დამბადებელი დაბადებულთაჲ, ღმერთი, გარეშეუწერელი და მიუწდომელი, უხილავი, გამოუთქუმელი, რომელმან სიბრძნით დაჰბადა და შექმნა წყალთაგან ქუეყანაჲ ესე ძალითურთ და სამყაროჲთ, და გამოაბრწყინვა მას შინა ნათელი ესე მცხინვარებისა მზისაჲ და კაცთა მოჰმადლა ცხოვრებაჲ ესე, ინება კუალად ცხოვრებაჲ ჩუენი წყალთაგან და ქუხს ჴმითა ზეგარდამო განახლებად სულთა ჩუენთათჳს.

ნათელი ნათლისაგან შობილი, სიტყუაჲ მამისაგან გამოსრული, სრული ღმრთეებითა, თანაარსი და თანამოსაყდრე, სწორი მამისაჲ ბუნებით, გამოჩნდა ჴორცითა, წყალთაგან ნათელ იღო აწ, რაჲთა განწმიდნეს და ყვნეს იგინი განმწმედელად სულთა კაცთასა და განმანათლებელ, განმათავისუფლებელ ცოდვათაგან, და მოსცეს მადლი დათრგუნვად მანქანებათა ბოროტთა მტერისათა და შემმოსოს ძალი ღმრთეებისაჲ უძლეველი.

სული ღმერთ არს, ვითარცა იტყჳს წერილი, თჳთ ჴელმწიფე და შემოქმედ, ვითარცა იგი, დაჰბადებდა რაჲ დაბადებულთა, იქცეოდა ზედა წყალთა, დღეს იორდანესა სახითა ტრედისაჲთა გარდამოჴდა, რაჲთა უჩუენოს, რომლისათჳს მამაჲ ზეგარდამო წამებს ჴმითა, რამეთუ ესე არს, რომელმან მოსცეს პირველი იგი წარწყმედული კაცთა ცხოვრებაჲ წყალთა მიერ აღსაარებითა სამებისა წმიდისაჲთა.

განჰკაფე გუამი შენი, წმიდაო, მარხვითა და განსწმიდე სული შენი. მაშინ მადლითა ღმრთისა-მიერითა აღივსე და მიჰრბიოდე წამებად, ვითარცა ზუარაკი შესაწირავად ღმრთისა, მრგულიად დასაწუველად, და აღიარე კადნიერად მძლავრთა წინაშე, და სახელს იდევ ქრისტეანედ და სთქუ: ”არაჲ მეშინის ტანჯვათაგან თქუენთა, უღმრთონო, და თავყუანის-ვსცემ ღმერთსა ჩემსა, სამებით ცნობილსა და ერთარსებით დიდებულსა”.

რაჟამს გეუწყა განსრულებაჲ ღუაწლთაჲ მათ შენთაჲ, წმიდაო, და განსლვაჲ საკრველთა მათგან ჴორცთაჲსა და მისლვაჲ უფლისა, მაშინ უფროჲს განსძლიერდი და იწყე გალობად, ვითარცა რაჲ იგი გალობნ მკუდარსა ზედა, და ავაზაკისა თანა ჰჴმობდი: მომიჴსენე, უფალო, მოსლვასა მეორედ დიდებით, და შესწირევდი თავსა თჳსსა მსხუერპლად, ვითარცა მღდელი ჯერისაებრ, და ღირს იქმენ სუფევასა დაუსრულებელსა!

დიდ არს მადლი ნიჭთა შენთაჲ მეუფეო, რომელნი ჰყვენ წმიდათათჳს, რომელნი-ესე სათნო გეყვნეს შენ ღირსებითა. რამეთუ გამოაცხადე დღეს მოწამჱ შენი აბო ზეცით ცეცხლისა მოვლინებითა და უჩუენე ყოველთა კაცთა დიდებაჲ, რომელთა შენთჳს იღუაწონ. აწ გევედრებით, მეოხებითა მათითა მოგუმადლე მშჳდობაჲ და წყალობაჲ შენმიერი, რაჲთა მარადის უგალობდეთ სახელსა შენსა!

