I

რა უდაბური ჭალაა,
როგორ დიდრონი მთებია,
მაგრამ სოფელი არსად ჩანს,
არსად სავალი გზებია!
ჭალაში ერთი ქოხია,
შამბმოხვეული გარზედა;
გვერდს უდგა დიდი ჭანდარი,
ქოხს დასცქერია თავზედა
ტყესავით იდგა მის გარსა
დიყი და შუპყა მწვანია;
კაცის ხმით არა ხმიანობს:
ჭალა, ველები, მთანია.
მთათა და ნადირთ ჟრიამულს
ეს მხარე შაუჭამია.
სთვლობით გულ-გაცოფებულმა
ირემმა დაიღრიალის;
ან მოსქდის ზოვი მთიდამა,
დაიძრის დაიხრიალის:
ახავლდის შველი დამთხვარი,
კოდალამ დაიკრიალის;
ჭალას აძრახდის ხოხობი,
ზარივით დაიზრიალის;
ზღაპარს უამბობს ნიავი,
ფოთლებმა დაიშრიალის.
ამ არემარეს სთელავდენ
მარტო ნადირნი ტყისაო
და მწყემსი ქალი, ობოლი,—
ყვავილი ედემისაო...
ეტყობა მიწას ლამაზი
ნავალი ეთერისაო.
ქოხს ოთხსა მხარეს არტყია
დიდი ბარდები ბურჯადა,
ზედ ყვავილები ჰყვავიან
წითლად, ყვითლად და ლურჯადა.
ღამ-ღამ აქ მოდის ბულბული,
მოსთქვამს დაკარგვას დისასა;
თან ატანს გულის ვარამსა
ნიავს, მონაბერს მთისასა;
რა გულდადებით ყურს უგდებს
ეთერი იმის სტვენასა,
მიმჯდარი ქოხის კარებთან,
როგორ იფხიზლებს სმენასა!
“გენაცვლე, ჩიტო, — დუდუნებს, —
ლამაზად ჰხმარობ ენასა...
ნეტავ რას ამბობ, ვიცოდე,
ნეტავი გამაგებინა;
შენსავით გული უფალსა
ჩემთვინაც ჩაადებინა!
ან მკვდარსა შენი ტკბილი ხმა
გულზე ქვად დაადებინა.
ნეტავ ბულბულად მაქცია,
შენთან ვიფრინო ველადა...
ტიტველი აღარ ვივლიდი,
დაღონებული ყველადა,
და მოვრჩებოდი ამ ბებერს,
ჩემთვის გაჩენილს გველადა!”
დილაა ისევ,სისხამი,
ნამი ხშირად ძევს ნამზედა...
ნახშირის ფერი ბებერი
ბობოქრობს ქოხის კარზედა...

II

დედინაცვალი (ეთერს)

რა ხანი არის გათენდა,
ადე გარეკე საქონი.
რას გეცრემლება თვალები,
რა გაგხდომია საგონი?
რას ეშმაკს დაუჭერიხარ,
გამაგებინა ნეტარა?..
გასწყდა ცხვარ-ძროხა სიმშილსა,
შე მეხ-დაკრულო, მედგარა!
ხო მხედავ, მუხლი არ მომდევს,
თვალთ ვაჭრეინებ ვეღარა...
რა გაქვის საფიქრობელი,
ნეტავ ვიცოდე, მაგდენი?
თან-თან ეშმაკად მაიქეც,
გაგიწყრეს ჩემი გამჩენი!

ეთერი

ვაჰმე, რა ძნელი ყოფნაა
ყოფნა, სიცოცხლე ობლისა!
სრულ წყევა-კრულვა ჩემს თავსა,
არსად ალერსი მშობლისა!
ნეტავ ან სახე მახსოვდეს,
ან ხმა მახსოვდეს დედისა!
ნეტავ ტირილით შამეძლოს
შეცვლა ამ შავის ბედისა!-
დღე-და-ღამ ფეხზე ყუდილი,
გადაყრა წვიმა-შხეპისა,
სიმშილი, ლალვა ნადირთა
თმენა ლანძღვის და ტყეპისა!
რა ლანძღვა მინდა,რა კრულვა
დალახვრულს შავის დღისაგან,
წილ-ბედ დალეულს სოფელში,
თავდანებებულს ღვთისაგან!..
წამოდგა ქალი ეთერი,
მთვარე ამოჰყვა პირზედა;
თავით ბალიშად ქვა ედვა,
ლეიბად — შამბი ძირზედა.
თვალებში ჩაჰქსოვებოდა
ზღვა-ხმელი ერთიანადა,
მთელი ქვეყანა შიგ ბრწყინავს
თავის ხატ-ღმერთიანადა.
გვირგვინად ტრფობა დასდგმოდა,
სხივს გვფენს წამწმების ხიდითა,
ცასა და მიწას მადლს ჰფენდა
უხვებით კიდის-კიდითა;
ყელი მიუგავს ჯერანსა,
გამომალებულს მინდვრითა.
ტანთ შავი ჯუბა აცვია,
შავი მანდილი თავზედა,
ვერ ჰნახავ ერთ მძივს, ან ღილსა
ეთერის ლერწამ ტანზედა;
მხოლოდ ყაპყატოს კალათა
გადაუგდია მკლავზედა.
ცხვარ-ძროხას კარი გაუღო,
გაჰყვა ნაბიჯით ნელითა.
ეხლა-ღა ვნახე გიშრის თმა
მიჰქონდა ეთერს წელითა:
სარტყლად წელს ნაწნავნი ერტყნენ
ორ-პირად, როგორც წნელია...
გაუშვას თავისუფლადა,
თან სატარებლად ძნელია;
ტყეში ან ჯაგი გაებას,
ან მოეჩვენოს გველადა!
ცოდვაა თმების დაწყევლა
პატრონისავე ხელადა!
მიტომ ირჩია გოგომა
თმა წელზე რტყმოდა წნელადა...
თავდახრით მიჰქსოვს წინდასა,
თან დაჰღიღინებს ნელადა.
რა კარგი სანახავია
ქალი, გასული ველადა!

III

გარეკა ცხვარი და ძროხა
ვერხვიდან გორის ძირასა,
დიდის მთის კალთა რო მოსდგამს
და სხვანიც წვანან მზირასა.
იდგა ჭანდრების ჩრდილშია
დიდის მდინარის პირასა;
ძაღლების ყეფა მოესმა,
ჰყეფდიან ხშირა-ხშირასა.
ისმის კივილი...კაცები
აყვირებდიან სტვირებსა...
ნახა, — მორბოდა ირემი,
ეფარებოდა თხილებსა.
ცხენ-და-ცხენ მოსდევს ჭაბუკი,
ისრებს მოუსვრის მწკრივასა;
ხარი ირემი წაიქცა,
შედგა თავსა და ყირასა.
ეთერი სულგანაბული
ეფარებოდა წბილასა.
თვალი შაასწრო უცნობმა,
შედგა, უცქერდა შტერადა;
ხელი მიეპყრო შუბლზედა,
თავი გადეგდო ცერადა;
ირემი დაჰვიწყებოდა,
ხედ ქცეულიყო ხმელადა.
ბალახით გამოსხლეტილი
ცეცხლი თუ მოჰხვდა მწველადა!
ქალი იწვება სირცხვლით,
ვერ იხედავდა, ვერადა;
ყმამ გადაყარა ისრები,
მშვილდიც, ნაჭერი ხელადა.
კრძალვით გადმოხტა ცხენიდამ,
მიდის მთრთოლარის სახითა,
შაქრიანს ეტყვის სიტყვასა
შუბლშეკვრით სახით მკვახითა.
დნებოდა ქალი, ვით გნოლი,
ქორ-შავარდენის ნახვითა.
ეალერსება გოგოსა
კაზმული ძვირის კაბითა;
ეალერსება გოდერძი
ეთერსა ტკბილის ენითა;
ესაუბრება წყნარადა
სიტყვებით გულსაკბენითა.

გოდერძი

ნუ მიწყენ, ქალო, ვისი ხარ?
ტყე-ველთ რას დაიარები?
დედა არა გყავს, ან მამა?
ტანზე რადა გცვავ ჩვარები?
ეთერი ამ დროს მუნჯობდა,
ეჩვენებოდა ყრუადა.
გოდერძიმ არ დაიჯერა,
ხმალი უქნია ყუადა:
“ნამდვილ მეჩვენე, რაცა ხარ,
თორო გაგჭერი შუადა!”

