დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დემეტრესი, დავითის შვილისა, ქორონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა. ამან დაყვნა მორჭმასა შინა ყოველნი ჟამნი და დღენი მისნი და იმეფა კეთილითა მეფობითა და მატა ყოველთა საყდართა, მონასტერთა და ეპისკოპოსთა. ამას შვილი არა ესუა და მისთჳს მწუხარე იყო უშვილოებისათჳს. მერმე ინება ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან, და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყჳსი. ამას დაარქუა სახელი თამარ.

გარდაჴდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე, და გარდაიცვალა მეფე გიორგი. და იქმნა გლოვა და მწუხარება უზომო, უფროსღა დასა თჳსსა რუსუდანს. ესე იყო სძალ-ყოფილი დიდთა სულტანთა შამირამეთი და დედოფალი ყოვლისა ხუარასნელთა უფლებისა, რომელი სიქურივისათჳს თჳსადვე მამულად მოყვანებული დედოფლად დაჯდა ქართველთად, უფროსღა დიდებად სახლისა თჳსისად და ყოვლისა ამის სამეფოსა. ამას წინაშე იყო თამარ მაშინ, ვითარცა თჳსსა მამიდასა თანა, დითურთ თჳსით, რომელსა რუსუდანვე მოაქუნდა სახელად. რომლისათჳს აწ დამაკლებს წინამდებარე ესე მითხრობად, თუ რაოდენ შუენიერება და თავდგმულობა ექმნა ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა. ვიკადროთ რამე, რამეთუ ოთხმოცისა წელიწდისა დღეთამან შეიყუარა მტკიცედ ქალწულება, სიწმიდე და სიკეთე დიდად სრული.

და ჩუენ პირველსავე სიტყუასა წარუძღუეთ. გლოვა იყო ნამდჳლვე ღირსთა, არამედ არა თავს იდვეს წარჩინებულთა სამეფოსათა, მიმხედველთა თამარისთა. განიყარეს გლოვა და დასცეს საყჳრსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთჳს, და დადგეს სჳანი ტახტი ვახტანგეთი, საყდარი დავითიანი, რომელი პირველ მთოვარისა განამზადა მეფეთ-მეფემან საბაოთ ელოიმ სამფლობელოდ ზღჳთი-ზღუამდი და მდინარითგან კიდემდი სოფლისა. აღმართეს სკიპტრა დიდებულთა, ძელი ჯუარისა და მის თანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა. და ყოველთა ერთჴმაქმნილთა აწჳეს თამარს ჴრმალი მამული თანა-საყდრითურთ მამისა მინიჭებული.

ლიტონად-მე მიიღოა დიდმან ამან გონებამანა არა, ნუ იყოფინ! უმშუენოდ-მე შეიწყნარა იგი გჳრგჳნმან და მეფობამანა ანუ არა მაღნანტ ექმნა ყოველსა თუალსა თჳსად? ვინ ძუელი სიტყუა აქა ახლად ვიჴმაროთ ბრმა-შობილმან ბრმადვე წარვლო უმხედველომან თამარისმან. ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნობა, მორცხჳ ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყჳს სინარნარე და ზრახვისა უჩუკნობა. არა ცუდად დასდვა ღმერთმან მადლად თამარს ესრეთ შემკულობა. რომლისათჳს არა უჯერო მიჩნს თქმად, ვითარმედ პირი ამისი პირველვე იყო დავითის მიერ თქმითა, რათა ლიტანიაობით თაყუანის-სცემდენ მეფენი და მთავარნი, და მეძღუნეობდენ ნათესავნი.

ესრეთ იდიდა ღმერთი ყოველთა პირთაგან. იხილეს რა ჴელითა მღდელთმოძღუართათა მეფე გჳრგჳნოსანი, და ქება შეასხეს ძალითა საქებებსა ჴმითა ოხრისათა. და სთქუმცა, თუ ყოველნი ძალნიცა ზეცისანი თანაშემწე არიან სიხარულსა ქუეყანისათა. და ესე უსაკჳრველეს მიჩნს ყოვლისამე, რომელ სხუა მჴედარი არაოდეს იხილა მის ჟამისათა მამადებრ მეფედ და ყოველნი ვითარ გამოცდილნი სასოებითა წინასწრობითა უძღოდა ერთი-ერთსა, და სიხარულითა სავსენი ღმერთსა ჰმადლობდეს, მეფესა აქებდეს და თავთა ჰნატრიდეს.
დაჯდა ნებითა ღმრთისათა თამარ მეფედ დასაბამითგანთა წელთა ექუსიათას ექუსას ოთხმოცდაექუსსა, ქორონიკონსა ოთხას და სამსა, შვილი მეფეთ-მეფისა გიორგისი, დიდისა დავითის ძისა დემეტრეს ძისაგან, ცოლისაგან ბურდუხან ოვსთა მეფისა ასულისა, რომელი ჰმატდა სიკეთესა დედათასა სხჳთა ყოვლითა, გარნა თამარის დედობითა, სძალი სხუა მისებრი მაშინ არა ეხილვა ქართლისა თემსა. და შემდგომითი-შემდგომად აქონ.

ამიერითგან რა ჯერ არს თამარის თქმად, გარნა მონაცვალეობა ღმრთისა, სამეფოსა და ერისათჳს რამეთუ აღიღო გონება მაღლად და მდაბლითა სულითა, და განიცადა სიდიდე საქმისა, მისდა რწმუნებულისა, მიაყვნა მყვანებელსა თჳსსა ხედვა და იწყო განგებად, ვითარ იგი მობერვიდა სული. მიმოიხილა სიმახჳლითა ცნობისათა თჳსსა გარემო ყოველი და მყისსა შინა შეემეცნა ხილვითა ოდენ წრფელთა და დრკუთა, [გულარძნილთა და უმანკოთა, ერთგულთა და ორგულთა, და სიბრძნითა განგებითა თჳსითა პირველად ყოველთა ზედა დასსა წყალობა უხუებით, რათა ჟამთა საქმეთასა ერთნი ერთგულობით მადლიერობენ, ხოლო მეორენი უსიტყუელ იყვნენ მიგებისათჳს სამართლისა.

ხოლო სჯულთათჳს სულითთა მეორე კოსტანტინე იქმნებოდა და მისებრვე ჰგოროვნებდა დაწყებასა საღმრთოსა საქმეთასა, რამეთუ იწყო აღლესვად ორპირსა მახჳლსა მოსასრველად თესლთა ბოროტთა და ინება. რათა იქმნას შეყრა და გამორჩევა დიდთა მათ და მსოფლიოთა კრებათა.

პირველად აღმოუწოდა წმიდით ქალაქით იერუსალემით ნიკოლაოზს გულაბერისძესა, რომელსა სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან. ესე რა მოიყვანა, შემოკრიბნა ყოველნი სამეფოსა თჳსისა მღდელთ-მოძღუარნი, მონაზონნი და მეუდაბნოენი. კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი და მოსწრაფე იყო, რათა მართლ-მადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი აღმოფხურნეს სამეფოსაგან თჳსისა. რომელი-ესე ადრე განემარჯუა სასოებისა კეთილისა მქონებელსა.

ხოლო შემო-რა-კრბეს ორისავე სამთავროსა ეპისკოპოსნი, რომელთა პირად აქუნდა ზემო მოჴსენებული ნიკოლაოს, მსგავსი სეხნისა თჳსისა, და ანტონი ქუთათელი საღირის-ძე, დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყჳთ. მიეგებოდა მათ თამარ დიდითა სიმდაბლითა, ვითარცა კაცი და არა მეფე, ვითარ ანგელოზთა და არა კაცთა შეკრიბნა ყოველნი ერთსა სადგურსა და დასხნა საყდრებითა, ხოლო თჳთ დაჯდა შორის მათსა მარტოდ და არა მეფობით და ესრეთ ეუბნებოდა:

" წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანა გაც სიტყჳს მიცემა სულთათჳს ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განჴადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათჳს, ნუცა გლახაკთა უდებჰყოფთ სიმცირისათჳს. თქუენ სიტყჳთა, ხოლო მე საქმით; თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით; თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ჴელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღჳვნეთ: თქუენ ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე; თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური".

ესმნეს რა სიტყუანი ესე ყოველსა მას კრებულსა მამათასა, მადლობდეს ღმერთსა და თანად მეფესა ღმრთივ-განბრძნობილსა. ჯდა უკუე თამარ მცირედ-ჟამ შორის მათსა, მერმე მოიღო კურთხევა მათგან და წარვიდა პალატად თჳსად.

ხოლო წინამძღუართა კრებისათა ნიკოლაოს და ანტონი, რომელნი ვითარ პირმეტყუელნი მთიებნი უძღოდეს მომრგუალებასა ცაებრისა მის ვარსკულავთა კრებულისასა, არა ინებეს შორის მათსა ყოფად მაშინდელი იგი ქართლისა კათალიკოსი, რამეთუ წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისათა და ჭყონდიდელ-მაწყუერელობა და მწიგნობართ-უხუცესობა მოევერაგა უფლისაგან. არამედ ვერა განაყენეს, დაღაცათუ ფრიად იღუაწეს. რომელი ადრე თჳთ განაყენა საშჯელმან ღმრთისამან. ხოლო სხუანი ვინმე ეპისკოპოსნი შეიცვალნეს და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხნეს და სხუანი საეკლესიაონი წესნი განმართნეს უდებთა მიერ დაჴსნილნი.

ხოლო აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი და მოაჴსენეს მამათა, რათა ზოგად იღუაწონ შემოყვანებად სიძისა თამარისთჳს, რომელი ყვესცა. და შემოკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა3 და განზრახვითა ყოველთათა წარავლინეს კაცი ვინმე რუსთა სამეფოდ ქრისტიანობისა და მართლ-მადიდებლობისათჳს მათ ნათესავთასა და ესე ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყვნეს, რომელსა იგი მოიყვანებდეს.

შემდგომად ჟამისა მოიწია კაცი იგი წარვლინებული და მოიყვანა კაცი დიდად გუარიანი, უდიდესი ყოველთა მათ მეფეთა მის კერძოსათა და სახითაცა არა უმარჯჳ. რომელიცა იხილეს რა, ყოველთა კაცთა სთნდა, რამეთუ არარას მეცნიერ იყვნეს ჩუეულებისათჳს მისისა.

[შეკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა პატრიაქი და დიდებულნი, სპასპეტნი და ერისთავნი და] აცნობეს თამარს და აწუევდეს ქორწინებასა და ასწრაფობდეს ამის პირისათჳს.

არამედ იგი მიუგებდა, ვითარმედ: "კაცნო ვითარ ღირს [არს] შეუტყუებული ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე. არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი".

ხოლო იგინი წინააღუდგებოდეს, უშვილოებასა მოაჴსენებდეს სახლისა მისისა უნაყოფოებასა დრტჳნვიდეს, წინამძღუარსა სპათასა ითხოვდეს, და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა, და ირემსა ემსგავსებოდეს სახისა ოდენ მიხედვითა, პილოთაებრ არა განიხილვიდეს მისაყრდნობელსა და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა და ესეოდენ მძიმესა საქმესა სუბუქად შეეხებოდეს.

რასაღა [მრავალსა ვიტყოდით?] მრავლისა ცილობისა თჳნიერ ნებისა მისისა ყვეს ქორწილი და მრავალ-ჟამ შემდგომად იყვნეს განცხრომასა შინა, მსგავსად საქმისასა.

არა მრავალთა დღეთა შემდგომად მიიღო აღსასრული სიტყუამან თამარისმან და გამოაჩნდებოდეს რუსსა სკჳთურნი ვითარ ნაღებთა ბუნებითნი და სიმთვრალეთა შინა საძაგელთა უწესოებად იწყო მრავალთა, რომელთათჳს ნამეტნავ არს წერად და [თქუმად], რათა არა სიგრძედ მიიწიოს სიტყუა.

ორისა და ნახევრისა წელთა, ვითარ გურდემლი მოითმენდა მჴნე თამარ უკეთურებათა რუსისათა, გარნა სხუა ვერღარავის მოითმენდა და იწყეს ჭრტინვად, არამედ ცილობათა მათთჳს პირველთა რცხუენოდა ყოველთა თამარისგან.

ხოლო ბრძენმან თამარ იძია მრავალი ღონე განკურნებისა მისისა და უბძანა სარწმუნოთა მონაზონთა პირითა მრავალგზის, დაღათუ ყოვლად არა სარგებელ ეყო რუსსა. ამისთჳსცა თჳსი პირის-პირ იწყო მხილებად მისდა, არამედ უფროს განძჳნდებოდა რუსი, ვითარცა ღმრთისაგან საფარველ-მოძურცული. ვითარ იტყჳს წერილი, "ვკურნებდით ბაბილონს და არა იკურნებოდა". არა თუ ოდენ არა შეიგონა, არამედ უძჳრესთა მიმართ იწყო და შერაცხილნიცა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა აღმოგდებითა ტანჯნა.

შეუძნდა ესე ყოველი თამარსცა და წინაშე ყოველთასა ესრეთ თქუა: "დაღათუ საღმრთოსა სჯულისა მიერ სწავლულ ვარ მე "არა განშორებად პირველსა საწოლსა", არამედ რომელმან არა დაიცვას საწოლი თჳსი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა. და მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა შენ მიერი".

ესე თქუა და აღდგა და დაუტევა იგი. ხოლო რუსუდან დედოფალმან და ყოველთა მთავართა საწყალობელად განაძეს იგი, და არა ეგეოდენ უბადრუკი მეფობისაგან დამჴობითა, რაოდენ შუენიერებისაგან თამარისსა დაკლებითა.

კუალად იწყეს ურვად ყოველთა, რამეთუ თამარს ხედვიდეს უშვილოდ და მარტოსა მკჳდრად სახლისა თდსისა.

იყო უკუე შვილი ოვსთა მეფისა, გაზრდილი რუსუდან დედოფლისა, ყრმა ფრიად შუენიერი ასაკითა, ვითარცა შუენის მეფეთა შვილსა, სხჳთა კულა ზრდილობითა კეთილად წურთილი. მჴნე და მჴედარი ძლიერი, რაინდობითა უსწორო და მშჳლდოსნობითა შემმართებელი. ტანითა ახოვანი და ყოვლითურთ სრული სიკეთითა ამისი ინებეს ყოველთა შეერთება თამარისი და საქმე ღმერთსა მიანდვეს თამარცა მიემორჩილა ნებასა მათსა მეცნიერებისათჳს ყრმისა. არღარა ყოვნეს, არამედ შეიყარნეს დიდუბეს, და შერთეს დავით თამარს.

შემოვიდეს ტფილისად, დასხდეს ტახტსა ბედნიერსა ორნი მნათობნი, ორნი მზენი, ორნი განმანათლებელნი. განიხარა დიდითგან მცირედმდე ყოველმან ერმან, და ნიშანნი ცხოვრებისანი მაშინვე იხილვებოდეს მათ ზედა: იყვნეს ლაშქრობანი გამარჯუებულნი ზემოთ და ქუემოთ, და არა სადათ ვინ ჩნდა წინააღმდგომი.

მოკუდა ქართლისა კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუსუცესი ქართველი, მირიანის ძე მიქაელ, რომელსა აქუნდა სამთავისიცა, და არავინ შეწუხნა მისთჳს, არცა დიდი და არცა მცირე, რამეთუ ყოველნი სძულობდეს.

მოკუდა ამირსპასალარი გამრეკელი და ესე ყოველთა იგლოვეს.

ამას ჟამსა მცირედ რამე აღიძრნეს იმერელ- სუანნი მსგავსად ჩუეულობისა ურჯუკობისა და რუსი მოიყვანეს, რეცა კუალად განსამეფებლად. ეუბნებოდეს მესხთაცა მირთვასა, რომელი ვერა უძლეს, არამედ უფროსღა შეიმტერნეს. გააქცივეს და წავიდეს სირცხჳლეულნი, რამეთუ ღმერთი თამარისთჳს მოურნეობდა.

ხოლო თამარ ევედრებოდა ღმერთსა და იგონებდა, თუ ვის მიანდეს დავით, და სპა თჳსი, და განსაგებელი სახლისა თჳსისა რომლისათჳსცა არა არცხჳნა ღმერთმან, არამედ აღავსო სიბრძნითა და მეცნიერებითა. და მიმოიხილა ყოველთა ზედა სამეფოსა თჳსისა მთავართა, და განიცადა თუალისა გონებისათა, მიანდო ღმერთსა საქმე, მოიყვანა ანტონი გლონისთავის-ძე გარეჯით, რომელი პირველ ჭყონდიდელ იყო და მიქაელ კათალიკოსმან მას მისტაცა, მოძმაცჳთა. ვიეთმე მეფისა განმზრახთათა; ესე მოიყვანეს, ნამდჳლვე კაცი ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანე, მართალი, წრფელი, უმანკო, სახიერი, მოწყალე ყოველთა, ტკბილი, მდაბალი, პატრონისა ერთგული უზომოდ, ეკლესიათა და მონასტერთათჳს რადღა საჴმარ არს თქუმად: თჳთ წამებენ ქმნილნი მისნი ყოველთაგან, ვითარცა მღჳმესა და კლარჯეთს თჳთ მის მიერ ქმნილსა მონასტერსა და ყოველთა ადგილთა. ესე დასუეს ვაზირად მისცეს ჭყონდიდი სამთავისი, კისის-ჴევი და მწიგნობართ-უხუცესობა, რამეთუ მართალსა უკეთუ უბრკუმეს, არავე დაეცეს.

იწყეს განზრახვათა კეთილთა სამეფოსათჳს და ერისა უმჯობესთა. მოიყვანეს. სარგის ამირსპასალარისა მჴარგრძელისა ორნი ძენი, ზაქარია და ივანე, კაცნი ბრძენნი, მჴნენი, ბრძოლათა შინა დიდად გამოცდილნი და გუარეულადცა ერთგულნი მეფეთანი, ამისთჳს დიდად შეყუარებულნი თჳთ თამარის პაპათა და მამათაგანცა. ამათ მიხედნა თამარ და ესეცა ღმერთსა მიანდო და შეიწყალნა. და ზაქარიას უბოძა ამირსპასალარობა და უმცროსსა დღითა, ივანეს, მსახურთა-უხუცესობა. ესე კაცნი ღირსნი იყვნეს კაცობისანი: დაღაცათუ სჯულითა სომეხნი იყვნეს, გარნა ყოვლითურთ მართლმადიდებლობისა მოსავნი. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნითა სწავლული იყო, რომლისათჳსცა გულისჴმა ჰყო სიმრუდე სჯულისა სომეხთასა, ნათელ იღო და იქმნა ჭეშმარიტ ქრისტიანე.

და შემდგომად ამისსა მოიყვანეს ჭიაბერი, კაცი ესეცა მართალი და ერთგული, და მისცეს მანდატურტ-უხუცესობა. და დღითი-დღე წარემატებოდეს საქმენი თამარისნი უმჯობესად და უკეთესად ბრძნად და მართლად განგებისათჳს.

ამიერითგან განგება ღირს, რომელმან შეუძლოს აღწერასა მიცემად წარმართებანი თამარის საქმეთანი, რამეთუ ვითარ თმანი თავისანი თჳთეულად ვერავინ აღრიცხუნეს, ეგრეთვე ვერცავინ ესენი აღწერნეს, და რომელთაცა ოდენ შეუძლონ, საეჭუელ მიჩნს მომავალთაგან შემდგომად არა დარწმუნებად. გარნა ლომი ბრჭალთაგან საცნაურ არს. და თამარ საქმეთაგან: ვის უნდეს ცნობად, იხილნეს ქალაქნი, ციხენი და თემნი სულტანთა სასხდომნი, მისგან ახმულნი, მზღვარნი, რომელნი მას დახუდეს მას გარეთ მისხა სამეფოსა ორად განფართებულნი, და ამისგან ცნას მეძიებელმან საქმეთამან, მერმე ცნას ერაყამდის ქუემოთ მისგან დადებული ხარაჯა და ბაღდადის კერძ მარღამდის, და თჳთ იგი ხალიფა შეშინებული და მოაჯე კმა არს ქუე-ჯდომით მოქმედისაგან.

ითქუმოდენ წერილისა: "მოაკლდენ ძალი ბაბილოვნისა და აღაშენა მთა ერმონისა, განქარდა კუამლი სუბაკთა და განძლიერდეს ბჭენი სილიმისანი.

ესევითართა წყალობათა შინა ღმრთისათა იშუება ერი ქრისტიანეთა, გარნა წუხდეს და იურვოდეს უნაყოფოებისათჳს თამარისა არამედ ღმერთმან, რომელმან მოხედნა პირველ მანოეს და აბრაამს, და მდედრთაცა ანნას და ელისაბედს. არა ყოვნა არცა აქა. რამეთუ შემდგომად მცირედისა ჟამისა დაორსულდა თამარ. და ცნეს რა ესე ყოველთა, იწყეს ლიტანიაობით ღმრთისა ვედრება, მარხვითა, ლოცვითა და ცრემლითა, რათა მისცეს ღმერთმან შვილი წული. რომელი-ესე იქმნაცა, და შვა შვილი ყოვლითურთ მსგავსი პაპისა. და დაარქუეს სახელი. გიორგი. და განიხარეს ყოველთა სიხარულითა მიუთხრობელითა.

და შემდგომად წელიწდისა კუალად დაორსულდა და შვა ასული, თჳსი შემსგავსებული, რუსუდან, რომლისათჳს კუალად უფროსი სიხარული შეიქმნა ყოველთა ზედა.

და უმეტეს გარდაემატა ბედნიერობით ქუეყანა ყოვლითა კეთილითა და განმარჯუებითა ლაშქართათა. იწყეს ყოველგნით რბევად სპარსეთისა და იქმნებოდეს განმარჯუებანი საკჳრველნი: ციხეთა მქონებელნი ბრძანებითა ოდენ დასცლიდეს, ტყჳსა და ალაფისაგან აღივსო ყოველი კაცი, ხოლო დაშთომილნი მათნი ვითარცა მელნი იმალვოდეს და ვითარცა მთხუნველნი ძურებოდეს მიწათა შინა.

შეიწრდეს ყოვლით-კერძო სპარსნი და უღონოებამან მოცუნა და მხოლოდ ერთიღა სასოება ცხოარებისა მოიპოვეს ესე იგი არს სიუდილითა ჴსნა თავისა. ამისთჳსცა შეკრბეს ყოვლით კერძო შეთქმულებითა, შეიღებნეს სამოსელნი და პირნი, და მივიდეს წინაშე ხალიფასსა, აუწყეს თჳსი ჭირი და აწუევდეს, რათა უბრძანოს ყოველსა სპარსეთსა შეწევნად მათდა. რომელი-ესე ყო ხალიფა: განახუნა ძუელნი საგანძურნი და იდუმალ წარავლინა კაცი ყოველსა შინა სპარსეთსა, მისსა ოქრო აურაცხელი, რათა შეკრიბონ ყოვლით-კერძო ლაშქარი ურიცხჳ. და მისცა ბრძანება რათა რომლისაცა სამთავროსაგან სპარსთასა არა წამოვიდენ, თჳთ მათ ზედა მისლვითა იავარ ყვნენ. ესე ესრეთცა იქმნა: იწყეს ამოღმართ რომ-გჳროს და ინდოეთისა და ქუემოთ სამარყანამდი და დარუბანდამდი. შეკრბა ესეოდენი, ვიდრემდის არცა რიცხჳ იცოდე; და ვერცა ერთსა თემსა დაეტეოდეს. შეკრბეს ადარბადაგანს და მაშინღა გაამჟღავნეს წაკიდება თჳსი.

ესმა ესე ყოველი თამარს და მოუწოდა ყოველთა ვაზირთა თჳსთა და შეიქმნა გამორჩევა. უბრძანა ჭყონდიდელსა ანტონის არა ავითა გულითა, არცა დედაკაცურითა სიტყჳთა, არამედ ესრეთ: "ისწრაფეთ დაწერად და მიმოდადევით, ბრძანება, რათა მსწრაფლ შემოკრბეს მჴედრობა. და კუალად მიუმცენით ყოველთა ეკლესიათა და მონასტერთა, რათა დაუცადებელნი ღამისთევანი და ლიტანიაობანი აღესრულებოდიან ყოველსა ადგილსა. და წარგზავნეთ, ფრიადი საფასე და საჴმარი გლახაკთათჳს, რათა მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი, ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი".

ესე უბრძანა და ბრძანება საქმე იყო. და ათსა შინა დღესა, ვითარცა გროი შავარდენთა, მოფრინდა ყოველი მჴედარი, ყოვლით-კერძო. სავსენი სიხარულითა რომელნი ძალით იპყრობოდეს თავთა შინა თჳსთა. შეკრბეს სომხითს შინა. და მივიდა თამარ და იხილნა. დაეყვნეს მცირედნი დღენი მათცა ლოცვისათჳს. მერმე რქუა მათ:

"ძმანო, ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლისა მათისათჳს და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისთჳს სამასნი და სიმრავლე ურიცხჳ მადიამელთა მათ მიერ მოწყუედილი, კუალად ასურასტანელთა ბანაი ლოცვითა ეზეკიელისითა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემულნი? მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქუეყანად მათდა შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ძალითა უძლეველისა ჯუარისათა წარემართენით".

ულოცა მათ და შეავედრნა ღმერთსა, წარუძღუანა ძელი ცხოვრებისა და თანა წარატანა ანტონი ჭყონდიდელი.

ხოლო თჳთ წარიჴადნა სამოსელნი ფერჴთანი, და ფერჴივ შიშულითა ფერჴთა მიიწია ტაძარსა ღმრთისმშობელისასა მეტეხთა, და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულ ყო ღმერთმან სათხოველი მისი.

რამეთუ შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია სარგის მჴარგრძელი თმოგუელი და მოართუა სახარება ლაშქართა განმარჯუებისა და ყოვლითურთ უნაკლულოება მჴედრებისა.

არამედ აწ ჯერ არს მოჴსენებად, თუ ვითარი შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგან სპათა ჩუენთა. შევიდეს უკუე ქუეყანაი მათდა, და იხილნეს განძას და შამქორს. საშუალ მდგომნი, რომელნი სიმრავლითა უმეტეს იყვნეს რიცხუსა, ვითარცა მკალნი.

მყის გარდაჴდეს ცხენითგან ყოველნი, თაყუანის-სცეს ღმერთსა, და წმიდასა ჯუარსა ევედრნეს ცრემლითა, და ვითარ არწივთა მიმართეს, და ვითარ ვეფხნი ეკუეთნეს. და პირველსავე წყობასა ათკეცი რაზმი მათი დაჴსნეს და შესდვეს მახჳლი მათი და ძალი ღმრთისა, და ვითარცა თაგუთა მოსრვიდეს, და ვითარცა ქათამთა იპყრობდეს დიდთა მათ ამირათა მათთა ბაღდადელთა და მუსშლელთა, ავრიელთა და ერაყელთა და ადარბადაგანელთა და ერანელთა და სხუათა მრავალთა ადგილთასა, რომელნი ნიჯადად ჰყვეს, ვითარ ვთქუა ინდოეთითგან მზარეულნი, წუერითა ზიდვით მოიყვანებდეს წინაშე დავით მეფეცა და იხილვებოდა დიდი საკჳრველი და გარდამატებული შეწევნა ღმრთისა, რამეთუ თჳთ მოიღებდეს საქონელთა მათთა და თჳთ მოსხმიდეს აქლემთა და ჯორთა კიდებულთა, და თჳთ იყვნეს მსახურ იავარისა მათისა და ნატყუენავისა.

ხოლო ათაბაგმან ბუბაქარ აქო თჳსი ღონე და ღონიერება, რამეთუ მიწევნულმან ჴნარცუსა სადმე მცირესა მიწასა შინა დაფლა თავი თჳსი.
ესრეთ მოწყალებათაგან ღმრთისათა აღვსებულნი მიიწივნეს განძად და გამოეგებნეს მოქალაქენი, თავთა თჳსთა მშჳდობა ითხოვეს და ქალაქი ნებსით შესწირეს. შეიყვანეს დავით დარბაზსა შინა, ტახტსა სასულტნოსა ზედა დასუეს, თანჯანობათასა სასულტნოსა უკრეს, და ღორის ჴორცითა დიდად ძალი პურობა გარდაიჴადეს. ყოველთა მას წინაშე განძელთა დიდი ძღუენი და ხარაჯა შესწირეს, გაჴსნეს საჭურჭლენი მათნი და მრავალი ტურფა ფიალ-ჯამი და ფეშხუმები სხჳსა თანა განძისა მრავლისა წარმოიღეს. და გარეგან ქალაქისა დაიბანაკეს მცირედთა დღეთა, რამეთუ ეძიებდეს ათაბაგსა და ვერა პოვეს.

ეგრეთვე შამქორელთა ითხოვეს მშჳდობა და მონება.

აქა ვერ კეთილად განაგეს ზაქარია და ივანე, და ესეოდენ იქმნა დაკლება ამას განმარჯუებასა შინა. იყო ვინმე კაცი სპარსი შარვანშეთ სიძე სახელით მირმირან. ესე შემოხუეწით იყო წინაშე თამარისსა სათხოველისა რომლისათჳსმე და მაშინ დავითს წნაშე სამსახურად. ამან მირმირან გამოითხოვა განძა ცნობადმდე თამარისსა და მისცეს შესანახავად.

რაჟამს ბუბაქარ ცნა ჩუენთა ლაშქართა შინამოსლვა, გამოჩნდა და განძელთა ქალაქი მასვე მისცეს, თუმცა მირმირან შიშითა ცოცხალი გამოუშუეს. ვითარცა ვთქუ.

მცირენი რა დღენი გარდაჴდეს, წარმოემართნეს ლაშქარნი დიდად მოხარულნი ულუმპიანსა ამას ზედა ძლევასა, ფრიად უაღრესსა საქებელისა მისგან ძლევისა, რომელი ყო ალექსანდროს დარიოსს ზედა.

ვითარცა მიეახლნეს, მოძიებოდა მათ თამარცა, რამეთუ მოსრულ იყო სარგის თმოგუელი მახარობელად. იხარებდა და მადლობდა ღმერთსა, მოიკითხვიდა თჳთეულსა, ვითარცა შვილთა. და იშუებდეს იგინი ხილვითა მისითა.

აღივსნეს ყოველნი ველნი გარემო ტფილისისა და ვერღარა იტევდა კაცსა, ცხენსა, ჯორსა და აქლემსა. და ესეოდენ მოსაწყინელიცა იყო სიმრავლე იგი ტყუეთა, ვიდრემდის შეიყვანიან ქალაქად და ერთად კუტლად ფუკისად გაყიდიან. და ამისი მოწამე თჳთ იგი ღმერთი უტყუელი არს, და რათა არა ტყუილი ვისმე ეგონოს და ზღაპარი გიჩნდეს თქმულნი ესე მომავალთა ჟამთა.

ნამდჳლვე ერმიონთასა უსახელოვნესთა მათ კაცთა, ზაქარია და ივანე, აიღეს. ფანჯიაკი სამეფოდ და განაწყვეს ველსა დიდუბისასა ავჭალამდი აქლემი ყუელა ტჳრთითა, ცხენი ყუელა შეკაზმული. ეგრეთვე ყოველნი იგი ამირანი თჳს-თჳსითა დროშითა: პირველად ხალიფას დროშა, მერმე ათაბაგისა შემდგომი -- შემდგომად. გააწყუეს კარითგან ქალაქისათა ჴევამდე გლდანისა ტყუე ყოველი განიყვანეს თამარ, და შესწირეს, და ათაყუანეს ყოველნი იგი თავნი სპარსეთისანი. მერმე თჳთცა თაყუანისსცეს და მიულოცეს ბედნიერი მეფობა ღმრთისა-მიერი.

ამისსა შემდგომად შევიდეს ქალაქად, და თჳთეულმან იწყო ძღუენთა მოღებად: ოქროსა და სამკაულისა, და ჭურჭელთა მისთა, თუალთა პატიოსანთა და მარგალიტთა უსასყიდლოთა, ჯაჭუთა, მუზარადთა, ჴრმალთა ამათ გამოცდილთა, ნაქსოვთა ფერადფერადთა, ოქროქსოვილთა და შესამოსელთა მრავალ-სასყიდლოანთა, ცხენთა და ჯორთა, მანიაკთა ოქროსათა თუალიან-მარგალიტიანთა, სულნელთა მრავალფერთა და ალვისა ხეთა სპილენძებითა ტჳრთულად. იწყეს ანაკოფის ციხით ვიდრე ციხედმდე გულისტანისა. სეფენი აზნაურთანი აღივსნეს ტყჳთა რჩეულითა, და ყოველნი საგანძურნი ოქროთა, ვითარცა მიწათა, და ინდოურითა ქვითა, და პატიოსანთა მარგალიტთა მიერ ურიცხუთა.

გარნა ამას ყოველსა ზედა აღზუავნა გული თამარისი, განლაღნა ერთგზისცა წარბთა აღებითა? არა. ნუ იყოფინ არამედ უფროსად დამდაბლდებოდა წინაშე ღმრთისა მადლობელი და მოქენე მისგან წყალობისა, აღავსებდა ჴელსა მოქენეთასა და წიაღებსა გლახაკთასა, განამდიდრებდა სამზრუნველოთა ეკლესიათა, ქურივთა და ობოლთა და დავრდომილთა, ზოგად ყოველთა ზედა. ღმრთისა ჴელობად მიუპყრობდა მასვე ძღუნად, რომელმან არწმენა განგებად, და მასვე მიუზღვიდა, რომელი მისცემდა მდიდართაგან და მოუკლებელთა წიაღთა. ძუელთა აუმსგავსოებდა თჳსთა საქმეთა ზედა, ახალთა წარჴდებოდა, ვითარცა უახლესთა მოქმედი, ვინა ზემოვე ვთქუა, არამედ ჩუენ ვიტყოდეთ წერილისასა: იყო სიმტკიცე ქუეყანასა ჩუენსა და მშჳდობა თავსა მთათასა.

