სოფლის უფროსად მინდოდი, ამტანად ძნელ ამბებისა.
ხალხური
სოფელს ატირდეს დედანი,_ სოფლის უფროსი კვდებაო, ნუ მოჰკლავ, დამბადებელო, სოფლობა წაგვიხდებაო!
ხალხური
ჩვენი სოფლის შარაზე დარბაისრული, მხნე ნაბიჯით მოაბიჯებდა გრძელ, ჩერქეზულ ჩოხაში გამოწყობილი ახოვანი, ბრგე, სახიერი, თეთრულვაშა ციციკორე -სოფლის დარბაისელი თავისი განუყრელი ურძნის ლიტაო ჯოხით.
ეს ჯოხი -ციციკორეს საერისმთავრო კვერთხი იყო.გაჯავრების დროს მაღლა შემართავდა, აზრის დასამტკიცებლად მიწას დაარტყამდა დაჟინებით.
მოდიოდა ჩუმად და რომ არ გცნობოდათ, მაინც მაშინვე შეატყობდით თვალსაჩინოებას. დიდი ხნის უნახავს გაეხარდებოდა ხოლმე ჩემი დანახვა: არდადეგებზე სოფელში რომ დავბრუნდებოდი, თუ სადმე მომკრავდა თვალს, გაღიმებული მეტყოდა:
-შენის ნახვით სამი წელიწადი ერთი კვირა მომემატაო!ისწავლე, კარგა ისწავლე, ეგებ ნასწავლებმა ჩაუყენოთ საქართველოს თვალიო! ერთხელაც მხარზე ხელი დამკრა და რიხიანად მითხრა: შენი ბიჭობის სახელი
სვეტიცხოველზე სწერიაო!
რატომ ეწერებოდა სვეტიცხოველზე ჩემი სახელი, ვერ გავიგე, ვერც კითხვა გავუბედე, ისე კი ეს ვაჟკაცური ქათინაური ძლიერ მომწონადა.
უშვილძირო იყო ძია ციციკორე.
-რათ მინდა შვილი, განა ცოტა მყავს მოსავლელი, მთელი სოფელი კისერზე მაწევსო!
მართალიც იყო! სოფელი ვინ?-ერთი კაცი! მთელი დღე ტრიალებდა სოფლის საქმეებზე, ღამეც კი მის განკარგებაზე ფიქრობდა. განა ტყუილად უყვარდა გარჯა, წვართულობა სოფლის მერჯულეს, გამგებელსა და მეუფროსეს! ყველას ჭკუას არიგებდა და ყველა გმინავდა მისი არამკითხაობის კირთებ ქვეშ. ციციკორე იყო სოფლის მზრუნველი, მომვლელი, მოჭირნახულე, თუმცა ხშირად ღიმილით შენიშნავდნენ, რომ სოფელი მისთვის არავის ჩაუბარებია:-არც ღმერთს, არც ხალხს და არც თვით ხელმწიფე-იმპერატორს! შეიძლება ეს იმის ბრალიც იყოს, რომ ციციკორეს დიდი პაპა იოთამი სოფლის ნაცვალი იყო ერეკლეს დროს და ციციკორეს მემკვიდრეობით მოსდგამდა სოფლის უფროსობა!
ციციკორე თავისას არ იშლიდა:
გულდიდობას, გულზვიადობასაც აბრალებდნენ, თავგაზიდულიაო; გულრბილი, დამთმო კაცი არ იყო, მაინც კაცური კაცი იყო, ლმობიერი, სწორი მხედაობა ჰქონდა.,, მოყვარისათვის, რომ იტყვიან, სწორედ გულთაგული!
ყველამ იცოდა, რომ ციციკორე გულიდან იყო მხედველი, რომ პირუტყუარი შემოცქერაც ისეთი იცოდა, თვალით განმცდელობა, რკინა დადნებოდა მისი მზერის ქვეშ. აბა, ტყუილს როგორ იკადრებდა!
დიდი ნდობაც ჰქონდა მოხვეჭილი სოფელში. სახლოსნობა და სისხლიანი საქონელი ციციკორეს მიერ გაიყოფებოდა ხოლმე, როგორც სანდო, დარბაისელ გამრიგესა და თავკაცის მიერ.
გაზაფხულის პირას აფუცუნდებოდა თუ არა დედამიწა, ამოჟოჟინდებოდა თუ არა ბალახი, სოფლის არამკითხე მოამაგე და ჭირისუფალი ჩამოუვლიდა სოფელს კომლ -და -კომლ, თან აფრთხილებდა.
_ცხენი არ აძოვო ყორიანის მინდორზე, ხომ იცი, იქაური ბალახი ცხენსა ჰკლავს, არც იქაური თივა აჭამო, ისიცა ჰკლავს, ეს იცოდე! _რა მიზეზია ნეტავი?
_რა მიზეზია და, ჩემის ანგარიშით, მანდ ხომ დიდი ომები მომხდარა და ბევრი მტერიც არის ჩახოცილი! და მტრის სისხლი იკბინება დღესაც, ახლაც არა ცხრება და მუშაობს ჩვენ სამტროდ! ამშრალა, მაგრამ ჰხედავ, არც ამშრალა, ისევ მიწაში დუღს შხამიანი და გვსუსხავს, ახლა იქიდან გვებრძვის, დახე, ცხენებსაც გვიხოცავს! ჩვენ რომ ბალახსა ვჭამდეთ, ჩვენც ამოგვწყვეტდა!
ასეთი დაკვირვება კი ჰქონდა ციციკორეს. სოფელი მართლაც ერიდებოდა ყორიანის მინდორს! _რას ბრაცუნებ ამ შუაღამით? _ ეტყოდა შემთხვევით შარაგზაზე შეხვედრილი დროული კაცი,
მასთან შეხუმრებული, სხვა ვინ გაუბედავდა?
_სოფელს ირგვლივ შემოვლა უნდა, მტერი მოძალე, თვალნაცემი არ შემოგვეპაროს! ათი თვალი და ათი ყური მაქვს გამობმული! ხუმრობა კი არ არი სოფლის პატრონობა ,_იტყოდა ციციკორე.
ციციკორე ბაქრაძე სოფლის მამობასა და მეურვეობას ჩემულობდა. იმის შინაგანი დაჯერება ჰქონდა,რომ გაჩენილი იყო რაღაც დიდი საქმის შესასრულებლად, ყველა ამბავში ერეოდა, რადგან თავისი პირდაპირი მოვალეობა ეგონა. დიდი ზეგავლენაც ქონდა ხალხზე. ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, როცა ერთხელ მეზობელ სოფლიდან ავადმყოფი ბავშვი გადმოუყვანეს საექიმოდ.
-გვიშველეო, სულ ავადმყოფობსო, თანაც დაგოლვილია, არ იზრდებაო! ექიმებში ბევრი ვატარეთ, ვერა არგეს რაო!
-ჩემთან რა ხელი გაქვთ, ქალაქს წაიყვანეთო. იქ ბაგრატიონის გვარის კაცმა სამი სილა უნდა გაარტყასო, ანდეზე დადგება, ავადმყოფობა გაუვლისო!
-შენ გაულაწუნე, შენი ჭირიმე, ოღონდ მორჩეს... -შეევედრა ბავშვის მამა. -როგორ იქნება, ერეკლე მეფის შთამომავალი უნდა იყოს, მე ვინა ვარ?
-არც შენა ჰგევხარ ნაკლები გვარისასო! -ასიამოვნა ბავშვის მამამ. ციციკორემ შეიფერა, მაგრამ ბავშვისათვის სილის გაწნა მაინც ვერ გაბედა...
მკათათვეში, კალოობას, უთენებელზე, სოფლის დერეფნებში ჩხუბი გაიშლებოდა ხოლმე. დედამთილები მუჯლუგუნით, ქიმუნჯით აღვიძებდნენ მძინარ პატარძლებს:ადექითო, ძროხებს მოწველა უნდაო, ნახირში გარეკვა, ქათმებს დაპურება, ძნას ჩაშლაო. ხომ გახსოვთ სოფელში გაგონილი:―მოჯამაგირის დღე გაჰქრეს, პატარძალის დილის ძილი, ადრიანად წამოაგდებენ, ხომ დაუსივდება ცხვირი!..―
აი, ამ დროს გამოჩნდებოდა ციციკორე,___ რძალ_დედამთილის დამზავებელი. ჯერ პატარძალს ეტყოდა: სიცილით მოსულო, რა გატირებსო? დაჩუმდი, დაჩუმდი, ცხრა mაჭანკალით მოყვანილოო! ახლა დედამთილს მიუბრუნდებოდა: შე მადლიანო, შენი შვილის გვირგვინის ცოლია! ნამდომი! პატივდებაში იყოლიე! მერე ცოტა ხმას აუმაღლებდა_სულ ხომ შენს თვალქვეშ არ იქნება? ცოტა მოეშვი, მაგანაც გაიხაროს ამ ქვეყანაზე! ჰხედავ, სანაშენოთ რა კარგი ქალია, ოჯახი გაანაშენა, სამ წალიწადზე სამი ბიჭი დაგიგორა! ქართველები ცოტანი ვართ უნდა მოვმრავლდეთ! ვენაცვალე მაგის ბარაქას!
