ყველამ, ვინც ამ სიტყვას წაიკითხავს, ან მის გადაწერას მოისურვებს, უნდსა იცოდეს, რომ ამ სულთგანმანათლებელი წიგნის მთქმელის - ნეტარი მამის სახელი როდია „კლემაქსი“. არა! მას სახელად იოანე ჰქვია, ხოლო კლემაქსი წიგნის სახელწოდებაა, „კლემაქსი“ ბერძნულად „კიბეს“ ნიშნავს.

„კიბე“ იმიტომ ეწოდა, რომ ეს წიგნი სათნოებითა კიბის დარად შეიქმნა. იგი უდაბლეს საქმეთაგან იწყებს და თანდათანობით მაღლა მიიწევს, ისე რომ, წიგნის ბოლოს სათნოებათა დასრულებულ კიბეს იხილავთ.

პირველად ვინც წიგნის გამოკრებილი თავები თარგმნა, მან წმიდა მამას კლემაქსი უწოდა. ახლა კი, ვისაც სურს წიგნის სახელი მოიხსენოს, მან კლემაქსი თქვას, რაც „კიბეს“ ნიშნავს, ხოლო თუ ავტორის დასახელება სურს - მას იოანე ჰქვია.

რადგანაც პირველ თარგმანში ბევრი რამ არა სწორად იყო დაწერილი და ბევრიც - გამოტოვებული, მე გლახაკმან ექვთიმემ, ჩვენი წმიდა მამის - იოანეს ბრძანებით, ვთარგმნე ეს წიგნი ისე, როგორც მან, წმიდა მამამ (წმ. იოანე სინელმა), ბერძნულად ბრძანა, რადგანაც ტომით ბერძენი იყო.

ახლა, ვინც ამ წიგნს წაიკითხავთ, ლოცვაში მოიხსენეთ წმიდანი მამანი ჩვენნი იოანე და იოანე სვინკელი, აგრეთვე მე - ცოდვილი ექვთიმე. ვინც გადაწერას მოინდომებს, ისე გადაწერეთ, როგორც აქ წერია. თავებიც ისე გამოყავით, როგორც აქ ხედავთ, რადგანაც მე, როგორც დედანში ვნახე, ისე გადმოვიტანე - ყველა მათგანი წითლით; ნურც ამ წინასიტყვაობას გამოტოვებთ, არამედ დაწერეთ ღვთის სადიდებლად და ჩემი, ცოდვილის მოსახსენებლად.


სათნოებათა კიბე - ცად აღმყვანებელი,
რომელიც გამოთქვა რაითელმა მონაზონმა დანიელმა -
ამ სულთა განმანათლებელი წიგნისათვის -
კლემაქსი რომ ეწოდა, რაც „კიბეს“ ნიშნავს

ყველას, ვინც ესწრაფის, რომ მათი სახელები ზეცაში, ცხოვრების წიგნში ჩაიწეროს, წინამდებარე წიგნი საუკეთესო გზას უჩვენებს. ამ გზაზე სვლისას ვნახავთ, რომ იგი უცდომელი წინამძღვარია მათთვის, ვინც მის მითითებებს მიჰყვება. ყოველგვარი დაბრკოლებებისაგან უვნებლად დაიცავს მათ და ჩვენს წინაშე წარმოგვიდგენს განმტკიცებულ კიბეს, რომელიც მიწიდან წმიდათა წმიდისაკენ მიემართება და რომლის მწვერვალზეც დამყარებულია ღმერთი სიყვარულისა. ამიტომ გევედრებით, ძმებო, ჩვენც სარწმუნოებით და სიყვარულით ავუყვეთ ამ სულიერ, ზეცაში ამყვანებელ კიბეს, რომლის პირველი საფეხური კეთილად გვასწავლის.

ღირსმა მამამ ბრძნულად განსაჯა, რომ აღემართა ჩვენთვის ასასვლელი, რომელიც უფლის ხორციელი ასაკის (თანარიცხვედი) შესაბამისი იქნებოდა; რადგანაც უფლის 30 წლის სრული ასაკის შესაბამისად მჭვრეტელურად გამოგვისახა კიბე, რომელიც სულიერი სრულყოფის 30 საფეხურისაგან შედგება; მისი საშუალებით, როდესაც უფლის ასაკის სისრულეს მივაღწევთ, ჩვენ აღმოვჩნდებით ჭეშმარიტად მართალნი და დაცემისკენ მიდრეკილება აღარ გვექნება ხოლო იგი, ვინც ამ საზომს ვერ მიაღწევს ის ჯერაც ჩვილია და გულის ზუსტი მოწმობით სრულიად არა სრულყოფილია. ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ პირველ ყოვლისა ამ წიგნში ღირსი და ყოვლადბრძენი მამის ცხოვრება მოგვეთავსებინა, რათა მისი ღვაწლის მხილველთათვის უმეტესად სარწმუნო ყოფილიყო მისი სწავლება.


გამოსაცემად მოამზადა თინათინ გოგოჩაშვილმა