მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. საბჭოთა კავშირს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები აზანზარებდა. ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. ამ გაგანია ომის დროს, თბილისში, 1943 წელს, გამოქვეყნდა წიგნი, რომელმაც აღაფრთოვანა ქართველი ერი, - დიდი და პატარა, სპეციალისტი და რიგითი მკითხველი. ყველას მოუნდა იმ წიგნის შეძენა და სულ მალე, მისი კვლავ გამოცემა გახდა საჭირო, მაგრამ ომი იყო და მეორედ მხოლოდ გამარჯვების შემდეგ, 1946 წელს გამოიცა, ხოლო ორი წლის შემდეგ, 1948 წელს, მესამედ დაისტამბა. მანამდე კი, 1946 წელს დაიბეჭდა მისი რუსული თარგმანი, ხოლო რუსულად მეორედ 1950 წელს გამოქვეყნდა.
ამ წიგნმა დაიმსახურა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - სტალინური პრემია. ეს წიგნია "საქართველოს ისტორია", სახელმძღვანელო საშუალო სკოლის უფროსი კლასებისათვის. მისი ავტორები არიან ქართული საისტორიო მეცნიერების კორიფეები: ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია და ნიკოლოზ ბერძენიშვილი.
იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" მერე არც ერთ სახელმძღვანელოს ქართველი ერის იმხელა აღიარება და სიყვარული არ მოუხვეჭია, "საქართველოს ისტორიამ" რომ მოიხვეჭა. მისი გამოცემიდან 60 წელზე მეტი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში ბევრი სახელმძღვანელო გამოქვეყნდა საქართველოში, მაგრამ ეს წიგნი დღესაც საუკეთესოა და თუ სამუდამოდ არა, კიდევ ძალიან დიდხანს იქნება უპირველესი სახელმძღვანელოთა შორის.
წიგნის რუსულად გამოქვეყნებამ ხომ მთელი სსრკ-ის მეცნიერები აღაფრთოვანა. სხვადასხვა ქალაქიდან თხოვნით მიმართავდნენ რედაქტორს, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელ აკადემიკოსს და მის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, საბჭოთა კავშირის აკადემიის აკადემიკოსს, სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატს სიმონ ჯანაშიას, დახმარებოდა მათ "საქართველოს ისტორიის" შეძენაში.
გავეცნოთ ერთი ასეთი წერილის შინაარსს.
"ღრმად პატივცემულო სიმონ ნიკოლოზის ძევ! ვკადნიერდები გარემოებათა გამო და მოგმართავთ დაჟინებული თხოვნით, არ მითხრათ უარი მადლის ქმნაში, - გასცეთ განკარგულება დაზღვევით გამომიგზავნონ წიგნი "საქართველოს ისტორია" რუსულ ენაზე.
მთელი წლის განმავლობაში (1946 წლის აპრილიდან) ჩემი ყველა მცდელობა შემეძინა ეს წიგნი, ამაო აღმოჩნდა. არადა, ჩემი მდგომარეობა (კავკასიის მკვლევარის) მავალდებულებს, ვიცნობდე ყველა მიღწევასა და ბოლო სიტყვას კავკასიის ისტორიის შესწავლაში, ანუ ვიცოდე ზუსტად ის, რაც ასე უხვადაა წარმოდგენილი თქვენს სახელმძღვანელოში, რომელიც თავისი სულისკვეთებით და მნიშვნელობით ყოველგვარ შედარებაზე მაღლა დგას.
მდგომარეობას ართულებს ის, რომ მე, როგორც კავკასიის მკვლევარს, აკადემიისა და უნივერსიტეტის ბევრი მეცნიერი მუშაკი მომმართავს თხოვნით, გარკვეული ხნით ვათხოვო სახელმძღვანელო, რადგან ეს წიგნი მოსკოვში მეტად იშვიათია. იგი აქვთ მხოლოდ ლენინის სახელობის, მეცნიერებათა აკადემიის, მატერიალური კულტურის ისტორიის ინსტიტუტისა და ისტორიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკებში, ისტორიის მუზეუმის და სხვა დაწესებულებების ბიბლიოთეკებს "საქართველოს ისტორია" არა აქვთ, მოთხოვნილება კი მასზე უდიდესია.
მის, ლამის სამაგიდო წიგნის ხელთ ქონა აუცილებელზე მეტია.
ამიტომ მიტევებას გთხოვთ შეწუხების გამო და მოგმართავთ შემწეობისათვის ჩემთვის მეტად საჭირო წიგნის შეძენაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს.
თქვენი ღრმა პატივისმცემელი
ე. კრუპნოვი".
