(ვუძღვნი გ. სუნდუკიანცს, «პეპოს» ავტორს)

მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო?
ბატონებო, ანუ კეთილშობილო?!
მე ქრისტე ღმერთს კინტოთ გავუჩენივარ,
ლოთობაა ჩვენი წესი, ადათი...
მითომ რაო! თქვენისთანა ვაჟები
ბიჭობაში არ მეყოფა არც ათი!
მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო?
ბატონებო, ან შენ, კეთილშობილო?!
არ მკადრულობთ და დაცინვით მიყურებთ,
თითქო მე ღმერთს მეტი გაუჩენივარ!
მე ზოგსავით არც ძმასა ვკლავ, არც ვპარავ
და ღარიბი ლუკმისა მომთმენი ვარ!
ჯაფა-ტანჯვით ალალ ლუკმას ვშოულობ,
მთელი კვირა ოფლს სულ ასე ვიწურავ...
კვირა დღეს კი გამოვდივარ ძმა-ბიჭში,
ყარაჩოღულ ლურჯ ქუდს გვერდზე ვიხურავ!
მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო?
ბატონებო, ან შენ, კეთილშობილო!
ძუნწი კაცი ქვეყანაზედ რად ცხოვრობს?
ოჰ, გაუწყრეს მდიდარ ძუნწებსა ქოქი!
მე რომ მოვკვდე, გევედრებით, ძმაოჯან,
დამახალოთ ზედ თავზედ სავსე დოქი!
მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი, ძმობილო,
ლოთ ბიჭშია, აბა, რა ნახე ცუდი?
მეც კაცი ვარ, რატომ ეგრე მიყურებ?
მეცა მხურავს თავზედ ნამუსის ქუდი!