ეთერი

რა გითხრა უცხომ უცხოსა,
ეგ სადაური ძალია?
რა შნოებაა ვაჟკაცის,
ქალზე იხმაროს ხმალია!
რა დავაშავე ისეთი,
რა მაქვს ისეთი ბრალია?

გოდერძი

მითხარი მაინც გეთაყვა,
ვინა ხარ, ვისი ქალიო?
მითამა დაღლილისათვის
გისმევავ ჩემთვის წყალიო.

ეთერი

მე არც დედა მყავს არც მამა,
არცავინ თვისის ტომისა,
ჩემი ძმები და დედ-მამა
მსხვერპლნი გამხდარან ომისა.
აი ეს ერთი ქალი ვარ,
მყავს დედობილი ბერია;
ვმწყემსობ,ცხვარ-ძროხას ვაძოვებ,
ხელთ ჯოხი დამიჭერია.

გოდერძი

იქ რას გაჰხედავ? სხვაკნისკე
თავი რას გაგიჭერია?
ცუდი ხომ არა მითქომს-რა,
რად მალე გამიწყერია?!
მიტომ გულდიდობ,რომ მთვარე
თვალებში ჩაგიწერია?
მენაც კაცი ვარ შენფერი,
განა მძორი და მტვერიო?
ამასთან, ღმერთმა ხომ იცის,
არა ვარ შენი მტერიო.
ქალო, ეხლა გთხოვ იმასა,
მითხრა სახელი შენია;
შენს სიტურფესთან იქნება
ისიც რამ შესაშვენია!

ეთერი

ახლა სახელსა ჰკითხულობ,
კი მაინც არა გრცხვენია?

გოდერძი

შენის დედ-მამის ცხონებას,
შენთ ძმათ სულთ განათლებასა,
მითხარ, — გულს ნუ მომიმატებ
დარდსა და მწუხარებასა.

ეთერი

ეთერი მქვიან... რად გინდა
ჩემი სახელი წყეული?
რაც-კი რამ სახელებია,
ყველაში გამორჩეული?
ხომ იცი რაა “წაეთერ”,
ხომა გაქვს გამორკვეული?
მაშ, მე ვინ მეტყვის: აბძანდი,
მეტყვიან — აეთერია,
ათას-ფრად,ათას კილოზე:
გაეთერ-წაეთერია!

გოდერძი

ეგრე უღმერთო ვინ არის?
რა არსებაა ისეთი?
შენებრ ტურფასა აწყემსებს,
ხატი არა სწამს ან ღმერთი?
შიშველ-ტიტველი რადა ხარ,
ცით ჩამოსულო მთვარეო?..
მოდი ერთს გეტყვი მისმინე,
ცოლად გამამყევ ბარეო!
მე ძე ვარ გურგენ მეფისა,
ესე ადგილიც ჩვენია.
გამამყევ, — უთხრა მეორედ:—
რად ჰკრთი, რად მოგიწყენია?
ორსავე გვზიდავს მუხლადი
ეს ჩემი შავი ცხენია
სიმწარით ყოფნას, არ გიჯობს,
იხილო ტკბილნი დღენია?
რა ლამაზი ხარ ეთერო,
რა მომხიბლავის ფერისა!
სალოცველია კაცთაგან
ფერფლიც შენთ ფეხთა მტვერისა.

ეთერი

ბეჩავს რა ელამაზება?
ვინ მისცა იმის ჟამია?
ტანთ არა აცვავ და ფეხთა...
დღეც იმისათვის ღამია...
იმის ყოველი ნაბიჯი
განგებას მოუშხამია.

გოდერძი

სთქვი რამა, შენი ჭირიმე,
გულისა მსალბუნებელი!
ეს ჩემი გულწრფელი თხოვნა
კი არას საწუნებელი?
ცოდვაა ოხრად დამჭკნარი
ყვავილი სასუნებელი!

ეთერი

ღირსი არა ვარ, ხელს გბანდე,
განაღამც გყვანდე ცოლადა;
მეფე ხარ, რატომ არ ჰფიქრობ?
საქმეს რად იჭერ ყროლადა?
მიგყევარ ჯუბიანაი,
მქონან ტიტველნი მკლავნია;
ხომ გაწყრა შენი დედ-მამა
და დაგემდურნენ ყმანია.
ამასაც გეტყვი, ვაჟკაცო,
იცოდე, საცოდნელია:
აღთქმა მივეცი უფალსა,
ფიცის გატეხა ძნელია;
აღუთქვი: — ქალწულად დავრჩე,
არ-როს შავირთო ქმარია;
ვიკმარო ესე ცხოვრება,
ტკბილი არის, თუ მწარია;
ვიარო მთასა და ბარსა,
ვაძოვო ძროხა-ცხვარია.
მთაში ნიავი დამატკბობს,
ბარად — ყვავილნი მინდვრისა;
სახლად და დასაფარადა
ხეები ტოტებს მიხრისა.
გარეთ ვარ დაბადებული,
გავზრდილვარ ნადირივითა;
არცა-რა მისწავლია-რა,
ემ კლდეთა ნაპირივითა...
ესაა, ვითმენ-ვაღამებ
ცხვარ-ძროხის ნახირივითა.
მეც ემ ბალახით ვსაზრდოობ,
რითაც ცხოველნი ყველანი,
დედინაცვალიც ავი მყავს,
იმისგან მესმის წყევანი...
ხშირად ტანთ არა მაცვია,
დავდივარ ფეხშიშველაო,
მაგრამ სიმდიდრე სიდიდე
ფუჭია ჩემთვის ყველაო.
ბევრს ნუ მაუბნებ, თუ ძმა ხარ,
ნუ დამაღონე ძნელაო.
ვაჰმე, რა ძალიან დამცხა,
როგორ ძალიან ცხელაო!
ნაწნავით ოფლსა შუბლზედა
ეთერი იწმენდს ნელაო.
თვალთაგან ცრემლიც ჩამოსხლტა
ვით მარგალიტი თლილია.
ცამ ჩამოხარა ღრუბლები,
წვიმამ დაალბო თხრილია.
თითო წვეთს თითო ყვავილი
ამოჰყვა როგორც ღილია;
ეთერი ჰქვიან სახელად
თვითეულს ყვავილთაგანსა,
იმათზე ტურფას ქვეყნადა
ვეღარა ჰნახავთ საგანსა...
ნეტავი ქვასა და ქვიშას,
ეთერის ცრემლით ნაბანსა!

გოდერძი

ოღომც შენ ნუ ასტირდები,
ცრემლით ნუ გაიბანები,
აღარას გეტყვი, ლამაზო,
წავალ და დავიკარგები.
მაგრამ სად წავალ ბეჩავი?
ვეღარსად წავალ, სწორია...
უშენოდ ჩემი სიცოცხლე,
მაღალ ღმერთს ვფიცავ, ჭორია.
ვერ გავძლებ, თავსა მოვიკლავ,
შენთვის რა მოსაწონია?
ცას ერთი ღმერთი ამშვენებს,
მემრე — მნათობი ორია...
და ქვეყნად მეფეთ დიდებაც,
ვფიქრობ, რომ მოსაგონია.
აი,ეს ძალა ჩემია
ქვეყნადა ფასობს მეტადა,
ტრფობის და ყველა სიკეთის
ჩვენ მეფენი ვართ მხვეტლადა;
უფალს ჩვენ დავუნიშნივართ
კარგ უკეთესის მკვნეტლადა;
ჩვენს ბრძანებაზე ათასნი,
ათი-ათასნი დადიან,
რასაც ჩვენ ვეტყვით, ისინიც
სწორად იმასა ჩადიან.
სიცოცხლე-მოწყურებულთა
ვჟლეტთ, თუ მეფეთა გვწადიან.
ჩვენ — მეფეთ — თავზედ ძლიერი
ქვეყნად არა რა გვგონია...
გხედავ და მიკვირს მეფის ძე
მწყემსმა ვით დამიმონია!
მიკვირს რით დაიმორჩილე
ჩემი გული და გონია?
მეფე შენა ხარ... გაუქმდა
მეფის ძალი და ღონია!
უარს ნუ მეტყვი, გეთაყვა,
მისმინე, შამიბრალია.
ცხენზე შაგისომ, წაგიყვან,
ჯვარსაც დავიწერთ ხვალია.
მეტი რა გინდა, არ ვიცი,
ვისზე გიჭირავს თვალია?
სასიყვარულოდ არ კმარა
განა მეფისა ძალია?
სახით არ ვარგვარ, თუ მკლავით?
გგონავ, არ მიჭრის ხმალია?
შენ რაზე უნდა მწუნობდე,
ცეცხლზე დამისხა წყალია?

