1. ვინც ჭეშმარიტად შეიყვარა უფალი, ვისაც სურს, ჭეშმარიტად შეიმეცნოს იგი და ცათა სასუფეველს ეძიებს, ვინც ჭეშმარიტად გლოვობს თავის ცოდვებს, ვინც მარადიული სატანჯველისა და საშინელი სამსჯავროს ხსოვნა მოიპოვა, ვინც დაიდო გულში ხორციდან გასვლის შიში, ის უკვე არაფერს დროებითს აღარ შეიყვარებს, მამულისა და მონაგების შეძენასა და მოხვეჭაზე აღარ იზრუნებს, არც ნათესავებზე, არც ამქვეყნიურ დიდებაზე, არც მეგობრებსა და ძმებზე; ანუ - არანაირ სოფლიურ საქმეზე; არამედ ამ ყოველივეს სიყვარულსა და ზრუნვას განაგდებს და მოიძულებს, უპირველესად კი - საკუთარ ხორცს და სრულიად შიშველი, უზრუნველი და მხნეობით აღსასვსე შეუდგება ქრისტეს, მას გამუდმებით თვალი ზეცისკენ მიპყრობილი ექნება და შემწეობას იქიდან დაელოდება, როგორც იყტვის წმიდა იგი: მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯვენე შენი (ფსალ. 62,9), ხოლო სხვა იგი სანატრელი ამბობს: მე არა დავშვერ შემდგომად შენსა სრბად და განსუენებისათვის, ამის დღისათვის კაცობრივისა არა მსუროდა, უფალო (იერ. 17.16).

2. დიდად სამარცხვინოა, თუ ჩვენ ყოველივე ზემოთქმულზე უარს ვიტყვით და მას შემდეგ, რაც კაცმა კი არა - უფალმა მოგვიწოდა, კვლავ იმ საქმეებზე ვიზრუნებთ, რომლებიც ვერას გვარგებს უდიდესი გაჭირვების ჟამს, ანუ მაშინ, როდესაც სული სხეულს დატოვებს. როგორც უფალი იტყვის: ეს იმას ნიშნავს, რომ უკან ვიხედებოდეთ და ცათა სასუფევლისკენ აღარ ვისწრაფოდეთ.

3. უფალმა უწყოდა, რომ სოფლიდან ახლად გამოსულები ყოველგვარ კეთილ საქმეს ადვილად მოვწყდებით და ერისკაცებთან ერთად ყოფნით ადვილად დავუბრუნდებით სოფელს, ამიტომ, როდესაც უთხრეს: მიბრძანე მე მისვლად და დაფლვად მამისა ჩემისა, მან მიუგო: აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა (ლუკ. 9,59).

4. როდესაც ამ სოფელს მივატოვებთ, ეშმაკი უეჭველად შეეცდება, რომ გნატრიდეთ ზოგიერთ მოწყალე და ლმობიერ ერისკაცს, ხოლო საკუთარი თავის, როგორც სრულიად მოკლებული ამგვარ სათნოებებს, შევაჩვენოთ. აქ მტრის განზრახვა აშკარავდება: მას სურს, რომ ყალბი თავმდაბლობით კვლავ ერში დაგვაბრუნოს, ან თუ მონასტერში დავრჩებით, სასოწარკვეთილებისაკენ გვიბიძგოს.

5. არსებობს ერისკაცთა არად ჩაგდება, რომელიც ამპარტავნებიდან მოდის და კიდევ არსებობს არად ჩაგდება მათი, როდესაც მათ არ ესმით, რომ სასოწარკვეთილებას გავურბივართ და იმედს ვიხვეჭთ.

6. მაშ, ვისმინოთ, თუ რას მიუგებს უფალი იმ ჭაბუკს, რომელმაც, მისივე თქმით, ყოველი მცნება აღასრულა: ერთიღა გაკლს შენ, ყოველი რაიცა გაქუს განყიდე და მიეც გლახაკთა (ლუკ. 18.22) და თავად იქეც გლახაკად და მოწყალება სხვისგან მიიღე.

