...ოდეს კნინ იქმნა ზნეობა და მიიტაცა სულმოკლებამან უფლება განსჯა-განგებისა
საქმეთა, სულგრძელობისა მიერ განსაგებელთა – ჰრქვეს კაცთა:
– ვიეთთაგა მოვიღო ჩემდა რგება ნივთიერი, იგი იყვნენ მოყვასნი ჩემნი!
ვინათგან შემოადგა მოალყე დიდი მეციხოვნეთა რიცხვით მცირეთა – მათ, რომელნი
იდგეს ზნეობასა ძველსა ზედა, ეყოთ ზიანი ძნელი და დარჩა წიაღსა შინა კაცთასა
სიყვარული იგი, ვითა ბოლქვი უმწეო ნიადაგსა ზედა მწირსა და მოუსავალსა. და იქმნა:
სინდისი – ცნებად გარდასულთა ჟამთა და სიტყვათღა სათრევად ძვირის მეტყველთაგან;
ძალა – იარაღად დათრგუნვისათვის სათნოებისა სულსა თვისსა შინა და
მიმძლავრებისათვის მოყვასისა; სიკეთე – ნიღბად ავისა განზრახვისა და ქმნისა; დედაკაცი
– განმართლებად მეძავეობისა და ბერწობისა; მეგობარი – მალამოდ შიშისათვის
წუთისოფლისა და საგნად სხვათა ფარულთა ანგარებათა; ერი – ასპარეზად ნივთთა
მოხვეჭისა და ხნულად მიმოთესვისათვის სიცრუვეთა; ვენახი და მინდორი – ადგილად
მოყვასისა ნაღვაწის მითვისებისა; პური და საქონელი ყოველი – თავნად აღებისა
სარგებელთა და ვახშთა; სოფელი – სივრცედ შურის მიგებისა და სიძულვილისა, რაიცა
იქმნა ღმერთად.
იქმნა ყოველი მარტოოდენ, ვითარცა ზემორე ითქვა და დაიხშო ბრწყინვალება მზისა
ჭყრტიალისაგან ოქროისა. რწმენა და ზნე ესევითარი განჯდა სიძულვილად ყოველსა
ასოსა შიგან და სიღრმეთა სულისასა კაცთა. აღიარა ერმან განმგებლად და მორიგედ
ქვეყნიერთა საქმეთა თვისთა ურჩხული იგი საშინელი. საზრდელი მისი – სული და ხორცი
კაცთა. მუცელი მისი – აღუვსებელი მარად. არა იყო იგი არსება ერთი და ნადირი
ხორციელი, არამედ სული კრებითი, არსი მყოფი კაცთა წიაღსა შინა, ვითა წახნაგთაგანი
ერთი მისი, განძლიერებული აწ.
შვა ამა ვითარებამან სიბრჯგუე გონებისა, რომელმან: დაიდვა პური არსობისა მონობითა
საპყრობად კაცთა; არა კმასაყოფელ ექმნა ხარი და დაადგა უღელი შვილსა თვისსა; ააგორა
ბორბალი იავარქმნად სხვათა ტომთა; მოიმარჯვა ცავარსკვლავეთისა ცოდნა
მორჩილებისათვის ხალხთა; დალახნა წყალნი და ხმელნი მოზიდვად დავლისა და
ილეკროთა; განსწავლნა ერნი მომსპოლველისა რწმენისა განსავრცელებლად და ახარა
ვაზი სამებრუვეოდ მოდგმათა.
ხედვიდა ერი მას ურჩხულსა განსხეულებულს, ხორცქმნილს და მსახლობელს თვისთა
სრა-სასახლეთა შინა გუშაგად მამონისა და ჰმორჩილებდა წესსა დადებულსა მისგან,
რამეთუ უჩნდა იგი საწადელ, თუცა
საზრდელი მისი – ხორცი და სული ერისავე.
მაშინ ჰრქვა თუთაშხამან:
– შეიმუსრა სიყვარული, რამეთუ არა აქვნდა მას სატევარი მძლეველი. აღზევდა ურჩხული,
რამეთუ ძალთა მორყევნითა წარსტაცა მხნეობა მამრთა და ქმნა გული მათი დედალ!
აღიღო შუბი თუთაშხამან, აღმხედრდა ჰუნესა თეთრსა ზედა და განიზრახა დათრგუნვა
ბოროტისა – ძალითა თვისითა, რამეთუ ღმერთი არა იყო თუთაშხა...
გრაფი სეგედი
...ყაჩაღობის სახეობათა განსაზღვრა სამძებრო საქმეში აუცილებელია, ვინაიდან ბრძოლის
სწორი მეთოდების შერჩევაა საჭირო. დათა თუთაშხია აბრაგთა სახეობას
განეკუთვნებოდა. რამდენადაც ჩემი ხანგრძლივი დაკვირვებიდან გამეგება, მდაბიო
ხალხის დამოკიდებულება აბრაგებისადმი შემდეგნაირია: მოსახლეობა აბრაგს აქტიურად
თანაუგრძნობს და მხოლოდ ისეთს კი არა, ვინც ხალხის მოსარჩლეობა რაიმეთი
გაამჟღავნა, არამედ ისეთსაც, ვინც საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით მდევარს
საპასუხო ტყვია ესროლა და მიიმალა. ასეთი დამოკიდებულების საფუძველი, ჩემი
აზრით, ის მარადისი მოვლენაა, რომ მიუხედავად მმართველობის სახისა და უფლებრივი
პირობებისა, ხელისუფალთა მიმართ დაუმორჩილებლობა ხალხის პერმანენტული
მდგომარეობა იყო. ესა თუ ის ინდივიდუუმი პირადად მისთვის ხელმისაწვდომი ხერხით
ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლებას.
ცნობილია, დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის ხერხთა დიაპაზონი ფართოა; ვთქვათ, შემოსავლის
მიჩქმალვიდან და ქურდობიდან დაწყებული – ვიდრე აბრაგის მფარველობამდე და თვით
იარაღით მოქმედებამდე. ხსენებული ფსიქიკური მდგომარეობა განპირობებულია, ერთი
მხრივ, ზოგადი საწყისით: განვითარების, ცვლილების სტიქიური წყურვილით, ხოლო
მეორე მხრივ, კონკრეტულით, რაც მატერიალური მოთხოვნილებების სფეროში უნდა
ვეძებოთ.
თუ მართალია ის, რომ ადამიანთა სიახლოვე ურთიერთსაჭიროების ნიადაგზე
ხორციელდება, მაშინ ისიც სწორია, რომ რაც უფრო თავგამოდებით ესარჩლება ხალხს
აბრაგი, მით პოპულარულია იგი და, მაშასადამე, მით მყარი დასაყრდენი აქვს
მოსახლეობაში. ხალხი არც მძარცველებს და მკვლელებს ეუბნება უარს დახმარებაზე,
მაგრამ ეს დახმარება, ძირითადად, მარტო შიშზეა დამყარებული. ხალხის მოსარჩლე
აბრაგისთვის გაწეულ დახმარებას საფუძვლად შიშიც უდევს და პატივისცემაც. თვით
დახმარების აღმოჩენა ამაგის გაწევას, ზრუნვას ნიშნავს, აბრაგის კეთილდღეობისთვის
გაწეულ შრომას და საკუთარი ინტერესების, ხანდახან თვით სიცოცხლის, საშიშროებაში
ჩაგდებას ნიშნავს. ეს კი ქმნის იმას, რასაც სიყვარულს ვუწოდებთ ხოლმე. თუთაშხიას
შემთხვევაში, სახელდობრ, ასეთ მოვლენას ჰქონდა ადგილი: ადამიანებს მისი შიშიც
ამოძრავებდა და პატივისცემაც. ისინი ზრუნავდნენ თუთაშხიაზე, მისი გულისთვის რისკს
ეწეოდნენ და ამის შედეგად უყვარდათ კიდევაც იგი, სანამ ზემოხსენებული
ურთიერთსაჭიროება არსებობდა.
მაგრამ უწყვეტი და მარადისი მზისა ქვეშე არაფერია და თუთაშხიას უზადო
რეპუტაციამაც იწყო რყევა. საკვირველი ის იყო, რომ ამას იგი, თითქოს განზრახ,
განუხრელად და გამიზნულად აღწევდა. ჩვენ მის კომპრომეტირებას აქტიურად
ვუწყობდით ხელს...
გიგო ტატიშვილი
– უმაღლესი სასწავლებელი ახალი დამთავრებული მქონდა. ხელმოკლედ ვიყავი,
სამსახური უმალვე დავიწყე. დასავლეთ საქართველოში ჭიათურის სააქციო საზოგადოება
გზებს აწესრიგებდა, იმათთან დავდე კონტრაქტი და საქმეს შევუდექი.
ჭალადიდის მიდამოებში პროფილები მქონდა გადასაღები, ხელსაწყოს სატარებლად,
ლატნის დასაჭერად ორი მუშა ვიქირავე, იქაური კაცები.
ერთ საღამოს ვივახშმეთ, მუშებმა კარვები გამართეს, ჯამაგირი მომთხოვეს. დრო იყო,
ერგებოდათ და გავუსწორდი. მე ჩემს კარავში შევძვერი, მუშები – თავისაში. დავიძინეთ.
დილით აღარც მუშები იყვნენ, აღარც ცხენები – მომპარეს და გამექცნენ. ისეთ უკაცრიელ
ტყეში ვიყავი შესული, კაცი ათ-თხუთმეტ ვერსზე ციებით გაჟღენთილი ჭაობების მეტს
ვერაფერს ნახავდა. იმდენ ბარგსა და ბარხანას ორი ცხენი ძლივს ატარებდა, მარტო კაცი
რას მოვერეოდი! გერმანული სამზომელო ოპტიკა მქონდა, საზოგადოების საკუთრება იყო,
მაშინდელ დროში ძალზე ძვირად ფასობდა. ის ყუთები ავიკიდე და საურმეზე
გამოსასვლელად ჭაობ-ჭაობ წამოვედი. შუადღე კარგა ხნის გადასული იყო, როცა
მუხლამდის ტალახიან საურმე გზაზე გამოვაღწიე. ვაი იმ გამოღწევას! ყუთების თასმებმა
მხრები ჩამაგლიჯეს. დაქანცულობა იქით იყოს, ჩექმებმა ქუსლებზე ტყავი გადამაძრეს,
კვნესა კბილით მეჭირა. იმ ყიალ-ყიალში, როგორ და რანაირად, ახლაც არ ვიცი, საათი
დამეკარგა. კარგი საათი იყო, პაველ ბურეს ფირმისა. ჩამოვჯექი, ლოდინი დავიწყე, იქნებ
ურემმა ჩამოიაროს ან ვინმემ ცხენები ჩამოატაროს-მეთქი.
რამდენ ხანს ვიჯექი – ერთი ბავშვიანი დედაკაცის მეტი არავინ გაჭაჭანებულა. თავბედს
ვიწყევლიდი, ეს რა დღეში ჩავვარდი-მეთქი, მაგრამ რაც მერე გადამხდა, ჯობდა, იმ გზის
პირზე კიდევ სამ დღეს ვმჯდარიყავი. კაცმა არ იცის რა ელის. ბედისწერამ ისე მოინდომა,
რომ მაგ ყბადაღებულ დათა თუთაშხიას გადავეყარე.
დიდი უბედურება და ღვთის რისხვა დატრიალდა. რაც მე იმ საქმეზე პოლიციასა და
ჟანდარმერიაში მატარეს, იმდენი ზოგ კაცს სამსახურში არ უვლია. იმ ღამის, იმ ამბის
შემდეგ თხუთმეტი, ოცი წელიწადი სინდისი მქენჯნიდა. ვერა და ვერ გავამართლე ჩემი
თავი. დარდს ვერავის ვუზიარებდი, გულზე ქვასავით მაწვა. ორმოცდაათი წლის
წინანდელი ამბავია. ადამიანი დროთა განმავლობაში თავის თავს ყველაფერს მიუტევებს,
ყველაფერს ურიგდება, ყველაფრის გამართლებას პოულობს; ეხლა იმის გახსენება და
სიმართლის თქმა ისე აღარ მეძნელება.
მოსაღამოვდა. მშველელი არსაიდან გამოჩნდა. შვიდ-რვა ვერსზე დუქანი მეგულებოდა. იმ
დუქანში რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი და ღამეც მქონდა გათეული. დურუ ძიგუას
დუქანს ეტყოდნენ, მედუქნის გვარ-სახელის მიხედვით. დავიძარი. ცოტა ვიარე, ჩექმა ვერ
ვიგუე, სიარული გამიჭირდა, ჩატყავებულ-ჩასიებულმა ქუსლებმა შემაწუხა. გავიძრე და
უარესი დამემართა. უჩვევი ვიყავი, ფეხშიშველს ავი დღე დამადგა. იარებზე რომ ტალახი
მომხვდა, ისე დამეწვა, ვითომ ფეხები მარილწყალში მქონოდა.
ასე, ორი ვერსი მექნებოდა გამოვლილი. ბინდდება და ვფიქრობ, თუ დამიღამდა, მთვარის
ამოსვლამდის ნაბიჯს ვეღარ გადავდგამ-მეთქი. ცხენის ფლოქვის ხმას მოვკარი ყური. კი
არ გამეხარდა, შემეშინდა, ვაითუ ვტყუვდებოდი. მერე ვეღარაფერი გავიგონე,
დავრწმუნდი, მომეჩვენა-მეთქი, და სიმწრისგან კინაღამ თავში მუშტი წავიშინე. ცოტა ხნის
შემდეგ ისევ მივაყურე. ფლოქვის თქაფანი და ხმადაბალი საუბარი შემომესმა. ჩამოვჯექი,
დაველოდე, – ჩემზე გახარებული და ბედნიერი ქვეყანაზე, ალბათ, არავინ იყო.
გამოჩნდნენ. ორნი იყვნენ, ორთავე ქვეითები, მაგრამ ერთს ცხენი მოჰყავდა სადავით.
მომიახლოვდნენ. ერთი ბერი იყო, როგორც მერე გავიგე – მეროჭიკე ბერი, მეორე –
მგზავრი, რიგიანად ჩაცმულ-დახურული ახალგაზრდა კაცი. ნაბადქვეშ ძვირფასი ქამარ-
ხანჯალი და ხისბუდიანი მაუზერი შევნიშნე. სააქციო საზოგადოებას თავისი მცველთა
რაზმი ჰყავდა, ერთი შეხედვით, ეს კაცი რაზმელად ჩავთვალე. ბრგე კაცი იყო,
მაინცდამანიც დიდი ტანისა არა, მაგრამ ზორბა და ღონიერი ჩანდა. ეს ახალგაზრდა კაცი
ბოლოს დათა თუთაშხია გამოდგა.
გამისწორდნენ. ზეზე ავდექი, მივესალმე, ბერი გაჩერდა, მკითხა, რა გაგჭირვებია, აქ რას
აკეთებო. თუთაშხიას ნაბიჯი არ შეუნელებია, გამარჯობა მითხრა და გზა განაგრძო. ბერი
რაში მჭირდებოდა, თუკი თუთაშხიას ცხენს ვერ გამოვიყენებდი. გავძახე, – მოიცა, შე კაი
კაცო, ქრისტიანი არა ხარ რას გარბიხარ-მეთქი!
გაჩერდა.
– რა გნებავთ, ბატონო?! – საკმაოდ ზრდილობიანად მკითხა.
დასავლეთ საქართველოში ყველა ზრდილობიანია, ყველაფერს თავაზიანად აკეთებენ.
სტუმრად მისულს ზრდილობიანად გიმასპინძლებენ; ალბათ, ყელის გამოჭრასაც
ზრდილობიანად ახერხებენ.
ჩემი გასაჭირი ავუხსენი, ვთხოვე, – ცხენი მომაქირავე, ეს ხელსაწყოები დურუს დუქნამდე
მიმატანინე-მეთქი.
– არ ვაქირავებ ცხენს, ბატონო, – მითხრა თუთაშხიამ მცირეოდენი დუმილის შემდეგ და
დაიძრა.
გავშრი. ეს ერთადერთი ხსნა იყო და ესეც ხელიდან მეცლებოდა.
– გასაჭირი მაქვს და ამ უდაბურ ადგილებში ნადირის საძიძგნად უნდა დამტოვოთ?.. –
მივაძახე გამწარებულმა.
ისევ გაჩერდა. ეხლა კარგა მანძილზე იდგა, ჯაგებისკენ იყურებოდა და ფიქრობდა.
ბერი მიუახლოვდა უთხრა:
– ცოდვაა, ადამიანის შვილია. დაეხმარე, მაღალი ღმერთი სამაგიეროს არ დაგიკარგავს!
თუთაშხიამ გაიცინა და თავის გზას გაუდგა.
ბერი სახტად დარჩა.
მერე ბერი, ის მოხუცი კაცი, მოვიდა, ჩემი ტვირთის ნახევარი წამოიკიდა და დავიძარით.
ცოტა ხანი ვიარეთ. თუთაშხიამ მოიხედა, არ ვიცი, ის ენიშნა, რომ მოხუცი კაცი იმსიმძიმე
ტვირთს მიათრევდა, თუ სხვა რაიმე მოსაზრება ჰქონდა – გაჩერდა, ცხენს მიუტრიალდა,
მოსართავები მოუჭირა. ვიფიქრე, შეჯდება და წავა-მეთქი. როცა დავეწიეთ, თუთაშხიამ
ბერს ტვირთი ჩამოართვა, ცხენზე გადაჰკიდა. მეც გამომართვა, ესეც გადაჰკიდა.
– დაბრძანდით ბატონო! – მითხრა და შეჯდომაც მიშველა.
მივხვდი, ისეთი კაცი იყო, მადლობა უნდა მეთქვა და გავტვრენილიყავი. ესეთებთან ბევრი
ლაპარაკი ზიანის მეტს არაფერს მოგიტანს.
იასე ბერიც, ალბათ, იმასვე ფიქრობდა, რომ კრინტი არ დაუძრავს. თუთაშხიაც ჩუმად იყო.
მხოლოდ კარგა ხნის მერე ჩაილაპარაკა თავისთვის:
– შემაცდინეს მაინც!
მე იმ ნათქვამისას ვერაფერს მივხვდი, მაგრამ იასე ბერმა იგულისხმა, თუთაშხია თავის
საქციელს ნანობს, უდრტვინველად რომ არ დამეხმარა და ნუგეში სცა:
– ღმერთი მოწყალეა!
თუთაშხიამ გაიცინა:
– მე ის ვთქვი, შევცდი, რომ შეგიბრალე მამაო!
ბერმა პირჯვარი გადაისახა, რაღაც წაიჩიფჩიფა. მე ისევ სიჩუმე ვარჩიე, თუთაშხიას გული
არ მოუვიდეს, არ ჩამომსვას და ბარგიც არ მომიყაროს-მეთქი. ისეთ წვალებას დავაღწიე
თავი, ღმერთმა ისე ერთბაშად ამყარა გასაჭირი, რომ ცოტა ხნით თუთაშხიაც კი
გავამართლე: მერე რა, – ვფიქრობდი მე, – ქვეყანა ჭრელია, ღმერთს ათასნაირი კაცი ჰყავს
და სიკეთე ყოველ მათგანს თავისებურად ესმის. ეს კაცი ესეთია – რას იზამ?!
ჯაგებიდან გზაზე თხები გამოცვივდნენ. თხებს ერთი სტვენა-ყიჟინით დურუ მედუქნის
ბიჭი, ძობა გამოჰყვა. მაშინვე დაგვინახა, მოგვიცადა და სათითაოდ სამივეს მოგვესალმა.
ძობას იასე-ბერიც სცნობია, მოხუცი დუქანში თურმე ადრეც იყო ნამყოფი.
თუთაშხიამ ბიჭს რაღაც ჰკითხა, ყური ვერ მოვკარი. ბიჭმა სადავე ჩამოართვა და მიუგო:
– იყვნენ უკვე, დათა-ბიძია. აწი, ხვალ შუადღემდე აღარ ჩამოივლიან!
ძობას პასუხიდან აზრი ვერაფერი გამოვიტანე, ბაყაყების აუტანელ ყიყინს მივაწერე,
ალბათ, რიგიანად ვერ გავიგონე-მეთქი. რანაირი ყიყინი გაჰქონდათ! რამდენი ბაყაყიც იყო,
იმდენი თავის ხმაზე გაიძახოდა.
ის ძობა მეტისმეტად მარდი და გონებამახვილი ბავშვი იყო. ცოდნა, რა თქმა უნდა,
არავითარი ჰქონდა, მაგრამ თავისი ბუნებრივი ნიჭით რამდენჯერმე გამაოცა. წერა-კითხვა
და ანგარიში როგორღაც თვითონ ისწავლა და თავის უფროს დას, კიკუსაც ასწავლა,
ოღონდ კიკუ უნიჭო იყო. მოხდენილობასა და სილამაზესთან ერთად ზომას გადასული
ჭკუანაკლებობა და გულუბრყვილობაც ჰქონდა. უფრო ზუსტად, კიკუ სულელზე მეტი
იყო, სულით ავადმყოფზე ნაკლები და მისი გონებრივი დეფექტი ნათლად გამოხატულ
სექსუალურ ხასიათს ატარებდა. მაშ, რით უნდა აიხნას ის, რომ ერთხელ პირდაპირ
მკითხა, – მართალია თუ არა, რომ ბავშვები ქალისა და მამაკაცის ერთ ლოგინში წოლის
მერე იბადებიანო? დავიბენი. ამას თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის გოგო თითქმის უცნობ კაცს
მეკითხებოდა. ეგრეა-მეთქი. ერთი საათის შემდეგ ისევ შემეკითხა, – როგორ ხდება ეგ
ამბავიო. თვალებში ცეცხლი ჰქონდა და ის ეშმაკური ღიმილი უთამაშებდა, რომელიც
მოწმობდა, რომ ყველაფერს მიხვედრილი იყო, ან უკვე პრაქტიკულად იცოდა, მაგრამ
ჩემგან განმარტების მოსმენა აინტერესებდა. სულელი ქალი ადვილი დასაყოლიელებელია.
მამაკაცები ამ სისუსტეს ალღოთი გრძნობენ და ამიტომ მათ უფრო ეტანებიან, ვიდრე
საშუალო გარეგნობის, მაგრამ გონიერ ქალებს. კიკუ, თავისი იერით, დუქანში მომსვლელ
მამაკაცებზე აღმგზნებად, გამომწვევად მოქმედებდა. ეს ქათინაურებსა და ცუღლუტურ
შენიშვნებს იწვევდა და სულ უფრო მეტად აღიზიანებდა ამ, უკვე კარგად მოწიფულ,
გოგოს. ერთი სიტყვით, რაც ღმერთს დურუს ოჯახისთვის ნიჭი და გონებამახვილობა
ჰქონდა განკუთვნილი, სულ ძობას ერგო, ხოლო კიკუ და, სხვათა შორის, თვით დურუ
ძიგუაც ნაკლულად დარჩნენ. ერთხელ ძობამ ლექსების პატარა კრებული დამინახა.
ვაჩუქე. თვე არ იყო გასული, ისევ დუქანში მოვედი. ყველა ლექსი ზეპირად ჩამიბულბულა
და ახლა როგორი გრძნობითა და სიმართლით! დურუს შემოსავალ-გასავლის ანგარიში
გაუჭირდებოდა ხოლმე და ძობაც აქ არა ჰყავდა! ბიჭს გემი არ ენახა. მკითხა, როგორიაო.
გარეგანი აგებულებაც ვუამბე და მუშაობის პრინციპიც. დაჯდა და დახატა. ისეთი
წვრილმანები დაუხატა, რაც არც ამიხსნია, არც მიხსენებია. ესენი საიდან იცი-მეთქი?
სხვანაირად ვერ იქნებაო. გაგებული ჰქონდა, რომ გიმნაზიები არსებობს. ოცნებად ექცა,
გიმნაზიაში უნდა ვისწავლო, მხატვარი უნდა გამოვიდეო. დურუს ქუთაისში ძმა ჰყავდა.
ერთხელ შეჰპირდა – გაგგზავნი და ისწავლეო. ამ იმედით ცოცხლობდა ეს პატარა, ერთობ
სანდომიანი ბიჭი – ძობა.
– როგორ ხარ, ძობა, ძამიკო? – თუთაშხიამ ხელი ჯიბეში ჩაიყო.
რაღაცას ეძებდა.
– რა მიჭირს, დათა-ბიძია, ვარ, გვარიანად.
– აგერ, ფანქარი მოგიტანე, კაი წესიერი ფანქარია, – თუთაშხიამ ბიჭს ნახევარზე
დაყვანილი ფანქარი გაუწოდა.
ძობამ სიხარულით და დიდი მადლობით გამოართვა, ფანქარი ენაზე მოისინჯა და ჰკითხა:
– ქაღალდი თუ გაქვს, დათა-ბიძია.
– ქაღალდი არ მაქვს, მარა კიდევ რომ მოვალ, მოგიტან უეჭველად.
ბიჭმა უნდო ღიმილით შეხედა, მერე ანაზდად გამომეტყველება შეეცვალა და თქვა:
– კი მომიტან! შენ არ მატყუებ არასდროს. მამაჩემია, რომ მატყუებს სულ: ქუთაისში
წაგიყვან და გიმნაზიაში გასწავლიო.
– ქაღალდს მე მოგცემ, ძობა. ბევრ ქაღალდს მოგცემ, სქელ რვეულს, – შევპირდი ბიჭს.
დუქანი გზაჯვარედინზე იდგა და იმ მიდამოში ერთადერთი შენობა იყო. ირგვლივ
ცოტაოდენი სახნავ-სათესი ერტყა. თვითონ დურუ ძიგუა დახლს უძღვებოდა და
მზარეულობდა კიდეც, რადგან ცოლი კარგა ხნის გარდაცვლილი ჰყავდა. კიკუ კერძების
მიმტანის, მრეცხავ-დამლაგებლის და საწოლი ოთახების განმგებლის მოვალეობას
ასრულებდა. ძობას ხანდახან თუ დაასაქმებდნენ, თორემ ისე დუქანში უქმად ტრიალებდა,
ვაჭრობის სიბრძნეს ეუფლებოდა.
– ხალხი ბევრი გყავთ? – იკითხა თუთაშხიამ, როცა დუქანი გამოჩნდა.
– სამი კაცია. აგერ, თქვენც სამნი ბრძანდებით. ექვსი კაცი იქნებით სულ. თითო ტახტს
დავამატებთ და კარგად მოგასვენებთ, – დაგვაიმედა ძობამ.
ერთი რამ იყო საკვირველი: გზა-გზა იქნებ ორი საათი გევლო და მგზავრი ვერ გენახა,
მაგრამ დურუს დუქანს მუშტარი მუდამ ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ათ ვერსზე არც
სოფელი ჰქონდა, არც სხვა რამ დასახლებული ადგილი.
ტვირთი დუქნის კარებთან ჩამოვცალეთ. თუთაშხიამ ძობას ჰკითხა:
– ვინ კაცებია?
– ბოდღო ყვალთავა და მისი ორი კაცია! – ძობას ნათქვამში საიდუმლომ დაიჟღერა.
– ბოდღო ყვალთავა და მისი ორი კაციო. – ელდასავით მეცა. ეს ის ყაჩაღებია, ფოთში
ბერძნების გემიდან ფული და სამკაულები რომ გაიტაცეს?! იქნებ სხვა ყვალთავაა, მაგრამ
ასეთი დამთხვევა?
დათა... ეს კაცი რაღაცას ერიდება. ხვალამდე არ ჩამოივლიანო, ძობამ რომ უთხრა, – ვინ
აღარ ჩამოივლის? ეს დათა აუცილებელი არ არის, თუთაშხია იყოს, მაგრამ ესე დაჟინებით
რატომ ვფიქრობ თუთაშხიაზე!.. ცნობისმოყვარეობამ და სწორი პასუხის მიგნების
სურვილმა ისე ამიტაცა, რომ ლამის ლეკვივით ავცქმუტებულიყავი. ყვალთავას ხსენებაზე
დათა ოდნავ შეყოყმანდა, თითქოს, ზღურბლის გადავლაც შეაგვიანა. მერე იასე ბერს გზა
დაუგდო, დუქანში შეუშვა. შევატყე, გუნებაში ხელი ჩაიქნია – ყვალთავა კი არა, თუნდ
ბაყბაყდევი იყოს, რახან მოვედი, შევალ კიდევაცაო, – იარაღი მიმალ-მომალა, ნაბადი
შემოიტმასნა და იასე ბერს შეჰყვა.
მეც შევედი.
დუქანი კარგა მოზრდილი ოთახი იყო, ოთხი მაგიდით, სკამებით და დურუს პატარა
დახლით მარცხენა კუთხეში. დარბაზს ცალი გვერდიდან სტუმრებისთვის ორი ოთახი
ეკვროდა. კარი არც ერთს ჰქონდა, არც მეორეს. მეორე გვერდიდან სამზარეულო და
დურუს ოჯახის საცხოვრებელი ორი ოთახი იყო. თუთაშხიას დუქანში შესვლისთანავე
დურუ-მედუქნემ დახლს თავი მიანება, კარისკენ გამოეშურა, თუთაშხიასთან პირისპირ,
სულ ახლოს მოვიდა და ხმადაბლა უთხრა:
– მობრძანდი დათა-ბატონო! კეთილი იყოს შენი სტუმრობა და ჩემი მასპინძლობა!
ამასობაში დურუს კიკუც გამოგვეგება, მამას გვერდში ამოუდგა, როგორც დიასახლისს
შეჰფერის, თავაზიანად მოგვესალმა და ჩემს ყუთებზე ააფაციცა თვალები.
დურუ თავს იკავებდა. ცდილობდა, საგანგებო დახვედრა-მიღება სხვებს არ შეენიშნათ,
მაგრამ ახლოს ვიყავი, მედუქნეს სახეში შევცქეროდი და თუთაშხიასადმი მისი
განსაკუთრებული მოკრძალება არ გამომპარვია; მედუქნეები, ჩვეულებრივ, მუშტარს
ხაზგასმული თავაზიანობით ხვდებიან; საპატიო სტუმარს, სახელიან კაცს – უშუალო
მოკრძალებით, გულახდილად, ისე, როგორც თუთაშხიას დახვდა დურუ.
– როდის ჩამოიარეს? – თქვა თუთაშხიამ ხმადაბლა და მივხვდი, რომ გზაზე ძობასაც იგივე
ჰკითხა და ბაყაყებმა კი გაგონება არ დამაცადეს.
– იყვნენ უკვე, დათა-ბატონო. აწი ხვალ შუადღემდე აღარ ჩამოივლიან, – მიუგო დურუმ
იმავე სიტყვებით, როგორც ძობამ, და დასძინა: – ესენი არ გიცნობენ შენ. მე მკითხეს, დათა
თუთაშხია თუ გი-
ნახავს სადმე და როდისმეო – დურუ თავის ქალიშვილს მიუბრუნდა:
– წადი ახლა, გოგო, მიხედე სტუმრებს. უნდა ემსახურო და სულ უღიმოდე სტუმარს, რა
გითხარი მე...
– ძალიან დიდი ფულები აქვთ მაგენს! – კიკუმ ანთებული თვალები ყვალთავას
მაგიდისკენ სტყორცნა.
– მიდი ახლა, რომ გელაპარაკები! ემსახურე კარგად და გაჩუქებენ კარგად! – დურუმ
თუთაშხიას გაუღიმა და დასძინა. – მომკლეს ბავშვებმა, ქუთაისში გადავიდეთო. ა,
ვწვალობ და ვჯახირობ რაცხას, ვაგროვებ ფულს... – მედუქნეს მოაგონდა, რომ ერთსა და
იმავეს ვინ იცის მერამდენედ ეუბნებოდა დათა თუთაშხიას, მიხვდა, ზედმეტს რომ
სჩადიოდა, და აბრაგისთვის საინტერესო ცნობა გაიმეორა:
– არ გიცნობენ აგენი, დათა-ბატონო. მე მეკითხებოდნენ, დათა თუთაშხია თუ გინახავს
სადმე და როდისმეო.
თუთაშხია ჩემსკენ ზურგით იდგა, მაგრამ მაინც შევნიშნე, რომ რაღაც წაუჩურჩულა.
– როგორ გეკადრება, დათა-ბატონო! დურუ ძიგუა ვარ მე. – ეს თუთაშხიას წაჩურჩულების
პასუხი იყო.
ეჭვები ერთბაშად დამიდასტურდა: ჩემი თანამგზავრი დათა თუთაშხია აღმოჩნდა.
დუქანში მოვახშმე – ბოდღო ყვალთავა და მისი ორი კაცი – ცნობილი ყაჩაღები.
ეს სამნი მაგიდას ისე უსხდნენ, რომ კარისკენ ზურგი არც ერთს არ ჰქონდა შექცეული.
ნაბდები სამთავეს სკამების საზურგეებზე გადაეფინათ. ორ მათგანს ფეხზე შეყენებული
ვინჩესტერები მაგიდაზე მიეყუდებინა, მესამეს – კედელთან, თოფები ხელთა ჰქონდათ,
იქვე, ერთ მტკაველზე. სამთავეს ხისბუდიანი მაუზრები ეკიდათ და ქამრებშიც თითო
დამატებითი იარაღი მოუჩანდათ. ბარაქიანად მოოჭვილ-მოოქრული ხანჯლები ჰქონდათ.
საგულდაგულოდ, თითქოს სადღეობოდ გამოწკეპილები იყვნენ და მიმინოს თვალებით
შემოგვცქეროდნენ. ამ ხალხს და მათ მზადყოფნას რომ შევხედე – თხუთმეტ კაზაკს ხუთ
წამში დააწვენდნენ.
თუთაშხიამ შეპირებული ოთახის მიმართულებით გასწია. იქ თავისუფალი მაგიდა იდგა,
იმ მაგიდას მიაშურა. დურუმ ჩვენთვის მოიცალა, შეგვიპატიჟა, თუთაშხიას მიერ
შერჩეული მაგიდისკენ გაგვიძღვა, მაგრამ ეტყობოდა კი, რომ ჩვენი მისვლით
მაინცდამაინც გახარებული არ იყო; ალბათ, იმის ვარაუდმა შეაწუხა, რომ სადმე
ვიტყოდით, დურუს დუქანში ესა და ეს ხალხი ვნახეთო.
მე და იასე-ბერი თუთაშხიასი არც ნაცნობები ვიყავით და არც არაფერი. უფრო
გამართლებული იქნებოდა, სხვადასხვა მაგიდებს მივჯდომოდით. აზრადაც არ
მოგვსვლია! მივედით, გვერდზე მივუსხედით. სკამზე დავეშვი და მაშინვე გავიფიქრე,
რომ სწორად მოვიქეცით; ოღონდაც! ყვალთავასი და მისი ამხანაგების დამნახავი სხვას რას
ვიზამდით. იმ აზრმა, რომ ყვალთავას შეშინებულები თუთაშხიას მაგიდას შევეფარეთ,
ღიმილიც კი მომგვარა. თავი არხეინად ვიგრძენი და ის ხალხი რიგიანად შევათვალიერე.
ბოდღო ყვალთავა, დაახლოებით, ოცდახუთმეტი წლისა ჩანდა. მეორე ოცდაოთხის,
ოცდახუთისა იქნებოდა. მესამეს ჯერ წვერ-ულვაშიც არ დასტყობოდა, მაგრამ დიდი
ტანისა იყო, ბავშვურად ყოყოჩური გამოხედვა და მიხრა-მოხრა ჰქონდა. მაგიდაზე უხვი
პურ-მარილი ელაგათ, ღვინოს დიდი ჯამებით სვამდნენ და სამთავეს ერთად, მთელ მათ
ღრეობას აჯაგრული ზღარბის იერი დაჰკრავდა. ბერისა რა მოგახსენოთ, მე ჩემსას ვიტყვი,
იმათ შემხედავს ჟრუანტელმა დამიარა, გადატყავებული ქუსლებიც დამავიწყდა,
ჩაწყვეტილი მხრებიც და დაქანცულობაც. შიშმა შემიპყრო, თავზარმა ამაწრიალა. ერთი
ისეთი წამი მქონდა, რომ კინაღამ წამოვვარდი და გავიქეცი. თავი დროზე შევიკავე და
ახლა ის ფიქრი მეტაკა, – იქნებ თუთაშხიას სულაც არ ეჭაშნიკება მის მაგიდაზე ჩვენი
ყოფნა და კი არ დაგვითხოვოს ან არ გადაჯდეს-მეთქი. ალბათ, იასე-ბერიც ამასვე
ფიქრობდა, რომ თუთაშხიას ორივემ ერთდროულად შევხედეთ. მის თვალებში სრული
სიმშვიდე და განურჩევლობა სუფევდა. ის სიმშვიდე მეც გადმომედო. გავიფიქრე, მაგ
მამაძაღლებს, თუნდ ზარბაზნები სდგმიათ და აგერ იმ თეფშზე კაცის ხორცის ხაშლამა
ჰქონიათ. თუკი არავისთვის არაფერი დამიშავებია, რატომ უნდა მეშინოდეს-მეთქი.
ერთხანს ყვალთავამ და მისმა ამხანაგებმაც მუყაითად, დაჟინებით, თითო-თითომ და
სამთავემ ერთად გვათვალიერეს. მერე თავისი ამღვრეული თვალები მოგვაშორეს, სმა-ჭამა
განაგრძეს და ამით, თითქოს ყველაფერი მოწესრიგდა.
ძობამ ჩემი ხელსაწყოების მსუბუქი ნაჭრების შემოზიდვას მიჰყო ხელი. მძიმე ყუთი
კიკუსთან ერთად შემოიტანა. მორჩნენ, კიკუ მოგვიტრიალდა, – რას ინებებთ, რა
მოგართვათო, მაგრამ პასუხის მოსმენა აღარ დასცალდა, ბოდღო ყვალთავამ გამოსძახა:
– მოდი, გოგო, აგერ. დაანებე თავი მაგათ!
– ამ წუთში, ბატონო, სტუმრებს მივხედავ და გეახლებით. ამ წუთში! – თავაზიანად მიუგო
კიკუმ.
– გესმის შენ, რას გელაპარაკებიან! – დაიყვირა ბოდღო ყვალთავამ.
– დაიცადე პატარა ხანს, ბოდღო, – უთხრა უმცროსმა, გვარ-სახელად ყურუ ქარდავამ. –
ხალხია მაგენიც, რა იცი შენ!
ყურუ ქარდავას რჩევამ არ გასჭრა, ყვალთავამ თვალები ააბრიალა, ისევ ყვირილი დააპირა.
ეს კიკუმაც შენიშნა, შემოგვხედა, მხრები აიჩეჩა, გვანიშნა, – აბა, რა ვქნა, გალეშილები
არიანო, ბოდიში მოგვიხადა და ყვალთავას სუფრასთან მივიდა.
ყვალთავას უზრდელობისთვის თუთაშხიას ყურადღება არ მიუქცევია. ყოველ
შემთხვევაში, უკმაყოფილება არაფრით გაუმჟღავნებია. იჯდა და საითღაც იყურებოდა.
– კიდევ ერთი დოქი ღვინო მოგვიტანე ჩვენ, – უთხრა ყვალთავამ კიკუს, როცა თვალების
ბრიალს მორჩა. – ერთი დოქი მაგათ მიართვი, მანდ რომ დაჯდნენ. ყველი მოგვიტანე
კიდევ.
ამ ხნის განმავლობაში შუათანა სტუმარი, კაზა ჩხეტია, ხარბად, მსუნაგი მზერით
ათვალიერებდა კიკუს და გოგომ როცა დახლს მიაშურა, კაზა ჩხეტიამ ჟინიანად
ამოიხრიალა:
– ოხხხ!
მაშინდელ სამეგრელოში ასეთი ამოხრიალებით ან დიდ აღტაცებას გამოხატავდნენ, ან
განცვიფრებას, ან რაიმე ხვაშიადს. ხანდახან გულის ჯავრიც ამოჰქონდათ. ეს დაბგერება
ძლიერ გავრცელებული იყო.
კაზა ჩხეტიას კიკუსთვის თვალი ვერ მოეშორებინა. ამ გოგოს მართლაც გააჩნდა ერთი რამ,
რაც განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებდა: თვალები ისეთი ჰქონდა, თითქოს ეს
არის ეხლა გამოეღვიძა და ლოგინში ნებივრობსო. მისი იერი უეჭველად სარეცელს
გაგახსენებდათ.
გარეთ დაღამდა. ძობამ შანდლები მოიტანა, ერთი ყვალთავას მაგიდაზე აანთო, მეორე –
ჩვენთან. კიკუმ სტუმრებს დანაბარები დოქი გამოუტანა, მოძღვნილი ღვინო მოგვართვა
და კვლავ გვკითხა, რას შეექცევითო.
მე და დათა თუთაშხიამ კერძები მოვითხოვეთ. ბერმა ყველაფერზე უარი თქვა, მარტო
წყალი მომიტანეო.
კიკუმ ვერც ამჯერად მიაღწია დახლამდე – ყვალთავამ ისევ მიიხმო.
– წაიღე ეს... ყველაფერი წაიღე. ღვინო დატოვე, წნილი და ყველი. გადაგვიწმინდე მაგიდა.
ერთი შანდალი მოიტანე კიდევ!
კიკუმ უმალ აასრულა ბრძანება.
კაზა ჩხეტია ქალიშვილს საგულისპირეში ჩააცქერდა. კიკუმ შეამჩნია, ხელი დაიფარა.
– შერცხვა კიკუს! – ჩაიხითხითა ყვალთავამ, ჯიბიდან სათამაშო ქაღალდი ამოიღო და
აჭრას მიჰყო ხელი.
კაზა ჩხეტია კიკუს ხან ღაწვებს უთვალიერებდა, ხან მკერდს, ხან თეძოებს და როცა გოგო
წავიდა, თქვა:
– შერცხვა, თვარა ის მყავს, ღვთისმშობელი! ხუთ მანეთად აქვე გაიძრობს, თუ გინდა.
– კაი ახლა, ნუ ლაპარაკობ მაგას, – ჩაილაპარაკა ყურუ ქარდავამ.
– არ იცი შენ. პატარა ხარ ჯერეთ. ქალს ფარა ანახვე, ფარა ყველაფერს აქნევინებს. უჯიშოა
ქალი, მოკლე ფეხები აქვს. დააკვირდი და ნახავ, – მიუგო კაზა ჩხეტიამ ყურუ ქარდავას და
ყვალთავას უთხრა: – დაარიგე, თუ არიგებ!
– მოკლე ფეხები? – ეს ყვალთავასაც გაუკვირდა. – მოიტანენ შანდალს კიდევ და
დავარიგებ, აბა, რას ვიზამ!
– კი, მოკლე. კაცზე მოკლე აქვს კანჭები და ბარძაყები ქალს. აბა, ქალის ფეხსაცმელი
მაღალი ქუსლით მოგონილი რატომაა? ფეხს აგრძელებს და მიტომ, – თქვა კაზა ჩხეტიამ
და ისევ დახლთან მოფუსფუსე კიკუს მიაშტერდა.
ძობამ ყაჩაღებს მეორე შანდალი გამოუტანა. ყვალთავამ ჯამები შეავსო. სამივემ ძირამდის
დაცალა და თამაშს შეუდგნენ. კიკუმ ვახშამი ჩვენც მოგვიტანა. იასე-ბერმა მორთმეული
დოქიდან კიკუს მოტანილ წყალს ცოტაოდენი ღვინო ჩაუმატა, ქამარზე შებმული პარკი
შემოიხსნა, პურის ნაჭრები ამოიღო და ბოღლიწო ჩააბუჟბუჟა.
ყაჩაღები ღვინოს ეძალებოდნენ და მსხვილად თამაშობდნენ. ერთხელ წაიკინკლავეს
კიდეც. ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ ის წაკინკლავება სერიოზულ ჩხუბადაც
გადაიქცეოდა, მაგრამ ყურუ ქარდავამ დასთმო:
– კაი, კაი! ა, შენ ოცდახუთი მანეთი! დაარიგე, მაგრამ მეტის მეტს ნუ იზამ, არ შეგარჩენ,
იცოდე.
კაზა ჩხეტიამ ფული გამოართვა. კმაყოფილი იყო, ყურუს მკვახე სიტყვები და მუქარა
ვითომ ვერც გაიგონა. სანამ ეს ორი კამათობდა, ყვალთავას ჩვენი მაგიდისკენ ჰქონდა
თვალი.
– ითამაშეთ, მოვალ ახლავე მე! – უთხრა მან თანამესუფრეებს, როცა ისინი დაშოშმინდნენ,
წამოდგა და ჩვენს მაგიდასთან მოვიდა.
იდგა, დოინჯშემოყრილი დაგვცქეროდა. იასე-ბერმა პირჯვარი გადაისახა, ყვალთავას
მიაჩერდა. მეც იმის ბრაზმორეულ სახეს ავყურებდი, მაგრამ კინაღამ გული ამერია და
თვალი გავარიდე. თუთაშხიას ყვალთავასთვის არც ახლა მიუქცევია ყურადღება, მაგრამ
ვხედავდი, რომ ზამბარასავით შეიკუმშა და გასაშლელად მზად იყო.
– ბოდღო, მოდი, ითამაშე, თუ თამაშობ! რა გინდა მანდ?! – გამოსძახა ყურუ ქარდავამ.
იქით გავიხედე.
კაზა ჩხეტიამ თვალი თვალში გამიყარა. მგონი, სწორედ ისე შემომყურებდა, როგორც
კიკუს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ იქ ხორცზე უკაწკაწებდა სული და აქ – სისხლზე.
– ითამაშეთ მოვალ ახლავე! – უპასუხა ყვალთავამ ამხანაგებს და თუთაშხიას მიმართა: –
რატომაა ჩემს გამოგზავნილ ღვინოს რომ არ სვამთ! – ისეთ კილოზე გვითხრა, რომ იმას
უფრო გავდა, – დალიეთ თორემ კისერში ჩაგასხამთო!
თუთაშხია დოქს მართლაც არ მიჰკარებია, არც მე; ღვინო თუთაშხიას ძღვნად მიმაჩნდა,
მას ჩემთვის არ მოუთავაზებია, – დალიეო. ესეც არ იყოს, ღვინის ხასიათზე არ ვიყავი,
ერთი სული მქონდა, როგორმე ლოგინამდე მიმეღწია. თუთაშხიამ კიდევ ცოტა ხანს
დააყოვნა, თავი ასწია, ყვალთავას ახედა და თავაზიანად უთხრა:
– ძღვენის მადლობელი ვართ ყველა, მაგრამ სასმელს ვერიდები მე, არ ვსვამ.
ყვალთავას მარცხენა წარბი ქოჩრისკენ დაიძრა და ისე აიპრიხა, ვიფიქრე, ეხლა ყალყზე
ადგება და კეფაზე დაიტანს-მეთქი ტლაშანს.
თუთაშხიაზე ვერც ამ სახისცვალებამ იმოქმედა, პირში ლუკმა ჩაიდო და დინჯ ღეჭვას
მიჰყვა. მაშინ ყვალთავამ ჩემზე გადმოიტანა მზერა, თავხედობა და დაუნდობლობა
ნიაღვრად მომანთხია.
– ვსვამთ, როგორ არა, – დამასწრო იასე-ბერმა. – აი, მე თქვენი ნაბოძები ღვინით ბოღლიწო
გავიკეთე!
ბერის ნათქვამი ყვალთავას არც გაუგონია, მე მითხrა:
– შენც ერიდები სასმელს, თუ?
– დიახ, ბატონო, ვერიდები, მაგრამ თქვენს სადღეგრძელოს სიამოვნებით დავლევ, –
უნებლიეთ, რაღაც თავისთავად მივუგე;
ღვინო დავისხი, ვადღეგრძელე, სულმოუთქმელად გადავკარი, სასმისი გადმოვაბრუნე, ასე მტერი და დუშმანი
დაგეცალოთ-მეთქი.
სხვა რა გზა მქონდა.
– მასე! თქვა ყვალთავამ და თუთაშხიას ჰკითხა: – ვინ ხარ შენ?!
– მე მეკითხებით? – თავაუწევლად მიუგო თუთაშხიამ.
– შენ აბა ვის!
– მგზავრი ვარ.
ყვალთავა ჩემი მოლოდინის წინააღმდეგ შეცბა და დაიბნა.
– მოდი ახლა, შე კაცო! – ბრაზიანად დაიყვირა ყურუ ქარდავამ.
ყვალთავამ თავისიანებს გახედა.
ყურუ ქარდავას ფულების ბულული ედგა. კაზა ჩხეტიას აღარაფერი ებადა.
– მომეცი, ბოდღო, ჩემი ფულებიდან ასი თუმანი. წავაგე, – გამოსძახა კაზა ჩხეტიამ.
ეს გადმოძახებები ერთობ დროული იყო. ყვალთავას წასვლის მიზეზი სჭირდებოდა, ასე
ხახამშრალი თავს ხომ ვერ დაგვანებებდა. ძახილი რომ არა, თავის ახირებულ კითხვა-
გამოკითხვას გააგრძელებდა, და რა მოხდებოდა – ვინ იცის.
ყვალთავამ უბეში ხელი ჩაიყო, ფულის თოქმა დასტა ამოიღო, ასი თუმანი ჩვენს თვალწინ
გადათვალა, ერთხელ კიდევ შემოგვავლო ქედმაღალი მზერა და თავის მაგიდას
დაუბრუნდა.
დურუ მედუქნეს გულზე მოეშვა, ღრმად ამოისუნქა.
კიკუმ გამოიარა, საძინებელი ოთახებისკენ თეთრეული წაიღო. ისეთი სიარული იცოდა,
თითქოს იატაკს არც ეხებაო. კი არ დადიოდა – დალივლივებდა.
– ოხხხ! – კვლავ დაიხრიალა კაზა ჩხეტიამ და როცა კიკუ კრეტსაბმელს იქით მიიმალა,
დასძინა: – აგერ ვნახოთ თუ არ გაიძრობს ხუთ მანეთად!
კიკუ თეთრეულის გაშლას მორჩა, დუქანში გამოვიდა. კაზა ჩხეტიამ მიიხმო.
თუთაშხიამ თვალი ერთი წამით მათ მაგიდას სჭიდა და კვლავ გაარიდა.
ბუხარში შეშამ გაიტკაცუნა, ბრიალა ალი ავარდა, ცეცხლი აგიზგიზდა.
კაზა ჩხეტიამ კიკუსკენ ოქროს თუმნიანი მიაჩოჩა, მამამისს გახედა, აქეთ ხომ არ იყურებაო
და გოგოს უთხრა:
– აგე , თუმანი შენ... ეს თუმნიანი ოქრო შენი რომ იყოს, ხომ გინდა? თუმანს მამაშენი
თვეში ვერ მოიგებს. აგერ, ერთი წამით გაიძრე, შიშველი დაგვენახვე ერთი წამით და შენი
იყოს ეს თუმანი.
- რასაა რომ აკეთებ, არ გრცხვენია ამხელა კაცს?! – ჩაუსისინა ყურუ ქარდავამ, ფულს ხელი
სტაცა და პატრონს მიუგდო.
კიკუმ სანთლების შუქზე ალაპლაპებულ თუმნიანს დახედა, სტუმრები ალმაცერად
შეათვალიერა.
– რა შენი საქმეა, ღლაპო, შენ! ვის საქმეშია რომ ერევი! – საკმაოდ ხმამაღლა მიუგო კაზა
ჩხეტიამ და ზეზე წამოიჭრა.
ყურუ ქარდავა სათამაშო ქაღალდში იყურებოდა, ისე წაილაპარაკა:
– დაჯექი ახლა, ნუ შემაშინებ, თუ ღმერთი გწამს!
ყვალთავამ ყალყზე შემდგარ ამხანაგს მხარზე ხელი დაადო, დასვა.
კამათი და ჯაჯღანი გაგრძელდა.
– გაინძერი, გოგო! – დაუყვირა დურუ-მედუქნემ თავის ქალიშვილს. – გამოიტანე
ლოგინები. ამოდი, ძობა, ამაწევინე ტახტები.
კიკუ წავიდა.
– არც მე მჭირია, ყურუ, შიშველი კიკუს დანახვა, – მიმართა ყვალთავამ უმცროს ამხანაგს, –
მაგრამ ყველა კაცმა თავისი საქმე თვითონ იცის და ხელი არ უნდა შეუშალო. ასეა
ამხანაგობა, აბა რა! ისე, სწორი ხარ შენ. ასეთი ამბავი ფულის საშოვრად თუ კეთდება,
საქმისთვის თუა საჭირო – შეიძლება კიდევ. ფულშია ყველაფერი. ქალიც შიგ არის –
ფულში.
კამათი დასრულდა, თამაში ახალი აზარტითა და ჯიბრით განახლდა. ყურუ ქარდავა
განუწყვეტლივ იგებდა.
– ას თუმანს ვთამაშობ, ვალს! – გამოაცხადა კაზა ჩხეტიამ.
– არა, ძამიავ, მასეთი დანაპირები... აგერ, ა, ფულად გასესხებ თუ გინდა და ვითამაშოთ
მაშინ.
ყურუმ ფული მიუთვალა.
– ასი თუმანი გმართებს ჩემი. ბოდღო, მოწმე ხარ შენ, – თქვა ყურუმ და დაარიგა.
კაზა ჩხეტიამ თავისი ქაღალდი ნახა, ორმოცდაათ თუმანს გავიდა. ყურუ ქარდავას არ
ეჭაშნიკა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და კაზას ორი ქაღალდი მისცა.
დუქანში სიჩუმე ჩამოვარდა.
დათა თუთაშხიამ მოთამაშეებს ცნობისმოყვარეობით გახედა. როცა გამოირკვა, რომ კაზა
ჩხეტიამ ცხრა გააკეთა და მოიგო, თუთაშხია ისევ ბუხარს მიაჩერდა.
სულ რაღაც სამ, ოთხ წუთში ყურუ ქარდავას ფულის ბულული კაზა ჩხეტიასთან
გადაბარგდა. კიკუმ ჩვენი თეთრეულიც გაშალა და დუქანში გამოვიდა.
კაზა ჩხეტიამ ისევ მიიხმო.
– ჰა შენ კიდევ თუმანი! – თქვა ჩხეტიამ, ფული პირველ თუმნიანს დაადო და კიკუს
მიუჩოჩა.
ყურუმ ისევ თვალები ააბრიალა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. ალბათ, ყვალთავას
შეგონებამ იმოქმედა, საქმეში არ ჩარეულა, თანამოსუფრეებს ზურგი შეაქცია და ბოღმიანი
თვალები კუთხეში ჩამოკიდებულ მაცხოვრის ხატს მიაპყრო.
– რას გაჩუმებულხარ, გოგო! გაიძრე, თუ იძრობ, – ავი ღიმილით უთხრა ბოდღო
ყვალთავამ.
კიკუს თითქოს ენა წაერთვაო, გაქვავებულივით იდგა და მარტო თვალებს აცეცებდა. იასე-
ბერი ზურგით იჯდა, ვერაფერს ხედავდა, მაგრამ ყველაფერი ეყურებოდა.
– ღმერთო, უშველე, ღმერთო, უშველე ღმერთო, უშველე! – წაიჩიფჩიფა მოხუცმა და
პირჯვარიც სამჯერ გადაისახა.
თუთაშხიამ ბერს შეხედა. მერე იქითა სუფრაზე გადაიტანა თვალი.
დაძაბული სიჩუმე იყო.
ბუხარში კუნძმა ოდნავ გაიტკაცუნა, მაგრამ სიჩუმეს თოფივით ეცა.
უკანა ოთახებიდან რაღაც ყრუ ჩახანი მოისმა. ალბათ, დურუ და ძობა ტახტებს
ეჯაჯგურებოდნენ.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
– მთლად გათახსირებული ყოფილან ეს კაცები! – ხმადაბლა, თავისთვის ჩაილაპარაკა
თუთაშხიამ.
ისეთი აზრი შემექმნა, რომ ამ სიტყვის თქმა და ენის ჩაკვნეტა – ერთი იყო. თითქოს თავის
თავს გაუწყრა აბრაგი, – “რა გალაპარაკბსო”!
თექვსმეტი წლის უმანკო, მაგრამ ღარიბი, ფულის ძალაზე გადამეტებული წარმოდგენის
მქონე და მხვეჭელი მამის ხელში აღზრდილი გოგოსთვის ასეთი ცთუნების მითავაზება,
მართლაც, უმაგალითოდ გათახსირებული კაცის მეტს, აბა, ვის შეეძლო! მზად ვიყავი, იმ
კაზა ჩხეტიას მაინც ვცემოდი, მაგრამ რას გავხდებოდი გამოუცდელი, ასეთი ნაბიჯისთვის
სრულიად მოუმზადებელი და უიარაღო მარტოკაცი.
თავჩაქინდრული კიკუ ფულებს დასცქეროდა და ვგრძნობდი, თავის
ნებისყოფასა და სიმტკიცეს ეძებდა. ეს არც ბოდღო ყვალთავას გამოჰპარვია.
არსებაში
– ეცოტავება! – თქვა მან. – უყურე ერთი ამას! ორ თუმნად ფოთის პოლიცმეისტერი
გაიძრობს, შე ქალო! კაი. ა, კიდევ თუმანი შენ და გაიძრე აწი. ვითომ რიონში ბანაობ და
ბუჩქებიდან გიყურებს ვინმე, შენ რომ არ იცი, ისე.
ბოდღო ყვალთავამ კიკუსთვის განკუთვნილი ორი თუმნიანისკენ მესამე ისე გადააგდო,
როგორც ძაღლს ნალოღნ ლუკმას გადაუგდებენ ხოლმე.
კაზა ჩხეტიამ ეს მესამე ფული იმ ორზე შეაკოკოლა.
კიკუს ისე აშკარად გააჟრჟოლა, რომ ყველამ შევამჩნიეთ. საკუთარი უმწეობის ბოღმამ მეც
ჟრუანტელად დამიარა. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა და თანამესუფრეებს აცახცახებული
ხმით წავჩურჩულე:
– ვინმე უნდა ჩაერიოს. ერთხელ თუ შეცდა, მერე მაგას ვეღარაფერი დააკავებს, ფოთი
აქვეა, ნავსადგურის მეძავი გახდება, გესმით?! ვინმე უნდა ჩაერიოს!
თუთაშხიას მივაშტერდი; ხან საყვედურის, მტკიცე მოთხოვნის, ხან მუდარის თვალით
შევცქეროდი. მან ჯერ იასე-ბერს შეხედა, შემდეგ თვალი თვალში გამიყარა და
გულგრილად ცივად თქვა:
– არაა ჩემი საქმე. არ ჩავერევი მე. – პატარახანს, სულ რამდენიმე წამს ჩუმად იყო. –
არასოდეს არ გამოვა კარგად. არავის არ ჭირდება... თუ სისხლში და მოდგმაში აქვს მაგას,
მაინც იზამს, რაც გინდა ქენი შენ არავინ არაა ღირსი!
იასე-ბერი დაბეჯითებით უსმენდა, თითქოს ეშინოდა, სიტყვა არ გამომეპაროსო.
თუთაშხიამ თავისი სათქმელი დაამთავრა. ბერმა იყუჩა, მერე მოულოდნელად, თავზე
ხელაღებულივით ზეზე წამოიჭრა კიკუს მიუბრუნდა და ჩააბულბულა:
– შვილო ჩემო! წერილ არს: უკეთუ თვალი შენი მარჯვენა გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი
და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რათა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი,
ვიდრე ყოველი გვამი შთავარდეს გეენიასა შინა!
იასე-ბერის ალაპარაკებამ ყაჩაღების ყურადღებმა პირველი სიტყვებიდანვე მიიპყრო.
სამთავეს ეტყობოდათ, ცდილობდნენ, ბერის ნათქვამს ჩასწვდომოდნენ, მაგრამ არაფერი
გამოუდიოდათ. მხოლოდ კიკუ იდგა კვლავინდებურად თავჩაქინდრული და, მგონი,
საერთოდ არაფერი ეყურებოდა. მარტო მაშინ გამოიხედა ჩვენსკენ, როცა ბერი დადუმდა.
მერე გოგომ იმ კარებს მიაპყრო თვალი, საიდანაც დურუ და ძობა უნდა გამოჩენილიყვნენ.
კაზა ჩხეტიამ კიკუს გამოცოცხლება იმწამსვე შენიშნა.
– ოხხხ! – დაიხრიალა მან, ფეხი იატაკს დაჰკრა და ბერს დაუთათხანა: დაჯექი მანდ,
ბებერო, თვარა დაგავიწყე აღთქმა და სახარება!
ბერი მოცელილივით დაეშვა. გაინაბა, მოიკუნტა, თითქოს თავი წაგდებინებას ელოდა.
ყურუ ქარდავას
აღშფოთების
ნასახი არსად აჩნდა.
ცნობისმოყვარეობა გამოხატოდა, თვალებს აპაჭუნებდა.
სახეზე
დაუოკებელი
– რა თქვა მაგ ბაბუამ ბოდღო! თქვა რაღაცა...
– თუ ხედავთ თქვენ, როგორ ყოფილა საქმე?! – უთხრა თავის აღმოჩენით გაოცებულმა
კაზა ჩხეტიამ ამხანაგებს. – აგერ, ამათი რცხვენია კიკუს და მიტომ არ გაიძრობს, აბა, რა
იქნება. მიბრუნდით!
– იმავე კილოზე შემოგვყვირა, როგორც იასე-ბერს დაჯდომა
მოგვშეტერებიხართ! მიბრუნდით ახლავე ზურგით! უყურე ამათ შენ!
უბრძანა.
– რას კაზა ჩხეტია იმით იყო განცვიფრებული, რომ, თურმე გაგვიბედია და იმ ამბავისთვის
გვიყურებია.
იასე-ბერს მიბრუნება არ სჭირდებოდა, ზურგით იჯდა, აღსასრულს თვინიერად ელოდა.
მე ბრძანებას უსიტყვოდ დავყევი – მივბრუნდი და გულზეც მომეშვა, რომ იმ საზიზღარ
ურჩხულებს აღარ ვხედავდი. თუთაშხიამ სამივენი მოათვალიერა, მერე კვლავინდებურად
თუმნიანებში ჩაშტერებულ კიკუს მიაჩერდა.
– არ გესმის, რას გელაპარაკებიან შენ?! – უფრო ხმადაბლა, მაგრამ ღვარძლიანად დაუყვირა
კაზა ჩხეტიამ თუთაშხიას.
ვერც ამან გამოიღო ჩხეტიასთვის სასურველი შედეგი – თუთაშხიას აინუნში არაფერი
აუღია. მაშინ კაზა ჩხეტია ადგა, თუთაშხიას ზურგიდან შემოუარა და ჩუმად უთხრა:
– მობრუნდი აქით!
თუთაშხიამ დააყოვნა. მერე ნელა მიბრუნდა, მაგრამ სანახევოდ მიბრუნდა. არ ვიცი,
რატომ, და იასე ბერმა ჯამიდან კოვზით ბოღლიწო ამოიღო, პირში ჩაიდო და ასე, კაზა
ჩხეტიას ბრაზისგან გადაღრეცილ სახეში მიშტერებული, გაქვავდა.
– არავის საქმეში არ ვერევი მე. არავისი საქმე არაა, საით ვიყურები და საით მივბრუნდები!
– ნაბადს მხრები აუქნია, სკამის საზურგეზე გადააგდო.
კაზა ჩხეტიამ დოინჯი შემოიყარა. ამაში ის მიზანიც იგრძნობოდა, მაუზერთან ხელი
ახლოს ჰქონოდა. კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ საქმე სულ სხვანაირად
შეტრიალდა და სიტყვა პირზე შეაშრა. თუთაშხიამ ხის ბუდიდან ისე მარდად დააძრო
მაუზერი, რომ მისი ხელის მოძრაობას თვალი ვერც ერთმა ვერ შევასწარით. დაძრობა და
სროლაც ერთი იყო. სროლა და კიკუს საცთუნებლად ერთიმეორეზე შეკოკოლავებული
თუმნიანების იატაკზე გადაცვენაც ერთი იყო.
წამით ყველა გაირინდა.
თუთაშხიას ტყვია იასე-ბერის იღლიის ქვეშ გავიდა, ბოდღო ყვალთავას გასწვრივ გაიარა,
თუმნიანებს ეძგერა, მაგიდის წიბო ოდნავ გადაკაწრა და მოპირდაპირე კედელში შეიჭრა.
ცივმა ოფლმა დამასხა.
იასე-ბერს თავისი ბოღლიწოიანი კოვზი ცალი მხრიდან ხელით ეჭირა, მეორიდან –
კბილებით, და ესე იყო გაქვავებული. ბოდღო ყვალთავა თოფნაკრავივით წამოიჭრა,
მაგრამ ვეღარ მიხვდა, რა ექნა, როგორ დაეჭირა თავი, როგორ მოქცეულიყო. ყურუ
ქარდავა მშვიდად იჯდა, მღიმარი თვალები ხან ტყვიით გაკაწრული მაგიდის წიბოზე
მიჰქონდა, ხან თუთაშხიას შეჰყურებდა. კაზა ჩხეტია გახევებული იდგა. თუთაშხიამ
დაუპატიჟებელ სტუმარს ერთხელ კიდევ ახედა, მაუზერი ბუდეში ჩააბრუნა, პირში ლუკმა
ჩაიდო და ღეჭვას მიჰყვა. კიკუ იატაკზე მიმოპნეულ თუმნიანებს დააცქერდა. მერე ნელა
დაიხარა, ძებნა დაუწყო, აკრიფა და ნელა წამოიმართა. ერთხანს განაბული იდგა,
თუმნიანებიან მუჭას დაჰყურებდა. შემდეგ ანაზდად მოწყდა ადგილს და ეზოში
ტყვიასავით გავარდა. ჯერ დუქნის კარმა გაიღო ჩახანი. მერე თავლის კარმა დაიღრჭიალა
და ისევ ყველაფერი მიჩუმდა.
უკანა ოთახებიდან დურუ და ძობა გამოვარდნენ, შეშფოთებით გვათვალიერებდნენ.
დურუ მედუქნემ თუთაშხიას ჰკითხა:
– რა იყო... რა მოხდა აქ?
– გათავდა უკვე, დურუ-ბატონო, რაც იყო! – მიუგო თუთაშხიამ.
კაზა ჩხეტიამ თავისი მაგიდისკენ გასწია, დაჯდა, სათამაშო ქაღალდი აიღო, წვალება
დაუწყო. ბოდღო ყვალთავაც სკამზე დაეშვა.
მარტო ყურუ დააცეცებდა თავის მღიმარ თვალებს.
მამა-შვილი კიდევ ცოტა ხანს იდგნენ. როცა დარწმუნდნენ, რომ მართლაც გათავდა უკვე,
რაც იყო, თავის ბინაში შებრუნდნენ და ტახტი გამოიტანეს, ჯერ ჩვენთვის შეიტანეს, მერე
ყვალთავასი და მისი ამხანაგების ოთახში დასადგმელი ტახტის მოსატანად წავიდნენ.
მეორე მაგიდაზე თამაში განახლდა, მაგრამ ცხადი იყო, თამაშზე არც ერთი მათგანი არ
ფიქრობდა.
ისევ ყველაფერი მიწყნარდა. დურუს და ძობას გასვლა იყო – დუქნის კარი კიკუმ შემოაღო.
ჯერ იქაურობას თვალი მოავლო, მერე სამზარეულოსთან მიირბინა, შეიხედა, მიაყურა,
დარწმუნდა, მამა
და ძობა შორს არიანო, და ყვალთავას მაგიდასთან მიირბინა. ქობაში ხელები ჯვარედინად
წაივლო, კაბა ზევით აიტაცა და მთლად შიშველი დარჩა.
იდგა, ცალ ხელში კაბა ეჭირა, მეორე ხელი თვალებზე ჰქონდა აფარებული. ნატიფი,
მკვრივი სხეული სანთლის შუქზე ნაღებისფრად ციმციმებდა. რქაწითელის მტევანივით
მჭიდრო და კენარი გოგო იყო კიკუ.
თუთაშხიამ, ალბათ, კიკუს გამოჩენისთანავე იგრძნო, რაც მოხდებოდა, რომ ბუხარს
მიაჩერდა და ამ სანახაობის განმავლობაში აღარც მობრუნებულა. ბოდღო ყვალთავამაც
მხოლოდ ერთი წამით გააპარა თვალი კიკუსკენ. ყურუ ქარდავა გაწითლდა, თავი
ჩაქინდრა, ფულებში უაზროდ ააფათურა ხელები.
– ოხხხ! – ამოიხრიალა რეტდასხმულმა კაზა ჩხეტიამ და ხელი ძალიან ნელა წაიღო კიკუს
მარცხენა ძუძუსკენ.
სანამ შეეხებოდა, საჩვენებელი თითი გაბზიკა. მისი ხელი წამით ჰაერში გაიყინა, ისევ
დაიძრა და თითი სათუთად, თითქმის შიშით შეეხო ძუძუს თავს. გოგო მყისვე გონს
მოვიდა, კაბა გადაიცვა და თავლისკენ გაიქცა.
ყვალთავამ თავჩაქინდრულ ყურუს თითი მიაშვირა, როყიოდ გადაიხარხარა:
– რას დაგიღია პირი, ბიჭო!
ყურუმ პირი მოკუმა, მაგრამ თავი არ აუწევია.
კაზა ჩხეტიამ გამარჯვებული კაცის თვალებით დაგვიარა და თქვა:
– რა ვთქვი მე? გაიძრობს, ვთქვი მე! – მე მეუბნებოდა.
– სამ თუმნად ფოთის პოლიცმეისტერი გაიძრობს! – გაიმეორა ბოდღო ყვალთავამ თავისი
ნათქვამი.
კიკუ დაბრუნდა, დამატებითი ლოგინების მოსატანად წავიდა. დურუმ და ძობამ მეორე
ტახტი გამოიტანეს.
თამაში კვლავ განახლდა.
დურუმ დახლს მიაშურა. ეტყობოდა, რომ მომხდარისა არაფერი იცოდა, თავს არხეინად
გრძნობდა, მაგრამ ძობა ერთიანად დაძაბული, ჩახმახივით ფეხზე შეყენებული იყო.
– წადი, ბაბა დაიძინე! – უთხრა დურუმ.
ძობას წასვლა არ უნდოდა. აწრიალდა, უარის თქმაც კი გაბედა. მამამ მტკიცედ გაუმეორა,
– წადიო. ბიჭი იძულებული გახდა, დაჰყოლოდა, მაგრამ ერთობ უხალისოდ წავიდა, ცალი
ფეხი დუქანში დარჩა.
კიკუმ ჩვენს ოთახში საქმე მოითავა, ლოგინებს მეორე ოთახში აგებდა.
– დურუ, ცხენებს გახედე, თუ კაცი ხარ! – დაიძახა კაზა ჩხეტიამ.
– ახლავე, კაზა-ბატონო, აგერ, – მზადყოფნით უპასუხა დურუმ, საინი გაამშრალა,
თავლისკენ გასწია.
კაზა ჩხეტიამ ცოტა მოიცადა და ახლა კიკუს გასძახა:
– მოდი აგერ, გოგო!
კიკუმ კრეტსაბმელი გასწია, ოთახიდან თავი გამოყო და მკვახედ იკითხა:
– რა გინდა აწი?
– მოდი აგერ, რომ გეუბნები, და გაიგებ, რაც მინდა.
კიკუ მივიდა.
კაზა ჩხეტიამ ქისა ამოიღო, ზონარი შეხსნა, ხელისგულზე ოქროს ფულები წამოიპნია. ოცი,
ოცდახუთი ცალი თუმნიან-ხუთმანეთიანი იქნებოდა. ხელი ასწია, ფულებიანი მუჭა კიკუს
თვალებთან მიატარ-მოატარა. მერე ფულები ისევ ქისაში ჩააბრუნა და უბეში შეინახა. ამას
ძალიან ნელა, ხაზგასმით აკეთებდა. დაამთავრა ეს საქმე და კიკუს უთხრა:
– ხედავ ამ ფულებს, ხომ... მოდი ამაღამ ჩემთან და შენი იქნება ეს ფულები ყველა!
კიკუს შევხედე: თვალებში ალი ჰქონდა. უფრო ხარბი ალი, ვიდრე კაზა ჩხეტიას.
– მოხვალ ხომ?
კიკუ შეყოყმანდა დაიბნა და გულუბრყვილოდ იკითხა:
– რა უნდა გავაკეთო შენთან?
– არაფერი რასაც ქალები აკეთებენ კაცებთან! – მიუგო ჩხეტიამ ცბიერი ღიმილით.
– არ ვიცი მე ის... – დაიმორცხვა ქალიშვილმა, მიბრუნდა, ოთახში შევიდა.
იასე-ბერი ადგა, რომელიღაც ლოცვის ნაწყვეტი წაიჩიფჩიფა, პირჯვარი გადაისახა და
დასაძინებლად წავიდა.
არც როდისმე თავზე ხელაღებული ვყოფილვარ, არც გულადი კაცის სახელი მწყურებია.
მუდამ ფრთხილი, ანგარიშიანი ვიყავი, მაგრამ აქ კი ავფეთქდი და უკიდურესობას
მივმართე. მოქმედების გეგმა მყისვე ჩამომიყალიბდა. ჯერ თუთაშხიას ვუთხარი:
– დათა თუთაშხია! თქვენზე ბევრი კარგი მსმენია. ნამუსიანი, სამართლიანი კაცის სახელი
გაქვთ. ამ ბოროტებაზე რას გაჩუმებულხართ. ხომ ხედავთ ადამიანი იღუპება!
თუთაშხიამ მხოლოდ იმიტომ შემომხედა, რომ მისი ვინაობა ვთქვი. შემდეგ იქითა სუფრას
გახედა, – ჩემი გვარ-სახელი ხომ არ გაიგონესო. დარწმუნდა, – ყური არავის არაფრისთვის
მოუკრავსო, და მითხრა:
– არაა ჩემი საქმე. აღარაფერი არაა ჩემი საქმე, თუ მე არ მეხება, მე! ეგენი არც ერთი არაა
ჩემი ჩარევის ღირსი. მივა კიკუ ამაღამ მაგასთან. რომ ჩავერიო, არ მივიდეს, იქნება, მაგრამ
უარესს შვრებიან მერე ვიცი ეს! – თუთაშხია დადუმდა, ხელი ჩაიქნია და დასძინა:
– გავათავე ეგენი მე!
მაშინ კაზა ჩხეტიასთან მივიჭერი და სხაპასხუპით დავაყარე:
– რას სჩადიხართ, არა გრცხვენიათ?! მაგას ხომ ძალის ხმარება ჯობია, გესმით?!
გაუპატიურება ჯობია... ძალით!
ძმაკაცებმა ერთხანს დიდი ინტერესით მათვალიერეს, ვითომ უმიზეზოდ და
მოულოდნელად აყეფებული ჯიბის გოშია ვყოფილიყავი. შემდეგ კაზა ჩხეტიამ
მოულოდნელად მაგარი სილა გამაწნა და კვლავ სათამაშო ქაღალდში ჩაიხედა.
გონს მოვედი, თუთაშხიასკენ გავიხედე. ჩიბუხს აფუტებდა, რა ვიცი, რაზე ფიქრობდა.
რაღაცამ გამომაფხიზლა. ნელა დავიძარი, ჩვენთვის განკუთვნილ ოთახში შევლასლასდი,
ლოგინში ჩავემხე და ავტირდი. დუქნის კარის ჭრიალი და ურდულების რახარუხი გაისმა.
ხმა ჩავიწყვიტე, – დურუმ ჩემი ტირილი არ გაიგონოს, ეჭვი არაფერი აიღოს, თორემ ეს
ნაძირალები დასმენის განზრახვაში ჩამომართმევენ და საშინელებას რამეს დამმართებენ-
მეთქი.
ფანჯრიდან მოჭედილი, მოკამკამებული ცა ჩანდა. სადღაც ვარსკვლავი მოწყდა, ცის კიდე
ჩასერა და მიიკარგა.
ამდენმა დაძაბულობამ, ნერვიულობამ და მთელი დღის დაღლილობამ მძლია, ჩამეძინა.
რამდენი ხანი გავიდა – არ ვიცი. ტახტის ჭრიალმა გამაღვიძა. ბერი თავის ლოგინში
გახდილი იწვა და აუმღვრევლად ფშვინავდა. თუთაშხიას ნაბადი ეხურა, ფხიზლობდა,
ჭერს შეჰყურებდა. ჩემი ტახტის ჭრიალზე ერთხელ გამოიხედა და ისევ ჭერს ააპყრრო
თვალი. მხოლოდ ერთი საფიქრალი მაწუხებდა: მივიდოდა თუ არ მივიდოდა კიკუ
შეპირებული ქისის წასაღებად? ამ აზრმა ავეჯის ჭიასავით ამიტეხა ჭრა და კრაწაკრუწი.
ოთახებს წაბლის ფიცრის კედელი ჰყოფდა. გვერდით ყვალთავა და მისი ამხანაგები
იყვნენ. რაღაც ჩურჩული და მთვრალი მამაკაცის ომახიანი ხვრინვა ისმოდა. ბევრი ვეცადე,
ჩურჩული ვერ გავარჩიე. შუაღამის მამლებმა იყივლეს. თუთაშხია ლოგინზე წამოჯდა,
ჩიბუხი გატენა, გააბოლა, იჯდა, სანამ ჩიბუხს ძირამდის დაიყვანდა.
მერე ისევ ნაბადში გაეხვია და მიწვა.
კიდევ საათი თუ მეტ-ნაკლები გავიდა. გვერდის ოთახიდან დაბალი მღელვარე ხმა მოისმა:
– რომელი ხარ მანდ!
– მე ვარ! – გავიგონე კიკუს ჩურჩული.
გაგუდული ჩურჩული იყო, თითქოს ვინმემ ყელში წაუჭირა და ისე ათქმევინა ის
სიტყვები.
ყაჩაღებს შორის რაღაც გადალაპარაკება-გადმოლაპარაკება ატყდა, ტახტები აჭრიალდა.
მერე ხმაური მინელდა და კაზა ჩხეტიამ თქვა:
– შემოდი, საყვარელო, რას დგახარ მანდ.
თუთაშხიამ ისევ წამოიწია, წამოჯდა. ისევ ჩიბუხის ტენვას მიჰყო ხელი. იასე-ბერი
რამდენიმეჯერ გადაბრუნდ-გადმობრუნდა, გაინაბა და ამბავს მიაყურა.
ხმაურის მიხედვით ისე მივხვდი, რომ ბოდღო ყვალთავა და ყურუ ქარდავა თავისი
ოთახიდან დუქანში გავიდნენ, ძმაკაცი დაამარტოვეს.
– შემოდი, გოგო რას დგახარ მანდ! – თქვა კაზა ჩხეტიამ და ისევ სიჩუმემ დაისადგურა.
– შედი, გოგო, გეძახის, ხომ გესმის? – ბოდღო ყვალთავას ხმა იყო.
ერთხანს თითქოს არაფერი ისმოდა. მერე ტახტის ჭრიალი და კიკუს ხმა გავიგონე:
– არ ვიცი ეგ... მეშინია. როგორ უნდა ეგ...
– არაფერი ცოდნა არ უნდა ამას. მოდი ჩემთან, საყვარელო, მოდი! მასე, მასე...
თუთაშხია ზეზე ადგა, სამოსი მიისწორ-მოისწორა, ქამარ-ხანჯალი შემოირტყა, ნაგანი და
მაუზერი თავ-თავის ადგილზე მიირგო.
მეც ავდექი, თუთაშხიას წავჩურჩულე:
– ნაგანი მე მომეცით, მოგეშველებით შეძლებისდაგვარად!
ჩუმად იყო, თავის საქმეს აკეთებდა. ნათქვამი გავუმეორე.
გაინაბა, ფიქრობდა.
გვერდის ოთახიდან ტახტის უსაშველო ჭრაჭუნი და ქშენა მოდიოდა.
თუთაშხიამ ქამრიდან ნაგანი დაიძრო, ფეხზე შეაყენა და ხელში მომაჩეჩა.
სანამ არ მქონდა, მეგონა, რომ ჩემს აღშფოთებას მხოლოდ იარაღი აკლდა. ცივი,
მომაკვდინებელი რკინა ვიგრძენი და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, უთუოდ იმიტომ, რომ
სიკვდილს შევხედე – ჩემსას თუ სხვისას... ნაგანი მყისვე ჯიბეში ჩავიდე.
– დურუს პატარა ბიჭი რომ არის აქ, ძობა – აგერ ტრიალებს ის, – წამჩურჩულა თუთაშხიამ.
– უარესი ამბავი დატრიალდება აქ. უეჭველია ეს. მივდივარ მე.
თუთაშხიამ ფაყუ ჩამოიფხატა, ჩოხის კალთები ქამარში ჩაიკეცა და ნაბადი წამოისხა.
ამას აღარ მოველოდი! სრული დარწმუნებული ვიყავი, რომ სინდისმა შეაწუხა და ჩარევა
გადაწყვიტა...
გვერდის ოთახიდან მიბნედილი შეკივლება მოისმა. გულში გამეცინა, იღბალმა სხვისი
ქალის ეს ხმაც ხომ გამაგონა-მეთქი.
დუქანში ფოსტლების თქარათქური ატყდა; დურუ გამოვიდა. ძობა მოსდევდა, ხელში
შანდლით.
– მართალია ეს?! მომეჭრა თავი და დავიღუპე კაცი? – კიკუ, გამოდი მანდედან ახლავე! –
დაიღრიალა დურუმ – გამოდი ახლავე!
– მიხედეთ მაგ ძაღლის შვილს, არ შემომივარდეს აქ, თვარა დავაგორებ ღორივით! –
ოთახიდან გასძახა ძმაკაცებს კაზა ჩხეტიამ.
– რა ვთქვი მე, რათ გვინდოდა ეს გლახა საქმე... – ჩაილაპარაკა ყურუ ქარდავამ.
– დამღუპეთ ხომ ძაღლის შვილებო! – ისევ დაიღრიალა დურუმ.
– წაეთრიე, ახლა! ვის არის რომ აგინებ, შე ბაყაყო შენ! – შეუყვირა ბოდღო ყვალთავამ
დურუ მედუქნეს, წამოიწია და ტანით გადაეღობა.
ყურუ ქარდავა უხალისოდ წამოდგა. ორთავემ მაუზრები მოიმარჯვეს.
დურუ წამით გაირინდა. მერე მიტრიალდა და თავის ბინაში შევარდა ფოსტლების
ტყაპატყუპით.
თუთაშხიამ ოთახიდან გასვლა დააპირა.
– აქ უარესი ამბავი დატრიალდებაო, თქვი და გარბიხარ? – მოულოდნელად გაისმა იასე-
ბერის ხმა – ლაჩარი ყოფილხარ!
თუთაშხია ბერს მიუბრუნდა გაიღიმა და ჰკითხა:
– ლაჩარი?..
– ვინც ღმერთს განუდგა, ვინც კაცთათვის არ აღასრულა ის, რის აღსრულებაც ძალედვა,
ვინც ღვთის შვილს განსაცდელში ხელი არ გაუწოდა – იგი ლაჩარია, მან თავისი თავი
მარტოობისთვის გასწირა. თუ შენ არ გინდა კაცნი, არც კაცთა უნდიხარ შენ და ხვედრი
შენი – მომწყვდეული ნადირის ხვედრი არის! – მშვიდად დაუდასტურა ბერმა.
თუთაშხიამ ჩაიცინა, გზიდან ჩამომიშორა. დუქანში გავიდა, მტკიცე, აუჩქარებელი
ნაბიჯით მიაშურა ურდულით გადაკეტილ გასასვლელ კარს.
ძობამ ნაბადში სტაცა ხელი და შეემუდარა:
– დათა-ბიძია, არ წახვიდე... ნუ წახვალ, დათა-ბიძია, დავიღუპებით!..
თუთაშხია გაქვავდა. პირქუში, ავბედითი სიჩუმე ჩამოწვა.
დათა თუთაშხიას უხორცო და შეუპოვარი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ამის გამო
მეორე აზრი არ გამეგონა და არც არსებობდა. მაგრამ მაშინვე ვიგრძენი, რომ უკან
მოხედვის, ძობას თვალებისა და სახის გამომეტყველების დანახვისა ეშინოდა. არც
მოუხედია. ჯიბრით ზიზღით თქვა:
– უნდა წავიდე აქედან მე! – თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა. დაიძრა, კარებს
ურდულები აჰყარა და დუქნიდან გავიდა.
თვალცრემლიანი, მტირალი ძობა მისძახოდა:
– არ გვეხმარები, დათა-ბიძია, მიგვატოვე, დათა-ბიძია, ხომ? – ამას მაშინაც იმეორებდა,
როცა თუთაშხიას, ალბათ, აღარც ეყურებოდა – თავლაში იყო, თავის ცხენს ჰკაზმავდა.
დანარჩენი ათიოდე წამში მოხდა: დურუ გამოვარდა ფეხზე შეყენებული ორლულიანი
თოფი ეჭირა. ძობამ უბედურება იგრძნო, გულსაკლავად, გაშმაგებით შეჰკივლა.
