წინასიტყვაობა

ეს სულის მარგებელი წიგნი სამართლიანად იწოდება „უხილავ ბრძოლად“. როგორც ძველი და ახალი აღთქმის წმინდა და ღვთივშთაგონებულ წიგნთაგან მრავალმა მიიღო სახელწოდება იმისდა მიხედვით, თუ რას გვასწავლის (შესაქმე არარსებულიდან ყოველივე არსებულის შექმნასა და კეთილადგანგებას გვაუწყებს; გამოსვლათა ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლას აღწერს; ლევიტელთა ლევიტელების ღვთისმსახურების განგებას შეიცავს; მეფეთა წიგნები მათსავე ცხოვრებასა და ღვაწლს შეეხება, სახარება ცხონებისა და მარადნეტარი ცხოვრების გზას გვიჩვენებს და გვაუწყებს: „აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რადგან დღეს დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი (ლუკ.2,10,11)), განა ისე წინამდებარე წიგნი არ იმსახურეს სახელწოდებას „უხილავი ბრძოლა“?

იგი განგვსწავლის არა რაიმე ხილულსა და გრძნობად ბრძოლაში, არა ხორციელი და ცხადი მტრების შესახებ, არამედ უხილავ შინაგან შერკინებაში, რომელიც ყოველი ქრისტიანის ხვედრია, როგორც კი ნათელს იღებს და აღთქმას დადებს, რომ ღვთის სახელის სადიდებლად, თუნდაც სიკვდილამდე იბრძოლებს (სიტყვები: ამიტომაც არის ნათქვამი საუფლო ბრძოლების წიგნში“ (რიც.21,14) იგავურად სწორედ ამ უხილავ ბრძოლას გულისხმობს), ამ ბრძოლაში უხორცო და უხილავი მტრები, ხორციელი ვნებები, კაცთმოძულე და ბოროტი დემონები იგულისხმებიან. ისინი დღედაღამ ადამიანთა წინააღმდეგ იბრძვიან, როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს: ვინაიდან ჩვენ ვიბრძვით არა სისხლის და ხორცის, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს ქვეყნისმპყრობელთა და ბოროტების ზეციურ სულთა წინააღმდეგ (ეფ.6,12).

ამ უხილავი ბრძოლის მეომრები, როგორც ეს წიგნი გვასწავლის, ქრისტიანები არიან, ხოლო მათი მხედართმთავარი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე - ანგელოსთა, წმიდანთა და უთვალავი დასით გარშემორტყმული. ბრძოლის ველი ჩვენი გულია ზოგადად, შინაგანი ადამიანი, დრო ბრძოლისა - მთელი ჩვენი სიცოცხლე.

როგორი იარაღით ვართ შეჭურვილნი ამ ბრძოლაში? - მუზარადი საკუთარი თავის უნდობლობაა, ხმალი და მახვილი - ღვთის მიმართ კადნიერება, რწმენა და მტკიცე სასოება, ჯავშან-პერანგი - სწავლება უფლის ვნებების შესახებ, სარტყელი - ხორციელი ვნებების მოკვეთა, ფეხსაცმელი - სიმდაბლე და საკუთარი უძლურების მუდმივი აღიარება, დეზები - განსაცდელთა დათმენა და უდებების დაძლევა, მახვილი, რომელიც მუდამ ხელთ უპყრიათ, ლოცვაა, როგორც სიტყვიერი, ასევე შინაგანი; მეორე ხელით კი სამპირა შუბს იშველიებენ - ესაა მტკიცე გადაწყვეტილება, ამიერიდან აღარ დანებდნენ ვნებებს, დაუნდობლად მოიკვეთონ გულიდან და შეიძულონ. საზრდო და წარსაგებელი, რომლითაც ისინი განმტკიცდებიან მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ღმერთთან ხშირი ურთიერთობაა, როგორც წმიდა საიდუმლოს მეშვეობით, ისე შინაგანად. გონების მუდმივი ვარჯიში იმის შესამეცნებლად, თუ რა არის უფლის წინაშე მართალი, ნების მუდმივი ვარჯიში - მხოლოდ ის სურდეს, რაც უფლისთვის სათნოა, გულის სიმშვიდე და სიწყნარე, ის უღრუბლო და ნათელი ამინდია, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, შორიდანვე შეამჩნიოს მტერი.

აქ, ამ უხილავ ბრძოლაში (ანუ წიგნში), უკეთ რომ ვთქვათ, ამ უფლის ბრძოლაში, ქრისტეს მხედრები მტრის სხვადასხვა მზაკვრობისა და მანქანების, ხიბლისა და საცდურის შესახებ გამოცდილებას იძენენ. მტერი მათ გრძნობებით, ფანტაზიით, ღვთის შიშისაგან განძარცვით ებრძვის, განსაკუთრებით კი იმ ოთხი ხერხით, რომელსახ ბოროტი სიკვდილის წინ აღაგზნებს ადამიანის გულში. ვგულისხმობთ ურწმუნობას, სასოწარკვეთილებას, ცუდმედიდობასა და სატანის ნათლის ანგელოზად გამოცხადებას. მტრის ხერხების გამოცნობით ადამიანს ძალუძს გონივრულად დაარღვიოს მტრის მანქანება და დაუპირისპირდეს მას, განსაზღვროს, როდის როგორ საბრძოლო ტაქტიკას და წესს მიმართოს და როგორი შემართებით ჩაებას ორთაბრძოლაში. ერთი სიტყვით, ეს წიგნი ცხონების მოსურნე ყოველ ადამიანს უხილავი მტრების დამარცხებას, ჭეშმარიტად ღვთაებრივი სათნოებების მოხვეჭას და მარადიული და უხრწნელი გვირგვინის მოპოვებას ასწავლის. ეს კი, როგორც ამქვეყნად, ისე მომავალში, ღმერთთან ერთობაა.

ქრისტესმოყვარე მკითხველო, სიხარულითა და კეთილგანწყობით მიიღე ეს წიგნი და როდესაც უხილავი ბრძოლის ხელოვნებას დაეუფლები, შეეცადე ღისეულად იომო, რომ შესაფერი გვირგვინი მიიღო. წმინდა მოციქულის თანახმად ზოგი კი ცდილობს, მაგრამ თუ ჯეროვნად არ იღვაწა, ჯილდოს გარეშე რჩება (ტიმ.2,5). შეიჭურვე იმ იარაღით, რომელსაც ეს წიგნი გირჩევს, რათა სასიკვდილოდ შემუსრო უხილავი მტერი, სულის დამღუპველი ვნებები და მათი აღმძვრელნი - დემონები. შეიმოსეთ სრული საჭურველი ღმრთისა, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს (ეფ.6,11). გახსოვდეს ნათლისღებისას ნათქვამი სიტყვები: განვეშორები სიამაყეს, დიდებისმოყვარებას, გემოთმოყვარებას, ვერცხლისმოყვარებას და სხვა ვნებებს. მთელი მონდომებით იღვაწეთ, რათა ყოველმხრივ შეარცხვინოთ და გაანადგუროთ მტერი.

და რა ჯილდო და საზღაური გელის გამარჯვების შემდეგ?! ძალზე დიდი და სასახელო. უფალს მოუსმინე, რომელიც თავად სიტყვასიტყვით ასე შეგპირდა გამოცხადებაში: მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღმერთის სამოთხეში (გამოცხ.2,7); მძლეველი არ დაითმენს ვნებას მეორე სიკვდილისაგან (იქვე,-11); მძლეველს მივცემ საჭმელად დაფარულ მანანას (იქვე, -17); მძლეველი და ჩემი საქმის დამმარხველი აღსასრულამდე, მიიღებს ჩემგან ძალაუფლებას წარმართებზე მბრძანებლობისას... და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს ( იქვე -26-28); მძლეველი ასე სისპეტაკით მოსილი ივლის... და ვაღიარებს მის სახელს მამის ჩემისა და მისი ანგელოზების წინაშე (-3,5); მძლეველს ვყოფ ბურჯად მამის ჩემის ტაძარში (3-12); მძლეველს ჩემს გვერდით დავისვამ ტახტზე (-3-21); მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე (21-7).

ხედავთ, როგორია საზღაური! ხედავთ, როგორია მისაგებელი! ხედავთ ამ მრავალფერ და უხრწნელ გვირგვინებს, რომლებიც სატანაზე გამარჯვებულთა წილხვედრია. აი, ამაზე იზრუნეთ, იღვაწეთ და თავშეკავებით იცხოვრეთ, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი (გამოც.3,11). მართლაცდა, სამარცხვინოა, რომ ის, ვინც სარბიელზე იღწვის ხორციელი და გარეგნული საქმეებით, ხუთჯერ უფრო თავშეკავებით ცხოვრობს, რათა პალმის დაფნის, ფინიკისა თუ რომელიმე სხვა მცენარის ხრწნადი გვირგვინი მოიპოვოს; თქვენ კი, ასეთი უხრწელი გვირგვინი გელით და სიცოცხლეს მცონარებასა და უზრუნველობაში ატარებთ. ამ ძილიდან იქნებ წმიდა პავლე მოციქულსი სიტყვებმა გამოგაფხიზლოთ: ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს. ისე ირბინეთ, რომ მიღოთ. ხოლო ყოვლი მოღვაწე ყველაფერს ითმენს: ისინი - რათა მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი - რათა დავიმსახუროთ უხრწნელი (Iკორ. 9,24-25).

თუ მოშურნეობით აღსავსენი ასეთი გამარჯვებისა და ნათელი გვირგვინების ღირსნი შეიქნებით, მაშინ ნუ დაივიწყებთ, ძმებო და უფალს შეევედრეთ, შეცოდებანი შეუდოს მას, ვინც ამ წიგნის საშუალებით ასეთი მადლის მიღებაში დაგეხმარათ. უპირველესად კი, თვალები ზეცად აღაპყარით და მადლობა და დიდება შესწირეთ თქვენი გამარჯვების უმთავრეს წყაროს და შემოქმედს - უფალსა და მხედართმთავარს თქვენსას იესო ქრისტეს. თითოეულმა ზორობაბელის სიტყვების მიმართეთ მას: შენია ძლევა და შენია სიბრძნე, შენია დიდება, მე კი მონა ვარ შენი (2ეზრ. 4,59), და კიდევ, წინასწრმეტყველ დავითის მიერ თქმულით: შენია, უფალო, დიდება ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება (1 ნეშ. 29,11), აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ნაწილი პირველი

თავი 1
ქრისტიანული სრულყოფილების არსი; მის მოსახვეჭად აუცილებელია ბრძოლა;
ოთხი რამ, რაც ყველაზე მეტად საჭიროა ამ ბრძოლაში წარსამატებლად

ჩვენ ყველას ბუნებითად გვსურს და მცნებაც მოგვეცა, რომ სრულყოფილნი ვიყოთ. უფალი გვამცნებს: მაშ, იყავით თქვენ სრულქმნილნი, როგორც სრულქმილია მამა თქვენი ზეციერი (მათ. 5,48); პავლე მოციქული გვარწმუნებს: ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ სრულწლოვანნი იყავით გონებით (1 კორ.14,20); სხვაგან კვლავ ვკითხულობთ: რათა მტკიცედ სდგეთ სრულნი და აღვსებულნი (კოლ. 4,12), და ისევ: ვისწრაფოთ სრულყოფის მიმართ (ებრ.6,1). ეს მცნება ძველ აღთქმაშიცაა ასახული, აი, ასე მიმართავს უფალი ებრაელებს „მეორე სჯულთაში“: სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან (18,13), და წმიდა დავითიც თავის ძეს სოლომონს ასე მოძღვრავს: ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით (1 ნეშ. 28,9). ყოველივედან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი ქრისტიანთაგან სრულყოფილებას ითხოვს, რაც ნიშნავს, რომ სრულყოფილნი უნდა ვიყოთ ყველა სათნოებაში.

მაგრამ თუ შენ, ქრისტეს მიერ საყვარელო ჩემო მკითხველო, ამგვარი სიმაღლის მიღწევა გსურს, წინასწრ უნდა იცოდე ქრისტიანული სრულყოფილების არსი, რადგან თუ ეს არ გეცოდინება, შესაძლოა ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვიო და სულ სხვა გზაზე მიმავალს, გეგონოს, სრულყოფილებისაკენ მივემართებიო.

პირდაპირ გეტყვი: ყველაზე სრულყოფილი და დიდებული, რაც კი შეიძლება ისურვოს და მოიპოვოს ადამიანმა, ღმერთთან სიახლოვე და მასთან ერთობაა.

მაგრამ ცოტანი როდი არიან, რომელნიც ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების სრულყოფილება მარხვას, მღვიძარებას, მუხლდრეკას, შიშველ მიწაზე წოლას და მსგავს მკაცრ ხორციელ მოღვაწეობას ნიშნავს. სხვანი ფიქრობენ, რომ სრულყოფილებისთვის შინ მრავალგზის ლოცვის აღვლენა და ხანგრძლივი საეკლესიო მსახურებებია აუცილებელი. ისეთებიც არიან, რომელთა აზრითაც სრულყოფილება მხოლოდ ღრმა შინაგან ლოცვაში, განმარტოებაში, განდეგილობასა და მდუმარებაშია. უმეტესობა კი წესდებით დადგენილი ყველანაირი მოსაგრებითი ქმედების ზუსტი შესრულებით შემოსაზღვრავს სრულყოფილებას. არ იხრება რაიმე ზედმეტის ან ნაკლულოვანისკენ და სამეუფო გზით სვლას ესწრაფვის. თუმცა ყველა აქ ჩამოთვლილი სათნოება არ გახლავთ საწადელი ქრისტიანული სრულყოფილება, ისინი მხოლოდ მის მისაღწევად საჭირო ხერხი და საშუალებაა.

სათნოებები რომ მხოლოდ საშუალებაა ქრისტიანულ ცხოვრებაში სრულყოფილების მისაღწევად და თანაც, ქმედითი საშუალება, ეს საეჭვო არ არის. ბევრი სათნო ადამიანი ვიცით, რომელიც, როგორც ეგების, ცდილობს მოიხვეჭოს სათნოებები, რათა საკუთარი ცოდვებისა და უკეთურების დასაძლევად ძალა და ძლიერება მოიპოვოს და მათი მეშვეობით წინ აღუდგეს ჩვენი სამი ძირითადი მტრის: ხორცის, ამა სოფლისა და სატანის განსაცდელთა და საცდურთ; მოიხვეჭოს ყველა ღვთის შვილისათვის, განსაკუთრებით კი ახალდამწყებთათვის აუცილებელი სულიერი შემწეობა. ისინი მარხულობენ, რათა მოათვინიერონ საკუთარი ხორციელი ვნებები, მღვიძარებენ, რათა გაიმახვილონ გონების თვალი, წვებიან შიშველ მიწაზე, რომ არ გაზულუქდნენ ძილით, ენას მდუმარებით თოკავენ და განმარტოვდებიან, რათა თავი ააიდონ სულ მცირე საბაბსაც კი, რომელიც რაიმეთი შეურაცხყოფდა ღმერთს; ლოცულობენ, აღასრულებენ საეკლესიო მსახურებებს და სხვა ღვთისსათნო საქმეთ, რათა მათი გულისყური ზეციურ საგნებს არ მოშორდეს; კითხულობენ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ვნების შესახებ, რათა უკეთ შეიცნონ საკუთარი სისუსტე და ღვთის გულმოწყალება; რომ თავგანწირვითა და მხრებზე მაცხოვრის ჯვრით მავალთ ისწავლონ, თუ როგორ მისდიონ უფალ იესო ქრისტეს, და უფრო მეტად გააღვივონ გულში სიყვარული ღვთისა და სიძულვილი საკუთარი თავისა.

მაგრამ, მეორე მხრივ, იგივე სათნოებებმა მას, ვინც მათში საკუთარი ცხოვრების აზრსა და სასოებას ხედავს, შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს და სასოწარკვეთილებამდეც კი მიიყვანოს - არა თავისთავად (ისინი ხომ ღვთაებრივი და წმინდაა), არამედ მისივე შეცდომით, ვინც ჯეროვნად არ მოიხმარს სათნოებებს, ანუ გარეგნულად აღასრულებს მათ, გულს კი საკუთარი და სატანის ნებელობის ქვეშ ტოვებს. სატანა ხედავს, რომ ადამიანმა ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვია და არათუ ხელს უშლის მას მოღვაწეობაში, ხანდახან ეხმარება კიდეც, რათა ამაო ზრახვებს აყოლილმა კაცმა ღვაწლი უფრო გაამრავლოს. ამ დროს ასეთი მოღვაწეები გარკვეულ სულიერ მოძრაობასა და ნუგეშს განიცდიან. ფიქრობენ, რომ უკვე მიაღწიეს ანგელოსებრივ მდგომარეობას, რომ სულში ღვთის სუფევას გრძნობენ; ხანდახან კი, რაიმე განყენებული, არამიწიერი საგნების შესახებ ჭვრეტას მიცემულნი, ოცნებობენ, თითქოს დატოვეს მიწიერი სამყარო და მესამე ცამდე აღიტაცნენ.

მაგრამ მათივე ცხოვრების და ზნის მიხედვით ყველა გულისხმაჰყოფს, თუ როგორი შეცოდებებითაა აღსავსე ამ ადამიანთა ქმედებები და რაოდენ შორს იმყოფებიან ჭეშმარიტი სრულყოფილებისგან. მათ ყოველთვის სურთ, რომ სხვებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდნენ, უყვართ საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით ცხოვრება და გადაწყვეტილების მიღებისას შეუპოვრობას იჩენენ; სრულიად ბრმანი არიან საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ძალზე თვალმახვილნი და გულმოდგინენი სხვათა სიტყვისა თუ საქმის გარჩევისას. თუ ვინმე ირგვლივ მყოფთა პატივისცემით სარგებლობს, ვერ იტანენ და მის მიმართ აშკარად მტრულად განეწყობიან. თუ ვინმე, განსაკუთრებით სხვათა თანდასწრებით, ღვთისმოსავ საქმეებსა და მოსაგრეობაში ხელს შეუშლის, წამსვე აღშფოთდებიან, განრისხდებიან და სიბრაზისგან თავს ჰკარგავენ.

როდესაც ღმერთი ასეთ ადამიანებს საკუთარი თავის შესაცნობად და სრულყოფილების ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად გასაჭირსა და ტკივილს მოუვლენს, ან დაუშვებს დევნას, რითაც იგი, ჩვეულებრივ, თავის ჭეშმარიტ შვილებს გამოცდის, მაშინ აშკარა ხდება, თუ რა იფარებოდა მათ გულში და როგორ ღრმად ყოფილან ამპარტავნებით განხრწნილნი: რაც უნდა ჭირი დაატყდეთ თავს, არ სურთ ღვთის იდუმალი და სამართლიანი სამსჯავროს წინაშე განსვენებულთ, ქედი მოიდრიკონ მის უღელქვეშ; არ სურთ, თავადაც დამდაბლდნენ უფლის მაგალითისამებრ, რომელმაც ჩვენს გამო დაიმდაბლა თავი და ეწამა; დამდაბლდნენ ყველა ქმნილებაზე მეტად და საყვარელ მეგობრებად მიიღონ თავიანი მდევნელები, როგორც მათდამი ღვთაებრივი მადლის გამოვლენის საშუალებანი და მათი ცხონების მოსწრაფენი.

აშკარაა, რომ ისინი დიდ საფრთხეში იმყოფებიან. შინაგანი თვალი, ანუ გონება დაბნელებიათ, მით უმზერენ საკუთარ თავს და არასწორად ხედავენ. გარეგნულად სათნო საქმეებზე ფიქრობენ, ჰგონიათ, რომ სრულყოფილებას მიაღწიეს და ამით გაამაყებულნი, სხვებს განიკითხავენ. ამის შემდეგ, ღვთის საგანგებო ზემოქმედების გარეშე, შეუძლებელია, კაცთაგან ვინმემ შეძლოს ამნაირი ადამიანის მოქცევა. აშკარა ცოდვილი უფრო ადვილად შემობრუნდება სიკეთისკენ, ვიდრე გარეგნული სათნოებების საბურველით დაფარული.

ახლა, როდესაც ასე ნათლად და გარკვევით შევიტყვეთ, რომ სულიერი ცხოვრება და სრულყოფილება მხოლოდ იმ ხილული სათნოებებისგან არ შედგება, რომლებზედაც ვისაუბრეთ, ისიც უწყოდეთ, რომ ჭეშმარიტი სრულყოფილება, როგორც უკვე ვთქვით, სხვა არაფერია, თუ არა ღმერთთან სიახლოვე და მასთან ერთობა, რაც ნიშნავს: ღვთაებრივი დიდებულებისა და სახიერების გულწრფელ აღიარებასა და საკუთარი არარაობისა და ყოველგვარი ბოროტებისკენ მიდრეკილების შეცნობას; ღვთის სიყვარულსა და საკუთარი თავის მოძულებას; უფლის სიყვარულის გამო საკუთარი თავის დამორჩილებას არა მხოლოდ ღვთის, არამედ ყოველივე შექმნილისადმი; საკუთარი ნების უარყოფასა და ღვთის ნებისადმი სრულ მორჩილებას. ამასთანავე, ყოველივე ეს უნდა გვწადდეს და აღვასრულებდეთ სუფთა გულით, ღვთის სადიდებლად, მხოლოდ ღვთის სათნოსაყოფად, მხოლოდ იმიტომ, რომ მას სურს ასე და ასე გვმართებს მისი სიყვარული და მსახურება.

აი, ესაა სიყვარულის კანონი, ღვთის ერთგულ მონებში მისივე ბეჭდით შთატვიფრული! ესაა საკუთარი თავის უარყოფა, რასაც ითხოვს ჩვენგან უფალი. ეს იესო ქრისტეს ტკბილი უღელი და მსუბუქი ტვირთია! ესაა ღვთის ნების მორჩილება, რასაც საკუთარი სიტყვით და საკუთარი მაგალითით ითხოვს ჩვენგან ჩვენი გამომხსნელი და მასწავლელი. განა თავად არ მოგვიწოდა მთავარმა ჩვენმა და ჩვენი ცხონების აღმსრულებელმა უფალმა იესომ, რათა ასე ვილოცოთ ზეციური მამის მიმართ: მამაო ჩვენო!... იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა (მათ.,6,10)? წამების გზაზე შემდგარმა, განა თავადვე არ შეჰღაღადა: თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი (ლუკ. 22,42)? და საკუთარ საქმეთა შესახებ არა თქვა: ვინაიდან იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ აღვასრულო ჩემი ნება, არამედ ნება ჩემი მომავლინებელისა (იოან. 6,38)?

ახლა ხედავ, ძმაო, რაშია საქმე, ვიმედოვნებ, მზადყოფნას გამოავლენ და ამგვარი სრულყოფილებისაკენ ისწრაფებ. კურთხეულ იყოს შენი გულმოდგინება. მაგრამ პირველი ნაბიჯებიდანვე მოემზადე შრომის, ოფლისღვრისა და ბრძოლისათვის. ყველაფერი ღმერთს უნდა შესწირო მსხვერპლად და მხოლოდ მისი ნება აღასრულო. იცოდე, საკუთარ თავში იმდენიმე ნება-სურვილს აღმოაჩენ, რაოდენი ძალა და მოთხოვნილებაც გაქვს და, იმის მიუხედავად, ღვთის ნებას ეთანხმებიან თუ არა, ყველა მათგანი დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამიტომ სასურველი მიზნის მისაღწევად თავდაპირველად საკუთარი სურვილების დათრგუნვა გმართებს, საბოლოოდ კი მათი სრული ჩახშობა და ჩაკვლა. ხოლო ამაში რომ წარემატო, განუწყვეტლივ უნდა აღუდგე ცუდს და საკუთარ თავს კეთილის ქმნა აიძულო. ანუ საკუთარ თავში განუწყვეტლივ ებრძოლო იმას, რაც შენს ნება-სურვილს ხელს უწყობს, აღაგზნებს და ეხმარება მას. ამგვარი ბრძოლისთვის ემზადე და უწყოდე, რომ გვირგვინი - შენთვის სანუკვარი მიზნის მიღწევა - ქველ მეომართა და მოასპარეზეთა გარდა არავის ეძლევა.

და რადგან ეს ბრძოლა ყველა დანარჩენზე რთულია, ვინაიდან საკუთარ თავთან ორთაბრძოლაში ჩაბმულნი მოწინააღმდეგესაც აქვე ვაწყდებით, მასში გამარჯვებაც ყველა სხვა გამარჯვებაზე სასახელო, და რაც მთავარია, სათნოა ღვთისთვის. რადგან თუ მოშურნეობით აღვსილი გაიმარჯვებ შენს ვნებებზე და მოაკვდინებ მათ, მოაკვდინებ საკუთარ ნებას და ავხორცობას, ამით უფრო მეტად სათნოეყოფი ღმერთს და კეთილად იმუშაკებ მისთვის, ვიდრე ძველი მეუდაბნოეების მსგავსად, სხეულის სისხლისღვრამდე გაშოლტვითა და გამოფიტვამდე მარხვით. ასობით ქრისტიანის უსჯულოთაგან მონობისგან გამოსყიდვა და განთავისუფლებაც ვერ გიხსნის, თუკი თავად შენ ვნებათა ტყვეობაში იმოფები. და რაც უნდა დიადი საქმეები აღასრულო ფრიადი შრომითა და მსხვერპლით, სასურველ მიზანს ვერ მიაღწევ, თუ საკუთარ ვნებებს უყურადღებოდ დატოვებ და შენში თავისუფლად არსებობისა და მოქმედების საშუალებას მისცემ.

და ბოლოს, მას შემდეგ, რაც შეიტყე ქრისტიანული სრულყოფილების არსი, და ისიც, რომ მის მისაღწევად საკუთარ თავთან განუწყვეტელი და დაუნდობელი ბრძოლა გმართებს, თუ ნამდვილად გსურს ამ უხილავ ბრძოლაში გამარჯვება და ჯეროვანი გვირგვინის მიღება, გულში ოთხი ამგვარი განწყობა და სულიერი ქმედება აღიბეჭდე, თითქოსდა ყველაზე კეთილსაიმედო და ძლევამოსილი უხილავი იარაღით იყო შეჭურვილი: ა) არასოდეს გქონდეს საკუთარი თავის იმედი, ბ) გულში ყოველთვის გქონდეს სრული სასოება ღვთისა, გ) განუწყვეტლივ იღვაწე, დ) მოუკლებლივ ილოცე.


თავი 2
არასოდეს დაუჯერო და მიენდო საკუთარ თავს

საკუთარი თავის უნდობლობა, საყვარელო ძმაო, ისეთი აუცილებელია ჩევნს ბრძოლაში, რომ მის გარეშე, მერწმუნე, არათუ სასურველ გამარჯვებას მოიპოვებ, მტრის ყველაზე უმნიშვნელო თავდასხმასაც ვერ გაუძლებ. ღრმად ჩაიბეჭდე ეს გულსა და გონებაში.

წინაპართა ცოდვით დაცემის დღიდან, მიუხედავად ჩვენი სულიერ-ზნეობრივი ძალების დასუსტებისა, საკუთარ თავზე მაინც დიდი წარმოდგენისანი ვართ. ყოველდღიური გამოცდილება ძალზე შთამბეჭდავად გვარწმუნებს ამ აზრის სიცრუეში. ჩვენ კი, ხიბლში მყოფნი, ვერ ვგრძნობთ ამას და მაინც მუდმივად გვჯერა, რომ რაიმეს, და თანაც მნიშვნელოვან რაიმეს წარმოვადგენთ. ეს სულიერი უძლურება, ძალზე ძნელად შესამჩნევი და შესაცნობი, ყველაზე მეტად საძულველია ღვთისათვის, როგორც ჩვენი თავნებობისა და თავისმოყვარების უპირველესი გამოვლინება და ყველა ჩვენი ვნების, დაცემისა და უკეთურების წყარო, საფუძველი და მიზეზი. ის ახშობს გონებისა და სულის იმ ერთადერთ კარს, საიდანაც ჩვეულებრივ შემოდის ჩვენში ღვთის მადლი და არ აძლევს მას შიგნით შეღწევისა და დამკვიდრების საშუალებას. და მადლიც უკან იხევს. განა შეუძლია მადლს, დასახმარებლად და განსანათლებლად ეწვიოს ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ რაიმე მნიშვნელოვანს წარმოადგენს, ყოვლისმცოდნეა და სხვის დახმარებას სრულებით არ საჭიროებს? - ღმერთმა დაგვიფაროს ამგვარი დემონური სენისა და ვნებისაგან! საკუთარ თავზე მსგავსი წარმოდგენისა და თვითშეფასების მქონეთ უფალი წინასწარმეტყველის პირით ასე კიცხავს: ვაი ბრძენკაცებს თავიანთ თვალში და გონერთ თავიანთი ჭკუით! (ეს.5,20) მოციქულიც ამიტომ შეგვაგონებს: ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი (რომ, 12,16).

სძულს რა ეს ბოროტი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ამავე დროს, ღმერთს ისე არაფერი უყვარს ჩვენში, როგორც გულწრფელი შეცნობა საკუთარი არარაობისა; სრული რწმენა და შეგრძნება იმისა, რომ რაც კეთილია ჩვენს ბუნებასა და ცხოვრებაში, მხოლოდ ღვთისგან მომდინარეობს, როგორც ყველივე სახიერის წყაროდან; რომ ჩვენგან არ შეიძლება წარმოიშვას რაიმე ჭეშმარიტად კეთილი გულისსტიყვა ან საქმე. ამიტომ ღმერთი თავად ზრუნავს, რომ თავის საყვარელ მეგობართა გულებში ჩათესოს ეს ზეციური თესლი. აღაგზნებს, განაღვიძებს მათში თვითუარყოფას და საკუთარი თავის უნდობლობას განუმტკიცებს. ეს ზოგჯერ მადლმოსილი ზემოქმედებითა თუ შინაგანი გასხივოსნებით ხდება, ზოგჯერ გარეგანი დარტყმებითა და ჭირთათმენით, ზოგჯერ მოულოდნელი და თითქმის გადაულახავი განსაცდელებით, ზოგჯერ კი სხვაგვარად, რაც ჩვენთვის ხანდახან მიუწვდომელია.

მართალია, ჩვენში ღვთისგანაა ჩადებული, არ მივენდოთ საკუთარ თავს და არ ველოდოთ მისგან რაიმე სიკეთეს, მაგრამ ჩვენი მხრივ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამგვარი მდგომარეობის მოსაპოვებლად, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ძალგვიძს და რაც ჩვენს ხელთაა. და აქ, ძმაო, მოგცემ ოთხ რჩევას, რომლის საშუალებით და ღვთის შეწევნით შეძლებ საკუთარი ძალებისადმი უნდობლობა მოიპოვო, ანუ მიაღწიო იმას, რომ არასოდეს გქონდეს თავის იმედი.

ა) შეიცანი საკუთარი არარაობა და მუდამჟამს გახსოვდეს, რომ თავად არ ძალგიძს კეთება რაიმე სიკეთისა, რის გამოც ცათა სასუფევლის ღირსი იქნებოდი, უსმინე, რას ამბობენ ღვთივგანბრძნობილი მამები: პეტრე დამასკელი გვარწმუნებს: არაფერია საკუთარი უძლურებისა და უმეცრების შეცნობაზე უკეთესი და არაფერია უარესი, ვიდრე ამის არშეცნობა (ფილოკალია; გვ.611). წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის, რომ ნებისმიერი სათნოების საფუძველს ადამიანური უძლურების შეცნობა წარმოადგენს (ფილოკალია; გვ.403). წმიდა იოანე ოქროპირი ირწმუნება, რომ მხოლოდ მან იცის საკუთარი თავი ყველაზე უკეთ, ვინც ფიქრობს, რომ არარაა.

ბ) ამგვარი ნიჭი ღვთისგანაა, ამიტომ მდაბლად და სითბოთი ილოცე და ყველაფერში მას შესთხოვე შემწეიბა. და თუ გსურს მისი მიღება, თავდაპირველად თავი დაირწმუნე, რომ არათუ გაქვს საკუთარ თავზე მდაბალი წარმოდგენა, შენ თავად მისი მოხვეჭაც არ ძალგიძს. შემდეგ კი ღვთის დიდებულების წინაშე გაბედულად მდგომი ოდნავადაც არ შეეჭვდე, რომ ნამდვილად გახდები მისი მფლობელი. გჯეროდეს, უსაზღვროდ სახიერი უფალი, როდესაც მოისრვებს, აუცილებლად დაგაჯილდოვებს ამგვარი შემეცნებით.

გ) შეეჩვიე, ყოველთვის გეშინოდეს და უფრთხოდე იმ მრავალრიცხოვან მტერს, რომელსაც მცირე ხნითაც ვერ გაუმკლავდები. გეშინოდეს მისი გამოცდილებისა, რომელიც ჩვენთან ხაგრძლივი ბრძოლით შეიძინა, მისი მზაკვრობისა და ხაფანგისა, ნათლის ანგელოზად გარდასახვისა, იმ ურიცხვი მახისა და მანქანებისა, სათნოებების მოხვეჭის გზაზე უჩუმრად რომ გვიგებს.

დ) თუ ცოდვით დაეცემი, შეეცადე, რაც შეიძლება სწრაფად დაინახო და შეიმეცნო საკუთარი უძლურება. ღმერთმა ამიტომაც მოუშვა შენზე განსაცდელი, რომ შენი მცირეოდენი სისუსტეების გამო არა მხოლოდ საკუთარი თავის სიძულვილს შეეჩვიო, სხვათაგანაც აბუჩად აგდება ისურვო. იცოდე, ამგვარი სურვილის გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავისადმი იმ სათნომყოფელი უნდობლობის, საკუთარი თავის არად ჩაგდების აღმოცენება და შესისხლხორცება, რაშიც ჭეშმარიტი მორჩილების საფუძველი და საწყისი ძევს და რაც თავადვე წარმოადგენს საკუთარი თავის უძლურებისა და არსაიმედოობის შეცნობის საწყისს.

ახლა ყველა მიხვდება, რაოდენ აუცილებელია საკუთარი თავის შეცნობა მისთვის, ვისაც ზეციურ ნათელთან ზიარება სწადია. ამაყები და თავდაჯერებულები ღვთის მადლს, ჩვეულებრივ, დაცემის გზით მიჰყავს ამგვარ შემეცნებამდე. სამართლიანად უშვებს მათზე იმ ცოდვას, რომლისგან დაცვაც, მათი აზრით, თავადაც კარგად შეუძლიათ. ხოლო როდესაც თავიანთ უძლურებას შეიცნობენ, უკვე ვეღარასოდეს ბედავენ საკუთარი თავის ნდობას.

მართალია, ეს საშუალება ძალზე ქმედითია, მაგრამ მთლად უსაფრთხო არ გახლავთ. უფალი მხოლოდ მაშინ სარგებლობს მისით, როდესაც სხვა დანარჩენ, უფრო მსუბუქ და იოლ საშუალებებს, რომლებიც ვახსენეთ, ადამიანი თვითშემეცნებამდე ვერ მიჰყავს. მაშინ კი, პიროვნების სიამაყის, თავის თავზე დიდი წარმოდგენისა და თავდაჯერებულობის მიხედვით, საბოლოოდ დაუშვებს ხოლმე დიდ თუ მცირე შეცოდებას. ასე რომ, სადაც არ არის თავდაჯერებულობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, იქ არც ჭკუისსასწავლი დაცემაა. ამიტომ, როდესაც შესცოდავ, შენი გულისსიტყვები მაშინვე სიმდაბლით მიმართე თვითშემეცნებისა და საკუთარი თავის დამამდებლებელი აზრისა და გრძნობისაკენ; დაუცადებელი ლოცვით შესთხოვე უფალს, ჭეშმარიტი ნათელი მოგმადლოს საკუთარი არარაობის შესაცნობად და გულში საკუთარი თავისადმი უიმედობის განსამტკიცებლად, რათა კვლავ იგივე ან უფრო მძიმე და საშინელ ცოდვაში არ ჩავარდე.

ერთსაც დავუმატებ, როდესაც ვინმე არა მარტო შესცოდავს, არამედ რაიმე უბედურება და გასაჭირი, მძიმე და ხანგრძლივი ხორციელი ავადმყოფობა ეწვევა, უნდა შეიგნოს, რომ საკუთარი უძლურების შესაცნობად და დასამდაბლებლად იტანჯება. საბოლოოდ სწორედ ამ მიზნით დაიშვება ღვთისგან ჩვენზე ნებისმიერი განსაცდელი - სატანის, ადამიანებისა თუ ჩვენივე დაცემული ბუნების მეშვეობით. წმიდა მოციქული პავლეც ამ მიზანს ხედავდა იმ განსაცდელებში, რომლებიც ასიაში შეხვდა და ამიტომ ამბობდა: მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი არ გვქონოდა, არამედ მხოლოდ ღმერთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს (2 კორ.1,9)

ამასაც დავძენ: ვისაც სურს, საკუთარი უძლურება რეალური ყოფა-ცხოვრებიდან შეიცნოს, შეეცადოს, თუნდაც ერთი დღით თვალყური ადევნოს საკუთარ გულისსიტყვებს, სიტყვებსა და საქმეებს - რაზე ფიქრობდა, რას ამბობდა, რას აკეთებდა. აუცილებლად აღმოაჩენს, რომ მისი ფიქრების, სიტყვებისა და საქმების დიდი ნაწილი ცოდვილი, არასწორი, უკეთური და უგუნური იყო. ასეთი გამოცდილება მიახვედრებს, თუ რამდენად მერყევი და უძლურია. ამგვარი შეგნება კი, თუ გულწრფელად სურს თავისთვის სიკეთე, იმ შეგრძნებამდე მიიყვანს, თუ რამხელა უგუნურებაა, მხოლოდ საკუთარი თავისგან ელოდო რაიმე სიკეთეს და მისი იმედი გქონდეს.


თავი 3
მხოლოდ ღვთის იმედისა და რწმენის შესახებ

მართალია, ჩვენს უხილავ ბრძოლაში, როგორც უკვე ვთქვით, აუცილებელია, არ გვქონდეს საკუთარი თავის იმედი, მაგრამ თუ ჩვენ ისე უარვყოფთ ყოველგვარ იმედს საკუთარი თავისას, რომ სხვა საყრდენს არ მოვიძევთ, ან მაშინვე მივატოვებთ ბრძოლის ველს, ან საბოლოოდ დავმარცხდებით და მტერს დავნებდებით. ამიტომ საკუთარი თავის სრულ უარყოფასთან ერთად გულში ღვთის სრული სასოებისა და რწმენის აღბეჭდვა გვმართებს. ესე იგი, მთელი გულით უნდა ვგრძნობდეთ, რომ ღვთის გარდა არავის და არაფრის იმედი გვაქვს და არარისგან ველით რაიმე სიკეთეს, შემწეობას და გამარჯვებას. როდესაც საკუთარი თავისგან, რომელიც არარაა, არაფერს ველით დაბრკოლებისა და დაცემის გარდა, აღარც გვაქვს ხოლმე მისი იმედი. ხოლო როგორც კი გულს ღვთის სრული სასოებითა და შეწევნის იმედით აღვივსებთ, მისგან ყოველგვარ დახმარებას მივიღებთ, სწორედ ისე, როგორც ფსალმუნშია: მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა (ფს. 27,7).

ამგვარი რწმენის განმტკიცებასა და შემწეობის მიღებაში დაგვეხმარება შემდეგი:

ა) ის, რომ შემწეობას ვთხოვთ ღმერთს, რომელსაც, როგორც ყოვლისშემძლეს, ყველაფერი ძალუძს, რასაც მოისურვებს; აქედან გამომდინარე, ჩვენი შველაც მის ხელთაა.

ბ) ის, რომ ხსნას ვეძებთ ღმერთში, რომელმაც, როგორც გულთამხილავმა და ყოვლადბრძენმა, ყველაფერი უწყის; აქედან გამომდინარე, შესანიშნავად უწყის ისიც, რაც სასარგებლოა თითოეული ჩვენგანის საცხოვნებლად.

გ) ის, რომ ხნას ვეძებთ ღმერთში, რომელიც, როგორც უსაზღვროდ სახიერი, გამოუთქმელი სიყვარულით წარმოდგება ჩვენს წინაშე და ყოველთვის მზადაა და სურს, დაგვეხმაროს სულიერ ბრძოლაში სრული გამარჯვების მოსაპოვებლად, როგორც კი მტკიცე სასოებით მივეახლებით მას.

და განა შეიძლება, რომ მწყემსმა კეთილმა, ვინც სამ წელიწადს ეძებდა დაღუპულ ცხოვარს, ეკლიანი და რთული გზებით იარებოდა და ჩვენს გამო საკუთარი სისხლი და სიცოცხლე გაიღო, ახლა, როდესაც გზააბნეული კრავი მის კვალს მიჰყვება, სიყვარულით მოუხმობს და სასოებით ხსნას ევედრება, არ მიხედოს მას, არ იტვირთოს თავისი ღვთაებრივი ბეჭებით და ანგელოზთა კრებულთან ერთად არ იზეიმოს ამ შემთხვევის გამო? თუ უდიდესი გულმოდგინებითა და სიყვარულით აღსავსე უფალი, სახარებისეული დრაქმის მსგავსად, არასოდეს წყვეტს უსინათლო და ყრუ ცოდვილის მოძიებას, ნუთუ შეიძლება დავუშვათ, რომ ის ახლა მიატოვებს დაღუპულ ცხოვარს, რომელიც შეჰღაღადებს და მოუხმობს თავის მწყემსს? ღმერთი განუწყვეტლივ აკაკუნებს ადამიანის გულის კარზე, რათა აპოკალიფსის სიტყვისამებრ (გამოც. 3,20), შევიდეს მასში, სერობა ჰყოს და ამცნოს თავისი ნიჭები. განა შესაძლებელია, რომ მან არ შეისმინოს კაცისა და არ ისურვოს მასთან მიახლება, როდესაც ეს უკანანსკენი გულს გაუხსნის და მოუხმობს?

დ) და ბოლოს, მეოთხე საშუალება ღვთისადმი მტკიცე სასოების გაღვივებისა და მისგან თანადგომის სწრაფი მიღებისა, მეხსიერებაში ღვთისგან მონიჭებული ყველა იმ შეწევნის მოხმობაა, რომელთა შესახებაც საუბარია საღვთო წერილში. ეს მრავალრიცხოვანი გამოცდილებანი ნათლად გვიჩვენებს, რომ ღვთის მსასოებელთაგან არასოდეს დარჩენილა ვინმე შეუსმენელი და შეუწევნელი. ზირაქის სიბრძნე მოგვიწოდებს: გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? (ზირ.2,10).

ჩემო ძმაო, ამ ოთხი იარაღით შეჭურვილი, თამამად გადი ბრძოლის ველზე და გაბედულად ჩაები მასში, იმ მტკიცე რწმენით, რომ აუცილებლად გაიმარჯვებ. ამგვარი იარაღით ყოველმხრივ მოიხვეჭ ღვთის სრულ სასოებას, რაც მუდმივად შენსკენ მოიზიდავს ღვთის შეწევნას და გამარჯვების ძალით შეგმოსავს. ეს ორივე კი საბოლოოდ განგიმტკიცებს საკუთარი თავის სრულ უნდობლობას. შემთხვევას არ ვუშვებ ხელიდან, რომ ამ უნდობლობის შესახებ არ შეგახსენო, რადგან არ მახსოვს, ოდესმე ვინმეს არ დასჭირვებოდეს ამის შეხსენება. ჩვენში ისე ღრმად დამკვიდრდა და ისე გაიდგა ფესვი თვითშეფასებამ, - თითქოს რაიმეს, და თანაც, მნიშვნელოვან რაიმეს წერმოვადგენდეთ - რომ ის ფარულად ყოველთვის ცოცხლობს ჩვენს გულში, როგორც რაღაც მსუბუქი და შეუმჩნეველი მოძრაობა; მაშინაც, კი, როდესაც დარწმუნებულნი ვართ, რომ საკუთარი თავის იმედი სრულებით არ გვაქვს და, პირიქით, ღვთისადმი მტკიცე სასოებით ვართ აღსავსენი. საკუთარ თავზე ამგვარ წარმოდგენას რომ განეშორო, და, რამდენადაც შეგიძლია, არა საკუთარი თავის, არამედ ღვთისადმი სრული მინდობით იმოქმედო, ყოველთვის ისე განეწყვე, რომ საკუთარი უძლურების შეცნობა და შეგრძნება წინ უსწრებდეს ღვთის ყოველისშემძლეობის ჭვრეტას, ხოლო ორივე მათგანი - შენს ყოველ მოქმედებას.

 
თავი 4
როგორ გავიგოთ, რომ ადამიანი არ ენდობა საკუთარ თავს
და ღვთის სრული იმედით მოქმედებს

თავდაჯერებული კაცი ხშირად ფიქრობს, თითქოს სრულიად არ აქვს საკუთარი თავის იმედი, ღმერთს სასოებს და თავისი რწმენით მხოლოდ მასში განისვენებს. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. ამაში თავადვე დარწმუნდებიან, თუ ცოდვით დაცემისას განსჯიან და განიხილავენ საკუთარ თავს. როდესაც დაცემით დამწუხრებულნი კიცხავენ, ლანძღავენ საკუთარ თავს და, ამავე დროს, ფიქრობენ: მომავალში სხვაგვარად მოვიქცევი, დაცემის შედეგები გამოსწორდება და ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდებაო, - უტყუარი ნიშანია იმისა, რომ დაცემამდეც საკუთარი თავის იმედად იყვნენ და არა ღვთისა. და რაც უფრო ბნელი და უნუგეშოა მათი წუხილი, მით უფრო აშკარაა, რომ ისინი მეტად ენდობოდნენ საკუთარ თავს და ნაკლებად - ღმერთს. ამიტომაც დაცემით გამოწვეული მათი ურვა არანაირი ნუგეშით არ შემსუბუქდება. ხოლო მას, ვინც საკუთუარ თავს კი არა, უფალსაა მინდობოლი, არ უკვირს დაცემა და არც გადაჭარბებული ჭმუნვითაა გულდამძიმებული. მან უწყის, რომ ცოდვით დაცემა საკუთარი უძლურების, უფრო მეტად კი, ღვთის სუსტი რწმენის ბრალია. ამიტომ დაცემის შემდეგ ცდილობს, საკუთარი თავის უნდობლობა და ღვთის სასოება გააძლიეროს და გააღრმავოს. შემდეგ კი, როდესაც დაცემის მიზეზს - გარყვნილ ვნებებს მოიძულებს, ღვთის შეურაცხყოფისათვის მშვიდად და მორჩილად ეწევა სინანულის ღვაწლს და უფლისადმი მტკიცე სასოებით აღჭურვილი, სიკვიდლამდე უდიდესი ვაჟკაცობითა და გამბედაობით დევნის საკუთარ მტრებს.

ვისურვებდი, ყოველივე ამის შესახებ დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ სათნოებებითა და სულიერებითაა შემკული; ვინც ცოდვით დაცემისას იტანჯება, ვერ მშვიდდება და, ამგვარი სევდისგან ძალაგამოლეული (რაც მხოლოდ თავისმოყვარების გამო სჭირს) და თავისმოყვარებისგან აღძრული, სულიერ მოძღვართან მიეშურება, რომ ამ სიმძიმისგან განთავისუფლდეს. ეს კი დაცემისთანავე უნდა მოემოქმედებინა, რათა სასწრაფოდ ჩამოებანა ღვთის შეურაცხმყოფელი ცოდვის სიბინძურე და სინანულისა და აღსარების წმიდა საიდუმლოს მეშვეობით, საკუთარი თავის წინააღმდეგ ახალი ძალმოსილება შეეძინა.


თავი 5
მათი აზრის მცდარობის შესახებ, ვინც გადაჭარბებულ მწუხარებას სათნოებად მიიჩნევს

სცოდავენ ისინიც, ვისც სათნოებად მიაჩნია უზომო მწუხარება, რასაც ცოდვით დაცემის შემდეგ გრძნობენ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს სიამაყისა და თავის თავზე დიდი წარმოდგენის ბრალია, რაც საკუთარი ძალებისადმი ზედმეტ რწმენაზე მოწმობს. მათ ხომ ზომაზე მეტი აიღეს საკუთარ თავზე, რადგან მნიშვნელოვან ვინმედ მიაჩნდათ თავი და იმედოვნებდნენ, რომ ყველაფერს მარტონი გაუმკლავდებოდნენ. ახლა კი, დაცემისა და საკუთარი უძლურების დანახვის შემდეგ, განცვიფრებულნი არიან, თითქოს რაღაც მოულოდნელს წააწყდნენო; ყოყმაობენ და სულმოკლეობენ, რადგან დაცემულსა და მიწაზე განრთხმულს ხედავენ საკუთარ თავს - სწორედ იმ კერპს, რომელზედაც მთელ იმედსა და სასოებას ამყარებდნენ, მაგრამ ეს არ ემართება მდაბალ ადამიანს, მას, ვინც მხოლოდ ღმერთსაა მინდობილი და საკუთარი თავისგან სასიკეთოს არაფერს მოელის. ამიტომ ასეთი ადამიანი როგორი ცოდვითაც უნდა დაეცეს, მართალია, გრძნობს მის სიმძიმეს და წუხს, მაგარმ არ შფოთავს და არ მერყეობს, რადგან უწყის, რომ ეს საკუთარი უძლურების გამო დაემართა, რაც მისთვის სულაც არაა მოულოდნელი სიახლე.


თავი 6
რამდენიმე რჩევა საკუთარი თავის უნდობლობისა და
ღვთის სრული სასოების ზღვარისა და სივრცის გამოსაკვეთად

რადგან ძალა, რითაც ჩვენი მტერი დაიძლევა, საკუთარი თავის უნდობლობისა და ღვთის სასოებისგან წარმოიშობა, ჩემო ძმაო, გმართებს სწორი ცოდნით აღიჭურვო, რათა ღვთის შემწეობით მუდამ თან ატარო და დაიცვა ამგვარი ძალმოსილება. მარადჟამს გახსოვდეს, რომ ვერც რაიმე უნარი და კეთილი თვისება, ბუნებრივი იქნება თუ შეძენილი, ვერც ღვთივბოძებული ნიჭი, ვერც წმიდა წერილის ცოდნა, ვერც უფლისადმი ხანგრძლივი მსახურება და ამ მსახურებისას შეძენილი ჩვევები - ყოველივე ეს ერთად აღებული, ვერ შეგვაძლებინებს ღვთის ნების ჭეშმარიტად აღსრულებას, თუ ღვთისთვის სათნო ყოველი საქმისას (გასაჭირისას, რომელსაც ვცდილობთ თავი ავარიდოთ; ყოველი ჯვრის ტვირთვისას, რაც ღვთის ნებით უნდა შევიძლოთ, და მსგავსი შემთხვევების დროს) ღვთის შეწევნით არ გამხნევდა ჩვენი გული და არ მოგვეცა ძალა მის ჯეროვნად აღსასრულებლად, როგორც უფალი ბრძანებს: უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ (იოან. 15.5). ასე რომ, მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველ წუთს და ყოველდღე მტკიცედ და უცვლელად უნდა ვატაროთ გრძნობა, რწმენა და განწყობა იმისა, რომ დაუშვებელია რაიმე საბაბითა თუ განზრახვით მივენდოთ და ვსასოებდეთ საკუთარ თავს.

რაც შეეხება ღვთის სასოებას, რაზედაც მესამე თავში ვისაუბრეთ, მას დაუმატე შემდეგი: უწყოდე, ღმერთს იმაზე ადვილად არაფერი ხელეწიფება, ვიდრე ის, რომ გამარჯვება მოგაპოვებინოს მტრებზე, ბევრნი იქნებიან ისინი თუ ცოტანი, ძველნი თუ ახალნი, სუსტნი თუ ძლიერნი. მაგრამ უფალს თავისი ჟამი, წესი და რიგი აქვს. მაგალითად, ზოგი ძალე დამძიმებულია ცოდვებით, ამა სოფლის ყველანაირი დანაშაულის მონაწილეა, წაბილწულია ისე, რომ წარმოდგენაც არა აქვს, და თუმცა, ამასთანავე, შეძლებისდაგვარად ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ცოდვა დაუტევოს და სიკეთის გზაზე შედგეს, მაინც ოდნავადაც ვერ წარემატება და უფრო მეტად იძირება ბოროტებაში. მიუხედავად ამისა, ღვთის სასოება არ უნდა დაკარგოს და ღმერთს არ განუდგეს, არც იარაღი დაყაროს და არც სულიერი ძალისხმევა შეასუსტოს, არამედ კვლავ და კვლავ მამაცურად და დაუღალავად შეებრძოლოს საკუთარ თავს და საკუთარ მტრებს. მტკიცედ უწოდე, ამ უხილავ ბრძოლაში არაფერს კარგავს მხოლოდ ის, ვინც ბრძოლას არ წყვეტს და მუდამჟამს ღმერთს სასოებს. უფალი არასოდეს იშურებს საკუთარი მეომრების შემწეობას, თუმცა ხანდახან დაუშვებს, რომ მწარე ჭრლობებიც იგემონ. იგი ყოველთვის მზადაა, განკურნოს მტრისგან დაზარალებულნი, შეეწიოს დამარცხებულთ და საჭიროებისას კიდეც მიანიჭებს ხოლმე გამარჯვებას საკუთარ მებრძოლებს, მათ, ვინც ეძიებს ღმერთს და მისი იმედი აქვს. და მაშინ, როდესაც არ ელიან, დაინახავენ, როგორ გაიფანტებიან მათი მტრები, სწორედ ისე, როგორც დაწერლია: შეწყვიტეს ბრძოლა ბაბილონის მეომრებმა, ჩამსხდარან ციხე-სიმაგრეებში (იერ.51,30).


თავი 7
როგორ ვავარჯიშოთ გონება, რათა უმეცრებით არ დასნეულდეს.

თუ საკუთარი თავის უნდობლობა და ღვთის სასოება, რაც ასე აუცილებელია ჩვენს სულიერ ბრძოლაში, ჩვენში მარტო დარჩებიან, არათუ გავიმარჯვებთ, უფრო დიდ ბოროტებაში ჩავეფლობით. ამიტომ მათთან ერთად და მათით უნდა ვიღვაწოთ განსაკუთრებული ღვაწლით, რასაც განმსწავლელი სულიერი ვარჯიში ეწოდება.

ამგვარ მეცადინეობათაგან პირველი ადგილი გონებისა და ნების ვარჯიშს ეთმობა.

გონება უნდა განვაშოროთ და დავიცვათ უმეცრებისაგან, რომელიც ძალზე მავნებელია, რადგან აბნელებს და საშუალებას არ აძლევს გონებას, იხილოს ჭეშმარიტება - მისი ძიებისა და სწრაფვის ძირითადი მიზანი. გონება უნდა ვავარჯიშოთ, რათა ნათელი, სუფთა იყოს და კარგად გაარჩიოს, თუ რა გვესაჭიროება სულის ვნებათაგან განსაწმენდად და სათნოებებით შესამკობად.

გონების ამგვარ სინათლეს შეგვიძლია მივაღწიოთ ორი ხერხით: პირველი და აუცილებელი არის ლოცვა. უნდა ვევედროთ სულიწმიდას, რათა ინებოს და ღვთაებრივი სინათლე მოჰფინოს ჩვენს გულს. ასეც იქმს, თუ ჩვენ ჭეშმარიტად ვეძიებთ უფალს, თუ გულწრფელად მოშურნენი ვიქნებით და ღვთის ნებას მივენდობით, ყოველთვის ხალისით დავემორჩილებით გამოცდილი სულიერი მოძღვრის რჩევას და არაფერს მოვიმოქმედებთ მასთან შეუთანხმებლად.

გონების ვარჯიშის მეორე ხერხია საგანთა მუდმივი განხილვა და ჩაღრმავება მათ შესაცნობად, რათა ნათლად გავარჩიოთ ავი და კარგი. არა ისე, როგორადაც მათ შესახებ განსჯის ეს სოფელი და გრძნობადი სამყარო, არამედ როგორც განსჯის მართალი გონება და სულიწმიდა, ანუ ღვთივშთაგონებული წერილის, ღმერთშემოსილ მამათა და ეკლესიის მასწავლებელთა ჭეშმარიტი სიტყვა. როდესაც უტყუარად და ჯეროვნად განვიხილავთ და ჩავუღრმავდებით ყოველივეს, შედეგად ნათლად გავიაზრებთ, რომ არაფრად უნდა გვიღირდეს და ცრუდ და ამაოდ მიგვაჩნდეს ის, რაც უყვარს ბრმა და გარყვნილებით აღსავსე სოფელს და რასაც ეძიებს იგი.

კერძოდ კი, ის, რომ ამსოფლიური პატივი, სიამენი და სიმდიდრე სხვა არაფერია, თუ არა ამაოება და სულის სიკვდილი; შეურაცხყოფა და ცილისწამება, რითაც გვდევნის სოფელი, ჭეშმარიტ დიდებას გვძენს, ხოლო მისი ჭირ-ვარამი - სიხარულს; რომ მიტევება ჩვენი მტრებისთვის და მათთვის სიკეთის კეთება ჭეშმარიტი დიდსულოვნებაა და ღვთის მსგავსებისა და ხატების ერთ-ერთი უდიდესი ნიშანი; რომ მეტ ძალაუფლებასა და სიძლიერეს ამჟღავნებს ის, ვინც არად აგდებს სოფელს, ვინდრე ის, ვინც მთელ სამყაროზე ბატონობს; რომ ნებაყოფლობითი მორჩილება უფროა სულის სიმამაცისა და სიმტკიცის გამოხატულება, ვიდრე ძლიერ ხელმწიფეთა დამონება და მათზე მბრძანებლობა; რომ მდაბალი თვითშემეცნება ყველა მაღალი ფასეულობის შემეცნებაზე უპირატესია; რომ საკუთარი მავნე ჩვევებისა და ვნებების დამარცხება და მოკვდინება, რაც უნდა უმნიშვნელონი იყვნენ ისინი, უფრო იმსახურებს ქებას, ვიდრე უთვალავი ციხე-სიმაგრის აღება, ძლევამოსილი არმიის განადგურება და, თუნდაც სასწაულების მოხდენა ან მკვდართა აღდგინება.


თავი 8
რატომ ვმსჯელობთ საგნებზე არასწორად და
როგორ მოვიხვეჭოთ მათ შესახებ სწორი მსჯელობა

საგანთა შესახებ ჩვენი არასწორი მსჯელობის მიზეზი ის არის, რომ არ ვცდილობთ ღრმად განვჭვრიტოთ, რათა დავინახოთ მათი არსი. პირევლი შეხედვისთანავე აღვიქვამთ მათ და ჩნდება სიყვარული ან ზიზღი. ეს სიყვარული თუ ზიზღი აბრკოლებს და აბნელებს ჩვენს გონებას, ამიტომ მას აღარ ძალუძს სწორად განსაჯოს, თუ როგორია საგანი სინამდვილეში. ასე რომ, ჩემო ძმაო, თუ გსურს, გონება ამგვარ ხიბლს განაშორო, ყურად იღე კეთილი რჩევა: როდესაც საკუთარი თვალით ხედავ ან გონებით წარმოიდგენ რაიმე საგანს, რამდენადაც შეგიძლია, შეაკავე შენი სურვილები და თავს უფლებას ნუ მისცემ, თავიდანვე სიყვარულით განეწყოს ან ზიზღი გაუჩნდეს. შეეცადე, საგანი მხოლოდ გონებით განიხილო, ამ დროს გონებას, რომელიც ვნებით არაა დაბნელებული და ბუნებით თავისუფალი და წმინდაა, ჭეშმარიტების შეცნობა, საგნის სიღრმისეული წვდომა შეუძლია. არცთუ იშვიათად ბოროტება ცრუ და მიმზიდველი გარეგობით ინიღბება, სიკეთე კი სიავის საფარველქვეშაა.