მერე ორივეს ერთად მიმართავდა:
_ ერთმანეთს ია-ვარდად უნდა ეშლებოდეთ! ნებით, წადილითა და სიყვარულით იცხოვრეთო! _ ასე დააწყნარებდა, თვითონაც გულს დაიმშვიდებდა სოფლის არამკითხე მესვეური და თავის გზაზე გასწევდა განუყრელი ყავარჯნით.
თუ თვალს მოჰკრავადა ლაღად მიმავალ სოფლის თამამ გოგოებს, ხმას შეუმაღლებდა: _ერთი უყურე, აბა ,ქალს ეგ უხდება? თავი უნდა დახარო მორჩილად და ნიავივით ჩუმად გაიარო, განა თვალები უნდა შემომაბდღვრიალოო?
უშიშარ ციციკორეს მხოლოდ ერთი შიში ჰქონდა,_ შიში უწესობისა, ამიტომაც იყო, რომ ყველას მწყემსავდა, ჰმოძღვრიდა. გარჯულვა უყვარდა, უფრო დედაკაცებისა. __ დედაკაცს და ცხენს ნება რომ მისცე, სტამბოლს გადაცვივიანო! __ თავდაღუნულ, უშთაგონებო ადამიანს რომ დაინახავდა, დაუტატანებდა: __ რას ჩასტირი მიწას, შე დალოცვილო? მიწაში ჩადებასაც მოესწრები! ცას შeჰხედე, მზეს შეჰხედე, ღვთის მოცემულს, გაიხარე, ღვთისნიერო!
_ ერეკლე მეფის ძვლებს მცხეთაში მირონი ჩამოსდის, შენ კი ცოცხალი ჰყარხარ, უსაქმურო! ორი გაწოვა დედამ, განა ერთი! _ გაფიცხებით არიგებდა ციციკორე წელიწყვეტიას, დაბდურას, დონდლოჩინას.
თვითონ მშრომელი ვერ იტანდა ზარმაცს, მცონარს, უსაქმურს, ცეცხლმოკიდებული ეძგერებოდა ჩრდილში მონებივრე გლეხს:
-შე ჟანგიანო, სამძილა ზარმაცო, მიმკვდარებულო, ლოხო! განა არ იცი, რომ ქვეყანა საგარჯილოა?
ზოგჯერ ერთგული ცოლი ქმარს დაიფარავდა ხოლმე ციციკორეს წყრომისგან: -ხომ იცი, მაზლო, ჩემი კაცი უცოდველი, პატიოსანია!
-დიაღამც, უცოდველია, უცოდველი, როგორც ყაჭიდამ გამოსული ჭია!_დაცინვით მიაგებებდა ციციკორე,_იქ მკვდრებს აკლია, აქ ცოცხლებს აწუხებს!
-რა ქნას, ავადმყოფობამ დარია ხელი,-შეეჯავახებოდა ქინძურას ცოლი.
-ავადმყოფობამ? მაგას თეთრი ფურის რძის თეთრი ფაფა მიართვი, რომ კბილები შრომით არ დაეღალოს!-ასე გააბახა ციციკორემ ზარმაცი ქინძურა, რომელიც შუა მუშაობაში ცოლის საალერსოდ ვენახიდან გამოპარულიყო.
ემართლებოდა კიდევაც!
სამართლიან და პატიოსან ციციკორეს არ უყვარდა არც ღლეტურა და, განსაკუთრებით, ქლარცი ენის პატრონი, ეჯავრებოდა ყბამოქნილის, ენამოლესილის, დაუყენებელი ყბის იკლიკანტური ბრტყელსიტყვაობა. თვითონაც როდი იყო სიტყვამიუგებელი კაცი!
-საქმე სიტყვის წინამავალი უნდა იყოს! აი, ვაჟკაცობა ამას ჰქვიანო! -რა ბედენაა, მოშაქრული, მოშაბათებული სიტყვები!
მოკლე სადღეგრძელოები იცოდა: მშვიდობა, მზეგრძელობა, კარგად ყოფნა, შვილიანობა, ვაჟით ვაჟიანობა, პურიანობა, ღვინიანობა, საქონლის გამრავლება, ხეხილის მსხმოიარობა!-ეს იყო და ეს!
სოფლის მეუფროსეს სიმძიმე ჰფერდრობა,-მძიმე იყავ, წონაში მეტი მოხვალო!
მაგრამ ციციკორემ გამონაკლისებიც იცოდა, ყველა ზარმაცს როდი ემტერებოდა@ აი, გინდაც, გრძელულვაშა ფადლაურა. რა მოსალხენარი კაცი იყო, რა მომღერალი, ვერც კი ეტეოდა გრძელ კახურ მრავალჟამიერში! მისი სიმღერის გაგონებაზე დაუდასტურებდი ბრძნის ნათქვამს: ,,ხან კაცი ღმერთსაც ემსგავსისო!―
დედაც მომღერალი ჰყოლია! მოდი და ნუ დაუჯერებ ციციკორეს თქმულს: დედის ხსენსა რაც ჩაჰყვება, სულს ის ამოჰყვბაო!
ამასთანავე ფადლაურა უსაშველო ზარმაცი იყო. სუფრის გარეშე არ არსებობდა,. იჯდა საჩრდილობელ ხის ქვეშ და როცა ჰკითხავდი:
-როგორა ხარო?-გიპასუხებდა:
-ძველებურად: არცა ვგრძელდები, არც ვმოკლდებიო!
ასე იყო: ქორწილიდან-ქორწილამდე, ნათლობიდან-ნათლობამდე... დაუკლისად სვამდა , მღეროდა და სვამდა.
სხვა რომ ყოფილიყო ფადლაურსთანა, ციციკორე ნაცარტუტას აადენდა, მაგრამ ზარმაც ფადლაურას სიმღერისათვის დიდ პატივსა სცემდა და ერთხელ, როცა სოფლის სადალაქოში ყბედმა დალაქმა ლოჭომ ფადლაური გაკენწლა, ყბაზე შეფიფქილმა ციციკორემ ლოჭოს მშვიდად უპასუხა.
-ფადლაურას ხმა ღვთიდან არი, პატივისცემა გვმართებს, თვისი ხმით ემსახურება ქვეყანას, რას ერჩიო!
მხნედ შემოაბიჯებდა ციციკორე სახლში, ბჭეშივე ქუდს შეიქნევდა და ძალუმი ხმით შესძახებდა: სახლო, ღმერთმა აგაშენოსო!
ახლაც, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ თვალწინ მიდგას ყავარჯენზე ნიკაპდაყრდნობილი ციციკორე-პორსუფთა, ახოვანი, ტანოვანი, მჭეხარი ხმის პატრონი.
თუ ვინმე ყურს არ მიუგდებდა ან აწყენინებდა, ციციკორე ერთს ღრმად ამოიოხრებდა და დაატანდა:
-ვაი, თემო და სოფელო!
ერთხელ, მეზობელმა თათრებმა ჩვენი საქონელი წაასხეს .სოფელი მდევარზე გამოვიდა. ვინც მდევარში წასვლა ვერ მოასწრო, მათ ციციკორემ სულ ცეცხლი გადააყარა თავზე.
-ჰაი ,თქვე ქალისპირებო! განა თქვენ გაამაგრებთ საქართველოსო?
თვითონ კი მართლაც მთელი ჩვენი სოფლის გამამაგრებელი და გამამხნებებელი იყო მუდამ.
განა დამავიწყდება ოდესმე, ერთ საშინელ ღამეს, თუ როგორ მოეპატრონა ჩვენს ოჯახს და გაგვამხნევა?
საშინელი, შავი ავდარი მოვიდა, ხორხოშასეტყვიანი.
სულ ჩამორეგვა ყველაფერი! ეზოები წყალმა აატივტივა. სოფელმა წარღვნა იფიქრა: ოდნავ რომ გადაიღო ღვართქაფმა, ორღობეში გამოჩნდა თავზე ტომარაწამოსხმული ციციკორე და სახლებში ჩაკეტილებს მოგვძახოდა:
-ნუ გეშინიათ, გამაგრდით! გადაივლის ავდარი! ამისთანები უნახავს ჩვენს ხალხსა! ნუ შეშინდებით, გამაგრდითო!-აი, მაშინ კი ვიწამე ციციკორეს ბელადობა, მაშინ, ნამდვილ ბიბლიური წიასწარმეტყველს ჰგავდა აგზნებული თვალებით.
ახლა მეორე მეკომურთან შევიდა განსაკუთრებით ქვრივ-ობოლთა უკაცობა ოჯახები დაიარა, არ შეშინდნენო!
აი, რა გული, რა მხნეობა ჰქონდა ციციკორეს!
ახირებული ციციკორე ზოგჯერ სხვისი აზრების მასპინძლობას ვერ იჩენდა.
ერთხელ, შუა კამათში, ციციკორე მოკამათეს უეცრად შეეკითხა:
-მოულაღური იცი?