გიხაროდენ გამორჩეულო მაღლისა მიერ, ღმრთისა მამისა და ძისა მხოლოდ-შობილისა მიერ წოდებულო, სულისა წმიდისა განბრწყინვებულო, ზეცას უჴორცოთა გუნდსა თანა შეერთებულო, მოწამეთა და მართალთა შორის ქებულო, ეკლესიათა შუენიერო სამკაულო, მარტჳლთა სიქადულო, მეფეთა სიხარულო, მორწმუნეთა შემწეო, ახოვანო მოღუაწეო აბო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ!

აღმსაარებელნი სამებისანი, მორწმუნენი ადამეანნი, აღმასრულებელნი საუფლოსა ამას დღესა ნათლითა შემოსილსა, საღმრთოჲთა შესხმითა უგალობდეთ ჴსენებასა აბო ახლისა მოწამისასა!

ბუნებითა უზეშთაეს შეიმოსე ბუნებაჲ ჩემი, ღმრთისა სიტყუაო,მხოლოდ-შობილო, და ნათელს-იღე ჴორცითა, უცოდველო, რომლისა მსგავსებითა ნათელს იღო მჴნემან აბო წყლითა და სისხლთა დათხევითა!

ოჳარისმყოფელთა ქრისტჱსთა, უშჯულოთა ისმაიტელთა, ნაშობთა შორის ბნელისათა ვარსკულავად მნათობად გამოჰბრწყინდი, მჴნეო მოწამეო აბო, და საღმრთოჲთა ნათლითა განანათლენ ქართლისა მყოფნი!

რომლისათჳს გუახარებდა ესაია ღმრთისმეტყუელი და სულითა წმიდითა პირველვე იტყოდა მოსლვისათჳს ღმრთისა ჴორცითა ცხოვრებად მორწმუნეთა, რომელმანცა იტჳრთნა უძლურებანი ძეთა კაცთანი, დღეს იორდანეს მოვიდა ნათლისღებად თჳთ მნათობი ნათელი, თუალთ-შეუდგამი, სოფლისა განმანათლებელი!

წინაჲსაწარვე მოგუასწავა დავით წინაჲსწარმეტყუელმან მოსლვაჲ მჴსნელისაჲ იორდანისა წყალთა, იტყოდა რაჲ განცხადებულად საღმრთოჲთა მით სიბრძნითა, მთანი იხარებდით წინაშე პირსა უფლისასა, რამეთუ მოვალს დღეს ნათლის ღებად სიმდაბლით იორდანეს, რომლისაგან შიშით ძრწიან უსხეულონი ზეცისანი.

ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მოწევნადის[ა] მისგან საუკუნოჲსა რისხვისა მის მომავალისა, რამეთუ არაჲ ჰყავთ თქუენ ნაყოფი სიმართლისაჲ! ეტყოდა წინამორბედი მომავალთა მისა: ”მაშინ მოვიდა მჴსნელი გალილეაჲთ იორდანეს ნათლისღებად , განმანათლებელი ყოველთაჲ!”

სურვილითა სულისაჲთა და ფრიად სიყუარულითა შენითა, დიდებულო მოწამეო ჰაბო, აღიძრვის დღეს გონებაჲ ჩუენი ქებად ღუაწლთა მათ შენთა ბრწყინვალითა ქებითა. პირველად წამებისა შენისა, ვითარ მჴნედ ჰშურებოდე, ძლიერად ეწყვე მტერსა, რაჟამს წარსდეგ მძლავრთა წინაშე, განდიდნა სახელი წამებისა შენისაჲ!

მოვედით დღეს, მორწმუნენო, იხილეთ მენელსაცხებლე, რომელმან შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად მისთჳს, რომელმან ივნო ჩუენთჳს, და სისხლთა დათხევითა სულნელ-ყო ეკლესიაჲ უფროჲს ყოველთა ნელსაცხებელთა და აწ ევედრების ყოველთა მეუფესა, ღმერთსა ჩუენსა, სულთა ჩუენთა ჴსნისათჳს ყოვლისაგან განსაცდელისა!

