კომედია
მოქმედნი პირნი:
კარაპეტა დაბაღოვი.
ხამფერა - მისი ქალი.
არჩილ - თავადი ღაზნელი.
ივანიკა - მოჯამაგირე.
მონავარდისა - მოახლე ხამფერასი.
მეკუბოვე.
მსახური - თავადიშვილისა.
მოქმედება პირველი
თეატრი წარმოადგენს დარბაზს, შუა დარბაზში ქურა დგას. გარშემო უშლია
ხალიჩები. კედელთან დგას ლიტრა წყლით
გამოსვლა პირველი
კარაპეტა და მონავარდისა
კარაპეტა გამოვა ძველის ხალათითა, ქოშებით და საღამურის ქუდით, მივა ქურასთან, ახდის საბანს, გამოიღებს მაყალს, სავსეს დაღვივებულის ნახშირით
კარაპეტა
ვა, ამისთანა ბალა იქნება!? (წყალს დაასხამს, ნახშირს ჩაიყრის კალთაში) გოგო! ნავარდისავ! (გოგო გამოვა, კარაპეტა უჩვენებს მაყალზე). ეს ვისი ნაქნარია?
მონავარდისა
ჩემი.
კარაპეტა
განა ჩემი ოჯახმა შენ უნდა დაღუპო? განა ღმერთი აიღებს? არ გებრალები? ხედამთ ღარიბი ვარ!.. ყოველ დღე ამთენი გამდის, გამდის. ერთი დახლიც მიჩვენეთ და!.. ამდენი ნახშირი იქნება? საპალნე რვა აბაზი ღირს, ორი კვირა არ გასულა ნაყიდული არის.
მონავარდისა
მაშ სიცივით ხომ არ დავიხოცებით.
კარაპეტა
სულელო! სიცხემ გაწყენს. ეგ ლოყამ წაგიხდება. სიცივე ასე გაგაწითლებს, როგორც ვარდი, აი აქა, ჰა, (უნდა უჩქმიტოს ლოყაზედ).
მონავარდისა
დამეხსენ, თორემ ხამფერას მოვახსენებ.
კარაპეტა
ვა, ახლა მაგაზედ ააწუწუნე... მაშ მუქთათ გაჭამო? ვა, ჩემ ბაღში მე ვარდი არ მოვსწყვიტო!.. ჩემი ვენახის ყურძენი სხვას მივცე, რომ მოწყვიტოს?..
მონავარდისა
რამდენი წელიწადია სულ ასე ალერსობით მატყუებ, განგათავისუფლებო. არ მინდა შენი განთავისუფლება, ქალი გაათხოვე და მეც მზითევში გამატანე, მე ხომ ფული არა ვარ, რომ შემინახო; კუჭი მაინც გამიძღება; შენს სახლში ათი წელიწადი არის თბილი არა მიჭამია რა, ყველისა და პურის მეტი.
კარაპეტა
არ დამაცლი გავათხოვო? განა ტყუილათ გეუბნები? თბილი? განა არ იცი თათარ-იახანი გაწყენს. იმიტომა ხარ ლამაზი შენცა და ჩემი ხამფერაც, რომ პური სჭამთ. დამაცალე ერთი კაი ვაჟი ვიშოვნო.
მონავარდისა
როდის იქნება?
კარაპეტა
როცა იქნება, თუ ფულიანი არ იქნება, ხომ არ მივცემ, ქართული რამეები მისწავლებია. ვეფხვის ტყავი ზეპირ იცის... დაიღუპოს ის დღე, როცა (წუწუნით) ცხონებული ჩემი მარმარუამ ხამფერა ქართველის სახლში მისცა სასწავლებლად, ახლა ჩვენი არავინ თხოულობს, ანბობენ თუ წნილის ჩადება არ იცისო.
მონავარდისა
მაშ ქართველს მიეც.
კარაპეტა
დიდი! დიდი! დიდი! .. ქართველი... რა კაცია, ჩემი წაღებს მივცემ, რომ ჩაიცვას?! მერე რომ მოვკვდე, ჩემი ქონება იმან შაჭამოს, წყალში, ემე ჰქნას, გადაჰყაროს!.. ჩემი სული ჯოჯოხეთში დავწვა! აფსუსი არ არის ოქროები ქართველის ჯიბეში! ქართველი ფულის მტერია, ნიმუტი ფული არ დააყენებს ჯიბეში, როგორც ნიორი ისე აუყროლდება და ისე გადაჰყრის.
მონავარდისა
ყველანი ხომ ფულის გადამყრელები არ არიან ქართველები.
კარაპეტა
გეუბნები ფულის შნო არა აქვსთ. არ გაგიგონიათ ლათაია; გოგრა არ გახდება შირაზის შუშა, რაგინდა თახჩაშიც დადო.
მონავარდისა
თითქო ანგარიშის კაცი ხარ, აღავ... რა გენაღვლება ქალი გაათხოვო, მეც დამითხოვო! ამდენი მჭამელი რათ გინდა?! (გავა).
კარაპეტა (მარტო)
მართალს ანბობს, ჭკვიანი გოგოა! (ანგარიშობს). წელიწადში ჩემი ქალმა და ეს გოგომ თხუთმეტი თუმანი ღირს. მაგრამ ბალა ეს არის, ვის მივცე. (ფიქრობს). ნეტამც ჩემი დროს კაცი იყოს ვინმე, გინდა ქვრივიც იყოს, ფულის ყაირათი იცოდეს. განა ეს იქნება? როგორ გამოიცვალა ხალხმა!? ჩვენი ვაჭრების შვილები ქართველებზედ ბედოვლათები გახდნენ. მიხვალ სახლში, სულ იუროპიულათ ნაქნარია: ეკიპაჟი, პოვარ, ლაქეი. აბა ახლა ზანდუკი უნახეთ, ისე ცარიელია, როგორც ქალაქიდან გასული თავადის ჯიბე... (ისმის კარებიდან რახუნი). ვინ არის?.. ვინ იყო, ივანიკო.
გამოსვლა მეორე
კარაპეტა, ივანიკა და მსახური
კარაპეტა
ივანიკო, ნახე თუ ვინ არი.
ივანიკა
ვინცღა ყაზახი არის.
კარაპეტა
ვა! ყაზახს ჩემთან რა უნდა! (გავა კარებიდან). შტო, ლუბეზნი, ნადა!
მსახური (გარედან)
ქართველი ვარ, კარი გამიღე, საქმე მაქვს.
კარაპეტა
ივანიკო, გაუღე. (ივანიკა გააღებს კარებს).
მსახური
კარაპეტ, ერთი ძვირფასი ნივთი მაქვს, ფული საჭირო არის, დაიგირავე.
კარაპეტა
ვისია?
მსახური
ჩემია, შენ რა დავა გაქვს...
კარაპეტა
ვა, აგება წაპარულია. დავიდარაბის თავი არა მაქვს.
მსახური
არა, ღმერთია მოწამე.
კარაპეტა
არ მინდა მეთქი.
მსახური
(ყურში უჩურჩულებს).
კარაპეტა
ჰო, ის კაი კაცია, კნიაზია, აბა ვნახო.
მსახური
(გახსნის ბოხჩას და უჩვენებს დამბაჩას, ვერცხლით შეჭედილს)
კარაპეტა
ჯერ მითხარი ტამბაჩა რათ მინდა?
მსახური
ერთ ტყვეთა ღირს; ნახე ინგლისია!
კარაპეტა
მე განა ლეკი ვარ. ტყვე ვიყიდო... ინგლისი მათლაფა გამიგონია... არ მინდა ხელს არ მამცემს.
მსახური
ჰეი, დროვ! იარაღი ჩალის ფასათ აღარ გადის! აღავ, ძალიან საჭირო არის... რაც გინდა ის მომე.
კარაპეტა
ეს ვერცხლი აჰყარე, აქ იქნება ასი მისხალი: ხუთი მანეთი მოგცე ერთი კვირა ვადით, ეს რკინა უკან წაიღე.
მსახური
ვაი, შენ ჩემო თავო. ფასი ამ რკინასა აქვს.
კარაპეტა
რკინის ფასი ფუთი რვა აბაზია, ეს ერთი გირვანქაც არ არის.
