ჩირაღდნებით გავაშუქე სევდიანი ჩემი ბინა...
იუნონავ, შენ გელოდი და მიტომ არ დამეძინა.
დავდიოდი წინ და უკან და ჩირაღდნის შუქზე ვთრთოდი,
და სიჩუმეს ყურს ვუგდებდი, და სიჩუმით გავძახოდი.

გეძახოდა ჩემი სული, გეძახოდა ჩემი ვნება...
მე მომწყურდა შენთან ერთად ახალი წლის მიგებება,
ჩირაღდნებით მიტომ მოვრთე და ავანთე ჩემი ბინა,
და მომწყინდა მარტოობა, და უშენოდ მომეწყინა.

კვირა ძალის თაფლის სანთელთ ალი გაკრთა, როგორც გველი.
სურნელოვან ნელსაცხებლით მოვასხურე სარეცელი,
ახალ წელთან შენ გელოდი და ველოდი ყოფნას ახალს,
და ვუცდიდი განახლებას, და ვეძებდი აღდგომის კვალს.

ხომლი მოკვდა, დაიბინდა; აიღველფა ცის ეთერი,
ცას ნათელი გადაევლო სევდიანი, მტრედისფერი,
შენ არ სჩანდი... დავიკვნესე და სიჩუმემ მომცა ბანი,
და დაყრუვდა ჩემი ბინა, და ჩავაქრე ჩირაღდანი.

დიდი ხნიდან ვურიგდები ჩემს წამებას, მოძმეთა შურს,
ცხოვრებასაც აღარ ვებრძვი და ცხოვრებაც აღარა მსურს...
დიდი ხნიდან ბედს მივენდე და იმისი მსხვერპლი ვხდები,
და მომწყურდა ყველაფერი, და ყველაფერს ვურიგდები.

მაგრამ ამ ჩემს მარტოობას, სიჩუმეო, ყური მიგდე,
ჩემს უსაზღვრო მარტოობას მე არ ძალმიძს შევურიგდე.
სახსნელი გზა კი არსად ჩანს, და ამაოდ ველი მშველელს...
და ამაოდ დღე დღეს მისდევს, და ამაოდ ცვლის წელი წელს.