თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. IV ს-ში ქართული ტომების რამოდენიმე ადრესახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არსებობდა, რომელთა შორის მიმდინარეობდა ბრძოლა პირველობისათვის. ამ ბრძოლაში გამარჯვებას აღწევს გაერთიანება, რომლის ცენტრსაც წარმოადგენდა მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან არსებული ქალაქი მცხეთა. მცხეთა მდებარეობდა უაღრესად ხელსაყრელ ადგილზე - კასპიიდან შავი ზღვისაკენ და ჩრდილო კავკასიიდან წინა აზიაში მიმავალი გზების გადაკვეთაზე, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის სწრაფ განვითარებას.

ძვ.წ. IV ს-ის დასასრულს მცხეთური არისტოკრატიის წარმომადგენელმა ფარნავაზმა გააერთიანა ტერიტორია კავკასიონის ქედიდან ევფრატის სათავეებამდე და მეფის ტიტული მიიღო. ასე შეიქმნა ერთიანი აღმოსავლურ ქართული სახელმწიფო იბერია (ქართ. ქართლი). მცხეთა ამ სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა. იბერიის მეფეთა რეზიდენციას კი წარმოადგენდა მცხეთის პირდაპირ მაღალ მთაზე აღმართული ციტადელი - არმაზციხე.

იბერია, ანუ ქართლი მდიდარი, მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა იყო. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი შედგებოდა ორი ზონისაგან - მთისა და ბარისაგან. ბარის მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა, მთისა კი - მესაქონლეობას. მთიელები გამოირჩეოდნენ მეომრობით და დიდ როლს ასრულებდნენ იბერიის სამხედრო ორგანიზაციაში.

იბერიის ქალაქებში ვაჭრები და ხელოსნები ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოშობით უცხოელი იყო. ძირითადად სირიელები და ებრაელები.

იბერიის რელიგიურ ცხოვრებაში ბევრი რამ იყო შემორჩენილი გვაროვნული წყობილების ხანიდან. თაყვანს ცემდნენ ნაყოფიერების ღმერთს, ჭექა-ქუხილისა და ციურ სხეულთა ღვთაებებს. არსებობდა ტოტემიზმის გადმონაშთები. ფარნავაზის დროიდან იბერიული პანთეონის სათავეში იდგა მთვარის ღმერთი - არმაზი, რომლის კერპი აღმართული იყო მცხეთასთან, ერთ-ერთი მთის მწვერვალზე. არმაზი გამოსახული იყო როგორც მრისხანე მეომარი, ძვირფასი აბჯრითა და მახვილით ხელში.

საგარეო პოლიტიკაში ფარნავაზს და მის უახლოეს მემკვიდრეებს ორიენტაცია აღებული ჰქონდათ სელევკიდებთან კავშირზე, მაგრამ ძვ. წ. II ს-ში საერთაშორისო ვითარება იბერიისათვის მნიშვნელოვნად გაუარესდა. სამხრეთით ქვეყანამ დაკარგა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ოლქი, რომელიც მას ახლადწარმოქმნილმა სომხურმა სამეფოებმა ჩამოაჭრეს, დასავლეთით კი იბერიას გაუმეზობლდა პონტოს სახელმწიფო, რომლის მეფემ, მითრიდატე VI-მ, თავის სამფლობელოებს შეუერთა კოლხეთი. მითრიდატეს ომების დროს რომის წინააღმდეგ იბერია პონტოს მოკავშირეა, რაც ძვ. წ. 65 წ. მის ტერიტორიაზე ცნობილი რომაელი სარდლის, პომპეუსის შემოჭრის საბაბი გახდა. პომპეუსმა დიდ ბრძოლაში დაამარცხა იბერიის მეფის, არტაგის ლაშქარი, მაგრამ გადაეყარა ფართოდ გაშლილ სახალხო წინააღმდეგობას, რამაც იგი აიძულა დაეჩქარებინა არტაგთან ზავის დადება. ზავის პირობებით, იბერია რომის არათანაბარუფლებიანი მოკავშირე გახდა. ამის შემდეგ რომაელები შევიდნენ კოლხეთში და დაიპყრეს იგი.

ახ.წ. I-II სს-ში იბერიის სამეფო კვლავ ძლიერდება, რის საფუძველსაც იძლეოდა ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა. ვითარდება სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა, ვაჭრობა. იბერიის ტერიტორიაზე გადიოდა ინდოეთიდან საბერძნეთში მიმავალი დიდი სავაჭრო გზა.

