოდეს, და წინამძღუარი ესევითარი ვითარი თჳთ იყო, და ესრეთ მეყსა შინა უწინამძღურო იქმნნეს. და ესე სადა? ფოლოცთა შინა სამეუფოჲსთა! დაღაცათუმცა ქვისაჲ ვის აქუნდა გული და ანდამატისა მოეგო სული გარეგან საზღვართა ბუნებისათა განსრული, ვითარმცა არა იხილვა ყოვლითურთ დაწყლული მოულოდებელისა ამის სმენისაგან აღძრული და ბუნებითისა ტკივილისაგან სიღრმედ მწუხარებათა შთასრული!

არამედ, ეჰა უბადრუკებაჲ ჩემი! ვითარისაღა ჟამისათჳს დავიმარხე ყოვლად საწყალობელი! და ვითარიღა წინა-ედვა ჭირვეულსა ცხორებასა ჩემსა სიკუდილსა მითხრობად, რომელი-იგი არა თავისა თჳსისათჳს ცხოველ იყო, არამედ ღმრთისა.

ჰე, ჭეშმარიტად დაიძინა ზიარმან მამამან ჩუენმან, რომელსა-იგი ფრიად უყუარდით ჩუენ და გუწყალობდა, ვითარცა შვილთა ჭეშმარიტთა, ვითარცა მოქმედთა ქრისტეს ვენაჴისათა, ვითარცა ძეთა მორჩილებისათა. შეისუენა ზოგადმან მოძღუარმან ჩუენმან, ქუეყანისა ანგელოზმან და ზეცისა კაცმან, ტაძარმან მან ქალწულებისამან უბიწომან, მრავალფერმან მან და მრავალსახემან სიბრძნემან სულისამან, ჴელოვანმან მან გულისჴმის მყოფელმან და ერთგულმან ქრისტეს მსახურმან, ბრწყინვალემან მან თუალმან ქრისტეს გუამისამან, მოთმინებისა მოღუაწემან მან წყალობისა წყარომან, და განკრძალულმან უფლისა შჯულის მმარხველმან, და ფასის-საცავმან მან სათნოებისამან, რომელი-იგი სიტყჳთა ტკბილ იყო და ზრახვითა საწადელ. და ვინ შემძლებელ არს სიტყჳთ აღწერად, რაოდენნი და რაბამნი სახელნი მიანიჭნა მას საღმრთომან მადლმან, ყოველთა მათ საქმით აღსრულებითა, და ყოველთა მოციქულებრ შეყუარებითა! ეჰა, ეჰა, მარადის სასურველნო, რაჲ არს ჩუენი ესე, გლახაკთა ამათ, საიდუმლოჲ! რაჲ არს სიბრძნე ესე ღმრთისაჲ გამოუთქუმელი!

აწ მინდეს ცრემლნი იერემიას გოდებისანი, და უკუეთუ სხუამანცა ვინ-მე სანატრელთა მათ კაცთაგანმან სიდიდე განსაცდელისაჲ სადამე იგლოვა? აწ მოვედ ჩემდა, ჵ რაქელ, დედაო ბენიამენისო, სტიროდე შვილთა შენთა და ნუგეშინის-ცემასა ნუ მიიღებ, ნუ ვითარცა ბეთლემისა ყრმათათჳს, რამეთუ იგინი ღმრთისა შეიწირნეს, არამედ ყრმათათჳს, რომელნი ორსავე სიკუდილსა თუალით ხედვენ - სულისა და ჴორცთა[ჲ]სა, და არა აქუს ნუგეშინის-მცემელი, რამეთუ ერთი აქუნდა და იგიცა მიეფარა. ამისთჳს ტიროდე, ჵ რაქელ, ვითარმცა არა არიან, ხოლო მე ესრეთ ვიტყოდი ძმათა მიმართ ჩემთა და ყრმათა მოძღურისა ჩემისათა: “ვაჲმე, ვაჲმე, ძმანო ჩემნო პატიოსანნო, აწ დაგუეჴშა პირი იგი, რომელი გუწურთიდა შჯულსა უფლისასა დღე და ღამე, წარვიდა გონებისა განზრახვაჲ, ჭეშმარიტად ღმრთისა მიერ აღძრული, დაწუხნა თუალი იგი მართლიად მხედველი და განმარჩეველი კეთილსა ბოროტისაგან და უმჯობესსა უდარესისაგან, დადუმნეს ბაგენი იგი მცველნი შჯულსა უფლისასა, შეიკრა ენაჲ იგი ოქრო-სიტყუაჲ და საღმრთოთა ბრძანებათა ჴმამაღლად მღაღადებელი და ბრწყინვალედ მთარგმნელი ღმრთივ სულიერთა წიგნთაჲ, დაყუდნა ჴელი იგი შუენიერად მწერალი, რომლითა განანათლნა ეკლესიანი ჩუენნი, დადგეს ფერჴნიცა იგი შუენიერნი, განკაფულნი ღამის თევათა შინა ზედგომითა, დაყუდნა გონებაჲ იგი მხილველი და სიღრმეთა სულისათა გამომეძიებელი, დაიფარა მიწასა შინა გუამი წმიდაჲ მოღუაწებისა შრომითა განლეული!

ხედავთა, თუ ვითარ არიან საქმენი ჩუენნი? მენება, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო, განძლიერებად უძლურებაჲ ჩემი და ამაღლებად სიმაღლესა ამას თანა განსაცდელისასა, და აღტევებად ჴმისა რაჲსამე ვნებისა ამის შემსგავსებულისა, ვითარცა ყვეს ობოლთა მათ და ჴმითა მაღლითა განსაცდელსა მამისასა იგლოვდეს, არამედ რაჲმე ვყო, გინა ვითარ ვაიძულო ენასა მსახურებად სიტყჳსა, რომელი-იგი განსაცდელისა ამის მიერ, ვითარცა მძიმითა რაჲთამე საკრველითა რკინისაჲთა შეკრულ არს, ანუ ვითარ აღვაღო პირი უტყუებითა შეპყრობილი, ვითარ აღუტეო ჴმაჲ ვნებითა და გოდებითა ძალისა თჳსისაგან დაჴსნილი, ვითარ აღვიხილნე თუალნი სულისანი, განსაცდელისა ამის ალმურითა დაბნელებულნი, ვინმცა განმიბნია უკუნი ესე და წყუდიადი მწუხარებისაჲ ბნელი და მიჩუენამცა სიწმიდესა შინა ბრწყინვალე იგი ნათელი მშჳდობისაჲ, ანუ ვინაჲ მოგუეფინოს ჩუენ შარავანდედი, ვინაჲთგან დაჰჴდა მნათობი ჩუენი! ეჰა ბოროტი ესე სიბნელე, რამეთუ მზე, მნათობი ჩუენი, დაჰჴდა!

ეჰა, ვითარღა იქმნეს ჩუენდა ადგილსა ამას წინაუკუმო სიტყუანი ჩუენნი და საქმენი, აწ და პირველ ამისსა, რამეთუ პირველ, ვითარცა მექორწინენი, განვსცხრებოდეთ, ხოლო აწ, ვითარცა საწყალობელნი, გლოვისა ამისთჳს სულთ ვითქუამთ! ანუ თუ მცირე არსა ჩუენ ზედა მოწევნული ესე ბოროტი? ანუ ამაოდ ნუ ვიტყებთა და განვიწირვით! ანუ თუ უფროჲსღა ვერ მივსწუთებით თავსა ამის ვნებისასა, დაღაცათუ უფროჲს აღვამაღლნეთ სიტყუანი და ჴმანი ჩუენნი!