არა ოდენ ქუეყანა იავარსა განადიდებდა თამარ, არამედ სარწმუნოება განმტკიცნებოდა, წმიდანი ეკლესიანი შეიმკობოდეს მრავალფერთა მიერ სამკაულთა, ლოცვათი და ღამისთევანი განმრავლდებოდეს, უფროსღა თჳთ პალატსა შინა წმიდათა საიდუმლოთა სრულყოფანი მიმდემნი. და რასა მრავალსა ვიტყოდი? წყალობა ღმრთისა განმრავლდებოდა და ყოველი სიბოროტე ეშმაკისა მოუძლურდებოდა.

ყოველნი თჳს-თჳს იღუწიდეს, რათამცა თამარ მოიმადლეს და ვინაცა გამოაჩინნეს საქმეთა შინა საქებელთა. მონაპირენი, რომელნი იყვნეს, ღამეთა დაღეთავე ზედა დართვიდეს შეუსუენებელად, და რომელნი შიგნით იყვნეს იგინი სანაპიროთა იაჯდეს.

და ესევითარმან გულს-მოდგინებამან და მოსწრაფებამან ყოველთამან ესევითართა მიაღწია სამეფო:

რამეთუ პირველ ქუემოთი სანაპირო გაგი იყო, რომელნი ჰქონდა ზაქარიას. მჴარგრძელსავე, ვარამის მამასა, და ესენი მუნ მოინაპირობდეს, კაცნი მჴნენი, ბრძოლასა შინა მრავალგზის გამოცდილნი და განმარჯუებულნი, და შიშითა ღმრთისათა და პატრონისა ერთგულობითა დიდად საქუბელნი.

ამოღმართ ძორაკერტი იყო და ტაშირი, სადათ ზაქარია და ივანე დაიწყეს პირველად ბრძოლა ლომურად ზემოთ, და ქუემოთ, და ყოველსა ადგილსა.

და ზემოთ ჯავახეთი, სადა სარგის მჴარგრძელივე თმოგუელი და შალვა თორელი მონადირობდეს. ზედათ არტანი, სადა მესხნი მონაპირობდეს, რომელთა შორის იყო ყუარყუარე, სამცხისა სპასალარი, ჯაყელი, კაცი დიდად გამარჯუებული და ერთგული მეფეთა.

შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო. ამის შავშეთისა ღადოთა შინა გამოჩნდა ვინმე კაცი ასპაანის-ძე, გუარითა არა უაზნო და ქცევითა და არცა, ღმერთო, უბედო. ამას ზაქარია ერქუა სახელი. არცა სახელსა არცხჳნა, არცა პატრონისა წყალობა აუქმა თჳსსა ზედა, გარნა საქებელთა ზედა შერთო თავი. მარტოდ იქმოდა მრავალთა და დიდთა საქმეთა: აიღო ბანა, ხახული და სხუანი მრავალნი სახელოვანნი ციხენი და ადგილნი.

ქუემოთ ნაპირის კერძ გრიგოლის-ძენი, და უფროსღა ტბელი, და მაჴატლისძენი მონაპირობდეს, რომელთა შიშითა განძას და ბარ\დავს ყრმა მცირე ვერ აუტირდებოდა დედასა, და ვერცა თურქნი იორის პირსა და მტკურის პირსა საძოვარსა აწყენდეს.

ესე ყოველი რა გესმოდის, ნუ ვინ ესრეთ ჰგონებთ, თუმცა თჳნიერ თამარისსა რამე ქმნილ იყო ვისგანცა, არამედ ესრეთ განიგონე: მონაპირეთა მონახიან საქმე, ანუ ციხე ასაღებელი, ანუ თურქმანი შემოდგომილი, ანუ ქალაქი განსატეხელი, ანუ ქუეყანა მოსარბეველი, მოაჴსენიან თამარს და მან გასინჯის საქმე იგი და გამოიკითხის. უკეთუ ღირს იყვის შეყრასა ლაშქართასა, უბრძანის ზაქარიას და ივანეს და. შეყარნიან ლაშქარნი, თჳთ დავით მეფე წავიდის და არა სადათ შემოქცეული ცუდად. უკეთუ უმცირესი რამე იყვის, მყის შესხნის დარბაისელნი თჳსნი და, ვითარ შავარდენთა, მოისაქმიან. თუ თჳთ იყვის ანუ მინდორით ნადირობასა შინა, ანუ შინა მყოფსა და ესმის რამე, და შესხნის მ\უნ ღირსნი მისნი, ვითარ არწივთა კაკაბნი ეგრეთ, დანაბნიან ყოველნი წინააღმდგომნი.

არცა თჳთ უჴმობდა და არცა თჳსთა ყმათა აუმებდა, ვითარ-იგი იტყჳს ვინმე ჟამთაღმწერელი ალექსანდრესთჳს. და ამან სარწმუნო ყოს სიტყუა ესე, რამეთუ დიდად სახელ-განთქმულისა ქალაქისა ტფილისისა შემოსავალი წელიწდისა მასვე და ერთსა წელიწადსა არა ეყვის გასაცემრად მახარობელთა ზედა. მრავალგზის და ერთსა მასვე დღესა სამნი და ოთხნი მოვიდიან მახარობელად. და, თუ ვითარ, ისმინე: ქმნიან რამე ერთი საქმე და წარმოავლინიან ამბავი გამარჯუებისა; და მას დღე მას არა დასჯერდიან და კუალად სხუა რამე წარუმართის ღმერთმან და სხუაცა მახარობელი წარმოგზავნიან. და სხუანი ესევითარნი აურაცხელ არიან, რამეთუ ზემონი სხუათა იქმოდიან, ხოლო ქუემონი სხუათა, და ერთსა შინა დღესა მოიწიის მრავალი ამბავი და მახარობელი, რომელთა ნამეტნავ არს და შეუძლებელ არს აღწერა, ესე ღმერთმან უწყის თჳთ.

ამას ყოველსა დაუშრომელად და მოქმედებდა, არა თჳსისა ქონებისა მოქენე იყო და არცა სამეფოდ იმჭირვიდა ესეოდენთა ქალაქთა და ციხეთა, არამედ თჳთ მათვე მისცემდა, რომელთა აუცალოებდა, თჳსთა ლაშქართა, ვითარ წამებს დიდი და სახელგანთქმული სახლი სომეხთა მეფეთა ანისი, რომელი წარუღის სპარსთა შანშეობისა თანა მრავალჟამ მათგან ქონებული, ხოლო სპარსთა სახლი სახელოვანი დვინი და ამათ ორთა პირთათჳს იქმოდა: პირველად, რათა მარადის გული უთქუმიდეს და შური აიღონ ერთმანერთისა წარმართთა შეძინებისათჳს თჳსისა, და მეორედ, რათა მოუკუეთოს ყოველი მიზეზი, რომელი დაჴსნის ერთგულობასა.

და კუალად ამისთჳს არა უდებებდა, რათა არა მოცლილთა განსუენებად სიჩუკნედ განსცენ თავი და სხუათა განზრახვათა დამოეკიდნენ, ვითარცა სიმდიდრითა ალაღებულთა, ანუ ერთი-ერთისა მტერობად მოიცლიდეს და ბრძოლად, ვითარ ყვესცა ვიეთმე დაწყებასავე ამისსა მეფობისასა მისვე დრკუსა ძირისა ნაყოფთა ლიპარიტეთთა, შვილთა კახაბერთა, რამეთუ იწყეს ძმაცუად და ბრძოლად მახლობელთა თჳსთა, რომელთა არცა მხილებულთა შეიგონეს, არცა წყალობათაგან თამარისთა შეიკდიმეს, არამედ ძუელად მათთჳს დაწერილი კუალად განახლდეს და კუდსა ძაღლისა, გინა კუთხსა ფლასისასა ემსგავსებოდეს. და ქმნესცა დიდი ბოროტი: და ორნი ძმანი ანტონი ჭყონდიდელისანი დაჴოცნეს და ამით შეაწუხეს მართალი იგი და განარისხეს თავთა თჳსთა ზედა ღმერთი და თამარ, რამეთუ ჭალასა მდგომმან, მოუწოდა ხუთთავე, და სიბრძნითა თჳსითა შეიპყრნა და თჳთო თჳთოსა ციხესა შესუა, რათამცა განიწუართნეს. არამედ იგინი იგივე იყვნეს, ამისთჳს ექსორია ყვნა მაკედონიას საბერძნეთისასა და მუნ მოსწყდეს ყივჩაყთა მიერ კარგნი ჭაბუკნი ბრძოლასა შინა, ვითარცა გუესმა.

ამისთჳს არავის მისცემდა მოცალეობასა: ანუ იყვნიან წინაშე მისსა, ახარებდის და საბოძვარითა ღირსებისაებრ სწყალობდის და განუსუენებდის, ანუ თჳთ წარუძღჳს, იორის პირი და მტკურის პირი მოინადირის. მერმე დასოს შემოდგის და მუნ იხარებდიან, ვიდრემდის თოვლმან არა დაამძიმის კარავი. მუნით სომხითს შემოვიდიან, ნადირობდიან ამოთა თამაშითა. და ამას შინა თუ რამე სადით ესმის ანუ ნახიან, ყოვლად არა მომედგრდებოდეს განსუენებისა ძალითა, არცა რას დააცადებდეს, რომელიცა რა წინააღმდგომი ცნიან სამეფოსა და თამარისი.

აივსებოდა ნილოსი და იეფობდა ეგჳპტე მოაკლდებოდა ისმაელს, განიქიტნებოდა აღარ, იკურთხეოდა ისაკ. ესე სხუამან ვინმე სხჳსათჳს თქუა, და მე აქა ამისთჳს წინასიტყუა ვყოფ, რამეთუ მოაკლდებოდა ძალსა მოჰმადიანთასა, და მცემელიცა ებანსა, რამეთუ ქრისტიანეთა ორღანონი ჴმოვანობდეს კიდით კიდედმდე. დაშრტა სასოება მუსურმანთა, და ყოვლითურთ უღონონი ღონე-ყოფდეს, რათა წყალობად მოიზიდონ წყალობის-მოყუარე თამარ. ამისთჳს კუალად წარვიდეს ხალიოასა, არღარა პირველებრ, არამედ ფრიად შეცვალებით. და შესახუეწელთა სიტყუათა მოაჴსენებდეს, რათა ავედროს თამარს აღებად ხარკისა ოდენ, მახჳლი მსრველი დააყენონ და ჯაჭჳ შემკრველი. რომელი-ესე ყო ხალიფამან და წარმოავლინა მოციქული ორგზის ამის პირისათჳს. და დიდნი და მრავალჯერნი სამეფონი ძღუენნი უცხონი წარმოგზავნნა, და დიდითა სიმდაბლითა შემოეხუეწა თამარს, რათა აღიღოს ხარკი და დააცადოს რბევა. ისმინა თამარ ამისი ვედრება. და ესრეთ მისცა პასუსი: "აღმისრულებიეს თხოვა შენი და, რომელთაცა ინებონ მშჳდობა თავთა თჳსთა და მოიღონ ხარკი წინაშე ჩემსა, ამათდა მიმინიჭებიეს მეცა ცხოვრება ვედრებისათჳს შენისა". რომელი-ესე ესრეთ იქმნა.

