(სიმღერა)

მემღერება და ვიმღერი, -
გულზე მჭირს სამი იარა:
წარსულზე ფიქრი მაწუხებს,
აწმყოში არა ყრია რა
და მომავალის ფიქრებიც
არავინ გამიმზიანა!
ნისლებში გახვეულია,
ოდნავა ბჟუტავს ვარსკვლავი,
ვეღარ ვაშორებ თვალებსა,
ერთხელ იმისი მნახავი,
დაჟინებულის მის ცქერით
შევიქენ დასაძრახავი.
გულში კი წყლული იზრდება,
სულსა მიხუთავს, მაღონებს,
სიკვდილი არა მწადიან,
თუმც ტანჯვა სიკვდილს მაგონებს
და ჩემი ყოფნა ასეთი
საწყალს ამირანს მაგონებს.
ხმალიც გვერდს უძე, გოშიაც
ერთგულადა ჰღრღნის რკინასა;
არც ხმალი მოდის გმირთანა,
ვერც თითონ სწვდება იმასა.
გაღრღნილი ჯაჭვიც მთელია,
ჰხედავს მეორე დილასა;
სწვავს ტანჯვა-ვაების ცეცხლი
პატრონს და იმის ბინასა:
მომავლის სხივი აქარვებს
გმირის ოხვრას და გმინვასა.