ხოლო როდესაც სურვილი წინ გისწრებს და მაშინვე შეიყვარებ ან შეიზიზღებ რაიმეს, გონება ვერ შეძლებს საჭიროებისამებს შეიცნოს საგნის სიკეთე. რაიმეს მიმართ ამგვარი წინასწარი განსჯა, განწყობა, უკეთ რომ ვთქვათ, ჩვენში შემოსული ეს ვნება, გონებასა და საგანს შორის ერთგვარ ზღუდედ აღიმართება, აბნელებს გონებას და საგანზე უკვე ვნებით ვფიქრობთ და არა ისე, როგორც სინამდვილეშია. ამის გამო პირვანდელი შეხედულება უფრო ძლიერდება. რაც უფრო ხანგრძლივია ამგვარი მდგომარეობა, ანუ რაც უფრო შეგვიყვარდება თუ შეგვძულდება საგანი, მით უფრო იბინდება გონება მისით, ბოლოს კი სულ ბნელდება. და მაშინ ვნება საგნის მიმართ ისეთ ზღვარს აღწევს, რომ ადამიანს ის ყველაზე საყვარელი ან საძულველი ჰგონია მათგან, რაც კი ოდესმე ჰყვარებია ან სძულებია. ასე რომ, როდესაც არ დავიცავთ ხსენებულ წესს, ანუ არ შევაკავებთ სურვილს, განხილვისა და განსჯის გარეშე შეიყვაროს ან შეიძულოს საგანი, მაშინ სულის ორივე ძალა - გონება და ნება - მხოლოდ ბოროტებაში წარემატება, უფრო და უფრო ინთქმება ბნელსა და ცოდვებში.

იფხიზლე, საყვარელო და ყურადღებით იყავი, რომ საგნისადმი ვნებიანი სიყვარულის ან სიძულვილის გამო არ შესცოდო, ჭეშმარიტი სიკეთეE სიავედ არ ჩათვალო, სიავე კი - სიკეთედ. იფხიზლე, ვიდრე გონებისა და საღვთო წერილის მართალი სიტყვის, ლოცვისა და მადლის შუქზე, შენი სულიერი მოძღვრის დახმარებით საგნის ჯეროვნად განხილვას მოასწრებდე. უმეტესად მაშინ ხდება ხოლმე ასე, როდესაც რაღაც საქმე თავისთავად წმინდა და კეთილია, მაგრამ მისი აღსრულების დროის, ადგილისა და ხარისხის შეუსაბამობის გამო, საკმაო ზიანი მოაქვს თავად აღმსრულებლისათვის. გამოცდილებიდან ვუწყით, თუ რა უბედურებას შეიძლება იწიოს ადამიანი ასეთი სანაქებო და წმინდა საქმეების გამო.


თავი 9
როგორ დავიცვათ გონება უსარგებლო მრავლისმცოდნეობისა
და ფუჭი ცნობისმოყვარეობისგან

უკვე ვთქვით, რომ აუცილებელია გონების დაცვა უმეცრებისგან. ასევე აუცილებელია დავიცვათ ის მეორე უკიდურესობის - მრავლისმცოდნეობისა და ცნობისმოყვარეობისგან. რაც უფრო ნაადრევად აღვავსებთ მას უამრავი, მათ შორის ფუჭი, მავნებელი და გარყვნილი ცოდით, წარმოდგენითა და გულისთქმით, მით უფრო დავაუძლურებთ. გონება უკვე ვეღარ შეძლებს, კეთილად გაარკვიოს, რა არის სასარგებლო ჩვენი ჭეშმარიტი თვითგამოსწორებისა და სრულყოფისათვის. ამიტომ მიწიერი საგნების მიმართ, თუნდაც ისინი დასაშვები, მაგრამ არააუცილებელი იყოს, ისე დაიჭირე თავი, თითქოსდა უკვე მკვდარი იყო. მთელი გულისყური მოიკრიბე, გონებით საკუთარ თავში განმარტოვდი და შეეცადე, სრულიად განიშორი ამსოფლიური საგნების შესახებ აზრები.

წარსულის მოგონებებმა თუ აწმყოს სიახლეებმა, დაე, გვერდი აგიარონ. სხვადასხვა ქვეყნისა თუ სამეფოს გადატრიალებანი ნურც იარსებებნ შენთვის. ხოლო როდესაც ვინმე ამგვარ ამბავს მოგიტანს, ზურგი აქციე და შორს განაგდე გულისა და წარმოსახვისგან. უსმინე, რას ამბობს წმიდა ბასილი: ამსოფლიური ამბების მოსმენა მწარე იყოს შენთვის, ხოლო ღირსი მამების გადმოცემათა - თაფლი. ყურად იღე დავით წინასწარმეტყველის სიტყვაც: მითხრეს მე უსჯულოთა ზრახვაი, არამედ არა იყო ვითარ სჯული შენი, უფალო (ფს.118,85). მხოლოდ ზეციური და სულიერი საგნები შეიყვარე და შეისწავლე და ამქვეყნად უფალ იესო ქრისტეს, მისი ჯვარცმის, მისი ცხოვრებისა და სიკვდილის გარდა ნურაფრის ცოდნას ისურვებ. გახსოვდეს, რას ითხოვს შენგან მაცხოვარი. თუ ასე იმოქმედებ, სათნოეყოფი ღმერთს, რომელიც იმათ გამოირჩევს და შეიყვარებს, ვისაც უფალი უყვარს და გულმოდგინედ ესწრაფვის მისი ნების აღსრულებას.

სხვა ყოველგვარი განხილვა და გააზრება თავისმოყვარებისა და სიამაყის ნაშობი და საკვებია. ეს სატანის მახეა. როდესაც იგი სულიერი ცხოვრების მოსურნე ადამიანთა მტკიცე და ძლიერ ნებას ხედავს, ცდილობს, ცნობისმოყვარეობით დაძლიოს მათი გონება და ბოლომდე დაეუფლოს. ამ მიზნით ბოროტი ადამიანებში, განსაკუთრებით მათში, ვინც გონებამახვილია და ჭკუით თავმომწონეობს, ამაღლებულ, დახვეწილ და განსაცვიფრებელ აზრებს აღძრავს. მათაც, ასეთი ამაღლებული აზრების გამო კმაყოფილებით აღტაცებულებს, გულის სიწმინდის დაცვა, საკუთარ თავზე მდაბალი წარმოდგენისა და ჭეშმარიტი თვითმოკვდინების აუცილებლობა ავიწყდებათ. სიამაყისა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ბორკილებით შეკრულნი, საკუთარი გონებისგან კერპს ქმნიან. შედეგად კი, ისე რომ, თავადაც არ უწყიან, უჩნდებათ გულისსიტყვა, თითქოს მეტად აღარ საჭიროებდნენ სხვათა შეგონებასა და სწავლებას. ასეთნი ხომ მიჩვეულნი არიან ნებისმიერი საჭიროებისას საკუთარი შეგონებისა და განსჯის კერპს მიმართონ.

ეს ფრიად სახიფათო და ძნელად განსაკურნავი თვისებაა. გონების სიამაყე შესაძლებელია განიკურნოს შესაბამისი უღლის ქვეშ მოქცევით, რადგან ეს სენი აშკარაა გონებისათვის. მაგრამ რითი განიკურნება გონება, რომელსაც თავდაჯერებით სწამს, რომ მისი საკუთარი განსჯა ყველაზე უკეთესია? განა შეიძლება შეისმინოს ვინმესი, როდესაც დარწმუნებულია, რომ სხვათა აზრი ისე კარგი არაა, როგორც მისი? როდესაც გონება - სულის თვალი, რომლის დახმარებითაც ადამიანს ძალუძს შეიცნოს და გამოასწოროს ნების სიამაყე, თავადვეა სიამაყით დაბრმავებული და განუკურნავი, ვინღა უწამლეს ნებას? ამ დროს ადამიანის შიგნით ყველაფერი ისეა მოშლილი, სალბუნსაც ვერსად დაადებ. აი, რატომაა აუცილებელი, რაც შეიძლება სწრაფად შეეწინააღმდეგო ამ დამღუპველ სენს - გონების სიამაყეს, ვიდრე ის თხემით ტერფამდე განგმსჭვალავდეს. დაუპირისპირდი, აღვირი ამოსდე საკუთარი გონების სისწრაფეს და მორჩილად დაუქვემდებარე შენი აზრი სხვისას. იყავი სულელი ღვთის სიყვარულისთვის, თუ სურს ბრძენი იყო თვით სოლომონზედაც. თუ რომელიმე თქვენგანს ბრძნად მოაქვს თავი ამ ქვეყნად, შლეგი გახდეს, რათა ბრძენი იყოს იგი (I კორ. 3,18).


თავი 10
როგორ გავწვრთნათ გონება, რათა ნებისმიერი შინაგანი თუ გარეგანი
საქმის აღსრულებისას მხოლოდ ღვთის სათნოყოფას ესწრაფვოდეს

ჭკუა-გონების განმსწავლელი ვარჯიშის გარდა, უნდა ვეცადოთ, ისე ვმართოთ ჩვენი ნება, რომ საკუთარი სურვილებისკენ გადახრის საშუალება არ მივცეთ, და პირიქით, იქითკენ მივმართოთ, რომ სრულ ერთობაში იყოს ღვთის ნებასთან. ამასთანავე,, გახსოვდეს ისიც, რომ შენთვის არასაკმარისია მხოლოდ ის, მუდამ ღვთისთვის სათნოფოფა ისურვო და ეძიო. საჭიროა ეს გსურდეს სწორედ იმ ერთადერთი მიზნით, რომ სუფთა გულით სათნეყო უფალს და თავად შენ ღვთისგან იყო აღძრული. ამ მიზნის მისაღწევად საკუთარ ბუნებასთან უფრო ძლიერი ორთაბრძოლა მოგვიწევს, ვიდრე სხვა შემთხვავაში, რომელზედაც უკვე ვისაუბრეთ. ჩვენი ბუნება იმდენად ჩვეულია თავმოთნეობას, რომ ნებისმიერი, თუნდაც ძალზე კეთილი და სულიერი საქმის აღსრულებისას, თვითტკბობასა და სიმშვიდეს ეძიებს და ამით შეუმჩნევლად და უჩუმრად, ავხორცულად იკვებება.

სწორედ ამიტომ, როგორც კი სულიერი საქმე გველის, მაშინვე თავდავიწყებით ვისწრაფვით მის აღსასრულებლად, თუმცა ამ დროს ღვთის ნების შესაბამისად, მის სათნოსაყოფად კი არ ვმოქმედებთ, არამედ საკუთარი თავისთვის იმ სიხარულისა და ნუგეშის მისანიჭებლად, რომელიც მაშინ ჩნდება ჩვენში, როდესაც გვსურს, და თითქოს, იმას ვეძიებთ, რაც უფალს სურს ჩვენგან. ამგვარი ხიბლი მით უფრო იდუმალი და ფარულია, რაც მეტად ამაღლებული და სულიერია ჩვენი სწრაფვის საგანი. ამიტომ ვამბობ, რომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ გვსურდეს ის, რაც ღმერთს ნებავს. საჭიროა ვიცოდეთ, თუ რა, როგორ, როდის და რატომ სურს ასე ღმერთს. მოციქულიც ხომ გვამცნობს, გამოვცადოთ ღვთის ნება, რომელიც არა მარტო კეთილი, ყოველმხრივ საამო და სრულყოფილიცაა: და ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული (რომ. 12,2). თუ ჩვენი საქმე, თუნდაც რაღაცით, ნაკლულოვანი იქნება, ან მთელს ძალისხმეავს და ნებელობას არ მოვახმართ, ცხადია, იგი არასრულყოფილი აღმოჩნდება. გახსოვდეს, მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ღმერთს ვეძიებთ და ვესწრაფვით, შეიძლება რაღაც არასწორი და უმართებულო შემოგვეპაროს. ამ დროს, შესაძლოა, ვერ შევამჩნიოთ ერთგვარი თავისმოყვარება. ჩვენ ხომ ხშირად საკუთარი თავის კეთილდღეობას ვეძიებთ და არა ღვთის ნებას ღვთისთვისვე. ღმერთი მხოლოდ მისთვის სადიდებელი საქმეებით სათნოიყოფა და სურს, მხოლოდ იგი გვიყვარდეს, მას ვესწრაფვოდეთ და მისთვის ვმუშაკობდეთ.

ძმაო ჩემო, თუ გვურს, სრულყოფილების გზაზე შემდგარი ასეთ ფარულ დაბრკოლებებს განერიდო; თუ გსურს, წარმატებით განმტკიცდეს შენში ამგვარი კეთილგანწყობა, ყველაფერი ისურვო და აკეთო მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ღმერთს; თუ გსურს, შენი ყოველი სურვილი და საქმე სათნოეყოს უფალს, მის სადიდებლად მოქმედებდე, მისთვის ირჯებოდე და ის იყოს შენი ყოველი აზრისა და ქმედების საწყისი და სასრული, ასე მოიქეცი:

როდესაც რაიმე ღვთისთვის სათნო ან თავისთავად კარგი საქმის კეთება მოგიწევს, მაშინვე ნუ გადაიხრება შენი ნება მისკენ და მოქმედების სურვილით ნუ აინთები. თავდაპირველად გონებით ამაღლდი ღმერთამდე, რათა გაარკვიო, რომ ასეთია მისი ნება და ამ საქმის აღსრულება ეამება უფალს. მაშინ ისე წარიმართება შენი აზრთა მდინარება, რომ უკვე თავად ღვთის ნება განსაზღვრავს შენს ნებელობასაც. მხოლოდ ამის შემდეგ აღასრულე საქმე, აღასრულე მხოლოდ უფლის სადიდებლად და სათნოსაყოფად.

როდესაც გსურს, თავი აარიდო იმას, რაც ღვთის ნებას არ ეთანხმება ან კარგი არაა, მაშინვე ნუ შეაქცევ ზურგს. გონების თვალი ჯერ უფალს მიაპყარ და მისი ნება გამოიძიე, რათა შენი უარიც კეთლსაამო იყოს ღვთისთვის. ჩვენი ბუნება პირფერია, ფაქიზი და ამის შეცნობა ცოტას ძალუძს. ის უჩუმრად მხლოდ თავისას ეძიებს, გარეგნულად კი ისე წარმართავს საქმეს, რომ გვგონია, თითქოს მის ერთადერთ მიზანს ღვთის სათნოყოფა წარმოადგენდეს. სინამდვილეში კი ასე არ არის.

ხშირად, როდესაც საკუთრივ ჩვენთვის, ჩვენს სასარგებლოდ გვსურს ან არ გვსურს რაიმე, ვფიქრობთ, რომ ამ სურვილის მიზეზი მხოლოდ ღვთისთვის სათნოყოფაა. ამგვარი თვითხიბლისგან თავის ასარიდებელი ერთადერთი საშუალება გულის სიწმინდეა, რაც ძველი კაცის განძარცვასა და ახლის შემოსვას ნიშნავს. სწორედ აქეთკენ მივყავართ უხილავ ბრძოლას.

თუ გსურს, ამგვარი ქმედების ხელოვნებას დაეუფლო, ისმინე: ნებისმიერი საქმის დაწყებისას, რამდენადაც შესაძლებელია, ჩამოიცილე პირადი სურვილები. არ ისურვო, არ გააკეთო, არ თქვა უარი რაიმე საქმეზე, თუ წინასწარ არ იგრძნობ, რომ აქეთკენ მხოლოდ ღვთის ნება გიბიძგებს და წარგმართავს. თუ გარეგნული, განსაკუთრებით კი შინაგანი, სულიერი ქმედებისას ყოველთვის ხელშესახებად ვერ გრძნობ ღვთის ხელს, იმით დაკმაყოფილდი, რომ უფლის თანადგომა გვეძლევა. ნებისმიერი საქმისას გულწრფელად განეწყვე და ნეისმიერი ქმედებისას ღვთის სათნოყოფის გარდა არაფერი გსურდეს.

რაიმე საქმეზე ღვთის შემწეობის რეალური შეგრძნება ან ღვთაებრივი ნათლის შედეგია, ან გონებრივი გასხივოსნებისა. მათი მეშვეობით გულის სიწმინდის მქონეთ ჭვრეტით განეცხადებათ ღვთის ნება. ეს ხდება ერთგვარი ღვთაებრივი სიტყვით, ღვთის შინაგანი შთაგონებით ან ღვთაებრივი მადლის სხვაგვარი გამოვლინებით. ეს ყველაფერი განწმენდილ გულში აღესრულება. ასეთი გამოვლინებებია: შინაგანი სითბო, გამოუთქმელი სიხარული, სულიერი აღტაცება, გულის სილბო, გულითადი ცრემლები, ღვთაებრივი სიყვარული და სხვა სათნო და ნეტარი გრძნობები, რომლებიც ჩვენგან კი არა, ღვთისგან მოდის, არა თავისთავად, არამედ ტანჯვით. ასეთი გრძნობები დაგვარწმუნებს, რომ, რასაც ვეძიებთ, ღვთის ნებაა. უპირველესად კი წმინდა და თბილი ლოცვა უნდა აღვავლინოთ ღვთისადმი, დაუღალავად და გულმოდგინედ ვევედროთ, რათა ბნელი განგვინათლოს და გულისხმისყოფა მოგვანიჭოს. სამგზის ილოცე, - ამბობენ წმიდა მამები ბარსანუფი და იოანე, - და შემდეგ საითკენაც შენი გული გადაიხრება, ის ჰქმენი. არ დაივიწყო ისიც, რომ შენში აღძრული ჩამოთვლილი შინაგანი მოძრაობების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გამოცდილი ადამიანების რჩევითა და განსჯით შეამოწმო.

რაც შეეხება იმ საქმეს, რომელიც მუდმივად ან ძალიან დიდხანს გრძელდება, არა მარტო მისი დაწყებისას უნდა გადაწყვიტო ღვთის სათნოსაყოფად შრომა, არამედ დროდადრო უნდა განიახლო ამგვარი კეთილგანწყობა. თუ ასე არ მოიქცევი, შეიძლება კვლავ თავისმოყვარების ჯაჭვით შეიბორკო. ეს კი უფრო თავმოთნეობისკენ გვიბიძგებს, ვიდრე ღვთის სათნოყოფისკენ. დროთა განმავლობაში კი შეუმჩნევლად გადაგვახვევინებს საწყისი კეთილგანწყობიდან და თავდაპირველ კეთილ განზრახვასა და მიზანს შგვაცვლევინებს ხოლმე. ამიტომ წერს გრიგოლ სინელი: ყოველ საათს ჯერ-არს საკუთარი ნების, განწყობილების გულმოდგინე განხილვა, თუ საითკენ იხრება იგი: ღვთისთვის, საკუთრივ სიკეთისა და სულიერი სარგებლისთვის მდუმარებ, ჭამ კითხულობ, ლოცულობ და სხვა ღვაწლს აღასრულებ თუ არა, რათა შენსავე დაუკითხავად შენვე არ განიძარცვო საკუთარი თავი (სათნოებათმოყვარეობა, 19,გვ.916).

ამიტომაც, ვინც არ შეისმენს ამ რჩევას, მართალია, შეუდგება რაიმე საქმეს ერთადერთი მიზნით, რომ სათნოეყოს უფალს, მაგრამ შემდეგ შეუმჩნევლად შეეპარება ხოლმე თავმოთნეობა, რითაც ადამიანი იმდენად იკმაყოფილებს საკუთარ სურვილებს, რომ ღვთის ნება საერთოდ ავიწყდება. ბოლოს კი ისეთი ტკბობით აღივსება, რომ თუ ღმერთი ავადმყოფობით, კაცთაგან თუ სატანისგან მომდინარე საცდურით, ან სხვაგვარად შეეწინააღმდეგა, აღშფოთდება, კიცხავს ყველას, ვინც საყვარელი საქმის აღსრულებისას დაბრკოლებად ექცა და, ხანდახან ღმერთზედაც დრტვინავს. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ამგვარი ადამიანის გულის განწყობა ღვთისმიერი კი არაა, თავისმოყვარების დაზიანებულიდა გახრწნილი ფესვებითაა ნასაზრდოები.

ის, ვინც ნებისმიერ საქმეს მხოლოდ ღვთის ნებითა და იმ შეგნებით აკეთებს, რომ უფალს სათნოეყოს, არასოდეს ამჯობინებს ერთ საქმეს მეორეს, თუნდაც პირველი მნიშვნელოვანი და დიდებული იყოს, მეორე კი -უმნიშვნელო და მდაბალი. იგი თანაბრად განეწყობა ორივეს მიმართ, რადგან ორივე სათნოა ღვთისთვის. ამიტომ ასეთი ადამიანი, იმის მიუხედავად, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს თუ უმნიშვნელოს, მუდამ მშვიდი და კმაყოფილია. იგი მხოლოდ უმთავრესი მიზნითა და განზრახვითაა გამსჭვალული - ყველგან და ყოველთვის, სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც, როგორც მოციქული ამბობს, სათნოეყოს უფალს: ამიტომაც ასე გულმოდგინედ ვცდილობთ, შემოვსახლდებით თუ გავსახლდებით, სათნონი ვიყოთ მისთვის (2კორ. 5,9). ჩემი საყვარელო, მუდამ გულისყურით და ყურადღებით განეწყე საკუთარი თავის მიმართ და ეცადე, ამ მიზნისკენ წარმართო შენი მოღვაწეობა.

როდესაც რაიმე საქმის სურვილი სულიერად ისე აღგძრავს, რომ გსურს, თავი დააღწიო ჯოჯოხეთურ სატანჯველს და სამოთხე დაიმკვიდრო, მაშინაც შინაგანად ერთგადერთი მიზნისკენ უნდა წარემართო - სათოეყო ღმერთს მისი ნების აღსრულებით. იცოდე, უფალს ნებავს, რომ სამოთხე დაიმკვიდრო და არა ჯოჯოხეთი.

ბოლომდე შეცნობა ამ მიზნისა და გულისწადილისა, იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ღვთისთვის სათნოყოფა, არავის ძალუძს, როდესაც რომელიმე, თავისთავად უბრალო და უმნიშვნელო საქმე, მხოლოდ ღვთის საამებლად და სადიდებლად კეთდება, უფლისთვის შეუდარებლად ღირებულია, ვიდრე სხვა დიდებული და უდიდესი საქმენი, რომლებიც ამ მიზნით არ აღესრულება. ღვთისთვის მეტად სასურველია, როდესაც ღვთაებრივი დიდებულების სათნოსაყოფად გლახაკს ერთ დინარს უბოძებ, ვიდრე ის, როდესაც სულ სხვა მიზნით სრულებით გასცემ შენს მემკვიდრეობას, თუნდაც ამით ზეციური სიკეთების მოპოვება გსურდეს, რაც თავისთავად კეთილსასურველია.

ეს შინაგანი გმირობაა, რომელიც ნებისმიერი საქმის კეთებისას უნდა შეინარჩუნო. გმირობაა, მხოლოდ ღვთის სათნოსაყოფად მიმართო შენი აზრები, გრძნობები და ქმედებები. თავდაპირველად გაგიძნელდება, მაგრამ თუ, ერთი მხრივ, მუდმივად ივარჯიშებ ამგვარი სულიერი ღვაწლით, მეორე მხრივ კი, შენში ღვთის სურვილს გააღვივებ და, როგორც ერთიან სრულოფილ სიკეთეს, მას მიაპყრობ გულის მხურვალე მისწრაფებას, შემდეგში იოლად და მოხერხებულად შეძლებ. ეს სრულყოფილება, ანუ ღვთისთვის სათნოყოფა, ღირს იმად, რომ საკუთრივ მისთვისვე ვეძიოთ უფალი მას ვემსახუროთ და ყველაფერზე მეტად გვიყვარდეს.

გონებით რაც უფრო ხშირად ვეძიებთ ღვთის უსაზღვრო სახიერებას, რაც უფრო ღრმად დამკვიდრდება გულში ეს გრძობა, მით უფრო ხშირი და თბილი იქნება ჩვენი ნების იმგვარი ქმედებანი, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ, და უფრო იოლად აღმოცენდება ჩვენში ჩვევა - ნებისიერი საქმე მხოლოდ ღვთის სიყვარულით და მისთვის სათნოყოფის სურვილით ვაკეთოთ, რადგან იგი ყველაზე მეტადაა ღირსი ყოველგვარი სიყვარულისა.


თავი 11
რამდენიმე რჩევა, რაც ჩვენს ნებას ყოველმხრივ ღვთის სათნოყოფის სურვილით წარმართავს

მოხერხებულად რომ შეძლო შენი ნების მხოლოდ ღვთის სათნოსაყოფად და სადიდებლად წარმართვა, ხშირად გაიხსენე, რომ უფალმა უამრავჯერ მოგაგო პატივი და შენდამი სიყვარული გამოავლინა. არაფრისგან თავის ხატად და მსგავსად შეგქმნა და ყველა სხვა ქმნილება შენს სამსახურებლად განაჩინა. სატანის მონობისგან გამოსახსნელად ანგელოზი კი არა, საკუთარი მხოლოდშობილი ძე მოავლინა, რათა მას ოქრო-ვერცხლის განხრწნად ფასად კი არა, თავისი ძვირაფსი სისხლითა და ყველაზე მტანჯველი სიკვდილით გამოესყიდე. მას შემდეგ უფალი ყოველ წამს გიფარავს მტრებისგან, თავისი ღმრთაებრივი მადლით იბრძვის შენთვის, საყვარელი ძის სისხლისა და ხორცის წმიდა საიდუმლოთი გასაზრდოებს და გიცავს.

ყოველივე ეს შენდამი ღვთის უდიდესი პატივისა და სიყვარულის ნიშანია. იმდენად დიდი პატივია, რომ ვერც კი ჩავწვდებით, რამხელა მოწყალებას იჩენს ჩვენდამი - არარა და გარყვნილი ადამიანებისადმი - ჩვენი უდიდსი მეუფე. ამის მიხედვით განსაჯე, თუ რაოდენი პატივი და მოწიწება უნდა მივაგოთ მის უსაზღვრო დიდებულებას, ვინც ჩვენთვის ამდენი საოცრება მოიმოქმედა. ჩვენ ხომ აუცილებლად მივაგებთ პატივს, დიდებას, მადლობას და თაყვანს მიწიერ ხელმწიფეთ, რომლებიც გვწყალობენ, მაშ, როგორ მადლობას უნდა ვწირავდეთ ყოველთა მეუფეს, რომელმაც ასე შეგვიყვარა და ქველისმოქმედ გვყო.

მუდამ გახსოვდეს, ღვთაებრივი დიდებულება თავისთავად ყოველგვარი პატივის, თაყვანისცემისა და გულწრფელი მსახურების ღირსია მისსავე სათნოსაყოფად.


თავი 12
ადამიანში არსებული უამრავი სურვილისა და მისწრაფების და მათი ურთიერთბრძოლის შესახებ

იცოდე, ამ უხილავ ბრძოლაში ჩვენში არსებული ორი ნება ებრძვის ერთმანეთს. ერთი სულის გონიერ ნეაწილს მიეკუთვნება და ამიტომაც გონიერი, უმაღლესი ნება ეწოდება. მეორე ჩვენს მგრძნობელობით ნაწილს ეკუთვნის და გრძნობადი, უმდაბლესი, ზოგადად კი ვნებიანი, ხორციელი, უტყვი ნება ეწოდება. უმაღლეს ნებას ყოველთვის კეთილი სურს, უმდაბლესს - მხოლოდ ბოროტი. ერთიც დე მეორეც თავისათავად ხდება, ამიტომ არც კეთილი სურვილი გვეთვლება სიკეთედ და არც ბოროტი - ბოროტებად, ეს ჩვენს თავისუფალ ნებელობაზეა დამოკიდებული. როდესაც საკუთარი ნებით ვიხრებით კეთილი სურვილისკენ, სიკეთედ გვერაცხება, ხოლო როდესაც ბოროტი სურვილისკენ გადავიხრებით - ბოროტებად. სურვილები ერთმანეთის თანმდევია. კეთილი სურვილის გაჩენას მაშინვე წინ აღუდგება ბოროტი და, პირიქით. ჩვენი ნება თავისუფალია და რომლისკენაც გადაიხრება, იმჯერად ის იმარჯვებს. სწორედ ესაა უხილავი სულიერი ბრძოლა. მისი მიზანი უნდა იყოს ის, რომ თავისუფალ ნებას უმდაბლესი, ხორციელი და ვნებიანი ნებისკენ გადახრის საშუალება არ მივცეთ. ის მხოლოდ გონიერ უმაღლეს ნებას უნდა დაემორჩილოს, რადგან ეს უკანასკნელი ღვთის ნებაა, რომელიც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში უდა დავიცვათ. ეს ჩვენი არსებობის უმთავრესი კანონია. ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი (ეკლ.12,13), ამბობს ბრძენი ეკლესიასტე. ორივე სურვილი თავისკენ უხმობს ჩვენს ნებელობას და ცდილობს, დაიმორჩილოს. დათრგუნე უმდაბლესი სურვილი, დაემორჩილე უმაღლესს და გაიმარჯვებ, ხოლო თუ უმდაბლესს მიანიჭებს უპირატესობას და უმაღლესს უგულვებელჰყოფ, დამარცხდები. წმიდა მოციქული პავლე ჩვენში მიმდინარე ბრძოლის შესახებ წერს: და ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიძევს წინ, რადგან შინაგანი კაცისამებრ, მხოლოდ ღმრთის რჯულით ვტკბები. მაგარმ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ერუჩება ჩემი გონების რჯულს, და იმ ცოდვილი რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში (რომ. 4, 21-23). და შემდეგ ყველას დაუდგენს, როგორც კანონს: სულისამებრ იარებოდეთ და ნუ აღასრულებთ ხორციელ სურვილს (გალ. 5,16). ამის მიღწევა კი ხორცთან ბრძოლის გარეშე შეუძლებელია.

თავიდან მძიმე შრომა და დიდი გმირობა მართებს მას, ვინც, ვიდრე ამსოფლიურ ხორციელ ცხოვრებას ღვთის სათნოყოფას და მის მსახურებას ამჯობინებდა, მანამდე ხშირად იკმაყოფილებდა ხორციელ, ვნებიან სურვილებს და ამით ბოროტი ჩვევები შეიძინა. მათი თავისუფალი ნების ერთ მხარეს დგას გონეირი ნების მოთხოვნები, რომელთაც ღმერთი წარმართავს, მეორე მხარეს კი - ჯერ კიდევ ძლიერი ხორციელი, ვნებიანი სურვილები, რომლებიც ებრძვიან პირველს და ისე ექაჩებიან თავისკენ, როგორც საქონელი უღელს. ამ დროს მხოლოდ ღვთის მადლი აძლევს ადამიანს ერთხელ განზრახულის აღსრულების ძალას. ორთაბრძოლის ხაგრძლივობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა მოწინააღმდეგეს ასუსტებს, თუმცა ბრძოლა მაინც გრძელდება.

ამიტომ ნურავინ იოცნებებს ჭეშმარიტ ქრისტიანულ კეთილგანწყობაზე, ქრისტიანულ სათნოებებსა და ღვთისადმი ჯეროვან მსახურებაზე, თუ მანამდე თავს ხორციელი ნების ყოველგვარი ვნებიანი მოძრაობის უარყოფასა და დამარცხებას არ აიძულებს. იმიტომაც აღწევენ ცოტანი ქრისტიანულ სრულყოფილებას, რომ სიბრალულის გამო არ სურთ, აიძულონ თავი და უარი თქვან იმ მცირე თუ დიდ ვნებაზე, რომელსაც მანამდე სიამოვნებით და ხალისით იკმაყოფილებდნენ. როდესაც ასეთი ადამიანი ძნელად გაიმარჯვებს დიდ ვნებიან მიდრეკილებებზე, აღარ სურს მცირესთან საბრძოლველად აიძულოს თავი, რადგან ისინი უმნიშვნელო ჰგონია. არადა, მცირე ვნებები დიდის გამოხატულება და ნაშობია, აკმაყოფილებს და ასაზრდოებს მათ და დიდი ვნებებიც, მართალია, ძლივსშესამჩნევად, მაგრამ მაინც კვლავ არსებობენ და მოქმედებენ ადამიანის გულში. გული ვნებიანი და არაწმინდაა, და რაც მთავარია, ოდნავადაც არაა მისგან განშორებული თავმოთნეობა და თვითსიბრალული. ეს უკანასკნელნი კი ღვთისთვის სათნო ნებისმიერ საქმეს საეჭვო ღირსებას სძენენ.

მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც სხვისას არაფერს მიითვისებენ, გადაჭარბებით უყვართ საკუთარი და ძალზედ სასოებენ ამით, მაგრამ, ამასთანავე, ხელმომჭირნენი არიან ქველმოქმედებისას. სხვები არ ცდილობენ არაკეთილსინდისიერი გზით პატივისა და დიდების მოხვეჭას, თითქოს არაფრად მიაჩნდეთ ეს, მაგრამ ხშირად სურთ, რომ თუ მოხერხდება, ვითომცდა მათი ნების საწინააღმდეგოდ, მიიღონ ამგვარი პატივი. ზოგი ხანგრძლივად მარხულობს, თუმცა უარს არ ამბობს გემრიელ და ნოყიერ სადილზე, რითაც მარხვას სრულიად აუფასურებს. სხვა უბიწოებას იცავს, თუმცა აგრძელებს ურთიერთობას და ნაცნობობას მათთან, ვინც მოსწონს, ტკბება მათით და არ სურს შეიგნოს, რომ ასეთი საქციელით ღმერთთან ერთობისა და სულიერ ცხოვრებაში სრულყოფილების მიღწევის გზაზე დაბრკოლებას იქმნის.

აქვე აღვნიშნავ ზოგიერთის უყურადღებობას საკუთარი ხასიათის ბუნებრივი ნაკლოვანებებისადმი. მართალია, ეს ნაკლოვანებები ნებაზე არ არის დამოკიდებული, მაგარმ შეუძლიათ ადამიანი დამნაშავედ აქციონ. ასეც მოხდება, თუ ხედავენ, რომ ეს თვისებები ხელს უშლის მათ სულიერ ცხოვრებას და, არ ეცდებიან, ღთის მადლის დახმარებით, საკუთარი თავისადმი ჯეროვანი ყურადღებითა და მოშურნეობით, სრულიად გაანადგურონ ან გააუვნებელჰყონ ისინი. ამგვარი ნაკლოვანებებია: უჟმური ხასიათი, სიფიცხე, შთაბეჭდილებიანობა და მათ შედეგად - სიტყვის, მოძრაობისა და საქმის განუსჯელი სისწრაფე, ბუზღუნი, პირქუშობა, კამათი, სიჯიუტე და სხვა. მსგავს ბუნებრივ უძლურებათა და ნაკლოვანებათა გამოსწორება ზედმეტის მოცილებითა და ნაკლულოვაის შევსებითაა შესაძლებელი, რის შემდეგაც ორივე კეთილ თვისებად იქცევა. ვერანაირი თვისება, რაც უნდა ჯიუტი და ველური იყოს, ვერ გაუძლებს ნებას, როდესაც ეს უკანასკნელი, ღვთის მადლით აღჭურვილი, მოშურნეობით, მთელი გულისყურითა და მონდომებით შეებრძოლება მას.

სწორედ ამიტომაა, რომ ზოგიერთი კი აკეთებს სათნო საქმეებს, მაგრამ ეს საქმეები არასრულყოფილია და გადაჯაჭვულია ავხორცობასთან, რაც გამეფებულია ამსოფლად (იოან.2,16). ამიტომ ასეთები ცხონების გზაზე ოდნავადაც ვერ წარემატებიან, ერთ ადგილზე იტკეპნებიან, ხშირად კი კვლავ ძველ ცოდვებს უბრუნდებიან. მათ თავიდანვე მთელი გულით არ შეიყვარეს ქრისტესმიერი ცხოვრება, მტკიცე გადაწყვეტილებით არ შეუდგნენ მუშაკობას მხოლოდ ღვთის სათნოსაყოფად და სრულად არ აღივსნენ უფლისადმი მადლიერების გრძნობით, რაც სატანის ძალაუფლებისაგან იხსნიდა. ამიტომ ასეთნი მუდამ სათნოებაში განუსწავლელნი და ბრმანი რჩებიან და საფრთხეს ვერ ხედავენ. ჰგონიათ, რომ მათი მდგომარეობა მყარია და არანაირი უბედურება არ ემუქრებათ.

ამიტომ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო, თუ დამარცხება არ გსურს, გარწმუნებ, შეიყვარო სიმძიმე და სიძნელეები, რომლებიც აუცილებლად თან სდევს ჩვენს შინაგან ბრძოლას. ზირაქის სიბრძნეც ამას გვირჩევს: ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს (7,15), ამ ბრძოლაში ყველაფერი ამაზეა დამყარებული, როგორც საფუძველზე. რაც მეტად შეიყვარებ სიძნელეებს და ღვაწლისას თავის მიმართ დაუნდოებლი იქნები, მით სწრაფ და სრულ გამარჯვებას მოიპოვებ საკუთარ თავზე და მასზე, რაც შენში უმაღლეს სიკეთეს ებრძვის. შედეგად კი ყოველგვარი სათნოებით აღივსები და ღვთაებრივი სიმშვიდე დაისადგურებს სულში.


თავი 13
როგორ ვიბრძოლოთ უტყვი გრძნობადი ნების წინააღმდეგ და
როგორ იღვაწოს ნებამ, რათა სათნოებებში გაიწაფოს

ყოველთვის, როდესაც უტყვი გრძნობადი სურვილი და სინდისით ნაკარნახევი ღვთის ნება შენს თავისუფალ ნებელობას ებრძვის, ცდილობს, თავისკენ მიიზიდოს და დაძლიოს, თუ სიკეთის ჭეშმარიტი მოშურნე ხარ, შესაბამისი ხერხი უნდა იხმარო, რათა ღვთაებრივი ნების გამარჯვებას შეუწყო ხელი.

ა) როგორც კი უმდაბლეს გრძნობად და ვნებიან სურვილს იგრძნობ, მაშინვე მთელი ძალით შეეწინააღმდეგე და არ დაუშვა, რომ შენი ნებელობა თუნდაც ოდნავ გადაიხაროს მისკენ. ნებისყოფის მტკიცე დაძაბვით ჩაახშე, მოთოკე, განიშორე ვნებიანი სურვილები.

ბ) შენი მცდელობა რომ წარმატებით დასრულდეს და კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ვნებების მსგავსი მოძრაობის წინააღმდეგ სულიერი არაკეთილგანწყობით აღივსე, განურისხდი, როგორც მტრებს, რომელთაც შენი სულის მიტაცება და დაღუპვა სურთ.

გ) ამასთანავე, არ დაივიწყო საკუთარი კეთილი ნების დასახმარებლად, განსამტკიცებლად და დასაცავად, საშველად მოუხმო ჩვენს მხსნელს - უფალ იესო ქრისტეს, ურომლისოდაც ვერაფერში წარვემატებით.

დ) სულში წრფელად წარმოშობილი ეს სამი სახის შინაგანი ქმედება ყოველთვის გაგამარჯვებინებს უკეთურ მოძრაობებზე. მაგრამ ეს მხოლოდ მტრის უკუქცევაა. თუ გსურს, გული გაუგმირო მათ, მაშინვე ამის საპირისპირო რამ მოიმოქმედე, რამაც ვნებიანი მოძრაობა წარმოშვა და შეეცადე, მუდმივად ასე მოიქცე. ეს საბოლოოდ გიხსნის მტრის მსგავსი თავდასხმებისაგან.

მოვუხმოთ მაგალითს: ვთქვათ, ვინმემ მცირე ან დიდი შეურაცხყოფა მოგაყენა. შენ უკმაყოფილებისა და გაღიზიანების გრძნობა და სამაგიეროს მიგების სურვილი გაგიჩნდა. შეეცადე, სწრაფად შეიგნო, რომ ამგვარ განცდებს სურთ, უკეთურებისკენ გიბიძგონ, ამიტომ ბრძოლისა და თავდაცვისთვის მოემზადე: ა) მოიკვეთე ეს მოძრაობა, ნუ შეუშვებ შიგნით და საშუალებას ნუ მისცემ ნებელობას, მას მიემხროს, როგორც მართალს. ეს იქნება მათთვის წინ აღდგომა. ბ) მაგრამ ისინი ჯერ კიდევ შენს თვალწინ არიან და თავდასხმისთვის ემზადებიან. თავდაცვის გრძნობით, სიძულვილით აღივსე და განურისხდი, როგორც მტრებს, რათა შეგეძლოს გულწრფელად თქვა: ცოდვაჲ მოვიძულე და მოვიძაგე (ფს. 118, 163); სიძულილითა სრულითა მოვიძულენ, და იგინი მტერად შემექმნნეს მე (ფს. 138,22). ეს მათთვის მძიმე დარტყმა იქნება და, მართალია, არ გაქრებიან, უკან კი დაიხევენ. გ) შემდგომ უფალს მოუხმე: ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე (ფს. 69,1) და ნუ შეწყევტ მოხმობას, ვიდრე მტრის კვალიც არ გაქრება და სულში მშვიდობა არ დაისადგურებს. დ) ასე დაწყნარებულმა, მეგობრული სიტყვით, დახმარებით ან სხვაგვარად კეთილგანწყობა და სიმშვიდე გამოხატე საკუთარი შეურაცხმყოფელის მიმართ. ეს იქნება იმის აღსრულება, რასაც დავით წინასწარმეტყველი გვასწავლის: მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი (ფს. 33,14). სწორედ ასეთი ქმედებები შეგვაჩვევს იმ სათნოეებბს, რომლებიც ჩვენი შემაშფოთებელი ვნებიანი მოძრაობების საპირისპიროა. სათნო ჩვევები კი გულს უგმირავს და მოაკვდინებს მათ. შეეცადე, მსგავსი ქმედებები წინასწარ აიცილო თავიდან ან ისეთი შინაგანი გადაწყვეტილებით დაასრულო, რომელიც ვნებებს სამუდამოდ მოუსპობს აღძვრის შესაძლებლობას. კერძოდ კი, საკუთარი თავი ნებისმიერი შეურაცხყოფის ღირსად ჩათვალე, ისურვე, რომ უსამართლოდ შურაცხყოფილი იყო. მზად იყავი, სიხარულით შეხვდე შეურაცხყოფას და ისე მიიღო, როგორც მაცხოვნებელი მკურნალობა. სხვა შემთხვევაშიც შესაბამისი გრძნობები და განწყობები აღძარი და დაამკვიდრე საკუთარ თავში. ასე შეძლებ გულიდან ვნებების განდევნას და მასში სათნოებების დამკვიდრებას, რაც არის კიდეც უხილავი ბრძოლის მიზანი.

შემოგთავაზებ ზოგად რჩევას, რაც წმიდა მამებისგან გვსმენია: ჩვენი სული სამი ნაწილისგან შედგება, ანუ მასში სამი სახის ძალა მკვიდრობს: აზრისმიერი, სურვილისმიერი და გრძნობადი (აღგზნებად - გაღიზიანებადი). მათი დაზიანებულობის გამო ამ სამი ძალიდან სამი სახის არასწორი გულისსტიყვები და მოძრაობები იშვება. აზრისმიერი ძალა შემდეგი შემდეგი სახის გულისსიტყვების მშობელია: უმადურობა ღვთისადმი და დრტვინვა, ღვთის დავიწყება, ღვთაებრივი საგნების ვერშეცნობა, განუსჯელობა, ყოველგვარი საძრახისი აზრები. სურვილისმიერი ძალისგან იშვება გემოთმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა, უამრავი სახეცვლილებით, რაც ერთიანობაში თავმოთნეობას წარმოადგენს. გრძნობადი ძალისგან იშვება მრისხანება, სიძულვილი, შური, შურისძიება, ბოროტისმიგება, ღვარძლიანობა და ზოგადად ბოროტი გულისსიტყვები. ყველა ეს გულისსიტყვა და ვნება რომ დაძლიო, წინ უნდა აღუდგე თითოეულს და გულში მათი საპირისპირო სათნო გრძნობები და განწყობები აღძრა: ურწმუნოების მაგივრად - ღვთის მტკიცე რწმენა, დრტვინვის მაგივრად - ყველაფრისათვის ღვთისადმი მადლიერება, ღვთის დავიწყების მაგივრად - მუდმივი შინაგანი ხსოვნა ყოვლადძლიერი და ყოვლისმპყრობელი უფლისა, უმეცრების მაგივრად - მაცხოვნებელი ქრისტიანული ჭეშმარიტებების გონებრივი განხილვა და ნათელი ჭვრეტა, განუსჯელობის მაგივრად - კეთილისა და ბოროტის განსწავლის სურვილი, ყოველგვარი ბიწიერი გულისთქმის მაგივრად - ღვთის შესხმა და დიდებისმეტყველება, გემოთმოყვარეობის მაგივრად - თავშეკავება, მარხვა და თვითმოკვდინება, დიდებისმოყვარეობის მაგივრად - სიმდაბლე და უსახელოდ ყოფნის სურვილი, ვერცხლისმოყვარეობის მაგივრად - მცირედით კმაყოფილება და უპოვარება. ასევე: მრისხანების ნაცვლად - თვინიერება; სიძულვილისა - სიყვარული, შურისა - თანალმობა, შურისძიებისა - მიტევება და სიმშვიდე; ღვარძლიანობისა - თანგრძნობა, ბოროტისმიგების ნაცვლად - კეთლმოსურნეობა. ეს ყველაფერი წმიდა მაქსიმესთან მოკლედ ასეა გადმოცემული: საკუთარი აზრისმიერი ძალა ღვთისადმი მუდმივი ყურადღებით, ლოცვითა და ღვთაებრივი ჭეშმარიტებების ჭვრეტით შეამკე; სურვილისმერი ძალა - სრული თვითშეწირვითა და თავმოთნეობის ნებისმიერი გამოვლინების მოკვეთით; გრძნობადი ძალა - სიყვარულით, და მერწმუნე, არასოდეს დაიბინდება შენში გონების ნათელი და ვერც ხსენებული უკეთური გულისსიტყვები შეაღწევენ მასში. თუ დღის ნებისმიერ დროს თავადვე აღძრავ სარკუთარ თავში ამ კეთილ გრძნობებსა და განწყობებს, უხილავი მტერი ვერც მოგიახლოვდება, რადგან მიემსგავსები მხედართმთავარს, რომელიც მუდმივად ათვალიერებს ჯარის ნაწილებს და საბრძოლო მზადყოფნაშია. ასეთ დროს კი მტერი თავდასხმას ერიდება.

ყურადღება გაამახვილე უკანასკნელ პუნქტზე - იმის საწინააღმდეგო ქმედებებსა და გულში იმის საპირისპირო სურვილებისა და განწყობების დამკვიდრებაზე, რისკენაც ვნებიანი გულისსიტყვა გიბიძგებს. მხოლოდ ასე შეძლებ საკუთარ თავში ვნებების აღმოფხვრას და უფრო უსაფრთხო მდგომარეობის მოპოვებას. ვიდრე ვნებების ფესვი შიგნით რჩება, ყოველთვის წარმოშობს ახალ ამონაყარს და მით დაბინდავს სათნოებას, ხანდახან კი სულაც დაფარავს და გამოდევნის. ასეთ შემთხვევაში ძველ ცოდვებთან დაბრუნების საფრთხე გველის და ჩვენი შრომაც წყალში ჩაყრილი აღმოჩნდება.

ეს უკანასკნელი ხერხი ერთხელ კი არა, მუდმივად, მრავალგზის უნდა გამოიყენო. მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ გაანადგურებ, არ მოსპობ იმ მავნე ჩვევას, რომელსაც ებრძვი. როგორც ეს ჩვევა ცნობილი ქმედებების ხშირი განმეორებით და გულშივე არსებული ვნებების დაკმაყოფილებით დაეუფლა გულს, ასევე მის დასაძლევად და გასანადგურებლად, გულისმიერი წინააღმდეგობის გარდა, ძველი ვნებების საპირისპირო იმ ქმედებების გამოყენებაა საჭირო, რომლებიც ებრძვიან და ამარცხებენ მას. მათი სიხშირე ბოროტ ჩვევას, მის მამოძრავებელ ვნებას მოსპობს და გულში ვნების საწინააღმდეგო სათნოებას და მის შესაბამის ჩვევას დაამკვიდრებს. ამის თაობაზე მეტს აღარ ვისაუბრებ, ისედაც ნათელია, რომ კეთილი ჩვევის შესაძენად უფრო მეტი სათნო საქმეების კეთებაა აუცილეებლი, ვიდრე უკეთური ჩვევისთვის - ბოროტი საქმეები. ცუდი ჩვევა სწრაფად იდგამს ფესვს, რადგან ჩვენში არსებული ცოდვისადმი მიდრეკილება ან თავმოთნეობაა მისი მოკავშირე. რაც უნდა ძნელი და მოუხერხებელი გეჩვენოს ვნებების საპირისპირო ეს შრომა, ჯერ კიდევ სუსტი კეთილი ნებისა და მისი საწინააღმდეგო ვნებიანი, თავმოთნე ნების გამო, მაინც მონდომებით იღვაწე და მცდელობას ნუ დაიშურებ. მართალია, ეს ქმედებები თავიდან არასრულყოფილია, მაინც ყოველნაირად შეეწევა შენს სიმტკიცეს და სიმამაცეს და ბრძოლაში გამარჯვებისკენ მიმავალ გზას გაგიადვილებს.

ერთსაც დავუმატებ: მხნედ იდექი, ყურადღება მოიკრიბე და გმირულად ებრძოლე არა მხოლოდ დიდ და ძლიერ, შენი ვნებების ყველაზე სუსტ და მსუბუქ მოძრაობებსაც. იმიტომ, რომ მცირე გზას უხსნის დიდს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვეულებად იქცევა. გამოცდილებამ არაერთხელ გვიჩვენა, რომ როდესაც ადამიანი დიდი ვნებების გადალახვისა და დამარცხების შემდეგ ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას და არ ზრუნავს გულიდან ვნებიანი სურვილების განდევნაზე, მტრის მოულოდნელი და უცაბედი თავდასხმის მსხვერპლი ხდება. ეს თავდასხმა ისეთი ძლიერია, რომ ხშირად კაცი ვერ უძლებს ბრძოლას და უწინდელზე უფრო მწარედ ეცემა.

შეგახსენებ იმიასაც, რომ აუცილებლად უნდა მოიკვეთო და მოაკვდინო ძლიერი სიყვარული, მიზიდულობა, თუნდაც ნებადართული, მაგრამ არააუცილებელი საგნებისადმი. რადგან მალევე შეამჩნევ, რომ ისინი ასუსტებენ შენს კეთილ ნებას, ყურადღებას გტაცებენ და შენს მიერ დამკვიდრებულ კეთილკრძალული ცხოვრების წესს გირღვევენ. ასეთია: სეირნობები,საღამოები, საუბრები, ნაცნობობა, ქეიფი, ძილი და სხვა. მათი მოკვდინებით დიდ სიკეთეს ნახავ და მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის მოემზადები; უფრო ძლიერი და გამოცდილი გახდები ცდუნებებთან ბრძოლაში, თავს დააღწევ ეშმაკის ბევრ მზაკვრობას, რომელიც სწორედ ამგვარ სილაღეში იფარება და, გარწმუნებ, ღვთისთვის სათნო საქმეების აღსრულებასაც შეძლებ.

ასე რომ, საყვარელო, თუ ჩემს დარიგებას შეისმენ და მხნედ შეუდგები ამგვარი გმირობის წმინდა გზას, მოკლე ხანში წარემატები და ჭეშმარიტი სულიერებით შეიმოსები, და არა მარტო გარეგნულად - ცრუდ და სიტყვით. იცოდე, უმთავრესი საკუთარი თავისადმი წინააღმდეგობა და თვითიძულებაა, რაც, თუნდაც სულიერი ცხოვრების თვალსაზრისით, ნებისმიერ თვითტკბობას გამორიცხავს. თუ მათ ერთმანეთში აღრევ, ან მხოლოდ სასიამოვნო ღვაწლს აირჩევ, თუნდაც სულიერი კუთხით, ყველაფერს წაახდენ. იშრომებ, მაგრამ ნამდვილ ნაყოფს ვერ იგემებ. სულიერად ვერ განმტკიცდები და ფუჭად დაშვრები. გეგონება, რომ გაქვს სულიერება, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იქნება, რადგან ყველაფერი ჭეშმარიტად სულიერი სულიწმიდის მადლით წარმოიშობა. ეს მადლი კი მხოლოდ მათში სახლდება, ვინც ყოველგვარი თვითშებრალების გარეშე, ტანჯვითა და საკუთარი ნება-სურვილის მოკვეთით ეცვა ჯვარს და სწორედ ამით შეუერთდა მათთვის ჯვარცმულ უფალს - ჩვენს მაცხოვარს.


თავი 14
როგორ მოვიქცეთ, როდესაც უმაღლესი, გონიერი ნება თითქოსდა
სრულიად დაძლეულია უმდაბლესი ნებისა და მტერთაგან

ხანდახან შეიძლება ცოდვის ისეთი აღძვრა იგრძნო, რომ გეგონოს, მხურვალე მოშურნეობაც ამოგეწურა და ახლა კი ვეღარ გაუძლებ. ამ დროს, ჩემო ძმაო, იარაღს ნუ დაყრი, გონს მოეგე და განმტკიცდი, ეს მტრის ხრიკებია. იგი ცდილობს, უიმედობის გულისთქმით შეგეწინააღმდეგოს და იარაღის დაყრა და დანებება გაიძულოს. ნათლად გაიაზრე მტრის მზაკვრობა და უკან არ დაიხიო. იცოდე, თუ შენი ნებელობა ვნებიანი ჟინისკენ არ მიდრეკილა, ჯერ კიდევ მტერზე გამარჯვებულ, მის მომგერიებელ მებრძოლთა რიცხვს მიეკუთვნები, თუნდაც შენი თანაგრძნობა უკვე ვნებას ემხრობოდეს, შენი ნებელობის იძულება არავის და არაფერს ძალუძს. რაც უნდა თავგანწირვით გეკვეთოს ცხონების მტერი, ვერ შეძლებს, შენი ნების საწინააღმდეგოდ ხელიდან წარგტაცოს გამარჯვება და ძირს დაგანარცხოს. უფალმა ჩვენს თავისულალ ნებელობას იმხელა ძალა მიანიჭა, რომ არავის შეუძლია მისი დაჯაბვნა, თუნდაც ადამიანის ყველა თვისებრივი გრძნობა, მთელი სამყარო და დემონები შეიარღდნენ მის წინააღმდეგ და შეებრძოლონ. ნება ყოველთვის ფლობს თავისუფლებას - ისურვოს მათ მიერ შემოთავაზებული ან მოთხოვნილი, თუ ინდომებს და, არ ისურვოს, თუ არ ინდომებს. სამაგიეროდ, ის ყველაფრის გამო პასუხს აგებს და განისჯება. კარგად გახსოვდეს, რაც უნდა დასუსუტებულად გრძნობდე თავს, ვნებიანი მიდრეკილებისკენ გადახრა შენი ბრალი იქნება. ამას სინდისიც გაგრძნობინებს. რაც უფრო ძლიერია თავდასხმა, მით უფრო მტკიცე წინააღმდეგობისთვის მოემზადე და არასოდეს გადაუხდვიო ამგვარი გადაწყვეტილებიდან. ნებისმიერ ვითარებაში საკუთარ თავს შეახსენე სიტყვები: მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით (1კორ. 16,13).

როდესაც ცდუნების აღძვრისას საკუთარი ნება შურყეველი იქნება და უმაღლესი ნების მოთხოვნებს დაემორჩილება, ბრძოლაში თანდათან სხვა სულიერი იარაღიც ჩართე: მათგან უმთავრესია ლოცვა, მისით გაიმხნევე თავი და შეაგონე: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშონოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხორებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? გან-თუ-ეწყოს ჩემზედა ბანაკი,არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ (ფს. 26,1-3); რამეთუ არა მშვილდსა ჩემსა ვესავ, არცა მახვილმან ჩემმან მაცხოვნოს მე. ღმრთისა მიერ ვიქებოდით ჩვენ მარადღე და სახელსა შენსა აუვარებდეთ უკუნისამდე (ფს.43, 7-9); ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ. მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი. ის იქნება საწმიდარად. დაეცით ყიჟინა, ხალხებო, და ძრწოდეთ! ქმენით თათბირი, გაცუდდება! თქვით სიტყვა, არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არს ღმერთი (ის. 8, 13-14, 9-10).

ამგვარად გამხნევებულმა ისე იმოქმედე, როგორადაც ხანდახან ხილულ ბრძოლაში მტერთაგან შევიწროებული მებრძოლი ირჯება: ოდნავ უკან იხევს, რათა უკეთესი ადგილმდებარეობა შეირჩიოს და მტერს გულში დაუმიზნოს. შენ კი შენს შიგნით მოუყარე თავი გულისსიტყვებს, შეიცან და შეიგრძენი საკუთარი არარაობა და უძლურება, რომ თავად არაფრის გაკეთება ძალგიძს, და ყოვლისშემძლე ღმერთს მოუხმე საშველად. ტკბილი სასოებითა და ცრემლებით შესთხოვე ვნებების წინააღმდეგ შემწეობა: აღდეგ, უფალო, შემეწიენ ჩვენ და მიხსენ ჩვენ სახელისა შენისათვის (ფს. 43, 27). ჰბრძოდე, იესო ჩემო, მბრძოლთა მათ ჩემთა: აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა, ჰრცხუენოდედ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა (ფს. 34. 1,2,4); ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ნუ დაუშვებ ჩემს უკუქცევას და დამარცხებას მტრებთან ბრძოლაში; მფარველო ანგელოზო, შენი ფრთებით დამიფარე მტრის ისართაგან, შენი მახვილით მოსრე და განაშორე ისინი ჩემგან.

მოთმინებით ითხოვე და მსწრაფლშემწეობას მიიღებ. საკუთარ თავს დაუკვირდი: მტერმა უწყის ამგვარი მოწოდების სიძლიერე და ცდილობს, დაასწროს მას ან ღვთისადმი უგუნური დრტვინვით შეასუსტოს. რისთვის დაუშვა ღმერთმა მტრის თავდასხმა და საფრთხე? - ამ განწყობით ცდილობს, ჩაახშოს ჩვენი ღაღადი ღვთისადმი და უფლის შემწეობის უღირსი გაგვხადოს. როგორც კი ღვთის საწინააღმდეგო აზრებს შენიშნავ, შეეცადე, გულწრფელად და ჭეშმარიტად ირწმუნო, რომ ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თავად აცდუნებს ვისმე. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება (იაკ.1. 13,14). ჩაწვდი იმ გრძნობებსა და აზრებს, რომლებიც წინ უსწრებდნენ შენს ქმედებებს და აღმოაჩენ, რომ სწორედ მათგან წარმოიშვა ის შინაგანი ქარიშხალი, ასეთ სახიფათო მდგომარეობამდე რომ მიგიყვანა. მტერმა ცილი დასწამა შემოქმედს, შენი დაუდევრობა კი მიჩქმალა. რწმენით უნდა განამართლო ღმერთი შენში და განსჯით მოიცილო მტრის ცრუ საფარველი; საკუთარი თავის მიმართ შეღავათებსა და უგულისყურობაში უნდა ამხილო თავი და სინანულით აღიარო ეს შინაგანი ცოდვა უფლის წინაშე; კვლავ მოუწოდო მას, რაც, განსაკუთრებით ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად მოგანიჭებს ღვთის შემწეობას.

მას შემდეგ, რაც შინაგანი ქარიშხალი ჩაცხრება, ორთაბრძოლა გაგრძელდება უხილავი ბრძოლის იმ ზოგადი კანონებით, რომელთა შესახებაც ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ.


თავი 15
უნდა ვიბრძოლოთ განუწყვეტლივ და მამაცურად

თუ გსურს, მტერს რაც შეიძლება სწრაფად და იოლად გაუმკლავდე, აუცილებელია, დაუღალავად და მამაცურად ებრძოლო ყველა ვნებას, განსაკუთრებით კი თავისმოყვარებას, ანუ თავმოთნეობას, საკუთარი თავის უგუნურ სიყვარულსა და სიბრალულს. ეს ვნება ყველა დანარჩენის საფუძველი და წყაროა და სხვანაირად ვერ მოარჯულებ, თუ არა ნებელობის მუდმივი დათრგუნვითა და ამსოფლიურ გასაჭირთან, ცილისწამებასა და შევიწროებასთან სიყვარულით შეხვედრით. საკუთარი თავისადმი ამგვარი უმოწყალო დამოკიდებულების გაუთვალისწინებლობა იყო, არის და იქნება ჩვენი სულიერი ბრძოლის უშედეგობის, სიძნელეების, არასრულყოფილებისა და სიმყიფის მიზეზი.

