გასწი, ბიჭო, გაუტიე,
დღეს ნამგალი ფხიანდება,
გამოუსვი ხელეურსა,
თორემ დაგვიგვიანდება.

მზემ სხივები გაასკეცა,
ყანა ფიცხობს, პრიალდება,
შიგ ჩაიწვის მოსავალი,
სარჩო გაგვიტიალდება...

აბა, მომყევ, გენაცვალე,
არ დაზოგო მუხლის თავი,
მაგრად შეჰკარ და შებოჭე
სალეწი და დასაფქვავი!

გზა-გზა თავთავს ნუ დააბნევ,
ბლომად დადგეს ეგებ ხვავი;
შინაც გვეყოს, გარეთაცა
და არ გავხდეთ საძრახავი.

დაგელოცოს, ყანავ, მადლი,
სულ არ გირევია ჭვავი,
სიმძიმისგან მიწას ჰკოცნი,
მტრისაც კი ხარ სანახავი!

ბიჭო, ჩქარა, ხელეური,
ბიჭო, ჩქარა სველი ულო,
თორემ დადგა მეძნეური,
შე ზარმაცო, შე ორგულო!

ეგრე, ეგრე, მესვეურო,
გასჭერ ყანა, გადაყელე,
შემოსძახე “ჰოოპუნა,”
შენთან სხვებიც გაახელე.

თავში გახვალ თუ ბოლოში,
აიმართე, ჩაახველე,
შრომის ოფლი მოიწმინდე,
ყელი ღვინით ჩაისველე.

ჩამორჩენილს უთხარ მკვახედ:
“ჩამოდექი, სიყრმემქრალო,
დღეს შენ ღვინო არ გერგება,
მარტო წყალი უნდა სცალო!

გასწი, ბიჭო, გაუტიე,
თორემ ძალზე გვიანდება,
თუ დროზე არ მივეშველეთ,
ყანა ჩამარცვლიანდება!


1913 წ.