გუავასხენით უკუე, ძმანო, გუავასხენით ცრემლნი წყალობისანი, რამეთუ ოდეს-იგი იხარებდით თქუენ, სიხარულსა თქუენსა გეზიარენით ჩუენ! აწ უკუე მომაგეთ ჩუენ ბოროტი ესე ნაცვალი, სიხარული მოხარულთა თანა მოგუეცით ჩუენ, ტირილი მტირალთა თანა მომიზღეთ ჩუენ.

ცრემლეოდა ოდესმე უცხოთესლი იგი ერი, მამათ-მთავრისა იაკობისათჳს, და უცხოჲ იგი განსაცდელი, ვითარცა თჳსი, განესაკუთრა, რამეთუ იგი, შემდგომად სიკუდილისა, ძეთა მისთა ეგჳპტით გამოიყვანეს, და ყოველი იგი ერი უცხოჲ ამის განსაცდელისათჳს უცხოსა შინა ქუეყანასა ოცდა ათ დღე და ოცდა ათ ღამე იგლოვდა მის ზედა და მწარედ გოდებდა და ტიროდა.

აწ უკუე, ძმანო, ემსგავსენით უცხოთესლთა მათ ძმანი ეგე ჩუენნი და ნათესავნი! ზოგად იყო მაშინ უცხოთა და თჳსთა ტირილი, ზოგად იყავნ აწცა, და რამეთუ გლოვაჲცა ესე და მწუხარებაჲ ზოგად არს, ამისთჳსცა, აჰა ესერა, ვითარცა სახილველსა შინა წარმოვიჩინები და წინა ვპირობ და ვღაღადებ განსაცდელისა ამის სიმძიმესა და ვიტყვ: ”გწყალობ თქუენ, გწყალობ, შვილნო და მოწაფენო ამის ტკბილისა და სახიერისა მამისანო, ხოლო აწ მწარედ დაობლებულნო, მცირედ აღყუავებულნო, ხოლო აწ მსწრაფლ დაჭნობილნო, ბრწყინვალედ განათლებულნო და ბოროტად დაბნელებულნო!

არამედ, ეჰა, რაბამ კეთილ იყო ვიდრე აქამომდე გზაჲ სიტყჳსა ჩუენისაჲ, და, ეჰა რაბამ სანატრელ იყო, უკუეთუმცა ამას პირსა ზედა დასრულდებოდა მოთხრობაჲ ჩუენი.

ხოლო ამიერითგან რაჲ მოუწოდეთ დედათა მტირალთა, ვითარცა იტყჳს ერემია, რამეთუ განსაცდელთა და მწუხარებათა მიერ შეპყრობილისა და აღვსებულისა გულისაჲ სხჳთა სახითა ნუგეშინის-ცემაჲ შეუძლებელ არს, არათუ ცრემლთა მიერ და სულთქუმათა აღსუბუქნეს!

უტევეთ უკუე, ნუგეშინის-მცემელნო, უტევეთ და ნუ განამრავლებთ ნუგეშინის-ცემასა, რაჲთა წრტიალად და მწარედ იგლოონ ობოლთა ამათ, და გულისჴმა-ყონ დაჭირვებაჲ ესე, რომელი დაჰჭირდა მათ, დაღაცათუ არა გამოუცდელ არიან განშორებასა მისსა, ღუაწლთა მათ მიერ მოღუაწისათა დაჩუეულთა, რამეთუ გაჴსოვს განაღა, თუ ვითარ თქუენდა მომართ თქუმულმან ამან სიტყუამან ჩუენმან ღუაწლნი იგი მაღლისა მის კაცისანი მიგითხრნა თქუენ!

მწუხარე იქმნნეს ოდესმე ისრაელიტელნიცა, რაჟამს-იგი აღიტაცა ზეცად ელია, არამედ ნუგეშინის-სცემდა განშორებასა მისსა ელისე, ხალენითა მოძღურისაჲთა შემკობილი. ხოლო აწ სალმობაჲ ესე ზეშთა არს კურნებისა, რამეთუ ელია ამაღლდა და ელისე არა დაშთა. უწყი, რამეთუ არა უმეცარ ხართ სიტყუათა მათ და ჴმათა იერემიაჲსთა, რომელთა-იგი იტყოდა გოდებით მოოჴრებისათჳს იერუსალემისა; რამეთუ სხუათა მათ თანა გლოვათა მისთა ესეცა შესძინა და თქუა, ვითარმედ: ”გზანი სიონისანი იგლოვდითო”, და ესე სიტყუაჲ მაშინ ითქუა მის მიერ, ხოლო აწ ჩუენ ზედა აღესრულა.

რამეთუ რაჟამს განითქუას ჰამბავი ესე საგლოელი, მაშინ აღივსნენ გზანი, უდაბნონი გოდებითა მგლოვარეთაჲთა, და მოწაფენი მისნი, შეწუხებულნი მწუხარებითა, ჴმასა მას ნინეველთასა აღუტევებდენ და უფროაჲსღა უმეტეს მათსა ტკივნეულ იყვნენ და საწყალობელ, რამეთუ გოდებამან მათმან შიში იგი დაქცევისაჲ დაჰჴსნა, ხოლო ამათ ბოროტთა დაჴსნისა არცა ერთი აქუს სასოებაჲ თჳსთა ამათ გოდებათა მიერ.

ვიცი სხუაჲცა რაჲმე გოდებაჲ იერემიაჲსი, შემსგავსებული წიგნსა ფსალმუნთასა, რომელი-იგი წარტყუენვისათჳს ისრაელთაჲსა შეჰმზადა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ”ძეწნთა ზედა დავჰკიდენით ორღანონი ჩუენნი”, რამეთუ დუმილისა მიერ თავთა თჳსთა თანა და ორღანონიცა თჳსნი დასაჯნეს. ამას უკუე გოდებასა მეცა განვიჩემებ აწ და ვიგლოვ უფროჲს მათსა, რამეთუ ვზი მდინარეთა ზედა ცოდვისათა, და მათგან წიაღმყვანებელი ჩუენი არა მაქუს, და ორღანოთა წიგნთა საღმრთოთასა დავჰკიდებ დუმილსა ძეწნთა, რამეთუ იტყჳს მოციქული პავლე: ”უკუეთუ თარგმანი არა იყოს, მკითხველი დუმენო”. რამეთუ ძეწნი ხე არს უნაყოფოჲ და, ვინაჲთგან დაცჳვა ტკბილი იგი ცხორებისა ჩუენისა ნაყოფი, არა ძეწნ ვიქმნენითა უნაყოფო? ჰე ჭეშმარიტად, და უქმად და უძრავად ორღანონი იგი მეტყუელებისა ჩუენისანი დუმილისა მიერ შეშათა ზედა დავჰკიდენითა!

