თავი 1

1. პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და სოსთენე ძმაჲ, 2. ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა, განწმედილთა ქრისტე იესუჲს მიერ, ჩინებულთა წმიდათა, ყოველთა თანა, რომელნი ხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, ყოველსა ადგილსა მათსა და ჩუენსა: 3. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.

4. ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ. 5. რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა, 6. ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის, 7. რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა მადლითა და მოელოდით გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა. 8. რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. 9. სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.

10. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა. 11. რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომა რაჲმე არიან თქუენ შორის. 12. ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოჲსი, ხოლო მე - კეფაჲსი, ხოლო მე - ქრისტესი. 13. გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა? 14. ჰვმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს, 15. რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც. 16. ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახელსა, მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა. 17. რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი. 18. რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს. 19. რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო. 20. სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ? 21. რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნჲთა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ. 22. ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ. 23. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე. 24. ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე. 25. რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს. 26. რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო: არა მრავალნი ბრძენ არიანა ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა? 27. არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა. 28. და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არა-არსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს; 29. რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა. 30. მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა, 31. რაჲთა, ვითარცა-იგი წერილ არს: რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის.

 
თავი 2

1. და მე მო-რაჲ-ვედ თქუენდა, ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყჳთა სიბრძნისაჲთა მითხრობად თქუენდა წამებაჲ იგი ღმრთისაჲ. 2. რამეთუ არარაჲ სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ და ესეცა ჯუარ-ცუმული. 3. და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ. 4. და სიტყუაჲ ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოცხადებითა სულისაჲთა და ძალითა, 5. რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაჲთა, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა.

6. ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან, 7. არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა. 8. რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა, რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა. 9. არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა. 10. ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა. 11. რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან. 12. ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა; 13. რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ. 14. ხოლო მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ. 15. ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის. 16. რამეთუ ვინ ცნა გონებჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს.

 
თავი 3

1. და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა, ვითარცა ჩჩჳლთა ქრისტეს მიერ. 2. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს, 3. რამეთუ წუთღა ჴორციელვე ხართ. რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით? 4. რამეთუ რაჟამს ვინმე იტყოდის, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, და სხუაჲ იტყოდის: მე აპოლოჲსი ვარ, არა ჴორციელვეღა ხართა? 5. რამეთუ რაჲ არს პავლე? ანუ რაჲ არს აპოლო? არამედ მსახურნი, რომელთაგან თქუენ გრწმენა, და კაცად-კაცადსა, ვითარცა უფალმან მისცა. 6. მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა. 7. აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი. 8. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა. 9. რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ. 10. მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს. 11. რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე. 12. უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, 13. კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს. 14. რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს. 15. რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან. 16. არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? 17. რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ. 18. ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებნ. უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თჳსი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ. 19. რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა. 20. და კუალად იტყჳს: უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო. 21. ვინაჲცა ნუვინ იქადინ კაცთაგანი, რამეთუ ყოველივე თქუენი არს: 22. გინა თუ პავლე, გინა თუ აპოლო, გინა თუ კეფა, გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორებაჲ, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი - ყოველივე თქუენი არს. 23. ხოლო თქუენ - ქრისტესნი, ხოლო ქრისტე - ღმრთისაჲ.

 
თავი 4

1. ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი. 2. ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს. 3. ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ. 4. რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს. 5. ამისთჳს ნუ წინაწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ.

6. ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავდევ თავისა ჩემისა და აპოლოჲსა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწაოთ არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად, რაჲთა არა ერთი-ერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს. 7. რამეთუ ვინ განგიკითხავს შენ? ანუ რაჲ გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რაჲსა იქადი, ვითარცა არა-მიღებულსა? 8. აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმდიდრდით და თჳნიერ ჩუენსა სუფევდით! და თუმცა სუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ! 9. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. 10. ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ. 11. ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით, 12. რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; 13. მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე. 14. არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ. 15. რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. 16. გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით. 17. ამისთჳს მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ, რომელმან მოგაჴსენნეს თქუენ გზანი ჩემნი ქრისტეს მიერ, ვითარცა-იგი ყოველთა ადგილთა, ყოველთა ეკლესიათა ვასწავებ. 18. რაჲთა არა მოსლვასა მას ჩემსა თქუენდა გან-ვიეთნიმე-ლაღნენ. 19. ხოლო მოვიდე ადრე თქუენდა, უფალსა თუ უნდეს, და ვცნა არა სიტყუაჲ იგი განლაღებულთაჲ მათ, არამედ ძალი, 20. რამეთუ არა სიტყჳთა არს სასუფეველი ღმრთისაჲ, არამედ ძალითა. 21. რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა?