ეთერი

კარგი ხარ, ძმაო, ლამაზი,
მზე, შემომჯდარი მთაზედა;
მიწაზე ცალი არა გყავს,
როგორც მზეს მაღლა ცაზედა;
ვაი, თუ მალე მოგწყინდე,
მალევ გამცვალო სხვაზედა;
ღვთის ფიცი გამატეხინო,
ჭირი მომიგდო კარზედა!
მთელმა გულით და ნამუსით
თავი ვიტკინო რაზედა?
შენი საფერი არა ვარ,
შენთან ვით დავჯდე ჯარზედა?!

გოდერძი

მაგ სიტყვას ნუ გამაგონებ,
ნუღარ ახსენებ დობასა,
ეგრე რად გეადვილება,
ღვთისას რომ ჰბედავ გმობასა?
ღმერთი გამიწყრეს, ეთერო,
ცოცხლად დამმარხონ მიწასა,
თუ შენს გარეით საყელოს
მე მოვეხვიო სხვისასა!
მიწა გამისქდეს, ჩამყლაპოს,
ტანზე მომედოს გენია,
თუკი დაკარგოს გოდერძიმ
გულით ტრფიალი შენია!
ღმერთი მრისხავდეს მაღალი,
მეფედ გამჩენი ჩემია,
თუკი შენ სხვაზე გაგცვალო,
სხვასაც მოვჭიდო ხელია.
არ იცი, ქალო უცდელო,
ტრფიალი როგორ ძნელია!
ქუდი რად მხურავ თავზედა,
ტანზე რად ვირტყავ ხმალსაო,
თუკი ტყუებას დავუწყებ
შენფერას ბეჩავს ქალსაო.
ან ფიცის, აღთქმის მოცემის,
განა ვინ მატანს ძალსაო?
თუ ავი მედვას გულშია,
არც-კი გაგცემდი ხმასაო,
ხმლის ყუას გცემდი და ისრე
შაგიყენებდი გზასაო.
ვისი მეკრძალვის? ჯარები
მრავალი მიდგა მზასაო.
ჩემს გულს ის უნდა, რომ შენი
გულიც აძლევდეს ბანსაო;
ჩემს ალერსს, ჩემს სიყვარულსა
არ გაურბოდე განსაო.
ისევა სტირის ეთერი,
დაბლა დაჰხრიდა თავსაო.
წამწმებს, დაწვდილებს შუბის წვრად,
ეთერის წამწმებს შავსაო,
ზედ მარგალიტი დაესხმის
შავის მელნის ტბის თავსაო
გული ქალისა გონებას
რადღაც არ აძლევს ზავსაო.

IV

შორით ისმოდა ძახილი,
სავირებს აყვირებდიან;
უმეფისძეოდ შინ წასვლას
ყმანი ვერ აპირებდიან.
აქით ხმა მისცა გოდერძიმ,
დიან მხლებლები მისია,
აავსეს წყლისა ნაპირი
და გარეშემო ტყისია.
ხელში ეჭირა ყველასა
მშვილდი ისარი ხისია,
ყველაზედ მეტად უხდებათ
ჩაბალახები მგლისია.
სპასალარს — ვეფხვის ტყავისა,
ვეზირთ — ჭიუხის თხისია.
ეთერს რა ჰხედვენ, ჰფიქრობენ:
“ნეტავ ეს გოგო ვისია?
ეს ქვეყნიური არ არის,
სწორედ ასული ცისია!”
მეფის ძემ ყმათა უბძანა:
დრო აღარ არის ცდისია.
მოემზადებით წავიდეთ,
აი ეს დავლაც ჩვენია;
ეს ჩემი ცოლი იქნება!
და დედოფალი თქვენია!
გოდერძიმ აღტაცებითა
ქალს გადაჰხვივა ხელია:
“მადლი ღმერთს, რაკი ამიხდა
ეს სანატრელი ჩემია”!
ეთერი სტირის იდუმალ,
ცრემლი ჩამოსდის ცხელია.
გოდერძიმ ყმებსა უბძანა,
მოერთმეინათ ცხენია.
მეფის ძე ცხენსა მოახტა,
ქალიც შეისო გავასა,
ეთერი წინანდებულად
აღარ უწევდა დავასა.
ყმათა დალოცეს ორივე
ბედითა ბედნიერითა,
უკრავდენ თავსა ეთერსა
მუხლმოყრით წესიერითა.
ღმერთს სთხოვდენ ცოლ-ქმრის დღეგრძლობას,
ვედრებით ნებიერითა.
მხოლოდა ერთი ვეზირი,
სახელად ერქვა შერია,
გოდერძის შემოჰხედნებდა,
როგორც მოსისხლე მტერია;
ვეზირი შესცქერს ეთერსა,
ფერი ფერადად სდიოდა,
ვერ ისვენებდა ერთს ადგილს,
აქათ-იქითა დიოდა.
დამნახველს ეთერისასა
ეხლავე გული სტკიოდა.
ვეღარ ჰბედავდა შეხედვას,
თუმც შახედნება ჰშიოდა;
ქალის სიტურფემ დააბა,
მუხლის ძარღვები სცვიოდა.
გარეთ არ იმჩნევს, გულში-კი
მეფის ღალატი ჰყიოდა.
გულში ჩაუჯდა შერესა
ეშმაკი ღალატიანი;
შეჰხვდა უწამლო ჭირადა
ქალი მკლავ-კალათიანი.
შური და სიყვარული ჰკლავს,
ცეცხლი სწვავს ალ-ათიანი.
ცხენებს და ჯორებს აჰკიდეს
ნანადირევი მრავალი:
ხოხობი, გნოლი, ირემი,
ფსიტი, კლდეებში მავალი.
ერთს ღამეს გამოიარეს
სამისა დღისა სავალი.
მღერის მეფის ძე გოდერძი,
მღერიან იმის ყმანია,
გაღმა-გამოღმით პირქუშნი
ბანსაც მისცემენ მთანია.
მხოლოდ არ მღერის ეთერი,
ცრემლი ჩამოსდის მთოვარი:
საქონელს გლოვობს თავისას
უფლისთვის შემათხოვარი;
ბატკნები, ხბორები დარჩნენ
ჯერ ისევ ძუძუმწოვარი,
ეთერის დანი და ძმანი
სათირებ-სალაღებიო, —
სთხოვს, —არ გახადოს უფალმა
ყოვ-ყორნის წასაღებიო.
ცაზედა ბჟუტვენ ვარსკვლავნი,
ქვეყანა არის ჭირითა.
ღამესა სძინავ ისევა,
ჯერ არ გამძღარა ძილითა.
ცას არ გაუხსნავ გულ-მკერდი,
შაკრული ცეცხლის ღილითა,
ჯერ არ შეცვლილა წყვდიადი
პირმოღიმარის დილითა.

V

თენდება. მზისა სხივები
მთის წვერებს ეფინებიან,
მთით ჭალას ჩამოსასვლელად
ფრინველნი ეღირებიან.
ლეშის საჭმელად ტივლები
ერთმანეთს ეპარებიან.
მალევ გაეგო ყორანსა,
დაჰსისინებდა ჭალასა,
დაჰლაღოოდა წყეული
აქ მომხდარ ხათაბალასა.
ეთერის ცხვარს და ძროხასა
დასხმოდა ჯოგი მგლებისა,
ჭალა აევსოთ ლეშითა,
ყორე დაედგათ ძვლებისა.
ფრინველთაც დენა დაიწყეს,
მოგელავება მხრებისა:
ორბი სივსივით მოვიდა,
სოვი დაუხვდა ქშენითა,
ლეშზე მჯდომარე ყაჯირი
ორივეს უცქერს წყენითა;
გავაზი ქორწილს ამშვენებს
ფიცხელის გადაფრენითა,
სისხლში ამოსვრილს კლანჭებსა
ვეფხვი ილოკავს ენითა,
დაუძახებლად მოსულებს
დათვებს იგერებს ღრენითა.
ეთერის დედინაცვალი
უცქერის ცრემლის დენითა
გატიალებულს საქონელს,
უვარგის მწყემსის ქცევითა.
ღმეჭილს პირს უფრო იღმეჭდა,
ეთერს ახსენებს წყევითა.
თავგადაგლეჯით დარბოდა,
მალი-მალ შედგის გორზედა
და გადაჰკივლის მაღლიდამ
დაბლა ჭალაზე სწორზედა.
ეთერის ნავალს ეძებდა
მწყობრად ამოსულს მოლზედა
და, მთის კუდებში ასული,
აცქერდებოდა ზოვზედა,
იქნებ იქ მაინც გაეგო
ეთერის კვალი თოვლზედა.

