როს არშიყი საყვარლისა ხილვას ეშურებოდეს,
რაკი ნახოს მეყვსეულად გრძნობით ეუბნებოდეს:
მიყვარხარ!
არა ვგონებ ორთაშუა მოხდეს იქაც ღალატი,
ოდეს სული გულსა ტრფობით ეუბნებოდეს:
მიყვარხარ!
რაყიფნი განფიცულან, ვცან მათნი განზრახვანი.
გვედრებ, არ დაიჯერო მათნი ცუდნი თქმანი:
მიყვარხარ!
ვიცი, ჩემო სიცოცხლევ, მრავალნი შემოგტრფიან.
მაგრამ ჩემებრ ეშხითა ვერ გეტყვიან:
მიყვარხარ!
როცა მოვკვდე შენთვისა, მომიგონე სულითა
ჩემსა შემდეგ გვედრებ, არვის უთხრა გულითა:
მიყვარხარ!
თუ დრო შეგხვდეს ფიქრისა და მკვდარი მომიგონო,
მოდი ნახე საფლავი, რომ იქაც გაიგონო:
მიყვარხარ!