ხოლო არავინ არს, რომელმანცა მოიღო ნაწუეთი ერთი წყლისაჲ და განაგრილა ენაჲ ჩემი სალმობიერი და შემწუარი ცეცხლითა მწუხარებითაჲთა! წარჴდა შუენიერებაჲ იგი საწადელი, დადუმნა ჴმაჲ იგი სავსე სიტკბოებითა, დაიყვნეს ბაგენი იგი ღმრთივ-ბრწყინვალენი, აღფრინდა მადლი იგი განმაბრძნობელი ჩემი; სადა არიან თუალნი ზეცისა საიდუმლოთა მხილველნი! სადა არიან ყურნი იგი საღმრთოჲსა მის ჴმისა მსმენელნი! სადა არს ენაჲ იგი წმიდაჲ ტკბილად მასწავლელი ცოდვათა სინანულსა! სადა არს რტკბილი იგი მყუდროებაჲ თუალთა-მისთაჲ! სადა არს წესიერი იგი დუმილი ბაგეთა მისთაჲ! სადა არს საწადელ იგი მარჯუენე მისი, რომელი კურთხევასა მას პირისასა სასურველთა მათ თითთა თჳსთა ჯუარის წერითა დაჰბეჭდვიდა!

არამედ აწ გევედრები, შემაშურენით მე ცრემლნი ჩემნი, დააცხრვეთ გოდებაჲ ჩემი, რამეთუ ვგრძნობ, ვითარმედ უფროჲს ჯერისა განვალ საზღვართაგან გლოვისათა, და ვნებისა ამის სიმძიმითა დედათა მივემსგავსები, არამედ მოვედით ამიერითგან და განუსუენოთ სასმენელთა თქუენთა გლოვისაგან და გოდებისა ობოლთაჲსა დამაშურალთა, და საღმრთოთა თხრობათა და ნუგეშინის-ცემისა სიტყუათა მიმართ მივაქციო გონებაჲ თქუენი, დაღაცათუ რაქელ ღაღადებს, რომელ არს ეკლესიაჲ, და ჴმობს ძლიერად და გოდებს დაობლებისათჳს შვილთა თჳსთაჲსა.

ვინაჲცა ჯერ-არს, რათა ამიერითგან მოვაქციო აფრაჲ სიტყჳსა ჩემისაჲ და საეკლესიონი სიტყუანი აღმოვთქუნე.

რამეთუ არა მიგუეღო ჩუენ მოძღუარი ჩუენი, არცა წარვიდა ჩუენგან, არამედ შორის ჩუენსა მდგომარე არს, დაღაცათუ ჩუენ არა ვხედავთ მას, და წმიდასა მას შინა წმიდათასა შევიდა მამაჲ ჩუენი და შინაგან კრეტსაბმელისა, სადა-იგი წინამორბედად ჩუენდა შევიდა ქრისტე, დაღაცათუ დაუტევა კრეტსაბმელი იგი ჴორცთა თჳსთაჲ, არამედ არღარა სახით და იგავით ჰმსახურებს ზეცისათა მათ, არამედ თჳთ მას ხატსა საქმეთასა განიცდის, არღარა სარკითა და სახითა, არამედ პირსა ღმრთისასა პირის-პირ ხედავს და მეოხ არს ჩუენთჳს წინაშე მისსა შვილთა და მოწაფეთა თჳსთათჳს, და ითხოვს მიტევებასა ცოდვათასა.

განიძარცუნა უკუე ტყავისა იგი სამოსელნი, და რამეთუ სამოთხისა მკჳდრთა არცა თუ ეჴმარებიან ესევითარნი სამოსელნი, არამედ იგი სამოსელნი ჰმოსიან მას, რომელნი-იგი სიწმიდითა ცხორებისა თჳსისაჲთა უქსოვნა თავსა თჳსსა და მოიხუნა ღმრთისაგან. ჭეშმარიტად, ესევითარისა ამის კაცისა სიკუდილი პატიოსან არს წინაშე ღმრთისა და, უფროჲსღა, არცა თუ სიკუდილ არს, არამედ განხეთქაჲ საკრველთაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”განხეთქენ საკრველნი ჩემნი”. განტევებულ იქმნა სიმეონ და განთავისუფლებულ იქმნა საკრველთაგან ჴორცთაჲსა, საბრჴე შეიმუსრა, ხოლო სირი აღფრინდა, დაუტევა ეგჳპტე, რომელ არს ცხორებაჲ ესე ნივთიერი, და წიაღვლო არა თუ ზღუაჲ იგი მეწამული, არამედ შავი ესე და წყუდიადი ზღუაჲ ამის საწუთროჲსაჲ, შევიდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, რომელ არს ზეცათა იერუსალემი, მთასა მას ზედა სიბრძნისმეტყუელებს ღმრთისა თანა, წარიჴადა ჴამლი სულისაჲ და, რათა საღმრთოჲთა მით სლვითა გონებისაჲთა წმიდასა მას ქუეყანასა შინა უნივთოდ იმოთხვიდეს, რომელსა-იგი შინა იხილვების ღმერთი, და თჳსთა საკუთართა ხედავს და განუსუენებს.

ესევითარი ნუგეშინის-ცემაჲ გაქუნდინ თქუენ, ძმანო, რომელნი-ეგე ძუალთა იოსებისთა ქუეყანასა მას კურთხევისსა აღიყვანებთ, ესე იგი არს თქუენ, რომელთა ეგე გუამი წმიდაჲ ამის ნეტარისაჲ მთაწმიდას წარგყავს”.

XXII. ხოლო აწ ჟამი არს თქუმად, თუ ვითარ იქმნა წარსლვაჲ ჩუენი მთაწმიდას და კუალად მოჴსენებად ნეტარისა პეტრე პატრიკისა პატრიკ ყოფილისა, ნუგეშინის-ცემასა, და შემდგომად ღმრთისა მოღუაწებასა და ჴელის აღპყრობასა, რომელ ჩუენ ზედა აჩუენა.

ხოლო ვითარცა განვიდა ჴორცთაგან წმიდაჲ მამაჲ ჩუენი და წარვიდა წინაშე ღმრთისა, მეყსეულად ვაცნობეთ წმიდასა მამასა პეტრეს. ხოლო მან, მოძღურის მოყუარემან და, უფროჲსღა ვთქუათ თუ, ღმრთის-მოყუარემან, ვითარცა გულისჴმა-ყო ანაზდათი ესე დამლევანი დაქცევაჲ ჩუენი, იწყლა სასტიკად სული მისი, არამედ წელნი მოირტყნა და მსწრაფლ შევიდა მეფისა და მიუთხრა საკჳრველი ესე სასმენელი, ვითარმედ: ”წმიდაო მეფეო, თქუენთანა მშჳდობაჲ და სიხარული საუკუნოჲ შვილითურთ, ხოლო წმიდაჲ იგი ბერი, რომელმან გუშინ ოთხმეოცი ობოლი თქუენ შემოგვედრა, აწ თჳთ იგი ჴელთა ღმრთისათა შევედრებულ არს, რამეთუ მიიცვალა, შენ, ქუეყანისა მეფემან, ზეცისა მეფისა წარმჰგზავნე, გუშინ, ამას ჟამსა, შენ მიერ ითხოვდა განტევებასა, დღეს, საკრველთაგან ჴორცთა თჳსთაჲსა განტევებული, ზეცისა ნავთ-სადგურად შევიდა, გუშინ შენ გევედრებოდა შეწყალებად ობოლთა თჳსთა, ხოლო დღეს შენთჳს ევედრების მას, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქურივთა და მეუფე მეფეთა ქუეყანისათა”.