ჩვენი სულიერი ბრძოლა მუდმივი და შეუსვენებელია. ის უნდა წარიმართოს სულიერი სიმხნევითა და სიმამაცით, რასაც ადვილად მოიპოვებ, თუ უფლისგან გამოითხოვ. უყოყმანოდ ჩაები ამ ბრძოლაში. თუ შენი მტრების - დემონების დაუნდობლობის, უსაზღვრო ბოროტებისა და მრავალრიცხოვნების შესახებ მშფოთვარე გულისთქმა შეგაწუხებს, ღვთის უსაზღვრო ძლიერება და შენდამი მისი სიყვარული, ანგელოსთა შეუდარებელი სიმრავლე და წმიდანთა მეოხება გაიხსენე. ისინი ჩვენთან ერთად ფარულად ებრძვიან ჩვენს მტრებს, როგორც დაწერილია ყამალეკის შესახებ: ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე (გამ. 17,16). რამდენი სუსტი ქალი თუ უასაკო ბავშვი წააქეზა ამ ბრძოლაში ასეთმა მძლავრმა და მუდმივად მზადმყოფმა შემწეობამ. მათაც გაიმარჯვეს, სძლიეს ამა სოფლისა სიბრძნეს, მტრის ყველა მანქანებას და ჯოჯოხეთის ბოროტებას.

ამიტომ არასოდეს შეშინდე, როდესაც გაგიჩნდება გულისსიტყვა, რომ შენს წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ძალიან ძნელია, დასასრული არ უჩანს და მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება; რომ ვერსად გაექცევი მრავალჯერად და მრავლგვარ დაცემას. იცოდე, ჩვენი მტერი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხელშია, ვის სადიდებლადაც იბრძვი. უფალს თავად შეჰყავხარ ბრძოლაში, ამიტომ არასოდეს დაუშვებს შენს ძლევას მტერთაგან, თუ თავადვე არ გადახვალ ამ უკანასკნელთა მხარეს. უფალი იბრძოლებს შენთვის და, როდესაც მოისურევბს, შენს ფერხთით დასცემს მოწინააღმდეგეს, როგორც დაწერილია: რადაგნ უფალი, შენი ღმერთი, დადის შუაგულ ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები (2რჯ. 23,14).

თუ უფალი დააყოვნებს, რომ მტერზე სრული გამარჯვება მოგანიჭოს და ამას შენი სიცოცხლის უკანასკელი დღისთვის გადასდებს, იცოდე, შენს საკეთილდღეოდ იქმს. ოღონდ უკან არ დაიხიო და ბრძოლა არ შეწყვიტო. ხანდახან იარებსაც მიიღებ, მაგრამ იარაღს ნუ დაყრი და ნუ უკუიქცევი. მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ მთელი შემართებითა და ვაჟკაცობით იბრძოლო, რადგან ეს გარდუვალია. არ არსებობს ადამიანი, რომ ბრძოლა აეცილებინოს სიცოცხლესა თუ სიკვდილში. და ვინც უხილავ მტრებსა და ვნებებზე გამარჯვებისთვის არ იბრძვის, მას აუცილებლად ტყვეობა მოელის ან აქ, ან იქ - სიკვდილის საუფლოში.

სასარგებლოა, იცოდე, თუ რატომაა სათნო ღვთისთვის ჩვენი საბრძოლო მდგომარეობაში დატოვება. როდესაც ძველად უფალი აღთქმული მიწისკენ მოუძღოდა ისრაელს, უბრძანა, მთლიანად არ გაენადგურებინათ იქ მცხოვრები ხალხები და ებრაელთათვის საძულველი ხუთი უცხო ტომი დაეტოევბინათ. ამით, პირველ რიგში, სურდა გამოეცადა, მტკიცედ სწამდა თუ არა მის რჩეულ ერს ღვთისა, ასრულებდა თუ არა მის აღთქმას. გარდა ამისა, უფალს სურდა, ბრძოლის ხელოვნება ესწავლებინა მისთვის (მსაჯ.2,21; 3.1-2). სწორედ ამიტომ ღმერთი მყისვე არ ანადგურებს ჩვენს ყველა ვნებას და ტოვებს მათ, რათა სიკვდილამდე გვებრძოდნენ. ეს იმ მიზნით ხდება, რათა ღვთისადმი ჩვენი სიყვარული, მისი ნებისადმი მორჩილება გამოიცადოს, რათა სულიერი ბრძოლა გვასწავლოს. ამაზე დაწვრილებით საუბრობს ნეტარი თეოდორე. იგი ამბობს, რომ უფლის დაშვებით, ამ ბრძოლის მიზანია: ა) არ მივეცეთ უზრუნველობას და მცონარებას, მუდამ ფხიზელნი, მოცადნი და ყურადღებიანნი ვიყოთ; ბ) არ დავივიწყოთ, რომ მუდმივად გველის თავდასხმა, მოულოდნელად არ აღმოვჩნდეთ მტრის ალყაში და არ გვძლიონ ვნებებმა: გ) შემწეობას ყოველთვის ღმერთში ვეძიებდეთ და მას ვსასოებდეთ; დ) სიამაყე არ დაგვეუფლოს, არამედ მდაბლად განვსაჯოთ საკუთარი თავი; ე) მთელი გულით გვძულდეს ვნებები და მტერი, რომლებიც განუწყვეტლივ გვესხმიან თავს; ვ) გამოიცადოს, ბოლომდე ვინარჩუნებთ თუ არა ღვთის პატივისცემას, სიყვარულსა და რწმენას; ზ) ღვთის ყველა მცნების ზუსტად აღსასრულებლად აღგვძარს და ყველაზე მცირესაც არ გადავუხვიოთ; თ) ნამდვილად შევიცნოთ სათნოების ფასი, რათა არასოდეს დავთანხმდეთ მის მიტოვებაზე და ცოდვით არ დავეცეთ; ი) შეუსვენებელმა ბრძოლამ შედეგად მეტი და მეტი გვირგვინის მოხვეჭის შესაძლებლობა მოგვცეს; კ)ღმერთი ვადიდოთ, ეშმაკი და ცოდვა კი ჩვენი მოთმინებით საბოლოოდ უარვყოთ; ლ) მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლას ჩვეულნი არ შევდრკეთ სიკვდილის წუთებში, როდესაც მტერი ყველაზე უფრო დაუნდობელია.

ამრიგად, ჩვენი მოძულე მტრებით გარშემორტყმულნი სიმშვიდეს და მოსვენებას, ან ბრძოლის შეწყვეტას და გადადებას არ უნდა ველოდოთ. ყოველ წამს საბრძოლველად უნდა ვემზადოთ და დაწყებისთანავე მამაცურად ჩავებათ მასში. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თავიდანვე კარი არ გაგევღო და ჩვენს არსებაში, სულსა და გულში ვნებები არ შემოგვეშვა, მაგრამ რაკი ერთხელ გზა გაიგნეს, უდარდელობას ვეღარ მივეცემით. საჭიროა შევიარაღდეთ მათს წინააღმდეგ და განვაგდოთ ჩვენგან. ისინი მეტად ურცხვნი და ჯიუტნი არიან და მხოლოდ ბრძოლით თუ განვდევნით.


თავი 16
ქრისტიანი საბრძოლველად დილიდანვე უნდა მოემზადოს

დილით, როგორც კი გაიღვიძებ და ილოცებ: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე! - მაშინვე საკუთარ გულში შეიკეტე. ამ მდგომარეობაში მყოფმა გაიცნობიერე, რომ მარცხნივ გიდგას მტერი და ის ვნება, რომელსაც ებრძვი. ისინი მზად არიან თავდასხმისათვის. შენც მოემზადე და არ დანებდე, გადაწყვიტე - გამარჯვება ან სიკვდილი. ისიც იცოდე, მარჯვნივ უხილავად გიდგას ძლევამოსილი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად და ანგელოსთა დასი მთავარანგელოზ მიქაელთან ერთად. ისინი მზად არიან დახმარებისათვის. ყოველივე ამის შემდეგ იმედით უნდა გამხნევდე.

აი, აღდეგბა შენს წინააღმდეგ ბნელეთის მთავარი, სატანა ეშმაკთა გუნდით და აღაგზნებს ვნებას. ამასთანავე, ეცდება, სხვადასხვა ცრუ დაპირებით ბრძოლა გადაგაფიქრებინოს და დაგიმორჩილოს, დაგარწმუნოს, რომ ასე უკეთესია. სწორედ ამ დროს, მარჯვნივ მდგომი შენი მფარველი ანგელოსის გამაფრთხილებელი და გამამხნევებელი ხმა, ყველა მარჯვნივ მდგომის სახელით განუწყვეტლივ ჩაგძახის: ამიერიდან შენს ვნებებთან და სხვა მტერთან მოგიწევს ბრძოლა. არ შედრკე და არ შეშინდე, არ უკუიქცე ბრძოლის ველიდან. თავად უფალი იესო ქრისტე გიდგას გვერდით, წმიდა და უხორცო ანგელოსთა ურიცხვი კრებულით გარშემორტყული და, როგორც აღგითქვა, არ დაუშვებს მტრისგან შენს ძლევას და გაგამარჯვებინებს მათზე: უფალი იბრძოლებს თქვენთვის (გამოს. 14,14). ამიტომ არ დანებდე, მოთმინებით აღიჭურვე, რათა მოწეულ განსაცდელს გაუძლო და გულის სიღრმიდან შეჰღაღადე: ნუ მიმცემ მე სულთა მაჭიევებელთა ჩემთასა (ფს. 26,12). მოუხმე უფალს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ანგელოსებსა და წმიდანებს, შეწევნაც არ დაახანებს და გაიმარჯვებ, რადგან დაწერლია: ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ უკეთური (1იოან. 2,13). თუნდაც შეკრული იყო უძლური და ცუდი ჩვევებით, მტერი კი - მძლავრი და მრავალრიცხოვანი, ნუ შედრკები, უფრო მეტ შემწეობას ელოდე მისგან, ვინც შეგქმნა და გამოგისყიდა, ვინც შუდარებლად ძლიერია. იგი გიცავს ამ ბრძოლაში: უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა (ფს.23,8). უფალს ბევრად უფრო მეტად სურს შენი გადარჩენა, ვიდრე მტერს - შენი დაღუპვა. იბრძოლე და ნუ შეგაკრთობს ამ ბრძოლის სიმძიმე. ღვაწლითა და შრომით, საკუთარი თავის მოძულებითა და მანკიერი ჩვევების მოკვეთით გამარჯვებას და უდიდეს საგანძურს მოიპოვებ. მათ ფასად კი ზეციური სასუფეველი შეიძინება და სული სამუდამოდ შეუერთდება უფალს.

ყოველ დილით უფლის სახელის მოხმობით დაიწყე მტერთან ბრძოლა. საკუთარი თავის უნდობლობითა და ღვთის შემწეობის იმედით შეიარაღდი. ლოცვითა და დაუღალავი შრომით აიძულე თავს ამგვარი სულიერი ღვაწლი. უპირატესად შინაგანი ლოცვა მოიმარჯვე: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! ეს სახელი აშინებს და ორლესული მახვილივით მოწყლავს და განაგდებს დემონებსა და ვნებებს. ამიტომ ამბობს იოანე კიბისაღმწერელი: უფალ იესოს სახელით გაამათრახე მტრები. ამ ლოცვას საგანგებო თავს მივუძღვნით. ვიმეორებ, ასე დაამარცხებ მტერს, ვნებებსა და მანკიერ ჩვევებს. თავდაპირველად ვნებას შეეწინააღმდეგე, შემდეგ შეიძულე იგი და, ბოლოს, საპირისპირო სათნო საქმეები აღასრულე, როგორც მე-13 თავში აღვწერეთ. ეს ყველაფერი ერთგვარ ლოცვით ატმოსფეროში უნდა ხდებოდეს. ამგვარი ქმედებით სათნოეყოფი უფალს, რომელიც ზეციურ მოზეიმე ეკლესიასთან ერთად უხილავად ადევნებს თვალს შენს შერკინებას.

უმძიმესი და დამქანცველია ეს შერკინება. მაგრამ ნუ დაღონდები და იმედს ნუ გადაიწურავ. იფიქრე იმაზე, რომ ერთი მხრივ, ჩვენი ვალია, ვემსახუროთ და სათნოვეყოთ ღმერთს, ხოლო მეორე მხრივ, თუ სიცოცხლე გვსურს, როგორც უკვე ვთქვით, ორთაბრძოლა გარდაუვალია. როგორც კი შევწყვეტთ შერკინებას, მყის სასიკვდილო მარცხი გველის. ნუ ცდუნდები მტრის შეგონებით: მხოლოდ ერთი საათი დათმე! წარმოიდგინე, რად შეიძლება იქცე ღვთისგან განდგომილი, ამსოფლიურ ვნებებსა და ხორციელ სიამოვნებებს დანებებული?! - ღვთისგან განდგომილად! ეს კი არათუ ერთი საათით, ერთი წამითაც საშინელებაა. ანდა განა მხოლოდ ერთ საათს გასტანს ეს? - ღვთის საწინააღმდეგო ყოფაში საათი საათს, წელი წელს დაემატება. შემდეგ კი, თუ უფალი შეგიწყალებს და გამოგაფხიზლებს, გამოგიხსნის სატანის მახისა და ცოდვილი ძილისგან, მაინც უნდა ჩაება იმ შერკინებაში, რომელსაც ახლა შეღავათების სურვილით გაურბიხარ. ოღონდ ეს ბრძოლა შენთვის შეუდარებლად მძიმე, მტკივნეული და, თანაც, ნაკლებად წარმატებული იქნება.

თუ უფალი საკუთარი ნებელობისა და მტრების ხელში დაგტოვებს, მაშინ? - აღარ გაგიმეორებ, მხოლოდ გეტყვი: გაიხსენე, რადგან ეს ვინ არ უწყის? ბოროტი ვნებების ტყვეობაში მომქანცველი ცხოვრების შემდეგ, ზოგჯერ გრძნობიერების მოჭარბებისას, მაგრამ ყოველთვის ჭეშმარიტი სიხარულის გარეშე, მოულოდნელად დგება სიკვდილის წუთი, სულის საშინელი, მტანჯველი მდგომარეობა. ღვთის სიტყვა მას ვერ გამოხატავს, მხოლოდ გვეუბნება: მაშინ შებღავლეს მთებსა და კლდეებს: დაგვემხეთ თავს (გამოცხ. 6,16). სიკვდილის ჟამის ეს ამოძახილი დაუდუმებლად გაგრძელდება სამყაროს აღსასრულამდე და საშინელი სამსჯავროს დადგომისას მოისმენენ, მაგრამ ამაოდ. იმდენად უგუნური ნუ იქნები, რომ მოსაგრის ღვაწლსა და ბრძოლას გაქცეული, საკუთარი ნებით ჩავარდე ჯოჯოხეთის მარადიულ სატანჯველში. გიჯობს, როგორც გონიერმა და ანგარიშიანმა კაცმა, ახლა გასწიო მცირედი შრომა და სულიერი შერკინების სიძნელენი დაძლიო, რათა ღირსეული გვირგვინი მიიღო და ღმერთს შეუერთდე - აქაც და იქაც - ზეციურ სასუფეველში.


თავი 17
როგორი თანმიმდევრობით უნდა დავძლიოთ საკუთარი ვნებები

ჩემო ძმაო, ძალზედ სასარგებლოა, იცოდე, როგორი თანმიმდევრობით დაძლიო ვნებები, რათა ჯეროვნად აღასრულო ეს საქმე და არა ისე, როგორც ზოგიერთი იქცევა. ამის გამო ვერც წარემატებიან და ხშირად ზიანდებიან კიდეც. საკუთარ მტრებს, ბოროტ სურვილებსა და ვნებებს შემდეგნაირად უნდა ებრძოლო: ყურადღება გულისკენ მიმართე და გულმოდგინედ გამოიკვლიე - როგორი აზრებით, განწყობილებებითა და მისწრაფებებითაა დაკავებული გული, რომელი ვნებაა გამეფებული მასში და ბატონობს დანარჩენებზე. სწორედ მის წინააღმდეგ მოიმარჯვე იარაღი და ეცადე, დაძლიო. მთელი გულისყური მოიკრიბე, ოღონდ ერთი რამ გაითვალისწინე - თუ ამასობაში შემთხვევით სხვა ვნება წამოიწევს წინ, მაშინვე მას მიუბრუნდი და შეებრძოლე. შემდეგ კი იარაღი კვლავ მთავარი სამიზნისკენ მიმართე, რომელიც მუდმივად გვახსენებს თავის ძალაუფლებას და არსებობას. როგორც ყოველგვარი შერკინებისას, ასევე ჩვენს უხილავ ბრძოლაშიც, წინ უნდა აღვუდგეთ მას, რომელიც მოცემულ მომენტში საქმით გვებრძვის.


თავი 18
როგორ დავძლიოთ ვნებათა მოულოდნელი აღძვრა

ჩემო საყვარელო, თუ ჯერ კიდევ ვერ შეეჩვიე მოულოდნელად აღძრული და აღგზნებული ვნებების დაძლევას, შეურაცხყოფის ან სხვა რაიმეს გამო, აი რას გირჩევ: წესად აქციე, ყოველდღე, სახლიდან გასვლამდე, გონების თვალით წარმოიდგინო ყველა შესაძლო შემთხვევა, რაც შეიძლება დღის განმავლობაში გადაგხდეს - ავიც და კარგიც. წარმოიდგინე, შედეგად როგორი ვნებები, გულისთქმები და გაღიზიანებები აღიძვრებიან შენში და წინასწარ მოემზადე ჩანასახშივე მათ მოსასპობად. თუ ასე იმოქმედებ, მოულოდნელი ვნებათა აღძვრით არასოდეს იქნები შეკრული, მათ მოგერიებასაც შეძლებ და არც განრისხება შეგიპყრობს. შემთხვევითობების ამგვარ წინასწარ გადახედვას მაშინ უფრო ხშირად უნდა მიმართო, როდესაც ისეთ ადგილას აპირებ წასვლას,სადაც შეხვდები პიროვნებებს, რომლებიც გაღიზიანებენ ანდა გიზიდავენ. წინასწარ მომზადებული ორივე საცდურს ადვილად დააღწევ თავს. ვნებიანი ტალღა, თუნდაც აღიძრას, შენზე გადაივლის და, როგორც კლდეზე, შენზევე დაიმსხვრევა, მსუბუქად კი ვერ აგიყოლიებს. განრისხების თაობაზე წმიდა დავით წინასწარმეტყველი გვარწმუნებს: განვემზადე და არა შევძრწუნდი (ფს. 118,60).

მაგრამ ამგვარი მომზადების შემდეგაც შეიძლება აღიძრას ვნებები და მოულოდნელადაც. ამ შემთხვევაში ასე მოიქეცი: როგორც კი ვნების მოძალებას იგრძნობ, ხორციელი იქნება თუ გამღიზიანებელი, იჩქარე, ნების დაძაბვით ალაგმო. გონება მთლიანად გულისკენ მიმართე, შეეცადე, არ გაღიზიანდეს იმით, რაც მასზე ზემოქმედებს და არ გაერთოს იმით, რაც იზიდავს. თუ გულში მაინც წარმოიშობა ერთი ან მეორე ვნება, პირველ ხანებში შეეცადე, გარეთ გამოსვლის საშუალება არ მისცე, არ გამოხატო არც სიტყვით, არც მზერით, არც მოძრაობით.

შემდეგ გული და გონება ღვთისკენ მიმართე და მისი უსაზღვრო სიყვარულისა და სამართლიანობის შესახებ იფიქრე. შეეცადე, მათით გამოდევნო ვნება და მის ადგილას საპირისპირო სათნოება დაამკვიდრო. თავდაპირველად შეიძლება სათანადოდ ვერ იმოქმედო, მაგრამ სურვილსა და მცდელობას ნუ დააკლებ. თუ უშუალოდ მოქმედებისას ეს შეუძლებელი გახდა, მცდელობა მას შემდეგ გააგრძელე, როდესაც ვნების გამომწვევი შეხვედრა დასრულდება. იმაზე კი მუდმივად იზრუნე, რომ აღძრული ვნება შეუმჩნეველი იყოს. ეს მას გზას მოუჭრის. სამაგიეროდ, როგორც კი უსიამოვნო შთაბეჭდილებათა მოზღვავებისგან განთავისუფლდები, საკუთარ გულს მიაშურე და ეცადე, განწმინდო იქ მიმალული სიბილწისაგან.

ვნებათა მოულოდნელი აღძვრისაგან თავის დასაცავი საუკეთესო და ქმედითი საშუალება იმ მიზეზთა აღმოფხვრაა, რომლებიც ამგვარ განწყობას წარმოშობენ. ეს მიზეზი ორნაირია: სიყვარული და სიძულვილი. თუ შენ, ჩემო საყვარელო, ვინმეს სიყვარულის ტყვედ იქეცი, ან რაიმე ნივთით მოიხიბლე, ბუნებრივია, მათთან შეხვედრისას, ან როდესაც შეურაცხყოფენ, ვნებენ, ანდა სურთ მოგტაცონ და წაგართვან, აღელდები, დამწუხრდები, აფორიაქდები და იმათ წინააღმდეგ განეწყობი, ვინც შენი სიყვარულის საგანს ემუქრება. თუ გსურს, ასეთი მოულოდნელი შიშისგან განთავისუფლდე, ეცადე დაძლიო და გულიდან განდევნო უკეთური სიყვარული და მიკერძოება. რაც უფრო ძლიერია ეს გრძნობები, მით მეტი მონდომება იქნება საჭირო სიმშვიდისა და საგნებისა თუ პიროვნებების მიმართ გონივრული დამოკიდებულების მოსაპოვებლად. რადგან, რაც უფრო ძლიერია სიყვარული და მიკერძოება, მით უფრო მოულოდნელი და ქარიშხლიანია ვნებათა აღძვრა.

როდესაც გძულს ვინმე ან გეზიზღება რაიმე საგანი, შეხვედრისას ან თუ ვინმე აქებს მათ, მყისვე უცაბედი გულისწყრომა და ზიზღი გიპყრობს. თუ გსურს, ამ დროს გულის სიმშვიდე შეინარჩუნო, აიძულე თავი, ჯერ დაძლიოს აღძრული უკეთური გრძნობები, შემდეგ კი სრულებით გაანადგუროს.

ამაში ადამიანების შესახებ ამგვარი განსჯა დაგეხმარება: ისინიც შენსავით ცხოველსმყოფელი ღვთის მარჯვენით უფლის ხატად და სახედ არიან შექმნილნი; ისინიც გამოსყიდულნი და აღდგომილნი არიან იესო ქრისტეს ძვირფასი სისხლით; ისინიც შენი თანამოძმენი არიან და, არ შეიძლება, თუნდაც ფიქრში რომ გძულდეს, რადგან დაწერილია: მტრობა ნუ გექნება გულში შენი მოძმისადმი (ლევ. 19,17). იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ეს ადამიანები ზიზღსა და არაკეთილგანწყობას იმსახურებენ, თუ სიყვარულითა და კეთილგანწყობით დახვდები - ღმერთს მიემსგავსები, ვისაც ყველა საკუთარი ქმნილება უყვარს და არავის თაკილობს, როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს: ყოველივე არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი! (სიბრძ.11,25); ვისაც სძულს ადამიანური ცოდვები და თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც (მათ.5,45).


თავი 19
როგორ დავძლიოთ ხორციელი ვნებები

ხორციელ ვნებებს, ჩემო ძმაო, განსაკუთრებული ხერხით უნდა ებრძოლო, ვიდრე დანარჩენთ. ეს რომ ჯეროვნად შეძლო, იცოდე, სულ სხვაგვარი მოქმედებაა საჭირო ამ ვნებით განცდამდე, სხვა - განცდისას და სხვა - მისი დასრულებისას.

განცდამდე ყურადღება უნდა გაამახვილო იმ მიზეზებზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, განსაცდელს ან ვნებათა აღძვრას იწვევენ. ამ დროს ყოველნაირად უნდა აარიდო თავი შემთხვევებს, რომელთაც ხორციელი სიმშვიდის დარღვევა ძალუძთ, განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან შეხვედრებს. თუ ზოგჯერ აუცილებელი იქნება ასეთ პიროვნებებთან საუბარი, ესაუბრე ცოტა ხანს და გარეგნული თავმდაბლობა და სახის ერთგვარი სიმკაცრე შეინარჩუნე. სჯობს, შენი სიტყვები თავაზიანობასთან ერთად თავშკავებული იყოს, ვიდრე კეთილგანწობილი.

არასოდეს ენდო შენს მტერს (ზირ. 12,10) - ამბობს ზირაქის სიბრძნე. და შენც ნურასოდეს დაუჯერებ საკუთარ სხეულს. როგორც სპილენძი თავისთავად შობს ჟანგს, ასევე გახრწნილი ხორციელი ბუნება შობს უკეთურ ხორციელ ვნებებს, რადგან სპილენძივით ჟანგდება მისი ბოროტება (იქვე). ვიმეორებ, ნუ მიენდობი საკუთარ თავს, თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში არ განგეცადოს ხორციელი ნდომა. რაც მრავალი წლის განმავლობაში არ გაგიკეთებია, შეიძლება ერთ წამში, ერთ საათში ჩაიდინო. ეს სამგზის შეჩვენებული ბოროტებაა, და, როგორც წესი, თავდასხმისთვის ყოველთვის უჩუმრად ემზადება. იცოდე, რაც უფრო სხვად გაჩვენებს თავს და ოდნავადაც არ გაძლევს ეჭვის საფუძველს, მით მეტი ზიანი მოაქვს და, ხანდახან - სასიკვდილოც.

ყველას იმ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა შიში უნდა ჰქონდეს, რომლებთანაც სასურველი და ცხოვრებისეული ყოფის შესაფერ ან ნათესაურ ურთიერთობებს ამჯობინებს; ან ურთიერთობებს იმიტომ, რომ ისინი სათნონი და პატიოსანნი არიან; ან მათგან რაიმეთია დავალებული და სურს, უფრო ხშირად გამოავლინოს საპასუხო კეთილგანწყობა. უნდა უფრთხოდე ამგვარ ურთიერთობას, რადგან მას, თუ საკუთარი თავისადმი გარკვეულ შიშსა და ყურადღებას არ იჩენ, თითქმის ყოველთვის დამღუპველი გრძნობისმიერი ტკბობა ახლავს თან, რაც ნელ-ნელა, შეუმჩნევლად აღწევს სულის სიღრმემდე და ისე ბინდავს გონებას, რომ ამ სენით დაავადებული არაფრად ადებს ცოდვის ისეთ მიზეზებს, როგორიცაა: ვნებიანი მზერა, ორმხრივი ტკბილი საუბრები, მიმზიდველი მოძრაობა თუ სხეულის მდგომარეობა, ხელის ჩამორთმევა და სხვა. საბოლოოდ ამისგან ცოდვითაც ეცემიან და სატანის მახეში ებმებიან,საიდან თავის დაღწევაც ზოგჯერ აღარ ძალუძთ.

გაექეცი ამ ცეცხლს, ჩემო ძმაო, რადგან შენ დენთი ხარ. ნურასოდეს იქნები თავდაჯერებული და ნუ იფიქრებ, რომ სველი დენთი ხარ და მტკიცე, კეთილი ნების პატრონი. არა, არა! იფიქრე, რომ მშრალზე მშრალი დენთი ხარ და, როგორც კი ალს იგრძნობ, მყისვე აფეთქდები. ნუ გექნება საკუთარი გადაწყვეტილბის იმედი, რომ გიჯობს, მოკვდე, ვიდრე შეცოდებით შაურაცხჰყო ღმერთი. დავუშვათ, სველი დენთი ხარ. ხშირი ურთიერთობისა და სიახლოვისგან ხორციელი ცეცხლი თანდათან ამოაშრობს შენი კეთილი ნების მაცოცხლებელ წყალს და, თავადაც ვერ შეამჩნევ, ისე გაეხვევი ხორციელი სიყვარულის ალში. და ისე ძლიერ, რომ არ შეგრცხვება ხალხის და აღარც ღვთის შიში გექნება; ცოდვის ჩადენის იმგვარ ლტოლვას იგრძნობ, რომ არაფრად ჩააგდებ ღირსებას, სიცოცხლეს და ჯოჯოხეთურ სატანჯველს.

ყოველნაირად ეცადე, გაექცე:

ა) ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება საცდურად გექცნენ. თუ გულწრფელად გსურს, ცოდვას არ დაემონო და სულიერი სიკვდილი არ იგემო. სოლომონ ბრძენი ბრძენს უწოდებს მას, ვისაც ეშინია და გარუბის ცოდვის მიზეზს; ხოლო ის, ვინც კადნიერია, თავდაჯერებული და არ გაურბის მას, უგნურია: ბრძენი ფხიზლობს და ბოროტებას ერიდება, უგნური კი ბრაზიანია და თავდაჯერებული (იგავ. 14,16). განა ამას არ გულისხმობდა წმიდა მოციქულიც, როდესაც კორინთელებს მიმართავდა: ერიდეთ სიძვას (1 კორ. 6,18)?

ბ) მოერიდე უქმად ყოფნას და სიზარმაცეს. მხნედ იდექი, თვალ-ყური ადევნე გულისსიტყვებს, ბრძულად განაგე საქმეები, ისე, როგორც შენი მდგომარეობა მოითხოვს.

გ) არასოდეს ეურჩო შენს წინამძღვარს და სულიერ მოძღვარს, ყველაფერში ხალისით დაემორჩილე და, რაც უნდა გიბრძანონ, სწრაფად და მზადყოფნით აღასრულე. განსაკუთრებით ის, რაც დამამდაბლებელია შენთვის და საძულველია შენი ნებისა და მიდრეკილებებისათვის.

დ) საკუთარ თავს ნურასოდეს მისცემ მოძმის განკითხვის უფლებას. განსაკუთრებით ნურავის განსჯი და განიკითხავ იმ ხორციელი ცოდვის გამო, რომელზედაც ვსაუბრობთ. თუნდაც ვინმემ შესცოდოს, მის მიმართ შეწყალება და თანაგრძნობა გამოიჩინე. ნუ შეიძულებ და ნუ დასცინებ. მისი შეცდომა შენთვის სიმდაბლის გაკვეთილად იქცეს, რადგან შენც სუსტი და უარესის ჩამდენი ხარ. შარაგზის მტვერი ხარ. დღეს ის დაეცა, ხვალ კი მე დავეცემი, - უთხარი საკუთარ თავს. იცოდე, თუ სხვებს აბუჩად აიგდებ და განიკითხავ, ღმერთი მკაცრად დაგსჯის ამისთვის და იგივე ცოდვით დაეცემი, რისთვისაც სხვას განსჯიდი: ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ (მათ. 7,1). შენც ხომ იმიტომ განისჯები, რომ დაცემის შედეგად საკუთარი სიამაყის დამღუპველობა შეიცნო და მდაბლად ითხოვო ორი ბოროტი ჩვევის - სიამაყისა და სიძვისგან განკურნება?! ხოლო როდესაც უფალი თავისი სახიერების გამო შეცოდებისგან გიფარავს და მტკიცედ იცავ გულისსტიყვების სიწმინდეს, მაინც შეწყვიტე განსჯა და ნუ იმედოვნებ საკუთარ თავზე, არამედ გეშინოდეს და არ გჯეროდეს ამ მდგომარეობისა.

ე) იფხიზლე და მიაყურადე საკუთარ თავს, თუ რაიმე სათნოებას მოიხვეჭ, ან სულიერ კეთილგანწყობას მოიპოვებ, დიდი წარმოდგენა ნუ შეგექმნება თავზე და ნუ იოცნებებ, თითქოს რაიმე მნიშვნელოვანს წარმოადგენდე და მტერი თავდასხმას ვერ გაგიბედავს; და იმდენად გძულს და გეზიზღება, რომ თუ მიახლოებას გაბედავს, მყისვე უკუაგდებ. როგორც კი ასე იფიქრებ, მაშინვე ისე ადვილად დაეცემი, როგორც შემოდგომის ფოთოლი წყდება ხიდან.

აი, რა უნდა გაითვალისწინო ხორციელი ვნებით ცდუნებამდე.

უშუალოდ შეცოდებისას კი, აი, რა უნდა მოიმოქმედო: შეიცანი ცოდვის წარმომშობი მიზეზი და მაშინვე განიშორე. იგი ან შინაგანია ან გარეგანი. გარეგანია: თვალის (მზერის) მიშვება, ამო საუბრები, სასიამოვნო შინაარსისა და ჰარმონიის სიმღერები, ნაზი ქსოვილის ტანისამოსი, სუნამოები, თავისუფალი ურთიერთობები და საუბრები, შეხება და ხელის ჩამორთმევა, ცეკვები და სხვა მრავალი. ყოველივე ამას ასე შეიძლება უმკურნალო: უბრალო და სადა ტანისამოსი, არდანახვის, არმოსმენის, არშეხების, არდალაპარკების სურვილი; შორს ყოფნა ყოველივე იმისგან, რაც ბილწ განწყობას წარმოშობს. განსაკურებით კი, როგორც უკვე ვთქვით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან მორიდება. ცოდვის წარმომშობი შინაგანი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ხორცის განცხრომა და სიამოვნებით ცხოვრება, როდესაც ნებისმიერ ხორციელ სურვილს ვიკმაყოფილებთ, ასევე ბილწი გულისთქმები. ასეთი გულისთქმები ან თავისთავად წარმოიშობიან ნანახის, მოსმენილისა თუ განცდილის გახსენებისას, ან ბოროტი ძალების მიერ აღიძვრიან.

რაც შეეხება ხორციელ კმაყოფილებასა და განცხრომას: როგორც გონიერი და გამოცდილი წმინდა მამები გვირჩევენ, უნდა დავაცხროთ მარხვით, მღვიძარებით, დაქანცვამდე მუხლმოდრეკით და სხეულის მოძულების სხვა ნებელობითი საშუალებებით. ყოველგვარ გულისსიტყვათა განკურნება კი, რისგანაც უნდა მომდინარეობდნენ ისინი, შენი მდგომარეობისთვის შესაფერისი სხვადასხვა სულიერი ვარჯიშით ხდება. ესენია: წმიდა და სულისთვის მარგებელი წიგნების კითხვა (განსაკუთრებით ეფრემ ასურის, იოანე კიბისაღმწერელის, სათნოებათმოყვარეობის და სხვა), კეთილკრძალული განსჯა და ლოცვა.

როდესაც ლოცვისას ბილწი გულისსიტყვები შემოგიტევს, ასე მოიქეცი: მყისვე გონებით ჩვენთვის ჯვარცმულ მაცხოვართან ამაღლდი და სულის სიღრმიდან შეჰღაღადე: უფალო იესო, უტკბესო იესო ჩემო! იჩქარე შეწევნად ჩემდა და ნუ დაანებებ მტერს ჩემს თავს! - ამავე დროს გონებით მოეხვიე ცხოველსმყოფელ ჯვარს, რომელზედაც უფალი შენთვის ევნო, ეამბორე მაცხოვრის იარებს და სიყვარულით წარმოთქვი: უწმიდესო იარებო, განგმირეთ ჩემი წყეული და უწმინდური გული, ნუ დაუშვებთ, რომ შეგბილწოთ და შურაცხგყოთ ჩემი შეცოდებით.

მართალია, ზოგი გვირჩევს ამას, მაგრამ როდესაც შენში ხორციელი ტკბობის ბილწი გულისსიტყვები მრავლდებიან, საკუთარ განსჯებს პირდაპირ მათ წინააღმდეგ ნუ მიმართავ. გონებით ნუ წარმოიდგენ ხორციელი შეცოდების უწმინდურებასა და სიბილწეს, ნურც მის შემდგომ სინდისის ქენჯნას, ნურც შენი სხეულის გახრწნასა და ქალწულებრივი სიწმინდის დაკარგვას, პირადი ღირსების შელახვას ან რაიმე მსგავსს. გიმეორებ, ნუ იფიქრებ ამგვარ რაიმეზე, რადგან ასეთი განსჯა ყოველთვის როდი დაძლევს ხორციელ ცოდვას, პირიქით, შეიძლება ბრძოლის გაძლიერებას, ხანდახან კი დაცემასაც შეუწყოს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ გონება ამ დროს ეწინააღმდეგება და ეკამათება ვნებას, აზრი იგივე საგანს დასტრიალებს თავს, რომლის მიმართაც გული გულგრილი არ არის. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მაშინ, როდესაც გონება მკაცრად განსჯის ასეთ ქმედებებს, გული მათთან ერთად ტკბება და მათთან თანხმობაშია. სწორედ ესაა შინაგანი დაცემა. სჯობს იმ საგნებზე იფიქრო, რომლებიც დაჩრდილავენ ამ სიბილწეს და სრულიად განაშორებენ მისგან შენს ყურადღებას, გულს კი გამოაფხიზლებენ. ფიქრისთვის ასეთ საგანს წარმოადგენს ცხოვრების არსი და ჩვენთვის განკაცებული მაცხოვრის ჯვარზე ვნება, ჩვენი სიკვდილის გარდუვალი საათის, საშინელი სამსჯავროს დღისა და ჯოჯოხეთური სატანჯველის სხვადასხვა სახის წარმოდგენა.

თუ ბილწი გულისთქმები მაინც განსაკუთრებული სიძლიერით და დაუოკებლად განაგრძობენ თავდასხმას, როგორც ხშირად ხდება, ნუ შეკრთები და ნუ შეწყვეტ იმაზე ფიქრს, რაც გირჩიე. ნუ ეცდები, პირისპირ შეება ვნებებს და მათი უკეთურება ამხილო. განაგრძე ფიქრი და, რაც შეიძლება, გულდასმით გაიაზრე ყოველივე ზემოთქმული - ის, რაც გამოგაფხიზლებს და შიშს მოგგვრის. ოდნავადაც არ აღელდე ბილწი გულისთქმების გამო, თითქოს ისინი შენ არც გეკუთვნოდეს. იცოდე, მათ განსაგდებად ზიზღსა და სიძულვილზე უკეთესი არაფერია. ამგვარ განსჯას ხშირად დაურთე თან ლოცვა: უფალო ჩემო და მხსნელო, შენი გამოუთქმელი სახიერების წყალობით გამათავისუფლე და მიხსენი მტრებისგან. ფიქრიც დახლოებით ასეთი ლოცვით დაასრულე.

ამიერიდან მეტად ნუღარ მიაპყრობ გონების თვალს ხორციელი უწმინდურებისკენ, რადგან მხოლოდ მისი წარმოდგენაც კი სახიფათოა. ნუ გაუბამ საუბარს ამა თუ იმ ცდუნებას, ნუ ეცდები გაარკვიო, დათანხმდი თუ არა რაიმე ცოდვაზე. ასეთი გამომეძიებლობა, ერთი შეხედვით, სასარგებლოა, სინამდვილეში კი ეშმაკის მახეა. ამგვარად დაგამძიმებს, სულმოკლეობასა და უიმედობას მოგგვრის და მსგავსი აზრებით იმ მდგომარეობამდე მიგიყვანს, რომ უკვე საქმით შესცოდავ, ან ასეთივე, ან სხვა ცოდვით.

შემაშფოთებელი გულისთქმების ასეთი გამომეძიებლობის მაგივრად გირჩევ, წახვიდე და სულიერ მოძღვარს დაწვრილებითი აღსარება უთხრა. გული და გულისთქმები დაამშვიდე, თავს სხვადასხვა კითხვით ნუ დაიტანჯავ და საკუთარი მოძღვრის გადაწყვეტილებას მიენდე. ოღონდ ყველაფრი გაუმხილე მას, რაც შენს გონებასა და გრძნობას აშფოთებდა და აშფოთებს, ნურაფერს დამალავ და სირცხვილის გამო ნუ დადუმდები, არამედ მორჩილად დამდაბლდი. ნებისმიერ ბრძოლაში ჩვენთვის უმთავრესი ღრმა სიმდაბლეა, რათა მტერი დავძლიოთ. მით მეტი მოგვეთხოვება ხორციელი ბრძოლისას, რადგან ეს შეცოდება მეტწილად სიამაყისგან, ან მისგან განსაკურნავად და ჭკუის სასწავლადაა. ამიტომ ამბობს წმიდა იოანე კიბისაღმწრელი: „მან, ვინც იმრუშა ან სხვა ხორციელი ცოდვა ჩაიდინა, უპირატესად სიამაყით შესცოდა. და ცოდვით დაცემაც იმიტომ დაიშვა, რომ დამდაბლდეს: „სადაც ხდება დაცემა, იქ მანამდე სიამაყეა გამეფებული, რადგან სიამაყე დაცემის მაუწყებელია“ და კიდევ: „ამაყის დასჯა დაცემაა“ (სიტყვა, 23, 4-10).

როდესაც ბილწი გულისთქმები საბოლოოდ ჩაცხრება და შეცოდება გაივლის, აი, როგორ უნდა მოიქცე: რაც უნდა დარწმუნებული იყო და გჯეროდეს, რომ უკვე თავისუფალი ხარ ხორციელი ბრძოლისგან, ყოველმხრივ ეცადე, გონება და გულისყური შორს ამყოფო იმ საგნებისა და პირებისგან, რაც და ვინც საცდურის მიზეზად გექცა. ამიერიდან ნუ დაემორჩილები მათი ნახვის სურვილს იმ საბაბით, რომ შენი ნათესავები და

კეთილისმყოფელნი არიან. შეაგაონე საკუთარი თავი, რომ ესეც ვნებიანი საცდურია ჩვენი გახრწნილი ბუნებისთვის და მახეა სატანისა, რომელსაც ძალუძს ნათლის ანგელოზად გარდაისახოს და წყვდიადში ჩაგვიტანოს, როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს (2კორ. 11-14).


თავი 20
როგორ დავძლიოთ მცონარება

მცონარების ბოროტი ვნება რომ არ დაგეუფლოს, რაც სრულყოფილებისკენ სვლას შეგაწყვეტინებს და მტრის ხელთ ჩაგაგდებს, უნდა გაექცე ყოველგვარ ცნობისმოყვარეობას (მიყურადება, მზვერავობა, უქმად ხეტიალი, ამაოდმეტყველება), ნებისმიერი მიწიერი საგნისადმი მიჯაჭვულობას, თვითნებურ საქციელსა და რაცა გსურს, იმის კეთებას. ეს შენს მდგომარეობას სრულებით არ შეეფერება. პირიქით, უნდა ეცადო, რაც შეიძლება სწრაფად და ხალისით შეასრულო წინამძღვრისა და სულიერი მოძღვრის დავალებები, იმ დროს და იმგვარად, როგორც მათ სურთ.

არანაირი საქმის დაწყება არ დააყოვნო, რადგან პირველი ხანმოკლე შეყოვნება შემდგომ ხანგრძლივ შესვენებას გამოიწვევს, მეორე - მესამეს, და ასე გაგრძელდება. ამის გამო საქმე დიდი ხნით დაბრკოლდება, ვერ მოესწრება ან საერთოდ შეჩერდება. შენც, რაკი ერთხელ იგემებ უქმადყოფნის სიამეს, საქმეზე მეტად შეიყვარებ. ხოლო როდესაც ამ სურვილს დაიკმაყოფილებ, უდებებასა და სიზარმაცესაც შეეჩვევი და იმდენად დაგეუფლება ეს ვნება, რომ ვერც მიხვდები, რამდენად უმსგავსი და დანაშაულებრივია. როდესაც სიზარმაცე დაგამძიმებს და გაგაბეზრებს, მხოლოდ მაშინ დაიწყებ საქმის გულმოდგინედ კეთებას. ბოლოს მიხვდები სირცხვილეული, როგორ მცონარებდი და რამდენი საჭირო რამ არ გააკეთე ცარიელი და უსარგებლო თვითნებობის გამო.

მცონარება ძლივსშესამჩნევად იწყება, ყველაფერს მსჭვალავს და თავისი შხამით წამლავს არა მხოლოდ ნებას, რომელსაც ნებისმიერი შრომის, სულიერი ღვაწლისა და მორჩილებისადმი სიძულვილით აღავსებს, არამედ გონებასაც აბრმავებს. არ აძლევს საშუალებას, იმ ზრახვების უგნურება და სიცრუე გაიაზროს, რომლებზედაც ამგვარი განწყობააა დამყარებული და ცნობიერებას ის ჯანსაღი განსჯა წარუდგინოს, რაც გაზარმაცებულ ნებას გამოასწორებდა; უბიგებდა მას, რაც შეიძლება სწრაფად და მონდომიებით აღესრულებინა საჭირო საქმე და სხვა დროისთვის არ გადაედო. საკმარისი არ არის საქმის სწრაფად კეთება. ნებისმიერი საქმე საჭირო დროს და მთელი მონდომებითა და გულისყურით უნდა კეთდებოდეს, რომ შეძლებისდაგვარად სრულყოფილი იყოს. ისმინე, რას წერენ: წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს (იერ. 48,10). ამგვარ უბედურებას თავად იტეხ თავს, რადგან გეზარება იფიქრო იმ საქმის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე, რომელიც უნდა შეგესრულებინა. გეზარება მისი კეთება დროულად და იმგვარი სიმტკიცითი, რაც სიზარმაცისგან მოვლენილ გულისსიტყვებს გაგიფანტავდა და უდებებისგან გიხსნიდა.

გონების თვალი ღმერთს მიაპყარ და გწამდეს, რომ ღვთის სადიდებლად და პატივის მისაგებად ერთი მდაბალი მუხლმოდრეკა ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე მთელი მსოფლიოს საგანძური. ყოველთვის, როდესაც მცონარებას განვაგდებთ და საკუთარ თავს ვაიძულებთ, მონდომებით აკეთოს საჭირო საქმე, ზეციური ანგელოსები დიდებისა და გამარჯვების გვირგვინს გვიმზადბენ. მცონარებისთვის კი არათუ გვირგვინებია ღვთისგან განმზადებული, ის ნიჭებიც წაერთმევათ, რაც ღვთისთვის უწინდელი გულმოდგინე მსახურებისთვის მიეცათ. თუ უდებებით იცხოვრებენ, უფალი არც სასუფეველს დაუმკვიდრებს, როგორც ნადიმზე წვეულთა იგავშია: რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იხილავს ჩემი სადილის გემოს (ლუკ. 14,24). ასეთია მცონარეთა ხვედრი. მას, ვინც გულმოდგინეა და თავს კეთილი საქმეების აღსრულებას აიძულებს, უფალი ამქვეყნად სათნო ნიჭებს განუმრავლებს და ზეციურ სასუფეველში მარადიულ ნეტარ ცხოვრებას განუმზადებს, როგორც აღუქვა: ცათა სასუფეველი ძალით იღება, და მოძალადენი მიიტაცებენ მას (მათ. 11,12).

თუ ბოროტ გულისსიტყვას სურს, მცონარება მოგგვაროს, წარმოგისახავს, რომ სასურველი სათნოებების მოსახვეჭად უდიდესი და ხანგრძლივი შრომაა აუცილებელი, რომ მტერი ძლიერი და მრავალრიცხოვანია, შენ კი - ერთი სუსტი, რომ მიზნის მისაღწევად უამრავი საქმის კეთება მოგიწევს. როდესაც მცონარების ასეთი გულისსიტყვა დაგეუფლება, ნუ მოუსმენ მას, არამედ იფიქრე: რა თქმა უნდა, საქმის კეთება მომიწევს, მაგრამ არცთუ ისე ბევრის; უნდა ვიშრომო, მაგრამ არცთუ მძიმედ და დიდხანს; მტერსაც გადავეყრები, მაგრამ არც ისე მრავალრიცხოვანს, არამედ მხოლოდ ერთს და, თუნდაც ის ჩემზე ძლიერი იყოს, ღვთის შემწეობისა და უფლისადმი მტკიცე სასოების წყალობით ადვილად გავუმკლავდები. თუ ასე მოიქცევი, უდებება უკან დაიხევს, მის მაგივრად კი, კეთილი აზრებისა და გრძნობების ზემოქმედებით, შენში შემოვა მხურვალე მოშურნეობა და სრულიად განმსჭვალავს ხორციელ და სულიერ ძალებს.

ასე მოიქეცი ლოცვის მიმართაც. თუ რაიმე ლოცვის აღსასრულებლად, ვთქვათ, ერთი საათია საჭირო და შენი სიზარმაცის გამო მისი აღსრულება მძიმედ გეჩვენება, ლოცვის დაწყებისას ნუ იფიქრებ, რომ მთელ საათს უნდა იდგე. წარმოიდგინე, რომ ეს მხოლოდ საათის მეოთხედს გასტანს და ეს დრო შუმჩნევლად გაივლის ლოცვაში. ამასობაში საკუთარ თავს შეაგონე: კიდევ თხუმეტ წუთს ვიდგეთ, როგორც ვხედავთ, ეს ბევრი არაა. ასე მიიქეცი მესამედაც, მეოთხედაც და ლოცვისთვის განკუთვნილი დრო ისე დასრულდება, რომ სიმძიმეს და სიძნელეს ვერც იგრძნობ. თუ ამ ხნის განმავლობაში ხანდახან ისეთ სიმძიმეს იგრძნობ, რაც ლოცვასაც ხელს უშლის, დროებით შეწყვიტე ლოცვა, ცოტა ხნის შემდეგ კი გააგრძელე და დაასრულე.

ასევე მოიქეცი ხელსაქმისა და მორჩილების დროსაც. გგონია, რომ საქმე დიდძალია, დრტვინავ და მზადა ხარ, იარაღი დაყარო. მაგრამ საქმის სიმრავლეზე ნუ იფიქრებ, გული გაიმაგრე, მთელი მონდომებით შეუდექი ერთის კეთებას, თითქოს დანარჩენი არც არსებობდეს და, მშვიდად დაასრულებ. სხვა საქმიანობის დროსაც იგივე გაიმეორე და, მერწმუნე, ყველაფერს მშვიდად, შფოთისა და გაწამაწიის გარეშე გააკეთებ.

მუდამ ასე იმოქმედე, და იცოდე, თუ გონებას არ მოუხმობ და არ დაძლევ სიძნელისა და სიმძიმის შეგრძნებას, რასაც მტერი მოსალოდნელი საქმის გამო წარმოგისახავს, საბოლოოდ დაგეუფლება მცონარება. მაშინ უკვე უშუალოდ შრომის დაწყებისას კი არ იგრძნობ უდებებას, მანამდეც უდიდეს სიმძიმეს იგრძნობ მხრებზე და ისე დაიტანჯები, როგორც თავისუფლებაწართმეული ტყვე. სიმშვიდის ჟამსაც ვერ დაწყნარდები და უსაქმოდ მყოფსაც საქმეებით დამძიმებული გეგონება თავი.

ისიც იცოდე, ჩემო შვილო, სიზარმაცის სენი და მცონარება ნელ-ნელა ხრწნის არამარტო ნორჩ ყლორტებს, საიდანაც თანდათან უნდა ამოზრდილიყო სათნო ჩვევები, არამედ მათაც, რომლებიც უკვე ღრმადაა ფესვგადგმული და კეთილგონიერი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. როგორც ჭია ნელ-ნელა აფუღუროებს ხეს, ასევე მცონარება შუმჩნევლად ანადგურებს და სპობს სულიერი ცხოვრების ნერგებს. მისი მეშვეობით სატანა ყოველ ადამიანს მაცდუნებელ ბადეს უგებს. ის განსაკუთრებული მონდომებითა და მზაკვრობით ცდილობს, სულიერი ცხოვრების მოშურნენი მოაქციოს ამ ბადეში, რადგან იცის, რომ ზარმაცი და მცონარა ადვილად ემონება სურვილებს და ცდუნდება, როგორც დაწერილია: ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს (იგავ. 13,4).

მუდამ იფხიზლე, ილოცე და გულმოდგინება შეინარჩუნე, როგორც მამაც მებრძოლს შეჰფერის: მუყაითნი კი დანაყრდებიან (იგავ. 13,4). ხელებს ნუ ჩამოუშვებ და საქორწინო სამოსლის შეკერვას იმ დრომდე ნუ გადადებ, როცა უკვე შემოსილი უნდა შეეგებო იესო ქრისტეს - სასიძოს მობრძანებას. ყოველდღე შეახსენე საკუთარ თავს, რომ აწმყო შენს ხელთაა, ხვალინდელი დღე - უფლისაა, ხოლო დილა, რომელიც გაგითენდა, არ გპირდება საღამოს. ამიტომ ნუ მოუსმენ სატანას, რომელიც წაგჩურჩულებს: მომეცი დღევანდელი დღე, ღმერთს კი ხვალინდელს მისცემ! - არა, არა! მთელი ცხოვრება ისე გაატარე, რომ ეს უფლისათვის სათნო იყოს. მუდმივად იფიქრე, რომ ამჟამინდელი დროის გარდა სხვა აღარ მოგეცემა და რომ ამ საათის ყოველი წამისთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწევს. გახსოვდეს, დრო, რომელიც შენს ხელთაა, შეუფასებელია და თუ უქმად გაფლანგავ, მოაწევს ჟამი, როცა მოიძევ მას და ვერ მოიპოვებ. დაკარგულად ჩათვალე დღე, როდესაც კეთილ საქმეს კი იქმოდი, მაგრამ საკუთარ მავნე მიდრეკილებებსა და სურვილებს არ ებრძოდი.

ჩემი დარიგების დასასრულს მოციქულის სიტყვებს გავიმეორებ: იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით (1ტიმ. 6,12). ხშირად მოშურნეობის ერთ საათს სამოთხე მოუპოვებია, მაშინ, როდესაც მცონარების ერთ საათს იგი დაუკარგავს. გულმოდგინება შეინარჩუნე, თუ გსურს, ღვთის წინაშე საკუთარი ცხონებისადმი მტკიცე სასოება დაამოწმო. უფალზე დანდობილი კი აშენდება (იგავ. 28,25).


თავი 21
გარეგანი შეგრძნებების მართვა და კეთილად გამოყენება

ღვთისმოსაობის მოშურნეთათვის მუდმივ საფიქრალს და განუწყვეტელი გმირობის საგანს უდნა წარმოადგენდეს ჩვენი ხუთი გარეგანი შეგრძნების მართვა და კეთილად გამოყენება. ესენია: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება. ჩვენი გული განუწყვეტლივ ეძებს და ესრაფვის სიამეს და ტკბობას. მას ეს ყველაფერი შინაგანად უნდა მოეპოვებინა, საკუთარ თავში რომ ატარებდეს მას, ვის ხატებადაც შეიქმნა ადამიანი, ვინც ყოველგვარი ნუგეშის წყაროა, მაგრამ როდესაც დაცემულნი ღმერთს განვეშორეთ, საკუთარ თავშიც ვერ დავმკვიდრდით, ხორცში დავინთქით, მისით გარეთ გამოვედით და იქ დავიწყეთ სიხარულისა და სიამოვნების მოძიება. ამ ძიებისას ჩვენს მეგზურად და ხელძღვანელად ჩვენივე გრძნობები იქცნენ. სული მათი მეშვეობით გარეთ გამოდის, საგნებს იგემოვნებს და, რომელნიც მის გრძნობას დაატკბობენ, თავადაც მათით ტკბება. ასეთი საგნების ერთობლიობით იქმნის სიამოვნებისა და ნუგეშის ერთგვარ წყაროს და მათ დაგემოვნებაში ხედავს უპირველეს სიკეთეს. ასე შეირყვნა წესრიგი: სული გულში ღვთის ძიების მაგივრად გარეთ ეძებს სიამეს და მისით კმაყოფილდება.

შეინანეთ, - ამბობს უფალი, ვინც ამ ხმას ისმენს, სინანულშია და საკუთარ თავში პირვანდელი ცხოვრების წესის აღდგენას ისახავს მიზნად. ანუ ცდილობს დაუბრუნდეს შინაგანს და უშინაგანესში - ღმერთს, რათა მასში და მისით იცხოვროს. ამაში ხედავს უპირველეს სიკეთეს და თავადვე ატარებს შვების წყაროს. ამგვარი წესრიგის აღდგენა უმალ არ ხდება, თუნდაც მას ძლიერი სურვილი და მტკიცე გადაწყვეტილება უძღოდეს წინ. ამის მოსურნეს ხანგრძლივი ბრძოლა და შრომა მოუწევს საკუთარი თავის სიამოვნებისა და ნუგეშისცემის უწინდელ ჩვევებთან, ვიდრე მათ განიშორებდეს და ახალი ცხოვრების ჩვევებით შეცვლიდეს. სწორედ ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარეგანი გრძნობების მართვას და მათით სარგებლობას.

ყოველ გრძნობას სასიამოვნო და არასასიამოვნო საგანთა საკუთარი წრე აქვს. სასიამოვნო სამშვინველს ატკბობს და, მიჩვევის შემდეგ, მათდამი ავხორცული ნდომა წარმოიშვება. ამ გზით ყოველი გრძნობისგან სამშვინველში რამდენიმე სახის ავხორცული ნდომა, მიდრეკილება თუ ვნება მკვიდრდება. ისინი სამშვინველში ბუდობენ და ვიდრე აღმგზნები საბაბი არ არსებობს, უხმოდ არიან. აღიგზნებიან ამ საგანთა შესახებ გულისთქმებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც აღნიშნული საგნები მათს გრძნობებს წარმოუდგება და განცდის. ამ დროს ხორციელი ნდომა შეუფერხებლად იზრდება და მასში, ვინც ჯერ კიდევ მის ტყვეობაშია, გულისთქმას ჩასახავს და შობს ცოდვას; ცოდვა კი ჩადენის შემდეგ, შობს სიკვდილს (იაკ. 1,15), ასე აღსრულდება მასზე წინასწარმეტყველება: სარკმლებით შემოგვივიდა სიკვდილი (იერ. 9,21), ანუ გრძნობათა მეშვეობით, რომელთა არსიც გარესამყაროსთან სამშვინველის ურთიერთობაა. ხოლო მასში, ვინც არ ნებდება, იწყება ბრძოლა, რომელიც დაცემის საშიშროებას შეიცავს. ამიტომ ასეთ ადამიანს აუცილებლად უნდა შეეძლოს გრძნობების მართვა და მათით სარგებლობა ისე, რომ მათი მეშვეობით ხორციელი ნდომა კი არა, საპირისპირო გრძნობების გამომწვევი შთაბეჭდილებანი აღეძრას.

ხედავ, ძმაო, როგორ საფრთხეში შეიძლება ჩაგაგდოს საკუთარმა გრძნობებმა? გახსოვდეს და ეცადე, აღკვეთო ასეთი საფრთხე. ყოველნაირად ეცადე, არ მისცე მათ აქეთ-იქით სურვილისამებრ ხეტიალისა და სხვადასხვა გრძნობადი სიამოვნებით დატკბობის საშუალება. იმისკენ მიმართე, რაც სათნო, საჭირო და სასარგებლოა. თუ აქამდე შენი გრძნობები სიტკბოებისკენ ილტვოდნენ, ამიერიდან ეცადე, ლაგამი ამოსდო და გართობის გზა გადაუკეტო. კეთილად მართე ისინი. სადაც ძველად ამაო და სულისათვის საზიანო სიამოვნებას ემონებოდნენ, დაე, ახლა ნებისმიერი საგნისა და ქმნილებისგან სულისათვის სასარგებლო შთაბეჭდილება მიიღონ და ის შემოიტანონ სამშვინველში. ასეთი შთაბეჭდილებები სამშვინველში სულიერ გულისთქმებს აღმოდაბადებენ, გულისყურს მოუკრებენ მას და გონებისმიერი შემეცნების ფრთებით მიაღწევენ ღვთის ჭვრეტასა და დიდებას, როგორც ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „რაც კი შექმნილია სამყაროში, ყველა მათგანი ესაუბრება ღვთისმოსავ მოღვაწეთ. მართალია, მუნჯურად, უხმოდ, მაგრამ მაინც დიდმნიშვნელოვან, მათთვის ადვილად გასაგებ, ადვილად მოსასმენ ენაზე საუბრობენ, ამიტომ სახიერებითა და კეთილკრძალული აზრებით აღივსებიან და ღვთისადმი ცეცხლოვანი სიყვარულით მოსაგრეობენ“.