-ვიცი!
-მტრედი იცი?
-ვიცი!
-ყანჩა იცი?
-ვიცი!
-იშხვარი იცი!
-არა!
-მაშ, იშხვარი არ იცი და მელაპარაკები? ჯერ წადი, გაიგე იშხვარი რა არი, მერე მოდი და მელაპარაკე!-ასე დაამარცხა მოკამათე.
რა იყო ეს ,,იშხვარი― და რატომ აძლევდა ასე დიდ მნიშვნელობას ციციკორე, ახლაც არ ვიცი; მგონი , ,,იშხვარი― სულაც არ უნდა არსებობდეს ბუნებაში. ფრინველი ,,შხერო― თუ ჰყავდა მხედველობაში! მაგრამ შხერო რომელი არწივია, რომ მისი ცნობითა თუ ცოდნით თავი გამოიდო?
უცხო კაცი გაბედვით იტყოდა ხოლმე ციციკორეზე: კერპი კაცია, ხერკინააო,სიტყვით მტეხელიო, მაგასთან ლაპარაკს კლდის გლეჯა სჯობიაო! ნეტავ როგორ უძლებთო, მაგ შეუპოვარსაო!
მართლაც, თავის ნათქნამა იყო ციციკორე.
ჩვენში თითქმის აღარავის ედგა მიწური სახლი,ციციკორე კი ისევ ძველებურ,ბნელ დარბაზში ცხოვრობდა.
ეს დარბაზი თითქმის ერთადერთიღა შემორჩენილიყო მთელ სოფელში!
მეამაყება, რომ მოვესწარი ძველებურ ქართულ დარბაზს და დარბაზის გვირგვინში მერცხლის ბედეს!
მეამაყება, რომ საკუთარი თვალით მინახავს მოხარატებული დედაბოძი მზე-მთვარისა და რტომრავალი ხის გამოსახულებით, ზედ უსათუოდ გატყაპნული აღდგომის ჩანაჭუჭებული წითელი კვერცხი, დედაბოძზე მიკრული შინდის ჩხა, ზედ რომ ციციკორეს სუფთა წინდები და პაჭიჭები ეკიდა. საქარეში ზაფხულობით ნიავი სისინებდა, ზამთრობით-ქარი ღმუოდა, მაგრამ ვერას აკლებდა, დიდი შეშის სათარი კერაზე იდო. საკიდელზე ჩამოკიდებული დიდი, შავი ქვაბი შიშინებდა...
განებივრებული ვყავდი ციციკორეს ცოლს-კონიას. ახლაც მახსოვს გემო და სურნელი მისი შემზადებული საჭმელებისა და როგორ არ მოვიგონო მისი ხელით გაკეთებული: შინდისა და ღოლოს შეჭამანდი, ხარხიტო, ჭინჭარი, სატაცური და ქარქვეტის წნილი, ყველიერში-მახოხი!
ციციკორეს დარბაზში ძალზე ბნელოდა. ხელის ცეცებით უნდა შესულიყავი და დიდხანს ვერც გაერკვეოდი სიბნელეში.
-რას იკლავ თავს ამ ბნელაში, შე კაი კაცო, გამოდი მზე, ერთი მზიანი ოთახი დაიდგი, რა გაგჭირვებია ისეთი, უშვილო კაცი ხარ და უხარჯო!-ეტყოდნენ ხოლმე მეზობლები.
-აქ, ამ ბნელაში სიცოცხლე მირჩებნია თქვენს მზიურობას!-იყო ციციკორეს მუდმივი პასუხი და ცოლიც მაშინვე კვერს დაუკრავდა:
-გენაცვალეთ, აქ გვატარეთ მთელი სიცოცხლე და ახლა რომ აქედან სადმე გადავიდეთ, სირცხვილია, ხალხი რას იტყვის?
ციციკორეს მართლაც შეეძლო ქვიტკირის სახლის აგება, მაგრამ ვერ ელეოდა მამაპაპურ დარბაზს.
-რა ვქნაო, უდარბაზოდ ვერ გავძებ, სხვებმა შეიძლონო!
ძალზე უყვარდა თავისი მიწური და როცა სტუმარი მოუვიდოდა, თავისი ქოხის სადღეგრძელოს უსათუოდ დაალევინებდა და თვითონაც შეუმღერებდა ჯამით ხელში: -ეს სასახლე ვინ ააგო, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის მამა ცხონდა, დამხურავის დედის სული!
სისუფთავე კი საოცარი ჰსუფევდა ძველ დარბაზში. თაროზე მიჯრით ეწყო დაკრიალებული, ძველებური ჯამ-ჭურჭელი-ჩინური თუ ქაშანური, კუთხეშიც მზითვის დიდი დაჭრელებული სკივრი იდგა, კონიასი.
უცნაური ზნე სჭირდა ციციკორეს. რაც უნდა ავად გამხდარიყო, ლოგინში არ ჩაწვებოდა.
_ქალი ხომ არა ვარ, ქვეშაგებში ჩავწვე და მტერი გავახარო?! _ ავადმყოფობა მის თვალში დიდი სირცხვილი იყო. სიცხიანი, თვალებზე ცხვრის ქუდჩამოფხატული ზამთარ-ზაფხულ სოფელს ჩამოივლიდა ხოლმე, რათა მტერს დანახვებოდა და არ გაეხარებინა, _ კარგადა ვარ, ჯამრთელად და ნებიერადო. ,,ვეფხვი ვინა თქვა მტირალი?― _ შეუძახებდა თავის თავს და მართლაც ვეფხვობდა.
იქნებ იფიქროთ, უშვილო ციციკორე უსაქმო ყოფილა, პირადი საქმე არ არ ჰქონია და მხოლოდ სხვის ჭკუის დარიგებას იყო გადაგებულიო. _არა, ციციკორე შრომაში იყო დამტკბარი! მისი საყვარელი საშრომელი _ ,,კარზე ვენახი― ან კარის ბოსტანი იყო, სადაც საამოდ სურნელობდა ნაირ_ნაირი მწვანილეულობა; სადაც ლაღობდა შეფოთლილი ვაზი, მსხმოიარე მტევანი,ათქვირებული კიტრი და ლობიო. ხშირად მინახავს პერანგა ციციკორე ოფლში გახვითქული, შრომით შეჯერებული და გახარებულიც.
მისი ცოლი კონია, ქალური საზრიანობით განთქმული, ალერსით გულზე დაგეხვეოდა. მშიერ_შიშველი ეცოდებოდა, გულჩვილი იყო!
_ დაეწვას საწერ- კალამი ახლანდელ სამართალსო, _ იტყოდა ხალხის ჩაგვრით ყოველდღიური მოწმე ბერ-დედა.
ახალგაზრდობაში, ლამაზი ქალი ყოფილიყო, ახლაც ემჩნევოდა გადავლილი სილამაზის იერი. მეტად სუფთა დედაკაცი იყო. სიბერის სილამაზე_სიფაქიზეაო,ხშირად იტყოდა.
ეზოში, სულ ვარდი ედგა.
სოფლის მეურნობაშიც ფხიზლობდა ციციკორეს თვალი. ჯერ კიდევ ადრეულ გაზაფხუზე ჩამოივლიდა სოფლის მოლივლივე ჯეჯილებს, თვალს გადაავლებდა, შეისაყვარლებდა, შეაფასებდა და მათ პატრონებს ამბავს მიუტანდა.
მკაშიც დაჰხედავდა. ზოგი მომკელი ხელეურსაც მიაგებებდა.
ციციკორე თავთავს ფხაში გაჰხედავდა და გამოიცნობდა, როგორი ხვავი იქნებოდა წლეულს. ტყუილს არ იტყოდა ვისიმე დასამშვიდებლად. სწორე უყვარდა. უხაროდა, როცა კარგი მოსავლის მთხრობელი იყო და მახარობელი.
ღვთაებრივად სწამდა შრომის გამართლება:
-პატიოსანი ოფლის თითო წვეთი თუ მარგალიტად არ იქცეს, მოდით და მარჯვენა მომჭერით!-
იტყოდა ხოლმე.
სოფლის ეტიკი, უნაგარო და მამობრივი მზრუნველობით აღსავსე, ვითარცა გველეშაპს წმიდა გიორგი, ასე ებრძოდა ვაჭრებს, ჩარჩებს, სოფლის ყლაპიებს, -გლეხის სისხლის წურბელებს. ვაჭარ პინჩუხას არშინის გაცურება უყვარდა. ვერ იქნა და ვერ მოაშლევინეს. საკმარისი იყო
ციციკორეს მკაცრად შენაგონარი სიტყვა, რომ პინჩუხას სამუდამოდ ამოეკვეთა ეს ურიგობა. ციციკორე ცრუმორწმუნეობასაც ებრძოდა შეძლებისდაგვარად:
ბოხვერა მებადურს ჩვენი უბნის გოგო ნინუცა შეჰყვარებოდა! ღამღამობით იორის ზვირთებში ელანდებოდა. ბადეს რომ მოსწურავდა, თურმე იქიდან კისკისით ამომხტარი ნინუცა ბადეს დაუხევდა ხოლმე. უბირ ბოხვერას გულწრფელად სჯეროდა, რომ სწორედ ნინუცა იყო ის ბადიხევია ლამაზი ქალი, იორზე რომ ეჩვენებოდა, სჯეროდა მტკიცედ, ურყევად. და მეორე დღით, როცა ნუნუცა სოფლის ღობესთან შეჰხვდებოდა, სიცილიT ეტყოდა:-შენ, ეი, ნინუცი, გეუბნევი, მომცილდი!
