(თემურლენგის დროების)

რას ერჩი მაგ ბიჭს, თათარო? —

ხომ ჰხედავ დაკოდილია?

მამულისათვის იბრძოდა,

რადგან მამულის შვილია...

რაზე ატყავებ, წყეულო? —

აგერა ვყევარ ძმობილი!..

— დასხლტა ისარი ფრთიანი —

გაგორდა თათრის შობილი!

შენ რაღას ერჩი მაგ ქალსა,

რაზედ აწვალებ შანთითა...

სჯულს ხომ ვერ შეაცვლეინებ,

თუ გინდ დამდუღრო ნავთითა...

რაზედა სტანჯავ, წყეულო? —

აგერა ვყევარ ძმობილი!..

— იჭექა ზეცით — დაეცა

თათარი პირდამხობილი!..

შენ რაღას ჰკუწავ, თათარო,

ბალღებსა უსუსურებსა?

ნეტა ვიცოდე, მაგათს სისხლს

მაგრე რა მოგაწყურებსა?..

ხელი შეაღე, წყეულო!..

რადა ხარ დაუნდობელი?..

— დასხლტა ისარი — და წაწყმდა

უსჯულო შეუნდობელი!..

აგრე იბრძოდნენ ქართველნი

მამულისათვის, სჯულისთვის,

ეწამებოდნენ ქრისტესთვის,

თავისუფლების გულისთვის!..


1881 წ.