7. ვისაც (*) მხურვალე სურვილი გაქვთ - ბერობის ღვაწლი გულმოდგინებით აღასრულოთ, გულისხმაჰყავით უფლის სიტყვები. მან ამა სოფლის ყველა მკვიდრსა და მის მოქალაქეს მკვდარი უწოდა, როდესაც უთხრა ერთს: დაუტოვეთ ერისკაც მკვდრებს დასამარხად მათ შორის მყოფი ხორციელ მკვდრები (ლუკ. 9.6).

8. ყმაწვილს სიმდიდრე როდი აბრკოლებდა მის ნათლისღებას. ზოგიერთს ტყუილად ჰგონია, რომ უფალმა მას მონაგების დატოვება ნათლისღებისათვის უბრძანა, აქ ქრისტე იმ სისრულეზე მიგვანიშნებს, რომელიც ჩვენთვის მონაზვნობის უდიდესი წოდების მოსაპოვებლადაა საჭირო.

9. საჭიროა გამოვიკვლიოთ (*), თუ რატომაა, რომ ერში ყოფნისას მარხვის, მღვიძარებისა და განსაცდელთა დათმენის ღვაწლს აღასრულებენ, ხოლო, როდესაც სოფელს განშორებულნი შეუდგებიან მონაზვნურ ცხოვრებას, როგორც გამოცდისა და სამოღვაწეო ასპარეზს, საკუთარ ცრუ და მოჩვენებით ღვაწლს ვეღარ ტვირთულობენ.

10. მე სოფლის მკვიდრთა მიერ დარგული სათნოებათა მეტად ბევრი და სხვადასხვაგვარი ნერგი ვნახე. ბინძური წყლით მორწყული, ამპარტავნებითა და მოჩვენებითობით შემოთოხნილი, თავმოწონებით შემორაგული და განდიდების სკორეთი გაპოხიერებული, მაგრამ როგორც კი ისინი ცარიელ, ერისკაცთათვის მიუვალ მიწაზე გადარგეს და პატივმოყვარეობისათვის ჭაობის სინესტე ვეღარსად იპოვეს, გახმნენ, რადგან ტენისმოყვარე ნარგავები მშრალ და უწყლო ადგილს ვერ ეგუებიან.

11. თუ ვინმემ სოფელი მოიძულა, იგი მწუხარებას განერიდა, მაგრამ თუკი ვინმეს მისწრაფება შემორჩა - რაიმე ხილულის მიმართ, ის ყოველგვარ მწუხარებას ჯერაც ვერ განრიდებია, რადგან შეუძლებელია, საყვარელ საგნებთან განშორებამ მწუხარებით არ აღგავოს.

12. თუმცა სიფხიზლე ყველაფერში აუცილებელია, მაგრამ სხვებთან შედარებით ამ საქმეში, რომლის შესახებაც მსურს, გითხრათ, უმეტესი ყურადღება გმართებს.

13. ერშიც ბევრი მინახავს ისეთი (*), ვინც ხორციელი საზრუნავის, საქმის, შრომისა და მღვიძარების საშუალებით განერიდა საკუთარ ხორციელ გულისთქმებს, მაგრამ როგორც კი მონაზვნობა მიიღო და საზრუნავი შეუმცირდა, საბრალო ხორცთა აღძვრის მიზეზით შეიბილწა.

14. ვიფრთხილოთ მაშინ, როდესაც გვგონია, რომ ვიწრო და ბნელი ბილიკით მივდივართ, სინამდვილეში ფართო და ვრცელ გზაზე არ მივეხეტებოდეთ და არ ვცდებოდეთ.

15. ვიწრო გზაზე შენ გატარებს შევიწროებული სტომაქი, ღამით სიფხიზლე, წყლის ზომიერი სმა, პურის სიმცირე.

16. ნეტარია იგი, ვისაც ყოველივე ზემოთქმულის აღსრულება ძალუძს, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა (მათ. 5,3-12).

17. ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი ვერ შევა იგი, ვინც პირველ, მეორე და მესამე უარყოფას არ აღასრულებს. პირველი უარყოფა - ესაა უარყოფა სოფლისა, ნათესავთა და ყოველგვარ საგანთა; მეორე - უარყოფა საკუთარი ნებისა; მესამე - პატივმოყვარეობის დამარცხება, რაც მორჩილებას იწვევს:

18. ამისთვის გამოვედით (*) შორს მათსა და გამოეშორენით. - იტყვის უფალი და არაწმიდასა და ნუ შეეხებით (2კორ. 6,17). რადგან რომელ ერისკაცს უქმნია სასწაული ოდესმე? ან რომელმა აღადგინა მკვდარნი? რომელმა განდევნა ეშმაკნი? - არავინ, ყოველი ეს საქმე მონაზვნობის კუთვნილებაა და სოფელი მათ ვერასოდეს იტვირთავს. სოფელს რომ ეს შესაძლებოდა, მაშინ მონაზვნობა და ქვეყნის განდგომაც აღარ იქნებოდა საჭირო.

19. განდგომის შემდეგ, როდესაც ეშმაკები მშობლებისა და ახლობლების გახსენებით აღაგზნებენ ჩვენს გულებს, მათ წინააღმდეგ ლოცვით უნდა შევიარაღდეთ და საკუთარი თავი მარადიული ცეცხლის გახსენებით აღვანთოთ, რადგან მხოლოდ მისი გახსენებით შევძლებთ, გულში უდროოდ ანთებული ცეცხლის დაშრეტას და ჩვენში საღმრთო ცეცხლის ანთებას.

20. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ყოველგვარი საგნის მიმართ ლტოლვა დასძლია, მარგამ ამ საგნებთან განშორება კი მწუხარებას მოჰგვრის, ის აცდუნებს საკუთარ თავს.

21. თუ ის ახალგაზრდები, რომლებიც ხორციელ სიყვარულსა და შვებას ელტვიან, მონაზვნურ ცხოვრებას მოისურვებენ, საკუთარი თავი სრული სიფხიზლითა და ყურადღებით უნდა გამოაფხიზლონ, თავი უნდა აიძულონ, რომ ყოველგვარ ცბიერებასა და სიამოვნებას განერიდონ, რომ ბოლო დასაწყისზე უარესი არ აღმოჩნდეს მათთვის.

22. ეს ნავთსაყუდელი (*) შეიძლება, მათი ცხონების მიზეზიც გახდეს და - დაღუპვისაც. ეს იცის ყველამ, ვინც უხილავი თუ ხილული ზღვის გადაცურვას ესწრაფვის.

23. სწორედ საშინელი სანახაობაა, როდესაც ვინმე ამ ზღვის შუაგულს უვნებლად გამოაღწევს და სწორედ ნავსაყუდელთან დაინთქმება.

საფეხური მეორე - ვინც ამ საფეხურზე შედგება,
დაე, თავისი განრიდებით ლოთის ცოლს კი არა, - თვით ლოთს ემსგავსოს.


კომენტარები
ბერძნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანისათვის

7.
სიკვდილი ორნაირი არსებობს: ხილული და უხილავი, იმიტომ, რომ არის მკვდარი, რომელიც ხორცით მოკვდა და არის მკვდარი, რომელიც მკვდარია სულით, რადგან ცხონების გზას არ შედგომია.

9.
ცრუ ღვაწლი ის არის, როდესაც კაცი კაცთაგან ქების მისაღებად მოღვაწეობს, ხოლო ჭეშმარიტი - რაც ღვთისთვის და მამათა სწავლებისამებრ აღესრულება.

13.
ამას უქმობა, მოურიდებლობა, თავმაღლობა და თვითრჯულობა იწვევს - ღვთის დაშვებით, რათა განვისწავლოთ და ამგვარად დავმდაბლდეთ.

18.
სოფლის უწმინდურობა არის გემოთმოყვარეობა, სახმართმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა.

22.
სულიერი ნავსაყუდელი გონებით ცხოვრებას მოიტანს და შეიძლება, დაღუპვის მიზეზი გახდეს, თუმცა ის კი არ არის თავისთავად დამღუპველი, არამედ - იქ მყოფთა უქმობა. ხოლო გულმოდგინებით ვინც იქნება, ის ცხოვრებას მოიპოვებს და არა - დაღუპვას.