ეს შენც შეგიძლია მოიმოქმედო და აი, როგორ. როდესაც შენს გარეგან გრძნობებს რაიმე გრძნობადი საგანი წარმოუდგება - მხედველობითი იქნება, სმენითი, შეხებითი, გემოვნებითი თუ ყნოსვითი - შეეცადე, ერთმანეთისგან განაცალკევო, რა არის მასში გრძნობად-ნივთიერი და რა - ღვთის შემოქმედი სულისმიერი. გაიაზრე, რომ შეუძლებელია, საგანს თავისით ჰქონდეს ის, რაც აქვს, რომ მასში ყველაფრი ღვთისგანაა, რომელიც უხილავი ძალით აღჭურავს საგანს ყოფიერებით, კეთილთვისებრიობით, სილამაზითა და ბრძნული მოწყობილობით, სხვებზე ზემოქმედების უნარით, სხვათა ზემოქმედებისადმი მდგრადობითა და ყოველივეთი, რაც კი მასში კარგია. ამგვარი აზრები სხვა ხილულ საგნებზედაც განავრცე და გულწრფელად განიხარე, რომ მხოლოდ უფალია მიზეზი და საწყისი ასეთი მრავალფეროვანი, დიდებული და საოცარი სრულყოფილებისა, იმისა, რაც შექმნილთა მიერ განგვეცხადება. თავად უფალი თავის თავში უსასრულოდ მოიცავს აბსოლუტურ სრულყოფილებას და ის სრულყოფანი, რაც მის ქმნილებებში ჩანს, სხვა არაფერია, თუ არა უსაზღვრო ღვთაებრივი სრულყოფილების ოდენ სუსტი აჩრდილი და გამოხატულება. ნებისმიერი ქმნილების დანახვისას ასეთი აზრებით ავარჯიშე გონება და შეეჩვევი, რომ ხილული საგნის მზერისას ყურადღება მხოლოდ გარეგანზე კი არ შეაჩერო, სიღრმესაც ჩასწვდე, ანუ იმას, რაც მასში ღვთიურია - უხილავ, ფარულ გონებაჭვრეტით სილამაზეს. ამის შდეგად, რაც კი საგნებში შენი გრძნობიერებისათვის გარეგნულად მიმზიდველია, გრძნობასა და გულისყურზე კვალს არ დატოვებს და გონება მხოლოდ საგანთა შინაგან არსს შეიმეცნებს, სულიერი ჭვრეტით აღინთება და ისაზრდოებს და ღვთის სადიდებლად იშრომებს.

როდესაც ოთხ სტიქიას - ცეცხლს, ჰაერს, წყალს და მიწას შეხედავ და მათ არსს, ძალასა და ქმედებას გაიაზრებ, უდიდესი სულიერი ნუგეშით აღვსილი მოუწოდებ უზენაეს შემოქმედს: „ღმერთო დიდებულო, უსაზღვრო ძლიერებაო და ძალო! ვხარობ და ვმხიარულობ, რომ შენ ერთი ხარ მიზეზი და საწყისი ყოველი ქმილებისა, ძალისა და ქმედებისა!“ როცა ზეცისა და ციური მნათობების - მზის, მთვარის, ვარსკვლავების დანახვისას გაიაზრებ, რომ მათ თავიანთი შუქი და ბრწყინვალება ღვთისგან მიიღეს, ასე შეჰღაღადებ: „ყოველგვარ ნათელზე უნათლესო ნათელო, რომლისგანაც შეიქმნა ნებისმიერი ნივთიერი თუ არანივთიერი სინათლე! ნათელო საოცარო, ანგელოსთა უპირველესო სიხარულო და წმიდანთა სასოებაო, რომლის განუხრელ ჭვრეტაშიც ჩაძირულა ქერუბიმთა მზერა და რომელთან შედარებითაც ყველა გრძნობადი სინათლე უკუნად მოჩანს! დიდებისგმეტყველებ და ქებას შეგასხამ შენ - ჭეშმარიტ ნათელს - რომელიც ამქვეყნად ყოველ ადამიანს ანათლებ! ღირსმყავ, მუდამ გონივრულად გიჭვრიტო, რათა სრული სიხარულით აღმესვოს გული!“ ასევე ხეების, ბალახისა თუ სხვა მცენარეთა შემხედვარე, გაიაზრებ თუ როგორ ცხოვრობენ ისინი, როგორ იკვებებიან, იზრდებიან და აღმოაცენებენ ახალს. მათ ხომ თავისთავად არ მინიჭებიათ სიცოცხლე, მათში ყველაფერი შემოქმედი სულისგანაა, რომელსაც ვერ ხედავ და რომელიც ცხოველსმყოფელობას ანიჭებს მათ. ამ დროს ასე შეჰღაღადე: „აი, სადაა ჭეშმარიტი სიცოცხლე. მისით, მისგან და მასში ცხოვრობს, საზრდოობს და მრავლდება ყველაფერი! ო, ჩემი სულის ცხოვერლმყოფელო ნეტარებავ!“ ასევე, როდესაც ცხოველებზე ფიქრობ, შეგიძლია გონებით ამაღლდე ღმერთამდე, ვინც მათ გრძნობა და მოძრაობის უნარი მიანიჭა და აღმოთქვა: „ჰოი, ყოველივეს უპირველესო მამოძრავებელო, რომელიც ყველაფერს მოძრაობას ანიჭებ, თავად კი უძრავად ჰგიებ! როგორ ვხარობ და ვმხიარულობ შენი ამგვარი უმოძრაობისა და, ამავე დროს, ყველგანმყოფობის გამო!“

საკუთარი თავის ან სხვა ადამიანების შესახებ კი იფიქრე, რომ მხოლოდ შენ, ადამიანს მოგენიჭა მაღალი მდგომარეობა; დედამიწაზე მყოფი ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ შენ ერთადერთს, ჯილდოდ მოგეცა გონება და ნივთიერი და არანივთიერი ქმნილეებბის შერწყმისა და შეკავშირების წერტილი ხარ. შემოქმედისა და ღვთის სადიდებლად განეწყე და აღმოთქვი: „ჰოი, ყოვლადწმიდა სამებაო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო! კურთხეულ იყავ უკუისამდე! რაოდენ უნდა გმადლობდე არა მხოლოდ იმისათვის, რომ მიწისგან შექმნილი სხვა არამიწიერი ქმნილებების მეუფედ დამადგინე; შენს ხატებად შემქმენი და გონება, სიტყვა და ცოცხალი სხეული მიბოძე, უფრო მეტად იმისათვის, რომ მომანიჭე უფლება, თავისუფალი ნებისა და სათნოებების მეშვეობით, მოგემსგავსო, სამუდამოდ დაგიმკვიდრო ჩემში და ვინეტარო შენში!“

ახლა კი თითოეული გრძნობა განვიხილოთ: სხვადასხვა ქმნილებათა სილამაზისა და კეთლისახიერების ხილვისას გონებით განასხვავე მათი უხილავი სულიერი მნიშვნელობა ხილულისაგან. გაიაზრე, რომ ეს კეთილსახიერი სილამაზე, რასაც გარეგნულად ჭვრეტ, უხილავი და ულამაზესი შემოქმედი სულისგან მოდის, იმ სულისგან, რომელიც ნებისმიერი გარეგნული სილამაზის მიზეზია. სიხარულით აღივსე და თქვი: „ეს ბარაქა და მადლი უქმნელი წყაროსან მომდინარეობს. ეს ყოვლის დამარწყულებელი წვიმა ყოველგვარი სიკეთის ულევი ზღვიდან მოდის. როგორ ვხარობ გულის სიღრმეში, როდესაც ჩემი შემოქმედის გამოუთქმელ სილამაზეზე ვფიქრობ - ვინც ყოველგვარი შექმნილი სილამაზის საწყისი და მიზეზია! როგორი სულიერი ნეტარება მავსებს, როდესაც გონებით ღვთის უსაზღვრო და მიუვდომელ სილამაზეს წარმოვიდგენ, ვისშიც ყოველი სილამაზის საწყისი ძევს!“

როდესაც სასიამოვნო ხმებს ან ჰარმონიულ მელოდიებს ისმენ, გონებით ღმერთამდე ამაღლდი და მიმართე: „ჰარმონიათა ჰარმონიავ, უფალო ჩემო! როგორ ვხარობ შენი უსაზღვრო სრულყოფილებით, რომელიც შენში - ზებუნებრივ ჰარმონიაში მკვიდრობს, ზეციურ ანგელოსთა კრებულში აისახება და სხვა ურიცხვ არაზეციურ ქმნილებასთან ერთად ერთ წარმოუდგენლად მწყობრ სიმფონიას ქმნის!“ და კიდევ : „უფალო, როდესაც ჩემი ჟამი დაჰკრავს, ჩემმა შინაგანმა სმენამ, დაე, შენი უტკბესი ხმა მოისმინოს: შენ მოგეცა ჩემი სიმშვიდე - სიმშვიდე ვნებებისგან! ტკბილია შენი ხმა - როგორც მღერის სასძლო „ქებათა ქებაში!“

როდესაც სურნელოვან ღვინოს ან ყვავილს დაყნოსავ, ამ გარეგნული კეთილსურნელების მიღმა სულიწმიდის დაფარულ სურნელზე იფიქრე: „ის ყოველგვარ ყვავილზე კეთილსურნელოვანი და ყოველგვარ ღვინოზე დაულევნელია და ღვთის ყველა ქმილებაზეა გადმოღვრილი, როგორც „ქებათა ქებაშია“: „მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი, და კიდევ: ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი. ეს კეთლისურნელოვანი წყარო თავის ღვთაებრივ სუნთქვას უხვად ავრცელებს ყველაზე - უმაღლესი წმიდა ანგელოსებიდან უმდაბლეს ქმნილებებამდე და ყოველივეს კეთილსურნელოვანჰყოფს“. ოდესღაც ისააკმა, იყნოსა რა საკუთარი ვაჟის იაკობის სუნი, თქვა: აჰა, სუნი ჩემი შვილისა ვითარცა სუნი უფლის კურთხეული მინდვრისა! (დაბ. 27,27).

როდესაც ჭამ ან სვამ, იფიქრე, რომ უფალი ანიჭებს საზრდოს ჩვენთვის სასიამოვნო გემოს. ამ დროს მხოლოდ ღვთით დატკბი და თქვი: „განიხარე, სულო ჩემო, რომ ღვთის გარეშე არ არსებობს არანაირი კმაყოფილება, სიამე და ნუგეში. თუ შეიცნობ და მიეწებები, მასში ჰპოვებ ყოველგვარ სიტკბოებას, როგორც დავით მეფსალმუნე მოგვიწოდებს: განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი (ფს. 33,8) და როგორც ბრძენი სოლომონი გვარწმუნებს ამ ჭეშმარიტებაში: ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას“. (ქებ. 2,3).

როდესაც რაიმე საქმისთის ემზადები, გაიაზრე, რომ, ღმერთი, ვინც მოქმედების ძალასა და უნარს განიჭებს, ყოველგვარი მოძრაობის პირველმიზეზია. შენ მხოლოდ ცოცხალი იარაღი ხარ მის ხელში; გონებით ამაღლდი მასთან: „რამხელა შინაგან სიხარულს განვიცდი, ყოველთა უზენაესო უფალო, როდესაც გავიაზრებ, რომ შენს გარეშე არანაირი საქმის კეთება არ ძალმიძს და რომ შენ ხარ ყოველგვარი საქმის პირველდამწყები და მოქმედი!“.

ხოლო როდესაც სხვებში სიკეთეს, სიბრძნეს, სიმართლეს ან სხვა რომელიმე სათნოებას აღმოაჩენ, ამ დროსაც ერთმანეთისგან განასხვავე ხილული და უხილავი და უფალს მიმართე: „ყოველგვარი სათნოების უმდიდრესო საგანძურო! უდიდესია ჩემი სიხარული, როდესავ ვხედავ და ვაცნობიერებ, რომ ყოველგვარი სიკეთე შენგან მოდის და ნებისმიერი ჩვენი კეთილი საქმე შენს ღვთაებრივ სრულყოფილებასთან შედარებით არაფერია! გმადლობ, უფალო ღმერთო ჩემო, ყველა სიკეთისთვის, რასაც ჩემს მოყვასს ანიჭებ. მოიხსენე, სახიერო, ჩემი სიგლახაკე და ყოველგვარ სათნოებაში უდიდესი მწიკვლოვანება“.

საერთოდაც, ყოველთვის, როდესაც ღვთის ქმნილებებში რაიმე მიმზიდველსა და სასიამოვნოს დაინახავ, მხოლოდ ამაზე ნუ გაამახვილებ ყურადღებას, გონებით ღმერთი მოიძიე და თქვი: „უფალო, თუ ასე მშვენიერი, მომხიბვლელი და სიხარულის მომნიჭებელია შენი ქმნილებები, რაოდენ მშვენიერი, სიხარულის მომინჭებელი და საამო ხარ შენ - ყოველთა შემოქმედი!“

ჩემო საყვარელო, თუ ასე მოიქცევი, შენი ხუთი გრძნობის მეშვეობითაც შეძლებ ღვთის შემეცნებას, შექმნილთაგან გონებით მუდამ შემოქმედთან ამაღლებას. მაშინ ყოფიერება და შექმნილი სამყაროს წესრიგი შენთვის ღმრთისმეტყველების წიგნად იქცევა და ჯერ კიდევ ამ გრძნობად სამყაროში ეზიარები იმიერსამყაროს ცოდნას. ჭეშმარიტად, მთელი კოსმოსი და ბუნება სხვა არაფერია, თუ არა ერთი მთლიანობა, რომელშიც ხილულს მიღმა უხილავად თავად მისი შემოქმედი მყოფობს, მოქმედებს და გონიერი არსებების მზერას ხილულად და ნივთიერად წარმოუდეგნს საკუთარ უხილავ და არანივთიერ ქმედებასა და სრულყოფილებას. ამიტომ, ერთი მხრივ, ბრძენი სოლომონი ამბობს, რომ ქმნილებათა სიდიადისა და მშვენების კვალზე მათი შემოქმედიც შეიცნობა (სიბრ. 13,5), მეორე მხრივ კი, წმიდა პავლე მოციქული ამოწმებს: ის, რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვთაებრიობა მისი, სამყაროს შექმნიდან მისსავე ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება (რომ. 1,20). ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში, ერთი მხრივ ბრძნულად ქმნილი არსებები მკვიდრობენ, მეორე მხრივ, გონებრივი ძალმოსილებით დაჯილდოებული ადამიანები, რათა მათ შექმნილ არსებებში საკუთარი გონების ძალით განჭვრიტონ და შეიგრძნონ უსაზღვრო სიბრძნე; შეიცნონ და შეიმეცნონ მარადიული იპოსტასური სიტყვა: ყველაფერი მის მიერ შეიქმნა (იოან. 1.3). და ჩვენც, ბუნებრივია, ქმედებით შევიცნობთ შემოქმედს. საჭიროა მხოლოდ ჭეშმარიტი და საღი განსჯა, რომ ქმნილებით რწმენა შევიძინოთ და შექმნილში შემოქმედი ღმერთი ვიხილოთ.


თავი 22
გრძნობადი საგნები ხერხი და საშუალებაა ჩვენი გრძნობების
კეთილად სამართავად, თუ მათი მეშვეობით ღვთის სიტყვის განხორციელებაზე,
მისი ცხოვრების საიდუმლოებებზე, ვნებასა და ჯვარცმაზე ვიფიქრებთ

უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გრძნობადი საგნებიდან ჩვენი გონება ღვთის ჭვრეტამდე ავამაღლოთ. ახლა შევისწავლოთ, თუ როგორ გადავიტანოთ გონება გრძნობადიდან ღვთაებრივზე და ამით ღვთის სიტყვის განხორციელებაზე და მისი ცხოვრების წმიდა საიდუმლოებების - ჯვარზე ვნებისა და სიკვდილის გააზრებაზე. ამგვარი გააზრებისა და შემეცნებისათვის მთელი სამყაროს გრძნობადი საგნები გამოდგება. ოღონდ ამის შემდეგ გონებით უნდა გაიხსენო, რომ უზენაესი ღმერთია უპირველესი მიზეზი და მათთვის ყოფიერების, ძალის სრულყოფილების, ქმედების მიმნიჭებელი და სხვა არსებათა შორის ადგილის დამამკვიდრებელი. რაოდენ დიდი და უსაზღვროა ღვთის სახიერება, რომელიც იმდენად დამდაბლდა და დამცირდა, რომ კაცად იშვა და ადამიანთათვის ეწამა. მთელი შექმნილი სამყაროს ერთიანმა საწყისმა დაუშვა, რომ თავისივე შექმნილი არსებებისგან ჯვარზე ვნებულიყო.

როდესაც დაინახავ, მოისმენ ან შეეხები იარაღს, შოლტს, სვეტს, თოკს, ეკლიან ტოტებს, ჩაქუჩს, ლურსმნებს ან სხვა მსგავსს, გონებით გაიაზრე, რომ ეს ყველაფერი ოდესღაც შენი მაცხოვრის საწამებლად გამოიყენეს.

როდესაც ღატაკთა ქოხებს ხედავ ან თავად ცხოვრობ ასეთ სახლში, გამოქვაბული და ბაგა გაიხსენე, სადაც ჩვენი უფალი ადამიანად იშვა. წვიმის დანახვისას გეთსიმანიის ბაღში იესოს სახიდან მომდინარე სისხლისა და ოფლის წვეთები გაიხსენე, მიწას რომ რწყავდნენ. ზღვისა და ნავების ხილვისას, გაიხსენე, როგორ მიდიოდა უფალი წყალზე და ნავიდან მოძღვრავდა ხალხს. ქვები, რომელთაც ხედაც, დაე, იმ ქვებს გახსენებდნენ, უფლის სიკვდილის ჟამს რომ ცვიოდა, და მიწა, რომელზედაც დაიარები, იმ ძვრას შგახსენებდეს, რომლითაც შეირყა იგი იესოს ვნების ჟამს.

მზემ, დაე, ის ბნელი გაგახსენოს, რომელმაც გადაფარა იგი; წყალმა ის წყალი, სისხლთან ერთად რომ გადმოდინდა უფლის ღვთაებრივი ფერდიდან, როდესაც მეომარმა მახვილი უგმირა ჯვარცმულს; ღვინოს ან სხვა სასმელს თუ იგემებ, ის ძმარი და ნაღველი გაიხსენე, წყლის მაგივრად რომ შეასვეს ჯვარცმულ უფალს.

როდესაც იმოსები, გაიხსენე, რომ საუკუნეთა უწინარესი სიტყვა ადამიანური ხორცით შეიმოსა, რათა საკუთარი ღვთაებრიობით შეემოსე. ჩაცმულმა უფალი იესო ქრისტე გაიხსენე, რომელმაც ინება, შიშველს აეტანა გამათრახება და შენს გამო ჯვარცმულიყო. თუ რაიმე ხმოვანება ტკბილი და საამო მოგეჩვენება, მაცხოვარზე იფიქრე, რომლის ბაგეთაგანაც მადლი და სიტკბოება იღვრებოდა, როგორც ფსალმუნშია: განეფინა მადლი ბაგეთა შენთა (44,2), და მისი ტკბილმოუბრობის გამო ხალხი მოუშორებლად თან ახლდა. სურდათ, მუდმივად ესმინათ, როგორც წმიდა ლუკა მახარებელი ამოწმებს: მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას (19,48). როდესაც ბრბოს ხმაური და ყვირილი გესმის, იუდეველთა უკანონო შეძახილი გაიხსენე: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი (იოან. 19,15)! - ყურში რომ ჩაესმოდა მაცხოვარს. როდესაც ვინმეს ლამაზ სახეს შეამჩნევ, გაიხსენე, რომ მშვენიერმა სიკეთითა უფროის ძეთა კაცთასა (ფს. 44,3), უფალმა იესო ქრისტემ შენდამი სიყვარულის გამო ჯვარზე გაკვრა ინება. საძულველი იყო კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვიდაც პირს არიდებენ (ეს.53,3). ყოველთვის, როდესაც საათი რეკს, ის სიმძიმილი და წუხილი გაგახსენდეს, გეთსიმანიის ბაღში რომ დაეუფლა იესოს, როცა მისი ვნებისა და სიკვდილის ჟამი ახლოვდებოდა; ან იფიქრე, რომ იმ ჩაქუჩის ხმა გესმის, რომლითაც უფალი ძელს მიალურსმნეს. და საერთოდ, ნებისმიერი სამწუხარო მოვლენისას, რაც კი შეგემთხვევა შენ თუ სხვას, გახსოვდეს, რომ ჩვენი ნაღველის, ვნებისა და წუხილის განცდა არაფერია უფლის სულისა და ხორცის იმ მტკივნეულ იარებთან შედარებით, რაც განიცადა მაშინ, როდესაც ჩვენი ცნონებისთვის ევნო.


თავი 23
როგორ გადავიდეთ გრძნობადი შთაბეჭდილებებიდან
ზნეობრივ-სამოძღვრო გაკვეთილებზე

როდესაც ამქვეყნიურ ლამაზ, ძვირფას ნივთებს უზერ, იფიქრე, რომ ყველა მათგანი არარაობაა ზეციურ სილამაზესა და სიმდიდრესთან შედარებით, რასაც აუცილებლად მიიღებ სიკვდილის შემდეგ, თუ ამა სოფელს მოიძულებ.

როდესაც მზეს მიაპყრობ მზერას, იფიქრე, რომ თუ ღვთაებრივი მადლით ხარ აღვსილი, შენი სული მზეზე ნათელი და მშვენიერია. ხოლო თუ არა, მაშინ ის ყველაზე უფრო უკუნი და საზიზღარია.

როდესაც ცას ახედავ, სულიერი მზერა ცის იქითა უმაღლეს ზეცას მიაპყარ და შინაგანად მიეჯაჭვე მას, რადგან ისაა შენს მარადიულ და სანეტარო საცხოვრებლად განმზადებული, თუ აქ, მიწაზე წმინდად და უბიწოდ გალევ სიცოცხლეს.

გაზაფხულობით ფრინველთა ჭიკჭიკ-გალობის ან სხვათა სიმღების გამგონემ გონებით უტკბესი სამოთხისეული გალობა, ანგელოსური სადიდებლები, მუდმივი ალილუია და ღვთის სამადლობელი წარმოიდგინე. უფალს ევედრე, რომ ღირსგყოს, სხვა ზეციურ სულებთან ერთად მარადიულად უგალობდე მას, როგორც დაწერილია: და შემდგომ ამისა მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, რომელიც ამბობდა: ალელუია! ხსნა და დიდება და პატივი და ძალი უფალს ღმერთს ჩვენსას! (გამოც. 19,1).

როდესაც რაიმეს სილამაზე გაგრთობს, იფიქრე, რომ მისი მიმზიდველობის მიღმა ბნელეთის ურჩხული იმალება, რომელიც მზადაა, განგგმიროს, და თქვი: „ო, წყეული გველო! ეს შენ დგახარ ქურდულად, რომ დამგესლო. ვერაფერს დამაკლებ, რადგან უფალი მყავს მწედ!“ შემდეგ კი ღმერთს მიმართე: „კურთხეულ ხარ, შენ ღმერთო ჩემო, რომელმაც ფარული მტერი დამანახვე და არა მიმცნა ჩვენ ნადირად კბილთა მათთა“ (ფს.123,6). შემდეგ კი ჯვარცმული მაცხოვრის იარებს მიეახლე, როგორც მხსნელ თავშესაფარს, იფიქრე, რამდენი დაითმინა ჩვენთვის უფალმა, რათა ცოდვისგან გამოვეხსენით და ხორციელი ვნებები შეგვეძულებინა.

ხორციელი სილამაზით ცდუნების საწინააღმდეგოდ ერთ რჩევასაც მოგცემ: ამგვარ მდგომარეობაში მყოფმა, იჩქარე, გაიაზრო, როგორი იქნება სიკვდილის შემდეგ ის არსება, ვისითაც ასე გატაცებული ხარ? - მატლებით სავსე გახრწნილი გვამი.

როდესაც სადმე მიდიხარ, თითოეული ნაბიჯის გადადგმისას გაიხსენე, რომ ასეთივე სიჩქარითი გიახლოვდება აღსასრული. ცაში მონავარდე ჩიტების ან მჩქეფარე მდინარეების დანახვისას იფიქრე იმაზე, რომ უფრო სწრაფად მიფრინავს შენი სიცოცხლე და დასასრულისაკენ მიექანება.

როცა ქარიშხალი ამოვარდება, ღრუბლიან ზეცას ელვის დამაბრმავებელი ისრები გაკვეთს და ჭექა-ქუხილი შეძრავს, მაშინ საშინელი სამსჯავრო გაიხსენე, მუხლი მოიდრიკე, თაყვანი ეცი უფალს და ილოცე, რათა მოგცეს დრო მოსამზადებლად და მადლი, ურცხვენელად რომ წარდგე მისი საშინელი დიდებულების წინაშე.

როცა რაიმე უსიამოვნება შეგემთხვევა, გონება მაშინაც მსგავსი დამრიგებლური აზრებით ავარჯიშე. მთავარი კი, აი, რა არის: შეეცადე, შეიმეცნო ღვთაებრივი ნების ყოვლისშემძლეობა და განიმტკიცო რწმენა, რომ შენს სასიკეთოდ და საცხოვნებლად ღვთის სამართლიანმა განგებამ და ყოვლადსახიერმა სიბრძნემ ინება, ამ ზომით და ამდენად დაითმინო და აიტანო ის, რასაც ითმენ. ასეთ შემთხვეავში განიხარე უფლის მიერ შენდამი გამოჩენილი სიყვარულისა და იმის გამო, რომ საშუალებას გაძლევს, დაანახვო, როგორი ხალისითა და სიყვარულით ემორჩილები მის ნებას ყველაფერში, რასაც მოგივლენს. ამ დროს გულის სიღრმიდან ამოთქვი: „დაე, აღსრულდეს ჩემზე ნება ღვთისა, რომელიც საუკუნეთა უწინარესი სიყვრულით ვლინდება ჩემს მიმართ. დაე, დავითმინო ნამდვილი უსიამოვნეაბნი, მწუხარება, დანაკარგი თუ ცილისწამება. კურთხეულ იყოს ჩემი უფლის სახელი“.

როდესაც გონებაში კეთილი გულისთქმა გაჩნდება, ღმერთს მიმართე, შეიგნე, რომ ამგვარი აზრი მან მოგივლინა და მადლობა შესწირე.

როდესაც საღვთო წერილს კითხულობ, წარმოიდგინე, რომ ყოველ სიტყვაში ფარულად გაცხადებულია ღმერთი და როგორც უფლის ღმრთაებრივ ბაგეთაგან აღმოთქმული, ისე მიიღე წაკითხული.

თუ იმ დროს, როდესაც ცაზე მზეა, დაინახავ ღრუბელს, რომელიც მას ისე დაფარავს, როგორც მზის დაბნელების დროს ხდება ხოლმე, დანაღვლიანდი და ილოცე, რომ ღმერთმა არ დაუშვას შენი ჩავარდნა გარესკნელში.

ჯვრის შემხედვარემ იფიქრე, რომ იგი ჩვენი სულიერი ბრძოლის დროშაა, რომელიც გამარჯვების ძლიერაბას იტევს. და თუ მას განეშორები, მტრის ხელთ აღმოჩნდები. ხოლო თუ ჯვრის ძლიერების ქვეშ დარჩები, დიდებული ზეიმით ზეცად დაემკვიდრები.

როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს უმზერ, გულისყური ზეციური დედოფლისკენ მიმართე და მადლობა შესწირე, რომ მზად აღმოჩნდა მდაბლად დამორჩილებოდა ღვთის ნებას, რომ შობა, გაზარდა და აღზარდა სამყაროს მხსნელი და ჩვენს უხილავ ბრძოლაში არასოდეს გვაკლებს მეოხებასა და შემწეობას.

წმიდანთა ხატებმა, დაე, შეგახსენონ, რამდენი მეოხი გყავს ღვთის წინაშე, ის, ვინც ყოველთვის ლოცულობს შენთვის; რამდენი თანამებრძოლი გყავს, თავადაც მთლი ცხოვრება მამაცურად რომ ებრძოდნენ და ამარცხებდნენ მტერს და შენც საბრძოლო ასპარეზი გიჩვენეს. თუ მათი დახმარებით ამ ასპარეზს მხნედ გაივლი, მათსავით ძლევის გვირგვინსა და მარადიულ ზეციურ დიდებას მოიპოვებ.

ეკლესიის დანახვისას, სხვა მაცხოვნებელ აზრებთან ერთად, გაიხსენე, რომ შენი სული ღვთის ტაძარია, როგორდ დაწერილია: თქვენ ცოცხალი ღმერთის ტაძარი ხართ (2კორ. 6,16), და რომ ამიტომ წმინდად და უბიწოდ უნდა დაიცვა იგი.

ყოველთვის, როდესაც რაიმე კეთილი ამბავი გესმის, მთავარანგელოზის მისალმება გაიხსენე: ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! და ასეთი აზრებითა და გრძნობებით აღივსე: მადლობა შესწირე უფალს ზეციდან დედამიწაზე წარმოგზავნილი ამ კეთილი ხარების გამო, ჩვენი ცხონების საწყისად რომ იქცა. შენც გაიზიარე უბიწო ქალწულის სიხარული და ის ზებუნებრივი დიდებულება, სადამდეც თავისი ღრმა სიმდაბლით ამაღლდა ღვთისმშობელი. მასთან - ნეტარ დედასთან და მთავარანგელოზ გაბრიელთან ერთად შენც თაყვანი ეცი ღვთაებრივ სიტყვას, რომელიც ქალწულის უწმიდეს საშოში ჩაისახა. კარგი იქნება, თუ დღის განმავლობაში ხშირად გაიმეორებ ამ საგალობელს და მსგავსი გრძნოებით აღივსები. ურყევ კანონად აქციე მთავარანგელოზის ხარების სამჯერ - დილით, შუადღეს და საღამოს წარმოთქმა.

მოკლედ გეტყვი: ყოველთვის ფხიზლად და ყურადღებით იყავი საკუთარი გრძნოების მიმართ და არ დაუშვა, მათი მეშვეობით განცდილმა შენი ვნებები რომ აღაგზნოს და ასაზრდოოს. პირიქით, შეეცადე, ისე გამოიყენო საკუთარი განცდები, რომ ოდნავადაც ვერ შეცვალონ შენი გადაწყვეტილება - ყოველთვის ყველაფერში სათნოეყო ღმერთს და მის ნებას აღასრულებდე. გარდა შემოთავაზებული საშუალებისა - გრძნოაბდი აზრების სულიერისკენ წარმართვისა - ამაში უფრო მეტად დაგეხმარება პირველ თავებში გამოთქმული მოსაზრება: ნურაფერს შეიყვარებ უცაბედად და ნურც უცაბედად შეიძულებ. მტკიცედ განსაჯე და მკაცრად განსაზღვრე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოექცე გრძნობად შთაბეჭდილებებს, რათა ეს ეთანხმებოდეს ღვთის ნებას, რომელიც ჩვენთვის მისი მცნებებიდანაა ცნობილი.

ერთსაც გეტყვი, ჩემ მიერ შემოთავაზებული რჩევები, თუ როგორ ვაქციოთ გრძნობები სულისათის სასარგებლოდ, იმისთვის არაა, რომ მუდმივად ამაში ივარჯიშო. ოღონდ მუდმივად კი უნდა ეცადო გონების გულში შემოკრებას და იქ უფალთან მყოფობას. ღმერთი გიხელმძღვანელებს და შეგეწევა კიდეც ვნებების დამარცხებაში, ხან უბრალოდ შინაგანი წინააღმდეგობებით, ხანაც მათი საპირისპირო სათნო საქმეებით. ჩემს მიერ ნათქვამის მიზანი კი ისაა, რომ იცოდე და საჭიროებისას ამით ისარგებლო. თუმცა ირგვლივ არსებული ყოველივე გრძნობადის ერთგვარი სულიერი საფარველით შემოსვა უსათუოდ სასარგებლოა ჩვენი მიზნებისათვის.


თავი 24
ზოგადი გაკვეთილები გრძნობათა გამოყენების შესახებ

შემოგთავაზებ ზოგად წესს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ გარეგანი გრძნობები,რათა მათგან მიღებულმა შთაბეჭდილებებმა სულიერად და ზნეობრივად არ განგვძარცვოს. ყურად იღე!

ა) ძმაო ჩემო, მტკიცედ გეპყრას ხელთ სწრაფი და ბოროტი მძარცველები - შენი თვალები - და არაფრით დართო ნება, ცნობისმოყვარედ უმზირონ ქალის სახეს, იმის მიუხედავად, ლამაზია თუ არა; არც მამაკაცებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებსა და უწვერულებს. არ მისცე საშუალება, უმზირონ შიშველ სხეულს, არა მარტო სხვისას, საკუთარსაც. ამგვარი ცნობისმოყვარეობისა და ვნებიანი მზერისგან, შესაძლოა, გულში სიტკბოების მომგვრელი სიძვის ნდომა გაჩნდეს, არა უბიწო, როგორც ამბობს უფალი: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში (მათ. 5,28). ბრძენსაც უთქვამს: „ცქერისგან იბადება გულისთქმა“. ამიტომ სოლომონ ბრძენიც გვაფრთხილებს თვალთა დატყვევებისა და მაცდური სილამაზით დაკოდვის საშიშროების შესახებ: გული ნუ მიგივა მის სილამაზზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით (იგავ. 6,25). აი, თავისუფლად მზერის დამღუპველი შედეგებიც: ღვთის ძენი, სიფეასა და ენოსის შთამომავლები კაენის ქალიშვილებით მოიხიბლნენ; სიქემმა, ემორის ვაჟმა, იაკობის ქალიშვილის დინას ნახვის შემდეგ მასთან შესცოდა; სამსონი დალიდას სილამაზემ დაატყვევა (მსაჯ.16); დავითი ბერსაბეს დანახვამ აცდუნა (2 მეფ. 11); ორ მოხუც მსაჯულს გონება დააკარგვინა სუსანას სილამაზემ (დან. 13).

ერიდე გემრიელი სასმელ-საჭმელის დანახვასაც. გაიხსენე ჩვენი წინაპარი ევა, რომელმაც სამოთხეში აკრძალური ხის ნაყოფი იხილა, მონდომა, მოწყვიტა, იგემა და საკუთარი თავიცა და მთელი მოდგმაც სიკვდილს დაუმონა. ნდომით ნუ უმზერ ლამაზ ტანისამოსს, ნურც ოქრო-ვერცხლს, ნურც ერისკაცთა ბრწყნივალე მორთულობას, რათა შენი თვალებით სულში დიდებისმოყვარების ვნება არ შემოვიდეს. მათგან განთავისუფლებას ასე შესთხოვს უფალს დავით წინასწარმეტყველი: მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი (ფს.118,37). საერთოდ კი ერიდე ცეკვებს, დღესასწაულებს, ქეიფებს, კამათს, ჩხუბს, უქმადმეტყველებას და სხვა შეუფერებელ და ბილწ საქმეთ, რაც უყვარს უგუნურ სოფელს და რასაც კრძალავას საღვთო სჯული. გაექეცი და თვალი მოარიდე ყოველივე ამას, რათა გული ვნებებით, ხოლო წარმოსახვა ბილწი სახეებით არ აგევსოს; რათა მათ შენს წინააღმდეგ არ აღძრან მღელვარება და ბრძოლა, რაც ჩაახშობს იმ ღვაწლის უწყვეტობას, რომლითაც ვნებებს უნდა შეეწინააღმდეგო. შეიყვარე ეკლესიაში სიარული და უმზირე წმიდა ხატებს, წმიდა წიგნებს, საძვალეებს, სასაფლაოებს და სხვა სიწმიდეთ, რაც სულისთვის მაცხოვნებელია.

ბ) მოგიწევს ფხიზლად დაიცვა სმენაც.

1. ნუ მოისმენ ბილწ და ვნებიან საუბრებს, დამატკბოელ სიმღერებსა და მუსიკას. ეს ყველაფერი სულს ნეტარებით ავსებს და ანებივრებს, გულს კი ხორციელი ვნებით აღანთებს, გახსოვდეს დაწერილი: შვილო, იყავი ბრძენი, გული გამიხარე (იგავ. 27,11).

2. ნუ მოუსმენ ხმაურიან და მხიარულ საუბრებს, ამაო და საარაკო მოთხრობებსა და ამბებს. ხოლო თუ უნებურად მოგიწევს მოსმენა, ნუ გაერთობი და ნუ მოიწონებ მათ. ქრისტიანისთვის სამარცხვინოა ამგვარი სიამოვნებების ძიება, ეს მხოლოდ იმ გარყვნილ ადამიანებს შეეფერებათ, ვისზედაც წმიდა პავლე მოციქულმა თქვა: და ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას, და მიუბრუნდებიან ზღაპრებს (2 ტიმ. 4,4).

3. ნუ მოისმენ სასამართლოებს, ცილისწამებებსა და ჭორს, რასაც ხანდახან ავრცელებენ მოყვასის შესახებ. თუ შეგიძლია, შეაწყვეტინე ასეთი საუბრები, თუ არადა, განერიდე, რათა არ მოისმინო. წმიდა ბასილი დიდი მოკვეთის ღირსად მიიჩნევს როგორც განმკითხველებსა და ცილისმწამებლებს, ასევე იმათ, ვინც ყურს უგდებს მათ და არ ეწინააღმდეგება.

4. ნუ მოისმენ და ნუ დატკბები ამაო, უაზრო საუბრებით, რაშიც ხარჯავს დროს ამა სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა. ძველ აღთქმაში წერია: ცრუ ხმები არ დაყარო (გამ. 23,1), ხოლო სოლომონ ბრძენი ამბობს: სიცრუე და ტყუილი მაშორე (იგავ. 30,8). უფალმა კი განსაჯა: ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს (მათ. 12,36).

5. და ბოლოს, საერთოდ ერიდე ნებისმიერ სიტყვასა და საუბარს, რამაც შენს სულს შეიძლება ავნოს. მათ შორისაა ქება-დიდება, როგორც ამბობს ესაია: ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს! (ეს. 3,12). მაგრამ გიყვარდეს ღვთის სიტყვის, წმიდა საგალობლების, ფსალმუნების და ყველაფერი იმის მოსმენა, რაც წმინდა, ბრძნული და სულისთვის მარგებელია. განსაკუთრებით შეიყვარე, როდესაც გაძაგებენ და გსაყვედურობენ.

გ) დაიცავი ყნოსვა ნებისმიერი სახის კეთილსურნელებისგან, რამაც შეიძლება ხორციელი გულისსიტყვები და ნდომა აღგიძრას: ნუ შეინახავ, ნუ იცხებ, ნუ შეისუნთქავ ჭარბად და ვნებით. ყოველივე ეს ქარაფშუტა ქალის ჩვეულებაა და არა სიბრძნისმოყვარე მამაკაცისა. მათგან სულის სიმხნევე სუსტდება და ხორციელი სურვილები აღიგზნება. მათ კი ძალუძთ, შეცოდებამდე მიიყვანონ ადამიანი. ვინც ამგვარ აღმგზნებ ნელსურნელებას იყენებს, მასზე ხშირად აღსრულდება წინასწარმეტყველება: სამსხვერპლო თასებიდან სვამენ ღვინოს და საუცხოო ზეთით იპოხებიან (ამოს. 6,6). სურნელების ნაცვლად აუვათ სიმყრალე (ეს. 3,23).

დ) დაიცავი გემო და მუცელი. ნუ დაამონებ ტკბილ, ნოყიერ, ნაირნაირ, სურნელოვან და ცხარე სასმელ-საჭმელს. ასეთ მანუგეშებელ ტრაპეზს, ვიდრე მისთვის ყოველივე საჭიროს შეიძენდე, შეუძლია სიცრუემდე, მოტყუებამდე, ქურდობამდეც კი მიგიყვანოს და სხვა ვნებისა და ბოროტი საქმეების ტყვედაც გაქციოს. ხოლო როდესაც სასურველს მოიპოვებ და მისით დატკბები, შეიძლება ხორციელი ცოდვით და პირუტყვული აღგზნებით დაეცე, რაც, როგორც წესი, მუცლის საშუალებით მოქმედებს. და მაშინ წინასწარმეტყველი ამოსის სიტყვისამებრ დაგემართება: განისვენებენ სპილოს ძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცლებზე; ფარის ცხვარსა და ბაგაზეე დაბმულ ხბორებს ჭამენ, სამსხვერპლო თასებიდან სვამენ ღვინოს (ამოს. 6,4.6).

ე) მოერიდე ხელით შეეხო, მოეხვიო არა მარტო უცხოს სხეულს - ქალისა იქნება, კაცისა, მოხუცისა თუ ყმაწვილისა, არამედ საკუთარსაც. განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ნუ შეეხები სხეულის ცნობილ ადგილებს. რაც უფრო თვითნებურია ასეთი შეხება, მით ცოცხალი და გრძნობიერია ხორციელი ვნების მოძრაობა და შეუჩერებლად მიაქანებს ადამიანს ცოდვისაკენ. ავხორცობას სხვა გრძნობებიც ხელს უწყობენ და შორიდან ეხმარებიან, რათა ადამიანი დაეცეს. ხოლო როდესაც ვინმე შეეხება იმას, რასაც არ უნდა მიჰკარებოდა, უკვე ძალზე ძნელად იკავებს თავს ცოდვისაგან.

მაცდუნებელია აგრეთვე თავსამკაული, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ამიტომ მოერიდე სხეულის მორთვას რბილი, ფერად-ფერადი და ბრწყინვალე სამოსით, თავს ნუ დაიმშვენებ ძვირფასი საბურავით და ფეხს - ასეთივე ფეხსაცმელით. ეს ქალებს შვენით, მამაკაცებისთვის კი შუფერებელია. სადად და უბრალოდ შეიმოსე, რათა სხეული დაიცვა ზამთრობით სიცივისგან და ზაფხულობით - სიცხისაგან; რათა შენც პორფირითა და ბისონით შემოსილი მდიდარივით არ გითხრან: შვილო, გაიხსენე, რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე (ლუკ. 16,25); და არ გამოსცადო წინასწარმეტყველ ეზეკიელის მუქარა, რომელმაც ამ ადამიანებს ასეთი განაჩენი გამოუტანა: იქამდე მივლენ, რომ თავად ჩამოვლენ თავიანთი ტახტებიდან ზღვის ხელმწიფენი, გადაიძრობენ მოსასხამებს და ნაქარგ შესამოსელს გაიხდიან (-26,16).

აქვე უნდა ვახსენოთ ყოველგვარი ხორციელი განცხრომა-ფუფუნებანი, როგორიცაა: ხშირი ბანაობა და აბაზანა, ლამაზი და კეთილმოწყობილი სახლები, რბილი ხალიჩები, ძვირფასი ავეჯი, მდიდრული სარეცელი და მასზე ნებივრობა. უფრთხილდი ყოველივე ამას, როგორც შენი უბიწოებისათვის სახიფათოს და ავხორცული სურვილებისა თუ ქმედებების და არაწმინდა გრძნობების გამომწვევ მიზეზს, რათა იმათი მემკვიდრე არ გახდე, ვისაც ამოს წინასწარმეტყველი აფრთხილებს: ვაი უზრუნველთ... განისვენებენ სპილოს ძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცლებზე (-6,14).

ყოველივე, რაზედაც ვისაუბრეთ, ის ნიადაგია, რომლითაც მაცდუნებელი გველი იკვებება. ამ ყველაფრით კი ჩვენი ხორციელი ვნებები საზრდოობს. თუ უყურადღებოდ არ დატოვებ მათ და უმნიშვნელოდ არ მიიჩნევ, მამაცურად შეეწინააღმდეგები და გრძნობების მეშვეობით შენს გულსა და სამშვინველში არ შემოუშვებ, გარწმუნებ, ადვილად დასძლევ სატანას და ვნებებს, რადგან არ მისცემ იმ საკვებს, რითაც შენში ისაზრდოებდნენ. და სულ მალე მოიპოვებ გამარჯვებას უხილავ ბრძოლაში.

იობი გვეუბნება, ლომი იმიტომ დაიღუპა, რომ საჭმელი არაფერი ჰქონდა: ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი გაიფანტებიან (-4,11). იგი გამოხატავს სატანას, ჩვენს უძველეს მტერს, რომელიც გარბის იმ ადამიანისგან, ვინც საკვებს არ აძლევს, რასაც იმ ვნებების დამარცხებითა და დათრგუნვით იქმს, რომლებიც გარეგნული გრძნობების მიერ მიღებული შთაბეჭდილებებით აღიგზნებიან. როგორც პატრიარქ ფოტის ბიბლიოთკაში ვინმე მონაზონი იობი ამბობს, სატანა იმით ჰგავს ლომს, რომ ცდილობს, ადამიანი ჯერ მცირე, ჭიანჭველასავით უმნიშვცნელო ცოდვებით დასცეს, ხოლო შემდეგ, როდესაც შეეჩვევა მათ, დიდ შეცოდებებსაც მოუვლენს. და კიდევ იმითაც ჰგავს, რომ თავიდან ჭიანჭველასავით მცირე და უძლური გვგონია, შემდეგ კი უზარმაზარი ლომივით ძლიერი გოლიათი აღმოჩნდება ხოლმე.


თავი 25
როგორ ვმართოთ ენა

ყველაზე მეტად საჭიროა, ჯეროვნად ვმართოთ ჩვენი ენა და აღვირი ამოვდოთ მას. ენის მამოძრავებელი გულია. რითაც გულია სავსე, ენიდანაც ის წარმოდინდება. ენის მეშვეობით გამოხატული გულისმიერი გრძნობა გულში მკვიდრდება და მტკიცდება. ამიტომ ენა ერთ-ერთი შემოქმედი და ჩვენი ზნის ჩამომყალიბებელია.

კეთილი გრძნობები უხმოა. სიტყვის საშუალებით გამოხატვას ეგოისტური გრძნობები ესწრაფვიან, რათა გამოთქვან ის, რაც ჩვენს თავმოყვარეობას ესალბუნება და ჩვენი აზრით, საუკეთსო კუთხით წარმოგვაჩენს. მრავალსიტყვაობა, ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავზე ამაყი წარმოდგენისგან მომდინარეობს. ამ დროს თავი ბევრისმცოდნენ გვგონია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი შეხედულება ყველაზე მეტად დამაკმაყოფილებელია; მოუთმენლობა გვტანჯავს, ვიდრე აზრს გამოვთქვამდეთ და ხანგრძლივი და მრავალჯერადი განმეორებით იგივე აზრს სხვათა გულებშიც დავამკვიდრებდეთ. ასე ვახვევთ სხვას საკუთარ თავს, როგორც არამკითხე მასწავლებელს და ხანდახან იმათ დამოწფებაზე ვოცნეობოთ, რომელთაც ბევრად მეტი იციან მასწავლებელზე.

ნათქვამი იმ შემთხვევებზეც ვრცელდება, როდესაც საუბრის საგანი მეტნაკლეაბდ საყურადღებოა. მრავალსიტყვაობა უმეტესწილად უქმადმეტყველებაა, სიტყვით ძნელია იმ ზიანის გამოხატვა, რაც ამ უკეთურ ჩვევას მოაქვს. და საერთოდ, მრავალსიტყვაობა სულის კარს აღებს, საიდანაც მაშინვე გამოდის კეთილკრძალული გულისმიერი სითბო. უფრო ხშირად აკეთებს ამას უქმადმეტყველება. მრავლისმეტყველება საკუთარი თავისგან განაგდებს ყურადღებას. ამ დროს გული დაუცველია და მასში ჩუმად შეიპარებიან ხოლმე ვნებიანი გრძნობები და სურვილები. და ზოგჯერ იმგვარი წარმატებითაც, რომ უქმადმეტყველების დასრულებისთანავე გულში არა მხოლოდ სურვილი, ვნებიანი ქმედების გადაწყვეტილებაც ჩნდება. უქმადმეტყველება განკითხვისა და ცილისწამების კარი, ცრუ ამბებისა და აზრების გამავრცელებელი, უთანხმოებისა და განხეთქილების მთესველია. ის აუფასურებს გონებრივ ღვაწლს და თითქმის ყოველთვის ფარავს საფუძვლიანი ცოდნის არქონას. როდესაც მრავალსიტყვაობის შემდეგ თვითკმაყოფილების ბურანი განქარდება, ყოველთვის ერთგვარი ნაღველისა და სიზანტის შეგრძნება რჩება. განა ეს არ მოწმობს, რომ სული, თუმცა უხალისოდ, მაგრამ მაინც თავს განძარცვულად აღიარებს?

მოციქულმა იაკობმა, როდესაც სურდა ეჩვენებინა, თუ როგორ ეძნელება ლაპარაკის მოყვარულს რაიმე უსარგებლო, ბილწისა და საზიანოსგან თავშეკავება, ბრძანა, რომ ენის სათანადოდ მოთოკვა მხოლოდ სრულყოფილთ ხელეწიფებთ: ვინც არა სცოდავთ სიტყვით, იგია სრულქმნილი კაცი, რომელსაც ძალუძს დაურვება თავისი ხორცის (იაკ. 3,2). ენა სასწრაფოდ ალაპარაკდება ხოლმე საკუთარი სიამოვნებისათვის, ისე მიჰქრის, როგორც ლაგამაყრილი ულაყი და ლაყბობისას სასარგებლოს გარდა ბევრ ავსა და საზიანოსაც იტყვის. ამიტომ მოციქული მას მომაკვდინებელი შხამით აღვსებულ თავშეუკავებელ ბოროტებას უწოდებს (-3,8). სოლომონ ბრძენმა უფრო ადრე ბრძანა: ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია (იგავ. 10,19). ეკლესიასტესაც მოვუსმინოთ: ვინც ბევრს ლაპარაკობს, ის თავის უგუნურებას ამხელს, რადგან, როგორც წერი, ბრიყვი მრავალსიტყვაა (ეკლ. 10,14).

ვინც კეთილი გულით არ გისმენს, მასთან ხანგრძლივი საუბრებით ნუ დაკავდები, რათა თავი არ შეაწყინო და აუტანელი არ გახდე. ზირაქის სიბრძნე გვეუბნება: სიტყვა მრავალს შეიძაგებენ და ძალად მოლაპარაკე შეძულებული იქნება (ზირ. 20,8). ერიდე ცივი და მაღლი ტონით საუბარს. ერთიც და მეორეც ძალზეც აუტანელია და ეჭვს ბადებს, რომ ამაო ხარ და ბევრს ფიქრობ საკუთარ თავზე. ნურასოდეს ისაუბრებ საკუთარ თავზე, პირად საქმეებსა და ნათესავებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია. მაშინაც, რაც შეგიძლია მოკლედ და სწრაფად ისაუბრე. როდესაც სხვები ზედმეტს ლაპარაკობენ საკუთარ თავზე, შეეცადე, არ მიბაძო, თუნდაც მათი ნაუბარი თავმდაბლური და თვითდამმუნათებელი გეჩვენოს. რაც შეეხება მოყვასს, მასთან საუბარზე უარს ნუ იტყვი, მაგრამ მუდამ შეძლებისდაგვარად მოკლედ ილაპარაკე, მაშინაც კი, როდესაც ეს საუბარი მისთვის სიკეთის მომტანია.

საუბრისას გახსოვდეს და შეეცადე, შეასრულო წმიდა თალასის დარიგება: „საუბრის ხუთი სახეობიდან სხვებთან ლაპარაკისას სამი კეთილგონიერი სითამამით გამოიყენე, მეოთხე - იშვიათად, მეხუთზე კი საერთოდ უარი თქვი“. პირველი სამი სახეობა ასე უნდა გავიგოთ: დიახ, არა, თავისთავად ან გასაგებია, მეოთხე საეჭვოს ნიშნავს, ხოლო მეხუთე სრულად უცნობს. ანუ: რაც ნამდვილად იცი, რომ სრული ჭეშმარიტება ან სიცრუეა და ეს თავისთავად აშკარაა, მასზე თამამად თქვი, რომ ჭეშმარიტებაა ან სიცრუე. მასზე, რაც ეჭვს ბადებს, სჯობს, არაფერი თქვა, ხოლო თუ საჭიროა, ყოყმანით თქვი, რომ საჭოჭმანოა. ხოლო რაც შენთვის უცნობია, მასზე საერთოდ ნურაფერს იტყვი. ერთი მწერალი ამბობს: ჩვენ საუბრის ხუთი ხერხი ანუ საშუალება გვაქვს - მოწოდებითი, როდესაც ვინმეს მოვუწოდებთ, მოვუხმობთ; კითხვითი, როდესაც რაიმეს ვკითხულობთ; თხოვნითი, როდესაც რაიმე გვსურს ან ვითხოვთ; განსაზღვრებითი, როდესაც რაიმეს შესახებ მტკიცე აზრს გამოვთქვამთ და ბრძანებითი, როდესაც ხელმძღვანელისა და ძალაუფლების მქონე ადამიანის ტონით ვუბრძანებთ. ამ ხუთიდან პირველი სამი ყოველთვის თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო, მეოთხე - შეძლებისდაგვარად, მეხუთეს კი საერთოდ ნუ შეეხები.

ღმერთზე, განსაკუთრებით კი, მის სიყვარულსა და სახიერებაზე, მთელი კეთილგანწყობით ისაუბრე. ოღონდ ისაუბრე შიშით, რათა არ შესცოდო - ღვთაებრივზე რაიმე წინდაუხედავად არ თქვა და მსმენელთა გულები არ შეაშფოთო. ამიტომ მეტწილად სხვათა საუბრების მოსმენა და მათი სიტყვების გულის სიღრმეში დამარხვა გერჩიოს.

როდესაც უცხო თემაზე საუბრობენ, დაე, შენს სმენას მხოლოდ ხმა მოსწვდეს და არა აზრი. ამ დროს გონება შეუჩერებლივ ღვთისკენ უნდა ისწრაფვოდეს, მაშინაც კი, როდესაც აუცილებელია მოსმენა, რათა გაერკვე და სათანადო პასუხი გასცე. მოსმენისა და საუბრის შუალედში შეეცადე, გონების თვალი ზეცისკენ აღაპყრო. იფიქრე ღვთის დიდებულებაზე, იმაზე, რომ ის თვალს არ გაცილებს და ხან კეთილისმყოფლურად გიმზერს, ხან არა, იმის შესაბამისად, თუ როგორია შენი გულისსიტყვები, საუბარი, მოძრაობები, საქმე.

როცა საუბარს აპირებ, ვიდრე რაიმეს იტყოდე, წინასწარ განსაზღვრე, გულით რისი თქმა გსურს. ბევრს ისეთს აღმოაჩენ, რომ სჯობს, არც ამოსცდეს შენს ბაგეთ. იცოდე, მისგანაც, რისი თქმაც კარგი გგონია, სჯობდა, ზოგი რამ დუმილში დამარხულიყო. ამას ხშირად საუბრის დამთავარებისთანავე მიხვდები.

მდუმარება ჩვენს უხილავ ბრძოლაში უდიდესი ძალა და გამარჯვების დიდი იმედია. მდუმარება ძლიერ უყვარს მას, ვინც მხოლოდ ღვთის იმედადაა და არა საკუთარი თავისა. ის წმიდა ლოცვის დამცველი და სათნოებების მოპოვების გზაზე საოცარი შემწეა. მდუმარება სულიერი სიბრძნის ნიშანიცაა. წმიდა ისააკი ამბობს, რომ „ენის დაცვა არა მარტო აიძულებს გონებას, ღმერთთან აიჭრას, იდუმალად ხორცსაც უდიდეს ძალას ანიჭებს ხილული საქმეების აღსასრულებლად. ის ადამიანს ფარული ღვაწლის დროსაც ანათლებს, თუ ადამიანი გამოცდილია და იცის მდუმარების დაცვა“. სხვაგან კი წმიდა ისააკი ასე ასხამს ხოტბას მდუმარებას: „როდესაც ერთ მხარეს შენი განდეგილი ცხოვრების ღვაწლს დადებ, ხოლო მეორეზე - მდუმარებას, მაშინ მიხვდები, რომ ეს უკანასკნელი გადასწონის. ბევრი კეთილი რჩევა-დარიგება არსებობს ჩვენთვის, მაგრამ ვინც მდუმარებას შეიტკბობს, მისთვის ზედმეტია სხვა დანარჩენის დაცვა“. სხვა ადგილას ის მდუმარებას „მომავალი ცხოვრების საიდუმლოს“ უწოდებს, სიტყვებს კი ამა სოფლის იარაღს. წმიდა ბარსანუფი მდუმარებას ღვთისმეტყველებაზე მაღლა აყენებს და ამბობს: „თუ შენ ოდნავადაც არ ღმრთისმეტყველებ, უწყოდე, რომ მდუმარება უფრო მეტად იმსახურებს გაოცებასა და დიდებას“. თუმცა ისეც ხდება, რომ ზოგი სათქმელის არქონის გამო დუმს (ზირ. 20,6); ზოგი დუმს, რადგან შესაფერის წუთს ელის სიტყვის სათქმელად (იქვე);სხვა კიდევ სხვა მიზეზის - „ადამიანური დიდების, მდუმარების სათნოებისადმი მოშურნეობის ან იმის გამო, რომ გულში იდუმალ ესაუბრება უფალს და არ სურს, გონება და გულისყური მას მოსწყვიტოს“. (წმიდა ისააკი, სიტყვა 76). საერთოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ ვინც მდუმარეა, კეთილგონიერებასა და სიბრძნეს ამჟღავნებს (ზირ. 29,26, 20,5).

მდუმარებას რომ შეეჩვიო, ერთ უბრალო და იოლ ხერხს გასწავლი: დაიწყე ეს საქმე და თავად გიჩვენებს, როგორ მოიქცე და დაგეხმარება კიდეც. ამ ღვაწლისას გულმოდგინება რომ შეინარჩუნო, ხშირად იფიქრე განუკითხავი ლაყბობის დამღუპველ შედეგებსა და კეთილგონივრული მდუმარების მაცხოვნებელ ნაყოფზე. როდესაც მდუმარების მაცხოვნებელ ნაყოფს იგემებ, მაშინ უკვე არანაირი გაკვეთილი აღარ დაგჭირდება.


თავი 26
როგორ გამოვასწოროთ წარმოსახვა და მეხსიერება

გარეგანი გრძნობების მართვის გარდა იმაზედაც ვისაუბროთ, თუ როგორ ვმართოთ წარმოსახვა და მეხსიერება. თითქმის ყველა ფილოსოფოსის აზრით, მეხსიერება და წარმოსახვა სხვა არაფერია, თუ არა ანაბეჭდი იმ გრძნობადი საგნებისა, რომლებიც დავინახეთ, მოვისმინეთ, შევეხეთ, ვიგემეთ, ვიყნოსეთ. შეიძლება ითქვას, რომ წარმოსახვა და მეხიერება არსებითად ერთი შინაგანი საერთო გარძნობაა, რომელიც წარმოისახავს და იხსენებს ყველაფერს, რაც კი ხუთი გარეგანი გრძნობის მეშვეობით შეიგრძნო. გარკევული თვალსაზრისით, გარეგანი გრძნობები და გრძნობადი საგნები მოგვაგონებენ ბეჭედს, ხოლო წარმოსახვა მის ანაბეჭდს.

წარმოსახვა და მეხსიერება იმისათვის მოგვეცა, რომ მათით ვისარგებლოთ მაშინ, როდესაც ჩვენი გარეგანი გრძნობები ისვენებენ და თვალწინ არა გვაქვს ის გრძნობადი საგნები, რომლებმაც ჩვენი გრძნობები გაიარეს და მათი მეშვეობით ჩვენს მეხსიერებასა და წარმოსახვაში აღიბეჭდნენ. რადგან საშუალება არა გვაქვს, მუდამ თვალწინ გვქონდეს დანახული, მოსმენილი, ნაგემი, შეხებული თუ ნაყოსი საგნები, ჩვენ მათ საკუთარ ცნობიერებაში წარმოსახვისა და მეხსიერების მეშვეობით გამოვიძახებთ ხოლმე და ისე განვიხილავთ და განვსჯით, თითქოსდა ეს საგნები გარეგნულადაც ხელმისაწვდომი იყოს ჩვენთვის.