ესე რა ელმოდა საბერძნეთის სულტანსა მაღალსა, ჩარასლანის ძესა, სახელით ნუქარდინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობდა დიდსა საბერძნეთსს, ასიასა და კაბადუკიასა. ვიდრე პონტოდ ზღუადმდე --

ესე იჩემებდა ზაკჳთ სიყუარულსა, და გვლანიდა მოციქულთა მშჳდობისათჳს მრავალჟამ, და ძღუენთა შუენიერთა მრავალთა, ეგრეთვე თამარ ჰყიფდა, ნაცვალსახედ მოციქულთა წარავლენდა ძღუენითა გარნა იგი ზაკუასა ჰფარვიდა, და ფიცთა მიერ განმსტრობად მოსწრაფე იყო ამის სამეფოსა. ამან მოუწოდა ყოველსა სიმრავლესა სპასა მისსა, და შეკრბა კაცი ოთხმოცი ბევრი, რომელ არს რვაასი ათასი.

განახუნა პაპა-მამურნი საუნჯენი და გამოყარნა ოქრო აურაცხელნი და წარგზავნიდა ოქროთა შეკრებისათჳს მჴედრობისა, და ამცნებდა, რათა ორსა კეცსა მისცემდენ გაჩენილისასა. და წარავლინნა ყოველთა რა ზღვართა თჳსთა, და იწყო მესოპოტამიას და კალონეროთ, გალატიას, ღანგრას, ანკჳრიას, ისავრიას, კაბადუკიას, დიდსა სომხითს, ბითჳნიას და საზღვართა ფებლაღონისათა, და არა დაუტევა თჳნიერ დედაკაცისა სოფელთა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამჴედრნა.

ხოლო თჳთ ამოისწრაფა და მიიწია უჯად სახელდებულთა მათ თურქთა თანა რომელ არიან მჴნე ბრძოლასა შინა და არიან სიმრავლითა ვითარცა მკალნი, გინა ჯინჭუელნი. ამათ მისცნა ოქრო მრავალნი, და კუალად ნიჭნი დიდნი ესეოდენ, ვიდრე ასი ათასი მჴედარი შეკაზმული გამოიყვანა მათგან.

და კუალად მიირთნა, თჳნიერ ნებისა მათისა, შიშით, ეზინკელნი, ხალფერდელნი და კარნუ-ქალაქელნი; სალდუხის ძე რომელსა ნაცვლად მსახურებისა მიუღო კარნუ-ქალაქი. და თჳსი ძე დასუა მუნ.

ვითარცა იტყჳან გძღარბისათჳს ჴმელისასა, შვილ-მრავალ არს ცხოველი ესე და, რაჟამს იხილნეს ნაშობნი თჳსნი მრავალად, გამოვალს ბუდით თჳსით მართუეებით და განაწყობს და გოდლოის მათ ზედა. ხოლო ეგრეთვე ყო ნუქარდინცა: იხილნა რა ფრიადი იგი სიმრავლე შეკრებულად, რომელთა ზეშთა იყო რიცხჳსა, აღზუავნა გულითა, მსგავსად სენაქერემისა, და ამაღლდა ღმერთსა ზედა, და არა შეიშინა პირველთა მათ მზაკუართა ფიცთაგან და სიყუარულისა აღთქუმათა, არამედ ფრიად წინა-უკუმო განმზადა თავი თჳსი და მოიწია ქალაქად სევასტიად, და იწყო მუნ განმზადებად საომართა მანქანათა.

მაშინ წარმოავლინა მოციქული წინაშე თამარისა ესევითარითა წიგნითა, რომელსა შინა წერილ იყო სახე ესევითარი:

"მე ნუქარდინ. სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.

ყოველი დიაცი რეგუენია და შენ გიბრძანებია ქართველთა აღებად ჴრმალთა და ღმრთისაგან საყუარელისა ისლემთა ერისა დაჴოცად მუსულმანთა".

"და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყუანისმცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარ ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხჳე სპარსთა".

წიგნი ვითარცა მიართვეს და იხილა თამარ, ყოვლად არცა აჩქარდა, არამედ სხუა ეზეკია იქმნებოდა სიმდაბლითა და განმარტა წიგნი იგი წინაშე ღმრთისა, სულთ-ითქუნა სიღრმით გულისათ და ცხელთა ცრემლთა დამოდინებითა, და ღმრთისა მიმართ სასოებისა დამდებელმან მერმე მოუწოდა მაშინ რომელნიცა დახუდეს, და ეზრახა მათ ამის პირისათჳს, არცა ჩუკნად, არცა მდედრად, არცა განუბრძნობელად.

და ბრძანება და წიგნები ქროდა მალე-მსრბოლთა. და ცოტათა შინა დღეთა შემოარბეს ვითარცა ვეფხნი სიკისკასითა და ვითარცა ლომნი გულითა. ქრისტესა ღმერთსა ესვიდეს და არღარა ყოვნეს, არამედ მსწრაფლ მიმართეს ტაძარსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა ვარძიას. და ვარძიისა ღმრთისმშობელსა წინაშე ცრემლით შევედრნა სოსლან დავით და სპა მისი, და დროშა ბედნიერად ჴმარებული, და წარგზავნა ვარძიით ლაშქარნი], რომელთა თჳთ თამარ უძღოდა წინა შიშულითა ფერჴითა და ცრემლითა ასოვლებდა ღაწუთა თჳსთა. და წარუძღუა ბასიანის კერძოთა და მიიწივნეს. მახლობელად კარისა, და დადგეს დღისა ერთისა სავალსა.

და მაშინღა წარგზავნნა მოციქულნი სულტნისა, და წარატანა თანა მოციქულიცა თჳსი, და მიუწერა ნაცვალი წიგნისა ესრეთ:

"ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, და მარადის ქალწულისა მარიამის მვედრებელმან, და პატიოსნისა ჯუარისა სასოებით მოსავმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი ნუქარდინდა. ვსცან სიცრუენი შენნი რომელთა ბჭე ღმერთი იყოს; არა გასმიესა, რამეთუ ყოველი ცრუდ მფუცავი სახელსა ღმრთისასა მის მიერ აღიჴოცოს?

შენ ოქრისა შეკრებულთა სიმრავლისა მევირეთა მინდობილ ხარ უმეცარი მსჯავრსა ღმრთისასა. ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლესა, არცა რას სხუასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა. რომელსა შენ ჰგმობ.

ესე-რა-ვითარი შემოგეთუალა. წარმომივლენია მჴედრობა ქრისტეს მოსახელე, არა შენდა თაყუანის-ცემად, არამედ დამჴობად შენდა ზუავისა მაგის და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა განისწავლო ღმრთისა მიერ არღარა გმობად სახელსა მისსა. იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი! სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დაჴსნილობა მსახურთა შენთა. ამისთჳს წარმომივლენიეს მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფერჴნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან".

მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და უბოძეს ნიჭი. და წარავლინა მოციქული სულტნისა.

ხოლო თჳთ უბრძანა. თჳსთა სპათა ყველთა შესხდომა, და თჳთ განვიდა უმაღლესსა ადგილსა, სადათ ყოველთა ხედვიდა, და დავარდა მუჴლთა თჳსთა ზედა დიდხან, და ტიროდა წინაშე ღმრითისა. მერმე, აღდგა რა, იხილვებოდა ადგილი იგი ყოვლად დალტობილად ცრემლთაგან მისთა.

მერმე მოიყვანნა წინაშე თჳსსა ყოველნი წარჩინებულნი და უბრძანა ერისთავთა, რათა თჳთოეული მათი მოვიდოდის წინაშე წმიდასა ჯუარსა და თაყუანის-ცემდენ და შეემთხვეოდიან. და იწყეს მოსლვად ყოველთა და ტირილით ვედრებად, და თაყუანისცემად პატიოსნისა ჯუარისა, და ამბორის-ყოფად, და ეგრეთვე შემთხუევად ჴელსა თამარისსა. და ანდერძ-ყოფდეს ყოველნი სახლთა, შვილთა და სულთა წინაშე მისსა. რამეთუ ერთითა ჴელითა თჳთ მას ეპყრა ძელი ჯუარისა, ხოლო ერთითა ეზოსმოძღუარსა ბასილის და ჯუარის-მტჳრთველსა. სრულ იქმნა რა ყოველთაგან ესრე სახედ თაყუანისცემა ჯუარისა, მერმე თჳთ მიიქუა პატიოსანი იგი ჯუარი ჴმლითა თჳსითა, და ამჴედრებულთა ზედა ყოველსა მჴარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამგზის, დაულოცა, და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი.

ხოლო წინამებრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი, შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთ-უხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანის კერძოსა.

და მეფე თამარ მოიქცა სამცხეს, და მოვიდა ოძრჴეს, და მოიცალა ლოცვად და მარხვად. მუნ იყო წინაშე მისსა თევდორე, ქართლისა კათალიკოსი, კაცი წმიდა და სახიერი, და მას თანა მრავალნი ეპისკოპოსნი და მონაზონნი, ღმრთისა სათნონი,

რომელთა თანა იყო იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი, და ევლოგი ქრისტესთჳს სულელი, რომელსა მოეღო მადლი წინასწარმცნობელობისა.

იყვნეს მიმდემნი ღამისთვანი და ლიტანიობანი.

აწ ჯერ არს მოჴსენებად, ვითარ იგი წყალობა ყო ღმერთმან ერსა თჳსსა ზედა მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და შეწევნით ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა. ხოლო ვითარ მიიწივნეს ქუეყანად ბასიანისა, მუნ იყო სულტანი დაბანაკებული

ადგილსა ბოლოციხედ წოდებულსა და იახლნეს რა ბანაკსა სულტანისასა, არა იყო რიცხჳ ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა, კარვებისა და სარაფარდაგებისა მათისა, მინდორი იგი ძლით იტევდა კარვებსა მათსა.
ესრეთ ნებიერად მდგომარე იყვნეს, და არა უდგა დარაჯანი სულტანსა. მუნ დააწყუეს რაზმი ქართველთა და მუნ წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ახალციხელნი შალვა და ივანე, და სხუანი თორელნი. და ერთ-კერძო აფსაზნი და იმერნი, და ერთ-კერძო ამერნი და ჰერ-კახნი. და ვითარ იხილეს სულტანი ცოტად ცხენნი ააჩქარნეს და მიმართეს. ხოლო ვითარ იხილნეს სპარსთა, რამეთუ აუზიდავად მიდიოდეს, დააგდეს სადგომი. მათი, და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ხოლო ქრისტიანეთა იხილნეს რა მათ წინაშე გაქცეულნი, მიეტევნეს, და არა უტევნეს წარსლვად, არამედ გარემოიცვნეს.
და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, და განგრძელდა მყოვარ-ჟამ. და მოსწყდეს ორგნითვე ურიცხუნი, ხოლო, უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს, და ესოდენ განგრძელდა ომი, რომელ ცხენი მოუკლეს ივანეს მსახურთ-უხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვას და ივანეს, და სხვათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მიდრიკნეს ქართველნი, და ქუეითად დარჩეს რაზმსა შიხა მჴნენი იგი ქართველნი.

მაშინ ვითარცა იხილნეს ლაშქართა თჳს-თჳსნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად, ჩამოჴდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გუერდსა დაუდგეს, ქუეითნი ქუეითთა და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქნსა. და ვითარ იხილა დავით მჴნემან, მორიდა ერთ-კერძ, და მარჯუენასა მჴარსა მორიდა ზაქარია მჴარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორნეს, რათა არა ცხენთა მათთაგან დაითრგუნენ ქუეითნი ქართველნი, და მიმართეს სპარსთა-კერძ მსწრაფლ მიეტევნეს ერთკერძო სოსლან დავით და ერთ-კერძო ზაქარია, და ვითარ მგელნი ცხვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუთა მათ სპათა სულტანისათა.

და პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა მოხედა წყალობა აურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. და ანაზდად ეგეოდენი იგი სიმრავლე განსქდა. იძლია და დაიპანტა და ამას გუანდა თუალგარდაუწდომელი იგი ლაშქართა სიმრავლე, ვითა მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო და განქცეულ, და სადათცა თუალი მისწუთებოდა. ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილად.

ხოლო ჯერ არს ამისიცა მოჴსენება, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა იყვნეს. რა მიმდემნი ლოცვანი და ღამისთევანი ლაშქართა გამარჯუებისათჳს, დღესა ერთსა აღესრულა რა საღმრთო ჟამის-წირვა ზემოჴსენებულისა ევლოგის მიერ, განკჳრვება დაეცა ევლოგის, და იწყო ღაღადებად სულელის მსგავსად, და იწყო აღმართ ხედვად. და ვითარ ხედვიდა ევლოგი, ჴმა ყო ევლოგი ჭმუნვის სახედ და სამგზის დაეცა. და მეყსეულად აღხლტნა და აღიტყუელნა ჴელნი: "აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ჴელნო ევლოგისნო. სპარსთაგან არა გეშინის განუტევეთ, რათა ვიდოდის მშჳდობით". ცნეს ყოველთა რამეთუ წინასწარმეტყუელელბით იყო სიტყუა მისი. არამედ ევლოგი არავის რა გამოუცხადა საიდუმლო თჳსი, თჳნიერ იოანე შავთელსა. რამეთუ მას ოდენ აუწყა, ვითარმედ ჟამსა ამას მოსცნა ღმერთმან ბარბაროზნი საძლეველად ჴელთა ქრისტიანეთასა. და მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა.

რამეთუ მისცნა ღმერთმან ჴელთა მათთა, და იხილვებოდა საქმე საკჳრველი, რამეთუ თჳთ იყვნეს მსახურ თჳსისა შეკრვისა, რომელნი განერნეს პირსა მახჳლისასა. უდიდესი მათი შეიკროდა უმცროსისა მიერ თჳსსა, და უწარჩინებულეს მათი, მოიყვანებოდა გამობმული ძუასა ცხენისასა, და ერთითა საბლითა ერთისა მიერ კაცისა შეიკროდა ოცი, და თმითა გამოებმოდა ერთი-ერთსა, ყრმისა მიერ მცირისა უმჯობესნი მბრძოლთანი მოიყვანებოდეს ვითარცა თიკანნი. გამოიძივნეს ყოველნი ადგილნი, და გაქცეულთა ჴოცდეს, ხოლო ნეშტთა ვითარცა მართუეთა ქათამთასა მოჰკრეფდეს და გაუშუებდეს აურაცხელსა სიმრავლესა. რამეთუ ასსა სპარსსა ერთი ქრისტიანე ხელით მიხუდებოდა წარმომყვანელად.

ესრეთ აღესრულა წინასწარმეტყუელება ევლოგისი. მასვე ჟამსა შინა ქმნითა. რომელსა შინა იხილა ჩუენება იგი.

ესეოდენი დიდებული ძლევა მიმადლა ღმერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცეთა თამარისთა. ხოლო ესე ყოველი რა ესრეთ იქენა, მერმე მოუჴდეს ბარგსა მათსა, რამეთუ არა იყო განცდა და აღრიცსვა სიდიდეთა ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა, ნაქსოვთა სიმრავლე აურაცხელი, სასმურნი ოქროსანი. თუალ-მარგალიტოვანი ლანკნები და პინაკები, ლაგჳნებისა და ქუაბებისა თანა ყოვლითურთ სავსეთა მიუწდომელითა ალაფითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემებისა სიმრავლე და კარავთა და საფენელთა სიმრავლე და ურიცხველობა, რომელ დაყარეს, ვინ-მე აღრაცხნესა რამეთუ სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი.

და ესრეთ ძლევა-შემოსილნი, მადიდებელნი ღმრთისანი უკ-მიიქცეს და დადგეს კარავთა შინა მათთა.

ამისა შემდომად შეეკაზმა მოქალაქეთა დიდითა მოკაზმულობითა ქალაქი ტფილისი, და შევიდა თამარ და დავით ვითარცა მზისა შარავანდედი მიფენითა, და შეიღეს დროშა ნუქარდინისი. შეიყვანეს პირველად ეზინკელი, და მერმე სხუანი იგი წარჩინებულნი მოიყვანნა, რომელნი სთნდეს, წინაშე თჳსსა. თამარ ყოველთა ნუგეშინის-ცა და დიდად სახელოვნად სერითა ისტუმრნა და უბოძა ყოველთა შესატყჳსად. და წარგზავნა ციხეთა შინა ყოველსა ადგილსა, თჳნიერ ეზინკელისა. არამედ იგი დაიმჭირა ტფილისს პატიმრად, პირველისა პატივისა და სიყუარულისა მისისა წილ, ხოლო უკანასკნელ ეგეოდენი სახელოვანი კაცი და დიდებული განყიდა ნალად ცხენთა, რომელი-ესე ყო თამარ პატივად სახლისა თჳსისა და დიდებად, რომლის არაოდეს. ვისგან ქმნილ იყო დასაბამითგან. ესე ყო დიდებად და საჴსენებელად თჳსა.

აწ კუალად აღივსნეს ყოველნი საგანძურნი სამეფონი ოქროთა და ჭურჭლითა ოქროსათა, რამეთუ მიწისა მსგავსად შეასხმიდეს ოქროსა, ხოლო თუალსა და მარგალიტსა წყჳთ დასდებდეს, ხოლო ოქრო-ქსოვილთა ბერძულთა და სხუათა ნაქსოვთა ძჳრად საპოვნელთა, ვითარცა ცუდთა სამოსელთა, ურიცხუთა დაყრიდეს. ხოლო ვეცხლისა ჭურჭელთა არღარა აქუნდა პატივი პალატსა შინა მეფისასა, რამეთუ ყოველი ოქროსა და ბროლისა წინადაგებული იყო, ინდოურთა ქვათაგან შემკობილი, რომლითა აღავსნა ყოველნი ეკლესიანი, რომელთა მიანიჭა სამსახურებელად სიწმიდდეთა საიდუმლოთასა და აღავსნა ყოველნი ჴელნი მთხოველთანი, და განაძღნა ყოველნი გლახაკნი და აღუვსო წიაღნი მათნი უხუებით.

ესრეთ ადიდებს ღმერთი მადიდებელთა თჳსთა, ესრეთ აღამაღლებს წინაშე თჳსსა მდაბალთა, ესრეთ შემწე არს მონათთა მისთა, ესევითართა ნიჭთა მიანიჭებს მინდობილთა თჳსთა, რამეთუ არარაჲ სხუა დაიდვა თამარ გულსა თჳსსა, ვითარ "დასაბამი იგი სიბრძნისა, შიში ღმრთისა" და სამართალი და წყალობა სწორად ყოველთა ზედა.

იყო დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობა, განაფინა მადლი ბაგეთა მისთა. ამისთჳს აკურთსა იგი ღმერთმან უკუნისამდე და დაადგრა თავსა მისსა გჳრგჳნი პატიოსნობისა, და დასდვა წელთა მისთა მახჳლი ძლიერებისა და წარემართა სუფევად უკუნისამდე ჭეშმარიტებისათჳს, სიმშჳდისა და იმართლისა. ჯერ არს ამისთჳსცა თქმად, ვითარმედ ქმნნეს მრავალთა დედათა მოღუაწება და ძლიერება, არამედ არაესრეთ ვითარ ამან: არა ვერაგობისაა ღონითა აცხოვნებდა ერსა თჳსსა, არამედ სიბრძნისა წინაძღომითა, და სიმართლითა, და უმანკოებითა დავითიანითა, სიმშჳდითა იაკობის მსგავსითა, სიუხჳთა აბრამისებრითა, მოწყალებითა იესოს. ღმრთისა მსგავსითა, და სამართალითა მისისა მობაძავითა.

დღეთა შინა თამარისთა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა, არცა-ვინ დასჯილი, თჳნიერ ძუელისა სჯულისა, რომელი ძეს ავაზაკთა ზედა ძელსა ზედა ჩამორჩობა. თჳთ არცა-ვის ღირსსა სიკუდილისასა და არცა პატიჟისასა მიეჴადა თანანადები, არცა-ვინ ბრძანებითა მისითა ასო-მოკუეთილ იქმნა, და არცა სიბრმითა დაისაჯა, თჳნიერ გუზან, ღირსი სიკუდილისა, რომელი ორგულებით განდგა და კოლას სადმე მთათა შინა ავაზაკობდა მალვით. ესე შეიპყრეს მთიბავთა თივისათა, და დავით მეფისა წინაშე მოიყვანეს ხოლო მან იცოდა დიდი მოწყალება თამარისი, ამისთჳს მისსა შეკითხვამდის თუალნი დასწუნა, ნაცვლად მრავალთა სისხლთა ქრის- ტიანეთასა.

არა ოდენ თჳსსა სამეფოსა შინა იყო კეთილიანობა, არამედ ყოველთა ქრისტიანეთათჳს. და რომელნი მძლავრობდეს ქრისტიანეთა, ყოველთა მიუმცნო, რათა აზადად იყვნენ და ფიცხლად დამორჩილდენ შიშითა და სიყუარულითა მისითა.

წარავლენდის სარწმუნოთა თჳსთა და დაავედრის ესრეთ: "იწყეთ ალექსანდრიით ყოვლისა თანა ლუბიისა, სინისა მთისაი, და მათ კერძოთა ეკლესიათა, მონასტერთა და ერთა ქრისტიანეთა მიიკითხვიდის. ხოლო იერუსალიმისათჳს რადღა საჴმარ არს. თქმად. რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა, და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათჳს ოქროთა აურაცხელთა.

ტყუენი განათავისუფლნის და ხარკი ერისა თჳთ უკუნ სცის, და ყოველი ჭირი დაჭირებული აღიღის მათგან.

კუალად კერძოთა ელადისათა და მთაწმიდას, ეგრეთვე მაკედონიისათა პეტრიწონს, კერძოთა თრაკისათა და კოსტანტინეპოლის მონასტრებთა, რომანას და ყოველგან, კუალად ისავრიას, კურუსეთს, და ყოველთა მათ სანახებთა შავისა მთისათა და კჳპრისათა. ესე ყოველნი აღავსნა ქველის საქმითა, რომლისათჳს ისმინეთ, თუ ვითარ მოხედვიდა ღმერთი საქმეთა მისთა:

მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრისა ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ. შეიწყნარნა თამარ ჩუეულებისაებრ ვითარ ანგელოზნი, და მრავალ დღე არა გაუშვნა, მერმე მისცნა ყოველთა დიადი, და აღავსნა ყოვლითა საჴმრითა. უკანასკნელ მათგან უფრო შორიელთა მისცა დიდძალი ოქრო თჳთ მათთჳს და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად. წარვიდის მონაზონნი იგი და მიიწივნეს რა კოსტანტინეპოლედ, ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის, ანგარსა, რომელმან ძმასა თჳსსა ისაკს თუალნი დასწუნა და მეფობა წარუღო. ესე ყოვლითურთ ბოროტი კაცი იყო, და შეუტყუებელი მეფობისა, გარნა უმეტეს ანგარებისათჳს საძაგელ იყო ყოველთა მიერ. იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს და წარუღო მათ მონაზონთა.