დურუმ ყაჩაღებს მუქარით მიმართა:
– გამოუშვით ჩემი შვილი მანდედან, თქვე ძაღლის შვილებო, თქვენ! – და ცალი ლულა
დაცალა.
ყურუ ქარდავას მაუზერი დაუვარდა. ხელი მარჯვენა მხარში იტაცა, სახე ტკივილმა
გადაუბრიცა.
ბოდღო ყვალთავამ დურუ მედუქნეს დაუმიზნა.
– არ ესროლო, ბოდღო... – დაიყვირა ყურუმ, მაგრამ ყვალთავამ ორჯერ ზედიზედ დაცალა.
დურუ იატაკზე გაიშხლართა, მუცელზე ხელი იტაცა, კრუნჩხვასა და გორვას მოჰყვა.
– რა ქენი, ბოდღო... რა შუაში იყო ეგ კაცი! – ჩაილაპარაკა ყურუმ.
– არაა მაგის დრო ახლა! – მიუგო ყვალთავამ და დაიყვირა. – კაზა, დაანებე თავი მაგ
კახპას!.. ჩაიცვი ახლავე! – ყურუს მიუტრიალდა: – ჩაიცვით რომ გელაპარაკებით მე თქვენ!
– ვის გავექცეთ ნეტავი! – გამოსძახა კაზა ჩხეტიამ ოთახიდან, მაგრამ უმალ გამოვიდა.
ნაჩქარევად იცვამდა, იარაღს ისხამდა. ძობამ შანდალი იატაკზე დადო, მუხლებზე დაეშვა,
გაოგნებული დაჰყურებდა მომაკვდავ მამას.
კიკუც გამოლასლასდა, მამისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. თვალები სხვაგან ჰქონდა,
სივრცეში. მილასლასებდა და ამბობდა:
– აგერ ფული, ბაბა! ბევრი ფული ბაბა. ა, ფული, ბაბა! – ქისა ეკავა, ის ქისა, რომლიდანაც
კაზა ჩხეტიამ ხელისგულზე ოქროს თუმნიანები წამოიპნია.
მოახლოვდა, სკამზე დაეშვა, ისევ საითღაც იყურებოდა. დურუ იატაკზე იკრუნჩხებოდა
და კვნესოდა.
დუქანში თუთაშხიამ შემოიხედა, ალბათ, იმისთვის, რომ ენახა, თუ რა მოხდა ამდენ
სროლაში.
დურუმ დაინახა და ამოიხრიალა:
– დათა თუთაშხია, შენს კისერზეა ჩემი შვილების ცოდვა!
თუთაშხია ლანდივით გაქრა.
დურუს კრინტი აღარ დაუძრავს. კრუნჩხვასაც მორჩა, სული დალია.
დათა თუთაშხიას ხსენებაზე ბოდღო ყვალთავამ და კაზა ჩხეტიამ ერთმანეთს გადახედეს
და გაინაბნენ. ყურუ ქარდავასაც უკიდურესი განცვიფრება შეეტყო.
გარედან ცხენების ფლოქვის ხმა შემოიჭრა. ბოდღო ყვალთავამ ყურები ცქვიტა, მაუზერი
ფეხზე შეაყენა და გარეთ გავარდა. ამხანაგებიც მიჰყვნენ.
– ცხენები მიჰყავს ჩვენი!
– რატომ მიგყავს, დათა თუთაშხია, ჩვენი ცხენები!
– დატოვე ჩვენი ცხენები, თვარა!..
– თვარა გესვრით!
– თქვენ დურუს რომ ესვრით, ის კაცები ხართ! მე რომ მესვრით, ის კაცები არ ხართ,
წუპაკო მამაძაღლებო, თქვენ!
ეს სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდა: არც გაუსროლიათ, არც გამოსდევნებიან. ცოტა ხანს
დუქნის კარებთან იდგნენ, ხმადაბლა თათბირობდნენ და უდრტვინველად გასცქეროდნენ,
როგორ მიჰყავდა მათი ბედაურები დათა თუთაშხიას.
კაზა ჩხეტიამ დუქანში შემოირბინა, გაოგნებულ კიკუს ხელიდან ქისა გამოსტაცა და
გავიდა.
აღარ შემობრუნებულან. იქაურობას საითღაც გაეცალნენ.
ძობას ელდამ გადაუარა, ტირილი და მოთქმა დაიწყო.
კიკუს ქისის წართმევა არც უგრძვნია. კლავინდებურად სივრცის რომელიღაც წერტილს
მისჩერებოდა და ბუტბუტებდა:
_ აგერ ფული, ბაბა! ბევრი ფული, ბაბა!
ოთახში შევბრუნდი იასე-ბერს დავადექი:
– ადექი მამაო იასე. ამ ცოდვის კითხვაში რა დროს ძილია!
– როცა კაცი სცოდავს – ღმერთი სდუმს! – თქვა ბერმა და წამოდგა.
დათა თუთაშხიას ტახტი დუქანში გავიტანეთ, დურუს ცხედარი ზედ დავასვენეთ. ორივე
ტყვია მუცელში ჰქონდა მოხვედრილი.
იასე-ბერი წესის აგებას შეუდგა.
მუცელში რაღაც ტკივილმა შემაწუხა, კარში გავედი. მშვიდი ღამე იყო, ცისკრის
ვარსკვლავი მოწითლოდ ციმციმებდა. მომაგონდა, რომ ჯიბეში იარაღი მედო. არც
დავფიქრებულვარ, არც შევყოყმანებულვარ – ზარულის ორმოში ჩავაგდე. მაშინვე გულზე
მომეშვა. გავიფიქრე კიდეც, თუ ვინმემ გამჩხრიკა, იარაღს ხომ ვეღარ მიპოვნის-მეთქი.
დღემდე მიკვირს, რომ არამცთუ ვერ გამოვიყენე, აზრადაც არ მომსვლია მესროლა. ალბათ,
გუმანმა მიკარნახა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში უეჭველი სიკვდილი
მელოდა.
სული ტკბილია და სულმა უკეთ იცის.
ამ ადგილებში კიდევ წელიწადი ვიმუშავე. მგონი, მეტიც. კიკუ იმ ღამის მერე ჭკუიდან
გადაცდა. რამდენიმე დღის შემდეგ ძობამ ტყეში იპოვნა, თხმელის ძირას. მჯდომარე
მომკვდარიყო და ისევე დარჩენილიყო – მკვდარი იჯდა.
ძობას ასავალ-დასავალი რიგიანად ვერ გავიგე: ამბობდნენ, ქუთაისში რომ ბიძა ჰყავდა,
იმან წაიყვანაო.
ის წაიყვანდა.
გრაფი სეგედი
... მუშნი ზარანდიას მაშინ უკვე საგანგებო დავალებათა ოფიცრის თანამდებობა ეჭირა.
მეფისნაცვალთან დაგვიბარეს, დანიშნულ დროს ვეახლეთ. ადიუტანტმა დაუყოვნებლივ
შეგვიშვა. მეფისნაცვლის კაბინეტში პეტერბურგიდან ჩამოსული პოლკოვნიკი სახნოვი
დაგხვდა. ეს კაცი საიმპერიო ჟანდარმერიის შეფის ერთ-ერთი მოადგილე იყო. მისი აქ
ყოფნა არ გამკვირვებია, თუმცა სამი დღის ჩამოსულს ჩემს დაწესებულებაში ფეხი არ
დაუდგამს და არც თბილისში ყოფნა უცნობებია. ეს ჩემს მიმართ ანგარიშგაუწევლობა იყო.
მე მისი თბილისს მობრძანება აგენტურული ინფორმაციიდან ვიცოდი. მაშინ
ამიერკავკასიაში იმდენად მნიშვნელოვანი საქმე არაფერი მეგულებოდა, რომ
პეტერბურგიდან მაღალი თანამდებობის პირის ჩამოსვლა ყოფილიყო მოსალოდნელი და
პოლკოვნიკ სახნოვის ინკოგნიტოდ გამოჩენამ იმთავითვე დამაინტერესა. ეს პიროვნება
თავისი ჩინითა და თანამდებობით პირადად ჩემთვის სერიოზულ სიდიდეს არ
წარმოადგენდა. ამასთან, ქერქეტა კაციც იყო, მისი გონებრივი ხელმოკლეობის
დემონსტრირებას რამდენჯერმე თავად შევსწრებივარ. მაღალი თანამდებობა იმით
აიხსნებოდა, რომ დიდი მთავრის ნათლულს ყველაფერს პატიობდნენ. აქვე დავსძენ:
სახნოვი რომ სამსახურიდან გადადგა, მისი თანამდებობა რამოდენიმე ხნის შემდეგ,
დროებით, მუშნი ზარანდიამ დაიკავა; პეტერბურგში მოღვაწეობა ზარანდიამ იმ
პოსტიდან დაიწყო.
მეფისნაცვალს ხაზგასმული სერიოზულობა შევნიშნე. სახნოვიც სიცილის მომგვრელ
იდუმალებას ამჟღავნებდა. ჩემთვის ცხადი შეიქმნა, რომ მეფისნაცვალსა და პოლკოვნიკს
საგანგებო მნიშვნელობის თათბირის ჩატარება სურდათ. ჩემი ყურადღების
გასამახვილებლად ამგვარი კომედიის თამაში საჭირო არ იყო: გამოდიოდა, რომ იგი მუშნი
ზარანდიას განეკუთვნებოდა, მაგრამ ფარსის დამდგმელებს, სამწუხაროდ, არაფერი
გაეგებოდათ, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე; ზარანდიას ერთხელ შევავლე თვალი და
დავრწმუნდი, ყველაფერი ჩემზე უკეთ ესმოდა. მან უკვე იცოდა, როგორც უნდა წარემართა
თათბირი. წარემართა-მეთქი, ვამბობ, რადგან არ მახსოვს ზარანდიას მონაწილეობით
ჩატარებული რაიმე საქმიანი შეკრება, რომელზეც მისთვის საინტერესო საკითხებს
სხვანაირი გადაწყვეტა მიეღოთ და არა ისეთი, როგორიც თვით ზარანდიას სურდა.
სიბრალული ვიგრძენი მეფისნაცვლისა და სახნოვის მიმართ და კეთილი გულისთვის ჩემი
თავი შევაქე: ტუტუცების შებრალება ხომ სათნოების უპირველესი ნიშანია. ასე იყო თუ
ისე, ერთობ რიგიან გუნებაზე დავდექი, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგ
თანამდებობრივი ეთიკის ნორმებისა, მეფისნაცვალს ჩემთვის წინასწარ არ უცნობებია
თათბირზე განსახილველი საკითხების შინაარსი და ახლაც არ ვიცოდი, რა საგანზე უნდა
გვემსჯელა. მაინც, თუ შეიძლება,ასე ითქვას, მხიარულ ცნობისმოყვარეობასა და
მოლოდინს განვიცდიდი. კითხვა-მოკითხვის, რამდენიმე პეტერბურგული და
თბილისური ანეკდოტის გაცვლა-გამოცვლის შემდეგ მეფისნაცვალმა თათბირი გახსნა და
მისი წარმართვა პოლკოვნიკ სახნოვს სთხოვა.
– რა ნათესაობა გაქვთ ყაჩაღ თუთაშხიასთან? – მიახალა პოლკოვნიკმა ზარანდიას.
თათბირის ასეთ დასაწყისს მეც კი არ ველოდი. ვიგრძენი, რომ ზარანდია ამ კაცის
სისულელემ ძალიან გაამხიარულა. მან მშვიდად მიუგო:
– და-ძმის შვილები ვართ. მამაჩემის ოჯახში დავიზარდეთ ერთად. დათა თუთაშხია და
მისი და – ელე, ბავშვობაშივე დაობლდნენ. საქართველოში უფრო ახლო ნათესაობა
მხოლოდ ერთი დედ-მამის შვილობაა. უნდა მოგახსენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ალალი
ძმებივით ვართ, დათა თუთაშხია ყაჩაღად გავარდნის შემდეგ აღარ მინახავს და არც
ვნახავ, თუ ამგვარი რამ ჩემმა სამსახურებრივმა მოვალეობამ არ მომთხოვა.
სახნოვისთანა პრიმიტივს მეორე კითხვად, რა თქმა უნდა, ის ექნებოდა მომზადებული,
თუ რა კავშირი და ურთიერთობები ჰქონდა იმჟამად ზარანდიას თავის აბრაგ
ბიძაშვილთან, მაგრამ ზარანდიამ იეშმაკა. მომარჯვებულ კითხვაზე წინასწარ უპასუხა.
სახნოვს ისეთი სახე შეექმნა, ვითომ დაჯდომას აპირებდა და ამ დროს სკამი გამოაცალეს.
ეს ხრიკი ზარანდიას თავის დროზე და სხვა სიტუაციაში ჩემთანაც ჰქონდა ნახმარი.
ხრიკის ხმარებას დროის დაზოგვის სურვილით ხსნიდა. ნამდვილად კი მოპირდაპირის
აზრებში არეულობის შეტანის მიზნით ხმარობდა. სახნოვთან ამ მიზანს აბსოლუტურად
მიაღწია. პოლკოვნიკი კარგა ხანს იჯდა დაბნეული. მერე თავს მოერია ქაღალდში ჩაიხედა
და კითხვა დაუსვა:
– სწორია თუ არა, რომ თქვენს მიერ კონტრაბანდისთვის დაპატიმრებული ებრაელის
ძმებმა თქვენს მეუღლეს ხუთ ათას მანეთად ღირებული ბრილიანტის საყურეები
მიართვეს?
– ჭეშმარიტებაა! – დაუდასტურა ზარანდიამ, პორტფელი გახსნა, რაღაცის ძებნა მოჰყვა.
სახნოვი გამოცოცხლდა, მეფისნაცვალს გადახედა, ერთი გამკიცხავი მზერა მეც მესროლა,
კვლავ ზარანდიას მიუბრუნდა და დამატებითი კითხვის მიცემა დააპირა...
აღარ დასცალდა – ზარანდიამ ხელში ქაღალდი მიაჩეჩა და განაგრძო:
– ის ოპერაცია ჩვენ მაისში ჩავატარეთ. გამოძიების დრო – იმავე წლის სექტემბერში იყო –
ებრაელის ძმებმა ქრთამი შემომთავაზეს. თვით შემოთავაზება ისეთ ფორმაში და
სიტუაციაში მოხდა, რომ ბოროტ განზრახვაში მათი მხილება ვერ მოხერხდებოდა. მათი
გამოწვევა, იძულება, რომ უფრო პირდაპირი გზით შემოეთავაზებინათ, ჩემი მხრივ
იქნებოდა დანაშაული. მე ისინი დავაიმედე, რომ მათი ძმა, ჩადენილი დანაშაულის
უმნიშვნელობის გამო, ორი წლის პატიმრობით გადარჩებოდა, და გავისტუმრე. სამიოდე
დღის შემდეგ, ანუ სექტემბერშივე, მათ ჩემს მეუღლეს ხსენებული საყურეები შეაჩეჩეს. ეს
ჩემთვის მომდევნო კვირაში გახდა ცნობილი. კიდევ ერთი კვირის შემდეგ, ანუ სამ
ოქტომბერს, ქუთაისში ნოტარიუსმა ეგ საბუთი შეადგინა.
ზარანდიას ქაღალდი ახლა უკვე მე მეჭირა. ნოტარიუსი ადასტურებდა მუშნი ზარანდიას
მიერ ებრაელებისთვის საყურეების დაბრუნების ფაქტს.
თავი ვეღარ შევიკავე, გამეცინა. მეფისნაცვალმა წყალი მოსვა და თვალებაფახულებულ
სახნოვს გადაულაპარაკა:
– Un vrai Satan! *(ნამდვილი სატანაა!)
ზარანდიამ უამისოდაც იცოდა, ვინც იყო, რაც იყო, და მეფისნაცვლის დამოწმება, ალბათ,
არ ესაჭიროებოდა.
– ბატონო ზარანდია, თქვენ უთუოდ გესმით, რომ ჩვენი თათბირის ეს სახამუშო ნაწილი
აუცილებელი ფორმალობის მეტი არა იყო რა, – თქვა მეფისნაცვალმა.
– უდავოდ! – დაუდასტურა ზარანდიამ.
უხერხული სიჩუმე ჩამოდგა. მეფისნაცვალმა სახნოვს თვალი ამდენჯერმე შეავლო, რამ
ჩაუგდო ენაო. სახნოვი საქაღალდეში იქექებოდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ
დამსწრეთათვის დაენახვებინა, აი, ახლავე მოვრჩები და განვაგრძობო. მუშნი ზარანდია
ერთობ კმაყოფილი ჩანდა. მე იმის გამოცნობას ვლამობდი, თუ რისთვის იყო მოწვეული ეს
ფრიად საგანგებო და საიდუმლო თათბირად განზრახული შეკრება. ხომ შეუძლებელია,
სახნოვი პეტერბურგიდან ზარანდიასთვის ამ ორი იდიოტური კითხვის მისაცემად
ჩამოსულიყო? პოლკოვნიკმა, როგორც იქნა, აზრი მოიკრიბა, ჩაახველა და თქვა:
– იმპერიის შინაპოლიტიკური მდგომარეობა დაუყოვნებლივ მოითხოვს თვითდინებაზე
მიშვებული ან მიტოვებულ-ხელჩაქნეული საქმეების გადაუდებლივ დასრულებას.
ამჟამად თქვენი სამმართველოსთვის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ოცამდე ბანდა,
თუ მარტოხელა ყაჩაღი მოქმედებს და მათი ლიკვიდაციისთვის ჩატარებულ
ღონისძიებებს სასურველი შედეგი არ მოაქვს, რით უნდა აიხსნას აღნიშნული
მდგომარეობა?
სახნოვი პასუხს ჩემგან ელოდა. ამ საკითხზე ჩვენი უწყება პეტერბურგში წერილობით
მოხსენებას ყოველ ორ-სამ თვეში გზავნიდა. სახნოვისთვის ყველაფერი ცნობილი იყო.
ახლა კიდევ ერთხელ მოითხოვდა განმარტებას. ძლიერ მოკლედ, თეზისების სახით
მოვახსენე თათბირს:
– პირველი: ბანდიტიზმს მოძველებული, უვარგისი მეთოდებით ვებრძვით. მეორე:
ბრძოლას აწარმოებს რამდენიმე უწყება ერთდროულად – პოლიცია, ჟანდარმერია,
სამხედრო ოლქი და სერიოზულად კი – არც ერთი. ხსენებულ უწყებათა ღონისძიებები
ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგოა და აქედან – უეფექტოც. მესამე: ბანდიტს აქვს
დასაყრდენი – მოსახლეობის თანაგრძნობა და დახმარება, რასაც ჩვენ, თითქმის, სავსებით
ვართ მოკლებული. მეოთხე: ჩვენი მხრიდან ბრძოლაში მონაწილეობენ უნიჭო, მარტივი
გონების ადამიანები, მაშინ, როდესაც ყოველი მოუხელთებელი ყაჩაღთაგანი ნიჭიერი,
მამაცი და გამოცდილი პიროვნებაა. პი-როვ-ნე-ბა! ყაჩაღებს, რომლებიც თავისი პირადი
ღირსებებით მდევრებს არ აღემატებიან, ადვილად ვიჭერთ. ბოლო ხუთი წლის მანძილზე
– ორმოცდათერთმეტი კაცი!
– თქვენ რა აზრისა ხართ?.. – სახნოვმა ზარანდიას ჰკითხა.
– მისი ბრწყინვალების ნათქვამი დაკვირვებიდან, არსებული გამოცდილებიდან და
მრავალგზის შემოწმებული დასკვნებიდან გამომდინარეობს. ამიტომ ჩამოთვლილი
მოსაზრებები ჭეშმარიტებად მიმაჩნია.
სახნოვმა ტუჩები დაბრიცა, ამ პირმოთნე სუბიექტის თათბირზე დასწრება ვის რაში
დასჭირდაო. მეფისნაცვალმა ეს ჟესტი შენიშნა და აფეთქდა. აფეთქდა არა იმიტომ, რომ
ზარანდიას პასუხი არ მოეწონა. არამედ იმიტომ, რომ ჩემი ნათქვამი მხოლოდ განმეორება
იყო მეფისნაცვლის მიერ დადასტურებული და პეტერბურგს მრავალჯერ გაგზავნილი
მოხსენებებისა და სახნოვის ჟესტი თვით მეფისნაცვლის აზრის უარყოფას ნიშნავდა.
– გრაფი მართალია! – კატეგორიულად თქვა მეფისნაცვალმა.
– დიახ, მეც ასე მგონია, – სასწრაფოდ დაუკრა კვერი სახნოვმა, ცოტა ხანს ჩუმად იყო და
შემდეგ თითქოს თავისთვის თქვა: – მაშასადამე, საჭიროა მეთოდების შეცვლა,
ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთი რომელიმე უწყების ხელში კონსოლიდაცია,
ყაჩაღობის დასაყრდენის ანუ მოსახლეობის თანაგრძნობის აღმოფხვრა და ბრძოლაში
ნიჭიერი, გამოცდილი ადამიანების ჩაბმა. ასე გამოდის, ხომ?
ჩემი თეზისებიდან ამგვარი დასკვნის გამოტანას დიდი სიბრძნე არ სჭირდებოდა.
ხილული და ხელმისაწვდომი დასკვნა, ფაქტიურად, თვით ჩემს მოსაზრებებშივე იდო და,
როგორც უკვე ვთქვი, არც პეტერბურგისთვის დაგვიკლია ამ შინაარსის წერილობითი
მოხსენებები. მაინც გამიკვირდა სახნოვის გამჭრიახობა, მაგრამ როგორც მერე შევნიშნე,
პორტფელში ხშირ-ხშირად იმისთვის იყურებოდა, რომ ჩემს ერთ-ერთ მოხსენებით ბარათს
კითხულობდა ჩუმად.
– ჩვენი დღევანდელი თათბირის მიზანია, დავსახოთ აღძრული საკითხების გადასაჭრელი
გზები. თათბირის მონაწილეებს ვთხოვ, გამოთქვან აზრი ამ მიმართებით. – სახნოვმა
მეფისნაცვალს მიაპყრო მზერა.
– გრაფს თავის მოხსენებაში ჩვენი საერთო აზრი მკაფიოდ აქვს ფიქსირებული. იგი
თქვენთვისაც ცნობილია, მაგრამ თუ მისი ბრწყინვალება ისურვებს – გაიმეოროს.
– კავკასიის მეფისნაცვალს საგანგებო რწმუნებები უნდა მიენიჭოს, რის შემდეგ ჩვენ
ვიმოქმედებთ გამომდინარე კონკრეტული სიტუაციიდან და, ვფიქრობ, წარმატებასაც
მივაღწევთ. – ვიგრძენი, რომ მეზარებოდა ლაპარაკი ათასჯერ თქმულზე, დაწერილზე,
მოხსენებულზე. ეს წყლის ნაყვა იყო და გაღიზიანებულმა დავსძინე: – მისი
იმპერატორობითი უდიდებულესობა კავკასიის მეფისნაცვალს საგანგებო რწმუნებებზე
უარს არ ეტყვის, მაგრამ ერთი აუცილებელი პირობის შემთხვევაში: საიმპერიო
ჟანდარმერიის შეფმა ამ რწმუნებათა საჭიროება უნდა დაუდასტუროს ჯერ შინაგან
საქმეთა მინისტრს, შემდეგ თვით მის უდიდებულესობას. ამისთვის კი საჭიროა, რომ
თქვენ სავსებით გაიზიაროთ ჩვენი თვალსაზრისი და დაარწმუნოთ ჟანდარმთა შეფი ჩვენი
მოთხოვნის მართებულობაში.
– რაში გამოიხატება საგანგებო რწმუნებები?
– მეფისნაცვალს უნდა მიენიჭოს უფლება, შეიწყნაროს ყაჩაღის წარსული დანაშაული და
შეირიგოს იგი. მის ორდერს კანონის ძალა უნდა ჰქონდეს! – განვუმარტე სახნოვს.
პოლკოვნიკი დაფიქრდა და მუშნი ზარანდიას ზრდილობის გულისთვის ჰკითხა:
– თქვენ?
– ბატონო პოლკოვნიკო! ჩემი აზრით, თქვენი დასკვნა მისი ბრწყინვალების, გრაფის მიერ
წამოყენებული მოსაზრებების გამო, უკლებლივ შეიცავს მოქმედების ყველა გზას,
ფაქტიურ პროგრამას, რომელსაც სავსებით ვეთანხმები. თუ ნებას მომცემთ, მხოლოდ
გავშლი, ჩამოვაყალიბებ, განვმარტავ თქვენს აზრს, რა თქმა უნდა, იმ მიზნით, რომ,
უპირველესად ყოვლისა, თვით ჩემთვის გახდეს უფრო ნათელი, გასაგები...
პოლკოვნიკმა ზარანდიას ამ ადგილზე სიტყვა შეაწყვეტინა:
– მერე, ბატონო ზარანდია... სხვა დროს!
– არა, ბატონო პოლკოვნიკო!.. ჩემი თხოვნა იქნებოდა, მივცეთ ბატონ ზარანდიას
მსჯელობისა და თათბირში მონაწილეობის საშუალება! – გადაჭრით მოვითხოვე მე.
ამ მოთხოვნას შემდეგი აზრი ჰქონდა:
ზარანდია იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთაც ყოველთვის და ყველა
განსახილველ საკითხზე აქვთ თავისი აზრი, დასკვნა და მოქმედების მეტნაკლებად
ჭკვიანური გეგმაც. ამასთან, კერძოდ ზარანდიას გეგმა მუდამ გონიერი და ქმედითი იყო,
თუმცა რამდენადმე უცნაური, თავისებური, გაბედული. ამ თვისებათა გამო საშუალო
გონების, ანდა საკითხზე ცუდად ინფორმირებულ მსმენელს მისი გეგმა არარეალურად,
მიუღებლად ეჩვენებოდა. ზარანდიამ იცოდა ეს. ამიტომ თავის საკუთარ გეგმას ერთობ
კადნიერად მიაწერდა ხოლმე თათბირის ყველაზე გავლენიან მონაწილეს, რათა სათქმელი
იმ კაცის ავტორიტეტის სიმაღლიდან თქმულიყო. ეს ხერხი გეგმის მიმართ დამსწრეთა
წინასწარ კეთილგანწყობას და, საბოლოო ჯამში, გეგმის მიღებასაც უზრუნველყოფდა, მით
უმეტეს, რომ ზარანდიას მიერ შერჩეული გავლენიანი მოთათბირე, მზადყოფნით
კისრულობდა ჭკუამახვილი გეგმის ავტორობას. ზარანდიას მხოლოდ ის აინტერესებდა,
რომ მისი გეგმა გასულიყო, და არა ის, თუ ავტორად ვინ იქნებოდა აღიარებული. ეს ოინი
მას ჩემს მიმართაც რამდენიმეჯერ და წარმატებით ჰქონდა გამოყენებული. უნდა ვთქვა,
ადვილად ვტყუვდებოდი ერთი უბრალო, სრულიად ადამიანური თვისების გამო: ჩვენს
პოტენციაში, ქვეცნობიერებაში მუდამ არის დასკვნა ან მისი ჩანასახი, ნაცნობი, ნაფიქრი
საგნის გარშემო და როცა სხვანი ამ დასკვნას სიტყვიერ, უკვე ჩამოყალიბებულ ფორმაში
გვთავაზობენ, იგი ცნობილ ჭეშმარიტებად და, ამასთან, ჩვენს მიერ დადგენილ
ჭეშმარიტებად გვეჩვენება.
მუშნი ზარანდიამ სახნოვისთვის განკუთვნილი პასუხი ისე დაიწყო, რომ ჩემთვის ნათელი
შეიქნა: ჰქონდა გეგმა და სახნოვის სახით მის ფსევდოავტორს ეძებდა. მე თვით გეგმაც
მაინტერესებდა და შემდეგ, ხრიკზე სახნოვის წამოგების პროცესიც.
მეფისნაცვალი პოლკოვნიკის თანხმობას არ დალოდებია, ზარანდიას უთხრა, – ილაპარაკეთო.
ზარანდიამ მორცხვად გაიღიმა, მეფისნაცვალს თავაზიანად დაუკრა თავი, რაც მადლობასა
და ბოდიშს ერთროულად ნიშნავდა, და დაიწყო:
– ბატონმა პოლკოვნიკმა თავისი დასკვნის უპირველეს საკითხად ყაჩაღობის დასაყრდენის,
მოსახლეობის მხრივ თანაგრძნობისა და დახმარების აღმოფხვრა წამოაყენა და
ბუნებრივიც არის, რადგან ეს ურთულესი და უძნელესი პრობლემაა. მიუხედავად ამისა,
მისი დაძლევა შესაძლებელია და, ამასთან ერთად, უშუალოდ არის დაკავშირებული
ბრძოლაში უნარიანი, გამოცდილი ადამიანების ჩაბმის საკითხთან. ბატონი პოლკოვნიკის
დებულებები პრაქტიკულ საქმიანობაში ასეთი ფორმულის სახეს მიიღებენ: მოსახლეობის
მხრივ ნდობის, დახმარების მოსპობა ყაჩაღის რეპუტაციის გასვრის, სახელის გაფუჭების
გზით. შემდეგ, ყაჩაღის შემორიგება. ბოლოს, შემორიგებულის გადმობირება, ჩვენს
სამსახურში აყვანა და სხვა ყაჩაღებთან საბრძოლველად გამოყენება.
რამდენადაც მესმის, ეს ფორმულა ღონისძიებათა შემდგომ მიმდევრობას გულისხმობს:
ჭკვიანურად შეთხზული მაკომპრომეტირებელი ხმების გავრცელება, ყაჩაღის მიერ ხალხის
წინააღმდეგ მოქმედების, ადამიანთა დარბევის, ძარცვის, უდანაშაულოთა მკვლელობების
ინსცენირებები და ამ რიგის სხვა ღონისძიებები, რომელთა შედეგად საქმე გვექნება
სახელგატეხილ და გასვრილ ბოროტმოქმედთან და არა გმირთან ხალხის თვალში. ეს,
ფაქტიურად, განიარაღებული, სასოწარკვეთილი ადამიანი იქნება. ასეთი ან თავისი ნებით
ჩაგვბარდება, ან მითავაზებულ შემორიგებაზე დაგვეთანხმება, ან ჩვენს მიერ
გადმობირებული კაცი დანიშნული ჯილდოს ფასად და სინდისის უქენჯნელად
ჩაგვაბარებს მას. აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს უნდა იყოს დაჟინებული მუშაობის პროცესი და
არა კამპანია ან, მით უმეტეს, ერთდროული ღონისძიება. ამასთან ერთად, წინასწარ უნდა
გამოვაპირობოთ, რომ ცალკეული ყაჩაღის მიმართ ხსენებული მეთოდიც კი უმწეო
აღმოჩნდება, მაგრამ როგორც მისი ბრწყინვალება გრაფი სეგედი იტყვის ხოლმე,
გამონაკლისი მხოლოდ ადასტურებს წესს და წესის მართებულობას. ამგვარად, ბატონებო,
ზემომოყვანილი ფორმულის პირველი წრე შეიკრა.
ახლა ფორმულის მეორე წრის ღონისძიებათა მიმდევრობა: მეფისნაცვლის ორდერი
შემორიგებამდე ჩადენილი დანაშაულის პატიება იქნება და არა მომავალი შეუვალობის
სიგელი. შემორიგებული ყაჩაღის მიერ ჩადენილი ახალი ბოროტმოქმედება, ცხადია, ახალ
პასუხისგებას მოითხოვს. დანაშაულის ინსპირირება, შემდეგ, მახეში გაბმული
ბოროტმოქმედის გადმობირება და გამოყენება, სწორი მიდგომის შემთხვევაში, არცთუ
ძნელი საქმეა: როცა ბატონი პოლკოვნიკი ბრძოლაში უნარიანი, გამოცდილი ხალხის
ჩაბმაზე ლაპარაკობდა, ეჭვს გარეშეა, გულისხმობდა, რომ მათი შეძენის სხვა წყარო არ
არსებობს. რჩება ბატონი პოლკოვნიკის დასკვნაში არსებული კიდევ ორი რამ – მეთოდი
და კონსოლიდაცია: მეთოდი ახალია, იმდენად მაინც, რომ იგი ჩვენ, სახელდობრ,
ყაჩაღების წინააღმდეგ ჯერ არ გამოგვიყენებია და მისი სპეციფიკა თავისთავად მოითხოვს
ბანდიტიზმთან ბრძოლის კონსოლიდაციას ჟანდარმერიის ხელში.
ასე მესახება ბატონი პოლკოვნიკის დასკვნაში არსებული მოქმედების პროგრამა. იგი
კავკასიის მეფისნაცვლისთვის საგანგებო რწმუნებათა მინიჭებას გარდუვალად
გულისხმობს. დასასრულ ვიტყვი, რომ ბატონი პოლკოვნიკის გეგმას სავსებით ვეთანხმები
და მისი განხორციელება საჭიროდ მიმაჩნია.
მუშნი ზარანდია დადუმდა.
სახნოვი მისთვის უცნობი გეგმის ავტორობამ მხოლოდ ერთი წუთით შეაცბუნა. შემდგომ
მსჯელობას იგი უკვე ისეთი იერით ისმენდა, როგორც მასწავლებელი ჩამორჩენილი
მოწაფის მიერ კარგად ნასწავლ გაკვეთილს ისმენს ხოლმე და ზარანდიას
დადუმებისთანავე მენტორის კილო აიღო.
– ბატონებო, თქვენთვის, ალბათ, ნათელია, აქამდე რატომ არ ვიშუამდგომლეთ მისი
იმპერატორობითი უდიდებულესობის წინაშე კავკასიის მეფისნაცვლისთვის საგანგებო
რწმუნებათა მისანიჭებლად. შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟანდარმთა შეფი და პირადად მეც
ვერ ვხედავდით თქვენს ისეთ გეგმას, რომლის განხორციელებას საგანგებო რწმუნებები
ესაჭიროებოდა. აქ, ადგილზე საკითხის შესწავლის შემდეგ, საქმის ვითარება ჩემთვის
ცხადი გახდა და, როგორც ხედავთ, გეგმაც დაისახა: ვიმედოვნებ, იგი მოწონებული და
განხორციელებული იქნება.
სახნოვის კადნიერებამ ჩემს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ასეთი უკიდურესი თავხედობა, მართლაც, იშვიათი სანახავი გახლდათ.
– ჩემი მხრივ, აღგითქვამთ, – განაგრძობდა პოლკოვნიკი, – რომ კავკასიის მეფისნაცვალი
საგანგებო რწმუნებებს უახლოეს ხანებში მიიღებს. დაგვრჩა ორიოდ საკითხი; გეგმას
კოდირებული დასახელება უნდა ეწოდოს... – სახნოვი წამით დაფიქრდა და თქვა: – დიახ,
ეს შესაფერი იქნება. “კილიკია!” თუ მეხსიერება არ მღალატობს, იულიუს კეისარი
კილიკიელ მეკობრეთა წინააღმდეგ სწორედ ამგვარ მეთოდებს იყენებდა. მაშ, ასე –
“კილიკია!” ახლა, ბატონებო, გთხოვთ, დავასახელოთ კანდიდატურა, პირი, რომელსაც
უშუალოდ დაეკისრება გეგმის განხორციელება.
მეფისნაცვალი და მე, დარწმუნებული ვარ, ერთობ საინტერესო სანახავი ვიყავით; ეს
შოკზე მეტი იყო და ჭკუიდან გადაცდენაზე ცოტა ნაკლები... ვდუმდით, რადგან, ერთი
მხრივ, ამდენი ეშმაკობის, ლოგიკურობის და, მეორე მხრივ, გაუვალი სიბრიყვის
დაპირისპირებას გონება ერთბაშად ვერ გადაამუშავებდა. ბოლოს ისევ მეფისნაცვალმა
დაარღვია სიჩუმე:
– ღრმად პატივცემული იულიუს კეისარი მეთოდების შერჩევაში მაინცდამაინც ფაქიზი არ
ბრძანებულა... – თავისთვის ჩაილაპარაკა მან. მერე თითქოს ფიქრებიდან გამოერკვა და მე
მომმართა: – თქვენო ბრწყინვალებავ, დაასახელეთ კანდიდატურა.
– ჩვენი უწყების საგანგებო დავალებათა ოფიცერი ბატონი მუშნი ზარანდია!
– მხარს ვუჭერ, – უმალ მომემხრო მეფისნაცვალი. – მომიტანეთ წერილობითი წარდგინება.
სახნოვმა ჟესტით გვაცნობა, რაკი ასე გნებავთ, არც მე ვარ წინააღმდეგიო.
ზარანდია, დარწმუნებული ვარ, შესასრულებელი გეგმის წვრილმანებზე ფიქრობდა და
როცა მეფისნაცვალმა ჰკითხა:
– თქვენს უფლებებსა და მოვალეობებს თქვენს ბიძაშვილზე, ყაჩაღ თუთაშხიაზედაც
გაავრცელებთ?
ზარანდიამ მშვიდადვე მიუგო:
– დიახ, თქვენო მაღალაღმატებულებავ! გამოგიტყდებით, ერთგვარი აზარტითაც, რადგან
იგი ღირსეული მოწინააღმდეგეა... მეტისმეტად ჭკვიანი, გამბედავი და ალღოიანი კაცია.
მეფისნაცვალმა ღია ფანჯრისკენ გადაიტანა მზერა, პეიზაჟებს დაუწყო თვალიერება.
– კეთილი და პატიოსანი, – დაასკვნა სახნოვმა. – ამას გარდა... ამას გარდა, საჭიროა,
ბატონი ზარანდია რიგგარეშე ჩინზე წარმოადგინოთ. შექმენით ქვეგანყოფილება
“კილიკია” ბატონ ზარანდიას მეთაურობით, დაუნიშნეთ სათანადო ჯამაგირი საიმპერიო
სამმართველოს ხარჯზე. ეს მას წაახალისებს, სიბეჯითეს შემატებს. ამ ქვეგანყოფილების
კურატორი პირადად მე ვიქნები.
ზარანდიამ თანხმობისა და მადლობის ნიშნად თავაზიანად დაიქნია თავი, მაგრამ
შევატყვე, სახნოვის კურატორობის პერსპექტივა არაფრად ეჭაშნიკა.
მეფისნაცვალმა პეიზაჟებს თავი მიანება, მოგვიბრუნდა და გვითხრა:
– ბატონებო თათბირი დამთავრებულია!
ზარანდია უმალ წამოდგა, მოკრძალებით გამოგვემშვიდობა. მეფისნაცვალმა შეაჩერა,
ხელი გაუწოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ დღეის შემდეგ ზარანდია კავკასიის განმგებლის
სასახლეში მაღალ პერსონასთან დაახლოებულ და სასურველ პირად იქნა აღიარებული.
ოფიცერმა ეს წყალობა თავშეკავებული მადლობით მიიღო, ხოლო მაღალი პერსონა
ზარანდიას გასვლისთანავე ადგა, პირსაბანთან მივიდა და “კილიკიის” ნამდვილი
ავტორის მიერ ჩამორთმეული ხელი საპნით დაიბანა!
ამ, რამდენადმე, ფანფარონულ თათბირზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ფრიად
მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. ერთი თვის თავზე მეფისნაცვალმა, მართლაც, მიიღო
საგანგებო რწმუნებები, შევქმენით ახალი ქვეგანყოფილება და მისმა უფროსმა, მუშნი
ზარანდიამ, თავისი მხნეობის შესაფერი საქმიანობა გააჩაღა. მისი მუშაობის
ზოგადორგანიზაციულ მხარეს მხოლოდ საჭიროების მიხედვით შევეხები. უფრო
მნიშვნელოვანია ზარანდიას მოქმედების ზნეობრივი პრინციპები, რადგან მათთან
გაცნობამ ჩემს წინაშე დათა თუთაშხიას მოქმედების ზნეობრივი პრინციპების შესწავლის
ინტერესი წამოჭრა. ეს ჩემი კაპრიზი უფრო იყო, ვიდრე სამსახურებრივი აუცილებლობით
გამოწვეული დაკვირვება, თუმცა ასეთი ანალიზი საქმესაც არაფერს დაუშავებდა. ჩემს
ცნობიერებაში ორი, სრულიად განსხვავებული ზნეობის დაპირისპირება მოხდა და
მოულოდნელი, ჩემი პირადი ცხოვრებისთვის მეტად მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა...
მაგრამ მივყვეთ მოვლენათა თანმიმდევრობას.
მიღებულია, ვიფიქროთ, რომ ადამიანის ცხოვრება მის, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან
საქციელთა ჯამია. ყოველი ჩვენგანი განუწყვეტლივ მოქმედებს ქმნის, ან ანგრევს და
ყოველივე ამას, აუცილებლად, ზნეობრივ საფუძველს უმარჯვებს. ჩვენი საქმეების შენობა
ჩვენივე ზნეობის საძირკველზე დგას: ერთნი ჯერ მოიქცევიან და შემდეგ ეძებენ, ვერ
პოულობენ და ამიტომ თხზავენ თავისი საქციელის გამართლებას. მეორენი იძულებულნი
არიან, კანონს თუ საზოგადოებრივ აზრს ანგარიში გაუწიონ; ამიტომ თავის მომავალ ცუდ
საქციელს დიდი რუდუნებით ნიღბავენ და უანგარობის სამოსელში ხვევენ. მესამენი
მომავალ საქციელს ჯერ საკუთარი ზნეობის პოზიციებიდან განიხილავენ და შემდეგ
ამოქმედდებიან ან თავს შეიკავებენ. მაგრამ არიან ადამიანები, რომელნიც, ზნეობის
გაუთვალისწინებლად, წინასწარ განუსჯელად მოქმედებენ, არც მერე ეძებენ ზნეობრივ
გამართლებას და საქციელი კი ყოველთვის სწორი გამოუდით. ამას მუშნი ზარანდიას მიერ
ჩატარებულ ერთ ღონისძიებაზე ვამბობ; მხედველობაში მაქვს ის საქმიანობა, რომელიც მან
ხმების გავრცელებისა და შეკრების სისტემის შექმნისას გასწია. ზარანდიამ ამ საქმეს ასე
მოაბა თავი: კავკასიის ყველა სამაზრო ცენტრში და მსხვილ დასახლებულ პუნქტში
საგანგებოდ შეარჩია ჩვენივე უწყების თითო თანამშრომელი ხმების გასავრცელებლად.
კონსპირაცია ზედმიწევნით იყო დაცული და თანამშრომლის ფუნქციების შესახებ
ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ არაფერი იცოდა. შერჩეული მოხელე მხოლოდ
ზარანდიას ემორჩილებოდა, მხოლოდ მისგან მიღებულ მასალას ავრცელებდა. ამას გარდა,
თითო თანამშრომელი შეირჩა ინფორმაციის მოსაგროვებლად და ზარანდიას
ქვეგანყოფილებაში გადმოსაგზავნად.
ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან ეს თანამშრომლებიც კონსპირირებული იყვნენ. ამგვარად, ერთი და იგივე უწყების ორი
მუშაკი ერთიმეორისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. ისინი ერთმანეთს, ალბათ,
იცნობდნენ, ვინაიდან მაზრა საკმაოდ ვიწრო სარბიელია, მაგრამ თუ ორივენი ერთი
სისტემის რგოლები იყვნენ – ამისი არაფერი გაეგებოდათ. მექანიზმი სადა, საიმედო და
ეფექტური გამოდგა. ხმების მოგროვება თუ სრულიად უმტკივნეულოდ ხერხდება და
ამისთვის ჭორიკანა ნაცნობ-მეგობრების მეტი თითქმის არაფერია საჭირო, ხმების
გავრცელება ერთობ დელიკატურ მიდგომას მოითხოვს; მდაბიო წარმოშობის აგენტის
გამოყენება არ შეიძლება, რადგან მსმენელის კითხვაზე, თუ საიდან არის მისთვის
ცნობილი მავანი ვერსია, აგენტმა უნდა წყარო დაასახელოს; ხომ არ იტყვის, აგენტი ვარ და
გავრცელება დამავალესო? ინტელიგენციის ჩარევა ამ საქმეში საშიშია; ყოველი მეორე
ინტელიგენტის ფსიქოლოგიური ამპლუა – ფრონდიორობაა და, მაშასადამე, ადვილი
მოსალოდნელია გათქმა და სკანდალი. რჩება ტახტის თავდავიწყებული ერთგულქვეშევრდომების
მცირერიცხოვანი კასტა, რომელიც, ძირითადად,
ველიკოროსებისგან შედგება და, ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობასაც
მოკლებულია, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ამ ფანატიკოსთა უმრავლესობის
გონებრივი დიაპაზონი თავისუფლად ეტევა გულუბრყვილობასა და სისულელეს შორის
არსებულ მონაკვეთში. ასეთებს, თავისთავად ცხადია, სერიოზული საქმე ძნელად და
უკიდურეს შემთხვევაში თუ მიენდობა. ხმების გამავრცელებელ თანამშრომელს კი, სულ
ცოტა, ხუთი, ექვსი საიმედო და დახელოვნებული აგენტი სჭირდება. ყოველივე ეს
ჩემთვის იმთავითვე ნათელი იყო. მოველოდი, რომ მუშნი ზარანდია ამ პრობლემას
ჩვეულებრივად, ფულის მეშვეობით გადაჭრიდა – გაღარიბებულ თავად-აზნაურთაგან
შეარჩევდა საქმისთვის გამოსადეგ პირებს, მაგრამ ასე არ მოხდა.
როცა ინფორმაციის სამსახურის შექმნის ვადა მიიწურა, ზარანდიამ მომახსენა, ყველაფერი
მზად არის და სისტემის გამოცდაც შეიძლებაო. ბუნებრივია, დავინტერესდი, თუ რამდენი
დაგვიჯდებოდა აგენტების მუშაობის ანაზღაურება. ფინანსურ მხარეს არანაკლები
მნიშვნელობა ჰქონდა: ვთქვათ, ოცდაათ მაზრაში ასორმოცდაათი აგენტის ყოლას
წელიწადში ოთხმოცდაათი, ასი ათასი მანეთი მოუნდებოდა. ასეთი თანხის გაღებაზე
ზემდგომი დაწესებულებების დაყოლიება ძალიან ძნელი იყო.
– თქვენო ბრწყინვალებავ, – მითხრა ზარანდიამ. – გავრცელებას მხოლოდ საფოსტო
ხარჯები ექნება. მოგროვებული ინფორმაციის გადმოცემას – არავითარი, რადგან,
ადგილებიდან მოხსენებითი ბარათები მუდმივად მომუშავე შიკრიკების ხელით
გადმოგვეგზავნება.
– საინტერესოა! მასალის გადაგზავნას ჩვეულებრივი ფოსტით აპირებთ?
– დიახ! – დამიდასტურა ზარანდიამ. – გასავრცელებელი ვერსია რეზიდენტს მეგობრის
შეკვეთილი წერილის სახით გაეგზავნება. ასეთი კორესპონდენცია, კიდეც რომ უცხო პირს
ჩაუვარდეს ხელში, საქმე ამით არაფერს წააგებს. პირიქით, ამ გზავნილების უკანონო
მფლობელი ჩვენთვის სასურველ სამსახურს გასწევს, თუკი წერილის შინაარსს
გაავრცელებს. დამავიწყდა აღმენიშნა, რომ წერილი ორ ასლად გაიგზავნება. მიღებას იგი
წერილითვე დაგვიდასტურებს.
– გასაგებია, – ჩავილაპარაკე მე.
სიჩუმე ჩამოვარდა. ვფიქრობდი იმაზე, რომ ყველა გონებამახვილ გამოგონებას ტექნიკის
დარგში, ყველა დიდ სამხედრო თუ პოლიტიკურ გამარჯვებას, ხელოვნების ყველაზე
ამაღლებულ ნიმუშებს ერთი ნიშანი აქვთ – სისადავე! ვფიქრობდი იმაზეც, რომ აი, ამ კაცს
არასოდეს არ მოსდიოდა აზრად რაიმე რთული, დახლართული საშუალებებით გადაეჭრა
ესა თუ ის საკითხი. სადა, უბრალო გონება ჰქონდა – სადა, უბრალო გეგმებს ადგენდა.
აქციზიდან ჟანდარმერიაში მის გადმობარგებასაც სადა, უბრალო და ამიტომ მყარი
ფილოსოფია ედო საფუძვლად. ჩემს მეხსიერებაში ერთმანეთს მოჰყვა ზარანდიას
პროფესიული ფანდები, ხერხები, ეშმაკობები, ყველაფერი, რამაც მას სახელი მოუხვეჭა და
კარიერა შეუქმნა... ყოველი მათგანი სათითაოდ, ყველაფერი ერთად – სისადავისა და
უბრალოების ბრწყინვალე ნიმუშად გამოდგებოდა! სევდა შემომაწვა; აქამდე ვერ ამიხსნია
– რატომ. რაღაც უიმედოდ, სასოწარკვეთით ვკითხე, რეზიდენტებს აგენტებად ვინ ჰყავთ,
რა ხალხია-მეთქი.
– უმეტესად – მოღალატე ცოლები. აქა-იქ – მოღალატე ქმრებიც!
– ერთგულებმა დააშავეს რამე?
– სრულიად არაფერი, მაგრამ ისინი, უმეტესად, შინ სხედან და ბავშვებს უვლიან.
მოღალატე ცოლები კი ლაპარაკის ჟინის მოსაკლავად და ჭორების მოსასმენად დღეში
ოთხ, ხუთ ოჯახს მოივლიან, – თქვა ზარანდიამ.
– სტუმრად განა მხოლოდ მოღალატე ცოლები დადიან?
– მე მინდოდა, მეთქვა, თქვენო ბრწყინვალებავ, რომ ერთგული ქალებიდან სტუმრად
სიარული, ვთქვათ, ყოველ მეათეს უყვარს, მაშინ, როდესაც ათი მოღალატე ცოლიდან ცხრა
სხვის ოჯახში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე თავისაში.
– ქარაფშუტა ხალხია. მათზე დანდობა ესოდენ სერიოზულ საქმეში, არ მგონია,
მიზანშეწონილი იყოს.
– ქარაფშუტა ხალხი?.. მოღალატე ცოლების ხსენებული მიდრეკილება, ჩემი აზრით,
ქარაფშუტობით კი არ უნდა აიხსნას, არამედ სავსებით პრაქტიკული სურვილით:
გამუდმებით იყვნენ იმის კურსში თუ რამდენად მყარია და დაცულია მათი ინტიმური
საიდუმლოება. ისიც შესაძლებელია, რომ ვცდები, მაგრამ ჩვენი სამსახურისთვის საკითხის
სხვა მხარეა მნიშვნელოვანი: ჯერ, სახელდობრ, ის, რომ ისინი მოღალატე ცოლები არიან,
და შემდეგ ის, რომ სტუმრად სიარული, საზოგადოებაში ყოფნა უყვართ. პირველი
გარემოება მათთან დაახლოებას აადვილებს, მეორე – ვერსიის ფართოდ გავრცელების
საშუალებას ქმნის.
ამაში ზარანდია სავსებით მართალი იყო და არა მარტო მის მიერ მოყვანილი
მოსაზრებების გამო, იმიტომაც, რომ ღალატის გამხელის შიშით გადმობირებული ქალი
დავალებებსაც კეთილსინდისიერად, ბეჯითად შეასრულებდა და ჟანდარმერიასთან
კავშირს თვით წმიდა მამათა ინკვიზიციის წინაშეც არ გაამხელდა. საკითხის ასეთი
გადაწყვეტა, საქმის თვალსაზრისით, პერსპექტიული ჩანდა, მაგრამ იმხანად ქალებთან
აგენტურული მუშაობის გამოცდილება საერთოდ მცირე იყო, ეტყობა, არც მე ვიყავი
ამისთვის მორალურად მომზადებული, სერიოზულ საქმეში მათი ჩარევა მეხამუშებოდა
და ნახევრად ხუმრობით ვთქვი:
– თქვენი ნამოქმედარი, უფალო, ქალთმოძულე სადისტის მოღვაწეობის ნიმუშად
გამოდგებოდა! – შემდეგ სერიოზულად დავძინე. – სამწუხაროდ, ჩვენმა სარწმუნოებამ
ბოლო საუკუნეების მანძილზე ადამიანის სული ვეღარაფრით გაამდიდრა. იგი ახლა ადრე
მინიჭებულის შენარჩუნებასღა ემსახურება, დაუნდობლობას, შეუბრალებლობას,
სისასტიკეს ებრძვის. კეთილი კაცი თავის მოღვაწეობას აუცილებლად უნდა უთანხმებდეს
მთავარ მიზანს: არ გაიძარცვოს, არ შეიბღალოს, არ დამდაბლდეს სული – საკუთარი და
მოყვასისა. მე ეს ჩვენი სამსახურის უპირველეს ფუნქციად მიმაჩნია. თქვენ?
ჩემი ხელქვეითი გადაჭარბებული ყურადღებით მისმენდა. იგი განცვიფრებული იყო და,
მგონი, იმით, რომ მხოლოდ მისთვის ცნობილ ჭეშმარიტებებს სხვა ადამიანი და ისიც
ჟანდარმთა შეფი ამბობდა.
– არ მესმის თქვენი წუხილის მიზეზი, თქვენო ბრწყინვალებავ, – მოკრძალებით თქვა
ზარანდიამ.
– არ გესმით? – დავაკვირდი. მინდოდა, გამეგო, მართლა ვერ მიხვდა თუ ეშმაკობდა.
მეტისმეტად გულუბრყვილო გამომეტყველება ჰქონდა და იმავე ტონით განვაგრძე:
– თქვენმა მდედრობითი სქესის აგენტებმა ქალიშვილობაში ნაოცნებარი ბედნიერების
მოლოდინი და ძებნა საკუთარი ქმრის ღალატით დაამთავრეს. ასეთი ხვედრი,
სამწუხაროდ, ხშირია: “არა იმრუშო” – წერია, მაგრამ ცოდვა ტკბილია და მით უმეტეს,
ფარული სიყვარულის ცოდვა. სიტკბოებასა და სინდისის ქენჯნას შუა გამომწყვდეულ
ქალს მოულოდნელად ევლინება სატანა თქვენი რეზიდენტის სახით და მისი სკანდალური
საიდუმლოს განუთქმელობის ფასად რაღაც ჭუჭყიანი ხმების გავრცელებაზე ითანხმებს.
ამის შემდეგ იგი ორმაგად ცოდვილია და ათმაგად ტანჯული. მაგ თქვენი მოღალატე
ცოლების უმრავლესობას შვილები ჰყავთ. რა უნდა ასწავლოს, როგორი უნდა აღზარდოს
შვილები დედამ, რომელიც ვერაგობასა და ბოროტებას არის ნაზიარები. სულ რამდენი
ჰყავთ თქვენს რეზიდენტებს ასეთი აგენტი?
– ასოცდაცამეტი, თქვენო ბრწყინვალებავ.
– ასოცდაცამეტი დედა და მათი ალბათ, ოთხასი, ხუთასი შვილი! ხედავთ, ხელის ერთი
მოსმით ვძარცვავთ, ვბღალავთ და ვამდაბლებთ ექვსასამდე ადამიანის ღირსებას და ეს
მეთოდია!.. ღმერთო ჩემო, არასოდეს მიფიქრია კავკასიაში მცხოვრები მოღალატე
ცოლების რაოდენობაზე!..
ზარანდიას სიცილი აუვარდა. ჩემივე დასკვნებისგან აფორიაქებული ვიყავი. მიუხედავად
ამისა, სიცილში ავყევი.
– თქვენო ბრწყინვალებავ, – მითხრა ზარანდიამ. – ის ქალები თავისთვის ჭორაობენ და
ამით უნებლიე სამსახურს გვიწევენ. მართალია, მოღალატეობის ფაქტი ჩვენმა
რეზიდენტმა მათთან დაახლოების საბაბად გამოიყენა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ
ჰქონია ადგილი იძულებას, ძალდატანებას. მუქარა და შანტაჟი კატეგორიულად ავკრძალე
და ამისთვის არც ვისმე მიუმართავს. მოხდა მხოლოდ ის, რომ ჩვენმა რეზიდენტებმა
ძმაკაცური, ახლო ურთიერთობა დაამყარეს ჩვენთვის საჭირო ადამიანებთან, რაც შეეხება
მასალის გავრცელებას თუ შეკრებას – ეს თავისთავად, უმტკივნეულოდ და სწრაფად
ხდება: რეზიდენტი შერჩეულ ქალთან პირად საუბარში სხვათაშორის ეხება
გასავრცელებელ ვერსიას. ორი, სამი დღის შემდეგ ვერსია გამეორებულია რამდენიმე
ოჯახში. ამ ოჯახების გადიები, მოახლენი ან მოსახლეობასთან დაკავშირებული სხვა
პირები ვერსიის შემდგომ გავრცელებას, მასებამდე დაყვანას ახორციელებენ. ხმების
შეკრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია: მოგეხსენებათ, კაცმა ყურები რომ დაიცოს, ჭორი
ნესტოებიდან შევა და მეორე რეზიდენტს ისღა დარჩენია, კალამი აწრიპინოს.
საკითხის ასეთი გადაჭრა მდგომარეობას, თითქოს, ძირფესვიანად ცვლიდა. ზარანდიას
ახალი ხრიკი ქარის ენერგიის გამოყენებას ჰგავდა.
– კარგად მოგიფიქრებიათ, მუშნი, – მივმართე ამხანაგურად, რადგან ფამილარობა ქებას
ნიშნავდა, ხოლო ზარანდია კი ქების ღირსი მართლაც იყო. – მოველოდი, რომ თქვენ ამ
საკითხს ფულის საშუალებით გადაჭრიდით.
– იცით, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგაზე არც დავფიქრებულვარ, მაგრამ თქვენი ლაპარაკის
შემდეგ ნათლად ვხედავ, რომ საკითხის ფულით გადაწყვეტა ისევე არ შეიძლებოდა,
როგორც მამაკაცების დახმარებით. დაქირავებული მამაკაცის ხელით ასეთი მუშაობის ჩატარებას თავისი
არანაკლებ მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე აქვს; მამაკაცი რწმენებით ცხოვრობს და არა
მხოლოდღა პურით. ადამიანის ერთ-ერთი რწმენა ტახტისა და მისი დაწესებულებების
სიწმინდის, პატიოსნების რწმენაა. როცა ეს წმინდა საწყისი მისი ხელით ვერაგობას
სჩადის, მაშინ ამას რწმენის დაკარგვა, ფეხთ ქვეშიდან ზნეობრივი საფუძვლების გამოცლა
მოსდევს და აქ გასამრჯელო ვეღარაფერს ხდება, რაგინდ დიდიც უნდა იყოს იგი. ასეთ
მუშაობასთან ნაზიარები კაცის ზნეობა ირყევა. უზნეო კაცი კი პირადი
კეთილდღეობისთვის ყველაფერს სჩადის, უპირველესად ყოვლისა, პირდაპირ თუ
ირიბად, სახელმწიფოს უთხრის ძირს. ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ არ გვინდა, რასაც ჩვენ
ვებრძვით, – ზარანდია დადუმდა.
ფულის წარმოების ძირითადი მასალა ოქროა. მის მიმართ ყაირათიანობას და
მომჭირნეობას იმდენი მნიშვნელობა სხვაგან არსად აქვს, რამდენიც თვით ზარაფხანაში.
თითო ფულში თითო მეასედი მისხალი ნაკლები ან მეტი რომ აღმოჩნდეს, ამის შედეგად
მოსალოდნელი კატასტროფის ჭეშმარიტი სიდიდე ძნელი განსაჭვრეტი და
წარმოსადგენია. სახელმწიფოს საფუძველთა დაცვის სამსახური ძირითად მასალად
ადამიანთა ზნეობას და ღირსებებს უნდა იყენებდეს. ამ მასალის მიმართ მომჭირნე,
ყაირათიან და გულისხმიერ დამოკიდებულებას უდიდესი და უპირველესი მნიშვნელობა
აქვს. ეს დებულება, თითქოს, პარადოქსად ჟღერს, მაგრამ საქმეში ჩახედულთათვის
ანბანური ჭეშმარიტებაა. აქედან გამომდინარე, ჩემი ხელქვეითების მოღვაწეობის, მათი
საქმიანობის ზნეობრივ მხარეს მუდამ დიდ ყურადღებას ვაქცევდი. ზარანდიაზე ზემოთ
ვთქვი, ყოველთვის წინასწარ განუსჯელად მოქმედებდა, არც მერე ეძებდა ნამოქმედარის
ზნეობრივ გამართლებას და საქციელი კი ერთთავად სწორი გამოუდიოდა-მეთქი. ეს კარგა
ხნის შემჩნეული მქონდა, მაგრამ ხომ არ შეიძლება, კაცი ქვეცნობიერი იმპულსებით
მოქმედებდეს და ფეხი კი ერთხელაც არსად წამოკრას?
– ბატონო ზარანდია, თქვენ თქვით, ამ ღონისძიების ზნეობრივ მხარეზე სრულიადაც არ
დავფიქრებულვარო. მართლა ასეა?..
– დიახ. არც რომელიმე სხვა ღონისძიების ჩატარების წინ მიფიქრია ზნეობრივ მხარეზე. მე
ვფიქრობ ხოლმე იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი, ხოლო როგორ, რა ხერხით, რა
საშუალებით უნდა გაკეთდეს, ამას ინტუიცია მკარნახობს. ამ ნაკარნახევს ჩემივე ზნეობის
ნორმებთან არასოდეს ვათანხმებ. რახან ინტუიციამ ასე მიკარნახა. მაშასადამე,
ზნეობასთანაც ქვეცნობიერად, ჩემს უნებურად შეთანხმებულია, – მითხრა ზარანდიამ.
– გამოდის, რომ ტახტი და სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია და თქვენ საკუთარ თავს
ემსახურებით!
– მე ტახტისა და სახელმწიფოს ინტერესებს ვემსახურები, მაგრამ ისე კი, რომ საკუთარ
თავს არასოდეს, არც ერთი გოჯით არ ვშორდები და არაფერს ვართმევ. ეს თავისთავად
ხდება. ჩემი ზნეობა, ალბათ, მოსალოდნელი კატასტროფის წინაშეც კი ვერ წავა
კომპრომისზე, თავის სულ უმცირეს ნაწილსაც ვერ გაიღებს მსხვერპლად და ამას
საფუძვლად უდევს არა პედანტურობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ქვეცნობიერება – ეს
მოდგმისა და აღზრდის ბრალია. ჩვენს ოჯახში ყველა ასეთია.
– თქვენი ბიძაშვილი დათა თუთაშხიაც?
– დიახ, და მას, ყველაფერთან ერთად, დიდი ნებისყოფაც აქვს, – ჩემზე მეტი!
– სიჩუმე ჩამოვარდა.
ჩემთვის ცნობილი იყო თორიას ლაზარეთში მომხდარი ამბავიც, დურუ ძიგუას დუქანში
დატრიალებული ტრაგედიაც; ზარანდიას ნათქვამი მართალი იყო, მაგრამ დიდი
ნებისყოფის გარდა, დათა თუთაშხიას მოქმედებაში ადამიანთა მოდგმის მიმართ დიდი
სიძულვილიც უნდა მეგულისხმა. სხვანაირად ის საქმეები როგორ უნდა მომხდარიყო?
საუბარი კვლავ ინფორმაციის სამსახურს, მისი გამოცდის, შემოწმებისა და მიღებული
ინფორმაციის დამუშავების თემას დაუბრუნდა.
შემდგომში ჩვენი წამოწყების ეფექტი იმდენად მოულოდნელი და დიდი აღმოჩნდა, რომ
საიმპერიო სამსახურის გამახვილებული ყურადღება მიიპყრო. ეს სპეციფიკური საკითხია,
ჩემი ჩანაწერების ძირითად თემასაც დაშორებული, და ამიტომ დავკმაყოფილდები
მაგალითით, რომელიც შემდგომი თხრობისთვის საჭირო და აუცილებელ ელემენტებს
შეიცავს.
ყაჩაღობის მოსპობის საჭიროებას იმხანად კიდევ ერთი ასპექტი ჰქონდა. ამის შესახებ
ოფიციალურად საუბარი მიღებული არ იყო, სამსახურებრივი თვალსაზრისით ცუდ
ტონად ითვლებოდა. ზემოთ მეტ-ნაკლები სიზუსტით მოვიტანე მეფისნაცვალთან
გამართული თათბირის შინაარსი და ჩვენი მთავარი მიზანდასახულობის, თუ შემდგომი
ღონისძიებების ნამდვილ აზრს, მათ პოლიტიკურ მხარეს კი არ შევხებივარ. თათბირზე ამ
საკითხის ირგვლივ არც არაფერი თქმულა, თუმცა სახელმწიფოს უშიშროება წამყვან
მომენტად იგულისხმებოდა. ამჟამად საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ რუსეთ-
იაპონიის ომის ერთ-ერთი მთავარ მიზანთაგანი რუსეთის იმპერიის ხალხთა მასებში
დაწყებული და არასასურველ დონემდე ასული დრტვინვის შესუსტება იყო. ხალხთა
პროტესტის, წინააღმდეგობის გამოღვიძებული და გამძაფრებული ენერგია
სახელმწიფოსთვის საჭირო არხით წარმართვას მოითხოვდა. ასეთ შემთხვევაში
პატრიოტული, დიდმპყრობელური სულის გაღვივება პანაცეად არის მიჩნეული. ნუ
ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რამდენად სწორია ეს შეხედულება. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ
ზარანდიას განყოფილების დაარსება რუსეთ-იაპონიის ომის წინა ხანებში მოხდა, მასების
მოსალოდნელი პოლიტიკური აქტივობის პერიოდს დაემთხვა. ღონისძიება, უპირველესად
ყოვლისა, იმას ითვალისწინებდა, რომ გარკვეული მოვლენების დამთხვევისას,
სახელმოხვეჭილი, პოპულარული ყაჩაღი ადვილად შეიძლება, რომ საამბოხოდ
განწყობილი ჯგუფების თუ ბრბოების წინამძღოლად იქცეს. ყაჩაღის მოუხელთებლობა
თავისთავად ლაპარაკობს მის ნიჭიერებაზე და შესაძლებელ უნარზე, მართლწესრიგის
დამცველი ძალების სერიოზული მოწინააღმდეგე გახდეს. ერთი სიტყვით, დაარსებული
სამსახურის მახვილი მიმართული იყო პოტენციური, შესაძლებელი ბელადების
წინააღმდეგ. ეს მცირე ექსკურსი მუშნი ზარანდიას მუშაობის ნამდვილი მნიშვნელობის
განსამარტავად დამჭირდა.
მუშნი ზარანდიამ სამეგრელო-სამურზაყანოში მუშაობის ობიექტად სამი ყაჩაღი შეარჩია:
ყოველი მათგანი თავის ჯურის ყაჩაღებში პირველ კაცად ითვლებოდა, ყველაზე
სახელგანთქმული იყო. გეგმის ავტორის აზრით, უძლიერესთა დამარცხებას
წვრილფეხობასთან ბრძოლა უნდა გაეადვილებინა, მაგრამ ასეთ არჩევანს თავისი
უარყოფითი მხარეც ჰქონდა: გეგმის ჩაშლა გამამხნევებლად იმოქმედებდა სხვა ყაჩაღებზე
და მათ დამორჩილებას გააძნელებდა. ამგვარ რისკზე ბევრი ვერავინ წავიდოდა.
ზარანდიას კი, ალბათ, თავისი მოსაზრებები და მტკიცე იმედი ჰქონდა, რომ, მიუხედავად
ჩემი და ჩემი მოადგილეების არაერთგზისი შენიშვნებისა, თავისაზე დადგა.
აი ის სამი კაციც:
რაჟა სარჩიმელია – ოცდათოთხმეტი წლისა; თავხედი, დაუნდობელი და ხარბი
მძარცველი; ცხრა წლის გავარდნილი, ყაჩაღობამდე ხუთი წელი იყო საპყრობილეში
ქურდობისათვის. წერა-კითხვის უცოდინარი.
დათა თუთაშხია – ოცდათორმეტი წლის; დაახლოებით, თორმეტი წლის გასული.
ბუდუ ნაკაშია – ოცდაშვიდი წლის: ფრთხილი, ჭკვიანი კაცი, ტერორისტი. აბრაგობდა
თავის ძმასთან, ლუკა ნაკაშიასთან ერთად ოთხი წელიწადი. მღვდლის შვილი. განათლება
– გიმნაზიის ექვსი
კლასი.
ოპერაცია რაჟა სარჩიმელიას შემორიგების გზით დაიწყო. ამას წარმატება არ მოჰყოლია.
არც იმედი გვქონია, რომ ასე მალე და უმტკივნეულოდ შემოგვირიგდებოდა. ჩვენი მიზანი
იყო, ამ წინადადებას ყაჩაღის ფსიქიკაში აღრევა, ყოყმანი შეეტანა, თვით შერიგების
პერსპექტივა ჩაეთესა. ვითომდა, მაზრის პოლიციის უფროსისგან მიგზავნილმა კაცმა
სარჩიმელიას უარი მოისმინა და წამოსვლის წინ ყაჩაღს უთხრა, – იფიქრე, კიდევ ექვსი
თვე დრო გაქვს და თუ დათანხმდე, ჩემთან მოდიო.
ასეთივე წინადადება მიეცა ლუკა ნაკაშიას – მხოლოდ მას და არა მის უფროს ძმას, ბუდუს.
ცხადია, თანხმობა არც იქიდან მიგვიღია, მაგრამ ყოყმანისა და ცთუნების თესლი აქაც იქნა
ჩაგდებული. ამას მოჰყვა ვერსიების გავრცელება. მე აქ არ ვგულისხმობ იმ ჭორებს,
რომლებსაც ზარანდიას ქვეგანყოფილება მანამდეც და მერეც მეთოდურად და სათითაოდ
ყველა ყაჩაღზე ჰყრიდა ხალხის თვალში მათი კომპრომეტაციის მიზნით – ეს
ყოველდღიური მუშაობა იყო.
ლაპარაკია სპეციალურად შემუშავებულ ვერსიებზე, რის მეოხებითაც სამკუთხედი უნდა
შეკრულიყო, ანუ სარჩიმელიას, თუთაშხიას და ნაკაშიებს შორის სამკვდრო შუღლი უნდა
ჩამოვარდნილიყო.
პირველი ვერსია თუთაშხიასთვის გვქონდა განკუთვნილი და მის ყურამდე მიტანილ იქნა
ვინმე მალაქია ნინუას პირით. ეს კაცი, ხელობით მჭედელი, დათა თუთაშხიას უახლოეს
მეგობრად ითვლებოდა, თუმცა მრავალი წლის მანძილზე პოლიციამ ერთხელაც ვერ
შეძლო მისი მხილება აბრაგისთვის თავშესაფრის მიცემაში. საფიქრებელია, რომ
თუთაშხია განზრახ ერიდებოდა ნინუასთან სტუმრობას და მხოლოდ საჭიროების დროს,
მოკლე ხნით და სხვაგან სადმე ხვდებოდა მას. უკიდურეს შემთხვევისთვის ერთმანეთის
ნახვის საშუალება და ხერხი ძმაკაცებს დათქმული ჰქონდათ, ჩვენთვის ეს ცნობილი იყო.
ოპერაციის გრაფიკის თანახმად, ჩვენი მდედრობითი სქესის აგენტი ზუგდიდიდან გალში
ახლო ნათესავების სანახავად გაემგზავრა. მისმა ქმარმა არგუმენტად ეჭვი და უნდობლობა
ვერ მოიტანა – მანძილი და მარტოხელა ქალის მგზავრობის საშიშობა მოიმიზეზა, ცოლს
თანამგზავრებად მისივე უმცროსი ძმა და ბიძაშვილი გააყოლა. ამგვარად, გზად მიმავალი
მხედრები ხსენებულ მალაქია ნინუას სამჭედლოს მიადგნენ; ქალბატონის ბედაურს ნალი
მოჰფამფალებოდა, მჭედელი დაუყოვნებლივ შეუდგა საქმეს. მგზავრები იქვე იდგნენ,
მუშაობის პროცესს დაჰყურებდნენ.
– დათა თუთაშხიამ ბოდღო ყვალთავას და მის ამხანაგებს ცხენები რომ წაართვა, მგონი,
ერთი ეს ცხენი იყო. ხომ? – ჰკითხა ქალბატონს ბიძაშვილმა.
ქალმა გადაიკისკისა:
– ლევან, ძამიკო, არც იმდენად ბებერი ხარ, ჭიჭიკო-ბაბუაჩემივით რომ აურიო ყველაფერი.
დათა თუთაშხია არაფერ შუაშია აქ.
– ხომ იყო ეს ცხენი წაყვანილი?!
– კი, იყო, – ჩაერია ძმა, – მაგრამ თუთაშხია მაინც არაფერ შუაშია. რაჟა სარჩიმელიამ
წაიყვანა, გააყიდვინა ვიღაცას, ის გაყიდული იპოვნა პოლიციამ მერე და დაუბრუნეს ისევ
დავითს.
– ააა! კი კი, მასე იყო, მასე! – დათანხმდა ბიძაშვილი. – რაჟა სარჩიმელიას მაზრის
უფროსის ეტლი გაუჩერებია, თურმე, და ოჯახი გაუძარცვავს მისი. ქალებისთვის პერანგი
აღარ შეურჩენია მამაძაღლს.
– ვინ გითხრა ეგ? – ჰკითხა ქალბატონმა.
– ვინ მითხრა რას ქვია! – აფეთქდა ბიძაშვილი. – ნიკანდრო ქილიამ არ თქვა,
პოლიცმეისტერმა?! იქ არ იყავი შენც?
ქალბატონი უფრო გამხიარულდა.
– ახლა მივხვდი, რატომ და როგორ აგერია ყველაფერი, – თქვა ქალმა, როცა სიცილს
მორჩა.
– როგორ? – დაიჟინა ბიძაშვილმა.
– როგორ და, ნიკანდრო ქილიამ ის თქვა, რაჟა სარჩიმელიას მაზრის უფროსისთვის
შეუთვლია, თუთაშხიასი არ შემეშინდა, ასე და ისე მოვექეციო, და თავს თუ არ დამანებებ,
შენს ცოლ-შვილსაც იმ ამბავს დავმართებო. ახლა, რა მოხდა, თუ იცი? აქედან თუთაშხია
დაგახსომდა შენ. ეს ცხენი წანართმევი რომ იყო, ესეც იცოდი. გადაზილე მერე ეს ორი
ამბავი ერთმანეთში და გამოგივიდა რაც თქვი – ის!
ქალი ისევ აკისკისდა. ბიძაშვილმა
გასაბათილებლად იკითხა:
დაირცხვინა და უხერხული მდგომარეობის
– კაი, მარა, რა უქნა სარჩიმელიამ თუთაშხიას ისეთი, მაზრის უფროსის დასაშინებლად
რომ გამოდგებოდა?
ქალბატონმა მიუგო:
– საყვარელი წაურთმევია მისთვის; ერთი ძალიან ლამაზი ქალი რომ ყავს ბეჩუნი პერტია –
ის!
ქალბატონის ძმამ ეს არ დაიჯერა.
– რაჟა სარჩიმელია-ცინგლიანის წასართმევი საყვარელი დათა თუთაშხიას სად ყავს
ვიცოდე ნეტავი! არ დაიჯერო ეგ, სიცრუე იქნება ნამდვილად.
ქალმა სიჩუმე არჩია.
– რატომ, ვითომ, – გამოესარჩლა ბიძაშვილი ქალბატონს. – თოფი და მაუზერი არც
სარჩიმელიამ იცის თუთაშხიაზე ნაკლები...
– გაჩერდი, თუ კაცი ხარ! თოფით და მაუზერით ართმევენ საყვარლებს?..
ყოველივე ეს ისე ითქვა, რომ მჭედელს გაეგონა და გაიგონა კიდეც. ამასობაში ცხენიც მზად
იყო, მგზავრები შესხდნენ, თავისი მხიარული მოგზაურობა განაგრძეს, ხოლო მალაქია
ნინუამ სულ მალე დათა თუთაშხიას ყურამდე მიიტანა განაგონი.
ვერსია, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო, დამაჯერებლობას მოკლებული ჩანს, მით
უმეტეს, რომ იგი დათა თუთაშხიას მძაფრი რეაქციის გამოწვევას ისახავდა მიზნად. ასეთი
საკენკი მისი გამჭრიახობისთვის, თითქოსდა ვერ უნდა გამომდგარიყო, მაგრამ ვარაუდი
მაინც ზუსტი აღმოჩნდა: ზარანდია გამომდინარეობდა კლასიკური პრინციპიდან, “თუ
გსურთ, გერწმუნონ – თავრეტდამსხმელი სიცრუე თქვით”, და იქიდანაც, რომ
თუთაშხიასთვის განკუთვნილი ქვა სარჩიმელიას ერთთავად იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი;
თავის დროზე სარჩიმელიამ და მისმა ამხანაგებმა გზა შეკრეს, ბაზრობიდან შინ მიმავალი
ორმოცდაათამდე ადამიანი – თითო-თითოდ, თუ ჯგუფ-ჯგუფად – ტყეში გადარეკეს,
საცვლების ამარა დატოვეს. ამას, შემთხვევით, თუთაშხიამ მიასწრო. სარჩიმელიამ და
მისმა ამხანაგებმა თავს გაქცევით უშველეს. როგორც კარგა ხნის შემდეგ სარჩიმელია
თვითონ ამბობდა, თუთაშხიამ მათ გაქცევა “აცალა”, გაძარცულებმა ქონება დაიბრუნეს,
თუთაშხიას ეს საქციელი ქვეყანას მოსდეს. ამ ინციდენტის დღიდან მოყოლებული რაჟა
სარჩიმელია, აქტიურად თუ პასიურად, ჯავრის
ამოყრის შემთხვევას ეძებდა. ეგ იყო, თვით მან სხვებზე უკეთ იცოდა, რომ დათა
თუთაშხიასთან ანგარიშის გასწორების ცდას შეიძლება, უკუშედეგი მოჰყოლოდა. მეორე
მხრივ, ისიც შესაძლებელია, რომ დრომ თავისი გაიტანა, სარჩიმელიამ ამხანაგის
სიკვდილზე, პირად შეურაცხყოფაზე და დიდი ნაძარცვის დაკარგვაზე ხელი ჩაიქნია და
წარსული დავიწყებას მისცა. ზარანდიას გეგმას კიდევ ერთი საყრდენი ჰქონდა.
სარჩიმელია მეტისმეტად დაუდგრომელი დედათმავალი ბრძანდებოდა. ამიტომ დათა
თუთაშხიას ადვილად შეეძლო ერწმუნა, რომ სარჩიმელიამ მაგიერის გადასახდელად
სწორედ ასეთ ხერხს, ანუ აბრაგის სატრფოსთან რომანის გაბმას მიმართა. ბოლოს,
ზარანდიას უკანასკნელ ვარაუდს ისიც შეადგენდა, რომ თუ დათა თუთაშხია თავის
საყვარელს ეჭვს გარეშე დააყენებდა, სარჩიმელიას იმისთვის მაინც გადაეკიდებოდა, რომ
ზედმეტს ლაყბობდა და ქვეყანაზე თავს სჭრიდა.
ასე აიგო სამკუთხედის ერთი კუთხე.
შემდეგ, ზღვის მეკობრეთაგან განსხვავებით, რაჟა სარჩიმელია ნაძარცვს არც უდაბურ
კუნძულზე ფლავდა, არც არსენა ოძელაშვილივით “კასპში ერთ დიდ კლდეში” ინახავდა.
იმხანად სოხუმში ცხოვრობდა ვინმე ევტერპია ტრიანდოფილიდი, ორმოციოდე წლის
მარტოხელა, საკმაოდ ღარიბი ბერძენი ქალი, მაგრამ სიხარბისა და გამდიდრების
წყურვილის მხრივ – სწორუპოვარი და ამიტომ სისხლისმსმელი მევახშეც.
სარჩიმელიასთან მისი ურთიერთობა იმით დაიწყო, რომ ჯერ კიდევ ქურდობისთვის
დაპატიმრებამდე, რაჟასგან “ბნელ” საქონელს იბარებდა გასაყიდად და, რა თქმა უნდა,
ნავაჭრის მეოთხედს ან, უმჯობეს შემთხვევაში, მესამედს აძლევდა, როგორც ეს
ნაქურდალი საქონლის ყიდვა-გაყიდვის საქმეში დასაბამიდან არის მიღებული. თამამად
შეიძლება ითქვას, რომ ქურდებს, მძარცველებსა და კომერსანტებს თავისი საუკეთესო
გეგმები და მიზანდასახულობები პატიმრობაში ეწვევათ ხოლმე. რაჟა სარჩიმელიამ ვადა
მოიხადა, განთავისუფლდა და გადამალული თანხები ტრიანდოფილიდის ქალს მიუტანა,
– ეს ფული სარგებელზე გაეციო. ასე ჩამოყალიბდა ფრიად ორიგინალური მძარცველურ-
სამევახშეო ალიანსი, რომელმაც ქალს დამატებითი შემოსავალი გაუჩინა, ხოლო ყაჩაღს
შემდგომი ძარცვა-გლეჯის ხალისი გაუმახვილა. კომპანიონებს მალე საგრძნობი თანხა
დაუგროვდათ. კერძოდ, დედაკაცს რაღაც მიწის ნაკვეთი და რიგიანი სახლ-კარიც კი
გაუჩნდა. მათი ურთიერთობა პოლიციის სამძებრო განყოფილებისთვის აგენტურული
არხებიდან გახდა ცნობილი, მაგრამ ნივთიერი მტკიცების ან სხვა რამ სამხილის ხელში
ჩაგდება კარგა ხანს ვერ მოხერხდა. მერე, როგორც იქნა, ფოთში ევტერპია
ტრიანდოფილიდის გემზე ასვლისას საეჭვო წარმოშობის ორმოცდაათამდე თოფი
ფართლეული დაუჭირეს. პოლიციამ დაადგინა, რომ ეს იყო ნაძარცვი და ნაძარცვის
მიმყიდველი კი – ბატონი სარჩიმელია. დაზარალებულიც დადგინდა, მაგრამ ცბიერმა
დედაკაცმა პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა: დაასახელა კაცი რომლისგან ვითომცდა
ეს ფართლეული შეიძინა. კაცი საპყრობილეში მოათავსეს, ევტერპია ტრიანდოფილიდი
ჯარიმით გადარჩა, სამძებრო განყოფილებამ ყურადღება გაამახვილა მის საქმიანობაზე.
როცა რაჟა სარჩიმელიას შეპყრობის აუცილებლობას ახალი მოტივები დაემატა, მისმა
პერსონამ უკვე ჟანდარმერია, კერძოდ, მუშნი ზარანდიას ქვეგანყოფილება დააინტერესა.
სხვათა შორის, მან სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების საკმაოდ ვრცელი
მასალებიც გამოითხოვა, სარჩიმელიას შესწავლას მიჰყო ხელი და აქ ევტერპია
ტრიანდოფილიდის ფიგურა თავისთავად ამოტივტივდა. რაჟა სარჩიმელია, რამდენადაც
სამძებრო განყოფილების მასალებს დაეჯერებოდა, თავის მდედრობითი სქესის
კომპანიონს პირადად იშვიათად ხვდებოდა. მაშასადამე, ნაძარცვის გადაცემა შუამავლის
მეშვეობით ხორციელდებოდა. ეს კაცი იყო აღმოსაჩენი, მაგრამ დაუყოვნებელი ზომები
ზარანდიას არ მიუღია; იგი რაღაცას ელოდა.
ერთი-ორი თვის შემდეგ, ღამით, ახალსენაკიდან ზუგდიდს მიმავალ მდიდარ ოფიცერს და
მის მხლებელს ორი ყაჩაღი დაუხვდა. ამ პაემანის შედეგად ოფიცერი გამოეთხოვა თავის
საფულეს, ცხენებს და ძვირფასი თვლებითა და ოქროთი მოვარაყებულ ხმალ-ხანჯალ-
რევოლვერს, ხოლო მხლებელს უკანალში წიხლები და ზურგში კონდახები მოხვდა, –
ამსიგრძე გზაზე ორი აბაზის ამარა რამ გამოგიყვანაო. ზარანდია დანაშაულის ადგილზე
გაჩნდა. გაძარცვის ხერხი სარჩიმელიას ხელწერაზე უთითებდა. ამას გარდა,
დაზარალებულის მხლებელმა ერთ-ერთი მძარცველი სახელითა და გვარით თქვა – რაჟა
სარჩიმელია! ახლა ყველაფერი იღბალზე და მოთმინებაზე ეკიდა: მიიტანდა თუ არა და
როდის მიიტანდა შუამავალი ნაძარცვ ტრიანდოფილიდის ქალთან. დაინიშნა მისი სახლის
ფრთხილი, ჩინებულად ორგანიზებული თვალთვალი. ათი დღის მანძილზე მევახშეს
შვიდი კაცი ესტუმრა. მათ შორის ერთმა კაცმა იღლიით მოიტანა ფუთა, რომელიც ძლიერ
წააგავდა გაძარცვული ოფიცრის იარაღს. ადვილად დადგინდა, რომ ამ შვიდ კაცში ექვსი –
მევახშის კლიენტი იყო, ხოლო მეშვიდე – სოხუმელი კირიაკა, ყავახანის პატრონი,
რომელსაც ასიოდე ნაბიჯის გადადგმა დააცადეს და პოლიციაში გამომძიებელს მიჰგვარეს.
