ფიქრი უსამზღვროა, ვითა სამყარო, და უკეთუ ადამიანი მიჰყვა ფიქრს, ვინ იცის სადამდის მიიყვანს; შეიძლება კლდეზედაც გადასჩეხოს. ხოლო ისიც შესაძლებელია, – სამოთხეში ამოაყოფინოს თავი; შეიძლება ისე გავაფაქიზოთ ფიქრი, პურსად ვეღარა ვჭამდეთ და წყალსაც ვეღარა ვსვამდეთ – ცოდვააო, ვამბობდეთ; ვეღარ ვაბიჯებდეთ დედამიწაზე ფეხს – შეურაცხყოფას ვაყენებთო; ვეღარაცა ვხნავდეთ დედამიწას, რადგან ხვნა კვლასა ჰგავს – სახნის – საკვეთით მიწაში გატარება ხმლისა და ხანჯლის ცხოველის სხეულში გატარების მსგავსია. თუ რა უკიდურესობამდის შეიძლება მიიყვანოს ფიქრმა ადამიანი, ამაზე ერთი რუსული აქია არსებობს: ვისმე კუპრიანს შვილი ტიტა მოუკვდა; ერთხელ საყდრის კართან გაიარა გულჯავრიანმა მშობელმა: დადგა საყდრის კარებთან, დაიწყო პირჯვრის წერა, ავედრებდა უფალს თავის შვილის სულსა: „მოიხსენე, უფალო, შვილი ჩემი ტიტა:“… ტიტა… ტიტა… ტიტა… იმდენი იძახა საბრალომ „ტიტა“, რომ ბოლოს „ტარარაც“ თან დააყოლა და „ტრეპაკაც“ თან დაუარაო“. აი უკიდურესობამდე მისულმა ფიქრმა რა იცის!..
ღმერთმა დაიფაროს კაცობრიობა, – ზემოხსენებულმა ფიქრებმა შეიპყრას; რაც ბოლო ექმნებოდა ამ მახინჯს ფიქრებს, ყველაც კარგად წარმოიდგენს.
მაგრამ არის ისეთი ფიქრები, რომლითაც თუ კარგად გავიმსჭვალენით, ღრმად ჩავეჭიდეთ გონებაში, ყველა ხეირსა ვნახავთ: უფროს-უნცროსნი, ერი და მღვდელი.
მაგალითად, ვისთვის რა საზარალო იქმნებოდა, ვიფიქროთ, და ამ ფიქრების განხორციელებასაც ხელი შევუწყოთ, რომ ყველა სოფელში თითო სასწავლებელი იყოს, ერთ და ორ კლასიანი კი არა, არამედ ექვს კლასიანი, ეროვნულს ნიადაგზე დამყარებული; ყველა დაბებში საშუალო სასწავლებლები სხვადასხვა სპეციალურის საგნების შესასწავლ განყოფილებით და კავკასიაში ერთი სამიოდე უნივერსიტეტი?! – ჩვენი ერი იყოს მდიდარი, ჩვენ ჟურნალ-გაზეთებს ათობით კი არა, ათასობით ჰყავდეს ხელის მომწერლები და ჩვენი თეატრი მუდამ წარმოდგენის დროს მაყურებლებით იყოს სავსე.
რა დაგვიშავდება, რომ ჩვენშიაც ერობა იყოს შემოღებული? თქვენ, ჩემო მკითხველო, ვიცი ეხლავე იმას ამბობთ: შენ აგაშენა ღმერთმა! ძალიან კარგია, მაგრამ სად არის?! ეშმაკები ტიკებსა ჰბერავდენ, ღვინო კი არსად იყოვო!.. არა სტყუით, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ჯაგლაგა ფიქრებს მუდამ მადლიანი, ბარაქიანი ფიქრები სჯობია.
