მრწამს, მარად მიწამებია
მუდმივ სიცოცხლე სულისა,
კარგისა, ქვეყნის მოყვარის,
ქვეყნის ბედისგან წყლულისა.
მრწამს, ფერფლნი კარგის გულისა
ქარმ რო გაფანტოს ხმელადა,
თითოში მაინც ენთება
ტიალ-სურვილი ცხელადა, -
ავის მჩაგრავად, კეთილის
მუდამ იქნება მცველადა;
ბეჩავის, გაჭირებულის
მომხმარედ, მეშვლად, მხსნელადა.
კარგს გულს არა ჰკლავს ბუნება,
თან დააქვს ძველის-ძველადა!