VI

მეფის გურგენის სრა-სახლი
იდგა დიდის ზღვის პირადა;
ქავი და ციხე-ბურჯები
გარს შემორტყმოდნენ ხშირადა.
მოქიშპე გურგენ მეფესა
გამოსჩენია ძვირადა.
გალავანს შიგით ბაღია
ფერად ყვავილით წყობილი,
იას და ნარგიზს გვერდს უდგა
ვარდი, სიტურფით ცნობილი,
ვარდს ხშირად ბულბული უმღერს —
მისი სატრფო და ძმობილი —
და ნარგიზს იადონი ჰყავს
ყელზე ყელ-გადაჭდობილი.
მეფე ბაღში ჩანს პირქუშად,
ჩიტთა გალობით სტკბებოდა,
დილა ადრიან სპასპეტიც
დაუბარებლად ჰხლებოდა.
ჩოქით სალამი მიართო,
მის წინ კრძალვითა სდგებოდა:
“ნუ მიწყენ მეფევ ძლიერო,
თქვენს უნებლიედ მოსვლასა,
მაქვს თქვენთან მონახსენები,
თუ სმენას მისცემ მოცლასა.
უნდა გახარო, მეფეო,
სახარობელი ძვირია,
თქვენმა ძემ ცოლი ითხოვა,
მთვარეს მიუგავ პირია.
თქვენის ძის ბედად მოსულა,
სამოთხე გაუწირია.
თვით ღმერთსა სასძლოდ თქვენთვისა
ეთერი შაუწირია.
ისეთი არის, მეფეო,
მაღალს ღმერთს ვფიცავ ცისასა,
რომ ცილობასა გაუწევს
სიმშვენიერეს მზისასა.
არ ვიცი, მსგავსი იმისი
ჰლახავს-ღა ვინმე ქვიშასა,
ან ჩვენს შემდეგ-ღა იგემებს
გემოსა დედის რძისასა?!
ქვეყანა სხვას ვეღარ ჰნახავს
სიტურფეს ეთერისასა!
იქნებ გეწყინოს, უშენოდ
საქმე რად დაუჭერია,
მაგრამ თუკი ღმერთს, მეფეო,
თქვენს ბედად დაუწერია,
ხომ ვიცით,ბედი ყველასთვის
ღმერთს ადრე გაუწერია!”
ამის გამგონეს მეფესა
პირზე ეცმევა სუდარა,
ეწყინა ესე ამბავი
და სპასალარის მუდარა.
იკითხა: მეფის ქალია?
სისხლით ვინ არის ჯიშითა?
—ეგ რომ არ ვიცით მეფეო,
ვინა ჰკითხავდა შიშითა?
ტყეს ჰპოვა წამოიყვანა:
მოსწონებოდა ძლიერა
და დღესაც ისევე უცქერს
თვალით და გულით მშიერა.
კაცნი რას ვიზამთ ხელმწიფევ,
თუ საქმე ხდება ღვთიერა!

მეფე (სპასპეტს)

უბძანა: “ლომო, რას ამბობ,
ნუღარას მეტყვი, ნუღარა!..
წადი და ჩემს შვილს უთხარი
მამის წყრომა და მუქარა:
როგორ გაბედა უჩემოდ
საქმე საძნელო ფრიადა,
მე მეფე აღარ ვგონივრ,
იქნებ მივაჩნდე შვრიადა?!
შენ იცი, ლევან მეფესა
მივეცი ადრევ ფიცია,
აკვნიდამ ჩემი გოდერძი
მის სიძედ დანამტკიცია.
ბალღივით აღთქმა გავტეხო,
მეფისთვის შენაფიცია?
წადი და უთხარ, სპასპეტო,
რაც რომ ჩემგანა გსმენია.
შვილის ურჩობას ვერ დავსთმობ,
არცა-რა დასათმენია.
უნდა რომ ჯიში შებღალოს
ჩემთ მამა-პაპათ ძველია!
მაგას ვერ დავსთმობ, სპასპეტო,
ეგ დასათმობად ძნელია.
ან შენგან მაგგვარი თხოვნა
რა ჭკუაში მოსასვლელია?!
წადი და უთხარ ჩემს ძესა,
რომ უხედნელი კვიცია,
უთხარი, მამაშვილობას,
რომ მე აღარა ვიცია.
უთხარი, აღარ მეჩვენოს,
აღარა ვნახო თვალითა,
ან ისარს დავკრავ პირშავსა,
ან შუა გავკვეთ ხმალითა.
ვასწავლი, როგორი არის
მოქცევა თავის ძალითა”.
წაბრძანდა მეფე სასახლეს,
სად ედგა სავარძელია;
სპასპეტმა ფეხი უკუდგა
მეფისგან შენაწყენია.

VII

გოდერძიმ სახლი აიგო
მამისგან უარყოფილმა,
კერძო იჩინა მან ბინა,
ვით უკანონოდ შობილმა.
დაკარგა მემკვიდრეობა,
ტახტის მემკვიდრედ ცნობილმა.
მაინც თავს ბედნიერად რაცხს
ეთერის მფლობელობითა,
არ იტეხს გულსა ქალზედა
ქვეყნისა მგმობელობითა.
დიდნიც მიუდგნენ მეფესა,
იმასთან ერთად სწყრებიან;
ნამეტნავ, როცა მეფესთან
სათათბიროდა სდგებიან
გოდერძისთანა შემბრალედ
მარტო დედა თქვეს მისრული, —
შვილისთვის მიერთმეინა
ფხაშეუშლელი მისრული, —
რძლისათვის — ოქრომკედითა
ნაკერი გულის-პირია;
არშიად ევლო გარშემო
მარგალიტები ძვირია.
სიუხვე მეფეებისა
ან-კი რა დასაყვირია!

დედა (გოდერძის)

შვილო ვერ დაგწევ, გოდერძი,
რაც უნდ საქმე ჰქნა ცუდია,
შვილი ხარ ჩემი ნუგეშად
ჩემს გულში ჩანაბჟუტია.
სხვა რა ვსთქვა: ღმერთმა გიკურთხოს
გვირგვინ-კავშირი, ბედია,
იფრთხილე, აღარ გადასთქვა,
რაც ერთხელ დაგიყბედია.
თავი არ გაიმსუბუქო,
რაც სიმსუბუქე გაკლია,
გადანაფურთხის ალოკვა
კაცისთვის დიდი ნაკლია!
ჯერ კარგი იყო, გეკითხა,
გეთხოვა ჩვენთვის რჩევაო,
უფალს დალოცვად შაესმის
შვილის დედ-მამის წყევაო.
შვილს არას აწყენს მშობლების
დარიგებისა ძლევაო.
შენ შეგვარცხვინე ლევანთან,
ნაფურთხი აგვალოკვინე;
შვილო, მოგვიგდე მდინარე,
მშობლები წაალეკინე.
დაგვარჩვე... სისხლი თავისი
წუმპეში დაალეკინე.