ზოგ ფიქრს, ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ განვახორციელებთ, სხვა რამდენია ისეთი ფიქრი, რომ მის აღსრულებას არავინ დაგვიშლის? ძალიან ბევრი, მაგრამ ჩვენ ჩვენის უხეირობით საქმედ ვერ გვიქცევია. ამერიკაში ბაყაყების მომშენებელი საზოგადოებაც კი არსებობს და ჩვენში ერთადერთ ჩვენი იმედი, ჩვენი მაცხონებელი, წერა-კითხვის საზოგადოებაც კი რის ვაი-ვაგლახით სულს იბრუნებს. ძალიანაც რომ არ ეწადოს, ადამიანის ტვინს დაჩემებული აქვს ფიქრი, ეს მისი თვისებაა. ფიქრია ტვინის სიცოცხლე. იგი ძილის დროსაც არ ასვენებს ადამიანს და სხვადასხვა სურათებს უხატავს, ხოლო როცა ადამიანი კვდება, მისი წილი ფიქრიცა კვდება, რამდენი ავი თუ კარგი ფიქრი განისვენებს დედამიწის გულ-მკერდში უხმოდ, უსიტყვოდ!..
ადამიანის ფიქრისა ერთი საქებური თვისება – მოვლენათა მიზეზის ძიებაა.
როცა ადამიანის ფიქრი კითხულობს: „რადა? რისთვის? საიდან და როგორ?“ ეს ნიშანია ადამიანის კეთილგონიერებისა. სწორედ ამისთანა ფიქრების ბრალია კაცობრიობის წინსვლა: რკინისგზა, ტელეგრაფი, ტელეფონი, ფონოგრაგი და სხვა ათასი მანქანა, ადამიანის ფიქრისა და ცოდნის ნაყოფი. ახლა ამას ისიც დავუმატოთ, რამდენს რასმე კიდევ მომავალში გააკეთებს ადამიანის ფიქრი და მაშინ ცხადად დავინახავთ ფიქრისა და ცოდნის ძალას. ეს კი არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ, თუ ადამიანი თავის ცხოვრების ავკარგის მიზეზს არ ეძებს, საკეთილოს არ ახეირებს და მავნებელს არ სპობს, ცალკე ადამიანი, ერთი ღერი კაციც კი ვერ წარმართავს კეთილად თავის ცხოვრებას, განაღამც ერმა შესძლოს უამისოდ. სწორედ ამ „რადა-რისთვინაობის“ ბრალია დღეს, რომ ვწყევთ და ვკრძალავთ ძლიერს, როცა სუსტს ჩაგრავს,- როცა მდიდარი ღარიბს ატყავებს, – როცა ერთი მეორეს ჩაგრავს, ტვინსა სწოვს, და ერთი ერი მეორეს და სხვასასხვა…
თუ დღესაც ბევრი რამ ასახსნელი და გამოსაკვლევი აქვს ადამიანის ფიქრს, ბევრი რამ ხომ მაინც გაიგო, ბევრის მიზეზი შეიგნო, ავს და კარგს თავ-თავიანთი საკუთნო ბინა მიუჩინა. განათლებამ დიდი, ძალიან დიდი ძალა გამოიჩინა, ამას ქვანიც კი ჰღაღადებენ; დიდ ძალთან მადლი, მაგრამ დიდს მადლთან – დიდი ცოდვაც. მართალია, განათლებამ, ცივილიზაციას რომ ვეძახით, სწორედ საკვირველი მოქმედება გამოიჩინა სხვადასხვა ასპარეზზე, ხოლო ზნეობის სამფლობელოისა კი რა მოგახსენოთ. არაო, მეტყვიან, – ზნეობრივადაც ბევრად წინ წავიდა კაცობრიობაო. შეიძლება, არც ამაზე აგიხირდებით, ხოლო მე კი იმას ვიტყვი, რომ ამ მხრივ იგი ისევ პირუტყვად დარჩა, დარჩა კი არა, პირუტყვთა საერთო, საყოველთაო თვისება, რომელსაც გრძნობა თავის დაცვისა ჰქვიან, უფრო ძლიერადა სჩქეფს დღეს მის გულში. ეს იქნება არც დასაძრახისი იყოს და განათლებას უნებლიედ თან სდევდეს. მაინც საქმიდამაც ეგრე სჩანს.
იქნებ დამისახელოთ განათლებულ ქვეყანაში მრავალი საქველმოქმდო საზოგადოებანი, სნეულთა ბრმათა, კეთროვანთა თავშესაფარნი, სამოწყალეო სახლები? გეთანხმებით, მაგრამ განა ცხოველების ცხოვრება ცოტა მაგალითს იძლევა ამის მზგავსსა? ქორმა რომ ქათამი წაიღოს, თუმცა მერცხლების მოდგმისა და ჯიშისა არაა ქათამი, მაგრამ უნდა ჰნახოთ, რა ჟივილ-ხივილით გამოეკიდებიან ქორს ჯგუფად და ცდილობენ, როგორმე გაანთავისუფლონ მის ბრჭყალებიდგან.