 
თავი 5

1. ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა. 2. და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ქმნა. 3. რამეთუ მე შორს ღათუ ვარ ჴორცითა, ხოლო მახლობელ სულითა; და აწ ეგრეთ შემირაცხიეს, ვითარცა მანდა მყოფსა ეგევითარისა მისთჳს, რომელმან საქმე იგი ქმნა, 4. სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, შეკრებასა სულისა ჩემისა და თქუენისასა, ძალითურთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა 5. მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრსისტესსა. 6. არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი; არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის? 7. განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო, რამეთუ ზატიკად ჩუენდა, ჩუენთჳს დაიკლა ქრისტე. 8. რაჲთა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა.

9. მოვწერე თქუენდა წიგნსა ამას შინა: ნუ თანა-აღერევით მეძავთა; 10. და არა თუ ყოველთა მეძავთა ამის სოფლისათა, გინა ანგაჰრთა, გინა მტაცებელთა, გინა კერპთ-მსახურთა; უკუეთუ არა, თანა-გაც სამე სოფლით გამოსლვაჲ. 11. ხოლო აწ მივწერე თქუენდა: ნუ თანა-აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთრვალე, ანუ მტაცებელ; ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად. 12. რამეთუ რაჲ ძეს ჩემი და გარეშეთა მათ განკითხვაჲ? ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთა? 13. ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს; და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა.

 
თავი 6

1. იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ, განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროისღა წმიდათა წინაშე? 2. არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? და უკუეთუ თქუენგან განიკითხვის სოფელი, არა ჰღირთა სამსჯავროჲსა მის საწუნელისა? 3. არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაჲცა? 4. უკუეთუ ამის სოფლისა სამშჯავროჲ რაჲმე გაქუნდეს, შეურაცხნი იგი კრებულისა შორის, ესენი დასხენით? 5. საკდემელად თქუენდა გეტყჳ: ეგოდენ არავინ არს თქუენ შორის ბრძენ, რომელმანმცა შეუძლო განკითხვად შორის ძმისა თჳსისა? 6. არამედ ძმაჲ ძმისა თანა განისჯების, და ესე ურწმუნოთა წინაშე. 7. აწ უკუე ყოვლითურთ ძლეულება არს თქუენდა ესე, რამეთუ სასჯელი გიც ურთიერთას. რაჲსათჳს არა უფროჲსღა თქუენ გევნების? რაჲსათჳს არა უფროჲსად თქუენ მიგეხუეჭების? 8. არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხუეჭთ, და ამას ძმათა. 9. ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა, 10. არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ. 11. და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა.

12. ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო. 13. საზრდელი მუცლისათჳს და მუცელი საზრდელისათჳს. ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა განაქარვოს. ხოლო ჴორცნი ესე არა სიძვისათჳს, არამედ უფლისათჳს, და უფალი ჴორცთათჳს. 14. ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა. 15. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუეენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ! 16. არა უწყითა, რამეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ჴორც არიან, რამეთუ იტყჳს: იყვნენ ორნივე ერთ ჴორც. 17. ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს. 18. ევლტოდეთ სიძვასა, ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს; ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს. 19. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი? 20. რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ.

 
თავი 7

1. ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე არა-ხებაჲ. 2. ხოლო სიძვისათჳს, კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, და თჳთეულსა თჳსი ქმარი ესჳნ. 3. ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი - ქმარსა. 4. ცოლი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი. 5. ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რაოდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა. 6. ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არა თუ ბრძანებით. 7. რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი; არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ.

8. ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე. 9. ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ. 10. ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად. 11. ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ. 12. ხოლო სხუათა მათ ვეტყჳ მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას. 13. და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას. 14. რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან. 15. ხოლო უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ იგი ესევითართა მათ, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან. 16. რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი? 17. არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი, ვითარცა იჩინა უფალმან, ეგრეთცა ვიდოდენ. და ესრეთვე ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ. 18. წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ; წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, ნუ წინადაიცუეთნ. 19. წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთელებაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ. 20. კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ. 21. მონაჲ თუ იჩინე, ნურაჲ გეურვებინ; არამედ დაღათუ ძალ-გედვას განთავისუფლებად, უფროჲსღა იჴუმიე. 22. რამეთუ, რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს; ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინოს, მონაჲ არს ქრისტესი. 23. სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა. 24. კაცად-კაცადი რომლითაცა იჩინა, ძმანო, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ.

25. ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს; ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეწყალებული უფლისა მიერ, სარწმუნო ყოფილ. 26. მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ: ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს. 27. შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა. 28. იქორწინე თუ, არაჲ სცოდე; და თუ იქორწინოს ქალწული, არაჲ ცოდა. ჭირი ჴორცთაჲ თავს-იდვიან ეგევითართა მათ; ხოლო მე თქუენ გერიდები. 29. ხოლო ამას გეტყჳ, ძმანო, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რაჲთა რომელთა ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარმცა არა ესხნეს; 30. და რომელნი ტიროდინ, ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, ვითარმცა არა უხარის; და რომელნი იყიდდენ, ვითარმცა არაჲ აქუნდა; 31. და რომელი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარმავალს არს ხატი ამის სოფლისაჲ. 32. და მნებავს თქუენი, რაჲთა უზრუნველ იყვნეთ. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა, 33. ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ცოლსა. 34. განყოფილ არს დედაკაციცა იგი და ქალწული. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა ჴორცითაცა და სულითაცა; ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ქმარსა. 35. ხოლო ამას თქუენისა უმჯობესისათჳს ვიტყჳ, არა რაჲთა საფრჴე დაგიგო თქუენ, არამედ შუენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად. 36. უკეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულებაჲ თჳსი, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ ჯერ-უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს, ყავნ, არა ცოდავს; იქორწინნედ. 37. ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა და ესე განაჩინა გულსა შინა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს. 38. და რომელმან იქორწინოს თჳსი იგი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს. ხოლო რომელმან არა იქორწინოს, უმჯობესსა ჰყოფს. 39. დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ. 40. ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ. ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე.

 
თავი 8

1. ხოლო კერპთ-ნაზორევთა მათთჳს ვიცით, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გუაქუს. მეცნიერებაჲ განალაღებს, ხოლო სიყუარული აღაშენებს. 2. უკუეთუ ვისმე ჰგონიეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღასადა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობაჲ. 3. ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ. 4. ხოლო ჭამისათჳს ნაკერპავთაჲსა უწყით, რამეთუ არარაჲ არს კერპ სოფელსა შინა, და ვითარმედ არავინ არს ღმერთ სხუაჲ, გარნა მხოლოჲ იგი ერთი ღმერთი. 5. რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი გინა თუ ცათა შინა, გინა თუ ქუეყანასა ზედა, ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ, 6. არამედ ჩუენდა ერთ არს ღმერთი მამაჲ, რომლისაგან არს ყოველი, და ჩუენ - მისა მიმართ. და ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, რომლისა მიერ ყოველი და ჩუენ - მის მიერ. 7. არამედ არა ყოველთა თანა არს მეცნიერებაჲ; ხოლო რომელნიმე იჭჳთ ვიდრე აქამომდე კერპთასა მას, ვითარცა ნაკერპავსა, ჭამენ, და გონებაჲ იგი მათი უძლური შეიგინების. 8. ხოლო საჭმელმან ჩუენ არა წარგუადგინნეს ღმრთისა. რამეთუ დაღათუ ვჭამოთ, არაჲ გუემატოს; და არა თუ ვჭამოთ, არაჲ დაგუაკლდეს. 9. ხოლო ეკრძალენით, ნუუკუე ჴელმწიფებაჲ ეგე თქუენი დაბრკოლება ექმნეს უძლურთა მათ. 10. რამეთუ უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ, რომელსა გაქუს მეცნიერებაჲ, საკერპოსა შინა ინაჴითმჯდომარე, არა-მეა გონებაჲ იგი უძლურისაჲ მის აღეშენოს ნაკეპავისა მის ჭამად? 11. და წარწყმდეს ძმაჲ იგი უძლური შენითა მით მეცნიერებითა, რომლისათჳს ქრისტე მოკუდა. 12. ესრეთ რაჲ სცოდვიდეთ ძმათა მიმართ და ჰგუემდეთ გონებასა მათსა უძლურსა, ქრისტეს მიმართ სცოდავთ. 13. ამისთჳსცა, უკუეთუ საჭმელი დააბრკოლებდეს ძმასა ჩემსა, არა ვჭამო ჴორცი უკუნისამდე, რაჲთა არა ძმაჲ ჩემი დავაბრკოლო.


