ცხოვრება დემეტრე მეფისა
სრულ ყო რა დავით სრბა მეფობრივი ქრონიკონსა სამას ორმოცდახუთსა, და მივიდა დაუსრულებელსა სუფევასა საუკუნოდ, სიცოცხლესა-ვე შინა მისსა დასუა მეფედ ძე მისი დემეტრე, და დაადგა გჳრგჳნი თჳთ მისითა ჴელითა. დაიპყრა სამეფო ტახტი და საჯდომი მკლავითა ლომებრივითა მისათხრობელად ბრძენთა ქების-მოყუარეთათჳს. იტყჳს სოლომონ-ცა მეფე: „ჟამნი არიან მშჳდობისანი სარწმუნოება მეფეთა, პირველად მოშიში იყო ღმრთისა. სჳანი და გამარჯუებული, სიმაღლესა და სიმდიდრესა შინა მდაბალი, და გლახაკთა მოწყალე, ობოლთა და ქურივთა განმკითხველი, საყდართა და ეკლესიათა. მღდელთა და მონაზონთა კეთილის-მყოფელი, შემწირველი სოფელთა და აგარაკთა დიდებულთა სამეფოსა მათისათა და კარსა ზედა მყოფთა ტკბილად მოუბარი, უხჳ და მბოძებელი. ვითარ გაავრცელა და აღაშენა სამეფო მისი: ოდეს დიდმან დავით ტფილისი აიღო, ჰერეთი და კახეთი მოირთო, ციხეთა და ქალაქთაგან კიდე კაცი არსადა იყო. ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, ქუენა-არტანი და ზენა-არტანი ამათსა მეფობასა შინა აშენდა, და ტაოს ნაპირნი.
ოდეს ჯერ არა იყო მეფე, დიდმან დავით შარვანს გაგზავნა შვილი დემეტრე და ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა, და აღიღო ციხე ქალაძორი, და აღივსო ალაფითა და ტყჳთა ურიცხჳთა, გააქცივნა სუქმანეთნი (ოდეს სუქმანეთნი გააქცივნა დემეტრე, ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაათი), თავი ყოვლისა სპარსეთობისა, დაჴოცნა და ამოსწყჳდნა, და აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი.
ერთგულთა შემწყნარებელი იყო და შეცოდებულთა სამართლიანად მწურთელი. ვინათგან არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მჴედრისა, არ-ცა ერისა და მღდელთ-მთავრისა „რომელმან იცოდის ნება უფლისა თჳსისა და არა ყოს, იგუემოს ფრიად“. ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა ღმრთივ-დანერგულსა და ცხებულიანსა. წარვლო ცხოვრება, და მიიწია სრულ-ქმნილი სიბერესა. შეიმოსა ჩოჴა და იკურთხა სქემითა. დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა.
და დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა.
შემდგომად მისსა დაჯდა ძე მისი-ვე გიორგი ქრონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა.
ამას-ვე წელსა დემეტრე მეფე მოკუდა, და დაჲ დემეტრესი თამარ, თიღჳსა აღმაშენებელი, იგი-ცა შემონაზონებული გარდაიცვალა. და დაჲ მისი კატა დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო.
ამის დავითის შვილი და გიორგის ძმის-წული დემეტრე დარჩა, და ოდეს ორბელნი უკუ-ადგეს გიორგი მეფესა, იგი თანა-უკუ-იტანეს და ლორეს შედგეს. მუნით გამოასხნა ორბელნი მეფემან, და იპყრნა და დაჴოცნა. და დემეტრე კლდე-კართა დასუეს, უკანის თუალნი დასწუნეს და მოკუდა და მცხეთას დამარხეს.
დემეტრე მეფე ბელტის ციხეს მიიცვალა და გელათს წარიყვანეს მისგან-ვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა. ქრონიკონი იყო სამას სამოცდათოთხმეტი. დემეტრე აბულეთის ძესა ივანეს თავი მოჰკუეთა ჩხერეს მერეს მეოცესა წელიწადსა მეფობისა მისისასა, და მეტეხთა დადვა ფიცის არ გატეხისათჳს.
