(სიმღერა)
კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,
ყელ-მოღერებულს იასა,
სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,
იმის სიტურფეს ღვთიანსა,
ამწვანებულსა მთა-ბარსა,
დამწყაზრულს, ყვავილიანსა.
კიდევაც ვნახავ ცა სჭექდეს,
თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,
ანოყივრებდეს მიწასა,
მდინარეები ხვიოდეს,
აღარვინ იტანჯებოდეს
და აღარც ვისა ჰშიოდეს;
სიმართლის გამარჯვებასა
მთაზე არწივი ჰყიოდეს;
მეც მას ბანს ვეუბნებოდე,
გული აღარა მტკიოდეს.
გუშინწინ ვნახე, გუშინაც,
გველი სწამლავდა იასა,
აშლიდა შხამსა და გესლსა,
ვერ კი აძლევდა ზიანსა.
დღეს ვხედავ, ია მთელია,
სუნნელოვანი, ნაზია,
ვუცქერ და ვამბობ იმასვე:
რა ტურფა, რა ლამაზია!
გველი დაღოღავს მუცლითა,
ახრჩობს ბოღმა და ბრაზია.
კიდევაც ვნახავ, უხვადა
ვარდნი, იანი ჰყვავოდენ.
ნაცარ-მტვრად იყვნენ ქცეულნი,
ვინაც გუშინა ზვაობდენ;
შხამის და გესლის მთესველნი
მოისპნენ, არარაობდენ,
ჩვენის სიკვდილის მსურველნი
ყორნები ვეღარ ჩხაოდენ!
დაჰბეროს სიცოცხლის სიომ
მომაკვდავს არე-მარესა,
გაუათასდეს სინათლე
ცაზე მზესა და მთვარესა,
უხვადა სძღვნიდენ წყალობას
ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა.
ჩვენც მსხვერპლნი ძალმომრეობის
ცრემლს აღარ ვღვრიდეთ მწარესა,
ჩიტების ტკბილი გალობა
ისმოდეს ყოველ მხარესა.
ვიხილავ სანატრელ სახეს,
რომ ამდგარიყოს მკვდრეთითა,
გვერდს ედგნენ მისნი ზვარაკნი,
გაფიცულები გვერდითა
ჭაბუკნი თავდადებულნი,
ტრფიალით მეტის-მეტითა,
ტანს უმშვენებდესთ წყლულები
ერთგულ მამულის შვილებსა,
ანგელოზები დაფნისას
გვირგვინს ადგამდენ გმირებსა.