ესმნეს რაჲ სიტყუაჲნი ესე ღმრთის-მსახურსა მეფესა, განკჳრდა ფრიად და დადუმნა ჟამ ერთ, და მერმე თქუა სამგზის: ”დიდებაჲ ღმერთსა, დიდებაჲ ღმერთსა, დიდებაჲ ღმერთსა! რამეთუ სულნი წმიდათანი ჴელთა შინა ღმრთისათა არიან, ვითარცა ამის ნეტარისა ბერისაჲ. ნეტარ ხარ შენ, ჵ წმიდაო ბერო, რომელი ეგე წარხუედ წინაშე ღმრთისა, არამედ ვესავ ლოცვათა შენთა წმიდათა, რამეთუ ყოველი ნებაჲ შენი კეთილად აღვასრულო!” და მეყსეულად ბრძანა მოღებად პიტაკი, რომელი იგი მას წმიდასა ჴელითა თჳსითა მიეცა, ხოლო წერილ იყო ესრეთ, ვითარმედ: ”წმიდაო მეფეო, ეგე ობოლნი, ვითარცა შუენის ღმრთის-მსახურებასა შენსა, ეგრეთ შეიწყალენ და დაარჩინენ მლოცველად სულისა თქუენისა და შვილთა თქუენთა მზეგრძელობისა, და მონასტერსა მთაწმიდისასა, სალოცველსა თქუენსა, ოქრო-ბეჭედი შეუქმენ დასამტკიცებელი ყოველთა ოქრო-ბეჭედთაჲ, რათა ყოვლითურთ თავისუფალ და შეუვალ იყოს, და ობოლნი ესე იზრდებოდინ მას შინა, და ყოველნი მკჳდრნი მისნი გლოცვიდენ ვიდრე უკუნისამდე”. ესე რაჲ აღმოიკითხეს და გულისჴმა-ყო მეფემან ძალი საქმისაჲ, მსწრაფლ უბრძანა პროტონოტარსა თჳსსა შექმნად ორთა ოქრო-ბეჭედთა მტკიცეთა და შეუცვალებელთა, - ერთსა, ვითარცა წმიდაჲ ბერი ვედრებულ იყო, დასამტკიცებელსა ყოველთა ოქრო-ბეჭედთასა, რომელი-იგი წინააღუდგების და გარე-უკუ-აქცევს, უკუეთუ რაჲმე ვისმე ენებოს ამის წმიდისა ლავრისა ვნებად, სირცხჳლითა აღავსებს, და ერთი ოქრო-ბეჭედი ობოლთა ამათ შეუქმნა, რათა არავინ იკადროს მათ მონასტრით განყვანებად, გინა სხუად რადმე ვნებად, არამედ რათა იზრდებოდინ მონასტერსა შინა, ვითარცა შჳლნი და მკჳდრნი წმიდისა ეკლესიისანი. და ესე ორნივე ოქრო-ბეჭედნი მოსცნა ნეტარსა პეტრეს და კერონები დიდ დიდები და სანთლები ფრიად, და საკუმეველი სურნელი მრავლად, მუშკაროანი და ალვაჲ; ესე ყოველი მოიღო პატიოსანმან ბერმან პეტრე; რამეთუ ებრძანა მეფესა, ვითარმედ: ”ყოველივე ესე მკერდსა მისსა ზედა წმიდასა და[ს]დევ და შენდობაჲ მითხოვე, ვითარცა ცხოველისაგან, და არქუ ესრეთ, ვითარმედ: აჰა ესერა ბრძანებაჲ შენი აღმისრულებიეს უფროჲს თხოვისაცა შენისა, და აწ, გევედრები, ნუ დამივიწყებ წინაშე ღმრთისა”.

ხოლო მო-რაჲ-ვიდა პეტრე, და ბრძანებაჲ ესე მეფისაჲ აღასრულა, ხოლო თჳთ თუ რასა არა იქმოდა ანუ რასა არა იტყოდა გუამსა ზედა მის წმიდისასა! და, ვითარცა ცხოველსა ესრეთ ემდურვოდა და ფერჴთა მისთა ცრემლითა დაალტობდა, და უკუეთუმცა არა მეშინოდა, და ნუ უკუე ძლით მცირედ რაჲმე დაშრეტილი იგი საჴმილი გოდებისაჲ კუალად აღვაგზნა და შევაწუხნე ყოველნივემცა ამის ნეტარისა კაცისა სიტყუანი ლმობიერნი და ცრემლნი მჴურვალენი ცრემლით მიგითხრნე, არამედ ვირჩიე წუთ ერთ განსუენებაჲ თქუენი!

ხოლო ესრეთ რაჲ ვიყუენით და წმიდაჲ იგი გუამი წინაშე იდვა, მას ოდენ ჟამსა მოიწია დედაკაცი ვინმე, მოწაფე ამის წმიდისაჲ, დაჲ ფარსმანისი და ჩორჩანელისაჲ, რომელი ვერ ეწიფა ხილვასა მისსა, ვიდრეღა ცოცხალ იყო წმიდაჲ იგი. ესე მო-რაჲ-ვიდა, მრავლითა ცრემლითა და გოდებითა დაალტვნა წმინდანი ფერხნი მისნი და მდურვით ეტყოდა წმიდასა მას, ვითარცა ცხოველსა: ”ჵ წმიდაო, რაჲ ესე მიყავ მე უბადრუკსა ამას, რამეთუ მქონდეს მრავალნი გულის-სიტყუანი, რამეთუ მრავლით ჟამითგან არა მეხილვა წმიდაჲ პირი შენი!” და ესრეთ, ფრიად შეწუხებული და მგლოვარე, წარვიდა სახედ თჳსად, და დაწერნა ყოველნი გულის-სიტყუანი თჳსნი და დაბეჭდა მას ზედა. და ხვალისა დღე კუალად მოვიდა, მოიღო წიგნი იგი და დადვა მკერდსა ზედა მის წმიდისასა, და საკუმეველი სურნელი და სანთელი მრავალი, და ძმათათჳს ევლოგიაჲ ნუგეშინის-საცემელად, და კუალად მრავლითა ცრემლითა ამბორს-უყო ფერჴთა მისთა და ლმობიერითა სიტყჳთა და სულთთქუმითა სულისაჲთა, ვითარცა ცხოველსა, ემდურვოდა წმიდასა მას. და წიგნი იგი აღიღო და მომცა მე და მრქუა ესრეთ ვითარმედ: ”ცრემლით გევედრები, ძმაო პატიოსანო, რათა ფარაგსა შინა წმიდისასა შთასდვა ეგე, და მე მრწამს ღმრთისაჲ, ვითარმედ წმიდამან ამან, რაჲ იგი წიგნსა ამას სწერია, აღჴოცოს და მომიტეოს”. და ესრეთ, ცრემლითა შესუარულმან, ამბორს-უყო ჴელსა მისსა წმიდასა და იკურთხა მისგან, და სულთთქუმით და ცრემლით წარვიდა სახედ თჳსად. ხოლო მე მოვიღე მცნებისა მისთჳს და შთავსდევ ფარაგსა შინა მის წმიდისასა.