ცხოვრება გიორგი მეფისა
დაჯდა მეფედ გიორგი, უმაღლესი ყოველთა მეფეთასა, მძლე და მორჭმული მტერთა და შეცოდებულთათჳს, კეთილის-მსახური ღმრთისა. საყდართა, ეპისკოპოსთა მეუდაბნოვეთა, მღდელთათჳს კეთილის-მყოფელი იყო და უკადრი შეცოდებისა დიდთა და ცოტათაგან, გლახაკთა და ქურივთათჳს მოწყალე იყო და ერთგულთათჳს უხჳ და მბოძებელი იყო.
სპარსეთისა სულტანნი, შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი, მეძღუნედ და მოხარკედ მისდა იყვნეს, და ყოველნი სანაპირონი სამეფოსა მისისანი უშიშად ჰქონდეს.
აიღო ანისი, ადრითგან წანაღები თურქთა, ქრონიკონსა სამას ოთხმოცსა. შეიპყრა სალდუხი, ამოსწყჳტა ყოველი ძალი მისი, მოაღებინა ძღუენი და საჭურჭლენი, რომელი არა აითუალვოდა. და აღივსნეს სამეფო და ლაშქარნი მისნი.
უშიშად ჰქონდეს განძას სულტანი და ხლათის სულტანი. და შამისა, ჯაზირისა და არდოხისძე სალდუხი გააქცივნა და დაჴოცნა. და მოვიდა ილდღუზი დიდითა ლაშქრითა სპარსეთისათა, დაარბია შავშეთი, კლარჯეთი და გავალის ჯარს ესრე დაჴოცნეს, რომელ მოამბე ერთი-ცა ვერ წავიდა.
ოდეს ორბელნი გადგეს, ქრონიკონი იყო სამას ოთხმოცდაჩჳდმეტი.
და აფხაზეთი, სუანეთი და ყოველი სამოქალაქო აქუნდა დაწყნარებით. და ოვსთა და ყივჩაყთა რაოდენი ათასი კაცი უბრძანის, მოვიდიან, ეგრეთ-ვე შარვანის სახლი.
და მოსცა ღმერთმან შვილი გჳრგჳნის ცოლსა თანა ბურდუხანს, მსგავსად აღთქმით შობილისა, ვითარ ანნას სამოელი, რომლისა მიერ გამობრწყინდა სიმართლე და მრავალი მშჳდობა დღეთა მისთა. და იმეფა ოცდარვა წელი და მიიცვალა სტაგირს კახეთისასა, თუესა მარტსა ოცდაშჳდსა, სამშაბათსა ვნებისასა. და დამარხეს მცხეთას ჟამის სიძნელისაგან, და მას-ვე წელსა გელათს წაიყვანეს.
ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი
იქმნა ყოველთა მეფეთა შორის უდიდეს, სჳანი და ბედნიერი, ღმრთის-მოშიში, ტკბილი, სახიერი (და თავი ყოველთა კეთილთა ღმრთის-მოშიშება არს და სიმდაბლე), ეკლესიათა და მონაზონთა მოყუარე, გლახაკთა და მოჩივართა განმკითხველი.
საბერძნეთისა მთა-წმიდისა, იერუსალემისა და შავ-მთისა საყდარნი და ეკლესიანი რომელნი-მე დარღუეულნი აღაშენნა, [რომელნი-მე] მათითა საფასოთა დაიჴსნნა ხარკისაგან უცხოთესლთასა. და თჳთ ჴელთაგან მისთა სთულისა სამსხუერპლოდ ღმრთისა და სიწმიდისა სამსახურად აკერვინებდა, და ეგრე დასდებდეს ეკლესიათა იქი და აქა აღმოსავლეთისათა-ცა შინა.
ლოცვისა მოყუარე იყო დაუცადებელი: ვითარ მოწესემან უწინარეს ძილისა ლოცვა და ფსალმუნება გარდაიჴადა.
ვაზირთა მისთა და ლაშქართა განურისხებელი, ღირსთათჳს მშობლურთა წყალობათა მიმფენელი და [ეგზომ], რომელ მისსა სამეფოსა შინა ერთი-ცა მსახური არ გაპატიჟებულა, თჳნიერ გუზან ტაოსკარელისაგან კიდე: მას თუალნი დასწუნეს. გაღმა გასული სპარსეთს ზაქარია ასპანის ძემან შეიპყრა და დარბაზს მოგუარეს.
და რომელ მისა მეფობასა შინა სულტანნი გააქცივნეს, ქალაქნი და ციხენი აიხუნნეს, ესე არს: ათაბაგი განძისა გააქციეს, ქრონიკონი იყო [ოთხ]ას და რ[ვა]. აღივსო ტყჳთა და ალაფითა სამეფო მათი. მჴარ-გრძელმან ზაქარია მანდატურთ-უხუცესმან და სპასალარმან, მისმან ძმამან ივანე ათაბაგმან აიღეს დვინი მეცხრესა წელსა მეფობისა მისისასა, ქორონიკონი იყო [ოთხ]ას ოცდაცამეტი.
მათ-ვე აიღეს გელაქუნი, ბიჯნისი, ამბერდი და ბარგუშატი ზემოთ ანისთ და ვიდრე ხუაფრიდისა ჴიდამდის. არა-ვის ასმია, არ-ცა ყოფილა სხუა ჴელმწიფისა ყმა, ვითარ ესენი, ერთ-გულად მსახურებითა სჳანნი და გამარჯუებულნი.
მოვიდა რუქნადინი, და თანა ჰყვა ლაშქარი დიმუშკით და ალაბით ამოღმა წაღებად ამის სამეფოსა. მიეგებნეს ბასიანის ქუეყანასა, გაიქციეს, ჴოცეს და ამოსწყჳდეს. მოასხნეს სულტანნი და ამირანი ტყუედ ერზინკიელი, შამელი და ბივრიტელი, საჭურჭლისა ზანდუკთა ოქროთა და მარგალიტითა სავსეთა, და დროშათა სასულტანოთა მრავალთა კარავთა, ვეცხლის ჭურჭელთა და ოქროსათა სადა იყო სიმრავლე. აქლემითა, ჯორითა და ცხენითა აღავსნეს მინდორნი და ველნი. ქრონიკონი იყო [ოთხ]ას ოცდათხუთმეტი.
ამისსა შემდგომად აიღეს კარი, და ციხენი კარნიფორისა, და ვანანდისნი, და რაჴსის პირის ციხენი; და წინა ამისსა ხახული, ოშკი და ბანა წაეღო.
ამათ ესდენთა ღმრთისა წყალობათა უფროსი-ცა ღმრთის-მოშიშება მოემატებოდა. საყდართა და მონასტერთა დალეწასა ვერ-ვინ იკადრებდა. ქარავანსა ვერ-ვინ მარცჳდა ამერი და იმერი. ძუელი სამეფო მათი აფხაზეთისა დაწყნარებით ჰქონდა, რომელ ერთი-ცა ქათამი არსად მოიკლვოდა: მპარავი, ავის-მოქმედი აღარ იყო. თუ ნაპარევი ვინ-მე პოვის, კარსა ზედა მიიღის და დროშათა ქუეშე დადვის. ოვსმან, მთიულმან, და ყივჩაყმან, და სუანმან ვერ იკადრიან პარვა. და იყო მდიდრად ესე სამეფო, რომელ აზნაურის ყმანი მათთა პატრონთა სწორად იმოსებოდეს.
თამარის ქმარი დავით იყო ოვსთ მეფე, ტომი ბაგრატიონთა, ჭაბუკი და ლომი და მისათხრობელი, ამათ ყოველთა განმარჯუებათა და ნაქმართა თანა-დამხუდარი და თჳთ-მქონელი, შემმართებელი, მოლაშქრე მკჳრცხლი.
დალეწნეს სპარსეთისა ქალაქნი, და მარანდი ამოსწყჳდეს და ერანის ქუეყანა. ესდენად სიშორესა შინა მივიდენ, რომელ არ-ცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა.
ორნი შვილნი მიეცნეს: გიორგი და რუსუდან. ამის გიორგის შობასა ზედა გაილაშქრა და აიღო კარი: ესრე ჩნდა ბედნიერობა ამისი და თამარ მეფისა.
და ასული მამის მისისა გიორგისი, რუსუდან დედოფალი, იყო ტკბილი და მოწვალე, ნუგეშინის-მცემელი და შემხუეწელი დაჭირვებულთა, და მზრდელი ჩჳლთა და ობოლთა, რომელ ღირსნი მათგან ზრდისანი ნაშობთა მათთა წინაშე მიუსხმიდიან. ჴელთა მისთაგან ნაქმარი საყდართა და ეკლესიათა იგზავნებოდა.
მოახლენი მათნი სულტანნი მოხარკედ დასხნა და სამეფო განუხეთქელად დაიცვა, ყოველნი-ვე შეიტკბნა და მშჳდობა ყო ყოველთათჳს. მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი და აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკჳდრობენ წინასწარმეტყუელნი და მამათ-მთავარნი და მეფენი, თუესა იანვარსა თორმეტსა, დღესა ოთხშაბათსა, აგარათა სომხითისათა, ქრონიკონსა ოთხას ოცდაშჳდსა. დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათს.
