რას ვხედავ უზარ-მაზარსა?

შავსცქერი დადუმებული,

ცას ესწორება თხემებით

მთა, მთაზედ აკიდებული!

აქ ლოდი, სიპი, პიტალო

სატანას მოუთრევია,

კაჟი, ქვა, ქარწბი, კირკალი

შეუძრავს, შეურყევია.

ასვრილა მიწა კენჭებში

და გოხის მონანგრევია,

ესენი ნუ თუ ჯოჯოხეთს

ურთ-ერთში აურევია!

მთა-მთაზე, გორა-გორაზე

შეუსვავს, დაუკვერცხია,

მზეს უხრავს მათი გვერდები,

ნიაღვარს ჩაურეცხია!

მოჰსხმიათ ნაძვის ძაგარი,

სპეტაკის ჩადრით მოსილან.

მათი ხევ-ხუვი ღრადონიც,

ვეჭვ, ქარ-გრიგალმა მოჰსილა!

აგია კავკასიის მთა,

ტურფა და დიდებულია.

ვაქო, ვით ვაქო, რომ ენა

ოცნებისაგან ბმულია?!.

ეს საოცრება რამ შეჰქმნა?

ამართა ვისმა ძალამა?

ცას ვინ ამოყვრა ვეშაპი,

ან წარღვნამ რად არ წალამა?..

ქედს ვუხრი კავკასიასა,

დიდებულს — ჩემგნით დიდება!

ქედს ვუხრი, რადგან სულს და გულს

თავისკენ მიეზიდება!

უმზირეთ! კავკასის მთანი

ცის კამარასა სწვდებიან,

ყინვარის ჯავშნით მოსილნი,

ბარს დანთქმას ემუქრებიან!

ახლავან ორბნი, არწივნი,

ჯიხვებიც ეხიზნებიან,

და ხშირად შავნი ღრუბელნი

მოჰბურვენ, ესტუმრებიან;

მაშინ ელვანი მრისხანედ

გრგვინვენ და იკლაკნებიან,

მათ ჭექა-ქუხილს კლდე-ღრენიც

საზარლად ეძრახებიან!

ინათებს, დილის მზის სხივზე

ღრუბლები აიყრებიან,

აქ დაბერტყავენ კალთებსა: —

თვალ-მარგალიტი ჰკრთებიან!

შეჰყურებ, თხემნი კავკასის

ისევ სპეტაკად ჩნდებიან

და მედიდურნი, ტურფანი

ლაჟვარდს ცას ებჯინებიან!


1886 წ.