გოდერძი (დედას)

მე არც არავინ დავარჩვე,
არვინ წყალს წავაღებინე,
ჩემს ცოდვა-დანაშაულში
არცვის-რა გავაღებინე.
ჩემს გულსა მხოლოდ საწილო
თავისი ავაღებინე.
ჩემს მშობლებს გულის წადილი
უკანვე ჩავაგებინე.
ნეტავი გამაგებინა,
იმით რა წავაგებინე,
რომ ცოლი ისე შავირთე,
მშობლებს არ გავაგებინე.
გაჩენის ნება თქვენ გქონდათ,
გავჩნდი და მე ვარ, მეობით.
წადილი სხვა მაქვს და გრძნობა
გეკუთვნით მხოლოდ ძეობით.
რად გიკვირსთ, მე დავიწუნო,
რაც თქვენ გსურთ ანარჩეობით?
მგონი, წინათაც გითხარი
მეფის ლევანის ქალზედა,
რომ მე არ მინდა ის ცოლად,
ჯვარს არ დავიწერ მაზედა.
მე განა სიზმრით გავიგე,
თვითონა ვნახე თვალითა,
იქ ნადირობად ნამყოფმა
თვალი შევასწარ ჭალითა,
როცა ის გადმოსცქეროდა
ჩვენს ყაფაღობას სარკმლითა.
ან მამაჩემი რად მიკვეთს,
ან შენ რად სწყრები, დედაო?
ღვთის მადლმა, თქვენს სამავნებლოს
მე არაფერსა ვბედაო.
თუ ლევან მეფემ იწყინა
და აგვიტეხა შარია,
ჩვენც ვგონებ, კაცები გვქვიან,
ჩვენც საკმაო გვყავს ჯარია,
ვგონებ, რომ არ დაძაბუნდეს
ჩვენი ხმალი და ფარია.
მკვიდრია მაინც, დედაო,
ჩვენის სამშობლოს კარია,
ეხლაც ისევე დავიცავთ,
ვით წინათ დაგვიფარია!

VIII

გურგენი იჯდა სასახლეს,
კარში არ გამოდიოდა.
ნაღვლობდა შვილის ურჩობას
ცრემლები ჩამოსდიოდა...
თითქმის ორი თვე ატარა
ესრე ოხვრით და ვიშითა.
მსახურნიც ვეღარ ჰბედავდენ
მეფესთან შესვლას შიშითა.
მეფემ ერთს ღამეს მოიხმო
ნაზირ-ვეზირნი ყველაო,
შესჩივლა თავისი დარდი,
მოსთხოვა იმათ რჩევაო.
ბრძანა: “ხომ იცით ვეზირნო,
მე რაც გულს მაძე ლოდადა!..
ლევან მეფისა თავს დასხმა
არ მზარავს ბეწვის ოდნადა.
ის მიკლავს გულსა,რომ შვილმა
ჩემმა დაამცრო გვარია.
ცა რად არ ჩამოიქცევა,
არ სქდება მთა და ბარია,
უფსკრულს არ ჩაიყოლია
ვარსკვლავნი, მზე და მთვარია.
მეფის ძე მონას ქალთანა
ნეტავ რა შესაყარია?!
თქვენ ერთსა გკითხავ, რას ვეტყვით,
მირჩიეთ გულით წრფელითა,
რომ ჩემს შვილს უჯიშო ცოლი
გამოვაცალოთ ხელითა.
ჯერ შევაძულოთ როგორმე,
გულში მოვუკლათ ტრფიალი...
ვის როგორ მოგწონთ ეს აზრი
ჩემს თავში დანატრიალი?
ვეზირთ სთქვეს: “ფრიად კარგია,
კარგადა ჰბრძანებთ, სწორესა,
მაგრამ ეგ გრძნეულთ საქმეა,
ჩვენს ძალ-ღონეზე შორესა.
ვიკითხავთ ყველა კუთხეზე
მისან-მკითხავთა ყველათა;
ვფიქრობთ, ვიშოვნოთ წამალი
ტრფობისა დასაწველადა”.
— “მაგ საქმეს, დიდო ხელმწიფევ,
თვითონ მე ვიღებ კისრადა,
მისნებს ვიშოვნი, თუმცა მე
არ ვარ, არც ვიყავ მისნადა,
ძვირად თუ ისარს დავაცდენ,
რაც ამოვიღე ლიშნადა” —
შეჰკადრა მეფეს შერემა
ერთგულებისა ნიშნადა —
“მხოლოდ ერთს გკადრებ, მეფეო,
ნუ გამიწყრები ამაზე:
ცოტა გულჩვილი გახლავარ,
გულგრილი ავა-დავაზე;
არ მინდა ჩემის მიზეზით
ვისმე რამ წაუხდებოდეს.
გახსოვდეს, როცა თქვენს ძესა
და ეთერს გაუხდებოდეს,
ქალს ნურას ავნებთ, თქვენს მადლსა,
იმისი არა ბრალია,
მთა-კლდეთ გაზდილი მხეცებრივ
ერთი ბეჩავი ქალია.
თუნდა მე მომე, ნუ მოჰკლავ,
ცოდვაა, შეიწყალია”
— შენ გყვანდეს, — მეფემ უბრძანა,—
თუ შესძელ ნაბრძანებია,
შენ გყვანდეს, ჩემო შერეო,
მეფისგან ნაქრთამებია!
მწყობრადა თავი დაუკრეს
ვეზირთ და გავლეს კარები.
შერეს-ღა დაჰრჩა საქმედა
მეფისგან დანაბარები.
ხმლები შეირტყეს წელზედა,
ჩამოიკიდეს ფარები,
წესისებრ ძველთა დროთასა,
აივანს დანაყარები;
ხელში შუბები ეჭირათ
ტარგძელი, შესაზარები.

IX

ცხრას ზღვასა, ცხრას მთას იქითა,
უდაბურს ადგილს, მთიანსა,
სცხოვრობდა ერთი ბებერი
გამოქვაბულსა კლდიანსა,
გველი, შხამი და ბოროტი,
ყველას ის აძლევს ზიანსა.
ქაჯთათვის სული მიეცა,
ქაჯებში იყო გართული,
დევთა და ალთა შორისა
ზემოთა თავში ჩართული.
ქარს ის აჩენდა და ღვარსა,
სეტყვას და დელგმას მეხითა,
თუკი ერთს დაიწივლებდა,
ან მიწას სცემთა ფეხითა,
ხმელს მოხრილს ზურგზე დადგმულის
ეშმაკთ-ცხენაის კეხითა.
შავია, როგორც ნახშირი,
როგორც ფისი და კუპრია,
სუყველა იმაში ბუდობს:
ანგარება და შურია:
ერთხელ არ იტყვის, სხვას ვარგო,
მუდამ სხვის ვნება სწყურია;
ცოდვებით ვერ შაედრება
ქრისტეს გამცემი ურია.
თვალები ცეცხლისა უსხდა,
კბილები ჰქონდა მინისა,
ცალიერს ძვლებზე ზედ ეკრა
ტყავად ფურცელი რკინისა;
ფეხები ჰქონდა კაცისა,
ხელებად ბჯღლები ციცისა,
და, თმის მაგივრდ სულძაღლსა
მოკლე ფაფარი კვიცისა.
საცა რამ კეთილი ხდება,
სუყველა იმან იცისა,
და უცდის დრო მოუვიდეს
კარგის ჩამშლელის ქლინძისა.
ერთს დღეს ეს ავი ქმნილება
იჯდა მთათ შორის, ხევშია;
ძაფები სახათაბალო
იმას ეჭირა ხელშია.
ჩაჰკირკიტებდა ჯადოსა,
ორად მოხრილი წელშია;
ამ დროს აქ გაჩნდა შერეცა,
მაღლა გადმოდგა მთაზედა,
ცხენს მჯდომი გადმოსჩხაოდა
კუდიანს ბებერს თავზედა:

''შერე (ბებერს)

ჰეი, გრძნეულო, სადა ხარ,
მოხუცებულო, ხნიანო?
საქმე მაქვს შენთან საძნელო,
მინდა რომ გაგეხმიანო.
ვინძლო ეცადო, სულელი
მეფის ძე დაგვიჭკვიანო!

კუდიანი ბებერი (შერეს)

გურგენ მეფისა ვეზირო,
გულდაკოდილო შერეო,
რაღას მეძახი შორითა,
აქ, ჩემთან, ჩამეერეო.
ადრევ გაგიგე წადილი,
ორი კვირაა გელიო.
რას ჩამამყმუი გორითა,
როგორც მშიერი მგელიო?!

შერე (მიდის ბებერთან)

სალამი შენთან მოხუცო,
დიდის ჭკვა-გონებისაო!
მიშველე რამა, გეთაყვა,
ჭირი მჭირს ღონებისაო.
ჩემს სულს შენ მოგცემ, არ მცხვენის
მე იმის მონებისაო.
დღე აღარ არის ჩემთვის დღე,
სიცოცხლე მეშავეთება;
ხომ კარგად იცი შენაცა,
მჭირს ერთის ქალის ფეთება;
თავიდან გონი წამერთო,
დამთვრალი დაეღეტება.
ცოცხლად საფლავში ვიმარხვი,
ზედ შავი ლოდი მედება!..
რას ნიშნავს ჩემი ესეთი
უფლისგან გამომეტება?!