ეს ერთი ბეწო, შეუხედავი კაცი იმდენად კერკეტი აღმოჩნდა, რომ, მისი სიტყვით, არამც
თუ მიტანილი ამანათისა იცოდა რამე, არამედ ტრიანდოფილიდის ქალს საერთოდ არ
იცნობდა. როზგებმა და პატიების შეპირებებმა თავისი გაიტანეს. ამის შემდეგ
გამომძიებელმა ზარანდიას გადასცა ჩვენება, რომლის მიხედვით, რაჟა სარჩიმელია თავის
ნაძარცვს წინასწარ შერჩეულ სამალავში ტოვებდა, ხოლო იქიდან ყავახანის პატრონს
ევტერპია ტრიანდოფილიდისთან ან მის მიერ მითითებულ სხვა ადგილებში გადაჰქონდა
ნაძარცვის ღირებულებიდან გამომდინარე გასამრჯელოს ფასად. ეს მისამართებიც
ცნობილი გახდა და ის კაციც, ვინც სამალავიდან ნაძარცვის წამოღების საჭიროებას
კირიაკას ატყობინებდა.
ზარანდიას მითითებით, ყავახანის პატრონს გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს,
თუკი რამ ოჯახში ფული და ფასეულობები გააჩნდა, გირაოდ მოატანინეს,
პირგაუტეხლობის შემთხვევაში დანაშაულის პატიება აღუთქვეს, გაათავისუფლეს და
დაავალეს, რომ თავისი საქმიანობა და სარჩიმელიასთან ურთიერთობა ძველებურადვე
განეგრძო.
ზარანდია კი ამ დროს თავისი ქვეგანყოფილების მუშაკის თანდასწრებით ევტერპია
ტრიანდოფილიდის ესაუბრებოდა მისსავე სახლში. სწორედ ეს მუშაკი გახლდათ
სარჩიმელიას მიერ გაძარცული მდიდარი ოფიცერი. სამი უმცროსი მოხელე ჩხრეკას
აწარმოებდა; ოფიცრის იარაღის პოვნა არ გაძნელებულა, რადგან დიასახლისმა მისი
გადამალვა ვერ მოასწრო, მაგრამ სახლის პატრონის კარგად შენიღბული სამალავის
აღმოჩენა ვერა და ვერ მოხერხდა. ამას ზარანდიასთვის გული არ დაუწყვეტია; იგი
დარწმუნებული იყო, რომ მასპინძელს აკისრებინებდა ყველაფერს, რაც დასახული გეგმის
განხორციელებისთვის ესაჭიროებოდა.
დახელოვნებული დეტექტივისა და გაიძვერა ბოროტმოქმედის ორთაბრძოლა ოთხ დღე-
ღამეს გაგრძელდა. ჩანს, პანდორას ჰერმესმა ცბიერების, ვერაგობის, სიცრუის და
მჭევრმეტყველების მხოლოდ მცირე ნაწილი მისცა და უდიდესი კი მადამ
ტრიანდოფილიდისთვის შემოინახა, მაგრამ მის მხარეზე მხოლოდ ხსენებული თვისებები
იყო. ზარანდიას, დახვეწილ პროფესიონალიზმთან და მოუსყიდველობასთან ერთად,
ხელთ ჰქონდა სამძებრო განყოფილების აგენტურულ დასმენათა ტომი და ამ მასალებიდან
სწორად გამოტანილი დასკვნები: ფართლეულის ისტორიის გამო კარგი გასამრჯელოს
ფასად საპყრობილეში ნებაყოფლობით წასული კაცის გულახდილი აღიარება და ყავახანის
პატრონის ვრცელი ჩვენებები, რაც მევახშე დედაკაცის სხვა თანამოსაქმეთა სიასაც
შეიცავდა; ნივთიერი მტკიცება – გაძარცული ოფიცრის იარაღი, და სხვაც ბევრი რამ.
ამგვარად, ევტერპია ტრიანდოფილიდი მუდმივი რისკითა და შიშით შეძენილი ქონების
ოხრად დარჩენისა და, ამასაც ჯანი გავარდეს, ხანგრძლივი პატიმრობის რეალური
საფრთხის წინაშე დადგა. ამ დედაკაცისთანა პრინციპების მქონე ადამიანები მსგავს
სიტუაციაში ტყავის შენარჩუნებისთვის ყველანაირ კომპრომისზე მიდიან. ევტერპია
ტრიანდოფილიდიც არ ყოფილა გამონაკლისი; მან, ეგრეთ წოდებულ, გულწრფელი
აღიარების გზას მიმართა და ამაში იმდენი გულმოდგინება ჩააქსოვა, რომ ზარანდიასაც კი
ვეღარ გაეგო, ვინ იყო მის წინაშე – დამნაშავე თუ ბრალმდებელი.
ზემოთ მოყვანილი ოპერაციის შედეგად ხაზინამ მიიღო კონფისკებული ორას სამოცი
ათასი მანეთი: ოთხმოცდაათი – სარჩიმელიას წილი და ას სამოცდაათი – დედაკაცისა.
მადამ ტრიანდოფილიდის ერგო თავისივე უძრავ-მოძრავი ქონება, ვახშად გაცემული ათი
ათასი მანეთის თამასუქები, მეფისნაცვლის პატიება-შეუვალობის ბარათი და სოხუმის
პოლიციის საიდუმლო აგენტის ყოველთვიური მცირედი ჯამაგირი. ზარანდიას ერგო ის,
რაც სურდა: ევტერპია ტრიანდოფილიდიმ ყავახანის პატრონის მეშვეობით სარჩიმელიას
გაუგზავნა კარგად შედგენილი წერილი, რომლის მიხედვით, მძარცველურ-სამევახშეო
ალიანსის მთელი კაპიტალი ბუდუ და ლუკა ნაკაშიებმა გაიტაცეს!
ეს სამკუთხედის მეორე კუთხე იყო.
ჩემი თანამდებობისა და პროფესიის გამოისობით, ცხადია, კავკასიის ყოველდღიურ
ცხოვრებაში კარგად ვიყავი ჩახედული. ჩემს ყურამდე აღწევდა ყველა ღირსშესანიშნავი
მოვლენა, მათ შორის – განსაკუთრებით კურიოზული და სასაცილო შემთხვევებიც.
ჩხუბისა და აყალმაყალის მოყვარულები ყველგან მრავლად იყვნენ, მაგრამ სამეგრელოს
ერთ მთიან სოფელში მცხოვრებმა თოდუების ოჯახმა, ეჭვს გარეშე, ყველასა და
ყველაფერს გადააჭარბა. ოჯახი ექვსი სულისგან შესდგებოდა: მამა – დოროთე თოდუა,
დედა – ნუცა ნაკაშია-თოდუასი და ოთხი ერთმანეთის მომდევნო ვაჟკაცი. ტრადიცია
დოროთე თოდუამ შექმნა. მან ახალგაზრდობაშივე გაითქვა სახელი, როგორც ჩხუბისთავმა
და ჩინებულმა მოკრივემ. ჩხუბი მისი ცხოვრების მთავარ გატაცებად, სულიერ სარჩოდ
იქცა; მუშტი-კრივის სიყვარულმა ფანატიზმამდე ააღწია, თორემ სხვით ვერაფრით
აიხსნება ის, რომ სანამ მკლავი ერჩოდა, არც ოჯახს მოჰკიდებია და არც ქონებაზე
უფიქრია. დადიოდა და ფათერაკს ეძებდა. სცემდა და ხანდახან მასაც სცემდნენ. ბოლოს
ასაკმა თავისი გაიტანა; ორმოცი წლისამ ჯოგი გაიჩინა, ორმოცდახუთისამ – ნაკაშიას ქალი
მოიყვანა, ორმოცდათხუთმეტისამ თავისი ბიჭების გაწვრთნა-დაგეშვას მიჰყო ხელი.
ბიჭებს საამისო ნიჭი და მიდრეკილება ჭარბად აღმოაჩნდათ, მამას ბევრად აჯობეს. ამის
გამო ნუცა ნაკაშია-თოდუამაც შორს გაითქვა სახელი და არა მარტო, როგორც შფოთისთავი
ქმარ-შვილის პატრონმა, არამედ, უმთავრესად, როგორც ყოველგვარი ნაცემობის,
დაბეგვილობის, კოპებისა და მოტეხილობების მკურნალმა. ერთი სიტყვით, თოდუების
ოჯახი ხულიგანთა ქართული განმეორება იყო იმ განსხვავებით, რომ შრომა ყველას
უყვარდა და, მაშინდელი გლეხის კვალობაზე, დიდი შეძლებაც ჰქონდათ.
მამასა და შვილებს შორის ერთი არსებითი განსხვავება იყო: დოროთე თოდუამ უბოროტო
ჩხუბი იცოდა, მისთვის მთავარი იყო კრივი, როგორც სპორტი და ორთაბრძოლის
საშუალება. შვილებს კივისიმე დაჯაბნვის სურვილი ამოძრავებდათ, ყველა
დაბრიყვებული, დაჩაგრული ჰყავდათ. დღეობაში, ქორწილში ან სხვა რომელიმე
თავყრილობაზე რომ გამოცხადდებოდნენ, ვინც ძმებს იცნობდა – ჩუმად გაიკრიფებოდნენ
ხოლმე. ვინც დარჩებოდა – პურ-მარილი ჩაშხამდებოდა. ამის მიზეზით, თოდუებმა
მტრადაც ბევრი გადაიკიდეს. შეურაცხყოფას ყველა ვერ მოითმენს; თითო და ორ-ორჯერ
ოთხივე ძმა იყო დაჭრილი – ზოგი ხანჯლითა და ზოგი ტყვიით. მამამ წლობით არიგა,
ტუქსა, მაგრამ შვილები თავისას სჩადიოდნენ. მოხუცს მობეზრდა, ხელი ჩაიქნია! ჯოგს
აძოვებდა, შინ იშვიათად. მოდიოდა.
დათა თუთაშხიამ დოროთე თოდუა მეჯოგეობაში გაიცნო: ერთმანეთისა დიდი
პატივისცემა ჰქონდათ: თუთაშხიას – როგორც კეთილად განწყობილი უფროსი კაცისა,
თოდუას – როგორც სახელიანი და სამართლიანი აბრაგისა. დათა რამდენიმეჯერ
თოდუების ოჯახში სტუმრადაც იყო ნამყოფი. ბუნებით თავხედი ვაჟიშვილები აბრაგს
ნელ-ნელა გაუთამამდნენ და ერთხელ მთის საძოვრებზე, როცა დოროთე თოდუას კარავში
ღვინის სმა და პურ-მარილი იყო, რაღაცაზე შარი მოსდეს. ასეთ კაცთან მამლაყინწობას
შფოთისთავები განსაკუთრებით ეტანებიან; ერთი მხრივ, იმის იმედი აქვთ, რომ
კეთილგონიერება მოითმენს და თუ არ მოითმინა კიდეც – უკიდურეს სამაგიეროს არ
აზღვევინებს. მეორე მხრივ – ერთი სახელიანი კაცის დამარცხება ათ ჩვეულებრივ კაცზე
გამარჯვებას უდრის და შემდგომი ჩხუბების დროს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ
კაპიტალს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ძმებს მცირედის დაბანდებით მრავლის მოხვეჭის
იმედი ჰქონდათ. თუთაშხიამ დოროთეს ხათრით ყველაფერი მოითმინა. ძმებს კი ჩხუბი
სწყუროდათ და ამ სერიოზულ კაცს უმოწყალოდ სცემეს. აბრაგისთვის არავითარ
სიძნელეს არ წარმოადგენდა შეურაცხმყოფლები იარაღით დაეშოშმინებინა ან უარესიც
ექნა, მაგრამ მან ბოლომდე მოთმინება არჩია, ნაგვემი სახე დაიბანა და წამოსვლისას
ყმაწვილებს უთხრა: რასაც თქვენ თქვენი საქციელით მოიწევთ, იმასაც ვნახავო! მას შემდეგ
თუთაშხია თოდუებს აღარ გაჰკარებია. ეგ არის, ამ ამბის შემდეგ ორი წელიწადიც არ იყო
გასული, თოდუების ოჯახი, ჯოგში მყოფი დოროთეს გარდა, ერთ ღამეს მთლიანად
ამოწყვიტეს – ოთხი ძმა და დედა! მკვლელებს, ალბათ, ძალიან ეჩქარებოდათ, რომ ერთმა
პოლიციელმა ბოროტმოქმედების ადგილზე ხილაბანდში გახვეული სამკაულები იპოვნა
და ყველასთვის შეუმჩნევლად უბეში შეინახა. ნივთები ოჯახის დედას, ნუცას ეკუთვნოდა.
დაწვრილებით ამის თხრობა არ ღირს, მაგრამ საქმე ისე წარიმართა, რომ ერთი წლის
შემდეგ სამკაულებმა ხილაბანდითურთ მაზრის პოლიციის სეიფში ამოჰყო თავი. ეს
ზარანდიას მოახსენეს. მან ბრძანა, საქმის გახსნამდე დოროთე თოდუასთვის ნივთების
პოვნა არ გაემხილათ.
ბოროტმოქმედთა კვალი გაქრა. ხალხში ათასნაირი და ერთმანეთის საწინააღმდეგო ხმები
დადიოდა: მათ შორის, იმასაც ამბობდნენ თითქოს ეს გაუგონარი დანაშაული დათა
თუთაშხიას ჩაედინოს და მტკიცებად ის სიტყვები მოჰქონდათ, რაც ნაცემმა აბრაგმა
თოდუებს უთხრა. დანაშაული სამუდამოდ გაუხსნელი დარჩა. პირადად მე,
დარწმუნებული ვარ, ამ საქმისა თუთაშხიამ არაფერი იცოდა, მაგრამ მუშნი ზარანდიამ
მოისურვა, რომ ხალხისა და, უპირველეს ყოვლისა, ბუდუ და ლუკა ნაკაშიების თვალში, ამ
საზიზღრობის ჩამდენი სწორედ დათა თუთაშხია ყოფილიყო; საქმე ის არის, რომ ნუცა
ნაკაშია – ამოწყვეტილი ძმების დედა, ბუდუ და ლუკა ნაკაშიების მკვიდრი მამიდა
გახლდათ, ხოლო ნაკაშიებისა და თუთაშხიას სამკვდრო გადაკიდება ზარანდიას მიზანს
შეადგენდა. ამიტომ მან თავისი ქსელის საშუალებით სათანადო ხმები გაავრცელა, ჭორმა
ნაკაშიებამდეც მიაღწია. ძმებს ასეთი რამ ადრეც ჰქონდათ გაგონილი და ინფორმაციის
განმეორების გამო პირველწყაროს დადგენას მიჰყვეს ხელი.
ეს სამკუთხედის მესამე კუთხე იყო.
ახლა იმაზე, თუ როგორ შეკრა მუშნი ზარანდიამ ეს გეომეტრიული ელემენტები ერთ
ფიგურად, რაც არანაკლებ რთულ სამუშაოს წარმოადგენდა. აუცილებელი იყო, რომ
ყაჩაღებამდე მისულ ყოველ ვერსიას თავისი სრულქმნილი მტკიცება ჰქონოდა. ეს
ეშმაკობაში და ყოველგვარი რებუსების ამოხსნაში დახელოვნებული კაცები მეტისმეტად
ძნელი მოსატყუებელი ხალხი იყო. ისინი დაუჯერებდნენ მხოლოდ იმას, რასაც ხელი
მოევლებოდა – ფაქტს, ნივთს, უკიდურეს შემთხვევაში, საიმედო კაცის სიტყვას.
თუთაშხია უნდა დამატებითი მტკიცების საშუალებით დარწმუნებულიყო, რომ
სარჩიმელიამ მართლაც წაართვა საყვარელი ან არ ჩაუდენია ეს, მაგრამ ჯავრის ამოყრის
მიზნით ასეთ ხმებს ავრცელებს. სარჩიმელია უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ ბუდუ
და ლუკა ნაკაშიებმა მართლაც გაიტაცეს ევტერპია ტრიანდოფილიდისთან დაბინავებული
მისი თანხები და ნაძარცვი. ნაკაშიები უნდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ მათი
მამიდისა და მამიდაშვილების სისხლი თუთაშხიას კისერზე იყო. ზარანდიამ ამ ამოცანის
დაძლევაც ვირტუოზულად შეძლო.
მუშნის თავის გეგმაში არც ის მოსაზრება გამორჩენია, რომ თუთაშხიას იქნებ საერთოდ არ
ეთხოვებინა ყური სარჩიმელიას ამურული თავგადასავლების გამო დარხეული
ხმებისთვის, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ეს საკითხი აბრაგს მაინც დააინტერესებდა. ამიტომ
გავრცელებული იქნა ხმა, თუ, სახელდობრ, ვისთან განთავისუფლდა ბეჩუნი პერტია
სარჩიმელიას სიყვარულის შედეგად დარჩენილი ფეხმძიმობისგან. ამ ვერსიაში
დასახელებულ მეანე ქალთან, სულ რაღაც ათი დღის შემდეგ, პატივცემული ქალბატონი
ტერეზია ჩიჩუა მივიდა. თავადის ქალი, სხვა მოარულ ჭორებთან ერთად, ბეჩუნი პერტიას
და რაჟა სარჩიმელიას რომანსაც შეეხო და ხუმრობაში მეანე ქალი “გამოტეხა”, რომ ბეჩუნი
პერტიას სწორედ მან აღმოუჩინა დახმარება. ზარანდიამ ერთი გასროლით ორი
კურდღელი მოკლა: დარწმუნდა, რომ დათა თუთაშხიამ, ასე თუ ისე, საკენკს ნისკარტი
ჩაჰკრა და, მეორე მხრივ, აბრაგის მანამდე უცნობი ურთიერთობა აღმოაჩინა ქალბატონ
ტერეზია ჩიჩუას სახით. ცხადი გახდა, რომ დათა თუთაშხია რაჟა სარჩიმელიას რითიმე
მოუვლიდა.
ბუდუ ნაკაშიასთვის თავის დროზე, ანუ ოთხი წლის წინათ, დავალებული
ტერორისტული აქტის დრო და ადგილი ჩვენმა სამსახურმა წინასწარ გაიგო. ტერორისტი
ხაფანგში გაება, დავალება ვერ შეასრულა, მაგრამ ორი კაზაკი მოგვიკლა და ტყეს შეაფარა
თავი. ლუკა ნაკაშია – უმცროსი ძმა, ბუდუს თანამოაზრე და იმ საქმეში თანამონაწილე არ
ყოფილა, რადგან დაბადებითვე გონებასუსტი იყო. როცა ბუდუ ნაკაშიამ აბრაგობას მიჰყო
ხელი და სახელი გაითქვა, ლუკამ გუდანაბადი აიკრა, ძმას მიაგნო და შინ დაბრუნებაზე
კატეგორიული უარი განაცხადა. ასე გააბრაგდა ლუკა ნაკაშია. კერძოდ მის წინააღმდეგ
დამსჯელ ორგანოებს არავითარი მასალა არ გააჩნდათ, გარდა იმისა, რომ იგი შედარებით
ახდილად მიდი-მოდიოდა და, საფიქრებელია, თავისი ძმის დავალებებს ასრულებდა.
ერთხელ აზრი წარმოიშვა, ლუკა დავიჭიროთ და ბუდუს შევუთვალოთ, გამოდი,
ჩაგვბარდი, თორემ ძმას გაგიციმბირებთო, მერე ვიღაცას მოაგონდა, რომ ლუკა
ჭკუანაკლული იყო, მისი სამართალში მიცემა ვერ მოხერხდებოდა, რომ ეს ბუდუმაც
კარგად იცოდა და ამიტომ არც ჩაგვბარდებოდა. წინადადება ჩაფლავდა. ლუკა არც
იმდენად იდიოტი იყო, რომ ძმის ადგილსამყოფელზე კვალი მიეტანა და არც იმდენი ჭკუა
ჰქონდა, პოლიციას რომ მისი რეიდები შეუსწავლელი დარჩენოდა. ზარანდიასთვის ესეც
სრულიად საკმარისი იყო. ლუკას მიუდარაჯეს და გზაზე გამოსულს მშვენიერი მაუზერი
დაუგდეს. ამ ხრიკის ტექნიკური შემსრულებელი ირწმუნებოდა, მეტი თუ არა, ნახევარი
საათი მაინც ათვალიერაო. ჩანს, ამ ნახევარ საათში ლუკამ ყველაფერი ბოლომდე გაიაზრა,
რადგან მაუზერი ქამარში ყოჩაღად გაირჭო და რასაც პოვნამდე უსტვენდა, იმავე
მელოდიის სტვენით განაგრძო გზა. როცა სოფლებში საქმე მოათავა, ლუკა ძმასთან
დაბრუნდა და თავისი ნაპოვნით დიდ საგონებელში ჩააგდო იგი. ბუდუ ნაკაშიამ ეს
უცნაური მოვლენა ათასნაირად აწონ-დაწონა, საეჭვოს ვერაფერს მიაგნო და ყველაფერი
შემთხვევითობას მიაწერა. ამგვარად, ევტერპია ტრიანდოფილიდისაგან ჩამორთმეული
ნაძარცვი მაუზერი ლუკა ნაკაშიამ ჩამოიკიდა. საჭირო
იყო სარჩიმელიას თავისი თვალით ენახა ეს...
ადრე ვთქვი, რომ დათა და ელე თუთაშხიები მუშნი ზარანდიას დედ-მამის ოჯახში
აღიზარდნენ. დავსძენ, ამ ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ უნაზესი სიყვარულითა
და მზრუნველობით გამოირჩეოდნენ. ნამდვილად ვიცი, მუშნი ზარანდია გულწრფელად,
ღრმად განიცდიდა დათას და ელეს ბედუკუღმართობას. იგი არა მარტო თანაბარ
მატერიალურ დახმარებას უწევდა თავის მშობლებს, უფროს ძმას და ელე თუთაშხიას,
არამედ ამ გაუთხოვარი, მარტოხელა ქალის სახლ-კარსა და მეურნეობაზეც ზრუნავდა.
მუშნი, მისი ძმა და მოხუცი ზარანდიები ელესთვის და დათასთვის ბოლომდე ძმებად და
მშობლებად დარჩნენ, ხოლო მოხუცები ერთთავად თავის აღზრდილი ობლების ტირილში
იყვნენ. დაჟინებით ვიტყვი, რომ მიუხედავად საზოგადოებრივ ასპარეზზე მძაფრი
დაპირისპირებისა, მუშნი ზარანდიასა და დათა თუთაშხიას შორის ურთიერთპატივისცემა
და ძმური სისხლისმიერი სიყვარული არაფრით და არასოდეს შენელებულა. ეს
პარადოქსადაც ჟღერს, ჭეშმარიტებაც არის და თუკი ვცდები, დაე, ღმერთმა განსაჯოს ამ
ორი ტრაგიკული პიროვნების სიცოცხლეც და ჩემი შეხედულებაც.
ელე, სამკუთხედის ოპერაციის დაწყების წინა ხანს თბილისში ზარანდიებთან
სტუმრობდა. სოფელში თუთაშხიების ძველთაძველი სახლი დიდი ხანია შეკეთებას
მოითხოვდა. მუშნიმ ელეს საჭირო თანხა მისცა, – ჯერ სახურავი შევაკეთოთ და
დანარჩენზე მერე ვიფიქროთო. ამასთან ერთად, მიასწავლა კაცთან, რომელიც კარგ
ოსტატებს გამოუნახავდა, ჩასვა მატარებელში და შინ გაისტუმრა. ელე თუთაშხია
ზარანდიას მიერ მითითებულ კაცთან მივიდა. დახმარება სთხოვა. კაცმა მიუგო, ის
ოსტატები ჯერჯერობით სხვა საქმით არიან დაკავებული, პატარა ხანს მოცდა
დაგჭირდებათ, იმ სამუშაოს მორჩებიან თუ არა, მაშინვე გამოგიგზავნითო. ალბათ,
გასაგებია,რომ ეს კაცი ზარანდიას აგენტი იყო და ამიტომ ოსტატების გაგზავნა სათანადო
სიგნალის მიღებამდე გააჭიანურა. ელე თუთაშხიას მაინცდამაინც დიდი ლოდინი არ
დასჭირვებია, ერთ დილას ოსტატები მოვიდნენ და საქმეს შეუდგნენ. მუშაობის დროს
ერთ-ერთმა თავი დაიმარტოხელა, ნუცა თოდუას ხილაბანდში გამოკრული სამკაულები
წინასწარ დანიშნულ ადგილზე დამალა. სახურავის შეკეთება დასრულდა, ოსტატებმა
თავისი მიიღეს, წავიდნენ. ორი-სამი დღის შემდეგ მუშნი ზარანდიას მეუღლის
ავადმყოფობის გამო ელე თუთაშხიამ თბილისიდან სასწრაფო გამოძახება მიიღო, სახლი
დაუყოვნებლივ დაკეტა და გაემგზავრა. ამგვარად, თოდუების ამოწყვეტაში რომ დათა
თუთაშხიას ორთავე ხელი ერია, ამისი ნივთიერი მტკიცებულობა მისივე სახლის სხვენში
ინახებოდა. საჭირო იყო ნაკაშიების მისვლა და ხილაბანდის პოვნა...
ზარანდიამ ოპერაცია თავის ხელქვეით ოფიცერს ამ ფაზაში დაუტოვა, თბილისს
გამოემგზავრა და ჩამოსვლისავე დღეს სხვა მიმდინარე საქმეებს მოჰკიდა ხელი.
ვსარგებლობ შემთხვევით და აღვნიშნავ, რომ ზარანდიამ ერთდროულად დაიწყო ხუთი
ანალოგიური ოპერაცია კავკასიის სხვადასხვა მაზრაში. ვიცოდი, ოპერაციის დამთავრებას
ჯერ კარგა ხანი აკლდა, ამიტომ დაწესებულებაში მისი გამოჩენა ჩემთვის მოულოდნელი
იყო. გამოძახებას ვაპირებდი, მაგრამ თვითონ მოვიდა. მისალმების შემდეგ მოლოდინი
შემნიშნა და საქმის მსვლელობა მომახსენა.
– დაბრუნდებით? – ვკითხე მე.
– აღარ.
– როგორ შედეგს ელით?
ზარანდია დაფიქრდა, გაიღიმა:
– შედეგის განჭვრეტა, მოგეხსენებათ, მხოლოდ მიახლოებით შეიძლება... მით უმეტეს,
ასეთ საქმეებში. მგონი, წინასწარი ვარაუდი უნდა გამართლდეს.
– ესე იგი: უფროსი ნაკაშიას ან ორივე ნაკაშიას ლიკვიდაცია; სარჩიმელიას შემორიგება და
ჩვენს სამსახურში აყვანა; თუთაშხიას საბოლოო და ისეთი კომპრომეტირება, რომ სხვა გზა
აღარ დარჩეს და შემორიგებაზე დაგვთანხმდეს!
– დიახ, – დამიდასტურა ზარანდიამ, – მაგრამ იმ პირობით, თუ თუთაშხიამ დანარჩენ
ბოროტმოქმედთა დაშოშმინება-დარწმუნება ვერ შეძლო. რაც დრო გადის, სულ უფრო
მეშინია ამისი.
– როცა ნაკაშიები თავისი დის ნივთებს თუთაშხიას სხვენში იპოვნიან, მაშინაც
შესაძლებელია, რომ თუთაშხიას გავლენამ ოპერაცია ჩაშალოს?
– კაცნი ვართ! – ყოყმანით თქვა ზარანდიამ – ყოველ შემთხვევაში, ჩემი იქ ყოფნა
ვეღარაფერს გამოასწორებდა.
ერთი საკითხი იმთავითვე მაწუხებდა, მაგრამ ვერა და ვერ გამოვნახე საჭირო შემთხვევა,
რომ ზარანდიასგან პასუხი მიმეღო. ამ თემაზე სიტყვის ჩამოგდება ახლაც მეჩოთირებოდა,
ვყოყმანობდი. ბოლოს, თავი იმაში ვამხილე, რომ საამისო მომენტი ყოველთვის იყო და
უბრალო გამბედაობა მღალატობდა.
– მაგ ოპერაციაში არც ის არის გამორიცხული, რომ თუთაშხია მოკლან და სხვა ყველაფერი
ძველებურად დარჩეს. მაშინ?
– არა, თქვენო ბრწყინვალებავ, ეგ სწორედ გამორიცხულია! ჩვენთვის სასურველ
გადაწყვეტას სამიდან ორი კუთხე მიიღებს და თუთაშხია ყველა შემთხვევაში ცოცხალი
დარჩება.
– რამ შეგძინათ ეს რწმენა?
– იმან, რომ თუთაშხია ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სარჩიმელია და ნაკაშიები ერთად
აღებული!..
– რით აიხსნება ასეთი განსხვავება მათ შესაძლებლობებში?
– ჯერ თანდაყოლილი ღირსებები და შემდეგ სწორი აღზრდით ჩამოყალიბებული ზნეობა.
მე ვიცი, რომ სრულქმნილი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ თუთაშხია იმ კაცთაგანია,
რომელნიც სრულქმნილებასთან ყველაზე ახლოს არიან.
– კაცი ბჭობდა – ღმერთი იცინოდაო, ნათქვამია; ვნახოთ და მოხდა? – ჩავაცივდი მე.
– ეგ მაშინ უნდა მოხდეს, თუთაშხია თუ სხვებზე უძლური აღმოჩნდება. სუსტმა უნდა
წააგოს. აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მაგრამ თუთაშხიას, ვიმეორებ, არაფერი დაემართება.
საუბარი შეწყდა.
ნაკაშიებმა კითხვა-კითხვით მიაგნეს ადამიანს, რომელმაც თოდუების ამოწყვეტაში დათა
თუთაშხია დაადანაშაულა და დანიშნულ ადგილზე დაიბარეს იმ კაცთან ერთად, ვინც
მიაგნებინა.
– ღენტორ კუპრავა, ბატონო, საიდან იცით თქვენ, მამიდაჩვენი ნუცა და მისი ვაჟები დათა
თუთაშხიას დახოცილები რომ არიან?! – ჰკითხა ბუდუ ნაკაშიამ.
კუპრავა დაიბნა და ჩაილაპარაკა:
– საიდან უნდა ვიცოდე?.. არ ვიცი არაფერი მე.
– უყურე ერთი! – აღშფოთდა შუაკაცი. – შენ არ მითხარი: მისი გაკეთებულია ეს საქმეო!
კუპრავამ ისევ იუარა, მაგრამ მის სიტყვებში ყოყმანი და სიცრუე ნათლად ჩანდა. ნაკაშიები
ჩააცივდნენ. კუპრავა დიდხანს იდგა თავისაზე. როცა საქმე მუქარაზე და იარაღის
ტრიალზე მიდგა, კუპრავა მუხლებზე დაემხო, ცრემლით შეემუდარა:
– ბუდუ ბატონო, არ მომკლა, შვილები არ დამიობლო, ვიცი ყველაფერი, მარა არაა
სათქმელი ის. მკვლელობა და ცოდვა არ აკლია ამ ქვეყანას, რომ ვთქვა, მიემატება კიდევ
და, არ მინდა მე. დამანებე თავი, გაფიცებ მაღლა ღმერთს და მიწაზე ძვირფასი ვინც გყავს –
იმას!
– თქვი, ახლა, თვარა გაგაციე აქ, – შეუტია ლუკა ნაკაშიამ.
კუპრავამ ცოტა ხანს იყუჩა და ბუდუ ნაკაშიას ჰკითხა:
– საწყალი ნუცა, დოროთე თოდუას რომ უნდა წაეყვანა, ახალი სახლის აშენებას თქვენ
წინდღით მორჩით, მგონია. ასეა ხომ?
ბუდუ დაფიქრდა.
– მასეა, რაა მერე?
– ის ოსტატები ხომ კარგად იცნობდნენ თქვენს ნუცას, საწყალს, და თოდუები მის
წასაყვანად რომ მოვიდნენ, ხომ იყვნენ ის ოსტატები იმ ამბავზე?
– იყვნენ, მგონი.
– იყვნენ, კი, იქ ვიყავი მეც და ვიცი, რომ იყვნენ. გახსოვს შენ, ალბათ, იქ რომ ვიყავი მე, –
თქვა კუპრავამ.
– კი მახსოვს.
– ნუცას დოროთე თოდუამ ნიშნად სამკაულები რომ აჩუქა – არ მახსოვს მე, სიმართლე
გითხრა, ის სამკაულები, მარა იმ ოსტატებს ახსოვთ: ვერცხლის ბეჭედი ყოფილა ფირუზის
სამი თვლით გულსაბნევი – ისიც მისთანა ფირუზებით გაწყობილი და საყურეები – ისიც
მისთანა. ოსტატები ამბობენ, – საცოდავი ნუცა, სულ ატარებდა იმ ნივთებსო. ყოველდღე
ვხედავდით იმდენ ხანს და დავიხსომებდით, აბა, რა იქნებოდაო. თუ ქონდა საწყალ ნუცას
ასეთი სამკაულები?..
ბუდუ ნაკაშია უკვე გაფითრებული იყო.
– ქონდა. ატარებდა, მართალია ეგ!
– ოსტატებს რომ ვამბობ, მათ უნახავთ ის სამკაულები.
– სად?!
– დათა თუთაშხიას სახლის სახურავს მართავდნენ ხელახლა. იქ უნახავთ, სხვენში
დამალული.
სიჩუმემ კარგა ხანს გასტანა.
– ადგილი თუ გითხრეს?
კუპრავა შეყოყმანდა. მერე თავს ძალა დაატანა და ამოსცრა:
– მითხრეს. მარა... ვაითუ იცრუეს... ან ვაითუ აღარ დაგხვდა ის იქ. რა ვქნა მაშინ მე!
ნაკაშიებს მოწმის ტირილისა და ცრემლებისთვის სად ეცალათ! – დაუყოვნებლივ
ათქმევინეს ოსტატების მინიშნებული ადგილი. გამთენიის ხანს თუთაშხიას სახლ-კარს
მიადგნენ, იქაურობა რიგიანად დაათვალიერეს და როცა საეჭვო ვერაფერი ნახეს,
ჩარაზულ-ჩაკეტილი სახლის ეზოში გადახტნენ. ცოტა ხნის შემდეგ სამკაულებიანი
ხილაბანდი ძმებს ხელთ ჰქონდათ. ლუკამ სამზადი შეამტვრია, ნავთი გამოიტანა, შენობას
მოასხა და ცეცხლი მისცა. ეს ამბავი მთელი სოფლის თვალწინ და, რა თქმა უნდა,
ნაკაშიების მრავალგზისი აღშფოთებული განმარტებებისა და მუქარის თანხლებით
მოხდა.
ახლა სარჩიმელიას, ბუნებრივია, ეჭვი შეეპარა თავისი კომპანიონის ინფორმაციაში.
საამისოდ მრავალი მიზეზი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, ის, რომ თვითონ შეეძლო
უმნიშვნელო თანხის გულისთვის ყოველნაირი ცბიერება და მზაკვრობა ჩაედინა.
ევტერპია ტრიანდოფილიდიც ხომ მის თარგზე გამოჭრილი დედაკაცი ბრძანდებოდა: არ
არსებობდა საქციელი, რომელიც მოულოდნელი ყოფილიყო მისგან. ზარანდიამ
გაითვალისწინა, რომ დამატებითი მტკიცებების უქონლად სარჩიმელიასთანა გაქნილი
სკეპტიკოსისა და ეშმაკეულის დარწმუნებას თვით ტრიანდოფილიდის ქალიც კი ვერ
შესძლებდა. ამიტომ სათანადო ზომები იქნა მიღებული! მიღწეული შეთანხმების შემდეგ
ნაჩხრეკ და არეულ-დარეულ ბინაში ზარანდიამ ხელფეხშეკრული დიასახლისი დატოვა.
ცოტა ხნის მერე ქალი ქუჩაში გამოღოღდა, კივილი ატეხა, მოგროვდა ხალხი, მოვიდა
პოლიცია, რომელმაც ქუჩაში ვითომდა ნაკაშიების მიერ წაღებული ნაძარცვის მცირედი
ნაწილი იპოვნა. კვლევა-ძიება ორ-სამ დღეს გაგრძელდა და, რა თქმა უნდა, მთელმა
სოხუმმა გაიგო ტრიანდოფილიდის გაძარცვის ამბავი. ამის შემდეგ გაჩხრიკეს ნაკაშიების
ყველა ნათესავი ყველა მაზრაში, სადაც კი მოიპოვებოდნენ. დააპატიმრეს, დაკითხეს, ცოტა
ხნით დააკავეს და მერე თავდებით გაათავისუფლეს ტრიანდოფილიდის თანამოსაქმეთა
მესამედი, თუ ნახევარი, მათ შორის კირიაკაც, რომელთანაც სარჩიმელიას საგანგებო
ლაპარაკი ჰქონდა შემდგომში. პოლიციას, ვითომდა, მხოლოდ ის აინტერესებდა, თუ ვინ
მისცა ტრიანდოფილიდის საქმე ნაკაშიებს. სარჩიმელია რაც მეტს იკვლევდა და
ფათურობდა, მით მეტად უქარწყლდებოდა კომპანიონის მიმართ აღძრული ეჭვი და მით
უფრო მეტს ფიქრობდა ნაკაშიებთან შეხვედრაზე. მან იცოდა, მათთან ლაპარაკისა და
გატაცებული ფულის კატეგორიული მოთხოვნისთვის ურყევი მტკიცებები იყო საჭირო,
ამიტომ გადაწყვიტა, საქმის კურსში მყოფი ადამიანების მიერ მოყვანილ თუ გაგონილ
ფაქტებთან ერთად, ხელთ ჰქონოდა ჭკუანაკლულ ლუკა ნაკაშიასგან გამოცინცლული
რაიმე ცნობაც. პოლიციაზე უკეთესად სარჩიმელიამ იცოდა ლუკას ასავალ-დასავალი და
ორიოდე კვირის თვალთვალის შემდეგ შეხვედრა მოხდა: ლუკას მაუზერმა სალმის
მიცემისთანავე მიიპყრო მძარცველის ყურადღება. იმაში დარწმუნება, რომ ეს მისი
ნაძარცვი და ევტერპიას სახლიდან გატაცებული მაუზერია, სარჩიმელიასთვის დიდ
სიძნელეს არ წარმოადგენდა. ამისთვის მაუზერის დათვალიერება იყო საჭირო, სხვა
არაფერი. ამიტომ არც რაიმე საუბარი ყოფილა – ყაჩაღები თავ-თავის გზას გაუდგნენ.
ვერსიის სისწორის გამო რაჟა სარჩიმელიასთვის ახლა უკვე ორი აზრი აღარ არსებობდა,
მაგრამ შესამოწმებელი იყო თვით ევტერპია ტრიანდოფილიდი და დანაკარგის
ანგარიშებიც. მან, როგორც იტყვიან, თავზე ხელი აიღო, სოხუმში მოვიდა. თვალთვალი,
ცხადია, გრძელდებოდა. პოლიციას ნაბრძანები ჰქონდა, ყაჩაღისთვის ხელი არ ეხლოთ.
სარჩიმელია კომპანიონს ესტუმრა, ერთხელ კიდევ დარწმუნდა, რომ ზღვის მეკობრეებიც
და არსენა ოძელაშვილიც მას ჭკუით სჯობნიდნენ და ნაკაშიებთან შეხვედრაზე ფიქრით
გართული უკან გამოტრიალდა.
სარჩიმელია, მართალია, დარწმუნებული იყო, რომ მისი ფული ნაკაშიების გატაცებულია,
მაგრამ ყაჩაღს ეჭვი ეპარებოდა, რომ ექსპროპრიატორები რამეს დააბრუნებდნენ.
– რას მომცემენ მაგენი! მაგენი პოლიტიკურებია, არ იცი შენ! მაგენმა ის ფულები ჩააბარეს
უკვე მათ, – მიუგო რაჟამ ერთ გულშემატკივარს, როცა იგი ნაკაშიებთან მისვლას და
ფულის მოთხოვნას ურჩევდა.
– მაშინ, კაცი წაიყვანო უნდა ისეთი, მისი ხათრი და პატივისცემა რომ აქვთ ნაკაშიებს.
ეს რჩევა სარჩიმელიას ჭკუაში დაუჯდა, მაგრამ ვინ წაეყვანა? სწორედ იქ დაიბადა დათა
თუთაშხიას გამოყენების იდეა. ამაში დაბრკოლებაც ბევრი იყო. ჯერ ერთი – ძველი
ანგარიშები, და მეორე ის, რომ სარჩიმელიაზე გავრცელებული ხმები – ვითომ მან
თუთაშხიას საყვარელი წაართვა, – თვით სარჩიმელიამდეც მივიდა და, მაშასადამე, არ
შეიძლებოდა, დათამდე მისულიც არ ყოფილიყო. ამასთან ერთად, სამედიატოროდ,
საშუამავლოდ, ნაკაშიებზე შთაბეჭდილებისა და ზეგავლენის მოსახდენად უკეთეს კაცს
თვით ღმერთიც ვერ გამოიგონებდა. სარჩიმელია ერთხანს ყოყმანობდა, მაგრამ ამ დროს
გაიგო, რომ ნაკაშიებმა თუთაშხიას სახლ-კარი გადაუბუგეს, ისიც გაიგო, თუ რისთვის
გადაუბუგეს და ბევრი აღარ უფიქრია, მის საძებნელად გასწია. ოღონდაც! აქ უკვე
ზეგავლენაზე კი არა, ინტერესთა ერთიანობაზე და, ამდენად, ნაკაშიების წინააღმდეგ
მომავალ მოკავშირეობაზე შეიძლებოდა ლაპარაკი.
სურვილი ერთია, მისი სისრულეში მოყვანა – მეორე; დათა თუთაშხია სარჩიმელიასთვის
ისეთივე ძნელი საპოვნელი იყო, როგორც პოლიციისთვის. საქმე ის არის, რომ თუთაშხიას
მიმართ გაწეულ მაკომპრომეტირებელ მუშაობას ნელ-ნელა, მაგრამ ფრიად
დამაჯერებლად მოჰქონდა თავისი შედეგი. ჩვენი ცნობების თანახმად, აბრაგმა ბევრ ისეთ
ადგილში ამოიკვეთა ფეხი, სადაც უწინ ხელგაშლილი მასპინძლობა ხვდებოდა. ორმა თუ
სამმა კაცმა პირდაპირ გაუმჟღავნა ნდობისა და პატივისცემის დაკარგვა. სხვებმა ახდილი
მოქმედება ვერ გაბედეს, მაგრამ დათა თუთაშხიამ თვით იგრძნო მათი უარყოფითი
დამოკიდებულება და ძველი მეგობრობა შეწყვიტა. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი თავის
მართლებას, დაყრილი ხმების უარყოფას და ვინმესთვის რაიმე განმარტების მიცემას არ
ცდილა. მხოლოდ ერთხელ დედათა მონასტრის წინამძღვარმა თუთაშხიას, ვითომცდა
მისი ცოდვები, ორთოდოქსის მოურიდებლობით მიახალა აბრაგმა მშვიდად მოისმინა და
მიუგო:
– არ ჩამიდენია, დედაო, ეგენი მე, არ ვარ სამაგისო კაცი!
მოხუცი ქალი დათას პასუხმა შეაფიქრიანა, ყოყმანის შემდეგ უთხრა:
– ერმა ირწმუნა უკვე.
ზარანდიას ნამოქმედარი ჰგავდა საყოველთაო მსჯავრს, რომელსაც ძახითი ნიშანი აკლდა.
სამკაულებიანი ხილაბანდის აღმოჩენამ, თუთაშხიების სახლ-კარის გადაბუგვამ, ამასთან
დაკავშირებით გავრცელებულმა ხმებმა თავისი გააკეთა – ეჭვი და ვარაუდი ფაქტად აქცია.
თუთაშხიამ დაინახა, რომ ხალხის თვალში იგი უკვე სისხლში ამოთხვრილი მგელი იყო
და არა საერთო პატივისცემითა და თანაგრძნობით აღჭურვილი აბრაგი. მას იმის მეტი
აღარც არაფერი დარჩენოდა რაც გააკეთა: განდეგილისა და მოკვეთილის ხვედრი
იტვირთა.
რაჟა სარჩიმელია კი ტურასავით დაძრწოდა, ეძებდა. თუთაშხიას, რა თქმა უნდა, აქა-იქ
კიდევ შემორჩა ფხიზელი და საღად მოაზროვნე კაცები. სარჩიმელია მათთანაც მივიდა
პაემანის თხოვნით. საფიქრებელია, რომ განდგომილს გადასცეს კიდეც სარჩიმელიას
დაჟინებული სურვილი, მაგრამ ხმა არსაიდან იყო. ყაჩაღი კი არა და არ ცხრებოდა –
ეძებდა. ბოლოს, თუთაშხიას, ალბათ, მობეზრდა ან იქნებ სხვა რამ მოსაზრებით
იხელმძღვანელა და ყაჩაღს შეხვედრის დრო და ადგილი ბანძაში, უსინათლო მორდეხის
ქოხში დაუნიშნა. სარჩიმელია მივიდა, შუაღამე გადასული იყო. კარი ღია დაუხვდა,
შეაღო და შევიდა. მორდეხი ტახტზე იწვა, გვიანი სტუმრის მოსვლა არ გაჰკვირვებია, არც
ასადგომად წამოწეულა, იწვა, მუმიას ჰგავდა.
– გამარჯობა შენი, მორდეხა.
– სიკეთე მოგცეს ღმერთმა, თუ სასიკეთოდ დადიხარ ამ ქვეყანაზე, – მორდეხმა ტახტზე
მიანიშნა, მოეწყეო.
მოხუცს ხმა აღარ დაუძრავს. სამი დღე-ღამე ალოდინა სარჩიმელია თუთაშხიამ. ჩანს,
სადმე ახლომახლო ტრიალებდა. შესაძლებელ ხაფანგს ზვერავდა. ამ ხნის მანძილზე
მორდეხმა მხოლოდ ერთხელ დასძრა კრინტი – მოვაო, – უთხრა ყაჩაღს, როცა მოთმინების
დაწყვეტა შეატყო.
თუთაშხია რომ შემოვიდა, სარჩიმელიას ეძინა. მის მოსვლამდე მორდეხმა ყაჩაღის თოფისა
და რევოლვერების ლულებიდან ვაზნები ამოიღო, მაგიდაზე დააწყო. თუთაშხიამ ნაბადი
მოიხადა. ჯორკოზე ჩამოჯდა. მორდეხმა ბუხარში ცეცხლი ააგიზგიზა, შეშამ ტკაცა-ტკუცი
დაიწყო. ყაჩაღმა წამოიწია, თვალები მოისრისა და თქვა:
– გამარჯობა, დათა-ბატონო, მარა წასვლას ვაპირებდი, დღეს რომ არ მოსულიყავი კიდევ.
თუთაშხიამ თავი დააქიცინა. ყაჩაღი ვერ მიხვდა, სალმის პასუხი იყო ეს დაქიცინება, თუ
კიდევ სხვას ნიშნავდა რასმე. სარჩიმელიას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თავი
რიხიანად დაეჭირა, მაგარი კაცის შთაბეჭდილება მოეხდინა თუთაშხიაზე.
– პირისპირ ლაპარაკი მინდა მე! – თქვა ყაჩაღმა და თვალით მორდეხზე მიანიშნა.
თუთაშხიამ ხელი ჩაიქნია. სარჩიმელია ნიშანს მიუხვდა, ღელვა მოიოკა და დაიწყო:
– პირველს იმას გეტყვი, დათა-ბატონო, რომ მაშინ, იქ, გზიდან გადაყვანილი ხალხის
საქმეში, მართალი არ იყავი შენ, მარა გულში არაფერი არ ჩამიდვია მე. არც ის არის
მართალი, რომ ლაპარაკობენ ჩემზე, ბეჩუნი პერტიასთან საქმე დაიჭირაო. მოგონილია მაგ
ყველაფერი. – სარჩიმელია დათას პასუხს დაელოდა, მაგრამ აბრაგი ჩუმად იჯდა, ალით
განათებულ სახეში შესცქეროდა თანამოსაუბრეს.
თუთაშხიას სიჩუმე სარჩიმელიამ, ჯერ იყო, თავისი მტკიცე ტონის შთამაგონებლობას
მიაწერა, მაგრამ აბრაგის იერში სიმშვიდისა და დაღლილობის მეტი ვეღარაფერი შენიშნა
და უფრო ექსპანსიურად განაგრძო:
– ერთმანეთთან მტრობა და უთანხმოება, დათა თუთაშხია, არც ერთს მოგვიტანს კარგს და
არც მეორეს. მტერი გვყავს ორივეს ერთი და ორივე ერთად რომ მივაკითხავდეთ, აჯობებს,
მგონია მე. – სარჩიმელია ისევ დადუმდა, დათას რეაქციას მოუცადა, მაგრამ პასუხი კვლავ
არ იყო.
ჩანს, სწორედ აქ მიხვდა ყაჩაღი, რომ სათქმელს საჭირო ფორმა ვერ გამოუნახა. შეცბა:
– დათა-ბატონო, სახლ-კარი გადაგიწვეს ნაკაშიებმა, თუ გიპოვნეს, მოგკლან იქნება,
კიდევაც. ფული მქონდა სოხუმში მიბარებული ერთ ქალთან. წაიღეს ნაკაშიებმა ის. შენ
რომ სახლ-კარი გქონდა, ასს და მეტს ააშენებს ის ფული იმდენია იქ!
ვერც ამან მოახდინა ეფექტი. აბრაგი დუმდა, მის სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ შეძრულა.
იჯდა, სარჩიმელიას შეჰყურებდა.
– წავიდეთ და მოვითხოვოთ ჩვენ ჩვენი მოსათხოვარი. ასე აჯობებს, მგონია მე, – დასძინა
სარჩიმელიამ.
მორდეხი მაგიდას მიუჯდა დათას გვერდით. ყაჩაღმა უსინათლო მოხუცს შეხედა,
თითქოს თვალებით შეემუდარა, ამ კაცს რამე ათქმევინე თუ ღმერთი გწამსო! მორდეხს, რა
თქმა უნდა, სარჩიმელიას მუდარა არ დაუნახავს, არც ხმა ამოუღია, მაგრამ ყაჩაღმა იგრძნო,
რომ კარისკენ უთითებდა მოხუცი.
– ჭკვიანი კაცი ხარ, დათა-ბატონო ვიცი; შენ გგონია, ნაკაშიას მე მოვკლავ და ამით, მისგან
რომ ხიფათი გელის, გადარჩები იმას. მასე მოხდეს იქნება, მარა შენზე რომ ამბებს ყვებინ,
ის ამბები ყველასთვის შენს კისერზე ხომ დარჩება მაინც! – სხაპასხუპით თქვა
სარჩიმელიამ.
დათა თუთაშხია კვლავინდებურად დუმდა. ყაჩაღმა წონასწორობა საბოლოოდ დაკარგა:
– დათა-ბატონო, შენს მეტს არაკაცს არ დაუჯერებენ ნაკაშიები. ამაღებინე ის ჩემი ფული
და ნახევარი შენი იქნება მაშინ.
თუთაშხიას მხოლოდ ახლა დაეტყო ღიმილის მაგვარი რაღაც. ან იქნებ მხოლოდ
ნაპერწკალმა გაურბინა თვალებში. სარჩიმელიამ იგრძნო, რომ მისი რიხიანი ლაპარაკი
დიდი ხანია ხვეწნად იქცა, თუთაშხია ნაკაშიებთან არ წაჰყვებოდა, მაგრამ ერთი სიტყვის
გაგონება მაინც ღირსებოდა!
დათა თუთაშხიამ ხმა ამოიღო:
– წადი ახლა შენს გზაზე, რაჟა, ბიძიკო.
მორდეხმა მაგიდაზე ხელები მოაფათურა, ლულებიდან ამოღებული ვაზნები ყაჩაღს
გაუწოდა. სარჩიმელიამ გამოართვა, ცოტა ხანს კიდევ იჯდა, რაღაცას ფიქრობდა. მერე
იარაღი აისხა, ქოხიდან გავიდა.
მეზობლის ძაღლებმა ყეფა ატეხეს – ჯერ ახლოს, მერე შორს. მალე სიჩუმე ჩამოდგა.
ქოხში ისაკი შემოვიდა – მორდეხის შვილიშვილი. განჯინა გამოაღო, ვახშმის გაწყობას
შეუდგა.
– ერთი კაცის საქმეა ეგ, დათა, ერთი კაცის მოფიქრებულია; ყველაფერი ერთმანეთს გავს, –
თქვა მორდეხმა.
– მასეა, მარა ვინაა ის კაცი, ნეტავი, და ასეთი ჭკვიანი კაცები მათ სამსახურში რატომ
მიდიან, ეს მინდა ვიცოდე მე, – მიუგო დათა თუთაშხიამ.
– ყველა კაცი თავის საქმეს მისდევს. ჭკუა ბევრისთვის მიუცია ღმერთს, გაგება –
ცოტასთვის. გაგება როგორიც აქვს ადამიანს – ისეთ საქმეს მიყვება და არის. იმ კაცებს, შენ
რომ ლაპარაკობ, ქვეყნის გაგება რომ არ უვარგათ, რა ქნან მაშინ? – თქვა მორდეხმა.
დათა თუთაშხიამ ხელები შეიწმინდა, ცეცხლს ჩააცქერდა და თქვა:
– მორდეხ-ბატონო, შენით ცხოვრებას რომ იწყებდი, რანაირი იყო მაშინ შენი გაგება?
– საშოვარი და შოვნა.
– მერე?
– მივხვდი მერე, არაფერი რომ არ იყო ესეც, მარა სხვაც რომ ვერ ვნახე უკეთესი საქნელი,
მივყევი ბოლომდე, ვინახე ნაშოვარი და ვარ ასე – აგერ, ასის შევიქნები მალე.
ბუხრიდან ნედლი კუნძის შიშინი ისმოდა.
– კაი ვჭამე, კაი ვსვი, კაი ჩავიცვი და დავიხურე, ვითომ, მარა მეორე დღეს აღარ მახსოვდა
ეს. ფუჭად წავიდა ყველაფერი, – მორდეხი დაფიქრდა და დასძინა: – რაღა მახსოვს იქიდან
ახლა თუ იცი?.. მარტვილის ბაზარში ბიჭს თხა ყავდა გამოყვანილი. ისე დაძენძილ-
დაფლეთილი ტანისამოსი სხვა დროს არ მინახავს არსად, იმ ბიჭს რომ ეცვა. ქვრივი
დედაბერი ევაჭრებოდა ვიღაც – სახადმა ოჯახი ამომიწყვიტა, შვილიშვილი დამრჩა ძუძუს
ბავშვი, მისთვის მინდა ეგ თხა, დედაშვილობას გაფიცებ, სამ აბაზად მომეციო. მესამედი
ფასი იყო იმ თხის ის სამი აბაზი. არაფრის გულისთვის არ თმობდა ბიჭი. მე იქ იმისთვის
ვიყავი, რომ იაფად ნაყიდ ჩოხას ვყიდდი ერთს. ვაჩუქე იმ ბიჭს ის ჩოხა. მისი
დაუჯერებლობა, გაკვირვება და სიხარული მახსოვს, თვალებში მაქვს ახლაც და კიდევ ის
მახსოვს, ჩოხა რომ ვაჩუქე, მიცა ბიჭმა დედაბერს თხა სამ აბაზად. მომბაძა მე და მიცა.
თუთაშხიამ თვალი უსინათლო მორდეხზე გადაიტანა, გაიღიმა, არაყი დაისხა.
– ვცადე მაგ მე. ბევრჯერ ვცადე მაგ მე. იცი შენ ეს.
– რაი, მერე?
– ვისაც ჩავაცვი, მან გამხადა, სწორედ. მე თუ არა, სხვას გახადა მაინც.
– რომ არ ჩაგეცვა მისთვის, გახდა თუ აგცდებოდათ ან შენ და ან იმ სხვას?
სიჩუმე ჩამოდგა მერე თუთაშხიამ მიუგო:
– არ მიფიქრია მაგაზე, – და არაყი გადაჰკრა.
ვახშამს მორჩნენ. თუთაშხია ჩიბუხს აბოლებდა.
– მარტო ვერ გაბედავს ეგ ნაკაშიებთან მისვლას, მარა შურის უძიებლადაც არ გაჩერდება, –
ჩაილაპარაკა მორდეხმა.
ხმა კარგა ხანს არავის დაუძრავს. ისაკმა ჯამ-ჭურჭელი აალაგა, მაგიდა გადაწმინდა
თუთაშხიამ უთხრა:
– წადი, ისაკი, ძამიკო, ნახე ბუდუ ნაკაშია, უთხარი ყველაფერი. ტყუილუბრალოდ
გააფუჭოს, იქნება, კაცი ამ ტურამ.
ისაკმა დილით საწვრილმალო წაიღო, მთის სოფლისკენ წავიდა, მაგრამ ნაკაშიები
ჩვეულებრივზე მეტად მალავდნენ თავის ადგილსამყოფელს და მათი ნახვა გაჭირდა, სანამ
თუთაშხიას დანაბარები მისამართს მიაღწევდა მოსახდენი მოხდა: სარჩიმელია ნაკაშიებს
ჩაუსაფრდა, ბუდუს ესროლა, ადგილზევე მოკლა. ლუკას ეგონა, პოლიციის ხაფანგში
გავებითო და გაიქცა. სარჩიმელია შუაკაცთან მივიდა, შემოგვირიგდა, ჩვენს სამსახურში
ჩადგა, ორიოდ კვირის შემდეგ ყაჩაღებს დაუწყო დევნა.
ლუკა ნაკაშია კიდევ რამდენიმე თვეს იმალებოდა, მერე შინ მისვლა გაბედა, ერთ კვირას
დაჰყო, ისევ ტყეში წავიდა. ასე, ნელ-ნელა ოჯახში ყოფნას შეეჩვია. არც ჩვენ
შეგვივიწროვებია. ბოლოს ყაჩაღობანას თამაში მოიშალა და ხელში თოხი აიღო.
ერთი თვის თავზე თუთაშხიამ, შეთანხმებისამებრ, მორდეხის ქოხის კარი ისევ შეაღო.
სტუმარმა სალამი თქვა, დაჯდა, თუთაშხიას სიჩუმემ მოხუცი მიახვედრა, რომ მან ბუდუ
ნაკაშიას სიკვდილიც იცოდა და ბევრი სხვაც.
– სარჩიმელია რომ პოლიციის სამსახურში ჩადგა და ყაჩაღებს დაუწყო დევნა, თუ იცი ეს
შენ? – ჰკითხა მასპინძელმა.
– ვიცი კაციჭამია ვირთაგვა გამოიყვანეს მაგათ!
მორდეხი ნათქვამის მნიშვნელობას ვერ მიხვდა. აღარც დაუზუსტებია.
ცოტა ხნის შემდეგ თუთაშხიამ ხმადაბლა ჰკითხა:
– მორდეხ-ბატონო, როგორ მოიქცეს კაცი, როცა აღარ იცის, რა ქნას და რა აკეთოს? რას
მეტყვი შენ?
– მასეთი კაცებისთვის თქვენს სარწმუნოებას სხვაზე უკეთესი სამკურნალო აქვს –
მონასტერი!
დათამ თავი გაიქნია:
– ყველა სარწმუნოებაში და ჩვენს სახარებაშიც მარტო ის მწამს და მომწონს, ასეთი და
ასეთი უნდა იყოს ადამიანიო, რომ წერია. დანარჩენი, მე თუ მკითხავს ვინმე, არ ვარგა იქ.
საკვირველი ის არის სწორედ, იმ უვარგისი დანარჩენისთვის რომ შედიან მონასტერში
ბერად. ისე, კაი საქმის საკეთებლად ერისკაცობა ჯობს, ნამდვილია ეს. არ შევდგები იქ.
წავალ მე.
– სად?
– ისეთი და იმდენი მოხდა ჩემს ახლომახლოს ადრეც და ბოლო ხანებშიც, რომ ვერ
გამოვიტანე აზრი, რა ვქნა და როგორ ვიყო მერე. ეს უნდა ვიცოდე მე, არ შემიძლია
სხვაფრად. წავალ, გული უნდა გადავაყოლო რამეს. საქნელი, რაც არის და რასაც ვეძებ, ის,
იქნებ, მე რომ მივდივარ, იქაა და მე რომ მინდა ვქნა, იმაშია სწორედ? ნახვა უნდა ამას, –
მიუგო დათა თუთაშხიამ და პატარა ხნის მერე დასძინა: – მორდეხ-ბატონო ათი ათასი
მანეთი მჭირია დღესვე. თუ ვერ მოვედი ცოცხალი – მოგჭამა ჭირი მაგ ფულებმა; თუ ვერ
მოგისწარი ცოცხალს – ისაკს დავუბრუნებ მაშინ. თუ ვიცოცხლეთ ორივემ – არ
დაგეკარგება, იცი ეს შენ.
უსინათლო მორდეხი უხმოდ ადგა, ყავარჯენი აიღო, ნახევარ საათში დაბრუნდა, დათა
თუთაშხიას ფული მოუტანა.
ირაკლი ხურციძე
იმ დილით წინაღამის ნაქეიფარი ვიჯექი კაბინეტში, გაზეთებს ვათვალიერებდი. თავი
დაბუჟებულივით მქონდა, ძალიან უქეიფოდ გახლდით. სულაც არ მოვიდოდი კანტორაში
და რიგიანად გამოვიძინებდი, მაგრამ პირველი საათისთვის კლიენტები მყავდა
დაბარებული. მათ, რვა წლის მანძილზე, ყველა სასამართლო ინსტანცია მოევლოთ,
ოცამდე ქცევა სადავო მიწა კი ვერა და ვერ დაესაკუთრებინათ. იმედი მქონდა,
მოვარიგებდი, ორივე მხარე ჩივილითა და საქმის მოგება-წაგებით იყო დაქანცული.
ის იურიდიული კანტორა ექვსი, შვიდი წლის დაარსებული მქონდა. მყავდა ორი ვექილი,
ერთი ნოტარიუსი, ორი კომისიონერი, რამდენიმე უმცროსი მოხელე. ვაწარმოებდი,
როგორც ყველა სახის სასამართლო საქმეებს, ისე მსხვილ კომერციულ გარიგებათა
დოკუმენტაციის შედგენას და ფასეულობათა ყიდვა-გაყიდვაშიც ვშუამავლობდი, –
საკომისიო საქმიანობას ვეწეოდი. ძალიან მდიდარი არ ვყოფილვარ, მაგრამ იმდენი
შემოსავალი მუდამ მქონდა, რომ უდარდელად მეცხოვრა. ოცდათოთხმეტი წლის
უცოლშვილო კაცს, რასაკვირველია, ქეიფი, ქაღალდის თამაში, არშიყობა მიზიდავდა. ეს
კარგა დიდი ფული ღირდა; მქონდა, ვხარჯავდი და არც მენანებოდა. წელიწადში ორ თვეს
უცხოეთში ან პეტერბურგსა და მოსკოვში ვატარებდი. ამის საშუალებას ისევ ჩემი კანტორა
მიქმნიდა – საქმეებზე ვმგზავრობდი და, ამასთან, არც მხიარულებას და გართობას
ვიკლებდი. მოკლედ რომ მოვჭრათ, ვიყავი თავისუფალი პროფესიის ცნობილი მოქალაქე,
შედარებით ახალგაზრდა, იღბლიანი ადვოკატი. ის ხომ თავისთავად იგულისხმება, რომ
მაშინდელი თბილისის უმაღლესი საზოგადოების კარი ჩემთვის ღია იყო, თუმცა ამით
იშვიათად ვსარგებლობდი და, ალბათ, იმიტომ, რომ ჩინებს, წოდებებს, თანამდებობებს
ბავშვობაშივე არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი – ადამიანთა შეფასების საკუთარი
კრიტერიუმები მქონდა.
იმას ვამბობდი – ნამთვრალევი ვიჯექი, კლიენტებს ველოდებოდი-მეთქი. უმცროსი
მოხელე შემოვიდა და მომახსენა:
– თურქეთის მოქალაქე, ეროვნებით ლაზი, მიწათმფლობელი აზნაური, ბატონი არზნევ
მუსკია – მახვილი ა-ზე. მუსკია!
– არზნევ მუსკია? მახვილი ა-ზე?
– დიახ, ბატონო.
– რა საქმეზეა?
– დაინტერესებულია საბაღ-ვენახო მამულების შეძენით ქართლსა და კახეთში.
ასეთ გარიგებებს, უმთავრესად, სათავადაზნაურო ბანკი აწარმოებდა და გამიკვირდა, რომ
კლიენტმა ჩემს კანტორას მოაკითხა. მეორე მხრივ, საოცარიც არა იყო რა: მე ხომ მზარდი
პოპულარობის მქონე დაწესებულების პატრონი ვიყავი და ამ კლიენტის მხოლოდ
მოსვლაც კი იმას ადასტურებდა, რომ სერიოზული ფირმის სახელი მიმტკიცდებოდა.
– შემოიყვანეთ... ათი წუთის შემდეგ!
ასე იყო საჭირო ფირმის ღირსებისათვის, თორემ, ისე დავინტერესდი ბატონ მუსკიას
ნახვით, რომ იმ ათი წუთის მოთმენა ძლივს შევძელი.
საკითხი ეროვნულ ინტერესებსაც ეხებოდა. ეს ის დრო იყო, როცა ჩვენი თავადაზნაურობა
ჩალის ფასად ჰყიდდა თავის მამულებს. მყიდველების დიდ უმრავლესობას უცხო ტომის
კაპიტალისტები
შეადგენდნენ. თუ იმდენს
მოვახერხებდი,
რომ რომელიმე
დეგრადირებული თავადის მიწებს გასხვისებისგან ვიხსნიდი და ამ ლაზს
შევასყიდვინებდი, მაშინ საკუთარ თავს ღირსეულ კაცად ჩავთვლიდი; პატრიოტული
განწყობილება დამეუფლა, მეხსიერებაში ვიქექებოდი, ვიხსენებდი, თუ რა შემეძლო
მიმეთავაზებინა ჩემი ერის საკუთრების ამ ციდან მოვლენილი მხსნელისთვის. თან
იმისთვისაც ვემზადებოდი, რომ ღირსეულად, დარბაისლურად დავხვედროდი, კარგი
შთაბეჭდილება მომეხდინა პატრიოტულად განწყობილ მდიდარ მამულიშვილზე.
მოხელემ კარი შემოაღო, ლაზი შემოუშვა, თავადაც შემოჰყვა, სტუმარი წარმომიდგინა.
საწერ მაგიდას გამოვცდი, ხელი გავუწოდე:
– ვექილი, თავადი ხურციძე, დაბრძანდით, ჩემო ბატონო. მზად ვარ, გემსახუროთ! –
მოხელეს ვანიშნე, თავისუფალი ხარ-მეთქი.
სტუმარი სავარძელში ჩაჯდა, მე მაგიდას დავუბრუნდი. ბატონმა არზნევ მუსკიამ ერთი-
ორჯერ თვალითვალში გამიყარა, თავი ჩაქინდრა და, ალბათ, რაღაც ფიქრებს გაჰყვა.
კომერსანტები და სხვა ფულიანი კაცები საქმიანი საუბრის წინ ხშირად განსჯას ეძლევიან
ხოლმე და სტუმრის დუმილი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ, როცა
სტუმარმა დუმილისა და ფიქრის ყოველგვარ ზომას გადააჭარბა, მომეჩვენა, რომ სიჩუმის
დაურღვევლობა თავაზიანობის ნაკლებობაში ჩამომერთმეოდა და მოკრძალებით
მივმართე:
– ბატონო არზნევ მუსკია, მე გულდასმით გისმენთ! ჩვენ თანამემამულეები ვართ; ჩემს
თავს ვალდებულად ვთვლი, მონაწილეობა მივიღო თქვენს კეთილშობილურ წამოწყებაში.
სტუმარი დამაკვირდა, ოდნავ, ძალიან კეთილგანწყობილად გამიღიმა და თქვა:
– მე იმ საქმეზე არ ვარ მოსული, თქვენ რომ მოგახსენეს მათ. სხვა საქმეზე ვარ მე.
როცა ადამიანი ათი წუთის განმავლობაში საბაღ-ვენახო მიწების ყიდვა-გაყიდვისთვის
ემზადება და მოულოდნელად გაიგებს, რომ ხილი და ღვინო არაფერ შუაშია, ცხადია,
დაიბნევა.
– გისმენთ, ბატონო! – ძალისძალად ამოვღერღე.
სტუმარი დაფიქრდა, რაღაცნაირად დაიძაბა. მერე კიდევ ერთხელ მესროლა თვალი, ადგა,
ჩემი მაგიდის გასწვრივ გაიარ-გამოიარა. იმის შემხედავს, მეგონა, რომ აქ სულაც არ
ვეგულებოდი. აქლემის ბეწვის ჩოხა ეცვა, ძალიან ძველებური იშვიათი ნაკეთობის
მასრებითა და ქამარ-ხანჯლით დამშვენებული. ხნოვანებით ჩემი ტოლი იქნებოდა.
მამაკაცურად ლამაზი იყო. დიდრონ და კამკამა ცისფერ თვალებში იდუმალი, ძლივს
შესამჩნევი სევდა ედო. პირის კანის სითეთრეს ღია ფერის თმა უსვამდა ხაზს... უცბად
შეჩერდა, სწრაფად, საქმიანად ჩაეშვა სავარძელში და მშვიდად მომმართა:
– ბატონო ვექილო, მე ისეთ საქმეzე ვარ მოსული, არც თქვენ თვითონ და არც თქვენს
კანტორას რომ არ გაუკეთებია, ალბათ. ამ საქმეზე ვერ იტყვის კაცი, საქმეაო. მეგობარი
გყავთ თქვენ ქუთაისში – ელიზბარ ქოჩაკიძე; მასთან მოვითათბირე ჩემი სურვილი.
იფიქრა და თქvენთან მომასწავლა, – მოელაპარაკე, ეგებ მან იკისროს შენი გულისნადების
გასწორებაო. მოვედი აგერ.
სტუმარი კვლავ დადუმდა.
არ დავმალავ, ამ კაცმა თავისი გარეგნობით შემოსვლისთანავე მომაჯადოვა, მაგრამ მისი
მოსმენის შემდეგ თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ყელზე ქამანდი მომდეს, საითღაც
მიმარბენინებდნენ და მე კი წინააღმდეგობის გაწევასაც არ ვაპირებდი. პირიქით,
მსიამოვნებდა, რომ ვიღაცამ დამატყვევა და მალე სტამბოლის ბაზარზე სამამლუქოდ
გავიყიდებოდი.
– სახელი არ ვიცი იმ საქონლის მე, ყიდვა რომ მინდა, – თქვა სტუმარმა. – ალბათ, დროს
ტარება ქვია... ქეიფი, თამაში, ქალის სიყვარული! რა ვიცი, რა ვთქვა კიდევ. უდარდელი
ცხოვრებაც ქვია იმას. გამიგეთ, ალბათ.
ძალიან გამიკვირდა, უნებლიეთ წამწამებიც კი ამიფახულდა, ღმერთმანი. როცა გონს
მოვეგე, ნათქვამის არსს ჩავეჭიდე და გამეცინა; იმიტომ გამეცინა რომ ამ კაცმა მიკარნახა
სრულიად ახალი რამ: შეიძლებოდა ისეთი კანტორის დაარსება, რომელიც კლიენტებისგან
მსგავს შეკვეთებს მიიღებდა.
– კაცმა რომ თქვას, – მივუგე სტუმარს, – თუკი ნივთიერი ღირებულებების შეძენაში
ვეხმარებით კლიენტებს, სხვა სახის ღირებულებათა შეძენაში რატომ არ უნდა
ვეხმარებოდეთ? თქვენისთანა მუშტარი ჩემს კანტორას, მართლაც, არასოდეს ჰყოლია. და
ამიტომ მაგ წინადადებამ მით უფრო დამაინტერესა, ეგ არის, ამგვარი საქმეების
წარმოებაში არავითარი გამოცდილება არ გამაჩნია... თვითონ როგორ ხედავთ საკითხს,
როგორ გგონიათ, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ სურვილი დაგიკმაყოფილოთ?
– მოფიქრებული მაქვს ეგ, მოგახსენებთ და თუ მოგეწონებათ ჩემი აზრი – ხომ კარგი, და
თუ თქვენ უკეთეს საშუალებას მონახავთ, თანახმა ვიქნები მე. ელიზბარ ქოჩაკიძემ
თქვენთან მიტომ მომასწავლა, რომ რასაც თქვენ ყიდულობთ დღე ცისმარე, იმის ყიდვა
მინდა მეც. დავდებ ფულს წინასწარ. წინასწარ იმისთვის, რომ კაცმა არ იცის, რა დაჯდება
ის ჩვენი შესაძენი. სადაც წახვალთ – წამიყვანეთ მეც. ვისთანაც ატარებთ დროს –
გამაცანით ის ხალხი. თუ მოვხვდით ერთმანეთს ხასიათით, თუ დავამხანაგდით და
დავმეგობრდით, იმას გავაკეთებთ მაშინ, რაც ორივეს გვესიამოვნება და გაგვახარებს. ჩემი
საქციელით არ შეგარცხვინოთ, მგონია, და უხერხულ მდგომარეობაში თუ ჩაგაყენეთ
როდისმე, რა ქნას კაცმა, საქმე გექნებათ ნაკისრები და საქმემ ყველაფერი იცის, –
უხერხულობაც და სხვა ისეთიც, პირადად რომ არ მოგეწონოთ, გეხამუშოთ ან სათაკილოდ
გაგიხდეთ, იქნება რამე. თქვენ თვითონ თუ არ გცალიათ ან გული არ მოგიწევთ ჩემსკენ,
მომიჩინეთ მაშინ ვინმე, კაი წესიერი და შესაფერი კაცი, ჩამაბარეთ მას და მან იკისროს
ჩემი სურვილის ასრულება.
რაღაც გაუგებარი, ბუნდოვანი სიხარულით ვისმენდი. ასე დიდ და ღრმა
ცნობისმოყვარეობას, სულის შემძვრელ ინტერესს იშვიათად შევუპყრივარ. ბატონ არზნევ
მუსკიას წინადადებაში საოცარი მიმზიდველობა იყო. მზად ვიყავი, მაშინვე მიმეცა
თანხმობა, მაგრამ ჩვენი პროფესია დაუფიქრებელ, განუსჯელ მოქმედებას, ცნობილია, ვერ
იტანს, და გაბრუებას თავი დავაღწიე თუ არა, მიღებული წინადადების აწონ-დაწონას
შევუდექი.
სიჩუმე იყო. არზნევ მუსკია ჩემს პასუხს მოთმინებით ელოდა. მოხელე შემოვიდა,
მომახსენა, მიწებზე მოდავე კლიენტები მობრძანდნენო.
– მოიცადონ, ჯერ არ მცალია!.. – მოხელე გავიდა. მუსკიას მივუბრუნდი: – არ
დაგიმალავთ, თქვენ, როგორც პიროვნებამ, და თქვენმა წინადადებამაც დიდად
დამაინტერესეთ, მაგრამ არის შემაფერხებელი გარემოებებიც: იმისთვის, რომ თქვენი
ხარჯი გამართლებული აღმოჩნდეს, შედეგი რომ სრულფასოვანი იყოს, საჭიროა,
ერთმანეთი მოგვწონდეს, ერთად ყოფნა გვიხაროდეს... გესმით? ადამიანები დროს
მეგობრებთან... როგორ გითხრათ... ერთი სიტყვით, სასურველ პირებთან ატარებენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, დროს ტარება ტვირთად, თითქმის ძალადობად იქცევა ხოლმე.
მე თქვენ უკვე მომწონხართ და ის კი არ ვიცი, შესძლებთ თუ არა თქვენ ჩემთან
ურთიერთობას, გასიამოვნებთ თუ არა ჩემი საზოგადოება? ახლა მეორე.. რაც უნდა იყოს,
მე ჯერ ქართველი კაცი ვარ და შემდეგ – ვექილი. ცუდად მაქვს წარმოდგენლი, როგორ
უნდა ვატაროთ დრო ერთად, ხოლო ხარჯი თქვენ, ჩემმა სტუმარმა გასწიოთ.
– ხარჯს თქვენ გასწევთ, ჩემო ბატონო. დაივიწყეთ, რომ ფული ჩემია, და ხარჯეთ, როგორც
გენებოთ. მეც მომწონხართ, სიმართლეს ვლაპარაკობ, და თვითონაც ვეცდები, კაი
მეგობრობა გაგიწიოთ. ორივეს გვესიამოვნოს, მგონია, ერთად დროს ტარება. ერთია კიდევ:
ჩვენი გარიგება საიდუმლოდ უნდა დარჩეს ყველასთვის. აუცილებელია ეს. სხვებისთვის
მე სტუმრად ჩამოსული თქვენი მეგობარი უნდა ვიყო. რამდენი ხანი დაჭირდება ამ ამბავს
– არ ვიცი, მაგრამ თქვენ რომ წამიყვანთ, იმ ადგილებში და იმ ხალხში ფეხს როცა
მოვიკიდებ კარგად, აღარ შეგაწუხოთ იქნება, მერე, თქვენ თვითონ თუ არ გესიამოვნოთ
ჩემს გვერდით ყოფნა ან თუ საქმე გამოგიჩნდეთ რამე. დიდი ხნით ვერც მე მოვიცლი,
ალბათ. ვნახავთ და გამოჩნდება. წავალ აწი მე. მოუფიქრებლად პასუხს ვერ მომცემთ,
ვიცი, და ნაჩქარევი დასტური თუ უარი არც მე მინდა, მივიღო.
არზნევ მუსკია ადგა, ქამარ-ხანჯალი შეისწორა.
– როდის გეახლოთ, თავადო, კიდევ?
ფიქრებს თავი დავაღწიე, სტუმარს გავუღიმე. მე უკვე თანახმა ვიყავი, მეკისრა მისი საქმე.
საუბრის მანძილზე უარის თქმა ერთხელაც არ მომსვლია აზრად. დაუყოვნებელი
დასტურის მიცემისგან თავი ძლივს შევიკავე და მივუგე:
– ხვალ, ბატონო არზნევ. ასე, ოთხი საათისთვის.
– ერთი სათხოვარი მაქვს კიდევ. თუ მიიღოთ ჩემი წინადადება, მაშინ გარიგების საბუთი
შეადგინოთ უნდა. ეგ საბუთი ჩემთვის საჭირო არაა არაფრად, მარა თქვენთვის საჭირო
გახდეს, იქნება. ისეთ ცხოვრებას ვაპირებთ მე და თქვენ ერთხანს, რომ შეიძლება, ხიფათი
გამოვიდეს რამე: ჩხუბი, სროლა, ან რა ვიცი რა, და კანონის წინაშე ჩვენ მუშტარი და
ფულზე მასპინძელი უნდა ვიყოთ. შფოთიანი და მოჩხუბარი კაცი არ ვარ მე. არ მგონია,
უსიამოვნებას გადავეყაროთ რამეს, მარა მაინც იცოდეთ ერთი: რაც უნდა მოგვიხდეს
მარტო მე ვიღებ თავზე ყველაფერს კაცების, ღმერთის და კანონის წინაშე. სიტყვა
გითხარით მე! კარგად ბრძანდებოდეთ ირაკლი-ბატონო. მოვალ ხვალ დანიშნულ დროს.
გულთბილად დავშორდით ერთმანეთს. არზნევ მუსკიას ჩემზე კლიენტის შთაბეჭდილება
არ მო.უხდენია. რამდენჯერმე ვუხმე პროფესიულ ჩვევას – ფხიზელი მიდგომის პოზიციას
– მაგრამ, ეს არის, ახლა წასულ კაცში მუშტარი ვერა და ვერ დავინახე. რა ფიქრსაც უნდა
მივცემოდი, გული ყოველთვის ერთსა და იმავეს მკარნახობდა: მოვიდა შენი ტოლი კაცი,
სანდომიანი, თავაზიანი და, როგორც ჩანს, საინტერესო პიროვნება. ქეიფი და დროს
ტარება სურს თბილისში – თავისი სამშობლოს დედაქალაქში, დაინტერესებულია რიგიან
საზოგადოებაში ყოფნით. მე მაინც უდარდელი და ხარჯად ქცეული კაცი ვიყავი, რატომ
უნდა გადამეხდევინებინა ფული სტუმრისთვის იმაში, რასაც ეძებდა, მით უმეტეს, რომ
ეძებდა იგივეს, რაც მე ყოველდღე მქონდა, და ჩვენი ერთად ყოფნა ჩემს ხარჯებში
საგრძნობ ცვლილებას ვერ შეიტანდა. ერთადერთი, რამაც ცოტათი დამაფიქრა – გარიგების
საბუთი იყო. ცხადია, არზნევ მუსკიას ის საბუთი ჩემი უსაშიშროებისთვის სჭირდებოდა.
მაგრამ ბუნებით დარდიმანდი კაცი ვიყავი, თავის დასაზღვევად რაღაც საბუთების
მოშველიებას არასოდეს ვიკისრებდი. ან ისეთი რა უნდა დაგვეშავებინა, რომ ჩემი
გავლენისა და ნაცნობ-მეგობრების პატრონს, რაიმე საქმე გაგვრთულებოდა და სერიოზულ
უსიამოვნებაში გავხვეულიყავით? თუმც გარიგების საბუთის შედგენის რეალურ
საჭიროებას ვერ ვხედავდი, მაგრამ არც შეუდგენლობა შეიძლებოდა: არზნევ მუსკია ისეთი
კაცი ჩანდა, თავისი სურვილის ჩემ ფულად შეძენაზე არ დამთანხმდებოდა. ერთხანს
ვიყოყმანე ამაზე. ბოლოს, გადავწყვიტე საბუთი შემედგინა, ერთი პირი მუსკიასთვის
ჩამებარებინა, ხოლო მეორით, არც ერთ შემთხვევაში არ მესარგებლა და საქმის
დამთავრების შემდეგ ფულიც დამებრუნებინა.
მიწის ნაკვეთზე მოდავეები მივიღე, საათ-ნახევარში თუ ორ საათში, თითქმის
კმაყოფილები გავისტუმრე და არზნევ მუსკიასთან გარიგების საბუთის შედგენას მივყავი
ხელი.
მეორე დღეს ჩემი ახალი კლიენტი დანიშნულ დროს მეწვია, ღიმილით შემოვიდა. ისე
იღიმებოდა, თითქოს თავისი წინადადებისა და საქმისა ეთაკილებოდა. ევროპულად ეცვა,
ყველაფერი კოხტად მომჯდარ-მორგებული ჰქონდა.
გარიგების საბუთი გულდასმით წაიკითხა, თანხმობის ნიშნად თავი დაიქნია და მკითხა:
– თანხის ჩასაწერად ადგილი არის გამოტოვებული აქ. რამდენი გნებავთ, რომ
შემოვიტანო?
გამეცინა.
– მე მანეთსაც არ გამოგართმევდით, მაგრამ ვხედავ, თქვენი ნებიდან გადასვლას ვერ
მოვახერხებ. რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევთ, იმდენი იყოს.
– ოცი ათასი თუ კმარა? ოცდაათი მაქვს თან სულ. ათ ათასს დავიტოვებ, იყოს მაინც.
– როგორ ბრძანეთ?.. – გამიკვირდა, რადგანაც ოც ათასად იმ დროში კარგა მოზრდილი
მამულის შეძენა შეიძლებოდა.
– მე მინდა, თავადო, თავისუფლად ვიყოთ სულ.
კიდევ კარგი, რომ ეს გულუბრყვილო კაცი ჩემთან მოხვდა, თორემ სხვები, ღმერთმა უწყის,
რამდენ ფულს დასცინცლავდნენ-მეთქი, გავიფიქრე.
– არა, ბატონო არზნევ, შემოიტანეთ სამი ათასი, თუ არ იკმარა, კიდევ შემოიტანთ.
– იაფი ყოფილა ჩემი საქონელი, – ჩაილაპარაკა მუსკიამ, უბიდან ფული ამოიღო და
მაგიდაზე დამიდო.
თანხის ოდენობისთვის გამოტოვებული ადგილი შევავსე, მუსკიამ საბუთს ხელი მოაწერა,
თავისი ასლი შეინახა. ლამაზი, მკაფიო კალიგრაფია ჰქონდა, მაგრამ სიმშვიდეს
მოკლებული, ოდნავ მღელვარე.
– ბატონო არზნევ, ამიერიდან ჩვენი გარიგება ძალაშია! – საზეიმოდ განვუცხადე მუსკიას,
ზარი დავაწკარუნე, მსახურმა შამპანური და ფსტა მოგვართვა.
საცობი ჭერს მოხვდა. ქაფი შუშასა და ქათქათა ხელსახოცს შორის ჩაიღვარა.
