(სიმღერა)

მოფრინდა უცხო ფრინველი
და დამტრიალებს თავზედა.
არც არწივია, არც ქორი,
თუმც ორივეს ჰგავს ხმაზედა,
აბია შიბი ოქროსი
ოქროთ დაფერილს ბჯღალზედა,
მაზედ მობმული ბარათი
ალს მომიმატებს ალზედა.

შავეთით მოწერილია,
გადმოტანილი ქარისა:
„ჩემთვის ნუ სტირი, საწყალო,
ჩემი სამყოფი ჰყვავისა,
გვიმღერის ტკბილს სიმღერებსა,
შოთაც გვერდითა გვყვავისა.
ტახტზე ბრძანდება თამარი,
დილის ცისკარსა ჰგავისა.
ვახტანგს მოურჩა წყლულები,
იმედიცა აქვს ხმალისა.
დავითმა ნება აიღო
კავკასის ერთა ზავისა.
სულ გარს მარტყია გმირები
იმ გარდასრულის ჟამისა...
აქ სდგება, უფლის საბჭოში,
დადგენილება ამისა,
არჩევენ გათენებასა
კვლავ სამანდაო ღამისა.
საბრალო შენ ხარ, ბეჩავო,
თავი მოიკლა ლამისა“.