ხოლო შემდგომად ამის ყოვლისა შთაუსუენეთ გუადრუცსა შინა, შემზადებულსა ძელთაგან ულპოლველთა, წმიდაჲ იგი გუამი მისი, და ნებითა ღმრთისაჲთა წარმოვემართენით ზღჳთ მთაწმიდას. და ვითარცა მოვიწიენით ადგილსა მას, რომელსა ექსამილი ეწოდების, ჴმელით წარმოვედით სიშორისათჳს გზისა და შიშისათჳს სარკინოზთაჲსა. ხოლო ექსამილი ამისთჳს ეწოდების, რამეთუ იმერით ზღჳთ ვიდრე ამერად ზღუადმდე ექუსი მილიონი არს. ესრეთ, ვითარცა ვთქუთ, ჴმელით წარმოვედით, ვითარცა ვთქუთ, ექუსსა მას მილიონსა ურმებითა.

ხოლო ერთსა ურემსა ზედა, ყოველთა უფროჲსსა, დავდგით კიდობანი იგი მამისა ჩუენისაჲ წიგნნი მისნი ყოველნი და სხუაჲ, რაჲცა საკურთხეველისა სამსახურებელი იყო, და წარმოვემართენით. ხოლო ვიდოდეთ ესრეთ: რამეთუ ოთხ-კერძო გარემოდგომილ ვიყვენით, ვითარცა პირველ კიდობანსა შჯულისა უფლისასა, ხოლო წინა-კერძო მივიდოდეს წულილნი დიაკუანნი, ხოლო უკანა კერძო - მღდელნი და სხუანი მოხუცებულნი ბერნი. და ესრეთ, ფსალმუნითა და გალობითა და სულიერითა შესხმითა ვადიდებდით ღმერთსა და წმიდასა მას უგალობდით.

ხოლო არს წურილთა მათ ძმათა თანა ყრმაჲ ერთი, ყოველთა უმრწემეს იყო ჰასაკითა, სახელით პანტელეიმონ, კეთილად შეწყალებული ყოველთა-მოწყალისა ამის წმიდისა მამისაგან. ამას ყრმასა სლვასა მას შინა აღეცუა ეკალი ფერჴსა, რამეთუ უჴამური იყო და ვითარცა ქუე დადრკა, რათამცა გამოიღო ეკალი იგი, მეყსეულად გარდავლო ურემმან მან ზედა ზურგსა ჩჩჳლისა მის ყრმისასა. ხოლო ჩუენ, ვიხილეთ რაჲ ესე, ვიკრჩხიალეთ ჴმითა სიმწარისაჲთა გოდებით და აღუტევეთ ტირილი. და იქმნა ამბოხი დიდი, რამეთუ ყოველნი ვჰგონებდით, ვითარმედ არა თუ ოდენ მოკლა, არამედ, ვითარცა ჭიაჲ უნდოჲ, ესრეთ განწყჳდა. არამედ ეჰა ზეშთა ბუნებისა ჴელისა-პყრობაჲ და შეწევნაჲ ღმრთისა სახიერისაჲ და მადლი იგი კაცისა მის ღმრთისაჲ, რომელი შემდგომად მიცვალებისაცა სცავს და ჴელსა აღუპყრობს თჳსთა ობოლთა და სწყალობს! ესრეთ, ვითარცა ვთქუთ, ურემმან მან საზარელმან ზედა ზურგსა მისსა გარდავლო, ხოლო მყის აღდგაჲ ყრმა იგი. და ჩუენ განვიხილევდით ადგილსა მას ურმისასა, ხოლო იგი იტყოდა: ”მიტევეთ, რათა ეკალი ესე ამოვიღო!” ხოლო ჩუენ ვჰკითხევდით, ვითარმედ: ”და არცა თუ გტკივის ადგილი იგი?” ხოლო იგი იტყოდა ვითარმედ: ”არცა თუ მიცნობიეს, თუ ურემმან გარდავლო ჩემ ზედაო!” რამეთუ წუთ ჩჩჳლ იყო და ესრეთ იტყოდა!

ეჰა მადლი წმიდისა მის გუამისაჲ, ვითარ აღუსუბუქა საკჳრველად მძიმე იგი ურმის თუალი, რომელ აგრძნაცა ვერ ყრმამან მან მცირემან! ხოლო აწ განმწჳსებულ არს და თჳთ მოუთხრობს საკჳრველსა მას დიდებულსა და ადიდებს ღმერთსა, მოქმედსა სასწაულთასა, და მადლსა წმიდისა მამისასა ქადაგებს.

ესრეთ გარდავვლეთ ექსამილი. კუალად ზღუად შევედით და შეწევნითა ღმრთისაჲთა ნავითა მყუდროჲთა და ჰამოჲთა მთაწმინდას მოვიწიენით. ხოლო მთაწმიდელთა კუალად შეგჳწყნარნეს ჩუენ, ვითარცა შვილნი მათნი, ხოლო წმიდაჲ ესე ვითარცა მწყემსი თჳსი და წინამძღუარი, რამეთუ წუთ მრავალნი ცოცხალ იყვნეს პირველთა მათ ნეტართა ბერთაგან მოწაფენი ამის წმიდისანი ესრეთ წინამიეგებნეს და პატივი უპყრეს ყოველთა, ვითარცა პირველ წმიდასა მამასა ჩუენსა დიდსა ეფთჳმეს, მიერვე მომავალსა ქალაქით სამეუფოჲთ.

ესრეთ პატივით ტჳრთული მღდელთა მიერ ეკლესიად შეიყვანეს და წინაშე წმიდისა მამისა ეფთჳმის სამარტჳლოსა დადგეს კიდობანი იგი ამის ნეტარისაჲ, და ერთმან მან, ვითარცა მამამან და მოძღუარმან, ხოლო მეომარმან, ვითარცა შვილმან და მოწაფემან, პირველმან მან სამარტჳლოჲთ გამო, ხოლო მეორემან მან კიდობნით, ურთიერთაჲსს მოიკითხნეს და მშჳდობაჲ მისცეს ერსა, მღდელთა მიერ, და ესრეთ შეიმკო ეკლესიაჲ და განმხიარულდეს ერნი.

ხოლო სამკჳდროდ დაკრძალვისა ამის ნეტარისა მარტჳლთა ადგილი ვერ გამოვაჩინეთ, ვიდრე კითხვადმდე ზემოჴსენებულისა მის პეტრე ნეტარისა. და ესრეთ დაყო სამი დღე წინაშე წმიდისა მამისა ეფთჳმისსა და მიერ წარვიყვანეთ ეკლესიასა ყოველთა წმიდათასა და მუნ დავდგით გუადრუცი იგი წმიდისა მის. ყოველთა ღამეთა ლოცვანი და ღამისთევანი აღესრულებოდეს, და დღისი ჟამის-წირვანი მღდელთა მიერ; და ესრეთ იყო ვიდრე წელიწადმდე ყოველთა წმიდათა ეკლესიასა, ვიდრემდის ბრძანებაჲ მოვიღეთ მისვე პეტრეს მიერ, და კაცისა ღმრთისა, პატიოსნისა ბერისა, წინამძღურისა და მამასახლისისა ჩუენისა გიორგი ოლთისარისაჲ, რამეთუ მეფემან იგივე დაამტკიცა შემდგომად მიცვალებისა წმიდისა ამის და მასვე შუენოდა სიწრფოებისათჳს და უმანკოებისა დაპყრობაჲ დიდისა ამის ლავრისაჲ და ესრეთ, ბრძანებითა ზემოჴსენებულთა ამათ მამათაჲთა და წამებითა ყოველთა ძმათაჲთა, განვაღეთ ლუსკუმაჲ ნეტარისა მამისა გიორგი მაშენებლისაჲ, ეკლესიისა შტოსა შინა, მარცხენით კერძო, დამართებით ლარნაკსა წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა.