თავი 9

1. არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა ვიხილეა? ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ? 2. სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ. 3. ჩემი სიტყჳს-გებაჲ ჩემთა მათ განმკითხველთა ესე არს. 4. არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებჲ ჭამად და სუმად? 5. არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას? 6. ანუ მე ხოლო და ბარნაბას არა გუაქუს ფლობაჲ საქმედ? 7. ვინ-მე სადა საგრობნ თჳსითა საგზლითა? ვინ დაასხის ვენაჴი და ნაყოფისა მისისაგან არა ჭამის? ანუ ვინ მწყსინ სამწყსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაჲსა არა ჭამის? 8. ანუ კაცობრივ-მე ნუ ვიტყჳ ამას? ანუ არა შჯულიცა ამასვე იტყჳსა? 9. რამეთუ შჯულსა მოსესსა წერილ არს: არა შეუკრა პირი ჴარსა მლეწველსა. ნუუკუე ჴართაჲ რაჲმე ეურვებოდა ღმერთსა? 10. არამედ ჩუენთჳს სამე იტყჳს, რამეთუ ჩუენთჳს დაიწერა. რამეთუ სასოებით თანა-აც ჴნვაჲ მჴნველსა მას, და რომელი-იგი ლეწავნ სასოებითა მითვე, - შეკრებაჲ სასოებით. 11. უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი მოვიმკოთ ჩუენ? 12. უკუეთუ სხუანი ჴელმწიფებჲსაგან თქუენისა მიღებენ, არა-მე უფროჲსღა ჩუენდა? არამედ არა ვინებეთ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ყოველსავე დავითმენთ, რაჲთა არა დაბრკოლებაჲ რაჲმე ვსცეთ სახარებასა მას ქრისტესსა. 13. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან? და რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განიღიან? 14. ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ. 15. ხოლო მე არარაჲ ვიჴუმიე ამათგანი. და არა ამისთჳს მივწერე ესე, რაჲთა ესრეთ იყოს ჩემდა მომართ. რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი უფროჲს, ვიდრეღა სიქადული ჩემი, და-თუ ვინ-მე-აცუდოს იგი. 16. რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე. 17. რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა. 18. რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა. 19. რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაჲთა უმრავლესნი შევიძინნე. 20. ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა, ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე; 21. უშჯულოთა თანა, ვითარცა უშჯულოჲ, - არა უშჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ შჯულიერი ქრისტესი, - რაჲთა უშჯულონი შევიძინნე; 22. ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე. 23. ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანა-ზიარ მისსა ვიქმნე. 24. არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი? ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ. 25. ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ: იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი. 26. მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ. 27. არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.

 
თავი 10

1. არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს. 2. და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა; 3. და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს; 4. და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს; რამეთუ სუმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა; ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე. 5. არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან, რამეთუ დაეცნეს იგინი უდაბნოსა ზედა. 6. და ესენი სახე ჩუენდა იქმნეს, რაჲთა არა ვიყვნეთ ჩუენ გულის მთქუმელ ბოროტისა, ვითარცა-იგი მათ გული უთქუმიდა. 7. ნუცა კერპთმსახურ იქნებით, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე, ვითარცა წერილ არს: დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად. 8. ნუცა ვისიძავთ, ვითარცა-იგი ვიეთმე მათგანთა ისიძვეს და დაეცნეს ერთსა შინა დღესა ოც და სამი ათასი. 9. ნუცა განვსცდით უფალსა, ვითარცა-იგი მათგანთა ვიეთმე გამოცადეს და გუელთა მიერ წარწყმდეს. 10. ნუცა ვდრტჳნავთ, ვითარცა-იგი მათგანნი ვინმე დრტჳნვიდეს და წარწყმდეს მომსრველისა მისგან. 11. ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღურებელად ჩუენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაჲ მოიწია. 12. ამიერითგან, რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს. 13. განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ; ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად.

14. აწ უკუე, საყუარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთ-მსახურებისაგან. 15. ვითარცა ბრძენთა გეტყჳ თქუენ: 16. სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა? 17. რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს. 18. იხილეთ-ღა ისრაჱლი ჴორციელად: ანუ არა რომელნი-იგი ჭამენ შესაწირავთა მათ, ზიარ საკურთხეველისა მის არიანა? 19. რასა უკუე ვიტყჳ ამას, ვითარმედ კერპი იგი რაჲ არს, ანუ ნაგები იგი რაჲ არს? 20. არამედ, ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა; ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებჲ. 21. ვერ ჴელ-გეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ; ვერ ჴელ-გეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა. 22. ანუ ვაშურებთ-მეა უფალსა? ნუუკუე უძლიერეს მისსა ვართ? 23. ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს. 24. ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული. 25. ყოველი, რომელი სამზარეულოს ისყიდებოდის, ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს. 26. რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი. 27. ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი, და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე წინა-დაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს. 28. ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: ესე ნაკერპავი არს, - ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი. 29. იჭუსა მას ვიტჳ არა თავისა თჳსისასა, არამედ მოყუსისასა. რამეთუ რაჲსათჳს აზნაურებაჲ ჩემი განიკითხვის სხჳსა იჭჳსაგან? 30. უკუეთუ მე მადლობით ვჭამ, რაჲსათჳს ვიგმობვი, რომლისათჳს-იგი მე ვჰმადლობ? 31. გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოვესავე სადიდებლად ღმრთისა იქმოდეთ. 32. დაუბრკოლებელ იყვენით ჰურიათა მიმართ და წარმართთა და ეკლესიათა ღმრთისათა, 33. ვითარცა მე ყოვლითავე ყოველთა სათნო-ვეყოფვი, რამეთუ არა ვეძიებ თავისა ჩემისა უმჯობჱსსა, არამედ მრავალთასა, რაჲთა ცხონდენ.