მსახური
შენ არ იცი, რა ღირსება აქვს ამ დანბაჩას. ჰაერით გაიტენება... სადაც სახლში ეგ იქნება, იქ ქურდი არ შევა. თუ შევა დანბაჩა მისცემს პასუხს.
კარაპეტა
თითონ გავარდება?
მსახური
მაშინვე.
კარაპეტა
მერე ქურდი მოკვდება?
მსახური
რასაკვირველია.
კარაპეტა (თავისთვის)
ზანდუკში დავდებ, კარგია... თუ ჩემი ზანდუკს ქურდი მივა... ძინგ... გავარდა... ქურდი მოკვდა. კარგი, კნიაზის ხათრისთვის ერთი თუმანი მოგცე... ერთი კვირა ვადა.
მსახური
ფულს ზეგვე მოგართმევთ. მოიტა, მეტი რა ღონეა.
კარაპეტა
მამა გიცხონდა, ფული რათ უნდა?
მსახური
სწორეთ გეტყვი, ერთმა ბიჭმა მწევარი მოიპარა და მოჰგვარა, იმაში აძლევს.
კარაპეტა
ვა, ჩემი ფული ძაღლში მისცეს? ვა, ნამუსი არ არის? ის ღვთისაგან გაჩენილი კეთილი, ჩვენი სოფლის ნუგბარი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ლაზათი, ჩვენი სიცოცხლე, ფული, ძაღლში მისცეს! მართალია... ღმერთს ქართველისათვის ფულში წილი არ მიუცია. როგორც მივა, ისე გავა, ფული იშოვა ქართველმა, თითქო ეკალი შეირჭო ფეხში, ამოიძრობს და გადააგდებს. მამა გიცხონდა, რამდენი ძაღლი ჰყავს?
მსახური
ათი მწევარი, ხუთი მეძებარი ქორისა, ათი კურდღლისა და ხუთიოდე ქოფაკი.
კარაპეტა
მაშ მაგისი ცხოვრება ძაღლები უჭამიათ, თქვენ რაღა, ემე, დაგრჩებათ.
მსახური
ჩვენ ჩვენი ულუფა გვაქვს. მოიტა თუ მაძლევ, მიგვიანდება.
კარაპეტა
(ამოიღებს ჯიბიდან ფულებს. ხელის ჭერით სთვლის)
ეს ერთი... ვაი, მშვიდობით, საწყალო მანათი! რამდენი ჯიბეში გაივლი, თუ ქართველებში ჩავარდი, ნამწეწი არ დაგასვენებენ. ეს ორი... იცი რატო არ უყვარს ფული ქართველი? იმიტომ რომ მუქთად შოულობს და! აბა ერთი თითონ იმუშავოს, ერთი ხუთი დღე ცარიელი პური სჭამოს, ნახამ თუ როგორ გაუფრთხილდება. სამი... ნახამ...
მსახური
კარგი, არა მცალიან, თუ მაძლევ, მამეც.
კარაპეტა
აჰა. (აძლევს ფულებს)
მსახური (გავა)
კარაპეტა
ხედამ ამ მუჟიკმა! ყაირათი არ იციან ფულისა. აგება ყალბი იყო, აგება მოვიპარე. ეს ერთი თუმნის სარგებელი არ დამეკარგოს, ყაირათი რა უნდა ვქნა, სამზარეულოში სანთელი საჭირო არ არის... ივანიკას რათ უნდა სანთელი?.. წავიდე გაუქრო. მერე ჩემ ოთახში დავიძინო, ვახშამი მოდნა აღარ არი. (გავა)
გამოსვლა მესამე
ხამფერა და მონავარდისა
ხამფერა
(მივა ქურასთან, ითბობს ხელებს; შემოვა მონავარდისა)
პატარა ნახშირს დააყრიდი.
მონავარდისა
დავაღვივე. მაგრამ მამათქვენმა გადმოყარა, წყალი დაასხა და ნახშირი ყუთში ჩაყარა, ყუთიც დაკეტა.
ხამფერა
მონავარდისაჯან, ხომ არავინ მოსულა სოფლიდან?
მონავარდისა
არ მოსულა, მგონია, თორემ ან ბიჭს ვნახამდი ვისმე ან თითონ გამოივლიდა. ღვთის ნება არის... თუ შენი ბედის წერა ის არის, ხომ ის იქნება.
ხამფერა
მამაჩემს ვინ დააჯერებს.
მონავარდისა
მზითევს ნუ სთხოვ და იქნება დაიჯეროს.
ხამფერა
ის მზითევს არა სთხოვს. დავრჩებით როგორმე, გავთბებით მაინცა.
მონავარდისა (სიცილით)
სიყვარულს გარდა ნებაც, ბევრი გექნებათ, კიდევაც დაგთბებათ.
გამოსვლა მეოთხე
იგინივე და ივანიკა
(ივანიკას მოაქვს ხელსახოცით ყურძენი)
ხამფერა
რა არის ივანიკო?
ივანიკა
არაფერი, ისე ხილი მოგართვი.
ხამფერა (მონავარდისას, სიცილით)
მონავარდისავ, მადლობა უთხარ, ხომ შენ მოგიტანა.
მონავარდისა (ქოქოლას აყრის)
აი!
ივანიკა (ყელს უწევს და ღრეჯით)
შენი ჭირიმე.
ხამფერა (სიცილით)
ივანიკო, სწორეთ მითხარ, ძალიან გიყვარს მონავარდისა?
ივანიკა (იგრიხება და იცინის)
ნუ მათქმევინებ, შენი დიდების ჭირიმე.
ხამფერა
რა სირცხვილია სიყვარული.
ივანიკა
აპა მოგახსენებ: მიყვარს, მიყვარს... ისთე მიყვარს, ისთე საშინლათ, ისთე, რავაც ცეცხლი ზამთარში მამიშენის სახლშიდ. მარამ გამიწყრები, (სიცილით) სწორეთ მოგახსენო, თუ აღამ ასთე გვიყო, შენი მტერი გეცივდეს, რავა ჩემი სიყვარული გეცივდეს. მთლათ გევიყინე ჰე. არამც თუ ცეცხლი, სანთელიც გემიქრო.
ხამფერა
თითონ დაიძინა ეხლა?
ივანიკა
სძინამს მთქვა მარამ, მისთანა ძილი ნუ მოგცეს ღმერთმა!
ხამფერა
როგორ? რას შვრება?
ივანიკა
რას არ შვრება? რავაც კურდღელი ბუჩქშიდ ისთე დოუჭყეტია თვალები. ქალბატონო, მსთქვა, ნუ გემიწყრები, ფულზედ ლოცულობს აღა. შუაღამისას ადგება, გააღებს ზანდუკს და დეუნთებს პარკებს სანთელს, ლაპარაკობს ფულებთან, ალერსიანობს, ნეტამც მისთანა ტკბილი ალერსობა მათქმევია ამ წყეულ მონავარდისასთან! მერე, ბატონო, ამოიღებს პარკს ფულით და რავაც უხამსის თვალს ისთე ათამაშებს ფულს.
ხამფერა
როგორ უხამსის?
ივანიკა
არ გეგიგონიათ? აპა გითხრობთ? გველი რომ არის, (პირჯვარს იწერს) ჯვარი აქაურობას, იტყვიან ცუდი ჟამი არის უხამსზე ლაპარაკი, მარა გითხრობ: დიდი უხამსი არის ერთი, საყურიანი, უნობენ, აბა იმას მუცელშიდ თვალი აქვს, ღამე ათამაშებს... თვით მე ვნახე... ისდე ნათელობს, რავაც ცეცხლი. აბა ვინც მას იშოვებს, რაც უნდა ის ეუხდება.
ხამფერა
შენ რომ გქონდეს, რას ინატრებდი?
ივანიკა
ჰე, მოგეცა ღვთის წყალობა, კარგებს ივანიკი ინატრიდა. ვინატრიდი ქუთეის ღრუბერნატრის სახლს, მონავარდისას თავს... წევიდოდი დილით სანადიროთ, წევიტანდი ყაზახებს, ამევიღებდი თვალს და ვიტყოდი: ჰე, თვალო! მეიტანე სუფრა შემკობილი, კულა, ყანწი და ჭური! მევიდეს ღომი, თებზი, ხიზილალა და დოში; ვსმევდი ღვინოს ოჯერისას, კახურს, რუსულს და პარსულს. ისდე ლხინით ყოველ დღე გავარონიებდი დროს.
