ჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა!
გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა?
ვაშლის ქურდი დედის კალთას
ამოეკარ როგორც ტკიპა.
- შენ ნაბიავ, მერე მაგას
ვინა მალავს, ვინა ჩქმალავს!
თუ აგრეა, შენ კი ჩემზე
ცოტა რამე მოგიპარავს?!
- აბა, როდის? - აი გუშინ,
თუნდა ვკითხოთ ეგე ჯიბოს,
შერცხვენილი ის გამოდგეს,
ტყუილები ვინც ჩაჯიბოს!
- რაო, რაო?! რადა ცრუობ,
შე ბაბრიავ, შე ნაგაზა!
ფელამუშის კოვზი ცხვირში
მაშ, დედამ ვის უთავაზა?
- წიტებს ვლოკდი. - ჰოდა რადგან,
ვეღარაფრით დაგიოკა,
მსუნაგსა და ავმუცელას
ციცხვიც მიტომ გაგალოკა.
- ბიჭო, მერე განა ამას
შენ ეძახი ქურდობასა?!
შე მუდრეგო, აღარ გახსოვს,
საწნახელში ყურძნობასა,
ტკბილის ნაცვლად ჩაფუნიდან
ვინა ყლაპა ჩუმად დურდო?
ვინ გათათხეს? მე თუ წკიპა?
ავყიავ და მართლა ქურდო!
- აბა როდის? აბა როდის?
მტყუანს მოსტყდეს მართლა ენა,
ცილს რომ მწამებ უნამუსოდ,
ესეც შენა, ესეც შენა!
ორ პაწია მებრძოლს შორის
დატრიალდა ჩხუბის ჯარა,
ტკბილ ღიმილით გაშველება
ისევ ბებომ დააჩქარა;
აიწია კაბის კალთა,
ხელი ჯიბეს გაისწორა,
ამოიღო წყვილი ვაშლი
და ცალ-ცალკე გაუგორა.


1916 წ.