– ვუსურვოთ წარმატება ერთმანეთს და ჩვენს, ამიერიდან, საერთო საქმეს! – მუსკიამ ჭიქა
მომიჭახუნა
მოხელემ სალაროს საშემოსავლო ქვითარი მოართვა ბატონ არზნევ მუსკიას.
– ევროპული ტანისამოსის საქმე როგორ გაქვთ?
– ოთხი ხელი შევაკერინე პაპერნოს, რომ ჩამოვედი, მაშინვე. თუა საჭირო კიდევ ან
უკეთესი, – იყოს იქნება, კარგი ოსტატი სხვა, შევიკერავ, მაგრამ როდის, რა ადგილებში და
რომელი უნდა ჩაიცვას კაცმა, ამას თქვენ მიკარნახებთ მერე და მერე.
– საუცხოოდ არის შეკერილი და რაოდენობითაც სრულიად საკმარისია. სად გაჩერდით,
ბატონო არზნევ?
– ვეტცელის სასტუმროში. პირველი სართულია, მეოთხე ნომერი.
– მაგ ნომერში, ამ ერთი თვის წინ, მუსიე დორნიე იდგა, ფრანგი სოვდაგარი და ნავთის
მრეწველი. მოხერხებული ნომერია. როდის და საიდან მივუდგეთ საქმეს, ბატონო არზნევ?
მუსკიამ გაიღიმა და თქვა:
– აგ თქვენ უფრო მოგეხსენებათ, ირაკლი-ბატონო. აგერ ვარ მე და ყველაფერში რომ
მოგყვებით და მხარს მოგცემთ, დაინახავთ ამას... ჩვენ სულ ოციოდე დღე დავყავით
ერთად. არზნევ მუსკიამ გუთანივით გადამიარა და თვალს მიეფარა, მაგრამ ეს
გულთამპყრობელი კაცი დღემდე ჩემი ცნობისმოყვარეობისა და დაუკმაყოფილებელი
ინტერესის არეში იმყოფება.
აი, მხედავთ, რომ ღრმად მოხუცებული კაცი ვარ. მეხსიერება შემარჩინა მაღალმა ღმერთმა,
ვერ ვიჩივლებ, ყველაფერი მახსოვს და, მიუხედავად ამისა, თხრობა კი არა, რვეულები
უნდა შემოგთავაზოთ... ერთი, ეგ უჯრა გამოსწიეთ, გეთაყვა... დიახ, ეგ... მანდ რვეულებია,
ნაირფერი... ძველი რვეულები, თხელტანიანი... ჰოოო! ეგენი!.. გმადლობთ, ყმაწვილო! ამ
ნაწერებს, ალბათ, უფრო რიგიანად ახსოვთ, რაც იყო. თავის დროზე... ეჰ, ვწერდი ხოლმე, –
განა გამოსაქვეყნებლად... არა. მსიამოვნებდა იმ ამბებისა და კაცის გახსენება და ვწერდი.
აი, როგორც ახალგაზრდობას იგონებენ ხოლმე სიამოვნებით, ეგეც ეგრე იყო. დაბრძანდით
მანდ, წაიკითხეთ. თუ გნებავთ, გადაწერეთ კიდეც. ჰო, აგერ, აი, მანდ დაბრძანდით და...
ცოტას დავისვენებ თორემ დავიღალე. ეეეჰ! სიბერემ იცის ესა.
თეთრი რვეული
... ამგვარად, ჩვენი ხელშეკრულება ძალაში შევიდა და არზნევ მუსკიას გასართობად რაიმე
უნდა გამომეგონა. ეს არ გამიძნელდებოდა, მაგრამ ამ უჩვეულო საქმისადმი
დამოკიდებულების შემუშავება გამიჭირდა: ერთი მხრივ არზნევ მუსკია დამკვეთი,
მუშტარი იყო და მისი ფულების განიავებას მისთვის დადებითი შედეგი უნდა მოეტანა:
მარწმუნებელი
რწმუნებულის
ურთიერთობებით,
აქედან
მოპოვებული
შთაბეჭდილებებით კმაყოფილი უნდა დაბრუნებოდა იმ გარემოცვას, საიდანაც მოვიდა. ეს
ხელშეკრულებაში “შემსრულებლად” წოდებული მხარის, ესე იგი, ჩემს მოვალეობას
შეადგენდა. მეორე მხრივ...
მსახურმა კარი შემოაღო, არზნევ მუსკიას გამოსცდა, ვიღაცის სადარბაზო ბარათი
მაგიდაზე დამიდო. ფიქრში ვიყავი, არც სადარბაზო ბარათისთვის მიმიქცევია ყურადღება
და არც მსახურისთვის. მსახური მიმიხვდა, – იმ წუთში საფიქრალი მქონდა, ვერავის
მივიღებდი. ფეხაკრეფითვე გავიდა...
... მეორე მხრივ, მე ამ კაცთან მეგობრული ურთიერთობისა და დროსტარებისკენ
მიმიწევდა გული მაშინ, როდესაც მას იქნებ რაიმე საგანგებო განცდები სჭირდებოდა და ეს
კი ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან, შესაძლოა, ვერ მიეღო. გამოდიოდა, რომ არზნევ
მუსკია, როგორც კლიენტი, იქნებ უკმაყოფილოც დამრჩენოდა.
– ირაკლი-ბატონო, – მითხრა მუსკიამ ამ დროს, – დღეს საღამოს სად აპირებთ წასვლას?..
წამოვალ მეც იქ, თუა შესაძლებელი ასე. საგანგებოდ ჩემთვის ნუ მოიგონებთ ნურაფერს,
მირჩევნია მე.
– ღმერთი შენ გიშველის, – სიხარულით დავეთანხმე. – სწორედ მაგაზე ვფიქრობდი. მეც
ეგრე მირჩევნია... გაიგონე? შენობით მოგმართე. ახლო მეგობრები ვართ. ხომ ასეა?
– მასეა, – სიცილით დამიდასტურა მუსკიამ, – აწი წავალ მე. სამსახურში ხარ და... როდის
და სად ვნახოთ ერთმანეთი?
ის რომ ამას მეუბნებოდა, მე სადარბაზო ბარათს შევავლე თვალი. ჯერ იყო და გამიკვირდა,
რომ სადარბაზო ბარათი ქალისა იყო. ასეთი რამ არსად შემხვედრია. მერე ბარათის
პატრონის ვინაობას დავუფიქრდი და რაღაც მენიშნა, სტუმარს პასუხი ოდნავ შევუგვიანე.
– მოიცადე, არზნევ, პატარა ხანს...
ზარი დავაწკარუნე, მსახური შემოვიდა.
– ეს ქალბატონი რა ხნის იქნება, ვასილიჩ?
– ასე, ოცდათხუთმეტის, მაგრამ კარგად არის შენახული, ოცდარვა-ოცდაცხრას თუ
მისცემს კაცი.
– კარგი, წადი. დაგიძახებ.
მსახურმა შამპანურის ბოთლი და ჭიქები გაიტანა.
ერთი დავთარი მქონდა – ყოფილი და მომავალში შესაძლებელი კლიენტების სია.
გადავშალე. ბატონი შირერიც მეწერა, რამდენიმე თავყელიშვილიც და ქალბატონი ნანო
ფარნაოზის ასული თავყელიშვილი-შირერისაც! სხვა საჭირო ცნობებიც იყო: მისამართები,
უძრავ-მოძრავი ქონება, საქმიანობის სფერო, კაპიტალი... დავთარში იმიტომ ჩავიხედე,
რომ მეხსიერების შემოწმება მჭირდებოდა, თორემ ნანო თავყელიშვილს ბავშვობაშივე
ვიცნობდი. ახლა კი, ერთი წლის წინ იყო, მიმიპატიჟა კიდეც, ჩანს, ურთიერთობის
აღდგენის მიზნით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ჩემი სტუმრობა და
ბოლოს ბოდიშის შეთვლა მომიხდა.
სადარბაზო ბარათი არზნევ მუსკიას გავუწოდე.
– წაიკითხე.
ლაზმა ბარათი გამომართვა, ხმით წაიკითხა. გამიკვირდა, რომ თურქეთში მცხოვრები კაცი
რუსულს თავისუფლად კითხულობდა, და, სიმართლე ვთქვა, აქცენტიც, მგონი, ჩემზე
ნაკლები ჰქონდა.
– ეგეთი გამართული რუსული სად ისწავლე?
– მასწავლეს ბავშვობაში. მერე ყუბანზე ვიყავი კაი ხანს. ენა გავიტეხე იქ. რუსული
წიგნების კითხვაც მიხდება ხანდახან, თვარა გიმნაზიაში არ ვარ ნამყოფი მე.
ამან უფრო გამაკვირვა: არზნევ მუსკია განათლებული არისტოკრატულ ყაიდაზე
აღზრდილი კაცის შთაბეჭდილებას სტოვებდა. მართალია, მე მისი ერუდიციისა და
ცოდნის დადგენას სულ ორიოდე დღის ნაცნობობაში რას შევძლებდი, მაგრამ
ურთიერთობის პროცესში ჩანს ხოლმე, თუ ვინ რას წარმოადგენს ამ მხრივ...
– ვინაა ეს ქალი?
– როგორ გითხრა. ბავშვობაში ჩვენს ოჯახებს ერთმანეთში სტუმარმასპინძლობა ჰქონდათ.
მე და ეს ქალი ტოლები ვართ, ხშირად ერთად გვითამაშია. გიმნაზია დაამთავრა თუ არა,
ოჯახიდან გაიქცა, მაგ შირერს გაჰყვა. შირერი რომ იყო, ამ რამდენიმე წლის წინღა გავიგე,
არ ვიცოდი. არც ის ვიცი – იქნებ გაყოლით სხვას გაჰყვა და მერე მაგას შეეყარა? ერთად კი
დაბრუნდნენ და. ერთი სიტყვით, ეგ შირერი უცხოელი კაპიტალისტია და ამჟამად
საკმაოდ მსხვილიც. მაშინ ასე, ოცდათორმეტი, ოცდაცამეტი წლის კაცი იქნებოდა, თუ ეგ
ის არის, ვისაც ნანო წაჰყვა. წაიყვანა ეს გოგო ევროპაში, უმაღლესი განათლება მისცა,
მგონი, ჟენევის უნივერსიტეტი დაამთავრებინა. იქა ცხოვრობდნენ, თბილისში მათი
დიდხანს არა ისმოდა რა. ამ ოთხი წლის წინ დაბრუნდნენ. შირერმა ზაქათალის, კახისა და
კობახჩოს მიდამოებში დიდი ტყეები იყიდა. სულ კაკალი და მუხაა. ხე-ტყის მრეწველია
შირერი. ზაქათალაში სახლი აიშენა. აქ, სოლოლაკში, სომხისგან მეორე, უფრო დიდი
სახლი იყიდა. ორივე მდიდრულად აქვთ მორთულ-მოწყობილი. უშვილოები არიან. ეს
ქალი წელიწადში ექვს თვეს თბილისში ცხოვრობს. დანარჩენ დროს ზაქათალაშია ან
მოგზაურობაში ატარებს. ასე. ახლა, წრე... – დავთარში ჩავიხედე. – ვიწრო წრეში
ტრიალებს, დიდგვაროვან ოჯახებს ერიდება, ვაჭარ-სოვდაგრებს ახლო არ იკარებს. კარგი,
კიდევ რა ვიცით ამ ქალბატონისა? აჰა, აი, მდგმურები არა ჰყოლია. ორი ლაქია, ორი
დამლაგებელი, ერთი ხელზე მოსამსახურე გოგო, ერთიც მზარეული... მზარეული,
სახელად ყათრანა! კაცო, ქმარი თბილისში იშვიათად ჩამოდის, ამოდენა სახლში მარტოა
ხოლმე?! მათ საქმეებს ახპარუნოვის იურიდიული კანტორა აწარმოებს... მით უფრო
მოულოდნელია ამ ქალბატონის ჩემთან მობრძანება!
– კაი, აბა. წავალ მე... – მუსკიამ ახალი კლიენტის სადარბაზო ბარათი გამომიწოდა.
– არა, თუ გადაუდებელი არაფერი გაქვს, მოიცადე, არზნევ. ჩვენი ხელშეკრულების
თანახმად, შეგიძლია, ამ მიღებასაც დაესწრო, მაგრამ არის ერთი დელიკატური
გარემოება... ადვოკატებთან, უმრავლეს შემთხვევაში, რაიმე საიდუმლოთი მოდიან.
საიდუმლო როგორ?.. პირისპირ სალაპარაკოდ მოდიან. აგერ, უკანა ოთახში შედი. კარი
ოდნავ ღია დატოვე. კარადა გამოაღე, იქ სასმელიც არის და საჭმელიც. თავი შეიქციე, თან
ყური გქონდეს, იქნებ შენთვის რაიმე საინტერესო გაიგონო. მიდი, თორემ ქალბატონს
ლოდინი მობეზრდება...
– უხერხული ხომ არაა ჩემი იქ ყოფნა, ირაკლი?..
– ნუ სწუხხარ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგაყენებ. ჩვენს ხელშეკრულებაში ეს
მომენტიც იგულისხმება.
არზნევ მუსკია გავიდა, მსახურს ვუხმე, ქალბატონის შემოყვანა ვანიშნე.
ქალბატონ თავყელიშვილ-შირერისაზე გადაშლილი დავთარი დავხურე, თაროსკენ წავიღე.
სანამ საწერ მაგიდას დავუბრუნდებოდი, კარი გაიღო, ქალბატონმა ნანომ ზღურბლი
გადმოიარა. მივესალმე, სავარძელში ჩაჯდომა ვთხოვე, მეც დავჯექი. სავარძლებს შუა
დაბალი მრგვალი მაგიდა მედგა. ზედ პაპიროსების ლამაზი ყუთი იყო.
ხუფი ავხადე, – ინებეთ, თუ ეწევით-მეთქი.
– გმადლობთ. ძლიერ იშვიათად ვწევ. მაშინ ვწევ, როცა ძალიან კარგ გუნებაზე და ძალიან
მხიარულად ვარ, – ღიმილით თქვა ქალმა.
– გამოდის რომ კარგ გუნებაზე ძლიერ იშვიათად ხართ ხოლმე!
– ძალიან კარგზე?.. რა თქმა უნდა! განა ყველა ასე არ არის?
ბავშვობა და ჩვენი ოჯახების ურთიერთობა მოვიგონეთ. მიცვალებულები და ცოცხლები
ვახსენეთ. მერე სიტყვიერადაც მოვიხადე ბოდიში, რომ მიპატიჟება გავუწბილე. ახლა
ქმრისა და ოჯახის საქმეები ვკითხე. შემდეგ ორიოდე ახალი ამბავი ვთქვი და ამ
თავაზიანობებს პატარა პაუზა მოჰყვა.
ქალბატონ ნანოს ერთობ სადად ეცვა. მისი წოდების მანდილოსნები სამკაულებს
ეტანებოდნენ. ამას მხოლოდ ნიშნობის ბეჭედი ეკეთა არათითზე და ოქროს ძეწკვი ყელზე,
რომელიც, ალბათ, მკერდში ჩამალული პატარა საათით მთავრდებოდა. ეგ იყო და ეგა.
– რისთვის შეწუხებულხართ, ქალბატონო ნანო? – სიჩუმე დავარღვიე, – ნუთუ საქმეზე?..
უნდა შემოგეთვალათ და შინ გეახლებოდით.
– რას ბრძანებთ! გარდა ამისა, მე კანტორაში მოსვლა მერჩივნა.
ნანომ რაღაც დაირცხვინა, იმავ წამს თავს დაეუფლა და ღიმილითვე განაგრძო:
– იმედი მაქვს, ამ სახლს საიდუმლოს დაცვა შეუძლია...
– აგერ, ცეცხლგამძლე კარადა. შიგ ორასამდე მარწმუნებლის საიდუმლოება ინახება! ვერც
ერთი მათგანი ვერ დაგვემდურება... სამაგიეროდ, კარს ხომ ხედავ – ოდნავ ღიაა. იმ
ოთახში ჩემი უახლოესი მეგობარი, ლაზი აზნაური, ბატონი არზნევ მუსკია საუზმობს.
დავხურო?
ქალბატონი ნანო დაფიქრდა, მხრები აიჩეჩა და მითხრა:
– თუკი ბატონი შენი უახლოესი მეგობარია... – ქალმა უცბადვე შენიშნა, რომ ჩვენი
ბავშვობისდროინდელი, ამხანაგური ურთიერთობის აღდგენა შევთავაზე, ადვილად
დამყვა და ამის შემდეგ ოფიციალური ტონისთვის აღარ მიუმართავს. – განა სულ ერთი არ
არის, ჩემგან გაიგონებს, თუ ჩემი წასვლის მერე შენგან გაიგებს ჩვენი საუბრის შინაარსს?
ორთავეს გაგვეცინა. ნანომ კვლავ იყუჩა. ეტყობა, დასაწყისს ეძებდა, ინტონაციას ირჩევდა.
უკანა ოთახიდან რაღაც ჩახანი მოისმა.
– არზნევ, წყნარად, თორემ კარს დაგიკეტავ! – დავიძახე უფრო იმისთვის, რომ ლაზთან
ჩემი ახლო მეგობრობა ქალის წინაშე საგანგებოდ აღმენიშნა.
– რა იყო, შე კაცო, რევოლვერი ხომ არ დამიცლია, დანა დამივარდა ძირს, – მიპასუხა
არზნევ მუსკიამ. – მამაკაცი შემოგესწრებათ ლაპარაკში, უეჭველია ეს!
– დიახ, ნანო, გისმენ.
– კონსულტაცია მჭირდება. მოგეხსენება, ზაქათალა პატარა სამაზრო ქალაქია, ერთმანეთს
ყველა კარგად ვიცნობთ. ერთი პოლიციის მოხელეა იქ, ვეტროვი გვარად. ოცდაათი წლისა
იქნება. ოჯახებში ვხვდებით ერთმანეთს, ხან სად და ხან ვისთან. არც ისე ხშირად.
სანდომიან ახალგაზრდად სთვლიან. მე ის კაცი არ მომწონს. რაღაც აქვს ისეთი...
ყურებდაცქვეტილ ფინიას მაგონებს ხოლმე, მაგრამ თავაზიანობის წესებს ვერსად
წაუვალთ, ეს გასაგებია.
– რა თქმა უნდა.
– დიახ, და ერთხელ ამ ვეტროვმა სიტყვა სიტყვას გაუყენა, – ვასენკოვების ოჯახში იყო ეს
ამბავი, – და სრულიად მოულოდნელად ჩემს, ვითომდა ინტიმურ დამოკიდებულებებზე
ხუმრობას შეუდგა. ორი ოფიცრის გვარი გადმომკრა. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი,
მზად ვიყავი, ბრიყვისთვის თავისი ადგილი მიმეჩინა, მაგრამ მოთმინება და მოსმენა
ვარჩიე. ცხადია, შემატყო, არ მსიამოვნებდა მისი ჭარტალი ლაპარაკი მოამრგვალა და
ბოდიშიც მომიხადა: – ქალბატონო ნანო, ვფიცავ ადამიანობას, ყოველივე ამას მხოლოდ
ხუმრობის დანიშნულება ჰქონდა. სხვაში ნურაფერში ჩამომართმევთ და მომიტევეთ თუ
ვითავხედეო!
შემიძლია, დაჟინებით ვთქვა, რომ ვეტროვს მხოლოდ უზრდელობის უეცარი შეტევა
როდი ამოძრავებდა. საინტერესო ის არის, რომ მისი ინფორმაცია ყალბი იყო; ხსენებულ
ოფიცრებთან ამხანაგური დამოკიდებულებების მეტი არა მქონია რა. ახლა ერთი რამ: ამ
შემთხვევაში შენ ჩემი მესაიდუმლე ბრძანდები და უნდა მოგახსენო, რომ... თუმცა, ორნი
ხართ მესაიდუმლეები – შენ და ის თურქი აზნაური...
– ლაზი აზნაური, ქალბატონო! – გამოგვძახა მუსკიამ
– დიახ, შენა და ის ლაზი აზნაური... არსად გამიგონია, აღსარებას ორი მღვდელი
ერთდროულად ისმენდეს... იმ ვეტროვის ყურმისაწვდომზე ინტიმურ სიახლოვეში
არავისთან ვყოფილვარ. ეს ჭეშმარიტებაა და ნათქვამი თავის მართლებაში რომ არ
ჩამომერთვას, აქვე დავაზუსტებ: გამორიცხული ჩემს ცხოვრებაში არაფერია. მე სრულიად
და ყოლველმხრივ თავისუფალი ვარ. ამას ქალი კი არ ლაპარაკ-
ობს – ადამიანი გეუბნება!
უკანა ოთახში დაჟინებული ხველება გაისმა.
– ყურადღებას ნუ მიაქცევ. მაგას სიგარები ერთმანეთში ერევა, ფირმას ვერ არჩევს, მაგარი
შეხვდება ხოლმე და ახველებს.
– ეგ ხველება სიგარებისა არ იყო. შენმა მეგობარმა ჩემი ნათქვამი არ დაიჯერა.
– სწორი ბრძანებაა, ქალბატონო. არ დავიჯერე. თავისუფალი რომ ხართ, ის არ დავიჯერე
მე.
– თავისუფალი ვარ! – დაადასტურა შირერის მეუღლემ.
– ჰმ, კაცთა მოდგმის დასაბამიდან დღემდე სატკივარი გადაგიწყვეტიათ, ქალბატონო.
ვიცნობ რამდენიმე კაცს მასეთს. ისიც ვიცი, რატომ და როგორ არიან თავისუფალი. თქვენ
რატომ და როგორ ხართ თავისუფალი, თუ იტყვით, დიდად მადლიერი დაგრჩებით,
ვფიცავ ადამიანობას! – გამოსძახა არზნევ მუსკიამ ქალბატონ ნანოს.
ნანო დაფიქრდა. ალბათ, იმაზე ფიქრობდა, ღირდა თუ არა ჩემი მეგობრის
ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, და ბოლოს თქვა:
– არასოდეს და არაფერზე არ ვეუბნები უარს საკუთარ თავს. ყველა სურვილს ვისრულებ.
ამას განხორციელებულ თავისუფლებად ვთვლი. შიშის გრძნობას ვძლიე, გასაგებია?
უკანა ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. პაუზა გაჭიანურდა.
– განაგრძე, ნანო, ვხვდები, რომ რაც მიამბე, მხოლოდ შესავალი იყო, – ვთქვი მე.
– ამ სახამუშო ლაპარაკის შემდეგ ვეტროვმა, რატომღაც, დასაშვებად ჩათვალა, უფრო
მოურიდებლად, ფამილარულად მომპყრობოდა. გავფაციცდი, რომ უხეირო, მიუღებელი
ნაბიჯის გადმოდგმის მიზეზი არ მიმეცა მისთვის. ვეტროვი ახერხებდა ჩემს ნახვას,
მესაუბრებოდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები მის მიერ სხვადასხვა ხმების, ჭორებისა თუ
სამსახურებრივი ამბების გადმოცემას არ გასცილებია. ამასთან ერთად, იგი არანაკლებ
ყურადღებას ამჟღავნებდა ჩვენი ქალაქის სხვა მანდილოსნების მიმართაც, ამით
ურთიერთდამოკიდებულებებს ამძაფრებდა და თავისი პიროვნების გარშემო ერთგვარ
აჟიოტაჟს ქმნიდა. ყოველივე ეს დახელოვნებული დონ ჟუანის ხრიკებს ჰგავდა, მაგრამ
ერთ დღეს, ირაკლი, ნათლად ვიგრძენი, რომ ვეტროვს არც ერთი ჩვენთაგანის მიმართ –
ქალებზე ვლაპარაკობ, – არავითარი ინტიმური მიზნები არ გააჩნდა და ამ მოსაზრების
დადასტურებაც არ დაყოვნებულა. პერევალოვების ოჯახში ვახშმობისას ვეტროვს
მუნდირის შიდა ჯიბიდან რაღაც ქაღალდი ამოუცურდა. მინდოდა, მეთქვა, აიღეთ-მეთქი,
მაგრამ თავი შევიკავე და ვახშმის შემდეგ ქაღალდი მე ავიღე. როგორ გგონია, რა იყო?.. სია!
რვა ქალის სახელი მრავალწერტილებით ბოლოში. ის ქაღალდი თანა მაქვს. ეს არის და ესა.
მე მინდა, ირაკლი, აღმომიჩინო დახმარება იმაში, რომ გავერკვე: გამოხატავს თუ არა
ვეტროვის საქციელი ჩემი პიროვნებით რაიმე საგანგებო დაინტერესებას – ვთქვათ,
სამსახურებრივი ხასიათისას: თუ ეს ასეა – სახელდობრ, რას ეძებს, რა სურს ჩემგან? რაც
გიამბე და დასმული კითხვაც, იქნებ ეგზალტირებული, ტუტუცი ქალის ბოდვად მიიჩნიო.
მაგრამ არის ორი, ასე ვთქვათ, დამატებითი გარემოება: პირველი – ვეტროვი პოლიციის
მუნდირში გამოწყობილი, საგანგებო დავალებათა ჟანდარმია, ეს ნამდვილად ვიცი, და
მეორე, მთავარი – ინტუიციას თითქმის არასოდეს მოვუტყუებივარ.
ნანომ პირბადე აიწია, შუბლი შეიმშრალა.
არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე
თავს და არა დანახვისთანავე. ნანოც ასეთი ქალი იყო, მის სილამაზეს მიგნება
სჭირდებოდა.
– შევეცადოთ, ერთად გავერკვეთ, მაგრამ სანამ ანალიზს შევუდგებოდეთ, საჭიროა
ვიცოდე: გაქვს თუ არა საფუძველი, იფიქრო, რომ ჟანდარმერიას შეიძლება,
აინტერესებდეს შენი პიროვნება? – ვკითხე ნანოს.
– მაქვს! შეიძლება, ვაინტერესებდე.
– გასაგებია. საჭიროება მოითხოვს, ქალბატონო, ვიცოდე ისიც...
– აღიარება მოულოდნელი იყო, ცოტა დავიბენი, ახალი შეკითხვა მშრალი,
სიტუაციისთვის შეუფერებელი წყობისა გამოვიდა და ინტონაციის შეცვლა მომიხდა: –
შენს იმ ქმედებაში, რომელიც ჟანდარმერიისთვის გარკვეულ ინტერესს შეიცავს,
სიფრთხილისა და კონსპირაციის ნორმები ხომ არ დარღვეულა? ვთქვათ, ხომ არ ჩაგირევია
საქმეში მესამე პირი ან ვინმესთვის ხომ არ გაგინდვია საიდუმლო? შესაძლოა თუ არა, რომ
შენი სახელი ფარული მოღვაწეობის სფეროებში ან საპყრობილეებში იხსენიებოდეს?
ნანო დაფიქრდა. მეგონა, რომ იგი სწორი პასუხის მოსაცემად თავისი საიდუმლო
ურთიერთობების გარემოებებსა და წვრილმანებს გადასწვდა. მან კი, აი, რა მითხრა:
– ქალი ვარ, მართალია, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგად ვიცნობ ჩვენი დროის პოლიტიკურ
მიმდინარეობებს. არც ერთი არ მაკმაყოფილებს. ჩემს შეხედულებებს, წარმოდგენებს,
რწმენას, არც ერთი არ ემთხვევა. მეორე მხრივ, ბოროტების შემჩნევის, დანახვის უნარი და
მის წინააღმდეგ ლაშქრობის თანდაყოლილი ჟინი არ მასვენებს და ვერ კი მიმიგნია,
როგორ და რაში აღვასრულო ეს თვისება – კეთილგონიერი, უტყუარი მოქმედების გეზს
ვერ ვპოულობ, გესმის? ერთხელ ჩემთან ციხიდან გაქცეული კაცი მოვიდა, თავშესაფარი
მთხოვა. მოსდევდნენ... იმის შემდეგ, ყოველმხრივ გამართლებული და უტყუარი მგონია
დევნილის დახმარება, ვთქვათ, ისეთისა, რომელიც იბრძვის, თავსა სდებს, სიკვდილს
არაფრად აგდებს, ციხეში ჯდება, კატორღიდან გარბის და ამას იმიტომ სჩადის, რომ არ
შეუძლია, თავის რწმენას არ ემსახუროს, არ შეუძლია, “იყოს სოფელში და სოფლისთვის
არა იზრუნოს”. ჩემი დანაშაული კანონის მიმართ იმაშია, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე
ორი დევნილი შევიფარე, მივეცი ყველაფერი, რაც მათი სულიერი და ხორციელი
სიცოცხლისთვის იყო აუცილებელი, და გავისტუმრე. საქმეს დასჭირდა, შენა და შენი
ლაზი აზნაური პირველნი ხართ, ვისაც ეს საიდუმლო გავანდე. რაც შეეხება იმ ადამიანებს,
რომელთა წინაშე, ასე ვთქვათ, მოყვასის ვალი მოვიხადე, დარწმუნებული ვარ, ხსოვნას
დღესაც თვალისჩინივით უფრთხილდებიან. ამას მხოლოდ მადლიერების გრძნობა და
ცოტაოდენი გონება უნდა. მე მათ ვერც პირველს წავართმევ და ვერც მეორეს. ისინი
წესიერი კაცები არიან. მაშ, საიდან და რა უნდა იცოდეს ჟანდარმერიამ?
ნანო მოულოდნელად დადუმდა, უკანა ოთახის კარს მიაჩერდა.
ზღურბლზე არზნევ მუსკია იდგა, ქალს შეჰყურებდა.
– ნება მიბოძეთ, ქალბატონო!.. – თქვა მან. – მაპატიეთ, მაგრამ მესმის ყველაფერი, მაინც,
და... – მუსკიამ მღიმარი თვალები მიანათა ჩემს თანამოსაუბრეს. – ძალიან მინდა, მანდ
რომ ვიყო... თქვენთან! აგერ, ირაკლიმ მომისაჯა იქ ჯდომა, გამოვიქეცი და შემიფაროთ,
იქნება, თქვენ!
ქალს ხმა არ ამოუღია, რაღაც უცნაური ჩაკირკიტებით ათვალიერებდა მუსკიას.
ლაზის ყოფნას უკანა ოთახში, მართლაც, აღარ ჰქონდა აზრი, მაგრამ არ ვიცოდი, ჩვენს
ქალბატონს ესიამოვნებოდა თუ არა მოუწვეველი სტუმრის დასწრება. ნანომ შემომხედა,
ალბათ, ფიქრს მიმიხვდა და კეთილგანწყობილად თქვა:
– მობრძანდით, უკვე სულ ერთია – მერე დაიძაბა და დასძინა: – თქვენ უთუოდ, რისამე
კითხვა გსურდათ!
ცხადი იყო არზნევ მუსკიას გახუმრება: – იქნებ, თქვენ შემიფაროთო, – ქალმა დაცინვად
მიიღო. ორიოდე წუთის წინ ხომ დევნილთათვის დახმარების აღმოჩენაზე ლაპარაკობდა?
ან, იქნებ, უბრალოდ, სურდა, დაეზუსტებინა, თუ რა აზრი გამოაყოლა ლაზმა თავის
სიტყვებს, მაგრამ ასე დაჟინებული და გამსჭვალული ცქერა მაინც, რა იყო?
– არზნევ მუსკია! – ლაზმა მოკრძალებით წარუდგინა თავი ნანოს და მესამე სავარძელში
ჩაჯდა.
– ნანო თავყელიშვილი-შირერისა, – გამოხმაურება დაუგვიანა ქალმა. ეს ჩურჩული უფრო
იყო, ხოლო სალმის ნიშნად თავის დაქიცინება – რაიმეზე თანხმობას, რისამე დასტურს
ჰგავდა.
მოხდენილი, ელეგანტური და სადა იყო არზნევ მუსკია. მგონი, იმ შემთხვევას შევესწარი,
როცა ქალის თვალი გამაფაქიზებლად მოქმედებს მამაკაცის მიხრა-მოხრაზე, პლასტიკაზე.
ცხადია, ჩვენმა ქალბატონმაც შენიშნა და შეაფასა შემოსწრებულის მოკრძალებული პეწი.
– მე თქვენ მინახიხართ! – ჩაილაპარაკა ნანომ. – სად მინახიხართ... – ქალმა თვალები
დახარა, მარაოს ქნევას მიჰყო ხელი.
კარგა ხანს იფიქრა. ჩვენ ორთავე განაბული შევცქეროდით,
გვითამაშებდა სახეზე; მე – მოლოდინისა, ლაზს – განცვიფრებისა.
ორთავეს
ღიმილი
– ააა, მომაგონდა, დიახ, დიახ... მაგრამ გვარი არ ემთხვევა. მცდება, რა თქმა უნდა. ის კაცი,
ვისაც გამსგავსებთ... – ქალმა ჩაიცინა, – აბრაგია!
– ყაჩაღებსაც იცნობ? – ვკითხე მე. – ერთობ ფართო კონტაქტები გქონია დამნაშავეთა
სამყაროსთან, მშვენიერო ქალბატონო!
– საკმაოდ! – თქვა ქალმა და კვლავ ჩაიცინა – ასეთი იღბალი მაქვს.
– შიშის გრძნობა ვძლიეო, თქვენ ბრძანეთ. შიშით ათასი რაიმეს შიში შეიძლება ქონდეს
კაცს. რის შიშის გრძნობას ძლიეთ, როგორაა ეგ? – ჰკითხა ლაზმა.
ნანომ ლაზს თვალი თვალში გაუყარა, მაგრამ სულ რამდენიმე წამით. მერე ყუთიდან
პაპიროსი ამოიღო, თითებში აათამაშა და ჩაილაპარაკა:
– მაგას მოფიქრება უნდა, ბატონო არზნევ. ახლავე მოგახსენებთ.
ისევ გამოვიტანე შამპანური და ჭიქები, ბოთლი გავხსენი, ჩამოვასხი, თანამოსაუბრეების
წასახალისებლად მოვსვი კიდეც, მაგრამ ქალბატონი ნანო კვლავ სდუმდა.
– ქალბატონო, – ვუთხარი მე, – ბატონი არზნევ მუსკია და შენი მორჩილი მონა ველით
განმარტებას, თუ რა გზით და რანაირად სძლიე...
– ინებეთ, მზად ვარ, მაგრამ ვიცი, ლაზი აზნაური არ მოისვენებს, ჩემს პასუხს კამათი
მოჰყვება და თვალსაზრისის დასაცავად მაგალითები დამჭირდება. ამიტომ ერთ
შემთხვევას მოვიშველიებ. თანახმა ხართ?
– რა თქმა უნდა!
– გისმენთ, ქალბატონო.
– შიში, საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი არსებობს – სიკვდილის შიში! იგი თავდაცვის
ინსტინქტიდან გამომდინარეობს და, თუ კარგად დავაკვირდებით, ადამიანთა
უმრავლესობის ყველა საქციელში მჟღავნდება. ყური მიგდეთ და შევეცდები, დავამტკიცო
ეს მოსაზრება. საქართველოში დაბრუნების პირველსავე წელს იყო, ოჩამჩირის
მახლობლად სტუმრად ვიყავით ცოლ-ქმარი. სექტემბერი იდგა, მშვენიერი დარი და ზღვა
იყო. ზღვისპირზე დიდი ქოლგა გვქონდა, ვბანაობდით, წიგნებს ვკითხულობდით – რა
ვიცი, დროსა ვკლავდით.
ერთ დღეს სამხრობას შინ მივბრუნდით. მასპინძელმა ტრაპეზისა და თვალის წატყუების
შემდეგ ცხენები შეაკაზმინა, გაისეირნეთო. ისიც გვითხრა, შორს ნუ წახვალთო. საცაა უნდა
მოსაღამოვებულიყო.
შარაზე გავედით, ოჩამჩირეს გავცდით, სამურზაყანოს მიმართულებით გავაჭენეთ. ჩინებული ცხენები გვყავდა, გრილოდა. ლონდონში
შეკერილი ახალთახალი “ამორძალა” მეცვა, კოხტაობის ხასიათზე ვიყავი და, პირადად მე,
დაღამებამდე ვაპირებდი სეირნობას. ქმარმა რამდენიმეჯერ მითხრა, – გვეყოფა,
დავბრუნდეთო. ყურად არ ვიღე, როგორც იტყვიან, იღბალს საითღაც მივყავდი და
დაინახავთ, რომ მიმიყვანა კიდეც მაგრამ ჯერ სხვა გარემოებას შევეხოთ: ქმარმა იმიტომ
მითხრა, დავბრუნდეთო, რომ გზებზე ძარცვა-გლეჯა იყო, ყაჩაღები თარეშობდნენ,
ეშინოდა, არაფერს გადავეყაროთო. არა-მეთქი. დამთანხმდა, აღარ ჩამციებია, მომყვა,
მივდიოდით. ეს თანხმობა იმან გამოიწვია, რომ ქმარს ეშინოდა, დაბრუნების სურვილი
სიმხდალეში არ ჩამომერთვასო. მე მაშინ არც ერთი ჩამიგდია აინუნში და არც მეორე –
ცხენზე ჯდომა მსურდა, სეირნობა მსიამოვნებდა, ანუ პირადი სურვილი მამოძრავებდა და
ეს კი, თავისთავად, შიში იყო იმისა, რომ დაბრუნების შემთხვევაში სიამოვნება
მომაკლდებოდა. აი, ამ, თითქოსდა, მარტივ რამეშიც კი სამი სხვადასხვა შიში გამოვლინდა
და სამივე თავკერძობის სახით. მეთანხმებით თუ არა იმაში, რომ ეს სამივე თავკერძობა
თავდაცვის ინსტინქტიდან მომდინარეობდა?
– ცხადია, – დავადასტურე მე.
ლაზს ხმა არ ამოუღია, თავი დაიქნია.
– თავდაცვის ინსტინქტი და სიკვდილის შიში რომ ერთი და იგივე რამ არის, ამაშიც ხომ
დამეთანხმებით?
– მასეა ეგ.
– მაშინ დააკვირდით და ნახავთ, რომ ჩემს ნაამბობში სიკვდილის შიშმა მხოლოდ პირადი
მოსაზრებებით ქმედება, თავკერძობა შვა. მოყვასის სიყვარული არაფერში გამჟღავნებულა.
არც რისიმე ან ვისიმე წინაშე ვალდებულების ნატამალი იყო სადმე, სიკეთეზე ნუღარას
ვიტყვით.
– ქმარი დაბრუნებას რომ გირჩევდა, განა შენს კეთილდღეობაზე არ ზრუნავდა, თქვენი
საერთო ინტერესებიდან არ გამოდიოდა? – ვკითხე მე.
– ვიცოდი, რომ მაგას ერთ-ერთი მაინც შემეკითხებოდით. დამაცადეთ, მაგის პასუხი
თავისთავად მოვა... გზა ტყეზე იდო, ცხენები ნაბიჯით მიგვიდიოდა, კანტიკუნტად
ვსაუბრობდით. გზის პირას კაცი დავინახეთ. წინ ხურჯინი ედო, დასასვენებლად
ჩამომჯდარ მგზავრს ჰგავდა. ეს კაცი, როგორც მერე გამოირკვა, რაჟა სარჩიმელია
გახლდათ – ყაჩაღი და მძარცველი. გავუსწორდით თუ არა, ადგა, ორი მაუზერი ამოიღო,
წყნარად გვითხრა, ჩამოქვეითდით და ხმა, კრინტი არ გავიგონო, თორემ დაგხოცავთო.
მიუხედავად მაუზრებისა, ყაჩაღი იმდენად მშვიდი და კეთილგანწყობილი ჩანდა, რომ
ქმარმა ფრანგულად მკითხა, რას ამბობსო? ვუთარგმნე. საიდანღაც მეორე ყაჩაღიც მოვიდა,
თოფიანი, ჩამოვხტით. ელდა გამომნელდა, მოსალოდნელი უსიამოვნებები და
განსაცდელი ცხადად წარმომიდგა. იარაღი მოგვკითხეს, არ გვქონდა. თოფიანმა ცხენები
წაიყვანა. სარჩიმელიამ, – მიჰყევითო, და ტყეში შეგვრეკეს. გორაკი იყო, იმას გადავცდით,
პატარა მდელოზე ამოვყავით თავი. იქ ორმოცამდე ქალი და კაცი იჯდა, უმრავლესობა
საცვლების ამარა. თავზე მესამე ყაჩაღი ადგათ, ესეც თოფიანი. ცოტა მოშორებით
რამდენიმე გატენილი და ერთი ნახევრამდე მოყრილი ტომარა იდო. იმ ტომრებთან
მიგვიყვანეს, საფულეები და სამკაულები წაგვართვეს და გვითხრეს, გაიხადეთო! . უნდა
მოგახსენოთ, რომ რუდოლფ შირერი ერთობ რთული წარსულის კაცია. გამუდმებული
ხიფათისა და ფათერაკების გამოა, თუ ასეთი ბუნებისა დაიბადა – არ ვიცი, მაგრამ
ზოგჯერ, და მე ვიცი, რომელ შემთხვევებშიც, – თავდავიწყებამდე მამაცი და გადამეტებით
ამაყი ადამიანია. გვითხრეს, გაიხადეთო, და შირერმა რაჟა სარჩიმელიას ყბაში სთხლიშა,
ყირაზე გადაატარა. ყირაზე გადაატარა და მაშინვე ღილებს მისდგა, გახდას შეუდგა. ამ
დროს მეორე ყაჩაღმა ჩემს ქმარს თოფის კონდახი კეფაში ჩასცხო. შირერიც დარეტიანდა,
დაეცა. მესამე ყაჩაღმა, რომელიც ხალხს ედგა, ხანჯალი იშიშვლა, ჩვენსკენ გამოქანდა,
შირერის მოკვლა ჰქონდა განზრახული. გადავეღობე, ჭიდაობა დავუწყე. ამასობაში რაჟა
სარჩიმელია გონს მოსულიყო. წამოიწია და ხანჯლიანს უბრძანა, – დაწყნარდი, შენს საქმეს
მიხედეო. ხანჯლიანმა თავი დამანება, ლანძღვა-გინებით გამშორდა. შირერი ზეზე ადგა,
ტანსაცმლის გახდა განაგრძო.
– თქვენც, ქალბატონო, თქვენც. თქვენ რომ გაიხადოთ, ის უფრო მინდა მე! – დამიყვირა
სარჩიმელიამ.
გავიხადე, მაგრამ შიშით არ მიქნია, გართულებას მოვერიდე. ჩვენი ტანსაცმელიც
ტომარაში ჩატენეს და სხვა გაძარცულებთან დაგვსხეს.
შაბათი დღე იყო. ოჩამჩირეში შაბათ-კვირას ბაზრობაა ხოლმე. გაძარცულთა უმრავლესობა
ნაბაზრალი ხალხი გახლდათ. იცოდნენ ყაჩაღებმა ვის და სად უნდა დახვედროდნენ!
რაჟა სარჩიმელია მოგვიახლოვდა, თვალიერება დამიწყო: ისე მსინჯავდა და მზომავდა,
ვითომ ვისიმე დაკარგული საგანი ვიყავი, გზაზე მიპოვნა და ვერ კი გაეგო, რაში
შეიძლებოდა ჩემი გამოყენება. მარტო მე მიყურებდა, შირერისთვის ერთხელაც არ
შეუხედავს, ვითომ იქ არცა ყოფილა მიყურა და თქვა:
– კარგი ჭიდაობა გცოდნიათ, ქალბატონო, ნამეტანი კარგი, უკეთესს რომ ვერ ნახავს კაცი.
ამ ხალხს გავუშვებ მე, აგერ ახლა, ა, მარა თქვენ წაგიყვანთ თან და, სანამ თქვენი ქმარი
გამოსასყიდს მომიტანდეს, ვიჭიდაოთ ხანდისხან!
სარჩიმელიამ გადაიხარხარა და წავიდა. გზისკენ წავიდა შემდეგი მსხვერპლის მოსაყვანად.
ჩემმა ქმარმა დრო იხელთა და ჩამჩურჩულა:
– მე უნდა ავიტანო ის, რომ მცემენ, ისიც, რომ მხდიან, ისიც, რომ ავხორცი თვალებით
გჭამენ; ისიც, რომ მძევლად დაგტოვებენ, გამოსახსნელ თანხას მომატანინებენ და
მოტანამდე კი გამოგიყენებენ!! უნდა ავიტანო მხოლოდ იმიტომ, რომ ჯიუტი ხარ.
ვიცოდი, ინტუიცია მკარნახობდა ამას. გეუბნებოდი, დავბრუნდეთ-მეთქი... – ხელი
ჩაიქნია და დადუმდა.
ხედავთ, როგორი პატიოსანი კაცია შირერი? პირდაპირ მითხრა, თუ რატომ სდომნია
დაბრუნება. სხვა კაცი მეტყოდა, – ჯანდაბას ჩემი თავი, მთავარი ის არის შენ არაფერი
დაგიშავდესო! ესეც შენ, ბატონო ადვოკატო და მორალისტო, პასუხი იმაზე, თუ ვის
კეთილდღეობაზე ზრუნავდა, ვისი ინტერესებიდან გამოდიოდა ჩემი ქმარი, როცა
დაბრუნებას მთავაზობდა, და ამაში უცნაური არაფერია, გარდა შირერის
გულმართლობისა.
სულ ცოტა ხანში მოულოდნელი რამ დატრიალდა, მაგრამ, მოდი, ჯერ ის გავსინჯოთ, რაც
აქამდე მოხდა. ძარცვა-გლეჯა რომ ყველა დროის უდავო ბოროტებაა, ამას მტკიცება არ
სჭირდება. რამ წარმოშვა იგი? თავკერძობამ. იმას ხომ ვერავინ იტყვის, რაჟა სარჩიმელიამ
და მისმა დამქაშებმა კაცთმოყვარეობრივი მიზნებით მოაწყეს ეს ხაფანგიო? ესეც არაფერი,
მაგრამ ძალმომრეობის წინაშე ქედის მოხრაც რომ ბოროტებაა! იმას ნუ მომიტანთ,
უიარაღოები შეიარაღებულების წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდითო...
– მაინც, რას უნდა გამხდარიყავით, შე კაი ქალო?
– სიკვდილი ხომ შეგვეძლო? ჩვენ – საძარცვი სულადობის ორ მესამედს მაინც – აბა, იმის
უნარი შეგვწევდეს, შეიარაღებულ მოძალადეს სამკვდრო-სასიცოცხლო წინააღმდეგობა
გავუწიოთ ხოლმე. მსხვერპლი იქნება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, საერთოდ,
ძალადობიდან ბევრი რამღა დარჩებოდა?
– ღონიერის წინაშე ქედის მოხრა და მორჩილება სიკვდილის შიშის არის. მართალს
ბრძანებთ, ქალბატონო ნანო თქვენ!
– უბრალო ჭეშმარიტებაა! – კვერი დაუკრა ქალმა ლაზს და განაგრძო: – ახლა, ის ყბაში
გარტყმა და ყირაზე გადატარება ვნახოთ. წინააღმდეგობის გაწევა გზაზე არ ჯობდა, როცა
სარჩიმელიას იქით
მივყავდით, მაშინ? იქნებ გეგონოთ, რომ იქ, გზაზე, შიღერი დაიბნა, ხოლო ტომრებთან
გონს მოეგო და ამოქმედდა? შირერი სხვადასხვა გასაჭირსა და მოულოდნელობებში
მინახავს, მაგრამ დაბნეული შირერი – არც ერთხელ! საკუთარი თავის ფლობაში გენიოსია.
ამასთან ერთად, ჩემი ქმარი პატივმოყვარე ბავშვიც არის; ადამიანების გარემოცვაში,
ხალხში, ჩემთან, – მისი ყველა საქციელის საფუძველია: ნახეთ, როგორი ღონიერი,
კეთილი, უანგარო, გულადი, მდიდარი და, საერთოდ, რა კარგი ვარ, თქვენზე უკეთესი
ცოლი მყავს და ყველას გჯობივართ! ეს, ხალხში-მეთქი, ვიმეორებ, თორემ თავის თავთან
ან ვინმე მარტოკაცთან პირისპირ? არა, იქ სულ სხვა ადამიანია, ესეც ვიცი. გარტყმა
მხოლოდ აქედან, ამ თვისებიდან გამომდინარეობდა. შირერს თავისი მამაცობის ჩვენება
სურდა – ხალხის წინაშე, ჩემს წინაშე, ყაჩაღების წინაშე. ისე კი, ყველაფერი ნავარაუდევი
და წინასწარ გამოთვლილი ჰქონდა. გარტყმაც, ტანისამოსის გახდაც და ისიც, რომ
ყაჩაღების მთავარი მიზანი ნაძარცვის შენარჩუნება იყო და არა შეურაცხმყოფლისთვის
სამაგიეროს მიზღვა. ისიც გათვალისწინებული ექნებოდა, რომ ყაჩაღები სროლას და
დავიდარაბას შეძლებისდაგვარად მოერიდებოდნენ, გარტყმაზე მათი რეაქცია უკიდურესი
არ იქნებოდა. დაინახეთ? ყველაფერი ისე მოხდა, როგორც შირერმა ივარაუდა. მისი
გამჭრიახობა აღტაცების ღირსია, ეს თავისთავად, მაგრამ თვით საქციელი რომ
თავკერძობიდან მოდიოდა, ამაში ეჭვის შეტანა ხომ შეუძლებელია? ამ თავკერძობის
შედეგი ვნახოთ. ისევ ბოროტება! იმაში გამოხატული, რომ კინაღამ მკვლელობა მოხდა და
იქნებ, ერთი კი არა, ორიც მომხდარიყო; იმაშიც, რომ, როგორც მერე გამოირკვა, შირერზე
ჯავრის ამოყრის მიზნით, სარჩიმელიას მართლა სდომნია ჩემი დატოვება მძევლად და,
უმთავრესად კი, იმაში, რომ შირერმა სხვებს მისცა ცუდი მაგალითი...
– როგორ თუ ცუდი! მგონი, სწორედ კარგი მაგალითი აჩვენა: წინააღმდეგობის,
დაუმორჩილებლობის, ბრძოლის მაგალითი, – შევაწყვეტინე ნანოს.
– ბოლომდე რომ გაეწია წინააღმდეგობა, მაშინ იქნებოდა ეგ, – ჩაერია ლაზი. – კაცი
როგორია, ხომ იცი, ირაკლი? ერთ საქციელში ავსაც თუ ხედავს და კარგსაც, ხშირად,
მარტო ავს მიბაძავს და კარგს არა, ვიცი მე ეს.
– მაგას ვგულისხმობდი, ბატონო არზნევ, როცა ვთქვი, ცუდი მაგალითი მისცა-მეთქი.
ერთი სიტყვით, ჩემს ნაამბობში ყველა საქციელი თავკერძულია, სიკვდილის შიშიდან
გამომდინარეა და, როგორც ვნახეთ, ყველა საქციელი ბოროტია, სიკეთის ნატამალი არსად
არის. ვაკვირდები ცხოვრებას და ერთი მაგალითიც კი ვერ აღმოვაჩინე, რომ სიკვდილის
შიშს და მისგან მომავალ თავკერძობას რაიმე შეეძლოს, გარდა ბოროტებისა...
– შიში, ზოგ შემთხვევაში სიკეთეს ქმნის! – შევედავე მე.
– რომელი შიში და რა შემთხვევაში?
– შიში კანონის ან შურისგების წინაშე. განზრახული ბოროტებისგან თავს იკავებს კაცი.
– ბოროტ კაცს, ირაკლი, შეეშინდეს, იქნება, კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ
ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ
კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ
თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს, და, ეს რომ
ვთქვი, საკითხავია კიდევ, თუ შეუძლია კანონს ამდენი! – თქვა ლაზმა.
– ეს არის სიკვდილის შიში, ამას ვძლიე-მეთქი! – ნანოს თავისი ნათქვამი ეუხერხულა,
ღაწვებზე სიწითლემ დაჰკრა.
– თავისუფლებას სიკვდილის შიშის დამარცხებასთან როგორღა აკავშირებ? – უფრო
იმისთვის ვკითხე, რომ მისი შეცბუნება გამეფანტა, თორემ მთელი საუბრის მანძილზე
თვით ნანო მეტად მაინტერესებდა, ვიდრე აღძრულ საკითხებზე მსჯელობა.
– მაგ ადვილი გასაგებია, – თქვა ლაზმა. – თუ შიში არ გაქვს, მაშინ არც გზღუდავს და
გბორკავს რამე და რასაც გული გიკარნახებს, იმას სჩადიოდე, იქნება, ყოველთვის. ესაა
თავისუფლება, აბა, რა?! ის თქვი შენ, რით ძლიოს შიშს კაცმა, თუ განგებას ამის უნარი
არ მიუცია მისთვის?.. ცული უნდა მაგას, ცეცხლი და სატევარი!
– მაგ ცულს, ცეცხლსა და სატევარს სიკეთე ჰქვია, ბატონო არზნევ, – მიუგო ნანომ.
– მე ისეთი შეხედულება მაქვს, რომ სიკეთე სხვათა კეთილდღეობისთვის საკუთარი
ინტერესებისა თუ თავის გაწირვის, მსხვერპლად მისვლის უნარია. უარეს შემთხვევაში,
სიკეთე ის არის, რაც, შესაძლოა, მხოლოდ ერთს ასარგებლებს, მაგრამ ისე კი, რომ სხვებს
ზიანს არ მისცემს. მხოლოდ ამ ღირსების, ესე იგი, მსხვერპლის გაღების უნარის მქონეს
შეუძლია, თავის არსებაში სიკვდილის შიშს სძლიოს და დამძლევი იმ ზომით დასძლევს,
რა ზომითაც განგებისგან აქვს სიკეთე მიმადლებული.
– თქვენ რომ ბრძანებთ, ქალბატონო ნანო, ისეთი და იმდენად კეთილი კაცი თითქმის
ღმერთობამდეა მისული, მაგრამ სიკვდილის ეშინია მაინც! – თქვა ლაზმა.
– როგორ?
– მიზანი ხომ აქვს მაგ კაცს?
– აქვს, რა თქმა უნდა. მისი მიზანი სიკეთის თესვით ბოროტების დათრგუნვაა.
– მასეა, ეგ დანიშნულებაა მისი და უნდა მას, რომ ამ გზაზე ბოლომდე ამოწუროს თავისი
თავი. სიკეთის თესვის უნარი, რამდენიც მიუცია განგებას მისთვის, უნდა, რომ დახარჯოს
მთლიანად და მერე მოკვდეს მხოლოდ. იქამდე კი სიცოცხლე წყურია და ეშინია
სიკვდილის, აბა, როგორ?
– ეგ, თქვენ რომ ბრძანებთ, შიში არ არის, რაღაც სხვაა, დიდი და უმაღლესი განცდაა!
– ეფემია წინამძღვარმა მითხრა, ერთხელ იყო... ლამაზად ლაპარაკი უყვარს დედა ეფემიას.
ჩუმ-ჩუმად ლექსებსაც წერს მონასტერში, მგონია ასე მითხრა: ბოლომდე დამწვარი
სანთლის ნაღვენთი, შვილო, თავისთავადაც მშვენიერებაა და იმ მშვენიერებასაც
გვაგონებს, რაც რბილად მოციმციმე და წყვდიადის შემანგრეველი ძალა იყო!
– ლამაზია! – ნანოს ალი შეუდგა თვალებში.
– კი, ლამაზია, – ჩაილაპარაკა ლაზმა. – ვიცი მე ეგ ყველაფერი, მარა ცოდნა რაა, თუ
რწმენამდე არ მივიდა ის. ვერ მივედი ვერაფრით, მიჭირს ძალიან...
ლაზმა ეს ღიმილით თქვა, მაგრამ სიტყვებს იმოდენა დარდი ამოაყოლა, რომ ანაზდად
სულ სხვა კუთხიდან, სხვა თვალით დავინახე ჩემი ახალი მეგობარი. მიჭირსო? გამიელვა,
რომ არზნევ მუსკია უბრალო გასაჭირს კი არ განიცდიდა – სამყაროში ყველაზე დიდი
საწუხარი და ქვესკნელთ უღრმესი სევდა ჰქონდა.
– ბოროტებას რატომ არ შეუძლია სიკვდილის შიშის ძლევა, ბრძანეთ ბარეღამ ეგეც,
ქალბატონი ნანო. – ლაზი კვლავინდებურ განწყობილებას დაუბრუნდა.
– ბატონო არზნევ, გატყობთ, მაგაზე თქვენ უფრო ბევრი გაქვთ ნაფიქრი...
– თქვენი აზრი მინდა, ვიცოდე მე.
– იმიტომ, რომ ბოროტებას სწორედ სიკვდილის შიში ბადებს და აბოგინებს. მათ შორის
თანხმობაა. რამ რას უნდა სძლიოს?
– მართალია ეგ, მაგრამ მაგ მართლის სიმართლე ჩემთვის იქ თავდება, სადაც კაცი თავის
თავს კითხავს, სიკეთე რააო, – სიჩუმე დაარღვია არზნევ მუსკიამ.
ნანომ პასუხი დააპირა აღარ დავაცადე:
– ერთი, ის ქაღალდი მაჩვენე, ვეტროვისა. თანა მაქვსო, ასე არ მითხარი?
ნანომ ქაღალდი მომაწოდა და ლაზს უთხრა:
– მაგის გართულება არ შეიძლება, უაზრობამდე მისვლა სულ ადვილია. სადად უბრალოდ
უნდა გაიცეს პასუხი: სიკეთე ის არის, რაც ყველასთვის კარგია. მადლი ქენი, ქვაზე დადე
და შედეგს არ დაელოდო. წადი, სხვა მადლი ქენი. სიკეთეც ეს არის და მისი თესვის
აუცილებელი პირობაც.
ქაღალდი, მართლაც, ქალების სია იყო, ქალების სახელები ეწერა რაღაც წერტილებით
ბოლოში. ზოგს ხუთი წერტილი ჰქონდა, ზოგს ორი და ზოგს რამდენი. ნანოს სახელს
ხუთი წერტილი უჯდა. დავათვალიერე, არზნევს გადავეცი.
– ეს წერტილები სხვადასხვა მელნით და ზოგი ფანქრით არის დასმული აქ. სხვადასხვა
დროს იყოს დასმული, იქნება, – აღნიშნა ლაზმა.
ქაღალდი ისევ გამოვართვი, დავხედე. არზნევ მუსკია მართალი იყო.
– ეს რაღას უნდა ნიშნავდეს?! – ვკითხე ლაზს, ვითომ, ქალბატონი ნანო ფარნაოზის ასული
თავყელიშვილი-შირერისა მასთან იყო საკონსულტაციოდ მოსული და არა ჩემთან.
– მას მერე რამდენჯერ გნახათ იმ ვეტროვმა, რაც ოფიცრებზე ლაპარაკი გაკადრათ, თუ
შეძლებთ ამის გახსენებას?
– რამდენჯერ? ახლავე დავაზუსტებ. იმის მიხედვით დავაზუსტებ, თუ რა და რა მიამბო. ეს
მონაყოლები კარგად მახსოვს, – ნანო დათვლას შეუდგა.
– წინადადება მაქვს! – წამოვიძახე მე და ორთავემ ყურები სცქვიტა. – ერთად ვისამხროთ!
სანამ ავიკრიფებით და მივალთ... ნანო, გვერდს თუ დაგვიმშვენებ, ვფიცავ სინდისს, მაგ
თავსატეხსაც ამოგიხსნით და, თუკი რამ საიდუმლო გაქვს – იმასაც!
ქალმა გაიღიმა და პაუზის შემდეგ მკითხა:
– სად.
– გოგიასთან.
– გამიგონია და არკი ვყოფილვარ. იქ, მგონი, ხალხური სიმღერებისა და ძველი საეკლესიო
საგალობლების ქორო მღერის, არა?
– დიახ, მღერის და მერე როგორ!
– საინტერესოა, რომ რესტორანში საგალობლებს მღერიან, – თქვა ნანომ.
– სტილია, გოგიას სტილი. იქ მუშტარიც სხვანაირია. წამოდი და ნახავ.
– გოგიასთან წასვლა სხვა დროისთვის გადავდოთ. – ნანომ ტანისამოსზე დაიხედა,
ჩაცმულობა ხალხმრავალი ადგილისთვის შეუფერებლად მიაჩნდა.
– დღეს სადმე ქალაქგარეთ ვისამხროთ, საცა ხალვათობაა. ჰაერზე დავსხდეთ, მშვენიერი
ამინდია.
– ასე მგონია, ირაკლი, მეც. სხვა ხალხი ნუ გვინდა დღეს, – მხარი აუბა ლაზმა.
– ეგრე იყოს. ეტლი, ვასილიჩ! – დავიყვირე.
– არ გინდა. ჩემი მანდა დგას, კანტორის წინ.
– წავიდეთ, აბა, – ლაზი ადგა.
ეტლში რომ ვსხდებოდით, არზნევ მუსკიამ ნანოს ჰკითხა:
– რა გაქვთ დამთავრებული იქ?
– ფილოლოგიის ფაკულტეტი, მაგრამ... რაც ვილაპარაკეთ, იქ არ
მისწავლია.
– სწავლით, გასწავლონ, იქნება, მაგრამ რწმენა უნდა მაგას და
ვერ გასწავლის ამას ვერავინ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ნანოს ჩალისფერი ულაყები ორთაჭალისკენ მიგვაჭენებდნენ.
– ვეტროვმა რამდენჯერ გნახათ, ის თუ გაიხსენეთ? – ჰკითხა ლაზმა.
– გავიხსენე. ხუთჯერ, ოფიცრებზე ლაპარაკს თუ არ ჩავთვლით.
– ნამდვილია?
– ზუსტად!
– აბა, ყოველი ნახვის მერე თითო წერტილი დაუსვამს მაგ ქაღალდში.
ნანომ ქაღალდი ამოიღო, ჩააცქერდა და თქვა:
– მერე რა?
– შენს მერე სუსანა წერია, – სამჯერ შეხვედრია ვეტროვს, – განვუმარტე მე. – შენს ზემოთ –
ნადეჟდა ივანოვნა – შენსავით ხუთი წერტილი უზის. ამას გარდა, ნახე, როგორ სხედან ეს
წერტილები?!
პირველი წერტილი ყველა სახელის ბოლოში იყო. ესე იგი, ვეტროვმა თითოჯერ ყველა
ნახა, წერტილებიც დაუსვა და ამით ქალებთან შეხვედრის პირველი წრე ამოწურა. მეორე
შემოვლაზე, ჩანს, სამი მათგანი ვერ მოიხელთა და ამიტომ მათი სახელების ბოლოში
მეორე წერტილის ადგილი თავისუფალი იყო. მესამე წრეზე, საცოდავს, იმდენი
მოცადეობა გამოუჩენია, რომ უწერტილოდ მხოლოდ ერთი ქალი დარჩენია – ვინმე ალა.
ალას სულ ორი წერტილი ესვა, ისიც თავიდან და ერთიმეორეზე მიყოლებით.
– ეგ ალა წავიდა, იქნება, თქვენი ქალაქიდან, – თქვა ლაზმა. – ორჯერ უნახავს და ვეღარ,
მერე.
– თემირხანშურაში გადაიყვანეს მისი ქმარი. ოფიცერია, – განმარტა ნანომ.
– ვეღარ ნახავდა. თემირხანშურას თავისი ვეტროვი ეყოლება, ნამდვილია ეს, და ნახავს
იქაური ვეტროვი მაგ ალას იქ!
ხარხარი აგვივარდა. სასაცილო იმდენი არაფერი იყო, მაგრამ როცა ადამიანებს
ერთმანეთთან ყოფნა უხარიათ, მაშინ ადვილად და გულიანად იცინიან ხოლმე.
– არზნევ, გგონია, რომ ამ შეხვედრებს დავალების ხასიათი ჰქონდა? – ვკითხე ლაზს.
– რა ბრძანე?.. არ ვიცი მაგ ჯერ. ქალბატონო ნანო...
– არზნევ, ნანო-თქო, ღმერთმანი! – უთხრა ქალმა. – ასე მგონია, დაბადებიდან გიცნობ, და
მეხამუშება, რომ...
ლაზმა გაიღიმა და პატარა ხანს მერე მიუგო:
– აბა, მე გეტყვით ერთს. რაღაც სულ სხვაგვარი პატივისცემა მაქვს თქვენი და თქვენoბით
რომ მოგმართავთ, მსიამოვნებს ძალიან. ეს ცალკეა და, თუ პირდაპირ მეტყვით – არზნევ,
ან ლაზო-თქო, და შენობით თუ მომმართავთ, მეგობრობაში ჩამოგართმევთ მაგას და
ერთიორად გამახარებს ასეთი ურთიერთობა თქვენთან. აჯობებს, ნამდვილად, და
სათხოვარიც არის ჩემი ეს. უარი არ მითხრათ. გთხოვთ ძალიან.
განმაცვიფრა ამ კაცის ტაქტმა. თითქოსდა რა იყო – სულაც არაფერი, მაგრამ ის წინადადება
ლაზისა და ნანოს მაშინდელი დამოკიდებულებების არსს უზუსტესად გამოხატავდა. იმ
სიტუაციაში ყველაზე ლამაზი და მართალი ურთიერთობები მათ შორის მიმართვის
მხოლოდ ამ ფორმას შეეძლო, მოეტანა. ეს ნანომაც იგრძნო. წინააღმდეგობა არ გაუწევია
დაჰყვა და თავისთვის თქვა:
– გასაღებივით არ მოარგო?! “ლაზო” ჯობია.
– ახლა ეს მიბრძანეთ: რას გელაპარაკებოდათ ვეტროვი და სხვასაც იმასვე თუ
ელაpარაკებოდა, რასაც თქვენ. მახსოვსო, რომ ამბობთ, რა გიამბოთ პირველი
შეხვედრისას?
– ყაჩაღია ერთი, ზაქათალის მიდამოებში, მამედა ჰქვია. იმ მამედაზე მიამბო. ლაგოდეხში
ვიღაცას შევარდნია, ბალღი აკვანში დაუხრჩვია მშობლების თანდასწრებით, სახლისთვის
ცეცხლი მიუცია და წასულა.
– მაგ ქალებიდან სხვასაც თუ უთხრა რომელიმეს ეგ?
– უთხრა.
– საიდან იცით?
– იმ ქალმა მე მიამბო. ეგონა, რომ არ ვიცოდი, ახალ ამბად მიამბო.
– კაი, ბატონო. მეორე შეხვედრაზე რა გიამბოთ?
– მეორედაც ყაჩაღზე მიამბო, აბრიკოზე. ეს ინგილოა, აქეთ ყაჩაღობს, საქართველოს
მთებში. ტყეში პატარა გოგოები გაუუპატიურებია. საერთოდ, რასაც მიამბობდა, სულ
ყაჩაღებზე იყო...
– და სულ უარყოფითი, არა? – ჩემთვის უკვე ყველაფერი ცხადი შეიქნა.
არზნევ მუსკიასთვისაც:
– ყაჩაღებს აბრაგებს და მისთანა ხალხს ებრძვიან ეგენი მაგით!
ასეთ საქმეებში ჩახედული ერთი ჩემი ნაცნობის ამასწინანდელი საიდუმლოდ ნათქვამი
მომაგონდა:
– ხმების გავრცელების სამსახურის კაცი ყოფილა ვეტროვი. მაგისი განყოფილება
ჩამოაყალიბეს, ჟანდარმთა შეფი, თურმე, პირადად ხელმძღვანელობს. ეს იმას ნიშნავს, რომ
ამ წამოწყებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ლაზს მოულოდნელად სიცილი აუვარდა და იმდენი იცინა, რომ ცრემლებიც კი
გადმოსცვივდა.
– ეგ ქალები და, მათ შორის, შენც, ხმების დასაყრელად გამოგიყენეს, ნანო. შეგიძლია,
მშვიდად განაგრძო შენი ქველმოქმედება. კატორღიდან გამოქცეული კაცი მეგულება, ხომ
არ გამოგიგზავნო?
– კარგი და, იმ ოფიცრებზე ენის ჭარტალი რაღა იყო? – იკითხა ნანომ.
– საიდუმლო პოლიციას ჭორების ყულაბა აქვს ერთი. ეგ იქიდან ამოღებული იქნება.
თავისებური შანტაჟია, გამოძალვა. გამცნო, შენი საიდუმლოება ვიციო! მაგნაირ ფანდებს
აგენტად გადაბირებისთვის ხმარობენ ხოლმე.
– მნახეს, რა!.. იდიოტები!
– გაძარცვის ამბავი რომ დაუმთავრებელი დაგრჩა? – სალაპარაკო თემის გამოცვლისთვისაც ვთქვი და მაინტერესებდა კიდეც.
– კი, აბა! როდის დაგვისრულებთ მაგ ამბავს? – ჰკითხა ლაზმა.
ნანომ ლაზს თვალებში ჩახედა და მიუგო:
– როცა სიკეთეზე ჩამოვარდება ლაპარაკი, მაშინ, არზნევ მუსკია!
ეტლმა ბაღის ალაყაფი გაიარა, დუქნის კართან დადგა.
ცისფერი რვეული
კვირამ თუ ათმა დღემ გაიარა. სულ ერთად ვიყავით სამნი. შეიძლება, ითქვას, ერთმანეთს
არ დავცილებულვართ. ხან სად ვატარებდით დროს, ხან ვისთან ვსტუმრობდით, ხან რას
ავიკვიატებდით და ხან ვის ფანტაზიას ავყვებოდით ხოლმე. ერთად ყოფნა გვიხაროდა და
სამარის კარამდე მეგობრობაზე ვოცნებობდით.
გოგიას დაწესებულებაში მისვლა რამდენჯერაც დავაპირეთ, იმდენჯერ ვიღაცამ
შეგვიშალა ხელი. ბოლოს მაინც გამოინახა დრო, სწორედ ის დრო, როცა ქორო სიმღერას
იწყებდა ხოლმე – საღამოს ხუთი საათი.
ეს რესტორანი დღის სამ საათზე იღებოდა და მუშაობდა იქამდე, მანამ ბოლო სტუმარს შინ
წასვლა მოეპრიანებოდა. საუკეთესო მზარეულები ჰყავდათ. უფრო მარდსა და თავაზიან
მსახურებსაც იშვიათად შეხვდებოდა კაცი. ქორო რვამდე მღეროდა. რვიდან საზანდარი
იყო. საერთო დარბაზს ცალი მხრიდან სამი საფეხურით შემაღლებული აივანი ჩასდევდა,
კაბინეტებად დაყოფილი. კაბინეტებს დარბაზისგან რიკულებიანი მოაჯირები და
კრეტსაბმელები ჰყოფდა: რატომღაც ისე ხდებოდა, რომ მოქეიფეებს კრეტსაბმელები ღია
ჰქონდათ ხოლმე და იქნებ, ნაწილობრივ, ამასაც შემოჰქონდა გულითადობისა და სილაღის
ატმოსფერო გოგიას რესტორანში. მართალია, აქ მუდამ ერთი და იგივე მუშტარი იყრიდა
თავს, თითქმის ყველა ყველას ნაცნობ-მეგობარი იყო, ეს ურთიერთობებს აადვილებდა,
ადამიანს ლხინის ხალისს მატებდა, მაგრამ უცხოც ბევრი მიმიყვანია, თავი ყველას
შინაურივით უგრძვნია და ეს, უმთავრესად, გოგიას მადლი იყო. სტუმრის გულის მოგება
კარის შეღებიდანვე იწყებოდა. მეკარედ დიდუბელი არჩილა ჰყავდა – ახალგაზრდობაში
ჩხუბისთავი და ჩინებული მოკრივე. გარდერობში – ველისციხელი ერვანდა, გამწევი
ცხენის ღონის პატრონი, ფლეგმატური გოლიათი. ამათ მეპანღურეობაც ევალებოდათ,
თუკი უტიფარი და ჭინჭყლი ვინმე სხვა სტუმრებს აეტორღიალებოდა. მიუხედავად ამ
მრისხანე მოვალეობისა, ორივენი მეტად სანდომიანები იყვნენ, ენა უჭრიდათ,
ოხუნჯობისა და მასხრობის ნიჭი ჰქონდათ და მთელი დუნიის ჭორ-ამბავი იცოდნენ. სანამ
გაიხდიდით და დარბაზში შეხვიდოდით, რაღაც სასაცილოს ან საინტერესოს უეჭველად
გაიგონებდით. დარბაზში შეაბიჯებდით და იშვიათად, რომ გოგია არ შემოგგებებოდათ.
ერთთავად ვისიმე სუფრას უჯდა, პირით შემოსასვლელისკენ, რომ შემოსული სტუმარი
დაენახა. მკელობელი კაცი იყო, ცალი ფეხი მუხლს ქვემოთ ხელოვნური ჰქონდა, მაგრამ ამ
დანაკარგმა მის ახოვანებას ბევრი ვერაფერი დააკლო. დაგინახავდათ და კი არ
წამოდგებოდა – აიყრებოდა ხოლმე. თანამესუფრეებთან ბოდიშს მოიხდიდა, მარდად,
ღიმილით გამოსწევდა შესახვედრად. ეს პროფესიონალი რესტორატორის პირმოთნე
ღიმილი არ იყო. არა, მისი საკუთარი, თანდაყოლილი, ადამიანების სიყვარულისა და,
საერთოდ, ერთთავად კეთილგანწყობილი კაცის ალალი ღიმილი იყო. მის შემაცქერალს
ხშირად მიფიქრია, რომ გოგია, სახელდობრ, ამ ატმოსფეროსთვის იყო დაბადებული. ეგ
არის, ვაჭარი ერქვა და ფულის მოხვეჭისა კი არაფერი გაეგებოდა, რესტორნის
მფლობელებისა გამუდმებით ემართა. ან საიდან და რა უნდა ჰქონოდა, როცა ყოველ
საღამოს ერთი, ხანდახან, ორი სუფრისას თავად იხდიდა. მართალია, ასეთ ხარჯს
პატივნაცემთა უმრავლესობა რაიმე გზით და როდისმე უნაღდებდა, მაგრამ, საცოდავს,
მაინც მუდამ უჭირდა. საცოდავს-მეთქი? რა ვიცი, გოგიაზე ბედნიერი კაცი, იქნებ, ძნელი
საპოვნელიც ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, მის იერში კმაყოფილების მეტი არასოდეს
არაფერი შემინიშნავს, თუ გლოვის ან რაიმეზე დარდის პერიოდებს არ მივიღებთ
მხედველობაში. ესეც სხვის გამო იცოდა, თავისას არც გლოვობდა რასმე და არც
დარდობდა. ერთი სიტყვით, აზრი იყო დამკვიდრებული, რომ გოგიას “მუდამ რიგიანად
მიუდიოდა საქმე”, – თავი ეჭირა ასე და იმიტომ. სიმართლეს ვიტყვი, გოგია ძმასავით
მიყვარდა. ასეთი მარტო მე როდი ვიყავი, ბევრი ჰყავდა. რამდენჯერ შემინიშნავს,
გოგიასთან საურთიერთოდ უფრო მიმიწევდა ხოლმე გული, ვიდრე ლხინისა და
ქეიფისკენ, როცა მის დაწესებულებაში მისვლის საღერღელი ამეშლებოდა. კარგი საუბარი
იცოდა, კეთილი ოხუნჯობით შეზავებული, სხარტი.
ახლაც ახალი ხალხი მიმყავდა და მინდოდა, შემოგვგებებოდა. ნანოს და არზნევ მუსკიას
დარბაზში შევუძეხი. სტუმარი სულ რამდენიმე მაგიდასთან მოჩანდა, ხალხი უფრო
მოგვიანებით იყრიდა ხოლმე თავს. გოგია არსად ჩანდა. სამაგიეროდ, მარცხენა კუთხეში
ელიზბარ კარიჭაშვილს, სანდრო კარიძესა და ვახტანგ შალითურს მოეკალათებინათ.
დაგვინახეს. ელიზბარი წამოდგა, ხელების ქნევა ატეხა, აქეთ წამოდითო.
– ჩემი დეიდაშვილია, – ჩაიცინა ნანომ.
– რომელი? – ვკითხე მე.
– ელიზბარი.
– ელიზბარს ვიცნობ მეც, – აღნიშნა ლაზმა.
გამიკვირდა. დავაპირე, მეკითხა, – საიდან იცნობ-მეთქი. აღარა ვკითხე. თუკი, ნანოს
თვალში, მე და ლაზი ახლო მეგობრები ვიყავით, მაშინ ისიც ხომ უნდა მცოდნოდა, ვის
იცნობდა ლაზი და ვის – არა.
– რამდენი ხანია, რაც თბილისში ხარ? – ჰკითხა ნანომ ლაზს.
– ახლა? ამ ჩამოსვლაზე? – მიუგო ლაზმა. – ერთი თვე შესრულდება სადაცაა. ნამყოფი ვარ
ამ დუქანში მე. ოთხჯერ თუ ხუთჯერ ვარ ნამყოფი.
– გოგიასაც იცნობ?
– გოგიას კაი ექვსი წელიწადია, რომ ვიცნობ, მასთან მოვდივარ ხოლმე აქ.
გოგიამ ამ რესტორანში სამი-ოთხი წლის წინათ დაიწყო სამსახური. გამოდიოდა, რომ
ლაზისა და გოგიას ნაცნობობა სადღაც სხვაგან შემდგარიყო. სად?
– იფ, იფ, ეს რა კარგი ხალხი მოვიდა! – დაიძახა ელიზბარ კარიჭაშვილმა, როცა მათ
მაგიდას მივუახლოვდით. – არსადაც არ გაგიშვებთ, აქ უნდა იყოთ!... სანდრო, ვახტანგ –
გაიცანით, თუ არ იცნობთ: ჩემი დეიდაშვილი – ნანო. ჩემი ძმაკაცი – არზნევ მუსკია, ლაზი.
ირაკლის იცნობთ... ჰო, ეს სანდრო კარიძე და ვახტანგა შალითური – ჩემი ძმაკაცები.
დასხედით, დასხედით. მოეწყეთ, ვის საცა გენებოთ. გოგია რა იქნა, კაცო?
უარი დავაპირეთ, – ჯერ ცალკე დავსხდებით და მერე გავერთიანდეთ-მეთქი, მაგრამ
ელიზბარ კარიჭაშვილი ასეთ რამეებში კერკეტი კაკალი იყო, ვერ გავტეხეთ და, რაღა
გაეწყობოდა, დავსხედით. ელიზბარისა საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, საინტერესო
პიროვნება იყო, სუფრაზეც კარგი მოსაუბრე. სანდრო კარიძე მაშინდელ ქართველებში
ერთ-ერთ უგანათლებულეს პიროვნებად ითვლებოდა, მაგრამ ეროვნული მოღვაწეობისგან
თავი შორს ეჭირა – ცენზურაში მსახურობდა რაღაც მოხელედ. ამ პასიურობის გამო
მაინცდამაინც არავის ეპიტნავებოდა, ზოგს მტრადაც კი მიაჩნდა. მე, რატომღაც, მისდამი
კეთილგანწყობილი ვიყავი და ახლაც არა ვთვლიდი სუფრაზე ზედმეტ კაცად. აი, ვახტანგა
შალითურის ოფოფებისა კი მეშინოდა. სმაში ერთ წერტილს იქით ახირება იცოდა. ესეც არ
იყოს, სიფხიზლეშიც რაღაცნაირი ამპარტავანი ხასიათი ჰქონდა, ხანდახან უბრალო რამე
სწყინდა და მაშინ თავხედობაც სულ ადვილი მოსალოდნელი იყო მისგან. ცხადია, დროს
სატარებლად წამოყვანილი სტუმრისთვის ვახტანგა შალითური ვერაფერი შვილი
საზოგადოება გახლდათ, ამას ვერიდებოდი.
მსახურები მაგიდას დააცხრნენ, სუფრა განაახლეს. ამ დროს ქორომაც დაიწყო სიმღერა.
პროგრამას მუდამ “შენ ხარ ვენახით” იწყებდნენ და “შენ ხარ ვენახითვე” ამთავრებდნენ
ხოლმე. ელიზბარ კარიჭაშვილს სიმღერა არ ეხერხებოდა, ხმა არა ჰქონდა, მაგრამ მუსიკას
ფაქიზად გრძნობდა. კომპოზიციის და საშემსრულებლო ხელოვნების წვრილმანებში
ზედმიწევნით ერკვეოდა და თავდავიწყებით უყვარდა ქართული საგუნდო მუსიკა.
რამდენჯერ შემინიშნავს, რომ აქ, გოგიას დაწესებულებაში ლხინის დროს, ელიზბარის
მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო იმ რიტმითა და განწყობილებით იყო აღბეჭდილი,
როგორსაც ქოროს მიერ ახლახან დამთავრებული სიმღერა შეიცავდა. მიგვიპატიჟა,
მასპინძლობა იკისრა, ჩვენი გართობა-მოლხენისთვის ზრუნვას უნდა შესდგომოდა, მაგრამ
სიმღერა დაიწყეს, ელიზბარი ჩაყუჩდა და ჩვენც გვანიშნა, მიაყურეთო. სანდრო კარიძეს
ხმაც ჰქონდა, სმენაც და ქართული სიმღერის განცდის ერთობ თავისებური მეთოდიც: არც
მეტი არც ნაკლები – ისმენდა და ცრემლი სდიოდა. მოსმენის დროს ხელსახოცი მისთვის
აუცილებელი საგანი იყო. ერთხელ, მახსოვს, გოგიამ უყურა და უთხრა:
– დღისით, შე კაი კაცო, ცენზურაში ზიხარ, ხანჯალი გიჭირავს, თავისუფლებას
ჟანდარმერიის დავალებით ყელს ჭრი. საღამოთი მოდიხარ აქ და დღისით დახოცილებს
ტირი? სადიზმია ეგ, არ გესმის შენ!
ასეთ რამეებზე სანდრო კარიძემ ხელის ჩაქნევა იცოდა, – რა გესმის, რა გალაპარაკებს,
ნეტავიო!
სანამ დარბაზის თაღებიდან “შენ ხარ ვენახი” სუფრაზე ცისარტყელას ნათელივით
ჩამოდიოდა, სანდრო კარიძე ცრემლებს იმშრალებდა, ელიზბარ კარიჭაშვილი სმენად
ქცეული იჯდა, არც კი შერხეულა. სიმღერა დასრულდა. მაშინ კარიჭაშვილმა ჭიქა აიღო და
თქვა:
– ახლა ერთ რამეს გეტყვით, – მოგიპატიჟეთ და ლხინისუფლობასაც მე ვკისრულობ;
სუფრის წესს შემოგთავაზებთ, ჩემი თამადობაც ეს იყოს და ესა. ისეთი ხალხი შევიკრიბეთ,
აქ ტრადიციული ქეიფი არ გამოდგება, ყველას თავისი სათქმელი ექნება. პირველ
სადღეგრძელოს, ჩვენი თავშეყრისას, მე ვიტყვი. ერთმანეთსაც გაგაცნობთ და პირადი
სადღეგრძელოებიც ნათქვამი იქნება. მერე მივდგეთ და რიგრიგობით ვილაპარაკოთ. ვისაც
რა მოესურვოს, ისეთი თქვას და სხვები შევუერთდეთ. ახლა მეორემა თქვას და – ეგრე.
ამის მაგალითსაც ჩემ თავზე ვიღებ. სასმელ-საჭმელი არის, ღმერთების შეთხზული
სიმღერებიც არის, უმშვენიერესი მანდილოსანი, ჩვენი ნანო, აქაურობას
გაგვილაზათიანებს, მალე გოგიაც დაბრუნდება... ვილხინოთ, ვიფიქროთ და
ერთმანეთისთვის საჩუქებელი ვის და როგორი გვაქვს, ისიც გამოჩნდება. ესე იყოს?
– ეგრე იყოს! – თითქმის ყველა ერთდროულად დავთანხმდით.
მხოლოდ კარიძემ ჩაიქირქილა:
– დაიწყება ახლა ფილოსოფია, ხი, ხი, ხი! რა იცი კაცო, ეს შენ! ხალხს ქეიფი სწყურია და
ღვინო. მიეცი საშუალება...
ერთი თვისება ჰქონდა ელიზბარ კარიჭაშვილს: დიდ ხალხმრავალ წვეულებებში თავს
უხერხულად გრძნობდა, ხმაგაკმენდილი იჯდა, მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს
ისმენდა და მოლაპარაკის მაგივრად ეუხერხულებოდა. სამაგიეროდ, პატარა, მეგობრულ
სუფრებზე “აიწყვეტდა” ხოლმე და მის მჭევრმეტყველებას, აზრის სისხარტეს თითქოს
საზღვარს ვერაფერი დაუდებდა. დაიწყებდა ლაპარაკს რაიმე რთულ და ამოუწურავ
ადამიანურ სატკივარზე, გამოიყვანდა მოულოდნელ, მაგრამ დამაფიქრებელ დასკვნას და
სრულიად ბუნებრივად უსადაგებდა ერთ-ერთი თანამესუფრის სადღეგრძელოს, ან
უშუალოდ დასკვნაში არსებული ვითარებისას დალევდა. ზოგი მასხრობდა, რამსიგრძე
სადღეგრძელოები იცისო, მაგრამ ეს ან ის ხალხი იყო, ვისაც სმა და თრობა უფრო
აინტერესებდა, ვიდრე მუსაიფი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა, და ან ის ხალხი, ვისაც
სიტყვის ნიჭი არ გააჩნდა და იძულებული იყო, ორიოდ წინადადების ჩაბურტყუნებით
შეერთებოდა სადღეგრძელოს. ჩემი დაკვირვებით, ელიზბარ კარიჭაშვილს ზომის გრძნობა
მხოლოდ ღრმა სიმთვრალეში ღალატობდა, მაგრამ ის გრძლად ნათქვამიც, უმრავლეს
შემთხვევაში, საინტერესო იყო ხოლმე.
