ლექსით მდიდარი,

ღარიბი ვაჟა,

თავისს ჩოხაზე უფრო ღარიბი,

მოზღვავებულა თვალმარგალიტის

ღვართქაფიანი ნიაღვარებით...

ვიცი,

არწივი კალამს აწვდიდა,

ვეფხვი - სიტყვას

და არაგვი - სიმებს

და მთანი,

     მთანი, -

ცად რომ აწვდილან, -

ცეცხლს,

შთაგონებას,

მომავლის იმედს!

 

*                                

მან ქართლს უმწუხრა

ხმლით და გალობით;

წევს მთაწმინდაზე

ლომის ცალობით...

 

*                                

როგორ იცოდა -

ჩაჩქნის პატრონმა -

ღვია,

ფათალო,

ხევნარის ენა!

იქნებ ვაჟაის დედა ნატრობდა

შვილს დაჰყოლოდა ჩანჩქრების სმენა!

უკანასკნელ წამს, -

ჩვენც გვყავს ნანახი, -

რომ სიცოცხლის მზე გადაერჩინა,

შტოფურცელი და ფშავის ბალახი

გაყინულ ხელში ისევ ეჭირა!

ალბათ მით სიკვდილს იგერიებდა,

სასტიკ მეხს მუხა არ წაექცია...

ყველა ყვავილი, მთაში გაშლილი,

დაუწერელი ვაჟას ლექსია...

           

ვიდრე ჩვენს ტყეში შველი ბინადრობს,

მთაში - ჯიხვი

და ცაში - არწივი, -

იცოცხლებს ვაჟა!..

            სხვა ვინ ვინატროთ

ვაჟასებური თავის განწირვით.

დე, ვაჟას ჩრდილი იდგეს უკლებლივ,

მარად ჩვენს თავზე,

            საქართველოზე;

მოგვშველებოდეს

            მაგარ მუხლებით,

სამშობლოს დროშის ქვეშ -

            დაველოცნეთ!

თუ ხმალი არი კაცით ნაკურთხი,

ისე ვაჟათი - სიტყვა ქართული!

სუნთქავდა ლექსი არაგვის სუნთქვით,

დღეს აქვს მსოფლიო

გულში ჩართული!


1961 წ.