ბებერი

მე მაშინათვე გავიგე, —
რაწამს ეთერი ჰნახეო,
მეხად დაგეცა თავზედა
და მეც აქ ჩემთვის წყნარადა
დავკარ-დავაგე მახეო;
ჩემისა სულის სანთლადა
ჯადოც მყის გამო ვჩმახეო!
რა გინდა? მითხარ რას ეძებ
მითამ არ ვიცი, მითხარი,
რამ აგაღელვა ვაჟკაცი,
რად გტკივა გულის-ფიცარი?

შერე

რაღა ვსთქვა, განა არ იცი, —
ჩემი წამწყმედი ის არი,
იმან დამაბა, თვალ-მზემა,
გულს გამიყარა ისარი
სხვას ვერას გეტყვი, მოხუცო,
ვეღარას გეტყვი ვეღარა,
ენა მებმევა, სიტყვასა
ვერ გამოაგებს, ვეღარა.
ეკლებზე მძინავს რო ვწვები,
ვეღარ ვისვენებ, ვეღარა:
პური გველია, რო ვიღებ,
ყელს ვერ ვაცილებ ვეღარა
დაედვა გულსა ობოლსა
მკვდარის სიცოცხლის ბეგარა
და სულიც ასულებული
სასულეს ამამეჩარა!!.

ბებერი

ნუ კრთები, შერევ, ნუ სწუხარ,
ყური დამიგდე ბებერსა,
მალედვე მიგწევ საწადელს,
ხელში ჩაგიგდებ ეთერსა.
რაც მე გასწავლო წამალი,
იწამლე იდუმალადა:
ფეტვს მოგცემ, დევთა ნათესსა,
მოსულსა დევთა ჭალადა;
ის ურწყავს სისხლსა კაცთასა,
დევთაგან ნახმარს წილადა;
შიგვე დედის რძე ურევავ
ქაჯთი, მაცილთი კვალადა.
შიგვეა ფერფლი იმ სულთა,
ჩვენ რომელიც გვხვდა წილადა,
ვინც თავის მეუფესთანა
გამოჩნდა განაწბილადა;
შიგვე ლაფია იუდის,
ქრისტეს გამცემის სულისა
და ანაფხეკი სასყიდლად
მის მიღებულის ფულისა.
ან-კი რას მარგებს ბებერსა
ესეთი გახსნა გულისა;
დახე რომ ორგული ვხდები
ჩვენის გრნეულთა რჯულისა
დაგიწნავ ქაჯის ქალმანსა,
შიგ ჩავყრი, ჩავაწკრიალებ,
შიგ ჩავლეს გრძნეულთ სიტყვასა,
რა ენას დავატრიალებ,
საქმეს გავჩარხავ, გოდერძის
დავწოვ და ავაპრიალებ.
წაიღე მეფის ძის სახლის
საცა ლიბო და ძირია,
იდუმალ ამოაფარე,
არ დაუჩინო პირია.
ჰნახოდით მაშინ ეთერი
სიტურფით გასაკვირია!
ჰნახავთ, რომ მატლი დაედვას
ბროლს ყელზე ათასობითა,
თვალ-წარბს ჭიები უჭამდენ,
დასხმულნი კაპასობითა;
მკერდზე გველები გადერტყას
ძუძუზე ჰლოკდენ ენითა,
სცდილობდენ, ვერ აშორებდენ
მანქანებით და ხელითა.
ჰბანდენ და რეცხდენ პატარძალს,
მატლები უფრო ხშირობდენ
და თავის უძლურებასა
მეფის ექიმნი ჰკვირობდენ.
მაშინა ნახე გოდერძი,
მისი გული და თვალები...
მაშინ შენ შენი ეცადე,
გზა ჰპოვე დასაკვალები

შერე

მე რად-ღა მინდა, რომ დამრჩეს
მარტო დახრული ძვალები?

ბებერი

ვინ გეუბნება მაგასა?
გამომიწოდე ხელები,
რომ მოგცე თმები ალისა,
ჭია-ღუების მწველები,
რომ ქალს მოშორდეს მკერდიდამ
გადახვეული გველები
როცა შენ დაგრჩეს ეთერი,
შეწუხებული ჭირითა,
მოუსვი ტანზე და ისევ
გამოგინათებს პირითა.
ჩვენ გავიხაროთ და სხვებმა
ხორცი იგლიჯონ კბილითა!
შერემ წამლები იშოვნა
და გამოსწია ღამითა
ახმიანებდა კლდეებსა
ცხენის ნალების ჩქამითა.
უკან გამოჰყვა ალ-ქაჯის
წკნავილ-ღნავილი ხრამითა,
ჩოღროს გზას მოუნათებდენ
ქაჯნი კბილების ალითა,
მოსახდენ: “ძმაო შერეო,
როდის-ღა გნახოთ თვალითა?!”

X

მოსდევდა შერე მდინარეს,
ბნელს ხევზე ჩამდინარესა,
ცრემლები ჩამოსდიოდა
სვინიდის ნამძინარევსა;
ერთის მხრით გულით უხარის
შერესა ნამტირალევსა.
ჩავიდა უღრანს უფსკრულსა,
ესმოდა ქოთი, ღრიალი,
დევთა ლხინის და მღერისა
შესაზარები ზრიალი.
ცეცხლი დაენთოთ ძლიერი,
გარს უსხდნენ ყოტებივითა,
თავ-ცხვირი წამოეშვირათ
სალის კლდის ლოდებივითა;
დაღრენილი აქვთ ლაშები
სალუდეს გობებივითა.
წითელს იქნევდენ ენებსა
გრძელებსა შოთებივითა,
მსახურად ედგნენ ჭინკები,
ჭყიოდენ ჭოტებივითა.
დევთა ხელთ ეპყრათ პირ-დიდი
ჭურჭლები კოკებივითა
ღვინის მაგივრად სისხლს სვამდენ
დევები სწორობაზედა.
საცა ვისთვისმე მოესწროთ
ხევში, ან გორობაზედა,
არჩობდენ, ეზიდებოდენ,
დამდგრები ღორობაზედა.
სისხლი, ნაწური კაცების.
ჭურჭლებში ედგათ ღვინოდა,
მეჯლისში სისხლით თვრებოდენ,
სისხლს სვამდენ მოსალხინოდა.
შერეს უკივლეს: “ტვინთხელო
შერევ, სად მიეღეტები?
რატომ არ მოხვალ ვახშმადა
რო თავში დაგცხოთ კეტები?
მაინც ხომ სული ჩვენ მოგვეც,
ხორცითაც ჩვენკე იარე,
პირ-წპილად რას იყურები?
გამოსწი, გამოიარე”.

შერე (დევებს)

სული გეყოფათ, ავსულნო,
ლეშს რაღას მოედნებით?
ცოტა ხანს კიდევ დამითმეთ,
მერე დაჭერით დანებით,
თუნდ კუპრის ცეცხლში ჩამაგდეთ,
დაძეხით ჩემის წვალებით.
რო სულიც ხორცთან იწვოდეს,
გარს შემორტყმული ალებით!
“კარგია, მშვიდობით, წადი,
ხუთს წელს ილხინე გულითა
და მერე სრულად ჩვენი ხარ,
სრულად ლეშით და სულითა”. —
მოსძახდენ შერეს მორბენალს
დევნი ხმით ბაბაყულითა.