ელიზბარმა არც ახლა უღალატა თავის თავს – სწორედ ისე დაგვლოცა, როგორც ყოველი
ჩვენგანის მთავარ ადამიანურ ღირსებას გრძნობდა და როგორც გაცნობისთვის, პირველი
წარდგენისთვის იყო საჭირო. ნანოთი დაიწყო, ლაზით დაამთავრა. არც ხოტბა უთქვამს,
არც რაიმე გადაუჭარბებია. ილაპარაკა ჩვეულებრივზე, ლამაზად ილაპარაკა და ასე
დაამთავრა:
– არაყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და
დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გონებაში ნათელი დგება, მისი ენა
სილამაზისა და სიყვარულის
ენაა. არაყი – მსჯავრია, ღვინო – მიტევება...
– არაყის ბრალი ყოფილა, აძაღლებული რომ ხარ ხოლმე დილაობით, – გზა-გზა აღნიშნა
კარიძემ.
ელიზბარმა მისი ნათქვამი ერთ ყურში შეუშვა, მეორიდან გაატარა.
– განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისთვის მშვენიერება და სიკეთე
მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა
ადგილად, სადაც ერთმანეთისთვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისთვის
მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს:
სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა
იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა!.. მოვრჩი, დავლიოთ!
აღმოჩნდა, რომ ნანო თავისი დეიდაშვილის ლხინისუფლობას არასოდეს შესწრებოდა,
მისმა მჭევრმეტყველებამ გააკვირვა:
– შენ ადვოკატობა მოგიხდებოდა. პროვინციული სცენა არჩიე?
– ქართული სცენა, ნანო! – ჩაურთო ელიზბარმა.
– სწორი შენიშვნაა. შემცდა. ეგ რა მოქარგული და ეშხიანი ლაპარაკი გცოდნია!
– ეშხი და სილამაზე ელიზბარს მოდგმაში ჰქონია. ამაში თქვენი ნახვის შემდეგ საბოლოოდ
დავრწმუნდი ქალბატონო ნანო! გაგიმარჯოთ, იცოცხლეთ! – ღიმილით მიმართა ვახტანგ
შალითურმა, სხვებიც ადღეგრძელა და სასმისი დაცალა.
სადღეგრძელო მოთავდა, ჩვეულებრივ საუბარში გადავიდა, ქორომ კახური
მრავალჟამიერი დაიწყო. ელიზბარი დადუმდა, სიმღერას გაჰყვა. კარიძემ ხელსახოცი
მოიმარჯვა. ხშირად მიფიქრია და ახლაც ისე ვფიქრობ, რომ ელიზბარ კარიჭაშვილისა და
სანდრო კარიძის სიახლოვის მიზეზი მუსიკის ავადმყოფური განცდა იყო. სხვა რამ, არა
მგონია, საერთო ჰქონოდეთ. ერთხანს ჩვენც ვისმენდით, მაგრამ მერე, როგორც სუფრაზე
ხშირად ხდება ხოლმე, ვიღაცამ სიჩუმე დაარღვია და ისევ საუბარს შევუდექით.
– ნანო, თქვენთვის თვალი არსად მომიკრავს. თბილისში ცხოვრობთ თუ სხვაგან სადმე? –
გადაელაპარაკა შალითური.
ცოტა არ იყოს, მეუცხოვა, რომ შალითურმა პირდაპირ, “ქალბატონის” გამოუყენებლად
დაუწყო ლაპარაკი ნანოს. შევატყე, რომ ეს ნანოსაც ეხამუშა.
– სხვაგანაც და თბილისშიც, ბატონო ვახტანგ. მაგრამ, განა აუცილებელი იყო, შეგენიშნეთ?
– მე თბილისის სამხედრო კომენდანტის ადიუტანტი ვარ, ყველა მიცნობს. მეც, თითქმის,
მთელ მოსახლეობას ვიცნობ. თქვენ როგორღა გამომრჩებოდით! – შალითური პასუხს
ელოდა.
– ვაი ჩვენს თავს! – თავისი განცდების სიღრმიდან აღმოთქვა კარიძემ, – კომენდანტად რომ
დაგსვან, რაღა გვეშველება მერე?
შალითურმა კარიძეს გადახედა და თქვა:
– საათის გუგულივით არ არის? გამოხტება, გუ-გუო, იტყვის და ისევ შეიმალება.
ნანომ ლანგრიდან დიდი ვაშლი აიღო, ფცქვნას მიჰყო ხელი. ლაზი შალითურს
შეჰყურებდა. მერე თვალი მოაშორა, შეიშმუშნა. ნანოს დანა არ ემორჩილებოდა, ვაშლს
ვერაფერი მოუხერხა და გულგაწყალებულმა დაიძახა:
– ლაზო, გამომართვი და გამიფცქვენი. ხომ ხედავ, ვწვალობ! – ეს ხუმრობანარევი
საყვედური იყო.
– მომე, მე გაგიფცქვნი! – შალითურმა ნანოს ვაშლზე ხელი წაუვლო. ამ მიმართვის ფორმაც
ერთობ ლიზღიერი იყო და ტონიც.
– ბოდიშს ვიხდი, ქალბატონო ნანო, მანდილოსნებთან ყოფნას არ ვარ ნაჩვევი და მცდება
საქციელი ხანდახან, – მიუგო ლაზმა ხუმრობითვე და სიწითლემ გადაჰკრა.
ნანომ შალითურის ხელი თავაზიანად მოიშორა, ვაშლი და დანა არზნევ მუსკიას გადასცა.
– ვახტანგ, რა ხნისა ხარ? – ვკითხე შალითურს. მსურდა, მიმეხვედრებინა, რომ ნანოსთან
მეტი ზრდილობა სჭირდებოდა, თუნდაც ასაკობრივი განსხვავების გამო.
შალითურმა თითი ჩემზე, ლაზზე, ნანოზე მოატარა:
– თქვენზე ეგრე, რვა-ცხრა წლით უმცროსი ვიქნები! – თქვა და რატომღაც ნიშნის მოგებით
გაიცინა.
სწორედ ჩვენ სამნი არ მოვწონდით შალითურს, რაღაცით ვაღიზიანებდით, იკბინებოდა.
– რა პატარა ყოფილა კაცო! – აღნიშნა კარიძემ.
– ალბათ მეტით, ბატონო ვახტანგ! – თქვა ნანომ. – მე ოცდათოთხმეტისა ვარ.
სანდრო კარიძემ ნანოს გაოცებული თვალები მიაბჯინა.
– თქვენ ოცდახუთის ბრძანდებით მეტს არ იტყვის არავინ! – უთხრა არზნევ მუსკიამ და
მომეჩვენა, რომ ნანო, მართლაც ოცდახუთისა იყო.
– ქალის საქმე ეგეთია: მოქარგული ენა გქონდეს – გინდ ხელდაუბანელი იყავი, ვაშლს
მაინც შენ გაგაფცქვნევინებს! – განაცხადა შალითურმა.
ლაზს კრინტი არ დაუძრავს. არც სხვებს. მრავალჟამიერი მორჩა. ცოტა ხანს კიდევ იყო
სიჩუმე. მერე ელიზბარ კარიჭაშვილი ზეზე წამოიჭრა ჭიქა ასწია და დაიძახა:
– ხალხო, ეს სიმღერა იმისთვის არის შეთხზული, რომ კაცს ბოღმა გაუქარწყლოს და
დაამშვიდოს. თქვენ რა, გაგაღიზიანათ?.. პირველი სადღეგრძელო ჩემია. ვამბობ სმენა
იყოს! სიყვარულისა მინდა, დავლიო. რომლისა, იცით? აი, იმ სიყვარულისა, კახურ
მრავალჟამიერში რომ მღერიან და მტრობით დანგრეულს რომ აშენებს! – კარიჭაშვილმა
ჭიქა დადგა, ჯამი გაავსო და დალია.
– მტრობით დანგრეულს მტრობავე აღადგენს სხვა ვერაფერი! კახურ მრავალჟამიერშიც
ეგრეა: “ვერცა იხაროს მტერმა ჩვენზედაო” კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდა! – თქვა
შალითურმა ხმამაღლა და ჯამში დაისხა.
– იქ ჯერ სიყვარულზეა ნათქვამი და მერეა ეგ. მტრის ვერ გახარების ამოსავალ პირობად
სიყვარულია მიჩნეული, – განმარტა სანდრო კარიძემ. – ტექსტიც და მუსიკაც ათასწლების
ნამუშევარია და, ამდენად, შემთხვევითობაც გამორიცხულია.
ყურები ვცქვიტე!... საქმე ის არის, რომ სანდრო კარიძეს ორ ენაზე შეეძლო ლაპარაკი:
ჩვეულებრივ-სასაუბროზე და, თუ შეიძლება, ასე დაერქვას, მეცნიერულ-საპაექროზე. მის
სასაუბრო ენას მუდამ ახლდა ფიორა იუმორი და ბომბორა ცინიზმი ერთდროულად. ამ
ენაზე კარიძე ადამიანებთან ურთიერთობდა, ოხუნჯობდა, ცხოვრების მოუწყობლობაზე,
რეჟიმის იდიოტურობაზე ლაყბობდა და ამას ისე ახერხებდა, რომ მიკერძოებაში მხილება
თვით სოლომონ ბრძენსაც გაუჭირდებოდა. საპაექრო ენას მაშინ იყენებდა, როცა რაიმე
რთული მოვლენის ანალიზი და ლოგიკური დასკვნის გამოყვანა უხდებოდა. ისე კი,
საპაექრო ენაზე მოსაუბრე კარიძე საკმაოდ ძნელი სანახავი იყო, ამ საქმეს ერიდებოდა,
მაგრამ ცალკეული წამოფეთქებები ჰქონდა და, სიმართლეს ნუ დავუკარგავთ, მეტისმეტად
საინტერესოც. ახლაც სწორედ ეს შემთხვევა ვიგრძენი, როცა კარიძეს “გუდისთვის პირი
უნდა შეეხსნა”. ყურები ამიტომ ვცქვიტე.
– ბატონი სანდროს ნათქვამი, მგონი რომ, ჭკუასთან ახლოა, – დაადასტურა ნანომ.
– არც კახური მრავალჟამიერის წინააღმდეგი ვარ, არც სიყვარულისა და სიკეთისა, – მიუგო
შალითურმა ნანოს. – მე იმას ვამბობ, რომ წართმეულის დაბრუნებასა და დანგრეულის
კვლავ აშენებას კვლა, ჟლეტა, მტრის განადგურება უნდა. სხვანაირად არა გამოვა რა. ეგენი
სიძულვილს შეუძლია და არა სიყვარულსა და მიტევებას. სიძულვილს!
ამ განცხადებამ წუთიერი დუმილი მოიტანა.
– მაგას სიყვარული აკეთებს, – მოისმა გოგიას ხმა.
– რასა, კაცო?!
– მაგისთანა სიძულვილს, – მიუგო გოგიამ. – გამარჯობათ! საღამო მშვიდობისა,
ქალბატონო. შემოგიერთდებით, თუ ნებას მომცემთ.
ნანომ შემოსწრებული ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა, თავი დაუკრა და უნებლიეთ
ჩაიჩურჩულა:
– ღმერთო, სიზმარია დღევანდელი დღე. – და სიცილი წასკდა.
– ეგ, რასაც თქვენ ამბობთ, თადეოზის ნეტარ ახირებასა ჰგავს, – მტკიცედ თქვა
შალითურმა.
– თადეოზი? არ გამიგონია, რომელი ეპოქის მოღვაწეა? – იკითხა ნანომ იმისთვის, რომ
ლაზისა და გოგიას გაფაციცებული თვალიერება არავინ შემნიშნოსო, თორემ გოგიას
დანახვამ საუბრიდან მაშინვე გამოთიშა ჩვენი ქალბატონის ყურადღება, ეს მე ნათლად
ვიგრძენი.
ნანოს შეკითხვაზე შალითურმა და ელიზბარმა სიცილი ატეხეს.
– თადეოზი ამის გუვერნიორივით კაცი იყო, ნანო, – განუმარტა ელიზბარმა. – გვარად
სახელაშვილი. ჯერ ბერად ყოფილა, იქიდან გამოუგდიათ, თუ თავისი ნებით წამოსულა –
ცნობილი არ არის. მერე მასწავლებლობდა. აი, იქიდან კი ნაღდად გამოაგდეს, ჭეშმარიტი
ფაქტია. იარა, იარა, ბოლოს იღბალმა ვახტანგისთანა უმადური, უნიჭო ბავშვის
გუვერნიორობა არგუნა. როცა დარწმუნდა, უხეირო ნიადაგსა ვჩიჩქნიო, – გაიქცა
თადეოზი. ახლა სოფელ-სოფელ დადის, წიგნებსა ჰყიდის.
– აღარა ჰყიდის, წიგნი გაირყვნა და გაფუჭდაო, – აცნობა შალითურმა. – ახალი საქმე
გაიჩინა: თიანეთში ცხოვრობს ტყეებში დადის, პანტასა და მაჟალოს ამყნობს. ღორები
ჭამენ.
– სანდრო კარიძის ხელში გამოვლილი წიგნი გაფუჭდება, მაშ, რა მოუვა, – ჩაურთო
ელიზბარმა.
– მე კაზმული სიტყვიერების ცენზორი ვარ, ელიზბარ. ყველა ღონეს ვხმარობ, მხატვრული
ლიტერატურა და პოეზია ხელთ არ იგდოს თავხედობამ და განდიდების მანიით
შეპყრობილმა უმეცრებამ. დარწმუნებული ვარ, კეთილ სამსახურს ვუწევ ჩემს სამშობლოს.
მეორე: ჭეშმარიტად მაღალნიჭიერი თხზულება ცენზურის მხრივ ისევე შეუვალია,
როგორც ორდინარული უნიჭობა. ცენზურა არც ლაჟვარდისფერს ებრძვის, არც შავს. ამ ორ
ფერს შორის მოთამაშე ნაცრისფერს ებრძვის, უნიჭობასაც, ჩემო კარგო ელიზბარო!
– კაი კაცი ყოფილა მაგ საცოდავი თადეოზი, – თქვა არზნევ მუსკიამ.
– ძალიან, ლაზო! საოცარი კაცია, – დაუდასტურა კარიჭაშვილმა.
– არა, შენ ისა თქვი, სიყვარული სიძულვილს რანაირად აკეთებს, – გამოემასხრა
შალითური გოგიას.
– მე მაგას ვიტყვი, მაგრამ ჯერ შენ თქვი, სიძულვილი დანგრეულს რანაირად ააშენებს.
– რანაირად და უბრალოდ! შენ როგორა გგონია, ქართველებმა იმით მოვაჩანჩალეთ
დღემდე სიცოცხლე და არსებობა, რო ჩვენი წინაპრები მტერს ჩურჩხელებითა და
ფელამუშებით ეგებებოდნენ?.. მოვიდა მტერი, მოგვერია, ციხეები შელეწა,
წინააღმდეგობის გამწევი მოსპო. შემოვიდა და გამოგვიცხადა, ყველაფერი ჩემია, ჭკვიანად
იყავითო. დავსხდეთ, გულხელი დავიკრიფოთ და ბედს შევურიგდეთ? არა! იმას, ვინც ძმას
გასცემს, ვინც თავისუფალს მონად მოაქცევს, ვინც სულს ქონების ეშმაკს მიჰყიდის, ვინც
დედაენას დაივიწყებს და მამა-პაპას საფლავებში ჩააფურთხებს, – ვახტანგ შალითური
ზეზე წამოიჭრა, სახეში სისხლმა მოასხა, მუშტები შეჰკრა, – ხმალი მაგას, ცეცხლი, მახე,
ხაფანგი, მგლის ორმო, საწამლავი, სიცრუე, მუხთლობა მაგას!.. ყველაფერი
გამართლებულია! – უეცრად მომწყდარი ჯავრი სიტყვებს ამოაყოლა, გული მოიფხანა.
მერე ეუხერხულა ხელები გადაიფშვნიტა, დაჯდა. – მტერი მტერია! შენი გადაშენება უნდა.
მიდი და სიკეთე დაუხვედრე, სიყვარული აჩუქე, დანაშაული მიუტევე. დანგრეული
თავისთავად აგიშენდება? არა! უნდა გძულდეს, უნდა ჰკლა, ხოცო, ჟლიტო იქამდე, სანამ
იტყოდეს, “ჩიტი ბდღვნად არა ღირსო”, სანამ შეაბამდეს და წავიდოდეს. მხოლოდ ასე
აშენდება დანგრეული. სიძულვილით, მსხვერპლით. დადექით და იმღერეთ –
“სიყვარულს უშენებიაო”... გძულდეთ, თუ თავისუფლება გნებავთ. თუ გინდათ, კვლავ
ააშენოთ და აღადგინოთ. – გძულდეთ! ისე კი, სიყვარულისასაც სიამოვნებით დავლევ,
ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. – შალითურმა სულმოუთქმელად დაცალა.
სიჩუმე ჩამოვარდა. იმხანად რადიკალურ აზროვნებას ხშირად შეხვდებოდით.
პატრიოტული ახალგაზრდობის ერთი ნაწილი მაქსიმალისტურად იყო განწყობილი.
შალითურის ნათქვამში მოულოდნელი და ორიგინალური არაფერი ყოფილა, სუფრა მისმა
ღვარძლიანმა ტემპერამენტმა ჩააჩუმა.
კარიჭაშვილი ფეხზე ადგა შალითურს ურჩია:
– ვახტანგჯან, მგონი, ის დროა, ადიუტანტობიდან გადადგე და ტერორისტობა დაიწყო. ეს
შენთვის სხვა დროსაც მითქვამს. მეორე ისა, რომ...
– მაგ მეორეს მე ვიტყვი, ელიზბარ, – ითხოვა გოგიამ.
– თქვი. ნახეთ, რანაირი თამადა ვარ, ყველაფრის უფლება მომიცია. მიდი, გოგი!
– ჩვენი მამა-პაპა მტერს ხოცვა-ჟლეტით ხვდებოდაო, ამბობ. უმრავლეს შემთხვევაში,
მართლაც, ასე იყო და საჭიროება შეიძლება, ახლაც მაგას მოითხოვდეს, მაგრამ სად არის?!
დღევანდელი ქართველი ერიც ხომ თავისი მომავალი თაობების მამა-პაპაა და რატომ
დაუკრეფია გულხელი, ნეტავი, და არც კლავს და არც ჟლეტს არავის, ჰა?
– გადაგვარდა, დაჩიავდა ხალხი, – მიუგო შალითურმა, – ფოჩიან კანფეტებზე გაიყიდა.
– ვფიქრობ, ეგრე უბრალოდ არ უნდა იყოს საქმე, ბატონო ვახტანგ, – ჩაერია ნანო. – როგორ
ფიქრობთ, რაში მდგომარეობს გადაგვარება, რა თვისება დაკარგა ხალხმა?
– ეგ უკვე ნათქვამია!
– არ არის ნათქვამი, – მიუგო ნანომ. – სიყვარული დაკარგა. თავისუფლების, სამშობლოს,
სახელმწიფოებრიობის სიყვარული.
– როგორ ბრძანეთ, ქალბატონო ნანო? – სანდრო კარიძე შუბლშეკრული, თვალებგამახული
დაელოდა პასუხს.
– რა, მაგის თქმა არ შეიძლება? ცენზურა კრძალავს? – მიამიტად ჰკითხა კარიჭაშვილმა
სანდროს.
ნანომ თავისი სიტყვები გაიმეორა.
კარიძემ მოისმინა, სუფრას ჩააჩერდა და მაგიდაზე თითები ააკაკუნა. გოგიაც
განცვიფრებული შეჰყურებდა ნანოს. კარიძისა არ იყოს, ალბათ, არც ის მოელოდა, რომ
მისი შეხედულება ამ მანდილოსანმაც იცოდა, და მეორე მხრივ, გოგიას განცვიფრება სხვა
აზრსაც გამოხატავდა, რაღაც იდუმალ აღმოჩენას შეიცავდა.
შევამჩნიე, რომ ლაზსაც ხან ნანოსკენ ჰქონდა თვალი, ხან გოგიასკენ და ამის დამალვას
ცდილობდა. მერე ლასტზე დაყრილ ცოცხალს ჩააცქერდა. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ
პაუზა მოიხელთა და თქვა:
– გაუგებარია ჯერ. მომთავრება ჭირია მაგას.
ეჭვი დამებადა, რომ ნანომ, ლაზმა და გოგიამ ერთმანეთს რაღაც ინტერესი აღუძრეს. აქ
რაღაც იყო...
გოგია გონს მოეგო, ლაზს გადახედა, აზრის კვლავინდებურ მსვლელობას ანაზდად,
თითქოს სასწრაფოდ, დაუბრუნდა და განაგრძო:
– კაცმა რომ კაცი მოკლას, მიზეზი უნდა ჰქონდეს. მძარცველი ქონებისთვის კლავს.
ხელმწიფის, შაჰის თუ სულთნის ჯარში მომსახურე ქართველს ფიცი, დაწინაურების
იმედი, ჯილდო აკვლევინებს. საბოლოოდ ესეც ქონებისთვის კლავს, კაი მომავალს
ინაღდებს, სიმართლის თქმა თუ გინდა. ასეთი მკვლელი ადამიანობას იმიტომ ჩემულობს,
რომ ნადირისგან განსხვავებული ხერხით სჩადის ნადირულს, თორემ მუცლის
ამოყორვისთვის აკეთებს ამას. კაი, მოვიდა მტერი, გაგიქელა შენი მოდგმით ნაკარნახევი
ცხოვრების წესი, შეგიგინა სარწმუნოება, ტყვედ წაიყვანა და ცხრა მთას იქით გადაგიკარგა
ნათესავი და არც შინ წასვლას აპირებს. ცხადია, ამ კაცს კლავ, მაგრამ იმიტომ კი არ კლავ,
რომ გძულს, – უპირველესად ყოვლისა, იმიტომ, რომ გაგიქელა, შეგიგინა, წაგართვა ის,
რაც გიყვარდა. შენი წინააღმდეგობა სიყვარულიდან იწყება. სიყვარულიდან მოდის ის
მსხვერპლის გაღება, თავგანწირვა და ძლევამოსილებაც, წართმეულს რომ დაგიბრუნებს.
ეს სიყვარულის ერთ-ერთი სახეა და არა სიძულვილი. ვეღარ ვაკეთებთ ამას. რატომ და,
იმიტომ, რომ, – მართალი ბრძანა ქალბატონმა ნანომ, – თავისუფლების, სამშობლოს,
სახელმწიფოებრიობის სიყვარული დავკარგეთ!
ერთია კიდევ: წართმეულის დასაბრუნებლად სხვა, უფრო შედეგიანი გზები არსებობს. ხოცვა-ჟლეტის გაღმერთება ჯერ
ადამიანობას ეწინააღმდეგება, მერე საღ გონებას. ძალმომრეობა ბოროტებაა და, თავის
მხრივ, ახალი ბოროტება მოაქვს... ცალკე სალაპარაკოა ეს. “რაც მტრობას დაუნგრევია,
სიყვარულს უშენებია” – ჭეშმარიტებად მიმაჩნია და ამისას ვსვამ! – გოგიამ ჯამი პირთან
მიიტანა.
– ძალიან რიგიან გუნებაზე დავდექი. მომეცით პაპიროსი და დამისხით ჯამში. მეც უნდა
ვთქვა! – განაცხადა ნანომ, – დამისხი, ლაზო.
არზნევ მუსკიამ ნანოს ჯამი გადმოიწოდა, დასხმას მიჰყო ხელი. შალითური კარიჭაშვილს
მიუბრუნდა და ხმადაბლა, მაგრამ საკმაოდ გასაგონად უთხრა:
– Профессионально наливает! Он, что, из официантов.
– Нет, ваше благородие, – თქვა ლაზმა მშვიდად.
– Сиятельство! – წოდება გაუსწორა შალითურმა.
– Да? – შეკითხვით მიუგო ლაზმა და გავსებული ჯამი ნანოს დაუდგა.
ძალიან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა გრძნობდა, რომ ამ სიბრიყვეზე რეაგირებას
უფრო მძაფრი სიტყვიერი წაკინკლავება მოჰყვებოდა და იქნებ სუფრაც აშლილიყო. არაც
გამოუსარჩლებლობა ვარგოდა: ეს მეორე შეურაცხყოფა იქნებოდა სტუმრისთვის და
წაქეზება – შალითურისთვის. რა ვიცი, რომელი ჩვენგანი როგორ მოიქცეოდა და საქმე
საით მიტრიალდებოდა, გუნდს რომ სიმღერა არ დაეწყო. “ჭონამ” გვიხსნა, დამშვიდების,
ვითარებაში გარკვევის, მოფიქრების საშუალება შეგვიქმნა მხოლოდ ელიზბარ
კარიჭაშვილმა თქვა:
– ერთი გამაგებინა, ვახტანგა შალითურო, ეგრე მწარედ რამ დაგბოღმა და მერე გინდ
მომკლა!
– ჩინი დაუგვიანეს, – განუმარტა კარიძემ ელიზბარს.
შალითური გაყუჩებული იჯდა, რატომღაც გამარჯვებული კაცის მედიდური ღიმილი
უთამაშებდა სახეზე. სამნიაშვილის ხმას ნაკადულივით გაჰქონდა ლიკლიკი: “დედი,
ჭონას მოგახსენებ, თუ არა ხარ მგლოვიარე, მაღალმა ღმერთმა გიკურთხოს მაგ აკვანში
მწოლიარე...” ნანო განაბულიყო – ალბათ, საჭირო საქციელს ეძებდა ან იმაზე ფიქრობდა,
თუ რა მოჰყვებოდა შალითურის თავხედობას. მე უკვე ვიცოდი, რასაც მოვიმოქმედებდი,
და სიმღერა დასრულდა თუ არა ჯამი ავწიე:
– ეს სადღეგრძელო ნანომ უნდა დაასრულოს, მანდილოსანია, სიყვარულსა და სიკეთეზე
ნათქვამს თავს უკეთ მოუყრის. არზნევ, სანდრო, მაპატიეთ, თქვენზე ადრე ვამბობ. ხალხი
მოვიყვანე. მათი მოლხენისა და წყენის პასუხისმგებელი მე ვარ და მოყენებული
შეურაცხყოფისთვისაც მე გიხდი ბოდიშს, არზნევ მუსკია! ხედავ, რა ხდება? ვსხედვართ,
ღვთაებრივსა და ამაღლებულზე ვსაუბრობთ, სიკეთეს ვეთაყვანებით, ერთმანეთი
გვიყვარს. კარზე კი მკვახე სიტყვა – სიძულვილი – მოგვადგა, ჩვენი კეთილგანწყობილების
ლიბოს ლაღუმი შეუყენა, უნდა, რომ ჯიშითა და მოდგმით ნაკარნახევი ცხოვრების წესი
აგვიშალოს, რწმენა შეგვირყიოს. ერთი სიტყვით, მტერი მოვიდა, მაგრამ სიყვარული
დავივიწყოთ და ხატები სანაგვეზე გადავყაროთ? სიძულვილით შევიარაღდეთ და
ვჟლიტოთ? არ ივარგებს! ამჯერად, მგონი უსისხლო ომი უნდა სჯობდეს: ბოროტებას
სულგრძელობით შევებათ. სიყვარული ბრძოლაში დაიწმინდება, დაიხვეწება,
ავმაღლდებით და მაშინ მართებულ გამოსავალსა და ღონისძიებასაც მივაგნებთ. ისევ ის
არის: “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”! ვნახოთ, შეძლებს მტრობა
დანგრევას? თუ შეძლო, მერე ისიც ვნახოთ, სიყვარული რას იზამს. ასწი, ლაზო, შენთან
გადმოვდივარ, ცხოვრება გაძლებაა!
ვფიქრობ, შალითურის დასაბმელიც ვთქვი და არზნევ მუსკიას შესაძლო სიმძაფრესაც
ზღვარი მივუჩინე. სხვა რა უნდა მექნა!
– მთლად მასე არ არის, ირაკლი, ეგ, – დაიწყო ლაზმა სადღეგრძელო. – უფრო სხვაფრად
არის, მგონია, საქმე. პატარა ერებს უჭირთ, ფიქრობს ხალხი, გამოსავალს ეძებს, ვხედავთ
ამას ყველა. არ ჩანს გამოსავალი. გაბოროტება იცის ამან. გაჯავრებული კაცი ადვილად
შეცდება. ქართველები ვართ, ჩვენია ის კაცი, თუ უცხოა – უნდა გავიგოთ მისიც,
მივუტევოთ და ვაცალოთ უნდა. თქვა ბატონმა ვახტანგმა რაღაც და, სიმართლე
მოგახსენოთ, ვერ შევძელი, ხუმრობად, მიმეღო, ვერ მოვერიე თავს. ჩემი სისუსტეა ეს,
მაგრამ პატიება შევძელი მაინც და აღარ გვაქვს ერთმანეთისგან წყენა...
– ვთქვათ და არ გეპატიებინა, – შალითური ადგა. – ნეტა, რას იზამდი?!
ლაზი წამით დაფიქრდა და მიუგო:
– გააჩნია, რას შემომთავაზებდით, ბატონო.
– დუელი რომ შემომეთავაზებინა? ხა, ხა, ხააა!
– არ მივიღებდი გამოწვევას. უსინდისობა იქნებოდა ჩემგან ის.
– ვითომ რათაო? – ღვარძლიანი სიცილით იკითხა შალითურმა.
არზნევ მუსკია კვლავ დაფიქრდა. სიჩუმე იყო. ქარიშხლის მოლოდინში ყველაფერი
ჩაყუჩდა. სუფრა გაფაციცდა. ლაზმა თვალი შემოგვავლო, დარბაზიც მოათვალიერა.
გოგიასკენ მიბრუნდა, თვალებში ჩახედა, იქ რაღაც ამოიკითხა, ნელა წამოდგა და ნანოს
უთხრა:
– ქალბატონო ნანო, თქვენს წინაშე... არაფერი ისეთი არ მოხდება აქ, მერწმუნეთ, მაგრამ
მაინც ბოდიშს ვიხდი... თქვენს წინაშეც, სანდრო-ბატონო! – ლაზი შალითურს მიუბრუნდა:
– უსინდისობა იქნებოდა ჩემის მხრივ! იმიტომ რომ დიდი უპირატესობა მაქვს ძალიან!
წამოხტომა და გაშველება დავაპირე; გოგიამ მაგიდის ქვეშ მუხლზე ხელი დამადო და
წაილაპარაკა:
–იჯექი ირაკლი!
დავიბენი. ვერაფერი გამეგო, რა ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ არზნევ
მუსკიას მეტმა არც არავინ იცოდა რამე. ნანო ერთიანად დაჭიმული, ფერმკრთალი იჯდა.
კარიჭაშვილს რაღაცის თქმა უნდოდა და ყოყმანობდა, – ვაითუ ვითარება გავართულოო.
კარიძე შეტოკდა, მგონი, გასაქცევად მოემზადა.
– მსურს დავრწმუნდე თქვენს ძალიან დიდ უპირატესობაში! – ამოღერღა ვახტანგ
შალითურმა, ღვინიან ჭიქას ხელი სტაცა და ლაზს მიასხა.
ლაზი გოგიასკენ გადაიხარა, ღვინო მხოლოდ სახელოზე მიესხურა.
– აბა, დამარწმუნე, ყმაწვილო!..
ლაზმა თავი გადაიქნია და გოგიას უთხრა:
– უნდა მოახვედრო, თვარა ჭერი გაგიფუჭდება, – უბიდან რევოლვერი ამოაცურა, გოგიას
გადასცა.
ნანომ წამოკივლება დააპირა, მაგრამ თავს დროზე დაეუფლა... ყურები დაიცო. გოგიამ
იარაღი ფეხზე შეაყენა, მაგიდას სკამიანად დაშორდა..
– ეეჰ, მიდი, ლაზო. ცხოვრება გაძლება არისო, ირაკლიმ თქვა, მგონია.
– ჰო, – დაიძახა ლაზმა, როცა ცარიელმა ჯამმა ორიოდ წამით ჰაერში გაიფარფატა და
გავარდა კიდეც.
მყიფე ჭახანს იატაკზე ჩამოცვენილი ნამსხვრევების დაკაკანება მოჰყვა.
გოგიამ იარაღი ტუჩებთან მიიტანა, ჩაბერა, ლულას აკოცა და თქვა:
– სად შოულობს ეს კაცი ასეთ იარაღს. დამიზნება არ ჭირდება, თვითონ ხვდება,
დალოცვილი!
– შენი იყოს მაგ.
გოგიამ ლაზს შეხედა, წამით თვალი გაუსწორა, სახე სიხარულით აევსო და რევოლვერი
უმალ ჯიბისკენ გააქანა.
– იყოს აქ. თუ გაგვიჭირდა, ქალაქ-ქალაქ ვიაროთ და ვხვრიტოთ ჯამები, – დააყოლა
სიცილით.
– სამაგისოდ დამიდგებოდეს საქმე, შენხელა კელაპტარს დავუნთებ ილორის წმიდა
გიორგის! – მიუგო ლაზმა
ისევ სიჩუმე ჩამოდგა. დარბაზიც განაბულიყო.
– საოცარი სროლა გცოდნიათ, ბატონო გოგი, – თქვა განცვიფრებულმა ნანომ.
– ისე, რა. უკეთესიც არის. როცა ჰაერში ორშაურიანს ააგდებენ და უკან აღარ დაბრუნდება,
ისაა უკეთესი. აგერ, ლაზს შეუძლია ეგ, ათიდან – ცხრაჯერ!
ტყვიამ დაძაბულობა ქაღალდის პარკივით გახეთქა. ნანოს და გოგიას კითხვა-პასუხმა
მძაფრი გამოხდომების ადგილი შეავსო და ელიზბარ კარიჭაშვილმა შალითურს
ხუმრობით შეჰყვირა:
– ჰა, დაჯე, კაცო, რას დაყუდებულხარ!
– ჭკვიანად იყავ!.. – მიუგო შალითურმა ელიზბარს და გოგიას მიმართა: – არა, საქმე
საქმეზე რომ მიდგეს, ე მაგ ჩუბინობას საჯამბაზოდ თუ გამოიყენებთ ერთიცა და მეორეც,
თორემ... თქვენ გგონიათ, შემაშინეთ, არა?.. აქ სხვა საქმეა; ვთქვათ, დავდექით და
ერთმანეთს ვესროლეთ. მე გაგიმეტებთ, თქვენ – ვერა, დედლები ხართ! მაგნაირი
დაპირისპირება ხელს არ მაძლევს. არავინ იფიქროს, ვახტანგ შალითურს სიკვდილისა
რცხვენიაო. ნახეთ! – შალითურმა ნაგანი ამოიღო, გადახსნა, ვაზნები მაგიდაზე ჩამოყარა,
შვიდივე დაამწკრივა და თითით გადაითვალა: – ენკი, ბენკი, სიკნი, სა, ენკი, ბენკი, ბა, გა-
ვი-და!.. – წილხვდომილი ვაზნა ცილინდრში ჩააბრუნა, იარაღი ჩაკეტა, ფეხზე შემართა,
თვალებით ჩამოგვიარა... ნაგანის სავაზნეს ხელისგული ჩამოჰკრა, ცილინდრმა ბზრიალი
დაიწყო. ლულა იმავ წამს საფეთქელს მიადგა და შალითურმა იარაღის ფეხს თითი
გამოჰკრა... ნაგანმა ცხვირი დააცემინა, სავაზნე გაჩერდა. შალითურმა იარაღი შეინახა,
დაჯდა და ჭამას შეუდგა.
სუფრა ერთხანს განაბული იჯდა. მერე კარიძე ზეზე წამოიჭრა, ხელები გაასავსავა, ცას
შეჰღაღადა:
– საცოდავო საქართველოვ, საით მიდიხარ! – და კვლავ სკამზე დაეშვა.
– გამაგებინეთ, რა მოხდა? – იკითხა ნანომ. ალბათ, ბოლომდე დარწმუნება სჭირდებოდა,
რომ აქ ეს-ეს იყო ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.
– იმდენი არაფერი, - მიუგო ელიზბარმა. – ერთი რეგვენით ნაკლები იქნებოდა.
ნანო გაფითრდა.
ლაზი ოდნავ მღიმარი თვალებით ჩასცქეროდა სუფრას, თითებით დანა-ჩანგალს
აწვალებდა.
– მოიშალე ეგ სისულელე, თვარა... რა საჭირო იყო ვითომ! – თქვა გოგიამ.
– საჭირო იყო! – ჩაილაპარაკა შალითურმა და ლუკმა გადაყლაპა.
ნანოს, ჩანს, სიმშვიდე დაუბრუნდა ლიმონათი მოსვა და თქვა:
– ეგ იმის ბრალია, რომ არ ვიცით, რისთვის ვიცოცხლოთ და ან რისთვის დავიხოცოთ.
– სწორი ბრძანებაა! – დაუდასტურა შალითურმა.
ნანო გოგიას მიუბრუნდა:
– ასეთი სიზუსტე!.. ეგრე ქალების გაწვრთნაც შეიძლება.
– შეიძლება, – ღრმად ამოისუნთქა გოგიამ.
– სახელდობრ, რაში მდგომარეობს მეთოდი? – გონს მოეგო სანდრო კარიძე და
ყურმოკრულ საუბარს ყავარჯენი შეაშველა.
– ოთხი ათასი ვაზნა! ათას ხუთასი ვაზნა უძრავმა უნდა ესროლოს უძრავ მიზანს. ხუთასი
– უძრავმა მოძრავ მიზანს. ხუთასი – მოძრავმა მოძრავს. ხუთასი – უძრავმა უძრავ ხმას.
ხუთასი – უძრავმა მოძრავ ხმას და ხუთასი – მოძრავმა მოძრავ ხმას, – განუმარტა გოგიამ.
– დრო?
– ორი კვირიდან ერთ თვემდე. ნიჭზეა დამოკიდებული.
– ლაზო მასწავლე, რა! – შეეხვეწა ნანო. – არა, პირობა მომეცი, აი, ხალხთან.
არზნევ მუსკიამ გაიღიმა სასმისი აიღო და ადგა:
– სადღეგრძელო მაქვს დასამთავრებელი მე და მერე ბატონმა სანდრომაც უნდა თქვას
თავისი.
– სმენა იყოს! – დაიძახა ელიზბარმა.
– გისმენდით მე, – განაგრძო ლაზმა კარგა ხნის წინ შეწყვეტილი სიტყვა, – ვიცოდი,
მართალი რომ ხართ, – სიყვარულმა უნდა ააშენოს მტრობით დანგრეული, მაგრამ სხვაც
არის აქ. ბოროტება და მტრობა ჩავიდინეთ, აგერ ახლა, მე და გოგიმ. პატიებას ვითხოვ
ამისთვის ბატონ ვახტანგისგან და ხელს თუ არ მკრავს, ჩემს მეგობრობასაც ვთავაზობ
სულით და გულით. სიყვარულიდან დაიწყო და წამოვიდა ეს საქციელი, ჩვენი ლხინის და
საუბრის სიყვარულიდან. ასეა ეს და არც ბოროტებად ჩაითვალოს, იქნება, რაც
სიყვარულმა გვაქნევინა, მაგრამ არ იცის კაცმა, სასიკეთოდ რასაც სჩადის, უკეთურობად
შემობრუნდეს, იქნება, ის? ასეთი ბევრი მაგალითი ვიცით ყველამ. ნახავ ბოროტებას ან
სხვა გლახა საქმეს, არ მოგითმენს გული, ჩაერევი, როცა არ გამოდის სხვანაირად. იხმარ
ძალას, დათრგუნავ ძალმომრეობას და იხსნი კაცს ძალის შემწეობით. ჩვენს დროში ასში
ოთხმოცდაათი ცუდ კაცად მგონია აღზრდილი მე. შენ რომ იხსენი, ის კაციც ასეა. მიდის
შენი ნაამაგარი ადამიანი და ცუდ საქმეს აკეთებს ისევ – ეს ერთი. მეორე ის, რომ ვისზეც
ძალა იხმარე და სიკეთის სახელით დაჩაგრე, გამოსწორდა და გაანგელოზდა ის კაცი,
ვითომ? სიყვარულით აკეთებ, დანგრეული ავაშენოო, ფიქრობ. კი, შენდება ხანდახან ის
დანგრეული, მაგრამ სხვა შენობა რომ ინგრევა? მითხრას ვინმემ, რა ქნას ღვთის შვილმა და
სად როგორ მოიქცეს?
ლაზი დადუმდა. გავიფიქრე, რომ მძიმე ავადმყოფობაში არზნევ მუსკიას სწორედ ასეთი
სახე და იერი უნდა ჰქონოდა.
– გამოგიტყდებით, კაი ხანია, სხვის უბედურებაში არ ჩავრეულვარ, სიკეთის რწმენა
დავკარგე მე! დღეს დავარღვიე სიტყვა. იმიტომ დავარღვიე, ალბათ, რომ იმ სხვისი მეც
მეხებოდა პირადად. პირადიდან იწყება კაცის წახდენა და ვვედრებ განგებას, დამიბრუნოს
რწმენა – “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო”, – ამის რწმენა. ეეჰ მქონდა
როდისღაც!
ლაზმა კი არ დალია გადაუშვა, და დასძინა:
– გრძლად გამომივიდა სათქმელი. კაი მაგარი მოთმინება ცოდნიათ თბილისში.
– გრძელი შენ ახლა ნახე! აბა სანდროს მოვუსმინოთ, – კარიჭაშვილმა ხელები
სიამოვნებით გადაიფშვნიტა: უხაროდა რომ ლხინი კალაპოტს დაუბრუნდა და,
ჯერჯერობით, უთანხმოებებსაც ეშველა. – ამან ბლომად უცხოური სიტყვები იცის, სანამ
ყველას არ იტყვის, არ გაჩუმდება. ცოდონი ახლა ვართ, ლაზო, თორემ შენი მოკლეც იყო,
სადაც და ჭკვიანურიც.
გუნდმა “შავი შაშვი” დაიწყო. მსახურებმა კერძები მოიტანეს, მაგიდა მიგვილაგეს. სუფრა
დაცხრა. ეს პაუზა აუცილებელი იყო, დასვენება გვესაჭიროებოდა, ერთობ მახვილი
განცდები გვქონდა მოსანელებელი! კრინტი არავის დაუძრავს, ერთმანეთს თვალს
ვარიდებდით, ცოტა ხნით განმარტოება გვსურდა ყველას. დრო გავიდა და ხალხმა იმატა –
აივნები ერთი თუ ორიღა დარჩა თავისუფალი. დარბაზში განლაგებული მაგიდებიც
თითქმის ყველა შეივსო, მაგრამ წინააღმდეგ ჩვეულებად ქცეული წესისა, გოგია არავის
მიჰგებებია; არავისთვის ეცალა, იჯდა, თანამესუფრეებთან ერთად განიცდიდა, რაც
ხდებოდა.
სანდრო კარიძემ ჯამს ხელი მოჰკიდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ სადღეგრძელოს იწყებდა.
ნელ-ნელა დავწყნარდით.
– ბუნებაში, ალბათ, არაფერია ერთმანეთზე ისე პირდაპირ დამოკიდებული, როგორც
პიროვნების ზნეობაზე – მისი ერის ბედ-იღბალი, მოქალაქის ზნეობაზე – მისი
სახელმწიფოს ავ-კარგი და პირუკუ. ისინი ერთმანეთის შვილები არიან... ზნეობა ის
შინაგანი ძალაა, რომლის წყალობითაც პიროვნება საქციელს იწესრიგებს, რომლის
წყალობითაც თავის პირად მოთხოვნილებებს ერისა და მისი სახელმწიფოს საჭიროებებს
უთანხმებს... მცირე ერი სახელმწიფოს ვერ შექმნის, თუ ამით კაცობრიობის ან მისი ერთი
ნაწილის წინაშე რაიმე სამსახური არ აღასრულა. სახელმწიფოს არსებობას საერთაშორისო
ფუნქცია, ისტორიული მისია სჭირდება...
– მაგას სხვაც ბევრი რამ სჭირდება, სანდრო, – ჩაერია ელიზბარ კარიჭაშვილი. – ჯერ არის
და, თვით ფუნქციის ისტორიული საჭიროება უნდა შეიქმნას. მერეა და, ერს, რომელიც ამა
თუ იმ მისიას იკისრებს, საამისო ნიჭი, ენერგია, ბრძოლისა და ძლევამოსილების ჟინი
უნდა მოსდგამდეს.
– თავისთავად ცხადია და მაშინ ასე დავიწყოთ: მსოფლიოს ერთ-ერთ გეოგრაფიულ
რაიონში – ამიერკავკასიაში – დაისახა გარკვეული ფუნქცია და, მაშასადამე, სახელმწიფოს
შექმნის ისტორიული საჭიროებაც. აქ ქართველები ვცხოვრობდით და საჭიროებას
ვუპასუხეთ – შევქმენით სახელმწიფო. ქართველთა ქრისტიანული სახელმწიფოს
არსებობას სული იმან ჩაუდგა, რომ დასავლეთის ქრისტიანული ცივილიზაციისთვის
განაპირა გოდოლის როლი ვიკისრეთ აღმოსავლეთში. მეორე მხრივ, სპარსეთისა და
ბიზანტიისთვის ის ძალა გავხდით, რომელსაც ჩრდილოეთ მომთაბარეთა სამხრეთული
ლაშქრობების დაკონტროლება შეეძლო. სახელმწიფოს შექმნამ წესრიგი, სტაბილურობა
მოიტანა. მაშინ ქართველთა მიწა-წყალზე გაიდო და გადაჯვარედინდა დიდი სავაჭრო
გზები. განვითარდა ეროვნული ეკონომიკა, რომელმაც აზიურ აღებმიცემობაში
მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ასეთი მსოფლიო-ისტორიული მისიის აღსრულება
ნიშნავდა ათასნაირი მტრის მოგერიებას და სახელმწიფოც საომარ ყაიდაზე გვქონდა
მომართული. პიროვნებამ, მოქალაქემ, ცხადია, ერის ფუნქცია, სახელმწიფოს მისია
გაიმეორა: მტრის მოგერიება, ომი ადამიანის ძირითად საქმიანობად იქცა ცხოვრებად!
ცხოვრება სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია, ხოლო ზნეობა – ამ
პროცესის მომწესრიგებელი
ძალა. შეიქმნა ვითარება, როდესაც მოქალაქის ცხოვრების ავ-კარგი სახელმწიფოს
ძლევამოსილებაზე ეკიდა და სახელმწიფოს ინტერესებისთვის რაიმეს დაშურება
საკუთარი სიცოცხლისთვის დაშურებას უდრიდა. ამიტომ ამოქმედდა და დროთა
განმავლობაში დამკვიდრდა ზნეობრივი პრინციპი: ჯერ ვაძლევ ერსა და სახელმწიფოს
რაც კი რამ მაბადია, და შემდეგღა ვიღებ მისგან იმდენს, რამდენსაც დავითრევ, ან
რამდენსაც მარგუნებენ და გადმომიგდებენ. მაშინდელი კაცობრიობა ამ დონეზე იდგა,
სამართლიანობაზე თავისებური წარმოდგენები ჰქონდა. ასეა თუ ისე, ზემოთ მოყვანილი
ზნეობრივი პრინციპი, საბოლოო ჯამში, ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო ფუნქციამ,
ისტორიულმა მისიამ ჩამოაყალიბა და ამან კი, ანუ დროთა ვითარებაში დამკვიდრებულმა
ზნეობამ – სახელმწიფო შეინახა. ეს – რაც შეეხება იმას, თუ რა თვისება დაკარგა ჩვენმა
ერმა. ქალბატონმა ნანომ ჭეშმარიტება ბრძანა: თავისუფლების სამშობლოს,
სახელმწიფოებრიობის სიყვარული დაკარგა, ანუ ის ზნეობა, რომელზეც, ჩემო ელიზბარ,
მე ასე დიდხანს და ამდენი უცხოური სიტყვებით ვილაპარაკე. თვით სადღეგრძელო კი
მოკლე იქნება: გოგიმ აკი თქვა – მომხდურთან ბრძოლის, სამშობლოს დაცვის,
სახელმწიფოს შენახვის პირობა სიყვარულიაო, მაშინ, ქართველებს და მსგავსი ისტორიის
მქონე სხვა ერებს, ცხოვრების ფუძედ, საძირკვლად სიყვარული ჰქონიათ. სიყვარულს
უშენებია მტრობით დანგრეული და ამ სიყვარულისას სიამოვნებით დავლევ!
სანდრო კარიძე ჯამს დაეწაფა ნელა, სვენებ-სვენებით დაცალა.
მოულოდნელად საინტერესო სადღეგრძელო გამოვიდა და სუფრა ცოტა ხნით ჩაყუჩდა.
მერე ერთად ავლაპარაკდით – კარიძის ნათქვამს ვაანალიზებდით და ვავითარებდით.
– ეგ საინტერესო აზრია, სანდრო, – ცხოვრების ფუძედ სიყვარული ჰქონიათო. მე
ფილოლოგიაში ჭიპი არ მომიჭრია, მტკიცება გამიჭირდება, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული
ქართული მუსიკის, ლიტერატურისა და ზეპირსიტყვიერების დიდი ნაწილი სწორედ მაგ
პერიოდშია შექმნილი და ერთი მაგალითიც არ ვიცი, რომ ნაწარმოებში სიცრუე, ბოროტება
და ძალმომრეობა იმარჯვებდეს. სულგრძელობა, თავდადება და სიყვარულია ყველაფრის
ჩონჩხი, სისხლი და ხორცი. იმ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, რაც წაკითხული ან მოსმენილი
მაქვს, – ვთქვი მე.
– არაკი ვიცი ერთი მე, ჩვენი არ არის ის, – ნანოს მიმართა ლაზმა. – ლომია დაჭრილი იმ
არაკში, სისხლი მოსდის მკერდიდან და გარშემო აფთრებს სიხარული აქვთ და ზეიმი,
ლომი რომ კვდება და ლეში მათ რომ დარჩებათ, იმიტომ. გაგულისდება ლომი, მოიკრებს
უკანასკნელ ძალ-ღონეს, წამოუხტება აფთრებს, სისხლის გუბეს დააყენებს მათსას.
იბრძოლებს დიდს, გამოელევა ილაჯი, ჩავარდება მათი სისხლის გუბე
ში და ბანაობს შიგ. ისეა არაკში, რომ მტრის და მოშურნის სისხლმა უნდა მოუშუშოს და
შეუხორცოს ჭრილობა ლომს. ახლა, “არწივი” რომ არის, ქართული ლექსი: მისი დამწერი
დიდი კაცია ძალიან ქართველებში ყველაზე დიდი იყოს, იქნება, დღეს. იცით თქვენ ეს. ამ
დიდ კაცს რატომ არ მოუვიდა აზრად, ნეტავი, მისი არწივიც რომ წამოფრენოდა ყვავ-
ყორანს, ბუმბული გაეფანტა მათი და შვება მიცემოდა ამით? რატომ და, ასე რომ ექნა,
გაბოროტების და ჯავრის ამოყრის მაგალითი უნდა მიეცა სხვისთვის. არ ქნა მან ეს.
მესამედ გაიმეორებ შენთვის, თუ პირველად წაიკითხავ – არწივის სიბრალული,
თანაგრძნობა გეწვევა კაცს ჯერ, მის მხარეზე დაგაყენებს, ღონემიხდილს და განწირულს
შეგაყვარებს ლექსი. მაგ კაცს განგებისგან აქვს მადლი დასხმული საამისოდ, ადვილად
შეუძლია ეს. შეგაყვარა და, რომ მიაღწია ამას, გენდობა უკვე. იცის, რასაც გააკეთებ,
სიყვარულიდან გამოსული იქნება ის. ამიტომ არის, რომ არ გირჩევს და არ გეუბნება, ასე
და ასე მოიქეციო, – ლაზი წამით დაფიქრდა და დასძინა: – ნამდვილი რაც არის,
ყველაფერში ასე უნდა იყოს, მგონია. უნდა დავაკვირდე, ერთი, ამას.
– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ლაპარაკში გავათენოთ – ნამდვილი საქმე ვიღამ აკეთოს! –
განაცხადა კარიჭაშვილმა. – ნანო, შენი ჯერია. შემდეგ სადღეგრძელოს ვინც იტყვის, ორი
ჯამით დალიოს, თორემ არჩილა და ერვანდა შემოგვივარდებიან, პანღურის ცემით გაგვყრიან!
– შენ ამ ნამდვილ საქმეს რომ გადაყევი, მიტომ გეძახიან, ბოლო დროს, “ყოფილ მსახიობს”,
– ჩაილაპარაკა სანდრო კარიძემ.
– მე ხელოვანი ვარ, სანდრო კარიძევ, და არა ტაშის მხვეჭელი ტაკიმასხარა, – მიუგო
კარიჭაშვილმა გაღიზიანებით. – ახალგაზრდა ვიყავი, სცენამ და დარბაზის გრიალმა
მიმიტყუა, რა ვიცოდი куда влечет наш жалкий жребий. და ან რა იყო ნამდვილი ხელოვნება!
– ახლა ხომ იცი?! – ჩაიქირქილა კარიძემ.
– ახლა ვიცი! ნამდვილი ხელოვნება, სანდრო, უპირველესად ყოვლისა, სინდისია,
პატიოსნებაა. უფლება არა მაქვს, ხალხს საშუალოდ გაკეთებული როლი ვაჩვენო. ეს ერთი.
მეორე ისა, რომ უფლება არა მაქვს, სიცრუე ვუთხრა კაცს და ეროვნული ავბედობით
ჭეშმარიტ გზას აცდენილი ხრამში გადავჩეხო. ამიტომ ყველაფერს და ყველანაირს არა
ვთამაშობ. აი, წელიწადია, როლს ვამზადებ. იქნებ, კიდევ წელიწადი მოვანდომო.
სამაგიეროდ, სულის დამწმენდსა და ამამაღლებელს ვაჩვენებ. თუ მაყურებლის თვალებში
შევნიშნე, რომ მიზანი დაძლეულია, მაშინ თეატრში ტაშის მოსასმენად შენ დარჩი, მე აქეთ
გამოვიქცევი, გოგიასთან და ველისციხელ ერვანდასთან ერთად ღვინოს დავლევ, წასული
კვირის ჭიდაობაზე ვილაპარაკებ. მიდი, გენაცვალე, შენა და შენისთანა მკილავებმა
“ყოფილი მსახიობი” მიძახეთ, ყაბულსა ვარ... ნანოს ჭირიმე, გისმენთ! აააპ, სმენა იყოს!!! –
დასჭექა ელიზბარმა.
– სანამ მე ვიტყოდე რამეს, უკვე ნათქვამს ზოგი რამ უნდა დაემატოს, – თქვა ნანომ. –
სახელდობრ, ბატონმა სანდრომ ბოლომდე უნდა გაგვიზიაროს თავისი შეხედულება.
– დიახ, ქალბატონო, ბრძანეთ, რომელი შეხედულება,– დაფაცურდა კარიძე.
– თქვენ ილაპარაკეთ იმაზე, თუ რა დავკარგეთ, მაგრამ არაფერი გითქვამთ, როგორ
დავკარგეთ – ეს ერთი, და რანი ვართ დღეს – მეორე. უმაგისოდ ჩემს სალაპარაკოს
სადღეგრძელოსთან ვერ დავაკავშირებ და დიაცის აბდაუბდაში ჩამომერთმევა ნათქვამი.
– სიამოვნებით, თუკი დამსწრე საზოგადოება მოთმინებას გამოიჩენს. სულ სამი წუთი
დამჭირდება, შეგიძლიათ, საათი დანიშნოთ, “მამაო ჩვენოსავით” ვიცი, – ღიმილით მიუგო
კარიძემ.
– მიდი, სანდრო, – წააქეზა კარიჭაშვილმა. – მუსაიფი მაინც შეგრჩეს. რა ვიცით, ხვალაც
ცოცხლები ვიქნებით?
სანდრო კარიძემ პაუზა იხელთა და დაუყოვნებლივ დაიწყო:
– სამწუხაროდ, ყველაფერი წარმავალია მზისა ქვეშე, ჯერ იყო, სლავთა ფეოდალური
სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ სამხრეთის იმპერიებს ჩრდილოური შემოსევების
საშიშროება შეუმსუბუქა და ქართველთა სახელმწიფომ ტრამალების ხალხებთან
წინამბრძოლის ფუნქცია დაკარგა. შემდეგ, ისედაც მიხრწნილი ბიზანტიის იმპერია
ჯვაროსნებმა და თურქებმა მოაშთეს. კათოლიკურ ქრისტიანობას იმდენად სერიოზული
ჭია შეუჩნდა, რომ მისი არსებობის შესანარჩუნებლად ინკვიზიციის დაარსება შეიქნა
საჭირო. როცა ციტადელი ირყევა, გოდოლის მეციხოვნეთა ბედიც ბეწვზე ჰკიდია.
ერთმორწმუნე სამყაროსთან არსებული კომუნიკაციები დაირღვა და საქართველოს
იდეოლოგიური ფუნქციაც თანდათან გაუქმდა. კიდევ ცოტა ხანი და, ზღვაოსნობის
განვითარებამ აღმოსავლეთთან სავაჭრო გზები წყლებზე გადაიტანა. ამით ეკონომიკური
ფუნქციაც გამოგვეცალა. მოკლედ რომ მოვჭრათ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ
საერთაშორისო ფუნქციები გაუქმდა და მსოფლიო-ისტორიული მისია აღარ გაგვაჩნია.
კაცობრიობისთვის წესიერი საქმეების მკეთებელი, ძლევამოსილი სახელმწიფო წვრილმანი
სამთავროების კინკლაობის ასპარეზად და ყველა მოცლილი თუ მოუცლელი
დამპყრობლის სარბიელად იქცა. რუსეთთან შეერთებამდე საქართველოს ისტორიის
ბოლო ხუთ საუკუნეს თამამად შეიძლება, დაერქვას ხუთასწლოვანი ომი ფიზიკური
არსებობის შესანარჩუნებლად და შექმნილი კულტურის გადასარჩენად. საყურადღებოა,
რომ ქართულ ეროვნულ-პოლიტიკურ აზროვნებას მუდამ და ამომწურავად ესმოდა
სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის ისტორიული მისიიდან წარმომავლობის
აუცილებლობა. დიდ მასშტაბებში ეს იდეა პირველად ვახტანგ გორგასალის ხელით
განხორციელდა. ტრამალის ხალხებთან წინამბრძოლობის ფუნქცია როცა გაუქმდა, მაშინ
დავით აღმაშენებელმა და მისმა პოლიტიკოსებმა წინა აღმოსავლეთის კულტურულ-
პოლიტიკური ხელმძღვანელის ფუნქციით აღჭურვეს ქართველთა სახელმწიფო და ამ
მიზნის განხორციელების მტკიცე საფუძველი შექმნეს. მსოფლიო ქრისტიანულ
ცივილიზაციას და, კერძოდ, ბიზანტიის იმპერიას რომ საძირკველი მოერყა, თამარის
სახელმწიფომ მართლმადიდებელი სამყაროს ჰეგემონობაზე, სამაჰმადიანოში წესრიგის
დამყარებაზე განაცხადა პრეტენზია. ამ მხრივ, საქმეები რიგიანადაც წარიმართა, მაგრამ
მონღოლობამ მოგვისწრო და ჩვენს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კატაკლიზმი
გამოიწვია. თვით ერეკლეს პოლიტიკაც ვახტანგ გორგასალის ოპერაციის გეოგრაფიულად
შებრუნებული განმეორება გახლდათ – საყრდენით ჩრდილოეთში და მახვილით
სამხრეთში, მაგრამ ამ ვითარებამდე იმდენად გაჩანაგებულებმა მივაღწიეთ, რომ რუსეთმა
ქართველთა მოკავშირეობას მათი მფარველობა ამჯობინა, სხვათაშორის, თვით
ქართველებმაც მფარველობის ქვეშ ყოფნა ამჯობინეს... ყოველივე ეს იმისთვის ვთქვი, რომ
წინაპართა სიბრძნე და მოცადეობა აღუნიშნავი არ დარჩენილიყო, მათი შრომა წყალში არ
გადაყრილიყო... დიახ, ის საზარელი ხუთასი წელიწადი! ვისაც მიუკერძოებლობა და
განათლება ჰყოფნის, იმისთვის ჩვენი ისტორიის ამ პერიოდთან მხოლოდ ამერიკელი
ინდიელების ანალოგია არსებობს. სხვა პარალელი არ მაგონდება. ასეა თუ ისე,
სიცოცხლისა და კულტურის შენარჩუნებაც ფუნქციაა, მაგრამ ვიწრო-ეროვნული, ძლიერი
სახელმწიფოს არსებობისთვის უვარგისი. ქართველთა სახელმწიფო, ფაქტიურად,
გაუქმდა. მისი ავ-კარგის მიმართ ერის ძირითად მასას ქვეცნობიერი თუ გაცნობიერებული
პასუხისმგებლობა მოუდუნდა, ხოლო მრავალმა დამარცხებამ და აოხრებამ მოქალაქეს
ძლევამოსილების რწმენა დაუკარგა. სწორედ ამან მოახდინა ერის ზნეობაში პირველი ძვრა
დაკნინებისკენ. მთავარი სამუშაო ფუნქციის კერძო-ეროვნულმა ხასიათმა, საერთაშორისო
უმნიშვნელობამ შეასრულა: ცხოვრება სიცოცხლის შენარჩუნების პროცესად იქცა, ხოლო
ამ პროცესმა თავისი მომწესრიგებელი ფაქტორი, ანუ შესაბამისი ზნეობა ჩამოაყალიბა, –
თავკერძული ელემენტებით უხვად შეზავებული, ძლიერი სახელმწიფოს დროინდელთან
შედარებით დაბალი და კნინი. მართალია, კერძო-ეროვნული მიზნისთვის, მაგრამ ხალხი
მხარდამხარ იდგა, ადამიანს ერთობისა და ერისთვის თავდადების უნარი საკმაოდ
გამახვილებული ჰქონდა. ხუთასი წლის გააფთრებული წინააღმდეგობის შემდეგ ერი
ხორციელად განადგურდა, სულიერად გადაიღალა. სხვა გზა აღარ იყო და ერთმორწმუნე
ერი მოვიყვანეთ. დასავლურ კულტურასთან პირდაპირი კონტაქტების უძველესმა
წყურვილმა ახალ ფორმაში ჰპოვა განხორციელება: ევროპის უდიდესი სახელმწიფოს
ნაწილად ვიქეცით! რუსეთთან შეერთებამ ყველა პრობლემა ერთბაშად მოხსნა.
გაგვათავისუფლეს ომებისგან, ლეკიანობისგან, ამოწყვეტის საშიშროებისგან,
ბაგრატიონთა ათასწლოვანი დინასტიისგან და გადასახადებისგანაც კი. ეს შესვენება
ქართველი ერისთვის გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა, მაგრამ ერთი
კანონზომიერი რამ მოხდა: ისტორიულად კაცობრიულ და ეროვნულ ვალდებულებებს
დაჩვეული ქართველი კაცი უამოცანოდ დარჩა, მას აღარაფერი მოეთხოვებოდა, სრულიად
აღარაფერი; ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს, რომელსაც მხოლოდ ერთი
საქმე აქვს – სძოვოს. ასი წელიწადია ვბალახობთ, ჩვენი ერთადერთი ფუნქციაა – ვჭამოთ,
ვსვათ, შვილები ვზარდოთ. გათავდა. ასეთმა ფუნქციამ ძველი, ტრადიციული ზნეობა
გადააგვარა და დღეს თუკი ვისმე თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის
სიყვარული აქვს, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ზნეობა უმდგრადესია სულიერ ღირსებათა
შორის. აი, ჩემი აზრით, ეს დავკარგეთ, ქალბატონო ნანო. რანი ვართო, რომ ბრძანეთ,
უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიმართლე უნდა მოგახსენოთ: საშოვარს გადაგებული
გათითოკაცებული, ყოფილი ერი. დავამთავრე, ელიზბარ, შეგიძლია, საათს დახედო.
– როგორ გამოდის, – სიჩუმე დაარღვია შალითურმა. – სანამ კავკასიაში შენი ფუნქცია ისევ
არ შეიქმნება, იქამდის ქართველებისთვის სახელმწიფო – ფა-ფუ?
– ფა-ფუ! – დაუდასტურა კარიძემ.
შალითურმა გადაიხარხარა.
– ყურადღებას გთხოვთ, ბატონებო! – ნანომ ჯამი აიღო.
სიჩუმე ჩამოდგა.
– ამას წინათ ირაკლის კანტორაში ვისხედით, სიტყვამ მოიტანა და ამათ ვუამბე,
აფხაზეთში ორმოცამდე სხვა ადამიანთან ერთად რომ გაგვძარცვეს მე და ჩემი ქმარი.
თქვენ ნუ გამიბრაზდებით – ლაზო, ირაკლი, ამათ გავაგებინებ, როგორც იყო და მერე იმ
ნაწილსაც ვიტყვი, რომელიც თქვენთვის არ მიამბნია.
მოკლედ ჰყვებოდა. ყველა განაბული უსმენდა, მე და ლაზიც კი. უმთავრესად შალითურს
მიმართავდა, ალბათ, იმისთვის, რომ უთანხმოების ჭაობიდან საბოლოოდ ამოეყვანა და
ჩვენი მოლხინე-მომუსაიფე სამეფოსთვის დაებრუნებინა ეშმაკის მანქანებით განზე
გასხლეტილი საერისთაო. წარმოიდგინეთ, შალითური ნელ-ნელა გამხიარულდა. ნანო
გაძარცვის ამბავს, ამჯერად, სულ სხვა სტილში ჰყვებოდა. მისი გონება შემთხვევის
სასაცილო მხარეებზე იყო გამახვილებული, თვალი – იუმორისტული სიტუაციებისკენ
მიმართული.
– მთელ ამ ოპერაციას, როგორც მერე გამოჩნდა, სულ ოთხი კაცი აწარმოებდა: თვით
სარჩიმელიას და კიდევ ერთ მის დამქაშს გზიდან ხალხი მოჰყავდათ, ძარცვავდნენ,
ნაძარცვს ტომრებში ანაწილებდნენ. ერთი ყაჩაღი თავს გვადგა, ალბათ, შესაძლო ამბოხის
ჩასახშობად. მოშორებით, ჩვენს ზურგს უკან, გორაკი იყო, იქიდან წარამარა სტვენა
ისმოდა. შეშინებულ გუნებაზე ისე გვეგონა, რომ ყაჩაღების ძირითადი ძალა გორაკზე იყო
განლაგებული. თურმე ნუ იტყვით, ერთადერთი კაცი ზის ხის ძირას, გზასა და უკვე
გაძარცულებს ზემოდან გვითვალთვალებს და დროდადრო უსტვენს, რომ ის სამი ყაჩაღი
არ გვეცოტაოს...
– მოიცა, ქალო, – სიცილით შეაწყვეტინა ელიზბარ კარიჭაშვილმა. – ეგრე, დედიშობილად
და ერთად დაგსხეს ქალიცა და კაციც?
– არა, მძარცველებს შენზე მეტი კდემამოსილების გრძნობა აღმოაჩნდათ, ცალ-ცალკე
ვიყავით, მაგრამ მამაკაცებსა და დედაკაცებს შორის ორიოდე ნაბიჯი იყო. ერთმანეთისა
ყველაფერი რიგიანად გვეყურებოდა. ერთი სიტყვით, ვსხედვართ, სარჩიმელიას
დაბრუნებას ველოდებით. ხალხი ერთ ჩურჩულსა და გადალაპარაკება-გადმოლაპარაკებაშია. ზოგი რას ამბობს და ზოგი რას. ვიღაც გატიტვლებულმა დედაბერმა
გადაკამკამებულ ცას ახედა და თქვა, წვიმა რომ წამოვიდეს, რა გვეშველებაო. ერთი
ტანმორჩილი კაცი იყო, საშინლად აინტერესებდა, გზაზე ჩასაფრებული სარჩიმელია,
სახელდობრ, ვის მოიყვანდა და ძალიან უნდოდა, რომ მის ბადეს – რიგიანად აღარ
მახსოვს – ვინმე ბაბუხადია თუ მითაგვარია ამოჰყოლოდა. ამის წარმოდგენაც კი უდიდეს
სიხარულს ჰგვრიდა, ხელებს სიამოვნებით იფშვნეტდა და წინასწარ სიცილით კვდებოდა.
მთავარი სალაპარაკო კი მაინც ის იყო, თუ ამ ოპერაციის შედეგად ვინ რა დაკარგა.
გაძარცულები წართმეული ნივთების საფასურს და ფულის რაოდენობას ერთს ათად,
ზოგჯერ, ერთს ოცად ამბობდნენ, ერთმანეთს დანაკარგის სიდიდეს ეტრაბახებოდნენ.
მხოლოდ ერთმა თქვა – ახალგაზრდა, ღინღლა ბიჭმა – არც რამე მებადა, ვერც რამე წაიღეს
და, ნეტავი, აქ რას ვუზივარ, რას მემართლებიანო. მდიდარი თურქის მსახური იყო,
პატრონთან ერთად მოიყვანა სარჩიმელიამ, თორემ თვით ბიჭი, მართლაც, ვის რაში
სჭირდებოდა. აბა, ამდენი დროა გასული, ყველაფერი წარსულშია, ახლა იმ
თავგადასავალზე მასხრობით ლაპარაკი ადვილია, მაგრამ მაშინ, იმ ვითარებაში,
სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი. ვისაც გონება უჭრის, ადვილად წარმოიდგენს, თუ რა
მოჰყვებოდა იმას, სარჩიმელიას რომ თავისი დაპირება შეესრულებინა და გამოსასყიდი
თანხის გირაოდ წავეყვანე თან... განა მხოლოდ ჩემს ბედ-იღბალსა და მომავალზეა
სალაპარაკო? ის შეურაცხყოფილი ხალხი?.. ერთი თხუთმეტ-თექვსმეტი წლის გოგონა
ექიმთან ერთად გადმოიყვანა გზიდან სარჩიმელიამ. გოგონა ყაჩაღებს მუხლმოდრეკითა
და ქვითინით ემუდარებოდა, – დედა მიკვდება, ოჩამჩირეში ექიმის წასაყვანად მოვედი,
გაგვიშვით, ეგებ ცოცხალს მივუსწროო! ვიღაც ქალი თმებს იგლეჯდა, ქვრივმა დედაკაცმა
ქალიშვილი რის ვაი-ვაგლახით გამოვზარდე, მთელი სიცოცხლე სამზითვო ფული ვაქუჩე,
ოცი თუმანი შევაგროვე და ამ არამზადებმა წამართვესო... ყველაფერს რას ჩამოთვლის
ადამიანი. საშინელება იყო და არც საიდანმე ხსნა ჩანდა.
– Господин, простите, пожалуйста, – გაისმა ჩემს გასწვრივ მამაკაცების ჯგუფში. – Госпожа,
ограбленная вместе с вами, Ваша жена? – ჩემს ქმარს ეკითხებოდა ერთი მუხლს ქვემოთ
ფეხწაკვეთილი მამაკაცი. შირერმა ცოტა დააყოვნა და ბოღმით მიუგო:
– Да, сударь, госпожа ограбленная вместе со мной моя жена!
– Так вот что: грабители эти хоть и достаточно свирепы, однако в женщин стрелять не станут.
Это долго объяснять, прошу поверить мне на слово. Скажите Вашей жене, пусть склонит
остальных женщин... Ну, кричать, причитать, выть. Пусть шумят и не умолкают, если даже
грабители прибегнут к угрозам...
– Что это даст, сударь!
– Минимум – приближение конца этой подлой процедуры! Передайте это жене на Вашем
языке, разбойник подслушивает...
შირერმა ფეხწაკვეთილი კაცის წინადადება აწონ–დაწონა და მიუგო:
– Не надо, сидите спокоийно, сударь!
ყველაფერი გავიგონე. დარწმუნებული ვარ, სწორედ იმ ხმაზე და იმ ვარაუდით იყო
ნათქვამი, რომ გამეგონა. საქმე ჭკუაში დამიჯდა, მაგრამ მისი სისრულეში მოყვანის ხერხი
იყო საპოვნელი. მაინცდამაინც რიგიანი ვერაფერი გამოვიგონე და როცა გუშაგმა
მამაკაცებისკენ გადაინაცვლა ქალებს გადავულაპარაკე:
– მოდით, ქალებო, ყველამ ერთად ავტეხოთ მოთქმა და წივილკივილი. დედაკაცები ვართ,
ვერ გვესვრიან, ნუ გეშინიათ. თუ ხმამაღლა და დიდხანს ვიყვირებთ, ეგებ გზიდან
გადმოგვეშველოს ვინმე, ან ეგებ თვითონ ყაჩაღებს შეეშინდეთ და თავი დაგვანებონ.
ვიყვიროთ, ქალებო! ცუდი არაფერია მოსალოდნელი.
– ზოგმა ქართული იცოდა და აზრსაც მიმიხვდა. ზოგს არ გაეგებოდა და წავიდა კითხვა-
პასუხი, რა თქვაო. მიუხედავად ამისა, ორი, სამი წუთიც არ გასულა, უკვე ყველასთვის
ცნობილი გახდა ჩემი წინადადების არსი და ხმას კი არავინ იღებდა. გვერდით ქალი
მეჯდა, ვკითხე, რას იტყვი-მეთქი.
– რომ გვესროლონ?
– ნუ გეშინიათ არ გვესვრიან!
– რაცხა შვიდი მანეთი წამართვეს და თავი მოვაკვლევიო, აწი?
– ცხრა თუმანი წაიღეს, ოხრებმა, მაგათ, მარა არც ცხრა თუმნად ივარგებს ჩემი შვილების
დაობლება!
– იყვიროს სხვებმაც და ვიყვირებ მეც, მაშინ.
– კი. ყველა თუ იყვირებს, მაშინ – კი.
ესე ილაპარაკეს და სიჩუმე ჩამოვარდა.
გამიელვა, რომ მაგალითის მიცემა იყო საჭირო. ერთად თუ არა, ნელ–ნელა მაინც
ამყვებიან-მეთქი. დავიწყე ხმადაბალი მოთქმა და ტირილი. მხარი არავინ ამიბა. ხმას
ვუმატე – ისევ განაბულები ისხდნენ, კივილი მოვრთე და ერთადერთი შედეგი ის იყო, რომ
შეშინდნენ, – ამ სულელი ქალბატონის გულისთვის არ დაგვხოცონო, მაგრამ უკვე როლში
ვიყავი შესული და ჩემი დაშოშმინება არცთუ ადვილი გახლდათ. იმ ყაჩაღმა, ჩვენ რომ
გვყარაულობდა, ერთხანს უღრმესი განცვიფრებით მიყურა. მერე ჩემსკენ წამოვიდა, თავზე
დამადგა და კიდევ მიყურა. მერე – არც აცია, არც აცხელა – აიღო და თავში კაი
ლაზათიანად ჩამითხლაშუნა. ამდენ უზრდელობას არ მოველოდი, გაკვირვებამ მყისვე
დამადუმა, განაბული ავაცქერდი. ყაჩაღმა პაუზით ისარგებლა და ღიმილით მითხრა:
– ქალბატონო, რა გაყვირებს ნეტავი!.. იმის იმედად თუ ხარ, რომ აგენიც იყვირებს – აგენი
მორჩილებას არიან მიჩვეული. ეეეჰ, ქალბატონო, არ გცოდნია, თურმე, მაგ საქმე შენ. აგერ,
ჩვენ რომ გვხედავ – ნამეტანი კარგად ვიცით ჩვენი საქმე ჩვენ. მიტომ ვშვრებით ამას, რომ
ვიცით, რაც არ იცის კაცმა, არ უნდა ჩაიდინოს ის.
მიტრიალდა და წავიდა.
შირერმა გადაიხარხარა. არა მწყენია – მეუხერხულა, შემრცხვა, ძალიან შემრცხვა,
ჭარხალივით გავწითლდი. როცა უხერხულობის გრძნობამ გამიარა, თვალი მამაკაცებისკენ
გადავაპარე. სახეზე ყველას დამცინავი ღიმილი უთამაშებდა და ხელმეორედ
მეუხერხულა, ისევ შემრცხვა. ფეხწაკვეთილი კაცი იჯდა, ულვაშს იწვალებდა, რაღაცის
ვარაუდსა და მოსაზრებაში იყო გართული, მაგრამ მე თავის დასამშვიდებლად გავიფიქრე,
რომ ჩემს მარცხს თანაუგრნობდა. გაძარცვად ღირებული, ალბათ, დროზე ვეღარავინ ნახა
გზაზე სარჩიმელიამ, რომ ჩემი მოთქმის შემდეგ ბარე ნახევარი საათი გავიდა, სანამ
დაბრუნდებოდა. მთელი ჯგუფი მოიყვანეს – ორი მამაკაცი და სამი ქალი. ამ ხალხის
დამუშავებაში იყო და ჩვენი მხრიდან ტყეს ორი კაცი გამოსცდა ერთი წინ მოდიოდა;
წარმოიდგინეთ: წელს ზემოთ შიშველი, წელს ქვევით პერანგის ამარა. ესე იგი პერანგის
სახელოებში ჰქონდა ფეხები გაყოფილი და წელამდე ამოტანილი კალთა ხელით ეჭირა.
სხვა რა გზა იყო, უნდა სჭეროდა! კოხტად ჩაცმულ-დახურული კაცი მოსდევდა, ყალყზე
შეყენებული მაუზერით ხელში. სხვა იარაღიც ბლომად ეკიდა – თავისი ცალკე და იმ
წელქვეით პერანგის ამარა კაცისა – ცალკე. გეზი სარჩიმელიასა და ნაძარცვისკენ ჰქონდათ.
ამ მოულოდნელმა და საოცარმა გამოცხადებამ საერთო დაბნეულობა შემოიტანა. ჩვენი
გუშაგი გაშეშებული იდგა, თავი სიზმარში ეგონა. როცა მაუზერიანი კაცი მამაკაცების
ჯგუფს გაუსწორდა, ვიღაცამ წამოიძახა:
– ოხხხ!.. დათა თუთაშხიაა ეგ!
– რა ხდება, ძუკუ, აქ? – უმწეოდ ჩაილუღლუღა ჩვენმა გუშაგმა, მაგრამ სხვა არც უთქვამს
და არც უქნია რამე.
ძუკუს კი პერანგის კალთა ჩაებღუჯა, არ ჩამვარდესო, და მორჩილად, თვინიერად
მოაბიჯებდა. გუშაგი ჩვენსკენ ზურგით იდგა, დათა თუთაშხიად დარქმეულ კაცს თვალს
პირღია მიაყოლებდა. სარჩიმელია და მისი ამხანაგიც გახევებულიყვნენ. ამ წამიერ
დუმილსა და უძრაობაში ფეხწაკვეთილი კაცი მუცელზე დაწვა, ერთი გადახოხებით
გუშაგს მიუახლოვდა, კარგა მოზრდილ რიყისქვას დასწვდა, თვალის დახამხამებაში ზეზე
წამოიმართა და ქვა გუშაგს შიგ კეფაში ჩასცხო. სარჩიმელიამ თითქოს მიშველება
განიზრახა, მაუზერიანმა სტუმარმა იარაღი მიაშვირა და სარჩიმელიაც დაცხრა. გუშაგი
დაეცა. მისი თოფი იმავ წამს ფეხწაკვეთილი კაცის ხელში აღმოჩნდა. ამის შემდეგ გუშაგმა
კეფაში თავისივე თოფის კონდახიც მიიღო. მერე ფეხწაკვეთილი კაცი კვლავ მიწაზე
გაიშოტა, გუშაგის სხეული საფრად და თოფის საყრდენად მიიმარჯვა. სარჩიმელია მიზანში ამოიღო და ჩაყუჩდა.
– ოხხხ!.. მაგ კაცი, ნიფხვად რომ პერანგი აცვია... მაგ ის ყაჩაღია, ნამდვილად ზემოდან რომ
გვიფშვიტინებდა აქ ჩვენ! – აღმოაჩინა იმავე გაძარცულმა, ვინც პირველად დათა
თუთაშხია იცნო. თუთაშხიამ უკან მოიხედა, საქმის ვითარებაში უმალ გაერკვა, კიდევ
რამდენიმე ნაბიჯი წარსდგა და სარჩიმელიასთან პირისპირ აღმოჩნდა.
მე მეგრული არ ვიცი, მაგრამ იმ ამბის დამთავრების შემდეგ ყველაფერი სიტყვასიტყვით
მითარგმნეს. ამიტომ მიყოლებით გეტყვით, რაც ლაპარაკი იყო და რაც მოხდა.
– სარჩიმელია! და შენც... არ ვიცი, ვინ ხარ! – ეს მეორე ყაჩაღს ეხებოდა. – აგერ დადევით
იარაღი! – თუთაშხიამ ადგილი მიუჩინა ყაჩაღები გაოგნებულები იდგნენ, სარჩიმელიამ
იცოდა, რომ ფეხწაკვეთილი კაცის თოფის სამიზნეზე იჯდა. მეორე ყაჩაღს თუთაშხიას
მაუზერი ლამის კბილებში ჰქონდა გაჩრილი. მესამეს თავისი პერანგი ეჭირა. არც
წინააღმდეგობის გაწევა იყო ადვილი და არც იარაღის დათმობა. ამასობაში
ფეხწაკვეთილმა კაცმა გაისროლა.
ტყვიამ ყაჩაღებს შუა გაიარა. ფოთლიანში გაიღო სხაპანი.
– აწიეთ ხელები! – დაუყვირა თუთაშხიამ.
მეორე ყაჩაღმა ბრძანება შეასრულა. სარჩიმელიამაც, მაგრამ მოგვიანებით და ზანტად.
– მობრძანდით აქ, რომელიმე! – გამოსძახა თუთაშხიამ მამაკაცებს.
შირერმა ყველას აასწრო, მივიდა. განმარტება არ დასჭირვებია – ყაჩაღებს იარაღი აჰყარა,
ერთად დაალაგა. მერე ორივე საგულდაგულოდ გაჩხრიკა, ყველაფერი ჩამოართვა. ეს
პროცედურა რომ დაასრულა, ჯერ სარჩიმელიას სთხლიშა ქვედა ყბაში, შემდეგ მის
ამხანაგს და დარეტიანებულები დაყარა მიწაზე. ამ დროს ფეხწაკვეთილი კაცი ნაძარცვთან
ასკინკილით მივიდა, თავისი პროთეზი იპოვა, ტანთ სახელდახელოდ ჩაიცვა... მერე ჩემი
“ამორძალის” სამოსი მოძებნა, მომიტანა და მითხრა:
– ქალბატონო, ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე, ჩემი წაქეზების ბრალი იყო, ამ ნაძირალამ
რომ შეურაცხყოფა მოგაყენათ! – ასეთ ვითარებაში მოხდა ბატონი გოგის და ჩემი გაცნობა.
მაშინ არც სახელი
გვიკითხავს ერთმანეთისთვის და არც გვარი. დღესღა შევხვდით.
სუფრაზე შეძახილე_ ბი და სიცილ-ხარხარი ატყდა. გოგიამ მაგიდას შემოუარა, ნანოს
ხელზე ემთხვია და ადგილს დაუბრუნდა.
– დანარჩენი, იქნებ, საამბობლად აღარც ღირდეს, ცხადია, რაც მოხდებოდა, – განაგრძო
ნანომ, როცა საზოგადოება რამდენადმე დამშვიდდა. – თუთაშხიამ გაძარცულებს უხმო,
მოდით, თქვენ-თქვენი ქონება ამოარჩიეთ და წაიღეთო. ყაჩაღებმა მათკენ მომავალი ბრბო
დაინახეს, წამოცვივდნენ და მოჰკურცხლეს. იმ გამწარებული დედაკაცების ხელში
ჩავარდნა, მართლაც, არ ღირდა – მამაკაცებზე აღარაფერს ვამბობ. ორას, სამას ნაბიჯზე იყო
სარჩიმელია, ტყეში აღარც კი ჩანდა, მაშინ დაიძახა:
– დათა თუთაშხია ვისაა რომ ესარჩლები შენ! შენი სიკვდილი მაგენის ხელით იქნება
სწორედ როცა იქნება ის!
შირერმა თავისი სათუთუნე იპოვა, თუთაშხიას გაუწოდა, – გამომართვით, ამ ფათერაკის
სამახსოვროდ გქონდეთო. ოცმისხლიანი ბაჯაღლო ოქროს სათუთუნე იყო, ძვირფასი
თვლებით დამშვენებული. თუთაშხიამ მადლობა გადაუხადა, მაგრამ არ კი გამოართვა.