ეს თხოვნა-მუდარა და ქებათა-ქება დაწერილია 1947 წლის 29 იანვარს ქ. მოსკოვში, ავტორი ევგენი ეგნატეს ძე კრუპნოვი (1904-1970) არის გამოჩენილი რუსი არქეოლოგი, ლენინური პრემიის ლაურეატი.
ამ წერილს კომენტარი არ სჭირდება. ისედაც ყველაფერი ნათელია. ერთს კი ვიტყვი: ევგენი კრუპნოვის სიტყვები, ეს წიგნი "ყოველგვარ შედარებებზე მაღლა დგასო", არის მეცნიერის მიერ ამ სახელმძღვანელოს უმაღლესი აღიარება, ქართული საისტორიო მეცნიერული აზრის ტრიუმფი. ასეთი ხელიხელსაგოგმანები მარგალიტია "საქართველოს ისტორია", იგი "ვეფხისტყაოსანთან" და "ქართლის ცხოვრებასთან" ერთად ყველა ქართული ოჯახის წევრი უნდა გახდეს (დიახ, ოჯახის ცოცხალი წევრი და არა უსულო ნივთი!).
აი ეს ბრწყინვალე წიგნი, - ჭეშმარიტად ეროვნული საუნჯე, ბოლო გამოცემიდან ორიოდე წლის შემდეგ აკრძალა მოსკოვმა, - მოძველდაო, ახალი სახელმძღვანელოს დაწერა მოითხოვა და უკვე 1958 წელს გამოქვეყნდა კიდეც ახალი "საქართველოს ისტორია" ნიკოლოზ ბერძენიშვილის რედაქციით.
არასპეციალისტისათვისაც კი ცხადია, რომ ყოვლად წარმოუდგენელია ორ-სამ წელიწადში ისტორიის სახელმძღვანელო, მით უმეტეს ასეთი შედევრი, მოძველდეს. მხოლოდ თეორიულად შეიძლება დავუშვათ ასეთი შესაძლებლობა.
მაშ რა იყო ნამდვილი მიზეზი ამ დიდი წიგნის აკრძალვისა.
ამ კითხვის პასუხს აკრძალული და მოსკოვის მოწონებული ახალი სახელმძღვანელოების ორიოდე პრინციპული მონაკვეთის შედარება მოგვცემს.
ორივე სახელმძღვანელოს ბოლოში დართული აქვს ქრონოლოგიური სია, აკრძალულში მას "უმნიშვნელოვანესი თარიღების ტაბულა" ეწოდება, მოსკოვის მოწონებულში - "საქართველოს ისტორიის ძირითადი თარიღები". აკრძალულში ცალ-ცალკეა გამოყოფილი ძველი და ახალი წელთაღრიცხვის თარიღები დასათაურებით: "ძველი წელთაღრიცხვით" და "ახალი წელთაღრიცხვით"; მოსკოვის მოწონებულში ძველი და ახალი წელთაღრიცხვის თარიღები არანაირად გამოყოფილი არ არის. აკრძალულში დამოწმებულია ძველი წელთაღრიცხვის თერთმეტი თარიღი, მოსკოვის მოწონებულში - სამი.
აკრძალულ სახელმძღვანელოში დამოწმებულია:
"X|||| ს. ძველი ხეთის სამეფოს ძლიერების პერიოდი.
X|||-X| სს. მიტანის სამეფოს ძლიერების პერიოდი.
X||-X||| სს. ახალი ხეთის სამეფოს ძლიერების პერიოდი.
1278 წ. ხეთის მეფის ხატუშილ მესამის ხელშეკრულება ფარაონთან.
X||-X| სს. თრიალეთის მაღალი კულტურული ცენტრი.
X|-|||| სს. აღმოსავლურ-ქართული და დასავლურ-ქართული ბრინჯაოს კულტურის აყვავების პერიოდი.
X|-|X სს. სუბარული ტომების ბრძოლა ასურეთთან.
|X-|||| სს. ურარტუს სამეფოს ძლიერების პერიოდი.
|| ს. პირველი ცნობების გაჩენა ბერძნულ მწერლობაში იბერიასა და კოლხეთის სამეფოების შესახებ.
190 წ. ახლოხანები. სომხური სამეფოების წარმოშობა.
65 წ. რომაული გავლენის დამყარება ამიერკავკასიაში.
მოსკოვის მოწონებულ სახელმძღვანელოში:
"ძვ. წ. || საუკ. ეგრისის (კოლხეთის) ადრემონათმფლობელური სახელმწიფოს წარმოშობა.
"ძვ. წ. ||| საუკ. ქართლის (იბერიის) ადრემონათმფლობელური სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
ძვ. წ. 65 წ. რომაელების ლაშქრობა და მათი გავლენის დამყარება საქართველოში.