ხოლო აღვაღეთ რაჲ კიდობანი მამისა გიორგისი, არამედ ეჰა საკჳრველი! არცა თუ თმაჲ ერთი ნეტარისა მის თავისაჲ და პატიოსანთა მათ მჴცეთაჲ არა შეცვალებულ იყო, რომელი-იგი აჩუენებდა სულისა მისისა ბრწყინვალებასა. ხოლო მომეჴსენა მე უღირსსა ამას ქარტაჲ იგი დედაკაცისაჲ ამის, რომელი-იგი შთამედვა ფარაგსა შინა წმიდისსა, და ვარქუ ვისმე ერთსა მღდელთაგანსა აღმოღებად და განხილვად. ხოლო მან აღმო-რაჲ-იღო, იხილა, რამეთუ ბეჭედი ეგრეთვე იყო, ხოლო გულმან უთქუა, რათა მცირედ შთაიხედნეს კიდესა წიგნისასა, და უკუმო-რაჲ-ჰკეცა კერძოჲ წიგნისაჲ, ეჰა საკჳრველი და ამის ჟამისა კაცთაგან ყოვლად ურწმუნოჲ: იხილა რაჲ, რამეთუ აღჴოცილ იყო, არამედ სხუათა ურწმუნოებისაგან არა იკადრა სიტყუად და ჩუენებად ვისამე, არამედ კუალად ფარაგსავე შინა წმიდისასა შთადვა, და ესრეთ ცხოველი კიდობნით აღმოვიყვანეთ და ლუსკუმასა შინა მარმარილოჲსასა, გიორგის თანა მაშენებელისა, დავჰკრძალეთ ჭეშმარიტად ვითარცა მეორე მაშენებელი და შემამკობელი ეკლესიათაჲ, თთუესა მაისსა კდ-სა, დღესასწაულსა წმიდისა სჳმეონ საკჳრველთ-მოქმედისასა. და აქაცა არს საჴსენებელი წმიდათა ნაწილთა მისთა მიცვალებისაჲ, ხოლო სრული საჴსენებელი მისი თთუესა ივნისსა ლ-[სა] განეწესა - დღესასწაულსა წმიდათა ათორმეტთა მოციქულთასა, რამეთუ კთ-სა წმიდათა მოციქულთა პეტრეს და პავლეს დღესასწაულისგან არა ეგებოდა, დაღაცათუ მას დღესა მიიცვალა. რამეთუ ნეტარმან პეტრე და ძმამან მისმან იოანე ჭყონდიდელმან ესრეთ განაწესეს, და მათ თანა სხუათაცა მამათა, ვითარცა სახედ იოანე ოქროპირისაჲ პირველად მათ მამათა: რამეთუ სეკდენბერსა იდ-სა მიიცვალა ჯუარისა ამაღლებასა, და ვინაჲთგან მაშინ არა ჯერ იყო, ნოენბერსა იგ-სა დააწესეს; ეგრეთვე ამის წმიდისათჳს ყვეს ზემოჴსენებულთა ამათ მამათა. და ხატიცა დაწერად სცეს ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, და ამიერ და იმიერ ორნივე მამანი - წმიდაჲ მამაჲ ეფთჳმი მარჯუენით და მამაჲ გიორგი ერთ-კერძო, მვედრებელად და მეოხად ჩუენთჳს მდგომარენი წინაშე წმიდისა ღმრთისმშობელისა. და ესე წმიდაჲ ხატი წარმოგზავნეს მთაწმიდას და დაუსვენეთ სამარხოსა ზედა წმიდისა მამისა ჩუენისა გიორგისსა. ხოლო წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმის ხატი არა სიბერისა არს, არამედ ოდეს წიგნთა თარგმნიდა და იყო ნ-სა წლისაჲ. და რამეთუ ესრეთ ჯერ იყო: რომელმან იგი ადიდნის მადიდებელნი თჳსნი, წმიდამან ღმთისმშობელმან, განათლებად ნათესავისა ჩუენისა, ერთსა მას სიმრთელე მიანიჭა და ენაჲ კეთილად მეტყუელი ქართულად, ხოლო მეორესა სიბრძნე და მეცნიერებაჲ, რამეთუ მათ ორთავე ადიდეს ძალისაებრ ყოვლად დიდებული იგი მიზეზი კეთილთა ჩუენთაჲ, ერთმან შეამკვნა და განაშუენნა დღესასწაულნი მისნი საგალობელისა მისისა თარგმანებითა, რამეთუ მის მიერ თარგმნილსა პარაკლიტონსა შინა ასორმოცდა ათი გალობაჲ თარგმნა მისი ოდენ ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ. და ესრეთ, მადიდებელი მათი, მსგავსად ძალისა ადიდეს და აწ ზეცას წინაშე მისსა მდგომარე არიან, ხოლო ქუეყანასა ზედა წმიდასა ხატსა მისსა წინაშე მდგომარენი ევედრებიან ჩუენთჳს, რათა მეოხებითა მათითა ჩუენცა ვევედრნეთ წმიდასა ღმრთისმშობელსა წარვლად ნეშტსა ამას დღეთა ჩუენთასა მშჳდობით სწავლისაებრ წმიდათა მამათა ჩუენთაჲსა და ჴსნად საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან. ესრეთ სრულ იქმნა დადებაჲ მისი ლარნაკსა შინა ღმრთივ-ბრწყინვალედ და ყოვლად შუენიერად.

გარნა რომელი იგი თჳსსა ადგილსა დაგჳშთა, სასწაული იგი ეშმაკთა განსხმისაჲ, დაღაცათუ ერთი გჳჴსენებია მწუხარისა მისთჳს, რომელი-იგი შჳდგზის დააკუეთა ეშმაკმან ჟამსავე ამის წმიდისა სიჭაბუკისასა, ადგილსა მას შინა უდაბნოსა და ღამესა უკუნსა, არცა ამის ჴსენებაჲ უჯერო არს, რომლისა ესე აღწერაჲ გუეგულების.

რამეთუ იყო ძმაჲ ერთი, სათნოჲ ღმრთისაჲ, სახელით სტეფანე, წესითა მთავარ-დიაკონი, კაცი პატიოსანი და მოშიში ღმრთისაჲ. ესე დიაკონი სტეფანე, ღირსებისა მისისათჳს, ჟამსა ოდენ სიყრმისასა, ხუცად აკურთხა ნეტარმან ამან, რამეთუ ბრძანა: ”დაღაცათუ ჰასაკითა ყრმაჲ არს სტეფანე, არამედ განგებითა მჴცოვან არს”. და ესრეთ ყოველითურთ პატივსა მღდელობისასა აღიყვანა. ხოლო არა უწყი, თუ ვითარ იქმნა, ვჰგონებ თუ შურითა ეშმაკისაჲთა იქმნა, გინა თუ სიყრმითგან ყოფილ იყო, არა უწყი, რამეთუ დღესა ერთსა წესისაებრ წმიდასა ჟამის-წირვასა აღვასრულებდით. და ვითარ შევიმოსენით, არა იყო ბერი ჩუენ თანა, რამეთუ ძმათა ვიეთმე განიკითხვიდა. ხოლო ვიწყეთ რაჲ ფსალმუნთა თქუმად, არამედ, ეჰა, კადნიერებაჲ ეშმაკისაჲ, არა ჰრიდა პატივსა მას მღდელობისასა, არცა წმიდას მას ტრაპეზსა. და ესრეთ მეყსეულად დააკუეთა ქუეყანად, და პეროოდა და იღრჭენდა; ხოლო ძმანი სრბით წარვიდეს და უთხრეს წმიდასა მას. ხოლო იგი მსწრაფლ მოვიდა და იხილა იგი ესრეთ მდებარე, არა შეშფოთნა, არცა შეძრწუნდა კადნიერებასა მას ზედა ეშმაკისასა. არცა რაჲ ლოცვანი იჴმარნა საჩუენებლად კაცთა, არამედ მცირედ დუმილით ლოცვაჲ შეწირა ღმრთისა. დაუპყრა ჴელი და ჰრქუა ნელიად, ვითარმედ: ”სტეფანე”. ხოლო მან, ვითარცა ძილისაგან ღრმისაგან ღჳძებულმან, მიუგო: ”მაკურთხე მამაო”. ჰრქუა მას ბერმან: ”რაჲ შეგემთხჳა შვილო?” ჰრქუა მას ძმამან მან: ”არაჲ უწყი”. ხოლო აწ რაჲ ჴმაჲ შენი მესმა, ”კეთილად ვარ”. ჰრქუა მას ბერმან: ”ნუ გეშინინ, ჯუარი გამოისახე პირსა”, და მან-ყო ეგრეთ. ხოლო ჩუენ გჳბრძანა: ”იწყეთ გალობად და აღასრულეთ წმიდაჲ ჟამის-წირვაჲ”. და ეგრეთვე სტეფანესცა უბრძანა ჩუენ-თანა ჟამის-წირვად. ხოლო მე, მცირედ მორწმუნე ესე და ჩუკენი, კეთილად შევშინდი გულსა შინა ჩემსა. ხოლო მან მომაახლა წმიდაჲ იგი პირი მისი ყურსა ჩემსა და მრქუა: ”ნუ გეშინინ, მცირედ მორწმუნეო, იგივე ღმერთი არს, რომელმან ლეგეონი ეშმაკთაჲ ღორებითთურთ ზღუასა დაანთქა”. და ესრეთ უვნებელად აღვასრულეთ წმიდაჲ ჟამის-წირვაჲ და ვჰმადლობდით ღმერთსა და წმიდასა მას ბერსა. მაშინ ნეტარმან მან მოგჳგო და გურქუა ყოველთა: ”უკუეთუ ჩუენ ცოდვილთაჲ არა ისმინოს ღმერთმან და კუალად შეემთხჳოს ესე, მიერითგან მღდელობაჲ დააცადოს. ხოლო მოწყალებითა ღმრთისაჲთა არს აწ შვდი წელი არცა თუ მძინარე განკრთომილ არს ძალითა ქრისტესითა და მადლითა წმიდისა მამისა ჩუენისაჲთა. და აჰა ესერა თჳთ სტეფანე ქადაგებს და მიუთხრობს მის ზედა აღსრულებულთა საკჳრველებათა და ადიდებს ღმერთსა და მადლსა წმიდისა ბერისასა.

ესე უწყოდა ბოროტმან ეშმაკმან დაუგებელი იგი მტერობაჲ წმიდისაჲ მის მისსა მიმართ ჟამსავე სიყრმისა მისისასა, რაჲ-იგი ყოფად იყო. ამისთჳსცა დასაბამსავე სიყრმისასა იწყო ბრძოლად მისსა მიმართ, ვითარცა ზემო აღგჳწერია: რაჟამს იგი წყლითა წარწყმედაჲ მისი ენება და ღმერთმან ანგელოზისა მიერ იჴსნა, და კუალად ცეცხლითა ზემოჴსენებულსა მას მონასტერსა სამცხეს. და კუალად პალატთაგან ჯოჯიკის ძისათა, ფრიად მაღალთა, გარდამოაგდო და ღმერთმან უვნებელად დაიცვა. და კუალად მამის ძმასა მისსა თანა ღამით გზასა მივიდოდა ცხენითა, და წარაცთუნა ეშმაკმან და, ძილითა ღრმითა შეპყრობილი, კლდესა ზედა ფრიად მაღალსა აღადგინა, რაჲთამცა შთაჭრა. ხოლო ღმერთმან ჴელი აღუპყრა, რამეთუ იტყოდა წმიდაჲ იგი, ვითარმედ: ”ჴმაჲ მესმა, რომელმან მრქუა მე: ,,ეკრძალე, შთაიჭრებიო” და მიპყრა ჴელი, ვიდრემდე განვიღვიძე, და მერმე მიმეფარა”. ესრეთ სიჩჩოჲთგან დაიცვა ღმერთმან თჳსი ნების-მყოფელი და ეშმაკთა ზედა მძლედ გამოაჩინა, ვიდრე არა სრულად დააკუეთა მის მიერ მომპოვნებელი იგი ბოროტთაჲ.

ესე ვითარ არს, ჵ სანატრელნო, ჩუენი ესე მამაჲ და მოძღუარი, ესე ვითარნი არიან შრომანი და ღუაწლნი მისნი, ესე ვითარნი არიან ეკლესიათათჳს მოღუაწებანი მისნი, ესე ვითარნი არიან ნამუშაკევნი და ნიჭნი ოფლითა მისთანი, ესე ვითარნი არიან გლახაკთა წყალობისა და ობოლთა შეწყნარებისა ნაყოფნი, ვითარნი მას შუენიან.

და ვითარ ესე გესმა და გულისჴმა-ჰყავთ, ძალმან საქმისამან და სიტყუათა შეტყუებამან მოღუაწე ესე დიდი გიჩუენა, ვითარცა ძეგლი აღმართებული, ვითარცა ხატი დაწერილი სახილველად თანაწარმავალთა ამის ცხორებისათა, ახალი აბრაჰამ, მშჳდი იგი, მსგავსად დავითისა, ბრძენი - მსგავსად სოლომონისა, ძჳრ-უჴსენებელი - მსგავსად მოსესსა, უბრალოჲ - მსგავსად სამოელისა, წმიდაჲ - მსგავსად იოსებისსა, უხილავთა მხილველი - მსგავსად დანიელისა და მოშურნე სარწმუნოებისაჲ - მსგავსად დიდისა ელიაჲსა, უდაბნოჲს მოყვარე - მსგავსად დიდისა წინამორბედისა, ქალწული ჴორცითა - მსგავსად მოწაფისა მის საყუარელისა, და შეუორგულებელითა სიყუარულითა - მსგავსად მობაძავი პავლე მოციქულისაჲ, რომლისა სათნოებასა მიუთხრობენ მრავალნი ნათესავნი, რომლისა ცხორებასა და მოღვაწებასა განსთქუმენ ერნი და ეკლესიანი.

რამეთუ ვინ სადა ესრეთ ანუ სათნოებაჲ შეიყუარა ანუ სიბოროტე მოიძულა? ვის ესრეთ სუროდა ღმრთისა და შეყუარებულ იქმნა მის მიერ? ვის შეშურდა შური უფლისაჲ ესრეთ და არა რაჲ აღირჩია სიყვარულსა მისსა ვიდრე სიკუდილამდე! ვინ ესრეთ შეუდგა კუალსა წმიდათა მამათა ცხორებისასა და თანა მსრბოლ ექმნა მათ გაუძღომელად! ვინ სადა შეიყუარნა ესრეთ გლახაკნი და უცხონი, მსგავსად იოანე მოწყალისა!

ვინ მოაკუდინნა ესრეთ ასონი ქუეყანისანი სიტყჳსაებრ მოციქულისა, და განწმიდა თავი თჳსი და ტაძარ ღმრთისა ცხოველისა ყო იგი, რომელი სიჩჩოჲთ თჳსითგან აღიზარდა და აღორძინდა წურთასა შინა საღმრთოთა წერილთასა, და მოირწყო მადლთა დაუწყუედელთა ნაკადულითა და ჰასაკად სავსებისა ქრისტესისა მიიწია, სიტყჳსაებრ მოციქულისა საქმე და ხედვაჲ და სიყუარული, რომელთა ყოველი მწყობრი სათნოებათა შეუთქს თჳთოეულად წარჰმართნა, წურთაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ, განწმედაჲ სულისა და ჴორცთაჲ, ცრემლნი დაუწყუედელნი, უდაბნოთა შინა მოქალაქობაჲ, განშორებაჲ და უცხო-ყოფაჲ სოფლისაგან, მოძღურებაჲ დაუდუმებელი და ლოცვაჲ დაუსრულებელი, მარხვაჲ და მღჳძარებაჲ უსაზღვროჲ, ჴმელსა ზედა წოლაჲ და ჴმელისა ჭამაჲ, ღვაწლ-მრავალი ცხორებაჲ უაღრეს ძალსა სიტყუათასა, სიმდაბლე და სიმშჳდე ზეშთა აღმატებულნი, მოწყალებაჲ და სახიერებაჲ, მსგავსებითა ღმრთისა მოწყალებათაჲ, რათა მოკლედ ვთქუა, ყოვლითავე, რომლითა ხატად ღმრთისა გამოისახვის კაცი. ესე ვითარი იყო წმიდაჲ მამაჲ ჩუენი გიორგი, და სადა არს ჩემდა ჟამი უმრავლესისა თქუმად რომელი ყოველთადა ცხად არს, დაღაცათუ ჩუენ არა ვთქუათ და თანაწარვჰჴდეთ განგრძობისათჳს წიგნისა.

XXIII. ესე არიან ჩემ მიერ გლახაკისა და უღირსისა თქუმულნი სიტყუანი, რომელმან ყოველივე ჭეშმარიტი მიგითხარ, და აღვწერე სიტყჳსა თქუენისათჳს, რომელთა მაიძულეთ და მიბრძანეთ სახედ პირუტყუთა უგუნურსა ამას და ფრიად სულელსა, რომელი მრავლითა შიშითა და ძრწოლითა კადნიერ ვიქმენ ჴელყოფად საქმესა ამას დიდსა და სულიერსა უწყებასა მითხრობად და წინადადებად ცხორებასა და მოღუაწებასა ნეტარისა მამისა ჩუენისა გიორგისსა, რომელმან ესე ფრიადისაგან მცირედი ძლით შეუძლე აღწერად და წარმოვეც თქუენდა, ჵ მამაო წმიდაო, მთასა მაგას საკჳრველსა, რომელი-ეგე ცხორებითა საკჳრველითა იყოფები, ვითარცა სირი მხოლოჲ სართულსა შინა მცირესა და ქუაბსა შინა იწროსა და ფიცხელსა, მსგავსად ტრედისა უმანკოჲსა და გურიტისა უბიწოჲსა.

არამედ, ვითარცა პირველ ვთქუ, სიკუდილსა მას ურჩებისასა ვეშიშვოდე, ამისთჳს მორჩილებად მოვედ ბრძანებისა შენისა წმიდისა, თუ არა აღმწერელი ცხორებისა და მოქალაქობისა მისისა მისივე პირი ჯერ იყო და არა მე გლახაკი ესე სიტყჳთაცა და გონებითა. გარნა ესე იყო ყოველსავე შინა სალხინებელი ჩემი, რათა თუალით მხილველ და ჴელით მსახურ ყოფილ ვიყავ და ყურითა მომსმენელ სიტყუათა წმიდისა პირისა მისისათა და არა სხუათა მოქენე შეკრებისათჳს სულიერისა ამის თხრობისა.

ხოლო აწ მელნითა ოდენ ცხოველითა სიტყუანი გამომისახვან, ვითარცა ზემო ვთქუ პირველვე. ხოლო შენდა დამიტევებიეს, ჵ მოძღუართა წინამძღუარო, რათა შენ კეთილად შეამკო და განაცხადო ჩემ მიერ გამოსახული ესე და ნაკლულევანებაჲ ყოველივე, ვითარცა აღმასრულებელმან სულიერთა ფიცართამან, სრულ-ჰყო, და შენმანცა სიბრძნემან და კაცად კაცადმან, რომელიცა მიემთხჳოს, შესძინენ ნაკლულევანებასა ამას ზედა, და განასრულენ, რამეთუ არცა ორთა მათ მწულილთა ქურივისათა დააყენეს მდიდართა იგი მისაცემელი, არცა რომელთა-იგი ტყავნი და შეშაჲ და ბალანი მოართვეს მოსეს განსრულებად კარვისა დააბრკოლეს ოქროჲ და ვერცხლი და თუალთა პატიოსანთა შეწირვაჲ, რამეთუ ოქროჲ, სიღრმეთაგან ქუეყანისათა აღმოღებული, ბრწყინვალე ბრძმედისა მიერ გამოცდილი და განწმედილი, კეთილად შუენიერ იქმნების, და კოხლიოჲსა სისხლი ღებავს პორფირსა, და მარგალიტსა იქმს ზამბიკი ზღჳსაჲ, და სამარაგდე ქუეყანით მწუანილად აღმოეცენების და მერმე ესრეთ იქმნების ქვაჲ, და აბრეშუმსა გამოიღებს მატლი უნდოჲ და პინაჲ ზღჳსაჲ უცხოსა სახესა მკერდსა გამოიღებს, ესე მრავალ სასყიდლისა საფასენი უნდოთაგან ნივთთა გამოვლენ! ხოლო ჩემ შორის არა რაჲ პატიოსანთაგანი იპოვა, რათამცა სულიერი ესე კარავი შემემკო, გარნა ხოლო ბალანი თიკანთ მსგავსისა ამის გონებისა ჩემისაგან მოპარსული! არამედ ძოწეულმან და პორფირმან თქუენმან განაშუენენ იაკინთისა თანა და ბისონისა, ოქრო. შეთხზულმან, და ზემო აღწერილისა მიერ ნივთთაგან პატივცემულმან და განბრწყინვებულმან გულისჴმის-ყოფისა გამოცხადებისა და ჭეშმარიტებისა მიერ განშუენებულმან, ვითარცა იტყჳს მოსე, რომელმან-იგი ეგე ვითარი შეჰმზადა მღდელთ-მოძღურისა შესამოსელსა ზედა, ბრძანებისაებრ ღმრთისა, რომელსა შუენის დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მხოლოდ შობილით ძითურთ და ყოვლად წმიდით სულით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.