ნინუცა გაიღიმებდა...
_რა გინდა, გოგო, ჩემგან? რას მესაყვარლები იორში? ნინუცა ხითხითებდა...
ბოხვერას გული მოსდიოდა... თან უხაროდა.
როცა ციციკორეს შემთხვევით გაეგო ბოხვერას ამბავი, დაებარებინა:
_ბიჭო და... არა გრცხვენიან, შე ოტროველავ! მართლა გგონია, ბნელო კაცო, რომ შენს ბადეში ნინუცა ებმევა? თვითონა ხარ გაბმული იმის ბადეში! სირცხვილი არ არის, ტვინი აამოძრავე, რათ ეჩაგვრინები სისულელეს!
განა ციციკორეს გამარჯვება არ იყო,რომ მას აქეთ ბოხვერას ნინუცა ალივით აღარ მოსჩვენებია, მხოლოდ ღვინობისთვეს, გვერდში ამოუდგა საქორწილო გვირგვინქვეშ?
დიდი გავლენა ჰქონდა ციციკორეს და მეშურნეთა მტრობაც დიდი ეხვია გარს. თავისუფლების ტრფიალ ხალხს სძულდა სხვისი ჯოხისა თუ სიტყვის ქვეშ ცხოვრება,სხვის მიერ ნაჩვენებ კალაპოტის მიყოლა ეურჩებოდა, ხშირად გამოჰკრავდა ხოლმე წყრომის ნაპერწკლებს, მაგრამ დაფანტული ცეცხლის ძალა იქვე ჰქრებოდა.
სოფელში,ზოგი ჩუმად უჩიოდა ციციკორეს იმ სუსხისათვის, რაც სოფელში დააყენა:- ვინ არი, რომ თავზე წამომაჯდაო! მაგრამ პირში ვინ გეუბნება ორიოდეს გარდა?
და აი, მხოლოდ ერთხელ...
სოფელში ცხოვრობდა მდიდარი გლეხი სავატელი, რომლის სილაღეს ვერ იტანდა ციციკორე.
- რას მედიდები, ჯიბეგაქსუებულო, ოქროსქამრიანო, სოფლისყლაპიავ! -შესძახა მჭახედ სოფლის შარაზე შეხვედრილ სავატელს, რომელიც საპირდაპიროდ თავაწეული მოდიოდა. სავატელმა აღარ დაახანა თავისი წყრომა და სცადა კიდეც ერთხელ ციციკორესთვის ჩამოეხია შარავანდედი.
-გასიბრძნებულო! რათა ხარ სხვისი ჩხრეკია, სხვისი ცხვირის მზომელა, ყველას გამკილავი, გამკენწლავი? ნეტავ როდის ჩაგაბარეთ თავი, ან ვინ დაგადგია ჩვენს მწყემსად, რომ გიყვარს ხალხის გარჯულვა? შენის შიშით კაცი ქალს ვერ დალაპარაკებია, ქალი - კაცს, ვაჟკაცს ღვინო ვერ დაულევია, ქალს ვერ გაუცინია, ბავშვს ვერ უცელქნია! ფულიღა გვაკლია შენს სახელზე მოჭრილი!
- დამნესტრე განა, სათოკე კაცო. - უპასუხა ციციკორემ და გულგაგრილებით განაგრძო გზა. -შენ ვინ ჩაგაბარა სოფელიო? ჩემმა სინდისმა და პატიოსნებამ! იესო ქრისტემ ლერწმის წბილით ამიწონა ეს სოფელი და ისე ჩამაბარა, ახლა ხომ გაიგე! - ეკამათებოდა გულში ციციკორე სავატელს.
განა მარტო სავატელი?
აკი ყველაზე საცოდავმა და ბეჩავმა ბერიკაცმა სიღარიბით გაწყალებულმა ჯაუნარმაც გაუბედა! ეტყობა, მის გათელილ გულში კიდევ ეგზნებოდა თავისუფლების სიყვარული!
-- რომ გიყვარს „გაგვიძეხ ბერო მინდიაო―, მერე? ვინა ხარ, რომ ერს გაუძღვე? თვითონ ქვეყანა არ არის მადლიანად მომართული, ღმერთმა ვერ დააწყო და შენ გინდა დააწესრიგო? ეჰ, ეჰ, ბეჩავ-ბიჭო! შენ უნდა მისცე მცნება ცასა და დედამიწას? თავს დაგვდგომიხარ ხევისბერივით და გვექადაგები! -- ასე ამხელდა ქელეხში ღვინით აბორგებული ბერიკაცი ჯაუნარი.
-- იცი თუ არა, ყველა კაცი რომ არ არი ღირსი კაცობის სახელის ტარებისა! იცი, რომ ზოგი ფრინველია – სჭამენ, ფრინველია, რომ ხორცს აჭმევენ! „ კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძევს კაცით კაცამდისო―, იცი შე ბეჩავო, შე, ცარიელო ჯამო!
ჯაუნარი ლასლასით გაიყვანეს კარში და იქიდან მაინც შემოიძახა: ვინ მისცა მაგას უფროსობაო? ციციკორე იცინოდა.
ხალხს ესიამოვნა წამიერად შეუხებლის შეხება. ამ შემთხვევაში ციციკორეს მცირედი მაინც გაკენწვლა, განქიქება!
ერთხელ, დედაბერი მარადიაც შეება: სულ რომ ბობოქრობ, დამტკბარი გუნება როდისღა გაქვს? ადამიანს სიტკბო და სიწყნარე აცოცხლებს, სულ რომ სჭექ და გრგვინავ, იქნებ შენა ხარ მარტო ხმელეთზეით ხორციელი?―
ეჰ, ვის შესწევდა ძალა, გაეგო ციციკორეს ზრახვები და მიზნები. ვის, ვის უნდა გაეზომნა მისი დღიური საზრუნავი, საყოველთაო ფიქრები სოფელზე, მისი ფიქრის სიღრმეები თუ მწვერვალები? -- არავის! ვერცვის!
მაგრამ ციციკორე სოფლის გულთამხილავიც გახლდათ.
მაგალთად მან იცოდა ის დღე, რა დღესაც დაბადებული ბედნიერი ადამიანი იქნებოდა, ის დღეც იცოდა, როდესაც დარგული ხე თუ ხეხილი იხარებდა იცოდა შელოცვებით ნადირის კბილის დაკეტვაც, ამაში ტოლი არ ჰყავდა. თუ ღამეობით საქონელი გარეთ დარჩებოდა, ციციკორეს შეალოცვინებდნენ და სოფლის რწმენით საქონელს არც მგლისა, არც აფთრისა და არც ქურდისაგან ზიანი არ მოელოდა. ერთი სიტყვით, მისი საიდუმლო სიტყვა მგელს პირს შეუკრავდა, ქურდს_ ხელ-ფეხს.
ცხენის საიდუმლოც იცოდა: როგორ უნდა გამოიყვანო ცხენი ბოსლიდან ხანძრის დროს ისე, რომ არ დაფრთხეს, არ აიგლიჯოს, არ გაგიჟდეს. მარტო მიცვალებულის ზარი უნდა იმღეროს იმ დროს პატრონმაო და იმ ზარსა და გლოვის ხმაში დამორჩილებულ ცხენს გამოიყვან, თუ არადა, შიგ ჩაიბუგება ცეცხლშიო!
ერეკლე მეფე უყვარდა, იმპერატორი ნიკოლოზი კი მის თვალში არა იყო რა, ჩალა-მეფეაო! ცხრაას ხუთი წლის წინ მოძრაობას შეერყია მისდამი რწმენა!
-- ღმერთი არ არიო?!
-- ეგ როგორ თქვი, შე შავდღიანო, მწარე გონების კაცო. შე უნანელო? მაშ რაღა ქართველი ვარ, თუ ღმერთი არ არის?!
-- ღმერთი არ არიო? მაშ როგორღა ანათებს მზე? ხომ წაიქცა მთვარე და გადმოვარდა ციდან?
ხშირად, მზის მყუდროში, ღობის ძირას მიმჯდარი ციციკორე, იქვე მოთამაშე ბავშვების სიახლოვეს წყნარად დანით ჩხირსა სთლიდა და ვითომდა თავისთვის ღიღინებდა:
-- ვინცა კაცია, არანანო, ჩოხა- ჯაჭვია, თარანანო, ქუდი ნაბდისა, არანანო,-- -- ჩაბალახია!