კიდევაც მოგახსენებთ მაგალითს, თუმცა კი შედარებისათვის ბოდიშს ვიხდი: ღორზე მეტად წუმპის მოყვარული ერთი ცხოველიც არ არის და იმათ ფარას, როცა მგელი მიუახლოვდება, წვრილებს, გოჭებს, ბურვაკებს შუაში მოიმწყვდევენ, კერატები, ტახები უშვებენ მტერს მკერდს სუსტთა დასაცავად და, რასაკვირველია, განათლებულმა კაცმა ერთი გროში მიაწოდოს თავის მზგავსს, თანამოძმეს, თანამემამულეს?!
მოიგონეთ, ამ განათლებულმა ქვეყნებმა რა ოინები გასწიეს ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, როცა სხვის ხელში გამოსახრავი ძვალი დაინახეს. ვიცი, ამაზედაც იმას მიპასუხებენ: ერი რა შუაშია, ეგ მთავრობათა ბრალიაო?! მეც ჩემის აზრის გასამართლებლად იმას მოგახსენებთ, ზოგ ქვეყნებში თუ ასეთი წესია, სხვაგან ხომ სხვა წესია. და მართვა-გამგეობა ქვეყნის საქმეთა საუკეთესო კაცებს აბარია, იმ კაცებს რომელთაც რუსები ნაღებს ეძახიან საზოგადოებისას და მაცხოვარმა კი მარილი ქვეყნისა დაარქვა, მაშინ ისინი რადღა ეტანებიან სხვის ამაგს, სხვის ლუკმას? აქ მარტო გრძნობა თავის დაცვისა კი არ გამოსჭვირს, სხვაგვარი გრძნობაც აჩენს ყურებს, ცივილიზაციის სავალალოდ…
დღევანდელს განათლებულს ქვეყნებს თავის სამტვრევადა აქვთ მუშათა საქმე და, თუ რომელიმე ფიქრობს და ცდილობს მუშათა ყოფა-მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეს იმიტომ როდი, ვითომ უყვართ ისინი, ან ებრალებათ, არა, სხვა ფიქრი ამოქმედებთ: სამეფოში სამეფო აიცდინონ თავიდან. ასეთი სიყვარული ხომ არსენასაც გამოუცხადა ერთ დროს სომეხმა, როცა მან ფული მოსთხოვა ხმალამოღებულმა: „არსენაჯან, ოჰ, შენ მხარ-ბეჭს კი ვენაცვალეო!“ როგორც უნდა იფიქრეთ: ერთი კაცი იმას არ იკადრებს, რასაც მთელი ერი კადრულობს.
ასე, ჩემო ძვირფასო მკითხველო, იქნება მე ჩემის ფიქრებით კიდეც ვაშავებდე და შენ უნდა მომიტევო, უკეთესად შენ იფიქრო. ფიქრი კაი საქმეა, უფიქრელი მხოლოდ ქვაა… ვაშავებდეო? სწორედ არც უამისობაა: შენ ძალაუნებურად გათქმევინებენ. მე ვიცი: ბიჭოს, მაშ ჩვენს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფს, ჩვენთან ხომ პროგრესის ნატამალიც არ იბადება და ამ ყოფაშივე რომ დავრჩეთ, ათას წილად ის აჯობებსო… არა, ღმერთმა დამიფაროს, მე პროგრესის უარმყოფელი ვიყო: ნეტავი როტშილდის მილიონები ჩვენ მოგვცა, მე და შენ, და იმის ცოდვაც ჩვენს კისერზე იყოს, როგორც იქნებოდა მოვინანიებდით. დასწყევლა ღმერთმა, ეს რა ცუდმა საათმა ჩამოიარა!
ამ ბოლო დროს რაღაც უხამს ქართველებს დავუწყე ხარჯვა, – ახლა როტშილდის მილიონებს შევეპოტინე!.. ღმერთმა დაიფაროს ერთმანეთს დავხოცდით, ძმურად ვერ გავიყოფდით. თუ არ დავხოცდით, დავაზე ხომ, უეჭველია შემოგვეხარჯებოდა ორივეს საერთო თანხა „სუდებში“ და აქეთ-იქეთ დავიდარაბაში… რადა? მადა რომ… რომ… „ქანი“ გვიზის თავში. „სანები“ რომ გვეჯდეს მაშინ? – მაშინ? – „შენც-სუ, მეცსუ“.
ვენაცვალე უფალს! ჰა, ნახეს?.. მოვედით ჭკუაზედ? მადლობა უფალს! დიაღ, ღმერთსაც დიდს მადლობას შევსწირავდით და თელეთსაც მრავალ კელაპტრებს ავუნთებდით და საერთო საქმეებსაც ბევრში დავეხმარებოდით. ჩვენ, ერთს დროს სულისა და ღვთისმოყვარეობით განთქმული ერი, ღმერთსაც კი აღაც ვლოცულობთ სწორედ. თუ ქონებით ვართ ღარიბნი, განა ეს იმის მომასწავებელია, სულითა და გონებითაც გავკოტრდეთ? ან ქონებით რადა ვართ ღარიბნი? აბა, მიბრძანდით, მიიარ-მოიარეთ შირაქის მინდვრები, თრიალეთის მთები, თუ ღარიბნი ვართ, ვისი ცხვრისა და საქონლის ფარები და ცხენის ჯოგები სძოვს იქ ბალახს? ვინ არ დამეთანხმება, რომ ევროპაში % ღარიბთა, ბოგანო ხალხისა ბევრით მეტია, ვიდრე ჩვენში. ჩვენს გლეხკაცობას მკვიდრად უდგა ფეხი მშობელს დედამიწაზე. იმას ეალერსება და იმას ეხუტებდა და იხუტებს გულ-მკერდში.
დღეს ჩვენის ერის სისუსტესა და ძლიერებას აქა აქვს თავი და ბოლო. თუ რამდენიმე დიდი მემამულე წინდაუხედაობით ჰყიდის მამაპაპეულ მიწა-წყალს, მაინც კიდევ საკმაო ჰრჩებათ იმათაც და ეს დიდი დასაკლისიც არ არის, ოღონდ უმრავლესობა არ დაადგეს ამ უკუღმართს გზას. მართალია, დღეს ესოდენი სიყვარული თავის მიწა-წყლისა და უფრო გუთნისა, ბევრში ზარალს აძლევს ჩვენს ხალხს, არ აძლევენ ნებას გარეთ გასვლისას, – მოეკიდოს სხვადასხვა ხელობას, მაგრამ საბოლოვოდ კი დიდად და ბევრად სახეიროა ჩვენთვის, ვინაიდგან ტერიტორია გვენახება და ხომ მოგეხსენებათ, უმიწაწყლო ერი იგივე, რაც უფრთოდ ფრინველი, უწყლოდ თევზი და უჰაეროდ სიცოცხლე. ვაჭრობა, ყველამ კარგად ვიცით, სარფიანი ხელობაა და ქართველი ხალხი კი ნაკლებად მისდევს. რადა? ზოგს ზერე-ზერე მოაზრეს ჰგონია, ვითომ ჩვენ უნიჭონი ვიყვნეთ და ჩვენი მეზობლები, ჩვენი მტერ-მოყვარენი კი, ნიჭიერნი და „ლავჯეჰილები“. დიაღ, ჰგონია მეთქი, ვამბობ და ასეც არის, რადგან ამ უგუნურებამ ანდაზაც კი შეთხზა: „შემირცხვეს სომხის გუთანი და ქართველის გუთანიო“. რამდენია ქართველი ვაჭარი სომეხსა სჯობდეს, ან სომეხი გუთნისდედობით – ქართველს? ძალიანაც ბევრი. რად მოჰხდა, მაგალითად, ისე, სომხობამ რომ ვერ მოიკიდა ფეხი იმერეთში და თვით იქაურნი მკვიდრნი ქართველნი მისდევენ ამ ხელობას? თქვენ რამდენიც გნებავდეთ იმერლის მოხერხებულებას, სიმკვირცხლეს დააბრალეთ ეს გარემოება, თავი და თავი მიზეზი კი მაინც სხვაგან იფარება. ინგლისელი თუ მოუხეშავი და ზლაზნია არის, მე ვიცი, არ დაიწუნოთ როგორც ვაჭარი, ან სავაჭრო ნიჭის მქონე! „ბევრჯელ სიმძიმე გმობილი სჯობს სიფიცხესა ქებულსა“. მაშ რისგან მოხდა, იმერეთმა შეიგნო ის, რასაც ამერეთის გონება ვერ შესწვდა, – ერთი და იმავე ვაშლის ანაპობი ნახევარი მწარე გამოდგა, ხოლო მეორე – ტკბილი; რა თქმა უნდა საჭიროებისაგან. „გაჭირება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო.“ ეს საჭიროება დაჰბადა სახნავ-სათესის სიმცირემ: იმერეთში მცხოვრებთა რიცხვი მოერია დედამიწას, ეს უკანასკნელი ვეღარ ასაზრდოვებდა, ძუძუს ვეღარ-აწოვებდა თავის შვილებს და ძალაუნებურად უნდა გამოსთხოვებოდნენ. „ზოგი ჭირი მარგებელია“, ნათქვამია, და სწორედ ეს ჭირი იმერეთს ეწამლა. ამერეთასაც ვიდრე ეს ჭირი არ შაეყრება, ვიდრე დედამიწას არ დაითხოვს მომეტებულს, უსაზრდოვოდ დარჩენილ თავის ძეთა და არ ეტყვის, წადით თქვენი კვება აღარ შემიძლიანო, მანამდე ვერც ამერეთი ეღირსება მადლიანს რიცხვს ქართველი მოვაჭრეებისას, – მანამდე, ვიტყვი, სულ ამაოა ღაღადისი და ქადაგება მოვაჭრეთა შექმნისა…
მეცნიერება, სხვათა შორის, სამს შაუალებას აღიარებს ერის საბედნიეროდ: ქონების სწორედ, სამართლიანად განაწილება, გავრცელება ცოდნისა და გამრავლება ერისა; ეს უკანასკნელი მოვლენა ორ გზას აძლევს ერს თავის დაცვა შენახვისას: მომეტებული რიცხვი არ უნდა მოშორდეს დედამიწას, მის შემუშავებაზე ხელი აიღოს, სხვა ხელობა უნდა რამ დაიჭიროს, თუ იმავე მიწას შეჰრჩა, მაშინ უნდა რამ ღონე გამოსძებნოს, გონების ჩარხი დაატრიალოს, რათა მცირე ნაწილმა მიწისამ საკმაო საზრდო მისცეს. ორსავე შემთხვევაში ადამიანი მოგებული რჩება, ვინაიდგან გონების ვარჯიშობას, ფიქრს ჰკიდებს ხელს; აქედან იწყება სხვადასხვა სატეხნიკო იარაღების მოგონება და სხვა. სომხების ვაჭრებად გარდაქმნა იმათ ნიჭიერებისა საზრიანობის ბრალი კი არ არის, როგორც ზოგიერთსა ჰგონია, არამედ ისტორიულ გარემოებათა ნაყოფია, დევნილი მტრისაგან ისინი შემოგვეხიზნენ ჩვენ, აქ ამათ ძალაუნებურად ვაჭრობას მიჰყვეს ხელი საზრდოს მოსაპოვებლად, ეს ჭირი იმათ ეწამლა, დღეს ისინი ჩვენზე ნიჭიანებიც არიან და პირიანებიც. ამ საგანზე კიდევ გვექნება ცოტა ხანს უკან მკითხველთან საუბარი, ეხლა კი ისევ იმ საკითხავს უნდა დავუბრუნდეთ და გამოვჩხრიკოთ, მართლა სომხები ნიჭიერნი არიან ქართველებზე თუ არა? ნასკვის გამოხსნა ფაქტებსვე მივანდოთ. დღეს ჩვენს ნიჭს ვაბრალებთ იმას, რაიც სრულიად მარტივი მიზეზის ბრალია და არა ნიჭისა. ეს მიზეზი გახლავთ ხელობა. ზოგი ისეთი ხელობისაა, როგორც მაგალითად, ვაჭრობა, რომელიც გონებას ავარჯიშებს, ავითარებს და სხვის ხელობა კი გონებას ადუნებს, აჩლუგნებს. ამიტომ ორი ერთის ნიჭის პატრონი და ერთის ტვნისა რომ ავიღოთ, მაგალითად, ორივე უსწავლელი, ხოლო ერთი მიწის მუშა და მეორე ვაჭარი, სომეხი რომ იყოს იგი, თუნდა ქართველი, დიდს გარჩევას დავინახავთ: სად შაედრება პირველი მეორეს გამოცდილებაში, ენის მოქნილობაში?! პირველის ხელობა მარტივია და მარტივს ფიქრს, მარტივად ტვინის მოძრაობას თხოულობს, ხოლო მეორის ხელობა რთულია, რთულს ფიქრებზე დამოკიდებული. ჰხედავს იგი ათასნაირის ჯურის ხალხს და მაშასადამე, მისი დაკვირვების მოედანიც ფართო და მდიდარია; ბევრი რამ ესმის მის ყურებს, ბევრ რამეს ავსა და კარგსა ჰხედავს მისი თვალები, ყველა ეს ერთად მომასწავებელია ცოდნისა, გამოცდილებისა. მათ შორის გარჩევას, ჩემო ძვირფასო მკითხველო, ჩემზე კარგად ბოკლი განგიმარტავს.
ვაჭრის ასეთ გამოცდილება- გამობრძმედებას ცხოვრებაში უმეცარნი ნიჭს ეძახიან. თითქოს არც სტყუიან: ამგვარი ხალხი თავის ქვეყნისათვის, რადგან წონებითაც ზურგი მაგარი აქვთ, ბევრით სასარგებლონი არიან; იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეებში, ზრდიან სასწავლებელში შვილებს, აწვდიან გონებას საზრდოს, კითხულობენ გაზეთებს და სხვა, რაღა ბევრი და გრძელი საუბარია, ქალაქის კაცი, თუნდა სკოლა თვალითაც არ ენახოს, ბევრად ბევრის მცოდნეა სოფლელზე. მუშაღა? იმის გონებას სძინავს, მაგრამ მძინარა ხომ მკვდარი არ არის?! ხანდახან თუ მის გონებასაც ქიმუნჯი წაჰკრა იმავე ვაჭარმა და გამოაღვიძა, მაშინ ვაჭრის ენაგაქნილობა ბათილდება. ერთ მაგალითს მოგახსენებთ, ფშაველმა თაფლი გაიტანა ბაზარში გასაყიდად, შეხვდა ვაჭარი. თაფლს თითით ამოჰკრა, შელოკა, უსუნა: „ჰო, ეს იელზე ნატარია, ბიძიავ, არა?“ არა, კაცო, იელზე ფუტკარს რა უნდოდა? „მაშ დაიფიცე!“ შენმა სიცოცხლემ, რომ დღისით კი სუ თან დავდევდი და არც უშვებდი იელზე, ვიცოდი რო თაფლი დამიფოლდებოდა და ღამით თუ გამეპარნენ ეგ კი არ ვიციო,- მიუგო გლეხმა.
თუმცა, ქართველები, ქონებას არ ვიტყვი, ფულით ჩვენს მეზობლებთან ვერ მოვალთ, მაგრამ არც ისე ღარიბნი ვართ, როგორც ვტირით და ვჩივით. რაც გვაბადია, სახეიროდ ვერც იმასა ვხმარობთ, როგორც წესია და როგორც უფრო სახეიროა ჩვენის ქვეყნისა და მომავლისათვის. მაშასადამე, ჩვენ გვაკლია ის გრძნობა „თავის დაცვისა, რომელიც თავს იჩენს განათლებულ ერთა ცხოვრებაში კი არა მარტო, არამედ პირუტყვთა ცხოვრებაშიც. ჩვენ აღვნიშნეთ ის ფაქტი, თუ განათლებულნი ერნი როგორ იცავენ თავგამოდებით თავიანთ საკუთრებას, თავიანთ სარგოს (ინტერესს) და ამასაც არა სჯერდებიან, სხვის კუთვნილებასაც ხელს ატანენ. ჩვენ თუ ამას ვიტყვით და ვამბობთ პოეტთან ერთად „თავზე დამატყდეს ცა რისხვით, სხივი ნუ ვნახო მზისა მე, მაღალი ღმერთი გამიწყრეს, თუ რამ ვინდომო სხვისა მეო“ და მტაცებლობას არ ვიკადრებთ, ის ხომ აღარ არის სირცხვილი, თავისი სარგო დავიცვათ, თავისი საკუთრება, თავისი ყოფამდგომარეობა ისე მოვაწყოთ, როგორც ჩვენთვის იქნება გამოსადეგი და იმავე დროს არც რამ სხვას ვავნოთ?