 
თავი 11

1. მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა. 2. ხოლო გაქებთ თქუენ, ძმანო, რამეთუ ჩემი ყოველივე გაჴსოვს, და ვითარცა-იგი მიგეც თქუენ, მოძღურებაჲ იგი შეიკრძალეთ. 3. და მნებავთ თქუენი უწყებაჲ, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს; ხოლო თავ დედაკაცისა - ქმარი; და თავ ქრისტესა - ღმერთი. 4. ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაბურვილად, არცხუენს თავსა თჳსსა. 5. და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი. 6. რამეთუ უკუეთუ არა დაიბურავს დედაკაცი იგი, და იკუეცენცა; ხოლო უკუეთუ საძაგელ არს დედაკაცისა კუეცაჲ გინა დაყუენვაჲ, დაიბურენ მან. 7. მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს. 8. რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან; 9. და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს. 10. ამისთჳს ჯერ-არს დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა თჳსსა ზედა ანგელოზთათჳს. 11. ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა უფლისა მიერ. 12. რამეთუ ვითარცა-იგი დედაკაცი ქმრისაგან არს, ეგრეთცა ქმარი - ცოლისათჳს; ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს. 13. თჳთ თქუენ შორისღა განიკითხეთ ესე: შუენისა დედაკაცსა დაუბურველად წინაშე ღმრთისა ლოცვაჲ? 14. არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა. 15. ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტეოს, დიდება არს მისა, რამეთუ თმაჲ იგი სამკაულად მოეცა მას. 16. ხოლო უკუეთუ ვისმე ცილობის ჰნებავს, ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს, არცა ეკლესიათა ღმრთისათა.

17. ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით. 18. პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაჲმე მრწამს. 19. რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდენ. 20. შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად არა არს ეკლესიაჲ პურის საჭმელ. 21. რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი იგი სერი წინაწარ წარიღის ჭამად, და რომელსამე ჰშიინ და რომელსამე სთრავნ. 22. ნუუკუე სახლებ არა გიდგსა ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ჰყოფთ და არცხუენთ მათ, რომელთა არარაჲ აქუს? რაჲ-მე გრქუა თქუენ? გაქებდეა ამისთჳს? არა გაქებ. 23. რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური. 24. ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. 25. ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი რჩული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით, რაოდენ-გზისცა სუმიდეთ, ჩემდა მოსაჴსენებელად. 26. რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. 27. ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანა-მდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა. 28. გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. 29. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი. 30. ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი. 31. რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით. 32. ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ. 33. ამიერითგან, ძმანო ჩემნო, შე-რაჲ-ჰკრბებოდით ჭამად, ურთიერთას ჰგებდით. 34. ხოლო უკუეთუ ვისმე შიოდის, სახლსა შინა ჭამენ, რაჲთა არა დასაშჯელად შეჰკრბეთ. ხოლო სხუაჲ იგი, ოდეს მოვიდე, მაშინ ვბრძანო.

 
თავი 12

1. ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი. 2. უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით. 3. ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას: შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა. 4. ხოლო განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს. 5. და განყოფანი მსახურებათანი არიან, და იგივე თავადი უფალი არს. 6. და განყოფანი შეწევნათანი არიან, და იგივე თავადი ღმერთი არს, რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის. 7. ხოლო თჳთოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს. 8. რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა, 9. და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა, 10. რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ, და სხუასა თარგმანებაჲ ენათაჲ. 11. ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თჳთოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს.

12. ვითარცა-იგი გუამი ერთ არს, და მრავალი ასოები აქუს, და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაჲ მრავალ ღათუ არს, ერთგუამვე არს, ეგრეთცა ქრისტე. 13. რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ ჰუარიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა; და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გჳსუამს. 14. და რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ. 15. უკუეთუ თქუას ფერჴმან, ვინაჲთგან არა ვარ ჴელ, არა ვარ მის გუამისაგანი, ამისგან-მე არა არსა მის გუამისაგანი? 16. ანუ თუ თქუას ყურმან, რამეთუ არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი, ნუ ამისთჳს არა არსა მის გუამისაგანი? 17. უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა არს სასმენელი? უკუეთუ ყოველი სასმენელ იყოს, სადა არიან საყნოსელნი? 18. აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თჳთოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება. 19. ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი? 20. ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ გუამი. 21. ხოლო ვერ ჴელ-ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ჴელსა: არა მიჴმ შენ; ანუ კუალად თავსა - ფერჴთა, ვითარმედ: არა მიჴმთ თქუენ. 22. არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად, იგი უსაჴმარეს არს. 23. და რომლისასა ვჰგონებთ უპატიო-ყოფად გუამისაგან, ამათ პატივსა უმეტესსა მივსცემთ. 24. და უშუერსა მას ჩუენსა შუენიერებაჲ უმეტესი აქუს, ხოლო შუენიერსა მას ჩუენსა არარაჲ უჴმს. არამედ ღმერთმან შეზავა გუამი იგი და ნაკლულსა მას უმეტესი მისცა პატივი, 25. რაჲთა არა იყოს წვალებაჲ ჴორცთა მათ შინა, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ ასონი იგი. 26. და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი. 27. თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი.

28. და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა: პირველად მოციქულნი, მეორედ - წანაწარმეტყუელნი, მესამედ - მოძღუარნი, მერმე - ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, ღუწოლანი, თესლად-თესლადი ენათაჲ. 29. ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წანაწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ ყოველნი ძალ? 30. ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდენ? 31. ხოლო ჰბაძევდით მადლთა მათ უფროჲსთა, და მერმე აღმატებული გზაჲ გიჩუენო თქუენ.

 
თავი 13

1. ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ჴმობედ. 2. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. 3. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. 4. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, 5. არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, 6. არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; 7. ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. 8. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ. 9. რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ. 10. ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე. 11. ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი. 12. რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე. 13. ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს.

 
თავი 14

1. შეუდეგით სიყუარულსა და ჰბაძევდით სულიერსა მას, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ. 2. რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳს საიდუმლოთა. 3. ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა. 4. რომელი იტყჳნ ენითა, თავსა თჳსსა აღაშენებნ; ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებდეს, კრებულსა აღაშენებს. 5. მნებავს თქუენ ყოველთაჲ ენათა სიტყუაჲ, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ, რამეთუ უფროჲს არს, რომელი წანაწარმეტყუელებდეს, ვიდრეღა რომელი იტყოდის ენათა, გარნა თუ რაჲთა გამოსთარგმანებდეს, რაჲთა კრებული აღეშენოს. 6. ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაჲ-მე გარგო თქუენ, არა თუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნირებითა ანუ წანაწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა? 7. ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან - ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ? 8. და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად? 9. ეგრეთცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა-გამოცხადებულად სიტყუაჲ იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქნეს თქუმული იგი? რამეთუ იყვნეთ, ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი. 10. ესოდენნი სახენი თესლადნი ჴმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს უჴმო. 11. უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ჴმისაჲ მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა ვითარცა სხუაჲ ენაჲ, და რომელი-იგი მეტყოდის მე - ვითარცა სხუაჲ ენაჲ. 12. ეგრეთცა თქუენ, ვინაჲთგან მოშურნე ხართ სულთა, აღსაშენებელად ეკლესიისა ეძიებდით, რაჲთა აღემატებოდით. 13. ამისთჳსცა, რომელი იტყოდის ენითა, ილოცევდინ, რაჲთა გამო-ცა-თარგმანოს. 14. რამეთუ უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს. 15. აწ უკუე რაჲ არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა; ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა. 16. ხოლო უკუეთუ აკურთხევდე სულითა, რომელი-იგი აღასრულებდეს ადგილსა მას უცბისასა, ვითარ-მე თქუას „ამინი“ შენსა მას ზედა მადლობასა? ვინაჲთგან რასა-იგი იტყჳ, არა იცის. 17. რამეთუ შენ სამე კეთილად ჰმადლობ, არამედ მოყუასი შენი არა აღეშენების. 18. ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რამეთუ უფროჲს თქუენ ყოველთასა ენათა ვიტყჳ. 19. არამედ ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაჲთა სხუათაცა უმოძღურო, ვიდრე ბერთა სიტყუათა ენითა. 20. ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით. 21. რამეთუ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი, იტყჳს უფალი. 22. ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს; ხოლო წანაწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს. 23. აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად, და ყოველნი ენითა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: სცთებით გინა ჰბორგთ? 24. ხოლო უკუეთუ ყოველნი წანაწარმეტყუელებდენ, და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოჲ გინა უცები, ეხმილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ. 25. და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ, და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ: ნანდჳლვე ღმერთი თქუენ შორის არს. 26. რაჲ-მე უკუე არს, ძმანო? რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცად-კაცადსა თქუენსა ფსალმუნი აქუს, მოძღურებაჲ აქუს, გამოცხადებაჲ აქუს, თარგმანებაჲ აქუს, ენათა მეტყუელებაჲ აქუს, - ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ. 27. უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი გამოსთარგმანებდინ. 28. ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსსა თჳსსა ეტყოდენ და ღმერთსა. 29. ხოლო წანაწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდედ, და სხუანი იგი სცნობედ. 30. უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ. 31. რამეთუ შემძლებელ ხართ ესრეთ თითოეულად ყოველნი წანაწარმეტყუელებად, რაჲთა ყოველნი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ. 32. და სულები წანაწარმეტყუელთა ისწავებდენ და ყოველნი დაემორჩილენ, 33. რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაჲ, არამედ მშჳდობისაჲ, ვითარცა-იგი ყოველთა ეკლესიათა წმიდათასა.

34. დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს. 35. ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ: რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად. 36. ანუ თქუენ მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ გამოვიდა? ანუ თქუენდამდე ხოლო მიიწია? 37. უკუეთუ ვისმე ეგონოს თავი თჳსი წანაწარმეტყუელ გინა სულიერ, უწყოდენ, რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, რამეთუ უფლისანი არიან მცნებანი. 38. ხოლო უკუეთუ ვინმე უმეცარ არს, უმეცარ იყავნ. 39. ვინაჲცა, ძმანო ჩემნო, გშურდინ წანაწარმეტყუელებად და სიტყუად ენათა ნუ დაეყენებით. 40. ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ.

 
თავი 15

1. ხოლო გაუწყებთ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი გახარე თქუენ, რომელცა-იგი მიგიღებიეს, რომელსაცა ზედა სდგათ. 2. რომლითაცა სცხონდებით, რომელი სიტყუაჲ გახარე თქუენ, უკუეთუ გაჴსოვს, გარნა თუ ცუდად რაჲმე გრწმენა. 3. რამეთუ მიგეც თქუენ პირველად, რომელცა-იგი მოვიღე, რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, 4. და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს, 5. და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ, 6. და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის, რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისუენეს, 7. მერმე ეჩუენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა, 8. უკუანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა. 9. რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღრმთისათა. 10. ხოლო მადლითა ღმრთისაჲთა ვარ, რაჲ-იგი ვარ; და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა. 11. აწ უკუე გინა თუ მე, გინა თუ იგინი ესრეთ ვქადაგებთ, და ესრეთ გრწმენა თქუენ.

12. ხოლო უკუეთუ ქრისტე იქადაგების, ვითარმედ მკუდრეთით აღდგომილ არს, ვითარ იტყჳან ვინმე თქუენ შორის, ვითარმედ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს? 13. უკუეთუ აღდგომაჲ მკუდართაჲ არა არს, არცა ქრისტე აღდგომილ არს. 14. უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ცუდად სამე არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი. 15. ვიპოვენით უკუე ცრუ-მოწამეცა ღმრთისა, რამეთუ ვწამებთ ღმრთისათჳს, ვითარმედ აღადგინა ქრისტე, რომელი არა აღადგინა, უკუეთუ ნანდჳლვე მკუდარნი არა აღდგებიან. 16. რამეთუ უკუეთუ მკუდარნი არა აღდგებიან, არცა ქრისტე აღდგომილ არს. და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი; 17. ცოდვათავე სამეღა შინა თქუენთა ხართ აქამომდე. 18. და შესუენებულნი იგი ქრისტეს მიერ წარ-ვე სამე-წყმდენ. 19. უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ. 20. ხოლო აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა. 21. რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი, და კაცისა მიერ - აღდგომაჲ მკუდართაჲ. 22. და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ. 23. ხოლო თჳთოეული თჳსითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა. 24. მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ჴელმწიფებანი და ძალნი. 25. რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა. 26. უკუანაჲსკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი, 27. რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა. ხოლო რაჟამს თქუას, ვითარმედ: ყოველივე დაამორჩილა, ცხად არს, რამეთუ თჳნიერ მისა, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი. 28. ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა. 29. უკუეთუ არა, რაჲ-მე ყონ, რომელნი-იგი ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? უკუეთუ ყოვლად მკუდარნი არა აღდგებიან, რაჲსაღა ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? 30. ანუ ჩუენ რაჲსა-მე-ღა ვიჭირვით ყოველსა ჟამსა? 31. მარადღე მოვკუდები, ვფუცავ თქუენსა სიქადულსა, რომელ მაქუს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. 32. უკუეთუ კაცობრივ მჴეცთა ბრძოლა-ვყავ ეფესოს, რაჲ-მე სარგებელ არს ჩემდა, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ? ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით! 33. ნუ სცთებით: განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი. 34. განიფრთხვეთ სიმართლით და ნუ სცოდავთ; რამეთუ უმეცრებაჲ ღმრთისაჲ ვიეთმე აქუს, საკდემელად თქუენდა ვიტყჳ. 35. არამედ თქუას ვინმე, ვითარმედ: ვითარ-მე აღდგენ მკუდარნი? ანუ რომლითა-მე ჴორცითა მოვიდენ? 36. უგუნურო, შენ, რომელი დასთესი, არა ცხოვნდის, ვიდრემდე არა მოკუდის. 37. და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი რომელ ყოფად არნ დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი გინა თუ იფქლისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რომელიმე თესლი. 38. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თჳთოეულსა თესლსა თჳსი გუამი. 39. არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუა არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ, 40. და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი; არამედ სხუა არს ზეცისათა მათ დიდებაჲ და სხუა არს ქუეყანისათაჲ. 41. სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუა დიდებაჲ არს მთოვარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა, 42. ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; 43. დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; 44. დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი. არს ჴორცი მშჳნვიერი და არს ჴორცი სულიერი. 45. ეგრეთცა წერილ არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად, ხოლო უკუანაჲსკნელი ადამ - სულად განმაცხოველებელად. 46. არამედ არა პირველად სულიერი იგი, არამედ მშჳნვიერი, მაშინღა სულიერი. 47. პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით. 48. ვითარცა-იგი მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაჲ, ეგრეთცა ზეცისაგანნი იგი. 49. და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ. 50. ხოლო ამას ვიტყჳ, ძმანო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ღმრთისაჲ დამკჳდრებად ვერ ძალ-უც, არცა ხრწნილებამან უხრწნელებაჲ დაიმკჳდროს. 51. აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ 52. მეყსა შინა წამსა თუალისა უკუანაჲსკნელითა მით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩუენ განვახლდეთ. 53. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ. 54. ხოლო რა ჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაჲ და მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ: დაინთქა სიკუდილი ძლევითა. 55. სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? 56. რამეთუ საწერტელ სიკუდილისა - ცოდვაჲ, ხოლო ძალ ცოდვისა - შჯული. 57. ხოლო ღმერთსა მადლი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. 58. ამიერითგან, ძმანო ჩემნო საყუარელნო, მტკიცე იყვენით და შეურყეველ და ჰმატებდით საქმესა უფლისასა. მარადის უწყოდეთ, რამეთუ შრომაჲ ეგე თქუენი არა ცუდად იყოს უფლისა მიერ.