იბერიის გაძლიერება თავდაპირველად აწყობდათ რომაელებს, ვინაიდან თავის აღმოსავლეთის პოლიტიკაში ისინი ხშირად იყენებდნენ იბერიელ მოკავშირეებს. გარდა ამისა, იბერია აკონტროლებდა ცენტრალური კავკასიონის უმნიშვნელოვანეს უღელტეხილებს, რითაც რომის აზიურ სამფლობელოებს იცავდა ჩრდილო კავკასიიდან მეომარი ტომების შემოჭრისაგან. მაგრამ გაძლიერებული იბერია თანდათან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას იწყებს. მეფე ფარსმან I (ახ.წ. I ს.) სარგებლობს რომსა და პართიას შორის არსებული წინააღმდეგობებით და ეუფლება სომხეთს, რომლის ტახტზე აჰყავს ჯერ თავისი ძმა, შემდეგ კი ვაჟი. I-II სს-ში იბერიის ტერიტორია ფართოვდება, იგი იბრუნებს ადრე დაკარგულ სამხრეთის პროვინციებს.

II ს-სთვის ახალი პოლიტიკური რეალიებით ხასიათდება ვითარება კოლხეთშიც. მის ზღვისპირა ზოლში ყალიბდება დასავლურ ქართული და აფხაზური ტომობრივი სამთავროები - ლაზიკა, აფსილია, აბაზგია, სანიგია, რომელთა მმართველები რომის უზენაესობას აღიარებდნენ.

III ს-ში იბერიის საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა ისევ უარესდება. ირანში გამეფებული ახალი სპარსული დინასტიის - სასანიდების ექსპანსიის ერთ-ერთ ძირითად ობიექტად ამიერკავკასია იქცა, რამაც იბერია აიძულა კვლავ მტკიცედ დადგომოდა რომის ორიენტაციასა და ირანს დაპირისპირებოდა. ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო იბერიის სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება, რაც დაახლოებით 337 წ. მოხდა. როგორც ჩანს IV ს-ში ქრისტიანობა იმარჯვებს კოლხეთშიც, სადაც ამ დროს გაერთიანების ტენდენცია ისახება. კერძოდ ერთ-ერთი დასავლურ ქართული (ზანური) ტომის, ლაზების სამთავრო - ლაზიკა (ქართ. ეგრისი) - თავის გავლენას ავრცელებს სხვა ადგილობრივ პოლიტიკურ ერთეულებზე და ტომებზე. გაძლიერებული ლაზთა მეფეები, ფაქტობრივად, რომის მორჩილებიდანაც გამოდიან.

იბერიაში ქრისტიანობის გავრცელებამ მძლავრი ბიძგი მისცა ქართული დამწერლობის განვითარების საქმეს. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული წარწერები, შესრულებული ორიგინალური ანბანით, V ს-ით თარიღდება.

IV-V სს-ში საქართველოში ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება მიმდინარეობს. ეს პერიოდი იბერიისათვის კვლავ გართულებული საგარეო-პოლიტიკური ვითარებით ხასიათდება. რომაელებთან კავშირმა ვერ იხსნა ქვეყანა სასანიდების აგრესიისაგან, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება V ს-ის პირველი ნახევრიდან, როდესაც სპარსელებმა დაიპყრეს იბერიის მეზობელი ქვეყნები - სომხეთი და ალბანია და უშუალოდ მოადგნენ აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებს. იწყება ომები ქართველებსა და სპარსელებს შორის. განსაკუთრებით აღსანიშნავია V ს-ის მეორე ნახევარი, როდესაც იბერიაში მეფობს ვახტანგ გორგასალი. მეფე ვახტანგი იყო კარგი მეომარი, ჭკვიანი და ენერგიული მმართველი. იგი სასანიდების წინააღმდეგ ამიერკავკასიის ხალხების გაერთიანებას ცდილობდა. ამ მხრივ მან გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. მის დროს იბერია კვლავ გაძლიერდა და შეიერთა რიგი მეზობელი ტერიტორიები. ვახტანგ გორგასალი დიდ სააღმშენებლო საქმიანობასაც ეწეოდა. მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის ქალაქად გადაქცევა, რომელიც მანამდე მხოლოდ ციხესიმაგრეს წარმოადგენდა. მაგრამ VI ს-ის დასაწყისში ვახტანგ გორგასალი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა.


ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე