I

მეტად ამაყია ჩვენი მამალი: ეზოში მედიდურად დადის, დროგამოშვებით შედგება და დაიყივლებს; ჯიჯლიბო გვერდზე გადაუგდია, როგორც თავმომწონე ბიჭი გადიგდებს ხოლმე ქუდსა. საყივრები ხმლებივით ბოლოდამ უკანა აქვს გადაშვებული, თითქმის მიწაზე მიათრევს. მტრის მოსაგერი დეზები შემოკაუჭებული აქვს; ეს დეზები შუბი და ლახვარია, მტრის გასაგმირად დამზადებული. ვაი იმ უცხო, მეზობლის მამალს, რომელიც ჩვენს ეზოში შემოსვლას გაჰბედავს: ჩვენი მამალი დაუხვდება წინ და შეუტევს, როგორც ლომი, აუტეხს შემოსულს მტერს მედგარს ომს. სასიკვდილედ შეებრძოლება ჩვენი მამალი მტერსა. გაიმართება მამლებ შორის ფარ-ხმლის ტრიალი: ქვეყანა შეიძვრის იმათ ბრძოლისაგან, მზე დაბნელდება მამლების ფეხთა ანადენის მტვრისაგან. ერთად შეგროვილი დედლები ანწლებში, ღოლოებში ან ჭინჭოებში გულისფანცქალით თვალს ადევნებენ ამ ორის გმირის ბრძოლას, ხანდახან აკუტკუტდებიან, ღმერთს ევედრებიან: – „ღმერთო, შენ გაამარჯვებინე ჩვენს მამალს, დაამარცხებინე ეგ ვიღაც უცხო მამალი მოთრეულა; აქ, ჩვენ თვალწინ, ჩვენს ეზოში პამპლაუშობს და ჩვენზედ გაბატონება მოსწადებია“. მამალმა კარგად იცის, რომ დედლებს ის პატრონად მიაჩნიათ და თავგამოდებით იმიტომ იბრძვის, იბრძვის, თანაც თვალი და თვალი დედლებზე ჰრჩება: მოსწონთ თუ არა ჩემი ბრძოლა, ჩემი ვაჟკაცობა. უნდა მაშინ ნახოთ ჩვენი მამალი, როცა გაიმარჯვებს, – ან კი როდის არ გაუმარჯვნია! – როგორ ამაყად, მეფურად გაივლ-გამოივლის, ეზოში იქნება, თუ კალოში, გაიბღინძება, მკერდს წინ გადმოიშვერს, საყივრებს დასწევს, ყელს მოიღერებს და, რაც ძალი და ღონე აქვს, დაიყივლებს და დაიყივლებს: გაიგე, მთაო და ბარო, ცავ და დედამიწავ, რომ გავიმარჯვე! დაუძახებს და შემოირტყამს გარეშემო დედლებს და ეუბნება იმათაც: – „გაიგეთ, დარწმუნდით თქვენც, ქალებო და ქალბატონებო, რომ გმირი ვარ, გმირი, უძლეველი გმირი! ნუ გეშინიათ, სხვის ხელში არ ჩაგყრით მე, თუ ცოცხალი ვარ და სული მიდგა; მიწამ არ უნდა შეჭამოს ჩემი მკლავები, რომ ვერ გიპატრონოთ, ვერ მოგიაროთ!“ – ვიცით, ბატონო, ვიცით, – უპასუხებენ დედლები, – იმიტომ გვიყვარხარ, რომ ეგეთი გმირი ხარ და კარგი ჩვენი პატრონი, უშენოდ ერთი დღეც ნუ გვაცოცხლოს ღმერთმა. – შენს ჯიჯლიბოს, ნისკარტს და დეზებს ვენაცვალე! – ეუბნება ერთი, წვრილი თვალებით მოკირწყლული თალხს კაბაზე, ღაბუა ნაცარა ვარიკა, რომელიც ყველაზე მეტად ეწონება და ეფერება მამალს, რომ მუდამ ამის მზრუნველი და მფარველი იყოს და სხვებში გამოარჩიოს. დედლები იგონებენ მამლის მაშინდელს სიმამაცეს, როდესაც ქათმებს ქორმა დაუტია. ამ გაუმაძღარმა ფრინველმა ერთს დედალს გაჰკრა ბრჭყალი და მამალმა კი დაატოვებინა… ეს ამბავი ასე მოხდა. სწორედ გარიჟრაჟზე ჩამოფრინდა მამალი ქანდარიდამ, თან მოჰყვნენ დედლები და უცდიდენ პატრონს, რომ საკენკი დაეყარა ქათმებისათვის; დასეირნობდენ ეზოში, ფრთებს ისწორებდენ… მამალი მედიდურად მიდი-მოდიოდა და ქათმებს არიგებდა, რომ არ გაფანტულიყვნენ. სწორედ ამ დროს დაუტია ქორმა, დაეხურა ერთს მსუქანს დედალს, უნდოდა წაეღო. გადახტა მამალი, შეუტია ქორს და გაჰკრა დეზები. ქათმებმა ასტეხეს წიოკი, ტირილი და ჩივილი: „ვაჰმე, ქორი, ვაჰმე, ქორიო!“ – გაისმოდა. მამალი და ქორი შეიბნენ, დიდხანს იბრძოლეს; მამალი გულადად იყო, მაგრამ ქორმა დასძლია, რამდენსამე ადგილას დაგვიჭრა, – ეს წყლულები დღესაც ეტყობა ჩვენს მამალს: ერთი იარა კიდეც მოურჩა ნისკარტის ძირზე; მეორე ჯიჯლიბოზე ეტყობა, ცალი კბილი ჯიჯლიბოსი მოგლეჯილი აქვს; მესამე ჭრილობა ბიბილოზეა, რომელიც შუაზე აქვს გახეთქილი… ის-ის იყო, თითქმის ქორს უნდა დაეძლია მამალი, შეერცხვინა დედლებთან და, ვინ იცის, იქნება შეეჭამა კიდეც, მაგრამ დედლები მიეშველნენ თავის ბატონ-პატრონს, თავის მეუფეს… ქორმა, ნისკარტგაღებულმა, დაუქშია დედლებს და გაფანტა; დედლებისაგან გამხნევებული ერთხელ კიდევ მოახტა მამალი, მაგრამ ამაოდ: ქორმა ყანყრატო დაუჭირა და გაითრია. საქმე გაჭირდა, იღუპებოდა გმირი, დიდის ოჯახის და ცოლ-შვილის პატრონი ვაჟკაცი… სწორედ ამ დროს გამოხტა საიდამღაც ჩვენი კატა და გაექანა მამლის მისაშველებლად. რა ნახა ქორმა კატა, ანება თავი მამალს, ელვასავით სწრაფად წამოხტა, გასწია და რა გასწია, – ენით გამოუთქმელია, როგორ შეშინებული მიათახთახებდა ქორი თავის ლეგა ფრთებს. ათი ვერსი დაუსვენებლად იფრინა. შორს, შორს, მთის ძირას, დაჯდა ერთს ვერხვზე და იქიდამ მუქარას უთვლიდა მამალს: – „მოიცა, მამალო, თუ შენი ჯავრი არ ამოვიყარო და ჩემებურად, ქორულად ნაბუერი და ბდღვერი არ აგადინო, თუ შენი დეზები აქ, ამ ვერხვის ტოტზე არ ჩამოვკიდო!“ მამალს ქორის ტრაბახი არ ესმოდა, გმირულად დასეირნობდა ეზოში დედლებს შუა და ყიოდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა: „მოგხვდა თუ არა, ქორო! მე მამალს მეძახიან, ეგ არაფერი, კვლავ უარესს მოელოდეო!“