შირერს გული დასწყდა. მე ცალკე ვეხვეწე, – გამოგვართვით-მეთქი. მაინც არ წაიღო. ცოტა
ხანს კიდევ დავყოვნდით, სხვისი ქონებით ხელის მოთბობას მოწყურებულებს
ვაშოშმინებდით. მერე, შევსხედით და შინისკენ გამოვაჭენეთ... ძალიან გამიგრძელდა. იმ
იმედითღა ვარ, რომ თვით ამბავი მოსაწყენი არ იყო. მაინც მაპატიეთ და ეხლა ორ
სადღეგრძელოს ერთად ვიტყვი. ბატონი გოგისა და თუთაშხიას საქციელზე, სხვა რამ ხომ
არ ითქმის, გარდა იმისა, რომ ადამიანობა, სიკეთე და სიყვარული ამოძრავებდათ.
ვისხედით გაძარცულნი და შეურაცხყოფილნი. მოვიდა ამ ორი კაცის სახით ხორცქმნილი
სიკეთე და გვიხსნა. აი, ასეთ რეალურ საქმედ ქცეულ სიყვარულსა და სიკეთეს
ვადღეგრძელებ!
ყველა აღტაცებული ვიყავით ნანოს თხრობით და წრეგადასული სანდომიანობით. ტაში
დავცხეთ, მთელი დარბაზი ჩვენსკენ შემობრუნდა. ნანომ ჯამი ტუჩებთან მიიტანა,
ნახევარი დალია.
– ლაზო, მეორე ჯამი მომე, ელიზბარმა თქვა, შემდეგი სადღეგრძელო ორი ჯამით უნდა
დაილიოს. ბატონო ვახტანგ, შემივსეთ... – ნანომ ნაკლული ჯამი შალითურს მიუმარჯვა, –
ესეც არ იყოს, სათქმელი ორ სადღეგრძელოდ მქონდა ნავარაუდევი...
ელიზბარმა კიდევ ერთხელ დაგვაწყნარა, – ნანოს დააცადეთო.
– ვისგან და საიდან წამოვიდა წმიდა გიორგის თქმულება, ამას ნუ შევეხებით. თქმულების
დედააზრი, მოგეხსენებათ, სადაა: თუ ვინმეს უჭირს, თავი გაწირე, მაგრამ იხსენიო! ეს
არის და ესა. განგების წინაშე აღთქმას ვდებ, ხშირად ვეახლო და მოწიწებული თაყვანი ვცე
სამას სამოცდამეექვსე წმიდა გიორგის! ერთი ძველებური ხატი მაქვს, იქნებ იმის წარწერას
მივამსგავსო: ძლევამოსილო მხედარო ჭეშმარიტებისა, დიდებულო მოწამევ ერისათვის,
წმიდაო გიორგი. მეოხ ექმენ წინაშე ცათა ფრიად მოსავსა ძალისა შენისასა, უღირსსა
მხევალსა თავყელიშვილს ნანოს! გოგის გაუმარჯოს, ბატონებო, ჩვენს მასპინძელს,
მამულიშვილს, რაინდს, როგორც ბატონი სანდრო იტყოდა, ფუნქციის მომნიჭებელს და...
ჩემს მხსნელს!
სუფრა შეძახილებმა, სიცილმა, ხმამაღალმა სიტყვა-პასუხმა აიტაცა. ნანომ ხელი ასწია, არ
დამიმთავრებიაო.
– ჩემი სადღეგრძელოები ნაამბობს მოჰყვა. მოდით, ამავე ჯამით დათა თუთაშხიას
სადღეგრძელოც დავლიოთ. უხორცო და შეუდრეკელი კაცია, მაგრამ ხანდახან ასეთებსაც
უჭირთ. გაჭირვებაშიც გაუმარჯოს, ლხინშიც ხელი მოუმართოს ღმერთმა. მაინც ხატსა და
სალოცავში ვართ და ერთ აღთქმას კიდევ დავდებ: ამ ჯამში ჩატეულ ორ უზარმაზარ კაცს,
თუკი დავჭირდები, ყოველთვის და ყველაფერში ხელს გავუწვდი; მარტო იმიტომ კი არა,
რომ მადლი მაქვს დასაბრუნებელი – უფრო იმიტომ, რომ ჩემი და ჩემისთანების
სამსახურის ღირსნი ორივენი არიან!.. მეორე ჯამით ყველას გადღეგრძელებთ და ლამაზი
ლხინისთვის უღრმეს მადლობას გიხდით. პატიებას გთხოვთ, რომ გტოვებთ. ღმერთია
მოწამე, თქვენთან ყოფნა მირჩევნია, მაგრამ წასვლაც აუცილებელია. ოცდაექვსში, ესე იგი,
სამი დღის მერე, საღამოს რვა საათზე, ყველა, ვინც ამ სუფრაზე ვართ – უმორჩილესი
თხოვნაა – ჩემთან შევიკრიბოთ ირაკლი, სტუმრების მოყვანა შენზეა! თქვენს გარდა ორი,
სამი კაცი მეყოლება, სხვა არავინ იქნება... – ნანო წამოდგა და, რა თქმა უნდა, მე და ლაზიც
წასასვლელად მოვემზადეთ.
დიდი ჩოჩქოლი ატყდა, როგორც ამგვარ შემთხვევაში, თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე
– თხოვნა, ხვეწნა, ნამუსზე შეგდება, წყენა – დანარჩენებმა ყველაფერი გამოიყენეს. ნანო
თავისაზე იდგა, მაგრამ ერთი პატარა დათმობა მაინც მოუხდა: ლაზსა და მე ის ორორი
ვირგლა ჯამი სულ თითით გამოგვალოკინეს. ესეც გათავდა. დავიძარით და გამოცილება
მოიწადინეს. ჩვენმა ქალბატონმა სუფრიდან ფეხის მოცვლა ყველას აუკრძალა, მარტო
გოგია გამოგვყვა.
– ლაზო, ელიზბარს საიდან იცნობ? – ჰკითხა გზადაგზა ნანომ.
– აგერ, გოგიმ გამაცნო. კარგი კაცია ელიზბარი. მომწონს ძალიან მე!
– ბატონი გოგი ვიღამ გაგაცნო?
– დიდი ხნის ამბავია ეგ. მოგიყვებით როდისმე, – პასუხი გადაუდო ლაზმა.
ვესტიბიულში მარტო არჩილა ტრიალებდა.
– ქალბატონის მეეტლე თუ დააპურეთ? – ჰკითხა გოგიამ.
– დავაპურეთ და დავათვრეთ კიდევაცა. კოფოზე ძლივსღა ზის, – აცნობა არჩილამ.
– ერვანდა სად არის?
– კარში სკამი უდგას, ზედა ბრძანდება და სთვლემს... კი არა სთვლემს, თავი აქვს
ჩაკიდული ბებერი ცხენივითა, ვითომა სძინავს!
– რაო? – დავინტერესდი მე.
– რაო და, ამ სამი დღის წინ ღამე მანდვე იჯდა და მართლა ეძინა. ვიღაც მიეპარა, ხალათის
ჯიბიდან ექვსი მანეთი ამოაცალა და წავიდა თავის გზაზედა. მას აქეთ მანდა ზის, თავს
იმკვდარუნებს – ჯიბგირი კიდევ მოვაო! იმდენი რა გითხრა შენა, აჰა!
– მოვა, არხეინად იყა! – მოისმა გარედან სასოებით აღსავსე პასუხი.
– მოვა რა, პენსიაა?! შემო, კაცო, სტუმრები მიდიან!
ერვანდა მძიმედ შემოვიდა, ჯაგრისი აიღო, არ ნევ მუსკიას ტანსაცმელზე ჩამოუსვა და
ბურტყუნით უთხრა:
– აღარავინ დამაცადა, მართლა ჩამეძინოს. გიჟია, მოვიდეს? ფხიზელზე რას მოვა!
არჩილამ გაიგონა და აღშფოთდა:
– ვაა, თუ მართლა დაგეძინა და მოვიდა, იმდღევანდელივით წაიღებს, რაც რამ გექნება და
წავა! არა, ამნაირი ინდაურისთვის ლუკმაპური ქვეყანაზე კიდევ სადმე რომ იშოვნება, ისა
თქვას კაცმა!..
ეტლამდე მიგვაცილეს. ერვანდა ანალიზურად მსჯელობდა, ჯიბგირის კვლავ მოსვლის
აუცილებლობაზე იდგა. არჩილას გაგონებაც არაფრისა უნდოდა. ამასობაში დრო
ვიხელთე, სუფრის ანგარიშის გასასწორებლად ერვანდას ფული შევაჩეჩე, – გოგია
ჩაჯდომაში ეხმარებოდა ნანოს, ვერაფერი შენიშნა.
დავიძარით.
ღამის სიჩუმეში ფლოქვებს სასიამოვნო ტკაპატკუპი გაჰქონდა.
– რატომ იჩქარეთ, ქალბატონო ნანო. მოგწყინდათ, ალბათ, – გაგრძელებული სიჩუმე
დაარღვია ლაზმა.
– შენთან... და ირაკლისთან არასოდეს მომწყინდება ლაზო! – მიუგო ნანომ.
ისევ კარგა ხანს იყო სიჩუმე.
– ლაზო მე ვიცი, ვინცა ხარ! – თავისთვის ჩაილაპარაკა ნანომ.
– ეეჰ, ჩვენო დედოფალო, თვითონ არ ვიცი, ვინ ვარ მე. არც თქვენ გეცოდინოთ იქნება!
მთვარიანი ღამე იყო. ქარი ცაში თითო-ოროლა ღრუბელს დააქანებდა, მიწაზე ტანწერწეტ
ალვებს აწვალებდა.
პირველად მაშინ გამიელვა ეჭვმა, რომ... რამდენიმე ეჭვმა გამიელვა.
ვარდისფერი რვეული
პირველი დღეებისა თუ ერთი კვირის მანძილზე არზნევ მუსკიასთან და ნანოსთან
ურთიერთობის ყოველ ეპიზოდს ცალ-ცალკე ნაჭრებად აღვიქვამდი, ყოველი მათგანი ჩემი
მიმდინარე ცხოვრების ერთ-ერთი დამოუკიდებელი მონაკვეთი იყო – სულიერი
კმაყოფილების, ფიქრის, სიხარულის მომგვრელი მონაკვეთი.
ერთ დილას ყველაფერი – არზნევ მუსკიას დანახვის წუთს აქეთ წუხანდლამდე, როცა მის
სასტუმროში გვიან ღამით ძილმა თვალები მიმილულა – ყველაფერი ერთად,
აღმოჩენასავით, გამოცხადებასავით დამატყდა თავს, როგორც ათასი იდუმალების
შემცველი მთლიანობა. ეს ფიქრს, განზოგადებას, დასკვნების გამოტანას მთხოვდა და არ
მასვენებდა. მოვლენათა ამ გამთლიანებაში გადამწყვეტი როლი ნანოსთან სტუმრობებმა
შეასრულა: ეჭვები, მიხვედრები კითხვებად აქცია. ვინ არის არზნევ მუსკია და რას ეძებს
იგი? ვინ არის ქალბატონი ნანო თავყელიშვილი-შირერისა? რა ხდება ან ხდება თუ არა
რამე ამ ქალსა და ლაზს შორის? რატომ ვარ ასე მძაფრად დაინტერესებული იმით, თუ რა
სახის ურთიერთობები აქვთ მათ? ვინა ვარ მე თითოეულისთვის და ორივესთვის ერთად?..
მართალია, მალე მოვიდა დრო, როცა არც ერთი ამ კითხვათაგანი ჩემთვის და კიდევ
რამდენიმე ადამიანისთვის საიდუმლოებას აღარ წარმოადგენდა, მაგრამ ვინც შეძლებს,
თავი ჩემს ადგილზე წარმოიდგინოს, იმისთვის ცხადი შეიქნება, თუ როგორ მაწუხებდა და
მღრღნიდა მაშინ ყოველივე ეს.
კიდევ ერთი რამ მოხდა: ხალხში, საზოგადოებაში ტრიალი სამთავეს მოგვბეზრდა. დადგა
დღე და გულმა აღარსაით გაგვიწია, ელიზბარ კარიჭაშვილისა და გოგიას მეტი არავინ
გვაინტერესებდა. ესენი, თითქოს, რაღაც სიცარიელეს გვივსებდნენ, ჩვენს ყოფას თავისი
სხვადასხვანაირობით ამდიდრებდნენ.
წინა ღამეს სამორინეში ვიყავით. იქ შევთანხმდით, რომ ხვალ ჩემს ბინაში მოვიყრიდით
თავს. ლაზი ელარჯს მოამზადებდა და ელიზბარი – ლულა-ქაბაბს. დილით არზნევის
სასტუმროდან კანტორაში წავედი, ორიოდ საათი დავყავი და შინისკენ გავწიე. დათქმულ
დროს ელიზბარმა და გოგიამ ლაზი მოიყვანეს. ცოტა ხნის შემდეგ ნანოც მოვიდა. ნანო და
გოგია სასტუმრო ოთახში დარჩნენ, წუხანდელი თამაშის პერიპეტიებს იგონებდნენ და
ერთობ მხიარულად გრძნობდნენ თავს. მსახურმა ეზოში მაყალის გაფიცხებას მიჰყო ხელი.
ლაზი და ელიზბარი სამზარეულოში საქმიანობდნენ. მეც იქა ვტრიალებდი. რამდენჯერმე
დამითხოვეს, – ხელს ნუ გვიშლი, წადი, ჩვენი საქმისა ჩვენ ვიცითო, მაგრამ თავი ვერ
დავანებე. ბოლოს ცული და დასაკეპი ხორცი მარგუნეს. ამასთან დაკავშირებით ელიზბარს
მეწისქვილის კარზე მიმდგარი სახედრის ანდაზა მოაგონდა და მუშაობას შევუდექი.
ეს ამბავია, – სადარბაზოდან ზარის წკრიალი მოისმა. ხელები ხორცის წვენში მქონდა
ამოვლებული, ჩემი მსახურის წინსაფარი მეკეთა, გასვლა-გაგებება არ შემეძლო. არც
გოგიას შეწუხება ჩავთვალე შესაძლებლად, ცალფეხი კაცი იყო და ნანოს გავძახე, – გაუღე,
ალბათ, კლიენტია ვინმე და უთხარი, დღეს ვერ მივიღებ, ხვალ კანტორაში მნახოს-მეთქი.
ნანო სადარბაზოში გავიდა, ცოტა ხანს მერე სამზარეულოში შემოიხედა და მითხრა:
– არ მიდის, კლიენტი არა ვარ, სტუმარი ვარო.
– სტუმარი ვარო?.. გვარი არ უთქვამს?
– არა. მაღალ-მაღალი, ტანთხელი, ორმოცდაათი-ორმოცდათხუთმეტი წლის კაცია. რუსია
და არც რუსსა ჰგავს.
– შემოიპატიჟე?
– ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი! მისაღებში ზის.
– მიდი, გაეგებე, ეგ ხორცი უკვე მზად არი, – მითხრა ელიზბარმა.
– მაშ, რას ვიზამ, მაგრამ დღეს არავის ველოდი...
ხელები გადავიბანე, მოვწესრიგდი, მისაღებისკენ გავწიე. სასტუმრო ოთახში ფეხი შევდგი
თუ არა, გოგიამ მანიშნა, მომიახლოვდიო. მივედი. ნანოც შემოგვიერთდა. გოგიას
რამდენადმე დაბნეული, შეფიქრიანებული იერი ჰქონდა. მისაღებისკენ მანიშნა და
ჩურჩულით მკითხა:
– ასე ახლოს იცნობ მაგას, რომ დაუპატიჟებლად გესტუმროს.
– ვისა... ვინ არის?
– თუ არ ვცდები... კავკასიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი გრაფი სეგედი! –
უფრო დაბლა წაგვჩურჩულა გოგიამ.
წამიერი დუმილი ამოვარდა.
– მე მაგას... მე მაგას, საერთოდ, არ ვიცნობ. არა, ნაცნობობა არა გვაქვს, თორემ ისე, რა თქმა
უნდა, გარეგნობით ვიცი, რომელიც არის... – მივუგე და მისაღებისკენ დავიძარი.
გოგიამ მკლავში ხელი წამავლო, გამაჩერა ტუჩებზე თითი მიიდო:
– სამზარეულოდან გასასვლელი არის?
– არის... აივანზე და მერე კიბეებით – ეზოში. რად გინდა?
– გაართო, ეგებ, ცოტა ხანს. უცბად არ შემოიყვანო... ისე კი, რომ მოიშორებდე აჯობებდა! –
მითხრა გოგიამ და სამზარეულოსკენ გასწია.
– რაშია საქმე?! – ვკითხე ნანოს.
– მერე, მერე! წავიდეთ, – დაიჩურჩულა ნანომ და ხმამაღლა, სტუმრის გასაგონად დაიძახა:
– აქეთ, ირაკლი, სტუმარი მისაღებში გელოდება.
ელდა ჩავიხშე, თავს დავეუფლდე, სახეზე კლიენტების მიღება-გაცილებაში წლობით
შემუშავებული მსუბუქი ღიმილი დავიდე და გავედი.
გოგია არ შემცდარა. სავარძლიდან, მართლაც, გრაფი სეგედი, კავკასიის ჟანდარმთა
მრისხანე შეფი წამოიმართა და თავაზიანად მომახსენა თავისი ვინაობა.
ევროპული ტანსაცმელი ეცვა. მაღალი კაცი იყო. ღრმა, ჭკვიანი თვალები და ოდნავ
ეშმაკური, მაგრამ სანდომიანი ღიმილი ჰქონდა.
მკრთალი, ნატიფი პირის კანი არისტოკრატულ მოდგმასა და მყუდრო კაბინეტებში
გატარებულ ცხოვრებას მოწმობდა.
– დიდად მოხარული ვარ, თქვენო ბრწყინვალებავ... ვერ წარმოიდგენთ, რა კარგ დროს
ინებეთ მობრძანება! იცნობდეთ, გეთაყვა, ქალბატონი ნანო ფარნაოზის ასული
თავყელიშვილი-შირერისა... სულ მალე მზად იქნება ღმერთების შესაფერი საჭმელ-
სასმელი, წარმოგიდგენთ ჩემს უახლოეს მეგობრებს და თქვენს სტუმრობას ლუკულუსის
ღრეობით აღვნიშნავთ! ნება მიბოძეთ, გემსახუროთ. – პალტოში წავწვდი, სრული
დარწმუნებული ვიყავი, ბოდიშს მომიხდიდა, ვერ დავრჩებიო.
– ნუ შეწუხდებით, თავადო, მე მხოლოდ გრაფი ვარ, უნგრელი გრაფის ჩამომავალი. ამას
საგანგებოდ ვუსვამ ხაზს: უნგრეთში ხუთ მოსახლეზე თითო გრაფი მოდის. ასეთია
ოფიციალური სტატისტიკა. – ღიმილით თქვა სეგედიმ და პალტო თვითონ გაიხადა.
– საქართველოში ორ მოსახლეზე თითო თავადია, გრაფ. ჩვენ გჯობივართ! – მივუგე მე,
რომ გრაფის თანხმობით გამოწვეული დაბნეულობა მიმეჩქმალა.
მისმა ბრწყინვალებამ მიიხედ-მოიხედა, საკიდარი ვერსად შენიშნა და პალტო, უნებლიეთ,
ისევ მე გამომიწოდა.
გავედი და დავკიდე.
– თავადო, რაც შემომთავაზეთ, სწორედ იმის სათხოვნელად გეახელით! – განაცხადა
სეგედიმ, როცა დავბრუნდი.
– რის სათხოვნელად, თქვენო ბრწყინვალებავ.
– თქვენს მეგობრულ სუფრაზე დასწრება მინდოდა. უცხო კაცისგან ეს, ალბათ, უცნაური
მოსასმენია, მაგრამ გაძლევთ პატიოსან სიტყვას, არაფრით შევზღუდო თქვენი
დროსტარება და ჩემმა დასწრებამ, იქნებ, თავისებური ელფერიც კი მისცეს თქვენს ლხინს.
გრაფი ცდილობდა, რომ სადა, ძალდაუტანებელი ყოფილიყო, მაგრამ ღელავდა და მის
საქციელს ერთ რომელიღაც მომენტში უსიამოვნო სითამამემ დაჰკრა.
– რა თქმა უნდა, რას ბრძანებთ, რა სათქმელია... – მივუგე მე და ელდა მეცა, – ვაითუ,
მოულოდნელობით გამოწვეული შეცბუნება სიყალბეში ჩამომერთვას-მეთქი.
გრაფი ღიმილით შემოგვყვა სასტუმრო ოთახში, ღიმილითვე ჩაეშვა მითავაზებულ
სავარძელში.
– მსმენია, თქვენო ბრწყინვალებავ, ჩინებულად უკრავთ ფორტეპიანოზე, – უთხრა ნანომ
და მე პროგრამით გათვალისწინებული საუბრის დასაწყისი ვიგრძენი: ხომ დავაპირეთ,
რომ უნდა გაგვერთო და შეგვეყოვნებინა!
ეგ არის, გრაფმაც იგრძნო რაღაც და ნანო მიუგო:
– თქვენ, ქალბატონო, ჩემსავით ღელავთ. დარწმუნებული ვარ, ეს გაუთვალისწინებელი
ვიზიტი სხვებსაც ააფორიაქებს. ერთობ მშვიდობიანმა, მაგრამ საკმაოდ რთულმა
საჭიროებამ მომიყვანა და მიზანი მიუღწეველი დამრჩება, თუ ამ ბინაში სიმშვიდემ და
გულახდილობამ არ დაისადგურა. დახმარება უნდა გთხოვოთ, სახელდობრ, თქვენ უნდა
გთხოვოთ, ერთადერთ ქალს ხუთი მამაკაცის საზოგადოებაში: სძლიეთ თავს და
მომეპყარით, როგორც ძველსა და კეთილგანწყობილ ნაცნობს. ეს თქვენც დაგამშვიდებთ
და მეც. ჩვე ორივე ერთად, ჩვენი სიმშვიდით – სხვებს, – გრაფმა გაიცინა და დასძინა: –
მალე დარწმუნდებით, რომ საუკეთესო განზრახვამ მომიყვანა.
ნანომ სტუმრის სიტყვები გაიკვირვა, ალბათ, უნდოდა, ეთქვა, სრულიადაც არ ვღელავო,
მაგრამ აღარ დავაცადე:
– ხუთიოდე წუთით დაგტოვებთ, თქვენო ბრწყინვალებავ, ბოდიშს ვიხდი! სამზარეულოს
უნდა მივხედო, სულ მალე დავბრუნდები, – ვთ1ვი და გავედი.
ვერ გამეგო, რა ხდებოდა, მაგრამ მოსალოდნელ პიკანტურ სიტუაციას თუ საშიშროებას
ნათლად ვგრძნობდი. ალბათ, ამან შემიყვანა საძინებელ ოთახში და ფანჯრიდან ქუჩაში
გადამახედა. ჩემს სადარბაზოსთან ორი ეტლი იდგა. ერთი ნანოსი იყო, მეორეში ვიღაც
ქუდჩამოფხატული კაცი თვლემდა. სეგედის კაცი იქნება-მეთქი, გავიფიქრე, სხვა რამ
მნიშვნელოვანი თუ საეჭვო ვერაფერი შევნიშნე.
სამზარეულოში გავედი. არზნევ მუსკია მოთუხთუხე ქვაბს დასცქეროდა. გოგია და
ელიზბარი განაბულები იდგნენ, ფიქრობდნენ.
ჩემმა გამოჩენამ, თითქოს, სამივე ააფორიაქა, მდრტვინავ სიჩუმეს უხერხულობაც მოემატა.
– გამაგებინეთ, რაშია საქმე, – ვთქვი მე.
– ჩვენც მაგაზე ვიტეხთ თავს! – მითხრა გოგიამ.
– რამ მოიყვანა, რა მინდაო? – იკითხა ელიზბარმა.
გადავეცი, რაც იყო და როგორც იყო.
– არაფერი არ არის მაგ, – თქვა ლაზმა. – გაიგო, ალბათ, ელარჯი რომ გვექნება, და
საჭმელად მოვიდა კაცი. რაა მერე?.. შენი ლულა-ქაბაბის საჭმელად არ არის მოსული მაგ! –
ელიზბარ კარიჭაშვილს გადაულაპარაკა ლაზმა.
– ელარჯზე მოსულს უფრო გავს, – დაუდასტურა გოგიამ.
დავრწმუნდი, რომ ის ლაპარაკი, საიდანაც ვითარებაში გარკვევა შეიძლებოდა, აქ უკვე
დასრულებული იყო, და მოულოდნელად გული მომივიდა:
– თუ თქვენი ნალაპარაკევის ჩემთან გამეორება არ შეიძლება, მაშინ რა აზრამდეც
მიხვედით, მარტო ისა თქვით!
– არაფერ აზრამდე არ მივსულვართ ჯერ, – მაცნობა ლაზმა.
– სამზარეულოდან ეზოში გასასვლელი კარი ვისთვის იკითხე, – მივმართე გოგიას.
– იმისთვის ვიკითხე, ვისთვისაც შეიძლება, მოსული იყოს ეგ კაცი!
– რომელი შეთქმულები ჩვენა ვართ, შე კაი კაცო. განა, რომელი ჩვენგანი უნდა მიაჩნდეს
მაგ კაცს იმდენად მნიშვნელოვან დამნაშავედ, რომ პირადად გვეახლოს?! – ვღელავდი და
როცა ვთქვი, მერე შევნიშნე, რიტორიკული ინტონაციით ვთქვი. დავაპირე, ხუმრობაში
გადამეყვანა, რომ შეშინებული კაცის შთაბეჭდილება არ მომეხდინა, მაგრამ თანამოსაუბრეების იერმა დამამუხრუჭა.
ლაზი კვლავინდებურად ქვაბს დასტრიალებდა, გოგია იატაკს დაჰყურებდა. ელიზბარი
დაკეპილ, უკვე შეზავებულ ხორცს შამფურებზე ტმასნიდა, თითები და ხელები ოდნავ
უკანკალებდა. ვიგრძენი, რომ ყოველ მათგანს ჰქონდა სათქმელი და ჩუმად კი იყვნენ,
ერთიმეორეს ელოდებოდნენ. სიჩუმემ, იქნებ, სულ ოციოდე წამს გასტანა, მაგრამ მე იგი
უსასრულობად, სულის ამომრთმევ უძრაობად მომაწვა და თავდაცვის ინსტინქტმა
გარდუვალი კატასტროფის წინათგრძნობა აღმიძრა. ახლა შემიძლია, თავისუფლად
ვაღიარო – ეს იყო წამიერი პანიკა, თავგზააბნევა, სულის წამოძაგძაგება. თითქოს ვიღაცამ
ჩემი უღრუბლო ცხოვრება, კეთილდღეობა, წარსული, აწმყო და მომავალი ფაიფურის
ლანგარივით დასცა და ნამსხვრევებად აქცია. ვერ ვიტყვი, რას იზამდა ნებისყოფა, მაგრამ
ის სულმოკლეობა, რომელმაც ერთიანად მომიცვა და შემიპყრო, მზად იყო, ეყვირა: “თქვენ
ყველამ ერთად, რაღაც საშინელი ჩაიდინეთ და მეც საფრთხეში გამაბით. მე არა ვარ თქვენი
თანამზრახველი, არ მინდა საშიშროება და რისკი! ბოლოს და ბოლოს რა დააშავა
არსებულმა წესწყობილებამ, რატომ უნდა ვხედავდეთ მხოლოდ ავს და გვავიწყდებოდეს
სიკეთე?! არ მინდა, წადით აქედან ახლავე და წაიყვანეთ ეს საზიზღარი გველი, რომელიც
თქვენის გამოისობით შემოიკლაკნა ჩემს ბინაში, ჩემს ცხოვრებაში, ჩემს მომავალში!..”
– მე ვიყო, იქნება, ის კაცი, ირაკლი! – სიჩუმე დაარღვია ლაზმა
– ჰა?.. რომელი კაცი? – ვკითხე უნებლიეთ და მეგონა, რომ სხვამ ჰკითხა.
– ვისთვისაც შეიძლება, მოსული იყოს ეგ სტუმარი!
სრულიად არ გამკვირვებია, ერთი წამითაც არ შევმცბარვარ და, ალბათ, იმიტომ, რომ
ითქვა ის, რაც ჩემმა ქვეცნობიერებამ არზნევ მუსკიასთან პირველი შეხვედრისთანავე
დაადგინა. ჩვენი ურთიერთობა სულ ოციოდე დღით განისაზღვრებოდა, მაგრამ
რამდენიმე წამში წლების გამოცდილებად იქცა, ლაზის სულიერი პორტრეტი უაღრესი
სიცხადით წარმომიდგა და დამრჩა ერთადერთი გრძნობა, რომ ამ კაცს ზნეობრივი
დანაშაულის ჩადენა არ შეეძლო. იმავ წამს მივხვდი, რომ გოგიას, ელიზბარს და ნანოს ჩემს
წინაშე ცოდვა არაფერი მიუძღოდათ და იმასაც, რომ ადამიანური სამართლიანობა ყველა
შემთხვევაში არზნევ მუსკიას მხარეზე უნდა ყოფილიყო, ხოლო ჩემი ადგილი კი იქ, სადაც
ეს სამართლიანობაა. მყისვე ვიგრძენი ჩემი აღშფოთების უსუსურობა, სიმდაბლე, და
სირცხვილმა ჟრუანტელად დამიარა. გონებამ დაუყოვნებლივ მიკარნახა, რომ ამ
ვითარებაში სულ სხვა რამ იყო საჭირო. სიტუაცია ჩარევას, მოქმედებას, პოზიციის
აღნიშვნას საჭიროებდა, და მშვიდად ვთქვი:
– არზნევ, შენ უნდა მოიქცე ისე, როგორც შენთვის იქნება უმჯობესი. ჩვენ ყველაფრისთვის
მზად ვართ!
– ისე უნდა მოვიქცე, ირაკლი, ძმაო, როგორც ყველასთვის იქნება უმჯობესი. მე მარტო არ
ვარ აქ! – მტკიცედ თქვა ლაზმა, მადლიერი თვალები შემომანათა და დასძინა: – არსად არ
წავალ მე! გააფიცხებს მსახური მაყალს და აიღებს შამფურებს. სტუმართან გავიდეთ ჩვენ.
გაოგნებულებივით შევცქეროდით.
– ასე უნდა აჯობოს მგონია! – დაადასტურა ლაზმა თავისი გადაწყვეტილება, ქვაბი
გადმოდგა, ონკანთან მივიდა, ხელები გადაიბანა, ჩოხის კალთები ჩაუშვა და მითხრა:
– შეგვიძეხი ირაკლი, სახლის პატრონი და მასპინძელი ხარ შენ!
ხმა აღარავის ამოგვიღია, დავიძარით.
გრაფი ჩვენი შესვლისთანავე ადგა, თვალი მოგვავლო. სათითაოდ წარვუდგინე ჩემი
სტუმრები. არაფერი საყურადღებო – თავაზიანი ურთიერთმისალმებები, ამგვარ
შემთხვევებისთვის საჭირო ღიმილი და ტრადიციული: “დიდად სასიამოვნოა!”
– დასხედით, ბატონებო... სანამ მსახური გვაცნობებდეს, რომ სუფრა მზად არის! –
მივმართე სტუმრებს და სავარძლები მივუმარჯვე.
გრაფი თავისსავე სავარძელში ჩაეშვა, ლაზს მიაჩერდა. ოცი წლის უნახავ ნაცნობს
უყურებენ ხოლმე ასე.
– კაი გამოვიდა ელარჯი, ქალბატონო ნანო. მე რომ შეგპირდით, ისეთი, თითქმის, – უთხრა
ლაზმა.
– ასეთი საოცარი მსგავსება მხოლოდ ტყუპებისა მინახავს! – თქვა გრაფმა ქართულად,
ლაზს თვალი მოაშორა, იდაყვი სამკლავეზე ჩამოდო, თავი დახარა და იატაკზე გაფენილ
ხალიჩას დააცქერდა.
– თქვენო ბრწყინვალებავ, როგორი სუფთა ქართული გცოდნიათ! გასაოცარია, ღმერთმანი,
– სიტყვა ბანზე აუგდო ნანომ.
გრაფი, მართლაც, კარგად ნასწავლ ქართულს ლაპარაკობდა. ჩანს, პრაქტიკაც მდიდარი
ჰქონდა და ერთადერთი ნაკლი მისი ქართულისა ის იყო, რომ ხორხისმიერ ბგერებს ვერ
გამოთქვამდა.
– ვინ ვის მიამსგავსეთ, გრაფ, ვის გულისხმობდით? – ვკითხე რუსულად და ამის შემდეგ
ქართულად აღარავის გვილაპარაკია ლაზის გარდა. – ეს ხან რუსულს ხმარობდა და ხან
ქართულს.
ქათინაურისთვის სეგედიმ ნანოს მადლობა გადაუხადა, მე მომიბრუნდა, ცოტა დააყოვნა
და პატარა უხერხულობის გრძნობით, მორცხვი ღიმილით მითხრა:
– მუშნი ზარანდიას და დათა თუთაშხიას ვგულისხმობდი, ბატონო ირაკლი. – გრაფი
წამით დადუმდა, ალბათ, ჩემს რეაქციას დაელოდა და როცა მოსალოდნელი ეფექტი ვერ
შენიშნა, განაგრძო: – იქნებ, საოცარი არც იყოს, ბიძაშვილ-მამიდაშვილი ერთმანეთს რომ
ჰგავდნენ, მაგრამ ტყუპებივით?.. პირველი – ჩემი ერთ-ერთი მოადგილეა, მეორე – არზნევ
მუსკიად წოდებული თქვენი კლიენტი და მეგობარი.
ის ბოლო ნახევარი საათი იმდენი მოულოდნელობით იყო დატვირთული, რომ ჩემს
ფსიქიკას რეაქციის უნარი სრულიად მიჩლუნგებული ჰქონდა და არც გამკვირვებია რამე.
საერთოდ, იქ, იმ წუთსვე, ცხადლივ და თვალწინ, რომელიმე ჩვენგანი შინაურ ცხოველად
რომ გადაქცეულიყო, ვერც ეს მეტამორფოზა გამომიყვანდა სრული შინაგანი გარინდებისა
და უძრაობის მდგომარეობიდან.
სტუმრები შევათვალიერე.
დათა თუთაშხიად ქცეული არზნევ მუსკია გიშრის კრიალოსანს აკაკუნებდა. ისეთი სახე
ჰქონდა, ვითომ ბავშვობის დროინდელი ონავრობა რამ მოაგონდა და ღიმილი მოჰგვარაო.
ნანოს მეტისმეტი მღელვარებისგან შუბლზე, ღაწვისთავებზე ოფლის წვეთები
გამოსხდომოდა, მარაოს იქნევდა და სუნთქვა უჭირდა. ელიზბარ კარიჭაშვილი მიხვდა,
რომ გაფითრდა, და ლოყებს ხელისგულებით ისრესდა. გოგია მშვიდი ჩანდა, დამსწრეთა
თვალიერებაში იყო გართული ჩემსავით.
– მართალია ეგ, – სიჩუმე დაარღვია თუთაშხიამ. ნელა ლაპარაკობდა, ყოველი წყვილი
მძივის ჩამარცვლას თითო, ორ-ორ სიტყვას აყოლებდა. – ტყუპებივით ვართ. მამაჩემი და
მუშნის დედა – ჩემი მამიდა, ესე იგი, – ტყუპის ცალები იყვნენ. იქამდე ვგავართ
ერთმანეთს, თქვენო ბრწყინვალებავ, რომ, პატაშიძეა ერთი, პოლიცმაისტერი – ის რომ არ
შესწრებოდა, ჩემს მაგიერ მუშნის დაიჭერდნენ. აქციზში მსახურობდა მაშინ ის.
გრაფმა ჩაიცინა:
– მსმენია ეგ ამბავი.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ვიჯექი და მეგონა, რომ ეს შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩემი
მოწყობილი იყო, ყველაფერი წინასწარ ვიცოდი და ახლა დოინჯშემოყრილი
ველოდებოდი კვანძის გახსნას.
– მე თქვენი სტუმარი ვარ, ქალბატონო და ბატონებო, – თქვა სეგედიმ. – ამიტომ გთხოვთ,
რასაც ვიკითხავ ან ვიტყვი, მხოლოდ ჩვეულებრივ საუბრად ჩამითვალოთ. – ნათლად
ჩანდა, გრაფი ცდილობდა, თავს დაუფლებოდა. – ბატონო თუთაშხია, დარწმუნებული
ვარ, დამსწრეთაგან ერთმა მაინც გირჩიათ თავის გარიდება. სამზარეულოს აქვს ეზოში
გასასვლელი კარი. რატომ არ ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით?
დათა თუთაშხიამ რამდენიმე წყვილი მძივი ჩაარაკუნა და მიუგო:
– თქვენ, ჩვენო ბატონო, როგორ გგონიათ ეგ?
– სიმართლე მოგახსენოთ, არ მესმის. თუ კეთილინებებთ... მადლიერი დაგრჩებით
დიდად.
– ვიტყვი, აბა. – თქვა თუთაშხიამ, აზრი მოიკრიბა და დაიწყო: – არ შეიძლებოდა ჩემი
წასვლა. ბატონ ირაკლისთან არის და, ხელშეკრულებით ვარ დაკავშირებული, როგორც
კლიენტი ვექილთან. ბატონმა ელიზბარმა სულ არაფერი არ იცის ჩემზე, მისთვისაც ლაზი
აზნაური არზნევ მუსკია ვარ მე. ბატონმა გოგიმ და ქალბატონმა ნანომ, მართალია, იციან,
დათა თუთაშხია რომ ვარ, მაგრამ ერთმანეთს რომ ვხვდებით ჩვენ ხუთნი, ამ ხნის
მანძილზე კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაგვიდენია რომელიმეს და რაიმე ბრალდების
წაყენებაც ვერ მოხერხდება მათთვის; ერთი შეიძლება დაბრალდეს მაგათ – დაუსმენლობა,
მაგრამ ტყუილივით მოკლე ფეხი ექნება, მგონია, მაგ ბრალდებას: დაუსმენლობა,
მოგეხსენებათ, ის არის, კაცმა თუ რომელიმე ჩადენილი დანაშაული იცის და კანონს
დაუმალავს და ან ის, აგერ რომ მზადდება დანაშაული და არ აცნობებს პოლიციას. რომ
წავსულიყავი, ამ ხალხის შეწუხების საბაბი მოგეცემოდათ თქვენ. არ მქონდა უფლება,
პოლიციაში სასიარულოდ შემექნა მათი საქმე. ახლა, აქ რომ ვზივარ მე, ეს ხალხიც სუფთაა
კანონის წინაშე და მეც სუფთა ვარ ჩემი სინდისის და ჩემი მეგობრის წინაშე. ეს ერთი,
თქვენო ბრწყინვალებავ, მეორე: თვე-ნახევარია თითქმის, თბილისში რომ ვარ. მალვა და
თავის მორიდება აზრად არ მომსვლია ამ ხანში. მესამე დღეს-მეთქი, არ ვიტყვი, მაგრამ
მეოცე დღეს ჟანდარმერიამ ხომ უეჭველად იცოდა, აქ რომ ვარ, დათა თუთაშხია! ჩემი
დაჭერა ყველგან შეიძლებოდა ადვილად, წუხელის შეიძლებოდა, სამორინეში რომ
ვიყავით, მაშინ, და ყველგან, სადაც დაჭერას მოინდომებდა დამჭერი. კაი და, როდის იყო,
თქვენხელა თანამდებობის კაცები ვინმეს დასაჭერად თვითონ რომ დადიოდნენ! თქვენი აქ
მობრძანება ჩემს დასაჭერად მობრძანება რატო უნდა მგონებოდა, ვითომ? ვთქვათ, და
სულ სხვა საქმეზე ხართ მოსული და არც ჟანდარმერიამ იცის თბილისში ყოფნა ჩემი;
რატომ უნდა მეშინოდეს თქვენთან შეხვედრის, ნეტავი? პირადი ნაცნობობა გვქონია
როდისმე, გინახივართ და გარეგნობა იცით ჩემი, თუ რა არის კიდევ? მესამეც არის:
ვიფიქროთ, თითქოს, რაც ვთქვი, ყველაფერი მცდებოდეს მე და იმიტომ მობრძანდით, რომ
ჩვენი ეს თავმოყრა ძალიან მოხერხებულია კანონისთვის – მე ცალკე ჩამიგდებთ ხელში და
ამ ხალხს ცალკე ამხილებთ ჩემთვის ხელის შეწყობაში. ერთი გასროლით ორი კურდღელი
რომ კვდება, ისე გამოდის ეს. საქმე ის არის, რომ სამზარეულოს კარიდან გასვლით იქნება
თუ ბინაში დარჩენით – შეიარაღებული ხალხის ხელიდან გასხლტომამ და გაქცევამ უნდა
მომიწიოს მე. ათი ასეთი შემთხვევიდან შვიდი ჩემია და სამი თქვენი. არ წავედი და
უეჭველად თქვენი სამი რატომ უნდა გამართლდეს, მაინცდამაინც?.. – თუთაშხიამ
ჟანდარმთა შეფს თვალი თვალში გაუყარა შეჰღიმა და დაასრულა: – მართალი
მოგახსენოთ, რომ მომთავაზეს და არ წავედი, ახლა რაც ვილაპარაკე, მაშინ არ ვიცოდი ეს.
იმ წუთში გულმა მითხრა, არ ქნაო. მერე და მერე მოვიფიქრე, სწორად მოვქცეულვარ,
თურმე.
– ჯერჯერობით ათ შემთხვევაში ათივე თქვენია, ბატონო თუთაშხია, მაგრამ ხომ
შეიძლება... მე, რატომღაც უფრო ფრთხილი მეგონეთ.
– ასეთი ხელობაა ეს, თქვენო ბრწყინვალებავ, – მიუგო თუთაშხიამ. – ათიდან სამი თუ არ
მიიჩნია თავისად, ამის ილაჯი თუ არ აქვს კაცს, არ უნდა მოკიდოს ხელი მაშინ ამ საქმეს.
– ახლა რომ შემოცვივდნენ პოლიციელები? – ჰკითხა გრაფმა.
თუთაშხიამ შესცინა. თავი დახარა. კვლავინდებური სიმშვიდითა და კრიალოსნის
რაკუნით უთხრა:
– არავინ არ უნდა შემოვიდეს, მგონია, აქ. ეგ რომ ყოფილიყო მოსალოდნელი, აგერ არ
ვიჯდებოდი ახლა... რაც არ მომხდარა, იმაზე ნუ ვილაპარაკებთ, თქვენო ბრწყინვალებავ.
ასე წინასწარ არასოდეს არაფერი მცოდნია მე, თორემ სიამოვნებით მოგახსენებდით
მაგასაც.
სასადილოდან მსახურმა შემოაღო კარი, ყველაფერი მზად არისო, მანიშნა და წავიდა.
მიწვევა-მიპატიჟებამ მოსალოდნელი დუმილი ჟრიამულით და ქუსლების ბაკუნით
შეცვალა. გავედით. სუფრას შემოვუსხედით.
ელიზბარ კარიჭაშვილი მსწრაფლ გამოცოცხლდა, სასმელ-საჭმლის მიმთავაზებლისა და
მიმრთმევის როლში მოგვევლინა. მოსამხრებული იყო, მადა ყველას აღმოგვაჩნდა.
მიუწვდომელი ხალისით, შეიძლება ითქვას, გააფთრებით შევუტიეთ სუფრას. შუსტოვის
უძველესი კონიაკი მქონდა, – ჩამოვასხი, სტუმრებს შეხვედრისა მივთავაზე. დავლიეთ.
ნანომაც კი გადაჰკრა ერთი ყლუპი და ისევ საჭმელს მივდექით. ასე უსაუბროდ გაიარა
კარგა ხანმა და, ალბათ, ყოველ ჩვენგანს აწუხებდა სურვილი, რომ ვინმეს ლაპარაკი
წამოეწყო.
კიდევ დავლიეთ და ელიზბარმა განაცხადა, – ელარჯი მშვენიერი მისატანებელი ყოფილა
კონიაკზეო. ყველა მზადყოფნით დავეთანხმეთ. გრაფიც, მაგრამ საუბარმა თავი ვერ
მოიყარა, ბურთი და მოედანი დანა-ჩანგლის მორიდებულ ხმაურს ეპყრა.
კედლის საათმა ჩამოჰკრა. ნანომ, თითქოს ამას ელოდაო, სეგედის ღიმილით ჰკითხა:
– გრაფ, მხოლოდ მესამე ჭიქის შემდეგ უნდა გაგვანდოთ თქვენი სტუმრობის ჭეშმარიტი
მიზანი?.. ასე გაქვთ განზრახული?
– მესამე ჭიქის შემდეგ? - გრაფმა გაიცინა. – არა, ქალბატონო, ახლავე ჯობია, თორემ მერე
ენა აღარ დამემორჩილება, გონებაც მიმტყუნებს. ის მაფერხებს, რომ ვერ გადამიწყვეტია,
საიდან შემოვუარო, როგორ დავაღწიო თავი ერთ სირთულეს, სახამუშო მომენტს...
– იქნებ,შეერთებული ძალებით მოვერიოთ? – იკითხა კარიჭაშვილმა.
– ჩვენთან ყველაფერი ადვილია, გრაფ. – დაურთო ნანომ.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. სეგედი ფიქრობდა.
– მაგ საქმეს მესამე ჭიქამ მართლაც უნდა უშველოს. აბა, ვნახოთ! – ჩამოვასხი,
სადღეგრძელო ვთქვი, მაგრამ სეგედიმ ჭიქა მხოლოდ ტუჩთან მიიტანა და დადგა.
– კავკასიის მეფისნაცვალმა, ბატონებო, გარკვეული სახეობის ბოროტმოქმედთა კერძო
ამნისტიის პირადი უფლება მიიღო, – მოგვმართა სეგედიმ და სუფრა მყისვე გაინაბა. –
ამნისტია ხორციელდება წარსულში ჩადენილ დანაშაულთა პატიებისა და დამნაშავის
შემორიგების გზით. მისი უდიდებულესობის ამ ბრძანებულებას რამდენიმე შენიშვნა
ახლავს მათ შორის: ადამიანი, რომელიც მეფისნაცვლისგან მიტევების გუჯარს მიიღებს,
თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის ნაკლებ საშიში უნდა იყოს, ვიდრე
დევნილის მდგომარეობაშია. უკეთ რომ ვთქვათ, მისი საშიშობა რუსეთის იმპერიის
რიგითი, “მშვიდობიანი” ქვეშევრდომის საშიშროებას არ უნდა აღემატებოდეს არის ასეთი
პირობაც: კერძო ამნისტიისთვის წარდგენას ახორციელებს კავკასიის ჟანდარმთა
სამმართველო და, სახელდობრ, მისი უფროსი.
გრაფი შეყოვნდა, დატოვებული კონიაკი გადაჰკრა, ლუკმა მიაყოლა.
სულ ცოტა ხანს სუნთქვაც კი არავისი ისმოდა. სტუმრის სიტყვები აღქმას, გადამუშავებას
საჭიროებდა. როდესაც ბოლომდე მივხვდით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გრაფის
ნათქვამი ჩვენი მეგობრისთვის და, ამდენად, ჩვენთვისაც, განწყობილება სინდიყის
სვეტივით ავარდა ყველამ რაღაც საქმე და საკეთებელი იპოვნა: ზოგმა დანა-ჩანგალი
აამოქმედა, ზოგმა პაპიროსი მისთავაზა მეორეს. ზოგმა ცეცხლი... ხმას მაინც არავინ
სძრავდა, რადგან, ცხადი იყო, სიჩუმეს იმ მნიშვნელოვანის დაკონკრეტება უნდა
მოჰყოლოდა.
– კავკასიის მეფისნაცვალს მე უნდა პატიებისთვის წარვუდგინო ან არ უნდა წარვუდგინო
სისხლის სამართლის დამნაშავე დათა თუთაშხია და მოვალე ვარ, არ შევცდე ჩემს
გადაწყვეტილებაში. ეს კი ნიშნავს, რომ აუცილებლად და, ამასთან, ზედმიწევნით ზუსტად
უნდა ვიცოდე, ვინ არის და რას წარმოადგენს ბატონი დათა თუთაშხია, ახლა უფრო
საშიშია სახელმწიფოსთვის, თუ მაშინ უფრო საშიში იქნება, როცა უბეში პატიების საბუთი
ედება.
გრაფი კვლავ დადუმდა და დრო ვიხელთე:
– თქვენო ბრწყინვალებავ, ბატონი დათა თუთაშხია ჩემი კლიენტია და ერთდროულად
ჩემი ახალშეძენილი მეგობარიც. თქვენი სურვილის დაკმაყოფილება, ჩანს, მისი
დაკითხვის, მასთან საუბრის გზით არის შესაძლებელი. აძლევთ თუ არა ბატონ
თუთაშხიას თავისი ვექილის გამოყენების უფლებას? მე მზად ვარ, შევასრულო ჩემი
მოვალეობა!
სტუმარმა თავი ენერგიულად გაიქნია:
– მაგით ბევრი ვერაფერი გამოირკვევა. მე იმისთვის გეახელით, რომ პირადად გავიცნო
ბატონი დათა თუთაშხია, ვისაუბრო მასთან ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, შინაურ ვითარებაში
და ჩემს მიერ ადრე გამოტანილი დასკვნები შევამოწმო. ამას გარდა, მსურს, შევაჯერო ჩემი
შეხედულებები მის პიროვნებაზე თქვენს წარმოდგენებთან – თქვენ ხომ მისი ახლობლები
ბრძანდებით და ბევრი რამ ისეთი იცით ბატონი დათა თუთაშხიასი, რაც ოფიციალური
დაწესებულებისთვის მუდამ უცნობი რჩება. ეს არის, ქალბატონო ნანო, ჩემი
დაუპატიჟებელი სტუმრობის ჭეშმარიტი მიზანი!
ვიცოდი, რომ ჟანდარმთა შეფობა გრაფისთვის სინეკურა კი არა, დასაბამითვე დათქმული,
განგებით მინიჭებული მოწოდება იყო. ამიტომ მისი სურვილი, ჩემი აზრით, რაიმე
ქვეტექსტს, უხილავ და ძნელად მისაგნებ განზრახვას უსათუოდ შეიცავდა.
– თქვენო ბრწყინვალებავ, მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, – ვისარგებლე პაუზით. –
რამდენადაც მესმის, თქვენი უპირველესი მიზანია, მიაღწიოთ ყოველი ჩვენგანის სრულ
ძალდაუტანებლობასა და გულწრფელობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საუბარი და
ურთიერთობა ფარსად, ცბიერების აუქციონად გადაიქცევა...
– სწორი ბრძანებაა, – დამიდასტურა გრაფმა. – თქვენი აზრით, რა არის საჭირო, რომ
ყოველივე ამას მართებული ფორმა და ინტონაცია შევძინოთ?
– მოტივები, დამაჯერებელი მოტივები, თქვენო ბრწყინვალებავ. ისეთი მოტივები,
რომელთა მეშვეობით თქვენდამი სრული კეთილგანწყობისა და ნდობის სტიმული
მოგვეცემა.
– უფრო ნათლად?
– მე მგონი, უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო დასკვნების
მისაღებად, სახელდობრ, აი, ასეთი ხერხი და არა ჩვეულებრივი დაკითხვა, ვთქვათ,
დაპატიმრების შემდეგ!
გრაფი ჭამას შეუდგა და კარგა ხანს იყო ჩუმად. აღძრული კითხვა, ეტყობა, ყველას
დაუჯდა ჭკუაში. ჩემი მეგობრები გაფაციცებით ელოდნენ მისი ბრწყინვალების პასუხს.
– ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, ერთი სირთულის წინაშე ვდგავარ-მეთქი, – გრაფმა ტუჩებზე
ხელსახოცი მიისვ-მოისვა, დაკეცა, მაგიდაზე დადო და განაგრძო: – ჩემი მოსვლის საერთო
ძირითადი მიზანი უკვე ნათქვამია და განმეორებას აღარ საჭიროებს. ახლა მე უნდა
დავამტკიცო, რომ ამ მიზნის განხორციელება მხოლოდ აქ, ამ თქვენს შეკრებაზე მოსვლით
შემეძლო და, რომ ყველა სხვა ხერხი სასურველ შედეგს ვერ მომიტანდა, უვარგისი
იქნებოდა. სწორედ ეს არის რთული, რადგან მთავარი, ყველაზე დამაჯერებელი
არგუმენტის მოყვანას სამსახურებრივი ვალდებულება მიკრძალავს იქამდე, სანამ აქედან
წასვლას დავაპირებდე, მაგრამ, როგორც იტყვიან, ღმერთი მოწყალეა... სხვათა შორის, –
ღიმილით ჩაუმატა გრაფმა, – ჩემი თანამდებობის წყალობით, უფრო ხშირად მე
მარწმუნებენ ხოლმე რაიმეში, ვიდრე მე – სხვებს.
გამიელვა, რომ, ჩვენი მხრივ, უზრდელობა იყო სტუმრის ასე ჩაკირკიტებული გამოკითხვა
– რა გინდა, რისთვის მოხვედიო. ბოდიშის მოხდა და თავის მართლება დავაპირე, მაგრამ
სეგედიმ დამასწრო:
– ვიხუმრე, თავადო. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, და საუბარი განვაგრძოთ... მას
შემდეგ, რაც დაისახა აბრაგ დათა თუთაშხიას კანდიდატურა კერძო ამნისტიისთვის, მისი
ძებნა და დევნა ავტომატურად შეწყდა. ეს ოთხი, ხუთი თვის ამბავია. ამ ხნის მანძილზე
ჩვენ მასთან კონტაქტის დამყარებას ვცდილობდით, რათა, ჯერ დაგვედგინა, დასაშვებია
თუ არა მისი შეწყნარება, და შემდეგ, თუკი დასაშვები აღმოჩნდებოდა – მიგვეცა
შემორიგების წინადადება. კონტაქტი ვერ მოხერხდა, ვერ მივაგენით, სად იყო...
– ალბათ, სხვა კანდიდატებიც არანაკლებ ძნელი მისაგნები იქნებიან, თქვენო
ბრწყინვალებავ, და ოფიციალურ პირთან შეხვედრაზეც, ხაფანგის შიშით,ბევრი არავინ
დათანხმდება, – ვთქვი მე.
– რა თქმა უნდა, მაგრამ სხვებთან შეხვედრა საჭიროებას არ წარმოადგენს ჩვენთვის, ყველა
საფუძვლიანად გვყავს შესწავლილი. ბატონი დათა თუთაშხია ამ მხრივ გამონაკლისია...
დიახ... ამ ორი კვირის წინათ კონტრდაზვერვის სამსახურმა თურქეთის მოქალაქის,
არზნევ მუსკიას პერსონაში აბრაგი დათა თუთაშხია დაადგინა: ხელისუფლებას კი
ამნისტირების პროგრამა აქვს დასახული, შემორიგების პოლიტიკას ახორციელებს.
მართალია, ამჟამად თუთაშხია თითქოს ადვილი ასაყვანია, მაგრამ არ ავიყვანთ, რადგან
დაპატიმრება დასახული პოლიტიკის ნაადრევად შეცვლას ნიშნავს, რაც საერთოდ და
ყოველთვის ზიანის მეტს არაფერს იძლევა. თქვენ იტყვით, – თხუთმეტი, თექვსმეტი
წელიწადია ვერ მოიხელთეთ, აგერ, მისი დაპატიმრების ჩინებული შესაძლებლობა
გეძლევათ და პროგრამა რაღა შუაშიაო. კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ნათქვამია;
წარსულშიც გვქონია ასეთი და, წარმოიდგინეთ, ამაზე ნაღდი შესაძლებლობა თუთაშხიას
ხელში ჩასაგდებად, მაგრამ განზრახვა სისრულეში მოუყვანელი დარჩენილა. იგივე
ფინალი არც ახლაა გამორიცხული და აუტკივარი თავი რატომ ავიტკიოთ აი, მოვედი:
შეიძლება? შემოვირიგებთ. არ შეიძლება? დავრწმუნდებით ამაში და აყვანას მერეღა
ვცდით. მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა? – სეგედიმ ეს მე მკითხა.
– დიახ... უკეთ რომ ვთქვათ, საკითხის ერთ-ერთი გადაწყვეტაა. მანდ კიდევ რაღაც უნდა
იყოს, ესე იგი, სხვა მიზეზიც... მიზეზებიც თუ არა.
– არის, ბატონო ირაკლი, სხვა მიზეზებიც არის. ამ მაგიდის გარშემო მსხდომთაგან
ჟანდარმერიასთან თუ საიდუმლო პოლიციასთან გარკვეული ურთიერთობა უკლებლივ
ყველას ჰქონია. ამიტომ, ვფიქრობ, ადვილად გაიცემა სწორი პასუხი კითხვაზე: რა არის
დაკითხვისა და გამოძიების პროცესი?
გრაფი დადუმდა და იმის მოლოდინში, თუ რომელი ჩვენგანი მოისურვებდა პასუხს,
თვალით ჩამოგვიარა.
– გაუგებარია, გრაფ, – ღიმილით თქვა ელიზბარ კარიჭაშვილმა.
– უკლებლივ ყველასაო, ბრძანეთ... ლაზის, გოგიას და ჩემს მიმართ სწორი ბრძანდებით,
ირაკლის და გრაფ სეგედის მიმართაც – იურისტები ხართ და თუნდაც ამიტომ. ნანოს სად
და რა ურთიერთობა უნდა ჰქონოდა საიდუმლო პოლიციასთან?
გრაფმა გაიღიმა.
– მქონია, უცხოეთში მქონია, – თქვა ნანომ. – ვიცი, რაც არის დაკითხვა და გამოძიება.
ამ დასტურმა პატარა დაბნეულობა და სიჩუმე მოიტანა, მაგრამ გოგია სეგედის კითხვას
დაუბრუნდა:
– დაკითხვა, თქვენო ბრწყინვალებავ, ორი ადამიანის ბრძოლაა. ორივე მხარე იბრძვის,
იქნებ როგორმე მოვახერხო, რომ საკითხი ჩემებურად გაშუქდესო.
– ჭეშმარიტებაა. ჩემი ღრმა რწმენით, დაკითხვა და გამოძიება, პირველ რიგში, საქმის
ვითარების დადგენას იძლევა და მერეღა – ისიც ნაწილობრივ და ზერელედ – დასაკითხი
პირის ფსიქიკისა და ბუნების ცოდნას. ბატონ დათა თუთაშხიას საქმეები იმ ზომით, რა
ზომითაც ეს მისი შემორიგება-შემოურიგებლობის საკითხისთვის არის საჭირო, სავსებით
შესწავლილი გვაქვს. გვჭირდება, ვიმეორებ, მისი ფსიქიკისა და ბუნების ცოდნა. ალბათ,
დამეთანხმებით, რომ დაკითხვა ამას ვერ მომცემდა. ეს ჩემი მოსვლის კიდევ ერთი
მოტივია. არის ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოებაც – ბატონ მუშნი ზარანდიას
სურვილი; უფლება არ მქონდა, ანგარიში არ გამეწია მისთვის. დასასრულ, თქვენს წრეში,
თქვენის თანდასწრებით ბატონ დათა თუთაშხიასთან შეხვედრა, ვიმედოვნებდი, საუბრის,
აზრთა გაცვლა-გამოცვლის, შეხედულებათა დაპირისპირებისა და შეჯერების სახეს
მიიღებდა. ბატონი დათა თუთაშხია პირადად, სამსახურს გარეშეც, მაინტერესებს. ხომ
არიან ნუმიზმატები, ფილატელისტები, მხატვრობა-ქანდაკების კოლექციონერები? მეც
მაქვს ჩემი ტრფიალი: ადამიანის ბუნება საინტერესო პიროვნებები, თუ გნებავთ,
საქციელის ფილოსოფია!..– გრაფი დადუმდა, ისევ თვალებით ჩამოგვიარა და დასძინა: –
მოვიყვანე, რაც მქონდა. მეტი არაფერი მაბადია... უფლებამოსილი პირი ვარ და წინასწარ
გაძლევთ კეთილშობილი კაცის სიტყვას: იმ შემთხვევაში, თუ ჩემი აქ ყოფნის შედეგად
უარყოფით დასკვნას მივიღებ, ბატონი დათა თუთაშხია გარანტირებულია ერთი კვირის
ხელშეუხებლობით, ხოლო თუ დასკვნა დადებითი აღმოჩნდება, მას უახლოეს ხანში
ჩაბარდება პატიების გუჯარი. მე ბევრი არაფერი მინდა; შემოგთავაზებთ ერთ-ერთ
ეპიზოდს ბატონ დათა თუთაშხიას კანონგარეშე ცხოვრებიდან. განვსაჯოთ, შევაფასოთ
იგი და გავცეთ პასუხი ჩემთვის საინტერესო კითხვას. ჩვენი პასუხი უნდა იყოს: “არ იქნება
უფრო საშიში” ან “უფრო საშიში იქნება”. რა აზრისა ხართ ამაზე?
ყველაფერი შეჯამდა და ისეთი მიმართულება მიიღო, რომ, ერთი შეხედვით, უკეთესს
ვერც მოიოცნებებდა კაცი; აქ, ჩემს ბინაში შეიქმნა ვითარება, როდესაც ჩვენი მეგობრის
წარსულის პატიება და მისი საზოგადოებაში დაბრუნება, ფაქტიურად, ჩვენს ხელთ
აღმოჩნდა. საჭირო იყო უმრავლესობას ეთქვა: “არ იქნება უფრო საშიში”. თუ ასეთი
დასკვნის გამოტანა შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, გრაფის პატიოსანი სიტყვა ურყევ
პირობას ჰქმნიდა, რომ დათა თუთაშხია აქაურობას თავს უხიფათოდ გაარიდებდა და,
ამგვარად, ჭადრაკის ფიგურები საწყის განლაგებას მიიღებდნენ, ყველაფერი თავიდან
დაიწყებოდა. ეს კი, რა თქმა უნდა, ბორკილებსა და ტრაგიკულ დასასრულს გაცილებით
ჯობდა. გასაგებია, რომ გრაფის კითხვებზე პასუხის გაცემაში თაოსნობა მე უნდა მეკისრა,
როგორც იურისტს, ამგვარ საქმეებში სხვა დამსწრეებზე უფრო გამოცდილ პირსა და
ბოლოს, როგორც მასპინძელს. არც დამიყოვნებია, სათქმელი მყისვე მოვიფიქრე და ვთქვი:
– ჩემი აზრით, ბატონებო, საჭიროა, ჯერ ყოველმა ჩვენგანმა გამოთქვას თავისი
დამოკიდებულება მისი ბრწყინვალების წინადადების მიმართ. ამით ჩვენ შევამზადებთ
საფუძველს, რათა ბატონმა დათა თუთაშხიამ გამოთქვას აზრი, სურს თუ არა ასეთი
პროცედურის მონაწილე იყოს. მაშ ასე ვაცხადებ: მე თანახმა ვარ!.. ნანო, შენ რას გვეტყვი?
– თანახმა ვარ! შევეცდები, ვიყო მიუკერძოებელი და მართალი, – დაუყოვნებლივ თქვა
ნანომ.
– გოგი, სიტყვა შენზეა.
– კი ვარ თანახმა, რა ლაპარაკი უნდა მაგას, მარა მიუკერძოებელი ვერ ვიქნები, ალბათ:
დათა თუთაშხიას ახლოს ვიცნობ და მისი რაც ვიცი, ყველაფერი წესიერ ადამიანობად
მაქვს მიჩნეული. მიუკერძოებელი დასკვნის გამოტანისთვის რანაირად გამოვდგები, როცა
წინასწარ ყველაფერში ვარ მიკერძოებული?! რა უფლება მაქვს, თქვენს პატიოსნებას და
კეთილ განზრახვას ცალმხრივი აზრით შევუერთდე. ესეც არ იყოს, ვნახოთ და, ის ერთ-
ერთი შემთხვევა, გრაფმა რომ უნდა მოიყვანოს, სწორედ უარყოფითი დასკვნისთვის
ვარგოდეს, რა ვქნათ მაშინ? – გოგიამ მხრები აიჩეჩა, ხელები გაასავსავა.
– წინასწარ ხართ დარწმუნებული, ბატონო გიორგი, რომ დათა თუთაშხია ახალ
უფლებრივ მდგომარეობაში “უფრო საშიში არ იქნება?” მერედა რა? შემთხვევა, რომელსაც
მე განსასჯელად წარმოვადგენ, როგორი ხასიათისაც უნდა იყოს იგი, უეჭველად შეიცავს
თქვენი წინასწარი შეხედულების მამტკიცებელ ან უარმყოფელ წვრილმან-მსხვილმანს.
თქვენ საშუალება მოგეცემათ, არა მარტო სიმართლე ბრძანოთ, არამედ თქვენი წინასწარი
შეხედულების საფუძვლიანობა-სისწორეც შეამოწმოთ. ჩემი მხრივ, ბატონებო, ვფიცავ, რომ
ვიქნები მიუკერძოებელი და მხოლოდ მიუკერძოებელი, როგორც განსჯაში, ისე
განსასჯელი გარემოების შერჩევასა და მოყვანაში.
– თანახმა ვარ, – განაცხადა ელიზბარ კარიჭაშვილმა.
– მეც თანახმა ვარ, – ხელი ჩაიქნია გოგიამ.
– მაშინ, ბატონებო, სიტყვა დათა თუთაშხიაზეა. გვაძლევთ თუ არა უფლებას, ვიყოთ
თქვენი წარსულის მსაჯულები და თანახმა ხართ თუ არა, რომ გრაფის წინადადება
აღსრულდეს? – ვკითხე მე.
დათა თუთაშხიამ ღიმილით შეგვათვალიერა, ორი-სამი წყვილი მძივი ჩაარაკუნა და
გვითხრა:
– ვარ თანახმა.
გრაფი ადგა, ბოდიში მოგვიხადა, სადარბაზოსკენ გასწია. გავყევი და წინააღმდეგობა არ
გაუმჟღავნებია. ქუჩაში გასვლა უნდოდა. კარი გავუღე, ზღურბლზე დავრჩი. გრაფი თავის
ეტლთან მივიდა, იქ მჯდომ კაცს რაღაც უთხრა და ამობრუნდა. ეტლი დაიძრა, კაცმა
თვალი მესროლა. მომეჩვენა, რომ ეს კაცი დათა თუთაშხია იყო. მართლაც ტყუპის
ცალივით ჰგავდა მუშნი ზარანდია თავის ბიძაშვილს!
სუფრას დავუბრუნდით.
– დავიწყოთ? – იკითხა გრაფმა, პასუხს აღარ დალოდებია და განაგრძო: – მე უკვე
მოგახსენეთ რომ ბატონ დათა თუთაშხიას საქმეში არსებული მასალა ზედმიწევნით ვიცი.
მრავალი შემთხვევიდან აქ განსასჯელად ისეთი შევარჩიე, რომელიც მოკლეა, შედარებით
მარტივიც და, ამასთან, ისეთიც, რომ ჩვენთვის საინტერესო დასკვნის გამოტანას
აადვილებს. მოვიყვან, გაეცანით მის არსს და განხილვას შევუდგეთ. აი, ის შემთხვევაც:
ბატონი დათა თუთა ხია ერთ ღამეს მივიდა ვინმე ზარნავასთან, რომლის მასპინძლობით
იშვიათად სარგებლობდა. ეს ზარნავა ნავსადგურში მტვირთავად მუშაობდა, პატარა
ფული დააგროვა, სოფელში მიწის ნაკვეთი იყიდა, იქვე დასახლდა, მაგრამ ნავსადგურთან
კავშირი ამის მერეც არ გაუწყვეტია – უფრო მუშა იყო, ვიდრე სოფლის მეურნე. ზარნავამ
რამდენიმე დღით ადრე იცოდა, რომ მასთან დათა თუთაშხია უნდა მისულიყო, მაგრამ,
სახელდობრ, როდის ეწვეოდა სტუმარი, – რომელ დღეს და რა დროს – არ იცოდა. ბატონ
თუთაშხიას მისვლის შემდეგ, სულ თხუთმეტი წუთი იქნებოდა გასული, რომ
ზარნავასთან მოულოდნელად სხვებიც მივიდნენ – სამი კაცი. მათ თან მოიტანეს
დაშლილი სასტამბავი მანქანა, შრიფტის ფუთები და ცოტა ქაღალდი; ყოველივე ეს მათ
პოლიციის მოსალოდნელ დაცემას გამოარიდეს. ზარნავასთან მიტანა სახელდახელოდ
მოფიქრებული ნაბიჯი იყო. სხვა, უფრო საიმედო ადგილი იმ ადამიანებს არ გააჩნდათ.
ზარნავამ მოსულები სამზადში შეიპატიჟა. ბატონი თუთაშხიაც სამზადში გახლდათ, იყო
ოროთახიანი ხუხულაც, მაგრამ იქ ზარნავას ცოლ-შვილს ეძინა. მასპინძელმა სტუმრებს
მოტანილი ტვირთი მიამალ-მოამალვინა, ვახშამი მიართვა. ვახშმის დროს ბატონ
თუთაშხიას საყურადღებოდ რამოდენიმეჯერ ითქვა, ახლა კი წასვლის დროაო; სტუმრებს,
რატომღაც სურდათ, რომ ბატონი თუთაშხია მათზე ადრე წასულიყო. ბატონმა თუთაშხიამ
თავი წაიყრუა და, პირიქით, თვითონ დაელოდა მოულოდნელი სტუმრების წასვლას.
როცა ურთიერთლოდინი გაგრძელდა, სტუმრებმა თუთაშხიას პირდაპირ უთხრეს, – ჯერ
თქვენ წადით და მერე ჩვენო. ბატონმა თუთაშხიამ უარი განაცხადა, თქვენზე ადრე არ
გავალო. ჰკითხეს, რათაო მან თავისი უარი შემდეგნაირად ახსნა:
,,მე აქ ისე შემოვედი, რომ არავის შევუმჩნევივარ. თუ კიდეც ვინმე ჩასაფრებული
მელოდებოდა, მან არც ახლა იცის, რომ მოვედი და აქ ვარ. წასვლა, რა თქმა უნდა,
შემიძლია და სწორედ ისე წავალ, როგორც მოვედი, ანუ ის შესაძლებელი ჩასაფრებული
კაცები გასვლას ისევე ვერ გაიგებენ ჩემსას, როგორც მოსვლისა არაფერი იციან. ამასთან
ერთად, გამორიცხული არ არის, რომ თქვენ ვინმე კვალდაკვალ მოგყვათ, ან სადმე
ნათქვამი გაქვთ, ზარნავასთან მივდივართო. ვთქვათ, მე თქვენზე ადრე წავედი და ჩემს
შემდეგ გასულებს რამე ხიფათი შეგემთხვათ! ვის დაბრალდება? ვინ იცოდა თქვენი აქ
ყოფნა? რა თქმა უნდა, იმანაც, ვინც ამ სახლიდან თქვენზე ადრე წავიდა! რატომ უნდა
ვათქმევინო ვინმეს, – მაგ გაცემაში დათა თუთაშხიას ხელი ურევიაო?! ჩემზე უამისოდაც
ათას რაღაცას ლაპარაკობენ, – ისეთს, რაც არ გამიკეთებია. წადით თქვენ თქვენ გზაზე და
მე წავალ თუ აღდგომამდე აქ დავრჩები – ჩემი საქმეა!”
ლოგიკა და კონსპირაციის წესი ბატონ დათა თუთაშხიას მხარეზე იყო. სტუმრებმა გუდა-
ნაბადი აიკრეს, ღამე მშვიდობისა თქვეს და წავიდნენ. ერთი წუთის შემდეგ გახურებული
სროლა ატყდა. ბატონმა თუთაშხიამ მასპინძელს ჰკითხა, – წინასწარ თუ იცოდი, ეგენი რომ
გესტუმრებოდნენო? ზარნავამ მიუგო, არ ვიცოდიო, და მართალიც იყო, არ იცოდა.
ბაგაბუგი კარგა ხანს გაგრძელდა. სროლა რომ შეწყდა, ზარნავამ თუთაშხიას თოფს
დაავლო ხელი, ეზოსკენ გაიწია, – წასულებს უნდა მივეშველოო. ბატონმა თუთაშხიამ
მასპინძელს თოფი წაართვა, სახლი დატოვა და მას შემდეგ იქაურობას აღარ გაჰკარებია.
სროლის შედეგად იმ სამიდან ორი მოკვდა, ერთი გაიქცა. გარემომცველთაგან ერთი
მოკვდა, ერთი დაიჭრა. რამდენიმე დღის შემდეგ ზარნავასთან მიტანილი ტვირთი
პოლიციამ წაიღო. თვით ზარნავამ სამი თვე პატიმრობაში დაჰყო და შინ დაბრუნდა. ასე
გამოიყურება შემთხვევა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით. ბატონო
თუთაშხია, რამდენად შეეფერება სიმართლეს ჩემი ნაამბობი?
– მასე იყო თქვენო ბრწყინვალებავ, სწორედ მასე იყო ეგ! – სინანულით დაუდასტურა
დათა თუთაშხიამ.
სეგედიმ თვალი შემოგვავლო და გვკითხა:
– თანახმა ხართ თუ არა, რომ მოყვანილი შემთხვევა საანალიზოდ გამოვიყენოთ?..
დავთანხმდით, მაგრამ მე წინადადება შევიტანე, რომ დათა თუთაშხიას, თუ საჭირო
შეიქმნებოდა, მნიშვნელოვანი დეტალები განემარტა.
– არ გამოვა უმაგისოდ არაფერი, – თქვა დათა თუთაშხიამ.
– თავისთავად ცხადია, – დაუდასტურა გრაფმა. – ვის რა შეკითხვა გაქვთ, ბატონებო,
ბრძანეთ.
არავინ არაფერს ეკითხებოდა. ვიგრძენი, ყველას ერთი რამის შიში გვქონდა: გრაფის
ჭეშმარიტი მიზანი, მიუხედავად მოყვანილი მოტივებისა, მაინც ბუნდოვანი იყო და
უალაგო შეკითხვით მისი ფარული განზრახვისთვის უნებლიე სამსახურის გაწევაც
შეიძლებოდა.
სიჩუმე გაგრძელდა. ისევ გრაფმა მოგვცა მაგალითი:
– ბატონო თუთაშხია, როგორ მოხდა, რომ ზარნავამ თქვენი მისვლა წინასწარ იცოდა?
გამოცდილი და ჭკვიანი მდევარი მაგგვარ შეცდომებს, მოგეხსენებათ, არ პატიობს.
– სწორი ბრძანებაა, თქვენო ბრწყინვალებავ. მაგ ყოველთვის შეცდომაა – წინასწარ
შეტყობინება, მოვალო, მაგრამ ზოგჯერ გვერდს ვერ აუვლის კაცი ამას. ზარნავას ნახვა
აუცილებელი იყო ჩემთვის და მისვლა თუ იქნებოდა, ნაღდზე უნდა ყოფილიყო,
უეჭველად შინ რომ დამხვედროდა – ისე. კაცს რომ შეიპირებ, ამ სამ დღეში მოგაკითხავ და
მელოდეო – ან დანიშნულ დროზე ადრე უნდა მიხვიდე, ან დანიშნულ დროზე გვიან. ის
შეცდომა ამით სწორდება ცოტათი. მართალია, საშიშროება რჩება მაინც, მაგრამ ათიდან
შვიდი რომ ვთქვით, იმის ფარგლებშია ეგ. თვითონ ბრძანეთ, თქვენო ბრწყინვალებავ,
ყველაზე დაფარულ და საიდუმლო საქმეებშიც კი, ყოველთვის თუ ხერხდება, რომ
მომლოდინემ არ იცოდეს, როდის მივა მასთან შეპირებული კაცი?
– სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, ვერ ხერხდება, – მიუგო გრაფმა.
– მასე იყო მაშინაც, ვერ მოხერხდა სხვაფრივ. დანიშნულ დროზე ადრე ორი დღე
ვუთვალთვალე ზარნავას სახლს და მიდამოს. დანიშნული დროის მერე – კიდევ დილიდან
საღამომდე; საეჭვო ვერ ვნახე ვერაფერი და მივედი, თვარა რას მივიდოდი ისე!
მოვტყუვდი მაინც, მაგრამ ეს ცალკეა სათქმელი.
– ის რით აიხსნება, ზარნავამ რომ პოლიციასთან შებმა დააპირა და შენ კი თოფი წაართვი?
– ვკითხე დათა თუთაშხიას. ჩემს მიზანს შეადგენდა, რაც შეიძლება, მეტი მტკიცებები
გამოემზეურებინა იმისა, რომ დათა თუთაშხია ხელისუფლების წარმომადგენლებთან
მტრულ ურთიერთობას ყველა შემთხვევაში ერიდებოდა.
– რთულია ეგ. კარგად უნდა დამიგდოთ ყური ყველამ, – დათამ პაპიროსს ცეცხლი მისცა. –
პოლიციასთან შებმა არ დაუპირებია, პოლიციასთან მისვლა უნდოდა მას. სათქმელი
ქონდა: თქვენ რომ დახოცეთ, სხვა ხალხია ეს ხალხი და თუთაშხია ეგერ ზის უთოფოდ
ჩემს სამზადშიო. საფარი და ალყა მათზე არ ყოფილა, ჩემზე იყო ის. იმ სამი კაცის არც
მოსვლა იცოდა პოლიციამ და არც ვინაობა. მე და ჩემი ამხანაგები ვეგონეთ მათ...
სეგედიმ გულიანად გაიცინა. დათა თუთაშხია დადუმდა, გრაფს მიაცქერდა, მაგრამ იმ
სიცილში არც დასტური იყო დათას მოსაზრებისა და არც უარყოფა.
– მაგ დასკვნამდე რამ მიგიყვანა? – ჰკითხა ნანომ.
– სროლა რომ ატყდა, ათზე ნაკლები არ იყო თოფი იქ. სამი – ზარნავასგან წასულების იყო,
შვიდი ან რვა – სხვისი. ვიფიქროთ ჯერ, რომ ამ კაცებმა თავისი სტამბა რომ წამოიღეს,
კვალდაკვალ ერთი და, თუ გნებავთ, ორი კაცი წამოყვა პოლიციის მათ. დაინახეს
გამოდევნებულმა კაცებმა, ზარნავასთან რომ მივიდა სტამბა. ვთქვათ, ერთი მათგანი
პოლიციის მოსაყვანად გაიქცა და მეორე დარჩა – ვინიცობაა არ მოხერხდეს ზარნავასთვის
მიბარება იმ სტამბის და სხვაგან წაიღონ კიდევ, გაყვებოდა მაშინ ის დარჩენილი კაცი და
ნახავდა, სადაც მიიტანდნენ. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ სტამბის მომტანები სულ
საათ-ნახევარს დარჩნენ ზარნავასთან და იქ წასულ კაცს პოლიციამდე სავალი რომ სამი
საათი ქონდა და პოლიციას ზარნავამდე კიდევ სამი რომ ჭირდებოდა, როგორ არის ეს
საქმე, ნეტავი? ადევნებული კაცის წყალობით ალყა ვერ მოხდებოდა იქ, ცხადია ეს. კაი,
ბატონო. ახლა გავსინჯოთ, ვითომ, წამოვიდნენ ის კაცები, წამოიღეს სტამბა, მაგრამ
პოლიციამ იცოდა, სადაც მიაქვთ, შემოარტყეს ზარნავას სახლ-კარს ალყა წინასწარ, თავის
კაცებიანად შემოუშვეს სტამბა და რომ გავიდნენ მომტანები, მაშინ აუტეხეს სროლა. არც ეს
არის შესაძლებელი; სანამდე ზარნავასთან შევიდოდი, ვთქვი უკვე, ჯერ იყო და, მთელი
დღე ვზვერე მიდამო, სოფელი და სახლი. მერე იყო და, ერთი საათი მის ბოსტანში ვიყავი
წამოწოლილი, ყურები მეძებარივით მქონდა. არავითარი ალყა არ მზადდებოდა იქ,
დავრწმუნდი ამაში და მერე შევედი. შევედი და თხუთმეტ წუთში ის კაცები მოვიდნენ.
რომ შემოდიოდნენ, არ იყო ალყა იქ, მერე მოხდა ეს და წინასწარ არაფერი არ იცოდა
პოლიციამ იმ კაცების. ახლა, თქვენი აზრი მინდა გავიგო: ვისთვის იყო ალყა იქ?
– იქნებ, ორი კაცი კი არა, რვა კაცი გამოყვათ თავიდანვე? – თქვა გოგიამ.
– როგორ, შე კაი კაცო, იმსიგრძე გზაზე რვა შეიარაღებულმა ცხენოსანმა მოგდიოს და
ღამის სიჩუმეში შენ ვერაფერი გაიგო ამისი?
– მიუგო დათა თუთაშხიამ.
– შეუძლებელია. – თქვა გრაფმა.
ამ საკითხის გარშემო კარგა ხანს ვიმსჯელეთ. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ ალყა
სტამბის მიმტანებისთვის არ შემოურტყამთ. ამ მოსაზრებას გრაფიც დაეთანხმა. ეს კი
დასკვნის სისწორეს ნიშნავდა, – კავკასიის ჟანდარმთა უფროსზე უკეთ განა ვის უნდა
სცოდნოდა რა იყო და როგორ იყო!
– კარგი, მაგრამ ახლა იმის დასაბუთებაა საჭირო, რომ ალყა, სახელდობრ, შენ
შემოგარტყეს, – თქვა კარიჭაშვილმა.
– ვიტყვი მაგასაც. დაგვალევიე, ირაკლი, თვარა, ფხიზელს ამდენი ლაპარაკის თავი ვინ
მომცა მე! შამპანურზე გადავედით. დათა თუთაშხიამ ჭიქა ბოლომდე დაიყვანა და
განაგრძო:
– იმ სამი კაცის ზარნავასთან მისვლა პოლიციამ რომ არ იცოდა, ამაში შევთანხმდით.
თვითონ ზარნავასთვის და მისი ცოლ-შვილისთვის ალყის შემორტყმა არავის არ
ჭირდებოდა არაფრად, ესეც ხომ ასეა! სხვა ვინ იყო იქ ჩემს მეტი კიდევ, ვისთვის მოვიდა
ალყა, ამით დავიწყოთ და ახლა სხვას მოგახსენებთ მე. ზარნავასთვის შეთვლილი რომ
მქონდა, იმ დღეზე ორი დღით ადრე, ღამე ჩიჩუების მოურავთან მთიბავები მოვიდნენ,
ბატონებო, რვა კაცი. წამოიყვანა მოურავმა დილით და დააყენა სამუშაოზე რვავე.
ჩიჩუების არის სათიბები იქ. თიბავდნენ ისინი და მთიდან დავყურებდი მე. თიბეს ის დღე,
წავიდნენ, დაიძინეს და მეორე დილით უთენია დაადგნენ საქმეს ისევ. თიბეს ის დღეც და
ისევ მოურავისას გაათენეს ღამე. მუშაობდნენ ასე. მთიბავები კი არა, ჩაფრები იყვნენ ის
კაცები, მაგრამ ღამე მივიდნენ მოურავთან, ცხენები მის თავლაში დამალეს, შიგ არ
შემიხედავს მე და რა ვიცოდი. იარაღი სათიბზე არ მოქონდათ, შარვალ-ხალათი
მათხოვრის ეცვათ და საეჭვო რა იყო იქ? მთიბავებია და მერე რა? არ ყოფილა, თურმე,
საქმე, მე რომ მეგონა ისე, შემიყვანა ზარნავამ სამზადში, გავიდა თვითონ, დაუძახა
მეზობელს აქედან, ხვალ დილით ტყეში ვერ წამოვალ მეო, და შემოვიდა ისევ. სტამბა რომ
მოიტანეს, ტყეში წასვლაზე უარნათქვამი მეზობელი მაშინ შორს იყო უკვე, ჩაფრებთან
გარბოდა გამწარებული, – არიქათ, ზარნავასთან თუთაშხია არის მოსულიო. სტამბიანი
კაცების მოსვლის არაფერი იცოდა მან. მოვიდნენ ჩაფრები, ზარნავას სამზადს
შემოერტყნენ. შემოვარდნას აპირებდნენ შიგ და მაშინ მოხდა, სტამბის კაცები რომ
გავიდნენ გარეთ. ზარნავას მეზობელმა ნიშანი მიიტანა მათთან, თვარა, არ იცოდა და არც
უთქვამს მათთვის იქ, – თუთაშხია მარტოა და არავინ ახლავსო. შველა თუ უნდოდა
მამაძაღლ ზარნავას იმ სტამბის კაცების, სროლა რომ იყო, მაშინ გაშველებოდა მათ! რომ
შეწყდა სროლა, გაიფიქრა ზარნავამ, – ეშმაკია დათა თუთაშხია, მიმიხვდება გაცემას და
მომკლავსო. შიშმა მოაგონებია ის უვარგისი ხრიკი, ჩემს თოფს რომ დაავლო ხელი და
გარბოდა. არ გაუვიდა, ეგ არის. ასე იყო ეს და არც ბატონი სეგედი დაფიცავს, მგონია,
ჩემზე რომ იყო ის ხალხი მოყვანილი იქ.