ამ ორი სიის თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ მოსკოვის მოწონებულ სახელმძღვანელოს 1200 წლის ისტორია მოუპარავს ქართველი ერისათვის. ოდნავ დაკვირვებული თვალი კი მიხვდება, რომ სინამდვილეში ნაქურდალი ბევრად მეტია, ვინაიდან უძველეს თარიღად მითითებული X|||| საუკუნე ძველი ხეთის სამეფოს ძლიერების ხანას აღნიშნავს, ამ სამეფოს წარმოშობა და განვითარება კი გაცილებით ადრე მოხდა - ||| ათასწლეულში.
თუ რამ განაპირობა ქართველი ერის ისტორიის ასეთი გაქურდვა -გაღატაკება, ვფიქრობ, ახლა ცხადია და ამ კითხვის პასუხი ერთადერთია - მოსკოვის ხუშტურმა: როგორ თუ ქართველები მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციის უშუალო მემკვიდრეები ხართო. ეს ისტორიული ჭეშმარიტება ვერ აიტანა რუსულმა იმპერიულმა ცნობიერებამ.
მაშინ რატომ მისცეს ამ წიგნს სტალინური პრემია და ამდენჯერ რისთვის გამოსცეს.
იმიტომ, რომ იმჟამად სტალინი ცოცხალი იყო და მხოლოდ მისი მოკვლის შემდეგ ამოანთხიეს ბოღმა ენაჩავარდნილმა რუსმა შოვინისტებმა და ისე დაგეშეს საქართველოში თავისი მონა-აგენტები, რომ მათ წინააღმდეგ თვით ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს აკადემიკოს ნიკოლოზ ბერძენიშვილსაც კი არაფერი გაუვიდა.
ვფიქრობ, ახლა გასაგებია, რომ იმ სახელმძღვანელოში, რომელშიც, სულ მცირე ქართველი ერის ისტორიის 2500 წელიწადია მოპარული, არ შეიძლება რაიმე მეცნიერულად ღირებული იყოს. ამიტომ ზედმეტად მიმაჩნია იქიდან თუნდაც ერთი მცირე მონაკვეთის აქ მოტანა.
"ძველი", მოსკოვის მიერ დაწუნებული და ჯერაც აკრძალული სახელმძღვანელოდან კი დიდი სიამოვნებით მოვიტან რამდენიმე ნიმუშს. ვიმოწმებ საკუთრივ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დაწერილ ტექტს წიგნის ძ4-დან, რომლის სათაურია "ქართველ ტომთა წარმოშობა. ხეთურ-იბერული გვარტომობის ხალხები".
"ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველ მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან".
უძველეს ხანაში, ამ ხუთი-ექვსი ათასი წლის წინათ, ხეთურ-იბერული გვარტომობის, ერთმანეთის მონათესავე ხალხებს ვრცელი მიწა-წყალი ეჭირათ წინა აზიაში, აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე და სამხრეთ ევროპაში.
ევროპაში ამ გვარტომობის ხალხები წინ უსწრებდნენ შემდეგ მოსულ ინდოევროპელებს (ე. ი. ევროპის თანამედროვე მოსახლეობას - ზ. რ.), რომელთაც დამხვდური მოსახლეობისა და მისი განვითარებული კულტურის ძლიერი გავლენა განიცადეს.
ასე იყო პირენეს ანუ იბერიის ნახევარკუნძულზე, სადაც ძველი იბერული მოსახლეობის შთამომავალნი, ბასკებად წოდებულნი, დღემდე არიან შემორჩენილნი; ასევე მოხდა აპენინის ნახევარკუნძულზე, სადაც ეტრუსკებმა შექმნეს იტალიის უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც შემდგომ მძლავრი ზემოქმედება იქონია რომის კულტურაზე. დასასრულ, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გვიან მოსულს ინდოევროპელ ბერძნებსაც პელაზგების პირვანდელი დაწინაურებული მოსახლეობა დახვდათ".
"ევფრატისა და ტიგროსის აუზთა ქვემო ნაწილში სუმერებმა ჯერ კიდევ ძვ. წ. || ათასწლეულში განავითარეს საქალაქო ცხოვრება, საფუძველი ჩაუყარეს სახელმწიფოს და გამოიგონეს მსოფლიოში უძველესი დამწერლობა - ჯერ იეროგლიფური, ხოლო შემდეგ ლურსმული".
"ხეთები და სუბარები ქართველების წინაპრები არიან".
"ამ ხალხების სახელმწიფოებრიობასა და კულტურას ჯერ კიდევ მე-3 ათასწლეულში ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატება მოპოვებული".
"ხეთები მოსახლეობდნენ მცირე აზიაში, მათი დედაქალაქი ||| ათასწლეულიდან იყო ხატუსი... სუბარებს ეჭირათ ტერიტორია ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოყოლებული კავკასიონამდე".