XI

შერე, ნატარი უცხოეთს
დიდხანს მრავალის ტანჯვით,
უმარჯვებს სატახტო ქალაქს
მშობელის მიწის კლანჭვითა.
მიადგა გაშლილს მინდორსა
ბილწის ფიქრების ხვლანჯითა,
ჯერ დილა იყო ისევა,
შერემ შენიშნა შორითა,
ჯარი გამოდის მინდვრადა,
მოდიან გროვა-გროვითა.
მოფრიალებენ ჰაერში
ალამ დროშები ხშირადა,
სამგზავროს უკრვენ ბუკებსა
გულისა გასაგმირადა
და ცხენთა ფეხის ტრიალი
მიმწყდარა ცის ნაპირადა.
მუზარადები ელავდენ,
მიწას ჰკაზმავდენ ფერითა,
არას უშლიდა ზედ სისხლი,
ნაფშრუკი მიწის მტვერითა;
ცას უპირობდენ დალაშქვრას
გრძელი შუბები წვერითა,
ფარები, მხრებზე ნაკიდი,
თავში საცემის კვერითა,
ყინულის ფერი ჯაჭვები,
თილისმა დანაკერითა;
მკლავები სამკლავეებით,
მათრახებ დანაჭერითა;
ხმლები მტრის დასამარცხების
ლოცვების წანაწერითა
და ზურგზე ისრის ქოჯონნი
კილოთ ცას ანაჭერითა,
რა კარგი სანახავია
ლურჯის ცის დანაფერითა!
ლაშქარს წინ მაუძღვებოდა
გურგენი შავის ცხენითა.
სიცილი, ზოგთა ტირილი,
არ გამოითქმის ენითა.
ჯარს უკან გროვა მოსდევდა
ხელდაკონილის ტყვისია,
არ დაითვლება მათ რიცხვი,
როგორც ფოთოლი ტყისია.
მოროყინობდენ აქლემნი,
მოკელაობდენ ჯორები
და სპილოებიც მოსჩანან,
როგორც მთები და გორები,
ნადავლით დატვირთულები,
მრავალის ოქრო-ვერცხლითა.
სულ უკან ჯალათებია
თვალში მპრჭყვინავის ცეცხლითა,
შემკობილი აქვსთ ხმლის ვადა
კაცთა კბილით და ფერცხლითა.
გურგენს და ლევანს გაჰხდოდათ
პირობის დარღვევაზედა.
ლევანი წამოსულიყო
გურგენის დარბევაზედა,
საქმე მივიდა უთუოდ
ერთურთის დაქცევაზედა.
ლევანი იმედეულობს
გურგენის გაქცევაზედა.
მწყობრს ჯარსა გამაუძღვება,
წამოვა მუქარაზედა,
მაგრამ დაჭრილი წაიღეს,
ნადები სუდარაზედა...
შერე უცქერდა ხშირის ტყით
ნაცნობებს მწუხარებითა
და ისველებდა კალთებსა
მომსქდარის მდუღარებითა.
უნდოდა ჯარში გარევა,
გული უშლიდა ტიალი,
იმ გაყიდულის სულისა
გამოთხოვების წკრტიალი.
თვალსა სტაცებდა ბეჩავსა
თეთრის დროშების ჟღრიალი,
გამარჯვებულის ჯარისა
მოუსვენარი გრიალი.
მაგრამ თავს ურიცხად ჰხედავს
ლაშქარში ჩასარევადა...
ქურდულად გამოიპარა
ცოლ-ქმრობის ასარევადა.

XII

გაეჭრა შერეს წამალსა,
ქვეყანა არეულიყო,
სიყვარულისა ფიალში
ბალღამი ჩარეულიყო.
ეთერსა ფერი ეცვალა,
ტანზე მატლები სდიოდა,
აცლიდენ, მოცლილს ადგილას
ათასი ამოსდიოდა.
გოდერძის, ამის მნახველსა,
ხომ სული ამოსდიოდა;
თვალთგან, ვით კლდეზე ჩანჩქარი,
ცრემლები ჩამოსდიოდა.
შეცვლით რა ნახა ეთერი,
მაშინვე ელდა სცემოდა,
ლოგინად ჩავარდნილია,
პურს-წყალს არ ჰნახავს გემოდა.
ვით ცვილი ჩამომდნარიყო,
დარჩენილიყო ძვალები,
მავრამ ეთერსვე ეძებდენ
მის დახოცილი თვალები...
ქალი არავის დაუთმო,
კოშკს ეჯდა დაფარულადა
და მისნი ერთგულნი ყმანი
გარს ედგნენ ყარაულადა.
ეთერსაც შემოეთვალა:
“რად ამომაგებ ჭირითა?
კოშკს არ მამწყვდევდე პატიმრად,
წყალს მაინც ვზიდავ ვირითა.
ჩემო ნუგეშო გოდერძი,
ჩემო მზეო და მთვარეო,
ჩემო ლხინო და სიცოცხლევ,
სიცოცხლე გაგიმწარეო.
მე ვარ მიზეზი... თავმკვდარი,
საით რას შაგეყარეო.
რატომ არ მოვკვდი ადრევე —
მანამ გნახავდი ბარეო.
მაშინვე გითხარ, მე და შენ
ჭალას რო შავიყარენით,
და ეხლაც იმასვე გეტყვი,
ეხლა, როს გავიყარენით:
არ ვარო შენი საფერი,
გეუბნებოდი ბეჩავი,
ვიცოდი, ადრე თუ გვიან,
შევიქნებოდი ბედ-შავი!
არ ვიყავ შენი საფერი...
ღმერთმაც დამწყევლა ამითა,
რომ ფუფუნება ვარჩიე
ცხოვრებას თავის ჯანითა!”

XIII

შეიქნა დიდი ჩოჩქოლი
ერთს ღამეს სასახლეშია:
მეფის ძე გოდერძი კვდება,
სული მოადგა ყელშია.
დედა დაჰბრუნავს თავზედა,
ცრემლს ჰღვრიდა, ეკონებოდა,
მაგრამ სნეულსა ამითი
ტანჯვა არ ეფონებოდა
გოდერძიმ უთხრა დედასა:
“შენი ჭირიმე, დედაო,
ხომ იცი, შენი გაზრდილი
ვისაგანაცა კვდებაო.
ხვალვე ან ზეგა, უგრძნობი
კუბოში ჩაიდებაო.
სამარით ვეღარას ვნახავ,
ზედ ლოდი დაიდებაო.
მანამ რასმე ვგრძნობ კიდევა,
მანამ თვალითა ხედაო,
მინდა რომ ვნახო ეთერი,
მისი ტანი და პირია,
როგორ მინდარის... მის ნახვა
ჩემთვის რა ძვირად ჰღირია!
თუნდა ცოცხალი არ იყოს,
სხვა რამ მაჩვენეთ იმისი,
თმის ბეწვი მაინც იპოვნეთ,
ან ანაგლეჯი პირისი.
მაჩვენეთ რამა, გეთაყვა,
ჩემის დამკვლელის ქალისა,
ნაშთი მის ხელის, ან ფეხის,
ან მადლიანის თვალისა.
ვიცნობ, არ მომეტყუება
ფერფლიც-კი იმის ძვალისა!”
გოდერძის დედა წავიდა,
მეფეს შესთხოვდა ჩოქითა,
შესთხოვდა რასღაც გულმწუხრად,
ცრემლის დენით და ოხვრითა.
გურგენმა შერე მოიხმო...
მოვიდა ნაცარივითა,
ფერ-გონი გამოჰლეოდა
შავეთში ნატარივითა,
მეფემ უბრძანა: “შერეო,
მეფეთა დასადარებო,
შენს იქით კაცსა ვერ ვპოვებ,
ერთს კიდევ დაგავალებო,
მამა ვარ, განა არ იცი
წესი მშობლურის გულისა?
ღვთისაგან მირონცხებული,
მორწმუნე ქრისტეს სჯულისა!
მე როგორ გავხდე მიზეზი,
დამლევად შვილის სულისა!
ისიც ხომ ვიცით გოდერძის
რისაგანაც სჭირს ჭირია...
საცა წამალი იშოვნე,
მატლით აუვსე პირია
იმ ღვთისგან წყეულს გოგოსა, -
ყველანი გაგვაკვირია, —
იმის წამალიც გექნება,
როგორმე მოარჩინია.
ნახოს ბედკრულმა გოდერძიმ,
იქნებ ეწამლოს ამითა.
გულს ეს ურჩევნავ სხვას წამალს,
სახმარს სმითა და ჭამითა”.
შერესა გავერანებულს
ხმა შემოესმა გვამითა:
“გახსოვდეს, ნუ დაივიწყებ,
ფიცი რომ მომეც ღამითა;
გახსოვდეს, კარგად გახსოვდეს
ჩემდ მოცემული პირობა,
გამაგრდი ციხესავითა,
გამოიჩინე გმირობა!”
ჯერ ხმა არ ისმის შერესი,
თავჩაკიდებით მდგარისა,
რომ ხმა მოვიდა მწუხარე
სამგლოვიარო ზარისა.
ზარს ჯახა-ჯუხი ბანს აძლევს
მეფის სასახლის კარისა.
გუნდი მოერტყა სრა-სახლსა
შავად ჩაცმულის ჯარისა.
ისმოდა “ვაი”-ს ძახილი,
ხალხის გლოვა და ქვითინი.

