თუ იმერეთში სინათლით სავსე
გინახავთ ჩვენი პატარა თემი
და უსინათლო ვაჟკაცი გახსოვთ-
მშობელი მამა ის იყო ჩემი.
მას ერთხელ გაჰკრა სიკვდილმა გვერდი
და თვალში მოხვდა რჯულძაღლის ცელი,
და მერე ჩამქრალ თვალების სევდით
ოდაში იჯდა თხუთმეტი წელი.
ხან თემშარაზეც ფრთხილად და ჩუმად
გამოჩნდებოდა ჩალისფერ ჩოხით
და სიცოცხლის და სიკვდილის შუა
გზას მიიკვლევდა ბამბუკის ჯოხით.
და მოკვდა ისე, რომ მას სიკვდილი,
არ დაუნახავს - გამხმარი ძვალი
და მოკვდა ისე, რომ ტკბილზე ტკბილიც
არ დაუნახავს ქვეყანა თვალით;
არ ჩარჩენია ჯავრად მშვენება
ლურჯი ველების, ლურჯი ქედების...
მე კი, მე იმ დროს რა მეშველება,
ორივე თვალში რომ ვიხედები.