დაიღინებდა თავისთვის, მაგრამ ამ ჩუმ ღიღინსაც კი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ჰქონდა, გვესმოდა ბავშვებს და ძალაუნებრივ გონებაში გვებეჭდებოდა ციციკორეს სავაჟკაცო სიტყვები, თუმცა მოხუცი სრულიადაც არ გვაგრძნობინებდა, რომ ჩვენს საგულისხმოდ ამბობდა.
წვრილფეხობის დამწყემსვაც უყვარდა.
-- გაიგონე, რა გითხრა, საქართველოს ცხრა კარი აბია! ეს დაიხსომე კარგად! თვითეული კარის ყარაულად უნდა გამოდგე!
ციციკორე სარდლობაშიც იჩენდა ნიჭს: ბალღების ომში ჩაერეოდა, ასე გვწვრთნიდა:
-- რაზმი ეგრე დააწყეთ: ჯერ წინმავალი უნდა წავიდეს, მერე უკან ამყოლი უნდა აჰყვესო: აქეთ-იქიდან მოკინკლავენი მოუდგებიან, რომ მტერი არ მოასვენონ და მერე მეუკანოენი მიჰყვებიანო. ზედ უნდა მიხვიდე, ზედ მისვლა უნდა იცოდე! დავლური ომიც უნდა ისწავლოთ, განა მარტო მოგერიებაო! წინდაწინ შენ დაჰკარი, გული საგულეს დადგება! შენ შენი ეცადე, გამარჯვება კიდე ღმერთზეა! ერთი არ დაივიწყო: ომში სიმღერით უნდა შეხვიდე! ნატყვიარი არ ინაღვლო!
ციციკორეს, როგორც ყოველ ქართველ კაცს, სახელი ყველაფერს ერჩივნა!
-- სახელი! არ დააგდოთ მიწაზე! -- გვეტყოდა ზრუნვით ახალგაზრდებს.-- სირცხვილი დიდი ქვა არის! სახელი არ გაასრესინოთ ამ ქვას!
ერთხელ, კუნძზე ჩამომჯდარ მეფანდურეს შეუტია: -- რას გადასცემ და რას გადმოსცემ? კაი ბიჭები შეაქე, რომ ლაჩრებიც გაკარგდნენ!
-- აწანწკარებ მაგ ფანდურს და ისიც კი არ იცი, რომ ჭკუა და გონება მოეთხოვება შაირის გამომთქმელს! შაირია განა სიტყვის საგრძელებელია, შე ცუნდრუკო და უმეცარო! განა ცოტა ჰყავს სადიდებელი და სასახელო, რომ გოგოებს უმღერი? გულის სიტყვები ამოთქვი, სავაჟკაცო რამ თქვი, რომ ხელი თვითონ დაებას ხმლის ვადას და რაში თავისით გაფრინდეს, მათრახმოუწნავად!
-- ვაჟკაცი კარგად უნდა შეაქო! ზომაზე მეტადაც შეაქე, ღირსია. სოფელი ასახელა! ლაჩრებიც შაეცდებიან! შენ კი ენის სისველე გაწუხებს! გულის ღარღლი კი არ არის, სიტყვაა, ღმერთს რომ მოუცია ჩვენთვის! სიტყვა ტყუილად არ უნდა დაიხარჯოს! სიტყვას ძალა აქვს! -- და მკაცრად შეუტია მეჩონგურეს:
--„ ლექსი მელექსემ უნდა თქვას, ვაჟმა, ვინც იზამს სახელსაო!― -- და არა შენსავით ჩანჩურამ, ჭიასავით რომ დასცოცავ! ვის რად უნდა შენი ლექსი, შე ბუხუნძელავ, და ისიც სააშიკო! გადააგდე ახლავე ჩონგური და მეორედ აღარ დამენახვო!
მეფანდურემ ჩონგური დააგდო და მოცხრილა...
აი, რა ძალა და გავლენა ჰქონდა ციციკორეს...
ერთხელ, ყველიერზე, ციციკორემ უშნო ლეთეთას ჩონგური გამოსტაცა ხელიდან და შეზარხოშებულმა უცნაურის ხმით წაიმღერა: გიორგის ებრძვის სიკვდილი, ელვა გამოდის ხმლისა, შამაუქნია სიკვდილმა, მარჯვენას მოაჭრისა, შამაუქნია გიორგიმ,-- სიკვდილს შუაზე სჭრისა!
მახსოვს, ლექსში განსაკუთრებით გამახარა ადამიანის გამარჯვებამ სიკვდილზე. ასეთი რამ მანამდე არსად გამეგო და ციციკორემაც ჩემს თვალში კიდევ უფრო აიწია, თუმცა არც მანამდე მემცირებოდა!
ჩვენი ციციკორე სიჭაბუკეში ცხენის გამხედნელი და განთქმული მონადირე ყოფილა. -- რამდენი ირემი მოგიკლავს, ციციკორე? -- შეეკითხებოდნენ მეგობრები.
-- ეჰ ვინ იცის, რამდენი ჩავთოფე! -- გააზვიადებდა ციციკორე, -- სად რამდენი ჩაიჩეხა კლდეში, ზოგი კლდეს რქით დაეკიდა, ზოგი ისეთ ღრანტეში ჩავარდა, მზის შუქიც ვერ ჩასწვდებოდა... ვინ იცის?.. ჩემი სიბერით ახლა ირმები ტკბილად იძინებენ!
დარბაისელი ციციკორე ბაქრაძენადირობის მაკვეხარი იყო.
წოწრეს ეთქვა: ციციკორეს ირემი თვალითაც არ უნახავსო!
ეს რომ გაიგო, იუცხოვა: წარბშეკრულმა ჯერ წყნარად იკითხა:
-- ეგ ვინა სთქვა? ვის მოუარაკებიაო? -- მერე მჭახე ხმა აუთრთოლდა: -- როგორ? მე მოუვლი მაგას, როცა ამოვგლეჯ სახრიკო ენას!
ამის მეტი სიტყვა არ უთქვამს-რა. ეს იყო და ეს, მაგრამ ამბობდნენ, წოწრეს მთელი ღამეები არ ეძინა! გაუჩნდა საჭოჭმანები.
-- ბოკოწინის დაუბოლოებელ ტყეში, -- გვიამბობდა ციციკორე, დიდი ვერხვის ქვეშ (ივრის წისქვილთან), -- ირმის ხრო თოფი ხმას რომ არ გაეფანტა, მშვილდ-ისრით ვნადირობდით. ჩემს ვაჟკაცობაში, უნდა მოგახსენოთ, ბევრს ირემს უზიდნია კისრით ჩემი ისარი! ჩემი ანასხლეტი, ანაცდენი ისარი, ტყვია არ გაგონილა! თუ ტყუილს ვამბობ, მაშ რად არი ჩემზე გამოთქმული ლექსი:
ირემმა ირემს ახარა, ბაქრაძე ავად გამხდარა! თოფის ხმა აღარსად ისმის, იქნება კიდეც მამკვდარა გამოსტყვრა თოფი ამ დროსა, ირემმა ტლინკი აყარა:
-- თუკი ბაქრაძე მამკვდარა, მაშ თოფი ვიღამ მახალა?!
თუმცა ჩვენც კარგად ვიცოდით და თვითონ ციციკორემაც,რომ ეს ლექსი სხვა ბაქრაძეზე იყო გამოთქმული, განთქმულ მონადირეზე, მაგრამ თავისად შეიფერა, რადგან გვარად ბაქრაძე იყო და ჩვენც აღარ ვაცივდებოდით; ვიცოდით სახელი უყვარდა!
მონადირეს, მეთევზეს, მეწისქვილეს, პოეტებს ხანდახან უნდა აპატიოთ ოცნების გადადუღება!
რაც არ უნდა დიდი და სახელ-ნაქნარი კაცი ყოფილიყო, ციციკორე ერთს აჰხედავდა და დარიგების კილოთი ეტყოდა:
-- ერეკლე მეფე ხომ გაგიგონია, ეგ ლომი საქართველოსი? -- იმაზე დიდი ხომ ვერ იქნები! მაინც უნდა გითხრა ჩემი: განა მარტო ხმლიანი გმირი იყო ჯავრის ამომყრელი? არა, რატომ აღარ გაგონდებიან გმირთა აღმზრდელი ძუძუები? არც ესენი უნდა დავივიწყოთ! მარტო ხმლის ქნევა რა ბედენაა! მერე ისიც ამ დროში მაინც, როცა ლეკი და თათარი აღარ გვაწუხებს? -- ეს უთხრა ხმლითა და სახელით გადიდებულ, გაამაყებულ თავბერას, სამი ყაჩაღი რომ მოეკლა თრიალეთზე, როცა მის ცხვარს მტაცებელთა ბრბო დაესხა თავს! -- ნუ გასდიდდებიო!
ქარივით დაეცემოდა, წამoფრენილ ვეშაპივით დაეტაკებოდა ვინმე ლაღ ვაჟკაცს, რომელიც შეუპოვრად მიაბიჯებდა გზაზე და სალამის თუ ქუდის მოხდით ციციკორეს შესაფერ პატივს არ მიაგებდა. გაკვირვებული გლეხი, თავის გზაზე მიამიტად მიმავალი, უკან დაიხევდა და ციციკორეს წყრომას მოერიდებოდა:
_ დაძვირდა ვაჟკაცი! _ ამოიოხრებდა ციციკორე, _კაცს ვერ გამოიცნობ ისე, როგორც გარედან ლებანს კირკიტ კაკალში!