ცნა რა ესე თამარ მეფემან ნაცვლად სხუა უფროსი წარგზავნა მათ წმიდათა მიმართ, და ამით უმეტეს არცხჳნა ეშმაკი. ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ-იქითნი, და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტ[ი]ორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი, და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი.

ხოლო ესმა ესე ფრანგთა. რამეთუ მოეღო ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით, გამოვიდეს ვენეტიკნი და წარუღეს სამეუფო ქალაქი, მეფობისა თანა, და შეიხუეწა უბადრუკი იგი ალექსი ბორღალეთს, თჳსისა სიძისა თანა. იხილა რა ბორღალელთა მეფემან, სიძემან მისმან, შეიყვანა ციხესა ერთსა, და დაუთინა წინაშე მისსა ოქრო დიადი, და რქუა ესრეთ: "აჰა ალექსი, გულის-სათქმელი იგი შენი; ოქრო ესე მიიღე, თჳნიერ სხჳსა რომლისამე საზრიელისა, და წყლისა წილ, რამეთუ ამისთჳს წარსწყმიდე სახლი სამეუფო ქრისტიანეთა, და დაჴსენ თჳთმპყრობელობა ბერძენთა". და ესრეთ მოკუდა საწყალობელი იგი სიყმილითა, დაკლებული შეწევნისაგან ღმრთისა.

ესრეთ საზარელ იყო თამარ მტერთა ზედა, და კუალად ესეოდენ ტკბილ და ძჳრუჴსენებელ, ვიდრემდის ესმა რა ესე ყოველი, დიდითა ტკივილითა იგლოვა, დაღათუ არა ღირს იყო მისთჳს ტკივილი. რამეთუ რაცა ვის არა ჭეშმარიტებით აქუნდეს, არა იპყრობს დიდხან, გარნა თამარ უცხოსაცა ზედა და დავრდომილთა ლმობიერ იყო ტკივნეულობად და წყალობად, ვითარ აწ ამასცა ზედა.

ხოლო წარმოვთქუათ ესეცა, რამეთუ ოცდამესამედ, გინა-თუ მეოთხედ, აღმავლობასა მეფობისა მისისა წელიწადსა იკითხა საქმე კარისა რამ თუ მრავლით ჟამითგან ჰბრძოდეს სარგის თმოგუელი, შალვა თორელი და მესხნი, გარნა ვერარა ღონე ქმნეს აღებისა, რამეთუ ზამთრის მკსინვარებისაგან და სიცივისა უღონო იყვნეს მიდგომად. ხოლო ჟამსა ყინვისასა წყლისაგან განყინულისა ვერ შეუძლებდეს ბრძოლად, გარე შემოუხუნეს ყოველნი ციხენი და სოფელნი, და იგი მხოლო მარტოჲ ჰქონდათ სპარსთა. ამისთჳს განიზსრახა კეთილისა გონებითა და წარავლინა დავით ზემოთ ლაშქრითა. წაატანა ზაქარია და ივანე, და უბრძანა, რათა დადგენ მუნ და ძლიერად ეომონ. და ხანგრძლად იქმნა ესე, და თჳთ თამარ დადგა ჯავახეთს, და მუნ მოელოდა ამბავსა მათსა.

ხოლო იგინი მივიდეს და ებრძოლეს უკუე შეკრულსა მას ღობესა წყლისათჳს. და მრავალთა შინა დღეთა განტეხეს ადგილი იგი. და გამოიცალა წყალი და მის თანა უმრავლესნი მოქალაქენიცა. ხოლო დაშთომილთა მათ ითხოვეს დავითისგან, რათა თჳთ თამარ მივიდეს და მას მიენდვნენ, რამეთუ ეშინოდათ სიტყუათა მათთათჳს. გინებისათა, რომელთა ციხით გამო იტყოდეს პირველ.

მაშინ მოაჴსენეს ესე ყოველი თამარს. ხოლო იგი მივიდა. და მოიხუნეს ციხოვანთა მათ კლიტენი წინაშე ძისა მისისა გიორგისა და მერმე თამარის წინაშე და ითხოვდეს მშჳდობასა და ფიცსა, რათა არა განსცნეს კარი, ვითარ ანისი და დვინი არამედ სამეფოდ დაიმჭიროს. ამისთჳს მისცა სიტყუა მტკიცე და უბრძანა ძესა თჳსსა გიორგის რათა შევიდეს და თჳთ მოითუალოს ქალაქი და ციხე. რომელი-ესე ესრეთ იქმნა. და ესე ერთი ქალაქი და ციხე თჳსად დაიმჭირა, მათ ყოველთაგან, რომელნი აიხუნა ზორაკერტით რაჴსამდის, გაგით განძამდის და ჯავახეთით სპერამდის.

და ვისცა ათჩჳდმეტსა წელიწადსა შინა ესე საქმენი თამარისგან ემცრებიან. და მისთა ლაშქართაგან, წელიწდისა ერთისა დღეთა თუ ვითარ შეუძლო ყოველთა მათ, გარეთა აღმართ ოდენ შეხედენ, რომელნი ჰქონან ციხენი მჴარგრძელთა ოდენ სახლთა, ზემოთ და ქუემოთ.

მხიარულად ამბისაგან მეტყუელი პირი აწ მწუხარებისა მიმართ მიიქცევის. რამეთუ მეგულვების აწ წარმოთქმა ყოვლისა სოფლისა საგლოველისა ამბისა.

ნაჭარმაგევს გარდმოდგა მეფე თამარ და მის წინაშე იყვნეს ყოველნი. დიდებულნი და წარჩინებულნი. და იურვნა და განაგნა საქმენი სამეფოსა თჳსისანი, და უფროსღა ეკლესიათა და მონასტერთანი. და მუნ დგომასა შინა გამოაჩნდა სენი რამე მომაოჴრებელი ჩუენი, რომელი დღითი-დღე დამძიმდებოდა მის ზედა და დიდხან ფარვიდა, რათა არავინ შეაწუხოს. გარნა ურგებელ იქმნა რა ჭირი, არა მიმთუალველი კურნებისა, მაშინღა განაცხადა, რამეთუ დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მჴედრობათა არა თავს-იდვა შეუმთხუეველად მიშუება აგებულებისა.

და აქა საბრალობელ მიჩნს დიდად ერთგულნი იგი კაცნი, თუ ვითარ უგულებელს ყვეს ეგოდენი ტკივნეულობა მისი. რამეთუ წარმოიყვანეს კუბოთა ტფილისს, და შემდგომად მცირედთა დღეთა ენებათ ჩუეულებისაებრ, რათა დასოს განვიდენ. ისწრაფდეს და მუნ წარიყვანეს კუბოთავე და დიდად განძნელდა სენი იგი უწყალო. და კუალად წარმოიყვანეს აგარათა ციხესა.

და უქმ იქმნა მის ზედა ყოველივე ბუნებათა გამომეძიებლობა მკურნალთა ჴელოვნებისა. ამისთჳსცა იყვნეს თჳთ მუნ და ყოველსა ადგილსა ლიტანიობანი და ღამისთევანი მიმდემნი, და ცრემლთა დინებანი იხილვებოდე! მდიდართა და გლახაკთანი სწორებით. გარნა განჩინება წინააღუდგომელი იყო და დღემან იწყო მიდრეკად, და მზემან დასლვად, და ჰაერმან სხუად ფერად უფერულობა და ცისკარსა დღისასა ზედა იწყეს შემოსად ბნელთა ღრუბელთა: ღაწუთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობად, და თუალთა მათ ტბაებრ მზისა შემცხრომელთა სიმრუმედ მიმართეს. ჴელთა მათ, მსახურებისაგან გლახაკთასა არაოდეს დაცხრომილია, იწყეს მოუძლურებად; და ფერჴთა მათ მარადის ღმრთისათჳს მაშურალთა იწყეს შედრეკად; და ყოველნი ნიშნი ცხოვრებისანი სხუად და სხვად ფერად იხილვებოდეს.

ზოგადმან უღონოებამან მოიცვნა ყოველნი და არა უწყოდეს, თუ რამცა ყვეს. მთავარნი იცემდეს პირთა, გლახაკნი იტყებდეს თავთა, და ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდეს თავთა თჳსთა და შვილთა თჳსთა ღმერთსა, და ითხოვდეს მის ზედა მომავალსა სიკუდილსა: "რათა მარტო ესე დარჩეს და ჩუენ ყოველნი მოგუსრენ". ამას ჴმობდეს და მოეცვათ სასუენებელი პალატისა, რომელსა აქუნდა ცხედარი უბადრუკებისა ჩუენისა, და ღონე თუმცა იყო, ეცდებოდეს, რათა არა აუფლონ სიკუდილსა შემოსლვად. რა იყო, რომელი არა იხილვებოდა მუნ, ანუ სავედრებელთაგანი გინა მწუხარებათა, გარნა მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომა შეუძლებელ იყო.

ბრძენმან ბრძნისა ნეტარება აქაცა მოიღო თამარ, რამეთუ შემოუწოდა ყოველთა [წარჩინებულთა] სამეფოსა თჳსისათა წინაშე მისსა, განიმტკიცა თავი თჳსი, და მჴნედ მდგომარე ესრეთ ეტყოდა: "ძმანო ჩემნო და შვილნო მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თჳთ მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თჳთოეულისაებრ არზანგისა ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკჳრველითა. გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა შინა იყვნეთ, მაჴსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკჳდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით. ჩემ წილ. და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი".

შევედრნა ყოველთა და მიუთუალნა წინაშე ხატსა ქრისტესსა და ჯუარსა ცხოველსმყოფელსა. და მერმე უკანასკნელ ჴმა აღმოუტევა, და ყოველთა მშჳდობა მისცა ესრეთ მეტყუელმან: ქრისტე," ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა".

მაშინ განვიდეს ყოველნი მწარედ მტირალნი. და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თუესა იანვარსა ი~ჱ. და აღივსო მზე ქართლისა, და საფლავმან სადიდებელად თჳსად დაგუაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა.

აქა რაღა ჯერ არს თქმა, გარნა ბავთისა ღაღადი, ბნელი უნათლო და გლოვა უნუგეშინისცემო, რამეთუ ვინ იყო ნუგეშინისმცემელი, ოდეს მწუხარება ზოგადი იყო ყოველთათჳს. სატუხელ იქმნა პირი ქუეყანისა, აღეპარსა ყოველთა თავისა თმანიცა მხოლოდ სახელისა ოდენ მქონებელთა ჴმასა თანა ვაებისასა ქუესკნელნიცა შეიძრნეს, ყოველნი ფლასითა [შეიმოსნეს]. ესრეთ გუანდა, დაღათუ ჩუენ თანა იგლოვა ცა და ყოველი სოფელი.

მაშინ უკუ აღმოივანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თჳთ მუნვე გელათს დაამკჳდრეს თჳსსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკჳდრებულთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.

იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა, რამეთუ განბიცნეს ბაგენი მათნი, რომელთა პირსა შინა პირველ სხუა არარა მოაქუნდა, ვითარ თამარ. რამეთუ სახლთა ზედა აკროსტიხორად თამარის შესხმათა დასწერდეს ბეჭედთა ზედა და დანათა და არგანთა შეამკობდეს და ზედა თამარის ქებასა დასწერდეს და ყოველთა პირნი ერთბამად მზა იყვნეს, რათა ღირსი რამე თამარის საქებლობისა სიტყუა აღმოთქუან: ყრმანი მემროწლენი, განპებასა შინა ორნატთასა, თამარის ქებათა მელექსეობდიან; ერაყს მყოფნი მეებნენი, გინა მეჩანგენი თამარის შესხმათა მუსიკელობდიან; ფრანგნი და ბერძენნი ზღუასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობათა შინა თამარის ქებათა იტყოდიან. ესრეთ ყოველი სოფელი სავსე იყო მის-მიერითა ქებითა, და ყოველი ენა ადიდებდა, რომელსაცა ოდენ სახელი მისი ასმიოდეს.