II

ძველთაგან ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ციხეს რა გასტეხდა გარედამ, შიგნიდამ რომ არა ტყდებოდესო. რამდენი ომი გადაუხდია ჩვენს მამალს სხვა მამლებთან, და ქორთან ხომ ეს მესამედა ჰქონდა ბრძოლა, და მაინც კიდევ ვერ გასტეხეს მამალი: იმას ისევ მამლური გული შერჩა, მამლური მორთულობა და იარაღი. დღეს კი ლამის ეს საოცარი გმირი პამპულად გახდეს, დამცირდეს თავის ოჯახის თვალში. ან კი რაღა დამცირებაა საჭირო: თქვენი მტერი დამცირდეს და ჩავარდეს იმ ყოფაში, რა ყოფაშიაც ჩვენი მამალია დღეს. სახლში მამლის საუბედუროდ ინდაურები გაიჩინეს, – გაიჩინეს ეს აბლატი, ჩერჩეტი, კივკივა ფრინველები. მამალს, რასაკვირველია, არ ეჭაშნიკა ინდაურების ფარფაში ეზოში, იმათი ახმახი ტანი. განა მამალი იმიტომ იჭიმება, რომ სხვა ფრინველი გამობძანდეს ეზოში და გაუჭიმავად თითქმის ორჯელ მეტი სჩანდეს მამალზე?! ამას მამლის გული ვერ აიტანს, ეს უცხო ფრინველები ამის თვალწინ ჰკენკენ ქათმებთან ერთად საკენკს და აწიოკებენ კრუხ-წიწილას, უნისკარტებენ წიწილებს თავში. მამალი ამას ვერ დასთმობს, ვერა! იმას ძალიან უყვარს პატარა წიწილები, ფუნჩულა ბუმბულით შემოსილები რომ დაცუცუნებენ დაბლა და იძახიან: „წიაპ-წიაპო!“ წიწილებისა და იმათ დედების გულისთვის მამალმა რამდენიმე ინდაური ცალ-ცალკე გალახა. ბოლოს ინდაურებმა პირობა შეკრეს, რაკი თითო ვერას აკლებდა მამალს, რომ ერთად, კრებულად დასხმოდენ თავსა და ჩაექოლათ… ერთხელ გამარტოებით მოიგდეს და მიესივნენ ყოველმხრივ ჩვენს მამალს ეს ყუყუჩი ინდაურები; თან უშნოდა ხტოდენ და თანაც სცემდენ საცოდავ მამალს; მთელი ტანი დაუწყლულეს, დაქოჩრეს, ძალიან დაქოჩრეს, გასწიეს და გამოსწიეს. ჩვენმა მამალმა საოცარი, თუმც კი მოსალოდნელი, გმირობა გამოიჩინა და რამდენიმე ინდაური დასჭრა კლანჭით; მაგრამ რას გახდებოდა საბრალო გმირი მტრის ურიცხვს რაზმთან. მამალი თითქმის სულ გაატიტვლეს ინდაურებმა: საწყალს მხრის ძირებში და ორგან-სამგან გვერდებში თუ ეკრა ბუმბული, თორემ დანარჩენი ტანი მთლად გაუშიშვლეს, ჯიჯლიბო ნახევარი გადააფცქვნეს, საყივრები და თითქმის მთელი ბოლო მოაკვნიტეს. დღეს ამ ყოფაშია მამალი. საბრალო სანახავია სწორედ ეს ოდესმე ახოვანი, გულოვანი და ტანოვანი ვაჟკაცი. მტერსაც, ქორსაც კი შეეცოდებოდა, მაგრამ ინდაურებმა არ შეიბრალეს. მანამ მკლავში და მუხლში ძალა ჰქონდა მამალს, იბრძოლა და როცა დაიღალა, დაოსდა, არაქათი გამოელია, გატყდა, რაცრაცით და ბარბაცით გასწია დასამალად. ინდაურებმა დაჰკიჟინეს და დაესივნენ, მაგრამ ჩვენმა მამალმა ჭინჭრებში შეასწრო და ამით უშველა თავსა. ზედაც დიდი წვიმა დაუშვა; დასველდა, გაილუსკა, გაიყინა და დააწყებინა ბაგბაგი მამალსა. ამ ბაგბაგზე ბალღებმა მიაგნეს და გამოიყვანეს ნაომარი გმირი. მამალს სიარულის თავი აღარა ჰქონდა. – ვაჰმე, ვაჰმე, ჩვენო მამალო! – ტირილის ხმაზე ამბობდენ ბავშვები, – როგორ უცემნიათ საწყლისათვის მაგ ოხერს ინდაურებსა! აიყვანეს, წამოიყვანეს და დასვეს კერაში ცეცხლა-პირას. ჩვენს მამალს არ ესმოდა, არ იცოდა, რა ამბავი იყო იმის თავსა. მარტო ის ახსოვდა და იცოდა, რისთვისაც მიძვრებოდა ჭინჭრებში: დედლებმა არ დამინახონ შერცხვენილი, თავლაფდასხმულიო. დედლები უკვე ქანდარაზე ისხდენ გულშეწუხებული და მოუთმენლად ელოდენ მამლის მოსვლას. იმათ არ იცოდენ, თუ რა უბედურება ადგა მამალს. არ იცოდენ ბეჩავებმა, რომ მამალს ინდაურებმა ფარხმალი თავზე დაალეწეს. მამალი თვალებდახუჭული, ჩიჩაღვდაკიდებული, მხრებდაშვებული, თავტანსისხლიანი საცოდავად, გულსაკლავად იჯდა ცეცხლთან და თბებოდა. იმისი მნახველი ბალღები უფრო მამალზე მეტად დანაღვლიანებულნი შესჩერებოდენ მამალს და ეხვეწებოდენ ღმერთს: – „ღმერთო, შენ უშველე ჩვენს მამალს, მოარჩინე, გაანთავისუფლე წყლულებისაგან, რომ მტრების ჯავრი ამოიყაროსო!“ ერთ-ორ თვეს ცალკე დაბმას და კარგად ჭმევას უპირობენ ბალღები მამალს.

არა უშავს რა, მამალი
მაინც გმირია, მაინცა,
თუმცა კი მტრისა სიმრავლით
მისი დიდება დაიქცა…
ერთხელც იქნება მორჩება,
ყელს მოიღერებს გმირია,
საგათენებოს იყივლებს:
„ყველამ დავიფთხოთ ძილია!“
მთა-ბარსაც აათამაშებს
მამლის ქამანჩა-სტვირია:
„ადეგით, აიშალენით
და დაიბანეთ პირია!“
მითქვამს და კიდევაც ვიტყვი:
მამალო, რასა სტირია?!
ინდაურების სკერტვამა
როგორ გაგტეხა გმირია?


1890 წელი