მხოლოდ ცეცხლია,

მხოლოდ წვაა,

    მხოლოდ ლექსია,

მხოლოდ ჰიმნია,

     ჰიმნი დასთა,

       ასთა, ათასთა -

საქართველოში ხანში შესვლა უმძიმესია,

ქართულ მიწაზე უნდა იყო სულ ახალგაზრდა.

სიცოცხლის ეშხით,

კაცმა რომ თქვას,

       ყველაზე მეტად,

ყველაზე ნაღდად

      გულს ვიჯერებთ

          ჩვენ, პოეტები  -

დაფნის, პატივის,

    სიყვარულის ხვეჭა და ხვეტა,

ვარდ-ყვავილები, ფარდაგები,

   ოქროს ეტლები,

გაზაფხულები,აპრილები,

    სულის წამღები;

მიწის გულიდან აფრენილი

    ცაში ბაღები;

შავ კლდეებიდან მოვარდნილი

    ვერცხლის წარღვნები,

მთაგრეხილები, მწვერვალები, იალაღები

მხოლოდ ცეცხლია,

მხოლოდ მხოლოდ წვაა,

      მხოლოდ ლექსია,

მხოლოდ ჰიმნია,

   ჰიმნი დასთა,

       ასთა, ათასთა...

საქართველოში ხანში შესვლა უმძიმესია,

საქართველოში უნდა იყო სულ ახალგაზრდა.



biblioteka.litklubi.ge