ქალო, ქართველთა სულისდგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,
თამარს ცოცხალსა ვხედაო.
რუსთველის ქებას ჩვეულო,
მეც ქებას გაგიბედაო.
როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,
რად არ ვჩუმდები ნეტაო?!
არ მოგეწონოს, იქნება,
სთქვა: „რისთვის ითავხედაო,
მონად აღზრდილმა მოლექსემ
სალამი გამიბედაო?!“
შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო,
დამათრო, ამაყბედაო.
საუნჯევ სათნოებისა,
ჩემიც მიიღე ქებაო,
ვინმე საწყალის ფშავლისა!
ცრემლი აღარა მშრებაო.
თამარის სალოცავშია
მოსჩანს ფშავლების კრებაო,
შენთვის მსხვერპლისა შეწირვით
ქალ-ვაჟი ვერა ძღებაო,
შენთვის დაკლულის ცხვარ-ძროხის
დიდი ჩახტები დგებაო.
გულში გვინთიხარ ლამპრადა,
ნათობს და არა ჰქრებაო.
შენს და შოთაის მარჯვენას
ვემთხვიე ზედიზედაო.
შენა ხარ ერის სიცოცხლე,
თავი არ მომიკვდებაო!
მოწყალედ გვექმენ ქართველთა,
ჩემო ლამაზო დედაო!