ათრობდა ხალხთა მწუხარება, სისხლის აუზი.
მისი სასახლე მონად ჰყავდა აღფრთოვანებას,
მოღალატეთა შთაგონებით სცემდა ბრძანებას
და მედიდურად ხელს აწერდა ნიკოლაოზი.

ლაჩარი იყო, ქვეყნის ბედი, ღელვა, ქაოსი -
ფრეილინების და დედოფლის ჟინს მიანება.
ჩვენ კი სიმართლის ციხეებში დაგვიანება
გულს გვისერავდა, როგორც ზარი სასაფლაოსი.

კუბოებისთვის მეკუბოვეთ ხე აღარ ეყოთ,
ხე არ ჰყოფნიდა მეფეს - კაცთა ჯვარზე საცმელად,
მაგრამ გამოჩნდა სიხარული კაცთ დასახსნელად...

ამხანაგებო! განახლების ზარმა დარეკა,
ტახტი დაეცა და იმედად ქაოსზე დგება:
თანასწორობა, რესპუბლიკა, თავისუფლება!