– ვადასტურებ! – თქვა გრაფმა, დაფიქრდა და სიცილი დაიწყო.
ჩვენც ვიცინოდით. ჩვენი სიცილი სიხარულის სიცილი იყო. ნაამბობი ისე აღვიქვით,
ვითომ, აი, ეს არის ახლა, ჩვენი მეგობარი თავისი გამჭრიახობისა და იღბლის წყალობით
ნაღდ სიკვდილს გადაურჩა, ხოლო გრაფმა თავისი მხიარულების მიზეზი, მგონი,
უაღრესად ზუსტად გამოხატა სადღეგრძელოთი:
– ბრავო, ბატონო თუთაშხია. თქვენს სადღეგრძელოს ვსვამ, გაგიმარჯოთ და კვლავაც
ხელი მოგიმართოთ ღმერთმა. ვიცი, ვინც ხართ, მაგრამ ჩემს მოლოდინს მაინც
გადააჭარბეთ! ამ საუბარს ჩემი პეტერბურგელი უფროსები რომ ესწრებოდნენ, ყველა
საყვედურისთვის მოიხდიდნენ ბოდიშს, რომელიც კი ჩემთვის გამოუთქვამთ თქვენს
საქმესთან დაკავშირებით!
მთელ საათს გასტანა ჟანდარმერიისა და დათა თუთაშხიას დელიკატურ ურთიერთობათა
ამ ეპიზოდზე საუბარმა, სიცილ-ხარხარმა, დეტალების გამეორებამ და პერიპეტიების
დაზუსტებამ.
– ბატონებო, – თქვა გრაფმა, როცა საუბარსა და ღვინის სმას ღრეობად ქცევის პირი
გამოუჩნდა, – გაქვთ თუ არა კიდევ რაიმე შეკითხვა?
ხალხი თანდათან დაცხრა, დამშვიდდა, ისევ დუმილმა მოიცვა სუფრა.
– ვფიქრობ, რომ ყველაფერი ცხადია. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც მოყვანილ
შემთხვევას ეხება, – ვთქვი მე.
მაშინ გრაფმა შამპანური მოსვა და თქვა:
– შევუდგეთ დასკვნას! მაშ, ასე, ყოველმა ჩვენგანმა უნდა წარმოთქვას: “იქნება უფრო
საშიში” ან “არ იქნება უფრო საშიში” და მოიყვანოს თავისი შეხედულების მტკიცება.
კვერი დავუკარით.
– ვინ იქნება პირველი?
– დავიწყებ, – ვთქვი, როცა დავინახე, რომ ყველა მე შემომცქეროდა.
მოყვანილი შემთხვევა, დათა თუთაშხიას საქციელი იმ ვითარებაში, ფართო
შესაძლებლობებს ჰქმნიდა იმის მტკიცებისათვის, რომ ჩემს მარწმუნებელს – ამჟამად
განსასჯელ პირს – დამნაშავეობისკენ, ზნეობრივი და სამართლებრივი ნორმების
დარღვევისკენ საერთოდ არ ჰქონდა მიდრეკილება. იგი მშვიდობიან და მორჩილ კაცად
გამოიყურებოდა დევნილის მდგომარეობაშიც კი, და, ცხადია, ასეთივე უნდა ყოფილიყო
პატიების შემდეგაც.
– მიაქციეთ ყურადღება იმას, ბატონებო, – ვამბობდი მე, – რომ დათა თუთაშხიამ თავისი
ქმედებით გზა მოუჭრა კანონისა და წესრიგის დამცველებზე განზრახულ თავდასხმას –
თოფი წაართვა ზარნავას! მართალია, ბოროტგანმზრახველს, თურმე, სულ სხვა მიზანი
ამოძრავებდა, მაგრამ იმ წუთში თუთაშხიას, და თვით ეშმაკსაც კი, შეუძლებელია,
ბოლომდე გაცნობიერებული ჰქონოდა თოფმოღერებული მასპინძლის ჭეშმარიტი
სურვილი. სტუმრის ქმედება მხოლოდ იქით იყო მიმართული, რომ ახალი
საშიშროებისგან ეხსნა მართლწესრიგი და მისი წარმომადგენლები...
ნათელია, რომ ეს მტკიცება დემაგოგიის მოზრდილ ულუფას შეიცავდა, მაგრამ მაინც
აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოყვანილი. იმდროინდელ საადვოკატო პრაქტიკაში
მსგავს მტკიცებებს მოწინააღმდეგეთა შემაყოყმანებელი, მათი შეხედულებების
შემარყეველი ფუნქცია ჰქონდა განკუთვნილი და ასეთი იერიშის შემდეგ წამოყენებულ
მხოლოდ ერთ ნამდვილ მტკიცებასაც კი ადვილად შეეძლო დაცვისთვის სასურველი
შედეგის მოტანა. ნამდვილი, სრულფასოვანი მტკიცებაც სახეზე იყო:
– თოფის წართმევის ემდეგ, ზარნავას მორალურ-ფსიქიკური შოკის აღქმის შემდეგ, ბატონ
დათა თუთაშხიას ეჭვის ნატამალიც კი არ დარჩენია, რომ მის წინაშე, პირისპირ და
მარტოდმარტო იდგა ტიპიური გამცემი. ეს იყო კაცი, რომელმაც დევნილი გაყიდა, გაყიდა
ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და იმ სისხლიანი, უჭუჭყიანესი ფულით ნაყიდი
პური თავისი შვილებისთვის უნდა ეჭმია. დარწმუნებული ვარ, ვინც უნდა ყოფილიყო
ბატონ თუთაშხიას ადგილზე, ზარნავას იქვე მოსპობდა. მოსპობდა შეგნებულად, მშვიდად
და სრული გარანტიით, რომ ქვეყანაზე არავის ეცოდინებოდა, ვინ მოკლა გამცემი.
დაუკვირდით, არც გამოძიებას და არც სამართლოს არავითარი მტკიცება არ ექნებოდა
იმისა, რომ ბატონი თუთაშხია საერთოდ იყო ზარნავასთან, არამც თუ იყო და მოკლა
კიდეც. ასეთი ჩვენებები ან იმ ერთ გაქცეულ კაცს უნდა მიეცა, ან თვით მკვლელს.
პირველი – ემიგრაციაში იმყოფება და მსჯავრისთვის ხელმიუწვდომელია. მეორისთვის
საამისო ჭკუა, კარგად მოგეხსენებათ, თავსაყრელად მიუცია ბუნებას. ბატონ დათა
თუთაშხიას აზრადაც არ მოსვლია შურისძიება, კუთვნილის მიზღვა. იგი მიტრიალდა და
წავიდა! ვერ ვხედავ ვითარებას, რომელშიც ნაპატიები დათა თუთაშხია უფრო საშიში
იქნება დევნილ თუთაშხიაზე. მე მოვრჩი.
ჩანს, ჩემმა მაგალითმა სხვები წაახალისა, სათქმელი უკვე ყველას უტრიალებდა ენაზე,
მაგრამ მანდილოსანი გვერია, მისი რიგი იყო. ნანოზე ადრე მე მხოლოდ იმისთვის
ვილაპარაკე, რომ დანარჩენ მონაწილეთა მსჯელობისა და აზრისთვის საჭირო გეზი
მიმეცა.
ნანო მიხვდა, რომ მის სიტყვებს ველოდით, და თქვა:
– თქვენის ნებართვით, ჯერჯერობით თავს შევიკავებ, სხვების მოსმენა მინდა... მერე
ვიტყვი.
– მაშინ ჩემი ჯერი იყოს! – დაიძახა ელიზბარ კარიჭაშვილმა. – ეს ჩემი დასკვნაც იქნება და
სადღეგრძელოც.
სუფრა მიჩუმდა.
– კაცთა მოდგმის გარკვეულ ნაწილს განგება ახლის, კეთილის, მშვენიერის შექმნის ჟინს
ანიჭებს და ეს ადამიანები შეადგენენ კაცობრიობის ნაღებს! ბატონ დათა თუთაშხიას სულ
ერთი თვეა, რაც ვიცნობ. ვერც ამ ხნის მანძილზე, ვერც განსასჯელად მოყვანილ
შემთხვევაში ვერ ვხედავ მის ისეთ ნაბიჯს, რომელიც დიდი ნიჭის გამოვლინების ნიმუში
არ იყოს. ეს კაცი თავით ფეხამდე, სულით ხორცამდე მძებნელი და შემქმნელი პიროვნებაა.
ამასთან, მისი მოქმედების სარბიელი უმძიმესი და ურთულესია ყველა სარბიელთაგან. მე
შემიძლია, დაგიმტკიცოთ, რომ ბატონი დათა თუთაშხია სწორედ კაცობრიობის ნაღების
შემადგენელი ნაწილია და აი, რატომ: ადამიანის ძირითადი მოწოდება, დანიშნულება –
ბრძოლა მგონია, ბატონებო, – შეგნებული, გათვითცნობიერებული ბრძოლა. ბრძოლის
სხვებზე მძაფრი უნარი ახლის, კეთილის, მშვენიერის შემქმნელს სჭირდება და აქვს კიდეც.
ეგ არის, ვინ რას ირჩევს შესალეწავ და ასაღებ ციხედ! ერთნი მეტოქეს, თავისზე ნიჭიერს,
თუ პატივმოყვარეობის ხელმყოფს ებრძვიან, ამაში ხარჯავენ მხნეობას, ნიჭს, სხვა სულიერ
ძალებს. სამწუხაროდ, ეს შემოქმედთაგან დიდი და უმდარესი ნაწილია. მეორეებს
ბრძოლის ღირსად ერთადერთი ციხესიმაგრე მიუჩნევიათ – საკუთარი არსება! ესენი
დაუნდობლად, უკომპრომისოდ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან თავის თავს, რომ რაც
შეიძლება მეტი გამოსძალონ საკუთარ შესაძლებლობებს. ეს არის შემოქმედთა
უამაღლებულესი ნაწილი! პირველთა ბრძოლის მონაგარი, საბოლოო ჯამში, ნივთიერი
ქონებაა. მეორეთა ბრძოლა სულიერი მონაგარით გვირგვინდება. ბატონ დათა
თუთაშხიაზე თუკი რამ ვიცი, ყველაფერი მხოლოდღა იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანს
ერთადერთი რამ მიუჩნევია ბრძოლისა და დაძლევის საგნად – საკუთარი არსება! განა რა
უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში ისეთი, რომ ამ დიად ომს სახე და შინაარსი შეუცვალოს! –
ელიზბარ კარიჭაშვილი შეყოვნდა, მერე ჭიქა ასწია გაიღიმა და დასძინა: – შეიძლება,
ასეთი პიროვნება სახელმწიფოსთვის საშიში იყოს?! როგორც სადღეგრძელოს პატრონი,
ვამბობ: ყველაზე კეთილშობილ, ხანგრძლივ და ულმობელ ომს გაუმარჯოს – ომს საკუთარ
თავთან!
– საინტერესოა! – ჩაილაპარაკა გრაფმა. – მაგ სადღეგრძელოს დალევა, ღმერთმანი, ღირს. –
გრაფმა რამდენიმე ყლუპი მოსვა და ელიზბარს ჰკითხა: – მაპატიეთ, პირველწყაროს ხომ
ვერ დამისახელებდით... დამუშავებული სახით ეგ საკითხი არსად შემხვედრია.
ელიზბარმა გაიცინა:
– თქვენ წარმოიდგინეთ, გრაფ არც მე შემხვედრია! ჩემთვის პირველწყარო სანდრო
კარიძეა – არის ერთი. მისთვის, ალბათ, გურამიშვილი და რუსთაველია პირველწყარო.
ალბათ-მეთქი, რადგან დამუშავებული სახით – ამ სიტყვის მეცნიერულ აზრს
ვგულისხმობ, – ეს კონცეფცია არც მათთან შემხვედრია.
– ვგონებ, რომ ეგ ნეოპლატონიკოსებისა და ფსევდოდიონისე არეოპაგელისგან უნდა
მოდიოდეს... გოგი, რას გვეტყვი? – ძველ გზაზე დავაყენე ლაპარაკი.
– ჩემი აზრი მე თავიდანვე ვთქვი: არც იმიდან, რაც დათაზე ვიცი, და არც აქ მოყვანილი
შემთხვევიდან არ ჩანს, რომ ეს კაცი ა ახლაა საშიში და ან მერე გახდება. მარა, ერთს
დავუმატებ ახლა: კანონი და წყობილება გვაქვს ისეთი, რომ ჩვეულებრივი ამბავი
დანაშაულად ითვლება, ხანდახან. ხშირად სულაც არ არის კაცი საიმისოდ დაბადებული
და განწყობილი, მარა კანონი და წყობილება გაადამნაშავებს და გააბოროტმოქმედებს
მაინც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ხელისუფლება როგორ პოზიციას დაიკავებს
დათა თუთაშხიას მიმართ. სიმართლე მომეთხოვებოდა და როგორც გამეგებოდა, ისე
მოგახსენეთ!
– სწორი ბრძანებაა, ბატონო გოგი, – დაუდასტურა გრაფმა. – მაგრამ სანამ სახელმწიფო და
კანონი არსებობს, მაგის საშიშროება მეტ-ნაკლებად ყოველთვის იქნება და არამარტო ჩვენი
წყობილების პირობებში. ეგ ყველგან არის მოსალოდნელი და მოქალაქეს მით მეტი
პასუხისმგებლობის გრძნობა და შეგნება მართებს. ახლა, რაც შეეხება სეგედის დასკვნას
განსასჯელი საკითხის გამო... – გრაფი დადუმდა იფიქრა და თქვა: – რა მოგახსენოთ?..
ძირითადად ყველაფერში გეთანხმებით. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დათა
თუთაშხია კანონთან და დამსჯელ დაწესებულებებთან ყოველგვარ ურთიერთობას
მოერიდება, მაგრამ, ვფიქრობ, რაც გამოითქვა, რამდენადმე ტენდენციური,
მიკერძოებული იყო. გასაგებიც არის – საქმე მეგობრის მომავალს ეხებოდა, აქ მისი ყოფნა-
არყოფნის საკითხი წყდებოდა. არ დავმალავ. პირადად მე, მაინც თვით ბატონ დათა
თუთაშხიას აზრი მაინტერესებს და ვინაიდან ქალბატონმა ნანომ თავისი სიტყვა, მგონი,
ბოლოსთვის მოიტოვა – მოვუსმინოთ ბატონ დათა თუთაშხიას!
დათა თუთაშხიამ კარგა ხანს კრიალოსანი ათამაშა, მერე ნანოს შეხედა, თუ გნებავთ, ჯერ
თქვენ ბრძანეთო...
– თქვი, დათა. მე შენს შემდეგ...
დათა თუთაშხიამ კარგა ხანს იფიქრა, რამდენჯერმე ხელიც გაასავსავა, თითქოს,
სათქმელად მომდგარ აზრებს უარყოფდა ან ყოყმანობდა, ღირს თქმად თუ არაო. მერე
პაპიროსის კოლოფს ახადა, მოწევა დააპირა. ესეც გადაიფიქრა, კოლოფი დახურა, განზე
გადადო და დაიწყო:
– თქვენო ბრწყინვალებავ, ეჭვიანი ვარ მეტისმეტად. ხშირად ისეთი არ მჯერა, დასაჯერიც
რომ არის და სიმართლეც. ცხოვრებამ მიქნა ეს, თვარა, ადრე მიმნდობი ვიყავი და ის არ
მჯეროდა, ეშმაკობა და სიცრუე თუ იყო ქვეყანაზე. ნუ მიიღებთ შეურაცხყოფად, ამ
ამბისთვის არ ბრძანდებით მოსული, აგერ, ორი საათის მანძილზე რასაც ვაკეთებთ ჩვენ.
ვერც იმას მოგახსენებთ, რა გნებავთ, ჭეშმარიტებას ვერ მივაგენი ჯერ მაგრამ ერთია
ცხადი: ბუნებითაც კეთილმოსურნე და კარგი ადამიანი ჩანხართ და თქვენი აქ მოსვლაც
სასიკეთოდ არის, ასე მწამს მე. მადლობის მეტი რა მეთქმის, თქვენო ბრწყინვალებავ!
კარგი კაცი და კეთილი განზრახვა ყველგან და ყოველთვის ვარგა – ასეა. თქვენ ბრძანეთ,
რომ ჩემი აზრის მოსმენა გნებავთ. მჯერა, რომ მართლაც და ნამდვილად გაინტერესებთ,
თუმცა არ მესმის, რაში უნდა გესაჭიროებოდეთ ის. უნდა ავასრულო თქვენი წადილი,
ზრდილობის და საპასუხო კეთილგანწყობის საქმეა, უარის უფლება არ მაქვს, ცხადია,
თვარა, სიმართლეს მოგახსენებთ, მიჭირს რატომღაც.
თუთაშხიამ ღიმილით შეგვათვალიერა, ჭიქა ასწია:
– ერთ სადღეგრძელოს ავაყოლებ სათქმელში. თქვენთან ვარ ალავერდს, თქვენო
ბრწყინვალებავ. მხარს დამიჭერთ, მგონია.
– სიამოვნებით! – მიუგო გრაფმა და თავადაც წაავლო ხელი ჭიქას.
– ქუთაისში ძმაკაცმა დუქანში შემიპატიჟა საქეიფოდ ერთხელ. სამი სხვა შემოგვიერთდა
თანდათანობით და უსაშველო სმა ატყდა, მაგარი სმა! სადღეგრძელო ინება ლხინის
უფალმა თასი იყო ასფუთიანი, იმით დავლიეთ დიდი გაჭირვებით ყველამ. დათიკო ერქვა
ერთს, არ დალია მან. სალუქვაძე იყო გვარად მეორე შემოსწრებული, დათიკოს უთხრა, –
დალიე, შე კაცო, რა დაგემართაო! დათიკო ,– ნამეტანი ძნელია, ვერ დავლევო. გაიკვირვა
სალუქვაძემ: ქართველობა, საერთოდ, ძნელიაო, უთხრა, ვითომ ქართველობა ხელობა
იყოს რამე. გამეცინა და ჩამრჩა მეხსიერებაში სამუდამოდ. მართლა ძნელია ქართველობა,
ბატონებო, და სიძნელე მარტო ის კი არაა, ჩაფებით და ჭურებით რომ უნდა სვას
ქართველმა. მთავარი სიძნელე იმაშია, რომ უზის სუფრას, საწყალი, დაიწყებენ მის
სადღეგრძელოს, აიყვანენ ცაში, გაასწორებენ ღმერთებთან, უნდა უსმინოს მან და იყოს ასე!
რას იზამს საცოდავი, არ აქვს სხვა გზა და გამოსავალი. დიდი მოთმინებაა საჭირო, დიდი!
ასე მგონია მე რომ ქართველი კაცი მოთმინებას სუფრაზე სწავლობს, სწორედ. არ არის
მთლად დასაძრახისი ეს ჩვეულება. სხვაგან სულ ერთმანეთის დაცინვაში და ლანძღვაში
ვატარებთ დროს. სადმე ხომ უნდა გვიყვარდეს და ვაქოთ ერთიმეორე? ამისთვის სუფრა
გვაქვს მოგონილი და კარგია ეს. ქართველი კაცი ვარ მეც. სადღეგრძელოებად
ჩაგითვალეთ, რაც ილაპარაკეთ აქ და იმიტომ მეყო მოთმინება, თვარა, მე რომ თქვენს
მოსმენაში დღე გამოვიარე, ღმერთმა იცოდეს ის! თქვენო ბრწყინვალებავ, საქართველოში
ამდენი სამსახურის მანძილზე, მოასწარით უთუოდ ქართული ხასიათის და ქართველი
ერის გაგება, მიუტევეთ ჩემს მეგობრებს ცოდვები და ყველამ ერთად დავლიოთ იმ მძიმე
ხელობის აღსანიშნავი და სადიდებელი, ქართველობა რასაც ქვია.
სადღეგრძელომ წინააღმდეგობა გამოიწვია. ერთხმად შევუდექით იმის მტკიცებას, რომ
არავის არაფერი გადაგვიჭარბებია და რაც ვთქვით, ჭეშმარიტების მეტი არა იყო რა.
თუთაშხია არ შეგვკამათებია, გვისმენდა. როცა დავა მინელდა და ქართველობად
წოდებული მძიმე ხელობისაც შეისვა, დათა შეწყვეტილ სიტყვას დაუბრუნდა:
– ეს ბოლო ოთხი თუ ხუთი წელიწადი ისე ვიქცევი და ვცხოვრობ – იმ ზარნავას საქმეს
ერთი წუთით თავი დავანებოთ – მართლაც, არაფერი საშიში არ ვარ სახელმწიფოსთვის. ეგ
არის, ყოველთვის ასეთი არ ვყოფილვარ მე და ისიც ძნელი სათქმელია, მომავალში რას
იზამს და რას მოიმოქმედებს კაცი. მის ბრწყინვალებასაც კარგად მოეხსენება ეს და ჩემი
უახლოესი წარსულის ერთი მაგალითის კვალობაზე მომავალი საქციელის დადგენა-
განჭვრეტასაც არ შეუდგებოდა ამიტომ. ვილაპარაკებ, ვითომ იმისთვის, რომ დასმულ
კითხვაზე გავცე პასუხი და ამ ნალაპარაკევიდან გრაფმა და თქვენც, ბატონებო, თვითონ
ამოიღეთ, რაც გჭირდებოდეთ, ის... – დათა თუთაშხიამ ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო:
– თავმოყვარეობით, ქედმაღლობით და ამაყი ხასიათით ვიარე ჩემი მოწიფული ცხოვრების
პირველი ნაწილი. ამან მიმიყვანა გააბრაგებამდე. მეგობარი მყავდა ჩემზე უფროსი
რამდენიმე წლით, ნაოფიცრალი კაცი. მკადრა რაღაც, არც მე, არც ჩემს ოჯახს და არც
თვითონ რომ არ ეკადრებოდა, ისეთი. ვერც მე ვაპატიე, არც მან დაუწყო ძებნა შერიგებას.
დავდექით ორმოცდაათ ნაბიჯზე, თითო-თითო ტყვია უნდა გვესროლა ერთმანეთისთვის
რიგრიგობით, ასე შევთანხმდით. მე შემხვდა კენჭი და დავაცილე განზრახ – ბიბილოს
ძირში გაიარა ტყვიამ, ხეში შეიჭრა. მასაც განზრახ დაცილება არ შეეძლო – სულ ასე რომ
გვესროლა, რა გამოვიდოდა მაშინ! იარაღი რომლითაც მეჭირა, იმ მკლავში მომხვდა მისი
ნასროლი. წამოვიდა სისხლი, მაგრამ არ შევიცვალე ხელი. ამოვიღე მიზანში, მარჯვენა
თვალში მივაბჯინე ლულა. არაფერს არ დავეძებდი, შემდრკალიყო მხოლოდ. ისე იყო
დამიზნებული, რომ უეჭველად ხვდებოდა. დაინახა ეს და, სიკვდილი რომ იგრძნო თუ
სასიკვდილოდ გამეტება, გაუკვირდა ჩემგან – შედრკა, მიაბრუნა თავი, ის თვალი
გამარიდა, რომელშიც უნდა მოხვედროდა! ჩემსას რომ მივაღწიე, მეც მარჯვენა მკლავზე
ჩამოვწიე ლულა და ვესროლე. ის ვერ ვივარაუდე, დაშავებულ ხელს სიმაგრე დაკარგული
რომ ექნებოდა და ღვიძლში მიიტანა იარაღმა, სულ რომ არ ვაპირებდი, ისე! იცოცხლა,
საწყალმა, რამდენიმე დღე და გარდაიცვალა მშვენიერი, კეთილშობილი და რაინდი კაცი!..
ამ ამბავს გავდა, ასეთი ბუნების იყო ყველა ჩემი საქციელი გააბრაგებამდე და მის მერეც
კაი ხანს კიდევ. ვიყავი მაშინ საშიში – სახელმწიფოსთვისაც და ადამიანებისთვისაც.
რამდენი მეტი გავიდა დრო, იმდენი დაუნდობლად და განუკითხავად მცემა ცხოვრებამ,
მაგრამ არ იყო ეს მარტო ამაყი ხასიათის და ქედმაღლობის ბრალი; ერთი კაცისგან მეორე
კაცის დაჩაგვრა მძულდა ბავშვობიდანვე, ვერ ვიტანდი ამას. გასაჭირში და განსაცდელში
ჩავარდნილი ადამიანი მებრალებოდა, ხელის გაწოდებას და მიხმარებას მოვალეობად
ვუთვლიდი ჩემს თავს, ამისთვისაც იყო, რომ მხვდებოდა. ამასობაში ასაკმა მიმატა. ადრე
ჩემი ღირსების შელახვას რომ ვერ ვიტანდი, მერე და მერე თითქმის მიმავიწყდა საკუთარი
თავი. ახლა სხვისი ღირსების შელახვას ვეღარ ვეგუებოდი ვერაფრით. დავდიოდი ამ
ქვეყანაზე და, სიმართლეს ვამბობ, სიცოცხლის ფასად რომ მღირებოდა, მაინც ვებრძოდი
უსამართლობით და ძალმომრეობით ლელოს გამტან კაცებს. მაშინაც საშიში ვიყავი
სახელმწიფოსთვის და ადამიანებისთვისაც.
კაი რვა, ცხრა წელიწადი ვიდექი ამაზე. საქმე მე არ მქონდა სხვა, მიზანი და მისწრაფება. ეგ
არის, მთავრობა მეთამაშებოდა კუკუმალულობას. მაგრამ ამას არც დრო დაჭირებია დიდი,
არც ჭკუა და გასართობადაც უკეთესს რას იტყოდა კაცი! კანონგარეშე კაცმა თაგვისოდენა
კაი საქმე თუ გააკეთა, ცხენის ზომამდე გაუზრდის და შეულამაზებს ხალხი. მისი ბუნებაა
ეს. გლახა საქმესაც ასე უშვრება. გლახა კი არ მიკეთებია მაშინ, დიდი სახელი გამივარდა,
კაი მანძილზეც, მაგრამ ბოლო ყველაფერს აქვს და ამასაც გამოუჩნდა დასასრული,
დავაკვირდი ჩემს საქციელს და იმ ხალხსაც, მე რომ გამოვადექი რამეში – შველა იყო,
დაცვა იყო, თუ ხსნა. ზოგმა ბოროტებით გადამიხადა, სხვამ იმაზე უარესი ჩაიდინა, რასაც
ავაცდინე, ვიღაც თვითონ გახდა მოძალადე და ჯალათი, ღონე რომ მოიკრიფა ჩემი
წყალობით, იმის მერე. არ ღირს ლაპარაკად! შევაქციე ზურგი ყველაფერს, აღარ ჩავერიე
სხვის საქმეში ქვა ქვაზე ნუ დარჩება ნურსად-მეთქი! მაშინ ყველამ დაივიწყა, რაც სიკეთე
მქონდა გაკეთებული, ცუდი კაცების ჭორებს აყვა ხალხი, ზურგი შემაქცია თვითონაც.
დავრჩი მარტოდმარტო და მივხვდი, არ მოვიქეცი სწორად, მაგრამ მომავალში რა
მეკეთებინა და როგორ მეცხოვრა, ვერც ამის გავიგე რამე. გრაფმა რომ შემთხვევა მოიყვანა,
იმის განსჯაში ის იქნებოდა მართალი, ვინც ასე იტყოდა: სახელმწიფოს იმ კაცის არ უნდა
ეშინოდეს, რომელიც ბოროტების დათრგუნვას და მახეში გაბმული მებრძოლი კაცები
დახსნას არ შეეცდება. აღარ ვარ საშიში ამიტომ აღარ ვარ!
ვიცი, გაინტერესებთ ყველას, რისთვის ვარ აქ, რას ვეძებ და რატომ მოვედი ჩემი წილი
ბორკილის თუ ყულფის დასაწიერზე. გეტყვით მაგასაც. არც მგლის მოდგმის ვარ, რომ
საჭმლის შოვნისთვის ვიცხოვრო მხოლოდ და არც კურო ხარი, რომ ბალახი და ძროხები
მჭირდებოდეს მარტო. ერის შვილი ვარ მე. ფიქრი მჭირია და საზრუნავი! არ შემიძლია,
მკლავებდაკრეფილი ვიდგე და მშვიდად ვუყურო ჩემს ქვეყანას!.. მოვედი თქვენთან,
ვნახავ, ვიფიქრე, რით ასაზრდოებს ეს ხალხი თავის გულს და გონებას. არც თქვენ არ
იცით, გონია, რაა საკეთებელი და ნამდვილი საქმე. ერთი კია, ჩემსავით მოწყურებული
ხართ თქვენც: საუბრობთ, ვარაუდობთ, ეძებთ. რაღაც გზაზე დგახართ, მართალია ესეც,
მაგრამ სანამ მანდედან აზრი, მიზანი და საზრუნავი ჩამოყალიბდებოდეს საუკუნე
გაივლის კიდევ!
დათა თუთაშხია წამოდგა, გაიარ-გამოიარა, ხელში კრიალოსანი აათამაშა. პირველად
ვხედავდი აღელვებულს, მაგრამ თვალნათლივ ჩანდა, თავის დაუფლებას ლამობდა და
ეუფლებოდა კიდეც.
– თქვენო ბრწყინვალებავ, – თქვა მან, როცა სრული სიმშვიდე იგრძნო. – არ ვიცი, მივიღებ
თქვენგან იმ ქაღალდს თუ ვერ მივიღებ და არც ის მგონია, დიდი მნიმშვნელობა თუ აქვს
მაგას ჩემი მომავალი ცხოვრებისთვის. ამჟამად, დღეს, ვარ თუ არ ვარ საშიში კაცი – ვთქვი
უკვე. ეგ არის, თხუთმეტი თუ ჩვიდმეტი წელიწადი გავიდა – გიამბეთ მე, რამდენჯერ
შემეცვალა ზნე და საქციელი ამ ხნის მანძილზე, არ ვიცი და ვერ მოგახსენებთ, ხვალ თუ
ერთი წლის მერე რა გზას დავადგები. გოგიმ ბრძანა აქ, – კანონი როგორ მოიქცევა, იმაზეა
დამოკიდებული ბევრიო. კანონი და სახელმწიფო, ჯერჯერობით, ისე აქვს კაცობრიობას
აგებული, რომ გააბოროტოს კაცი, სიძულვილი ჩაუდოს გულში. ნუ ჩამითვლით, თითქოს,
იმის თქმა მინდოდეს, რომ მხოლოდ რუსეთის იმპერიაშია ეს. ყველა ახლანდელ
სახელმწიფოს და ყველა ახლანდელ წყობილებას ვგულისხმობ მე. გავა დრო, მიხვდება
ადამიანი ამას და შეიცვლება თანდათანობით, თუ ერთბაშად, ეს ამბავი. სიცრუის თქმას არ
ვიკადრებ და ვერავის ვერ მივცემ იმის პირობას, რომ ჩამიდებენ თუ არა პატიების
ქაღალდს ჯიბეში, მეორე დღესვე შევდგები ბერად და მეფის და იმპერიის
დღეგრძელობისთვის ლოცვაში გადავიტყავებ მუხლებს. საითაც გული გამიწევს, იქით
წავალ და იმ გზაზე ვივლი, თქვენო ბრწყინვალებავ! ეს არის ჩემი სიმართლე. თქვენ
ბრძანეთ, თუ არ ერგება პატიების ქაღალდი, ერთი კვირის ვადას ვაძლევ თუთაშხიას,
ხელს ვერ ახლებს ვერავინო. არ მსურს, ჩემი გულისთვის უხერხულ მდგომარეობაში
აღმოჩნდეთ. ჩათვალეთ, რომ არ გაქვთ ნათქვამი ეგ. სადაც გამიყვანს იღბალი და მარჯვენა,
ის იყოს ჩემი ხვედრი!
სიჩუმე ჩამოვარდა და დიდხანს გაგრძელდა. ანაზდად მივხვდი, რომ გრაფის შეპირებულ
პატიებას დათა თუთაშხიასთვის, მართლაც, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს კაცი
საგანგებო, მხოლოდ მისთვის არსებული კანონ-წესებით მართავდა თავის ცხოვრებას და
სწყუროდა მხოლოდ ერთი რამ: მოქმედება პატიების სიგელით ჯიბეში თუ უამსიგელოდ –
სულ ერთი იყო!
– ბატონო თუთაშხია, თქვენ ბრძანეთ, სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, ადამიანის
გამაბოროტებელი საწყისიაო, – ხმადაბლა თქვა გრაფმა და შემდეგ ყველას მოგვმართა: –
ბატონებო, თქვენც იზიარებთ ამ შეხედულებას?
– მე ვიზიარებ! – მიუგო ნანომ.
– ხომ არ განმარტავდით... ესე იგი, უფრო ვრცლად ხომ არ გვეტყოდით? ამჟამად არსებობს
თეორიები, რომელთა დედააზრი მაგ შეხედულებას რამდენადმე ემთხვევა...
– სიამოვნებით, გრაფ, – დათანხმდა ნანო, – თუმცა კი, მგონია, რომ რასაც ვიტყვი, არც ერთ
მათგანს არ დაემთხვევა. ამ შეხედულების ავტორი არასოდეს არ იმეორებს სხვის აზრს, არ
მოჰყავს ციტატები სხვათა ნაწარმოებებიდან, არ იმოწმებს ავტორიტეტებს. იგი საუბრობს
მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ და მტკივნეულ პრობლემებზე, მაგრამ აშუქებს და
ასხივოსნებს მათ თავისი სადა გონებისა და კეთილი გულის განუმეორებელი ნათელით.
– მით უფრო საინტერესოა, – გაამხნევა სეგედიმ.
– მეღა დავრჩი, განსასჯელი საკითხის გამო აზრი არ გამომითქვამს. სწორედ მაგ ასპექტით
ვაპირებდი მსჯელობას. სხვისი ნააზრევის განმეორება ძნელია, მაგრამ... ინებეთ! დღემდე
არსებული დიდი სახელმწიფოების ძირითადი თავისებურება გაფართოებისკენ, ახალი
ხალხების დაპყრობისკენ, მათი მიწა-წყლის მიტაცებისკენ, მსოფლიო ბატონობისკენ
სწრაფვაა. მათ იმპერიები ეწოდებათ, ხოლო ეს გამუდმებულ საომარ მზადყოფნას ან
უშუალოდ დაპყრობითი ომების წარმოებას ნიშნავს. ომის ძირითადი მასალა მეომარია.
ძლევამოსილების უმნიშვნელოვანესი პირობა ჯარისკაცის მძაფრი საომარი განწყობილებაა. თავდაცვითი ომების მამოძრავებელი ძალა მამულიშვილობა, სამშობლოს
სიყვარულია და პირიქით: ვინ და რა გზით შესძლებს ადამიანი დაპყრობისთვის, ჟლეტისა
და ნადგურისცემისთვის აღძრას, დაატოვებინოს ოჯახი, სახლ-კარი, სამშობლო, უცხო
მიწაზე სასიკვდილოდ წაიყვანოს, თუ გულში წინასწარ სიძულვილი არ ჩაუთესა!
დაპყრობითი ომის მამოძრავებელი ძალა სიძულვილი, გაბოროტება და მომხვეჭელური
სულია. ადამიანში ამ მდაბალი თვისებების აღძვრა-გაღვივება, პიროვნების ჭეშმარიტი
დანიშნულების რღვევა იმპერიის ბუნებიდან მომდინარეობს, მისი პირდაპირი მიზანია,
მისი არსებობის გარდუვალი, აუცილებელი შედეგია. კაცობრიობის წარსულის ყველა
საზოგადოებრივი თუ რელიგიური მოძღვრება ურჩევდა ადამიანს, ბოროტი ნუ იქნებიო,
მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუქმნია საზოგადოების ისეთი მოდელი, რომლის ძირითადი
ნიშანი ადამიანთა გაბოროტება კი არა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული იქნებოდა.
ეს არის პასუხი კითხვაზე, რომელიც თქვენ ახლახან დასვით. კიდევ ორიოდ სიტყვა
ძირითადი საკითხის გამო: პიროვნება, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების
გრძნობა სხვა თვისებებს სჭარბობს, შეუძლებელია, არ იყოს იმპერიისა და მისი კანონების
აქტიური მოწინააღმდეგე და იგი იმ ზომით არის მოწინააღმდეგე, რა ზომითაც არის
ხსენებული ღირსებები მასში მოცემული. იგულისხმება ისეთი პიროვნება, რომლისთვისაც
სიკეთე, სიყვარული და მშვენიერების გრძნობა ანგარების მისაჩქმალავი ნიღაბი კი არა,
ფსიქიკის ჭეშმარიტად ბუნებრივი მონაცემები და განუყოფელი კუთვნილებაა. ასეთ
ნიადაგზე აღმოც-
ენებულ ნაყოფთაგან უპირველესია კაცობრიული სამართლიანობა და, ცხადია, რომ ამ
გრძნობით გამსჭვალული ადამიანი უეჭველ და აუცილებელ წინააღმდეგობაში იმყოფება
დიდმპყრობელურ სულთან, ანუ იმპერიის წყობილებასა და კანონთან, იგი იმპერიის
აქტიური მტერია არის მეორე გარემოებაც: სიკეთე, უპირველესად ყოვლისა, ერისთვის
სამსახური და კაცთათვის მაგალითია; სიყვარული – უანგარობასა და პირუთვნელობაში
გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა და სამყაროს მიმართ
მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე და ერის ზნეობრივ-
კულტურული საგანძური აღვივებს. ყოველივე ამას ზიარებული კაცი მამულიშვილია,
პატრიოტია. ეს ნიშნავს ცხოვრებას დევიზით: “ერისა და მამულის კეთილდღეობა –
უწინარეს ყოვლისა!” – მაგრამ აუცილებლად და მხოლოდ კაცობრიულად კეთილი
საშუალებებით – მშვიდობის, სამართლიანობის, ზომიერების, სხვა ერების უფლებათა
პატივისცემის გზით და ეს არის უზენაესი სიბრძნე, რომელსაც ინტერნაციონალიზმი
ჰქვია. თქვენ ბრძანეთ, გრაფ, რომ დათა თუთაშხიას შესახებ მრავალმხრივი და უხვი
ინფორმაცია მოგეპოვებათ. თუ ეს ასეა, მაშინ თქვენთვის ისიც თავისთავად ცნობილია,
რომ დათა თუთაშხიასთანა კაცები იმპერიისთვის უაღრესად საშიშნი არიან! სხკა
შეხედულების არსებობა გამორიცხულია.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა და გრაფმა ჩაილაპარაკა:
– საინტერესო სუბიექტია ეგ სანდრო კარიძე.
ჟანდარმთა შეფმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ, მართლაც, ყველაფერი იცოდა.
– თქვენ გგონიათ, გრაფ, რომ მარტო სანდრო კარიძე აზროვნებს ასე? სრულიადაც არა!
კარიძე სხვაზე უკეთ აყალიბებს იმას რასაც უმრავლესობა ფიქრობს, – უთხრა ნანომ.
– არა, საინტერესო ის არის, რომ ახალი იდეოლოგიის ჩამოყალიბების მოწმენი და
თანამონაწილენი ვართ... ასეთი ეპოქაა! – გრაფმა ხელი ჩაიქნია და ჰკითხა: – ქალბატონო
ნანო დაამთავრეთ?
– არა. ორიოდ სიტყვა კიდევ მაქვს სათქმელი უბრალო, ადამიანური პოზიციებიდან.
ნანომ განაგრძო. მას, ალბათ, ასეთივე ინტონაცია ექნებოდა, იგივე არგუმენტებს
დაეყრდნობოდა, ჟანდარმერიის შეფთან მიღებაზე რომ მისულიყო დათა თუთაშხიას
ხვედრის შემსუბუქების სათხოვნელად. იგი არაფერს ამტკიცებდა, არაფერს მოითხოვდა –
მხოლოდ ემუდარებოდა, მხედველობაში მიეღო, რომ...
– თქვენო ბრწყინვალებავ, შეხედეთ კეთილმოსურნე თვალით, სხვა არაფერია საჭირო.
ხშირად შეგხვედრიათ დათა თუთაშხიაზე სანდომიანი და კეთილი ადამიანი? ენდეთ
ინტუიციას და ჰკითხეთ თქვენს საკუთარ გულსა და გონებას: შეუძლია ამ ადამიანს, იყოს
უარყოფითი, ავი, ბოროტი, მრისხანე?.. დევს თუ არა მის ბუნებაში, მის ხასიათში
დანაშაული და ბოროტმოქმედება... არ ეყო, რაც ტანჯვა-წამება გამოიარა? უნდა ეღირსოს
თუ არა როდისმე ჭერს, ოჯახს, ლოგინს მშვიდ ძილს?! – ნანოს ცრემლები გადმოსცვივდა,
ზეზე წამოიჭრა და სასტუმროსკენ გაემართა.
გრაფი მიჰყვა ზღურბლზე შეაჩერა:
– ქალბატონო ნანო, ვწუხვარ, რომ თქვენი აღელვებისა და ცრემლების მიზეზი ჩემი
მოსვლაა. პატიებას გთხოვთ. თავს ვიმხნევებ იმით, რომ მნიშვნელოვან საქმეებს თავისი
უსიამოვნებები ახლავს! შემომხედეთ. ო, როგორ გამშვენებთ ცრემლი! რომ მცოდნოდა,
საგანგებოდ შევეცდებოდი, მეტირებინეთ. თავბრუდამსხმელი ქალი ხართ, ქალბატონო
ნანო... კმარა, მშვენიერებავ, ნუ დაიდებთ ხუთი მამაკაცის ცოდვას, ჩამოდით ციდან!
ნანომ გაიცინა, გრაფს მოჰყვა, მაგიდას დაუბრუნდა. ცრემლები მაინც სცვიოდა და
იღიმებოდა – ქალური სისუსტისა და უმწეობის რცხვენოდა.
მშვენიერი იყო ნანო...
– ღვინო! – დაიძახა გრაფმა, ჭიქების შევსებას თვითვე მიიჰყო ხელი და სიცილით მკითხა:
– თავადო, ხომ საინტერესო გასართობი შემოგთავაზეთ?!
– შეუდარებელი, გრაფ, და მეტად სასარგებლოც!
– მანდილოსნის ცრემლს გაუმარჯოს, ბატონებო! – სეგედიმ ჭიქა ასწია. – ყველაზე
დამაჯერებელ, ქმედითსა და შედეგიან არგუმენტს! ქალბატონ ნანოს გაუმარჯოს, რადგან
მან ეს არგუმენტი თავის უმშვენიერეს ვარიანტში წარმოგვიდგინა.
გრაფი ნანოსთან მივიდა, ხელზე ეამბორა.
სადღეგრძელომ ხმაურით, ხუმრობითა და ბროლის წკრიალით აავსო ოთახი. ჟრიამულმა
იმატა, აღგზნებამ დავა-კამათის განწყობილება შექმნა. ამ საყოველთაო აყალმაყალში
გრაფი ზეზე წამოდგა და სიტყვა ითხოვა.
– ბატონებო, სამწუხაროდ, წასასვლელი ვარ. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ
მიღებისა და მასპინძლობისთვის. ნასიამოვნები და ფრიად კმაყოფილი მივდივარ.
გჯეროდეთ, რომ მუდამ მეხსომებით, როგორც საუკეთესო თანამესუფრენი და დახვეწილი
ადამიანები. თავს ბედნიერ კაცად ჩავთვლი, თუკი დადებით შთაბეჭდილებას დავტოვებ.
აქამდე მიკრძალავდა სამსახური და თანამდებობა ჩემი მოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი
მიზეზის გამხელას. აი, მთავარი მოტივი... – გრაფმა უბიდან ორი ქაღალდი ამოიღო, ორივე
ოთხად მოკეცილი. ერთი მათგანი დათა თუთაშხიას სახელზე შედგენილი პატიების
გუჯარი იყო. მეორე – ამ სიგელის მიღება-ჩაბარების ოქმი, რომელსაც ხელის მოწერა
სჭირდებოდა. – ბატონო ირაკლი, არ მინდა, შევაწუხო ბატონი დათა თუთაშხია.
წარმოადგინეთ რწმუნების საბუთი და შეასრულეთ მოვალეობა.
– სიამოვნებით, გრაფ, მაგრამ ხელშეკრულება სანოტარო კანტორაში მაქვს, სამწუხაროდ, –
ვთქვი მე.
დათა თუთაშხიამ ხელშეკრულების თავისი ასლი ამოიღო.
– ამანაც ივარგოს, იქნება, – თქვა მან და საბუთი გრაფს გადააწოდა.
გრაფი კითხვას შეუდგა. პატიების სიგელს თვალი საჩქაროდ ჩავავლე, სხვებს გადავეცი,
საწერ-კალამი გამოვიტანე, ჭურჭელი მივწი-მოვწიე და, როგორც ვექილმა და
რწმუნებულმა, ოქმს ხელი მოვაწერე.
გრაფი ფეხზე იდგა. ცალ ხელში ჭიქა ეჭირა, მეორეში – ნოტარიუს ირაკლი ხურციძესა და
ლაზ აზნაურ არზნევ მუსკიას შორის დადებული ხელშეკრულება და ყურადღებით
კითხულობდა...
– რამდენი ხანია, ბატონო თუთაშხია, რაც თქვენი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია არ
გინახავთ? – იკითხა სეგედიმ, როცა ეტლის საფეხურზე ფეხი შედგა.
– მეთექვსმეტე წელიწადია, თქვენო ბრწყინვალებავ, – მიუგო დათამ.
გრაფმა გაიღიმა:
– ორი საათის წინ ამ ეტლში იჯდა, აქ იყო!
სიჩუმე ჩამოვარდა.
– რისთვის იყო აქ? – ჰკითხა თუთაშხიამ.
– იმ შემთხვევისთვის, თუ გაქცევას დააპირებდით. თქვენს მოსაბრუნებლად იყო,
დასარწმუნებლად, რომ ცუდი განზრახვით არავინ არის მოსული.
გრაფი ჩაჯდა, საათი ამოიღო და დასძინა:
– დღეს, საღამოს ცხრა საათზე, ბატონი მუშნი ზარანდია თქვენთან სასტუმროში მოვა.
მთხოვა, გადმომეცა ეს!
ეტლი კუთხეს მიეფარა.
სუფრას მივუბრუნდით.
– რატომ დგებიან ასეთი კაცები ასეთი მთავრობის სამსახურში, ნეტავი? – თავისთვის თქვა
დათა თუთაშხიამ.
– ახლა სეგედი თავისი ჟანდარმერიისკენ მიდის და ფიქრობს: რანაირად ხდება, რო ასეთი
კაცები ყაჩაღად გადიანო! – მიუგო ელიზბარ კარიჭაშვილმა.
ყვითელი რვეული
დათა თუთაშხიასთან დაშორებიდან თერთმეტი წლის და ნანო თავყელიშვილ-შირერის
კალიფორნიაში გადასახლებიდან რვა წლის შემდეგ სამოქალაქო სამართლის ნორმებმა,
კერძოდ, სანოტარო საქმისწარმოების წესების სათანადო პუნქტმა, საშუალება მომცა, ჩემს
კანტორაში მათ მიერ შესანახად დატოვებული თუ ამავე მიზნით მერე გადმოგზავნილი
პაკეტები გამეხსნა. იმ დროისთვის, როგორც ერთი, ისე მეორე კლიენტი უკვე შვიდი და
მეტი წლის მანძილზე დუმდა. მოვალე ვიყავი, გავცნობოდი მათი ანაბრის შემადგენლობას
და მენახა, ხომ არ შეიცავდა იგი მითითებას, სურვილსა თუ განკარგულებას იმ
შემთხვევისთვის, თუკი რაიმე მიზეზის გამო მათი ასეთი მითითება, სურვილი ან
განკარგულება დროის ხსენებულ მანძილზე არ გადმომეცემოდა.
თერთმეტი წელიწადი და შვიდი წელიწადი! ეს სრულიად საკმაო დრო იყო იმისთვის, რომ
ჩვენი თბილი, გულითადი დამოკიდებულებები მიმვიწყებოდა, ჩემი პროფესიის კაცს
ყასაბივით ამეღო დანა და კონვერტები გამეჭრა, მაგრამ! გავაღე სეიფი, გადმოვიღე ჯერ
ერთი, მერე მეორე საქაღალდე, მაგიდას მივუჯექი... ხელები ამიკანკალდა, დანა დავდე და
ფიქრმა წამიღო.
დიდხანს ვიჯექი ასე. რამდენჯერმე ძალისძალად შევიკავე ყელში მობჯენილი და თვალზე
მომდგარი ცრემლები. იმ დღეებზე სხვა დროსაც ბევრი მიფიქრია, განა არა, მაგრამ, ახლა
ეს ფიქრი შემაჯამებელი ფიქრი იყო – სინანულით, სევდითა და მწუხარებით აღსავსე
მოგონება ადამიანებისა, რომლებმაც ჩემი სიცოცხლის მოკლე, ამასთან, უაღრესად
საინტერესო მონაკვეთი შეავსეს და მოწყვეტილი ვარსკვლავებივით მიეფარნენ თვალს.
მიეფარნენ და მერე როგორ!
ვახტანგ შალითურმა პორტარტურის ალყის დროს გაათავა თავისი ბოღმით სავსე
სიცოცხლე. ყუმბარამ ნაკუწებად აქცია თავზეხელაღებული ოფიცერი. სანდრო კარიძემ
მონასტერი ფიქრისა და ფილოსოფოსის შრომისთვის საუკეთესო ადგილად მიიჩნია,
სამსახურს თავი მიანება, ბერად აღიკვეცა. ერთხელ ძეგვის სადგურზე დავინახე. თვალი
ამარიდა. ელიზბარ კარიჭაშვილი საერთოდ გაქრა. მითხრეს, სოფელში ძველთაძველი
სახლი და ერთი გადალაჯება მიწა შემორჩენოდა. დაბრუნებულა, ოჯახს მოჰკიდებია,
ყვავილების მოშენებას შესდგომია. გოგიას ყელში ამოუვიდა რესტორატორობა, მძიმე
პოლიტიკურ საქმეში გაეხვია. ბორკილი ხელმეორედ დაადეს, ახლა უკვე ხის ფეხზე, და
კატორღაში წაიყვანეს. მე მას რეგულარულად ვუგზავნიდი თვეში თხუთმეტ მანეთს, სანამ
ცოცხალი იყო. ნანოსი წასვლის დღიდან აღარაფერი მსმენია. დარწმუნებული ვიყავი, რომ
ერთხელ მაინც გამომელაპარაკებოდა. ალბათ, აღარ იყო, თუმცა ნამდვილად ესეც
არასოდეს მცოდნია. მარტო დათას ცხოვრების ექო მწვდებოდა ხოლმე ხანგამოშვებით.
ცოცხლობდა, დაუნდობლად ებრძოდა თავს და იყო მუდამ მართალი კაცი – ერთადერთი
და განუმეორებელი. ცოცხლობდა?. ექვსი, შვიდი თვის წინანდელი ცნობების თანახმად,
თორემ მაშინ, როცა პაკეტებს ვხსნიდი, იქნებ, უკვე აღარც ის იყო!
გახსნის შედეგად ჩემს ხელთ აღმოჩნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი და ამ ორი
ადამიანის მიწერ-მოწერა. დათას მიერ მიწერილი წერილები ნანოს ცალკე პაკეტში ჰქონდა.
ნანოს წერილები სხვა ქაღალდებთან ერთად დათას ერთადერთ ანაბარს შეადგენდა.
საბუთებით დაკისრებული ვალდებულებები შემდგომში სრულად და პირნათლად
აღვასრულე. მათ საქაღალდეებს ჩემი სანოტარო კანტორის არსებობის უკანასკნელ
დღემდე ვინახავდი. მერე არქივის განადგურების საათმაც დაჰკრა; დათას და ნანოს
საქაღალდეები ასე, პირდაპირ, დასაწვავად ვერ გავიმეტე, წერილები ჯერ ამ რვეულში
გადმოვწერე და მერეღა დავწვი.
“ლაზო, პირისპირ თქმა მინდოდა, მაგრამ ერთთავად ხალხში ვიყავით და ვერ მოვახერხე.
ნაწილობრივ იმანაც შემაფერხა, რომ, ვნახოთ და, ასეთ საქმეებში ჩარევას
მანდილოსნისთვის შეუფერებლად სთვლიდე?
გუშინდელი დღე ჩემთვის ისევე გადატვირთული იყო განცდებით, როგორც ის, როდესაც
პირველად გნახე ოჩამჩირის მიდამოებში. განსაკუთრებულ გარემოებებში შეხვედრა,
ალბათ, განგებისგან გვაქვს ხვედრად ბოძებული, თორემ საიდან სადაო?!
წუხელ დიდხანს არ დამეძინა, განვლილ დღეზე ვფიქრობდი. მერე დავიწყე ფიქრი იმაზე,
თუ რატომ ვფიქრობდი ამდენს და ასე დაჟინებით და იმაზეც, რომ ვიფიქრე თუ არა
ამდენი ოჩამჩირის ამბავის ღამეს. ბოლოს დავიღალე, შფოთის შემოტევა გარემოებათა
სიმძაფრეს მივაწერე და ჩამეძინა.
მხოლოდ დილამ მომიტანა სიცხადე. თურმე ვწუხდი იმის გამო, რომ გუშინვე არ
გამოვნახე საშუალება მეთქვა ის, რაც შენ, ალბათ, უკეთ იცი, მაგრამ მაინც აუცილებელი
სათქმელია: როგორ იქცევი!.. ვხედავ, ირაკლის, მართლაც, ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ჰგონიხარ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შენი ნამდვილი ვინაობა თუ გაიგო კიდეც,
მისგან ავი არაფერი გელის, მაგრამ გუშინ ორთაჭალის ბაღებში, იმდენ ხალხში, ისე
ახდილად ყოფნა?! ხომ შეუძლებელია, იქ პოლიციისაგან არავინ ყოფილიყო?.. მე ვიცი,
შენი ჩაბარებისთვის ჯილდოა დანიშნული და, ცხადია, თანხა შავი ორდერითაც არის
შემაგრებული. ვინმე ნაძირალა ზურგიდან მოგეპარება და გესვრის.
რა გინდა აქ, რაში გჭირდება ყველაფერი ეგ? მართალია, მე მაგის ჩხიბვის უფლება არ
გამაჩნია, მაგრამ ბორკილებს ერთი ნაბიჯი გაშორებს, მოეშვი აქაურობას.
ამ ბეჭედს გიგზავნი ხსოვნისთვის და ნიშნად ამაღლებული მეგობრობისა.
ამეთვისტო ჩემი თვალია.
წადი, ლაზო!
ნ.”
“გამიკვირდა ძალიან და გამეცინა, ქალბატონო ნანო, წერილი რომ მივიღე. ჩემს
სიცოცხლეში არ მიმიღია წერილი. ვის უნდა მოეწერა ჩემთვის და სად უნდა მოეწერა,
ნეტავი. იღბლიანი კაცი ვარ დიდად. სხვაგან რომ მითქვამს ეს, გასცინებიათ, ვინც ჩემი
ცხოვრება იცის. იღბალი არ მქონოდა, მაინცდამაინც თქვენ რატომ შეგეყრებოდით
ოჩამჩირეში? აქამდე რა მაცოცხლებდა და რა მატარებდა? ხელმეორედ როგორ გნახავდით?
დღეს ერთი დიდი სიხარული მარგუნა იღბალმა კიდევ – პირველი წერილი მივიღე და
ისიც ამქვეყნად უმშვენიერესი მანდილოსნის ხელით დაწერილი!
არ იცით, ალბათ, რა არის თქვენი წერილი ჩემთვის. არავინ არ იცოდეს, იქნება, ეს!.. ჩემი
საქმის კაცი ვერ იბოგინებს, თუ ჰგონია, რომ მოფიქრალი და მზრუნველი ჰყავს ქვეყანაზე
ვინმე. კაი ხანია მას მერე, რომ მივხვდი – ჩემზე მე უნდა ვიფიქრო მხოლოდ, და ცის ქვეშ
ყველაფერზეც უნდა ვიფიქრო მე. ორივე ტვირთი უნდა ვზიდო ერთდროულად და
ერთად. ერთ-ერთის ან ცალ-ცალკე ზიდვა უქმად შრომა არის ყოველთვის. კარგია ეს,
მარტოკაციც ვარ და მთელი ქვეყნიერებაც, მაგრამ ასეთ ადამიანს თანდათან და ბოლოს
მთლად ავიწყდება, შესაძლებელი თუა, ვინმემ რომ იფიქროს და იზრუნოს მისთვის.
მიავიწყდება ეს და მოთხოვნილებაც მიიძინებს ამის – ხავსით დაიფარება, ფერფლი
მიეყრება, ჩაკვდება თითქოს. ცხოვრობ ასე – გიჭირს, გილხინს, წუხხარ, მხიარულობ და
აღარ იცი, რომ არის ადამიანისთვის ერთი სანუკვარი გრძნობა კიდევ: ის სიხარული,
როდესაც გაიგებ, რომ შენზე ფიქრობს ვინმე და შენი ბედი აწუხებს გულწრფელად და
უანგაროდ. პატიოსანი თვალივით იშვიათი და ძვირფასი სიხარულია ეს სიხარული.
რამდენ პირობას უნდა მოუყაროს თავი მის ასახდენად განგებამ! ამას მხოლოდ
რჩეულთათვის აკეთებს, მგონია, უზენაესი. მე ვარ მისი რჩეული, იღბლიანი კაცი და
თქვენ ერთადერთი ადამიანი, ვინც ეს იშვიათი სიხარული მაჩუქა.
რისთვის და რად ვარ აქ – გრძელი საწერია, მაგრამ მომავალში მოხერხდეს იქნებ, თქვენსა
და ჩემს შორის ეგ საუბარი, ასე მიგრძნობს გული. ნურაფერი შეგაწუხებთ, ქალბატონო
ნანო, არ მაქვს ცუდი წინათგრძნობა... ისე არ ჩამითვალოთ, ვითომ, მთლად შემთხვევას
მინდობილი კაცი ვიყო, მაგრამ ჩემი წინათგრძნობის მჯერა. როგორ არ მჯეროდეს, ნეტავი,
ჯერ საათივით აწყობილი მომცა ბუნებამ და მერე ათასჯერ მაქვს გამოცდილ-
შემოწმებული. ნურც იმას გაიფიქრებთ, თითქოს, თავკერძობით ვცხოვრობდე ქვეყანაზე
და ჩემს იქით არ მესაქმებოდეს არაფერი და არავინ. სწორედ პირიქით არის ეს. დევნილი
კაცისგან დიდხანს და საიმედოდ თავის შენახვას ერთი პირობა აქვს თავისი: ჩემი ავ-კარგი
იმ კაცების ავ-კარგიდან გამოდის, ვისთანაც ვარ და ვისითაც ვარ. თუ მინდა, ხიფათი არ
შემემთხვევს, ჯერ იმაზე უნდა ვიფიქრო, რომ ჩემს კაცებს ვერ მიუდგეს ეჭვი, კანონი და
სასჯელი. მეგობარი თუ გყავს კარგად, შენც მშვენივრად ხარ მაშინ. უბრალო და მარტივი
პირობაა ეს. ზევით სხვა სიტყვებითაც დავწერე ამაზე – ორი ტვირთის ერთად ზიდვა ზე
რომ მოგახსენებდით. ყველა ღონე მაქვს მიღებული და მენდეთ, ქალბატონო ნანო, რომ
ჩემს გვერდით მყოფ ადამიანს არც ერთს არ მოელის ხიფათი.
თქვენი ორმაგად ძვირფასი საჩუქრის მიღება მეუხერხულა დიდად. მე უნდა მომეძღვნა
თქვენთვის რაიმე, უწინარეს, მქონდა გულში, მაგრამ ნაადრევად მივიჩნიე ჯერ. ვიღებ
თქვენი თვის პატიოსან თვალს, როგორც დედოფლის საჩუქარს, და უღრმეს მადლობას
მოგახსენებთ, როგორც ერთ-ერთი რაინდი და ქვეშევრდომი თქვენი სამეფოსი.
ამ წერილს ირაკლის კანტორის უკანა კაბინეტში ვწერ და მის შიკრიკს გამოვატან.
ერთგული და სანდო კაცი ყოფილა ისიც. ერთადერთი და უმორჩილესი სათხოვარი მაქვს:
ჩვენს შეხვედრებში თქვენთვის საშიში არაფერია, მერწმუნეთ და მენდეთ. ნუ
მომერიდებით და ნუ მომაკლდებით. უთქვენოდ აღარაფერს ექნება აზრი.
მარად თქვენი თაყვანისმცემელი – დ.თ.”
“შეწუხებული ვიყავი, ქალბატონო ნანო, თქვვნი ნაწყენობით. მითხარით, “უღირსი იყო ამ
საღამოს შენი საქციელი, ლაზო. მე შეურაცხყოფილი ვარ”! მერე ეტლიდან ჩამობრძანდით,
ცივად გამომეშვიდობეთ და სამუდამოდ წასულივით შეხვედით შინ. კინაღამ
წონასწორობამ მიღალატა მაშინ, კინაღამ ჩამოვხტი მეც, რომ ათასი ბოდიშის მოსახდელად
და მოტევებისთვის მეხმეთ... მივხვდი დროზე, ამას შეურაცხყოფად მიიღებდით კიდევ.
ჩამოვედი, ფეხით დავბრუნდი სასტუმროში, განადგურებული და გულდამწვარი.
ღამე გავათენე ამ წერილის წერაში. ვვედრებ განგებას, იმ ზომის არ აღმოჩნდეს თქვენი
წყენა, რომ წაუკითხავად დამიბრუნოთ ეს. ვფიცავ თქვენს სიცოცხლეს და ყველაფერს, თუ
რაიმე დაფიცებად მიღირს ამ ქვეყანაზე, რომ მხოლოდ თქვენთვის იყო, რაც იყო იქ.
ჩემთვის ერთი გავაკეთე მარტო – გკითხეთ, რატომ ხართ ცუდ გუნებაზე-მეთქი, მიზეზი
თუ არ მეცოდინებოდა, ხომ ვერ ვიმართლებდი თავს ასე?.. აღარ მაცალეთ პირისპირ თქმა,
ენით უფრო მეხერხება ეს, ვიდრე საწერ-კალმით. ვწვალობ დიდად, მიჭირს აზრის
გამოყოლება, გადაწერა მიხდება ბევრჯერ და სრულად მაინც ვერ ვწერ, რასაც ვფიქრობ,
იმას.
არ გახსოვდეთ, იქნება, მაგრამ თქვენ გქონდათ ხელი ჩემთვის გაყრილი და ირაკლი განზე
იყო ცოტათი. დარბაზში რომ შევედით, მაშინ მთელმა წვეულებამ ჩვენ მოგვაპყრო
ყურადღება – თქვენ და მე, განსაკუთრებით. ზოგიერთს იმწუთსვე შევნიშნე ორჭოფული
ღიმილი – ქალს თუ კაცს. მიგვიწვიეს და ერთად დაგვსხეს ორივე. ამას ქალბატონი
მარიამიც მიემატა – თქვენსას რომ მანდილოსანი გავიცანი, ის. ათი წუთის მერე მისგან
ყველამ იცოდა, პირველად რომ არ ვარ თქვენს გვერდში. ერთი ისეთი გადალაპარაკებაც
გავიგონე, სინდისს ვფიცავ, ყურები მინდოდა ამეხია ორივესთვის. თქვენ არ გაკადრეთ, ეგ
არის.
ხომ უნდა მეღონა რაიმე, რომ დამსწრე საზოგადოებას აზრი შეცვლოდა? ამიტომ იყო,
გამეხარდა, როდესაც ირაკლიმ მითხრა, ქალბატონ ელისო წერეთელს სურს შენი გაცნობა,
ლაზების ამბავი აინტერესებსო. ბოდიში მოგიხადეთ და მიგატოვეთ მაშინ. ცეკვების
დაწყებისას მოხდა ეს.
ახლა ის გავსინჯოთ, ქალბატონო ნანო, მერე რა მოხდა და რა მოიტანა იმან, რაც მოხდა:
ლაზმა მიატოვაო, და ბაგრატიონები, დადიანები და გურიელები შემოგეხვივნენ უმალ.
თქვენი გულის მონადირებას ცდილობდნენ ის დიდგვაროვანი კაცები. გართობდნენ,
ვისაც როგორ შეეძლო, და ერთიმეორეს ეცილებოდა ყველა. დღეს გულდაწყვეტილები
არიან, ალბათ, პირველობას რომ ვერ მიაღწია ვერც ერთმა, სხვაზე მეტად რომ ვერ
მოგაწონათ თავი. თქვენ რომ იმ წარმოსადეგი და მიმზიდველი ადამიანების წრეში თავი
გეჭირათ, კეთილი თვალი მარტო მაგით მიხვდებოდა, როგორი მანდილოსანი ხართ,
მაგრამ მჭორავებმა სხვა გამონახეს იმაში; ელისო წერეთელმა ხალხში მკითხა, – ისეთი რა
მოუხერხეთ მაგ მშვენიერ ქალს, რომ ეშინია, წესიერად გაუღიმოს მამაკაცსო? დაიწყეს
კისკისი. ცივად მივუგე, – სტუმარმასპინძლობის მეტი არაფერი გვაკავშირებს-მეთქი ჩვენ.
ადრე, ლაზებზე საუბარში, არშიყობის მაგვარი საქციელი რომ შემომაპარა ელისო
წერეთელმა, ჩემი პასუხის მერე გამხნევდა უფრო, მოჯადოებას უმატა ჩემსას. ავყევი მეც,
ყველამ დაინახოს, ვიფიქრე, ამ ქალს რომ ვეარშიყები და ქალბატონი ნანო თავყელიშვილი
რომ მართლაც მხოლოდ მასპინძელია ჩემი-მეთქი. ეს იყო და ეს. ისევ სუფრასთან
მიგვიწვიეს და მთხოვა მან, ერთად დავსხდეთო. წავყევი, მივუჯექი გვერდში და ვიყავი
ბოლომდე იქ. ამან მოიტანა ის, გამოსვლისას რომ კაი ხმამაღლა თქვა ვიღაცამ, – წაიყვანენ,
მგონია, ჩვენს ელისოს ლაზისტანშიო! ხომ გაიგონეთ ეს, ქალბატონო ნანო, და ჩემი
საქციელით თქვენზე ცუდის ფიქრებს რომ გამოეცალა ნიადაგი, ესეც ხომ მართალია?
ეს ყველაფერი ასეა, თითქოს, მაგრამ თავსატეხი ის არის, რომ მხოლოდ ერთი მხრივ არის
ასე. მეორე მხრივ, მართლაც “უღირსი იყო ამ საღამოს შენი საქციელი, ლაზო” და,
მართლაც, შეურაცხყოფილი დარჩა დედოფალი! მიზეზი ვჩხრიკე ამისი დიდხანს:
ვიპოვნე, მგონია, და ცხრამეტი წლის არ ვართ არც ერთი, უნდა გაგიზიაროთ ჩემი
შეხედულება:
ცეცხლი ხართ, ქალბატონო ნანო, და მისი წამოგიზგიზება იყო თქვენი სურვილი –
უმშვენიერესი გულის მფლობელად წარსდგომოდა საზოგადოებას ლაზი აზნაური არზნევ
მუსკია. სიკეთე ხართ და მადლიერების გრძნობამ გიკარნახათ მანდილოსნური ღირსების
გამეტება იმისთვის, რომ კიდევ ერთი ბედნიერი საღამო რგებოდა დათა თუთაშხიას. მე კი,
რა ხანია, სიცივემ მარტივი სიხარულის წყურვილი მომისპო. განდეგილი ვარ და ფიცმა
აღმიკვეთა, ლოცვა დავამადლო ვინმეს, მოხდილი ვალის საზღაური მივითვისო.
თქვენ ძღვენის ბოძება განიზრახეთ. მე არ მივიღე იგი. დამნაშავე ვარ ამაში და უმჯობესი
გზა რომ ვერ გამოვნახე მიზნის აღსასრულებლად – ამაშიც.
მაპატიოს დედოფალმა, სასოება მაქვს მისი კეთილი გულისა და სულგრძელობის.
თქვენი დასჯილი მონა – დ.თ.”
“ეეჰ, ლაზო! ყველაფერი იმის ბრალია, რომ მე ქალი ვარ და შენ მამაკაცი. განსხვავებული
ბუნებისანი ვართ. ამიტომ მოხდა, რომ წვეულებაზე შექმნილ ვითარებას სხვადასხვა
გასაღები მოვარგეთ.
იცი, რა მწყუროდა იმ საღამოს? რწმენა, რომ დამსწრეთა შორის უპირველესი რაინდი ჩემს
გვერდით არის, ჩემთან არის და ეს მასაც სიამოვნებს. შურის აღსაძვრელად როდი მეწადა;
განა ვინ იცოდა, რომ დათა თუთაშხია ხარ და არა ვიღაც ლაზი აზნაური. ჩემი პატარა,
უბოროტო პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად და შენი სიხარულისთვის
მჭირდებოდა ეს. ამ ჭიის მოსაკლავად მანდილოსნური ღირსებაც კი გაიწირება. ასეთია
ქალის ბუნება.
შენ ჩემი სახელისა და ღირსების სახსნელად აღიძარი. ამით რაინდის რეპუტაციის მოხვეჭა
არ განგიზრახავს, ვიცი; ვინ მიხვდებოდა, რომ ჩემგან წასვლა და ელისო წერეთლის
გვერდით ყოფნა სიმძიმილი იყო შენთვის. ადამიანური ვალის მოხდის გზით სულივრი
მოთხოვნილების დაკმაყოფილება გსურდა. მაგ ჭიის მოსაკლავად ის “მარტივი
სიხარული” რაც შენ ჩემთან ყოფნას დაარქვი, ყოველთვის და ადვილად გაიწირება. ასეთია
მამაკაცის ბუნება.
ჩემი დედაკაცური ბუნების ხვაშიადი შენთვის ისევე მიუწვდომელი აღმოჩნდა, როგორც
ჩემთვის – შენი მამაკაცური ბუნების საქციელი. ორი საწინააღმდეგო საწყისი შეხვდა
ერთმანეთს. არის მესამეც, ორივე ბუნების ერთდროულად შემცველი – ღმერთი!
ფილოსოფოსები ამბობენ ასე. მე სიკეთე მიმაჩნია ღმერთად, რადგან იგი სიყვარულს და
მშვენიერებას გულისხმობს. თუ ადამიანში სიკეთემ თავისი უდახვეწილესი სახით იჩინა
თავი... შენ ახლო ხარ ამასთან.
ჭეშმარიტება შენსკენ არის, რადგან შენი საქციელის შედეგი, ზოგადად, დადებითია. ჩემი
განზრახვის შედეგი ჯერ საკუთრივ ჩემთვის იქნებოდა დადებითი და მერე მოყვასისთვის.
არაფერში არა ხარ დამნაშავე. ის საყვედური “წამოგიზგიზების” ბრალი იყო.
მაპატიე.
გადავიკითხე ეს წერილი. იქნებ ჯობდა, ცხრამეტი წლისანი ვყოფილიყავით?
ნ.
P.S. ირაკლისთვის უკვე მეგობარი ხარ და, მგონი, რომ უხერხულია, არ იცოდეს შენი
ნამდვილი ვინაობა, როგორმე რასმე უნდა მივახვედროთ. ალბათ, გადაკრული სიტყვით
აჯობებს. თუ თანახმა ხარ, დღეს გოგიას რესტორანში რომ ვიქნებით – მაცნობე, რამეს
მოვიგონებ”
“ვიღაც რომ გიყურებს, ქალბატონო ნანო, და უკვირს, თუ შურს რა მშვენიერი ქალი
ჩაუგდია ხელში ამ ღვთის გლახასო – დამეთანხმებით, ალბათ, რომ “ღვთის გლახას”
კიდეც თუ უხარია შემაცქერლის ასეთი ფიქრი, მაინც მარტივი სიხარულია მისი
სიხარული. ამას ვგულისხმობდი და არა ისე, ვითომ, თქვენს გვერდით ყოფნა მიმაჩნდეს
მარტივ სიხარულად. ვნანობ დიდად, განმარტება რომ მომიხდა, ჩემი ცუდი
მოქართულობის ბრალია ეს.
წუხელის გოგიასთან ვახშმობისას რაც მოხდა, ცოტა თავხედური იყო, მართალია, მაგრამ
შალითურისთანა კაცებთან სხვანაირად მოქცეეა არ ვარგა, კისერზე შემოსკუპება იციან
მაგათ. მთლად და ბოლომდე არაფერი ეშველებათ, რაც არ უნდა იღონოს კაცმა, ვიცი მე. ეგ
არის, წუხანდელისთანა გაკვეთილები შველის ცოტათი – სხვაგან ნაკლებად თავხედი
იქნება ვახტანგ შალითური, ნამდვილია ეს. ეტლში რომ მითხარით, – ლაზო, მე ვიცი, ვინც
ხარო, – ირაკლი გაფაციცდა. ადრე აღებული ეჭვი მაგ სიტყვებმა უფრო გაუმახვილეს,
ვიგრძენი. იმდენად წარმოუდგენელი დამთხვევები ხდება მის გარშემო, რომ თუ მიხვდა
კიდეც ყველაფერს, ადვილად ვერ დაიჯერებს მაინც. ხომ არ აჯობებდა, ბოლომდე გვეთქვა
ყველაფერი? ვითომ, მისთვის – მეგობრისთვის – გაკეთდა ეგ და უარეს საძებარში და
თავსატეხში ჩავაგდეთ ახლა. ჩემი ბრალია ეგეც: მეგონა, გაგრძელდებოდა საუბარი და
ვეტყოდი თვითონ. ამ ვარაუდით განიშნეთ თანხმობა რესტორნიდან გამოსვლისას, მაგრამ
არ მოხდა ისე, რომ მინდოდა.
რა ვქნათ – გავჩუმდეთ თუ პირდაპირ თქმა ვარჩიოთ?
ჩემს მოსაზრებას გეტყვით ამაზე. საერთოდ, ამ საქმეებში წესი ასეთია: ჯობია, რომ არ
იცოდეს არაფერი. მე თუ ჩავუვარდი ხელში პოლიციას – ირაკლიმ არ იცის, ვინ ვარ, ჩემს
თანამონაწილედ არაფერ უკანონობაში არ ყოფილა და ბრალს ვერაფერში დასდებენ მას.
თუ ეცოდინება, ვინ ვარ და როგორმე ათქმევინეს ეს, მაშინ ჩვენს შორის დადებულ
ხელშეკრულებას ძალა ეკარგება და მეტი უსიამოვნება გადახდება, ვიდრე პირველ
შემთხვევაში. საბოლოოდ ყურებზე ხახვს ვერ დააჭრის ვერავინ – ასეა ეს. მაგ რამ...
იფიქრეთ თქვენც, ქალბატონო ნანო, და როგორც იტყვით, ისე მოვიქცეთ.
თექვსმეტის ვიყავი, ჩემით ცხოვრებას რომ მივყევი. ჩვიდმეტისას პირველი მარცვალი
ჩამივარდა გულში და თვრამეტი წლის ასაკიდან დაწყებული ისე მეჩვენება, რომ ყველა
ქალი ყველა მამაკაცთან ყველანაირ ურთიერთობაში იჩაგრება. მის წყურვილს და ვნებას
ათასნაირი შიში ახლავს გამუდმებით. ეს აწვალებს სწორედ. ყველაზე უფრო იმით
იჩაგრება ქალი, რომ ეშინია, ვინმემ არ გადაიბიროს ჩემი მამაკაცი ან თვითონ არ
მიმატოვოს სხვა მიზეზითო. კაცებსაც ჭირთ იგივე. მაგრამ ნაკლებად და ნაკლებს. ეს
რწმენა რომ გამიჯდა, მას მერე ქალთან ურთიერთობა გამიძნელდა. სულ ის ფიქრი
მქონდა,– ვაითუ ერთგულება არ გამყვეს ბოლომდე ან რამე დავინახოთ ერთმანეთში
ისეთი, გული რომ აგვიცრუვდეს ან ერთს ან მეორეს და ხომ უნდა იდარდოს და იტანჯოს-
მეთქი მერე. სიყვარულის წერილი არ გამიგზავნია სიცოცხლეში არავისთვის. ჩვენმა
მიწერ-მოწერამ მოიტანა და დავფიქრდი, ცხრამეტი წლისას რომ მენახეთ, მოგწერდით თუ
არა და როგორს მოგწერდით წერილს. თურმე ასეთი იქნებოდა ის:
“ბედისწერაა ჩვენი შეხვედრა და სიყვარული, ნანო, განგებისგან ბოძებული იღბალია და
ვერ წავუვალთ ვერსაით. ათასი მიზეზი არსებობდეს იქნება, წყურვილზე ამთავითვე
ხელის აღებას რომ გვაიძულებდეს – ისეთი, მაგრამ არაფერი არ არის ეგ, როცა განგებამ
ვალად დაგვდო – ერთმანეთის ვიყოთ. ამხსნან, თუ გნებავს, ეს ვალი დღესვე – რა არის,
მერე: თვითონ დავიდებ ისევ, ვერ შემომბედავს გული უშენობას, სანუკვარო. ერთიც
იცოდე, ზეცის ნაჩუქარზე უარის თქმა არ შეგვრჩება არც შენ და არც მე. არც ერთი ღმერთი
არ გვაპატიებს ამას, რამდენიც იწამეს ჩვენმა წინაპრებმა უწინ და მერე.
სიყვარულს ბედნიერება და სიხარული მხოლოდ მამაცებისთვის მოაქვს, მორევში
უყოყმანოდ გადაშვებისთვის. მხდალის ტრფიალი შიშით და ანგარებით არის
თანხლებული მუდამ, რა ღირსი არის და ვინ გაიმეტებს მისთვის ბედნიერებას! არ შედრკე,
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ნანო, არ შეყოყმანდე, გულს წამოყევი; ნუ იფიქრებ, თუ სად
მიგიყვანს ან რას მოიმკი. მაინც ერთად ყოფნაა ჩვენი ბედი, ასეა ეს, და მხდალის ხვედრს
ნუ ირგუნებ შენით, სიხარულს შიშზე ნუ გაცვლი, სანატრელო. მოვდივარ შენთან, რომ
გემთხვიო. ისევ თუ მეტყვი არაო, მაშინ მოგიტაცებ, ცხრა მთას გადაგატარებ.
სამარემდე მეყვარები და სამარის იქითაც, როგორც არავის ჰყვარებია დასაბამიდან.”
ხედავთ, ქალბატონო ნანო, ის შიში მე თქვენშიც ვიგულისხმე, მიუხედავად იმისა, რომ
ერთხელ ბრძანეთ, – ვძლიეო ამას. იქვე და იმავე საუბარში ისიც ბრძანეთ, – ჩემს
ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია, სრულიად და ყოველმხრივ თავისუფალი ვარო.
შიშის დაძლევას დავიჯერებდი კიდევ, მაგრამ თქვენი თავისუფალი საქციელი ვერ
დავიჯერე. ეგ იმისთვის ბრძანეთ, მგონია, რომ ბრიყვი ვეტროვის ეჭვის უსაფუძვლობაში
დავრწმუნებულიყავით ირაკლი და მე. ის ადამიანი არ ხართ, რაც იქ იტვირთეთ, ხატზე
შემიძლია დავიფიცო ეს.
მაპატიეთ, ასე ახლოს მოსვლა რომ შეგბედეთ და უმორჩილესად გთხოვთ, ამ წერილს
ლიზღიერებაში ნუ ჩამომართმევთ.
მარად თქვენი – დ.თ.”
“შენ წუხელაც ჩამოაგდე სიტყვა ქალის სიყვარულის მხლებელზე – შიშზე. ვიცი, იმედი
გქონდა, საუბარში შემოგყვებოდი. ვერა. ეს ლაპარაკი მხოლოდ ჩვენს შორის და პირისპირ
უნდა მოხდეს.
ახლა “სიყვარულის წერილზე” უნდა გიპასუხო: ჩემი სათქმელისთვისაც ჯობია და ვალის
გადახდასაც ვსინჯავ: იმ რამდენიმე პწკარით ისეთი სიხარული მომანიჭე, როგორიც
მხოლოდ ქალიშვილობაში ან ოცნებაში შემეძლო განმეცადა და ვცდილობ, მეათედი მაინც
დაგიბრუნო.
ბედნიერი ხარ, რომ ძალგიძს, ცხრამეტი წლისად გარდაისახო და იქიდან მესაუბრო
სიყვარულზე, იმითაც ბედნიერი ხარ, რომ ახლაც ჭაბუკის გული გაქვს, და იმითაც, რომ
ასეთი იქნები, სანამ ხარ. მე მაგ თვალით ვერ დაგინახავ, იმ გულუბრყვილო სიყვარულს
ვერ გაკადრებ, მაშინდელი ენით საუბარს ვერ გაგიბედავ, უსათნოესო კაცო.
ოცდათოთხმეტისას მიყვარხარ, ოცდათოთხმეტისა გწერ.
იმის საბაბი არ მომიცია, რომ ჩემს სიყვარულში შიში გეგრძნო. განა პირველსაეე დღეს
უფიქროდ და უყოყმანოდ არ დაგიახლოვდი . ვერ მატყობ, რომ ბედნიერიცა ვარ, მიხარია
კიდეც, გულისთქმას მოვდევ და არც არაფერი მენაღვლება? მანიშნე, მწყურიხარ-თქო, და
მოვალ, განუყოფლად შენია, თუკი რამ მაბადია. ბედნიერებისთვის მე ის სიამაყე მეყოფა,
რომ გეკუთვნოდი. მე ჯერ შენი სული დავინახე და სიყვარული მერე დაიწყო. სადაც გული
მიმიყვანს, იქ მივალ, ოღონდ ამით შენს ბედნიერებას მცირედი მაინც შეემატოს. შენთვის
მიყვარხარ, გესმის? სხვანაირად ხომ მამაცის სიყვარული კი არა, მხდალის ტრფიალი
იქნებოდა! მე ყველაფრისთვის მზად ვარ, გეძახი კიდეც და მაინც... ვფიქრობ, რომ არ
მოხვალ. დაგიგვიანე, ორი დღე ვწერე. ერთია, როცა ლაპარაკობ, სხვაა, თუ წერ – ქაღალდს
მსჯელობის სიზუსტე და შეუვალობა უყვარს. ამას კი დრო უნდა. მე დროც დიდი
მოვანდომე და, ალბათ, სიზუსტესა და შეუვალობაშიც შევცოდე.
შენი ნ.”
“მეტისმეტად გაგვირთულდა ყველაფერი, ქალბატონო ნანო, მაგრამ უამისობაც რომ არ
შეიძლება, ის არის საქმე. დაბრკოლებები დაუხვედრა სიყვარულს ფიქრმა. ჭაბუკობაში არ
იქნებოდა ასე და კიდევ კარგი: ამდენი განსჯა, სიმართლის ძებნა და ყოყმანი კაცთა
მოდგმას ადამ და ევას სიცოცხლეშივე მოაშთობდა და მოუღებდა ბოლოს.
მამაკაცმა ქალს თავი რომ შესთავაზოს – ან მართლა უნდა იყოს იმ ქალის ღირსი თვითონ
და ან უნდა ეგონოს, უკეთესი ვარო, მგონია მე. ყველა წესიერი ქალიც ასეა, ალბათ,
თავისზე უარეს მამაკაცს ნებით არ დაჰყვება სიყვარულზე. ბევრს ვფიქრობ ამის გარშემო
და ვხედავ, თქვენოდენა რომ არ ვარ და თქვენც ხედავთ ამას. მაშინ ისე გამოდის, რომ
თქვენი თანაგრძნობა და მზადყოფნა – საჩუქარი ან სამაგიეროა. უწინ ცოტა სხვაფრად
მეგონა, მაგრამ თქვენი გაცნობის და დაახლოების მერე ისე ვხედავ, რომ წარსულში
სიკეთის თესვად რაც მიმაჩნდა, ვალის მოხდა ყოფილა ის, თურმე. ვალის დაბრუნებაში
მხოლოდ მადლობა ეკუთვნოდეს, იქნება, დამბრუნებელს. ერთხელ მოგწერეთ მე, – ჩემს
ლოცვას ვერ დავამადლი ვერავის და გადახდილი ვალის საზღაურსაც ვერ მივითვისებ-
მეთქი. ერთი ეს არის, ხელს რომ მიშლის, მოვიდე.
კიდევ მოგახსენებთ ახლა, აქაოდა, ის კაცი ვარ მე, ვინც ბატონ შირერს ცხოვრების
მეგობარი ნაძირალა სარჩიმელიას შეურაცხყოფას გადაურჩინა შემთხვევით – ის კაცი ხომ
არ უნდა ვიყო, ნეტავი, ბატონ შირერს ცოლს რომ შეუცდენს და ღალატს აიძულებს?!