მაგალითად, ოდესღაც მოხვდი სმირნაში, შემდეგ დატოვე და თვალით მეტად აღარ გინახავს. მაგრამ როდესაც მოისურვებ, შინაგანი გრძნობებით - წარმოსახვითა და მეხსიერებით წარმოიდგენ სმირნას, ხელახლა გადახედავ თუ როგორია სიდიდით, ხედით, მდებარეობით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სულმა დაგტოვა და სმირნაში გადავიდა, როგორც ზოგიერთ უვიცს ჰგონია, ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავში ხედავ სმირნას ხატებას - შენში აღბეჭდილს.

გრძნობადი საგნების ამგვარი წარმოსახვა სიმშვიდეს ურღვევს და თავს აბეზრებს მას, ვინც მოშურნეა და სურს, მუდამ ღმერთში ჰგიებდეს, რადგან წარმოსახვა ღვთისაგან წარიტაცებს ჩვენს გულისყურს და ყურადღება ამაო, ხანდახან კი ბიწიერ საგნებზე გადააქვს. ამით კი ჩვენი შინაგანი კეთილგანწყობა ირღვევა. ეს ხდება არა მხოლოდ ცხადში, არამედ სიზმარშიც, რომლისგან მიღებული შთაბეჭდილებაც ხშირად რამდენიმე დღე გასტანს ხოლმე.

რადგანაც წარმოსახვა არაგონებისმიერი ძალაა, რომელიც მეტწილად მექანიკურად, სახეთა შეხამების კანონით მოქმედებს, სულიერი ცხოვრება კი აბსოლუტური თავისუფლების გამოხატულებაა, ამიტომ თავისთავად ცხადია, ერთი მეორეს ვერ უთანხმდება და, ამჯერად საჭიროა რამდენიმე სახელმძღვანელო შენიშვნა შემოგთავაზო.

ა) იცოდე, ღმერთი ყოველგვარი გრძნობისა და გრძნობადის მიღმა დგას, ყოველგვარი სახეობრიობის, ფერის ზომისა და ადგილის მიღმა. იგი სრულიად უსახო და უხილავია, და თუმცა ყველგანმყოფია, ყველაფერზე უმაღლესია, ამიტომაც ყოველგვარი წარმოსახვის მიღმაა. „ღმერთთან მიმართებაში არანაირ წარმოსახვას ადგილი არა აქვს, რადგან ღმერთი ნებისმიერ აზრზე მაღლა დგას და ყველაფრზე უმაღლესია“ (ეგნ. და კალ. თავი 65, ფილოკალია). აქედან თავისთავად გამომდინარეობს, რომ წარმოსახვა სულის ის ძალაა, რომელსაც თავისი ბუნების გამო, არ ძალუძს ღმერთთან მყოფობდეს.

ბ) იცოდე, რომ ლუციფერიც, ანგელოზთაგან პირველი, თავდაპირველად ყოველგვარ არაგონიერ წრამოსახვაზე, სახეზე, ფერსა და გრძნობაზე მაღლა იდგა, როგორც მოაზროვნე გონი, უნივთო, უსახო და უსხეულო. შემდეგ კი ოცნება დაიწყო და გონებით ღვთის თანასწორობა განიზრახა. ამიტომ უსახო, უვნებო და უბრალო გონიდან მრავალსახიერ, რთულ წარმოსახვამდე დაეცა, - როგორც ღვთისმეტყველთა უმეტესობა ვარაუდობს. ასე რომ, უსახო, უსხეულო და უვნებო ანგელოზი სატანად იქცა - თითქოსდა განივთიერდა, მრავალსახეობრივი და ვნებებით სავსე გახდა. და როგორიც თავად გახდა, ისეთივედ გადაიქცნენ მისი მსახურნიც. ამის შესახებ წმიდა გრიგოლ სინელი ასე მსჯელობს: „ოდესღაც ისინიც გონიერნი იყვნენ, მაგრამ დაეცნენ და დაკარგეს რა სიმსუბუქე და უნივთობა, ერთგვარი ნივთიერი სისავსე შეიძინეს. თითოეულმა თავისი წოდების, ხარისხისა და ქმედების შესაბამისად შეისხა ხორცი. შედეგად მათაც ადამიანების მსგავსად, ანგელოსებრივი მშვენიერება დაკარგეს, ღვთაებრივი ნეტარება წაერთვათ, როგორც ჩვენ და, ნივთიერი ვნებების შეჩვევით, თითქოდსდა ნივთიერნი გახდნენ“. (ფილოკალია, თ. 123) ამიტომ წმიდა მამებთან სატანა ფერმწერად, მრავალსახოვან გველად, დედამიწის ვნებებით მასაზრდოებლად, ფანტაზიორად და სხვა მსგავსი სახელწოდებებით მოიხსენება. საღვთო წერილი კი მას ხორცშესხმულ ურჩხულად გამოხატავს - კუდით, ნეკნებით, კისრით, ცხვირით, თვალებით, ყბებით, ბაგეებით, ტყავით და სხეულის სხვა ნაწილებით. ამის შესახებ შეგიძლია იხილო მართალი იობის წიგნის მეორმოცე და ორმოცდამეერთე თავებში. კარგად გაიცნობიერე, ჩემო საყვარელო, რადგან მრავალსახოვანი ფანტაზია სატანის გამოგონება და ნაშობია ჩვენს დასაღუპად, მისთვის ძალზე სასურველი და საჭირო. წმიდა მამები ფანტაზიას სამართლიანად უწოდებენ ხიდს, რომლითაც სულისმკვლელი დემონები შემოდიან სულში, მკვიდრდებიან და უქმ სკად, საშინელი, ბოროტი და ღვთისთვის საძულველი გულისსიტყვების საცხოვრებლად აქცევენ მას. ამ დროს სულში ყველანაირი არაწმინდა სულიერი და ხორციელი ვნება ისადგურებს.

გ) იცოდე, რომ წმიდა მაქსიმეს, უდიდესი ღვთისმეტყველის აზრით, პირველქმნილი ადამი ღმერთმა წარმოსახვისგან თავისუფალი შექმნა. მისი სუფთა და სახეებისგან თავისუფალი გონება ქმედებისას გრძნობების მეშვეობით ანდა გრძნობადი საგნების სახეობრიობით არ აღიქვამდა გარესამყაროს; არ იყენებდა წარმოსახვის მდაბალ ძალას და არ წარმოისახავდა კონტურებს, სახეს, ზომას, ფერს საგნებისას. მხოლოდ სულის უმაღლესი ძალით ანუ წმინდა გონებით არანივთიერად და სულიერად ჭვრეტდა საგანთა იდეას თუ მათს შინაგან მნიშვნელობას. მაგრამ კაცთმოძულე დემონმა, რომელიც თავად დაეცა ღმერთის თანასწორობაზე ოცნებით, ადამიც აიძულა, გონებით უფლის თანასწორობაზე ეოცნება და დასცა კიდევ ამის წყალობით. და შინაგანი ანგელოზებრივი, წმინდა, გონისმიერი და არასახიერი ცხოვრებიდან ამ გრძნობად, მრავალმხრივ, მრავალსახეობრივ ცხოვრებაში გადმოინაცვლა, სადაც არსებობა ოცნებებითაა დამძიმებული. ასე აღმოჩნდა ადამიანი უგუნური პირუტყვის მდგომარეობაში, რადგან სახეებით დატვირთვა, მათი ზეგავლენით არსებობა და მათით ცხოვრება უგუნური პირუტყვის თვისებაა და არა გონიერი არსებისა.

მას შემდეგ, რაც ადამიანი ასე დაეცა, ვის შეუძლია თქვას, თუ როგორი ვნებები, ბოროტი ზნე და შეცოდებები შეიძინა მან თავისი წარმოსახვითი ოცნებით? ზნეობა უამრავი ცდუნებით აივსო, მეცნიერება - ცრუ სწავლებით, ღმრთისმეტყველება - გარყვნილი და უმეცარი დოგმატებითა და არაკებით. და არა მარტო ძველი, თანამედროვე მოაზროვნეებიც, როდესაც ღმერთსა და ღვთაებრივზე სურთ საუბარი და ბრძნადმეტყველება, ჭეშმარიტების ნაცვლად სიცრუეს აღმოაჩენენ ხოლმე. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ წარმოსახვისა და ფანტაზიისათვის მიუწვდომელია ღვთაებრივი საიდუმლოებების შეცნობა, საამისოდ აუცილებელია სულის უმაღლესი ძალა - გონი; უპირველესად კი, ვნებიანი წარმოდგენებისა და გრძნობადი საგნების წარმოსახვითი სახეებისგან გონების განწმენდაა საჭირო. და რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, ამ მოაზროვნეებმა ისე შეისისხლხორცეს მსგავსი სიცრუე, როგორც სინამდვილის ამსახველი ჭეშმარიტება. ასე რომ, თავიანთი გაუწვრთნელი ჭკუა-გონების წყალობით ღმრთისმეტყველების მაგივრად მეზღაპრენი აღმოჩნდნენ, როგორც მოციქულიც ამტკიცებს (რომ. 1,28).

ასე რომ, ძმაო, თუ გსურს, იოლად განთავისუფლდე ასეთი შეცდომილებისა და ვნებებისგან, სატანის ბადესა და მზაკვრობას განერიდო, უფალს შეუერთდე და ღვთაებრივი ნათელი და ჭეშმარიტება იხილო, მამაცურად შეებრძოლე საკუთარ წარმოსახვას. მთელი ძალით ებრძოლე, რათა გონება ნებისმიერი სახის, ფერის, კონტურის და ზოგადად, გრძნობადი საგნების ხსოვნისა და წარმოდგენებისაგან განძარცვო, ავი იქნება ისინი თუ კარგი. რადგან ეს ყველაფერი გონების სიწმინდისა და სინათლის დაბნელება და დასვრაა, მისი უნივთობის განივთებაა და გონებას ვნებიანს ხდის. არც ერთ სულიერ თუ ხორციელ ვნებას არ ძალუძს სხვაგვარად მიუდგეს გონებას, თუ არა შესაბამისი გრძნობადი საგნების წარმოსახვით. იღვაწე, რომ გონება ისეთი სუფთა, უფერო, უსახო და შეურყვნელი შეინარჩუნო, როგორადაც ღმერთმა შექმნა.

მაგრამ ამის მიღწევას სხვაგვარად ვერ შეძლებ, თუ გონებას შიგნით არ დააბრუნებ და გულის სიღრმეში, შინაგან ადაიანში არ ჩაკეტავ. და როდესაც გონებას მუდმივად შიგნით, ფარულ ლოცვაში მყოფობას შეასწავლი, შინაგანი სიტყვებით აღმოთქვი: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. განსაჯე და შეიცან საკუთარი თავი, მეტწილად კი ღვთის ჭვრეტას მიეცი და მასში განისვენე. როგორადაც გველი ძველიტყავის გასაძრობად იძულებით ძვრება ვიწრო გასასვლელში, ასევე გონება, გულის ვიწროებისა და შინაგანი ლოცვის მეშვეობით, ნელ-ნელა განიმოსება გრძნობადი წარმოსახვებისა და უკეთური გრძნობადი შთაბეჭდილებებისგან და წმინდა, ნათელი და უფალთან ერთობისთვის მზადმყოფი ხდება, რათა ამ გზით ღმერთს მიემსგავსოს. როგორადაც წყლის დაქანება და დინების სისწრაფე იზრდება ვიწრო გასასვლელებში, ასევე გონება, რაც მეტად განისწავლება ყურადღებითა და გულში დაფარული მოძღვრებით, მით უფრო ძლიერი და ფაქიზი ხდება; უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს და ნებისმიერი ვნების, გულისსიტყვის, გრძნობადი თუ აზრობრივი საგნისთვის მიუწვდომელია, რადგან ისინი გარეთ რჩებიან და შიგნით შეღწევა აღარ შეუძლიათ. სხვა, უფრო შესაფერის შედარებასაც მოვიტან: ჰაერში გაფანტული და ერთმანეთს განშორებული მზის სხივები იმდენად ნათელი და თბილი არ არის, მინის მეშვეობით ერთ წერტილში თავმოყრილი კი დამაბრმავებელ სინათლეს და მწველ სითბოს გამოსცემს. ასევე გონება - საკუთარი თავის მიმართ ყურადღებისა და ფარული მოძღვრების საშუალებით გულის გულში მოკრებილი - ნათლის მატარებელი და მწველი ხდება. ასეთი გონება ნივთიერ ვნებიან სიბნელეს ფანტავს და მსგავს სახეებსა და მოძრაობებსაც აცამტვერებს და ანადგურებს.

ეს არის წარმოსახვისა და მეხსიერების მართვის პირველი და უმთავრესი ხერხი, რომელიც ყოველთვის უნდა გახსოვდეს. მისით არა მარტო გამოასწორებ სულიერ ძალებს, წარსულში აღბეჭდილი გრძნობადი საგნების, შთაბეჭდილებებისა და სახეების იმ ნაკვალევსა და ნაშთსაც წაშლი, რომელიც ვნებებს აღაგზნებდა და ასაზრდოებდა. ოღონდ, რამდენადაც ქმედითი და ნაყოფიერია ეს ხერხი, იმდენად ძნელია და ამიტომ მისი გამოყენების მსურველიც ნაკლებია. ცოტას თუ სჯერა მისი შედეგიანობისა, არა მარტო მაღალ საზოგადოებაში, მასწავლებელთა და ბრძენკაცთა წრეში, მორწმუნეთა შორისაც კი, რომელთაც არ სურთ ირწმუნონ სულიწმიდისა და წმიდა მამების სწავლება, უძვირფასესი მარგალიტივით რომ ბრწყინავს ფილოკალიის პატიოსან კრებულში. ასეთნი უარს ამბობენ სულის ნაყოფზე, რისი მიღების ღირსიც ბევრი უბირი და უსწავლელი გამხდარა. მაცხოვრის სიტყვის თანახმად, ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუნცხადე ჩვილ ბალღებს (ლუკ. 10,21); რადგან ვისაც ამ გონიერი ქმედების ძალა არ სწამს და არ გამოიყენებს მას, ის ვერც შეიცნობს მის კეთილ ზემოქმედეაბს, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ (ეს. 7,9).

როდესაც შეამჩნევ, რომ გონება დაიღალა და მეტად აღარ შეუძლია გულში შინაგან ლოცვაში მყოფობდეს, მაშინ მეორე ხერხი გამოიყენე. უფლება მიეცი, დატოვოს გული, გარეთ გამოვიდეს და ღვთაებრივ და სულიერ ჭვრეტასა თუ შემეცნებას მიეცეს. იფიქროს როგორც წმინდა წერილის სწავლებების, ასევე იმის შესახებ, რასაც ღვთის ქმნილებანი შთააგონებენ. ამგვარი სულიერი განსჯები სასარგებლოა გონებისთვის. თავიანთი სიმსუბუქისა და უნივთობის წყალობით არ იწვევენ მის განივთებას და არ მიმართავენ მხოლოდ გარეგნულისკენ, პირიქით, ზომიერად აკმაყოფილებენ თავისუფალი მოძრაობისადმი მისწრაფებას, ხოლო თავიანთი შინაარსით განაწყობენ, სწრაფად დაბრუნდეს გულის სიღრმეში, სადაც გონება შინაგანად კვლავ ღვთის ხსოვნაში იძირება და ღმერთთან ერთობას აღწევს. ამიტომ ამბობს წმიდა მაქსიმე, რომ „მხოლოდ ღვაწლით გონება უვნებო ვერ გახდება, თუ ამავე დროს სხვადასხვა სულიერ ჭვრეტას არ მიეცა“. ვიდრე ვნებები ჯერ კიდევ შენშია, ერიდე ღვთის ქმნილებების, ნივთიერი საგნებისა თუ ცხოველების მხოლოდ ფიზიკური კუთხით განხილვას. ამ დროს გონება ჯერ კიდევ არაა თავისუფალი გრძნობად საგნებზე ვნებიანი შეხედულებებისგან და იმის მაგივრად, რომ მათში დაფარული და არანივთიერი არსი სულიერად გაიაზროს, შესაძლოა, მხოლოდ მათი გარეგნული სილამაზითა და მოჩვენებითობით გაერთოს. ამით დატკბება და, შესაძლოა, ცრუ სწავლება და მათდამი ვნებიანი განწყობილება შეიძინოს. წმიდა მაქსიმეს აზრით, ასე ბევრზე ბევრი ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი დაზიანდა.

გონების დასვენებისა და დამშვიდების მესამე ხერხიც შეგიძლია გამოიყენო, კერძოდ, იფიქრე უფლის ცხოვრებისა და ჯვარზე ვნების საიდუმლოებებზე - გამოქვაბულში მის შობაზე, წინადაცვეთაზე, მირქმაზე, იორდანეში ნათლისღებაზე, უდაბნოში ორმოცდღიან მარხვაზე, სახარების ქადაგებაზე, მის მიერ აღსრულებულ უამრავ სასწაულზე, თაბორზე ფერისხვალებაზე, მოწაფეებისთვის ფეხის დაბანვასა და საიდუმლო სეროაბზე, მის გაცემაზე, ჯვარზე ვნებაზე, საფლავად დადებაზე, აღდგომასა და ამაღლებაზე, ქრისტეს მოწამეთა უამრავ სატანჯველზე და ღირსი მამების ხანგრძლივ და მკაცრ მოსაგრეობაზე.

გულის შესამუსრად და სინანულის გასაღვიძებლად შეგიძლია გაიხსენო სიკვდილის საშინელი საათი, საყოველთაო სამჯავროს დღე, მარადიული სატანჯველის სხვადასხვა სახე: ჩაუქრობელი ცეცხლის ოკეანე, ბნელი უფსკრულები, ტარტაროზები, დაუძინებელი მატლები, დემონებთან თანაცხოვრება. გაიხსენე მართალთა განსვენება და გამოუთქმელი სიხარული, ზეციური სასუფეველი, მარადიული დიდება და მუდმივი ნეტარება, მოზეიმე ხმები. უფალთან სრულყოფილი ერთობა, ანგელოსებთან და ყველა წმინდანთან მარადიული თანაარსებობა და თანამყოფობა.

ჩემო ძმაო, თუ საკუთარ წარმოსახვას ასეთ აზრებსა და წარმოდგენებს დაუთმობ, არა მარტო თავს დაიხსნი გარყვნილი მოგონებებისა და ბოროტი გულისსიტყვებისაგან, განკითხვის დღეს ამ გმირობისთვის დიდ ქებასაც მოიხვეჭ. წმიდა ბასილი დიდი ქალწულობის შესახებ სიტყვაში იმასაც ამბობს, რომ „სხეულში მყოფი ყოველი ადამიანი ჰგავს ფერმწერს, ფარულად რომ ქმნის რაიმეს სახებას. როგორც მხატვარი დასრულების შემდეგ ნამუშევარს გამოფენს და თუ კარგი საგანი შეარჩია და კარგადაც დახატა, მნახველთა ქებას იმსახურებს; ხოლო თუ სულელური საგანი შეარჩია და ცუდადაც დახატა - კიცხვას, ასევე სიკვდილის შემდეგ ყოველი კაცი ღვთის სამსჯავროზე წარდგომისას უფლის, მისი ანგელოსებისა და წმიდანთა მიერ შექებული და ნაამები იქნება, თუ სიცოცხლეში გონებასა და წარმოსახვას ნათელი, ღვთაებრვი და სულიერი სახეებითა და წარმოდგენებით განიმშვენებს. ხოლო თუ წარმოსახვას ბილწი, მდაბალი და ვნებიანი სურათებით აავსებს, შეარცხვენენ და განიკითხავენ“. წმიდა გრიგოლ სოლუნსკი გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო, თუ გრძნობადი საგნების ზემოქმედებითა და წარმოსახვის მეშვეობით როგორ გამეფდება ხოლმე სულში ან გონიერი სინათლე - მარადნეტარი ცხოვრების მომნიჭებელი, ანდა შინაგანი უკუნი, რომელსაც ჯოჯოხეთის ბნელში მიჰყავს ადამიანი (ფილოკალია).

იცოდე, იმის თქმა არ მსურს, მუდამ მხოლოდ ასეთი აზრებით იყო დაკავებული. არა, მათ მხოლოდ მაშინ მიმართე, როდესაც გულის სიღრმეში ჩაკეტვით დაღლილი გონება ისვენებს. როდესაც დაისვენებს, კვლავ გულში დააბრუნე და აიძულე, ოცნებებისა და სახეების გარეშე ღვთის გულწრფელ ხსოვნაში მყოფობდეს. როგორც ნიჟარიანი და ბაკნიანი ცხოველები ნიჟარის გართ სიმშვიდეს ვერსად პოულობენ და იქ, როგორც სახლში, ისე აფარებენ თავს, გონებაც ისე ბუნებრივად არსად მშვიდდება, როგორც გულის სიღრმეში, შინაგან ადამიანში. იქ იგი იმგვარად აფარებს თავს,როგორც ციხესიმაგრეში და წარმატებით ებრძვის შიგნითვე მიმალულ გულისსიტყვებს, მტრებსა და ვნებებს, თუმცა ადამიანთა დიდმა ნაწილმა არც უწყის ეს.

ვნებები და გულისთქმები რომ ჩვენს შიგნითაა, გულში, იქიდან გამოდიან და გვებრძვიან, ეს ჩემი აზრი არ გახლავთ. უსმინე, რას გვეუბნება უფალი: ვინაიდან გულიდან გამოდიან უკეთური ზრახვანი, კაცის კვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი. ესენი არიან კაცის შემბილწველნი (მათ. 15,19) და არც ის გახლავთ ჩემი მოგონილი, რომ ჩვენი მტრები -დემონები გულთან ახლოს არიან ჩასაფრებულნი. ასე გვასწავლიან წმიდა მამები. ამას დაწვრილებით გვიხსნის წმიდა დიადოხი, რომელიც ამბობს, რომ წმიდა ნათლისღებამდე ღვთაებრივი მადლი გარედან უბიძგებს ადამიანს სიკეთისკენ, ხოლო სატანა გულისა და სულის სიღრმეებში იმალება. ნათლობის შემდეგ დემონი გამოიდევნება გულიდან და მადლი სახლდება შიგნით (ფილოკალია, თავი 76). სხვათა შორის, ამბობს იგი (თავი 82), ნათლობის შემდეაგც დაიშვება, რომ მტერი ჩვენი სხეულის სიღრმეში, თითქოსდა გულის ზედაპირზე დამკვიდრდეს - ჩვენი ნების გამოსაცდელად. აქედან ის გამუდმებით ჩაჰკირკიტებს გონებას ხორციელ სიამეთა შესახებ. ამავე აზრს ეთანხმება წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლებაც, რომ უფლის ბაგეთაგან ნათქვამი, თუ როგორ ტოვებს ბოროტი სული ადამიანს და შემდეგ გაძლიერებული ბრუნდება მასში (მათ. 12. 43-45), მონათლულთ ეხება, როდესაც მათ ეზარებათ გულში მყოფობა. „ნათლისღებით განგდებულ უწმინდურ სულს არ უყვარს უსახლკარობა, სიმშვიდეს ეძებს და აქეთ-იქეთ დაეხეტება. და თუ სხვა ადგილი ვერ იპოვა, ძველს უბრუნდება, რადან ურცხვია. თუ აღმოაჩენს, რომ სიყვარულისა და ყურადღების შედეგად მონათლულის გულში ქრისტემ დაისადგურა, უკუდგებული და დამარცხებული იქაურობას ტოვებს, მაგრამ თუ ძველ სამყოფელს, ღვთის ხსოვნის არქონისა და უგულისყურობის მიზეზით ცარიელს იხილავს, სასწრაფოდ შედის უწინდელზე უფრო მეტად გაბოროტებული. და ასეთი ადამიანისთვის უკანასკნელი სიმწარე პირველზე უარესია“ (სიტყვა მე-40). მე საგანგებოდ გავამახვილე ყურადღეაბ ყოველივე ამაზე, რომ რაც შეიძლება განიმტკიცო გულში მაცხოვრის ხსოვნა და ლოცვა. სხვაგვარად გულში დაბუდებულ შემაშფოთებელ გულისსიტყვებსა და ვნებიან მოძრაობაზე ვერ გაიმარჯვებ. როდესაც ღმერთთან ხარ, მტერი მოახლობას ვერ გაბედავს.

გამხნევდი და საკუთარ წარმოსახვასა და მეხსიერებას უფლებას ნუ მისცემ, წარსულში ნანახი, მოსმენილი, შეხებული, ნაგემი თუ ნაყნოსი გაიხსენოს; განსაკუთრებით მაშინ, თუ მათში რაიმე ბილწი და გარყვნილი იყო. ესაა ჩვენი ბრძოლის არსი და უფრო ძნელი და გადაულახავია, ვიდრე ბრძოლა გრძნობებთან. ყველა მებრძოლმა ეს საკუთარი გამოცდილებით უწყის. რომელიმე გრძნობის მეშვეობით რომ რაიმე მაცდუნებელი არ აღიქვა, ეს ადვილია, მაგრამ აღქმისას წარმოსახვისა დ მეხსიერების მართვა - ძალზე ძნელი. მაგალითად, ვინმეს სახის დანახვა-არდანახვა, ვნებიანად თუ უვნებოდ შეხედვა, არც ძნელია და არც დიდ ბრძოლას საჭიროებს. ხოლო მას შემდეგ, რაც დაინახავ ან ვნებით შეხედავ, დიდი ბრძოლა და გმირობაა საჭირო, რომ მეხსიერებიდან ამოშალო იქ აღბეჭდილი სახე. მტერს შეუძლია ბურთივით ათამაშოს შენი სული, ყურადღება ერთი მოგონებიდან მეორეზე გადაისროლოს. ამ დროს სურვილები და გრძნობები მოძრაობაშია და შენი განწყობაც ვნებიანია. ამიტომ გეუბნები, გამხნევდი და ყველაზე მეტად წარმოსახვასა და მეხსიერებაზე გაამახვილე ყურადღება.


თავი 27
ქრისტეს მებრძოლი ყოველნაირად უნდა ერიდოს წუხილს და
გულის მშფოთვარებას, თუ მტერზე გამარჯვება სურს

როდესაც გულის სიმშვიდეს დაკარგავს, ყველა ქრისტიანის გადაუდებელი ვალია, ყველა ხერხი იღონოს მის აღსადგენად. არასოდეს დაუშვას, რომ მიმდინარე ცხოვრების ყოფითმა მოვლენებმა აამღვრიონ ეს სიმშვიდე. ჩვეულებრივ, ესენია: ავადმყოფობები, ახლობელთა გარდაცვალება, ომები, ხანძრები, მოულოდნელი სიხარული, შიში და მწუხარება, წარსულის შეცდომათა და ქმედებათა გახსენება, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც აღელვებს და წუხილს ჰგვრის გულს. ამ დროს არ უნდა აღელდე, რადგან აღელვებული ადამიანი საკუთარ თავს ვეღარ ფლობს და მოვლენების ნათლად ხედვისა და შესაბამისი ქმედებების უნარს ჰკარგავს. ეს კი მტერს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტად ააღელვოს იგი და რაიმე გამოუსწორებელი, ან და ძნელად გამოსასწორებელი ნაბიჯი გადაადგმევინოს.

იმის თქმა კი არ მსურს, მწუხარებები არ დაუშვა-მეთქი, ეს ჩვენს ხელთ არცაა. ნუ მისცემ საშუალებას მწუხარებას, შენს გულს დაეუფლოს და ააფორიაქოს. ეცადე, გულს გარეთ შეაჩერო იგი და იმდენად მოარბილო და მოათვინიერო, რომ ჯანსაღი განსჯა და სამართლიანი მოქმედება დაგანებოს. ღვთის შეწევნით ეს ხელგვეწიფება, თუ ჩვენში ზნეობრივ-რელიგიური გრძნობა და განწყობა შესუსტებული არ არის.

მწუხარებათაგან ყველა თავისებურია და მათ საწინააღმდეგოდაც სხვადასხვა ხერხის გამოყენებაა საჭირო. ამჯერად მათ ზოგად თვისებაზე მოგახსენებ - შეაშფოთონ და ააღელვონ სული. ვეცდები ამ ზოგადის საწინაღმდეგო საშუალება შემოგთავაზო. ესაა რწმენა კეთილი განგებულებისა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას, მთელი თავისი შემთხვევითობებით, საკუთრივ ჩვენთვის კეთილად წარმართავს. ესაა ღვთის ნებისადმი დიდსულოვანი მორჩილება, რის გამოც სულის სიღრმიდან აღვავლენთ: იყავნ ნება შენი! დაე, ისე იყოს, როგორც უფალი ინებებს და ეს ჩვენდა სასიკეთოდ იქნება.

ამ სიკეთეს ადამიანები განსხვავებულად შეიცნობენ და შეიგრძნობენ. ზოგი აღიარებს, რომ ღვთის სახიერებას იგი სინანულისკენ მიჰყავს; მეორე გრძნობს, რომ საკუთარი ცოდვებისგან განსაწმენდად ატარებს საღვთო ეპიტიმიას; მესამე ფიქრობს, ალბათ, უფალი გამომცდის, წრფელად ვემსახურები თუ არა; მას, ვინც მწუხარე ადამიანს გვერდიდან აკვირდება, შეიძლება ჰგონია, რომ ეს ღვთისგანაა დაშვებული. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ მწუხარებათა დასრულებისა და ღვთის აშკარა და პირდაპირი შემწეობის შემდეგ ჩნდება ხოლმე. დამწუხრებული ადამიანის გულში მხოლოდ პირველი სამი გრძნობა შიძლება არსებობდეს. და სამივე ისეთი თვისებისა და ძალის მქონეა, რომელიც უნდა შევიდეს გულში, ნებისმიერი მათგანი ადვილად ჩააცხრობს წუხილის ტალღას და სიმშვიდეს დაამკვიდრებს.

აი, მწუხარეაბათა თავდასხმისგან გულის დასამშვიდებელი ზოგადი საშუალებაც: ყოველნაირად განიმტკიცე რწმენა ღვთის კეთილი განგებულების შესახებ და სულში ღვთის ნებისადმი მორჩილება გააცოცხლე. გული ასეთი აზრებით აღივსე და აიძულე შეიგრძნოს, რომ ამჟამინდელი მწუხარებით უფალი გამოგცდის, ან განსაწმენდად ეპიტიმიას გადებს, სინანულისკენ გიბიძგებს ზოგადად, ან უკვე დავიწყებული გამოუსწორებელი საქმის გამო. როგორც კი გული ასე განეწყობა, მწუხარება მაშინვე ჩაცხრება და საშუალებას მოგცემს, ამის კვალდაკვალ ორი დანარჩენი შეგრძნეაბც გაითავისო. სამივე ერთად კი გულს ისეთი სიმშვიდითა და კრძალვით აღგივსებს, რომ შეუძლებელი იქნება, არ აღმოთქვა: კურთხეულ იყოს სახელი უფლისა უკუნისამდე! ეს გრძნობები ისე ჩააცხრობენ გულის მწუხარებას, როგორც ღელვის დასასრულს ზღვაზე დიდებული მყუდროება დაისადგურებს ხოლმე.

ასე დააშოშმინე ხოლმე გული, რაც უნდა აღელვებული იყოს. თუ საკუთარ თავზე ხანგრძლივი შრომითა და სულიერი ღვაწლით გულში მსგავს გრძნობებს დაამკვიდრებ, ისე რომ, მათ აღავსონ იგი, მაშინ არანაირი მწუხარება აღარ შეგაშფოთებს. ასეთი განწყობა საგულდაგულოდ დაგიცავს მისგან. მაგრამ არ იფიქრო, რომ სევდა-წუხილი საერთოდ აღარ მოგეკარება, არა, შემოგიტევს, მაგრამ მაშინვე უკან დაიხევს, როგორც ზღვის ტალღები კლდოვანი ნაპირისგან.


თავი 28
როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბრძოლაში დავიჭრებით

როდესაც საკუთარი უძლურების ან უზნეობის გამო ცოდვით დაეცემი და დაჭრილი ხარ (ვგულისმხმობთ საპატიებელ ცოდვებს: შეუფერებელი სიტყვის წამოცდენა, გაბრაზება, გონებაში ცუდი აზრის გაელვება, უჯერო სურვილის აღძვრა და სხვ.), ნუ იქნები სულმოკლე და ნუ აფორიაქდები. ნუ გაამახვილებ ყურადღებას საკუთარ თავზე და ნუ იტყვი: როგორ მოვითმინე ეს, როგორ დავუშვი?! - ეს საკუთარ თავზე ამაყი წარმოდგენის ამოძახილია. პირიქით, დამდაბლდი და უფალს მინდობილმა მთელი გრძნობით წარმოთქვი: „მეტს რას უნდა ელოდო ჩემგან, უფალო, ასეთი უძლურისა და უზნეოსაგან“. და მაშინვე მადლობა შესწირე ღმერთს, რომ ამჯერად ამით დასრულდა შენი დაცემა. აღიარე: „რომ არა შენი უსაზღვრო სახიერება, უფალო, ალბათ, არ შევჩერდებოდი და უარეს ცოდვაში ჩავეფლობოდი“.

თუმცა ასეთი გრძნობისა და განცდისას იფრთხილე და უზრუნველობა და მაამებლობა არ შემოგეპაროს, რომ რადგან ასეთი ხარ, უფლებაც გაქვს, რაიმე შეუფერებელი ჩაიდინო. მიუხედავად შენი უძლურებისა და უზნეობისა, ყოველივე შეუფერებელი, რასაც აკეთებ, დანაშაულად გეთვლება. რადგან საკუთარი ნება გაგაჩნია, ყველაფერი, რაც შენგან მომდინარეობს, შენივე ნებელობით ხდება და, როგორც სიკეთეს იწონებ, ასევე სიავე შეიძაგე. ამიტომ, როდესაც საკუთარ უკეთურებას შეიცნობ, დანაშაულიც აღიარე. განსაჯე და დაამუნათე თავი, მხოლოდ საკუთარი თავი. სხვაგან ნუ დაუწყებ დამნაშავეს ძებნას. არც გარშემომყოფნი, არ მოვლენათა მიმდინარეობა არაა დამნაშავე შენს ცოდვაში. დამნაშავე მხოლოდ შენი ბოროტი ნებაა, ამიტომ საკუთარი თავი დაამუნათე.

მაგრამ ნურც მათ დაემსგავსები, ვინც ამბობს: დიახ, მე ჩავიდინე ეს, მერედა რა? - არა გაცნობიერებისა და საკუთარი თავის დამუნათების შემდეგ ღვთაებრივი სიმართლის წინაშე უნდა წარდგე. იჩქარე, რომ სინანულმა გაიღვიძოს, გაიღვიძოს გულშმუსვრილებისა და ტკივილის განცდამ, არა ცოდვით საკუთარი თავის დამცირების, არამედ ამ ცოდვით ღვთის შეურაცხყოფის გამო. უფალმა ამხელა სახიერება გამოიჩინა, სინანულისკენ მოგიწოდა, ძველი ცოდვები შეგინდო, ღვთაებრივ საიდუმლოთა მადლს მიგაახლა, ჭეშმარიტი გზა გიჩვენა და თავადვე მიგიძღვის ამ გზაზე.

რაც უფრო ღრმაა გულშემუსვრილება, მით უკეთესი. მაგრამ რაც უნდა ძლიერი იყოს ეს გრძნობა, შეწყალების იმედი არ გადაიწურო. შეწყალება აქვეა, მთელი ცოდვები ჯვარზეა გამოსყიდული. უფალი მხოლოდ თითოეულის სინანულს ელის, რათა მათაც მთელი მსოფლიოს ცოდვების ჯვრით აღხოცვის ძალა მიანიჭოს. ასეთი სასოებით, სულითა და ხორცით დაემხე და შეჰღაღადე: შემიწყალე უფალო, შენი უდიდესი სახიერების გამო, - და ნუ შეწყვეტ ღაღადს, ვიდრე თავს შენდობილ დამნაშავედ არ იგრძნობ და, ვიდრე წყალობა და დანაშაული ერთ გრძნობად არ შეერთდება.

ეს მადლი ბოლოს ყველა მონანულზე გადმოდის. მაგრამ მას თან უნდა ახლდეს აღთქმის განმტკიცებული გადაწყვეტილება, რომ არ ვუშღავათებთ და დავიცავთ თავს არა მარტო დიდი, მცირე ცოდვებისგანაც. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ღვთის წინაშე გულმოდგინე ლოცვა, რათა მადლი და შემწეობა მოგვანიჭოს. როდესაც საკუთარი ძალების ამგვარ არასაიმედოობას გამოცდი, თავისთავად წამოვა გულიდან ამოძახილი: გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა.

ყოველივე ეს - თვითგანსჯა, შემუსვრილება, შეწყალებისათვის მსასოებელი ლოცვა, გამამხნევებელი გადაწყვეტილება მომავალში სიფხიზლის შესახებ და მადლის მიერი შემწეობის გამოთხოვა - მუდმივად უნდა გიტრიალებდეს შინაგანად, როდესაც თვალით, სმენით, ენით, აზრით, გრძნობით შესცოდავ. ყოველწამიერად გულწრფელი სინანულით მოინანიე ღვთის წინაშე და გულში უღიარებელი ცოდვის ნასახიც არ დაიტოვო. თუ ისევ დაეცემი, იგივე მოიმოქმედე და, თუნდაც უამრავჯერ შესცოდო, ამდენჯერვე განიწმინდე სული ღვთის წინაშე. თუ შესაძლებლობა გაქვს, საღამოს ყველაფერი სულიერ მოძღვარს მოუყევი. ხოლო თუ იმავე საღამოს ვერ შეძლებ, მაშინ, როდესაც შემთხვევა მოგეცემა. სულიერი მოძღვრის წინაშე ასეთი აღსარება და გულის გადაშლა ჩვენს ბრძოლაში ყველაზე სასიკეთოა.

არაფერი ისე არ აფრთხობს მტერს და არ განაქარვებს მის მზაკვრობას, როგორც ასეთი ქმედება. სწორედ ამიტომ ის გარეგნულ და შინაგან წინააღმდეგობებს აძლიერებს - შინაგანად აზრებისა და გრძნობების, გარეგნულად სხვადასხვა შემთხვევისა და შეხვედრის მეშვეობით. როდესაც ბრძოლაში ჩაებმები, ამ დაბრკოლებებს თავადვე იხილავ. მხოლოდ ერთს შეგახსენებ: მტერი დაჟინებით ცდილობს ჩაგაგონოს, რომ მაშინვე, შეცოდებისთანავე კი არ განიწმინდო შინაგანად, სულ ცოტათი მოიცადო. არა ერთი დღე ან ერთი საათი, არამედ - სულ ცოტა. მაგრამ როგორც კი ამ აზრს დაეთანხმები, იქვეა ჩასაფრებული მეორე ცოდვა; ენით შეცოდებას თვალით ან გრძნობის სხვა ორგანოთი შეცოდება მოჰყვება და შენდაუნებურად გადადებ მისგან განწმენდას, რადგან ჯერ წინა შეცოდებაა ჩამოსარეცხი. ასე გაგრძელდებ მთელ დღეს და, ცოდვებით აგევსება სული. საღამოს კი, როდესაც სინანულით განწმენდას მოისურვებ, სულში უამრავი დაცემისგან გამოწვეული ფორიაქის, ხმაურისა და უკუნის გარდა ვერაფერს შეამჩნევ. სული მტვრით ამოვსებულ ან ჭუჭყისგან ამღვრეულ წყალს დაემსგავსება. ვერაფერს გაარჩევ და საერთოდაც შეწყვეტ სინანულს, სულიც კვლავ მშფოთვარე და დაბინდული დარჩება. ამის გამო საღამოს ლოცვაც დაუდევრად ჩაივლის და ცუდი სიზმრებიც შეგაწუხებს. ამიტომ წამითაც არასოდეს გადადო შინაგანი განწმენდა, როგორც კი საკუთარ თავს რაიმე უკეთურებას შეამჩნევ.

მეორე, რასაც მტერი ჩაგვაგონებს, ისაა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი გავუმხილოთ სულიერ მოძღვარს. არ მოუსმინო ასეთ აზრებს, პირიქით, ყველაფერი აღიარე. რამდენადაც დიდია ასეთი გამხელის სიკეთე, იმდენად და უფრო მეტადაც ძლიერია ზიანი დამალვის გამო. ხოლო ის, რაც დავფარეთ, ჩვენში რჩება და მუდმივად თან გვდევს.


თავი 29
როგორ წარმართავს სატანა სულიერ ბრძოლას ადამიანთა წინააღმდეგ
და როგორ აცდუნებს განსხვავებული ზნეობის მქონეთ

საყვარელო, იცოდე, სატანა მხოლოდ იმას ცდილობს, როგორ დაღუპოს თითოეული ჩვენგანი. საამისოდ არაერთგვაროვანი ხერხებითა და საშუალებებით იბრძვის. ეს რომ შენთვის ნათელი და ადვილად გასაგები იყოს, ზნეობრივი მდგომარეობის მიხედვით ხუთი ტიპის ადამიანს წარმოგიდგენ და მტრის შესაბამისი მზაკვრობის, ხერხისა და საცდურის შესახებ გეტყვი. მდგომარეობები ასეთია: ერთნი ცოდვას არიან დამონებულნი და აზრადაც არ მოსდით მისგან განთავისუფლება; მეორენი თუმცა სურთ და ფიქრობენ კიდეც თავის დახსნაზე, საამისოდ არაფერს აკეთებენ; ზოგი ცოდვებისაგნ განთავისუფლებისა და სათნოებების მოხვეჭის შემდეგ კვლავ ეცემა და დიდ ზნეობრივ გახრწნილებამდე ეშვება. ამ უკანასკნელთაგან ერთნი, საკუთარი თავით მოხიბლულნი, ფიქრობენ, რომ ამის მიუხედავად, მაინც სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან; მეორენი უდარდელობის გამო სათნოებების გზიდან გადაუხვევენ ხოლმე; სხვანი კი საკუთარ სათნოებას თავისთვისვე ბოროტების მიზეზად და საბაბად აქცევენ.

ყველა მათგანზე მტერი თითოეულის განწყობილების მიხედვით მოქმედებს.


თავი 30
როგორ განამტკიცებს სატანა ცოდვილთ ცოდვის მონობაში

როდესაც სატანა ვინმეს ცოდვის მონობაში ამყოფებს, განსაკუთრებით ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დაუბნელოს და დაუბრმავოს სული. მისგან იმ კეთილ გულისსიტყვებს განაგდებს, რომელთაც ძალუძთ ადამიანს საკუთარი ყოფის დამღუპველი არსი შეაცნობინონ. და არამარტო კეთილ გულისსიტყვებს განაშორებს მისგან, რომელთაც შეეძლოთ სინანული აღეძრათ ცოდვილში და სათნოებებისკენ შემოებრუნებინათ, მათ მაგივრად ბილწ და გამრყვნელ გულისსიტყვებსაც მოუვლენს. ამასთანავე, ცოდვისთვის ხელსაყრელ საბაბს აძლევს და ხშირად უფრო მძიმე შეცოდებითაც დასცემს. ამიტომ საბრალო ცოდვილი სულ უფრო ბრმავდება და ბნელდება. სიბრმავე მასში უფრო ხშირი და მუდმივი შეცოდების ჩვევას ამკვიდრებს. ის უბედურიც, ცოდვისგან სიბნელეში ჩათრეული, ისე ტრიალებს, როგორც მორევში. და ასე გასტანს სიკვდილამდე, თუ გადასარჩენად ღვთის განსაკუთრებული მადლი არ გარდამოევლინება.

ვისაც ამგვარი უბედური მდგომარეობიდან თავდახსნა სურს, დაუყოვნებლივ უნდა ყურად იღოს კეთილი აზრი, ანუ შთაგონება, როგორც კი ეს უკანასკნელი მოუხმობს. ეს ხმა სიბნელიდან სინათლისა და ცოდვიდან სათნოებისაკენ მომწოდებელია. მაშინვე გულმოდგინედ უნდა შეუდგეს საქმეს და გულის სიღრმიდან შესთხოვოს ყოველივე სახიერის უხვად მომნიჭებელს: „შემეწიე უფალო ღმერთო ჩემო, მსწრაფლ შემეწიე და ნუღარ დამტოვებ ცოდვის უკუნში“. დაე, ნუ დაიღლება ადამიანი ამგვარი ან სხვა სიტყვებით მოწოდებისას. ამასთანავე, მიწიერი შემწეობაც ეძიოს, რჩევისა და ხელმძღვანელობისათვის საქმის მცოდნეთ მიმართოს, რათა წარმატებით განთავისუფლდეს ცოდვის მონობისგან. თუ ამის გაკეთება მაშინვე არ არის შესაძლებელი, გააკეთოს, როდესაც შეძლებს; ოღონდ ნუ შეწყვეტს ჩვენთვის ვნებული მაცხოვრისა და მისი ყოვლადწმიდა დედის - ღვთისმშობლის მოხმობას. იგი შეიწყალებს და მსწრაფლშემწეობას არ მოაკლებს. უწყოდეს, რომ მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს და დაძლევს მტერს, თუ ამ საქმეს არ გადადებს და კეთილ შეგონებასაც მყისვე ყურად იღებს.


თავი 31
როგორ ამყოფებს მტერი თავის ბადეში მას, ვინც საკუთარი გაჭირვებული
მდგომარეობა იცის და თავდახსნაც სურს, მაგრამ საქმეს ჯერ არ შესდგომია;
და რატომაა, რომ ჩვენ კეთილი ზრახვები ხშირად არ სრულდება

მტერი ცდილობს, მას, ვინც საკუთარი ყოფის სიავე და უბედურება შეიცნო, თავისი ძალაუფლება ასეთი უბრალო, მაგრამ ძლიერი შეგონებით მოახვიოს თავს: „შემდეგ, შემდეგ, ხვალ, ხვალ“. ამგვარი ჩაგონებით მოხიბლული საბრალო ცოდვილიც გადაწყვეტს: „მართლაცდა, ხვალ. ახლა საქმეებს მოვიმთავრებ და შემდეგ უკვე სრული უზრუნველობით დავემორჩილები ღვთის მადლს და უყოყმანოდ შევუდგები სულიერ ცხოვრებას. ახლა ამას და ამას გავაკეთებ, ხვალ კი მოვინანიებ“. ჩემო ძმაო, მტერი სწორედ ამ მახით ღუპავს ბევრს და მთელი ქვეყანა უპყრია ხელთ. ჩვენი მცონარება და სიბრმავეა იმის მიზეზი, რომ ეს ბადე მტკიცედ გვავლია გარს. უდებებისა და სიბრმავის გარდა ვერაფრით ავხსნით იმას, რომ ისეთ მნიშვნელოვან რაიმეს, რაზედაც ჩვენი ცხონება და ღვთის დიდების მოვლინებაა დამოკიდებული, მყისვე არ ჩავჭიდებთ ხელს, როგორც ყველაზე უბრალო და მსუბუქ, ამასთანავე, ყველაზე ქმედით იარაღს; მაშინვე მთელი ენერგიითა და სიმხნევით არ ვეტყვით საკუთარ თავს: „ახლავე! ახლავე ვიწყებ სულიერ ცხოვრებას და არა შემდეგ. ახლა მოვინანიებ და არა ხვალ. დღევანდელი დღე ჩემს ხელთაა. ხვალე და შემდგომი კი ღმერთს ეკუთვნის. მაგრამ თუ ღმერთი ინებებს და მიბოძებს ხვალეს და შემდეგს, შეიძლება კი დარწმუნებული ვიყო, რომ მაშინაც მეწვევა ცხოვრების გამოსწორების კეთილი აზრი?“ როდესაც სენის განსაკურნავად უებარ წამალს გთავაზოებნ, განა უაზრობა არ იქნება, თქვა: „მაცადეთ, ცოტას კიდევ ვიავადმყოფებ“. ჩვენი ცხონების გზაზე გადადება სწორედ ამგვარ რაიმეს ემსგავსება.

მაშ, თუ გსურს, მტრის ხიბლს თავი დააღწიო და დაამარცხო იგი, მყისვე მის წინააღმდეგ საიმედო იარაღს ჩასჭიდე ხელი. მაშინვე ყურად იღე და საქმით დაემორჩილე ღვთისგან ჩანერგილ კეთილ ზრახვებსა და ჩაგონებებს, რომლებიც სინანულისკენ მოგიწოდებენ. მცირე ხნითაც ნუ შეყოვნდები და ნუ მისცემ უფლებას საკუთარ თავს, თქვას: „მტკიცედ გადავწყვიტე მოვინანიო ცოტა ხნის შემდეგ და არ გადავუხვევ ამ აზრს“. ნუ მოიქცევი ასე, მსგავსი გადაწყვეტილება ყოველთვის მაცდუნებელი აღმოჩნდება ხოლმე. ბევრი, ვინც ასე ფიქრობდა, სხვადასხვა მიზეზის გამო ცხოვრების ბოლომე მოუნანიებელი დარჩა.

ა) ამ მიზეზთაგან პირველი ის გახლავთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები დაფუძნებული არაა საკუთარი თავის უნდობლობასა და ღვთისადმი მტკიცე სასოებაზე. ამიტომ ჩვენთვის უცხო არაა საკუთარ თავზე ამაყი წარმოდგენა, რის უშუალო შედეგიცაა ჩვენგან ღვთის მადლისმიერი შემწეობის განშორება და ამის გამო გარდუვალი დაცემა. ვინც გადაწყვეტს, ხვალ აღარ შევცოდავო, მას ყოველთვის საწინააღმდეგო რამ ემართება - აღმასვლის მაგივრად ცოდვით ეცემა და ერთ შეცოდებას მეორე მოსდევს. ღმერთიც განგებულებით ხანდახან დაუშვებს ამას, რათა თავდაჯერებულ ადამიანს საკუთარი უძლურება დაანახვოს და უფლისთვის შემწეობის სათხოვნელად აღძრას; რათა მან საკუთარი თავის ყოველგვარი იმედი უკუაგდოს და მოიკვეთოს. ადამიანო, გსურს იცოდე, როდის იქნება შენი გადაწყვეტილებანი მტკიცე და კეთილსაიმედო? - როდესაც საკუთარი თავის არანაირი იმედი არ გექნება და მხოლოდ ღვთისადმი მორჩილებასა და მტკიცე სასოებას შეიძენ.

ბ) მეორე მიზეზი ისაა, რომ ასეთი გადაწყვეტილებებისას, ჩვენს თვასწინაა და ჩვენს თუნდაც სუსტ ნებას იზიდავს სათნოებების გარეგნული მიმზიდველობა და სინათლე, ხოლო მათი სირთულენი, რა თქმა უნდა, მხედველობიდან გამოგვრჩება ხოლმე. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ დღეს სათნოებების სილამაზის სურვილი ატყვევებს ნებას, ხვალ, როდესაც ჩვეული საქმე და საზრუნავი მოგვეძალება, ეს სურვილიც შესუსტდება, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გვემახსოვრება. სურვილის შესუსტებისას ნებაც სუსტდება და საკუთარ ბუნებრივ უძლურებას უბრუნდება. გარდა ამისა, წინ წამოიწევს და თვალწინ წარმოგვიდგება სათნოებების მოპოვების მთელი სირთულე. სათნოებების გზა თავისი არსით მართლაც ძნელია და ყველაზე მეტად ამ გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმა ჭირს. თუნდაც ის, ვინც გუშინ გადაწყვიტა, დღეს შესდგომოდა ამ გზას და აპირებს კიდეც, - საკუთარ თავში საყრდენს ვეღარ მოიძევს კეთილ საქმეთა აღსასრულებლად: სურვილი არ იქნება მხურვალე, ნება შესუსტდება, თვალწინ მხოლოდ დაბრკოლებები წარმოუდგება - საკუთარი თავისგან, ყოფიერისა თუ სხვებისგან მომდინარე. ამიტომაც გადაწყვეტს: ცოტას მოვიცდი, ძალებს მოვიკრებ, - დღე დღეს მიჰყვება და ასე შეიძლება მთელი ცხოვრება გალიოს. მაგრამ გუშინვე რომ შესდგომოდა საქმეს, როდესაც გამოსწორების გამამხნევებელი სურვილი გაუჩნდა, ამ მოთხოვნილების მიხედვით რომ შეეცვალა ცხოვრება, დღეს სურვილი და ნება ასე არ დასუსტდებოდნენ და პირველივე დაბრკოლების წინაშე უკან არ დაიხევდნენ. დაბრკოლებები არ დაილევა, და თუ საკუთარ თავში საყრდენს მოიძევდა, ძნელად, მაგრამ მაინც გადალახავდა მათ. ამას თუ მთელ დღეს მოანდომებდა, მეორე დღეს ნაკლებად იგრძნობდა მათს სიმძიმეს, მესამე დღეს - უფრო ნაკლებად და თუ ასე გააგრძელებდა, სათნოების გზასაც დაადგებოდა.

გ) თუ ცოდვისგან გამოფხიზლებული კეთილ ზრახვებს შეუსრულებლად დატოვებ, ისინი ადვილად აღარ გეწვევიან. და რომც გეწვიონ, ძველებური სიძლიერით აღარ იმოქმედებენ ნებაზე. ნებაც ისე სწრაფად აღარ მოიმართება მათს აღსასრულებლად, და თუ გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, სუსტსა და ნაკლებად ენერგიულს. ხოლო როდესაც ძლიერ სურვილს ადამიანი ხვალამდე გადადებს, შემდეგ კი სულ დაკარგავს, მომავალში მათი დავიწყება უფრო გაუადვილდება, რაც ხშირად გადავდებთ კეთილი სურვილების აღსრულებას, მით უფრო შესუსტდება მათი მოქმედება. შემდეგ ეს სურვილები მთლად უმოქმედონი გახდებიან, უკვალოდ გაჩნდებიან, გაქრებიან და საბოლოოდ, აღარც მოვლენ. ადამიანი სრულიად დაეცემა. გული გაუუხეშდება და კეთილი ზრახვების მიმართ ზიზღი გაუჩნდება. ასე მივყავართ გადადებას საბოლოო სიკვდილამდე.

ერთსაც შევნიშნავ, დაყოვნებას მხოლოდ მაშინ კი არ მოაქვს ზიანი, როდესაც ცუდი ცხოვრების კეთილად შეცვლის შინაგანი იძულება ჩნდება, არამედ მაშინაც, როცა კაცი წესიერია, მოულოდნელად სიკეთის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა, ის კი სახვალიოდ, ანდა განუსაზღვრელი დროით გადადებს. ამ დროს იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაზედაც ვისაუბრეთ და იგივე შედეგს ვიმკით. იცოდე, ვინც ხელიდან უშვებს სიკეთის კეთების შესაძლებლობას, არა მარტო ვერ მიიღებს ნაყოფს იმ სიკეთისას, რომელიც შეეძლო გაეკეთებინა, არამედ ღმერთსაც შეურაცხყოფს. უფალი მას გაჭირვებულს უგზავნის, ის კი ეუბნება: „გამეცალე, მერე“. მართალია, ადამიანს პასუხობს, მაგრამ ეს ღვთისთვისაა ნათქვამი, ვინაც ეს ადამიანი გამოუგზავნა. უფალი გაჭირვებულისთვის სხვა კეთილისმყოფელს მონახავს, უარის მთქმელი კი უპასოხოდ არ დარჩება.


თავი 32
მტრის ხრიკები იმათ წინააღმდეგ, ვინც კეთილ გზაზე შედგა

და თუნდაც ვინმემ პირველი ორი დაბრკოლება გადალახოს, ცოდვის ბორკილებისგან განთავისუფლება მოისურვოს და მოქმედებასაც შეუდგეს, მტერი მაინც არ დატოვებს. ის მხოლოდ ტაქტიკას ცვლის, თუმცა კვლავ სურს და ცდილობს, რომელიმე ცოდვით დასცეს და დაღუპოს. წმიდა მამები ასეთ ადამიანს ყოველი მხრიდან დაისრულს გამოხატავდნენ - ზემოდან და ქვემოდან, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, წინიდან თუ უკნიდან მოფრინავენ ისრები. ზემოდან მომავალი ისრები მტრის ჩაგონებაა სულიერი ღვაწლის უზომო სიძნელეების შესახებ; ისრები ქვემოდან ჩააგონებს, თვითსიბრალულის, მცონარებისა და უზრუნველობის გამო შეამცირონ ან და საერთოდ მიატოვონ ღვაწლი; მარჯვნიდან წამოსული ისრები მტრის ცდუნებას ნიშნავს, როდესაც რაიმე კეთილი საქმის ან წამოწყების გამო ცდილობს, განსაცდელი მოგვივლინოს და ცოდვით დაგვცეს; მარცხინდან - როცა მტერი აშკარად წარმოგვიდგენს საცდურს და ცოდვისკენ გვიბიძგებს; წინიდან - როცა მტერი გვაცდუნებს და გვარცხვენს ყოფითი გულისსიტყვებით; ზურგიდან მომავალი ისრები წარსული საქმეებისა და მოვლენების გახსენებით გვაცდუნებენ და გვაშფოთებენ. და ყველა ეს მაცდური გულისსიტყვა ან შინაგანი გზით, ან გარეგანად მიეზრდება სულს: შინაგანად ფანტაზიის მიერ ცნობიერებაში აღბეჭდილი სახეებითა და წარმოდგენებით, გულში უჯერო აზრების ჩასახვით, რასაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ვნებათა აღძვრა. გარეგნულად - გარეგანი გრძნობების შთაბეჭდილებებით, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, მუდმივად გვაწყდება. მტერს შემწედ ჰყავს ჩვენი ძველი ცოდვიანი ჩვევები და დაცემით დაზიანებული ჩვენი ბუნება. შეუძლია, ამდენი საშუალება გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ და ამიტომ პირველი წარუმატებლობის შემდეგ სულაც არ ფერხდება; მუდმივად ცდილობს, ბრძოლაში ჩართოს ხან ერთი, ხან მეორე საშუალება და დააზიანოს და გზას ააცდინოს ქრისტეს ერთგული მსახური.

როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, დატოვოს ბოროტების გზა და ასევე იქცევა, მტერი, უპირველესად, ცდილობს, განწმინდოს სამოქმედო არეალი, რათა ხელი არავინ შეუშალოს. ამას წარმატებით ახერხებს კიდეც, როდესაც სიკეთის გზაზე შემდგარს ჩააგონებს, მარტომ, თავისით იმოქმედოს და ყური არავის რჩევას არ ათხოვოს, ვინც ღვთისსათნო ცხოვრებაში უხელმძღვანელებდა. მას, ვინც თავის შინაგან თუ გარეგან ქმედებას ერის ეკლესიებში - მღვდლებს, ხოლო სავანეში გამოცდილ მოძღვრებს ანდობს, მტერი ვერაფერს დააკლებს. ბოროტმა რაც უნდა მოიმოქმედოს, გამოცდილი თვალი ადვილად შეამჩნევს და თავის მოწაფეს დაიფარავს. ასე გაცამტვერდება მისი მზაკვრობა. ხოლო ვინც ზურგს შეაქცევს კეთილისმყოფელ ხელმძღვანელს, ბოროტი მყის თავბრუს დაახვევს და გეზს დაუკარგავს. საამისოდ ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რაც ცუდი არ გვგონია და სწორედ მათ ჩაგვაგონებს მტერი. გამოუცდელი ახალბედაც უჯერებს და ალყაში ექცევა. აქ იგი უკვე დიდ ხიფათს წააწყდება ანდა საბოლოოდ დაიღუპება.