ვგონებ, კმარა ციტირება, თორემ ასე ამ მშვენიერი წიგნის თავიდან ბოლომდე გადმოწერა მომიწევს. ციტირებული ტექსტი, ვფიქრობ, საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ რა არ მოეწონათ რუს იმპერიალისტებს ამ წიგნში.
გარდა აღნიშნული პირველი და ძირითადი მიზეზისა, ამ წიგნის აკრძალვის მეორე, ასევე ძირითადი მიზეზიც არსებობდა. ესაა საქართველოს რუსეთთან ე. წ. შეერთების შეფასება. რუსების მიერ აკრძალულ სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა "1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსეთთან შეერთება საბოლოოდ გააფორმა".
"საქართველო მეფის რუსეთის კოლონიად იქცა. რა თქმა უნდა ეს იყო ბოროტება, რომელსაც ქართველი ხალხი დაუღალავად ებრძოდა, ვიდრე მან, დიდი ოქტომბრის რევოლუციის შედეგად, თავისუფლება არ მოიპოვა. მაგრამ იმ ისტორიულ პირობებში ეს იყო მაინც უმცირესი ბოროტება".
ასე წერდა ნიკოლოზ ბერძენიშვილი სიმონ ჯანაშიას რედაქციით გამოქვეყნებულ, მოსკოვის მიერ აკრძალულ სახელმძღვანელოში, ხოლო მისი, ნიკოლოზ ბერძენიშვილის რედაქციით გამოსულ, მოსკოვის მოწონებულ სახელმძღვანელოში წერია, რომ საქართველოს ე. წ. რუსეთთან შეერთება "წარმოადგენდა ერთადერთ გზას ჩამორჩენილი აგრესიული ირანისა და თურქეთის ბატონობისაგან თავის დასაღწევად და ქართველი ხალხის ფიზიკური განადგურებისაგან გადასარჩენად".
ამრიგად, მოსკოვის მიერ აკრძალულ სახელმძღვანელოში შეერთება ბოროტებად არის შეფასებული, ხოლო მოსკოვის მოწონებულში "ქართველი ხალხის ფიზიკური განადგურებისაგან" გადარჩენად.
აქ ყოველგვარი კომენტარი სრულიად ზედმეტია!
ის კი უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორიის ამგვარ ყოვლად უტიფარ გაყალბებას ფართო გასაქანი მიეცა ე. წ. "განვითარებული სოციალიზმის" დროს. ყველა დიდი გამყალბებელი უხვად დააჯილდოვა საბჭოთა ხელისუფლებამ.
ასე იყო ძველად, საბჭოთა კავშირში, მაგრამ ახლა დამოუკიდებელ საქართველოში რა მდგომარეობაა.
მართალია, იმას აღარ წერენ, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთებამ ქართველი ერი ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინაო, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოშობაზე ისევ იმავე გაქურდულ-გაყალბებულ, მოსკოვის მოწონებულ ისტორიას ასწავლიან საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. და ეს ხდება საბჭოთა კავშირის დანგრევიდან თხუთმეტი წლის შემდეგ!
ქართველი ერის საუნჯე, ჭეშმარიტი "საქართველოს ისტორია" კი დამოუკიდებელ საქართველოში დღესაც აკრძალულია.
ამ დამღუპველი მდგომარეობიდან გამოსავალი ერთადერთია.
ვისაც ხელეწიფება, მათი განკარგულებით:
დაუყოვნებლივ უნდა მოეხსნას ტაბუ ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას და ნიკოლოზ ბერძენიშვილის "საქართველოს ისტორიას".
სასწრაფოდ დაიბეჭდოს ეს წიგნი (მეცნიერების უახლესი მიღწევების, სადაც ეს აუცილებელია, გათვალისწინებით) დიდი ტირაჟით და საქართველოს უკლებლივ ყველა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელში ოფიციალურად შემოიღონ სახელმძღვანელოდ.
დაიბეჭდოს ამ წიგნის მაღალხარისხოვანი გამოცემა დიდი ტირაჟით, ქართული და ქართულენოვანი ოჯახებისათვის.
დიდი ტირაჟით დაიბეჭდოს წიგნის არსებული რუსული თარგმანი და გავრცელდეს რუსულენოვან ქვეყნებში.
თარგმნონ წიგნი ინგლისურ და მსოფლიოს სხვა ძირითად ენებზე და გაავრცელონ მთელ მსოფლიოში.
მხოლოდ ამგვარად გასწორდება ასე უღმერთოდ გამრუდებული უდიდესი ეროვნული საქმე.


ავტორი:  ზურაბ რატიანი
opentext.org.ge
26.09.2006