ხამფერა
შენ ნადირობას მოუნდებოდი და მონავარდისა მარტოკა დარჩებოდა.
ივანიკა
მონავარდისას... მონავარდისას... მონავარდისას არ იცი რას უზევდი? აპა გითხრობთ: მონავარდისას ჩავაცმევდი ალმასის კაბას, იაგუნდის თავსაკრავს, ლალის კოპს, ლალის სარტყელს, მარგალიტის ხელსახოცს, ზურმუხტის ქოშებს, მარჯნის წუღებს. მონავარდისო, აპა მიჩვენე ფეხები, დიდი ქოშები მოგინდება?
მონავარდისა
გადი, სულელო, ხელს ნებას ნუ აძლევ.
ხამფერა (იცინის)
ეგ არის შენი ნატვრა მაგითი დასრულდება?
ივანიკა
მეიცა, დამავიწყდა მე უბედურს! ვინატრიდი მონავარდისასთან სამ ოქროს ქოჩრიან ვაჟს და ერთ გიშრის თმიან ქალს.
გამოსვლა მეხუთე
იგინივე და არჩილ
არჩილი (გარეთ კარებიდან)
ნებას მომცემთ შემოვიდე?
ხამფერა
ნავარდო, ახ!
ივანიკა (გაუღებს კარებს)
მობრძანდი, შენი ჭირიმე, ნეტამც შენთან მომკლა შენის ყურებით, სხვა რამ არის თავადი!
მონავარდისა (მივა და ჩუმათ ეუბნება)
ახლა აქედან დაიკარგე.
ივანიკა (ჩუმათ)
შენი ჭირიმე, შენი ლამაზი ლოყების, შენთვის ამდენ შიმშილს, ამდენს წყურვილს ვითმენ, პატარა ხანია გამოდი ვილაპარაკოთ.
მონავარდისა
წადი ჯანაბას... ჰო, მოვალ.
ივანიკა (დაეღრიჯება)
შენი ჭირიმე. (მონავარდისა და ივანიკა გავლენ)
ხამფერა
რა არის ამდენი ხანი სოფელში ყოფნა?
არჩილი
შენ არ იცი, საყვარელო ხამფერი, რა სიამოვნება არის სოფელში მუშაობა! განშორებული ამ ხმიანს ქვეყანას, მე ვარ ყოველისფრით ბედნიერი. მხოლოდ აკლია ჩემს გულს შენი სიყვარული! და თუ შენის სიყვარულით აღივსება ჩემი გული, მე ვიქნებოდი ერთი ბედნიერთაგანი ყმაწვილს კაცებში.
ხამფერა (ჩამოართმევს ხელს არჩილს)
კიდევ იჭვნეულობ, არჩილ, ჩემს სიყვარულზე? მოიგონე, რამდენი კეთილმოქმედება მახსოვს კურთხეულის დედის თქვენისა. ჩვენ ერთად გავიზარდენით. რამდენი სასიამოვნო მოგონებით სავსეა ჩემი გული, რომელისაც დიდი ხანია შენ ხარ მფლობელი.
არჩილი
შენ ახლა უფრო ეჭვში შემიყვანე. იქნება ჩემი შენთან სიყვარული მადლობიდან მომდინარეობს, ამისთვის რომ დედაჩემმა გაგზარდა.
ხამფერა
ოხ, არჩილ! ცოტად აფასებ შენის თავის ღირსებას, მაგრამ გითხრა სწორედ ჩემი სამჭმუნვარო ფიქრები. მე უსასო ვარ ჩვენის ერთმანეთის შეერთებისა! პირველი, რომ მამაჩემი ყურებში თითს იცობს ქართველის სახელზედ. ეს არაფერი, სხვა აშინებს ამ საბრალო გულსა...
არჩილი
დაასრულე.
ხამფერა
მამაჩემმაც რომ ნება მოგცეს, შენი ნათესავნი, შენი მახლობელნი არ მოსწამლენ შენს ბედნიერებას? იქნება შენგან აღყვანილი შენს ღირსებამდე, შენს ტოლებთან, შენს ნათესავებთან, რომელთაც უყვართ დაცინება, ნელ-ნელა ამიძულო და შეიქმნე ცივათ. — არჩილ, მცირედი შენი ცივ სისხლიანობა მე დამმარხავს!
არჩილი
კმარა, თუ აგრე მიცნობ და თუ ჩემი სახლი აგრე მდაბლად დაეცა შენს გონებაში. დამივიწყე... მშვიდობით!..
ხამფერა
მოიცა, მე გასაჯავრებლად არ მითქვამს. არჩილ! სიყვარული იჭვიანია. შენ ჩემს გონებაში ხარ უმაღლეს ყოვლის პატიოსნებისა, მაგრამ, არჩილ, შენ ხარ ოცდა ხუთის წლისა.
არჩილი
ოჰ, მაშ მე ბავშვათ მრაცხავ!
გამოსვლა მეექვსე
იგინივე და მონავარდისა
მონავარდისა (შემოირბენს)
აღა მოდის.
არჩილი (გავა კარებიდან)
მშვიდობით, ხამფერი!
ხამფერა
თუ მცირედი სიყვარული გაქვს, ხვალ მოდი ამ დროს.
გამოსვლა მეშვიდე
იგინივე და კარაპეტა (დაგლეჯილი ხალათითა)
კარაპეტა
ვა, ჩირაღდანია! ეს ორი სანთელი რა არის?!
ხამფერა
რა ვქნა, მამავ, ბნელაში დაჩვეული არა ვარ.
კარაპეტა
კიდევ, შვილო, არ იცი, რომ თავადის სახლში აღარა ხარ? იმათ დღეში ერთი ძროხა ჰკლამენ, ქონი ბევრი აქვთ; მე ვყიდულობ... ფული მიდის.
ხამფერა
თქვენ ხომ ფული გაქვთ.
კარაპეტა
ვინ მომცა, შვილო, ვინ გითხრა, რომ ფული აქვსო? ვინ მომცა ფული? აი როგორ მაცვია! ფული რომ მქონდეს, ეკიპაჟი ვიქმოდი, მეც ტიატრი ავაშენებდი. აბა ჩემი ჩივილი ეგ არის... ფული უნდა მქონდეს, რომ მე ვიცი ფულის ყადრი. ფული! ფული მქონდეს, დაბაღოვის მაგიერათ კოჟევნიკოვი გავხდებოდი.
ხამფერა
უფულოთაც შეგიძლიან კოჟევნიკოვი დაირქვათ; არაფერი ღირსება არის.
კარაპეტა
ვა, დიდი, ძალიან დიდი. ნემეცური ჩავიცვამდი.
ხამფერა
ტანისამოსი კაცს არ გაადიდებს.
კარაპეტა
გებნები, ჩვენი ქალაქელებს თვალში აქვთ ჭკუა!.. მაგრამ კარგი, შვილო, პირჯვარი დაიწერე, სანთელი გააქრე... შენს ოთახში დაწექ.(ორნივე გავლენ)
გამოსვლა მერვე
კარაპეტა
კარაპეტა მარტო შუაღამისას ბნელაში შემოვა, ახალუხ გაღეღილი. ხელში უჭირავს წმინდა სანთელი, იქით-აქეთ იყურება, ნელ-ნელა მივა წალოსთან
კარაპეტა
სძინავთ... ყოველთვის გული მიხტუნობს, როცა ამ წალოსთან მივალ:
როგორც ყმაწვილი შეყვარებული,
ელის საყვარელს გაგიჟებული,
ამათ ღამე აქვთ დრო დანიშნული,
მეც მაგრე მელის ზანდუკში ფული.