ვაი იყო ჟამისა მისთჳს. რა-ოდენ ულხინებელი გლოვა, ტყეპა და თმათა ფხურა იქმნებოდა, ლმობიერებანი, სიტკბოებანი, ღირსთათჳს მშობლურნი ზრდანი და ბოძებანი. საჴმარ იყო გულისხმის-ყოფა მეცნიერთაგან, მოთქუმა ნუგეშინის-მცემელთაგან. იგლოვა ყოველმან ამან სამეფომან ჟამსა ჯეროვანსა. დასუეს გიორგი ძე მისი მეფედ მას-ვე წელიწადსა, რომლისა წელნი-ცა მრავალ-ჟამეულ არიან და ცხოვრება მათი კეთილად წარმართებულ აქა ცვალებადსა თანა, მერმესა-ცა დაუსრულებელსა.
ცხოვრება გიორგი მეფისა, თამარის ძისა
ოდეს დაიბადა, ქრონიკონი იყო ოთხას და ცამეტი.
მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, იტყჳს წინასწარმეტყუელი, და ყოვლისა-ვე ბოროტისაგან იჴსნნეს მოშიშნი მისნი. და კუალად მოციქული: ჵ სიბრძნე სიმდიდრისა და სიბრძნისა ღმრთისა, ვითარ გამოუკულეველ არიან გზანი მისნი, ვინ ცნა გონება უფლისა, ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას.
შემდგომად გარდაცვალებისა თამარ მეფეთ-მეფისა, წარიწირა სასოება ყოველმან ამან სამეფომან, გარნა ღმერთმან, გჳანმან მრისხანებისათჳს. და მოსწრაფემან მოწყალებისათჳს, მოსცა მშობელისა-ვე მსგავსი მისგან-ვე შობისა ლაშა.
თორმეტისა წლისა იყო, ოდეს მეფედ დაჯდა ნერგი კეთილ-მოზარდი და ყუავილი ყოველთა ფერთაგან შემკობილი, ლომი ძალითა და უმანკო გონებითა, მოყუარული ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, მთავართა მათითა პატივითა, მონაზონთა და მღდელთა მათითა პატივითა, მშჳდი და განურისხებელი ბუნებითა, შჳდთა სამეფოთა მეფე მონისა-ცა ერთისა მათრაჴისა არა მკრველი, მშჳლდოსანი და ცხენოსანი გულოვანი და შემმართებელი, რომელ მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიჴადნა სიმცროსა-ვე შინა სწორნი დავით პაპის-პაპისა მისისანი. ბედნიერი ლაშქრობითა, ბედნიერი ქუეყანისა ნაყოფთა მოსლვისათჳს, დაჭირებულთა განმკითხველი, ბჭე და მოსამართლე, დამხედვარი მეტად ჟამისა და ასაკისა მისისა.
და იყო სამეფო მისი დიდსა დაწყნარებასა შინა, და იყვნეს გამგედ და განმზრახად ყოველთა საქმეთა მისთა მისისავე მშობლისობითგან მჴარ-გრძელი ზაქარია, მანდატურთ-უხუცესი და ამირ-სპასალარი, და ივანე ათაბაგი. პირველსა მშობელმან მათმან დიდმან თამარ მეფეთ-მეფემან გაალაშქრებინა მისსა ბედსა ზედა და აიღო კარი. შემდგომად გაილაშქრა, წარვიდა და შევიდა დიდსა სპარსეთს, გატეხა არდაველი, დალეწნა ციხე-ქალაქნი და აღავსო სამეფო ალაფითა.
ამისსა შემდგომად მოწუა და მოარბივა ხლათისა ქუეყანა, შემოიხუეწა ხლათელი და ძლევა-შემოსილმან მას ზედა მისცნა ზავისა სიმტკიცენი მათგან შეუცოდებელობასა შინა წყობისნი. და სხუა შემოიხუეწა კარნუ-ქალაქელი მოყურად და ერთ-გულად სახლისა მისისა, ჩადგა ბასიანს და მუნ ითამაშეს და გაისუენეს ერთგან. აიღო კეჩროლი შალვა თორელმან მისითა ჴრმლითა და ომითა მისათხრობელითა, რომელ არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი.