მტერი იმასაც ცდილობს, რომ ახალბედა არა მხოლოდ ხელმძღვანელის, შემწეობის გარეშეც დატოვოს. რჩევისა და ხელმძღვანელობის გარეშე ცხოვრებას შეჩვეული ადამიანი მალე ასკვნის, რომ საქმისა და ღვთისსათნო ღვაწლისათვის სხვის დახმარებას სულაც არ საჭიროებს. მტერიც ხელს უწყობს ასეთი დასკვნის გამოტანას, ფარულად მოქმედებს და თავს არ ესხმის ახალდამწყებს. ეს უკანასკნელიც, იგრძნობს რა ამგვარ თავისუფლებასა და შეღავათს, ოცნებობს, რომ ასეთი კეთილსაიმედო მდგომარეობა მისი ძალისხმევის ნაყოფია. შედეგად ადამიანი მოსვენებას ეძლევა და ლოცვისას ზეციურ შემწეობას ნაძალადევად გამოითხოვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ლოცვანში ასე წერია. ხსნას არ ეძიებს და არც არსაიდან ჩანს. ასე რომ, ახალბედა მარტო რჩება, საკუთარი ძალების იმედად. ასეთს კი მტერი იოლად გაუმკლავდება.

ამგვარი ხიბლის შედეგად ზოგი უდროოდ იღებს თავზე საკუთარი ძალებისთვის შეუფერებელ შრომას. ასეთს პირველ ხანებში ძალას ჰმატებს თავდაჯერებულობით მოზღვავებული ენერგია და გარკვეული დროის განმავლობაში უძლებს კიდეც მძიმე ღვაწლს. შემდეგ ძალ-ღონე ელევა და ზომიერი შრომის ტვირთვაც აღარ ძალუძს, ხშირად კი ამაზედაც უარს ამბობს. სხვანი უფრო მეტად აღაგზნებენ თვითშემოქმედებით ენერგიას და იმგვარ თავდაჯერებულობამდე მიდიან, რომ ყველაფერი შესაძლებელი ჰგონიათ. ასე აღგზნებულნი დამღუპველ ნაბიჯს დგამენ: ამომშრალ ჭებში ცვივიან, კლდიდან თუ გამოქვაბულიდან ხტებიან, საერთოდ აღარ იღებენ საზრდოს და ა.შ. ყოველივე ამას მტერი ხიბლში მყოფთათვის შეუმჩნევლად აკეთებს.

ხიბლში მყოფთა კიდევ ერთი თვისებაა ის, რომ წარმატებას თავად მიიწერენ და საკუთარ თავს სხვადასხვა შეღავათისა და სისუსტის უფლებას აძლევენ. გარკვეულწილად საცდურია ის, რომ როდესაც ცხოვრებაში რაიმე სიახლე იწყება, დღეები თვეებად, კვირები კი წელიწადებად იქცევა ხოლმე. ასე ემერთება მონანულსაც. ამიტომ მას, ვინც ახლებურ ყოფას შეუდგება და შრომით დაიღლება, მტერი ადვილად ჩააგონებს: უკვე ამდენი ვიშრომე, ვიმარხულე, ღამეების განმავლობაში არ მძინებია, შეიძლება ცოტათი კიდეც დავისვენო. „დაისვენე, - უკიჟინებს ბოროტი, - მოასვენე სხეული, შეიძლება ცოტა კიდეც გაერთო“. როგორც კი გამოუცდელი ახალბედა ამაზე დათანხმდება, შეღავათს შეღავათი მოჰყვება და ბოლოს ღვთისსათნო ცხოვრების წესრიგი დაირღვევა. ადამიანი კვლავ ძველ, უდარდელ და მცონარა ცხოვრებას უბრუნდება და, როგორც იტყვიან, მხრებს ჩამოყრის.

ამ ცდუნებებით - სხვათა რჩევა-დარიგებების უგულვებელყოფით, წარმატების საკუთარ თავზე მიწერით, გადაჭარბებული ღვაწლით ანდა შეღავათებით - მტერი არა მარტო სათნო ცხოვრების დასაწყისში გვებრძვის, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცდილობს მსგავსი აზრების ჩაგონებას. ამიტომ თავადვე მიხვდები, ნებისმიერი საქმის კეთებისას რამდენად აუცილებელია სხვათა რჩევის გათვალისწინება. თუნდაც სულ მცირე წარმატებაც არასოდეს მიაწერო საკუთარ თავს, საკუთარ ძალებსა და გულმოდგინებას. ეცადე, თავი აარიდო ყოველგვარ გადაჭარბებას თუ სისუსტეს და ზომიერად, მაგრამ ენერგიულად და ხალისით იცხოვრე. ყურად იღე წმინდანთა მიერ უკვე დადგენილი და აღიარებული მაგალითები და თანამედროვე გამოცდილი ადამიანების დარიგება.


თავი 33
როგორ გვაშორებს მტერი კეთილ საქმეთ და წაახდენს მათ

მტერი მუდმივად ცდილობს, ამგვარი მზაკვრობით მოშალოს კეთილი ცხოვრების წესი. მას, ვინც მყარად დგას სათნოების გზაზე, მტერი განსხვაევბული ხერხითა და საცდურით ებრძვის. ამ დროს ბოროტი მთელი ცხოვრების განმავლობაში კი არა, დროდადრო მოქმედებს - თითოეული საქმისას, რასაც კი წამოიწყებს ღვთისმოყვარე ქრისტიანი.

დილიდან, თვალის ახელიდან დაღამებამდე, თუ სიზარმაცითა და უდებებით არ ვართ დაავადებულნი, გარშმორტყმულნი ვართ საქმეებით, რომლებიც ერთიმეორეს მოსდევენ და თავისუფალ დროს და ადგილს არ გვიტოვებენ. ამასთან არა მარტო ღვთისადმი ლოცვითი მისწრაფება, არა მარტო სხვათათვის აღსრულებული სიმართლისა და სიყვარულის საქმენი და თვითმოკვდინების გზაზე საკუთარ თავში სულისა და სხეულის თანასწორობის შენარჩუნება, არამედ ყოფითი საქმეებიც მკაცრი ყურადღებით, საცხოვნებლად, გულმოდგინედ და მხნედ უნდა კეთდებოდეს. მოშურნეთ ღმერთი ეხმარება ყველაფრის ჯეროვნად წარმართვაში; მადლით თანამოქმედებს და ანგელოზთა და წმიდანთა ლოცვებით იცავს. მაგრამ მტერსაც არ სძინავს. ყოველი საქმისას ცდილობს, როგორმე აამღვრიოს წყალი და საჭირო ქმედების ნაცვლად არასაჭიროზე მიგვმართოს: ხან საქმის დაწყებას უშლის ხელს, ხან მათი შეწყვეტა სურს, ხანაც, თუ ამას ვერ მოახერხებს, ცდილობს, ფუჭად დაასრულოს ისინი. და თუ აქაც ხელი მოეცარება, ცუდმედიდობასა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის აღძვრით ესწრაფვის ღვთის წინაშე მათ დამცირებას.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამის შესახებ ამბობს: „ნებისმიერი ქმედებისას, რომლითაც ვცდილობთ, სათნოვეყოთ ღმერთს, ეშმაკი სამ ორმოს გვითხრის: პირველ რიგში იბრძვის, წინ აღუდგეს ჩვენს კეთილ საქმეს. თუ პირველი თავდასხმისას დამარცხდა, შეეცდება, დასრულებული საქმე არ იყოს ღვთისთვის სათნო, ხოლო თუ ამ განხზრახვასაც ვერ აღასრულებს წარმატებით, მაშინ უკვე უხმოდ მოადგება ჩვენს სულს და თავს გვიქონავს, თითქოს ყველანაირად ღვთისსათნოდ ვცხოვრობდეთ. პირველ საცდურს ჩვენი მხურვალე მისწრაფება და სიკვდილის ხსოვნა ეწინააღმდეგება; მეორეს - სინანული და სიმდაბლე; ხოლო მესამეს - საკუთარი თავის მუდმივი დამუნათება. ესე არს შრომა ჩემ წინაშე, ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა (ფს. 72, 16-17), და ვიდრე ჩვენს სანათურში ღვთაებრივი ცეცხლი აენთება. მაშინ უკვე აღმოიფხვრება ჩვენში ბოროტი ჩვეულებები, რადგანაც ჩვენი ღმერთი არის ცეცხლი შთანმთქმელი (ებრ. 12,29) „ყოველნაირი ავხორცობის, ყოველი ბოროტი ჩვევის, განრისხების, შინაგანი თუ გარეგანი, ხილული თუ აზრობრივი სიბნელისა“ (სიტყვა, 26,8).

ყოველივეს დაწვრილებით აღწერა კალამს არ ძალუძს. გონებაში მხოლოდ ერთი აღიბეჭდე: მუდამჟამს, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საქმისას სათნოეყო ღმერთს და თავად ცხოვრება გასწავლის მტრის მზაკვრობის ნათლად დანახვას და გამოცნობას, აქვე რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებ, თუ როგორ გვიმღვრევს სულს ბოროტი, რათა გააუფასუროს ჩვენი საქმეები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს.

მაგალითად, როდესაც ავადმყოფი ცდილობს, მშვიდად გადაიტანოს სნეულება და ასეცაა განწყობილი, მტერმა უწყის, რომ ამით სნეული მოთმინებაში განმტკიცდება და ცდილობს, დაარღვიოს მისი კეთილგანწყობა. ამ მიზნით გონებაში წარმოუდგენს უამრავ კეთილ საქმეს, რომელთა აღსრულებასაც შეძლებდა, ასეთ მდგომარეობაში რომ არ იყოს; ცდილობს დაარწმუნოს, როგორ სარგებელს მოუტანდა საკუთარ თავსა და სხვებს, როგორ სათნოდ ემსახურებოდა ღმერთს, ჯანმრთელი რომ ყოფილიყო: ივლიდა ეკლესიაში, ისაუბრებდა, წაიკითხავდა, დაწერდა ახლობელთა დასამოძღვრად და ა.შ. როდესაც შეამჩნევს, რომ ასეთი აზრები შეწყნარებულია, მტერი უფრო ხშირად მოჰგვრის მათ, განამრავლებს, განამშვენებს და ადამიანში მსგავსი საქმეების აღსრულების სურვილსა და მისწრაფებას გააღვიძებს; წარმოუდგენს, თუ როგორი წარმატებით გაუძღვებოდა საქმეს და სინანულს მოჰგვრის, რომ ავადმყოფობითაა ხელ-ფეხშეკრული. ასეთი სურვილებისა და განწყობების სიხშირის შედეგად სინანული უკმაყოფილებასა და გულისდაწყვეტაში გადაიზრდება. უწინდელი დიდსულოვანი მოთმინება განქარდება და ავადმყოფობა უკვე ღვთის მიერ მოვლენილ კურნებად და მოთმინების მოსახვეჭ ასპარეზად კი აღარ აღიქმება, არამედ ცხონებისათვის არასასურველად. ავადმყოფს სნეულებისგან განთავისუფლების დაუძლეველი სურვილი უჩნდება და დარწმუნებულია, რომ ასე უფრო აღასრულებს კეთილ საქმეებს და სათნოეყოფა ღმერთს. ასეთ მდგომარეობაში მყოფს მტერი უჩუმრად ააცდენს კეთილსასურველ მიზანს და მხოლოდ ჯანმრთელობის სურვილს უტოვებს. ადამიანიც ავადმყოფობას სიკეთის გზაზე დაბრკოლებად კი არა, თავისთავად საძულველ მოვლენად აღიქვამს. შედეგად ძლიერდება მოუთმენლობა, რომელიც კეთილგონიერებით ვერ იკურნება და დრტვინვაში გადაიზრდწება, რაც სნეულს უწინდელ სიმშვიდესა და მოთმინებას წარსტაცებს. მტერი კი ამით ხარობს. ზუსტად ასე შეაშფოთებს, მოშლის ბოროტი ღატაკსაც, რომელიც მოთმინებით იტანდა საკუთარ ხვედრს და წარმოუსახავს, თუ როგორი სათნო საქმეებით განმშვენდებოდა იგი, სიმდიდრე რომ ჰქონოდა.

ასევე ცდილობს მტერი იმათ დამარცხებას, ვინც სავანეში ან რომელიმე ბერის მორჩილებაშია. არწმუნებს, რომ ასეთი ცხოვრებით დიდხანს ვერ მიაღწევენ სასრუველ სრულყოფილებას და მათში დაყუდების ან განდეგილობის სურვილს აღძრავს. ზოგჯერ მტრის ამგვარ ჩაგონებებს ემორჩილებიან ხოლმე, მაგრამ შემდეგ, განმარტოებისას, მცონარებენ და იმასაც ჰკარგავენ, რაც მორჩილებით შეიძინეს.

პირიქითაც ხდება: მტერი ახერხებს განდეგილობიდან და დაყუდებიდან მოაბრუნოს ზოგიერთი. ამ დროს ცდილობს დაარწმუნოს, რომ მათი ყოფა, მათთვისაც და სხვებისთვისაც, სრულიად უსარგებლოა, მაშინ, როცა სავანეში შეეძლო დღედაღამ სასარგებლო საქმე ეკეთებინა. როდესაც ასეთი მოღვაწე სავანეში მიდის საცხოვრებლად, ვერ ასწრებს სასარგებლო საქმის კეთებას და იმასაც კარგავს, რაც უდაბნოში მოსაგრეობით შეიძინა.

უამრავი სხვა შემთხვევაც ვიცით, როდესაც მტერი ცდილობს, ადამიანი ერთი სახის ქმედებას მოწყვიტოს სხვა, თითქოსდა უფრო სასარგებლო საქმეზე მიტყუებით. ამით კი ორივეს ჩაშლის ხოლმე.

ამ საცდურს ადვილად ის დააღწევს თავს, ვისაც გამოცდილი მრჩველი, ხელმძღვანელი და თანამოსაუბრე ჰყავს და მდაბალი მორჩილებით ასრულებს მათ რჩევა-დარიგებას. ხოლო ვინც ამგვარ სიკეთეს მოკლებულია, მან, დაე, ისწავლოს ავის კარგისგან გარჩევა იმ ქრისტიანული საწყისების მიხედვით, რომლებითაც უნდა წარიმართოს ჩვენი ცხოვერბა. თუ ჩვენს კეთილს საქმეს დაბრკოლება აღუდგება წინ, ჩვენი ნებით კი არა, ღვთისგან იქნება მომდინარე, თვინიერად მიიღე და ყურს ნუ ათხოვებ ჩაგონებას, აზრს, რომელიც მოთმინების გზიდან გადაგახვევინებს. ასეთ შემთხვევას ღმერთი გიგზავნის და შესაბამისი მოქმედების გარდა არაფერს მოელის შენგან. სნეული ხარ თუ ღატაკი, დაითმინე. უფალი მოთმინების გარდა არაფერს ითხოვს შენგან. თუ დიდსულოვნად დაითმენ, მუდამჟამს სიკეთეს აღასრულებ. უფალი მუდამჟამს იხილავს, რომ თუ მშვიდად იტან ყოველივეს, სიკეთესაც იქმ და სათნოდაც ცხოვრობ, მაშინ, როდესაც ჯანმრთელ ადამიანს მხოლოდ დროდადრო თუ მისდის საქმე კარგად. ამიტომ როდესაც შენი მდგომარეობის შეცვლას ესწრაფვი, კარგის ცუდზე შეცვლას ცდილობ.

თუ ვითარება, რომელშიც შემთხვევით აღმოჩნდი და რომელიც, შენი აზრით, ცუდად მოქმედებს კეთილ საქმეებზე, შენზედ იქნებოდა დამოკიდებული, ალბათ, განსჯიდი და ისე მიიღებდი გადაწყვეტილებას. უერთგულე ამ განსჯას და აზრებს გაფანტვის საშუალებას ნუ მისცემ. ეცადე, გულისყური იმ ერთზე გაამახვილო, რაც ჯერ-არს შენდა გასაკეთებლად. მშვიდად განაგრძე საქმე და მტკიცედ გჯეროდეს, თუ ყველაფერს უფალს მიუძღვნი და თვითგანდიდებაზე არ იზრუნებ, შენი ქმედება აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს და ღვთის მიერ შეიწირება, როგორც ყველაზე დიდი მსხვერპლი. და მშვიდად იყავი.


თავი 34
როგორ აქცევს მტერი სათნოებებს მოსაგრეთათვის საზიანოდ

თუნდაც მუდამ ერთგულად ხვიდოდე სათნოებების გზით და არც მარჯვნივ, არც მარცხინვ არ გადაუხვიო, ნუ იფიქრებ, რომ მტერი თავს დაგანებებს. ხომ მოისმინე იოანე კიბისაღმწერელის მაგალითი, როდესაც მტერი ხედავს, რომ მისი ყველა მცდელობა, ბოროტებისკენ მიგდრიკოს, უშედეგოა, უჩუმრად კვალდაკვალ გდევს და თავს გიქონავს, როგორც ყოველნაირად ღვთისსათნოდ მცხოვრებს. აი, ესაა მისი უკანასკნელი საცდური. ამის შედეგად ჩვენში ჩნდება საკუთარი თავისადმი თანაგრძნობა, თვითწარმოდგენა და თვითკმაყოფილება. მაგთან კი ცუდმედიდობა და სიამაყე იშობა. დიდებისმოყვარება ყველაფერს აუფასურებს, თუკი რაიმე კეთილი გვიქმნია, სიამაყე კი ღვთისთვის საძულველ არსებებად გვაქცევს. კარგად გახსოვდეს ეს და ყოველნაირად ერიდე მტრისგან თავის მოქონვას, ეცადე, ასეთი განწყობები დასაწყისშივე აღკვეთო, ვიდრე გულამდე მოაღწევდნენ.

ამ უბედურებისგან თავი რომ დაიხსნა, გონება მუდამ გულში გქონდეს შემოკრებილი და მზად იყავი მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად. როგორც მხედართმთავარმა ბრძოლის ველი, შენც ასევე შეარჩიე გულში შესაფერისი ადგილი, თავი შეაფარე, გამაგრდი და იქიდან შეებრძოლე მტერს. ასეთი გამაგრებული ციხესიმაგრე გახლავთ საკუთარი არარაობის ღრმა და გულწრფელი შეცნობა; გააზრება იმისა, რომ შენ მხოლოდ უძლურებებით, ნაკლოვანებებით, უჯერო, უგუნური, ამაო და ცოდვილი ქმედებებითა ხარ ღატაკიც, ბრმაც, შიშველიცა და მდიდარიც. არასოდეს მისცე გონებას ამ ციხესიმაგრიდან გამოსვლის უფლება და, განსაკუთრებით, შენს ნაყოფიერ ველ-მინდვრებში, ანუ კეთილ საქმეებში (როგორც თავად გგონია) ხეტიალს ერიდე. თუ ასე მოიქცევი, მტრის მომაკვდინებელი ისრები ვერ მოაღწევს შენამდე და თუნდაც რომელიმემ მოაღწიოს, მაშინვე შენიშნავ, მოიგერიებ და განაგდებ.

მაგრამ თავშესაფარში მყოფი მებრძოლი უქმად როდი ატარებს დროს, ან საბრძოლო ოსტატობას იმაღლებს, ანდა სიმაგრეს აახლებს და ამაგრებს. საკუთარი არარაობის შეცნობაში დამკვიდრებულმა შენც ასევე იმოქმედე. კერძოდ კი, აი, როგორ: გონება, რაც უნდა მოთოკო, მაინც გაგექცევა და, რა გასაკვირია, ამ დროს შენს ისეთ საქმეესაც გადააწყდეს, კეთილი რომ გგონია.როგორც კი მათ წააწყდები, ბოროტი მაშინვე თავის თავზე დიდი წარმოდგენით დააზიანებს და ისე ძლიერ, რომ გონება მაშინვე მტერს მიემხრობა, უკან დაბრუნებული კი შენც იქითკენ მიგიხმობს. როგორც კი ამას შეამჩნევ, მოუხმე გონებას და უთხარი: „მომისმინე, გონებავ! მირჩევ, რა არის კარგი და რა - ცუდი. დაე, ასე იყოს. მაგრამ მერე რა? შენ ხომ ჩემს შექებას ცდილობ. კარგი, შემაქე, გისმენ. მაგრამ იცოდე, სამართლიანობა მოითხოვს, მხოლოდ იმისთვის შემაქო, რაც ჩემში და ჩემს საქმეებში პირადად მეკუთვნის. ხოლო ის, რაც ღვთისგან და მისი მადლისგანაა, მადლიერებითა და ქების შესხმით კვლავ საკუთარ წყაროს უნდა შეუერთდეს. მოდი, გავარკვიოთ, რა არის საკუთრივ ჩვენი, და რა - ღვთისა. უფლისა უფალს დავუბრუნოთ, საკუთარი კი ჩვენთვის დავიტოვოთ. რაც ხელთ შეგვრჩება, თუკი შეგვრჩა რაიმე, იმის მიხედვით განვსაზღვროთ საკუთარი წონა და ღირსება და მერე შევიქოთ თავი“.

მაშ, დავიწყოთ: გავიხსენოთ დრო, რომელიც წინ უსწრებდა ჩვენს არსებობას. რანი ვიყავით მაშინ? - არარანი და არც არაფერს ვიქმოდით. ამიტომაც ყოველგვარი ყოფიერების წყარომ კეთილინება და როგორც ძღვენი, არსებობა მოგვმადლა. ეს ღვთის გულუხვი საჩუქარია, მისი ჩვენდამი შემდგომი კეთილი საქმეების საწყისი და ასპარეზი, ღვთის უსაზღვრო სახიერების გამო ჩვენთვის მონიჭებული. ეს ღმრთის კუთვნილებაა. შემდეგ დავიწყეთ ცხოვრება. როგორ? - თავადაც არ ვიცით. უამრავი წელი გავიდა ისე, რომ ვარსებობდით და არ კი ვუწყოდით ეს. მაგრამ როდესაც შევიტყეთ, არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო ჩვენივე ცხოვრების გასაუმჯობესებლად. სხვები ზრუნავდნენ ჩვენზე და არა თავისთავად, არამედ მისით, ვინც ყველას ცხოვრებისა და ყოფიერების განმგებელია. გაგვზარდეს, გვასწავლეს, ფეხზე დაგვაყენეს. მაშინ ჩვენ არაფერი გვეკუთვნოდა, გადავდოთ ესეც გვერდზე.

შემდეგ დავიწყეთ ცხოვრება. რა არის მასში საკუთრივ ჩვენი? ცხოვრებისეული ძალა და არსებობის საშუალებანი, რაც გარს გვარტყია, ჩვენი არაა, ღვთის საჩუქარია.

ღვთის საჩუქარია უშუალო ცოდნა ღვთისა, მისი მადლია სინდისი, მისწრაფება ზეციური სასუფევლისკენ. ეს სამი რამ ჩვენი ცხოვრების უმთავრეს არსს შეადგენს. შენ, გონებავ, ჩემი არა ხარ. ღმერთმა დამაჯილდოვა შენით. მე არ მეკუთვნის ჩემში არსებული შემოქმდებითი ძალები - ნება თავისი ენერგიით. ჩემი არაა გრძნობა, რომელსაც ძალუძს დატკბეს ცხოვრებით და ყოველივე არსებულით. ჩემი არაა სხეული თავისი მოთხოვნილებებით, რაც ჩვენს ხორციელ კეთილდღეობას განაპირობებს. ყოველივე ეს ღმერთმა მოგვანიჭა. მეც საკუთარ თავს კი არა, უფალს ვეკუთვნი. მან მომცა ყოფიერება და ჩამოთვლილი სასიცოცხლო ძალებით შემმოსა; მომანიჭა ცნობიერება და თავისუფლება; დააკანონა, რომ ყოველივე ჩემში ასებულს საკუთარი ყოფიერების შესაბამისად და ღირსებით განვაგებდე. ეს ყველაფერი შექების საბაბს კი არ გვაძლევს, იმ მოვალეობის სიდიდისა და სიმძიმის შესაცნობად აღგვძრავს, რომელიც მხრებზე გვაწევს. შიშით უნდა ვფიქრობდეთ პასუხზე, რაც მოგვეხოვება კითხვაზე: რა დავმართეთ საკუთარ თავს, რას დავამსგავსეთ იგი?

ახლა სასიცოცხლო საშუალებებზე ვისაუბროთ. ჩვენში სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი სიცოცხლე ჩქეფს. თითოეულ მათგანს საკუთარი მოთხოვნილებები აქვს და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. მაგრამ ეს კი არ მოგვიპოვებია, ღმერთმა მოგვმადლა. ჰაერი, წყალი, ცეცხლი, მიწა მთელი თავისი საგანძურით: სტიქიებით, ქვებით, ლითონებით, მცენარეებითა და ცხოველებით, ყოველივე ეს სამოსის საზრდოსა და საცხოვრისისთვისაა საჭირო და ჩვენს მიერ კი არაა მოწყობილი, ზეგარდამოა მოცემული. ჩვენს ირგვლივ არსებულის ერთობლიობა, ცნებები მათ შესახებ, ყოფითი, საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი, ხელოვნებისა და შემოქმედების საკითხები, სხვადასხვა ასპარეზზე სამოქმედო წესები მზამზარეულად მოგვეცა, თავი არ გვიტეხია მათ მოსაფიქრებლად, მხოლოდ ავითვისეთ. ამქვეყნად მოვლენილი თითოეული ჩვენგანი მათ იღებს, როგორც წინაპართა მემკვიდრეობას. საიდან მიიღეს ეს ყოველივე წინაპრებმა? ღმერთი მოავლენს განსაკუთრებით ნიჭიერ და ძლიერი ნებისყოფის ადამიანებს, რომლებიც აღმოჩენებს აკეთებენ და ადამიანური ყოფა სრულყოფილებისაკენ მიჰყავთ. მარამ თუ მათ ჰკითხავ, როგორ მიაღწიეს ასეთი სიმაღლეს, ალბათ, გიპასუხებენ: „თავადაც არ ვიცით, გაჩნდა აზრი, განვითარდა, შედეგად კი ეს მივიღეთ“. ასე იყო მუდამ და სამყაროს აღსასრულამდე ასე იქნება: მშვინვიერი არსებობის საშუალებანი ჩვენ კი არ გვეკუთვნის, გვეძლევა. ეს განსაკუთრებით სულიერ-ზნეობრივ-რელიგიურ ცხოვრებაზე ითქმის. ღმერთმა სულში ჩაგვიდო გონებითი ცოდნა თავის თავზე, სინდისში კი - თავის ნებაზე და ორივე მარადიული ცხოვრების იმედით შემოსა. ესაა სულიერი ცხოვრების მარცვალი. ის უფლისმიერაა ჩათესილი ჩვენში სიცოცხლის ღვთაებრივი ნაპერწკლის ჩაბერვისას. ყოველი დაბადებული თავის თავში და თან ატარებს ამ მარცვალს, რომელიც შემდეგ ვითარდება და ირგვლივ მყოფთაგან გარკევულ განსაზღვრულობას იძენს. რაოდენ დიდი მადლია, დაიბადო მათ შორის, ვინც ჭეშმარიტად სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. დაუკვირდი: ჩვენ ვფლობთ სწავლებას ერთიანი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, თაყვანს ვცემთ სამებას; ვაღიარებთ ძეს ღმრთისას, რომელიც ჩვენი ცხოვნებისათვის განკაცდა და ევნო; გვწამს სულიწმიდა, რომელიც თავისი მადლით განგვაცხოველებს და ჩვენში ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას ააღორძინებს. ჩვენ თანშეზრდილნი ვართ ღვთის ეკლესიასთან და სულიერი ცხოვრების დასაცავად და გასაძლიერებლად ყოველივე აუცილებელს მისგან ვიღებთ; სასოებით გვწამს მკვდართა აღდგომა და მომავალი ცხოვრება სასუფეველში. ამ ყველაფერს წმინდა და შეურყვნელი სახით ვფლობთ და ჩვენგან კი არ მოდის, უფლისგან მოგვეცა. აი, რა მდიდარი ხარ სხვადასხვა ცხოვრეისეული საშუალებით და არც ერთი მათგანი შენი ძალისხმევის ნაყოფი არაა, ყველაფერი მოგეცა. შენ უკვე სიცოცხლის მზამზარეულ ზეიმზე ხარ მიწვეული. თუ შეიძლება რაიმეთი თავის მოწონება, მხოლოდ იმით, თუ როგორ გამოვიყენეთ ეს ყველაფერი. და ეს მაშინ, როდესაც საქორწინო სამოსი მზად გვექნება. შეიძლება მისით თავმოწონება? - შიში უფრო ხამს, რათა ნადიმის მომწყობმა ყოვლადმოწყალე მეუფემ არ გვითხარს: „შეხედეთ, როგორი ზეიმია, თქვენ კი შეუფერებელი სამოსი გაცვიათ!“

ახლა კი ყურადღებით შევათვალიეროთ სამოსელიც. სულის სამოსს არა მარტო საქმეები, უმეტესწილად ზნეობრივ-რელიგიური განწყობა და სულში ფესვგადგმულიგრძნობები შეადგენს. რადგან ისინი ფარულია, იშვიათად შეიძლება იქცნენ ცუდმედიდობისა და სიამაყის საბაბად. ხილული საქმეები კი თვალში გვეჩხირება და თითქოსდა უნებურად, მათ მქმნელსა და დამნახველს შექებისა და თანაგრძნობის სურვილს აღუძრავს. ასეთი განწყობა უფრო განამტკიცებს და გააღრმავებს თანაგრძნობას და თავმომწონეობას. მოდით, განვიხილოთ ჩვენი ქმედებები, თუ არის და რა არის მათში თავმოსაწონი.

შეგახსენებთ, რომ თავმოწონება შეიძლება იმით, რაც ჩვენი ნების პირდაპირი შედეგია და, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ ჩვენს მიერ აღესრულება. მაგრამ, დაუკვირდი, როგორ მიმდინარეობს ჩვენი ქმედებები? როგორ ჩაისახება ისინი? გარემოებათა დამთხვევის წყალობით, ხანდახან კი მოულოდნელად, გონებაში ჩნდება აზრი და ჩვენც ვმოქმედებთ. მაგამ აშკარაა, რომ გარემოებათა დამთხვევა ჩვენზედ არაა დამოკიდებული და არც გონებაში აზრის დაბადება. ვიღაც გვაწოდებს აზრს. ასე რომ, რაიმეს გაკეთების შესახებ აზრი არ შეიძლება კვეხნის საგნად იქცეს. რამდენია ასეთი საქმენი. თუ კეთილსინდისიერად განვიხილავთ, თითქმის ყველა ასეთია. ასე რომ, თავმოსაწონიც არაფერია.

თუ შეიძლება თავმოწონება, მხოლოდ იმით, რომ შეგვეძლო, არ გაგვეკეთებინა რაღაც და მაინც გავაკეთეთ. რაც უნდა ძლიერი იყოს შინაგანი თუ გარეგანი იძულება რომელიმე ქმედების გამო, გადაწყვეტილება მუდამ ჩვენს ნებელობაზეა დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება კეთილი საქმის აღსრულების თაობაზე ყოველთვის მყარი როდია. გადაწყვეტილებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის ღვთის ნების შეცნობით და მორჩილებით მიიღება. ხოლო თუ გარეგნული, პირადული და კაცთმოთნეობითი სჭარბობს, გადაწყვტილებაც უფერული და უძლურია. ხანდახან გადაწყვეტილებას შიში ახლავს: რას იტყვიან, ეს რომ არ გავაკეთო; ხანდახან სარგებელს და სიამოვნებას ველით იმ დროისთვის ან სამომავლოდ; ხანდახან კი სხვაგვარად შეუძლებელია, არ გვსურს, მაგრამ გაკეთება აუცილებელია. ასეთი ქმედებები არ შეიძლება ჭეშმარიტად კეთილ საქმეთა რიცხვს მივაკუთვნოთ. და თუმცა ისინი გარეგნულად ქებას იმსახურებენ, მაგრამ ღვთისა და სინდისის წინაშე შინაგანი ღირსებით თავს ვერ მოიწონებენ. გადავხედოთ, რამდენი ასეთი საქმე გვაქვს გაკეთებული? - უნდა ვაღიაროთ, რომ უმეტესობა ასეთია. და კვლავ, რა გვაქვს თავმოსაწონი?

ასე რომ, თუ მკაცრად განვიხილავთ ჩვენს კეთილ საქმეებს, ისინი სხვებთან ტრაბახისა და თავმოწონების უფლებას არ მოგვცემენ. თუ ამასთანავე, გავიხსენებთ ყველა არაკეთილსასურველ ქმედებას, რაც საკმაოდ მოგვეძებნება - ცარიელს, ფუჭს, უსარგებლოს, მავნეს, უკანონოს, ღვთის საწინააღმდეგოს, - რა უნდა ვიგრძნოთ? შეიძლება ვინმემ თქვას: აწონე ორივე მხარე და რომელიც გადასწონის, იმის მიხედვით განსაჯე საკუთარი თავიო. ამ შემთხვევაში ეს ხერხი შეუფერებელია. ქმედებანი შინაგანიდან მომდინრეობენ. თუ ისინი არაკეთილია, მაშასადამე, ჩვენი შინაგანი ბუნება არაკეთილ მდგომარეობაშია. არადა, ღვთის წინაშე მხოლოდ ის განსაზღვრავს ჩვენს ყველაზე არსებით ფასს. თუ ადამიანის შინაგანია არსი არ იმსახურებს მოწონებას, მაშინ მთლიანად ადამიანი არაა მოსაწონი.

ერთსაც დავუმატებ: ოჯახში, საზოგადოებასა თუ სამსახურში ხილულად მოქმედებული ყველა საქმე ჩვენს ყოფაქცევას შეადგენს. თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენი ქცევა მეტწილად წესიერია. მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ასეთივეა შინაგანი. ირგვლივ მყოფთა მზერა ძლიერად ზემოქმედებს ჩვენს ჩანაფიქრზე. მოწმეები გვაიძულებენ, არ განვახორციელოთ გულში ჩასახული ავი. თავს ვიკავებთ სიცუდისგან და ჩვენი საქციელიც წესიერია. გარშემომყოფთა გარეშე ჩვენი საქციელი სულ სხვაგვარი იქნებოდა. ხშირად ასეც ხდება, როდესაც დარწმუნებულნი ვართ, რომ უცხო თვალი ვერ დაგვინახავს. როდესაც ზოგიერთის გარგნული მდგომარეობა იცვლება და შესაძლებლობა ეძლევა, თავისუფლად იცხოვროს, ყველაფერი, რაც შიშის გამო უწინ სხვათაგან დაფარული იყო, გაცხადდება ხოლმე, და წარსულში წესიერი ადამიანი მემთვრალე, გარყვნილი და მძარცველი აღმოჩნდება. ეს ცუდი თვისევები ახალი არ არის. ისინი არსებობდენენ, მაგარმ არ ჩანდნენ. ახლა კი თავისუფლება იგემეს და გამომჟღავნდნენ. თუ ეს ყველაფერი შიგნითაა, მაშინ ადამიანი, მიუხედავად მისი გარეგნული იერისა, მემთვრალე, გარყვნილი და მძარცველია. კარგად დაფიქრდი, შენც ასეთთა რიცხვს ხომ არ მიეკუთვნები. თუნდაც ნაწილობრივ რომ იყოს ასე, არ ეგების თავმომწონეობა ან სხვათაგან ქების მიღება.

დასასრულს დავძენ: თუ ნათქვამის შემდეგ უფრო ხშირად გადახედავ საკუთარ ცხოვრებას, როდესაც მტერი დარწმუნებას დაგიწყებს, რომ კარგი ხარ, ეს ჩაგონება, თანაგრძნობის ან თავმოწონების სახით, გამოძახილს ვერ ჰპოვებს შენში, პირიქით, ყოველივე მდაბალ და თავისდამამცრობელ აზრებსა და გრძნობებში აისახება.


თავი 35
რამდენიმე სასარგებლო რჩევა ვნებების დასამარცხებლად და სათნოებების მოსახვეჭად

მართალია, უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ იმ საშუალებათა შესახებ, რომლებიც ვნებების გადასალახად და სათნოებების მოსახვეჭადაა აუცილებელი, მაინც კიდევ რამდენიმე დარიგებაა საჭირო.

ა) სათნოებების მოხვეჭის გზაზე ნურასოდეს მიბაძავ იმათ მაგალითს, ვინც საკუთარ სულიერ მოღვაწეობას კვირის შვიდი დღის მიხედვით ანაწილებს: ერთ დღეს ერთ სათნოებას უთმობს, მეორე დღეს - სხვას და ა.შ. ამავე დროს სრულიად არ აინტერესებს, საჭიროა თუ არა მისთვის ან ერთი ან მეორე. არ გირჩევ ასეთ მოქმედებას, განსაკუთრებით იმ ვნების წინააღმდეგ შეიარაღდი, რომელიც ყველაზე მეტად გებრძვის, უამრავჯერ დაგამარცხა და კვლავ აპირებს თავდასხმას. შეიარაღდი და ეცადე, რაც შეგიძლია განმტკიცდე მის საპირისპირო სათნოებაში. საამისოდ ყველანაირი ქმედება და გმირობა გამოიყენე. რაც უფრო სწრაფად წარემატები ამაში, მით უფრო გააღვივებ შენში სხვა დანარჩენ სათნოებებს და მათით შეიმოსები, როგორც ჯავშანით, რომელიც ვნებების ისრებისგან დაგიცავს. ჩვენი გული ბუნებრივად კეთილი განწყობებითაა სავსე, მაგრამ ვნებები ძალმომრეობენ და ახშობენ მათ. ეს ვნებები სხვადასხვაგვარია: ერთში ერთი სჭარბობს, მეორეში სხვა და ეს ძირითადი ვნება მართავს დანარჩენებს. როგორც კი მთავარს დაამარცხებ, სხვებიც შესუსტდებიან და განგეშორებიან. განთავისუფლებული კეთილი განწყობები კი სრული ძალმოსილებით შეიმოსებიან, მზად იქნებიან უდარაჯონ შენი გულის კარიბჭეს და საჭიროებისამებრ მოგემსახურონ.

2) სათნოებების მოსახვეჭად განსაზღვრულ დროს ნუ დანიშნავ: ნურც დღეებს, კვირეებს, თვეებსა თუ წლებს. ნუ ეტყვი საკუთარ თავს: „ვიშრომებ, იქ კი შევისვენებ, რათა კვლავ გავაგრძელო შრომა“. არა, ამ საქმეში დასვენება არ გამოდგება. წმიდა პავლე მოციქულის მსგავსად, რომელიც ამბობს: ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, - მიველტვი მიზანს (1კორ. 9,26; ფილ. 3,12), - მუდმივი შრომის, ღვაწლისა და ბრძოლისათვის მოემზადე. სათნოებების მოხვეჭის გზაზე შესვენების მიზნით შეჩერება ახალი ძალების მოკრებას კი არა, შეძენილის დაკარგვას და დასუსტებას ნიშნავს. ეს კი იგივეა, უკან დაბრუნდე ან შრომით აშენებული კვლავ დაანგრიო. შეჩერებაში ოცნებას ვგულისხმობ, როდესაც გვგონია, თითქოს სათნოება უკვე მოვიხვეჭეთ, სრულყოფილებას მივაღწიეთ და ყურადღებას აღარ ვაქცევთ ნაკლოვანებებს და ხელიდან ვუშვებთ სიკეთის კეთების შემთხვევებს. ეცადე, მუდამ მხნე და მუყაითი იყო. თვალს ნუ დახუჭავ და პირს ნუ იბრუნებ, როდესაც ასეთი შემთხვევა მოგეცემა. პირიქით, მისკენ ისწრაფე და სიყვარულით შეხვდი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიკეთის გასაკეთებლად გარკვეული სიძნელეები გელოდება. სიკეთის გზაზე დაბრკოლებათა გადასალახად ძალთა დაძაბვით ჩვენში სათნო ჩვევა დამკვიდრდება და გულში ღრმად გაიდგამს ფესვს. ოღონდ ყოველნაირად ერიდე ისეთ შემთხვევებს, უბიწოების გამოვლენის საბაბით ავხორცობით აღგზნების საშიშროებას რომ გიქმნიან. არ მოუშვა ეს ცეცხლი შენი სხეულის ნაწილებამდე, რათა არ დაიწვა.

3) სიბრძნე და გონიერება გამოიჩინე ხორციელი ღვაწლის - მარხვის, მღვიძარების, შრომის ტვირთვისას. ისინი აუცილებელია და მათ გარეშე სულიერ ცხოვრებაში წარმატებაზე ოცნებაც არ ღირს, მაგრამ ეცადე, აქაც ზომიერი იყო. ზომიერება შუალედია ხორცის მაამებლობასა და არასაჭიროებისამებრ მის უწყალო გამოფიტვას შორის. ეს შუალედი საქმითა და გამოცდილებით ეძიე და არა თეორიით. ამ საქმეში წესად გქონდეს თანმიმდევრობა, თანაც ქვემოდან ზემოთ. ეძიე და ჰპოვებ. რაც შეეხება შინაგან, სულიერ სათნოებებს: ღვთის სიყვარულს, ამა სოფლის მოძულებას, თვითდამდაბლებას, ვნებებისა და ცოდვებისგან განდგომას, მოთმინებასა და თვინიერებას, ყველასადმი - შენი მოძულეებისა და მაჭირვებლების ჩათვლით - კეთილგანწყობას და ა.შ. აქ რაიმე განსაზღვრული ზომა არ მოგეთხოვება. მათი სრულყოფა შინაგანად თავისთავად მოწესრიგდება. შენ გევალება, შეუსვენებლად და დაუღალავად აიძულო თავი ნებისმიერი ასეთი სახის ქმედებაზე და ყოველგვარი გადადებისა და ზოზინის გარეშე იმოქმედო. ამაშია მთელი სიბრძნე და ძალა.

4) ასეთი ღვაწლისას ბოლომდე გაიაზრე, მთელი ძალით ისურვე და მთელი გულით ეძიე იმ ვნებებზე გამარჯვება, რომელსაც ებრძვი და რომელიც იმჟამად გებრძვის. ეცადე, მის მაგივრად საპირისპირო სათნოება დაამკვიდრო, მრომელიც იმჟამად ვნებითაა დაძლეული. დაე, ეს შენთვის უმთავრეს და სანუკვარ მიზანს წარმოადგენდეს. გწამდეს, რომ მხოლოდ მისით შეძლებ ღირსეულად სათნოეყო ღმერთს. ჭამ თუ მარხულობ, შრომობ თუ ისვენებ, გძინავს თუ ფხიზლობ, სახლში ხარ თუ გარეთ, ლოცულობ თუ ყოფითი საქმითა ხარ დაკავებული, მუდმივად მზად იყავი იმისთვის, რომ აღძრული ვნება გადალახო და მისგან დათრგუნული სათნოება აღადგინო. ძირითადი ვნების დამარცხებაზე უკვე ვისაუბრეთ, ამჯერად კი იმ ვნებას ვგულისხმობ, რომელიც მოცემულ მომენტში გებრძვის - მთავარი იქნება თუ არამთავარი. როგორაც ხილულ ბრძოლაში, ხან მთავარსარდლის რაზმს ებრძვი, ხან კი უბრალო ოფიცრისას, უხილავ ბრძოლაშიც ასევეა: ყოველთვის მთავარი ვნება როდი გებრძვის. ზოგჯერ ის თავის მაგივრად დამხმარეებს აგზავნის, რომლებთანაც უმეტესწილად გიწევს შერკინება. მაგრამ მათ დასამარცხებლადაც არანაკლები ძალისხმევაა საჭირო.

5) დაუძინებელი მტერი იყავი ყოველგვარი მიწიერი სიამისა და გრძნობადი სიამოვნებისა, რომელთა მშობელიც თავმოთნეობაა. თუ ამას შეძლებ, იშვიათად დაგესხმიან თავს არა მხოლოდ ხორციელი, სხვა ვნებებიც. თავმოთნეობა ყოველგვარი ვნების საფუძველია. მისი მოკვთითა და მოშთობით ვნებები ნიადაგს, ძალასა და გამძლეობას კარგავენ. ნუ გაცდუნებს გულისსიტყვა: მხოლოდ ერთხელ დავტკბები, ერთხელ ვისიამოვნებ. თუნდაც ეს არ იყოს რაიმე ცოდვა, როგორც კი მოისუსტებ და თავმოთნეობას დანებდები მაშინვე ყველა ვნება მატლივით წამოყოფს თავს და საეჭვოა, ამ დაუნდობელ ბრძოლაში გაიმარჯვო. ნურასოდეს დაივიწყებ წმიდა წერილის სიტყვებს: ვისაც თავისი სული უყვარს (სწორედ ისაა თავმოთნე), დაღუპავს მას; და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად (ვინც არ ემონება თვითმაამებლობას), საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას (იოან. 12,25). ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორცისამებრ ვიცხოვროთ, რადგანაც თუ ხორცისამებრ ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ სხეულის საქმეს, ცოცხალნი იქნებით (რომ. 8, 12-13).

6) და უკანასკნელი რჩევა: ყველაზე მეტად სულისთვის სასარგებლო და, უკეთ რომ ვთქვათ, შენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საფუძვლიანი აღსარება. აღიარება ჯეროვანი ყურადღებითა და საამისოდ საჭირო ქმედებებით - განსჯითა და გადაწყვეტილებებით, რათა ამის შემდეგ სული აგევსოს სრული რწმენით, რომ ღვთის მადლით დგახარ, მისით, ვინც ყოველგვარი სულიერი ნიჭის, სათნოებისა და ძლევის მომნიჭებელია.


თავი 36
სათნოებების მოხვეჭის თანმიმდევრობა

მართალია, ქრისტეს ჭეშმარიტ მეომარს, ვინც მთელი გულით მიილტვის სრულყოფილებისაკენ, არ შეჰფერის საკუთარი მისწრაფებებისა და წარმატებისათვის რაიმე ზღვარის დაწესება, მაგრამ მისთვის აუცილებელია, განსჯით გაზომოს და კეთილად წარმართოს საკუთარი ჭარბი სულიერი გულმოდგინება. ასეთი აღტყინება, განსაკუთრებით დასაწყისში, მოულოდნელად დიდი ძალით აენთება და შეუპოვარია, შემდეგ თანდათან ჩაინავლება, ხანდახან სულაც ქრება და შუა გზაზე უმწეოებს გვტოვებს ხოლმე. არა მარტო გარეგანი, სხეულებრივი სათნოებები უნდა მოვიპოვოთ ნელ-ნელა, თითქოსდა საფეხურეობრივად, შინაგანი, სულიერი სათნოებების მოხვეჭისასაც თავისებური წესი და თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ. მხოლოდ ასე იქცევა მცირე დიდად და სამუდამოდ დამკვიდრდება ჩვენში. მაგალითად, შინაგანი სათნოების - მოთმინების მოხვეჭის დროს არ შეიძლება მაშინვე გაიხარო ცილისწამების, წყენისა და სხვა უსიამოვნებების გამო, ელტვოდე მათ და გიხაროდეს, თუმცა შეგიძლია მოთმინებით აიტანო ეს ყველაფერი. ასეთი სწრაფვა და სიხარული მოთმინების უმაღლესი ხარისხის გამოვლინებაა, სადამდეც შენ ჯერ დაბალი საფეხურები უნდა გაიარო: სიმდაბლით თვითდამცრობა - როდესაც თვლი, რომ ყოველგვარ შეურაცხყოფას იმსახურებ; შურისძიების სურვილის ჩახშობა - სამაგიეროს გადახდის შესახებ ნებისმიერი აზრის შეძულება და ა.შ.

ერთბაშად ყველა სათნოების, ან თუნდაც რამოდენიმეს მოპოვებას ნუ შეეცდები. ჯერ ერთში განმტკიცდი და მერე გადადი მეორეზე. თუ ასე მოიქცევი, ყველა სათნო ჩვევა იოლად და მტკიცედ დამკვიდრდება სულში. როდესაც ერთი რომელიმე სათნოების მოსახვეჭად დაუღალავად ივარჯიშებ, შენი მეხსიერება მხოლოდ მისით იქნება დაკავებული, გონებაც მხოლოდ მას მიეჯაჭვება, მის აღსასრულებლად საჭირო ხერხებისა და შემთხვევების ძიებაში დახელოვნდება და ნებაც ხალისით დამორჩილდება გონებას. სათნო ჩვევების მოსახვეჭად ეს უფრო დაგეხმარება, ვიდრე ერთბაშად უამრავი რამის ტვირთვა და მიდებ-მოდება.

ამავე დროს, სათნოებებისთვის საჭირო ქმედებანი ერთმანეთს ჰგვანან და დროთა განმავლობაში ნაკლებად ძნელი გვეჩვენება. როგორც წესი, ერთი სათნოება, მეორეს, მის მსგავსს განაპირობებს და ეხმარება კიდეც იმით, რომ როდესაც გულში დამკვიდრდება, თავისივე მსგავსის მისაღებად ამზადებს მას, თითქოსდა წინასწარ უმზადებდეს კვარცხლბეკს.

ჩემს მიერ გამოთქმული აზრი სწორი და ჭეშმარიტია. გამოცდილებით ვიცით, რომ ვინც ერთი სათნოების მოსახვეჭად მონდომებით ვარჯიშობს, არა მხოლოდ წინასწარ სწავლობს, როგორ ივარჯიშოს მეორის მოსაპოვებლად, ერთ სათნოებაში ჩვევების შეძინებით აღვიძებს,ზრდის და განამტკიცებს დანარჩენ სათნოებებსაც, მათი განუყოფლობის მიზეზით. ისინი ხომ ერთი ღვთაებრივი ნათლისაგან გამომავალი სხივებია.


თავი 37
როგორი განწყობილებაა საჭირო სათნოებების წარმატებით
მოსახვეჭად და როგორ გავიწაფოთ ერთ სათნოებაში

სათნოებების მოსახვეჭად აუცილებელია ვაჟკაცური სული და არა სუსტი და მოდუნებული, არამედ ძლიერი, მტკიცე ნება, რომელიც მზადაა უამრავი დაბრკოლების გადასატანად და მძიმე ღვაწლის სატვირთად. ასეთ განწყობას საფუძვლად უნდა დაედოს სათნოებათმოყვარეობა, სათნო ცხოვრების სიყვარული ზოგადად და მხურვალე მოშურნეობა. ამაშია ღვაწლის გზით მოძრავი სათნოების ძალა, რომელიც მუდმივად უნდა აღვაგზნოთ, რათა არ დასუსტდეს და დაუძლურდეს, რაც უცილობლად გამოიწვევს მოძრაობის შეწყვეტასაც. ასე რომ, ნუ დაგეზარება სათნოებათა მოსახვეჭად მოშურნეობის გაღვივება. გულწრფელად გაიაზრე, როგორ სათნოა ღვთისთვის კეთილკრძალული ცხოვრება, რა მშვენიერი და ამაღლებულია სათნოება თავისთავად და როგორ აუცილებელი და სასარგებლოა ჩვენთვის, რადგან მასშია ჩვენი ჭეშმარიტი სრულყოფილების საწყისი, სასრული და წარმატების შესაძლებლობა.

ამიტომ ყოველ დილით წინასწარ მთელი ყურადღებით განიხილე და განჭვრიტე, დღის განმავლობაში რა შემთხვევები შეიძლება მოგეცეს ამა თუ იმ კეთილი საქმის აღსასრულებლად. ამავე დროს, საკუთარ თავში ასეთი საქციელის სურვილი და გადაწყვეტილება გააღვივე. საღამოს კი შეამოწმე, თუ შეასრულე და როგორ შეასრულე დილანდელი კეთილი განზრახვები და სურვილები. მეორე დილას კვლავ იგივე სურვილები და განზრახვები განაახლე და კვლავ მხურვალე მოშურნეობით შეუდექი მათ ჯეროვნად შესრულებას.

შეეცადე, ყველაფერი იმ სათნოების მოსახვეჭად მიმართო, რომლის დაუფლებაც გსურს. წმიდანთა მაგალითები, ლოცვა, უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებასა და ვნებაზე ფიქრი და ყველაფერი, რაც სულიერ ცხოვრებასა და სათნოებებში წარსამატებლად სასარგებლო და აუცილებელია, მეტწილად იმ სათნოებისკენ უნდა მიმართო, რომლის მოპოვებასაც ესწრაფვი. დღის ნებისმიერი შემთხვევაც, ეცადე, ისე გამოიყენო, რომ ხელი კი არ შეუშალოს შენს განზრახვას, უფრო მეტად დაგეხმაროს იმ სათნოების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში, რომლისთვისაც განსაკუთრებით მოშურნეობ.

ჩვევის შეძენისას შენთვის გარკვეული ზღვარი იყოს ეს - შესძელი ისე მსუბუქად და ხალისით აღასრულო შინაგანი თუ გარეგანი სათნო საქმე, როგორც მანამდე მის საწინააღმდეგო ქმედებას აღასრულებდი. ანუ ისევე ბუნებრივი გახდეს შენთვის სათნო საქმე, როგორც ბუნებრივი მოთხოვნილებებია. შეგახსენებ უკვე ნათქვამსაც: რაც უფრო მეტ გარეგან თუ შინაგან წინააღმდეგობას შეხვდები რომელიმე სათნოების მოხვეჭისას, მით უფრო სწრაფად და ღრმად გაიდგამს ფესვს იგი სულში. ოღონდ უდიდესი სიმტკიცითა და თვითშებრალების გარეშე უნდა ვისწრაფვოთ ამ დაბრკოლებათა გადასალახად.

სასარგებლოა წმიდა წერილის გამონათქვამები, როდესაც მათ ხმამაღლა, ანდა გონებაში წარმოთქვამ. ისინი გასაოცრად ზემოქმედებენ გონებაში სასურველი სათნოების აღბეჭდვასა და გულში მის მიმართ კეთილგანწყობის გაღვივებაზე. ორივე ერთად კი დიდად ეხმარება მოშურნე ადამიანს. მოძებნე საღვთო წერილში ასეთი ადგილები და დაისწავლე, რათა ხშირად იმეორო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენთვის სასურველი სათნოების საწინააღმდეგო ვნება აღგეძვრება.

მაგალითად, როდესაც მოთმინების მოხვეჭა გსურს, შეგიძლია შეარჩიო, დაისწავლო და ხშირად იმეორო საღვთო წერილიდან შემდეგი ადგილები: სულგრძელ კაცს დიდი გონირება ახლავს (იგავ. 14,29); თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად (ფს. 9,18); ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! (ზირ.2,14); სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს (იგავ. 16,32) მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენი (ლუკ.21,19); მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი (ებრ. 12,1)); აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ (იაკ. 5,11); ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს საცდურს (იაკ. 1,12); მოთმინების საქმე სრულქმნილი უნდა იყოს (იაკ. 1,4); მოთმინება გმართებთ, რათა ჰყოთ ნება ღმრთისა და მიიღოთ აღთქმული (ებრ. 10,36).

ამ ყველაფერს შეგიძლია დაურთო ასეთი ან მსგავსი მოკლე ლოცვითი მიმართვები: „ღმერთო ჩემო, როდის შეიჭურვება ჩემი გული მოთმინების იარაღით!“ „ბოლოსდაბოლოს, როდის შევძლებ ყოველი უსიამოვნების მშვიდი გულით ატანას და როდის იხარებს უფალი ჩემი ჩემს გამო!“ „ო, როგორ მიყვარხართ მწუხარებანო, თქვენ ხომ ჩემთვის ვნებულ უფალ იესოს მიმამსგავსებთ!“ „იესო ჩემო, შენი სახელის დიდებისთვის, თუნდაც ხანდახან შემაძლებინე, მშვიდად ვიცხოვრო უამრავ გასაჭირს შორის!“ „ნეტარი ვიქნები, თუ ჭირთათმენის ცეცხლშიც უფრო მეტი ტკივილის გადატანის სურვილით აღვინთები!“.

ასეთი ლოცვები უნდა მოვიშველიოთ, რათა სათნოებებში წარვემატოთ. ყოველთვის შესაფერისი ლოცვა უნდა გამოვიყენოთ, რათა რწმენა და ღვთისმოსაობის სული შევითვისოთ. მოკლე ლოცვები სამართლიანად იწოდება წინასწარმეტყველის მიერ: აღსვლაი გულსა თვისსა-დ (ფს. 83,5), რომლებიც რწმენითა და სასოებით სავსე გულიდან მოედინება, ზეცამდე აღწევს და ღმერთთან მიდის. ესაა სულთქმა (ფს. 37,10), რომელიც არასოდეს დაიფარება მოწყალე უფლის თვალთაგან. ესაა ღაღადება, მუდამ შესმენილი და შეწყნარებული ყოველივე კეთილის მომგებელი უფლისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ თან ვაახლოთ ორი რამის რწმენა, როგორც ორი ფრთა: რომ ღმერთი ხარობს, როდესაც ხედავს ჩვენს შრომას სათნოებების მოსახვეჭად და მათი სრულყოფის მხურვალე სურვილს; რომ სხვას არაფერს ვეძიებთ, გარდა ღვთის სათნოყოფისა.


თავი 38
სათნოებებში ვარჯიში საჭიროა მთელი გულმოდგინებით და მუდმივად

სათნოებების მოხვეჭის გზაზე ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ყოველთვის წინას ვესწრაფვოდეთ (ფილ. 3,13). თუ გვსურს, სწრაფად და წარმატებით მივაღწიოთ დასახულ მიზანს. თუნდაც მცირე ხნით შეჩერება უკანდახევას ნიშნავს, კეთილი საქმის შეწყვეტას, ჩვენი სისუსტისა და უდებების გამო, თან სდევს ვნებები, რომლებიც აქამდე გულმოდგინე შრომით დავძლიეთ. მგრძნობიარობისა და თავმოთნეობისკენ ჩვენი მიდრეკილების წყალობით ისინი მაშინვე თავს წამოყოფენ, გამოიღვიძებენ და უჯერო მოძრაობებსა და მისწრაფებებს წარმოშობენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ხელს უწყობს ჩვენი გარეგნული მდგომარეობა. ვნებების ასეთი აღძვრა ყოველთვის ასუსტებს და აზიანებს კეთილ ჩვევებს და, რაც ყველაზე დამღუპველია, განგვაშორებს ღვთაებრივ მადლს, რომლის გარეშეც ჭეშმარიტად კეთილისა და სულიერის შეხმატკბილება ვერ ხდება.

იცოდე, სულიერი ცხოვრების გზა ბევრად განსხვავდება ჩვეულებრივი მიწიერი მოგზაურობისგან. მიწიერი მოგზაურობისას, როდესაც მოგზაური შეჩერდება, არაფერს კარგავს განვლილი გზიდან. მაგრამ თუ სათნოებების გზით მავალი ადამიანი სულიერი მსვლელობისას შეჩერდება, უკვე შეძენილი სათნოებებიდან ბევრს დაკარგავს. ჩვეულებრივი მოგზაურობისას რაც უფრო შორს მიდის მგზავრი, მით მეტად იღლება. სულიერი ცხოვრებისას კი რაც გრძელია გზა წინ სწრაფვისა (ფილ. 3,13), მით მეტ ძალასა და შეძლებას იძენ შემდგომი მოგზაურობისათვის.

ამის მიზეზი ისაა, რომ სათნოებების მოხვეჭისას ჩვენი უმდაბლესი ნაწილი - ხორცი, რომელიც სულის წინააღმდეგ აღძვრით სათნოების გზას მკაცრსა და საძნელოს ხდის, სულთან ორთაბრძოლაში უფრო და უფრო სუსტდება. ამასობაში კი უმაღლესი ნაწილი, სადაც სათნოება, ანუ სული მკვიდრობს, უფრო მეტად განმტკიცდება და განძლიერდება. ამიტომაც, რაც მეტად წარვემატებით სიკეთესა და სათნოებაში, მით უფრო მცირდება ის გაჭირვება და სიძნელე, გზის დასაწყისში რომ გვხვდება. ამასთანავე, ჩვენს გულში იღვრება და დღითიდღე იზრდება ღვთის მიერ მოვლენილი გამოუთქმელი, ფარული სიტკბოება. შედეგად უფრო და უფრო მეტი ხალისითა და ძალით ვესწრაფვით წინას, მსუბუქად მივიწევთ ერთი სათნოებიდან მეორისკენ და ბოლოს სულიერი სრულყოფილების მწვერვალსაც ვაღწევთ. აწ უკვე სული ყოველგვარი სიკეთის ქმნას იწყებს, არა ძალდატანებით და უსულგულოდ, არამედ ხალისიანი მისწრაფებითა და სიხარულით. რადგან ვნებებზე გამარჯვებული და ყოველივე მიწიერისგან მოწყვეტილი, ის ახლა ღმერთში დაივანებს და, მასში საამო სულიერი ღვაწლით გარემოცული, მუდამჟამს უტკბეს სიმშვიდეს განიცდის.