მესმის, რომ ასე ფიქრი მეტისმეტია, მაგრამ ჩემი ხასიათი ვიცი მე, სინდისი დამქენჯნის
ურცხვი გასამრჯელოსთვის და ესეც თავისებური დაბრკოლებაა ჩემთვის.
ქალბატონო ნანო, იმდენად მიყვარხართ, ისე არის ჩემი სული და გონება სავსე თქვენი
არსებით, რომ მეშინია ამ სიყვარულის უკვე. ასეთმა გრძნობამ პირველ ხორციელ
სიახლოვეში ხან თოფისწამალივით თვალის დახამხამებაში აფეთქება და მცირედი კვამლი
იცის და ხან ნედლი თხმელასავით უცეცხლო ბჟუტვა და გულის გამაწყალებელი ბოლვა.
მოსვლა რა არის – მოვალ, მაგრამ ჩემი ბედუკუღმართობით ის მოსვლა ერთადერთი თუ
აღმოჩნდა და ისიც უვარგისი, მაშინ რას გიტოვებთ მოსაგონრად ან რა მიმაქვს
საოცნებოდ?!
ან რა ღირსი არის თქვენი სიყვარულისა მამაკაცი, ვისაც ეძახიან და ის კი დაბრკოლებებზე
და მიზეზებზე ფიქრობს, მაგრამ რა ვქნა, რომ არ ვარ ცხრამეტი წლის, უძვირფასესო
ადამიანო, და რომ ფიქრი უღელივით მარგუნა განგებამ.
მაგრამ არის ერთი ბიძგი, ქალბატონო ნანო, რომელმაც არ იცის დაბრკოლება და მიზეზი.
ვგრძნობ, რომ მიახლოვდება ის და მაშინ მართალი ვიქნები ღმერთისა და კაცების წინაშე,
თუნდაც არ გსურდეთ ჩემი მოსვლა და მიუხედავად ყველაფრისა ცისა ქვეშ!..
გეამბორებით – დ.თ.”
ნიკანდრო ქილია
– მუშნი ზარანდია დიდი ეშმაკი კაცი იყო, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი რომ არ იყო და
გულკეთილი რომ იყო, აგერ გეტყვი ამისას.
პატარა კაცის ამბავი მოგეხსენება, ალბათ; დიდი კაცი დააშავებს და პატარას მოხვდება,
შენი ბრალიაო. ესეც არ იყოს, კაცის შვილს, ხანდახან, ილია წინასწარმეტყველი რომ ვერ
მიხვდება წინასწარ, ისეთი ამბავი მოუწევს. ადამიანი დიდი კაცის ბრძანებით რომ შეცდეს
– სამსახური უნდა დაკარგოს და ოჯახი მშიერ-მწყურვალი დაურჩეს? არ გამოდის
ცხოვრება ასე. აბა, რა ქნას პატარა კაცმა? რა ქნას და, ისე უნდა წაიყვანოს საქმე, რომ თუ
წაიბორძიკა – არ დაეცეს, და დაცემა თუა, ადგომაში თვითონ ის უნდა დაეხმაროს, სარმა
ვინც გამოდო. როგორ უნდა გააკეთოს პატარა კაცმა ეს? როგორ და... როგორ იყო, საბაჟოს
უფროსობას თავი რომ დამანებებინეს და წელიწადი რომ უსამსახუროდ ვიყავი?! ისევ იმ
ხალხმა მომცა მერე პოლიცმეისტრობა, ვინც საბაჟოს უფროსობა ამართვა. როგორ გავაკეთე
ეს? როგორ და, უფროსის პატივისცემა უნდა იცოდე, უფროსისთვის კარგი კაცი უნდა იყო
ყოველთვის, მარა მარტო ეს არ კმარა – პატარა უნდა ეშინოდეს შენი უფროსებს. ისეთი
რამე უნდა იცოდე უფროსის, რომ გულში შიში ქონდეს არ გამთქვას და არ დამღუპოსო! ამ
საქმეს თავისი ცოდნა და მოხერხება ჭირდება კიდევ და მუშნი ზარანდიაზე რომ დავიწყე
ლაპარაკი, მისი ამბავი მინდა გითხრათ სწორედ.
მომივიდა ერთხელ ქაღალდი თბილისიდან, – დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია
მამიდაშვილ-ბიძაშვილი ყოფილან და გამოიკვლიე, რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან და
ისიც გამოიკვლიე, მუშნი ზარანდია ხუთი წელი რომ აქციზში იყო, რას მუშაობდა და რას
აკეთებდაო. გამოუცდელი კაცი რას იზამდა? გამოიკვლევდა, გაგზავნიდა პასუხს და
მოისვენებდა. მეც ასე მოვიქეცი, მაგრამ არ მომისვენია; კარგი კამათელი რომ მოგივა
ნარდში, იმ კამათელს ხომ უნდა კარგი გამოყენება?.. ისე, გინდ მოგსვლია და გინდ – არა.
მთავრობისთვის თავს რომ იკლავდა მუშნი ზარანდია და არც მის ბიძაშვილ დათა
თუთაშხიასთან რომ არ ქონდა საქმე, რის პოლიცმეისტერი და რის ნიკანდრო ქილია
ვიყავი ეს არ მცოდნოდა! მაგრამ, რომ იტყვიან... სახარე ხბოს სასკორავში შეეტყობაო, ისე
ეტყობოდა მუშნი ზარანდიას, დიდი კაცობა მოუწევდა, ბოლოს და ბოლოს, და ასეთ კაცს
შიში უნდა ქონდეს შენი. ის შიში გამოგადგება როდისმე.
მუშნიმ რომ კონტრაბანდისტებს ციხეებში მოუყარა თავი და მათი გამოსახსნელი ასი
ათასი მანეთის მომტანებიც რომ მიაყოლა ზედ, იმ ხალხში ერთი ებრაელიც ერია. მივიდა
მუშნისთან იმ ებრაელის ორი ძმა, დიდი ფული მისთავაზეს, ჩვენს სახლიკაცს უშველე
რამეო. არ გამოართვა ფული მუშნიმ, – თქვენს ძმას ისეთი ბრალდება აქვს, ციხე ერთ-ორ
წელიწადზე მეტი არ მოუწევს და ნურც თქვენ გადაყრით ფულს და ნურც მე
დამარღვევინებთ კანონსო, – ასე უთხრა! წავიდნენ ებრაელები. სოხუმში დომენტი რურუა
იყო ოქრომჭედელი, იყიდეს მისგან ბრილიანტის საყურეები ხუთ ათას მანეთად: მუშნიმ
რომ არ იცოდა, ისე მიუტანეს მის ცოლს. თხოვეს, – უშველოს რამე შენმა ქმარმა ჩვენს ძმას
და ამ ძღვენის მოტანა ბატონ მუშნის ერთხანს არ გაუმხილო, თვარა ნამეტანი ეწყინებაო.
გავიგე ეს, დავიხვიე ულვაშზე და გავჩუმდი.
გავიდა ხანი. მუშნი ზარანდიას საქმიანობის მოკვლევის ბრძანება რომ მივიღე, შევამოწმე,
რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი. არაფერი არ დადებია, სახელს რომ გაუფუჭებდა, ისეთი.
დავწერე დასკვნა, გადავდევი გვერდზე და დავიწყე ებრაელების მიტანილ ბრილიანტის
საყურეებში ფათური; ისე ვიფათურე, რომ მუშნი ზარანდიამ ქუთაისში გაიგო ეს ამბავი.
გაიგო და კაი ხანს იყო გაბუსუნებული, ხმას არ ძრავდა. მერე ალბათ, იფიქრა, – ასე არ
ივარგებსო, და მნახა; იცი შენ, არაფერი უკანონობა არ მაქვს ჩადენილი და არ შეგცდეს
რამეო. რა მინდოდა მეტი! მივახვედრე, ხმის ამომღები არ ვარ, მაგრამ გახსოვდეს,
დომენტი რურუა ოქრომჭედელი ცოცხალია, ის ებრაელები აგერ არიან, შენი სულელი
დედაკაცი შინ გიზის და ის საყურეებიც ზანდუკში უწყვია-მეთქი. მივახვედრე, თვარა,
თქმით – ასე თქმა არ ივარგებდა და არც მითქვამს.
წავედი თბილისში, მივართვი უფროსებს დასკვნა და ბრილიანტის საყურეების ამბავი
სიტყვით დავამატე: ლაპარაკით ლაპარაკობენ, მაგრამ მტკიცება არ არის და დასკვნაში
იმიტომ აღარ შევიტანე-მეთქი... რა იცის კაცმა, როგორ წავა საქმე და რატომ უნდა
მისაყვედუროს ვინმემ, – იცოდი და არ თქვიო. თუ გატყდა საქმე და გამოირკვა ამბავი –
ჯობია, მე დამრჩეს სათქმელად, ხომ გეუბნებოდით და არ დამიჯერეთ-მეთქი... რა
მითხრეს, თუ იცი? აჭარლებმა მუშნი ზარანდიას ასი ათასი მისთავაზეს, ის არ აიღო და
ხუთ ათას მანეთიანი საყურეებისთვის სულს როგორ წაიწყმედდაო, დავეთანხმე, – ასეა,
ალბათ-მეთქი. ნამეტანი გახარებული ვიყავი რამხელა კაცი ვიშოვნე-მეთქი! ვიშოვნე და
თუ წავიფორხილებდი სადმე და როდისმე, მიშველიდა მუშნი ზარანდია რა გზა ქონდა
მეტი!.. მარა სხვანაირად დატრიალდა ყველაფერი და მაშინ ვნახე მუშნი ზარანდიას
გამჭრიახობაც და კეთილი კაცობაც.
დამიბარა მუშნი ზარანდიამ ერთ დღეს: ნიკანდრო ქილია, თბილისში ჩამოდი და ჩემთან
გამოცხადდიო. ჩავედი და ვეახლე. ვინ გყავს დაპატიმრებული, ვინ გიზის პოლიციაში –
სია ჩამომიწერეო. ჩამოვუწერე. ექვსი კაცი მყავდა მაშინ. სათითაოდ გამომკითხა და
მაამბობინა, ვინ რისთვის დავიჭირე და რისი მქნელი იყო. მატარია გვყავდა დაჭერილი –
ქათმის ქურდი და ბაცაცა-მამაძაღლი. მან და მასავით ტურა ხაზავამ თხა მოიპარეს
წალენჯიხაში. ორივე იქ მყავდა, პოლიციაში, მაგრამ მუშნიმ, მაინცდამაინც, მატარიაო. კაი,
ბატონო – მატარია იყოს-მეთქი, მარა რაში ჭიროდა ის სულელი კაძახი, მთლად ბოლოს
მივხვდი.
– დათა თუთაშხია უნდა დაიჭირო, – მითხრა ზარანდიამ. – ისე უნდა გაკეთდეს ეს, რომ
მისი დაჭერა ორ დღეს მაინც ვერ გაიგოს ვერავინ. ჩუმად უნდა გაკეთდეს.
კაცის შოვნაზე გელაპარაკე და ენა თუ არ შეაჩვიე და თუ არ გაუშინაურდი, არაფერი
ნაშოვნი არაა ის კაცი. ებრაელებისგან მისი ცოლისთვის მირთმეული საყურეების ამბავი
რომ გავიგე, მას მერე უფრო უბრალოდ ვექცეოდი მუშნი ზარანდიას და არც მას აუქნევია
ხელი ჩემთვის.
– ნამეტანი გაგჭირვებია, მუშნი-ბატონო! – ვთქვი მე და გავჩუმდი, რას იტყვის-მეთქი.
არაფერი არ მითხრა ამაზე. დავუმატე მაშინ:
– მეფისნაცვლის ქაღალდი უშოვნე, ტყიდან გამოიყვანე – ამდენი შეძელი! ახლა ვინ და
რანაირად შემოგიჩნდა ისე, რომ ვეღარ გახდი ვერაფერს და უნდა დავიჭიროთ შენი
ბიძაშვილი დათა თუთაშხია?! ჩუმად უნდა გაკეთდესო? ხმაურით და სროლით რომ
შეძლებულიყო მისი დაჭერა, ხომ დავიჭერდით ამდენ ხანს. სახლში გამოსულს ისე ვინ
მოიხელთებს დათა თუთაშხიას, ერთი გასროლა მაინც რომ ვერ მოასწროს და ერთი თუ
მოასწრო, მეორეს და მესამესაც მოასწრებს მაშინ და...
ხელი აწია მუშნი ზარანდიამ, გამაჩერა:
– საქმეზე ვილაპარაკოთ ახლა! ის მატარია გაუშვი შენ. დათა თუთაშხიას შავი ხბო
მოიპაროს და მოგიყვანოს პოლიციაში. გათავისუფლებას შეპირდი. თუ მოიყვანა ხბო,
მართლა გაუშვი სახლში და დახურე საქმე. დიდი ხნით არ წავა მატარია – ინდოურს
მოიპარავს სადმე, დაიჭერ ისევ და მაშინ მოაგონებ თხასაც. პეტერბურგიდან პოლკოვნიკი
სახნოვია ჩამოსული. ფოთში ვიჯდებით მე და ის. გვაცნობე, როცა ხბო უკვე პოლიციაში
გყავდეს. ზევით სოფლებისკენ გაგზავნე ვინმე, თქვას იქ: მაზრაში ქურდებისგან
წართმეული ხბოა და თუა აქ მისი პატრონი, მოვიდეს, წაიყვანოს-თქვა. დათა თუთაშხია,
ასე მგონია მე, მოვა ხბოს წასაყვანად! შეუშვი თავლაში, გადაუკეტე კარი და ისევ აფრინე
ფოთში ჩვენთან კაცი, – აგერ მყავს-თქო, შეგვატყობინე. რომ შეღამდება, აიყვანე თუთაშხია
შენს კაბინეტში. გყავდეს იქ, სანამდე პოლკოვნიკი სახნოვი ჩამოვა ფოთიდან. დანარჩენი
მან იცის და არ შეგეშალოს რამე, თვარა გოროდოვოით ყოფნას ვერ აგაცდენს ვერაფერი
ძალა და იღბალი. ესაა, ჯერჯერობით, შენი დავალება და საქმე. დანარჩენი ჩვენ ვიცით და
ჩვენი საქმეა.
დიდხანს ვილაპარაკეთ კიდევ. არ გამომიშვა, სანამდე ყველა წვრილმანი და ყოველნაირი
შემთხვევა არ მოვისაუბრეთ, სანამდე თუთიყუშივით არ გამაზეპირებინა მთელი ის ხრიკი
და არ დარწმუნდა, რომ კარგად მივხვდი, გავიგე და ვიცი ყველაფერი.
ჩავჯექი მატარებელში, დავბრუნდი ჩემს დაწესებულებაში, მოვაყვანინე მატარია. ისე
ჩლუნგი არ მინახავს ქვეყანაზე კაცი – გავგიჟდი კინაღამ, სანამდე მივახვედრე საქმეს.
დავამუშავე, როგორც იქნა და როგორც მატარიასთანა ტუტუცის დამუშავება შეიძლება.
შავი ხბო რომ უნდა მოეყვანა ამა და ამ ნახირიდან – იცოდა ეს, მარა ვისი ხბო იყო – არ
ვთქვი და არ იცოდა.
გავიდა ორი დღე და მოიყვანა მატარიამ თუთაშხიას ხბო. შევაგდეთ თავლაში. ვაჩუქე
ბაცაცას ხუთმანეთიანი, წადი-მეთქი. ტრიალებს მატარია, რაღაცის თქმა უნდა და ვერ
ბედავს.
– წადი, ახლა, თვარა, ჩაგაბრუნებ ქვევით და იჯექი იქ! – ისე ვთქვი, რომ მართალიც იყო
და ხუმრობაც.
შეშინდა მატარია, სეტყვასავით დამაყარა რაღაც სიტყვები, მესამედ რომ თქვა, მარტო
მაშინ მივხვდი, რასაც მელაპარაკებოდა: ერთი შავი ხბო ვიცი, კიდევ. მასაც თეთრი ვაშლი
აქვს მკერდზე. მოგიყვან იმ ხბოსაც და გამოუშვი, ნიკანდრო-ბატონო, ჩემი ამხანაგი,
ხაზავაო!
გავაგდე მამაძაღლი. ვაფრინე კაცი ფოთში, – ხბო აგერ მყავს-მეთქი, შევატყობინე სახნოვს
და ზარანდიას. სულ რომ არ ველოდი, მეორე დღესვე მობრძანდა პოლკოვნიკი სახნოვი.
გამიკვირდა და არ მომეწონა მისი მოსვლა; თუ მოვიმწყვდევდი თავლაში დათა
თუთაშხიას, მაშინ უნდა ჩამოსულიყო. შევბედე და ვუთხარი ეს. ქილია, ჭკუითო, ასე
მიპასუხა. პატარა კაცი ვიყავი და მართლა არ იყო ჩემი საქმე, პეტერბურგელი პოლკოვნიკი
როდის ჩამოვიდოდა და როდის წავიდოდა. გავჩუმდი და გავაგზავნე კაცი ზევით
სოფლებში...
ბეგლარ გვალია
– “ბოჩოლია” ხბოს დაარქვეს მაგათ და იმ ხბოს ამბავი თვითონ დათასგან ვიცი. მახსოვს
ყველაფერი. ათჯერ და მეტჯერ სხვისთვის მაქვს მოყოლილი და კარგად ჩამრჩა
მეხსიერებაში. ბოჩოლიას ამბავს ასე მიამბობდა დათა:
“აბრაგობა ისეთი საქმეა, ბეგლარ-ბატონო, ჭკუა თუ აქვს დაყოლილი კაცს, ეშმაკობას, რომ
არ უნდოდეს, აბრაგობაში ისწავლის მაინც. ჩემი მდევრები, მართალი გითხრა, სულელები
არიან და ჭკვიანურს რომ ვერ იგონებენ ვერაფერს, მიტომ ვერ მიჭერენ. სანამდე ყუბანში
გადავიდოდი, იქამდე ვისწავლე მათი ხრიკები. სულელი კაცების ხრიკები იყო ის ხრიკები.
იმიტომ ვისწავლე ადვილად, თვარა, ერთი ჭკვიანი ჩაერია საქმეში და მას მერე
რამდენჯერმე მოვტყუვდი პატარა ბიჭივით. იმ ერთის მეტი მაგათში არავინ არ ღირს
არაფრად. აბრაგებს კი არა, ინდაურებს უნდა დევდნენ მაგენი. ეს ერთი ვიღაცაა, მართლა
კაცია და ჩემი გაფუჭება მისი ხელით იქნება – ვიცი მე ეს. თუ გავიგე როდისმე, ვინაა ის
კაცი აღთქმა მაქვს დადებული: ძღვენი უნდა მივართვა, დიდი ძღვენი... კარგზე კარგი
ცხენი იქნება, ალბათ, ან სხვა რამ კიდევ: მასეთ კაცს დაფასება ჭირია, ასე მწამს მე.
ბოჩოლიას ამბავს გეტყვი ახლა. თუთაშხიების ჯოგი ყველამ იცის სამეგრელოში.
სამეგრელოში კი არა და, ნოვოროსიისკიდან ბათუმამდე იცოდა ყველამ; ნამატს საცოდავი
მამაჩემი ხან სად ყიდდა და ხან სად, ჯიში მომრავლდეს და ქვეყანას მოედოსო. მიტომ
იცოდნენ ყველგან. შავი ჯოგი გვყავდა და მარჯვენა ფერდზე თეთრი დიდი ვაშლი ქონდა
ყველას. ხარები გამოდიოდა ჩვენი ჯოგიდან მისთანა – უკეთესს ვერ იტყვის კაცი. გახედავ,
მოდის ხუთი წლის ხარი; ტანად კვარაცხელიების ორი ხარის ტოლია და მკლავის სიგრძე
რქების წვერები ერთმანეთს ორი მკლავით არის დაცილებული. ზოგი იტყვის, გამწევ ხარს
კისერი სქელი და მოკლე უნდა ქონდეს და თავი დახრილიო. მუხლი არ ექნება მაგარი,
მოკლე ფეხი თუ არ აქვს და წვივი სქელიო. არ არის მართალი ეს. ნამდვილ ხარს კისერი
სქელი კი უნდა, მაგრამ მოკლე თუ აქვს – უღელი გაუფუჭებს მალე. გრძელი კისერია კაი.
მაღალი ფეხი რომ აქვს, გრძელი ნაბიჯი იცის მაშინ. თავი ირემივით უნდა ქონდეს
მოღერებული. ხარი თავმომწონე და ამაყია კარგი. მეფესავით უნდა მოდიოდეს – დინჯად,
ლამაზად, და იცოდე მაშინ, ნამდვილი კაი ხარია. ერთია კიდევ – ძველმა კაცებმა იციან ეს,
ახლებმა არ იციან: ცისფერი და დიდი თვალები თუ აქვს – დღეგრძელი ხარია, სხვა ხარზე
მეტს ექვს, შვიდ წელიწადს იმუშავებს საცოდავმა მამაჩემმა იცოდა თქმა: ქართველები
ნოეს ჩამომავლები ვართ და ნოემ კიდობანში ხარი რომ ჩასვა და ორმოცი დღე წარღვნა
რომ იყო, ის ხარი ცის და წყლის მეტს ვერ ხედავდა ვერაფერს, თვალები გაუცისფერდა და
იმ ხარის ჯიშია ჩვენი ჯოგიო...”
აქამდე რომ იტყოდა დათა თავის ჯოგისას, გაჩერდებოდა, იფიქრებდა ერთხანს, მერე
ჩიბუხის დატენვას მოკიდებდა ხელს და დაიწყებდა ისევ:
“მამა რომ დაგვიტორეს და დაგვიგლიჯეს დათვებმა, ბუღიან-ნაშენიანად ექვსას ორმოცი
სული იყო ჩვენი ჯოგი. სანამდე გავიგეთ, ჩვენს თავზე რა უბედურება დატრიალებულიყო
და სანამდე ბიძაჩემმა მიცვალებულს ააკითხა, კაი ხანი გავიდა. მივიდა ბიძაჩემი მაგალი
ზარანდია მთაში, მოაგროვა მიფანტულ-მოფანტული და დაპარული ჯოგი. რას
მოაგროვებდა, ნეტარი კაცია, საწყალი; ქურდი, პატიოსანი და პირუტყვი ერთნაირად
ეცოდება ყველა. ხმამაღალ სიტყვას ვერ წამოაცდენინებს და ავს ვერ ათქმევინებს ვერაფერს
კაცი. დიაკვანია დღესაც, მაგრამ მის სიცოცხლეში კაპიკი არ იცის მრევლის. ასეთი
ადამიანი რას მოაგროვებდა, მოუყარა თავი რაღაც სამას თუ სამას ორმოცდაათ სულს.
შავდიებს მიცა სამეოთხედოდ. მეოთხედი ჩვენი და სამი მეოთხედი მათი უნდა
ყოფილიყო ნამატი. ბავშვი ვიყავი მაშინ. დედა რომ კაი ხნის მიცვალებული გვყავდა და მე
და ჩემს დას, ელეს, მამიდაჩემი თამარი და მისი ქმარი მაგალი ზარანდია რომ
გვზრდიდნენ თავის საკუთარ შვილებთან ერთად და თავის საკუთარ შვილებზე უკეთ –
იცი შენ ეს. მაშინ რას გავხდებოდი, მაგრამ შევსრულდი ჩვიდმეტი წლის და მივაკითხე
ჩემს ჯოგს. ჩამაბარეს შავდიებმა იმდენი სული, რამდენიც ბიძაჩემისგან ჩაიბარეს, მაგრამ
ხბო, მოზვერი და დეკეული იყო მთელი ჯოგი; ხარი და ძროხა თავის წილად წაიყვანეს
შავდიებმა. რას ვიზამდი. მივყევი საქმეს, კარგად მოვაშენე ისევ, მაგრამ მიწია აბრაგობამ
და დარჩა ჯოგი უპატრონოდ. ელე, ჩემი და, მთლად ბავშვი და გამოუცდელი იყო მაშინ.
სანამდე საქართველოში ვტრიალებდი, რა უჭირდა საქონელს, – ძოვდა, მრავლდებოდა და
ისევ სამეოთხედოდ ყავდათ ხაცაციებს. აქ რომ ვეგულებოდი, უვლიდნენ კარგად,
პატრონის მეოთხედსაც პატიოსნად უხდიდნენ ელეს. გადავიკარგე მერე. ოთხი წელიწადი
არ გავკარებივარ ჩვენს მიწა-წყალს. ხაცაციებმა იფიქრეს, – მოკლეს სადმე დათა
თუთაშხიაო. ხომ იცი კაცის ამბავი – ხარბი ვართ და გაუმაძღარი; წასძლიათ სულმა,
გამიფლანგეს საქონელი. რომ დავბრუნდი, სადღა იყო ჯოგი! ყავდა ელეს ბოსელში ერთი
სპილოსავით ბუღა და ერთადერთი ძროხა საწველად, ეს იყო და ეს. გამოჩენა იყო ჩემი –
მომიგზავნეს ხაცაციებმა შუაკაცები. იფიცეს, იტირეს, – ჭირი გაუჩნდა ჯოგს, გაგვიწყდა და
რა ვქნათ აწიო. ვიცოდი ხალხისგან, არაფერი ჭირი არ გასჩენია საქონელს და
ახალქალაქელ მალაკნებს რომ მიყიდეს ხაცაციებმა ჩემი ჯოგი, მაგრამ არ მეცალა ამ
საქმეზე გასადევნებლად. გამოვართვი ხაცაციებს ათასი თუმანი და მივანებე თავი. ასე იყო
ეს”...
ამ ადგილზეც გაჩერება იცოდა დათამ. გაიღიმებდა პატარას...
როგორ გაიღიმებდა, თუ იცი? კაცს უწინ ჩადენილ სათაკილო საქციელის მოგონებაზე
ღიმილი რომ წვევია, გინახავს, ალბათ, ასე იცოდა გაღიმება დათამაც და მერე იტყოდა
დანარჩენს:
“ჩემმა მამიდაშვილმა, მუშნი ზარანდიამ, პატიების ქაღალდი რომ გამომიწყო
მეფისნაცვლისგან, ავიღე ხელი აბრაგობაზე, მოვედი ჩემს სახლში. ერთი თვის მერე იმ
დღეის სწორს მოიგო საფურე ხბო ძროხამ – ულამაზესს რომ ვერ ნახავდი, ისეთი ხბო. ელე
სიხარულით აღარ იყო; მშვიდობის, სიკეთის და გახარების ნიშანი მოგვცა ღმერთმა,
საფურე ხბო რომ მოიგო ძროხამო. ისევ მოგვიშენდება ჯოგი და ისევ მამა-პაპის მადლი და
დოვლათი დაგვიტრიალდება ოჯახშიო. მარტვილში წავიდა, წირვა გამოაყვანინა,
სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა, ათი თუმანი შეწირა მონასტერს. დაბრუნდა იქედან
და სანამდე კარგად არ გაზაფხულდა, ლოგინში არ იწვენდა იმ ხბოს, თვარა სხვაფრად,
თბილ ოთახში ყოფნა და დიდი პატივი არ დაუკლია. ბოჩოლია დაარქვა სახელად. დედა
არ გამიგონია და არ მინახავს შვილის მომვლელი, ელე რომ იმ ხბოს უვლიდა. ქალია,
ვფიქრობდი მე, და შვილებისთვის რომ განგებამ წუხილის და ამაგის ღონე მიცა, შვილები
არ ყავს და ამ ხბოზე გამოიღო ყველაფერი-მეთქი.
უკაცო ოჯახის ამბავი მოგეხსენება და მივყევი სამუშაოს. იქეთ სახნავი, აქით საბარავი.
ეგერ ღობე, ეგერ ჭიშკარი, ბაღი, ვენახი... საქმეს რა გამოლევს ოჯახში! მარტოკაცი ვიყავი,
მაგრამ ჯაფა ყველაფერს ერევა და კარგად გავართვი თავი საქმეს. ისე ჩანდა, რომ
შემოდგომაზე ჭირნახული სამი და ოთხი ოჯახის საკმარი უნდა მომსვლოდა. არ
დავდიოდი არსად, დღეობები, ქორწილები, ნათლობები და ასეთები არ იყო ჩემთვის, ვერ
ვეგუებოდი ხალხს”.
მართლა არ დადიოდა დათა არსად. კაცმა რომ თქვას, მიზეზიც ქონდა ამის: დათა
თუთაშხია დაბადებით ისეთი კაცი იყო მას რომ ესმოდა, იმ სიმართლის გულისთვის
ხიფათს არ დაერიდებოდა და თავს არ დაიზოგავდა. მიტომ იყო, ხალხს რომ უყვარდა,
მაგრამ ერთ დღეს შეუქცია ზურგი ყველაფერს: გული მოუვიდა, ყველა ძე-ხორციელი
ჩემისთანა და ჩემზე უკეთესი რატომ არ არისო! მისი მამობილი მაგალი არანდია და
თვითონ დათა თუთაშხია რომ იყვნენ, ყველა კაცი ისეთი თუ იქნა, რა უჭირს მაშინ მაღლა
ღმერთს და ძირს ერს! არ გამოდის ასე. გასაბრაზებელი და გასადგომი რა ქონდა დათა
თუთაშხიას, არ ვიცი მე. თავისი დღე და მოსწრება არამკითხესავით ეჩრებოდა ყველას
საქმეში. მტერიც ბევრი გაიჩინა ამით. მართალია, ის მტრები ცუდი და გლახა კაცები
იყვნენ, მაგრამ უარესია ეს – კარგი კაცის მტრობის იმდენი ნუ შეგეშინდება, ცუდი კაცის
მტრობის გეშინოდეს უფრო. აიყარა ხალხზე და მის გასაჭირზე გული დათამ;
სამურზაყანოსკენ მიმავალი კაცი ფოთისკენ რომ შებრუნდეს, ისე შებრუნდა დათაც.
სანამდე მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია მთავრობასთან შეარიგებდა, კაი ხანს
როგორი იყო დათა თუთაშხია, თუ იცი?.. მართალია, თვითონ არავის და არაფერს არ
დაუშავებდა, მაგრამ მის გვერდით წმიდა გიორგისთვის ყელი რომ გამოეჭრათ, თითს არ
გაანძრევდა არასგზით. ეს ქვეყანა ისეა დაწესებული, რომ შენ თუ არ გინდივარ, არც მე
მინდიხარ მაშინ! ნახა ხალხმა, დათა თუთაშხიამ ფეხებზე რომ დაიკიდა ყველა
უსამართლობა და ადამიანის გასაჭირი. მაშინ თვითონ ხალხმაც აიყარა გული დათაზე.
ვინც ერთგული და ჭირში ხელის შემწყობი კაცები ყავდა, შემოეფანტა და შემოეკარგა
ყველა. ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდა და გააფთრდა დათა, მაგრამ რას იზამდა, როცა არ
ესმოდა, თვითონ რომ იყო დამნაშავე. ამას დაემატა კიდევ: ის პატაშიძეები ქილიები და
მისთანები, უჭკუო კაცები იყვნენ ყველა, მაგრამ მაინც მიხვდნენ, აბრაგის სიმაგრე რაშია,
და დაიწყეს თავისი კაცების პირით დათა თუთაშხიაზე ათასი უბედური და პილწი ხმების
დაყრა. ხალხმა დაიჯერა ყველაფერი. დაიჯერა კი არა, ჭორს ჭორი დაუმატა და ისეთი
ამბები შეთხზა, დათა თუთაშხიას მის სიცოცხლეში გულში და გონებაში რომ არ ქონია. ეს
მიტომ გააკეთა მთავრობამ, რომ ხალხი დაკარგოდა დათა თუთაშხიას საბოლოოდ და ისევ
გააბრაგებაზე აღარ ეფიქრა. მიტომ იყო, რომ არ დაიარებოდა არსად და სამუშაოს რომ
აკვდებოდა ზედ... რა ადგილზე გავჩერდი, რას ლაპარაკობდა დათა?..
“სექტემბრის ბოლოა, ასე, რვა თვე სრულდება, შერიგებული რომ ვარ მთავრობასთან.
დაბრუნდა სოფლის ნახირი და არ მოვიდა ეზოში ჩვენი ბოჩოლია. გაიქცა ელე, – სადმე
შერჩებოდა ღობისძირა ბალახსო. ვერ იპოვნა, წავედი მე. ვნახე მენახირეები, ვკითხე ხბო.
წყალზე რომ წავიყვანეთ ამ დილას ნახირი, მაშინვე აღარ იყო თქვენი ხბო და ვიფიქრეთ,
სოფელში თუ დაბრუნდაო.
ვიცი, სამზადში თმებჩამოშლილი ზის ჩემი ელე და მოთქვამს თავის ბოჩოლიას. საწყალმა,
დედაჩვენი ვერ იტირა – ახალი მიტოვებული ქონდა ძუძუ; მამაჩვენი ვერ იტირა –შვიდი
წლის იყო. ქალი უტირლად ვერ იქნება და არ გაჩერდება! არ შეიძლება ვიფიქრე, ჩემი
ხელცარიელი დაბრუნება. კაი ხუთი, ექვსი ვერსის სიშორეს არ დამიტოვებია ხევი, ტყე და
ბუჩქნარი. მთვარიანი ღამე იყო, ღამითაც ვეძებე; არაფერი! მივბრუნდი შინ; ელეს, არც
ჭადი დაუცხვია, არც ძროხა მოუწველავს – ტირის, იპოტნის ლოყებს და იგლეჯს თმებს.
– რას შვრები, შე ქალო! – გავჯავრდი მე. – ჯოგი დავკარგეთ, იმაზე არ დაგიწევია ასეთი
ამბავი. ხბოა ერთი – სხვა ხომ არაფერი... უეჭველად მოპარული ან ნადირის შეჭმული
რატომ გგონია, მაინც? წავალ დილით ადრე და მოგიყვან შენს ბოჩოლიას!
ვერ გავხდი ვერაფერს, არ იქნა ელეს დამშვიდება და დაწყნარება. შეიკეტა კარი თავის
ოთახში; დილამდე წმიდა გიორგის ხატის წინ იდგა მუხლებზე დამხობილი და ტიროდა
სულ. მომკლა მისმა ცოდვამ და რა დამაძინებდა. მზე კაი ამოწვერილი იყო უკვე და ელე
თავისას ამბობდა ისევ:
– ილორიში წმინდა გიორგი, დიდ ღორონთი, სქან სახელი ხვამელი, ღორონთ თუთაშხა,
სქან სახელი ხვამელი, ქოურგებე სქან ტიბინი ჩქიმ დათას, დო გინომტე გაჭირვებაში,
ღორონთ თუთაშხა!.. – და ასეთები სულ.
ჩავიცვი ტანზე, ჩავიდე გუდაში საგზალი, მოვეფერე ელეს, – ნახავ, თუ არ მოგიყვან
ილორის წმინდა გიორგის და თუთაშხა ღმერთისგან ნიშნად გამოგზავნილ ბოჩოლიას-
მეთქი, და წავედი. გეტყვი სიმართლეს, იმედიანად წავედი, შუადღემდის ვაპირებდი
პოვნას და მოყვანას, მაგრამ დაღამდა და მაინც ვერ მოვნახე.
აღარ გავაგრძელებ დიდად – მოპარული იყო ხბო. ექვსი, შვიდი თვის საქონელს ბოჩოლა
და ხბო აღარ ქვია, დეკეულად შეიძლება, ჩაითვალოს უკვე. ამხელას კი დაფატრავს
ნადირი, მაგრამ ზურგზე წამოგდებას და შორს წაღებას – უკაცრავად ვარ, ვერ მოერევა. კაი
ღონიერი მგელი, თვალს რომ მიაფაროს, ისეთ მანძილზე გაათრევს წვალებით. გაათრევს,
დაუწყებს ჭამას, გაძღება. მერე ან დაფლავს, ან მიატოვებს ისე. იმდენ ძებნაში
დამარცხებული საქონლის კვალი რომ ვერ ვნახე – მოპარული იყო და მორჩა ეს. არა,
მოპარვა ვინ გამიბედა, ნეტავი ვის ქონდა რკინის გული და ორი თავი! რასაც ხალხი ჩემზე
ლაპარაკობს, იმის გამკეთებელი არ ვარ; არც ვაჟკაცობა მქონია იმდენი და არც გლახა
კაცობა, სხვა საქმეა ეს, მაგრამ, რაც სახელი მქონდა, რაც ხალხს ვეგონე, ვეღარ უნდა
გაებედა ვინმეს ჩემი საქონლის მოპარვა...
ელე თავის ოთახში ლოცულობდა და ტიროდა. იქით, ჩემს ოთახში, მე ვფიქრობდი, ლამის
გამისკდა თავი და გადმომეღვარა ტვინი: სანაშენოდ თუ მოიპარა ვინმემ? გამოყოფდა
როდისმე თავს თუთაშხიების ჯიშის საქონელი, იცოდა, მომპარავმა ეს და ვერ გაბედავდა.
კაი და, იმ ჯიშის ბუღაც ხომ იყო საშოვნელი – ჩვენსას უნდა მოეყვანა თავისი ძროხა იმ
კაცს. არ გამოდიოდა ასე. ისეთმა ბაცაცამ თუ მოიპარა რომელიმემ, რომ არ იცოდა, ჩემი
თუ იყო?.. მაგრამ მოპარულ ბოჩოლიას გზა-გზა ვერ ატარებდა, უგზოზე უნდა წაეყვანა.
საით და როგორ წაიყვანა იმ ოხერმა, კვალი რომ ვერ ვნახე ვერსად! დავანებოთ თავი ამას.
სოფლის თავში ერთი პატარა საყანე მქონდა, ღომი იცოდა კარგი იმ მიწამ და დავთესეთ
ღომი. იქ ვართ მე და ელე, დავყურებთ მოსავალს, აღება როდის უნდა, ამას ვლაპარაკობთ.
ორი დღეა მას მერე, რაც ჩვენი ბოჩოლია მოიპარეს. ჩამოიარეს ამ დროს ტყიდან ქალებმა,
ფიჩხი აქვთ მხარზე გადებული.
– დილა მშვიდობისა, დათა-ბატონო!
– მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა!
– ბოქაულმა აქით სოფლები რომ კაცი გამოგზავნა, რაც თქვა იმ კაცმა, იცით, ალბათ?
– რა თქვა იმ კაცმა? – დამასწრო ელემ.
– რა თქვა და, პოლიციას ნაპარავი ბოჩოლა წაურთმევია ქურდისთვის თურმე; ამ
სოფლებში ვინმეს თუ დაეკარგა, მოვიდეს, გამოიცნოს და მისი თუა – წაიყვანოსო.
– რა თქვა ბოქაულის კაცმა, რა ფერის და რამხელა არის ქურდისთვის წართმეული
ბოჩოლაო? – კითხა ისევ ელემ.
რას არ იტყვის ქალი!
– არ უთქვამს, ელე, მაგ... – უთხრა მეზობლის ქალმა და კაი ხანი იკაკანეს, იტყოდა თუ არ
იტყოდა ბოქაულის კაცი მონაპარი ხბოს ნიშნებს.
წავიდნენ ფიჩხიანი ქალები და აიკვიატა ელემ:
– ჩვენი ბოჩოლია იქნება, ნამდვილად!
წამოვედით შინისკენ. რა უნდა, ვფიქრობდი მე, ჩვენს ბოჩოლიას პოლიციაში? არ
მომასვენა ამ ფიქრმა. რაც მეტი ვიფიქრე, უფრო დავრწმუნდი, რომ ეშმაკობა და
მამაძაღლობა არაფერი არ იყო ამაში; ჩემს მისატყუებლად და დასაჭერად თუ მოიპარეს
ბოჩოლია?.. დაჭერა თუ უნდათ ჩემი, მოვლენ და დამიჭერენ. სტრაჟა აკლიათ, სალდათები
თუ კაზაკი ყავთ ცოტა?! მეფისნაცვლის მოცემული პატიების ქაღალდი აგე მაქვს. ჯერ
კავკასიის განმგებელი არ გადავა სიტყვას და მერე გენერალი სეგედი არ გამიკეთებს ასეთ
საქმეს. ათასნაირად გავზომე და ავწონე ყველაფერი. საეჭვო ვერ ვნახე რამე, მაგრამ კაცი
ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, – ხომ შეიძლებოდა, რამენაირად ისე ყოფილიყო საქმე, მე
რომ ვერ ვხვდებოდი! ასე გადავწყვიტე: ჩემს ბოჩოლიას პოლიციაში არ ესაქმება არაფერი,
სხვისი საქონელია ის საქონელი და ნამდვილად ჩემიც თუა, მაინც არ წავალ არასგზით!
ვერც წამიყვანდა ვერაფერი ძალა, სანამდე ვაჟკაცი ვიყავი, მაგრამ ქალი რომ შემოგიჩნდება
და ისიც შენი საკუთარი და, მთელი სიცოცხლე შენზე ლოცვას რომ გადაყვა და შენი
გულისთვის დაღვრილ ცრემლს ჭურებში რომ ვერ ჩატევს – აღარ ხარ მერე ვაჟკაცი,
ნამდვილია ეს. შემომიჩნდა ელე მაგრამ როგორ შემომიჩნდა! – წადი და წადი, მომკალი
თუ გინდა, ჩვენი ბოჩოლიაა პოლიციაში, ვიცი მეო. მისი დაკარგვა ოჯახის ხელახლა
დანგრევა იქნება, უეჭველია ესო. ასეთი ჯიშის არის, ისეთი მეწველი დადგება, ჯოგის
დედაა და სხვა მისთანები გაუთავებლად. რას არ შევპირდი: არ მომწონს მაინც ჩვენი
ჯოგის საქონელი. გადაჯიშდა უკვე, სხვა გავიჩინოთ, ის აჯობებს, ათს ერთად ვიყიდი კაი
ჯიშის ბოჩოლებს-მეთქი. ეს რომ არასგზით არ ქნა, მაშინ ახალქალაქში გადასვლას და
ხაცაციებისგან გაყიდული ჩვენი ჯოგის ნაშენის გადმოყვანას შევპირდი. არც ეს ქნა, – ჩემი
ბოჩოლია მინდა და არ გამაგონო არაფერიო! წავიკიდეთ ამაზე, აღარ გავეცით იმ საღამოს
ერთმანეთს ხმა. ავდექი დილით – სად არის ჩემი ელე! მოვიკითხე მეზობლებში;
ბოჩოლიას მოსაყვანად წავიდა ამ დილასო, მითხრეს. ერთი კი გამიელვა, არაფერი უჭირს,
იაროს ორმოცი ვერსი იქით და ორმოცი ვერსი აქეთ-მეთქი. ჭკუის სასწავლებლად კაი იყო,
მაგრამ შემეცოდა ქალი. შევკაზმე ცხენი, კაი შორს წასულს დავეწიე, დიდი ხვეწნით და
მუდარით დავაბრუნე და წავედი მაზრაში თვითონ. მიხაროდა, საწყალ ელეს რომ არ
მოუხდა იმ გლახა კაცებში სიარული, ბოჩოლიას ძებნა და გამოცნობა. გზა-გზა არაფერ
ხიფათზე არ მიფიქრია. ცხენი კარგი მყავდა. მაზრის პოლიციას რომ მივადექი საღამო სად
იყო ჯერ! ჩამოვხტი, მივაბი ცხენი ხეზე, შევედი ეზოში. დიდი ეზო აქვს იმ პოლიციას,
ოთხივე მხრიდან ღობე და შენობებია შემორტყმული. პოლიცმეისტერის კაბინეტი მეორე
სართულზე იყო. მივედი აივანთან და დავიძახე:
– ნიკანდრო ქილია, გამოდი ერთ წუთს, საქმე მაქვს შენთან!
გადმოდგა მოაჯირზე პოლიცმეისტერი ნიკანდრო ქილია:
– გამარჯობა შენი დათა თუთაშხია! რა გაგჭირვებია ასეთი, ამსიშორეს რომ მომაკითხე,
ხომ არ დაგჩაგრა და დაგჯაბნა ვინმემ? – იცინოდა მამაძაღლი.
– გაგიმარჯოს, ნიკანდრო... ამბობენ, ნაპარავი ბოჩოლა გყავთ აქ და ჩემი ხომ არ არის ამის
გასაგებად მოვედი!
კინაღამ მოკვდა სიცილით ქილია, სამეგრელოში შენ მოგპარეს რამეო?!
– მომპარეს! – გავიცინე მეც.
დაშოშმინდა ქილია და მკითხა:
– როდის მოგპარეს?
– მეოთხე დღეა დღეს.
– გაბისონია, მოდი აქ!.. როდის წავართვით ის ხბო?
გამოეშტრინგა გაბისონია თავის უფროსს და, მესამე დღეა დღესო, უთხრა.
– რა ფერის არის შენი ბოჩოლა?
– ნიკანდრო ქილია, ეშმაკობ რაღაცას! ის ხბო ნანახი გყავს, გატყობ. ნანახი რომ გყავს, მაშინ
ისიც კარგად იცი, ვისი ჯოგის ნაშენია. დაგავიწყდა, თუთაშხიების საქონელი შავი რომ
არის და თეთრი დიდი ვაშლი რომ აქვს მარჯვენა ფერდზე?.. მეშვიდე თვეშია ჩემი ხბო,
თვალები ცისფერი აქვს.
– შე კაცო, ნანახი რომ მყავს, მიტომ გეკითხები სწორედ, – თქვა ქილიამ და გაბისონიას
უთხრა: – ამისია მაგ ხბო, ასე მგონია მე, რას იტყვი შენ?
– დათა-ბატონმა რომ ბრძანა, ისეთია ის ხბო! – დაუდასტურა გაბისონიამ.
– კაი, აბა, დათა-ბატონო. მიდი მაგერ, თავლის კუთხეშია დაბმული და თუა შენი –
წაიყვანე. საკვები არ მოკლებია აქ შენს ხბოს და სასმელი. გალახული თუ იქნას,
მომპარავის ბრალია. სად და როგორ ატარა – ვინ იცის. მშვიდობით და ჭკუით იყავი, აბა!
მოვათვალიერე იქაურობა. საეჭვო ვერ ვნახე ვერაფერი. ჩაფარი თვლემდა საკუჭნაოსთან
და მეჯინიბე დაბორიალობდა ეზოში. შევაღე თავლის კარი. ჩვენი ბოჩოლია იყო
ნამდვილად. მიცნო საცოდავმა და დაიბღავლა. ცხენის მოსართავით ყავდათ დაბმული.
მივედი, მოვეხვიე ყელზე. სინდისს ვფიცავ, ცრემლით აევსო ცისფერი თვალები
ბოჩოლიას. ავხსენი თასმა, თოკი არ მქონდა წამოღებული. რა ვიცოდი, მართლა თუ
ვიპოვიდი ბოჩოლიას. ესეც არ იყოს, აღელვებული ვიყავი დილით და თოკის დარდი არ
მქონდა. შემოვიხსენი ქამარი, მოვაბი ბოჩოლიას ყელზე და წავედი კარისკენ, სულ
კუნტრუშით და ფრუტუნით მომყვებოდა. მივაწექი კარს, არ გაიღო. კიდევ მივაწექი, არც
ახლა გაიღო და მივხვდი, დაკეტილი რომ იყო. გული მომივიდა, მხარი მივარტყი, მაგრამ
გარედან უშველებელი ურდული ქონდა და კარიც სქელი და მაგარი იყო.
– რაო, დათა თუთაშხია, არ იღება მაგ ოხერი, ხომ? – გავიგონე ვიღაც მყრალი კაძახის ხმა. –
არაფერია, მოითმინე ერთხანს.
– გააღე ახლავე, შე ცინგლიანო, ვიღაც ტუტუცი ხარ მანდ!.. სახუმროდ არ ვარ მოსული მე!
– არავინ არ გეხუმრება, დათა თუთაშხია, რომ იცოდე შენ, – გასიებული ცხვირპირი
შემოყო სარკმელში ნიკანდრო ქილიამ. – დაკავებული ხარ და დაწყნარდი ახლა!
– აგერ მაქვს მეფისნაცვალის ქაღალდი, შე ციგანო მამაძაღლო და, მუშნი ზარანდია ცალკე
მოგივლის კიდევ!
– მუშნი ზარანდია ახლა პროკლამაციებს დადევს და შორსაა აქიდან. მეფისნაცვლის
ქაღალდს დააფურთხე, მიიწეპე გავაზე და გქონდეს იქ. თბილისში ახალი მეფისნაცვალი
რომ დაჯდა და სხვის გაცემულ ქაღალდებზე პასუხს რომ არ აგებს, არ იცი, ალბათ, შენ.
– ნამუსი მამაშენეს არ ქონია, პაპაშენს, შენს გვარში წარღვნას აქით არავის და შენ ვინ
მოგაოხრებდა, შე საცოდავო, შენ! – დავუყვირე ქილიას.
– ამ საჯინიბოდან რვა ცხენი რომ წაიყვანე, დათა თუთაშხია, იქედან ექვსი იყო ხაზინის და
ორი – ჩემი საკუთარი. შენი რჯულის, მიწა-წყლის და სისხლის კაცს ცხენებს რომ პარავდი,
ვისი ნამუსით იყო ის? მამაშენის, პაპაშენის და წარღვნის მერე შენი წინაპრების ნამუსით
იყო, ხომ?
– ასე ტუტუცებს სად გპოულობენ, თქვე უბედურებო, თქვენ! პატაშიძე და შენ ღვიძლი
ძმები და ერთნაირი სულელები ხართ, სახარებაზე დავიფიცებ ამას. რას არის, რომ ყბედობ,
ნეტავი! – ელაპარაკე ახლა ამ რეგვენს, მე რომ არ წამიყვანია ის ცხენები.
თითმერიამ გამოიყვანა და მაჩუქა. იცოდა, კაჯაია ბულავას ვალი რომ მქონდა
გადასახდელი – ფოთში მევახშე იყო ერთი. მოკვდა კაი ხანია. გაყიდვით, მართალია ეს, მე
გავყიდე.
პატარა ხანს მერე გააღეს კარი და შემოვიდნენ ფეხაკრეფით. რვანი იყვნენ, მაუზრები
ჰქონდათ ყველას. მარტო კაცი ვიყავი, ჩემი ბოჩოლიას კისერზე გამობმული ქამრის მეტი
არ მქონდა ხელში არაფერი, მაგრამ ერთი რომ დამეფხუკუნებია, ნახევარს გული
წაუვიდოდა შიშით, ნამდვილად ვიცი ეს, მიქნია სხვა დროს.
– აწიე ხელები მაღლა! – დამიყვირა კარში გაკვეტებულმა ქილიამ.
– ხელებს კი არადა, ფეხებსაც აგიწევ კიდევ! მოიტანეთ მაგ ბორკილი, დამადეთ და
გაათავეთ მაიმუნობა დროზე. ჩქარა ქენით აწი!
ბავშვებივით დაფაცურდნენ, სირბილით მოიტანეს ბორკილი, დამადვეს და გაიკეტეს
კარი.
ღამემდე საჯინიბოში ვყავდი. დაღამდა, გამიყვანეს ჩუმად. ხმაურს რომ ძალიან
ერიდებოდნენ, ისე ამიყვანეს ნიკანდრო ქილიას კაბინეტში. სანამდე კიბეებს ავივლიდი,
იქამდე მივხვდი, ჩემი დაჭერის და იქ ყოფნის ამბავს რომ მალავდნენ და არავისთვის
გაგებინება რომ არ უნდოდათ. იმასაც მივხვდი, რომ ქილიასთანა ტუტუცის მოგონილი არ
იყო ბოჩოლიას ხრიკი და რაღაც დიდი ეშმაკობა რომ ტრიალებდა ჩემს თავს, მაგრამ ისიც
მაშინვე მითხრა გულმა, მათი ხელიდან დაძვრომას რომ მოვახერხებდი. მოხერხდა, თუ
გახსოვს, კარგად მოხერხდა, ბოჩოლიაც რომ წამოვიყვანე, ისე. ასე იყო ეს ამბავი და
დღემდე არ ვიცი, ვის მოაპარვინეს ჩემი ბოჩოლია”.
პოლიციაში რა მოხდა, როგორ შეძლო იქედან წამოსვლა – ამაზე არ უყვარდა დათას
ლაპარაკი. რამდენი წელიწადი იაბრაგა კიდევ, არ მახსოვს ახლა. ამ მეორე აბრაგობაში
მიამბო დათამ ბოჩოლიას ამბავი პირველად და მერეც ვაამბობინე ორჯერ თუ სამჯერ.
ნიკანდრო ქილია
რომ შეღამდა, მოვიდა პოლკოვნიკი სახნოვი ჩემს დაწესებულებაში. ჩემი კაბინეტი ორი
ოთახისგან შედგებოდა. კარი აერთებდა ოთახებს. გავიდა უკანა ოთახში, ჩაჯდა ჩემს
სავარძელში და მიბრძანა:
– ქილია, ამოიყვანეთ თუთაშხია! კარგად მოამზადეთ გამოვალ, როცა საჭირო იქნება!
დიდი ჭკუა და გამჭრიახობა არ ჭიროდა იმის მიხვედრას, რა დღეშიც ჩავვარდი; რომ
გაფუჭებულიყო საქმე, პოლკოვნიკი წაბრძანდებოდა თავის პეტერბურგში და აქ მე
გამაძრობდნენ ტყავს, შენი ბრალია ყველაფერიო! მეორე. კარგადაც გამოსვლოდა საქმე
სახნოვს – საქებარს და წარმატებას ერთ ციცქნას მეც გადმომიგდებდა, ალბათ, მარა
უმთავრესს თავისთვის დაიტოვებდა და ზარანდია დარჩებოდა ხახამშრალი. მართალია,
არ იყო მუშნი სახელის მაძიებელი კაცი, მარა მაინც უკმაყოფილო იქნებოდა ჩემით – ესეც
ხომ მართალია?! რა მექნა, პატარა კაცი ვიყავი და, რასაც მიბრძანებდა სახნოვი – უნდა
შემესრულებინა, აბა რა. მესამე ამბავიც იყო კიდევ: დათა თუთაშხიას იმ დროისთვის
გიმნაზიაში შესვლა კაი დაგვიანებული ქონდა და, კარგად მოამზადეთო, პოლკოვნიკმა
რომ მიბრძანა, რისთვის და როგორ უნდა მომემზადებინა, სანამ არ ვკითხე, ვერ მივხვდი
ვერასგზით.
– თხუთმეტი როზგი!
– რისთვის, ბატონო პოლკოვნიკო? – ამაზე ხარხარი აუტყდა პოლკოვნიკს მისთანა, რომ
კედლები აზანზარდა ოთხივე.
სისულელე იყო ამის თქმა, წამომცდა და რას ვიზამდი აწი. მიტომ წამომცდა, რომ დათა
თუთაშხია თუ წაგვივიდოდა ხელიდან რამენაირად, სახნოვს იქნებ ვერ დაწეოდა, მარა
თხუთმეტ როზგს ჩემს შვილებს და მე არ გვაპატიებდა არასგზით.
აღარ დავლოდებივარ პასუხს, გავედი ოთახიდან, გავაგზავნე ხალხი თუთაშხიას
ამოსაყვანად.
თხუთმეტი როზგი! კი ბატონო, მარა ჩემი ხალხის ამბავი რომ ვიცოდი – რომელი შეაბამს
ეჟვანსო, ნათქვამია და ისე მქონდა საქმე. მანგია მყავდა ერთი, მისთანა სულელს კაცს ვერ
ნახავდი ამ ქვეყანაზე. მასაც კი ესმოდა, დათა თუთაშხიასთვის დარტყმული თითო როზგი
თითო სიკვდილად რომ ფასობდა იმ დროში.
მოიყვანეს თუთაშხია. დგას და მიყურებს. გაუგებ, რას ფიქრობს და რას აპირებს,
მამაძაღლი?
– დააწვინეთ! – ვუბრძანე ჩემს კაცებს.
ხუთნი იყვნენ. ეტაკნენ თუთაშხიას. თითო წიხლი კამფეტებივით ჩამოურიგა ხუთივეს.
ზოგს სად მოხვდა, ზოგს – სად და გაჩერდნენ ჩემი კაცები.
– დააწვინეთ! – ნამეტანი გავბრაზდი.
– ახლოს არ მოხვიდეთ არც ერთი! – თქვა თუთაშხიამ, როზგებს შეხედა, დაწვა იატაკზე
გულდაღმა და ჩემს კაცებს უთხრა: – შენ საბაღუა ხარ, შენ – ტოლუა, შენ – მანგია, შენ –
ჩილორია, შენ – გაბისონია...
– დაკარით!.. სამ-სამი დაარტყით თითომ, თხუთმეტი რომ გამოვიდეს სულ!
დაუწყეს ცემა. არც ერთი არ ურტყამდა გულიანად: ხელს მაგრად იქნევდნენ – იცოცხლე,
როზგს ჰაერში ზუზუნი გაქონდა, მარა მოხვედრით, ერთი არ მოხვედრია, საჭირო რომ
იყო, ისეთი. იწვა აბრაგი, შემომყურებდა თვალებში, არ ძრავდა ხმას და კრინტს.
ასე, თორმეტი ექნებოდა დარტყმული, რომ შემოაღო კარი პოლკოვნიკმა სახნოვმა და
მისთანა ყვირილი და ვაი-უბედურება დაგვაწია, კაცი იფიქრებდა, თუთაშხიას წილი
საყვირალი და სალანძღავი ამან იკისრაო:
– რას შვრებით! შეწყვიტეთ ეს ჯალათობა!.. ვინ მოგცათ უფლება! რა დააშავა მაგ კაცმა!..
იდიოტებო! დამიხედეთ, ერთი, ამ ნაძირალებს, ამათ?! გაეთრიეთ აქედან! ქილია, გაყარე
ეს გარეწრები გარეთ! ადგილზე დავხვრეტ ხუთივეს!..
მივხვდი, რასაც ნიშნავდა ეს წარმოდგენა, პირველი არ იყო, მარა ჩემმა ხალხმა
სიმართლედ მიიჩნია და პოლკოვნიკი თავისი ალიაქოთის ნახევარზეც არ იყო მისული
ჯერ, რომ დაყარეს როზგები და ფუცხუნ-ფუცხუნით გაცვივდნენ გარეთ.
– ადექით! – ისეთი ხმით უთხრა პოლკოვნიკმა, რომ ბოდიშის მოხდას ნიშნავდა,
პირდაპირ.
ადგა თუთაშხია.
– აჰყარეთ ბორკილი! – მე მითხრა ეს.
– მანგია შემოდი!
შემოვიდა მანგია. ვანიშნე, აჰყარა თუთაშხიას ბორკილი, წაიღო თან და წავიდა.
– აქეთ ოთახში შემოდით, ბატონო თუთაშხია, – შეიპატიჟა პოლკოვნიკმა აბრაგი და ერთი
დაიყვირა კიდევ: – ვინ დაგავალათ როზგები... რისთვის შეურაცხჰყავით ადამიანი!
ისე გამოდიოდა, ვითომ მე ჩემი ნებით ვაცემინე დათა თუთაშხია... მარა არ იყო თუთაშხია
სახნოვის ჭკუის კაცი და მშვენივრად მიხვდა ყველაფერს – შევატყე.
შევედით უკანა ოთახში, დავსხედით ჩვენს ადგილზე, შევავსე დაკითხვის ოქმი. შევყურებ
პოლკოვნიკს, აწი რას იზამს ან რას იტყვის-მეთქი.
– რა კავშირი გაქვთ ჭანტურიებთან? – კითხა ჩემმა უფროსმა თუთაშხიას.
ჭანტურიები აბრაგები იყვნენ – ორი ძმები.
– რომლებია მაგ ჭანტურიები?
– ყაჩაღები.
– არ ვიცნობ მე მათ.
– იცნობთ. მიპასუხეთ, რა კავშირი გაქვთ მათთან! – დაიჟინა პოლკოვნიკმა.
– არ ვიცნობ მე მათ! – არც თუთაშხია იყო სახნოვზე ნაკლები ჯიუტი და ოხერი.
მოდგნენ და ნახევარი საათი სულ ერთი და იგივე ილაპარაკეს:
“იცნობთ!” “არ ვიცნობ მე მათ!” რამდენჯერაც თქვეს, იმდენჯერ ჩავწერე. რა მექნა, აბა?
რომ ვერ გახდა პოლკოვნიკი ვერაფერს, გაჩუმდა მაშინ ცოტა ხნით და უთხრა მერე დათა
თუთაშხიას:
– კარგი, დავანებოთ თავი ამას. მეფისნაცვლის მიერ გაცემული საბუთი წარსულში
ჩადენილ ყველა ბოროტმოქმედებას გპატიობთ – ეს მართალია, მაგრამ შერიგების შემდეგ
ჩადენილი სულ მცირე დანაშაულიც კი აუქმებს ხსენებულ საბუთს და თქვენ
გასამართლებული იქნებით ყველა დანაშაულისთვის, რომელიც ოდესმე მაინც
ჩაგიდენიათ. თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაული კი ექვს სქელ საქაღალდეში ძლივს ეტევა
და ერთადერთი განაჩენი, რომელსაც სასამართლო გამოიტანს – სახრჩობელა იქნება.
ცნობილია თუ არა ზემოთქმული თქვენთვის?
თუთაშხიამ პასუხი არ გასცა.
– საკმარისია, შევძლოთ ჭანტურიებთან თქვენი დანაშაულებრივი კავშირის დამტკიცება,
რომ სახრჩობელაზე დაასრულებთ სიცოცხლეს.
– არ ვიცნობ მე მათ!
პოლკოვნიკმა თავი გადაიქნია, ვითომ ნანობდა, თუთაშხია ასეთი გაუტეხავი რომ იყო, და
მიბრძანა:
– გაიმეორეთ!
მოვიყვანე ჩემი ხალხი ისევ.
– ზედმეტია ეს. არ გამოვა არაფერი აქიდან! – უთხრა თუთაშხიამ პოლკოვნიკს და დაწვა
ისევ.
– გამოვა, გამოვა! – თქვა პოლკოვნიკმა. – დაკარით!
– ქილია! არ ჩანს მაგ კაცი მთლად საღი ჭკუის და მარცხში გაგაბამს შენც, – მეგრულად
მითხრა თუთაშხიამ. – ჭანტურიები არაფერ შუაშია, ვატყობ საქმეს. რა უნდა, ნეტავი,
მითხრას პირდაპირ. ჩემთან ეს კუკუმალულობა არ გამოადგება მაგას, იცი ეს შენ.
– დასცხეთ! – დაიყვირა სახნოვმა თითით მიმიხმო და მკითხა, რა თქვა მაგანო.
სანამდი ვუთაგმნიდი, დაკრეს როზგები აბრაგს. არ მოეწონა, ალბათ, ჩემი კაცების მუშაობა
სახნოვს; წამოხტა, წაართვა ხელიდან გაბისონიას როზგი და დაცხო თვითონ – ხო, ხო, ხო!..
ცემა, სანამდი დაიღლებოდა. არ განძრეულა თუთაშხია, არ გაუღია ხმა-კრინტი. დაჯდა
ისევ პოლკოვნიკი, მოითქვა სული, ხელახლა მათარგმნინა თუთაშხიას ნათქვამი. რომ
გავათავე თარგმნა, აუქნია ხელი პოლკოვნიკმა ჩემს კაცებს, გადით აქედანო, და
დაფიქრდა.
დიდი იფიქრა და ამტვრია თავი რაღაცას. თვალები ძირს ქონდა ჩახრილი. ერთი
გაფიქრება გავიფიქრე, ხომ არ მიიძინა ჩემმა უფროსმა-მეთქი. დათა თუთაშხია მხარ-
თეძოზე წამოეგდო, შეიბჯინა ხელისგული ყურის ძირში და რანაირი თვალებით გვიყურა,
თუ იცი?.. ახლა ვნახოთ, კიდევ რა სისულელეს მოიმოქმედებს ეს ორი კაძახიო!
კიდევ მოვიმოქმედეთ!
– დაჯექით აქ! – მიუთითა პოლკოვნიკმა სკამზე თუთაშხიას.
ისე აითრია უკანალი აბრაგმა, რომ წოლა ერჩია, მგონია.
– მაშ, ჭანტურიებს არ იცნობთ, ხომ?
თუთაშხიამ თავი გაიქნია, არაო.
– დავუშვათ... მაგრამ იმისთვის, რაც ჩვენ გვჭირდება, ნაცნობობა მაინცდამაინც
აუცილებელი არ არის. ერთი ეს მითხარით: შეგიძლიათ თუ არა, გაიცნოთ და კონტაქტში
შეხვიდეთ მათთან?
– კი შემიძლია, მარა არ მჭირდება.
– თქვენ რომ არ გჭირდებათ, არაფერს ნიშნავს ეგ. ჩვენ გვჭირდება! თქვენ თავისუფლება
და შინ ყოფნა გჭირდებათ, ხომ?
თუთაშხიამ მხრები აიჩეჩა, – რა ვიცი, როგორ გითხრათო.
– დაგვაჭერინეთ, დაგვახოცინეთ ან თვითონ დახოცეთ
სახრჩობელასაც აიცდენთ და სხვა უსიამოვნებებსაც.
ის
ჭანტურიები.
მაშინ
თუთაშხიამ გულიანად გადაიხარხარა – გაუხარდა ოხერს, მიზანი რომ დააროშვინა
პოლკოვნიკს. არა, სხვა უსიამოვნებებსაცო – ვითომ სახრჩობელაზე მეტი უსიამოვნება
კიდევ იყო რამე.
– არაფერი არ გამოვა, ბატონო პოლკოვნიკო მანდედან! – დაწყნარდა თუთაშხია.
– გამოვა გამოვა! – აიხირა სახნოვმა.
ასე დაჯერებული და დარწმუნებული კაცი მეორე არ შემხვედრია არსად გამოვაო! რატომ
უნდა გამოსულიყო, ვითომ? ერთი, რომ თუთაშხია იმ საქმეს, მომკალი თუ გინდა,
სანამდვილოდ არ იკისრებდა და, მეორე – ჭანტურიებმა არც სროლა იცოდნენ
თუთაშხიაზე უარესი და არც მასზე ნაკლები ეშმაკები იყვნენ. თუთაშხიამაც ეს კითხა:
– ასე დარწმუნებული რატომ ხართ, ბატონო პოლკოვნიკო.
– დაარტყით კიდევ ათი როზგი და მერე განვუმარტავ, თუ რატომ ვარ ასე დარწმუნებული,
– მითხრა პოლკოვნიკმა.
დაწვა თუთაშხია ისევ და ისევ დაუშინეს ჩემმა კაცებმა. მაინც რამ აატანინა იმდენი?!
მართალია არ ურტყამდნენ კარგად, მარა ოცდაათი და მეტი როზგი მოცაცუნებითაც
ნამეტანი ძნელი გასაძლებია, ღმერთმანი!
წავიდნენ კაცები და ისევ სკამზე დაჯდომა უბრძანა თუთაშხიას სახნოვმა.
– ახლა გეტყვით, რატომ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ დაგვეხმარებით, – პოლკოვნიკმა
აზრი მოიკრიბა, მანიშნა, აღარ ჩაწეროო, და თუთაშხიას მიუბრუნდა: – ხალხი, ბოლოს და
ბოლოს, მიხვდა, ვინცა ხართ. წინათ ყველა, ან თითქმის ყველა, თქვენი დამხმარე და
ხელის შემწყობი იყო. ახლა – ყველა მტრად გადაგეკიდათ. თქვენს მიერ დარბეულ თუ
დახოცილ ადამიანებს შვილები წამოეზარდათ და საფარიდან თითო ტყვიის სროლას არც
ერთი მათგანი არ დაინანებს.
– უსამართლოდ არავინ შემიწუხებია, უწესო საქმე არ ჩამიდენია არასოდეს და კაცის
ცოდვა საერთოდ არ მადევს მე, ერთის მეტი, თქვა თუთაშხიამ.
მოდგა მაშინ სახნოვი და ყველაფერი ჩამოუთვალა, რაც ჩვენი კაცების ენით ჭორები
დავუყარეთ თუთაშხიას და რაც იმ ჭორებს ხალხის ენამ დაუმატა კიდევ: ლუწში
თოდუების ოჯახი შენ ამოწყვიტეო, არტვილთან მეძველია და გამელაგდია – ყაჩაღები, შენ
დახოცეო. ოთხი ქალიშვილი ჩამოუთვალა – ოთხივე შენი გაუპატიურებულიაო და, აღარ
მახსოვს ახლა, კიდევ რა უთხრა!
– მაგ ამბებს ჩემზე რომ ლაპარაკობენ, გაგონილი მაქვს მე, მარა არც ერთი არ გამიკეთებია
ეგენი, – ჩაილაპარაკა თუთაშხიამ.
სახნოვმა მასხრად აიგდო, – გიგონებენ, შე საწყალო, შენო!
ღამის სამ საათამდე გაგრძელდა ეს ლაპარაკი. დათა თუთაშხია, რაც დრო გადიოდა, სულ
უფრო და უფრო ნებდებოდა და ტყდებოდა, თითქოს, მარა ვხედავდი, რომ ეშმაკობდა
მამაძაღლი.
– მძიმე მდგომარეობაში ხართ, ძალიან, – ეუბნებოდა სახნოვი. – რამდენადაც ვიცი,
ყველაზე ერთგულმა მეგობრებმაც კი ზურგი შეგაქციეს და რამდენჯერმე გითხრეს უარი
მასპინძლობაზეც და დახმარების აღმოჩენაზეც. თქვენ ახლა გალოკილი თითივით მარტო
და მიუსაფარი ხართ. მეტიც, თქვენ განწირული ხართ და, აი, როგორ: კიდეც რომ
გაგათავისუფლოთ, მტრები და შურისმძიებლები მოგკლავენ. ჩვენ უფლება არ გვაქვს,
მკვლელობას და ბოროტმოქმედებას ხელი შევუწყოთ. თქვენი გათავისუფლება კი სწორედ
ამას ნიშნავს. მაშასადამე, ვეღარ გაგიშვებთ. რაკი ვეღარ გაგიშვებთ, მაშინ მსჯავრიც უნდა
დაგადოთ ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც დღემდე მიგიძღვით. ეს კი სახრჩობელას
ნიშნავს. ერთადერთი გამოსავალი არსებობს: ჩვენს სამსახურში უნდა ჩადგეთ. ჩვენს
სამსახურში ყოფნა ხელშეუხებლობას ნიშნავს. მტრები ხელყოფას ვეღარ შემოგბედავენ.
მათ კარგად იციან, რომ ჩვენი კაცის მკვლელობისთვის სასჯელი მხოლოდ ერთია. მეორე
მხრივ, პერსპექტივაში გაქვთ სამსახური, ჯამაგირი, კეთილდღეობა, სახელმწიფო
ჯილდოები და დაწინაურება. ამრიგად, თქვენ ორი უკიდურესობის წინაშე დგახართ: ან
ციხე და სახრჩობელა, ან თავისუფლება და კეთილდღეობა. გონიერი კაცისთვის ამ
მდგომარეობაში არჩევანიც კი გამორიცხულია... როგორც ხედავთ, ლოგიკა ჩემს მხარეზეა
და არსებობს კიდევ უფრო დიდი ლოგიკა – ძალა! ჩვენს მხარეზეა ძალა ყოვლისშემძლე,
მსოფლიოს უდიდესი იმპერიების დამაოკებელი და მომთვინიერებელი ძალა, რომელსაც
თქვენ, ბოლოს და ბოლოს, ან დაემორჩილებით, ან დაიღუპებით... ამჯერად ბევრი
არაფერი გვინდა.. ჩაგვაბარეთ ჭანტურიები ან მათი გვამები. ამისთვის ხელისუფლების
კეთილგანწყობასთან ერთად მიიღებთ სამ ათას მანეთს... ოქროთი!
სიჩუმე ჩამოვარდა და ისე დალაგებული იყო პოლკოვნიკის ნალაპარაკევი, რომ ვიფიქრე,
ნეტავი რა აქვს საყოყმანო და გადასაწყვეტი გათახსირებულ თუთაშხიას-მეთქი.
– მაფიქრეთ პატარა ხანს, – თქვა აბრაგმა. – მასეთი ამბავის დაუფიქრებელი გადაწყვეტა არ
ივარგებს.
ეს რომ გაიგონა პოლკოვნიკმა, სიხარულისგან თუ არ გადაირეოდა – არ მეგონა სწორედ.
იფიქრა სახნოვმა, ახლა უნდა დავაწვე, დაწოლა თუაო და გადაჭრით უთხრა:
– უკვე გითხარით, რომ საფიქრალი მანდ არაფერია, რაც გელაპარაკეთ, ყველაფერი
წინასწარ არის მოფიქრებული და განსჯილი. მე ლოდინი არ შემიძლია, პეტერბურგში
გადაუდებელი საქმეები მელის. თქვენი საკითხი დღესვე უნდა გადავწყვიტო, სათანადო
განკარგულებები გავცე და ხვალ დილით ადრე გზას გავუდგე. მე გელით. – პოლკოვნიკმა
საათი ამოიღო, სახურავმა გაიტკაცუნა, – მე გელით ორ წუთს!
ორი წუთი გავიდა. სახნოვმა საათის სახურავი ისევ გაატკაცუნა და მაგიდაზე გაშლილი
ქაღალდების მოგროვება დაიწყო, ვითომ ეჩქარებოდა და წასვლას აპირებდა.
– რამდენ ხანს დამაცდით მაგ საქმეს? – იკითხა თუთაშხიამ ხმადაბლა.
– ათ დღეს... ორ კვირას.
– რომ ვერ გაკეთდეს?..
– გაკეთდება გაკეთდება! – დაჟინებით თქვა სახნოვმა და ვიფიქრე, კიდევ დამაძახებინებს
ხალხს და, როზგებიო, იტყვის.
– კაი, ბატონო, ვიზამ, ასე თუა საქმე! – ძალიან გაჭირვებულად თქვა თუთაშხიამ.
– გაფორმება უნდა ამას! – სახნოვმა კალამი მოიმარჯვა და წერა დაიწყო.
დაწერა პირობის წერილი. ჩაწერა შიგ, რა ევალებოდა დათა თუთაშხიას, რამდენ ხანში
უნდა შეესრულებინა დავალება, რომელი პარაგრაფით და რომელი მუხლით აგებდა
პასუხს შეუსრულებლობის შემთხვევაში და სხვა ყველაფერი კიდევ, რაც ასეთ
ხელწერილებში იწერება.
გაათავა და, წაკითხვას თუ მოახერხებო, კითხა თუთაშხიას.
მოვახერხებო.
დაიდო წინ თუთაშხიამ პოლკოვნიკის ნაწერი ქაღალდი, იკითხა ნახევარ საათს და თქვა:
– ვიფიქრე მე და არ ეყოფა ამ საქმეს ორი კვირა. თვე-ნახევარი დაჭირდება, სულ
უკანასკნელი. გადავწეროთ უნდა ეს ხელწერილი.
შეხედე, მამაძაღლს! ხედავ შენ, რა მოიგონა?! რატომ თქვა, თუ იცი? რატომ და, უფრო რომ
დარწმუნებულიყო სახნოვი, – გათავებულია საქმე, გადმობირებულია თუთაშხიაო – ეს
ერთი, და მეორე ის, რომ თანხმობა მეტი დამაჯერებელი ყოფილიყო.
ვიცოდი, რასაც ეშმაკობდა აბრაგი, მარა სახნოვს არ ესმოდა ეს. გადაწერა ეზარებოდა იმ
ქაღალდის და მიტომ დაუწყო დარწმუნება, ორი კვირის მეტი არ დაგჭირდებაო. იქეთ
თუთაშხიამ დაიჟინა, თვე-ნახევარიო, და კიღამ წაიკიდნენ ამაზე. მერმე სახნოვს
მოაგონდა, ნაწერის ბოლოში შენიშვნის გაკეთება რომ შეიძლებოდა, დათანხმდა ვადის
გაგრძელებაზე, აგერ, ქვეშ მივაწეროთო, მარა არ ქნა და არ მოაწერა ხელი თუთაშხიამ,
სანამ არ გადააწერინა ქაღალდი ხელახლა.
რას იზამდა, და გადაწერა პოლკოვნიკმა ხელწერილი. იკითხა ისევ ნახევარი საათი
თუთაშხიამ, მოაწერა ხელი და დანიშნა პირველი შეხვედრის ადგილი ერთი კვირის
თავზე. სანამდი გავუშვებდით აბრაგს, ვიხელთე დრო, გავბედე და ჩავჩურჩულე
პოლკოვნიკს, – გვატყუებს, ერთი სიტყვა არ დაიჯეროთ მაგისი-მეთქი. ისე შემომიბრიალა
თავისი თევზის თვალები სახნოვმა, ვითომ მე ვასულელე მთელ ღამეს და მერმე მე
ვუპირებდი მოტყუებას და პირობის დარღვევას. გამოგვაყვანინა თავლიდან თუთაშხიამ
თავისი შავი ბოჩოლა, შეჯდა ცხენზე და, სიმართლე გითხრა, მას მერე თვალით აღარ
მინახავს არასდროს.
მეორე დილას თხუთმეტი ფურცელი ქაღალდი დამაწერინა პოლკოვნიკმა, თუთაშხია
ჭანტურიებს რომ დაგვაჭერინებდა, იმის მერე რა უნდა მექნა და რა მუშაობა უნდა
ჩამეტარებინა. ჩაჯდა ეტლში და
წავიდა ფოთში.
დადგა თუთაშხიასთან შეხვედრის დრო. მე რას მივიდოდი იქ, იმდენი როზგის მერე!
მოსაკლავი თავი ვის ქონდა ჩავსაფრდი შორს და დანიშნულ ადგილზე კაცი გავგზავნე.
მივიდა ჩემი კაცი იქ. არავინ არ დაუხვდა. რვა წლის ბიჭი ნახა ხიდის ყურში, ხურჯინს
მიჯდომოდა გვერდში და იჯდა ასე. იყო იქ ჩემი კაცი ერთხანს. რომ აღარ გამოჩნდა
თუთაშხია, იფიქრა, ეს პატარა ბიჭი მისი გამოგზავნილი ხომ არ არისო. კითხა, ვინ ხარ და
რას აკეთებ აქო?
– თუთაშხიამ გამომგზავნა, ვიღაც კაცი ყავს დაბარებული ამ ადგილზეო.
– მე ვარ ის კაცი, რა დაგაბარაო?
– აგერ, ეს ხურჯინი გამომატანაო.
– რაი, მერეო?
– ნიკანდრო ქილიას მიართვან, ასე მითხრაო.
წამოიღო ჩემმა კაცმა ხურჯინი, მოიტანა. გავხსენი: ცალ მხარეს ქათამი იყო და მეორე
მხარეს – ინდოური.
კაი, ბატონო, მარა, რაც იმის მერე თუთაშხიამ ამბავი დააწია, იმასთან ყველაფერს,
მართლაც, ქათმის და ინდოურის ფასი აქვს მანამდე მის ჩადენილებს! ერთი კია, რომ, რაც
ჩაიდინა და რამდენიც ჩაიდინა, ოხერმა, – თავისი სამხილებელი არ დაუტოვებია თითქმის
არაფერში, მარა მისი მეორედ გააბრაგების შემდეგ საქართველოში ძალადობა, მკვლელობა
და ხანძარი რომ დატრიალდა უსაშველო, – უმრავლესობა მისი ხელიდან იყო გამოსული,
ასეა ეს, თუ ვარ ნიკანდრო ქილია!..
ამასობაში გავიდა კიდევ ერთი თვე. ჩამოვიდა ქუთაისის გუბერნიის პოლიციის უფროსის
მოადგილე, ჩამოიყვანა ოფიცერი და გადამაბარებინეს საქმეები, მოგჭამა ჭირი
პოლიცმეისტრობამ.
ჩავედი თბილისში, ვეახლე მუშნი ზარანდიას. დამინახა და გაცეცხლდა – მუგუზლებს
ყრიდა პირიდან! ორ საათს მიყვირა, მიღრიალა და სახედარი მეძახა სულ. ისეთ გუნებაზე
დავდექი, ვიფიქრე, – მაინც გათავებულია ყველაფერი-მეთქი, მომივიდა გული და
მივაყვირე მუშნი ზარანდიას:
– შენ დამაკარგვინე, მუშნი ზარანდია, თანამდებობა, შენ დაანგრიე ჩემი ოჯახი და ამ
საქმის გამოსწორება შენვე კეთილ ინებე, თვარა მე ვიცი, რასაც გიზამ და რასაც
მოგიხერხებ!
– რას მიპირებ, მაინც? კაცმა წინასწარ რომ იცის მოსალოდნელი უბედურება, შეღავათია
რაც არ უნდა იყოს! – მასხრად ამიგდო ზარანდიამ.
– ებრაელების ნაჩუქარ საყურეებს თუ ატარებს შენი ცოლი, მუშნი-ბატონო?! – ვკითხე მე.
– მოდი, დაჯექი აგე, ქილია.
მივედი და დავჯექი.
გააღო კედლის განჯინა ზარანდიამ, ეძება რაღაც, იპოვნა, რომ ჭირდებოდა ის ქაღალდი,
და დამიდო წინ:
– იდიოტი და თავხედი კი ხარ, მარა წერა-კითხვა იცი და კარგად წაიკითხე მაგ ქაღალდი!
ნოტარიუსის ქაღალდი იყო. ჩუქების მერე ერთი კვირის თავზე დაუბრუნებია საყურეები
ებრაელებისთვის ზარანდიას. გავშტერდი კაცი. ამდენ წელიწადს ისე ეჭირა თავი, ვითომ
დიდად დავალებული იყო ჩემგან, რომ არ ჩავწერე მოხსენებით ბარათში საყურეების
ამბავი და რომ არ დავასმინე, ქრთამი აქვს აღებული-მეთქი. ამდენ ხანს სულ იმის იმედი
მქონდა, – ნაშოვნი მყავს მუშნი ზარანდია და, ნუ დამიყენოს ღმერთმა საქმე ისე, მარა თუ
დამჭირდა, ჩემს ნებაზე ვატარებ-მეთქი, მეგონა. სად ხარ თურმე?! მთლად გავგიჟდი და
გავცოფდი.
– მუშნი ზარანდია, წამიხვედი, გგონია, ხელიდან, მარა ჩემი შვილების უბედურებას არ
შეგარჩენ მაინც. დავჯდები და, არ დავტოვებ არც ერთ უწყებას, ყოველდღე გავაგზავნი
დასმენას, მუშნი ზარანდია ქურდია, მექრთამეა, მეფის ტახტის მოღალატეა-მეთქი. არ
დამიჯეროს იქნება არავინ, მარა გაისვრები და გათახსირდები – ეს ხომ იქნება ნამდვილად!
უნდა აღმადგინო თანამდებობაზე, თვარა
ვიზამ ამას!
გაიცინა მუშნი ზარანდიამ:
– მაგას და მაგაზე უარესს რომ იკადრებ და იზამ – ვიცი მე ეგ, ქილია. დაწყნარდი ახლა,
კაცი მყავს მისაღები და იჯექი ჩუმად.
დარეკა ზარი, შემოუშვეს ვიღაც. დაჯდა და საქმეებზე ილაპარაკეს კაი ხანს. წავიდა კაცი.
– ხომ დამშვიდდი, ნიკანდრო ქილია? – მკითხა დაცინვით ზარანდიამ.
იმდენი დრო გავიდა იმ კაცთან ლაპარაკში, რომ დავმშვიდდი კი არა, გონს მოვედი და
კინაღამ თავში მუშტი წავიშინე, რა ვიკადრე და რა ვაკადრე-მეთქი! ჩავღუნე თავი, ვიყავი
ჩუმად. ამოიღო ზარანდიამ უჯრიდან სხვა ქაღალდი, დამიდო წინ და მითხრა:
– გადაწერე ეგ, დამიტოვე და წადი, დაისვენე ორ, სამ თვეს. ვნახოთ მერე.
წავიკითხე ქაღალდი. რას ხედავს ჩემი თვალები! მუშნი ზარანდიას ჩემი დასაწერი ახსნა-
განმარტების და სამსახურში აღდგენის თხოვნა დაუწერია უჩემოდ დაუწერია და როგორ,
მერე!
– არ გეგონოს, ქილია, შემაშინე და მიტომ ვაკეთებ მაგას. არ მეშინია მე შენი. უსამართლობა
დატრიალდა შენს თავს და უნდა დაგეხმარო. ადამიანობა მოითხოვს ასე ერთია კიდევ: არ
ხარ დიდი ჭკვიანი კაცი, მარა არც მექრთამე და საქმის ორგული ხარ; შენი მაზრის ავ-კარგი
სხვაზე უკეთ იცი და შენს ადგილზე ჯობიხარ სხვას. გვჭირია შენისთანა კაცები. გადაწერე
ეგ და წადი.
ორი თვის თავზე ჩემი პოლიცმეისტრობა ჩამაბარეს ისევ.
ასეთი ეშმაკი კაცი იყო მუშნი ზარანდია და, ამასთან, გულკეთილიც. ხედავ ამას ახლა შენ!
ამას ქვია კაცური კაცობა, ასე უნდა ცხოვრება და თავის დაჭერა ამ ქვეყანაში.