გაუმარჯოთ ყვავილებს
მრავალ-სახე ფერებსა.
კოპწიებს და ლამაზებს,
ცვარ-ნამების მცველებსა.
ვინც ყვავილებს წაატანს
ცუდ-უბრალოდ ხელებსა,
საშინლად ეწყინებათ
მინდვრებსა და ველებსა.
ყვავილების მშობელი
დედამიწის გულია;
მინდორი მაშინ ხარობს,
როცა მოქარგულია.
ძაან მოსწონთ ველებსაც
ჩაცმა კაბა ჭრელისა,
მოღერება ლამაზად
შემკობილი ყელისა.
მაშ სალამი ყვავილებს
ათას-სახე ფერებსა,
ველ-მინდვრების დედოფლებს,
მარგალიტთა მცველებსა.
ვინც ყვავილებს წაატანს
წარამარად ხელებსა,
ეწყინებათ იცოდეთ,
მინდვრებსა და ველებსა.