განზრახვითა კეთილითა შესცვალე შუებაჲ სოფლისაჲ და დიდებაჲ მისი შეჰრაცხე ნაგევად, რაჲთა ქრისტე შეიძინო, და სრულიად იღუაწე, და აწ არაჲ სარკითა, ვითარცა სახედ ჰხედავ მას, არამედ პირისპირ იხილავ საწადელსა. მეოხ გუეყავ, რომელნი აღვასრულებთ ჴსენებასა შენსა ნეტარო!

ადგილი იგი სამსხუერპლოჲ, რომელსა ზედა დაიწუა ყოვლად წმიდაჲ გუამი შენი, ნეტარო, დიდებაო მოწამეთაო, ემსგავსა საკურთხეველსა წმიდისა აჰრონისსა ზეცით ცეცხლისა დადგრომითა განგრძნობილად, ღირსო, ნათლითა ბრწყინვალითა, ჰხედვიდეს რაჲ, ურწმუნოთა დაუკჳრდა და მორწმუნენი იხარებდეს!


დასდებელნი ნათლისღებისა და წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსნივე

გიხაროდენ წინამორბედო და საღმრთოჲსა მოსლვისა მქადაგებელო! აჰა დღეს მოვიდა გალილეაჲთ იორდანედ ქრისტე, კრავი ღმრთისაჲ, ტარიგი წმიდაჲ, ჩუენთჳს განმზადებული მოსიკუდიდ ნეფსით ჯუარითა, რომელმანცა აღიხუნა სოფლისა ცოდვანი. განემზადე აწ, იორდანეო, განბანად უბიწოთა ჴორცთა მისთა, რომელსა არა უჴმდა საბანელი განწმედად, არამედ ჰნებავს განწმედაჲ წყალთაჲ, ამას თავყუანის-ვსცეთ, რომლისაგან პოვა სოფელმან დღეს დიდი წყალობაჲ.

გამოშჩნდი ვარსკულავად მნათობად, განმანათლებელად ქართლისა, ნეტარო, და ღუაწლი შენი უფროჲს ნათელსა მზისასა ბრწყინვალედ გამოჩნდა სახედ ელვისა, ბრძენო, საცნაურად სამყაროთა ზესკნელისათა, სახილველად ყოველთ[ა] კიდეთა ცისათა, რაჟამს ხატ ექმენ უფლისა ნათლისღებასა და განშიშულებული შთაჰჴედ ემბაზსა ღუაწლისასა და ორ-გზის ნათელს იღე წყლითა და სისხლითა, მჴნეო ჰაბო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ!

მკჳდრად აღთქუმისა გამოჰბრწყინდი და ძედ ზეცისა ჩინებისად იწოდე, ნაშობად აბრაჰამისა იქმენ, ნეტარო, ისაკ მეორე, ნეფსით მოგურილი დაკლვად, შესაწირავად უფლისა. სულად სულნელად გიცნა, ღირსო, ეკლესიამან, და ენითა შვილთა თჳსთაჲთა ჴმობს ღუაწლთა შენთა სიმჴნესა, რომელიცა შეიმკო სახედ ძოწეულისა და განშუენდა ბრწყინვალედ სისხლითა შენითა, მოწამეო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭე[ბად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ]!

დაღაცათუ დამბადებელმან, სიტყუამან ღმრთისამან, შეიმოსა კაცებაჲ და მით ნათელ-იღო ჩუენთჳს, ხოლო არათუ ბუნებით შეირწყუნეს ღმრთეებაჲ და კაცებაჲ, არამედ შეიყვნეს!

დაღაცათუ ვითარცა ტრედი იხილვა გუამითა დღეს სული უხილავი ნათლისღებასა ქრისტესსა, არამედ არა ბუნებით აქუნდა გუამოვნებისა იგი ხატი, გარნა მსგავსებით.

შემდგომად დიდისა მის დღისა, დღესასწაულისა განმანათლებელისა, ნათლისღებისა უფლისა, შევამკოთ ერნო მოღუაწისაცა, ახლისა მოწამისა ჴსენებაჲ [ჰ]აბოჲსი!

რაჟამს მიიწია ბაბილონდ მთავარი ქართლისაჲ? მაშინ ნეტარი ჰაბო, შჯულითა ისმაიტელი, შეიწყნარა განგებითა ღმრთისაჲთა და მის მიერ გულისხმა-ყო ძალი ქრისტჱსი.

განიზრახა გულისხმის-ყოფითა მედგრობაჲ შჯულისა თჳსისა მამულისაჲ ქრისტჱს მოყუარემან [ჰ]აბო და მყის დაუტევა სიცბილი პირველი და აღიარა ქრისტჱს ღმრთეებაჲ.

მოიწია ჟამი ჩუენი, წარმართთა ბნელთა განათლებისაჲ, წყუდიადსა შინა მყოფთაჲ, რამეთუ მოვიდა უხილავი ნათელი ჴორცშესხმული გალილეაჲთ იორდანესა და მიიღო დღეს ნათლისღებაჲ იორდანეს, ვითარცა კაცმან, ჴელითა წინამორბედისაჲთა.

ვითარცა იხილა იოვანე უფალი ნათლისღებად, ესრეთ ეტყოდა ერსა: ”ესერა მდგომარე არს თქუენ შორის კრავი ღმრთისა მაღლისაჲ, აღმხუმელი სოფლისა ცოდვათაჲ, ესე არს მუშაკი კეთილი, ნაყოფიერ-მყოფელი სულთაჲ და წმიდა-მყოფელი ყოველთაჲ”.

მო-რაჲ-იწია სანატრელი ჰაბო არეთა ქართლისათა, იწყო ვედრებად ღმრთის-მოყვანებისათჳს უმჯობესად, და მოჰხედა უფალმან, შეიწყნარა თხოვაჲ მისი, გულისხმა-უყო შიში და სიყუარული და ტრფიალ-ყო მცნებათა მისთა ცხოველს-მყოფელთა.

მიერულა გონებისა სიბრმითა აგარეანთა ერსა, რომელთაგან გამოჩნდა ვითარცა რაჲ ვარდი ეკალთაგან, დაუტევა შჯული უნდოჲ და შეიყუარა სარწმუნოვებაჲ, ქადაგებული მოციქულთაჲ, ღუაწლით შემოსილმან [ჰ]აბო და იწოდა მსახურ სამებისა.

ვითარცა ესმა სანატრელსა ჰაბოს წიგნთაგან სულიერთა ახოვნებაჲ წმიდათაჲ, რომელი აჩუენეს სიმჴნით ქრისტჱსთჳს, განიცადნეს ტანჯვითა, აღეგზნა საღმრთოჲთა შურითა და იწრაფდა მსგავს ყოფად მათა, რაჲთა დასთხინეს უბიწონი სისხლნი თჳსნი ქრისტჱსთჳს.

ღმრთად იცნა ქრისტე იორდანემან და შეძრწუნდა ძალისა მისგან შეუძრველისა. დასცხრა ოხრისაგან, დუმილით ისწავა კრძალულებით განბანად საუფლოთა მათ ჴორცთა შემოქმედისა, ყოველთა ღმრთისა.

მსახურნი სამებისანი, უხილავნი, თანადგეს მაცხოვრისა ნათლისღებასა გარემოჲს საღმრთოსა საბანელსა, წმიდაარსობითა აქებდეს მხოლოდ-შობილსა ძესა, ჴორცითა ჩუენთჳს ნათელღებულსა”.

ბნელთა მათ აერთა, ღრუბელთაგან უნაყოფოთა, ვითარცა ვარსკულავი გამობრწყინდა ქრისტჱს მოწამჱ და არეთა შინა ჩრდილოჲსათა მზეებრ გამობრწყინდა ნეტარი [ჰ]აბო და ჰნათობს ქართლისა მკჳდრთა.

