(პასუხად ბაჩანას)
მთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ,
როგორაც შენა გგონია.
მისი ნათქვამი, ნაგრძნობი
მე სულ სხვა გამიგონია.
გაცვრცილმა, ნაცემ-ნაგვემმა,
აღშფოთებულმა ფრიადა,
ისევ თავს უთხრა: “დამშვიდდი,
გულო, რამ აგაზვიადა?!
მომთმენი, აუჩქარები,
ამწონ-დამწონი საქმისა
კი არ გამხადო მსხვერპლადა
შენ შემთხვევითის წამისა.
სურვილი მალეობისა
მოსაწონია თავისა?
ერთი წელი და ათასი
ბარდაბარია ჟამისა.
მაშ ჩვენი ტანჯვაც ჩავთვალოთ
სიბნელედ ერთის ღამისა.
გვიან აყვავდეს, იგი სჯობ,
ხილ-ხული ჩემსა არესა,
მინამდე ადრე, და დაზრეს,
დღეს იგემებდეს მწარესა,
ცარიელს ტოტებს უშვერდეს
ცაზე გადმოსულს მთვარესა.
არ მომწონს ფაცი-ფუცობა,
სულ-სწრაფთ, უმეცართ ხელობა:
თუ სამერმისოს კარგს ვხედავ,
დღევანდლის დღისა მწველობა
სურდოდ მაჩნია, ჭლექისა
იმას არა აქვს ნიშანი,
ოღომც გვეჭდიოს გულში ღრმად
ყველას მომავლის მიზანი,
მოვრწყოთ ნაღვაწით, ოფლითა
ჩვენის სამშობლოს მიწანი!”
აჰღელვებულხარ ძალიან,
თავის ძმა ვეღარ გიცანი!
რომ მომავალი ჩვენია,
ამას რად უნდა მისანი!?