… როგორც ადამიანნი, როგორც ერი, მოვალეცა ვართ აგრე მოვიქცეთ, თუ სიცოცხლე და არსებობა გვწადიან ამ წუთისოფელში, თუ გვინდა, რომ ამაზე უარესად არ გავსაწყლდეთ, არ დავბეჩავდეთ: ალტრუიზმი, ჩემო მკითხველო, ფილოსოფოსთაგან მხოლოდ ტვინის მოსაფხანად ყოფილა გამოგონილი: იმას თითო-ოროლა, ათასში ერთი თავგამოდებული ადამიანი თუ შეიძლებს ემსახუროს მთელს ერს, მთელს ქვეყანას ალტრუისტული სწავლამოძღვრება ხელს არ მიცემს. ან რა ჭკუაა, ხალხი თავს იხოცავდეს ნებაყოფლობით მხოლოდ იმიტომ, რომ მის თავზე მომბრუნავი ყვავ-ყორნები თავის ლეშით გააძღოს – ჰშიათ საწყლებს, გაძღნენო?!.. ჩვენ თითქოს ასე ვიქცევით და ასეთი ქცევა რა ხელსაყრელია ჩვენთვის? ყველა ეს შეუგნებლობისა, უსწავლელობისა, ჩვენი სოფლურის ცხოვრებისა და ღმერთო ნუ გვიწყენ, გუთნისა და მწყემსურის ცხოვრების ბრალია. სწავლა-ცოდნა რომ ჰქონდეს ჩვენს ხალხს და ისე სცხოვრობდეს სოფლად, ისე მისდევდეს მეურნეობას, რა გვეთქმოდა, მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ სწავლა არ გვახლავს და ეს ჩვენი ხელობა კი ისეთია, რომ ნაკლებს ცოდნას და გამოცდილებას გვაძლევს. გამოღვიძების მაგივრად გვაძინებს.
ამიტომ რაკი განგებამ, ჩვენმა ბედისწერამ, სოფლური ცხოვრება დაგვიწერა, სოფლად უნდა სწავლა-ცოდნა მოვიშველიოთ. საცა სწავლაა, ქალაქიც იქ არის, თვით უდაბნოც სწავლის ძალით უნივერსიტეტად გარდაიქმნება. თორემ სულ ამ ვითარებაში რომ დავრჩეთ, ათასი წელიც რომ გავიდეს, ისევ ისინი ვიქნებით, რაცა ვართ. ნასწავლი ხალხი სოფელსაც, ქალაქად გარდაქმნის. რა ნაკლსაც ჩვენს თავს ვამჩნევთ, მტერი და მოკეთე გვაყვედრის, ყველა ის, ვიმეორებ, ჩვენის უცოდინარობით და შეუგნებლობით გვემართება. ჩვენს ერს რომ შეგნება ჰქონდეს, განა ისევ თავ პირის მტვრევით ვივლიდით ცხოვრების გზაზე? განა ჩვენი საზოგადო საქმეები ისე დაცარული და განაცარტუტებული იქნებოდა? შეგნებული მცოდნე საქმისა, თუ მთელი ერი არა, უმრავლესობა მაინც უნდა იყოს. სად არის ჩვენთან გრძნობა თავის დაცვისა? ან ფიქრი იმ მიზეზზე, რა მიზეზითაც დავძაბუნდით? რომ არც ერთია და არც მეორე, კიდეც იმიტომ არც ხეირია ჩვენკენ. შეგნება ხმალია ამ წუთისსოფლის ბრძოლაში, ხოლო გრძნობა თავის დაცვისა – ფარი. ჩვენ ხელში ჯოხიც არ გვიპყრია, ან რად გვინდა, როცა ბრძოლაში მონაწილეობას არ ვიღებთ?!. დიაღ, ეს არის ჩემი საფიქრებელი: ან გავნათლდეთ და ან გავმრავლდეთ, და თუ ორივე ერთად მოხერხდება, ეს უკეთესია.
1902 წელი