დიდი სიტკბოთი უყვარდა სამშობლო ციციკორეს, დიდი, გამოუთქმელი ალერსით.
ერთხელ წავუკითხე და ძალიანაც მოეწონა გრიგოლ ორბელიანის წერილიდან ერთი სტრიქონი:,, ქვეყანაზე მხოლოდ ერთი საქართველოა და ისიც ჩვენიაო!―
_ მალადეც! _ რუსულად გამოთქვა ორბელიანის ქება და თავისი აღტაცება ციციკორემ. _ რა ჭკვიანად არი ნათქვამი, აი, ბრძენი კაცი! მაგის მთქმელს გაუმარჯოსო! _ხშირად ახსენებდა გრიგოლს.
ციციკორე ვერ იტანდა გაყრას, დაცალკევებას. ნუ იტყვით, ეს ჩემი წილიაო! გაუყრელი ოჯახი ყველაზე მტკიცეაო! ერთნი უნდა იყვნეთ, მაშინ იქნებით მაგრებიო!
ეს უბირი, უსწავლელი კაცი საქართველოს ერთიანობის დიდი ერთგული იყო:
_ არა, განთვისება ნუ გვინდა! გეთაყვა, ნუ იტყვი, მე იმერელი ვარო, მე კახელი ვარო, მე მეგრელი ვარო! ერთი ძუძუს შვილები ვართ! ერთმაგე უნდა იყოს ერი, რათ ვარგა გათვითებული, განცალკევებულიო!
ხომ მჭახე კაცი იყო, მკაცრი და ზავთიანი, მაგრამ დიდად კეთილი და მშრომელიც.
თუ დაინახავდა უგერგილოდ, უნდილად მომუშავეს, ხელიდან ბარსა თუ თოხს წაჰგლეჯდა, თვითონ წაიმუშავებდა; თვითონ დაბარავდა სხვის მაგივრად, ან მომკიდა, მოსცელავდა და გუთანს მოეკიდებოდა, თუ გუთნის დედას გუთანი მარჯვედ არ მიჰყავდა.
_ ვიმუშაოთ, სოფელში დოვლათი დავატრიალოთო!
ისიც მინახია ჩემს ბალღობაში, ციციკორე რომ სხვის თავდანებებულ საქონელს აძოვებდა სოფლის პირში, რათა საქონელი ყანებსა და ვენახებში არ გადასულიყო და მოსავალი არ წაეხდინა.
განსაკუთრებით ღირსსახსოვარი იყო ციციკორეს საქციელი მსოფლიო ომის დროს:
ერთხელ, შუადღისას, სოფლის შარაზე გამოჩნდა დედაბერი თუბალაური, რომლის პატრონი შვილი ომში იყო წასული და ყანა მოუმკელი რჩებოდა. გაჰკიოდა დედაბერი და ტირილით ხელში ნამგალს ატრიალებდა:
__ ბიჭო, ნამგალი დაგიჟანგდა, მამხმარე არავინ არი, შენი ყანა დაიწო! რა ვქნა, ომია, მომკელი არავინ არი!__ თან ჰკიოდა უბედური და თან ცრემლით ზუზუნებდა . ცალკე შვილი აგონდებოდა , ცალკე მოუმკელი ყანა!
__ფეხზე დაგრჩა ყანა, არ გეცოდება, რომ ომში წახველი? ცოლ-შვილი დაგრჩა, მე დაგრჩი მოხუცებული დედა! ნეტავ ვის ეომები, რა გაქვს საომარი!-გულსაკლავად ზუზუნებდა თუბალაური შარაგზაზე და მისი სიტყვები გულს უკლავდა უკაცო სეფელს.
უცბად, შარაზე გამოჩნდა თავისი განუყრელი კვერთხით ციციკორე.
-ვაი, თემო და სოფელო! მერე, თუ კაცი გამოილია ჩვენს სოფელში? მაშ, მე ვაჟცი აღარა ვყოფილვარ!
მეორე დილით, ადრე, ციციკორე თუბალაურის ყანაში ჩავიდა, თან წვრილფეხობა წაიყოლა! თვითონ მკიდა, ბალღობა ხელეურებს უკრეფდა, ულოს უგრეხდა. ხუთ-ექვს დღეზე მოუმკა ბერმა ციციკორემ თუბალაურს ყანა და მართლა გააკვირვა სოფელი! განა თქმაღა იქნება, როგორ ემადლებოდა თუბალაური?!.
ისიც მოსაგონარია, რომ თუბალაურს მამითადში ყანა სულ ბაგაბუგითა და ყიჟინით უმკია, როგორც ძველად იცოდნენ.
მახსოვს, პირველ მსოფლიო ომში წასულები საღვინით ხელში როგორ დალოცა ციციკორემ. გამაგრდით ბიჭებო, სიკვდილისა ნუ გეშინიათო, ვინც მოკვდება დავმარხოთო, სხვა კიდევ გამოჩნდებაო! ხმა და სახელი შორს გაგივარდებათ, მტერიც დაშინდებაო. თუ ტყვიამ გაკოცათ, თამარ დედოფლისაგან ულუფა მოგივათო.
ასეთი სიტყვით გაისტუმრა თავისი სულიერი შვილები-მერე იწაფა საღვინე და ახლა წამსვლელებს გადასცა-გზა გქონდეთ მშვიდობისა, დაბრუნებისაო!-ასე ომახიანად უთხრა მაშინ, როცა სხვები იცრემლებოდნენ და დედაკაცების წივილ-კივილისაგან ყურთასმენა აღარ იყო.
ციციკორეს თვალზე ცრემლი არავის უნახავს, მხოლოდ ერთხელ, როცა პატარა მწყემსი ბათულა მგელს დაეგლიჯა და მომკვდარიყო,-ამბობდნენ, იმ დღეს ენახათ ციციკორე ტყეში, თვალებზე ქუდი მოეფარა და ისე ფარულად ტიროდაო.
ბათულას სიკვდილმა ისე იმოქმედა, რომ თავის უკანასკნელ ცხვარზე აიღო ხელი.
ზვარა ჰყავდა შეყენებული წმინდა გიორგისათვის. მაგრამ ბათულას ღარიბ ოჯახს რომ არ ჰქონოდა რა საქელეხოდ, ციციკორეს აეხსნა თავისი ზვარა და მიეყვანა,-ეს დაკალითო! ბათულას სულს მიუვიდეს, უფრო მადლიაო!-და მართალიც იყო!..
მაგრამ ყოველივე ამას თავი დავანებოთ! უფრო ის მაგონდება მკაფიოდ, რომ ციციკორეს არავითარი სიახლე არა სწამდა ცხოვრებაში. არა და არა!
აი, გზის პირად მომავალი ციციკორე დაინახავდა ვენახში გულმოდგინედ მომუშავე გლეხს. გახვითქული გლეხი როსტია შაბიამნის წამალს ასხამს ვაზის ფოთოლს. ციციკორე შედგება ღობესთან და პატრონის გასაგონად ჩაილაპარაკებდა:
-მაგ ვენახიდან არა გამოვა რა!
-რათა, ძია ციციკორე?
-რათა და ,დაღუპე ვენახი! აბა, ეგ რაღა ვენახია?
_ როგორ? დღედაღამ შიგ ვტრიალებ , არას ვაკალებ, ახლაც ჰხედავ, რა ერთგულად ვწამლავ!
_ სწორედ ეგ არი! განა შაბიამანი შეიძლება? არ იცი, რომ ზიარებას წამალი არ მიეკარება! ნაწამლი ღვინო და ზიარება, რაღა ღვინოა?_ იტყოდა წარბშეჭმუხვნით სოფლის მესჯულე და თან დასძენდა:
_ ვინც მორჩილია და გამგონი, ვინც უფროსის შეუკითხავად არას იქმს, ვისაც სახლისა, სოფლისა და მამულის უფოსი სწამს, იმის ვენახი ტურფად დაისხამს! უწამლოდაც საწნახელს აავსებს და ვისაც უფროსობა არ ესმის, იმას არც ვაზი უგდებს ყურს, არც თავთავი!
ციციკორეს არა საწამდა შაბიამნისა და, საერთოდ, ახლი წესების სარგებლობა. ისიც უნდა ითქვას, რომ როსტიასაც არაფრად მიაჩნდა ციციკორეს ეტიკობა. აი, ეს გაუტარა სიტყვაში და აგრძნობინა სოფლის უფროსმა.
იმ ხანებში კახეთის რკინიგზა გაჰყავდა და მოლოდინშიც სულ ამ რკინიგზაზე იყო ლაპარაკი. მთლად უნდა შეცვლილიყო კახეთის ცხოვრება. აყვავებას მოელოდნენ. ყველა ღიმით შეჰყურებდა იმ დღეს, როცა მატარებელი გამოჩნდებოდა კახეთის მიწაზე. მხოლოდ ციციკორე არ იზიარებდა საერთო სიხარულს:
-ხბოსავით კი ნუ კუნტრუშობთ! ჯერ დაფიქრდით, გაზომეთ და მერე ისე სთქვით, მართლა ეგრე-რიგად სჭირდება ხალხს რკინიგზა თუ არა!
