თოვლი ატირდა ლანქერად,

ადიდდა ჩვენი წყლებია,

ბალღებს უხარის, დარბიან,

პაპას გაუთბა ძვლებია,

მიმჯდარა ბერი მყუდროზე,

ყავარჯენს მისჩერებია,

ქვეყანამ გამოიღვიძა,

სიცოცხლე მოსწყურებია.

წეროებს ვხედავ ცაშია,

დამწკრივდნენ როგორც ისარი,

წინა — უკანას ხმას აძლევს,

უყვირის როგორც ციცარი,

არც სცილდებიან ერთმანეთს,

ვით ძმა ძმას შენაფიცარი,

მიფრინვენ ჩრდილოეთისკენ,

იმათი წესი ის არი...

აგერ მერცხალმაც ჰაერში

რა ცელქად შეინავარდა,

ბუზს იჭერს კამარაშია,

ელვაებრ ფრთები ამართა,

აგერ წყლის სარკეს გაეკრა,

მაგრამ შიგ კი არ ჩავარდა,

იამაც სუნი მოგვფინა,

რა ზამთარს სული გავარდა.

სუყველა ხარობს და გალობს,

სირი იმზადებს ბუდესა,

სახნის-საკვეთსა სწვერავენ,

ბოსტანს უვლებენ ზღუდესა,

ბუნებაც ჰყვავის მრავალ-ფრად,

დეე ცივს ზამთარს ჰშურდესა,

ამგვარი ძალა, სიცოცხლე,

ვინ არის, რომ არ სწყურდესა?


1881 წ.