ყუავილი სულნელი ძირითაგან უნაყოფოთა გამოჩნდა ფერითა მით მეწამულითა და სულმან წმიდამან აღიტაცა ზეცად გონებითა და მუნ უჩუენა შუებაჲ წმიდათაჲ ყუავილოვანსა სამოთხისასა.

მჴეცთა მათ მძჳნვარეთა სისხლის მჭამელთა, მარადის მტერთა სულისა წმიდისათა, რაჟამს გულისხმა-ყვეს სარწმუნოვებაჲ უქცეველი, რომელი აქუნდა ნეტარსა[ჰ]აბოს, განიზრახეს მათ წარწყმედაჲ მისი.

კბილთა მათ გულისათა გესლოვან-ყვეს პირველქმნული, ხატად ღმრთისა დაბადებული, ხოლო ქრისტემან, იორდანეს განბანითა, კუალად განასპეტაკა.

ვითარცა იხილა ნათლისმცემელმან დაუსაბამოჲ ნათელი ნათლისღებად მომავალი, ქრისტე ღმრთად იცნა და კრავად სახელ სდვა, რომელი დაკლვად იყო სოფლისათჳს.

ეძიებდეს შეპყრობად მოწამესა ქრისტჱსსა უშჯულონი, ხოლო იგი ნეფსით მიეცა ჴელთა მათთა, ვითარცა მჴსნელი მოსიკუდიდ ჴელთა ჰურიათასა.

რამეთუ ”ცხოვრებაჲ ჩემი ქრისტე არს და სიკუდილი შესაძინელ არს”, ესრეთ ჰჴმობდი, მოწამეო, წინაშე უშჯულოთა მძლავრთა და მისთჳს დასთხიენ სისხლნი შენნი.

ისწავებდა წიგნთაგან და მოძღუართა ღირსად სარწმუნოვებასა და წესისა შჯულსა ნეტარი ჰაბო და სიხარულით ადიდებდა მამასა ძით და სულით წმიდითურთ.

რომელმან განახუნა საქანელნი ცისანი და წყალნი იგი ზესკნელისანი დამოადინნა ქუეყანად, დღეს განიბანების ჴორცითა იორდანისა წყალთა.

რომელმან შექმნა ზღუაჲ ესე დიდი და ვრცელი, და ჴმელი ჴელთა მისთა დაჰბადეს, დღეს ნათელს იღებს დაუღამებელი ნათელი, თჳთ მნათობი არსებაჲ.

ეტყოდა რაჲ [ჰ]აბო ნათესავთა თჳსთა: “კეთილ არს დატევებაჲ ბნელისაჲ და მოწრაფებაჲ ნათელსა ღმრთის-მეცნიერებისასა მონებად სამებისა”.

ესმა რაჲ ერსა ისმაიტელთასა, აღეგზნნეს ცეცხლებრ გულისწყრომითა და მჴეცებრ იღრჭენდეს კბილთა, რაჲთა მისცენ მოსიკუდიდ [ჰ]აბო, ქრისტჱს მოწამჱ.

არად შეჰრაცხა განრისხებაჲ უშჯულოთაჲ, არცა ყოვლად ზარგანჴდილ იქმნა, რამეთუ უყუარდა ქრისტჱ და არაჲ დასცხრებოდა კითხვად წიგნთა მათ საღმრთოთა.

ზეცით ჰხადა უფსკრულსა იორდანესა ზედა, უფსკრულსა მას სიბრძნისასა, მამამან ძესა ჴორც-შესხმულსა, და ესე ესმა იოვანეს, ვითარმედ ეგე არს ბუნებით ძჱ ჩემი და თანასწორი არსებაჲ დაუსაბამოჲ.

დღეს დუმან მდინარენი და ოხრიან აერნი, ღრუბელნი სამყაროთანი აცურევენ ცუარსა საღმრთოსა, შეითქუნეს მეტყუელი და უტყჳ იოვანე და იორდანე, და შიშით განბანნეს ჴორცნი მჴსნელისანი, ყოვლად უცოდველნი.

მოიწია რაჲ [ჰ]აბოჲს ჟამი მოღუაწებისაჲ, მყის მოიწინეს მსახურნი უშჯულოჲსა მსაჯულისანი, შეიპყრეს მოწამჱ ქრისტჱსი და შეკრული საკრველითა სამშჯავროდ მისცეს უმშჯავროდ და ჰგუემდეს მსგავსად მჴსნელისა.

განიხარა ნეტარმან უმშჯავროდ გუემაჲ ქრისტჱსთჳს, იწყო დაუცადებელად საპყრობილესა მას შინა, სულთქუმითა ჴმობდა ქრისტჱს მიმართ: “აჰა ესერა სიხარულით დავსდებ შენთჳს სულსა ჩემსა, შეივედრე, მჴსნელო!”

აუწყა მას ქრისტემან ჟამი აღსრულებისაჲ, მოსცა სიმჴნჱ გულსა მისსა და სიმტკიცჱ გონებასა მისსა. მას ჟამსა ჰრქუა მისთანათა მათ: “არღარა სადა მიხილოთ, რამეთუ მსურის მე განსლვად და ქრისტჱს თანა ყოფადა”.

შეინანა დაბადებაჲ კაცისაჲ დამბადებელმან და რისხვით აღჴოცნა წყლითა ნოვეს ზე ნათესავნი, აწ მითვე წყლითა მჴსნელმან აღჴოცნა ცოდვანი ჩუენნი.

ღმრთეებისა სამჭედურმან შთაიცუა, ვითარცა მატლი, მიწისაგანი ბუნებაჲ და მით მოინადირა წყალთა შინა ვეშაპი, მომზირალი ბრჭალთა ჩუენთაჲ.

აღეგზნეს გულის-წყრომითა უღმრთონი ისმაიტელნი ჰაბოჲსთჳს მოღუაწისა და ეტყოდეს მსაჯულსა: “წარწყმიდე მაცთური ესე და მჴდომი შჯულისა ჩუენისაჲ”.

მოჰყვანდა ვითარცა კრავი ნეფსით თჳსით დაკლვად ქრისტჱსთჳს გზასა მას წამებისასა, განსცხრებოდა სიხარულით, მოუდრიკა თავი მახჳლსა და შეჰვედრა სული უფალსა.

ძისა აღმსაარებელი, მამისა მადიდებელი, მაქებელი სულისაჲ უშჯულოთა ჴელითა დაიკლა, ვითარცა კრავი და შეიწირა მსხუერპლად ღმრთისა.

იორდანესა, ვითარცა უზეშთაესსა ყოველთა მდინარეთასა, მაქებელ ვექმნნეთ, რამეთუ განწმიდა დღეს სულმან წმიდამან და ემბაზ ექმნა საღმრთოთა ჴორცთა ქრისტჱსთა.

დაჰბადე, ქრისტე, ადამ ხატად ბრწყინვალედ, ხოლო მაცთურმან აცთუნა და დააბნელა, არამედ მოხუედ და კუალად ბრწყინვალე ჰყავ ნათლისღებითა და მაცთური დააბნელე.

შიში უღმრთოთაჲ განაგდეს მორწმუნეთა და სურვილით ამბორს უყოფდეს უბიწოსა ქრისტჱს მოწამესა, რაჟამს იხილეს აღსრულებული ქრისტჱსთჳს კეთილითა აღსაარებითა.

გამოჩნდა ზეცით ვარსკულავი მოტყინარჱ ღამესა ბნელსა მზეებრ ბრწყინვალჱ გუამსა ზედა ქრისტჱს მოწამისასა პატივად ღუაწლთა [ჰ]აბო მჴნედ მოღუაწისათა.

შეკრიბნეს ძუალნი ახოვნისა [ჰ]აბოჲსნი და შთაყარნეს დიდსა მას მდინარესა, ხოლო იგინი ბრწყინვიდეს წყალთა შინა, ვითარცა მთიებნი ყოვლად მნათობიერნი.

რომელმან შეკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა საღმრთოჲთა ბრძანებითა და დაადგინნა, ვითარცა თხიერთა, უფსკრულისა საუნჯეთა, ღმრთისა სიტყუამან, წყლითა ნათელ-სცა წინამორბედმან.

დაუსაბამოჲსა მზისა ნათლისა ნათლისღებითა დამდაბლებულ არიან და დაბნელებულ უკუნისამდე მავნებელნი სულნი ბოროტნი და მზეებრ ნათობენ ნათელღებულნი ადამეანნი.

ზეგარდმო წოდებული სარწმუნოჲ ქრისტჱს მოწამჱ, სანთელი განბრწყინვებული, ნეტარი ჰაბო დაფარეს აქა ჴორცითა ისმაიტელთა, ხოლო ქრისტჱს მიერ ნათობს სულითა სასუფეველსა.

უვარისმყოფელნი შენნი, მომსრველნი მართალთანი, სიცრუვისა მოქმედნი, ურწმუნონი ისმაიტელნი, ქრისტე, მისცენ მწარესა მას საუკუნესა. სატანჯველსა დაუსრულებელსა.

უძლეველო მოწამეო, სრბაჲ კეთილად აღასრულე და აწ მკჳდრ ხარ ნათელსა გამოუთქუმელსა, ევედრე ქრისტესა, რაჲთა დაამჴუნეს მტერნი ჩუენნი აგარეანნი და ძლევაჲ მოსცეს მეფესა ჩუენსა.

განწმიდნა წყალნი წყალთა დამბადებელმან, განიბანა რაჲ მათ შინა ორითა ბუნებითა, აკურთხნა სულისა მიერ წმიდისა და ჩუენ მოგუანიჭა მათ მიერ მჴსნელმან ნათელღებულთა სასუფეველი.

მდინარჱ ღმრთისაჲ აღივსო საღმრთოჲთა წყლითა ცხოველითა დღეს, იორდანე, რაჟამს შეეზავა წყაროჲ უხრწნელებისაჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომლისა ცუარითა იხარებს ჯეჯილი სულთა მართალთა ნათელღებულთაჲ.

ვითარცა ესმა ჴმაჲ ზეცით იოვანეს, ოხრაჲ მამისაჲ, მას ჟამსა ჰრქუა ერსა: ”აჰა ესერა მდგომარე არს თქუენ შორის კრავი ღმრთისაჲ, მე ნათელს-გცემ წყლითა, იგი ნათელს გცემს სულითა წმიდითა და ცეცხლითა”.

რაჟამს შეჰვედრა [ჰ]აბო სული უფალსა, ზეცისა გუნდნი წინაუძღოდეს მას, სიხარულით აღიყვანეს გალობითა ზეცად და მამაჲ აბრაჰამ მიეგებვოდა და შეიწყნარა წიაღთა თჳსთა.

რაჟამს მიუპყრა მოწამემან ქრისტჱსმან, ღუაწლისა მძლემან, მახჳლსა ქედი თჳსი ქრისტჱსთჳს, მას ჟამსა ჴმა-ყვეს მაღლით უჴორცოთა: “აღმოვედ ჩუენ თანა, გიწესს უფალი, და იხარებდი წინაშე მისსა”.

რომელთა მოკლეს უმშჯავროდ ნეტარი ჰაბო, დაესაჯა მათ საშჯელი საუკუნოჲ ჯოჯოხეთი და ბნელი იგი გარესკნელისაჲ, ხოლო იგი ბრწყინავს წინაშე ღმრთისა ნათელსა შინა უკუნისამდე.

რაჟამს მოვიდეს მსაჯული სახიერი და დაჯდეს განკითხვად საყდართა სუფევისა თჳსისათა, მაშინ მეოხ გუეყავ, ნეტარო ჰაბო, წინაშე ღმრთისა სულთა ჩუენთათჳს.

უზეშთაეს ხარ ქერობინთასა, ღირსო, უშუენიერეს ყოველთა სამკაულთა, ღმრთისმშობელო, უნათლეს მნათობთა სამყაროჲსათა, რამეთუ საღმრთოჲთა მადლითა სავსჱ ჰნათობ მარადის წინაშე ღმრთისა.