-აგიჟინიათ მატარებელი, მატარებელიო! აქებთ რკინიგზას და იმას კი არა ფიქრობთ, რა უნდა ჰქნას ხარ-კამეჩმა, ცხენმა? მაშ, ურემი უნდა გადავყაროთ? მერედა უურმოთ ქართველი კაცი გაგონილა? ან ღვინის ქირაზე რით წავიდეთ, ან ცხენს რა ვუყოთ? ამას რატომ არ უფიქრდებით?-იტყოდა ნაღვლიანად და ალერსით გადაუსვამდა ხელს წაბლა ხარს გახრეშილ ქედზე:
-თუ ეს აღარ იქნება, ნურც მე ვყოფილვარ!
უფრო ხნიერი გლეხები ეთანხმებოდნენ ციციკორეს. ციციკორე დაჟინებით გაიძახოდა:
-ხალხო დაფიქრდით, იქნებ არც არი საჭირო ეგ რაღაც რკინის ,,მაშინა!― ჰაერი გაფუჭდება, პური და მტევანი მოიწამლება, ხალხი იავადმყოფებს, უნამუსობა თამოვარდება! განა გოგოები ეგრე თავისუფლადღა გაივლიან?-და ხელი მიაშვირა პატარა გოგონებს, სკოლიდან რომ შინ მოცანცალებდნენ.
-ხალხო, ფრთხილად, ეშმაკს არ წამოვავლოთ ხელი! რკინის გუთანზეც ასე არ იყო? გადაგვაყრევინეს ხის გუთნები, შემოვიღეთ რკინისა და გაქრა ბარაქაც! ხის გუთანი ღრმად ხნავს! ბარაქაც დიდი აქვს.რკინის გუთანი სუსტია, ერთი პატარა ქვა დააბრკოლებს, სადა აქვს მადლი! რათ გვინდოდა, მაგრამ ეშმაკმა შემოგვახვია თავზე! ახლაც ისე მოგვივა!
-კარგად ჩაფიქრდით, ავწონ-დავწონოთო.
ახალ თაობას კი სიცილადაც არ ყოფნიდა ციციკორეს მოსაზრებანი.
-უხატოდ გაგიჟებულა ჩვენი ციციკორე!
ციციკორემ კიდევაც შეუჭეხა მასწავლებელს,-რომელი ,,ალექსა― მაკედონელი შენა მყევხარო, რათ ურევ ქვეყანასო!
მერე ქუდი მოიხადა, პირჯვარი გადაიწერა და განაგრძო:
-ღმერთო, შენ დაგვიფარე იმ ჯადოქრებისაგან! ხომ გაგეგონებათ: ნუ დააგდებ ძველსა გზასა, ნურცა ძველი მეგობარსაო! მამა-პაპას უთქვამს და კარგადაც. რა სჯობია გატკეპნილ გზას, ნაცადს, ნავალს! რათ გინდა ახალი გზა კლდე-ღრეში გაყვანილი, წამისწამ სახიფათო?!
-უწინ, ჩვენს დალოცვილ დროში, ექიმი რას ერქვა-ვინ იცოდა! ახლა კი სულ ავადა ხართ!
რათა, ვისი მანქანებით? ეს ეშმაკიდან მოდის, ქალაქიდან! აბა, დააკვირდით, ხალხნო, თუ მართალი არ ვიყო!
ქვეყანა უპატრონო ნუ გგონიათ, ქვეყანას ვიღაცა პატრონობს! ვიღაცა უჩინარი და იმისი გეშინოდეთ, ნუ გააჯავრებთ!
ამ დროს, ხალხიდან გამოერჩია ქალაქიდან ჩამოსული ქარხნის ახალგაზრდა მუშა, თბილისის გაფიცვების მონაწილე გარსია და ციციკორეს სიტყვა შეუბრუნა:
-ძია კაცო, შენ ვინა გკითხავს სოფლის საქმეს, რა პირისა და პასუხის გამცემი შენა ხარ? ქვეყანა წინ წავიდა, შენ კი ადამის ჟამის ამბებს გველაპარაკები! ვისაც უნდა იცხოვროს ძველ ჭკუაზე, წავიდეს სასაფლაოზე, იქ უქადაგოს მკვდრებს, ჩვენ კი ჩამოგვეცალოს თავიდან!
ასე, ერთი ხელის დაკვრით მოსპი გარსიამ ციციკორეს მპყრობელობა. მერე ვინ? ციციკორეს ნარცხადაც რომ არ გამოდგება. ქალაქში ნათრევი, ფეხშიშველა და თავშიშველა მუშა! ციციკორემ ახლა იგრძნო, რომ ძველი ცხოვრება წასულა დაუბრუნებლად, ახალი ცხოვრების სიო დაეტაკა ზედ მკერდზე.
იდგა დათუთქული ციციკორე და ხმას ვერ იღებდა გაოცებული, გაოგნებული,-როგორ გამიბედაო! ასე დაფასდა განა მისი ღვაწლი და მისწრაფება! ორთითზე დაბჯენილი გლეხები უსმენდნენ და ჰკვირობდნენ ციციკორეს მოთმენას.შიგადაშიგ ზოგი ფრუტუნებედა კიდეც ციციკორეს დამარცხებით გახარებული .ციციკორეს მეტად ემწვავა, ემწვიტინა. განა სავატელსა და ჯაუნარს არ შეუბრუნებიათ ხმა მის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა...
მილასლასებდა თავისი ერთგული ჯოხით ციციკორე და თან გულში იფუფქებოდა. სამდუღრე ცრემლი დუღდა მის გულში, მაგრამ შიგვე შრებოდა. როგორი უკაცრაული მკადრა? -ჩემთვის, ასეთი უკაცრაული და სიკვდილი ხომ ერთიაო! ხალხში ჩემი სახელის ასე მთლად გამოთრევა ვინ გამიბედაო?!
ახლა ციციკორე გამომტვრეული ნაპრალიღა იყო, ჩვენი სოფლის მეუფროსეს არავინ აღარ დაუჯერა არც რჩევა, არც ჭკუა! დაუჯერა გული სიბოროტის მტვერით აივსო! მაშ, რაღა ვყოფილვარ? განა მარტო სტომაქის ქვაბისათვის ვარ დაბადებული? გულს სევდის ლურსმანი დამსჭვალოდა და ვეღარ ამოეძრო! თითქოს ფრთასა და ბოლოს ახეთქებს დაჭრილი არწივიო,_ეს რა ცოდვა დაედო თავსა, რა დააშავა? დაჩუმდა მისი შემჭახებული ხმა. გულზე მოკიდებული ალმური სწვავდა.
_დიდება ძალთა ღვთისათა! __ერთი ამოიოხრა ციციკორემ სიკვდილმისჯლივით, მიდიოდა თითქოს სიცხისაგან ალაკრული, თითქოს ცხელი სილაგარტყმული!
შინ შევიდა ვითომდა მშვიდი და დაწყნარებული, თითქოს პირზე რკინა ეკერა, გული კი ზღვასავით ბობოქრობდა.
_ვინღა იქნება სოფელზე თვალმიგდებით? _რაც უნდა ჰქნან უჩემოდ!
_მერე ვის ამწყრალებ სოფელს, სოფელმა რა ჰქნას? ბრალი სოფლისა, რომ თავისი სიმაგრის ტოტი თვითონვე მოიჭრა!
ციციკორე ლოგინში ჩაწვა.
_როგორ ბრძანდები, როგორ გაისაძლისებ? _შეეკითხებოდნენ სანახავად მოსული მოკეთეები, მეზობლები. ციციკორე დინჯად, ჩამარცვლით მიუგებდა დიდი ჭირდებულივით:
როსტემ თქვა: დღეიმც კრულია დაბადებისა ჩემისა,_
სიყრმე სიბერედ ვაქციე,
დღე ვერა ვნახე ლხინისა,
ვერ გავიხარე კისერი,
უღელი მედგა რკინისა!
და ამას ამბობდა კაცი, რომელსაც უყვარდა წინათ ამ სიტყვების გამეორება:
ჯავრო, არ მოგცემ ნებასა, გულო, არ დაგაშავებო,
მტერო, არ შეგეპუები, ხმალო, შენ გაგაფხავებო!
ერთი სიტყვით, ციციკორეს სულს შავები ემოსა! გულზე თოვლი ედო, ტვინს ნისლი ეხვია, უარსებოს დაემგვანა! გეგონებოდა სიტყვის საცეხვი გამოელიაო, კბილი დაკეტა. ნამდვილად თქვენს წინ კაცი კი აღარ იდგა, არამედ დაკემსილი, გაცრეცილი ღამე!
ამის შემდეგ დარცხვენილი ციციკორე სოფელში ვეღარ გამოდიოდა, გზაბაწარა, საცალფეხო ბილიკებითღა იარებოდა, სოფლის ირგვლივღა ტრიალებდა. მეთხე ბიჭებსღა ესაუბრებოდა. იმ საცალფეხო ბილიკებზეც სოფელზე ზრუნავდა, თუმცა მუხისა და თელის ანგელოზი დაიფიცა, სოფლის საქმეებს აღარ გავეკარებიო...
ახი კი იყო ციციკორეზე, ყველას რომ თავის ნებასა და სურვილს აძალებდა, ეგებ ზოგს საკუნთო სკამზე უნდოდა ჯდომა? ეგებ სხვასაც ჰქონდა ზეშთაგონების ძლიერება. სხვაც იყო გულთამხილავიც, უდრეკი და გულადიც!
ოი, საოცრება! ერთი კვირის მერე, მახარე დორეულმა სახლის შენება დაიწყო და საძირკვლის გასკვნაზე რომ ცხვარი დაკლა, ციციკორეს არ დაუძახა!
მეორე კვირას კოდალამ რძიანი ძროხა დაკლა, მგელს დაეგლიჯნა, არც იქ დაპატიჟეს! _ რას სჩადიან უგუნურები! _ გუნაბაში იტყოდა მოხუცი.
ციციკორეს წარმოდგენაში ქვეყანა იქცეოდა! სოფლის გულაგრილებამ დაასულმოკლა ციციკორე. პირახსნით, გულახსნით აღარავინ ელაპარაკებოდა, თუ ასე ეჩვენებოდა!
ციციკორეს გულში ცხრა თონე იწვოდა, მაგრამ ვინ იყო გამნელებელი?- იმედს ვინ დამიდებს, გულს ვინ დამიამებსო?
აღარ ისმოდა ციციკორეს მჭექარე ხმა, არწივული ყაშყაში! ალმასის გამყრელი სიტყვა ახლა გარსიამ ჩააწყვეტინა.
სადღა იყო მპყრობელობა და განგება! სადღა იყო სოფლის მდეგი, ღვაწლის მძლე, ახლა სულიერი გვემით განცდილი, შეძრწუნებული, შემუსრილი?
უქნელი საქმე ქნა გარსიამ. გარსიამ თუ... ახალმა ადამიანმა, ახალმა ცხოვრებამ, ახალმა ძალამ. მის წინ ციციკორე უმწეო გამოდგა.
ციციკორეს ეგონა, ხალხი გამოიშლებოდა განრისხებული, აზავთებული, მკლავს მკლავზე გადააბამდა, დაიხსნიდა თავის წინამძღვარს და მისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას ასე ადვილად არ შეარჩენდა ვიღაც ,,მოთრეულ― გარსიას!
მაგრამ ჩქამიც რომ არავის დაუძრავს! ოი, სირცხვილო!
იდგა გულშეწეული, გულდამსხვრეული, განა კაციღა იყო? არა, -დამპალი ქვა ფშანტალა, ოდესღაც ღონიერი და გამძრავი, გულმაგარი, ახლა დამკრთალი, თოთქოს კიდეც დალეულიყო! სხვისი მფარველი თვითონ დარჩა უმფარველო, თვალმტკინვეულადაც არავინ შეხედა.
გაგონილა?!
სიკვდილსღა ნატრობდა ციციკორე და მართლაც ნახა, როგორ არა, ნახა სიკვდილი! ტანთ შავი ნაბადი ეხვია, თეთრად ცელს აელვარებდა.
ციციკორე არ იყო გარეთ ნავალი კაცი და ამას დიდ ნაკლად უთვლიდნენ. მიჭედილ-მილურსმული იყო თავის კერასა და სოფელს.
-ჩემი ჭიპი თურმე კერას არი დაფლული, რომ სულ ჩემს კერაზე ვიდგე და არ გავგარეულდეო!
თბილისი ჯერ არ ენახა, არც ელექტრო, არც მატარებელი და ეს ჰქონდა მარად საკვეხრად.
-რა არი ეგ თქვენი ქალაქი! ათას საკვირველებას ამბობდნენ, მაგრამ მე არც მიკვირს, არც მეშინია და არცა ვნახავ! იქ რა მესაქმება!
თუმცა ხმაში შეატყობდი, რომ სოფლის უმანკო წიაღში აღზრდილს მისტიური შიში ჰქონდა ქალაქის ცივილიზაციისა, მაგრამ ამაყი არ ტყდებოდა.
სიბერე ლომსაც მორევიაო! მოერია ციციკორესაც.ნაბიჯი გაუძნელდა, შემდეგ გაცივდა, მაგრამ სიამაყით ავადმყოფობას არ დაუწვა და გადაჰყვა კიდეც თან...
... და 1915 წელს , კახეთის პირველმა მატერებელმა ივრის სადგურიდან რომ შეჰკივლა პატარძეულის მიდამოებს, სწორედ იმხანად მარხავდნენ ციციკორეს!
მატარებლის ხმის გაგონებაზე მეზობლები გაკვირვებით ამბობდნენ: -აკი ეშინოდა, დახე, რა დროზე გაეცალაო!
ციციკორეს სიკვდილის ღამით, თურმე, არც ვარსკვლავები ჩამოცვენილა, არც წყლები შხიოდნენ, არც ქარი გრიალებდა, როგორც სცოდნია, ხალხის სიტყვით, დიდი კაცის სიკვდილის დროს, არც ძაღლებს უღმუვლიათ მთელი ღამე! არაფერიც არ მომხდარა ამის მსგავსი!
ღამე იყო წყნარი და გრილი, ადრეული შემოდგომის ღამე!
დილაადრიან, ნახირის გარეკვისას, მეზობელი ქალები, ჩვეულებისამებრ, სოფლის გზაჯვარედინზე ერთმანეთს შამოხვეოდნენ: -ვაი და ვაი!
-რა იყო, რა მოხდა?
-მაშ, არ იცი?
-რაი?
-მაშ, არ შეიტყე ჩვენი დასაკლისი?
-არა და არა!
-ჩვენი სოფლის ბურჯი წაიქცა წუხელის! ციციკორემ სული ჩააბარა გამჩენელს!
-ვაი და ვუი! - შეიცხადა მეორემ.
-ნეტამც არ გეთქვა! ახლა რაღა გვეშველება?
ბევრი მართლაც გულით შეწუხდა. ხნიან ქალებს ცრემლიც კი გადმოუგორდათ დანაოჭებულ თვალებზე.
სასაფლაოდან კაცები თავდადრეკილები მოდიოდნენ, რაღაც დაბნეულები.
__რა იქნება დაღმით -ჩაღმართით? ავაი, ჩვენს უპატრონობას! რა დამწონი კაცი დაგვაკლდა! ოჯახებში ციციკორეს შესანდობარს სვამდნენ:
__ღმერთს ჩაბარდა ჩვენი ციციკორე, ახლა ცივი მიწის ტყვეა! წავიდა! სალამი მივცეთ, ბიჭებო, ღვინო დავუშვათ ჯამზე,_ იტყოდა რომელიმე ტუხა, ბახა, ყოტა, ბირხოლა თუ ბოხვერა და ჯამზე ღვინოს დაუშვებდნენ მოსაგონებლად.
__ვაი რომ ვეღარ გავიგებთ ციციკორეს დარიგებას, გულშემატკივრობას!
სავატელმაც თავი მოიხარა, მივიდა, კუბოს ხელი დაარტყა და გულისტკივილით დასძახა: _განა კიდევ გააჩენს ჩვენი სოფელი ამისთანა კაცსაო?
თუმცა მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა. აკი ამბობდნენ: ორი ყოჩის თავი ერთ ქვაბში ვერ მოიხარშებაო!
ციციკორეს დამარხვის დღეს, ერთი მღიმარი კაცი არა ჩანდა მთელ სოფელში, მხოლოდ ჰაერში მაძღარი ქელეხის სული ტრიალებდა.
__ეჰ, ვეღარ ჩამოივლის ჩვენი ციციკორე სოფლის შარაზე ყავარჯნის ბჯენით! __ვეღარ შეგვსუსხავს!
__სიმართლე სუსხია? ისე ღმერთმა მე მიშველა, რამდენჯერ ყავარჯენიც აყვავებულა სიმართლით! ციციკორეს ამაგი მერე დაფასდება ოქროს წონად!
__დახე, რა გვიყო ტიალმა სიკვდილმა, კიდურზე მიგვიყვანა!
დამარხვის დღეს, დედაბრები იცრემლებოდნენ: დასტურ, რაღაა ჩვენი სოფელი, ციციკორეს მერე ნასოფლარიღააო! დიახ, ნასოფლარი! მაშ, რაღაა მას მერე, რაც მიწაში ჩაწვა ციციკორე!
ახალგაზრდებს ეღიმებოდათ...
ბებრები ტირილით აცილებდნენ ცხედარს.
ყოველთვის ასე ყოფილა. გულმდუღარებით მხოლოდ თავის თაობას დასტირიან წმიდა, გულწრფელი ცრემლით თანამედროვენი!