მე პაწია მერცხალი ვარ,
მოჭიკჭიკე, მოალერსე;
ნეტავი რა დაგიშავე,
ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!
სიყვარულით, სიხარულით
მთები, ზღვები გადმოვლესე,
სანამ შენთან მოვიდოდი,
ერთხელაც არ დავიკვნესე.
შორით თვალებს გიკოცნიდი,
ცის ლაჟვარდში ვსრიალებდი,
ვჭიკჭიკობდი, შეგამკობდი,
სულ შენ შემოგტრფიალებდი.
ცხრა-მთა გზიდან მომავალი,
მოქანცული, მოღალული
დაბლა-დაბლა ვეშვებოდი,
შენ გეძებდა ჩემი გული.
აი, მოველ, დაგინახე,
გულში ია-ვარდი ვთესე,
ავჭიკჭიკდი უფრო ტკბილად,
ხმები გავიუკეთესე.
გეფიცები და-ძმობასა,
მხოლოდ ეხლა დავიკვნესე:
არ გრცხვენია, უმიზეზოდ
ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?!


1912 წ.