(გასწევს ფარდას) მშვიდობა შენი, ჩემო ზანდუკო, მინდა შენ ფულმა გაჩუქო. (კლიტეს მოავლებს ხელს, უალერსებს) ბედნიერო კლიტე! ახ, ნეტამც მე ვიყო კლიტეთ, ეშმაკი ვერ გამაღებდა... მაგრამ რისა მეშინია? ტანბაჩა შიგა ძევს... აბა ერთი ქურდი ხელი ახლოს... დინგ, გავარდა, ქურდი მოკვდა. დრო არის გავაღო. (გაიხსნის ახალუხის ღილებს, გასაღები ყელზედ ჰკიდია, ამოიღებს და უჭირავს ხელში) ახ, ჩემო სამოთხის გასაღებო! ნეტამც სამოთხეში რა იქნება? ვა, რა ფიქრი უნდა, ფულები... სხვა რა უნდა იყოს... ფული! ამაში სულ გათავდა. ფული... ყოველი სიხარული! ფულმა... შეაქცევს გულმა! ფული, გიცხონებს სული! მაგრამ გავაღო... მოიცა ვნახო, ხომ არავინ არის. (იყურება აქეთ იქით) სული მიკანკალებს, გული ასე ძინგ, ძინგს იქს... ნუ გეშინიან, აღავ! ჩინკ... გაეღო. (სწევს ზანდუკის თავსა, ცალი ხელით აფარებს ხელსა) ერთბაშად რომ დავინახამ, არ წამივიდეს გული. (ახდის და დაიწყებს სიცილს, როგორც გიჟი) ახლა თქვენა თქვით თუ ცალი ვინმე მყავს! რა გინდათ რომ ვქნა? როგორ გინდათ ვქნა? თუ ტიატრისათვის... რკინის ჭანაპართე, ტო იესტ ჟელეზნუ დაროგუ, დენღი ვსე მოჟნა. გინდა მე ხვალვე გავხდე პუჩოტნი ღრაჟდანინ, ბლუღოროდნიც გავხდები, დვა რაზა ბლუღოროდნიცა. (ამოიღებს ერთს პარკს, უალერსებს, იცინის, დაიწყებს მაღლა სროლას) ბზინკ! (შეაგდებს) ბზინკ! (იცინის) ჩემი მუზიკა ეს არის. დეე, ვინც უნდა იცინოს. (შეაგდებს) ჩემი ცოლი შენა ხარ! ჩემი შვილი შენა ხარ! ასე გაგიფთხილდე, თუ თქვენ ერთი ერთმანეთს მოგაკლოთ, ღორი გავხდე. ასე შეგინახავთ, როგორც თვალები. — (დაჰკეტავს, დაჯდება და მოიკეცს) როგორ მოტყულდება კაცი! ბაზარში თავი არ მიკვრენ, ასე მიყურებენ, ანბობენ თუ საწყალი კარაპეტ, ის კი არა თუ კარაპეტა მეფეა. მეფე არა ვარ?.. აბა ვის უდგას ამისთანა ოქროს ტახტი? მეფე ვარ რაღა! გაგიგონიათ ოჰყალი ჯადო რომ იყო, ისე ვიქ: სოფელი თავდაყირა უზამ. რამდენი კეთილი საქმე ვიქ! პირველი, ვინც ბედოვლათია ჯალათი უთხრამდი: თავი კტრე! რამდენი ქართველის თავი გაგორდებოდა!.. ბედოვლათი სომხები, პალტოებით რომ დაიარებიან: ბუღდან ბუღდანიჩ, ისაკ არაქელიჩ, მიკირტუმ მინაიჩ ამათ რას უზამ იცით? მივაკრავ თავიანთ დროშკას ლეჟაჩი ლესორი, ისე ვათრევ! ვა იტყვით თუ ჰესაბი არ არის! ერთის მამა ტყავი ფხეკდა, მეორე სანთელი ასხამდა, მესამე მწითლავია — რა ანბებით ფული მოუგიათ და იმათ ისე ჰყრიან. მამაჩემის ცხონებამ სულ გავჟლეტ... უფულო კაცისათვის არ არის ქვეყანა გაჩენილი... თუ ვიცოცხლე, ვა, განა უნდა მოვკვდე. აფსუსი არ არის ფულიანი კაცი მოკვდე. მახლას, ხომ მოვკვდები, ვის უნდა დარჩეს?.. ჩემ ქალს უნდა
გათხოვდეს. მერე ქართველი უნდა. (ტირილით) ქართველი ჩემი პარკები დასხნას... ხომ წავიდა ჩემი ფულები ატლასის დახეულ ჯიბეში! ხომ წავიდა ჩემი ოფლი... რისათვის? ღმერთი არ არის? ამდენი შიმშილი, ამდენი წყურვილი, ამდენი უძილობა, ამდენი ყაირათი სულ ფუჭ!.. არა, მოვკვდები, ზანდუკში ჩავწვები, ანდერძი ვიქ ისე დამმარხონ... ხომ არავინ იცის, რომ ამაში ფულია... არა, ესეც თავს არ დაიჭერს... იცი? ო, კარგი მომაგონდა. ექიმი მოვიყვან... რომ მეტყვის თუ ვკვდები დავადნობ ჩემს ფულს, წამლათ დავლევ. აქ ჩავისხამ. ჰე აბა ახლა წაიღონ. ვერავინ წაიღებს. ეს არის სწორეთ, ეს არის ამისთანა დიდი ჰაზრი. (გავა)
გამოსვლა მეცხრე
ხამფერა, არჩილი, მონავარდისა და ივანიკა
არჩილი (იცინის)
ნახეთ, მამაშენს მართლა ფულები ჰყვარებია.
ივანიკა
იიმე, რავა სიყვარული? ლოცულობს, შენი თავი არ მომიკვდეს. ნუ გემიწყრებით ამ კითხვაზედ, გინდათ ერთმანეთი შეირთოთ?
არჩილი
ძალიან.
ივანიკა
აპა მაშ მე მოგიხერხებთ.
არჩილი
აბა როგორა?
ივანიკა (დაეღრიჯება ხამფერს)
მომცემ ამის თავს? (აჩვენებს მონავარდისაზედ)
ხამფერა
თუ მონავარდისას უნდა...
ივანიკა
იიმე, რავა დემიწუნებს მონავარდისა? შენ ნუ მომიკვდე, თვალათ არა მიჭირს რა და ტანათ... კი მონავარდისას დავაჯერებიებ, მარა ჯერ მინდა მე შეგყაროთ თქვენ ერთმანეთს, მერე (სიცილით) შევირთავ მონავარდისას და შენი ყმა გავხდები.
არჩილი
აბა როგორ მოგვიხერხებ?
ივანიკა
აპა ნახეთ ის ფულები ზანდუკშიდ? იმ ზანდუკს ქვე მევიპარავ... (არჩილი და ხამფერა შეინძრევიან) იიმე, რას ჯავრობთ? განა მართლა მევიპარავ? გამოვცვლი ზანდუკს და კენჭებს ჩოუყრი (დაჰკრავს ხელსა) და გათავდა... ისკვნით გვირგვინს.
არჩილი და ხამფერა
ჩვენ არ გვესმის.
ივანიკა
იიმე, არ მაცლით, აპა გითხრობთ. (ხამფერას) აპა ნუ შეგეშინდება, კენჭებს რომ ნახავს მამაშენი, გერდირევა. ისდე საშინლად გერდირევა, მარა ნუ შეგეშინდებათ, გეუბნები, მერე ქვე გეტყვი მე, რომ აბა თანთარი ვიცი მთქვა და შეულოცს კენჭებს და ოქროთ გარდააქცევს, მთქვა...
არჩილი
ნუ მასხარაობ, ჩემო ივანიკო...
ივანიკა
იიმე, შენი თავი არ მომიკვდეს, რომ მე არ ვლაღობდე. ისდე მართალს მთქვა გითხრობთ. მერე თანთრათ შენ ქვე, მთქვა, გაგაკეთებთ და ისდე უთხარ, რომ მიე, მთქვა, შენს ქალს ვინცაღა ქართველი ელტვის მთქვა, თორემ მთქვა, ოქროთ არ გადაგიქცევ მთქვა.
ხამფერა
რა ხუმრობა არის? კიდეც მოკვდება მამაჩემი.
ივანიკა (იქით)
აბა რა მგამა (მაღლა) არ მოკვდება. მე მომაჩემეთ ეგ საქმე.
არჩილი
მერე?
ივანიკა
მერე, იი, მერე და მერე, ისკვნით გვირგვინს.