თავი 39
არ უნდა გავექცეთ შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია კეთილის ქმნა

თუ გსურს სათნოებების მოხვეჭის გზაზე უკანა დაივიწყო და წინას ესწრაფვო, არასოდეს შეჩერდე, მუდამ გახსოვდეს და საკუთარ თავს უფლება არ მისცე, ხელიდან გაგისხლტეს ის, რაც შეიძლება სათნოების მოხვეჭის საბაბად იქცეს. არასწორად იქცევა ის, ვინც ცდილობს, ყოველნაირად გაექცეს სიძნელეებს სათნოებების მოხვეჭისას. არადა, ეს სირთულეები შეიძლება სასიკეთოდაც წასდგომოდა. მაგალითად, თუ გსურს, მოთმინება შეიძინო, არ გირჩევ გაექცე იმ პიროვნებებს, საქმესა თუ ვითარებას, რომელთაც მოთმინებიდან გამოჰყავხარ. პირიქით, ხალისითა და კეთილი გადაწყვეტილებით დაემორჩილე მათს არასასურველ ზემოქმედებას. ამავე დროს, თავი შეამზადე, რომ ეს ყველაფერი სულის აუმღვრევლად და სიმშვიდით გადაიტანო. თუ სხვაგვარად მოიქცევი, მოთმინებას ვერასოდეს ისწავლი.

ასევე უნდა მოიქცე, როდესაც ისეთი საქმის კეთება მოგიწევს, რომელიც ან თავისთავად არ მოგწონს; ან იმიტომ, რომ ადამიანი, ვინც გავალებს, არ გიყვარს; ანდა ეს მოგაშორებს სხვა საქმეს, რომლის კეთებაც მოგწონს. ნუ აირიდებ მას, პირიქით, შეუდექი კეთებას და ისე მიიყვანე ბოლომდე, თითქოს ეს შენთვის ყველაზე სასიამოვნო იყოს. ნუ დაემორჩილები გულისსიტვებს, რომ თითქოსდა, ეს საქმე რომ არ ყოფილიყო. სრულიად მოსვენებული იქნებოდი. თუ თავმოთნეობის გამო ამ შემთხვევებს გაექცევი, ვერასოდეს ისწავლი გაჭირვებათა დაძლევას, ვერც ჭეშმარიტ სიმშვიდეს მოიპოვებ, რადგან სიმშვიდე თავმოთნე ადამიანთა გულებში არ მკვიდრობს.

ამასვე გირჩევ იმ გულისსიტყვებთან მიმართებაშიც, რომლებიც ხანდახან თავს გესხმიან და გონებას ადამიანური უსამართლობისა და სხვა უწესობების გახსენებით გიშფოთებენ. ნუ შეეცდები განაგდო და დათრგუნო ისინი, ვიდრე თავადვე არ დაიხევენ უკან, არა შენი წინააღმდეგობის, არამედ მოთმინების წყალობით. დაე, შეგაშფოთონ და სიმშვიდე დაგირღვიონ, ისინი უსიამოვნებათა მოთმინებით გადატანასასაც გასწავლიან. ვინც სხვაგვარად გირჩევს და გეტყვის, რომ სჯობს, გაექცე ასეთ შემთხვევით მღელვარებებს, მას სურს სათნოებებისკენ მისწრაფება და მოშურნეობა ჩაგიხშოს.

მართალია, ბრძოლაში გამოუცდელი ახალბედა მეომარი სწორად იქცევა, როდესაც შებრძოლების ნაცვლად ამაფორიაქებელი შემთხვევებისგან გარბის, თითქოსდა არად აგდებს და არ ეწინააღმდეგება მათ, მაგრამ არც მას შეჰფერის ყოველთვის ზურგის ჩვენება და უკუქცევა. უჯობს, სათნოებებისა და მათგან მოიჭებული სულიერი სიძლიერის იმედად, მთელი ყურადღებითა და წინდახედულებით შეებრძოლოს თავდამსხმელს, ზოგჯერ კი ყურადღებაც არ მიაქციოს მას. ოღონდ ხორციელ ვნებასთან არაა მართებული ასე მოქცევა: აქ მთელი ძალით გაექეცი ნებისმიერ შემთხვევას, რამაც შეიძლება აღანთოს და აღაგზნოს ვნება, რადგან მტერი სიცრუის მანქანებით დაუცხრომლად ცდილობს, ხორციელი სურვილები აღგიძრას და მათი დაკმაყოფილება გაიძულოს.


თავი 40
უნდა გიყვარდეს სათნოეების მოპოვების
განსაკუთრებით გართულებული შემთხვევები

საყვარელო, არ უნდა გაექცე მას, რაც შეიძლება სათნოების მოხვეჭის საბაბი გახდეს. პირიქით, ჯეროვანი პატივითა და სიხარულით მიიღე შემთხვევები, რომლებიც შენს გულს არ სიამოვნებს და არც თანაგრძნობას აღგიძრავს. გარწმუნებ, ღვთის შემწეობით ასე მოიქცევი, თუ გონებაში აღიბეჭდავ:

1) უნდა შეიგნო, რომ შემთხვევა, რომელიც მოგეცა, ყველაზე მეტად სასარგებლოა შენთვის სათნოების მოსახვეჭად და შენი ლოცვის შედეგად ღვთისგანაა ბოძებული, როდესაც სათნოება ისურვე, რა თქმა უნდა, ილოცე კიდეც, რომ უფალი შეგწეოდა. ალბათ, ის ხერხები და საშუალებებიც გამოითხოვე ლოცვით, რომლებიც ამ სათნოების მოსახვეჭადაა საჭირო. მაგრამ გაჭირვების გარეშე უფალი მოთმინებას არ მოგანიჭებს, და არც სიმდაბლეს მოგცემს დამცირებისა და უპატიობის დამამდაბლებელი შემთხვევების გარეშე. ამიტომ მას შემდეგ, რაც ამ სათნოებების შესახებ ილოცე, უფალმაც შესაფერისი შემთხვევა გამოგიგზავნა. ახლა კი რას აკეთებ, როდესაც ზურგს აქცევ და გარბიხარ? - ღვთის შემწეობას უარყოფ, რაზედაც ლოცულობდი, და არად აგდებ მის საჩუქარს.

ასე რომ, ეცადე, ხალისით შეხვდე ყველა შემთხვევას, რაც სათნოებების მოპოვებისას გეწვევა და მით მეტი ხალისით, რაც მეტ სიძნელეს შეგამთხვევენ. ამ დროს ჩვენი სათნო ქმედებები მეტ სიმამაცესა და ზნეობრივ ძლიერებას ამჟღავნებენ ხოლმე. მათი მეშვეობით კი მნიშვნელოვნად მივიწევთ წინ სათნოებების მოხვეჭის გზაზე, რაც უნდა იყოს კიდეც ჩვენი უმთავრესი მიზანი.

როდესაც მოგიწოდებ, რომ სათნოებების მოსახვეჭად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემთხვევები გამოიყენო, სულაც არ ნიშნავს, რომ უმნიშვნელოთ გულგრილად აუქციო გვერდი და არაფრად ჩააგდო. არა, აუცილებელია, ერთითაც და მეორითაც მუდმივად ისარგებლო, რათა მუდმივად სათნო ღვაწლში იმყოფებოდე. მაგალითად, უნდა დაითმინო არა მარტო ლანძღვა-გინება და ფიზიკური შეურაცხყოფა, არამედ ალმაცერი მზერა და გესლიანი სიტყვა. ჩვენი ღირსეული ქცევა ასეთ უმნიშვნელო შემთხვევებში თანდათანობით გვიძლიერებს მორალურ ძალას და ამით მნიშვნელოვან ბრძოლაში განგვამტკიცებს. თუ უმნიშვნელო შემთხვევებს ყურად არ ვიღებთ, საკუთარ ზნეობრივ ძალას ვასუსტებთ და შემდგომ მნიშვნელოვან საქმეებშიც უნარს ვუკარგავთ.

2) განიმტკიცე რწმენა, რომ რაც ჩვენს თავს ხდება, ღვთის ნებით და ჩვენთვის სასარგებლოდ ხდება და შესაბამის სულიერ ნაყოფსაც მოგვცემს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საკუთარი და სხვათა ცოდვებიც ღვთის განგებულების ნაყოფია. მაგრამ მაინც ღვთისგან დაიშვება ჩვენთვის ჭკუის სასწავლად და დასამდაბლებლად. რაც შეეხება გაჭირვებასა თუ ტანჯვას, ჩვენი დანაშაულით ან სხვათა გაბოროტიებით მოვლენილს, ღმერთი თავად გვიგზავნის, რათა ტანჯვისა და დათმენის გზით სათნოება მოვიხვეჭოთ. სათნოებას კი აუცილელად მოვიპოვებთ, თუ ყოველივეს ღირსეულად დავითმენთ. უფალი ჩვენთვის უხილავად, თუმცა უეჭველად სამართლიანად და მადლიანად განსჯის.

როცა დარწმუნებული იქნები, რომ თავად ღმერთს სურს, შენი არასწორი ქმედებებით თავსდატეხილი თუ სხვათა ბოროტებით გამოწვეული გაჭირვება და სიძნელეები დაითმინო, არც იმას იფიქრებ და იტყვი, რასაც მავანი ამბობს: არა, ეს ღვთისგან არაა, ეს უსამართლობა და ბოროტებაა. ღმერთს კი არ სურს ბოროტება და ზიზღით იბრუნებს პირს უკეთურების მქმნელთაგან. ამით მათ საკუთარი მოუთმენლობის, მრისხანებისა და შურისმაძიებლობის გამართლება სურთ, როდესაც ცილისწამება შეხვდებათ. მაგრამ მხოლოდ ღვთის განგებულებას ეწინააღმდეგებიან და ცდილობენ მოიშორონ მაცხოვნებელი ჯვარი, რომელიც უფალმა მათთვისვე სასიკეთოდ დაადო და რომლის დიდსულოვანი ტვირთვითაც შეეძლოთ უეჭველად სათნოყოფოდნენ უფალს. და რა გამოდის? ჯვარს ვერ იშორებენ, უფალს შეურაცხყოფენ და სიმშვიდესაც ვერ პოულობენ. პირიქით, ჭმუნვას თან მღელვარებას და უსარგებლო გაღიზიანებას ურთავენ და აუტანელ მდგომარეობაში იგდებენ თავს. არადა, დიდსულოვნად რომ დაეთმინათ ყოველივე, მშვიდადაც იქნებოდნენ, ღვთის წყალობასაც მოიპოვებდნენ და სულიერ ნაყოფსაც იგემებდნენ. ეს გაკვეთილი იყოს შენთვის. ცილისწამების, შეურაცხყოფისა და წყენისას ყურადღებას ნუ მიაქცევ იმას, თუ რამდენად არასწორნი არიან ისინი, ვინც ასეთი ტკივილი მოგაყენა, მხოლოდ იმაზე გაამახვილე გულისყური, რომ ღმერთმა შენს საკეთილდღეოდ დაუშვა ეს შემთხვევა და თუ მოუთმენლობას, გაღიზიანებას და ურჩობას გამოავლენ, საკუთარ თავს ამ სიკეთეს მოაკლებ. და ნუ გამოეძიებ, მაინცდამაინც შენზე რატომ დაუშვა ეს ღმერთმა. ხომ გჯერა, რომ უფალი მუდამ სამართლიანი და მოსიყვარულეა? გჯეროდეს, რომ ახლაც სამართალსა და წყალობას ამჟღავნებს შენს მიმართ, თუმცა ვერ ხედავ. გაიხსენე უფლის მადლი მათდამი ვინც ასე იქცევა: ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს (იოან. 20,29).

ხომ გჯერა, რომ პირადად შენ გიხმობს უფალი: აღიღე ჯვარი შენი? - თუ გწამს, ასევე მოიქეცი. ამჟამინდელი გასაჭირიც უფლის მიერ შენზედ ჯვრის დადებაა. ნუ იტყვი: ძალზედ მძიმეაო. ღმერთმა უკეთ უწყის შენი ძალა და შესაძლებლობა. ზოგს უფალი უსიამოვნებებსა და გაჭირვებას უგზავნის, რაც ადამიანებზე კი არა, მოვლენათა მდინარებაზეა დამოკიდებული ამის გადატანა ადვილია. სხვებს - ისეთ შემთხვევებს, ადამიანთაგან რომ მომდინარეობს. ეს უფრო მძიმეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოყენებული ტკივილი არ შეგვიძლია არაწინასწარგანზრახულად ვაღიაროთ და უფრო მეტად მაშინ, თუ ეს ადამიანები ჩვენგან როგორღაც პატივდებულნი და კეთილყოფილნი არიან. უკანასკნელი შემთხვევა ყველაზე მძიმეა. თუ უფალმა ასეთი განსაცდელი მოგივლინა, იცოდე, ყველაზე სასარგებლოა შენთვის და ასეთი ფიქრით გამხნევდი: ღმერთი ხედავს, რომ ძალგიძს ამის გადატანა და ელის, რომ ნამდვილად დიდსულოვნად, უდრტვინველად დაითმენ. ნუ განიშორებ ღვთის სასოებას.

ერთსაც დავუმატებ: ღმერთს სურს, მეტწილად ადამიანების და განსაკუთრებით, ჩვენგან დავალებული ადამიანების არაკეთილგანწყობიდან მომდინარე გასაჭირი დავითმინოთ, ვიდრე არასასურველ გარემოებათაგან გამოწვეული შემთხვევები. რატომ? იმიტომ რომ ჩვენთვის დამახასიათებელი სიამაყე პირველის მეშვეობით უფრო წარმატებით ითრგუნება და ამოიძირკვება. და კიდევ იმიტომ, რომ თუ ჩვენს სულიერ ქმედებაში ღვთის ნებისადმი მორჩილებაა უმთავრესი, მაშინ ისე ვერასოდეს აღვძრავთ საკუთარ თავში და ვერსად გამოვავლენთ მას, როგორც ღვთისადმი უზომო მადლიერებითა და უსიამოვნებების დიდსულოვნად დათმენით, უფალი მათი სახით ჭეშმარიტად უდიდეს მადლს გვიგზავნის. და თუ დავითმენთ, ეს იქნება მოწმობა იმისა, რომ სრულიად მინდობილნი ვართ ღვთის ნებას და მხურვალე მოშურნეობით ვართ აღვსილნი.

ასეთი განწყობები წინ უსწრებს ხოლმე მოულოდნელობებს: უფალი ხედავს ამ განწყობის ჩანასახს და მისი გაძლიერება და განმტკიცება სურს. ამიტომ გვიგზავნის განსაცდელს, რომლის დიდსულოვნად, ხალისითა და სიხარულით მიღებასა და დათმენას ნამდვილად კეთილი სულიერი ნაყოფი მოაქვს. რადგან ვიცით და გვსურს და ვეძიებთ ამას, უნდა მივიღოთ კიდეც ღვთისგან ასეთი სასმისი. მოვხუჭოთ მეძიებლობის თვალი და ღვთის მტკიცე რწმენით, ჩვენდამი მისი სიყვარულითა და სულიერი წარმატების იმედითა და სიხარულით გამოვცალოთ ეს სასმისი და მით მეტი ნეტარებით, რაც უფრო მწარე მოგვეჩვენება.


თავი 41
სხვადასხვა შემთხვევაში როგორ წარვემატოთ ერთსა და იმავე სათნოებაში

უკვე ვთქვით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ერთი და იგივე სათნოებაში ვარჯიში უფრო სასარგებლო და ნაყოფიერია, ვიდრე უამრავ სათნოებაში ვარჯიში. და რომ სარგებელი უნდა მივიღოთ ყველანაირი შემთხვევიდან, რაც კი მოგვეცემა. ახლა გეტყვი, როგორ შეიძლება მოხერხებულად აღასრულო ეს.

თუ, მაგალითად,ერთი და იგივე დღეს ან საათს უდანაშაულოდ გაგკიცხავს ვინმე, ან უარს გეტყვიან, როდესაც თხოვნით მიმართავ; ან ისეთი რამ მოხდება, რის გამოც ეჭვის თვალით დაგიწყებენ ყურებას; ან ხორციელი სნეულება გეწვევა; ან ზემდგომი ისეთ რაიმეს დაგავალებს, რაც არ მოგწონს; ან სხვა უსიამოვნეაბს გადაეყრები, რომლებითაც სავსეა საწყალი კაცის ცხოვრება, - მსგავსი თუ განსხვავებული შემთხვევების წყალობით სხვადასხვა სათნო ქმედებების აღსრულება მოგიწევს. მაგრამ კარგი იქნება, თუ შენს მიერ დადგენილ წესთან ერთად, ყველა შემთხვევას იმ სათნოებაში ვარჯიშისთვის გამოიყენებ, რომლის მოპოვებაც იმჟამად გსურს.

თუ მაშინ, როდესაც ხსენებული შემთხვევები გეწვევა, მოთმინებაში იწვრთნი თავს, იმაზე იზრუნე, რომ ეს მოვლენები მხნედ და სიხარულით დაითმინო. თუ სიმდაბლეში ვარჯიშობ, საკუთარი თავი აიძულე შეიგნოს, რომ ყოველგვარი ბოროტების ღირსია და ამ უსიამოვნეებბს იმსახურებს. თუ მორჩილების მოხვეჭას ცდილობ, მაშინ თავი აიძულე, მორჩილად მოუხაროს ქედი უფლის ძლიერ მარჯვენას და მის სათნოსაყოფად ხალისით დაემორჩილოს გონიერ თუ უგუნურ, თუნდაც უსულგულო ქმნილებებს, რომელთა მეშვეობითაც ღმერთი გასაჭირსა და სიძნელეს მოგივლენს. თუ უპოვარების მოსაპოვებლად მოშურნეობ, კმაყოფილი, მხიარული და მადლიერი იყავი იმის გამო, რომ ყოველგვარ ცხოვრებისეულ და ამსოფლიურ ნუგეშს მოკლებული ხარ. თუ სიყვარულის განმტკიცება და ამაღლება გსურს, შეეცადე, შენში გააღვიძო სიყვარულის გრძნობა მოყვასისადმი, ვინც იმ სიკეთის შუამავალია, რომელიც ამ შემთხვევიდან შეგიძლია მიიღო. იფიქრე ღმერთზე, რომელიც ახლაც და მუდამაც ყოველგვარი სიყვარულის პირველმიზეზია და სულიერი წინსვლისთვის მოგივლენს ან დაუშვებს გასაჭირს.

ნათქვამიდან თავადაც შეძლებ დაასკვნა, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე სათნოებაში ვარჯიშად აქციო ხანგრძლივი შემთხვევები - ავადმყოფობა და მსგავსი რამ.


თავი 42
რამდენ ხანს უნდა ვივარჯიშოთ თითოეულ სათნოებაში
და როგორია წარმატების ნიშნები

ზუსტად ძნელია სათნოებაში სავარჯიშოდ და განსამტკიცებლად საჭირო დროის განსაღვრა. ეს, დაე, ყველამ თავად ივარაუდოს, საკუთარი მდგომარეობის, სულიერ ცხოვრებაში წარმატებების და განსაკუთრებით, სულიერი მოძღვრის განსჯის მიხედვით. ის, ვინც მოშურნეობითაა აღსავსე და არანაირი სიძნელის წინაშე უკან არ იხევს, საკმაოდ მალე წარემატება.

წარმატების ნიშანია ის, თუ სათნოების გზაზე შემდგარი, მოშურნეობით აღსავსე მტკიცედ დგას და სიძნელეებისა და მსხვერპლის, დროდადრო სულის გაციებისა და დაბნელების, სულიერი ნუგეშისა და მადლის შემცირების მიუხედავად, რაც ჩვენთვისვე სასარგებლოდ ღვთისგან დაიშვება, გზიდან არ გადაუხვევს.

წარმატების მეორე, არანაკლებ უტყუარი ნიშანი არის სიძლიერის ხარისხი იმ ბრძოლისა, რომელსაც კეთილი საქმეებისა და გადაწყვეტილებების წინააღმდეგ აღძრავს ხორცი. რაც უფრო სუსტდება ეს ბრძოლა, მით უფრო იზრდება წარმატება სათნოების მოპოვების გზაზე. ამიტომ როცა აღარ გებრძვის და თავს არ გესხმის მდაბალი გრძნობები, განსაკუთრებით მაშინ, თუ აღმგზნები შემთხვევა შენს თვალწინაა, შეგიძლია ირწმუნო, რომ სასურველმა სათნოებამ უკვე საკმაო ძალა შეიმოსა. ხოლო თუ ძველებურზე მეტი სულიერი სიხარულითა და მონდომებით აღასრულებ სათნო საქმეებს, ეს სათნოებაში წარმატების უფრო დიდი ნიშანია, ვიდრე ხორცის მოთვინიერება.

წმიდა ისააკიც გვირჩევს, მას შემდეგ რაც ჩვენი ცხოვრების მიზანს განვსაზღვრავთ, გავიაზროთ შესაბამისი ნიშან-თვისებები და გამოცდილ ხალხს ვკითხოთ, სწორ გზას ვადგავართ თუ გადავუხვიეთ და ჭეშმარიტ მიზანს ავცდით. წმიდა ისააკის აზრით, ამის ნიშნებია: „თუ ხედავ, რომ შენი გონება ძალადობას ვერ ითმენს, თავისუფლად მოქმედებს და კეთილ გულისთქმებს ემორჩილება, ესე იგი, წინ მიიწევ და უკანას ივიწყებ. სწორედ ასევე, როდესაც ლოცვად დგახარ და გონება აქეთ-იქეთ არ დაჰქრის, მოულოდნელად სიტყვა გიწყდება და სულში, შენი ნებელობისგან დამოუკიდებლად, სიჩუმე დგება; როდესაც რაიმე კეთილი გულისთქმის წარმოშობისა და გახსენებისას, სულიერი ჭვრეტისას თვალები ცრემლით გევსება და ძალდაუტანებლად მოწვეთავს ღაწვებზე; ანდა, როდესაც ხედავ, რომ აზრი თავისთავად, შენგან დამოუკიდებლად გულის სიღრმისკენ მიიწევს, იქ დაახლოებით ერთ საათს ჩერდება და შენი გულისსიტყვებიც სიმშვიდითაა გარემოცული, - ეს იმის ნიშნებია, რომ სულიერ ცხოვრებაში კეთილად წარემატები“ (სიტყვა 44).

ყოველივე ამის მიუხედავად არ უნდა ვირწმუნოთ, რომ რომელიმე სათნოებაში სრულყოფილებას მივაღწიეთ, ან საბოლოოდ გავიმარჯვეთ რომელიმე ვნებაზე, თუნდაც გარკვეული დროის განმავლობაში არ გვეგრძნოს მისი წარმოშობა და მოძრაობა. აქ შეილება კაცთა მოდგმის დაუძინებელი მტრის - სატანის ბოროტი მანქანება და ჩვენში არსებული ცოდვითი მიდრეკილება იმალებოდეს, რომლებიც ჩვენი ფარული სიამაყის წყალობით, ხშირად კეთილად წარმოგვისახავენ იმას, რაც სინამდვილეში სრულიად საპირისპირო ხასიათისაა. თუ იმ სრულყოფილებასაც გავიაზრებთ, რომლისკენაც უფალი მოგვიწოდებს, მიუხედავად სათნოებების გზით ჩვენი ხანგრძლივი სიარულისა, ვიფიქრებთ, რომ ახლაღა დავიწყეთ ღირსეული ცხოვრება, არამცთუ უკვე დავიმკვიდრეთ. ამიტომ წმიდა მამები თავად სრულყოფილი ადამიანების ცხოვრებასაც არასრულყოფილსა და მწიკვლევანებისგან არაუცხოს უწოდებენ. „სრულყოფილთა სრულყოფილებაც არასრულ ყოფილა“ - ამბობს კიბისაღმწერელი. წმიდა პავლე მოციქულიც სრულყოფილებას განუწყვეტელ წინსწრაფვასა და გულმოდგინებაში ხედავს, რათა უკან არ ვიხედებოდეთ და არ ვფიქრობდეთ, რომ უკვე მივაღწიეთ სასურველს. ამიტომ ის საკუთარ თავსაც არასრულყოფილს უწოდებს და ამბობს, რომ ჯერ არ მიუღწევია სასურველ მიზნამდე: და არა იმიტომ, თითქოს უკვე მივიღე, ან უკვე მივაღწიე სრულქმილებას, - ამბობს ის, - არამედ ვესწრაფვი, ხომ არ მივწვდები- მეთქი. ძმანო, მე არ შემირაცხავს ჩემი თავი მიწევნილად; მხოლოდ ეს ერთი კია: უკანას ვივიწყებ და წინას ვესწრაფვი; მიველტვი მიზანს, ღმერთის უზენაესი ხმობის პატივს ქრისტე იესოში და სურს რა, გვითხრას, რომ მხოლოდ ესაა ჩვენი სრულყოფილება, ასკვნის: ამრიგად, ვინც სრულქმნილია, ამნაირად უნდა ფიქრობდეს (ფილ.3,12-15). თითქოსდა სწორედაც იმიტომაა სრულყოფილება, რომ არ ვიფიქროთ, უკვე მივაღწიეთ მას. სათნოების მოპოვება ნიშნავს, კი არ ვიდგეთ, შეუჩერებელი გულმოდგინებით მივიწევდეთ წინ.

ამასთანავე, გულის სიღრმეში ხანდახან ისეთი მსუბუქი და ფარული ვნებები ბუდობენ, არც კი ვუწყით, თუ ისინი ვნებებია. როგორ შეიძლება დავუშვათ ასეთი კადნიერება, თითქოს უკვე სრულებით განვიწმინდეთ ვნებათაგან? თუ დავით წინასწარმეტყველის მახვილმა მზერამ და წინასწარმჭვრეტელმა თვალმა ვერ აღმოაჩინა ეს საკუთარ თავში, როგორ შეგვიძლია ჩვენ მივიკუთვნოთ ამგვარი ჭვრეტის უნარი? ამიტომაც იგი ყოველთვის შესთხოვდა უფალს: საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე (ფს. 18,12). ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება, რომ ფარულ ვნებათაგან განწმენდას ვევედროთ ღმერთს. ჩვენ ხომ მხოლოდ მათ ქმედებებს - ტოტებს შევიგრძნობთ, მათი ძლიერებისა და ფესვების შეცნობა კი სულიწმიდის ზემოქმედების გარეშე არ ძალგვიძს. ამიტომ როდესაც მოქმედებენ, მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ საკუთარ ვნებებს. ხოლო როგრც კი მიწყნარდებიან, მასინვე ვფიქრობთ, რომ უკვე უვნებობას მივაღწიეთ.

როგორ დავრწმუნდეთ, რომ ვნებები ჩვენს გულში მხოლოდ მიჩუმდნენ და არ მოკვდინებულან? - როდესაც მათგან დამშვიდებულებს მოულოდნელად იმვარ საგნებთან მოგვიწევს შეხვედრა, რომლებითაც ჩვენში არსებული ვნებები იკვებება, ისინი მაშინვე ცოცხლდებიან და ხანდახან ისე ძლიერ ვნეაბთა ღელვას გვაგრძნობინებენ, რომ დარცხვენილთ თავადვე გვიკვირს, სად იმალებოდნენ აქამდე და როგორ უცაბედად ამოიზარდნენ. წმიდა ისააკ ასური ამას მშვენიერი შედარებით ხსნის. ვნებები ბალახსა და ყვავილებს ჰგავს, ზამთარში რომ ქრებიან მიწის პირიდან, მაგრამ ფესვები უვნებლადაა მიწის სიღრმეში და როგორც კი გაზაფხულის წვიმასა და სითბოს იგრძნობს, მაშინვე ხელახლა ამოიზრდება და მიდამოს ფარავს. და კიდევ: როგორც დაწყევლილი მიწა ბუნებრივად აღმოაცენებს ეკალ-ბარდებს, ასევე ადამიანის დაცემისგან ვნებული და ცოდვაში ჩასახული და შობილი ბუნება, გარკვეულწილად, ბუნებრივად შობს ვნებებს, მათგან კი - ცოდვებს. ამიტომ არასოდეს უნდა ვენდოთ მას.

ყოველთვის გულმოდგინედ ივარჯიშე სათნოებებში, როგორც სულიერ ბრძოლაში ახალბედამ. გახსოვდეს, სჯობს, მუდმივად წინ მიიწევდე სათნოებების მოხვეჭის გზაზე, ვიდრე სრულყოფილების ნიშნების გასარკვევად უკან იხედებოდე.

ჩვენი გულთამხილავი უფალი ზოგს განანათლებს და სათნოებაში საკუთარ სულიერ წარმატებას უმჟღავნებს, ზოგს კი ამგვარ ცოდნასა და ხედვას არ ანიჭებს. რადგან უწყის, თუ ეს ცოდნა ზოგს სიმდაბლეში წაადგება, სხვას სიამაყეს გაუასკეცებს. და როგორც მოყვარული მამა, ცდილობს, საშინელი დაცემისგან დაიცვას შვილები. უფალს განსაკუთრებით სძულს ეს ცოდვა. პირველთ კი განაძლიერებს მორჩილებაში, რაც ღვთისთვის ძალზე მოსაწონია. თუ ის, ვისაც ღვთისგან არ განეცხადება საკუთარი წარმატების სიმაღლე, მცონარებას არ მიეცემა და სათნოებებისკენ სწრაფვას არ შეწყვეტს, შესაძლოა თავის დროზე, მისთვისვე სასიკეთოდ, ღვთისგან ამ საიდუმლოს გახსნის ღირსი გახდეს.


თავი 43
არ უნდა გვსურდეს განთავისუფლება თავსდატეხილ ჭირთაგან
და მთლიანად უნდა მივენდოთ ღვთის ნებას

როდესაც შენზედ მოვლენილ გასაჭირს მადლობით დაითმენ, იფრთხილე, მტერმა არ გაცდუნოს და ჭირისგან თავდახსნა არ ისურვო. ამით ორ დანაკარგს ნახავ: 1) მართალია, ამ სურვილს დათანხმებული მაშინვე არ დაკარგავ მოთმინებას, მაგრამ მნიშვნელოვნად კი შეასუსტებ. მოვლენილი ჭირისგან განთავისუფლების შეუსრულებელი სურვილის გამო ის ნელ-ნელა დასუსტდება და საბოლოოდ მოუთმენლობად იქცვა. 2) ამ მომენტიდან შენი მოთმინება იძულებითი იქნება, უფალს კი უანგაროდ მიმგები უყვარს და მას აჯილდოებს. კი მოითმენ, მაგრამ მხოლოდ ურვისგან თავდასხნის სურვილი მისგან ვერ გაგანთავისუფლებს და ასეთი მოთმენით ჯილდოს ვერ მოიხვეჭ. ღმერთი მანამდე გაჯილდოებს ჭირთათმენისას, ვიდრე დიდსულოვნად ითმენ და ხსნას არ ეძებ. მაგრამ შენი უგულო მოთმინების დღიდან ღმერთი აღარაფერს მოგაგებს. ხოლო თუ გასაჭირისგან თავდახსნის სურვილს ჩაახშობ და საკუთარ თავს მთლიანად ღვთის კეთილ ნებას დაუმორჩილებ, შეეცდები ხალისით დაითმინო ღვთის ნებით შენზედ მოვლენილი ასგზის უფრო დიდი ურვანი, მაშინ თუდაც შენი ტანჯვა მხოლოდ რამდენიმე საათს, ან უფრო ცოტა ხანს გაგრძელდეს, უფალი ყველაზე ხანგრძლივად შეგირაცხავს და სამაგიეროსაც შესაბამისად მოგაგებს.

სხვა შემთხვევაშიც ნურასოდეს მისცემ გასაქანს შენს სურვილებს, საკუთარი ძალაუფლების ქვეშ ამყოფე ისინი და მხოლოდ ღვთის ნებისადმი მორჩილება და მისი ნებისამებრ სვლა გქონდეს მიზნად. მხოლოდ მაშინ იქნება შენი სურვილები ჭეშმარიტი და კეთილშობილური და ნებისმიერი უსიამოვნებისას ღვთის ნებას მინდობილი სიმშვიდის შენარჩუნებასაც შესძლებ. თუ წრფელად მიენდობი ღვთის ნებას, მხოლოდ მის აღსრულებას ისურვებ და ირწმუნებ, რომ მის გარეშე არაფერი შეგემთხვევა, რაც უნდა დაგემართოს, მუდამ გექნება მხოლოდ ის, რასაც ინდომებ.

ჩემი ნათქვამი, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი შეგემთხვევა, შენს საკუთარ და სხვათა ცოდვებს არ გულისხმობს. უფალს არ სურს ცოდვა, იგი წუხილსა და გასაჭირს ჩვენს განსასწავლად და გამოსაცდელად დაუშვებს, ანდა ცოდვების გამო დასასჯელად. ისინი კეთილი ნაყოფის მომტანი და ჭეშმარიტად ჩვენი მაცხოვნებელი ჯვარია, რომელსაც უფალი ხშირად თავის საყვარელ შვილებს და წმინდანებს ატვირთვინებს ხოლმე. ამ ჯვრის ტვირთვა ყველაზე უფრო სათნოა ღვთისთვის.

და რაც გითხარი: ნუ ეცდები თავი დაიხსნა გასაჭირისგან. გიჯობს, შინაგანად ღვთისადმი მორჩილება გააღვივო. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვისურვოთ ურვათაგან განთავისუფლება, რადგან ჩვენს ბუნებაში თავად ღვთისგანაა ჩადებული კეთილდღეობის სურვილი. ამიტომ უფალმა განგვიცხადა კიდეც ეს ჩვენთვის მოცემულ ლოცვაში: და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, რომელსაც ყოველდღე რამდენჯერმე ვიმეორებთ. თუ ამ ლოცვის შემდეგ, რომელსაც უფალი ისმენს, იგი კვლავ მოგვივლენს გასაჭირს, აშკარაა, რომ ასეთია ღვთის ნება, რომელსაც დიდსულოვნად, მოვალეობის გრძნობითა და ქედის მოდრეკით უნდა დავემორჩილოთ. უნდა დავითმინოთ ჩვენზედ მოვლენილი, ეს ჩვენივე ხსნისთვისაა აუცილებელი. ლოცვის სიტყვები: და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, გაიაზრე სიტყვებთან ერთად: არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ მიბაძე ჩვენს მაცხოვარს, ანუ იმოქმედე არა იმიტომ, რომ გძულდეს განსაცდელი და ყოველნაირად გაურბოდე მას, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ უფალმა გირრძანა, ასე ილოცო. ამასათანავე, მთელი გულით განემზადე, რომ დიდსულოვნად მიიღო ყველაფერი, რასაც უფალი მოგივლენს. ნუ დაემონები მუდმივი კეთილდღეობის ეგოისტურ სურვილს, ის ვერასოდეს დამკვიდრდება დედამიწაზე, რადგან კეთილდღეობა მხოლოდ მომავალი მარადიული ცხოვრების ხვედრია.


თავი 44
როგორ დავიცვათ თავი სატანის ბოროტი რჩევებისგან

როდესაც ვერაგი სატანა მიხვდება, რომ ჭეშმარიტი, მხურვალე მოშურნეობით აღვსილნი კეთილად წარვემატებით სათნოებების გზით და აშკარა ცდუნებებით ბოროტისკენ ვერ მიგვდრეკს, მაშინ ნათლის ანგელოზად გარდაისახება და ხან მოჩვენებითი კეთილი გულისსიტვებით, ხან წმიდა წერილის გამონათქვამებით, ხანაც წმიდანთა მაგალითებით ჩაგვაგონებს, უდროოდ და საკუთრი ძალების გაუთვალისწინებლად სულიერი სრულყოფილების გზაზე თავს ვიდოთ ფრიადი ღვაწლი, რათა სათნოებების მწვერვალზე მეოცნებენი, ცოდვის უფსკრულში შთაგვაგდოს. ბოროტი ზოგიერთს სხეულის სასტიკად გამოფიტვს, გაშოლტვას, შიშველ მიწაზე წოლას და სხვა ღვაწლის ტვირთვას ასწავლის. ამით სატანა საკუთარი დიადი საქმეებით შთაგონებულს ან საიმაყეს მოჰგვრის, ან უკიდურესი გამოფიტვის წყალობით დააავადებს და ადამიანი სულ მცირე ქველ საქმესაც ვეღარ იტვირთებს. ანდა ფიზიკური შრომით დაქანცული სრულიად გულცივი გახდება სულიერი ღვაწლისა და ცხონების მიმართაც კი. ასე თანდათან გაგულგრილდება და უძლიერესი ვნებებით ატანილი, შესაძლოა, კვლავ ძველებურ ხორციელ სიტკბოებას და სოფლის სიამეთ მიეცეს.

რამდენი სული დაღუპულა მტრის ასეთი მზაკვრობით. ისინი უგუნურ მოშურნეობას დაემონნენ, თვითმოკვდინების გზაზე საკუთრი ძალების ზომა ვერ განსაზღვრეს და ღვაწლის გულისსიტყვებით ცდუნებულნი ბოროტი დემონების სასაცილონი შეიქნენ. ეს არ მოხდებოდა, კეთილგონიერება რომ შეენარჩუნებინათ და არ დაევიწყებინათ, რომ თვითმოკვდინების ღვაწლი მაშინაა ნაყოფიერი და მოსაწონი, როდესაც საამისოდ საკმარისი სულიერი სიმდაბლე და ფიზიკური ძალა შეგვწევს. ამასთანავე, ასეთ ღვაწლს კეთილგონიერება უნდა წარმართავდეს. იგი უნდა გამოვიყენოთ როგორც საშუალება სულიერი წარმატების გზაზე და არ ვაქციოთ მიზნად. ეს ღვაწლი ხან უნდა მცირდებოდეს, ხან იზრდებოდეს, ცვალებადობდეს, ხანაც დროებით წყდებოდეს.

მას, ვისაც არ ძალუძს წმიდანთათვის დამახასიათებელი მკაცრი ცხოვრებისა და შრომის ტვირთვა, შეუძლია სხვაგვარად მიბაძოს მას: აღძრას და გულში დაამკვიდროს კეთილი განწყობილებები, შეეჩვიოს გულწრფელ ლოცვას, მუდმივად დაიცვას გულის სიწმინდე და ებრძოლოს ვნებიან გულისსიტყვებსა და სურვილებს, შეიყვაროს განმარტოება, მდუმარება, მორჩილება და თვინიერება; სიავის წილ სიკეთე მიაგოს, და ყოველივე ბოროტისგან დაიცვას თავი. გულიდან გამომავალი სიკეთენი უფრო სათნოა ღვთისთვის, ვიდრე ხორცის მოკვდინების უზომო ღვაწლი. მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ზნეობრივი მდგომარეობა ამგვარ გმირობას არ ითხოვს.

როდესაც საჭირო იქნება ხორციელი ღვაწლის ტვირთვა, გირჩევ, გონივრულად მოიქცე. დიდით ნუ დაიწყებ, მცირედით სინჯე. სჯობს, ნელ-ნელა მიიწევდე ზემოთ, ვიდრე შენთვის შეუფერებელი სიმაღლის დაპყრობისას იძულებული გახდე, ძირს დაეშვა. გირჩევ, თავი აარიდო მეორე უკიდურესობასაც, რასაც ზოგჯერ ისიც ვერ გაექცევა, ვინც სულიერ ადამიანად ითვლება. თავმოთნეობით და საკუთარი თავის სიბრალულით აღვსილნი, ისე გულმოდგინედ ზრუნავენ ჯანმრთელობაზე, რომ უმნიშვნელო ავადმყოფობის დროსაც კი შიშს თავს ვერ აღწევენ. მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნებაზე ფიქრობენ და საუბრობენ. დელიკატურ საჭმელ-სასმელს ეტანებიან, გემოთმოყვარეობას ამჯობინებენ ჯანის სიმრთელეს, ამიტომ სუსტდებიან და ხშირად ერყვევათ ჯანმრთელობა - თავიანთი უგუნურებით კარგავენ იმას, რასაც უდიდეს სიკეთედ მიიჩნევდნენ.

მართალია, ისინი თავიანთ ამგვარ ქმედებას ღვთისადმი უკეთესი მსახურების სურვილით ამართლებენ, სინამდვილეში ეს მხოლოდ ორი დაუძინებელი მტრის - სულისა და ხორცის შეთანხმების მაცდუნებელი მცდელობაა, რაც სულისათვისაც საზიანოა და ხორცისთვისაც. ამით სხეული ჯანმრთელობას, სული კი - მაცხოვნებელ განწყობას კარგავს. ამიტომ სულისა და სხეულისათვის უსაფრთხო და სასარგებლოა კეთილგონიერებით მართული ზომიერი ცხოვრების წესი. ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ სულიერი მოთხოვნილებებიც, სხეულის აგებულებაც და ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ყველას ერთნაირი საზომით ვერ მივუდგბით, თუმცა საყოველთაოა კანონი: სხეული ემსახურებოდეს სულს. ამასთანავე, გაიხსენე უკვე ნათქვამი, რომ არა მხოლდ ხორციელი, სულიერი სათნოებების მოხვეჭის დროსაც თანმიმდევრობა უნდა დაიცვა და ნელ-ნელა წარემარტო წინ.


თავი 45
მოყვასის მკაცრად განკითხვა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა
და მტრის წაქეზების ბრალია; როგორ დავძლიოთ ეს ჩვეულება

თავისმოყვარებისა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შედეგად ჩვენში იბადება სხვა ბოროტება, რომელიც დიდად გვნებს. ეს არის მკაცრი განსჯა და განკითხვა მოყვასისა, ვისაც შემდეგ არად ვაგდებთ, შევიძულებთ და, როგორც კი შემთხვევა მოგვეცემა, ვამცირებთ. ეს ბოროტი ჩვევა და მანკიერება სიამაყისგან მომდინარეობს, მისით საზრდოობს და, პირიქით, მასვე ასაზრდოებს. განკითხვის შემდეგ ჩვენი სიამაყეც უფრო ძლიერდება, რადგან განკითხვას ახლავს თან საკუთარი თავისადმი თანაგრძნობა და თვითტკბობა.

როდესაც საკუთარ თავს მაღალ შეფასებას ვაძლევთ, ბუნებრივია, ზემოდან ვუყურებთ სხვებს, განვიკითხავთ და გვძულს ისინი, რადგან გვგონია, რომ შორსა ვართ იმ ნაკლოვანებებისგან, რაც, ჩვენი ჭკუით, მათთვის უცხო არაა. ამ დროს ჩვენი დაუძინებელი მტერი ხედავს ჩვენს არაკეთილგანწყობას და უფრო ფართოდ გვიხელს თვალს, გვასწავლის, ფხიზლად ვუყუროთ სხვათა საქციელს, ქმედებას, საუბარს და ამის მიხედვით დავასკვნათ, თუ როგორი აზრები და გრძნობები აქვთ მათ. ასეთი ვარაუდებით მეტწილად უკეთური აზრი გამოგვიმუშავდება, რომელიც შემდეგ ჩვენში ბოროტი ზნის სახით მკვიდრდება. ამ დროს განმკითხველი ვერ ამჩნევს, რომ სხვათა სიცუდეში დაეჭვება განკითხვის დასაწყისია. ამ დაეჭვებას ბოროტი აზრებში აღბეჭდავს, აძლიერებს და გადააქცევს რწმენად, რომ ადამიანები სინამდვილეში ასეთნი არიან. ნამდვილად კი ასე არაა.

ასე რომ, ძმაო, რამდენადაც მტერი გითვალთვალებს და ცდილობს, ბოროტი ჩათესოს შენში, იმდენად ფხიზლად უდარაჯე საკუთარ თავს,რათა მის მიერ დაგებულ მახეში არ მოხვდე. როგორც კი ბოროტი მოყვასის რაიმე ნაკლს წარმოგიდგენს თვალწინ, მაშინვე განაგდე ასეთ გულისსიტყვა, არ მისცე შენში შემოსვლისა და დამკვიდრების საშუალება, უკვალოდ განდევნე და მოყვასის კეთილ თვისებებზე ფიქრით შეცვალე. საერთოდაც, ადამიანების სათნო თვისებებზე იფიქრე. ხოლო თუ კვლავ იგრძნობ განკითხვის სურვილს, გაიხსენე, რომ არ ხელგეწიფება ეს და ამ უფლების მითვისებით თავად შენ ხდები განსჯის ღირსი და არა უძლური ადამიანების, არამედ ყოვლადძლიერი და ყველას მსაჯულის - უფლის მიერ.

გულისსიტყვის ასეთი შეცვლა ყველაზე ძლიერი იარაღია არა მარტო განკითხვის შემთხვევითი გულისსიტყვების განსაგდებად, არამედ ამ მანკისაგან ბოლომდე განსაკურნად. მეორე, აგრეთვე ძლიერი საშუალება გახლავთ გონებაში საკუთარი უკეთურების, საკუთარ არაწმინდა და ბოროტ ვნებათა და საქმეთა მუდმივი ხსოვნა. ამასთან ერთდ, მუდმივად უნდა გრძნობდე საკუთარ გარყვნილებას. ერთიც და მეორეც - ვნებები და ვნებიანი ქმედებები შენში საკმაოდ მოიძებნება. თუ ხელი არ ჩაგიქნევია და არ გითქვამს: რაც არის, არის, - მაშინ შეუძლებელია, არ იზრუნო და ამ დამღუპველ ზნეობრივ უძლურებათაგან განკურნვას არ შეეცადო. ხოლო თუ ამას გულწრფელად იქმ, მაშინ აღარ უნდა გქონდეს სხვათა საქმეების განჩხრეკისა და მათთვის მსჯავრის გამოტანის დრო. რადგან თუ თავს ამის უფლებას მისცემ, ყურში განუწყვეტლივ ჩაგესმება: თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე (მათ. 7,5).

იცოდე, როდესაც მოყვასს რაიმე ცუდი საქციელის გამო მკაცრად განიკითხავ, იმავე ცუდის მცირე მარცვალი შენს გულშიცაა და თავისი ვნებიანობით სხვათა განსჯას და განკითხვას გაიძულებს. ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი (მათ. 12,35). და პირიქით, სუფთა და უვნებო თვალი უვნებოდ უზერს სხვათა საქმეებს და არა ცდუნებით. სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგვიძს სიავის ჭვრეტა (აბაკ. 1,13). ამიტომ როდესაც რაიმე შეცოდების გამო სხვისი გაკითხვა მოგეგუნებება, განურისხდი საკუთარ თავს, როგორც იგივე საქმის ჩამდენსა და დამნაშავეს და გულში თქვი: „როგორ ვბედავ, მე წყეული, ამავე ცოდვით დაცემული და უფორ მძიმე შეცოდებაში მყოფი, თავის აწევას, სხვათა ცოდვების შემჩნევას და მათ განსჯას?“ ასეთი ქმედებით ბოროტის მიერ სხვის წინააღმდეგ მიმართულ იარაღს საკუთარი თავისკენ შემოატრიალებ და სხვაზე თავდასხმის ნაცვლად შენივე ჭრილობებს დაადებ სალბუნს.

როდესაც ძმის შეცოდება აშკარა და ყველასთვის ხილული შეიქნება, ნუ დაუჯერებ განკითხვის მიერ ჩაგონებულ გულისსიტყვას. ეცადე, სიყვარულით განეწყო ძმის მიმართ და გუნებაში თქვი: რადგან ამ ძმას ბევრი დაფარული სათნოება აქვს, ცუდმედიდობისგან მის დასაცავად ღმერთმა დაუშვა ამ ცოდვით დაცემა ან ცოტა ხნით შეუხედავ საფარველქვეშ ყოფნა, რათა ის საკუთარ თავსაც გარყვნილად აღიქვამდეს. მომავალში კი, სხვათაგან მოძულებული, სიმდაბლის ნაყოფს მოიხვეჭს და მეტად სათნოეყოფა უფალს. და ამით ახლანდელ ზიანზე მეტ სარგებელს მიიღებს. თუნდაც ვინმეს შეცოდება არა მარტო აშკარა, ძალზე მძიმე, მრისხანე და ულმობელი, უნანელი გულის შედეგიც იყოს, მაინც ნუ განიკითხავ.შეეცადე, გონებით ღვთის უსაზღვრო და მიუწვდომელ სამართიანობამდე ამაღლდე და ნახავ, რომ ბევრმა გამოუსწორებელმა ადამიანმა ბოლოს მოინანია და სიწმიდის მაღალ საფეხურს მიაღწია. და პირიქით, სრულყოფილების მწვერვალზე მდგომი ღრმა უფსკრულში ჩაეშვა. იფრთხილე, განკითხვის გამო შენც ასეთ უბედურებას არ ეწიო.

ამიტომ ყოველთვის საკუთარი თავის უფრო გეშინოდეს, ვიდრე სხვისა. გწამდეს, მოყვასისადმი შენი ნებისმიერ კეთილი სიტყვა და სიხარული სულიწმიდის ქმედება და ნაყოფია, ხოლო მოყვასზე ავი სიტყვა და მისი განკითხვა - შენი ბოროტი ზნისა და სატანის ჩაგონების ბრალი. ამიტომ როდესაც ვინმეს ცუდი საქციელის გამო ცდუნდები, თვალს ნუ მოხუჭავ, ვიდრე გულიდან არ განაგდებ ამგვარ საცდურს და ძმას არ შეურიგდები.


თავი 46
ლოცვის შესახებ

მართალია, საკუთარი თავისადმი უნდობლობა, ღვთისადმი სასოება და ღვაწლი ძალზედ აუცილებელია ჩვენს სულიერ ბრძოლაში, მაგრამ ყველაფერზე აუცილებელია ლოცვა - ამ ბრძოლის მეოთხე იარაღი, როგორც უკვე ვთქვით პირველი თავის დასასრულს. ლოცვით მოიხვეჭება და სრულყოფილ ძალმოსილებას იძენს როგორც პირველი სამი იარაღი, ასევე ყველა სხვა სათნოება. ლოცვა არის საშუალება ყველა იმ სათნოების მოსაზიდად და მოსახვეჭად, რომელიც უხვად გარდამოევლინება ჩვენზედ უფლის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულისა და სიკეთის დაუშრეტელი წყაროდან. ლოცვის მეშვეობით სულიერი ბრძოლისას საკუთარ საბრძოლო მახვილს უფლის მარჯვენას უთმობ, იგი ებრძვის მტრებს შენს მაგივრად და ამარცხებს. მაგრამ ლოცვამ რომ მთელი თავისი სიძლიერე გამოავლინოს, საჭიროა მუდმივად შენშივე მყოფობდეს, როგორც სულის ბუნებრივი მდინარება და გამხნევებული და დაცული იყოს ამგვარად:

1) საჭიროა მუდამ მხურვალედ ისწრაფვოდე, რათა ყველაფრით ღმერთს ემსახურო და ემსახურო ისე, როგორც სათნოა მისთვის. ამგვარი სწრაფვის განსამტკიცებლად საკუთარი თავი დაარწმუნე, რომ უფალს და მის საკვირველ თვისებებს - სახიერებას, დიდებულებას, სიბრძნეს და სხვა ურიცხვ და უზომო სრულყოფილებათ - ნებისმიერმა გონიერმა არსებამ თაყვანი, პატივი და მსახურება უნდა აღუვლინოს. როდესაც მეხსიერებას მთლიანად მომართავ იმისკენ, რომ უფალმა საღვთო განგებულებით საკუთარ თანაშემოქმედად აგირჩია, გამოგისყიდა და უდიდესი წყევისგან გიხსნა, განგკურნა და ცოდვებისან მიღებული იარები გაგიმთელა, და არა ღვინითა და ზეთით, ან რაიმე წამლით, არამედ ფერდიდან გარდამომდინარე თავისი ძვირფასი სისხლით და მახვილით, ეკლებითა და ლურსმნებით ნატანჯი უწმიდესი სხეულით, - განა შეიძლება ყოველწამიერად სიტყვით, საქმითა და აზრით მის მსახურებას არ მიუძღვნა თავი? არც ის უნდა დავივიწყოთ, რამდენად სასარგებლოა ჩვენთვის ღვთისადმი მსახურება, რამეთუ ეს საკუთარი თავის ბატონ-პატრონად გვაქცევს, სატანაზე გვაუფლებს და ღვთის შვილებად გარდაგვსახავს.

2) მტკიცედ უდნა გჯეროდეს, რომ თავისი უსაზღვრო გულმოწყალებისა და უშურველობის გამო, უფალს თავადვე სურს და მზადაა, გიბოძოს ყველაფერი, რაც შენი ღირსული მსახურებისა და სიკეთისთვისაა საჭირო. ამგვარი რწმენა და სასოება შენში იმ ჭურჭლად იქცევა, რომელსაც ღვთის უსაზღვრო გულმოწყალება თავისი მადლით აღავსებს. რაც უფრო ფართო და ღრმა იქნება ეს ჭურჭელი, მით უფრო ძლიერი ნიჭებით შემობრუნდება შენს წიაღში შენი ლოცვა. როგორ შეიძლება იფიქრო, რომ ყოვლისმპყრობელი უფალი, ვინც ლოცვის შედეგად ჩვენთვის საჭირო ყოველგვარი სიკეთის მონიჭება აღგვითქვა, უარს გვეტყვის რაიმეზე და საკუთარი სულით არ აღგვავსებს, თუ გულმოდგინე და მოუკლებელი ლოცვით გამოვითხოვთ. განა მან არ გვითხრა: რაოდენ უფრო მეტ წმიდა სულს მისცემს მამა თქვენი ზეციერი იმათ, ვინცა სთხოვს (ლუკ. 11,13)? და განა მან არ აღგვითქვა: და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ (მათ. 21,22)?

3) თხოვნის დროსაც და სურვილის შესრულების შემდეგაც ლოცვა ისეთი განწყობით უნდა აღავლინო, რომ მხოლოდ ღვთის ნების აღსრულება გსურდეს და არა საკუთარისა. ანუ ილოცვიდე და შესმენილ იქნას შენი სურვილი იმიტომ, რომ უფალს ნებავს ასე. ერთი სიტყვით, გონებასა და გულში მტკიცედ აღიბეჭდე, რომ შენი ნება მთლიანად შეერწყას ღვთისას, ყველაფერში დამორჩილდეს და ამიერდიან აღარ ისურვო ღვთის ნების საკუთარისკენ გადადრეკა.

რატომ? იმიტომ, რომ შენი ნება მუდამ აღრეულია თავისმოყვარებასთან, ხშირად სცოდავს და არ უწყის, რა უნდა სურდეს. ღვთის ნება კი ყოველთვის სახიერია, ბრძენი, ყოვლადსამართლიანი და არასოდეს შეუძლია შეცოდება. ღვთაებრივი ნება ყოველივე ქმნულისა და არსებულის მამოძრავებელი კანონია, ამიტომ იგი ნებისმიერი გონიერი არსების ნების წარმმართველად, მათი სურვილების ბატონ-პატრონადაც უნდა იქცეს.

მუდამ უნდა ისურვო, ეძიო და ითხოვო მხოლოდ ის, რაც ღვთისთვისაა სათნო. თუ ოდესმე დაეჭვდები, სათნოა თუ არა ღვთისთვის რაიმე, ეძიე და ითხოვე ის, რაც უფალს ნებავს. მუდამ ეძიე და ითხოვე ის, რაც სათნოა ღვთისთვის, მაგალითად, სათნოება; ითხოვე იმ მიზნით, რომ უფრო მეტად სათნოეყო უფალს, კეთილად ემსახურო მას და არ გქონდეს სხვა მიზანი, თუნდაც ეს უკანასკნელი სულიერიც იყოს.

4) ლოცვას იმ საქმეებით განმშვენებული უნდა შეუდგე, რომლებიც შენს სათხოვარს შეეფერება. ლოცვის შემდეგაც ეცადე, ღირსეული ჭურჭელი შეიქნე იმ მადლისა და სათნოებებისა, რომელთაც ითხოვ. ლოცვით ღვაწლს თან უნდა ახლდეს თვითიძულება და თვითდაძაბვა იმის აღსასრულებლად, რასაც ვითხოვთ, რადგან სულიერი ცხოვრებისას ძიება და თხოვნა ერთმანეთს თან სდევს და განაპირობებს. თუ ვინმე ლოცვით შესთხოვს ღმერთს რომელიმე სათნოების მოხვეჭას, თავად კი უდებებაშია, არაფერს აკეთებს ამ სათნოებაში წარსამატებლად და არც არანაირ ღვაწლს იდებს თავს, კი არ ლოცულობს, ღმერთს განცდის. ამიტომ ამბობს იაკობ მოციქული: ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას (იაკ. 5,16). ამ დროს ადამიანი შემწეობას მიიღებს, თუ უფალსა და წმიდანებს ლოცვით შესთხოვს დახმარებას და თავადაც გულმოდგინე იქნება ყოველივე იმის კეთებისას, რაც მისი თხოვნის აღსასრულებლადაა საჭირო, - შეგვაგონებს წმიდა მაქსიმე.

5) საკუთარ ლოცვაში ის ოთხი ქმედება უნდა შეაერთო, რომელთა შესახებაც წმიდა ბასილი დიდი წერს: უპირველესად უფალს შეასხი ქება, შემდეგ მადლობა აღუვლინე გამოჩენილი კეთილსახიერებისთვის, აღიარე საკუთარი ცოდვები, მისი მცნებების დარღვევა, და ბოლოს, გამოითხოვე უფლისგან ის, რაც ყველაზე უფრო საჭიროა შენი ცხონებისათვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დაახლოებით ასე შეგიძლია ილოცო:

“უფალო ღმერთო ჩემო! ვაქებ და ვადიდებ შენს გამოუთქმელ დიდებას და უსაზღვრო დიდებულებას. გმადლობ, რომ შენი სახიერების წყალობით არსებობა მომანიჭე და ღირს მყავ შენი მაცხოვნებელი სიკეთის თანაზიარობისა. უამრავჯერ მიხსენი უბედურებათა თუ ჩემთვის უხილავ მტერთაგან. აღვიარებ შენს წინაშე, რომ ბევრჯერ ფეხქვეშ გავთელე საკუთარი სინდისი და დავარღვიე შენი წმინდა მცნებები. უმადური ვიყავი შენი სახიერების მიმართ. მაგრამ, მრავალმოწყალეო უფალო ჩემო, ვერაფერს დააკლებს ჩემი შეცოდებანი შენს გულმოწყალებასა და სიკეთეს. მოხედე ჩემს უწმინდურებასა და ცოდვებს, მოხედე ჩემი გულშმუსვრილების ცრემლებს და შენი უსაზღვრო წყალობით შემეწიე. მომეცი ის, რაც კეთილსასურველია ჩემი ცხონებისათვის და ჩემი ცხოვრება შენს სათნოსაყოფად წარმართე. დაე, მე უღირსმაც ვადიდო შენი ყოვლადწმიდა სახელი“.

ლოცვის დასრულების შემდეგ შეგიძლია ჩამოთვალო სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი მოთხოვნილებები. თუ ამ დროს რომელიმე სათნოების მოხვეჭას ცდილობ, ილოცე, რათა უფალი მის სრულყოფილად მოპოვებაში დაგეხმაროს: თუ რაიმე ვნებისგან ხარ აფორიაქებული, ილოცე, რომ მის დასაძლევად და განსაგდებად შეწევნა მიღო; თუ ცილისწამებას, წყენას ან სხვა უბედურებას და დანაკარგს ითმენ, არ დაივიწყო, მადლობა შესწირო უფალს, რადგან ესეც ღვთის ნებით შენდა სასიკეთოდ ხდება.

6) ლოცვამ ღვთის წინაშე ძალა რომ შეიძინოს და მისი კეთილი ნება შენკენ მომართოს, უფლის უსაზღვრო გულმოწყალების რწმენით კეთილად აღჭურვე იგი. გჯეროდეს მისი უსაზღვრო გულუხვობისა და აღთქმისა - შეისმინოს ჩვემი მანამდე, ვიდრე ლოცვას გავასრულებდეთ. უფრო მეტად კი გწამდეს ჩვენთვის ხორცშესხმულ უფალ იესო ქრისტესი, რომელიც ადამიანთა საცხოვნებლად ჯვარზე ევნო, აღსდგა, ამაღლდა, დაჯდა მარჯვენით მამისა და ჩვენი მეოხი და შემწეა მის წინაშე, რადგან: ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისათვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველივეს (რომ. 8,31)?