 
თავი 16

1. ხოლო შესაწირავისა მისთჳს წმიდათაჲსა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიისათა, ეგრეთცა თქუენ ჰყოფდით. 2. ერთშაბათად-ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თჳს თანა დაიკრებდინ და იუნჯებდინ, რაჲცა-იგი განემარჯოს, რაჲთა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაჲ. 3. ხოლო რაჟამს მოვიდე, რომელნიცა-იგი გამოსცადნეთ წიგნებითა, ესენი წარვავლინნე მიღებად მადლისა მის თქუენისა იერუსალჱმდ. 4. და უკუეთუ ღირდეს ჩემიცა წარსლვაჲ, ჩემ თანა მოვიდენ. 5. ხოლო მოვიდე თქუენდა, რაჟამს მაკედონიაჲ განვლო, რამეთუ მაკედონიას განვჰვლი. 6. და, ვინ უწყის, თქუენ თანა დავადგრე, გინა თუ და-ცა-ვიზამთრო, რაჲთა თქუენ წარმგზავნოთ მე, ვიდრეცა ვიდოდი. 7. რამეთუ არა მნებავს აწ მგზავრ ხილვაჲ თქუენი; ხოლო ვესავ რაოდენისამე ჟამისა დაყოფასა თქუენ თანა, უფალმან თუ გჳბრძანოს. 8. ხოლო დავადგრე ეფესოს შინა ვიდრე მარტჳლიადმდე. 9. რამეთუ კარი განმეღო მე დიდი და შემწე, და მჴდომნი მრავალ არიან.

10. და უკუეთუ მოვიდეს ტიმოთე, იხილეთ, რაჲთა უშიშად იყოს თქუენ თანა, რამეთუ საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე. 11. ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი, და წარმომიგზავნეთ იგი მშჳდობით, რაჲთა მოვიდეს იგი ჩემდა, რამეთუ ველი მას ძმათა თანა. 12. ხოლო აპოლოჲსთჳს ძმისა ფრიად ვჰლოცევდი მას, რაჲთამცა მოვიდა თქუენდა ძმათა თანა; და არა სამე იყო ნებაჲ, რაჲთამცა აწ მოვიდა, ხოლო მოვიდეს, ოდეს მოიცალოს. 13. მღჳძარე იყვენით, მტკიცედ დეგით სარწმუნოებასა ზედა, მჴნე იყვენით და განძლიერდით; 14. ყოველივე თქუენი სიყუარულით იყავნ.

15. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსი, და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი. 16. რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა და ყოველსავე თანა-შემწესა და მშრომელსა. 17. ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფურტონატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს, 18. რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნითმცა უკუე ეგევითარნი იგი.

19. გიკითხვენ თქუენ ეკლესიანი ასიისანი; გიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკჳლა და პრისკილა თანა-მკჳდრითურთ მათით კრებულით. 20. გიკითხვენ თქუენ ძმანი ყოველნი. მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა წმიდითა.

21. კითხვაჲ ჴელითა ჩემითა პავლესითა. 22. რომელსა არა უყუარდეს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, იყავნ შეჩუენებულ, მარანათა. 23. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ თანა. 24. სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა ქრისტე იესუჲს მიერ. ამინ.