მეფემან აიღო ოროტი და ყოველნი ციხენი და მიმდგომნი მისნი ვიდრე ნახჭევანამდე და განძას კართამდის, აიღო შანქორი.
და შემოვიდეს უცხო-თესლნი ვინ-მე ლაშქარნი სომხითს და ჰერეთს, ევნო რა-მე მცირედი მათგან-ცა. შექცეულთა მიეწია ბალის წყალთა ზედა და პირველი წყლულება მათგან იქმნა. შემდგომ მოხედვითა ღმრთისათა და ლმობიერ-ქცევითა მეფისა გიორგისითა გააქცივნეს და ამოსწყჳდნეს გაქცეულნი. მეორესა წელიწადსა კულა-ცა მომართეს და დადგეს ბარდავის ჭალასა. შეიყარა სამეფო მისი და მოირთნა კარნუ-ქალაქისა ლაშქარნი, დადგა ლომთა-გორსა და აგარათა შუა და ვიდრე ზედა-მისლვადმდე გაექცნეს და გარდაიხუეწნეს, განვლეს დარუბანდისა გზა.
და ვიტყოდეთ ქებასა მისსა წინაშე ყოველთა კაცთა, არა ვტყუოდეთ, არ-ცა გურცხუენოდის. ვითარ იტყჳს დავით მამა ღმრთისა: იქმნეს მშჳლდ რვალისა მკლავნი მისნი და ექმნა შემწედ მაცხოვარება მისი.
ესრეთ წარმართებასა და ბედნიერობასა შინა მათსა დაჲ მათი რუსუდან ითხოვეს ხლათსა დასასმელად დიდმან სულტანმან მელიქმან, რომელსა ეგჳპტით ვიდრე ხლათამდის სპარსეთი ჰქონდა, და დაშალა მოწყალებამან ღმრთისამან და არა ყო ესრე.
შემდგომად ამისსა დიდითა შემოხუეწითა სთხოვა შარვან-შაჰმან. უქადეს და უბრძანეს მიცემისა პირი. გაგზავნა შარვანს ქართლისა ერის-თავი და თჳთ გიორგი მეფე ბაგავანს მივიდა გაკაზმად და მიცემად დისა მისისა და ათ დღე [დაყო], დრო იყო წასლვისა მისისა. ხოლო მოგუაგო ღმერთმან პატიჟად ცოდვათა ჩუენთა: მოკუდა გიორგი მეფე ბაგავანს იანვარსა თურამეტსა, დღესა ოთხშაბათსა. ქრონიკონი იყო ოთხას ორმოცდაორი.
და იქმნეს საშინელნი ტკივილნი, ცრემლთა წილ გულით სისხლის დენანი, წარწირვანი დარჩომისა და სიცოცხლისანი თანა-აღზრდილთა და მომჴსენებელთა კეთილთა და სიამოვნეთა მისთანი, ტკივილნი და ნაცრისა თავსა სხმანი ვაზირთა და დიდეულთა და ყოვლისა სამეფოსაგან და თჳთ მისისა გამზრდელისა ივანე ათაბაგისაგან.
ღმერთმან, რომელი მდიდარ არს მოწყალებითა და მიუწდომელ ძლიერებითა, მოხედნა და არა გაწირა ესე სამეფო, რისხვასა შინა წყალობით მოიჴსენა: ესრე ღმრთისა ნებითა დარჩომილი ამას-ვე სამეფოსა შინა რუსუდან დასუეს მეფედ მას-ვე წელიწადსა. უკეთუ-მცა ღმერთსა წარწყმედისაგან არა დავეცვენით, აღარ საგონებელ იყო სიცოცხლესა ტკივილისაგან ძმისა მისისა.
წაიყვანეს მაშინ-ვე გელათს, დამარხეს საფლავსა მამისა მისისასა. და არა დარჩა ცოლსა თანა გჳრგჳნისა შვილი.
ხოლო ღმერთმან ყოვლისა სახიერებისამან, რომელი არა განსწირავს მოშიშთა მისთა, დაიცავნ სამეფო ესე და მეფე ჩუენი ღმრთივ-გჳრგჳნოსანი რუსუდან, და ყავნ ნაყოფი მისი ჩუენდა სალხინებელად თესლითი-თესლადმდე, და მიეცინ სიმრავლე წელიწადთა, შემდგომად უწინარესი და სასუფეველი ცათა.