მეფე (შერის)

შერევ, ეს რა ამბავია,
ეს რის ხმაა და ბიბინი?
შერე
გლოვაა... აღარც გლოვაა.
სალხინო მგონავ ღიღინი

მეფე

აბა, შეიტყე, კარებთან
ვისიღაც მესმის ტიტინი...
შერე რა გასცდა მეფესა,
უფრო გახშირდა ყვირილი,
ისმის მეფესთან მისულის
სახლთუხუცესის ტირილი.
პირსისხლიანი მოხუცი,
თავზედ დაყრილის ქვიშითა,
სამძიმარს ეტყვის მეფესა
კვნესით და ოხვრა-ვიშითა:
“დაიქცა თქვენი დუშმანი,
თქვენი მტერი და ორგული,
როგორც თქვენის ძის გარდაცვლამ
მე დამიდაგა სულ-გული.
და განა მარტო ერთისამ?..
ეთერიც მასთან მკვდარია.
რამდენი ომი მინახავს,
რამდენი სისხლის ღვარია,
მე სხვა აღარა მინახავს
ამაზე შესაზარია.
რაკი გავიგეთ, მეფეო,
ის თქვენი დანაბარია,
ეთერი გამოვიყვანეთ
თქვენის ძის სანახავადა.
მოკვდავმა წამოიწია
მის გულში ჩასაკრავადა
ხელი მოხვია კიდევა
ცხოველის პირის-კანითა,
სიცოცხლე ვეღარ დაიძგნო
გამოლეულის ჯანითა
და, ჩვენს უცნობლად, ეთერმაც
თავი დააკლა დანითა.
ჯერაც გულშივე ურჭვია
დანა შავის რქის ტარითა”.
ამის გამგონეს გურგენსა
პირზე დაედგა ჯანღია:
“ვაჰ, ჩემო ყოფნავ, სიცოცხლევ,
სამეფო დამრჩა კარ-ღია!
ლიბო ამ ჩემის ქვეყნისა
ღმერთმა რად გამაარღვია?
რად შეიშურა ჩემთვისა
გამოუცდელი ბალღია?!”

XIV

მზე მაღლა წამოსულიყო
პირითა მოცინარითა,
თუმც მას ქვეყანა უცქერდა
თვალებით მოტირალითა.
ძაძა ჩაიცვა ქალაქმა,
სატახტომ გურგენისამა.
ცრემლების წმენდა დაიწყეს
ხელებმა უხვებისამა.
მეფის სასახლის კოშკებზე
შავი ფრიალებს ალმები
და იმ სარიგოს ცეცხლისა
სვეტ-სვეტად ადის კვამლები.
მეფის სასახლის ეზოში
ლაშქარი იდგა მდუმარე,
ჯარის წინ ხმალს დაბჯენილი
ლომი სპასპეტი მწუხარე;
თვალთაგან გადმოსდიოდა
ყველას ცრემლები მდუღარე.
ჯარს აეყარა ფარ-ხმალი,
შუბებიც გადაეყარათ,
იქვე დაესჭოთ დროშები,
ზედ ძაძა გადაეფარათ.
არსით ისმოდა ბუკის ხმა,
დაფის ფიცხელი კიჟინი,
მგოსანთა მღერა ტრფობაზე
და ლაშქრობაზე ღიღინი.
ბულბულს, იადონს უბრძანეს,
საქმე მივარდა წყენაზე,
გულში ჩაეკლათ გრძნობანი,
ხელი აეღოთ მღერაზე,
ჩამოხსნეს მათი გალია,
სარდაფში დადგეს კერაზე,
მთელი ქალაქი მომსხდარა,
ყველა: დიდი და მცირია,
კაცი და ქალი ურჩევლად,
მდიდარი, გლახა, მწირია,
უცდიან, ნახონ ცხედრები,
დღეს მათ დამარხვა სჭირია,
დღეისად დასაფლავება
თვით მეფის დანაპირია,
მეფისგან გამონაცხადი
შიკრიკის დანაყვირია.
აგერ გამოჩნდნენ მოძღვრები,
თან ვეზირებიც მწყობრადა,
აქ მხოლოდ შერე არა სჩანს,
მარტოდ რჩენილი ობლადა.
ორს კუბოს მოასვენებენ,
ერთს ხისას სხვა კი ძვირია
ძვირფასად შეხამებულსა
თეთრს, ვით თოვლი და კირია...
გაუდგა ხალხი კუბოებს
გროვად, გროვები ხშირია,
ალბათ საერთო ჭირი სჭირთ,
რომ ყველა ანატირია!
მოძებნეს ერთი ადგილი
უდაბნო, განაპირია,
მეფის ძის ანდერძისამებრ,
ტყიანი მთისა ცხვირია.
დამარხეს ერთად ცოტას-კი
ერთურთზე მოშორებითა,
როგორც უბრძანა მეფემა,
რომ არ ვსთქვათ მოჭორებითა
საკვირველს ამბავს იტყვიან
ამ ადგილს ნანახისასა:
ია უზრდავის წლით-წლამდე
ამ ბეჩავს კუბოს ხისასა,
და ვარდი პირმოღიმარი
სამარეს გოდერძისასა.
იას შორს ყოფნა არ უშლის,
ვარდს ეკონება პირითა
და ამ საფლავთა ფეხთითა,
ცოლ-ქმრის სამარის ძირითა,
უკვდავებისა წყარო დის
ძვირფასის ოქროს მილითა.
ამ ადგილს ბულბული უმღერს
საღამოთი და დილითა;
ვისაც-კი ის წყალი უსვამს,
ურჯულოს, რჯულიანითა,
იმას არ უვლავ ქვეყნადა
გულითა წყლულიანითა.
იმან არ იცის სიბერე,
არც მომაკვდავად სწერია;
ვინც უნდა იყოს, ვინც უნდა,
თუნდ სულ უბრალო მწერია!

XV

— ბეჩავი შერე სადღაა,
სიცოცხლე-გაარმებული?
— კარზე ზის, დანასა ჰლესავს,
გონება-გააფთრებული.
— დანა რად უნდა ვეზირსა,
რა აქვის გასაკეთები?
სთქვი შერეს იდუმალ ყოფნის,
საქმე მის განაკეთები?
— დიდი ხანია გლახაკობს,
თვალებით დანაფეთები.
ბოლოს და ბოლოს დასჩემდა
სიგიჟე, რაღაც ფეთები.
მან ვეზირობა უარჰყო,
დააქვს ტიტველი ფეხები
და ხმას არ იღებს როს თავში
უფაჩუნებენ გლეხები.
ტანზე ჭილობი აცვია,
სახე აქვს შესაზარები.
კაცის დანახვა აშინებს,
მირბის, ემალვის ყველასა;
ხრამებში, მთაში და ღრეში
ჩხავის აჯავრებს მელასა
და დაიყმუვლებს მგელივით,
თითქოს ღმერთს სთხოვდეს შველასა.
ხან ლეკვივითა წკავწკავებს,
ძაღლივით ხმარობს ენასა.
ხან ბუსავით გაჰკივლებს
საწყლად, ბეჩავურადა;
იმ დროსვე გადაიქცევა
ახლა მჩხავანა ტურადა;
ხან მითამ მოჭკვიანდება,
ტყე-ტყის პირთ დადის სტვირითა;
თან თავის ფარ-ხმალს ატარებს
ერთის კუდალა ვირითა.
თქვენს დუშმანს ესეთი ყოფნა,
როგორც შერეა ჭირითა!
ყველას აშინებს მისი ხმა,
საბრალო, საშინელია,
აშინებს მისი სამყოფო
უდაბური და ბნელია.
— მარტო ტურა-მგლობს, ეგ არის,
მარტო სიბილწის მქნელია?
— ერთს წელს უდაბნოს წავიდა,
სულის მოგებას ჰლამობდა,
ბერებთან ერთად მარხულობს,
იმათთან ერთად გალობდა,
მით შერემ ვერ დაისვენა,
მაინც ისევე წვალობდა.
— დანა რად უნდა რომ ჰლესავს
შერესა დაჟინებულსა?
— თვალებს დაითხრის ბედკრული,
თვალებსა დაშინებულსა;
მოსძაგდა სინათლის სინჯვა,
მოსძაგდა ყველაფერია,
დღეს მხოლოდ სიბნელე უყვარს,
ვერ ნახოს ვერაფერია!

1890 წ.