ხოლო საქმეთა მისთათჳს რადღა საჴმარ არს თქმად, რამეთუ კიდით-კიდედმდე განისმნეს, ვითარცა თჳთ მოწამე არს ყოველი ჩუენ მიერ ხილული სიტყჳსაებრ ბრძნისა.

არა უცთომელობა მგონიეს ძალისა უზეშთაესსა მეცადინობა, რამეთუ დაწყება და აღსასრული ამის ჴელ-ყოფისა სრულებით ესრეთ ჩანს, ვითარცა სიმძიმესა და პატიოსნებასა თანა, ოქროსასა ქარქუეტისა ნამუსრევი. რამეთუ ვინ რა წარმოთქუას ღირსი ამისთჳს, გინა რა ვინ პირველ აქოს, ანუ რომელი უკანასკნელ: სიმდაბლე უზომო, სიმაღლე შეუსწორებელი, სიმშჳდე საქებელი, სიმქისე ჯეროვანი, ლმობიერება მოწლე, მოწყალება თანა-ლმობილი, უმანკოება უზაკუელი, სიწრფოება უსიცრუო, სახიერება ზოგადი, სიუხუე აღუზუავებელი და -- თავი ყოვლისა კეთილისა შიში ღმრთისა და მსახურება მისი შეუორგულებელი, -- რომელი-ესე ყოველი ამან ესრეთ მოიგო, ვითარ ვერცა ერთი სხუამან ვერვინ. და წამებს ამას ყოველი მახლობელი სამეფო გარეშემო ქართლისა, თუ რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენთა მიმძლავრებულთა უკუ სცა სამეფო თჳსი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე თჳსად კუალად აგნა და რაოდენნი სიკუდილად დასჯილნი განათავისუფლნა. და ამისი მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნუ-ქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის მიერ იყვნეს და მტერთაგან უზრუნველობასა.

ხოლო სჯულთა მიმართ საღმრთოთა ვინ იყო ესრეთ მოშურნე, გინა სიმდაბლით თავისა მომდრეკელ, რამეთუ თეოდოსი დიდსაცა აღემატებოდა. ლოცვანი და ღამისთევანი, რომელნი პალატსა შინა ამისსა აღესრულებოდეს, საეჭუელ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცა; ხოლო მარხვისათჳს რაღა ვთქუა, რამეთუ წესი იყო მონაზონთა და მამხილებელ უდებთა ერი პალატისა.

ეგრეთვე სიყუარულისათჳს ხუცესთა და მონაზონთასა ნამეტნავ არს თქმად, რამეთუ წესიერად ცხორებულნი კარნი მარადღე იყვნიან წინაშე მისსა, და მახლობელად სასუენებელისა მისცის მათ საყოფელი, და თჳთ ზრდიდის საზრდელითა და ყოვლითა საჴმრითა, რაცა უნებნ. და უკეთუ მათგანი ვინმე იყვის უძლურ, თჳთ მივალნ მოხილვად და ნუგეშინის ცემად, და თჳთ განუმზადე ცხედარსა და სარეცელსა.

ხოლო გლახაკთათჳს განეჩინნეს სარწმუნონი ზედამდგომელნი, და ყოვლისა სამეფოსა მისისა შემოსავალნი, რაცა იყო შინათ და გარეთ, ყოვლისა ნაათალი გლახაკთა მიეცემოდა დაუკლებელად ერთისა ქრთილისა მარცულამდეცა. და ამას ყოვლადვე არა გონებდა ქველის საქმედ მითუალვად წინაშე ღმრთისა, რამეთუ რაჟამს მოიცალის მარტოებით ყოფად, მყის აღიღის სასთუელი, გინა საკერავი, და ნაშრომსა მას თჳსთა ჴელთასა ხუცესთა და გლახაკთა განუყოფნ თჳსითა ჴელითა.

ესრეთ წესითა განმტკიცებულითა ღმრთისა სახიერისა სათნოებისათა არა დაწყებისასა მიხედვიდა, არამედ აღსასრულისათა, და, ვითარცა მზე სწორ-პატიობით ყოველთა ზედა განუტეობდა ნათელსა თჳსთა შარავანდედთასა. ესრეთ წყალობითა ყოველთათა მოიზიდვიდა წყალობად ღმრთისა, ესრეთ გამოიფრდიდა ჟამთაგან, ესრეთ განაძლიერებდა მეგობართა, დაღათუ არარათ სიცრუით მოგებულითა და სამართლოთა.

არაოდეს მომედგრდა ჟამისაგან, არცა უდებ იქმნა ოდესცა განგებისათჳს, არაოდეს აუქმა გონება მისდა რწმუნებულთა საქმეთათჳსი არა დაუმძიმა კრთომასა გონებისასა დამზიდველი რამე ჩუკენებრივი, არცა სიმდაბლესა მირიდა, არცა სიმაღლესა განეყენა, არცა სიტკბოება ჟამიერი უმოთნო ყო, არცა საშინელება შეურაცხ ყო; ყოველი განზავა ყოვლითა, რათა სრულებით სრულისაგან წარმოაჩინოს თავსა შორის თჳსსა. უღაფრობა მაარსებელისა განუგმობელად დაიცვა, რათა მოქცევსა შინა სიმრგულისასა არარად ელმად და უცხოდ მიდრკეს, არცა გარდაყვეს სავსებელისა დუღილსა შინა, არცა მოაკლდა შთაზიდვასა შინა საბლისასა, არამედ მეტად დამდაბლებულმან გონიერისა გონებისაგან იყოვლისფერა გარემოდ, რათა მოქცევი თჳსი მარტიობით იხილვოს გუარსა შინა ანაგისასა შეუყოფელად ვნებათა. ისურვებდა და სასურველ იყო, იწადებოდა და საწადელ იყო, იქებოდა და საქებელ იყო, ნატრიდეს და სანატრელ იყო, და არარა იყო სხუა კეთილი, რაცა იგი არა იყო მის შორის.

ურჩნი თჳსნი დაამდაბლნა და მოყუარენი აღამაღლნა. არა იღუწიდა უმეზობლობასა, არცა შერთვიდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თჳსი მამული ძუელი კმა იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მიმხუეჭელად, ვინათგან სამართალმანცა ზენამან უბჭო მართალსა. არა შინებით უთქმიდა მეზობელთა, არამედ უფროსღა სცვიდა მაშინებელთაგან, და მათ საშინელ ყოფდა მტერთა ზედა. შორს განიოტა წურბლის მსგავსი ვერ-მაძღრისობა, ვინ არა გესლოვან [ყო] ნაყოფი, და არცა ბუგრიან ნაშრომი.

ბჭედ ჯდა შორის თავისა თჳსისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშუებად ბრძოლისა, არცა გარდადებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთას, და სახედ თავსა თჳსსა მისცემდა და ამისთჳს მათ ზედა მეორე სოლომონ იქმნა მეფეთა შორის; და არა ერთისა გული აღძრა სურვილად, არამედ ყოველნი რომელთა ესმა სახელი მისი, ვინა დიდითა მეფეთა, ცუდად შერაცხნეს თჳსი ბედ-კეთილობა ვერ-ხილვისათჳს მისისა. კნინღა-და ყოველსა ზღუასა აღმოიწრედდა თჳსად, ვითარცა ღრუბელი ყოველთა ზედა მსხურებელი ტკბილთა წჳმათა.

განიგემნე ყოველნი მატიანენი, ძუელთა გინა ახალთა მეფეთა მაქებელნი, რამეთუ გარდაემატა თამარის საქმეთა ჭეშმარიტებით საქებელობა სიტყჳსაებრ პირველთასა: სახარელ იყო თხრობათა შინა და კდემულ განმსწავლელობათა, შემხებელ ლბილობით და განმწურთელ სიტკბოებით, მგუემელ მოწყალეობით და შემრისხველ თანალმობით". რათა ყოვლად ყოვლითურთ განუგმობელ აჩუენოს თჳსება ღმრთისა. სანთელი იყო გონიერთა და უგუნურთა, პირველთა განმანათლებელ და მეორეთა დამწუველ. აღჳრი იყო უწესოდ მკრთომთა და დეზ უდებთათჳს; კანონი სირცხჳლისა მოხუცებულთა და კუერთხი რკინისა ჭაბუკთათჳს; კეთილ-მავალთა სიბრძნით მცველ, ხოლო მბორგალეთა თუალ-უხუავად მგუემელ.

მღდელთ-მოძღუართა შეიმოსეს შიში; მღდელთა დაიცვეს წესი თჳსი. მონაზონთა მოიგეს წესიერი მოქალაქობა; მთავარნი განისწავლნეს სიწმიდით ცხოვრებად და სიმართლით სლვად; ერნი განემტკიცნეს შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თჳსთა; ყრმანი განიწუართნეს მოძაგებად უჯეროსა უსჯულოებისა, რამეთუ ბილწებამან უწესომან და ყრმებრივმან მბორგალებითმან ბორგნეულობამან ვერცა თუ კუალი პოვა დღეთა თამარისთა. ვინა-და თჳთ გინებადცა შორს იყვნეს, რომელნიცა პალატსა შინა ღირს იყვნეს გინა კარსა ზედა მსახურებად.

ესრეთ ყოველსა შინა დაცვითა ღმრთისა მცნებათათა მოიგო წყალობა ღმრთისა, და აკურთხა ღმერთმან ცხოვრება მისი, და განამრავლა ნაყოფი მისი, და სხმულ ყო მსგავსად წერილისა: "ნათელი აღმოუბრწყინდა მართალსა" განთიადისა თანა, და მეუღლე მისი სიხარული შუადრე, და მწუხრი მშჳდობით დაიძინა სარეცელსა ზედა თჳსსა. შეამკუნა ღმერთმან დღენი მისნი პატიოსნებით და ჟამნი მისნი მშჳდობით. და მეფობასა შინა მისსა არა შეიჭუა პირი მისი, ამისთჳს რამეთუ არაოდეს გარე მიაქცია ჴელი სათხოველისაგან ქურივთა, ობოლთა და მიმძლავრებულთასა. წარვლნა დღენი მისნი სიხარულსა შინა. ამისთჳს რამეთუ მარადღე ახარებდა ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა. და უკანასკნელ წარვიდა მამათა თჳსთა თანა, და შეეძინა; და დაუტევნა ორნი შვილნი, გიორგი და რუსუდან, შუენიერნი, საწადელნი, სასურველნი და საქებელნი, შექმნით სეფის პირნი, გონიერებით აღსავსენი, სიბრძნით შემკობილნი, და ყოვლითა სიკეთითა სრულნი. თამარ ოცდასამთა შინა წელიწადთა შეაწყუდიალ ყოველი გუარი კეთილ-მეფობისა.

აქა დავჴში სიტყჳსა წყობა. მომავალთათჳს ყოველთაგან აწინდელთა სხუათა ძლევისა მიცემითა ყოველთა, და უმჯობესად შესატყჳს შესაძლებელად სახის-მეტყუელებასა უაღრესისა სიტყჳსასა პოვნით, და ამისთჳს ჩუენ მიერ დუმილით პატივ-ცემით დავიდუმოთ.