არჩილი
ხანფერვან, რას იტყვი? სასაცილო კი იქნება მამაშენი ფულების დაკარგვაზედ.
ხამფერა
არჩილ! რაც უნდა იყოს, მამა არის.
ივანიკა
შენ ნუ მომიკვდე სხვა ღონე მის მეტი მთქვა არ არის.
ხამფერა
ეგ არ შეიძლება ამისათვის, რომ მამა ჩემს ვერ მოჰპარავ ზანდუკს.ივანიკა, თითონ შენ არა თქვი, რომ იმას არა სძინავს სულაო.
ივანიკა
იიმე! მისთანა ზანდუკს ვერ იშოვნის არჩილ ბაზარშიდ? დღე შევიტან და გამოუცვლი, პარკებს დოუცლი და ჩოუყრი კენჭებს. მარა, გითხრობთ, არ შეშინდეთ (იცინის) იი, საშინლათ გერდირევა.
ხამფერა
ერთი გამოსცადეთ, სთხოვეთ ჩემი თავი, იქნებ დასტური მოგცეს.
არჩილი
აგრე სჯობიან, ხვალ მოვალ დილაზე ადრე.
ფარდა
მოქმედება მეორე
გამოსვლა პირველი
დილა. ოთახი კარაპეტასი. კარაპეტა ზის დაგლეჯილის ახალუხით და ხალათით
კარაპეტა და ივანიკა
კარაპეტა ზის ქურასთან და ჩოტქით ანგარიშობს. შემოვა ივანიკა
ივანიკა
აღა! აგერ კნიაზ არჩილს ორი ურემი შეშა გამოუგზავნია.
კარაპეტა
ათასი მადლობა. დააცლევინე, შვილო, ცული მანდ არის, კიდეც დააჭრევინე, უთხარ ბატონმა გიბძანა თქო.
ივანიკა
იმე, რას უნობ? მუქთათ შეშა იშოვნე და კიდეც დეგიჭრან? პური მაინც აჭამე და ღვინო დაალევიე.
კარაპეტა (ანგარიშობს)
ორი კაცი — ერთი თუნგი ღვინო, ორი აბაზი; ორი პური — ერთი შაური; ერთი შაურის ყველი, ორი აბაზი და უზალთუნი; ორი აბაზიც დაჭრა, ეს იქს ექვსი და უზალთუნი... იაფობაა ეხლა, ვირის საპალნე ნახშირი მოვა, უფრო ყაირათი არის... ბუხარი არა მაქვს... ხელს არ მამცემს, წავიდნენ.
ივანიკა
რვა კაკალ მანეთათა ღირს, ორი დიდი ურემი შეშაა!
კარაპეტა
პური არ ვაჭმევ.
ივანიკა (იქით)
ვაი შენს გუნებას, თუ არ აჭმევ. (მაღლა) მაშ დავაცლევინებ. (გავა და შემობრუნდება) კნიაზ არჩილ მობრძანდება შენთანა.
კარაპეტა (წამოხტება)
გითხარი თუ ხელს არ მომცემს, შეშა უკან წაიღონ.
ივანიკა
რას უნობ? რა დროს შეშაა? კნიაზი არჩილი არის მთქვა.
კარაპეტა
რომ მე გებნები არ ვყიდულობ შეშას მეთქი!
ივანიკა
იიმე, მუქთათ გაძლევს, ვერ შეიტყე?..
კარაპეტა
ორი შეშით უნდა დამატყუილოს ქალი, რა კაცია, ფუჭი გოგრა! მოვიდეს, ვნახო რა სიფთა ფულები მოიტანს. (ივანიკა გავა)
გამოსვლა მეორე
იგინივე და არჩილი
არჩილი
კარაპეტას გაუმარჯოს! მშვიდობით ბძანდებით? დიდი ხანია მინდოდა თქვენი ნახვა, მაგრამ თუ ასე დილით არა, თქვენ ვერავინ მოგასწრობთ.
კარაპეტა (ღრეჯით თავს უკრავს)
დიახ, კნიაზო, რა ვქნა? ღარიბი კაცი ვარ, არა ვქნა ყაირათი? ვინ რა მამცა? სუყველა საყიდელი მაქვს: პური, შეშა, წყალი... სულ გამდის და გამდის ფულები.
არჩილი
კარაპეტ, მამაჩემთან მეგობრობა გქონდათ და შვილთან კი არა გაქვსთ! როდი უნდა დაივიწყოთ მეგობრები... პურს რათ ყიდულობ?
კარაპეტა
ვა, მაშ გინდა გუთანით ხვნა ვქნა?
არჩილი
ვინ მოგახსენებს. პურს რათ ყიდულობ, მე მოგართმევ.
კარაპეტა
კარგია, კნიაზ, მაგრამ ხელს არ მამცემს.
არჩილი
რატომ? ხომ არ მოგყიდი, ისე მოგართმევ.
კარაპეტა
არა. კნიაზ, ყველას თავის ჩოტქი აქვს, ესე იგი ანგარიში. პურს დაფქვა უნდა. მერე გაცრა, მერე წყალი თბილი. მერე მოზელა, მერე გუნდა. მერე თხელება, თორნე. თორნეში ფიჩხი, მერე ჩაკვრა, მერე ამოკვრა, მერე მარანში ჩაშვება, მერე...
არჩილი (იცინის)
მერე შეჭმა.
კარაპეტა
მაშ! ყველა ფულია. რამდენიც ბევრი პური იქნება ნამცხვარი, იმდენი მჭამელები გამოჩნდებიან, მე ჭლექი მამივა. ჩოტკის, ესე იგი ანგარიშის კაცის საქმე არ არის.
არჩილი (დაფიქრებული)
ხამფერვან რასა იქს?
კარაპეტა (ვითომ ვერ გაიგონა)
ისე, ნამცხვარს ვყიდულობ, ყაირათი უნდა ჰქონდეს ვაჭარი კაცი.
არჩილი
მე გკითხავთ ხამფერვან როგორ არის?
კარაპეტა
ხამფერა? ხამფერა? თავი სტკივა.
არჩილი
რატომ ექიმს არ მოგვრით?
კარაპეტა
ექიმი არ უნდა, გაივლის. მე აგერ სამოცი წლის კაცი ვარ, წამალი არ ვიცი.
არჩილი
რატომ არ გაათხოვებ?
კარაპეტა
რა ვქნა, კნიაზჯან, ფული არა მაქვს, უფულოდ არ თხოულობენ.
არჩილი
რომ იყოს ისეთი კაცი მზითევი არა გთხოვოს?
კარაპეტა
რატომ, ბლქამ, კაცი და კაცი დიდი რამეა.
არჩილი
ეჰ, რაღა თავი უნდა შეგაწყინო, სწორეთ გეტყვით: თქვენი ქალი ჩვენს სახლში გაიზარდა, ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, ჩვენ წლოვანებასთან შეიზარდა ჩვენი ერთმანეთის სიყვარული. დრო არის დაინახოთ, რომ ჩვენ ვართ ერთი ხალხი, არ უნდა იყოს ჩვენში ერთმანეთში სიძულვილი: ჩვენი და თქვენი სარწმუნოება არ არის დამაბრკოლებელი, მაშასადამე, კარაპეტ, გადააგდეთ ყოველი თქვენი რაღაც დაჟინება, მომეცით მე თქვენი ქალი, ის იქნება ბედნიერი.
კარაპეტა
(აქამდინ თვალებ დაჭყეტილი უყურებს, მაგრამ სხვას კი ფიქრობს და ანგარიშობს
თითებით. მერე იტყვის იქით)
კარგათ უნდა ლაპარაკობდეს, მაგრამ არ მესმის.
არჩილი
ჭეშმარიტებას, პატიოსნებას გეფიცებით, რომ ყოველი ჩემი სიცოცხლის საათი იქნება შეწირული ბედნიერებისათვის თქვენის ქალისა.
კარაპეტა
კნიაზჯან, შენ ღრამატიკულად ლაპარაკობ. მე არც კატაღორია მისწავლია. ჩემი სწავლა ეს არის: ან ერთი ფული, ბან ორი ბისტი.
არჩილი
მართლა ამას სხვა რიგათ უნდა ველაპარაკო. მე გთხოვთ, რომ თქვენი ქალი მომცეთ.
კარაპეტა
რათ გინდა?
არჩილი (ღიმილით)
შევირთავ.
კარაპეტა (ფიქრში)
მერე?
არჩილი
მერე შვილები გვეყოლება.
კარაპეტა
მერე?
არჩილი
მერე ვიცხოვრებთ.
კარაპეტა
მერე?
არჩილი
მერე დავიხოცებით.
კარაპეტა
მერე?
არჩილი
მერე და მერე. მერე არ ვიცი იქ რა იქნება.
კარაპეტა
ჰო, მაშ წადი ჯერ შეიტყე.
არჩილი
ჯერ ყმაწვილი გახლავარ და თქვენ უფრო შეგფერით იქ წასვლა. თუ ხუმრობთ, მე სულ არ მეხუმრება, თუ არა, გადაწყვეტილი მითხარით: მაძლევთ ქალსა, თუ არა?
კარაპეტა
ჰო, ქალი თხოულობ? ეგრე მითხარ და, მე მეგონა თუ ფული თხოულობ. რატომ, რატომ, მაგრამ ქართველი არ მივცემ.
არჩილი
რატომ?
კარაპეტა
მიტომ, რომ ქართველია.
არჩილი
მიზეზი?
კარაპეტა
ათი ათასი.
არჩილი
პირველი?
კარაპეტა
პირველი, რომ ქართველია.
არჩილი
მეორე?
კარაპეტა
მეორე, რომ (ჯიბეზედ დაიკრავს ხელს) ფხინკ...
არჩილი
მესამე?
კარაპეტა
ბედოვლათია.
არჩილი
მეოთხე?
კარაპეტა
მეოთხე, ფული არ უყვარს.
არჩილი
მეხუთე?
კარაპეტა
მეხუთე, ფული სძულს.
არჩილი
მეექვსე?
კარაპეტა
ფული ეჯავრება.
არჩილი
მეშვიდე?
კარაპეტა (გაჯავრებული)
გებნები, თუ ქართველი ფულის მტერია. აბა ერთი ქართველი მიჩვენე რომ ნაფულარი იყოს.
არჩილი
რა არის ფული. ფული?! ღმერთი ხომ არ არის? ჩვენ უმჯობესი გვაქვს ფულზედა: პური, ღვინო, ძროხა, ქათამი.
კარაპეტა
ბარემ მერცხლის კვერცხებიც დათვალე... კნიაზჯან, ერთი სიტყვით მე იმას ქალს არ მივცემ, ვინც ფულის შნო არა აქვს... გამიგონე, ნუ გეწყინება: მეგობრობა გინდა ჩემთან, დიახ კარგია, მაგრამ ქალი მეპურეს არ მივცემ.
არჩილი
მშვიდობით, მაგრამ ეს იცოდე, შენს ქალს ვერავინ წამართმევს. (იგი გავა)
გამოსვლა მესამე
კარაპეტა
ვა, გესმის?! ვა, ალაა! განა აღა-მამადხანობა არის?! ქალს ძალით მართმევს... ვა, ჰალვა ხომ არ არის, პატარა ბიჭებივით, მამტაცონ? მაშ პოლიცია რა ჰქვიან?! რა კაცია ტუტუც ვრაცუა!.. წავიდე ბაზარში, დამიგვიანდება.
გამოსვლა მეოთხე
ხამფერა, მონავარდისა და ივანიკა
ხამფერა
ნეტა რა უთხრა მამაჩემმა?
მონავარდისა
ძალიან გაჯავრებული წავიდა არჩილი.
ივანიკა
ვეჟო, არ დამიჯერეთ, მინამ მაგ ზანდუკში კენჭებს არ ჩაუყრით, მინამ. შენ ნუ მომიკვდე, არ იქს, გეუბნები რომ არა... ყე, არჩილიც მობრძანდება.
გამოსვლა მეხუთე
იგინივე და არჩილი
არჩილ დაჯდება მოწყენილი
ხამფერა
რა პასუხი მოგცა?
არჩილი
ხამფერვან, მამა შენი რომ არ იყოს, მოვკლავდი ჭეშმარიტად.
ხამფერა
არჩილ, არჩილ, რას მეუბნები?!
არჩილი
რამდენი დაცინება ავიტანე იმისაგან.
ხამფერა (გამოართმევს ხელს)
არჩილ, ჩემთვის, ჩემის სიყვარულისათვის, გმადლობ, არჩილ.
არჩილი
ხამფერვან, ერთი კიდევ უნდა გითხრა და გკითხო. შენ უნდა გადასწყვიტო: ან მე შემიყვარო, ან მამაშენი.
ხამფერა
არ იქნება ორნივ მიყვარდეთ? შენ, როგორც საყვარელი და ჩემი საქმრო; მამა ჩემი, როგორც მამა.
არჩილი
არა, ან მე უნდა დამივიწყო, ან ისა.
ხამფერა
სთქვი რა არის მიზეზი?
არჩილი
შენ თუ მე გიყვარვარ, მოგიტაცებ და დავიწერ ჯვარსა.
ხამფერა
კარგი, საყვარელო არჩილ, მაგრამ მამის წყევლა მე მამკლავს. (ღიმილით) მე ივანიკას ხუმრობა უფრო მამწონს, უეჭველად დასტურს დაგვცემს.
არჩილი
ჯერ აგრე იყოს, ეგ ვცადოთ და მერე თუ არა ქნა, ხომ თანახმა გახდები მოგიტაცო.
ხამფერა
დიახ.
არჩილი (უძახის)
ივანიკა! ივანიკა!
გამოსვლა მეექვსე
იგინივე და ივანიკა
არჩილი
შენი რჩევა დამიჯდა.
ივანიკა
რომ გეუბნებით... კი შენ ნუ მამიკვდები! რავა, ფული აღარ ექნება, რით შეინახამს ამდენს პურის მჭამლებს?! (იცინის)
არჩილი (აძლევს ფულსა)
აბა, მაშ წადი და ამისთანა ზანდუკი იყიდე, მაგრამ არ იქნება, გასაღები ყელზე ჰკიდია, ვერ მოჰპარავ.
ივანიკა
ვაჲ, ვაჲ ჩემს თავს!.. აპა მაშ დევიღუპენით.
მონავარდისა
გენაცვა, ქალო, შენი ზანდუკი და მამიშენისა სწორეთ ერთია, ერთი გასაღებით გაიღება. ბატონს ფული რომ უწყვია დედი თქვენისა არ იყო?
ხამფერა
მართლა!.. ერთგვარი ზანდუკებია.
ივანიკა
აპა, მონავარდისა, მაშ მიშველე ეხლავ გამოვცვალოთ. (გამოიტანენ ზანდუკს, მოიტანენ წალოსთან. გააღებენ, ყველანი უყურებენ; რომ გააღებს მონავარდისა ფულის ზანდუკს, ყველანი ყვირიან: ოჰ, სულ ოქროა)
ივანიკა
დედა, დედა! ქვეყნის ფულები აქანა აგროვია! მარამ ერთი ჰკითხე, რათ უნდა? რათ ითმენს ამდენს სიცივეს? ერთხელ ხიზილალაც არ უჭამია. (ზანდუკს გამოსცვლიან და ყველანი გავლენ)
გამოსვლა მეშვიდე
კარაპეტა
შუაღამეა. შემოვა კარაპეტა ისევ ხალათით, მხიარულათ მივა წმინდა სანთლით წალოსთან
კარაპეტა (ახდის ყუთს)
ჩემი პარკები იზრდებიან, იზრდებიან, როგორც მელქუას მუცელი... (ამოიღებს ერთ პარკს) ვა, რა რიგათ გაბერილა! ჩემო აღდგომის ბატკანო! ჩემო ახალწლის ჰალვავ! გაიზარდე, ჩემო შვილო!.. (შეაგდებს და გაკვირდება. დიდხანს პირი ღია და თვალები დაჭყეტილი დარჩება; მერე ტირილით) ვა! ბზინკ არა ქნა, ჰა!.. ჩხინკ იყო (შიშით) აბა ერთი კიდევ!.. (შეაგდებს) ბზინკ არაა... ჩხინკ... (ხელიდგან გავარდება პარკი, ამოიღებს თითო თითოს და პოლზედ აჩხაკუნებს) ვა! ეს რა ამბავია?.. (დაიყვირებს ძალიან) ვაჲ, მიშველეთ!.. ყარაულ!. ქურდები... პოლიცმეისტარ! ჩესტის აფიცარ! სად არის ჩემი ქურდი, ვინ მამპარეთ?! გეთაყვა, მითხარით... თავს დავირჩობ, წყალში გადავარდები! არა... ჰო... მოვკლამ ჩემი ქურდი (ამოიღებს დამბაჩას, ორის ხელით უჭირავს, გაიშვერს ხელებს) ბინგ... გავარდი და! არ ვარდება! მაშ, მე მოვიკლამ თავი. (ჩაიდებს ლულას პირში) ვკვდები... (დაეცემა, პირზედ ხელს ისვამს) არ მოვკვდი... თითქო გავარდა. არა, სიზმარში ვნახე, უთუოდ ეს სიზმარია. მე საწყალი ყალმაყალი გავხადე, თურმე მეძინა (სულელურათ იცინის, დაწვება და ხვრინავს), მძინამს! დიახ... ვა, რამდენჯერ მინახავს, რომ მპარავენ... თვალები ჭყიტ. ტყუილია. ისე ესეც ტყუილია... (ისმის ხმა და ბრახუნი ივანიკასი. ივანიკა გალობს: ვასიორა სიპეტურა, დანანი ნანა ნანასო) ჰო, ახლა დათენებულა. აბა გავაღო თვალები. არა, აგება შემოვიდეს ვინმე, სწორეთ გამაღვიძონ.
გამოსვლა მერვე
კარაპეტა და ხამფერა
ხამფერა
მონავარდისავ! მონავარდისავ! პატარა ნახშირი დააღვიე.
კარაპეტა (ნელა უძახის)
ხამფერვან! ხამფერვან!
ხამფერა
აქ რას შვრებით, მამავ?
კარაპეტა
აქ მო. ნუ გეშინიან, შვილო! ჩემო გულო! ჩემო სულო! სწორეთ მითხარ: მძინავს, თუ მღვიძავს?
ხამფერა
რას ამბობ, მამა? აკი ლაპარაკობ... მაიცა, აბა თვალები გაახილეთ.
კარაპეტა
გებნები, რომ მძინავს. ხედამ თვალები არა მაქვს ღია. აბა სწორეთ გამაღვიძე.
ხამფერა
გაგაღვიძებ. (აღვიძებს) მამავ! მამავ!
კარაპეტა
(არ იღვიძებს. ბოლოს გაიღვიძებს, იფშვნეტავს თვალებსა)
ვინ არის? რა გინდათ, გირაო მოგიტანია, თუ ნასესხი?
ხამფერა
მე ვარ, მამავ! მამავ, გაიღვიძე.
კარაპეტა
(წამოჯდება, იზმორება, თვალებს იფშვნეტავს)
იშ, მეძინება.
ხამფერა
კარგია, თვალები გაახილეთ.
კარაპეტა (გააჭყეტს თვალებსა)
აი, გავაღე თვალები. გამეღვიძა... ხამფერვან! ხამფერვან! შენა ხარ, შვილო? მოდი, მაკოცე (ხამფერა ჰკოცნის შუბლზედ) ჰო, ახლა გამომეღვიძა! განა მეძინა, შვილო?
ხამფერა
საშინლათ.
კარაპეტა
ოჰ, რა ცუდი სიზმარი ვნახე. სიზმარი ტყუილია განა? მე შემიტყვია თუ ტყუილია, მაძღარი კუჭი იცისო. ბევრი ბაკლა ვჭამე ხახვიანი, სისხლი ემე უყო, აადუღა, — იმისაგან არის.
ხამფერა
ხანდისხან სიზმარი გამართლდება ხოლმე.
კარაპეტა
არა, სულელო, ტყუილია... გეთაყვა, ტყუილია.
ხამფერა
თქვენი ნება არის.
კარაპეტა
ახლა ხომ არა მძინავს? გათენებულა, აბა ამაყენე. (ხამფერა ააყენებს) მიმიტანე ზანდუკთან. (ხამფერა მიიყვანს) აბა თავი გაუღე. (ხამფერა ახდის)
ხამფერა
ახ!
კარაპეტა
რა არის?
ხამფერა
ამდენი ფულები, მამავ!
კარაპეტა
ფულები! .. გითხარ თუ მეძინა! გენაცვალე, ხამფერა! სულ ჩემია, მერე სულ ყვითელი მპერიალია. დღეს ამდენი ნახშირი გიყიდით. მონავარდისავ! (გოგო შემოვა. კარაპეტა გადაუგდებს გასაღებს) აჰა, გააღე ყუთი, ნახშირი ემე ქენ, დააღვიე. დღეს კვირის მარხვაა. გწყალობდეს მარხვა, კარგი რამ არის მარხვა. კირკაჟი იყიდე, ბაკლა არ იყიდო, ცუდი სიზმარი იცის... ჰო, ჯონჯოლიც იყიდე. (გოგო გავა. კარაპეტა ხამფერას ეუბნება) გოგო არ ნახოს ჩემი ფულები. აბა, შვილო, შენ მყევხარ ჩემი თვალის კაკლებმა. აბა ნელა ერთი პარკი დახსენ, ნახე, თუ როგორი ოქროებია, მე თვალებში მაწყენს ყვითლის ცქერა... ხმაც არ მიყვარს. მოიცა... ნელა... არ დააპნიო... (ხამფარა გახსნის პარკსა, კარაპეტა იცინის სულელურათ) როგორი ოქროებია?
ხამფერა (სიბრალულით)
ახ, მამავ, რათ იცი ასეთი ხუმრობა? რათ გინდა ეს კენჭები?..
კარაპეტა
როგორ თუ კენჭები! ხედამთ ქართულათ დაჩვეული აქვს თვალები!.. ოქროები კენჭებათ ხედამს. ვა, გააღე თვალები, ნახე... სულ მრგვალი მპერიალია...
ხამფერა (წამოჰყრის)
აი, თუ კენჭები არ არის!
კარაპეტა
ვაჲ, ახლა კი მოვკვდი... დამმარხეთ... (გასწირავს სულსა)
ხამფერა
(აბრუნებს, რომ ვერ მოაბრუნებს დაიკივლებს)
მიშველეთ, მიშვე-ლეთ! (გამოცვივიან, ივანიკა და მონავარდისა; წაიყვანენ ხამფერას)
გამოსვლა მეცხრე
ივანიკა, მონავარდისა და მერე მეკუბოვე
ივანიკა (დაიჩოქებს და ტირის)
აღავ, ბატონო! უი, ჩემს თავს... რათ მომიკვდი?.. შენს სახლს ცეცხლი რათ მოუკიდე?! (იქით) ისემც ცხონდება მისი სული რავაც ცეცხლი აქ ენთოს.
მონავარდისა (შემოდის)
მეკუბოვე მოვიდა, მოურიგდი. ხამფერა გულშემოყრილია. თავს ვერ დავანებებ.
ივანიკა
უთხარ შემოვიდეს. (გოგო გავა)
მეკუბოვე (შემოვა)
ივანიკა
აბა, კუბოში რა მოგცე?
მეკუბოვე
ხუთი მანეთი. (კარაპეტა შეიზმორება)
მეკუბოვე (ნელა)
ოთხ მანეთ ნაკლებ არ იქნება. (კარაპეტა ხელს გაიქნევს)
ივანიკა
სამი და ათი შაური.
მეკუბოვე
ყაბული ვარ. მზათ არის, მოგიტან... (ზომას აიღებს და გავა)
კარაპეტა (წამოჯდება და ივანიკას)
არ მინდა... ზანდუკში ჩავწვები, ისე დამმარხეთ, გაიგონე! (ჩაწვება) ივანიკო! ეხლა კი მოვკვდი, დამმარხე...
ივანიკა
(სანთლებს გამოიტანს, დაუნთებს ირგვლივ და წავა)
წევიდე, მღვდლები მოვიყვანო და ხალხი.
კარაპეტა
(ადგება, დააქრობს სანთლებს, სხვანი ფანჯრიდან უყურებენ)
ვნახო ჩემი ხამფერვანა როგორ შეწუხებული იქნება... (უყურებს) საწყალი, გული წასვლია... ვა, ჰხედამთ არჩილიც აქ არის! ყური დაუგდო. (ისმის ლაპარაკი ივანიკასი)
ივანიკა
აპა რაღას უშველით! მაგრამ, ბატონო არჩილ, ის თანთარი რომ არის ახუნდი, გითხრათ რომ ასდე კენჭებს ოქროებად გადავაქცევო, მევიყვან. რომ დავმარხოთ კარაპეტა, პარკებს ნუ ჩავატანთ და ოქროებად გადაგვიქცევს.
კარაპეტა (ნელის ხმით)
შვილო ხამფერვან! მოვცოცხლდი, გამოდი... მობრძანდი, კნიაზ არჩილ, მიშველე, ივანიკო, შენცა.
გამოსვლა მეათე
კარაპეტა ხამფერა, არჩილი, ივანიკა და მონავარდისა
კარაპეტა (დაუჭერს ქამარს არჩილს და დაიჩოქებს)
კნიაზ, შენი ჭირიმე, შენი დიდკაცობის ჭირიმე, შენი კუჭების ჭირიმე, შენი ჭკუის ჭირიმე, ჩემი ოქროები, მიშველე.
არჩილი
როგორ გიშველო?
კარაპეტა
ახუნდი ვინ არის? მოიყვანე (ივანიკას) შენ მაინცა, ჩემო ივანიკო! შენი ჭირიმე, შენი რაჭის ჭირიმე... ორი შაური მოგცე ფეხის ქირა. მოიტანე ის ახუნდმა.
არჩილი და ივანიკა
ვინ ახუნდი?
კარაპეტა
შენ შეეხვეწე, შვილო ხამფერვანჯან! შენი კნიაზია.
არჩილი
კარგი, შენს ოქროებს ისევ ოქროებათ გიქცევ, შენი ქალი მე მამეცი.
კარაპეტა
ფული ხომ არა მთხოვ?
არჩილი
არა.
კარაპეტა
მაშ ვინ ღორი არ მოგცემს... ძაღლი ვიყო, თუ მზითვათ არ გამოგყვე.
არჩილი
მაშ კარგი, ეხლავ გამოვგზავნი. (გავა)
კარაპეტა
ივანიკო, შენ ნახე მართლა ის ახუნდი?
ივანიკა
ბეჯითათ, აწი მოვა. აპა, ამითი ცოდვით მეგივიდა და ჩემი ცოდვით! აპა, მონავარდისას აქ დეიჭერ, თუ ქალს მისცემ.
კარაპეტა
მონავარდისას ვერავის მივსცემ.
ივანიკა
სამ თუმანს მოგცემ, მე შემრთე.
კარაპეტა
მოიტა, ეხლავ მოიტა. (ივანიკა იღებს ფულებსა და აძლევს. კარაპეტა სთვლის) ერთი... რა ძველი მანეთია. ორი... აი, ამისთანა უნდა! სამი... ეს ყალბია.
ივანიკა
იმე, მე მოვჭერი თუ? (ამ დროს შემოვა გოგო)
გოგო
ახუნდი მოვიდა.
კარაპეტა (სიხარულით)
მოვიდეს.
გამოსვლა მეთერთმეტე
იგინივე და არჩილ (ჩაცმული თათრულათ, წვერით)
კარაპეტა (შეშინებული პირჯვარს იწერს)
ასტვაც.
არჩილი (თათრულ კილოზედ)
სად არის ზანდუგი?
ივანიკა
ეე, ბატონო ახუნდო, შენს მადლს.
არჩილი (მივა ნელა და კარაპეტას ეტყვის)
შენი გალი უნდა არჩილ მისცო, ამას გოგო მისცო, მერე ოგრო გავაგედებ.
კარაპეტა
ჰო, მივცემ, მივცემ.
არჩილი
დორე ისევ გენჯები გავაგედებ.
კარაპეტა
ვა, გებნები მეთქი!.. ჩემი პირი პირია.
არჩილი (დაიწყებს ლოცვასა)
ბის მილა რახმანი, რახიმ ინჯილისან ზუბული დოუთ ოქმი სულეიმან აზალ აზალ ნუმნი მაზალ ავალიან ოხურამ. იშალახ! იშალახ! იშალახ! (სამჯერ შეუბერამს პარკებს, ჯოხს დაჰკრავს, მიუბრუნდება კარაპეტას) დაძექ! დაძექ! (კარაპეტა დახუჭამს თვალებს) დვალი არ გააღო, ისე დაძე, როგორ მოგვდი, დორე ოქრო არ გახდება.
კარაპეტა
ვა, ტიკივით გავიბერო, თუ. მანამ ოქრო არ დავინახო თვალი გავაღო. (დახუჭამს თვალებს და სულს გამელავს. ივანიკა და არჩილ გავლენ, ზანდუკს შემოიტანენ. არჩილ გადაჰყრის კაბასა და წვერსა და თავის ტანისამოსით შემოვა, ზანდუკს გააღებენ და აჩხაკუნებენ ფულებს. კარაპეტა დაიღრიჯება, თვალებს ვერ ახელს) ახუნდო! გენაცვა ხმა გავიგონე, თვალი გავაღო?
არჩილი, ხამფერა, ივანიკა
ადექით, მოგვილოცამს... აი თქვენი ოქროები.
კარაპეტა
(წამოხტება, შეაგდებს პარკსა, ხან ერთს, ხან მეორეს; იცინის)
ბზინკ! ბზინკ! (მერე დაჰკეტამს, მოეხვევა ხან ხამფერას, ხან არჩილს, ხან ივანიკას) ნურავის ეტყვით ჩემი ფულიანობას, გენაცვა.
არჩილი
კარაპეტ, აღასრულეთ თქვენი სიტყვა.
კარაპეტა (აჩვენებს ხელით თავის ქალზედ)
აჰა, მამიცია ამის თავი.
ივანიკა
იიმე, ერთი პარკი მიეც ოქრო შენს ქალს.
კარაპეტა
სულელო! რათ უნდა? ქართველი ირთავს... მე კარგი ფეშქაში მივცემ ჩემ სიძეს (შევა კარაპეტა სახლში)
არჩილი (ჰკოცნის ქალს ხელზე)
ოხ, რა ბედნიერი ვარ!
ხამფერა
მე ვარ ბედნიერი.
გამოსვლა მეთორმეტე
იგინივე და კარაპეტა
კარაპეტა (მოაქვს ძველი ხმალი)
აი, სიძეჯან, ხმალი! ეს გირჩევნიან ფულსა განა?
არჩილი
(გამოართმევს, ამოიღებს ჟანგიან ხმალსა, დახედავს და განცვიფრდება)
ამას რას ვხედავ? ხმალი პაპის ჩემის ავთანდილისა!
ოხ, მამავ, რა რიგათ გმადლობთ!
შენ გხედავ, ხმალო პაპისა ჩემის,
ჩემგან შეჭედვა და მორთვა გშვენის!
შენით არ იყო ავთანდილ გმირი
ამარცხის სპარსნი? ვითა საყვირი
მეორეთ მოსვლის, მათ დასცის ზარი!
შენით არ იყო ერევნის ჯარი
სჩეხა და სთრგუნა? ციხისა კარი
გაახვნა იმან და დაიჭირა,
“მეფევ, მობრძანდი” მან დაიყვირა!
მოვედ, შემერტყი მის შვილი-შვილსა,
ლეკთა და სპარსთა ვსჭრიდე, ვით ცვილსა,
შთამბერე მისი შენ ვაჟკაცობა,
მისი სახელი, პატიოსნება! (ჰკოცნის)
კარაპეტა (ავანსცენაზედ)
გებნებით, რომ ქართველს ფული არ უნდა? ხედამთ ჟანგიან რკინაზედ რასა ბოდამს! ჩემი ოქროებს თვალი არ უყურა. (პუბლიკას)
თუ გინდათ, რომ მხიარულად
გაატაროთ ამ თიატრში,
ნუ დაგვაგდებთ გულ ნაკლულად,
ყველამ დაგვიკარით ტაში.
ფარდა