ასევე შემწეობა სთხოვე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მარადქალწულ მარიამს, რომელიც დღემუდამ ჩვენზედ ლოცულობს; წმიდანთა დასს, მთავარანგელოზებსა დ ანგელოზებს, მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს, მოძღვრებსა და მასწავლებლებს, წმიდა მოწამეებს, ღირს მამებსა და დედებს, და ღვთის ყველა სათნომყოფელს, შენს მფარველ ანგელოზსა და იმ წმიდანებს, რომლის სახელსაც ატარებ და რომლის სახელზედაცაა ნაკურთხი ტაძარი, სადაც მოინათლე და სადაც ლოცულობ. თუ მათ მეოხებას საკუთარ ლოცვას დაურთავ, ამით მორჩილებას წაიმძღვარებ წინ, რომელიც მეტად სათნოა ღვთისთვის. უფალი უდიდესი წყალობით უყურებს მორჩილსა და თვინიერს, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს.

7) ლოცვა ყოველთვის დაუღალავად უნდა აღასრულო, როგორც მოციქული გვასწავლის, ნუ მოშლით ლოცვას, და იფხიზლეთ მასში მადლიერებით (კოლ. 4,2). სიმდაბლე და მოთმინება, დაუცადებელი და მხურვალე ლოცვა ღვთის გულმოწყალებას იმსახურებს. სახარებისეული ქვრივის შემართებამ ბოროტი და უსამართლო მსაჯული მოალბო, როგორც უფლის იგავშია მოთხრობილი და რითც უფალი მოგვიწოდებს, მოწყინებას არ მივეცეთ და მოთმინებით ვილოცოთ: და უთხრა მათ ერთი იგავიც იმის გამო, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა (ლუკა. 18,1). და თუ გულბოროტი მსაჯული მოალბო ქვრივის მონდომებამ, როგორ არ შეისმენს ჩვენსას ღმერთი, რომელიც სრული სიკეთეა. ოღონდ საჭიროა მოუკლებელი ლოცვა. როდესაც რაიმეს შესთხოვთ ღმერთს და ის შესმენას აყოვნებს, მაინც უნდა გააგრძელოთ ლოცვა და მტკიცედ და მხურვალედ გწამდეთ, რომ უფალი შეგეწევათ. ღმერთი შემწეობის გარეშე არასოდეს ტოვებს გულმოდგინე მლოცველთ, უფალი ადამიანთა მოლოდინს აჭარბებს და მათ თავის სახიერებს უჩვენებს, თუ მლოცველის მხრიდან რაიმე ზნეობრივი დაბრკოლება არ არსებობს, ანდა მისთვის უმჯობესია, რომ თხოვნა შეუსრულებელი დარჩეს. ასეთ შემთხვევაში ღმერთი თხოვნის სანაცვლოდ ხილულად ან უხილავად სხვა, მისთვის უფრო საჭირო სიკეთეს უგზავნის ადამიანს. ამიტომ მტკიცედ უნდა სჯეროდეთ, რომ შეუსმენელი ლოცვა არ არსებობს, თუმცა ხანდახან არ ეძლევათ ღვთისგან ის, რასაც ითხოვენ და კი არ უწყიან, რომ ეს ყველაფერი სასარგებლოა მათთვის. ყოველივე მათგან უხილავად ხდება, რათა არ დაზიანდნენ. მუდამ მოთმინებით ილოცე და გჯეროდეს, რომ იგი აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. თუ ვერ მიიღე ის, რასაც ითხოვ, გწამდეს, სანაცვლოდ სხვა სიკეთე გელის და თუ ვერ ხედავ ან ვერ იხილავ შედეგს, მიზეზს ნუ გამოეძიებ, სჯობს, საკუთარი უღირსება გაიხსენო და სული სიმდაბლის გრძნობებითა და აზრებით აღივსო. თუ ლოცვის შედეგად ასეთ გრძნობებს აღმოაცენებ და დაიმკვიდრებ, თუნდ ხილულად ან უხილავად არ მოიმკო მაგიერი, თავად ეს გრძნობები აღიქვი, როგორც ლოცვის ნაყოფი - შენთვისაც მაცხოვნებელი და ღვთისთვისაც ყველაზე მეტად სათნო.

უსმინე იოანე ოქროპირს: „დიდია ლოცვის სიკეთე, თუ იგი ჯეროვანი კეთილკრძალულებით აღესრულება; თუ ჩვენ საკუთარ თავს მუდამ ღვთისადმი მადლობის აღვლენას ვასწავლით, მიუხედავად იმისა, ვიღებთ რასაც ვითხოვთ, თუ არა, უფალი ყოველთვის ჩვენთვის სასიკეთოს მოიმოქმედებს, მაშინაც, როდსაც გვაძლევს და მაშინაც, როდესაც არ მოგვაგებს. როდესაც მიიღებ იმას, რასაც ითხოვ, აშკარად მოგეცემა და თუ არ მიიღებ, მაინც მოგეცემა, რადგან შენთვის საზიანო არ მოგეცა. საზიანოს არმიღება კი სასარგებლოა. ასე რომ, მიიღებ იმას, რასაც ითხოვ. თუ არ მიიღებ, მადლობა შესწირე უფალს. გწამდეს, ჩვენთვის რომ ნაწილობრივ სასიკეთო არ იყოს არმიღება იმისა, რაც გვსურს, მაშინ ღმერთი აუცილებლად მოგვცემდა“.

მუდამჟამს მოთმინებით ევედრე ღმერთს და ყველაფრის გამო ჰმადლობდე მას. გწამდეს და აღიარე, რომ მას შენთვის სიკეთე სურს და ბრძნად განაგებს ყოველივეს. იგია შენი მოყვარული და კეთილისმყოფელი მაშინაც, როდესაც შენი თხოვნის სანაცვლოდლ მოგაგებს და მაშინაც, როდესაც არ მოგაგებს. ამ შეურყეველი რწმენითა და სიმდაბლით დამორჩილდი საღვთო განგებულებას, სიხარულითა და მადლიერებით შეხვდი ყოველივეს, რაც შენზედ მოაწევს - სასიამოვნოსაც და უსიამოვნოსაც.


თავი 47
გონიერი ანუ შინაგანი ლოცვა და მისი სახეობები

გონიერი ანუ შინაგანი ლოცვა ნიშნავს მლოცველის მიერ გონების გულში მოკრებას და იქიდან ღვთისადმი უხმო ლოცვის აღვლენას, უფლის დიდებას და მადლიერებას. ამ დროს კაცი გულშემუსვრილებით აღიარებს ღვთის წინაშე საკუთარ ცოდვებს და თავისთვის საჭირო სულიერ და ხორციელ სიკეთეთ გამოითხოვს. არა მხოლოდ სიტყვით უნდა ვილოცოთ, არამედ გონებითაც, და არა მხოლოდ გონებით, გულითაც. გონება ნათლად უნდა ხედავდეს და ისმენდეს, რაც სიტყვით წარმოითქმის, ხოლო გული გრძნობდეს, რასაც ამ დროს გონება გაიაზრებს. ყოველივე ეს ერთად წარმოადგენს ჭეშმარიტ ლოცვას. თუ შენს ლოცვაში ასეთი რამ არ არის, ის არასრულყოფილია, ანდა სულაც არ არის ლოცვა.

ალბათ, გსმენია: სიტყვიერი ლოცვა, გონიერი ლოცვა, გულისმიერი ლოცვა. თითოეულ მათგანზე გარკვეული აზრიც გამოუთქვამთ. საიდან მომდინარეობს ლოცვის ნაწილებად დაყოფა? ჩვენი დაუდევრობის მიზეზით ხანდახან ენა ლოცვის წმიდა სიტყვებს წარმოთქვამს, გონება კი სად არ დახეტიალობს. ანდა გონებას ესმის სიტყვები, გული კი მათ მიმართ უგრძნობელი რჩება. პირველ შემთხვევაში ლოცვა მხოლოდ სიტყვიერია და სულაც არაა ლოცვა; მეორეში - სიტყვიერს გონებრივი ლოცვაც უერთდება, მაგრამ ეს არასრულყოფილი ლოცვაა; ჭეშმარიტად სრულყოფილია მაშინ, როდესაც ლოცვით სიტყვას და ლოცვით აზრს ლოცვითი გრძნობაც ეთანხმება.

ღვთის მადლის მოქმედების შედეგია გულისმიერი ლოცვა, ესაა სულიერი ლოცვა, რომელიც გულში სულიწმიდის მიერ მოძრაობს. მლოცველი შეიგრძნობს მას, მაგრამ თავად კი არ ლოცულობს, ლოცვა თავისთავად აღევლინება მასში. ამგვარი რამ სრულყოფილთა ხვედრია. ნებისმიერისათვის კი შესაძლებელია ის, რომ ლოცვით სიტყვებს მუდამ ეთანხმიერებოდეს აზრი და გრძნობა.

არსებობს ლოცვა, რომელიც ღვთის წინაშე წარდგომად სახელდება. ამ დროს მლოცველი გულში შემოიკრებს ყურადღებას და შესაბამისი გრძნობების მეშვეობით შინაგანად შეიმეცნებს თავის თავში არსებულ ღმერთს - ზოგჯერ შიშითა და მისი დიდებულებისადმი კეთილკრძალული მოწიწებით, რწმენითა და სასოებით, ზოგჯერ სიყვარულითა და ღვთის ნების ერთგულებით, ზოგჯერ კი - გულშემუსვრილებითა და ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად მზადყოფნით. ასეთი მდგომარეობა მაშინ მიიღწევა, როდესაც მლოცველი სიტყვით, გონებითა და გულით ჩაუღრმავდება ჩვეულებრივ ლოცვას. ვინც ხანგრძლივად და ჯეროვნად ლოცულობს, ხშირად მიაღწევს ასეთ სიმაღლეს. და ბოლოს, შესაძლოა, მუდმივად ამ მდგომარეობაში იყოს, რასაც უფლის წინაშე სვლა ეწოდება და დაუცადებელი ლოცვა გახლავთ. სწორედ ასე ლოცულობდა წმიდა დავით წინასწარმეტყველი, რომელიც გვიმოწმებს: წინაისწარ ვხედავ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა (ფს. 15,8).

ასე რომ, ძმაო, თუ გსურს, შენი შრომა კეთილნაყოფიერი იყოს, მხოლოდ სიტყვიერი ლოცვით ნურასოდეს შემოიფარგლები. გონებითაც ილოცე და გულითაც. გონებით გაიაზრე და შეიმეცნე ლოცვის სიტყვები, გულით კი შეიგრძენი ყველაფერი. მეტწილად გულით ილოცე. გულიდან წამოსული ლოცვა ელვისებურად კვეთს ზეცას და ყოვლადმოწყალე უფლის ტახტამდე აღწევს. და ღმერთიც მეტწილად მას შეიწყნარებს და შეისმენს. ასე ილოცა მოსე წინასწარმეტყველმა მეწამულ ზღვასთან და მყისვე მოესმა ხმა უფლისა: რას შემომბღავით (გამოსვ. 14,15)? და მიიღო კიდეც ძალა უფლისგან, რათა საკუთარი ხალხი მოსალოდნელი უბედურებისგან ეხსნა.


თავი 48
როგორ ვილოცოთ ამ წესი

ვფიქრობ, წაკითხულის შემდეგ გაგიჩნდა კითხვა, თუ როგორ დაეუფლო ასეთ ლოცვას. აი, პასუხიც: შეეჩვიე, მუდამ ასე ილოცო, ანუ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გონებითაც და გულითაც, და შეძლებ. როგორ ისწავლე კითხვა? - დაიწყე მეცადინეობა და შრომა და შეისწავლე. როგორ დაეუფლე წერას? - დაიწყე წერა და დაეუფლე. თუ ამ წესით ილოცებ, სწორედ ასევე შეძლებ ლოცვის სწავლასაც.

ლოცვის სიტყვები, რა თქმა უნდა იცი, ბავშვობიდანვე გასწავლიდნენ. ისინი მოცემულია ლოცვანში და ეკლესიის საღვთისმსახურო წიგნებში. ეს ლოცვითი ნაკადია, წმიდა მამათა და დედათა გულიდან ამონახეთქი, როდესაც სულიწმიდის მიერ აღძრულნი ღვთის წინაშე აღავლენდნენ საკუთარ გულისწადილს. მათში ლოცვის სულია აღბეჭდილი. ამავე სულით აღივსები შენც, თუ ისე წაიკითხავ, როგორც საჭიროა; როგორც გულისყურიანი მკითხველი გრძნობს მწერლის სულს. ეს ყველას განუცდია და, ვფიქრობ, შენც.

სიტყვები ჩვენს ლოცვანშია თავმოყრილი. მათ შესაკრებად შრომა არ დაგჭირდება. გქონდეს ლოცვანი და, განკუთვნილ დროს - დილა-საღამოს იკითხე. ყოველ სიტყვას ჩასწვდი, გაიაზრე ისე, როგორც იქაა გამოსახული. შეეცადე, იმგვარივე გრძნობები გააღვიძო გულში, როგორც წაკითხულ ლოცვაშია. ამაშია მთელი სიბრძნე. როგორც წესი, ყველა ასე იქცევა.

ასე იქცევა ყველა, მართალია, იტყვი შენ, - მაგრამ რატომ ყველას არ შეუძლია ჯეროვნად ლოცვა? - იმიტომ, რომ საქმით კი აკეთებენ ასე - ანუ იღებენ ლოცვანს, დგებიან ხატების წინ და კითხულობენ, მაგრამ გულსა და გონებას არ ატანენ. გონება სხვაგან დახეტიალობს, გულიც სხვა რამით ტკბება და არა ლოცვით. შენ კი ეცადე, გონება ლოცვის სიტყვებით შებორკო, ლოცვის სიტყვებში ჩაკეტო, ხოლო გულით შეიგრძნო მათ მიერ წარმოთქმული. მერწმუნე, მყისვე იგრძობ ამგვარი ლოცვის ნაყოფს.

ასე რომ, ლოცვის სიტყვები ხელთა გაქვს. იცი, რასაც ნიშნავს მათი შემეცნება და შეგრძნება. ეს ყველაფერი შენს ხელთაა. შენს ხელთაა ლოცვა და მასში წარმატება. დაუზარებლად იშრომე და წარმატებას მიაღწევ. აქვე სახელმძღვანელოდ რამდენიმე სასარგებლო რჩევას შემოგთავაზებ:

1) გაისარჯე და არა ლოცვითი კანონის შესრულებისას, არამედ თავისუფალ დროს გაიაზრე და შეიგრძენი მოცემული ლოცვები. თუ ასე მოიქცევი, ადვილად შეძლებ უკვე წაკითხულის შინაარსის აღდგენას. როგორც კი ლოცვას დაიწყებ, მისი აზრი და გრძობა ცნობიერებაში წარმოგიდგება და ისე გაიმეორებ სიტყვებს, თითქოს ისინი შენ გეკუთვნოდეს, შენი გულიდან მოდიოდეს, იქ იყოს წარმოშობილი და არა ჩადებული.

2) შეეცადე, ლოცვის გააზრებისა და განცდის შემდეგ ტექსტი ზეპირად დაისწავლო. თუ ასე მოიქცევი, მუდამ თან ატარებ ლოცვას. ვიდრე ის ლოცვანშია, შენს გარეთაა, ხოლო როდესაც დაისწავლი, შენში იქნება. და რა ვითარებაშიც უნდა აღმოჩნდე, შენი ლოცვანი მუდამ თან გექნება. ამასთან ერთად, ტექსტის დამახსოვრებით უფრო ღრმად აღიბეჭდავ ლოცვით აზრებსა და გრძნობებს, ვიდრე მათი უბრალოდ განსჯა და შეგრძნებაა. თუ მხოლოდ ლოცვანის სიტყვებს კი არ დაისწავლი, იმ აზრებსა და გრძნობებში მყოფობასაც შეძლებ, რაც მათშია გამოხატული, შენში ერთგვარი ლოცვითი ნაკადი წარმოიშობა. ეს საუკეთესო გზაა ჭეშმარიტი ლოცვის დასაუფლებლად.

3) როდესაც დრო მოაწევს, უცბად ნუ მოწყდები საქმეს და ლოცვას ნუ დაიწყებ. წინასწარ მოემზადე საამისოდ: „ცოტა ხანს მდუმარედ დაჰყავი, ვიდრე გრძნობა მიჩუმდება“, - როგორც ლოცვანი გვასწავლის. გაიაზრე, რა საქმის დაწყებას აპირებ, ვინა ხარ შენ - მლოცველი და ვინაა ის, ვის წინაშეც უნდა აღავლინო ლოცვა, რა უნდა წარმოთქვა და როგორ. ასეთი მომზადება აუცილებელია, რადგან დილით სული ძილისგან დამძიმებულია და გაღვიძებისთანავე დამდეგი დღის საზრუნავი ახსენებს თავს. საღამოს კი, განვლილი დღის მრავალფეროვანი შთაბეჭდილებანი და სხვადასხვა უსიამოვნო თუ სასიამოვნო შემთხვევები რომ წარიხოცოს, შეეცადე, ყველაფერი გამოდევნო ცნობიერებიდან. მთელი შენი გულისყური ლოცვამ უნდა დაიპყროს და მხოლოდ მას უნდა დაუთმო დრო. შთამბეჭდავი შემთხვევები, რომელთაგანაც თავის დახსნას ვერ შეძლებ, ლოცვისას მადლობის საგნად აქციე, შემწეობა ითხოვე მისგან გასათავისუფლებლად, ან ყველა და ყველაფერი ღვთის ნებას მიანდე.

4) ლოცვის დაწყებისთანავე, კეთილკრძალული შიშით აღვსილმა, გონებითა და გრძნობით თავი ღვთის წინაშე წარმოიდგინე და გულში მტკიცე რწმენა ჩაისახე, რომ უფალი გხედავს და გისმენს. ის პირს არ იბრუნებს მლოცველთაგან, კეთილისმყოფლურად უმზერს მათ და გჯეროდეს, მზადაა და ნამდვილად აღგისრულებს თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი შენი სულისთვის მარგებელია.

5) ამ განწყობით წარმოთქვი ლოცვის სიტყვები, მთელი არსებით ჩაუღრმავდი მათ და შეეცადე, იმგვარად მოედინებოდნენ გულიდან, თითქოს საკუთარი იყოს და არა დასწავლილი. ნუ მისცემს ყურადღებას სხვა მხარეს გადახრის, ხოლო აზრებს - გაფანტვის უფლებას. როგორც კი მიხვდები, რომ ასე ხდება, აზრები შენს შიგნით დააბრუნე და იმ ადგილიდან განაგრძე ლოცვა, სადაც ყურადღება გაგეფანტა. იცოდე, თუ გულში ლოცვითი გრძნობებია, ყურადღება არ იფანტება. ამიტომ ყველაზე მეტად ამაზე იზრუნე. ლოცვისას ნურასოდეს ნუ აჩქარდები, მოთმინებითა და მოწიწებით ჩაამთავრე, როგორც წმინდა საქმე.

6) თუ ასეთი განწყობით ლოცვისას რაიმე განსაკუთრებით იმოქმედებს გულზე, ყურადღებას მიიპყრობს, როგორც შენთვის მახლობელი რამ და საკუთარი ლოცვის სურვილს აღგიძრავს, უყურადღებოდ ნუ დატოვებ ამ შემთხვევას, შეჩერდი და შენი სიტყვებით ილოცე, ვიდრე წარმოშობილი ლოცვითი გრძნობა თუ მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდება.

7) თუ გაირჯები და ასე ილოცებ, შედეგად მიიღებ ლოცვით განწყობილებას, რომელსაც უნდა მოუფრთხილდე და დაიცვა. ამიტომ ლოცვის დასრულებისთანავე ჩვეულ საქმეს ნუ მიაშურებ, ნუ იფიქრებ, რომ ლოცვითი კანონის აღსრულებით უკვე დაასრულე ღმერთთან ურთიერთობა და ახლა შეგიძლია საკუთარ აზრებსა და გრძნობებს თავისუფლება მისცე. არა, უნდა ეცადო, მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნო ის მდგომარეობა, ლოცვისას რომ გქონდა. ამას მაშინ შეძლებ, თუ არ დაივიწყებ, რომ უფლის წინ იარები და მისი მარჯვება გაკავებს არარაობის უფსკრულის თავზე. ამგვარი აზრით აღსავსემ ყოველი საქმე, დიდიც და პატარაც, ღვთის სურვილისამებრ აღასრულე. მისგან გამოითხოვე ლოცვა-კურთხევა და ყველაფერი მისი სახელის სადიდებლად აკეთე. თუ ასე მოიქცევი, საღამოს ლოცვად დადგომამდე შეინარჩუნებ კეთილ ლოცვით განწყობილებას. თუ საღამოს კანონსაც ასე აღასრულებ, ღამითაც მშვიდად იძინებ. ესეც შენი ლოცვითი განწყობილების ოცდაოთხი საათი. ასე გაატარე ყოველი დღე და რამდენიმე თვეში, ანდა რამდენიმე კვირაში ძლიერი მლოცველი გახდები. და ლოცვა, როგორც ჩაუქრობელი კანდელი, მუდმივად გაგითბობს სულს.

8) ერთ წესსაც დავუმატებ: ეს არის ლოცვის შუწყვეტლობა - დაწყებიდან იმ დრომდე, ვიდრე წარემატებოდე... თუ დღეს კარგად ილოცებ და ლოცვით განწყობილებას შეინარჩუნებ, ხვალ კი თავს ნებას მისცემ და დროს თავაშვებულეაბში გაატარებ, ვერასოდს წარემატები ლოცვაში. ეს ერთდროულად შენებასა და ნგრევას ნიშნავს... ასე შეიძლება საერთოდაც ჩაკვდეს ლოცვა და სული მისთვის გამოუსადეგარი გახდეს. თუ დაიწყებ, მოთმინებით უნდა ილოცო, შრომა არ შეასუსტო და შეღავათებით არ გაინებივრო თავი.


თავი 49
საკუთარი ლოცვის შესახებ, რომელიც თავად მლოცველის მიერ ითხზვება

რაც აქამდე ვისაუბრეთ, სხვის მიერ შექმნილი მზა ლოცვის აღვლენას შეეხებოდა. მართალია გულისყურითა და გრძნობით აღსრულებულს, მაგრამ მაინც სხვის ლოცვას. მხოლოდ ამით უნდა შემოვიფარგლოთ თუ არა? ამაზე პასუხს თავად ლოცვა იძლევა. დადექი ლოცვად, აღასრულე, როგორც წესია, დასწავლილი ლოცვები. ის თავიდანვე დაემყნობა სულს და როგორი ძალითაც დაემყნობა, იმგვარადვე აღუძრავს მლოცველს სურვილს, თავადაც საკუთარი მოთხოვნილებისაებრ გულიდან ამოთქვას ლოცვა. და ისიც მუდმივად აღავლენს უფლისადმი ასეთ ვედრებას. ასე რომ, ლოცვით ღვაწლში თავისი წილი უდევს საკუთარ ლოცვასაც.

წინა თავში უკვე აღვნიშნეთ, რომ თუ ლოცვისას რომელიმე სიტყვა გულში ჩაგწვდება, უყურადღებოდ არ დატოვო, უნდა შეჩერდე და თავად ილოცო იმისდა კვალად, რამაც შენი სული დაიპყრო. ასეც მოიქეცი. ასევე ხდება საღვთო წერილისა და სულისთვის სასარგებლო წიგნების კითხვისას, ღვთაებრივ საგნებზე ფიქრისას, ღვთის დიდებულებისა და სრულყოფილების, მისი გასაოცარი შემოქმედებითი ძალის, ყოვლისმპყრობელობის, ჩვენს საცხოვნებლად განხორციელებული ღვთაებრივი განგებულების გააზრებისას, ცხოვრების შთამბეჭდავ და გამაოგნებელ მოვლენებზე ფიქრისას, როდესაც რაიმე საგანი განსაკუთრებულ კვალს ტოვებს სულზე, მის ყურადღებას იპყრობს და მოუწოდებს, ლოცვით ამაღლდეს უზენაესამდე. ყოველ ასეთ შემთხვევაში უყურადღებოდ ნუ დატოვებ წარმოშობილ სურვილს, დროებით შეწყვიტე საქმე, რასაც აკეთებ და ილოცე.

ეს უცაბედი მოწოდება - სურვილი იმას ნიშნავს, რომ ლოცვა გულში მკვიდრდება და ავსებს მას. ასეთი განწყობა თავიდანვე კი არა, ლოცვითი ჩვევის დაუფლებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩნდება. ეს მდგომარეობა მოწმობს, რომ ლოცვის საქმე წარმატებით მიდის წინ. რაც უფრო ხშირია ამგვარი შინაგანი სურვილი, მით მეტად ივსება ლოცვითი სულით ადამიანი. ამ დროს ყოველთვის საკუთარი ლოცვით უნდა ილოცო. მაგრამ საკუთარი მუდამ ზოგადი ლოცვისას წარმოიშობა. ორივე ერთმანეთის მსგავსი და თანაბარი ღირსებისაა და მათი შეცვლა მხოლოდ ღვთის წინაშე უსიტყვო მჭვრეტელობითი ლოცვით შეიძლება. ამ დროს ზოგჯერ გარკვეული ლოცვის სურვილი წარმოიშობა, ზოგჯერ კი სურვილთან ერთად მლოცველის გულიდან უშრომლად მოედინება ლოცვაც. პირველ შემთხვევაში თავად მოგიწევს შესაბამისი ლოცვითი სიტყვების შექმნა, ხოლო მეორეში დამორჩილდი და ხელი არ შეუშალო გულიდან მომავალ ნაკადს. აქვე შეგახსენებ: ნუ გაცდუნებს შინაგანი ნდომისა და საჭიროების გარეშე საკუთარი ლოცვის შექმნის სურვილი. შეგიძლია ძალზე ჭკვიანური ტექსტიც დააწყო უფლისადმი, მაგრამ ეს ლოცვა კი არა, სიტყვებისა და აზრების შეთანხმება იქნება ლოცვითი სულის გარეშე. ნუ მოიქცევი ასე. საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენასა და ცუდმედიდობას ვერ გაექცევი, ისინი კი ჭეშმარიტ ლოცვას ჩაახშობენ და დათრგუნავენ.

რაც შეეხება გულში წამოსული სურვილის შედეგად აღმოცენებულ ლოცვას - როდესაც საკუთრივ შენთვის კეთილსასურველ საგანზე გსურს ილოცო. იგი ხანდახან შენგან მომდინარეობს იმ ლოცვითი ელემენტებისაგან, რომლებიც მზა ლოცვების შესწავლა-შეთვისებისას ჩნდება გულში, ხანდახან კი ღვთის მადლის ზემოქმედების შედეგია. ეს იმ სულიერი ლოცვის ჩანასახად გვევლინება, რომელზედაც 47-ე თავში ვისაუბრეთ. თუ ასეთ მდგომარეობას მიაღწევ, ეს ნიშნავს, რომ შენთვის შესაძლო სრულყოფილების ზღვარს უახლოვდები. მადლობა შესწირე უფალს და უფრო მეტი შიშითა და თრთოლვით იგულმოდგინე. რაც უფრო ძვირფასია ეს განძი, მით ძლიერი შურით აღინთება მტერი.


თავი 50
მოკლე ლოცვები, ანუ ღვთისადმი მოკლე ლოცვითი სულთქმა

უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჭეშმარიტი ლოცვა არა მარტო სიტყვებით, არამედ გონებითა და გულით აღსრულებული შინაგანი ლოცვაა. ასეთი ლოცვა სრულად იკრებს გულისყურს და გულში აჩერებს. შიგნითმყოფობა ჭეშმარიტი ლოცვის განუყოფელი ნაწილი და მისი მთავარი პირობაა. ყურადღების გულში მოქცევას მუდმივად თან ახლავს ფიქრი უფლის შესახებ, რომელიც ყოველთვის ხედავს და ისმენს. ამ დროს სხვა დანარჩენი გულისსიტყვები უკან იხევენ, რასაც სიფხიზლე ანუ გულის დაცვა ეწოდება. ლოცვით ღვაწლს შემდგარი და წარმატების მოსურნე ადამიანი მუდმივად გულის ზღურბლთან უნდა იდგეს და ფხიზლად იცავდეს მას ყოველგვარი გულისსიტყვებისგან. რასაც უნდა აკეთებდეს, მხოლოს უფალი ახსოვდეს, არ მოაშოროს გულისყური და მასთან თანამყოფობის შეგნებით იყოს აღსავსე, თითქოსდა უფლის წინაშე იდგეს. ეს ლოცვითი ღვაწლის უმაღლესი ქმედებაა. მისკენ და მისი საჭიროებისა და მოთხოვნილების განცობიერებისკენ მივყავართ ლოცვას, რომელზედაც უკვე ვისაუბრეთ. პირველად ის შეასწავლის გონებას ყურადღების გულში მოკრებას და მხოლოდ უფლის ხმის სმენას. როდესაც ლოცვის ღვაწლს შემდგარი ადამიანი შეიცნობს, თუ რამდენად სასარგებლოა მისთვის ყურადღების მოკრება, უკვე ბუნებრივად სურს, რომ მისი სული მუდმივად ასეთ მდგომარეობაში იყოს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება დაიბადოს დაუცადებელი ლოცვა. ყველა, ვინც ამ მოთხოვნილებას იგრძნობს, ეძიებდა და ეძიებს მას. წმიდა მამების სწავლანი გულის სიფხიზლისა და დაცვის შესახებ სწორედ ამისკენაა მიმართული და ამგვარ ღვაწლში წარმატებულთა გამოცდილებას გადმოგვცემს.

თუ შენც იგრძნობ ამ მოთხოვნილებას, ბუნებრივია, კითხვაც დაგებადება: როგორ შევიძლო ღვთის წინაშე ეს აუცილებელი შიგნითმყოფობა და როგორ დავიცვა გულის სიფხიზლე? ლოცვა ამის წინაპირობას ქმნის, მაგრამ საქმე თავისთავად არ მიგვიყვანს სრულყოფილებამდე. ლოცვა მრავალ სირთულეს შეიცავს. ის ჩვენს ყურადღებას მიაპყრობს უამრავ საგანს, რომელიც, თუმცა წმინდაა, მაგრამ შეუძლია გაგვახსენოს სხვა რამ - ყოფითი, ცხოვრებისეული და ამსოფლიური საგნები, შეუფერებელი თანწყობა აზრებისა და წარმოსახვებისა. ასეც ხდება ხოლმე. ყველაზე გულმოდგინე ლოცვის დროსაც კი შეიძლება გაგვებნეს აზრი. ამით ლოცვა იმღვრევა და არაწმინდა ხდება, ამიტომ არ არსებობს მლოცველი, ამას რომ არ უჩიოდეს და ამ უძლურებისგან თავდასხნა არ სურდეს. ამაზე მოსაგრეობის დასაწყისშივე გაამახვილეს ყურადღება. რით შეიძლება ვუმკურნალოთ ასეთ მდგომარეობას? მოიფიქრე მოკლე ლოცვები, რომლებიც აზრს აკავებენ ღვთის წინაშე, გონებას გაფანტვის საშუალებას არ აძლევენ და ცდილობენ, შიგნით ამყოფონ. წმიდა კასიანე მოწმობს, რომ მის დროს ეგვიპტეში ასეთი ღვაწლი არსებობდა. სხვა წმიდა მამათა სწავლეებებიდან ვიგებთ, რომ მოკლე ლოცვები გამოიყენებოდა სინას მთაზე, პალესტინაში, სირიასა და მთელ ქრისტიანულ სამყაროში. მოწოდება: უფალო შეგვიწყალე! და სხვა მოკლე ლოცვები, რომლებიც ხშირად გვხვდება ლოცვანში და ღვთისმსახურებისას, განა ამაზე არ მეტყველებს? სჯობს, აირჩიო ერთი ან რამდენიმე მოკლე ლოცვა და მათი ხშირი განმეორებით ისეთ მდგომარეობას მიაღწიო, რომ ამ ლოცვებს ენა თავისთავად იმეორებდეს, ხოლო გონება მხოლოდ ღმერთზე ფიქრს უტრიალებდეს.

ყველას საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია აირჩიოს მოკლე ლოცვები. იკითხე ფსალმუნი. ნებისმიერ ფსალმუნში ღვთისადმი მოწოდებას შეხვდები. მათგან შეარჩიე, რომლებიც მოგწონს და ყველაზე მეტად შეეფერება შენს სულიერ მდგომარეობას, დაისწავლე და მუდმივად იმეორე. ისინი შეუნაცვლე შენს ლოცვებს და ნებისმიერი საქმის კეთებისას, ლოცვიდან ლოცვამდე იმეორე. წმიდა იოანე ოქროპირის ოცდაოთხი მოკლე ლოცვის მიხედვით შეგიძლია საკუთარი ლოცვებიც შეადგინო.

მეხსიერება რომ არ დაგეძაბოს და ყურადღება არ გაგეფანტოს, ძალიან ბევრ მოკლე ლოცვას ნუ დააგროვებ. ეს ყურადღების მოკრების ნაცვლად სრულიად საწინააღმდეგო შედეგს მოგიტანს. წმიდა იოანე ოქროპირის ოცდაოთხი მოკლე ლოცვა სრულიად საკმარისია, ნაკლებიც შეიძლება. მრავალფეროვნებისა და სულიერი გემოვნების გასაცოცხლებლად კარგია რამდენიმე ლოცვა. არ გირჩევ ლოცვისას სწრაფად გადახვიდე ერთიდან მეორეზე. იმით დაიწყე, რომელიც ყველაზე ახლოსაა შენს სულიერ მოთხოვნილებასთან; მოუხმე ღმერთს, ვიდრე ლოცვისადმი მისწრაფება არ გაგინელდება. შეგიძლია შენი ლოცვები ნაწილობრივ ან მთლიანად ასეთი მოკლე ლოცვებით შეცვალო და ისინი მცირე მუხლმოდრეკის თანხლებით რამდენჯერმე - ათჯერ, ორმოცდაათჯერ, ასჯერ გაიმეორო.მუდამ გახსოვდეს უმთავრესი - გულისყური განუშორებლად უნდა მყოფობდეს ღმერთთან.

ასეთ ღვაწლს ღვთისადმი მოკლე ლოცვითი სულთქმა ეწოდება და დღე-ღამის ნებისმიერ დროს აღესრულება, როდესაც არ გძინავს.


თავი 51
იესოს ლოცვის შესახებ

იყვნენ და არიან კიდეც ისეთი მლოცველები, ერთ მოკლე ლოცვას რომ შეიყვარებდნენ და განუწყვეტლივ იმეორებდნენ. წმიდა კასიანე ამბობს, რომ მის დროს ეგვიპტეში ჩვეულებრივ ყველა იმეორებდა 69-ე ფსალმუნის სიტყვებს: ღმერთო შეწევნასა ჩემსა მომხედენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. წმიდა იოანიკეს შესახებ კი წერენ, რომ ის მუდმივად იმეორებდა ამგვარ ლოცვას: სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა. ამავე ლოცვას ურთავდა ის თავისი ლოცვითი კანონის - 30 ფსალმუნის თითოეულ ტაეპსაც. სხვა მოუკლებლად ლოცულობდა ამ სიტყვებით: მე, როგორც კაცმა, შეგცოდე, შენ, როგორც ღმერთმა, შემიწყალე. სხვა განსხვავებულ ლოცვას ირჩევდა. უძველესი დროიდან ბევრი ლოცულობდა ასე: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ამის შესახებ აღნიშნავენ წმიდა ეფრემი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ისააკ ასური, წმიდა ისიქი, წმიდა ბარსანუფი და იოანე, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი. შემდგომში ეს ლოცვა ფართოდ გავრცელდა და საეკლესიო წესდებაშიც დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც იესოს ლოცვას ყველა საშინაო ლოცვისა და საეკლესიო მსახურების ნაცვლად აღასრულებდნენ. ჩვენშიც მოკლე ლოცვებიდან უპირატესად ეს ლოცვაა დამკვიდრებული. ეცადე, შენც შეეჩვიო.

ამ ლოცვას იესოს ლოცვა ეწოდება, რადგან უფალ იესო ქრისტეს მიემართება და, როგორც ყველა მოკლე ლოცვა, სიტყვიერი შემადგენლობისაა. ლოცვა გონიერი ანუ შინაგანია, როდესაც არა მარტო სიტყვით წარმოითქმის, არამედ გონებითაც და გულითაც, შინაარსის სრული გააზრებითა და შეგრძნებით. ხანგრძლივი და ყურადღებიანი ლოცვის შედეგად გონება და გრძნობა ისე შეერწყმის სულის მოძრაობას, რომ შინაგანად ისინი ერთდებიან, სიტყვები კი თითქოს აღარც არსებობს. ნებისმიერი მოკლე ლოცვა შეიძლება ასეთ სიმაღლემდე ავიდეს. იესოს ლოცვას იმიტომ ენიჭება უპირატესობა, რომ ის სულით ეთანხმება უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ერთადერთი კარია ღმერთთან ურთიერთობისა, რის მოპოვებასაც ლოცვით ვესწრაფვით. თავად უფალმა ბრძანა: ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ (იოან. 14,6). ამიტომ ვინც ამ ლოცვას მოიხვეჭს, განხორციელებული უფლის ძალმოსილებასაც ითვისებს. სწორედ ამაშია ჩვენი ხსნა. ამიტომ ბუნებრივია, არ გაგვიკვირდება იმ მოშურნეთა ღვაწლი, რომლებიც თავდაუზოგავად იღვწოდნენ, რომ ამ ლოცვას დაუფლებოდნენ და მისით ძალა შეეძინათ. შენც მათ მიბაძე.

იესოს ლოცვის დაუფლება გარეგნულად ბაგეებით ლოცვის განუწყვეტელ განმეორებას ნიშნავს. შინაგანად კი - გონების, ყურადღების გულში მოკრებას და მუდმივად უფლის წინაშე მყოფობას, რასაც თან ახლავს განსხვავებული ხარისხის გულის სითბო, მხურვალება, ყველა სხვა გულისწადილის განდევნა და მდაბალი და შემუსვრილი მინდობა მაცხოვრისადმი. დასაწყისისათვის რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიმეოროთ ეს ლოცვა მთელი გულისყურით. ხშირი განმეორება გონებას თავს მოუკრებს ღვთის წინაშე. ასეთი განწყობის შინაგან დამკვიდრებას თან ახლავს გულის სითბო და არა მარტო უბრალო, არამედ ვნებიანი გულისსიტყვების განდევნაც. როდესაც გულში ღვთისადმი მიზიდულობის ჩაუქრობელი ცეცხლი აინთება, მასთან ერთად გამეფდება გულის სიმშვიდე და გონებითი, შემუსვრილი, მორჩილი სასოება უფლისადმი. აი, აქამდე მიაღწევს ჩვენი შრომა ღვთის მადლის შემწეობით. რაც უფრო წარმატებულია ლოცვა, მით მეტია მადლის ზემოქმედება, მით მეტია ღვთის შემწეობა. წმიდა მამები მხოლოდ იმიტომ საუბრობენ ამის შესახებ, რომ მათ, ვინც განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწიეს, არ იფიქრონ, სასურველი აღარაფერი დამრჩენიაო და, არ იოცნებოს, უკვე სულიერებისა და მლოცველობის მწვერვალზე ვიმყოფებიო.

მაშ ასე, თავდაპირველად რაც შეიძლება ხშირად იმეორე იესოს ლოცვა, ვიდრე მუდმივად მის წამოთქმას არ შეეჩვევი. გირჩევ, ასე მოიქცე:

1) შენს ლოცვით კანონში გარკვეული ადგილი დაუთმე იესოს ლოცვასაც. რამდენჯერმე წარმოთქვი იგი კანონის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც. გულმოდგინება გამოიჩინე და ყოველი ლოცვის შემდეგ გაიმეორე იესოს ლოცვა, ისევე, როგორც წმიდა იოანიკე დიდი აკეთებდა, რომელიც ფსალმუნის ყოველი ტაეპის შემდეგ იმეორებდა: სასოეაბდ ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა.

2) როგორ და რა ოდენობით წარმოთქვა იესოს ლოცვა, ეს თავად, ანდა სულიერი მოძღვრის რჩევით განსაზღვრე. დასაწყისში ბევრს ნუ ეცდები, ხოლო როდესაც ლოცვა გაგიტკბება, ცოტათი გაზარდე მისი რაოდენობა. თუ ლოცვის განმეორების სურვილი გაგიჩნდება, ასეც მოიქეცი, მაგრამ კანონად ნუ გაიხდი, მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გაიმეორე. და რამდენჯერად გული მოგთხოვს, იმდენჯერ დაემორჩილე.

3) სწრაფად ნუ მიაყოლებ ლოცვას ერთიმეორეს. ლოცვის სიტყევბი ზომიერი დაყოვნებით წარმოთქვი, ისე, როგორც ლაპარაკობენ მნიშვნელოვანი პიროვნების წინაშე, როდესაც რაიმე სთხოვენ. მაგრამ მხოლოდ სიტყვებზე ნუ იზრუნებ, მეტწილად შეეცადე, გონება გულში, უფლის წინაშე მყოფობდეს, ილოცე ღვთის დიდებულების, მადლმოსილებისა და სამართლიანობის სრული შეგნებით.

4) თუ საშუალება გაქვს, შეისვენე ლოცვებს შორის, შეჩერდი და რამდენჯერმე წარმოთქვი იესოს ლოცვა. ხოლო თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ შინაგანად იმეორე ეს ლოცვა, ყველგან და ყოველთვის, რაიმეს კეთებისას თუ საუბრისას.

5) ლოცვა წარმოთქვი კანონის შესრულებისას ან მის გარეშე. მიიღე ლოცვითი მდგომარეობა და ყოველი ლოცვის წარმოთქმისას ქედი მოიდრიკე - ათჯერ წელამდე, შემდეგ მიწამდე, ვიდრე დაასრულებდე. ალბათ, გსმენია ან წაგიკითხავს, რომ წმიდა მამები საკუთარ ლოცვით კანონს უთვალავი მუხლმოდრეკით აღასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: საკმარისი არაა ლოცვა, თუ ადამიანი სხეულსაც არ გარჯის მუხლმოდრეკით. თუ შეძლებისდაგვარად შენც ასე მოიქცევი, მალე შეამჩნევ, როგორ დადებითად მოქმედებს ეს ღვაწლი იესოს ლოცვის დაუფლებაზე.

6) სხვა სწავლანი, მითითებები და გაფრთხილებები იესოს ლოცვის შესახებ შეგიძლია ფილოკალიის კრებულში, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, გრიგოლ სინელის, ნიკიფორე მონაზონის, ეგნატესა და კალისტეს შრომებში წაიკითხო. შინაგანი ლოცვის შესახებ ვინც კი წერს, ყველა წმიდა მამის რჩევა შეიძლება გამოგადგეს იესოს ლოცვის შესწავლისას. მათ გაკვეთილებში შეხვდები მითითებებს, თუ როგორ უნდა იჯდე, როგორ გეჭიროს თავი და როგორ ისუნთქო, ეს ხერხები, როგორც წმიდა ეგნატე და კალისტე ამბობენ, მხოლოდ გარეგნული საშუალებებია, რომლებიც ყოველთვის აუცილებელი არაა და არც ყველას გამოადგება. შენთვის მთავარია, გულში ყურადღებამოკრებილი ღვთის წინაშე იდგე და სიმდაბლითა და მოწიწებით წარმოთქვამდე იესოს ლოცვას; მუხლს იდრეკდე, როდესაც კანონს ასრულებ, ხოლო თუ საქმიანობ, შინაგანად მიეახლებოდე უფალს.

7) გახსოვდეს, ყურადღება გულში უნდა მოიკრიბო, მკერდის შიგნით; როგორც წმიდა მამები ამბობენ, მარცხენა მკერდის ოდნავ ზემოთ, და იქ იმეორო იესოს ლოცვა. როდესაც დაძაბულობისაგან გული შეგეკუმშება, ისე მოიქეცი, როგორც ნიკიფორე ბერი გვირჩევს: ყურადღება და ლოცვა იმ ადგილიდან სხვაგან გადაანაცვლე, სადაც, ჩვეულებრივ, საკუთარ თავს ვესაუბრებით - მკერდს ზემოთ, ხორხის ქვეშ. შემდეგ კვლავ მარცხენა მკერდის არეს დაუბრუნდი. ნუ ითაკილებ ამ რჩევას, რაც უნდა უბრალო და ნაკლებსულიერი გეჩვენოს.

8) წმიდა მამები ბევრს გვაფრთხილებენ. მათ არასწორი მოქმედების შედეგად დიდი გამოცდილება შეიძინეს. შეცდომებს რომ თავი აარიდო, სულიერ მოძღვარს ან თანამოაზრეს ჰკითხე რჩევა და შენი ღვაწლის შესახებ ყველაფერი გაუმხილე. ყოველთვის უდიდესი უბრალოებით, მორჩილებითა და სიმდაბლით იმოქმედე და წარმატებას საკუთარ თავს ნუ მიაწერ. იცოდე, ნამდვილი წარმატება შიგნიდან მოდის, შეუმჩნევლად, სწორედ ისე, როგორც სხეული იზრდება. როდესაც შიგნით დაიბადება შეძახილი: აი, ისიც, წარმატება! - იცოდე, მტრის შეძახილია და სიცრუეს სინამდვილედ გაჩვენებს. ეს ხიბლის დასაწყისია. მყის ჩაახშე იგი. სხვაგვარად ის საყვირივით აყვირდება და შენს თავზე დიდ წარმოდგენას უფრო გაგიძლიერებს.

9) ნუ განსაზღვრავ დროს, რომელიც იესოს ლოცვაში წარსამატებლადაა საჭირო. მხოლოდ განუწყვეტლივ იშრომე. თვეები და წლები გავა, ვიდრე წარმატების სუსტ ჩანასახს იხილავდე. ერთ-ერთი ათონელი მამა ამბობდა, რომ მხოლოდ ორი წლის შრომის შემდეგ იგრძნო გულში სითბო. სხვას რვა თვის შემდეგ ეწვია ასეთი მდგომარეობა. ამას ყველა საკუთარი ძალებისა და საქმისადმი გულმოდგინების მიხედვით განიცდის.


თავი 52
ლოცვაში წარსამატებლად ხელშემწყობი საშუალებები

თუ ლოცვაში წარმატების მიღწევა გსურს, ყველაფერი იღონე, რათა მეორე ხელით არ დაანგრიო პირველის მიერ შექმნილი.

1) სხეულს საზრდელით, ძილით, მოსვენებით ნუ გაანებივრებ. არაფერი მისცე მხოლოდ იმიტომ, რომ ამის სურვილი აქვს. გაიხსენე წმიდა მოციქულის შეგონება: ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად (რომ. 13,14), ნუ მოასვენებ ხორცს.

2) გარეგნული ურთიერთობები დროებით, ლოცვის დაუფლებამდე, აუცილებლობამდე შეზღუდე. შემდეგში შენში ამოქმედებული ლოცვა თავად გიჩვენებს, რა შეიძლება შეამატო ზიანის გარეშე. განსაკუთრებით დაიცავი გრძნობები, მათგან კი თვალები და სმენა, შებორკე ენაც. უამისოდ ნაბიჯითაც ვერ წაიწევ წინ. როგორაც სანთელი ქრება წვიმასა და ქარში, ასევე ლოცვა ვერ ინარჩუნებს მხურვალებას გარედან შთაბეჭდილებების მოძალებისას.

3) ლოცვის შემდეგ მთელი თავისუფალი დრო კითხვასა და გააზრებას მოანდომე. საკითხავად შეარჩიე წიგნები, სადაც ლოცვისა და სულიერი ცხოვრების შესახებაა მოთხრობილი. იფიქრე მხოლოდ ღმერთზე, ღვთაებრივ საგნებსა და მეტწილად კი ჩვენი ხსნისთვის განხორციელებულ მაცხოვარზე, უფრო ხშირად უფლის ვნებებსა და ჯვარცმაზე. თუ ასე მოიქცევი, ღვთაებრივი ნათლის ზღვაში ჩაიძირები. ამას თან დაურთე ეკლესიაში სიარული, როცა კი შესაძლებლობა გექნება. ტაძარში ყოფნის დროსაც ლოცვის ღრუბლით დაიფარები. წარმოიდგინე, რა იქნება, თუ მთელს მსახურებას ჭეშმარიტი ლოცვითი განწყობილებით ჩაამთავრებ?

4) უწყოდე, ზოგადად ქრისტიანულ ცხოვრებაში წარმატების გარეშე ლოცვაში ვერ წარემატები. სულს არც ერთი მოუნანიებელი ცოდვა არ უნდა ამძიმებდეს. და თუ ლოცვისას ისეთ რაიმეს ჩაიდენ, რაც სინდისს დაგიმძიმებს, ისწრაფე, სინანულით განიწმინდო, რათა ღვთის წინაშე კადნიერად წარდგომა შეგეძლოს. მუდმივად გულშემუსვრილი იყავი. ხელიდან ნუ გაუშვებ სიკეთის ქმნის შემთხვევას, ანდა კეთილგანწყობის, სიმდაბლის, მორჩილებისა და საკუთარი ნების მოკვეთის შესაძლებლობას. თავისთავად იგულისხმება, რომ სული ცხონებისადმი მოშურნეობით უნდა გქონდეს აღვსილი და ჩაუქრობლად ენთოს. ეს სურვილი უნდა იყოს ყოველივეს მამოძრავებელი და ღვთის შიში და მტკიცე სასოება ახლდეს თან.

5) ამგვარად მომართულმა იღვაწე. ხან მზა, ხან საკუთარი, ხანაც მოკლე ან იესოს ლოცვით ილოცე. ხელიდან ნუ გაუშვებ შესაძლებლობას, რაც ამ ღვაწლში წაგადგება და, მოიპოვებ, რასაც ეძებ. მაკარი ეგვიპტელის სიტყვებს შეგახსენებ: დაინახავს ღმერთი შენს ლოცვით ღვაწლს, რომ გულწრფელად გსურს წარმატება და მოგანიჭებს ლოცვას. გახსოვდეს, მართალია, საკუთარი ძალებით აღსრულებული და მოპოვებული ლოცვა ღვთისთვის სათნოა, მაგრამ ჭეშმარიტი ლოცვა, რომელიც გულში მკვიდრდება და მისგან განუშორებელი ხდება, ღვთიური ძღვენი და ღვთის მადლისმიერია. ამიტომ როდესაც სხვა რაიმეზე ლოცულობ, არ დაივიწყო ღვთისგან ლოცვის მონიჭებაც გამოითხოვო.

6) მოგითხრობ, რაც ერთი ღვთისმოყვარე ადამიანისგან მსმენია: „მთლად წესიერად არ ვცხოვრობდი. მაგრამ უფალმა შემიწყალა და სინანულის სული მომმადლა. ეს მარხვის დროს მოხდა. მთელი ძალით ვცდილობდი გამოსწორებას. აღსარების წინ დიდხანს ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ, ძალას და სიმტკიცეს შევთხოვდი მას. აღსარებისას ყველაფერი გულახდილად ვთქვი. სულიერ მოძღვარს არაფერი უთქვამს ჩემთვის, მაგრამ როდესაც შენდობის ლოცვა წარმოთქვა, გულში ტკბილმა ცეცხლოვანმა ტალღამ დამიარა. საოცრად სასიამოვნო გრძნობა იყო. ეს ცეცხლი გულში ჩამრჩა, მეგონა ვიღაცას ეკავა ჩემი გული. იმ დღიდან სულ ვლოცულობდი. გულისყური იქ მქონდა, იმ გრძნობასთან და ვცდილობდი, არ დამეკარგა ეს განწყობა. და უფალი შემეწია. იესოს ლოცვის შესახებ არაფერი მსმენოდა. როდესაც შევიტყე, მივხვდი, ჩემში არსებული იყო სწორედ ის, რის მოპოვებასაც ამ ლოცვით ცდილობენ“. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მიხვდე, რას ვეძიებთ ლოცვითი ღვაწლით და როგორ უნდა გავიგოთ, როდესაც მიზანი მიღწეულია.

7) ყველაფერთან ერთად წმიდა გრიგოლ სინელის სიტყვებიც გაითვალისწინე (ფილოკალია, 1 ნაწ. გვ.112): „მადლი ჩვენში ნათლისღებიდან მკვიდრობს, მაგრამ ჩვენი უყურადღებობის, ამაოებისა და გამოუსწორებლობის გამო ითრგუნება და მარცვალივით მიწით იფარება. როდესაც მოშურნეობით აღვსილი ადამიანი გამოსწორებას ცდილობს, მან მთელი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ამ მადლიანი ნიჭის აღდგენას. ეს ორნაირად ხდება: პირველ რიგში იგი მცნებათა მუდმივი აღსრულებით გამოვლინდება. რამდენადაც პიროვნება წარემატება ამ გზაზე, იმდენადვე მადლიც ბრწყინვალებას ავლენს. მადლის გარდამოსვლის მეორე საშუალება მოუკლებელი ლოცვის მეშვეობით იესო ქრისტეს სახელის მოხმობაა. პირველი საშუალება ძლიერია, მაგრამ მეორე უძლიერესია. პირველიც და მეორეც იძენს ძალმოსილებას, თუ გულწრფელად გვსურს ჩვენში დაფარული მადლის თესლის აღმოცენება. ვეცადოთ, მალე დავეუფლოთ იესოს ლოცვას და მუდამ გულით ვატარებდეთ. უჩინრად, წარმოსახვის გარეშე, ვიდრე გულს არ გაგვითბობს და უფლის გამოუთქმელი სიყვარულით არ აღგვანთებს“. აქ ყველაფერია ნათქვამი, რაზედაც მე-4 პუნქტში უკვე ვისაუბრეთ.


თავი 53
ლოცვის მნიშვნელობა უხილავ ბრძოლაში

შენს ყურადღებას მეტწილად იმისკენ მივაპყრობდი, თუ როგორ ავიყვანოთ ლოცვა მისთვის დამახასიათებელ სიმაღლემდე. შეიძლება უცნაურად გეჩვენოს, რომ უხილავ ბრძოლაზე საუბრისას, როდესაც გსურს, შეიტყო, რამდენად შეგვეწევა მასში ლოცვა, უმეტესად ისმენ იმას, თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი ლოცვა ჭეშმარიტად. ნუ გაიკვირვებ. როდესაც ლოცვა გულში დამკვიდრდება და განუწყვეტლივ აღევლინება, იგი ყველაზე ძლევამოსილ იარაღად იქცევა ჩვენს უხილავ ბრძოლაში. ამ წუთიდან ის სულის შეუღწეველ, განუმსჭვალავ, გადაულახავ ზღუდედ აღიმართება, რომელიც არც მტრის ისრებს იკარებს, არც ხორციელ ვნებებს, არც ამსოფლიურ ხიბლსა და ცდუნებას. გულში ლოცვის არსებობა უკვე თავისთავად შეწყვეტს უხილავ ბრძოლას. ამიტომაც უნდა იჩქარო გულში ლოცვის დანერგვა და იზრუნო, რომ იგი მუდმივად ცოცხლობდეს და მოძრაობდეს. ეს იგივეა, რომ გითხრან: ასე მოიქეცი და უბრძოლველად გაიმარჯვებო.

ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ვიდრე შენი ლოცვა ძალმოსილებას შეიძენს, მტერი არ მოგასვენებს და ყოველ წუთს ბრძოლა მოგიწევს. დაგეხმარება ამ დროს ლოცვა თუ არა? - რა თქმა უნდა, და უფრო მეტადაც, ვიდრე სულიერი ბრძოლის ყველა სხვა იარაღი. ლოცვა ყოველთვის მოიზიდავს ღვთის შემწეობას და ღვთაებრივი ძალა მტერს უკუაგდებს. მთავარია, იგი გულმოდგინე და ღვთის ნებას მინდობილი იყოს. ლოცვის ადგილი ორთაბრძოლის დასაწყისშივეა. აი, როგორ ხდება ყველაფერი: როდესაც შიგნით ვნებიანი გულისთქმა ან ვნებათა მოძრაობა იჩენს თავს და ყურადღება, როგორც ფხიზელი დარაჯი, მტრის მოახლოებას და მის ისრებს იგრძნობს, სულის ცხონების მოშურნე მტრის ბოროტ სურვილს გაიაზრებს და ძალების დაძაბვით დაუნანებლად განდევნის გულისთქმებსა და ვნებებს. ამავე დროს შინაგანად ლოცვით მოუხმობს უფალს და შემწეობას სთხოვს. შემწეობაც არ იგვიანებს, მტერი გაიფანტება და ბრძოლა ნელდება.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი პირადი მაგალითის ჩვენებით ცდილობს ზუსტად აღწეროს ეს ბრძოლა: „მე ვგავარ ადამიანს, რომელიც დიდი ხის ქვეშ ზის და ხედავს, რომ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი უახლოვდება. მას არ შეუძლია გაუმკლავდეს მათს თავდასხმას, ამიტომ სასწრაფოთ ხეზე ძვრება და თავს შველის. მეც ასე ვარ. ვზივარ კელიაში და ვხედავ ჩემს წინააღმდეგ აღძრულ ბოროტ გულისსიტყვებს. მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ მყოფნის, ამიტომ ლოცვით მივმართავ უფალს და თავს ვიხსნი მტერთაგან“.

წმიდა ისიქი თავის სიტყვაში სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ წერს: „მახვილი და დაძაბული გონებრივი მზერით უნდა იყურო შენს შიგნით, რათა შეიცნო შემომსვლელნი. როდესაც შეიცნობ, მყისვე შემუსრე გველის თავი და სულთქმით შეჰღაღადე იესო ქრისტეს. მაშინ ღვთის უხილავ შემწეობას და თანადგომას მიიღებ“.

“როგორც კი ჩვენში მაცდური გულისსიტყვები მომრავლდება, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწოდებით უნდა დავძლიოთ. მყისვე ვიხილავთ, რომ კვამლივით გაიფანტებიან ჰაერში - როგორც გამოცდილება გვასწავლის“.

“შინაგანი ბრძოლა ასე უნდა წარვმართოთ: მთავარი ყურადღებაა. როდესაც ბოროტ გულისსიტყვას შევამჩნევთ, მაშინვე გულიდან წამოსული მრისხანება მივმართოთ მის წინააღმდეგ. შემდეგ ვილოცოთ და გულში იესო ქრისტეს მოვუწოდოთ. ასე გაიფანტება ეს დემონური აჩრდილი, და გონებაც ოცნებას არ გაჰყვება, როგორც მოხიბლული ბავშვი დახელოვნებულ ჯამბაზს“.

“მდუმარება გზას უღობავს გულისსიტყვებს, იესო ქრისტეს სახელის მოხმობა კი გულიდან განაგდებს მათ. როგორც კი სულში რაიმე გრძნობადი საგნის წარმოდგენა წარმოიშობა, ჩვენი შეურაცხმყოფელი პიროვნებისა იქნება თუ ქალური სილამაზისა, ოქრო-ვერცხლისა თუ ყველასი ერთად, ცხადია, ჩვენი გული ამ ოცნებამდე ბოროტმეხსიერების, სიძვის, ველცხლისმოყვარების სულმა მიიყვანა. თუ ჩვენი გონება გამოცდილი და განსწავლულია, იცის, როგორ დაიცვას თავი მტრის თავდასხმებისგან და ნათლად ხედავს ბოროტის მაცდუნებელ ოცნებებსა და ხიბლს, მდუმარებითა და იესოს ლოცვით ადვილად მოიგერიებს სატანის ისრებს; ვნებიან ოცნებას საშუალებას არ მისცემს, ჩვენი გულისთქმები აიყოლიოს, ხოლო გულისთქმებს - თანხმიერება ჰპოვოს მასთან ანდა მეგობრულად ესაუბროს და აზრები განავრცოს. ამას კი აუცილებლად ცუდი საქმეც მოჰყვება, ისევე, როგორც ღამე მოჰყვება დღეს“.

ბევრ ასეთ შეგონებას იხილავთ წმიდა ისიქისთან. აქვე შეხვდები უხილავი ბრძოლის სრულ აღწერასაც. გირჩევდი, ხშირად გადაგეკითხა მისი სიტყვა სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ.