ყოველსა მუხლსა ჲ შეტყუებაჲ არს, ე ჯერ იბ.

თქმულნი: ორმეოცისა, ათისა, ექუსასისა, ერთისა, ხუთისა და ოცდაათისანი


1.უბიწოჲთა მით ვნებითა, ქრისტე, ღმერთო,

განჰკურნენ მჴსნელო, ვნებანი სოფლისანი,

რაჟამს ჴორცითა აღჰმაღლდი ჯუარსა ზედა,

დაეც სიმაღლჱ, მტერისა მაცთურისაჲ

და აღადგინე ბუნებაჲ კაცობრივი!

2. უსხეულოჲთა, საღმრთოჲთა ბუნებითა

ეგე უხრწნელად, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო,

რაჟამს დაიდევ საფლავსა შეუცავო,

მოჰკალ სიკუდილი, სიკუდილითა უკუდავო,

და აღადგინენ მკუდარნი საფლავისაგან!

3. ურჩებისათჳს ადამისისა მოჰკუედ,

მეორე ადამ, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო!

რაჟამს იხილე ძლეული დაცემულად,

აღადგინე დღეს აღდგომითა შენითა,

და კუალად აგე პირველსა დიდებასა!

4. გამოისახა ცხოველს-მყოფელის ვნებაჲ

შენი ჴორცითა, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო,

რაჟამს დაიკლა კრავი იგი ეგჳპტეს

საჴსრად პირმშოთა, ხოლო შენ შეიწირე

ნეფსით მამისა ცხოვრებად მომწყდართათჳს.

5. გამოუთქმელი სიმდიდრჱ-ღმრთეებისაჲ

არ[ი]მათიელმან იოსეფ დაიუნჯა,

რაჟამს საუფლოჲ გუამი დადვა საფლავსა,

ვითარცა მკუდარი მოკუდავთა უკუდავებაჲ,

და დაიმკჳდრა სრულიად ნეტარებაჲ.

6.გამობრწყინდა დღეს თჳთ მნათობი ნათელი,

შეუხებელი, ქრისტე, მზჱ სიმართლისაჲ,

რომელი-იგი დაეფარა სიჩრდოსა

საფლავისასა ბუნებითა ჴორცთაჲთა,

და ჴელმწიფებით აღდგა, ვითარცა ღმერთ არს.

7. მხოლოდშობილო, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო.

რაჟამს ჴორცითა აღჰმაღლდი ჯუარსა ზედა,

უბიწოჲთა მით სისხლითა მოიყიდე

და დაიწინდე ეკლესიაჲ წარმართთაჲ,

ვითარცა სძალი, უკუდავმან მეუფემან.

8.მხოლოდშობილო, ქრისტე,ღმრთისა სიტყუაო,

რაჟამს დაიდევ ნეფსით თჳსით საფლავსა,

საფლავით მკუდარნი აღადგინენ ჴელმწიფედ,

რამეთუ მიხუედ სულთა საპყრობილესა

და შეწყუდომილნი მას შინა გამოიჴსნენ.

9. მხოლოდშობილო, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო.

რაჟამს უკუდავი ღმერთი ა[ღ]სდეგ საფლავით

დაჰჴსენ სიკუდილი, განაქარვე ხრწნილებაჲ,

და მორწმუნეთა მოგუმადლე უხრწნელებაჲ,

და უკუდავებაჲ მოკუდავთა მოგუანიჭე!

10. აცურე ქრისტე, ცუარი ცხოველ-მყოფელი,

უნაყოფოსა სულსა ჩემსა, სახიერ,

და დაშრიტე აწ შემწუველობაჲ ცოდვისაჲ

ნაკადულითა სისხლისა და წყლისაჲთა,

რომელი გუერდით შენით გარდამოეცა!

11. არაჲ დავჰფარავ ქველის მოქმედებასა

მადლთა შენთასა, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო,

რამეთუ ჩემთჳს დაჰგლახაკენ მდიდარნი,

და სიგლახაკჱ ჩემი ადიდე, მჴსნელო,

და უკუდავ მყავ მე, სიკუდილითა უკუდავო!

12. აჰა ბეჭედნი საფლავისანი ჰგიან

აღუტეხელად, აჰა სამისა დღისა

მკუდარი განხრწნადი აღდგომილ არს უხრწნელად,

სირცხჳლეულ არს კრებული უშჯულოთაჲ,

უკუდავი ღმერთი ცხოველი აღდგა მკუდრეთით!

13. მიჰხედენ ღირსო, ძესა შენსა ჯუარს-ცუმულსა.

უვნებელსა მას ჴორციელად დაშჯილსა,

ღმრთისა დედაო, და ესევდი აწ ძალსა

მისსა ძლიერსა, რამეთუ მან თავადმან

მოკლას სიკუდილი და მკუდარნი აღადგინნეს.

14. მიჰხედენ მჴსნელო, ჯუარს-ცუმულმან, ჴორციელად

მშობელსა შენსა, უბიწოსა ქალწულსა,

შეურვებულსა ეტყოდე შენ, სულგრძელო,

”ნუ მწუხარე ხარ, ღირსო, ვნებასა ჩემსა,

რამეთუ აღვდგე მკუდრეთით, ვითარცა ღმერთ ვარ”.

15. მიიწრაფე აწ საფლავად ღმრთის-მშობელო,

და იხილე ძჱ, შენი და ღმერთი ჩუენი,

რომელმან ივნო და მოკუდა ჴორციელად,

აღდგომილ არს დღეს ღმრთეებისა ძალითა

და აღვალს ზეცად, უხრწნელსა სუფევასა.

16. მოგუმადლე, მჴსნელო მოტევებაჲ ცოდვათაჲ,

და შეიწირე უღირსთაგან ბაგეთა

უძლური შესხმაჲ ღმრთეებისა შენისაჲ,

მოჰმადლე ძლევაჲ მეფესა მორწმუნესა,

და წარგჳმართე, გზასა მშჳდობისასა!