რამ გაგაჩინა, ქალაო,
ლერწმად აჭრილო წელშია?
ნეტავი, ხელით შემახო,
შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია!
რომ დავიხოცნეთ, იქაცა
კიდევ გიპოვნი მკვდრებშია.
შენს იქით, ვინ სთქვა, რო იყოს
ქალი, კაცი და ქვეყანა?..
ოღომც-კი შენთან მამყოფე, —
თუნდ ბინას დავსცდე თემთანა,
მოვკვდე შენს დაუტირებლად,
თუ შეგადარო მზესთანა!
თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი,
მზემ ტანთ ჩაიცვას შავები,
ისეც მზეობას მიზამენ
შენი ფოფინა თვალები!