სად გასხლტი, ჩემო ახალგაზრდობავ, -

დაუდგრომლობავ,

ზავთო,

ყიჟინავ!

შენ თუ გიშველა ქარიშხლის ღელვამ.

ფრთები მქროლავი რამ შეგიშინა?

 

წყალი იყავი?

სად გაიპარე?

ქარი იყავი?

გადიგრიალე?

სადა ხარ, სადა,

პირს რად იფარებ?

მზე მარჯნისფერი ისევ ბდღვრიალებს!..

 

შეიმჩქეფარე ერთხელ დრო-ჟამი,

განა გულს ეყო, რაც რომ იხარა?

ვინ დაგიმსხვრია ხელთ ოქროს ჯამი

და ოქროს წყალი ვინ დაგიღვარა?

 

ტყეში შევარდა ჩემი ირემი.

აღარ გამოდის...

ველი... დაჩუმდა...

ეგებ მისდევენ მონადირენი,

იქნებ რომელმა დაინარჩუნა?

 

თავს რომ ირთობდი ძველი ზღაპრებით.

თავი მოგქონდა ნაყივჩაღარად,

რით ვერ გაიგე, რა ფეხაკრეფით

დაგეცა თავზე თოვლი -

                                   ჭაღარა:

 

როგორ გამისხლტი, ახალგაზრდობავ,

და რა ყიჟინით გადიგრიალე;

გულმა მაისი განა დასტოვა? -

მზე მარჯნისფერად ისევ ბდღვრიალებს!


1954 წ.