თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო
ქედაწვდილებო ზეცადა,
რამ გაგაჩინათ, ნეტარა,
ჩემფერის კაცის ბედადა?!
ხან კი რომ დაითოვნებით,
ხან დაგედებათ ნისლიო...
თქვენ როცა გხედავთ, ტივლებო,
მუხლს გიყრით, გული ღონობსა,
თქვენფერად სიამაყესა
გატაცებული გონობსა.
მაშინ კი უფრო მიყვარხართ
როცა ჩამოგდისთ ღვარია,
ქოთობით, ვაი-ვაგლახით,
ისმის ბუნების ზარია.
ნადირნი დაღალულები
კლდის თავებზედა სხდებიან,
თავ-თავქვე ჩამომცქერლები
აქა-იქ იხედებიან,
და კინჭუხებში ვაჟების
თოფნი ლუჭ-ლუჭად ტყვრებიან.